ღვინოს დააბრალებენ 

 

     სადაც უნდა მივდიოდე

     უცხო ქვეყნად მარები,

     უკანასკნელ შვიდიოდე

     წლის თან მომდევს ქარები.

 

     სადაც უნდა შევიარო,

     ღვინოს დამაძალებენ,

     მწუხარება ვერ დავფარო:

     ღვინოს დააბრალებენ.

 

     ო, ძვირფასო! ჯვარზე მაგეს.

     გაქრა გიჟი ოცნება.

     ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,

     მაგრამ რა მეკოცნება?

     1918

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / ღვინოს დააბრალებენ