უოლკოტი დერეკ

ლექსები

 

  იოსიფის კათედრა რესტორნის მაგიდა

  ანდერძის მინაწერი

  არქიპელაგი

  ბლუზი

  ბოლოს

  ზღვის მტევნები

  სიყვარული სიყვარულის შემდეგ

  შაბათი აღდგომის შემდეგ

  შუაზაფხული, ტობაგო

  ძალა 

 

 

იოსიფის კათედრა რესტორნის მაგიდა

 თარგმანი ინგლისურიდან - მათე კრავეიშვილი.

 

ფრაგმენტები ინტერვიუდან.

რობერტ ლოუელის გარდაცვალებამ ყველას თავგზა აგვიბნია. იგი ძალიან გვიყვარდა, შესანიშნავი ადამიანი იყო. პირველად ტრინიდადში გავიცანი, შემდეგ კი მან და მისმა მეუღლემ, ელიზაბეტ ჰარდუიკმა ბევრი იზრუნეს ჩემთვის და ჩემი ცოლისთვის, როცა ნიუ-იორკში გადავედით საცხოვრებლად... ყველანი შეძრულები ვიყავით. დაკრძალვის დღეს ეკლესიაში ვიღაც კაცი შემოვიდა და ჩემს გვერდით დადგა. არ ვიცოდი, ვინ იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო სახე ჰქონდა, შესანიშნავი პროფილი, თავი მაღლა ეჭირა და მშვიდად იდგა. თუმცა აშკარად ჩანდა, რომ ისიც განიცდიდა ამ მწუხარებას. ვიფიქრე, რომ ეს ბროდსკი უნდა ყოფილიყო. აღარ მახსოვს, გაგვაცნეს თუ არა ერთმანეთს დაკრძალვის შემდეგ, ქუჩაში და არც ის მახსოვს, როდის გამოველაპარაკეთ ერთმანეთს პირველად. მაშინ მხოლოდ რობერტის სიკვდილზე ვფიქრობდი. ამის შემდეგ ელიზაბეტ ბიშოპთან წავედით, სადაც ბლომად ხალხი ირეოდა. ძნელია იმის გახსენება, თუ როდის დამყარდა პირველი კონტაქტი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ, ძალიან დავმეგობრდით და ხშირადაც ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს.

 

* * *

იმ პოლიტიკური პირობების გამო, რომელშიც იოსიფს უწევდა ცხოვრება, მე რეალურად გავიგე, თუ რას ნიშნავს იყო დევნილი, ჭეშმარიტი დევნილი, რადგანაც უმრავლეს შემთხვევაში ასე უწოდებენ მწერლებს, რომლებიც სამშობლოს გარეთ ცხოვრობენ, თუმცა ყოველთვის, როცა კი მოესურვებათ, შეუძლიათ შინ დაბრუნდნენ, საცხოვრებლად თუ არა, ახლობლების მოსანახულებლად მაინც. ჩემთვის წარმოუდგენელია სამუდამოდ დავშორდე მშობლებს (დედაჩემს), ან ჩემს სამშობლოს. და მე გავაცნობიერე მთელი სიღრმე ამ სიტყვაში ჩადებული ტკივილისა. მაგრამ იოსიფის ინდივიდუალური მაგალითი იყო მაგალითი სულის სიმტკიცისა, სიდიადისა, რომელიც საკუთარ თავსაც არ ინდობდა და შორს იდგა ქედმაღლობისგან, იგი არც თავის ებრაელობაზე წუწუნებდა და ა.შ. - არამედ გრანდიოზული სარკაზმით აკრიტიკებდა რეჟიმს. მე ვერ ვხედავ იოსიფში თვისებებს, რომლებიც ებრაელობით იქნებოდა განპირობებული. მხედველობაში მაქვს ის, რომ ებრაელ მწერალს შეუძლია შავკანიანი მწერალივით მოიქცეს: "ფესვები! პირობები! დევნა!" ან რაღაც ამდაგვარი. და როცა შემდეგ მივხვდი, რომ საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილ მწერალთაგან უმრავლესობა ებრაელი იყო, ამან ჩემამდე რაღაც დაგვიანებული ჭეშმარიტებასავით მოაღწია. ვფიქრობ, ეს დევნა ძირითადად პოლიტიკური იყო და არა ანტისემიტიზმის გამოხატულება.

