შენგელიძე სალომე

ლექსები 

 

 

"ოღონდ მარწყვს ნუ მოინატრებ ზამთარში"

“რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”

“უკაცო სახლი”

(...ნეტავ)

(..დილით სიზმრები ადვილდება)

(ვინა თქვა, ნახევარი ვარ,)

ბანგკოკი

გაცივებული წვნიანი

ერთი უბრალო, არამელოდიური სიმღერა

კარამელი

კინოცხოვრება

ნაღებივითაა დედიკოს ნაღველი

ოჯახი

ტომ

შუშის ბავშვი

ჩემი ფიზიკური გეოგრაფია

ჩიტისთვალა

ხანმოკლე

ხელები- გარეთ

 

 

 

"ოღონდ მარწყვს ნუ მოინატრებ ზამთარში"

 

 

 

დედინაცვალმა წუხელ ზაფხული ნახა სიზმრად,

 სიზმრის ტემპერატურა გადმოყვა ცხადში,

 ცხადში,სადაც არის ნახევარდა ჩემი,

 რომელსაც სახეზე ვარდები აფენია

 და ჩემს მშიერ კუჭს რატომღაც

 მაცოცხლებელ ვაშლს ალანდებს;

 ცხადში,სადაც ხანდახან მეც ვარ,ბიისფერი,

 შეციებულს და მშიერს

 დედიკოს გადანახული სითბოთი მომყავს ხორბალი,

 მაგრამ დედინაცვალი და შვილი მისი

 კენკავენ ჩიტებივით და

 მაძღარი ოქროსფერი ისევ ზამთრდება.

 დედინაცვალი,სიცხიანი,

 მარწყვის დაუოკებელი სურვილით,უზმოზე აყოლილით,

 მოითხოვს მარწყვს,

 ჩემი ბიისფერი სახე უფრო მეტად ამშევს და

 მიბრძანებს,

 შუა ზამთარში,სითეთრის თვალუწვდენელი სივრციდან

 წითლად ანთებული მარწყვი მოვუტანო.

 და მე მივდივარ საშოვარზე,

 ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვამდე

 ვიხსენებ დედას და ზღაპრის კეთილ დასასრულს,

 სადაც ჯუჯები მარწყვებიან მინდორს მიფენენ,-

 ეს გახსენება ერთ მთასა და ერთ ზღვას

 გუბე-ბორცვივით გადამალახვინებს,

 მეორე მთისა და ზღვის საზღვარზე კი მიცხადდება სასწაული,

 თოვლის ქვეშ შემალული;

 ის ითხოვს დაკრეფას,

 ალბათ დედიკოს სითბომ თუ დაამწიფა

 და ზღაპრის კეთილმა დასასრულმა.

 მახსენდება დედინაცვლის ავადმყოფი გონება,-

 ეს მარწყვი ღუმელში შეშის შეკეთებასავით იქნება,

 მერე შეიძლება გავარვარებული მზე მომთხოვოს,

 რომელსაც ზამთარი ვერ ამწიფებს,

 დედიკოს კი სითბო შემოელია,

 ზღაპარს-კეთილი დასასრული.

 

 2005 წ..

 

 

“რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”

 

 

 

 

 

 

ათიოდ თაობა ჩემი წინაპრების

 და ცოტა ნაკლები - შთამომავლების

 იგულისხმება ალბათ სისხლში,

 მე კი არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო,

 როგორ ვწერო და როგორ განვიცადო

 ეს ამსიყვითლე შემოდგომა,

 რომელმაც შეაგროვა ნაწილ-ნაწილ გაბნეული ყოველი ეჭვი

 და თქვა: ყველაფერი თავიდან იწყება,

 როგორც ყოველთვის, ჭკნობით.

