გაკვეთილი მეთვრამეტე

ვებგვერდების გამოძახება

 

როდესაც ჩვენთვის ცნობილია ვებგვერდის ზუსტი მისამართი, შეგვიძლია აღარ გამოვიყენოთ საძიებო სისტემა გუგლი და პირდაპირ გავხსნათ ვებგვერდი. დავუშვათ, უკვე გამოძახებული გვაქვს რომელიმე ვებგვერდი. ვაჭერთ ეფ ექვსს და სამისამართო ველში ვწერთ ვებგვერდის მისამართს - ლიბ წერტილი გე. დაველოდოთ, ინტერნეტ ექსპლორერი დაიწყებს ამ საიტის ძებნას. როგორც კი საიტის  ძიების პროცესი დამთავრდება, ჩვენს წინაშე იქნება ინტერნეტ საიტი - ლიბ.გე.

მოდით ქვედა ისრით დავათვალიეროთ იგი.

თავიდან გვხვდება ორი ბმული: ბმული ფეისბუკ და ბმული ლიბ.გე.

ეს ჩვენთვის არ არის აქტუალური, ამიტომაც კიდევ გამოვიყენოთ ქვედა ისარი და წავიკითხოთ შემდეგი ბმულები. შემდეგი ელემენტი, რომელიც გხვდება ქვემოთ ჩამოსვლისას  არის  ბმული «გაფართოებული» და მის ქვევითაა რედაქტორი. როგორც წესი, რედაქტორში თუ ჩავწერთ ავტორის გვარს დაიწყება ამ ავტორის ძიება.

თუ რედაქტორებზე გადასვლა ჩვენ შეგვიძლია ეფ ღილაკით, ვებგვერდში ბმულიდან ბმულზე გადასვლა ხდება ასო კა ღილაკის დახმარებით.  გამოვიყენოთ ეს ღილაკი და დავათვალიეროთ რა ბმულებია ამ საიტზე.

 ბმული «ნაწარმოების განთავსებაზე» ენტერის დაჭერით გაიხსნება ახალი გვერდი, სადაც წერია საკუთარი ნაწარმოების ამ გვერდზე განთავსების წესები. დავბრუნდეთ წინა გვერდზე ღილაკით ბექსპეისი ან ალტ+ისარი მარცხნივ. ღილაკით ბექსპეისი ან ალტ+ისარი მარცხნივ ვუბრუნდებით წინა გვერდს. ისევ გამოვიყენოთ ასო კა და გადავიდეთ შემდეგ ბმულზე, სადაც წერია ბმული საბავშვო. ამ ბმულზე ენტერის დაჭერისას აღმოვჩდებით საიტზე, სადაც ჩამოწერილია საბავშვო ლიტერატურა. ბმული საბავშვოს მაგალითზე ვისწავლოთ ამ საიტთან მუშაობა, რადგან იგივენაირად ხდება სხვა ბმულებით გახსნილ გვერდებთან ურთიერთობა.  მაშ ასე. დავაწვეთ ბმულს სახელწოდებით საბავშვო, დაველოდოთ გვერდის ჩატვირთვას.  როგორც კი გვერდი გაიხსნება, კომბინაციით კონტროლ+ჰოუმი გადავიდეთ გვერდის  თავში და ქვედა ისრით  დავიწყოთ მოცემულ გვერდზე ნავიგაცია. გავიგონებთ, რომ ამ გვერდის ზედა ნაწილში მეორდება მთავარი გვერდის ბმულები.

ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა -  რატომ მეორდება ყველა ბმული? ნუთუ ახალი გვერდი არ გაიხსნა? ეს სტანდარტული მდგომარეობაა. ყველა ახალ გვერდზე, საიტის ზედა  ნაწილში მდებარე ინფორმაცია, ბმულები, და ასე შემდეგ, მეორდება, რათა ამ ბმულებით შეგვეძლოს სარგებლობა აქედანვე მთავარ გვერდზე გადაუსვლელად. ახალი გვერდი კი აისეხება საიტის შუა ნაწილში. როცა გადავალთ ამ ნაწილზე, ვნახავთ, რომ ჩამოწერილია მწერალთა გვარები. პირველი არის - აბზიანიძე ზაზა. რა თქმა უნდა მის სახელთან თქვენ გაიგონებთ სიტყვას ბმული. გავხსნათ ენტერით ეს ბმული და გაიხსნება გვერდი, სადაც ზედა ნაწილში კვლავ მეორდება ბმულები და ავტორთა გვარები. ხოლო მათ შემდეგ წერია - ზაზა აბზიანიძე და მის ქვემოთ ნაწარმოები «ამბავი დელა მელასი». მაშასადამე, აქ განთავსებულია ზაზა აბზიანიძის მხოლოდ ერთი ნაწარმოები. სხვა ავტორის გახსნის შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს ამ ავტორის ნაწარმოებთა სია. დავდგეთ ბმულზე - დელა მელა და დავაჭიროთ ენტერს. გაიხსნება კვლავ ახალი ფანჯარა, სადაც ისევ განმეორდება ჩვენთვის უკვე ნაცნობი ბმულები და ბმულების დამთავრების შემდეგ მოდის ნაწარმოებ დელა მელას ტექსტი. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ბმულების ხელახალი მოსმენა, გამოვიყენოთ ასო ენი. ეს ასო ასრულებს ბმულთა შემდგომ მოთავსებულ ტექსტზე გადასვლის ფუნქციას. ჩვენ მოვხვდებით ნაწარმოების ტექსტზე. აი ისიც:

«ეს ამბავი, ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა და ძალიან შორს. თქვენ, რომ ნებიერად გეფრინათ…»..

დანარჩენი ტექსტის წაკითხვა ჩვენ ქვედა ისრით ან ინსერტ+ქვედა ისრით შეგვიძლია. 

იმისათვის, რომ გადავიტანოთ ეს წიგნი ჩვენს კომპიუტერში და ნებისმიერ დროს გავხსნათ  იგი და წავიკითხოთ, ვიქცევით შემდეგაირად:

ვპოულობთ ნაწარმოების სათაურს, შემდეგ  ვაჭერთ ღილაკებს კონტროლ+შიფტ+ენდი.  ამით ჩვენ მოვნიშნავთ სასურველ ტექსტს. შემდეგ  ვაჭერთ კომბინაციას კონტროლ+ცე. ამით ვაკოპირებთ მთლიან ტექსტს ბუფერში. დაკოპირებული ტექსტი შეგვიძლია გადავიტანოთ თქვენთვის სასურველ პროგრამაში: ვორდში, ბუში.

გავიხსენოთ ვორდის დოკუმენტის შენახვის მეორე გზაც: ვაჭერთ ღილაკს ალტი, გაიხსნება მენიუ და შემდეგ ქვედა ისრით ვეძებთ სიტყვას სეივ ეზ. ვაჭერთ ენტერს და გახსნილ ფანჯარაში ვანიჭებთ დოკუმენტს სახელს. სასურველია, რომ დოკუმენტის სახელი იყოს იმ ნაწარმოების დასახელება.  ტაბ ღილაკით ვეძებთ სიტყვას სეივ და ვაჭერთ ენტერს. ამ მოქმედების შედეგად, დოკუმენტი ინახება კომპიუტერში სამუშაო მაგიდაზე არსებულ საქაღალდე მაი დოკუმენტში.

რაც შეეხება სხვა ავტორებს ან სხვა ნაწარმოებებს, ყველაფერი ხდება ზუსტად იმ პრინციპით, როგორც გავაკეთეთ ზემოთ.

 

ლექსიკონების გამოყენება 

 

ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს ვისარგებლოთ ლექსიკონებით, როგორც განმარტებითი, ასევე საგნობრივი და ერთი ენიდან მეორეზე სათარგმნი. ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია გავხსნათ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი, რომლის ლინკია ნპლგ წერტილი გოვ წერტილი გე. თუ ამ სახელმძღვანელოს კითხულობთ პროგრამით “ბუ”, ამ მისამართის ზუსტად ასაკრეფად გადადით წერის რეჟიმში და მისამართი წაიკითხეთ ასო-ასო.

მაშ, ასე, შევიდეთ უკვე ნაცნობი ხერხით ინტერნეტში, დავაჭიროთ ეფ ექვსს და სამისამართო ველში ავკრიფოთ ზემოთ მოცემული მისამართი. ხმოვანი სიგნალი გვამცნობს საიტის ჩატვირთვას. დაიმახსოვრეთ: თუ საიტის ჩატვირთვას დასჭირდა საკმარისზე მეტი დრო, დააჭირეთ ღილაკ ეფ ხუთს, რომელიც ასრულებს გვერდის განახლების ფუნქციას. ამ ღილაკის გამოყენებისას საიტის ჩატვირთვა მოხდება უფრო სწრაფად.

გადავიდეთ კა ღილაკით ბმულებზე და ვიპოვოთ ბმული - ლექსიკონები. დავაჭიროთ ენტერს. გაიხსნება ახალი გვერდი, სადაც ჩამოწერილია ლექსიკონების სია.