 

* * *

მე ორი უახლოესი მეგობარი მყავს, შეიმას ჰინი და იოსიფ ბროდსკი. ისინი იმიტომ მიყვარს, რომ, ჯერ ერთი, პოეტებად არიან შობილნი, მეორე კი იმიტომ, რომ მეგობრები არიან.

 

* * *

მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ როგორი ხელგაშლილია იოსიფი სხვების მიმართ, ეს კი იმის გამოა, რომ მას ძალიან უყვარს პოეზია და ვერ იტანს, როცა კარგი პოეტი ახალტურებს. იგი მძიმე ხასიათის კაცია, ფიცხი, მაგრამ ამავე დროს აღგზნებადიცაა, ფიზიკურად აღგზნებადი, როგორც ფეხბურთელი მატჩის დროს, ჯარისკაცი ომში ან ჩოგბურთელი თამაშისას. ეს ფიზიკური აღგზნებაა. ეს ადამიანი პოეზიის შუაგულში ცხოვრობს. მას წინამორბედებიც ჰყავს: ახმატოვა, მანდელშტამი, ცვეტაევა... და მისი მეგობრები მილოში, ზაგაევსკი - ასეთივე სულიერი წყობის ადამიანები არიან.

 

* * *

იოსიფი ლამის ინგლისურს უფრო შესაფერისად მიიჩნევდა პოეზიისთვის, ვიდრე რუსულს. მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს სიტყვები ზუსტად მას ეკუთვნის, მაგრამ იოსიფი ძალიან რადიკალურია აზრის გამოთქმისას. ბარი რუბინმა ერთხელ მითხრა: "ვერ წარმოიდგენ, რა მდიდარი და რთულია იოსიფის რუსული". მე, რა თქმა უნდა, ეს ვიცი. ვფიქრობ, რომ სირთულეები იოსიფის თარგმნისას სიჯიუტის ბრალი უფროა, მაგრამ მას ხომ აქვს ამის უფლება?! როცა მასთან საუბრისას ლექსის გარკვეულ ასპექტებს ვეხები, რომლებიც ძნელია გადმოსაცემად, იოსიფს უჭირს უკან დახევა, რადგან იგი ყველაფერს ორი მხრიდან აფასებს. უპირველეს ყოვლისა, იგი შესანიშნავ პროზას წერს ინგლისურად და კარგი ინგლისური ლექსების წერაც შეუძლია - კიდევ ერთი გასაოცარი თვისება. მხედველობაში მაქვს ის, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც ინგლისურად ლექსების წერას ახერხებდა, ნაბოკოვი იყო, მაგრამ იოსიფი გაცილებით უკეთესი პოეტია, ვიდრე ნაბოკოვი, ან, ვთქვათ, კონრადი. დავუბრუნდები იოსიფის ენის სიმდიდრესა და სირთულეს, - ეს ადვილი შესამჩნევია, რადგანაც რუსულში სტრიქონის ბოლოს მწყობრი რითმაა შესაძლებელი, ინგლისურში კი ეს შეუძლებელია. ინგლისურში მწყობრი რითმა ირონიულ ელფერს იძენს - როგორც ბაირონთან - ან სულაც კომიკურს.