 

 

 

 "შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ,

 ჩემო მუდმივადცვალებადო, ჩემო მოუხელთებელო,

 ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ"

 

 ზვიად რატიანი

 

 

 

 

 

 "სალომე, გამოტოვე ეს კადრი!"-

 ამბობს ფოლადის მამა და

 სალომე რთავს თავისი ცხოვრების ფონოგრამას,

 რომლის მუსიკა დაწერა მამამ

 (ნანა, მეუღლე:

 ზუსტად ასეთი მელოდია უნდა ყოფილიყო:

 სიყვარულის კი არა,

 მორჩილების და მოვალეობების

 გახამებული აკორდებით აწყობილი,

 ისეთი ცხადი,

 სულ მეშინია,

 ამ კლავიშიდან არ ამოხტეს სამზარეულო,

 აქედან- უთო და პერანგი,

 აი, იქიდან, იმ მოლიპული კლავიშიდან

 ჩემი ბასრი და ყოჩაღი მეზობელი

 ციგურებით და ათასი ჭორით:

 ფეხი არასდროს დაუცდება.

 

 სწორედ ასეთი მელოდია უნდა ყოფილიყო:

 არა- სიყვარულის,- მორჩილების,

 რომელსაც მართლმადიდებლური მოტივით

 შემომახვევდი ჩადრივით

 და კვანძის შეკვრისას თითები

 შეუმოსავ ხორცს თუ შეეხებოდა შემთხვევით,

 ბოროტად გეტყოდი:

 ჩემო ქრისტიანო, მუსლიმო და ბუდისტო ქმარო,

 წადი იერუსალიმში, მექასა და მედინაში

 ანდა ტიბეტში:

 შენ რელიგიით ქართველი ხარ.

 

 ზუსტად ასეთი მელოდია უნდა ყოფილიყო:

 ყველაზე დიდი მოვალეობის-

 შვილების აღზრდის.

 გახამებული კლავიშებით უკრავდი თიკოს,

 ზაზას, სალომეს

 და მხოლობითში იყო სამივე:

 არ ახსენებდი მათ ნახევრებს სამომავლო მისამღერებში.

 

 ასე გეგონა:

 ემორჩილება ყველა შვილი ლითონის მამას,

 განსაკუთრებით მაშინ, როცა

 ლითონი უჟანგავია.

 

 

 

 შვილებიც იყვნენ ლითონისები,

 თავისნაირად მოწყობილები:

 სისხლთან და ხორცთან რეაქციაში

 ვერცერთი შედის.

 

 

 ...

 

 მდგრადია კოროზიისადმი

 ალუმინის თიკო,-

 სახლის მჟანგავი ატმოსფერო ვერაფერს აკლებს.

 მას ბავშვობიდან ხან რომელ წიგნში გაეღვიძება

 და ხან- რომელში.

 სულ არ ადარდებს, რომ ოჯახის ჰიმნს

 მორჩილად მღერის:

 სამაგიეროდ მისი ფიქრები

 შორია და პარალელური.

 

 ზაზაც, სალომეც- ნატრიუმი.

 ოღონდ სალომე ჯერ იწვის და

 მერე ფეთქდება

 (ოჯახის ჰიმნს საგანგებოდ ხმამაღლა მღერის

 და საგანგებოდ ამახინჯებს.

 

 

 ის საგანგებოდ სალომეა.),

 ზაზა ფეთქდება და მერე იწვის

 (იმ მელოდიის რომელიმე მისამღერს თუ წაიღიღინებს,-

 არის, არც არის.).

 

 ჩემი ოჯახი, მეტალთა ჯგუფის,

 აქ მთავრდება და იმის იქით

 არის ალბათ სისხლი და ხორცი,

 აი, თუნდაც სამეზობლოში.),

 რომლის ტექსტი დაწერა მამამ

 (თიკო, უფროსი ქალიშვილი:

 პატიოსან ოჯახში ტელევიზორიც კი პატიოსანი-

 (პორნოარხები დაბლოკილია)-

 იგულისხმება ალბათ ტექსტში,

 მე კი არ ვიცი ასე გვიან

 რა მინდა,

 როგორ მინდა და

 რატომ მინდა

 სუსხიანი ზამთრის შემოდგომის შუაღამეში.

 

 რომელი დროა მაშინ,

 როცა ფანჯრების მიღმა არის ზამთარი,

 ჩემს ნოველებში- ფოთოლცვენა და

 მამას ლექსში- გაზაფხული?!.

 ხსნაა, რომ ყველგან შუაღამეა და

 გამეღვიძა სუსხიან ზამთრის გაზაფხულის შემოდგომაში.

