შენ ერთი მაინც...

    

  საქართველოში შენ ერთი მაინც

  არ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები,

  შეგებრალება თვითონ კაენიც

  თუკი პოეტის ჰქვია სახელი.

  ოჰ, ჩემი სული ბევრს დაიმონებს,

  მეგობრები კი არ მეყვარება,

  სხვაგვარ თიბათვის დღეებს იგონებს

  ჩამავალ მზეთა მგლოვიარება.

  გიგზავნი ამ წიგნს... როგორც ოდესმე

  მომქონდა შენთან წიგნი პირველი,

  შენმა ღიმილმა უბოროტესმა

  დაინდოს წიგნი და შემწირველი.

 

                                       1918

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / შენ ერთი მაინც...