დაბოლოს, ისევ, რაც შეეხება "მინის დინასტიის წერილებს": დიახ, რაღაც-რაღაცებით კმაყოფილი ვარ, იოსიფსაც მოეწონა ეს, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ თავის ყველა მთარგმნელს იოსიფი ძალიან უადვილებს შრომას, ზოგჯერ რიტმისა და რითმის მოძებნაშიც ეხმარება მათ. ხშირად იგი მთარგმნელებსაც უტოლდება, ანუ, როცა იგი თქვენთან ერთად მუშაობს და აწყდებით მეტაფორას, რომელიც ძნელი გადმოსაცემია, იოსიფი ცვლის მეტაფორას ინგლისური რითმისთვის; ეს ცოტა უცნაურია, რადგან მისთვის უფრო მნიშვნელოვანია სხვა მეტაფორა (რომელიც კარგად ირითმება ინგლისურ ტექსტში) მოძებნოს, ვიდრე დედნის ერთგული დარჩეს. დარწმუნებული ვარ, რომ იოსიფის პოეზიამ გაამდიდრა XX საუკუნის ინგლისური პოეზია, რადგან ჩვენი საუკუნის პოეტთა უმრავლესობა არ მიიჩნევს გონებას პოეზიის აუცილებელ თვისებად. ფიქრის უნარი ყველას როდი აქვს. არა მხოლოდ არგუმენტირების, არამედ ფიქრის უნარი, არ წარმოადგენს XX საუკუნის პოეზიის უდიდესი ნაწილის აუცილებელ ატრიბუტს. ანუ, მასში ბევრია ბრძოლა, ბუნდოვანება და რაღაც ამდაგვარი, მაგრამ ასე აზროვნება, ასეთი დახვეწილი..! ვფიქრობ, იოსიფისგან სწორედ ეს ვისწავლე - გავიგე, რომ აზროვნების პროცესი პოეზიის ნაწილია.

 

* * *

მან მთელი მსოფლიო მოიარა, მაგრამ სინამდვილეში იგი არც ერთ ქალაქზე არაა მიჯაჭვული. იგი რუსია, მაგრამ ამასაც, ბოლოს და ბოლოს, არა აქვს მნიშვნელობა. ებრაელია და იოსიფი ამასაც არ ანიჭებს აზრს, ქრისტიანობის იდეითაა ატანილი, თუმცა ებრძვის კიდეც მას. მან პოეზიაში ტრადიციონალისტის ხვედრი აირჩია და მუდმივ გადაადგილებაში აცნობიერებს თავს, არსად არ იდგამს ფესვებს; ამგვარ სიტუაციაში მოხვედრილი ნებისმიერი ადამიანის ხასიათი, სადილისას მარტო დარჩენილი კაცის ხასიათს ჰგავს. განმარტოებულ ადამიანს არ შეუძლია მხოლოდ პურითა და ჩაით დაკმაყოფილდეს და იგი საკუთარ აზრებსაც ღეჭავს, იგემოვნებს. ამგვარი სიტუაციისთვის ეს დამახასიათებელი ნიშანია. ეს გამოიხატება მქადაგებლობაში, თუკი სხვა გამოსავალი არ ჩანს, რადგანაც ადამიანი განსჯისთვის საუბრობს, ჭკუის დარიგებისთვის (ჩვეულებრივ პირობებში კათედრიდან "წარმოთქმულ" სიტყვებს არ ვგულისხმობ). იოსიფის კათედრა რესტორნის მაგიდაა და ამიტომაც იგი თავის თავს ესაუბრება. და ეს მედიტაციური თვითანალიზი, როგორც წესი, ფრაგმენტულია. ბროდსკის ფიგურა - ესაა ფიგურა ადამიანისა, ვინც არც თავი მოიკლა და არც მოეკვლევინა ვინმეს - არამედ გაიქცა და მხოლოდ ფიქრობს იმაზე, თუ რას განიცდიან ამ დროს მისი თანამემამულენი. სხვა არჩევანი არ არსებობს. 

 

 

ანდერძის მინაწერი

 თარგმანი ინგლისურიდან - გია ჯოხაძე.

 

შიზოფრენიკმა,

გაორებულ ცხოვრებას რომ სევდით გაჰყურებს.

და თავის ყოფას ჭრილობების პურით აპურებს,

გაძევება დავიმსახურე.

ძლივსღა მივათრევ ამ პირბასრ ნამგალს,

ვრცელ სანაპიროს რომელიც ადგას.

მე ზღვასთან მიმაქვს ჩემი ცხოვრება,

სიყვარულზე მსურს გავცვალო, რადგან.

მას, ვისაც ენის გამოცვლა უნდა,

ჯერ სიცოცხლე უნდა შეცვალოს.

ძველ ტყუილებზე ვეღარ დავწერ.

ტალღებიც კი, ჰორიზონტი თავს რომ აბეზრებთ,

ბოლოს, უკანვე ბრუნდებიან.

თოლიები, ჟანგისფერი ენის სარსალით,

თავს დაჰკივიან გამორიყულ უვარგის ნავებს, ცარიელ უბეს.