 

 "ვეფხისტყაოსნის" ლექსიკონი (751) updated

 Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი (6,012)

 English-Georgian (61,956)

 

 ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები (5,201)

 ბოტანიკური ლექსიკონი (1,827)

 ლექსიკონი ქართული (19,976) updated

 მეტალურგიული ტერმინების ლექსიკონი (8,496) updated

 რუსულ–ქართული ლექსიკონი (45,657) updated

 საბიბლიოთეკო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი (2,347)

 სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი (5,378) updated

 სამოქალაქო განათლების ლექსიკონი (8,201)

 საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი (2,076)

 უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (12,501) updated

 უცხო სიტყვათა ლექსიკონი (15,344)

 ფსევდონიმების ლექსიკონი (9,938) updated

 ქართულ სინონიმთა ლექსიკონი (226)

 ქრისტიანობის ლექსიკონი (1,807) updated

 ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი (237)

 

 

ჩაიტვირთება თუ არა გვერდი, ენ ვე დეა გვიკითხავს გვერდის სათაურს ინგლისურად - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. შემდეგ მოდის 3 რედაქტორი - პირველი ცვლის ენებს და მთლიანი ვებგვერდი გადადის ქართულ ან ინგლისურ ენაზე არჩევანის მიხედვით (მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში არ გამოვიყენებთ მას), მეორე რედაქტორში იწერება ლექსიკონში საძიებელი სიტყვა და მესამე რედაქტორში არის ლექსიკონების ჩამონათვალი. ლექსიკონების იგივე ჩამონათვალი არის გვერდის მთავარ ნაწილშიც, ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, საიდან გავხსნით ლექსიკონს. გავიხსენოთ, რომ რედაქტორში მოხვედრა და ერთი რედაქტორიდან მეორეში გადასვლა ხდება ეფ ღილაკით. რედაქტორის გასახსნელად კი დაგვჭირდება ღილაკი ხანი, ხოლო დასახურად, ანუ რედაქტორიდან გამოსასვლელად - ღილაკი ესკეიპი. რედაქტორში შესვლა-გამოსვლას თან ახლავს ხმოვანი სიგნალი. ლექსიკონთა სიაში პირველია «ვეფხისტყაოსნის ლექსიკონი», მეორე - სამოქალაქო ენციკლოპედიური ლექსიკონი და ა.შ. ავირჩიოთ ერთ-ერთი და გავხსნათ, მაგალითად უცხო სიტყვათა ლექსიკონი. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ინტერნეტში ვებგვერდებზე ნავიგაციის დროს იცვლება გვერდების მხოლოდ ძირითადი ნაწილი, ხოლო ზედა და ქვედა ბმულები სტანდარტულად იგივე რჩება. ამიტომ აღარ შევუდგებით მის აღწერას. ვიპოვოთ მაგალითად, სიტყვა - ოფისი. ეფ ღილაკით გავააქტიუროთ მეორე რედაქტორი. ენ ვე დეა მას ასე გამოგვიცხადებს - რედაქტორ. დავაჭიროთ ღილაკს ხანი, გადავიდეთ კლავიატურის ქართულ განლაგებაზე ღილაკებით ალტ+შიფტი და ავკრიფოთ სიტყვა ოფისი. ტაბით ან კა ღილაკით გადავიდეთ ღილაკზე «სერჩ» - ძიება და დავაჭიროთ ენტერს. გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც მოცემულია მოძიებული სიტყვის მნიშვნელობა. წაკითხვა შეგვიძლია ქვედა ისრით.

ახლა განვიხილოთ სიტყვის ძიება ანბანის მიხედვით.

ზემოთ ნახსენები სამი რედაქტორის ქვეშ არის ჩამოწერილი ქართული ანბანის ასოები, რომლებიც სათითაოდ წარმოადგენს ბმულს. კა ან ტაბ ღილაკით მივიდეთ ასო «ო»-ზე და დავაჭიროთ ენტერს. გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც პირველი სიტყვა უნდა იყოს «ობელისკი». ამ გვერდზე ჩამოწერილია 20 სიტყვა, რომლებიც იწყება ო-ზე. წავიკითხოთ ისინი ქვედა ისრით. თუ გვინდა, რომ ხელახლა მოვისმინოთ ესა თუ ის სიტყვა, გამოვიყენოთ ზედა ისარი და შემდეგ ისევ ქვედა ისარი. მაგრამ შეიძლება ამ გვერდზე ვერ აღმოვაჩინოთ ის ო ასოზე დაწყებული სიტყვა, რომელსაც ვეძებთ. ამიტომ დამთვრდება თუ არა ამ გვერდზე არსებული სიტყვების განმარტება, ენ ვე დეა წაგვიკითხავს ციფრებს - 1,2,3,4, და ა.შ. ესაა შემდეგი გვერდების ბმულები. თუ დავდგებით ბმულზე 2 და დავაჭერთ ენტერს, გამოვა შემდეგი 20 შედეგი. ანალოგიურად შეგვიძლია გავხსნათ მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ ბმულები.

