ქართველიშვილი დავით
ლექსები
სარჩევი:
დაბრუნების სიმღერა
ერთადყოფნის სიმღერა
ომისშემდგომი ცხოვრების სიმღერა
ხედი აქედან
დაბრუნების სიმღერა
1.
33 წელი ვიცხოვრე უცხო ქალაქში.
წამოსვლისას ვიგრძენი,
რომ თითქმის მშობლიურ ქალაქს ვტოვებდი, სადაც დავტოვე;
დედაჩემი (მამამ ოდესღაც თავად დამტოვა),
ჩემი ცოლი, ჩემი შვილები: გოგო და ბიჭი, ჩემი ახალი მეგობრები.
ორმა მათგანმა ზამთრის ღამეში მიმაცილა აეროპორტამდე,
დავტოვე ღამე და სიცივე,
რომელსაც ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სხეულით შევეჩვიე.
თვითმფრინავში მშვიდად ვიჯექი ილუმინატორთან,
ჩემს გვერდზე იჯდა უცხო კაცი მკვეთრი სახით,
სახელურებზე ედო ხელები და მე ვფიქრობდი,
რომ ცაში ფრენა სულ არ ნიშნავს ცაში ცხოვრებას,
ამასობაში თვითმფრინავმა დაშვება იწყო
და როგორც მგზავრი მას მივყევი, სხვა გზა არ მქონდა,
დაშვებამდე კიდევ ერთხელ გავიფიქრე,
რომ ცაში ფრენა სულ არ ნიშნავს ცაში ცხოვრებას,
ასე დავბრუნდი ცაზე ფიქრში დედამიწაზე.
საბაჟოზე გავიარე ფორმალობები;
შემდეგ თითო ხელში თითო ჩემოდნით გარეთ გამოვდგი მარჯვენა ფეხი,
შემდეგ მარცხენაც,
ყველა ცრურწმენა კვლავ გაცოცხლდა ჩემს გულში,
რადგან სამშობლო თავისთავად ცრურწმენაა და
ცრურწმენების გარეშე იქ ვერ იცხოვრებ,
ამიტომაც ყველა მართალი ადრე თუ გვიან ტოვებს სამშობლოს,
მხოლოდ სუსტები ბრუნდებიან და მე დავბრუნდი.
2.
33 წლის განმავლობაში ვერ წავშალე ჩემი ხსოვნიდან ეს ქუჩები და ეს სახლები,
განსაკუთრებით ჩემი ქუჩა და ჩემი სახლი,
რომელსაც ისე გულმოდგინედ ვივიწყებდი ყოველდღიურად,
რომ ასეთი გულმოდგინებით უკვდავებაზე რომ მეზრუნა,
დავიჯერებდი რომ უკვდავი ვარ..
ვერ დავივიწყე, ვერც უკვდავებაზე ვერ ვიზრუნე.
ვიდექი სახლთან ჩემს ქუჩაზე,
აქეთ-იქით ვიხედებოდი,
ალბათ ნაცნობ სახეს ვეძებდი,
ვინც თვალით ეძებს მხოლოდ თვალით პოულობს
და მე ვიპოვე ნაცნობი სახე,
რომელიც სადარბაზოში ისე შევიდა არც გამომხედა,
მივხვდი,ის არ მეძებდა, გულდაწყვეტილი შევედი სახლში.
სადარბაზოში ნაცნობი სუნი მეცა,
ვინც ცხვირით ეძებს მხოლოდ ცხვირით პოულობს.
ამაღელვებელი არაფერია:
არც ლიფტი, არც კიბეები, არც კედლები, არც წარწერები.
წარწერებს შორის წავიკითხე ჩემი სახელიც,
რომელიც თავად მე დავწერე ბევრი წლის წინათ,
ვინ მეგონა ჩემი თავი, ასე მსხვილად რომ ვწერდი ჩემს სახელს?
ვერ გავიხსენე,
ამაღელვებელი თავისთავად არაფერია,
მაგრამ ცოდნას არასოდეს მოაქვს სიმშვიდე
და მე ვღელავდი, აღელვებულმა შევაღე კარი.
3.
33 წლის განმავლობაში ვაიძულებდი ყველას, ვისაც კი ახსოვდა სახლი,
ჩაეთვალა, რომ სახლი სიზმარი იყო,
სახლის გასწვრივ ქუჩა, სკამები სიზმარი იყო
და ნამდვილი ცხოვრება აქ დავიწყეთ.
ისინიც თავებს მიქნევდნენ და კმაყოფილი სულ არ ვფიქრობდი,
თავების ქნევა რამდენად იყო მართალი.
ჩვენ ვერ ვხედავთ ერთმანეთის არათუ სიზმრებს, ერთმანეთსაც კი,
და თუ ხანდახან ვბედავთ, და ერთმანეთს ვუყვებით სიზმრებს,
ეს არ ნიშნავს, რომ ახლობლები ვართ,
მითუმეტეს მეგობრები, ან მეგობრებზე კიდევ მეტი.