და გესლიანად უნისკარტებენ შარლოტევილზე ჩამოწოლილ ვეება ღრუბელს.

ადრე სამშობლოს სიყვარული საკმარისი მეგონა მადლი.

ახლა, ძალიან რომ მოვინდომო, ბაგაშიც ვეღარ გამოვძებნი საკუთარ ადგილს.

სულ მთლად გახრწნილა ჩემი ტკბილი მოგონებანი.

და იმ ძაღლის არომატს აფრქვევს, თავგამეტებით რომ ქექავს ნაგავს.

წლები გადის და სიჭარმაგეს შიშით ვუცქერი,

დამსკდარი კანი ხელებზე მძვრება,

ვით ქაღალდი ან ხახვის ფურცელი.

ეს პერ გიუნტის გამოცანას ჰგავს.

ჩემი გული დაცარიელდა _ სიკვდილის შიშსაც ვეღარსად ნახავ.

მე მინახავს ბევრი სიკვდილი და აღარაფერს არ ველი ახალს.

სხეულს არ აფრთხობს ცეცხლის გეენა,

მიწა, პირი რომ ღუმელივით დაუბჩენია,

მზის ბუხარი და მზის ნაცარი,

ღრუბლით მოსილი თუ უღრუბლო ნამგალა მთვარე,

 

რომელიც ნაპირს ისე უცქერს,

როგორც კლერკი ცარიელ ფურცელს.

 

და ეს ჩვეული გულგრილობა სინამდვილეში უჩვეულო მძვინვარებაა.

 

 

 

არქიპელაგი

 თარგმანი ინგლისურიდან - ზვიად რატიანმა.

 

ამ წინადადების ბოლოს იწყება წვიმა.

წვიმაში ჩნდება იალქანი.

 

იალქანი თანდათან ქრება კუნძულების თვალთახედვიდან.

ბურუსში შედის რწმენა, რომ სადღაც.

ისევ არსებობს ის ნაპირი.

 

ათწლიანი ომი დასრულდა.

რუხი ღრუბელი, ელენეს თმა.

ტროა, ნაცრის თეთრი სვეტი.

წვიმიან ზღვაში.

 

წვიმა, ცერად დაჭიმული სიმები არფის.

ერთერთს დასწვდება ალალბედზე უსინათლო მამაკაცი –.

გაიჟღერებს ოდისეის პირველი ბწკარი.

 

ბლუზი

თარგმანი ინგლისურიდან - გია ჯოხაძე.

 

ის ხუთი ბიჭი სახლის წინ ნთქავს საკუთარ არჩივს.

ეს არის ლანჩი.

ის ცხელი ღამე, ღუმელს რომ ჰგავს, მაღლა მეწევა.

მეგობარივით სტვენა-სტვენით შემომეხვევა.

და მეც ვერთობი ღამესთან როკვით.

მაქდუგალი თუ ქრისთოფერი?.

ამ ქუჩებიდან რომელიღაცას.

ლამპიონი დაადებს ბორკილს.

 

ცხელი ზაფხულის დღესასწაული. ნაღდი ცხონება.

აი, ისეთი, წმინდანსაც რომ მოეწონება.

მზე იყო მწველი. მე ვიდექი ჩემს სახლთან ახლოს.

ზანგის კვალობაზე არც ისე თეთრი.

და კაცმა რომ თქვას, არც ისე ბნელი.

მეგონა, ყველა ერთი იყო _ ზანგებიც და ებრაელებიც,

რაკი.

არ იყო ეს სენთრალ პარკი.

ძალიან ხომ არ გავუტიე? გავჩერდე? კარგი.

მათ ცემით სულმთლად გაალურჯეს ყვითელი ზანგი.

ჰო. მერე ატყდა აყალ-მაყალი.

ერთი შეშინდა. დანა დააძრო,

გავიძრე ზეთისხილისფერი ჯუბა ახალი.

ეს მუშტი-კრივი ახლა არც ვის ემახსოვრება.

მოჩხუბრებს მხოლოდ მუჯლუგუნი წაჰკრა ცხოვრებამ.

ეს იყო და ეს.

და მერე კი, სისხლში ამოსვრილს,

მახსოვს ნიჩბები და ახალი ტანისამოსი.

სახე გამეპო და დრუნჩიდან სისხლი თქრიალებს.

მხოლოდღა ჯუბა გადაურჩა ცრემლს და იარებს.

ტროტუარის გასწვრივ გაშხლართულს, მახსოვს,

თავსზემოთ ვიღაც როგორ მიცქერდა,

ერთის დედა კი, ხელებს თავში როცა იშენდა და სახეზე არ ედო ფერი,

გაჰკიოდა:

ჯეკი  თუ

ტერი,

მორჩით ახლა, საკმარისია!

თუმც, სიტყვები რის მაქნისია?

მათ საკმარისი სიყვარული არ აღმოაჩნდათ.

არც ის უნდოდათ, შეხვედროდი ცაში მამაშენს,

 

ამერიკელი ჭაბუკებივით, სისასტიკე გაითამაშეს,

რომლითაც დღესაც სიყვარულის გაკვეთილს ვსწავლობ.

შენც თუ სასტიკად მოგეჩვენოს, შეეშვი, წამო!

 

 

 

ბოლოს

 თარგმანი ინგლისურიდან - ზვიად რატიანმა.

მე ვცხოვრობ წყალთან,

მარტო. ცოლისა და შვილის გარეშე.

რამდენნაირი გზა მოვსინჯე,

ვიდრე აქამდე მოვიდოდი:

 

დაბალი სახლი ნაცრისფერ წყალთან.

და ფანჯრები, მუდმივად ღია.

დამღლელი ზღვისკენ. ჩვენ არ ვირჩევთ ასეთ რამეებს,

 

მაგრამ ის ვართ, რაც გამოგვდის ჩვენი თავისგან.

ჩვენ ვიტანჯებით, წლები მიდიან;

ვერევით ტკივილს, მაგრამ არა მოთხოვნილებას.

 

ტკივილისა. სიყვარული კი – ქვაა,

რომელიც გდია ზღვის ფსკერზე; ზემოთ.

წყალია, ნაცრისფერი წყალი. უკვე აღარაფერს ვითხოვ.

 

პოეზიისგან, მხოლოდ – სიმართლეს.

არც მიტევებას, არც დიდებას, არც განკურნებას.

უბრალოდ, როგორც მდუმარე ცოლი,

 

დამიჯდეს გვერდით და ვუყუროთ ნაცრისფერ ტალღებს.

და შემოგვარიყოს ცხოვრებამ ნაგავი,

როგორც ზღვამ – ნაპირს.

 

მე უნდა გავხდე უგრძნობელი,

დავივიწყო ჩემი ნიჭი. რაც, შეიძლება, ბევრად მეტია.

და ბევრად ძნელიც, ვიდრე ცხოვრება.

 

ვიდრე რასაც თვლიან ცხოვრებად.

 

 

 

ზღვის მტევნები

 თარგმანი ინგლისურიდან - ზვიად რატიანი.

 

ეს იალქანი სინათლეში,

კუნძულებით გაბეზრებული,

გემი, რომელიც მიირწევა კარიბის ზღვაში.

 

შინისაკენ, შეიძლება ოდისევსია,

რომელიც ისევ ეგეოსის ტალღებს მიაპობს.

ითაკასაკენ. მამა და ქმარი.

 

ზღვის უმწიფარი მტევნების ჩრდილში.

დგას და, აგზნებულს, თოლიეის კივილშიც კი.

ნავსიკაას სახელი ესმის.

 

ვერ ეღირსება გულს სიმშვიდე. ვერავისას. ის ძველი ომი,

ვალდებულებას და სურვილებს შორის აღძრული,

არასოდეს დასრულდება და იგივეა.

 

ყველასათვის, იმისთვისაც, ვინც ჯერ ზღვაშია.

და იმისთვისაც, ვინც ნაპირზე იფერთხავს სანდლებს.

იგივეა იმ დღის შემდეგ, როდესაც ტროამ.

 

ამოისუნთქა ბოლო ცეცხლი და როცა ზღვაში.

ბრმა გოლიათის ნასროლმა ქვამ აშალა ტალღა,

უზარმაზარი ტალღა, ჰეკზამეტრი.

კლასიკა მხოლოდ გვანუგეშებს.