 

 ასე, ხანდახან გამოღვიძებული

 ვღიღინებ შხაპისას,

 ჭამის წინ და შემდეგ,

 თარაზულად და შვეულად

 მამაჩემის უცნაურ ტექსტს,

 რომელიც წაღმა და უკუღმა,

 მარცხნიდან მარჯვნივ და

 მარჯვნიდან მარცხნივ

 იკითხება უნაკლოდ პატიოსნად,

 ერთფეროვნად და

 ხმამაღლა

 და ვერაფერს მოვუხერხებ,

 გარდა ჩემებური ინტერპრეტაციისა:

 "პატიოსან ოჯახში ტელევიზორიც კი პატიოსანი".

 

 მე კი საკუთარი ნოველების ტავტოლოგია ვარ

 და აღარ ვიცი, სად ვიცხოვრო:

 ამსიმცირე ნოველებში,

 იმსიმაღლე ოჯახის ჰიმნში თუ

 იმსიდიდე დედამიწაზე?..),

 მერე ოჯახი ხმის ჩამწერ სტუდიაში

 წაიყვანა

 (ზაზა, ვაჟი:

 სუპერსტუდია სუპერტექნიკით,-

 ჩვენ არაფერი გვევალება ყავის სმის გარდა.

 ყავაც ტექნიკური და უგემური:

 თუ გსურთ რაიმე ნატურალური,

 სისხლი იგემეთ,

 თქვენივე სისხლი, ბატონებო!

 

 ანდა ჩემ სისხლზე დამეწვიეთ:

 თეტრი, ნახევრადმშრალი,

 ოცდაექვსწლიანი დაძველებით,-

 შემომრჩებოდა ორიოდ ჭიქა.

 

 

 

 თიკომ ჩამოიცვა ყურსასმენები და

 მიკროფონთან მღერის თავის წილ ცხოვრებას,

 რომელიც ძალიან გავს ჩვენსას.

 "არ მოკვდე და თუ გინდა,

 ჩემ მაგივრად იყავი,"-

 მეხვეწებოდა

 ორი ათეული წლის წინ.

 მე კი ვიყავი ექვსი წლის,

 ძალიან მტკიოდა ბრმანაწლავი და

 სულ არ მინდოდა თიკოობა.

 

 ეხლა კი, რაღა მნიშვნელობა აქვს,

 ვინ ვიქნები ამ სუპერსტუდიაში:

 თიკო თუ

 სუპერტექნიკა.)

 და მათ მაგივრად იმღერა

 (სალომე, უმცროსი ქალიშვილი:

 ეს ალბათ მხოლოდ მე უნდა გითხრა,

 როგორც უმცროსმა,

 ასაკის გამო ასე თამამმა:

 "შემოდგომამშვიდობისა", მამაჩემო,

 გარეთ ზამთარია

 და რომელიმე შორეულ გაზაფხულზე

 ყველაფერი თავიდან დაიწყება

 ჩვენით და სავარაუდოდ, ჩვენებურად.

 

 გადაწყვეტილია:

 "ჩვენი ჩვენებურად" უნდა იყოს

 "შენი ჩვენებურად"

 წელიწადის ნებისმიერ შორეულ დროს.

 

 მე კი, თიკოს მსგავსად,

 არეული ვარ დროებში,

 განსაკუთრებით- გრამატიკულად.

 

 ვამბობ:

 "ხვალ მოთოვა"

 (მომავალი წარსულში სრული დრო),

 "დღეს მიყვარდა"

 (აწმყო წარსული განგრძობითი),

 "გუშინ დავწერ"

 (წარსული მომავალში).

 

 

 

 ვგულისხმობ:

 უდროობა.

 

 უდროობაში ის შორეული გაზაფხული

 ნეტა რომელი ინტუიციით,

 ნეტა რომელი ლოგიკით ანდა

 რომელი გრამატიკით

 გამოვიცნო?!.

 

 მე კი არეული ვარ დროებში,

 განსაკუთრებით- ვერბალურად:

 მე- თმაჭაღარა ახალგაზრდა

 დღეს,

 ხვალ

 და გუშინ-

 მამამისს ასე ესალმება:

 "შემოდგომამშვიდობისა", მამაჩემო,

 გარეთ ზამთარია და

 უდროობა.