ჩვენ ვერ ვხედავთ საკუთარ თავსაც კი,
ჩვენ მხოლოდ სიზმრებს ვხედავთ,
33 წლის განმავლობაში ვაიძულებდი ყველას, ვისაც კი ახსოვდა სახლი,
ჩაეთვალა, რომ სახლი სიზმარი იყო, ცუდი სიზმარი,
გაღვიძება კი იყო ძნელი, მაგრამ სასიხარულო,
მაგრამ უფრო თავს ვიტყუებდით, რომ გავიღვიძეთ,
სინამდვილეში კი დღემდე გვძინავს და არაფერი გვიხარია,
რადგან ძილი სიხარულს გამორიცხავს,
და ჩვენ ყოველთვის სიხარულისთვის სინამდვილეში მივისწრაფვოდით.
ვიჯექი სახლში, სავარძელში,
ვიხსენებდი დატოვებულ დედას და ცოლ-შვილს,
მამას, რომელმაც ოდესღაც თავად დამტოვა
და ამიტომ მამა ჩემთვის ზღაპარი იყო
და როგორც ყველა ზღაპარში
აქაც სიკეთესთან ერთად ხდებოდა ბევრი საშინელება,
ვიჯექი სახლში და ვიხსენებდი.
4.
33 წლის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ არასოდეს ვიყავი ბავშვი
და პირდაპირ დიდი დავიბადე,
ასე მერჩივნა, ასე უფრო კარგად ვგრძნობდი თავს,
თუმცა ვხვდებოდი,
რომ პირდაპირ დიდად დაბადება უკავშირდებოდა რაღაც არასწორს,
საშინელს და კიდევ ცუდად გამორჩეულს,
მაგრამ მაინც ასე ვთვლიდი,
თუმცა ჩათვლა არ ნიშნავს რწმენას
და ამიტომაც ყოველთვის ჩემთან ერთად იყო ჩემი ბავშვობა.
სახლი იყო ცარიელი, მხოლოდ აჩრდილები დაძრწოდნენ შიგნით:
ჩემი აჩრდილი, დედაჩემის აჩრდილი, ჩემი ცოლის აჩრდილი,
რომელიც ამ სახლში მხოლოდ ჩემი ხათრით ცხოვრობდა
და ოცნებობდა რაღაც დიადზე
და ეს დიადი იწყებოდა დედაჩემისგან გამოყოფით,
თუმცა დიადი რამეები ყველას ცხოვრებაში როდი ხდება
და ვერც ყველა შეძლებს საკუთარი დედისაგან გამოყოფას,
რადგანაც არც ცდის.
დავტოვე სახლი, აჩრდილები თან გამომყვნენ, რისთვის დავბრუნდი?
გადავხედე აჩრდილებს და მივხვდი,
მათში არ იყო კითხვის პასუხი,
აჩრდილებს ხელი მოვუქნიე, შემდეგ ფეხიც
და აჩრდილები მიმოიფანტნენ.
“ალბათ დროებით” _ გავიფიქრე და დავინახე გამვლელები,
რომლებიც ისე მიყურებდნენ, მივხვდი რასაც ფიქრობდნენ ჩემზე,
თუმცა ისინი აჩრდილებზე გაცილებით უცხონი იყვნენ,
მათი გაფანტვა არც მიფიქრია.
5.
33 წლის უნახავი ცოცხლების მონახულება პირდაპირ ვერ გავბედე,
ამიტომაც ჯერ მკვდრებს მივადექ,
სასაფლაოზე იყო სიმშვიდე,
თითო-ოროლა ცოცხალი აქეთ-იქით მიმოდიოდა,
ხოლო მკვდრები იწვნენ,
წოლა, ერთადერთი მდგომარეობა,
რომელში ყოფნაც მკვდრებს ეხერხებათ.
დიდხანს ვიდექი მკვდარი მეგობრების საფლავებთან,
ვიცოდი რაღაც უნდა განმეცადა, რაღაც: გულდაწყვეტა, ან სევდა,
ან წარსული დღეების გახსენებით გამოწვეული სითბო,
მაგრამ ვერაფერს განვიცდიდი და ვერც ვერაფერს ვიხსენებდი,
მხოლოდ ქარი მცემდა სახეზე.
ფეხით ვიარე სასაფლაოდან ქალაქამდე, მკვდრებიდან ცოცხლებამდე,
ცოცხალი ვიყავი მაგრამ სიცოცხლის აზრს ვერ ვხვდებოდი,
გადავთვალე და აღმოჩნდა,
რომ ცოცხალ ნაცნობზე მეტი მკვდარი ნაცნობი მყავდა,
მიუხედავად ამისა, მაინც ცოცხლებში მერჩივნა ყოფნა
და ვაიძულებდი თავს ვყოფილიყავი ცოცხლებში რაც შეიძლება დიდხანს.
მკვდრები ცვლიან სამყაროს,
ქალაქი სამყაროს ნაწილია,
ძალიან მცირე უმნიშვნელო ნაწილი,
მაგრამ ჩემთვის ეს ქალაქი სამყარო იყო,
მკვდრები ცვლიან ქალაქს და მახსენებენ, რომ
ადრე თუ გვიან დავტოვებ ქალაქს..
მკვდრებს არაფერი ენატრებათ..
6.