ჩვენ ეს არ გვყოფნის.   

 

 

სიყვარული სიყვარულის შემდეგ

 თარგმანი ინგლისურიდან - ზვიად რატიანი.

 

მოვა ის დროც,

როცა შენ, ბედნიერი,

მიეგებები საკუთარ თავს.

შენივე სახლის კართან, შენს სარკეში,

და თქვენ გაუღიმებთ ერთმანეთს: შემოდი.

 

დაჯექი, ეტყვით ერთმანეთს, ჭამე.

და შეიყვარებ ისევ უცხოს, რომელიც შენ ხარ.

მიეცი ღვინო. მიეცი პური. დაუბრუნე შენი გული.

თავისთავს, უცხოს, რომელსაც უყვარდი.

 

მთელი ცხოვრება, შენ კი ყოველთვის.

ცვლიდი სხვებზე, ვერ ამჩნევდი; მაგრამ მას ესმის.

მოაშორე თაროებიდან სასიყვარულო წერილები,

 

სურათები, სევდიანი ჩანაწერები.

ამოხაპე საკუთარი სახე სარკიდან.

ჩამოჯექი. იზეიმე შენი თავი, შენი ცხოვრება.

 

 

შაბათი აღდგომის შემდეგ

 თარგმანი ინგლისურიდან - გია ჯოხაძე.

 

ჯობია, თავში ჯუნგლები გქონდეს,

ამ სინამდვილეს უცქერდე ვიდრე,

ციცინათელა ქარიშხლად ქროდეს.

ან თაღლითის წინ შემცბარი იდგე.

 

ლამპიონების მიმქრალი მზერა.

ტროტუარებსაც ძლივსღა ანათებს.

წმინდა აჩრდილზე, ისე, ვით – ძველად,

ახლა არავინ ილაპარაკებს.

 

სახურავიდან, თოვლია, ვითომ.

აზრდაკარგული სიტყვები ცვივა...

ჩემსავით სცივა შეღობილ ლითონს,

მდუმარე ქუჩას ჩემსავით სცივა.

 

და მაშინ ღამე, მცვლელი ყველაფრის,

ბიბლიას ფურცლავს, მშვიდსა და მტკიცეს,

რაც ხელთ უპყრია არა – სერაფიმს,

არამედ გოდორს, პირჯვარს რომ იწერს.

 

მის მოთქმას სანთლის უხმო შრიალში.

ფოსფორიზებულ გუნდის ხმა ახშობს...

ჩემი ბავშვობის ეკლესიაში.

ღმერთს სხვანაირად ეძახდნენ, მახსოვს.

 

 

შუაზაფხული, ტობაგო

 თარგმანი ინგლისურიდან - ზვიად რატიანი.

 

ფართე ნაპირი, გამთბარი ქვები.

თეთრი სიცხე.

მწვანე მდინარე.

ხიდი.

გამომწვარი ყვითელი პალმები.

 

მთვლემარე სახლის ფანჯრებიდან.

აგვისტოს ბუღში.

 

დღეები, რომლებიც შემრჩნენ,

დღეები, რომლებიც დავკარგე,

 

დღეები, რომლებიც გაიზარდნენ.

ქალიშვილებივით, და ვეღარ ვეხვევი.   

 

 

 

ძალა

 თარგმანი ინგლისურიდან - ზვიად რატიანი.

 

არ მობეზრდება ცხოვრებას ბასრი ბალახების მიწაში ჩასობა.

აღტაცებული ვარ მსგავსი ძალადობით

 

 სიყვარული მყარია. მშვენიერია.

 

დაუნდობლობა, რომლითაც ერთმანეთს უმასპინძლდებიან.

ურო და გრდემლი. მათ კარგად ესმით.

ერთმანეთის.

 

მე შემიძლია გავამართლო ბუნებრივობა.

მსხვერპლისაკენ გაქცეული ლომისა და გაშეშებული ფურირემის,

გავამართლო შიში მის თვალებში.

 

მაგრამ ვერასდროს გავუგებ არსებას,

რომელიც ცდილობს ისე წეროს ამ ყველაფერზე,

თითქოს თვითონ ყოფილიყოს სამყაროს ღერძი.   

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / უოლკოტი დერეკ / ლექსები