 

 გულისხმობს:

 მრავალი "შემოდგომამშვიდობისა" კიდევ,

 მამიკო,

 მაგ კადრს კი იმ შორეულ გაზაფხულამდე

 გამოვტოვებ.).

 ისინი კი ამოძრავებდნენ მხოლოდ ტუჩებს

 და ზუსტად ერთნაირ ცხოვრებებს იზეპირებდნენ.

 

 

 6 იანვარი, 2009 წ..

 

“უკაცო სახლი”

 

 

 

 

 

 

1

 

 ჩემი სახლის საძირკველი დედაჩემია,

 სახურავი კი-,,ცა-ფირუზი’’. კატეხიზმოსავით გაზეპირებული.

 კედლები ჩემი ცოლით და შვილით გავამყარე,-

 ათბალიან მიწისძვრას უძლებს.

 

 აღმოსავლეთის კედლის მხარეს უფალია,

 რომელსაც ხანდახან ჩემი ცოლი თუ ჩამოხსნის

 მტვრისაგან გასაწმენდად.

 ცოლი ამ დროს ფიჭასავაით ხდება,

 მისი ყოველი უჯრედიდან ლოცვა იღვრება თაფლივით,

 რომლიდანც ოდესმე მრავალი შვილი ჩამოიქნება,

 ახლა კი ჯერ ერთი შვილი გვინთია სანთელივით.

 

 აღმოსავლეთისაკენ ჩვენი მზეცააა,

 უფლით ამოსული და არასოდეს ჩასული,

 ყველა მზეზე უფრო მწველი და ხანგრძლივი:

 ზამთარშივე რომ გვკვირტავს და

 გაზაფხულს ისეთი მსხმოიარენი ვხვდებით,

 ჩემი დამძიმებული ცოლი მილიონობით საალერსო

 სიტყვას მშობიარობს,

 მაგრამ ,,აბორტი’’ ყოველი ჩხუბის შემდეგ გარდაუვალია.

 

 მე კი ისე ვმწიფვარ,

 როგორც შემიძლია,

 რადგან უფრო ჩრდილოეთით ვარ,-

 მალე დასავლეთმა ფინალი უნდა მათამაშოს!

 

 სამხრეთით პაპანაქება შუადღე დგას

 და ჩრდილებს გვიმოკლებს,

 უსხეულობა კი ჩვენი ხორციელი სურვილების გამო

 გვეუხერხულება

 და შუადღეში შესვლაც ამიტომ გვეშინია;

 შვილს ეს საერთოდ აკრძალული აქვს:

 ვაითუ, თავში ეს დამღუპველი კოცონი ჩაუვარდეს

 და თავალების მოხასხასე კორდი გადაუწვას?...

 

 ***

 ახლა ჩვენ ნენეს შემდეგ ავითვლებით!...

 ის დაბადებამდე ჯერ საფეთქელში მყავდა,

 მერე მტკივნეულად ამოძრავდა:

 თვალების თეთრონებში ხშირ-ხშირად შემოცურებული

 ხამხამისას ლინზასავით ცხადდებოდა

 და როცა ხორხამდე ჩამოქვეითთდა

 ჩემმა ცოლმა წითელი ტუჩები შეაგება

 და დაფეხმძიმდა.

 მე კი, საფეთქელდაცარიებულმა,

 ისეთი უნაყოფო ფიქრები ვშვი,

 თითქოს მილიონობით ,,საპნის ოპერის’’ მეტი

 არასდროს არაფერი მენახა.

 დაბადების შემდეგ ნენემ დაწყებით კლასებში დაგვაბრუნა

 და კლასის დამრიგებლობაც წარმატებით შეითავსა:

 კლასიდან კლასში გადამსვლელ გამოცდებს

 ზედმეტი სიმკაცრით გვიტარებს,

 ჩვენ კი თვლა მხოლოდ სამის ფარგლებში გამოგვდის:

 ჩვენ და ნენე...

 ახლა ჩვენ ნენეს შემდეგ ავითვლებით.

 წარსული რთული არითმეტიკაა,

 რომელიც სწავლის შემდეგ უცებ გვავიწყდება

 და აწმყოში მხოლოდ რამდენიმე ციფრსღა ვტოვებთ

 ,,რა ვიცით, რაში გამოგვადგეს” პრინციპით...