33 წლის განმავლობაში ვემზადებოდი ომისთვის,
თუმცა ომი დიდი ხნის წინ იყო დამთავრებული.
ვემზადებოდი შეტევისთვის, თავდაცვისთვის,
ყველაფრისთვის სიკვდილის გარდა,
არადა ომში სიკვდილი ყველაზე რეალურია,
მაგრამ ომი დიდი ხნის წინ იყო დამთავრებული
და ერთადერთს, რასაც ჩემი თავი მიდასტურებდა,
იყო ის, რომ გადავრჩი, თუნდაც დროებით.
ერთმანეთისთვის არასოდეს გვიკითხავს ომის დაწყების მიზეზები
და არც ის აღგვინიშნავს, რომ გადავრჩით
და რამდენიმე ხნით გადავწიეთ ჩვენი სიკვდილი.
რის გაკეთებას ვაპირებდით ამ დროის მანძილზე?
კონკრეტული გეგმა არ გვქონდა,
ჩვენ ვიცოდით, რომ კონკრეტული გეგმის ქონა იმედგაცრუების საწინდარია,
თუმცა ხმამაღლა არასოდეს ვამბობდით ამას,
რადგან აფერისტულ გამოთქმებს,
მითუმეტეს ლოზუნგებს, მუდამ მხარს ვუქცევდით,
მაგრამ ბედნიერები სულ სხვა მიზეზის გამო ვიყავით.
გაიხსენე ჩვენი ბავშვობა,
როგორ დაემთხვა ჩვენს გარდატეხის ასაკს სამშობლოს გარდატეხა
და როგორ გახდა ჩვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი:
მამული, ენა, სარწმუნოება...
ყველაზე დიდი წარმატებით ეს სამი სიტყვა დავივიწყე უცხო ქალაქში,
და ახლა როცა ამ სამ სიტყვას ერთად წარმოვთქვამ,
მათ შინაარს ჩემში არ ვეძებ.
7.
33 წლის განმავლობაში ვიცვლებოდი,
ალბათ ამიტომ მომეჩვენა ქალაქი ძლიერ შეცვლილი,
ჩვენ ერთმანეთს არასოდეს ვეჯიბრებოდით,
ქალაქი იყო გარეგანი,
მე კი ჩემს თავს შინაგანი თვისებების არსებობასაც ვაბრალებდი,
თან ვუსურვებდი.
ასეთი ხერხით მნიშვნელობას ვძენდი სიცოცხლეს,
რომლის აზრსაც თითქმის ვერასდროს ვერ ვხვდებოდი,
მაინც ვცხოვრობდი.
სიცოცხლისთვის აზრის მისაცემად მოვუგონე ჩემს თავს განცდები:
სიყვარული, სევდა, სიშორე და დავიჯერე,
რომ ჩემი ძალა იყო მოგონებაში და არა სინამდვილის ღრმა წვდომაში,
ან ანალიტიკურ აზროვნებაში.
თავად სიტყვებიც: სინამდვილე, ღრმა, ანალიტიკური, აზროვნება
გაცილებით ყალბად ჟღერდნენ, ვიდრე სიტყვები:
სიყვარული, სევდა, სოშორე.
ასეთი ხედვის პატრონს აღარ უნდა გქონდეს იმედი,
რომ იცხოვრებ მარტივად და ხალხმრავლობაში
და თუ გაქვს სახლი, გიწევს ცოლი, ზრუნავ შვილებზე, ბედნიერი ხარ!
მაგრამ ვინ დაკმაყოფილებულა სახლით, ცოლთან წოლით, შვილების ღზრდით?
ადამიანი სურვილებშია გაუმაძღარი,
იყავი ჩემთან, ვისაუბროთ ჩვენს სურვილებზე,
ავუსრულოთ, ან დავავიწყოთ ერთმანეთს ისინი,
ნუ გეშინია, უსურვილო ცხოვრება არ ნიშნავს სიკვდილს,
ცოცხალ-მკვდრები კი ისედაც ვართ.
ნუ გეშინია, ცოცხალ-მკვდრები ისედაც ვართ,
ავუსრულოთ, ან დავავიწყოთ ერთმანეთს სურვილები.
8.
გაღვიძება სახლში და გაღვიძება სტუმრად ორივე გაღვიძებაა,
სხვადასხვანაირი;
სახლში თამამად ვიღვიძებთ, სტუმრად კი ფრთხილად,
ძალიან გვინდა არ შევაწუხოთ სახლის პატრონი ჩვენი გაღვიძებით,
მითუფრო ჩვენი არსებობით,
არსებობა გულისხმობს ჭამას,
გაღვიძების შემდეგ ძირითადად მსუბუქად ჭამენ.
ვიღვიძებ, ისეთი განცდით, რომ სტუმრადა ვარ,
ფრთხილად ვიღვიძებ და ველოდები,
წუთიწუთზე წამომადგება სახლის პატრონი და საუზმეს შემომთავაზებს, ვემზადები უარის სათქმელად,
თან მახსენდება, რომ სახლში ვარ და
ჩემს თავს თავადვე უნდა გავუმასპინძლდე,
საჭმელი არ მაქვს, გარეთ გავდივარ.
ზამთარია, ფრინველები ტრადიციულად
გადაფრინდნენ თბილ ბუდეებში,
ბეღურას არასოდეს ვთვლიდი ფრინველად,
მაგრამ მიუხედავად ჩემი ასეთი შეხედულებისა,
არცერთ ბეღურას არ გადაუფიქრებია ფრენა,
რაც კიდევ ერთხელ მიდასტურებს ჩემს შეზღუდულობას.
ყველა აზრით, განცდით შეზღუდული ვარ,
ვერცერთ ბეღურას ვერ გადავაფიქრებინე ფრენა,
აღარაფერს ვამბობ დიდ საქმეებზე,
არცერთი არ გამომივიდა,
რეალურად ხომ ბეღურები არასოდეს არ მაღელვებდა.
დილამ იცის ასე;
მიდებ-მოდება, დაინტერესება უინტერესო საგნებით, საქმით,
სანამ ძილის დროს სადღაც წასული შენი ცხოვრება არ დაბრუნდება
და არ დაგიმორჩილებს.
ჩაი ცხელია, პური თბილი, გარეთ ცივა და ჩემი ცხოვრება უკვე ჩემშია.
ბეღურები სწრაფად ეძლევიან დავიწყებას.
9.
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერ სწრაფად ცვდებოდა;
ყველა გრძნობა, ყველა სიტყვა, ყველა შეხება.
დღეს ყველაფერი უკვე შორსაა;
ჩვენი გაცნობა, ჩემი და შენი შვილის გაცნობაც,
რომელიც შემდეგ ჩემი შვილიც გახდა,
მაგრამ ცუდ დღეებში, როცა ვჩხუბობდით, მაინც შენ შვილად იხსენიებდი,
დღეს ყველაფერი უკვე შორსაა,
ყველა შვილი ადგას თავის გზას,
ყველა ჩხუბი დავიწყებულია,
ახალი შვილი ვეღარ გვეყოლება,
ახალ ჩხუბს აზრი არ აქვს,
ყველამ დაგვტოვა სიყვარულის და დროის გარდა.
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მალე ცვდებოდა,
ყველა გრძნობა, ყველა სიტყვა, ყველა შეხვედრა,
შენ არ გაცვდი და ახლა როდესაც
ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ორი დრო არსებობს “შენთან ერთად” და “უშენოდ”
ვზივარ ჩვენს ბაღში, რომლიც ქონაზეც ვოცნებობდით მთელი ცხოვრება
და არ მხიბლავს არცერთი ხე,
არ მაბრუებს არცერთი ყვავილი,
ვგრძნობ რომ ვკვდები და
არც ბაღთან, არც წიგნებთან, არავისთან,
მხოლოდ შენთან მიჭირს გამოთხოვება,
მხოლოდ შენი უნახაობა ქვია ჩემ შიშს.
გახსოვს რამდენი გვიმსჯელია სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე?!
ამ მსჯელობაში ყველაზე საშიში ერთმანეთთან შეუხვედრელობის დაშვება იყო.
აქ, ცხოვრებაში, ჩემს ცხოვრებაში, შენს ცხოვრებაში,
სიკვდილის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი შეუხვედრელობის დაშვება.
10.
არცერთი ჩემი მეგობარი ომში არ მომკვდარა,
ყველა მათგანი ომის შემდეგ უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა,
მაგრამ ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს,
ახლა ისინი მკვდრები არიან
და მე მათ მხოლოდ სიზმარში ვხედავ,
ეს სიზმარი არის ცივი და ერთფეროვანი;
ისინი დგანან სადღაც ქუჩაში,
უსინათლო მათხოვრები არიან და რაღაცას მთხოვენ,
მე ვაძლევ ხურდას, ქაღალდის ფულს,
მაგრამ ისინი სულ სხვა რაღაცას ითხოვენ ჩემგან.
მე მათ ვცილდები, ვიღვიძებ და თავს ვიმშვიდებ,
რომ ყველაფერი სიზმარი იყო.
ჩემი არცერთი მეგობარი ომში არ მომკვდარა
და არც თავი მოუკლავს არცერთს,
მე არ მიკითხავს როგორ ხედავენ მათ სიზმრებში მათი ცოლები და შვილები,
ალბათ ჩემგან განსხვავებულად,
ჩვენ ერთმანეთთან არ ვიხდიდით
და მითუმეტეს არც მამაშვილურად გვიყვარდა ერთმანეთი.
დიდი ხანია არცერთი არ მომიკითხავს,
ცოლები ალბათ კიდევ დაბერდნენ,
ბავშვები კიდევ წამოიზარდნენ.
ჩემი არცერთი მეგობარი ომში არ მომკვდარა,
მაგრამ ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს,
ახლა ისინი მკვდრები არიან და მე
მათ მხოლოდ სიზმარში ვხედავ,
უკანასკნელი წლების მანძილზე ერთმანეთთან
თითქმის აღარ ვლაპარაკობდით,
მე ვწერდი წიგნებს,
ისინი ცხოვრების მოწყობას ცდილობდნენ,
დღეს შეიძლება თამამად ითქვას,
რომ ორივე საქმე ერთნაირად უაზრო იყო.
11.
დაბრუნება ყოველთვის მტკივნეულია,
განსაკუთრებით ნებაყოფლობით,
რადგან სრულად ვერ დაბრუნდები
და რაც დატოვე, ის დაკარგე, ნაწილობრივ მაინც დაკარგე,
ხოლო ის რაც არასრულია, ნაკლებადაა საინტერესო,
სწორედ ამიტომ ხშირად ხელს ვუქნევთ ერთმანეთს
და გამუდმებით ვოცნებობთ არარსებულზე
და თუ რამე ჩვენში სრულყოფილია,
ჩათვალე, რომ ერთმანეთს მოვუგონეთ,
ან უბოროტოდ დავაბრალეთ, სხვა არაფერი.
ერთადყოფნის სიმღერა
ლექსი 1.
დედამიწა ფართოვდება და თუ დაშვებაში არ შევიზღუდებით,
შეგვიძლია, დაუშვათ, რომ ერთ დღეს მთელი სამყარო დედამიწად
გადაიქცევა და ერთმნიშვნელოვნად ეს დღე იქნება საშინელი,
მაგრამ მოდი ნუ გავიჩენთ ზედმეტ საფიქრალს;
ჩვენ ამ დღეს ვერ მოვესწრებით.
ყოველშემთხვევაში ამ სხეულებით ვერ მოვესწრებით.
თუ გინდა ვიკამათოთ რეინკარნაციის არსებობა-არარსებობაზე,
ან გაცილებით გავამძაფროთ კამათის თემა და პირდაპირ
სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე ვისაუბროთ, მაგრამ მე გირჩევ,
გავისეირნოთ ამ ღამეში, ვარსკვლავებსა და მთვარეს ვუყუროთ
და არ ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთ დღეს სამყარო დედამიწად გადაიქცევა.
ჩვენს არყოფნაზე ვიფიქროთ და თან ვისეირნოთ.
ოდესღაც ღამე ეკუთვნოდათ ქურდებსა და შეყვარებულებს
და აქედან გამომდინარე ღამე იყო: საშიში და რომანტიკული.
დღეს ქურდები დღის სინათლეზე მუშაობენ,
რაც შეეხებათ შეყვარებულებს, მგონი ჩვენ დავრჩით.
ეს არ ნიშნავს, რომ მდარე დროს ვცხოვრობთ.
მოდი დავარქვათ სულ ყველაფერს თავის სახელი,
მათ შორის დროსაც და ვაღიაროთ,
რომ მდარეზე მეტად, ჩვენი დრო უფრო ტრაგიკულია.
დაივიწყე ყველა მეცნიერული შეფასება და განსაზღვრება,
მათ ცხოვრებასთან და სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
გავისეირნოთ ამ ღამეში.
ფაქტია, ის აღარ არის საშიში და რომანტიკული.
ყველა განწყობა ჩვენ უნდა შევქმნათ.
ვარსკვლავები და მთვარე მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებენ,
რომ სამყარო დედამიწად ჯერ არ ქცეულა.
ლექსი 2.
წარსული არ არის ადამიანის სუსტი წერტილი, უფრო მომავალი.
გაიხსენე, რამდენჯერ გვიცხოვრია მომავალ დროში.
დღეს ჩვენი კარგი მოგონებების უმრავლესობა ამ დროს ეკუთვნის,
ჩვენი იმედებიც ამ დროს უკავშირდება, ჩვენ მომავალი ვართ.
თუმცა ტკივილი მხოლოდ წარსულს მოაქვს, აწმყოში მოქცეულ წარსულს.
გული მხოლოდ ორ დროში ცხოვრობს.
რადგან ჯიუტად გიმტკიცებდი, რომ ადამიანი თავიდან იზომება
და არა გულიდან, ძირითადად მომავალზე გელაპარაკებოდი,
სხვა გზა არ მქონდა, რადგან ხანდახან საკუთარი შეხედულების
დამტკიცება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოვრება; რეალური,
ნამდვილი ცხოვერება, რომელსაც აქვს კანონები, სადაც არავის
ახსოვს საკუთარი დაბადება, ხოლო სიკვდილი...
სიკვდილის ხსენებამ ღამეს მიანიჭა დაძაბულობა და ამიტომაც
ერთმანეთს უფრო მაგრად ჩავჭიდეთ ხელი.
მივხვდით, რომ მართლა გვჭირდებოდა რაღაც განცდები, თუნდაც საშინელი.
გაიხსენე ომის დროს და ომის შემდეგ ჩაბნელებული ქუჩები,
ოღონდ მხოლოდ ჩაბნელებული ქუჩები და არა ომი.
დღეს ეს ქუჩები განათებულია.
დაემორჩილე სახელმწიფოს და თქვი, რომ ამით ბედნიერი ხარ.
ადამიანები ხომ გამუდმებით ვეძებთ ბედნიერებას.
სახელმწიფო პირნათელია,
შევეგუოთ, რომ ჩვენი ბედნიერება ასე მცირეა.
მაგრამ უკვე ჩემი ყველა სიტყვა უაზრო იყო. O
ომზე ფიქრობდი,
ომს იხსენებდი.
გახსენება შეიძლება მრავალნაირად,
მრავალფეროვნება ადამიანშია და არა ომში,
ან სხვა მოვლენაში.
ლექსი 3.
ცოტა მოგვშივდა.
თითოს ალბათ ათი წიგნი მაინც გვქონდა წაკითხული შიმშილის შესახებ,
ამ წიგნებიდან კარგად ვიცოდით, რომ ყველაფერი შიმშილი არის.
შიმშილი არის მიზეზიც და მიზანიც, ცხოვრებაც და სიკვდილიც.
შიმშილი არის ოჯახი, შვილი, შვილები.
შიმშილს არ აქვს მრავლობითი ფორმა,
ასე რომ, შვილებიც შიმშილი არის, ან შემთხვევა, ან შემთხვევები და შიმშილი.
ამასობაში კიდევ უფრო მეტად მოგვშივდა და მსჯელობა გახდა უფრო
ზედაპირული.
ჩვენ არასდროს გვქონია იმის საშუალება,
რომ თამამად შეგვეღო პირველივე რესტორნის კარი,
ან თამამად გაგვესწორებინა ანგარიში. მხოლოდ
მომავალში ვცხოვრობდით ასე, ხოლო აწმყოში პირობას ვდებდით, რომ
მომავალში ვიქნებოდით ზომიერები.
რამდენად გვჯერა ჩვენი სიტყვების?
მოდი ამას ერთმანეთს ნუ ვკითხავთ უბრალოდ ვჭამოთ და
მომავალზე ვისაუბროთ.
რაც მთავარია დიდხანს გავჭიმოთ
ჩვენი ჯდომა ამ ღარიბულ სასადილოში,
სადაც ქუჩაზე მეტად თბილა და
ჩვენ გვეძლევა საშუალება გავიხსენოთ
ჩვენი გრძნობები,
რომლებიც ქუჩაში გაიყინნენ.
ჩვენ კი გვეგონა ერთმანეთი აღარ გვიყვარდა,
ცოტა ხნით მაინც გვეგონა, რომ აღარ გვიყვარდა.
სითბოში მოგვწონს, სითბო გვიბრუნებს მეხსიერებას.
ლექსი 4
გაიხსენე ჩვენი გაცნობა ეთნოგრაფიულ მუზეუმში,
რომელსაც ალბათ ოფიციალურად გაცილებით გრძელი სახელი ქვია,
სადაც აუცილებლად ნახსენები იქნება საქართველო და სახელმწიფო.
ორივე დაივიწყე, ჩვენზე იფიქრე.
გაიხსენე ექსპონატები,
ჩვენვე ვიყავით გაოცებული საკუთარი ისტორიით
და ვამბობდით, რომ არც თუ ისე ცუდი ერი ვართ.
ეს უკანასკნელი განსაზღვრებაც დაივიწყე, ჩვენზე იფიქრე.
გაიხსენე,
როგორ ვიქეცით რამდენიმე ხნის შემდეგ მეგობრებისთვის ექსპონატებად.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მეგობრები მდარე ხალხია,
მოდი დავარქვათ სულ ყველაფერს ზუსტი სახელი:
ჩვენი მეგობრების ცხოვრება ტრაგიკულია.
გაიხსენე მათი ცხოვრება;
ვისთან ჭამენ, ვისთან წვანან, ვის უჩენენ და აჩენინებენ შვილებს,
ზოგი ამასაც ვერ ახერხებს.
ჩვენი მეგობრების ცხოვრება ტრაგიკულია.
ერთმანეთამდე ჩვენც ასე ვიცხოვრეთ.
მაგრამ ცხოვრება მხოლოდ აწმყოა
და წარსულის ყველაზე დიდი საშინელებაც ვერ შეედრება
აწმყოში თუნდაც თითში ხიჭვის შესობას,
რადგან მხოლოდ აწმყოში გვტკივა და ამიტომაც
ჩვენგან წუწუნი არ მიიღება.
იფიქრე ჩვენ ბოლო შეხვედრაზე ამ სხეულებით.
არაფერია ამაში რომანტიკული, რადგან ის რაც გარდუვალია,
არ შეიძლება იყოს რომანტიკული.
იფიქრე ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ამ სხეულებით,
მგონი ხვდები, როგორ გვჭირდება ღმერთის არსებობა?!
მოდი ვიცხოვროთ ერთმანეთით,
რადგან ღმერთს ასე უფრო მტკიცედ განვიცდით.
ომისშემდგომი ცხოვრების სიმღერა
ლექსი 1.
ყველას, ვინც გადარჩა ერთდროულად დიდი მადლობა და საყვედური.
მაგრამ იცოდეთ, თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ უკანასკნელი აისახება.
ყველას ვინც გადარჩა, ერჩივნა მომკვდარიყო, რადგან
სიკვდილს ჰქონდა აზრი, ხოლო სიცოცხლე უაზროა.
ყველა ვინც გადარჩა, მე მეკუთვნის - ამბობს სამშობლო -
მხოლოდ მკვდარია თავისუფალი.
მშვიდობაც ომია,
არაოფიციალური, დროში გაწელილი ომი.
განსაკუთრებით ომისშემდგომი მშვიდობა
თავისი ხანმოკლე სიმშვიდით და ხანგრძლივი იმედგაცრუებით.
არაფერია უფრო მოსაწყენი,
ვიდრე ომისშემდგომი წლების ცხოვრება.
ჩვენ მოსაწყენი ცხოვრება გვერგო და აქედან გამომდინარე
ჩვენი შეგრძნებებით მხოლოდ აქ ვერ დავეტეოდით,
ვერც დავეტიეთ.
ადამიანები ირჩევენ გართობას.
ჩვენ კი იშვიათი დღეების გარდა ყოველთვის ადამიანები ვიყავით,
ყოველშემთხვევაში ადამიანებად მივიჩნევდით თავს
და ვიგონებდით ათას გასართობს:
ღმერთზე და სიყვარულზე საუბრებს,
მარტოობისა და სიკვდილის შიშებს,
მეგობრებთან სტუმრობას და ღამის თენებას,
მაგრამ ამ ყველაფერს რაღაცა აკლდა, მგონი სინამდვილე.
ყოველშემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობდით და ასე ვგრძნობდით.
და ახლა უკვე ვეღარ ვიხსენებ რომელი იყო პირველი,
ფიქრი თუ გრძნობა.
მგონი არც არასდროს ვიცოდი,
მაგრამ ხანდახან მქონდა მკვეთრი პოზიცია და
არამხოლოდ ამ საკითხზე, უფრო ზოგადად ცხოვრებაზე.
დღეს კი,
ომისშემდგომ ცხოვრებაში მკვეთრი მხოლოდ ახალი ომის მოლოდინია.
ლექსი 2.
ბოლო დროს ხშირად ვდგავართ რუკასთან,
ჩვენი შვილი გვეკითხება სხადასხვა ქვეყნის დედაქალაქის სახელწოდებებს,
ჩვენც მეტნაკლები სიზუსტით ვპასუხობთ.
მე ბავშვობაში წაკითხულ „მსოფლიოს გეოგრაფიულ ატლასს“ ვიხსენებ,
შენც ალბათ რაღაც მსგავს წიგნს, რადგან აშკარაა,
ბავშვობის შემდეგ ჩვენთვის გეოგრაფიამ აზრი დაკარგა და
აქ გვქონდა გადაწყვეტილი ყველა ოცნების ასრულება.
ერთმანეთის გარდა ვერაფერი ვერ ავისრულეთ.
შენ ამბობ, რომ ეს ცოტა არ არის,
მე თავს გიქნევ, თან ორივე ვფიქრობთ წასვლაზე,
არა, ვოცნებობთ.
წასვლის სურვილმა დაგვაბრუნა ბავშვობაში და
მე, შენ და ჩვენი შვილი ტოლები გავხდით და გვგონია,
რომ ერთნაირად ბევრი დრო დაგვრჩა დედამიწაზე.
პატარა ეზო, ჩვენი სახლი და ნაკლებად ყალბი მშვიდობა,
სულ ეს არის, რაზეც ვოცნებობთ.
მე ვამბობ, რომ ეს ცოტა არ არის,
განსაკუთრებით ნაკლებად ყალბი მშვიდობა.
შენ თავს მიქნევ, თან ორივემ ვიცით,
რომ სამშობლოში არ გაგვიმართლა
და გლობალური აზროვნება მხოლოდ სამშობლოს დავიწყების მცდელობაა,
არა, სურვილი.
ბოლო დროს ხშირად ვდგავართ რუკასთან,
დღეგამოშვებით ვიცვლით ქვეყანას, ქალაქს
და ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ სულ არ ვიღლებით,
ვმოგზაურობთ დაღლის გარეშე,
არა, ვცხოვრობთ.
ლექსი 3
არცერთი წამით არ დაიჯერო, რომ სახლში ვართ
ყველა ტკივილი აქედან მოდის, ყველა იმედგაცრუება,
ამიტომ არცერთი წამით არ დაიჯერო, რომ სახლში ვართ.
არაფერს არ დაარქვა ჩემი და შენი.
სიკვდილის შიში აქედან მოდის,
მაგრამ იცოდე სიკვდილი მხოლოდ შიში არ არის, სინამდვილეა.
ბავშვობის ყველა ოცნება გადამავიწყდა.
რა თქმა უნდა, მერჩივნა, რომ დაევიწყებინათ და
მსხვერპლი ვყოფილიყავი, მაგრამ უბრალოდ გადამავიწყდა.
დღეს თავისუფლად შემიძლია, დავიბრალო, რომ ბავშვობაში
ვოცნებობდი რაღაც ძაან მნიშვნელოვანზე და ასე ხაზი
იმას გაუსვა, რომ განსაკუთრებული ბავშვი ვიყავი, მაგრამ
ვერ ვხვდები ეს ტყუილი რაში მჭირდება, დღეს, ომისშემდგომ
ცხოვრებაში.
ომი ვერ არჩევს განსაკუთრებულს და ჩვეულებრივს
ვერც ომისშემდგომი ცხოვრება.
მიწა ვერ არჩევს ქალის და კაცის სხეულს, ასე რომ
ერთმნიშვნელოვნად, ქალი და კაცი თანასწორია, ხოლო
ომი და ომისშემდგომი წლების ცხოვრება, განურჩეველი.
არცერთი წამით არ დაიჯერო, რომ სახლში ვართ.
მე ვერ გეტყვი, სად არის სახლი და ვერც იმას დაგპირდები,
რომ ოდესმე იქ ვიცხოვრებთ.
არცერთი წამით არ დაიჯერო, რომ იქ ვერ ვიცხოვრებთ.
ლექსი 4
რამდენჯერ გვითქვამს, რომ ცხოვრება სიზმარია,
რამდენჯერ გვითქვემს, რომ არაფერია უფრო ნამდვილი
ვიდრე ცხოვრება.
ალბათ თანაბრად შეგვიგვრძნია სიზმარიც და სინამდვილეც,
მაგრამ ვერცერთმა ვერ დაგვამშვიდა,
ვერც სიზმარმა, ვერც სინამდვილემ
ჩვენ ხომ დღემდე სიმშვიდეს ვეძებთ,
არა, მხოლოდ სიმშვიდეს არა, კიდევ ბედნიერებას
რამდენჯერ გვითქვამს, რომ ბედნიერება ბედნიერების ძიებაშია,
რამდენჯერ გვითქვამს, რომ ბედნიერება არ არსებობს,
ვერ დავითვლით, ვერც გავიხსენებთ, ალბათ თანაბრად.
რა კარგია, რომ ვერ დავითვლით და ვერც გავიხსენებთ.
ხედი აქედან
1
სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ რომ მოელი
არ იცნობ. გაშინებს ამიტომ ყოველი
ცოდვა და არ იცი როგორი იქნება
სასჯელი ან შვება, ალაგებ წიგნებად
ყველაფერს რაც გახსოვს და თავზე გადაგხდა,
მხოლოდ სამოთხეზე იყავი თანახმა
მუდმივად.
2
ყოველთვის გინდოდა რითმებით გეწერა,
ახლა შორსა ხარ და რაც გეწვევა;
ხიფათი, სიკვდილი, სახელი, ბარაქა
შენია, სამშობლოს წილი არა აქვს..
დადიხარ ქუჩებში;სიბნელე, ნათელი..
იცი შენ სახელზე არცერთი სანთელი
აღარ ანთია.
3
სიკვდილი აქვეა, მაგრამ თავს იტყუებ
ათვალიერებ დახლებზე ციტრუსებს
ადრე თამაშობდი „ვითომ მკვდარი ხარ-ს“
ახლა ეჭიდები ცხოვრებას გამრიყავს,
გრძნობების, აზრების დაეცა ხარისხი..
ასეთიც მოკვდები.. დაჯექი.. დაისხი..
ამინდი კარგია.
4
დროდადრო ჩერდები,კითხულობ აფიშებს,
მოელი ყოველთვის რაღაცა საშინელს
რადგან ქვეყანა რომელიც დატოვე
გიგზავნის წერილებს და კიდევ: აბოტებს
სიზმრებში, რომელშიც არ ეპატიჟები..
აქაც ცხოვრობენ წმინდანი გიჟები
და მათთან მეგობრობ.
5
ტალღები არღვევენ სიჩუმეს, საერთო
აქ არაფერია, ძნელია გაერთო
ტალღების ყურებით და ოკეანეთი, რომელიც
ცივია და აქვე მშრომელი
ხალხი თამაშობს ფრენბურთს და კალათბურთს
დღეს შაბათია და შენ განაბულს
ვერავინ ვერ გამჩნევს.
6
თანდათან ივიწყებ ხედებს და სახელებს
ქუჩების რომელიც გიყვარდა, მნახველებს
არ იღებს არცერთი სამხატვრო დარბაზი
რადგან შაბათია, შენ არ გაბრაზდი
არასდროს გიყვარდა მხატვრობა, პირიქით.
აქ გადარჩენა ძალიან ძვირი ღირს
თავის.
7
მოგიწევს ლოდინი, რადგანაც გაგასწრო
ტრანსპორტმა,დგახარ და უყურებ: სახანძრო
კიბესთან მდგომ ბავშვებს და შენი ბავშვობა
მკვდარია, აღარ ღირს ამ თემის განვრცობა
რადგან ბავშვობა ისეთი რამ არის
ყველას გონია, რომ აწ და მარადის
ინარჩუნებს.
8
კვერცხები გუშინ წითლად შეღებე
გადაიხადე ღვთიური დე.ღე.გე.
მოელი აღდგომას, გჭირდება სიცოცხლე
და მარადისობა, ისევე გაღელვებს იფრენ თუ იცოცებ
რადგანაც არ იცი: „ღმერთო მიშველე“
მხოლოდ სიტყვებია თუ .. სხეულის სისველე
გაღიზიანებს.
9
ყველა ვინც დარჩა, ყველა ვინც დატოვე
ცხოვრობს უშენოდ და ვეღარ ატოლებ
შენ შიშებს მათ შიშებს და გადის ცხოვრება
ხანდახან წვიმაა, ხანდახან თოვდება
სადღაც შორს, აქ კიდევ ყოველთვის დარია,
ვინ გენატრება ყველაზე ძალიან?
ანა.