ახლა განვიხილოთ ერთი ენიდან მეორეზე სათარგმნი ლექსიკონი რუსულ-ქართული ლექსიკონის მაგალითზე. გამოვიყენოთ ბექსპეისი ან ალტ+ისარი მარცხნივ, რომ დავბრუნდეთ იმ გვერდზე, სადაც ლექსიკონებია ჩამოწერილი, ან ავკრიფოთ სამისამართო ველში პარლამანტის ბიბლიოთეკის მისამართი - ნპლგ წერტილი გოვ წერტილი გე და შევიდეთ მის მთავარ გვერდზე. მოიქეცით ისე, როგორც გაგიადვილდებათ. თქვენ უნდა მოხვდეთ ლექსიკონების ჩამონათვალზე. ავირჩიოთ რუსულ-ქართული ლექსიკონი. შევიდეთ რედაქტორში ეფ ასოთი, დავაჭიროთ კიდევ ერთხელ ეფს, რომ მოვხვდეთ მეორე რედაქტორში. გავხსნათ იგი ღილაკით ხანი. გავიგონებთ ხმოვან სიგნალს. გადავიყვანოთ კლავიატურა რუსულ წყობაზე ალტ + შიფტით და ავკრიფოთ სიტყვა «დერზაც», ტ-ს შემდეგ დაწერეთ რბილი ნიშანი. ტაბით გადავიდეთ ღილაკზე - სერჩ და დავაჭიროთ ენტერს. წაკითხვა შეგვიძლია ქვედა ისრის დახმარებით. ენ ვე დეა გაგვიხმოვანებს - დერზნუც, დერზნიოტ, დერზაც, - გაბედვა, შემართება. როგორც უცხო სიტყვათა ლექსიკონში განვიხილეთ, აქაც ჩამოწერილია რუსული ანბანის ასოები, რომლებიც წარმოადგენენ ბმულებს. სასურველი სიტყვის საძიებლად დააწექით იმ ასო-ბმულს, საიდანაც იწყება სიტყვა და დაელოდეთ შედეგებს.

 

ცხელი ღილაკები:

 

ინტერნეტში წინა გვერდზე დაბრუნება - ბექსპეისი ან ალტ+ისარი მარცხნივ.

ბმულების შემდგომ არსებულ ტექსტზე გადასვლა - ღილაკი ენი.

გვერდის სწრაფად ჩატვირთვა (განახლება) - ღილაკი ეფ 5.

რედაქტორში შესვლა და რედაქტორიდან რედაქტორზე გადასვლა - ღილაკი ეფი.

რედაქტორის გახსნა - ღილაკი ხანი.

რედაქტორის დახურვა - ღილაკი ესკეიპი.

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         რომელ ღილაკს ვიყენებთ სამისამართო ველის გამოსაძახებლად?

2.         როგორია ლიბ.გეს სტრუქტურა? 

3.         როგორ მოვხვდეთ რედაქტორში? F

 

დავალება:

1.         ლიბ.გე-ში გახსენით ბმული პროზა და გადმოწერეთ:

ა)         გრიგოლ აბაშიძის «ლაშარელა»;

ბ)         გურამ დოჩანაშვილის «აჩხოტელთა ბატონი»,

ც)         ვასილ ბარნოვის «მიმქრალი შარავანდედი»;

დ)       ანტუან დე სენტ ეკზიუპერის  «პატარა უფლისწული».

 

2.         პარლამენტის ბიბლიოთეკის საიტზე მოძებნეთ ლექსიკონები და გახსენით ბოტანიკური ლექსიკონი;

3.         მოძებნეთ სიტყვები:

ა)         კესანე;

ბ)         არჯაკელი;

ც)         ძახველი და კიდევ 7 თქვენთვის ნაცნობი მცენარის სახელი.

 

4.         გახსენით რუსულ-ქართული ლექსიკონი და მოძებნეთ სიტყვათა თარგმანი:

ა)         დავკა;

ბ)         ზაბავა;

ც)         ციკორ;

დ)       ობვალ;

ე)         ჟაბა და თქვენთვის ნაცნობი კიდევ 5 სიტყვა.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 19.გაკვეთილი მეთვრამეტე -ვებგვერდების გამოძახება