 

 2

 ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით დამრჩა ჩემი სახლი,

 ასე ნაცნობ ,,ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტში’’ ჩამხობილი

 და მსხმოიარე ჩემი ოჯახით,

 რომელიც ერთ არამელოდიურ სიმღერას იმხელა ხმით კივის,

 კლავიშები ამოუვარდა,

 ბგერის მწვერვალზე კი მე ამიყვანა

 სიზმარივით მოლანდებული,

 ერთ უსახელო და ჭუჭყიან მდინარეში

 თეთრრაშდანისლული,

 რუხი და მშიერი,

 ვერდასრულებული ემიგრანტი.

 

 მეც, ყველა სხვა ემიგრანტის მგსავსად,

 იძულებითი ვარ:

 ჩემი იძულებითი ცხადის ხელოვნური გამწვანება

 ჭუჭყიან და არითმეტიკულ ,,მწვანე შუქს’’ შეცავს,

 რომელსაც ცოლ-შვილს თვეში ერთხელ ვუგზავნი

 იმ იმედით, რომ ნენეს მოხასხასე კორდი არასოდეს

 დაბინძურდება.

 

 აქ სიზმრებიც კი არალეგალური მაქვს:

 ოჯახი სიზმრად აკრძალული ფუფუნებაა

 და ნისლს არ უხდება, გაუვალს.

 

 ჩემი ცოლისაგან ხანდახან ფერად-ფერად წერილებს ვიღებ,

 აშკარა კონტრასტს,

 სადაც წერია, რომ ქვეყნიდან,

 სადაც დავიბადეთ,

 სადაც მზე ჩვენი გულებიდან ამოდის და ჩადის,

 სადაც ვერასოდეს ისწავლიან, რომ დრო ფულია,

 უამრავ დილას მიგზვნის და

 ყოველი დილა ჩვენ წილ ჰაერს, წყალს და მიწას

 შეიცავს

 და დაპირებას,

 რომ ჩვენი წილი ჰაერიდან, წყლიდან და მიწიდან

 საჰარა არასდროს გამოჩნდება.

 მაგრამ ქუჩაში იმდენ მოსიარულე მოწიკწიკე მექანიზმს

 ვხედავ

 (ბიგ-ბენის ღირსეულ შვილებს ჭანჭიკები არასოდეს

 წამოტკივდებათ),

 ცოლის გამოგზავნილი დილები მიღამდება

 და სისხლი მტკივდება,

 რომელიც არის გახსენება მიწის,

 სადაც ვერასოდეს ისწავლიან,

 რომ დრო ფულია.

 

 3

 ჩემი ფინალი უკვე ექვსი თვეა

 ერთ პატარა ოთახში თამაშდება,

 სადაც ყოველდღე გისოსებით მოკბეჩილ მზეს

 ბალიშის ქვეშ ვინახავ

 და ღამით შვილს ვისიზმრებ, ქარვისფერს,

 კიდევ შენ, დედაჩემო, ბინდისფერო...

 

 ***

 დე, სიზმარშიც ვერ გპატიობ

 ჩემს ძალდატანებით არსებობას,

 რომლის გასაუტკივრებლად ბავშვობაშივე სიგარეტი გავაღვივე

 და დიდობაში,

 ალბათ, მაინც ღმერთისა და შენ გამო,

 მტკვრის წყალმცენარეებზე, მუდმივი ფიქრი

 გადავივიწყე:

 ახლა კი აღარც პოტენციური თვითმკვლელი ვარ

 და აღარც ,,კამიკაძურ სიზმრებს’’ ვხედავ.

 

 მაშინაც ბინდისფერი იყავი, დედაჩემო,

 ჩემი საკნის კედლებისფერი,

 ყოველდღე ჩემგან თავდახსნის იდეს

 თეთრ ნიჯარაში ანთხევდი,

 თვალებიდან ცრემლი კი არა,

 ნესტი გწვეთავდა და

 ჩემი მოსალოდნელი დაბადება

 მამაჩემის გადამწყვეტი ხმის უფლებით.

 

 ასე იყო თუ ისე, დავიბადე

 და აგერ უკვე მერამდენე წელია,

 უკიდეგანო სიყვარულში მაცხოვრებ,

 რომელშიც ხანდახან დანაშაულის რიფი ჩანს,

 შენი ცოდვა,

 მილიონობით ქალის სულსა და სხეულში გათქვეფილი,

 რომელზეც მილიონობით არდაბადებული ბავშვის

 გულები ფრიალებს.

 

 მას შემდეგ გიშერივით ხარ, დედაჩემო,

 ისეთი გააფრთებით იცავ ჩემს არსებობას,

 ღამით ამ უცხო ქვეყნის ამ ნესტიან საკანში,

 გადახლართული წყალმცენარეების ნაცვლად

 ჭრელ-ჭრელ სიზმრებს მასიზმრებ

 და შვილს, მხოლოდ საკუთარი სისხლითღა ნაგრძნობს,

 ჩემს ტკივილიან მდინარეში

 ,,სმაილიკებიანი’’ ნავით შეუმჩნევლად შემოცურებულს.

 

 ჩემს ტკივილიან მდინარეში

 მილიონობით ანკესია ჩაკიდული

 და ყველა ტალღა გაუსაძლისად მტკივა,

 მაგრამ წყალდიდობას არასოდეს ვიშველიებ:

 საკანი, რომ გასაძლისი გავხადო,

 გუბესავით დავპატარავდები და

 ჩემი შვილის ნაცვლად

 ბაყაყები ჩამისახლდებიან.

 ***

 ნეტავ მერამდენე თვეა

 ვერშვილი,

 ვერმეუღლე და

 ვერმამა ვარ და

 ყოველდღე ფანჯრის მიერ მოკბეჩილი

 რამდენიმე გრამი მზით

 შვილს და ცოლს ვილანდებ, თაფლისფერებს,

 კიდევ შენ, ბინდიანო დედაჩემო.

 

 

 2008 წ..

 

(...ნეტავ)

 

 

 

 

 

 

...

 

 ნეტავ

 დღევანდელი დღის არაფერი

 ხვალინდელის ყველაფერი არ იყოს

 და ჩემი ყოველი მოქმედება

 სამი დღის შემდეგ მოტირალ დედაჩემს

 არ გულისხმობდეს,

 ჩემი კომპასის ისარი,

 რომელიც მეთვრამეტე წელმა ჩამიდგა საგულეში,

 დასავლეთს ასე ჯიუტად არ უახლოვდებოდეს

 და არც შენ იყო

 ამინდის ყოველდღიური პროგნოზივით

 მოსალოდნელი და გამხელილი.

 

 

 მაგრამ

 დღევანდელი დღის არაფერი

 ხვალინდელის ყველაფერი იქნება

 და ჩემს ყოველ მოქმედებაში

 სამი წლის შემდეგ მოტირალი დედაჩემი იგულისხმება,

 ჩემი კომპასის ისარი,

 რომელიც მეთვრამეტე წელმა ჩამიდგა საგულეში,

 დასავლეთს ძალიან მალე მიუახლოვდება

 და შენც

 მოსალოდნელი და გამხელილი იქნები

 ამინდის ყოველდღიური პროგნოზივით..

 

(..დილით სიზმრები ადვილდება)

 

 

 

 

 

 

 

 დილით სიზმრები ადვილდება

 და რთულ ოთახში

 კეთილ სარკეს,

 კეთილ სკამს

 და კეთილ ფარდას ვხედავ.

 დილა ღამეს ისე ამარტივებს,

 როგორც ჩვენ

 ლექციებზე შორ წინაპრებს.

 ზოგს იქნებ ღირსების მედლებიც

 ვესროლოთ ქამანდივით,

 უმრავლესობა კი მაინც

 ძველმოდური და გაუგებარია.

 მათ გაუგებარ გულებს

 სათუთად ვიღებთ ისტორიის წიგნებიდან,

 დაფშვნამდე სტერილურ სინჯარაში

 ვათავსებთ და მეცნიერებს ვუგზავნით

 გოჯი-გოჯ შესასაწავლად.

