სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

 

 

    დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!

  როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

  ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

  და შორეული ცის სილაჟვარდე.

 

  შემოიღამებს მთის ნაპრალები,

  და, თუ როგორმე ისევ გათენდა,

  ღამენათევი და ნამთვრალევი

  დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

 

  ღამენათევი და ნამთვრალევი

  მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,

  შემოიჭრება სიონში სხივი

 და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

 

  და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი

  გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!

  შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის

  დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

 

  შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,

  წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით,

  ღამენათევი და ნამთვრალევი

  სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

 

  დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?

  შენს მოლოდინში ასეა ყველა?

  სული, ვედრებით განაოცები,

  შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც

                             პეპელა.

 

  სად არის ჩემთვის სამაგიერო?

  საბედნიერო სად არის სული?

  ვით სამოთხიდან ალიგიერი,

  მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

 

  და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე

  სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,

  განსასვენებელ ზიარებაზე

  ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

 

  დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით

  გამაქანებენ სწრაფი ცხენები!

  ღამენათევი და ნამთვრალევი

  ჩემს სამარეში ჩავესვენები.

 

  დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!

  როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

  ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

  და შორეული ცის სილაჟვარდე!

                                          1917

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში