ქაშიაშვილი დავით 

ლექსები

 

სარჩევი:

2 საათი

40 ღამის, ერთი სიზმარი

75-ში

ბევრი მე

ჩემ შვილს

დედაჩემო

ზოდიაკს

ინდაურის არია

იოლი დაკარგვა

მე დედა...

მე თებერვალი

მიყვარხარ

მშვიდი ვარ

პატარა დედა

პროცესია

როცა გავიზარდეთ

საბედა ეწეოდა პაპიროს

საჭირო ნივთები

სიბერე

ფერიცვალებამდე დარჩა

ფერიცვალებას, ჩვენი ხსენების დღეს

ჩაი

ჩემო

ჩვენი კატა დაბრმავდა

ჩვენი შვილები

ხეზე- 1 სხეული, ნონსენსი და საქანელა

ჯარი მეგობრების

 

 

 

2 საათი

 

ავანთეთ ცეცხლი.

ვაჭამეთ იადონებს და ქარს გავატანეთ ფეტვის ნარჩენები.

წითელი იყო და მშრალი ნახევრად.

ნახევრად შევავსეთ ჩაის ჭიქები ღვინით.

დავსხედით.

არაფერი უთქვამს, არც მე.

მომდევნო 2 საათიც არაფერი გვითქვამს.

ღვინოც გათავდა, გათავდა ხასიათიც.

მერე ცეცხლი ჩაქვდა.

გალობა დაამთავრეს იადონებდა და ცას გამოეკერა უბე, აღმოსავლეთით.

დაწვა.

არ ეძინა.

იწრიალა.

კიდევ იწრიალა.

სიზმრებს თვალებღია ხედავდა.

დაწექიო, მითხრა.

დავწექი.

 

არაფერი უთქვამს, არც მე.

მომდევნო 2 საათი არ შერხეულა ზეწარი.

მერე ხელი მომკიდა, თმაზე.

მე მეძინა უკვე, თვითონ მომიყვა დილით ეს ამბავი.

 

 

40 ღამის, ერთი სიზმარი

 

ზვინებს დაათოვა ხელისგულის ოდენა ფიფქები.

თვალებში სოფელი, სოფელში უკვამლო საბუხრეები

და ქუჩებში გაფანტული ხმა ყეფის,

მხოლოდ ერთი ძაღლის ყეფის.

შავი ცა.

ცაზე მთვარე არსად.

სადღაც გზა, უკან დასაბრუნებელი.

ასაბრუნებელი დედამიწა...

ზვინები ძუძუები თეთრი - ქათქათა.

სიზმარი ჩემი - არაცნობიერი.

 

 

 

75-ში

 

ჩემს აგვისტოს ჭლექი შეყრია,

მე პაპანაქება სიცხე.

ჩემს სარეცელზე ჩონგური დაამტვრია მამამ.

ფანდურს მაინც აჟღრიალებს

პროვინციის თეატრის მკვდარი მსახიობი.

ხმა მასაც ესმის, ხმა მასაც აგიჟებს, ხმა ცარიელ ოთახში კედლებზე წერს სიას პროცესიის.

ხმა, ხმა, ხმა...

ხმა მამაჩემია.

ხილი და ყვავილები გამატანეთ,

საზამთროც.

 

მერე რა, თუ გემო დაუძველდა.

მესიზმრება.

ნაცრისფერ ქურთუკს მთხოვს,

პრაღაში უყიდია 75-ში.

აქ ცივაო, ამბობს.

 

 

 

ბევრი მე

 

შეღამებისას ავუშვით ფრანი.

ერთი იყო ქარი.

ერთი ცა.

ერთი გზა ადგილამდე მისასვლელი,

ასასვლელი იყო საცალფეხო ბილიკები საქორიამდე.

ბევრი ვიყავი მე.

 

აცაბაცა დაბორიალებდა საფლავების ყარაული.

ფრანი ვაფრინეთ დაღამებამდე.

მანაც.

საიქიო ველზე მოლხენა უხერხულიაო თქვა ერთმა.

მერე ავანთეთ ცეცხლი.

ჩაის ჭიქები შევავსეთ ღვინით.

გრანელის მთვარემ იცვალა ფერი

11 აგვისტოს.

 

ბოლოს:

ფრანი მხარდამხარ,

დათა ფეხდაფეხ მომყვებოდა.

გზად მესერები სავსე იყო ციცინათელებით,

აგვისტო გვალვით,

ცა ვარსკვლავებით,

თვალები ღამით,

დათა ემოციით.

 

 

 

ჩემს შვილს

 

2010 წელი

აგვისტო.

რაჭა

დას

 

ისევ, ისევ, ისევ - რა საშინლად მტკივა თავი.

რა შორს არის ჩვენი სახლი და რა

საოცრად ნელა მოდის ჩემი ტრამვაი.

ისევ, ისევ ისე წვიმს.

 

შარშანდელ 16 ოქტომბერს

მომაგონებს ამინდი.

შენს 21 წელს და ჩემს სიმთვრალეს.

ჩვენი სახლი შორს, ჩვენი ცაცხვის ხე ბებერი, ჩვენი ძაღლი ბრმა...

ქუჩის ბოლოს რელსებზე დგას ბავშვობა.

ზამთარს უამინდობა, ქუჩას სისველე, რელსებს მუნჯი დარაჯი...

მე შორს, ჩვენი სახლის სიცარიელე მჭირს.

მენატრები მომდევნო გაჩერებამდე, მომდევნო რეალობამდე,

მომდევნო ხვალ...

 

 

დედაჩემო

 

საუკუნეებს დაემსგავსა კედლის საათის

მიხვრა-მოხვრა.

ფანჯრებს დეკემბერი მიეყინა და უთოვლოდ

დაძრა, ალვების თანამიმდევრობა.

ლოდინით გული გამიჩერდა, სად ხარ დედაჩემო?

სად ხარ, ამოდენა წელიწადებია.

ხმა მესმის, სხეულს ვერ ვეხები რა ხანია.

დიღომი მძულს.

ფანჯრიდან ასეთი ულამაზო ხედი, ხელის გულს გავს.

ვსვამ.

მე ოთახი და

დეკემბერმა მიწა შეაზარხოშა.

ვსუნთქავ დედაჩემო, ერთი და ორი,

ნელა, ნელა-ნელა.

ჭვავის ღეროები გავრეცხე, მერე ავაგე მოგონილი

დედამიწა.

გული გამისკდება ლოდინით,

ხედმა ყველაფერი გამახსენა.

სად ხარ, თვალები რაფერის გაქვს დედაჩემო?

მერე

წყობა-წყობა დღეები ჩაატარეს ხონჩით.

 

 

 

ზოდიაკს

 

გუშინ სახლში რომ დავბრუნდი ვნახე

ალვები, აღარ იყვნენ ნარკომანები.

ფანჯრებს მოეხეთქა ჭლექიანი ფორიაქი და მითხრა,

დავით ალვები მოჭრეს.

შეეშვით ულამაზო ხედს,

შეეშვით მოგონებებს

და შემეშვით მე!

მოჭრეს, აღარ არიან...

ნაცრისფერ სადგურში მიაქვთ გავეკიდოთ.

თვალები გავყიდოთ, ბრმები

გამოვედევნოთ ბავშვობაში მოგონილ თამაშებს.

ასფალტზე დავხატოთ ალვები, ოღონდ ნარკომანები...

თბილისი მოვხატოთ წამების, ვედრების,

ბუტაფორიებად...

დამეხმარე ავანთოთ ჩირაღდნები,

"ყვავები გაფრინდნენ,

აპრილს მისდევენ" - სანთლები დაავიწყდათ...

 

 

 

 

ინდაურის არია

 

სამი ინდაურის იყო აკაპელა.

გადაღმა ბაღის დამძრალ მაყვლიანში

უფრო მომცრო ფრინველის ისმოდა არია.

ღმერთო გადაგვარჩინე მეთქი მე- 17 ჭიქაზე ვთქვი, ანუ

ამდენჯერვე აივსო ჩაის ჭიქები  ღვინით -

წითელით.

აღმოსვლეთით ერთი ხე,  უფოთლო

ბუდეცაა - უპატრონო.

გადაღმა  მესერის, მაყვლიანიდან  უფრო შორს

ვხედავ,  რომ მოსულა  დაღამება.

ინდაურები კალოზე მიდიმოდიან.

ასრულებენ უცნობ კომპოზიციას

ურთულესი ტაეპებით.

საახალწლოდ  მოსალოდნელ გარდაცვალებაზე მღერიან,

გზას უმღერიან 26 დეკემბრიდან საცივამდე.

უფრო შორს, უფრო ველური, უფრო ჩემი,  უფრო შავი შაშვის,

უფრო სავსე იყო დარდით, უფრო ღამის იყო მისი  არია.

 

 

 

იოლი დაკარგვა

 

ქალაქში ნისლია, ამიტომ

იოლია დაკარგვა.

შეცდომით? - არა უფრო განგებ

ტრამვაის არასაჭირო რეისს გავყევი.

ქვაფენილზე, საქარე მინებზე ჩემი ტრამვაის

და კიდევ ქოლგებზე - წვიმს.

ქალაქის მეორე ბოლოდან მოვიდა ხმა, რომ

მეძებენ.

რომ, გვამების გადასაზიდი მანქანით დადიან

ჩემს ამოჩემებულ ქუჩებში.

 

რომ, კინოლოგების გაწვრთლილ ძაღლს,

ჩემი საცვალი აქვს ლაგამად ამოდებული.

 

რომ, სამაშველო ბრიგადები წყლის ფსკერზე ეძებენ ჩემს გვამს.

რომ, გლინტვეინის მაღაზიასთან რიგი დამდგარა ფოტოგრაფების,

იქ ჩემი კვალი იკარგება.

 

რომ, ულტრაიისფერი სხივებით ანათებენ ექსპერტკრიმინალისტები

ჩემს საწერ მაგიდას.

 

რომ, ქვითინებს თურმე დედაჩემი, მაგრამ არ სჯერა ჩემი გარდაცვალება.

არა და;

ქალაქში ნისლია, სწორედ ამიტომ ძალიან იოლია დაკარგვა.

 

 

 

მე დედა...

 

მოვიდოდი, ასე შორს რომ

არ იყო ჩემი შეგრძნებისგან.

მოვიდოდი, ასე ძლიერ რომ

არ წვიმდეს ფანჯრებს გარეთ.

მოვიდოდი, რომ შემეძლოს

 სარკმლიდან მოშორება.

მოვიდოდი შენს ხელებზე,

 ჩვენ განშორებად.

შენს სარეცელზე იავნანად და

 შენში მოვიდოდი ჩანასახად.

შენში გავიზრდებოდი, ჩამოვყალიბდებოდი.

შენში ვიმოძრავებდი, იავნანინანად.

ერთმანეთის მონაცვლეობით

დავისვენებდით ბამბუკის სავარძელზე.

ერთად დავანთებდით საღამოს ბუხარს

 და ერთად ვაჭმევდით ფეტვს, იადონებს.

მოვიდოდი რომ არა:

ამდენი წელიწადები,

 კუზიანი დღეების წყობა.

დროდადრო მუხლებსაც ვიტკენდი,

რომ - შენ მოსულიყავი.

ალუბლით დავისვრიდი მაისურს,

რომ - გეჩხუბა.

ჩემს შეყვარებულს ვაჩუქებდი შენს ფერუმარილს,

რომ - გაბრაზებულიყავი.

შენს საღეჭრეზინსაც მოვიპარავდი,

ასეთი განსაკუთრებული არომატით.

სახლიდან გავიპარებოდი რომ არა წვიმა...

სკოლაში ფანჯარას ჩავამტვრევდი

 რომ ეთქვათ ხვალ დედის გარეშე არ მოხვიდეო.

მომდევნო დღეს, მომდევნო ხვალ,

მომდევნო რეალობაში,

მომდევნო ახსნამდე ცუდი საქციელის:

ვიტყოდი, მე აღარ მახსოვს შენი სახე.

მე, ვეღარ ვიხსენებ შენ ხმას.

მე არ მაქვს შენი ფოტოები.

მე ვერ ვიძახი ეზოდან ხმამარლა

 სხვა ბავშვებივით დედას.

მოვიდოდი, რომ არა დრო.

რომ არა, შენ ასე არსად.

ავბურდავდი ქუჩაში ფოთლებს,

 ასფალზე ქარს.

ყველაფერს ვიზამდი,

რომ არა წვიმა...

 

 

 

მე თებერვალი

 

ჩემი სული შენთან,

ჩემი ცხოვრებაც ნაწილობრივ.

დღეები გავიყავით ნაწილ-ნაწილობით.

დღე შენი და ღამე ჩემი, ჩემო.

ქუჩებს თებერვალი შეყრია,

დუმილი პროვინციას.

უპროპორციო ქუჩებით სვლას ახლავს ტერფების ტკივილი

და დროდადრო კივილი, დედაშენის.

ცარიელი ქალაქის უძველეს სასაფლაოზე:

მე ლოთი.

მე, მე.

მე ცარიელი.

მე სუფთა ფურცლად.

მე გზა, უმგზავრებო.

მე მჭედელი, ჩვენი ქორწინების.

მე ტილო, ჩვენ კედელზე.

მე ხე წყლიანი.

მე თებერვალი, 30

 

 

 

მიყვარხარ

 

მიყვარხარ

მიყვარხარ...

ოთახში მე, ვიღაც და კიდევ რადიო...

კედელზე მუსიკის შიშველი არითმია, არ ვიცი კიაფობს?

თუ?

მიამბობს...

რომ ღამეა.

უთვალებოდ ვღლი, მე ყრუ არეას.

შეგრძნებებს ვხატავ ხელისგულებზე...

მანძილის.

უკვე ძალიან, ძალიან შხრიალებს ბებერი რადიო...

ოთხია...

ამინდის.

მე შემოდგომას მივეტმასნე ფანჯრის მინასთან...

მიყვარხარ...

 

 

 

მშვიდი ვარ

 

შენი შარფისფერი გათენება მოვიდა,

კართან მოვიდა,

ზღურბლთან - ჩვარზე შეიმშრალა

ტალახიანი ფეხისგულები.

 

შიშველი ხელისგულებით მომეფერა,

ლოყებზე მომიალერასა ცივი თითებით.

შენი სამოსელი მთხოვა.

გასულ შემოდგომას ნაყიდი ქურთუქი მივეცი.

შემოიცვა.

დაჯდა.

არაფერი უთქვამს 1 საათი.

მერე ჩაი მთხოვა.

დარიჩინით მოვუმზადე.

უშაქრო იყო ხასიათიც.

ფანჯრებს გარეთ ქარი ამტვრევდა ალვის ტოტებს,

პომპონები ცვიოდათ ჭადრებს და საკმარისზე მეტად ციოდა.

ჩაი გათავდა.

გათავდა დროც, მერე ხასიათიც.

მშვიდი ვარ.

 

მურაბა ვჭამეთ.

ქილაში ხელი მე ჩამეტია და ამიტომ

ჩემი თითებით ვაჭამე მკვდარი კენკრა, 

შარშანდელი დახუფული ივნისი.

თმაზე შევაწმინდე ტკბლი თითები.

არაფერი უთქვამს,

არც მე.

 

 

 

პატარა დედა

 

დედა, რა შორს ხარ.

დედა, რა ცოტა ხარ.

დედა, რა პატარა ხარ.

 

ორი ფინჯანი ჩაი, უშაქროდ რა თქმა უნდა.

ერთი გაცივდება გუშინდელივით,

გუშინწიდელივით,

ხვალინდელივით.

 

ამ წლის დასასრულს დაბადების დღე მაქვს.

დე, შოკოლადის ნამცხვარს გამომიცხობ?

მერე რა, რომ შორს ხარ?

მერე რა, რომ ასეთი პატარა ხარ?

მოგეხმარები, ერთად გამოვძერწოთ ცომით

სახლი, სადაც არ ვცხოვრობთ.

 

 

 

პროცესია

 

ღვინო.

მერე ამნეზია ქუჩის.

სადგურამდე შორი,

სახლიდან გზა დაუსრულებელი.

რეისი- არსად და გაჩერება იქ სადღაც.

 

ღვინო, მიზეზი.

ღვინო, დიალოგი ჩემი და რელსების.

ღვინო, მონოლოგი მამაჩემის.

ღვინო, უკანასკნელი ვაგონი.

ღვინო, ჩემი დაწურული.

მაღზნებს წვიმა გაწურული.

 

ეი, სუდარა დაგრჩათ, გადააფარეთ!

ღვინოს მე წავუქცევ ამ აღდგომას.

თუ შევძელი განთიადზე ფეხზე ადგომა.

 

 

 

როცა გავიზარდეთ

 

 არც მაშინ, როცა დედაჩემის საყურეები გაჩუქე.

არც მაშინ, როცა ზეიმზე ვმღეროდით

ქუჩა-ქუჩა მიმობნეული ალუბლების ტრაგედიებზე.

მაშინაც არ ვიცოდი რომ მიდიოდა, რომ ურელსებოდ შეეძლო სიარული.

იცი, არა და ვერ, ვერა და ვერ - დავითვალე

რამდენმა აგვისტომ ჩაირა, რამდენმა სველმა სხეულმა,

რამდენმა ღამემ ჩენს ეზოში.

 

დავბერდი? – არა, იოსებივით საუკეთესო სურნელის ასაკში ვარ.

არა და, ვერა და, არა და - არ იყო ცხოვრება საკმარისი.

 

რამდენმა წელიწადმა გაიხადა და ჩაიცვა.

რამდენჯერ შეიზნიქა წელი და მუცელი გაიბერა.

მახსოვს - წვიმდა ყოველი მშობიარობისას.

 

მერე ვსვამდით და ვუკრავდით როალს, ბებერს.

მის ჭიას ვახარებთით თუ გულისას - რა ვიცი?

მერე იყო სკოლა, მერე, მერე, მერე - სათვალავი ამერია.

 

მერე იყო სტუმარი:

ო, რა ვნებიანი.

ო, რა უცხო.

ო, რა, რა, რა მოგონილი სიმშვიდით მოვიდა.

ურელსებო მატარებლით მოვიდა.

მერე მოვიტანეთ მუხა, მერე სუდარა.

ახლა ვჭედ.

 

ვერ, ვერ, ვერ დამიჯერებია რომ წახვედი.

არაო ამბობდი გამუდმებით.

სად ხარ?

ჯერ ხომ ბოლომდე არ აგვიკრებია ქუჩაში ალუბლები.

 

 

 

საბედა ეწეოდა პაპიროს

 

ღვინო შედედდა შუაღამეს.

მერე წავაქციეთ სკამები და მოვიგონეთ გზა.

უკვე განვლილი ტრაგედიების.

იყო დაბადება.

ჩემი არა, ძმის.

მერე არაფერი მოიყოლა ქარმა.

მერე მოიგონეს ბილიკები, რუქა სააქაოდან.

ქარმაო, ქარმაო, ქარმააა - საბედა ყვიროდა, თოვლიან ტროტუარზე იჯდა...

თეთრი ციებცა ემართებოდა სმით.

 

გაზეთში ახვევდა თუთუნს.

თოვლს ადნობდა სიარულით.

შეზარხოშებულს წამიღო ფიქრმა.

 

 

 

საჭირო ნივთები

 

ჩუმი პროცესია იყო მეგზური

გზის, რომელიც სოფლის ბოლოს მიუყვებოდა,

მის დასასრულს კი მესერები,  სადაც

უკუღმა ყვებიან ამაქვეყნის ამბებს.

 

შავ–თეთრი გუგებით   ხედავენ ღამეს.

ვარკვლავები დახატულს გავს თურმე, მათი თვალებით.

 

ურმით მივუყვებოდით გზას.

ჩვენთან ერთად  თივაც -

გუშინ რომ ზვინი იყო.

 

უნაგირზე ბოხჩა, სავსე საჭირო ნივთებით:

სამოსელი, სავარცხელი, სიგარეტი უფრო მეტი

ვიდრე   ფოტოსურათები.

სარკეც.

ცოტა პირველნახადი და რამდენიმე მონეტა.

ოდნავ შესამჩნევლად  ფრიალებდა სუდარა.

გზის დასასრულს დაქვრივებული 29 აგვისტო  გლოვობდა

ქმარს?

–    თუ შვილებს?  

–    თუ – თუს?

შეკრთა.

ჩვენც.

ერთბაშად ვისურვე სიჩუმის დარღვევა და

გასამჯელოს სანაცვლოდ  ვთხოვე მესუდრეობა.

კიო,

2 დღის  ხათრითო

ბაბუას ხსოვნისთვისო.

 

ფული რა მოსატანიაო

მწყინსო.

მტრისას  იცოდეო.

–    და მორთო  ისეთი ღნავილი, რომ

მეზობელ სოფლებში გაიგეს ბაბუაჩემის გარდაცვალება.

 

მე, ურემი, თივა, აპოლო, მესუდრე  – და ბაბუა უფრო ჩუმი,

მივადექით მესერს.

 

იქ სადაც უკუღმა ყვებიან ამბებს, იქ სადაც

თხრილი უნდა ამოვავსოთ.

მერე   იყო ფლოქვების  ხმა და

ურმის უფრო ყრუ ჭრიალი, ვიდრე ოდესმე.

 

 

 

სიბერე

 

დროდარდრო მგონია მოვკვდები

შენს სარეცელზე.

მგონია ღამე გათავდება ფანჯრებს გარეთ

და გუშინდელივით დაგიწყებ ძებნას

ხელებით, მიტოვებულ ზეწარზე.

დროდარდო ვახელ თვალს,

ჟანგიანი აივნის მოაჯირეზე

დაყრდნობილს გიყურებ,

გზის გადაღმა მგონიხარ

და ვგიჟდები.

ვხედავ კვამლს, შენი თითებიდან გამონაბოლქვს,

რომელშიც ტაბიძის ჭინკები მემანჭებიან.

"ჩემი სამწერლო მაგიდის" მოტეხილ ფეხზე

ცარიელ ბაწარს მინდა მივწვდე, გეძახი:

სად ხარ?

გადავვარდი.

წამომაყენე..

 

 

 

 

ფერიცვალებამდე დარჩა

 

ცეცხლი მოეკიდა ფარდებს.

იწვის სააქაო.

იწვის ფანჯრებს გადაღმა ქუჩა.

ჩუმად, ჩუმად, ჩუმადოოოო.

დათას სძინავსო.

მერე დადგა წარმოსახვითი ფოთოლცვენა.

მერე უხეებო ბაღში ვითამაშეთ ბურთი.

მერე სუდარები გავრეცხეთ წყაროზე და გადავფინეთ მესერებზე,

სიმინდის ბაღების.

ბარემ, ბარემ, ბარემო.

კირი მოყვებოდა წყალს და ვერ შევავსეთ ჭურჭელი.

ბალახიც მწიფდება ცხრამეტში,

სხვა განზომილებაში ბორიალსაც ეძლევა აზრი ფერიცვალებას.

დათას ისევ ეძინა, რომ წამოვედი.

 

 

ფერიცვალებას, ჩვენი ხსენების დღეს

 

გახსოვს საფლავებზე ვიკრიბებოდით მიცვალებულების დღეს.

ყოველთვის ქარი ამტვრევდა კვიპაროსებს.

მაშინ მეგონა, რომ დაიმტვრევოდნენ.

ქარს არც შენი ხმა მოჰქონდა ჩემამდე და არც აცაბაცა მიმობნეული შაოსნების.

ყველა საფლავზე იყო საზამთრო და ყვავილები.

ღამე მოდიდა პატარა პრინცის მელია და ჭამდა ნარჩენებს.

პურს არა, მელია ხომ ყანისფერთმიანმა მიიჩვია.

მეც მინდა გამიშინაუროს ვინმემ, სარეველების გარდა.

ქარი მათაც არხევს - უბრალოდ ესენიც კვიპაროსებივით,

მხოლოდ ირხევიან შენსკენ და შემდეგ ქალაქისკენ.

ხალხი ახლაც იკრიბება ველზე, სადაც თავისი სურვილით

გადაგვანაწილეს.

შაოსნების ხმა ისევ იმტვრევა.

სარეველები და კვიპაროსები არა.

შენთანაც მოიპარეს ლითონის მესერები,

წარწერაც წაშალა წვიმამ.

მელიამ მომიტანა მწიფე თავთავები, გავანაწილოთ.

 

 

 

 

ჩაი

 

მზემ ერთმა, ცამ თეთრმა, გზამ ჩემმა –  ვერ მომიყვანა შენამდე.  

ვითვალე დრო თითებზე, მაჯისა და კედლის საათებზე.

არაფერზე არ მითქვამს უარი, დღენიადაგ  ვაორთქლებდი მინებს

თითებით სასაუბროდ.

 

სასაუზმოდ  დავდიოდი მთებზე, ბეგქონდარას ძირების დასანაყად.

სავახშმოდ ვსვამდი მისი ნაყენის ჩაის – ჩვენ რომ გვიყვარდა.

მზემაც  იცვალა, გზამაც იცვალა, პორტრეტებმაც იცვალეს პირი...

ფერი - დღემ.

 

 

 

 

ჩემო

 

ამინდის ადრეული სინესტის სუნი,

შენს თმას.

ქუჩის დასასრული, დაკარგული ბორიალი

შენად, 

და ქარების...

მშრალია, ტუჩებსაც აშრობს.

შენი შარფის ფერია და ისიც მკარგავს.

ავადმყოფურად მოტკბო არომატი აქვს.

ნახევრად მშრალ წითელ ღვინოს, ჩემო.

 

 

 

ჩვენი კატა დაბრმავდა

 

როგორ მომენატრე ღმერთო...

ღმერთო,   გამითავდა ხასიათი.

ჩაის ჭიქებში ღვინო დაშრა,

წითელი ლაქები დატოვა, საწერი მაგიდის ზედაპირზე.

შეშა გათავდა ბუხარში,

გათოშილ აივანზეც.

სარეცხის თოკზე შენი  კაბა გაშრა.

მზე კედლის აღმოსავლეთით ლოცულობს,

შენს გამოჩენას ავედრებს შემოქმედს.

დროდადრო  ჩვენს ოთახთან ვანთებ ცეცხლს, რომ გარდავიცვალო.

რომ გამურულ კედლებში იპოვონ დანახშირებული ჩემი ცხედარი.

-მერამდენედ გადამარჩინეს მეხანძრეებმა.

აირ-დაირია   სამოსელის ზვინებით ჩვენი სახლი.

ჩვენი ხე დაბერდა.

ჩვენი სურა დაიცალა.

ჩვენი  კატა დაბრმავდა.

 

 

 

 

ჩვენი შვილები

 

მიყვარხარ...

დილით როცა თავი მისკდება,

როცა ვცდილობ წამოდგომას უფეხებო საძილედან.

მიყვარხარ, როცა ვხედავ როგორ თამაშობენ უხეებო ბაღში ბურთს

ჩვენი შვილები.

მიყვარხარ, როცა სახლში მოსულს მგელივით მშია.

როცა კედლებზე აბლაბუდებს ვთვლი და როცა არ ხარ ჩვენ სამყოფელში.

ფოტო გასული წლიდან,

შენი თვალები წასული სიმართლით,

კედელი ჩემი მოგონილი მეტაფორებით სავსე.

შენი სუნი, ჩემს თითებს და

საფერფლეს.

ოთახში ისევ ავბურდე სამოსელი, თივის ზვინებიბით აცაბაცა მიმოვაბნიე.

მზე ისევ ლოცულობს,

ცა ისევ შორსაა,

გზა ისევ არსად,

ზეწრები წყაროზე.

ესეც, მორიგი სისულელე.

აქაც მიყვარხარ.

 

 

 

ხეზე - 1 სხეული, ნონსენსი და საქანელა

 

ალეგორია-ბუტაფორია.

სიტყვები ერთმანეთს გვანან, უშინაარსოდ.

ჩემი ტანიც, შენსას.

ზამთრის ჩიტები მოფრენილან ჯონ.

ალვებს ადევნებიან და რა ცივად გალობენ, რა სისულელეს.

ზამთარს არ უხდება შტრიხები გაზაფხულის.

ღამეს სიცივე და ზეწარს 1 სხეული.

არყებზე საქანელა არწევს ტრაგედიას,

დრო მე, გადარეულს.

როგორ არ ვგავართ ამ ნონსენსის შემდეგაც ერთმანეთს, ჩემო.

 

 

 

 

 

ჯარი მეგობრების

 

ჩვენ ბაღში იზრდება, მწიფდება, წითლდება ალუბალი.

მოდი შევაყოვნოთ წუთები მინაზე და

არაფერზე, არაფრისთვის იყოს საუბარი –

გავიყოთ დრო.

გავიყოთ გზა.

გავინაწილოთ ასფალტზე განვლილი ნაფეხურების თანამიმდევრობა.

შევაჩეროთ რეისის სვლა, როგორმე.

ქარია თბილისში.

უბერავს, უბერავს გამუდმებით.

გათავდა ხასიათი!

გავთავდი მწოლიარე!

 

ამინდი იცვლება მეექვსედში შუაღამის.

ხედავ? – ანტენაზე სხედან ღმერთები.

ხედავ? – ზეწრისფერი სჭირთ მათ განთიადი.

მომეხმარე, თითებით შევაყოვნოთ მინაზე უშაქრო ხასიათი.

 

ხედავ? – ვენებს ეტყობა დრო.

დრო ფანჯრებსაც ეტყობა.

მოვა უჩვეულოდ ბნელი გათენება.

აღმოსავლეთი მოიყოლებს მთვარეს.

მთვარე არყებში მოედება ჭაპანს სიძველის.

უფლებას, გაჩერების.

გამვლელს გავატანოთ წუთები უფალთან.

გამვლელს გავატანოთ ერთმანეთი.

მერე მოვიგონოთ გლოვა.

 

შევქმნათ უჩვეულოდ მლაშე შემოდგომა.

ღვარცოფი მოვიყოლოთ ფინჯანში ყავის.

მერე ვისაუბროთ არაფერზე.

მერე გავიხსენოთ გარდაცვლილი ბებიები.

მერე მოვიაროთ პროცესია ისამნისთვეს გარდაცვლილი მეგობრების.

როცა გაიზრდება.

სისხლის ფერი როცა იქნება ჩანაფიქრი.

როცა დამწიფდება, როცა დამძიმდება –

მაშინ შევაჩეროთ ჭიქაში ხსოვნა, მინაზე დრო,

ხელებზე მანძილი ასე დაბერების.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ქაშიაშვილი დავით / ლექსები