ცამეტი წლის ხარ 

 

  ცამეტი წლისა ხარ და შენი ტყვეა

  ჭაღარა გულის ზმანება ავი,

  ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,

  ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

 

  გაივლის კიდევ ცამეტი წელი,

  მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,

  მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,

  ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

 

  ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა _

  დაუნდობელი სურვილი ლომის!

  და ყოველივე როგორ ნაზდება,

  როცა ახლოა მზე შემოდგომის.

 

                                                1916

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / ცამეტი წლის ხარ