 მეცნიერები კი,

 ეს გულმავიწყი ხალხი,

 ყველას საკუთარი ღმერთი ცალკე სინჯარაში,

 საკუთარ მტვრიან თაროზე რომ შემოუდვია

 და სულ მის არგახსენებას ნატრობს,

 თითქოს ზარები ჩამოგვეკრას,

 ლითონის თავებს ისე მძიმედ აქნევენ.

 ყველაფერი კი სულ ჩვენი

 არასტერილური ფიქრების ბრალია

 იმ გაცოცხლებულ სინჯარას რომ

 თან გავაყოლეთ:

 საიდან,

 როგორ

 ისტორიული და ძველმოდური

 გულების ფეთქვა.

 საიდან,

 როგორ,ღმერთო ან

 სადამდე

 ამ გულების კეთილი მახსოვრობა და

 კეთილი ფიქრები

 ჩვენი ბოროტი გულმავიწყობის

 და ცოდვების სანაცვლოდ,

 მათი ხმამაღალი ძგერა

 ჩვენი შიშნარევი სიჩუმის სანაცვლოდ,

 მათი ვერდამორჩილებული გულები

 ჩვენი მარტივი გრძნობების სანაცვლოდ.

 საიდან,

 როგორ,

 სადამდე,ღმერთო.

 ისინი კი,ის გულმავიწყი ხალხი,

 ნემსის ყუნწშიც გაძვრებიან,

 ოღონდ ღმერთი არ გაიხსენონ.

 ეჭვის ჭია,

 ცოტა ხნის წინ

 თავებს ზარებივით რომ აქნევინებდათ,

 ერთ-ერთ აუცილებლად არგასახსენებელ თაროზე

 დევს

 და ახლა უჯრედ-უჯრედ ზომავენ

 იმ ძველმოდურ სიკეთეს,

 გრძნობებს და

 სიცოცხლეს.

 ყოველი უჯრედი კი ისეთი დაუმორჩილებელია,

 გგონია,სადაცაა,ხმლებსაც იშიშვლებს,

 ეს სულ ჩვენი ფანტაზიებია,

 თორემ ხმლებს ნეტავ საიდან იშიშვლებს,

 ნეტავ რომელი ქარქაშიდან.

 

 2006 წ..

 

(ვინა თქვა, ნახევარი ვარ,)

 

 

 

 

 

 

. .

 

. ………

 

 ვინა თქვა, ნახევარი ვარ,

 ვეძებ მეორე ნახევარს?

 თუ აღარ ჩამომეხსნები,

 ქალი კი არა, მახე ვარ.

 შენ სულ სხვა ხარ და

 მე სულ სხვა,

 იქნებ გონს უნდა მოეგო?

 ერთი მთლიანი რომ გავხდე,

 შენ როგორ უნდა მომერგო?

 მე ისე უცნაური ვარ,

 ამბებს ვაგროვებ, თვლიანებს,

 სულ ნახევრად რომ ვიარო,

 შენ რა,შენ გამამთლიანებ?!

 

 2008 წ..

 

ბანგკოკი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლითონის ტალღები ქალაქში:

 

ვერ შეცვლი. არ გესმის:

 

ჩემი უძველესი სიტყვების ლელქაში

 

შენ- არა, იმ შორი მდინარის გრიმასას

 

თუ შეცვლის.

 

 

 

“მეილით” ცათამბჯენს მიგზავნი, რომელსაც

 

აქაურ აპრილში კვირტებად

 

შენი სილუეტი ასკდება. მორალი:

 

პატარა იტალიურ ეზოში პორნოგრაფიული კვარტალი

 

ამორალურია! მოშალეთ!

 

 

 

ეხლა ვარ დე ფაქტო ვიღაცა. გიგონებ:

 

ცისფერი ძარღვებით დაწყებულს

 

და მხოლოდ უკუღმა მოქსოვილს და ვიწრო თვალების ბანგკოკი

 

ჩემ გაშლილ სხეულის ტერასას მოაწყდა,-

 

მოგტაცე ლიცლიცა კოკები.

 

 

 

მესამე კვირაა დაღალა ნუშების სკლერებმა

 

აპრილი.

 

მღვიძარეები ვართ:

 

შენ- ჩემი ფხიზელი სიზმარი, იმისი- ქალაქი, მაკლერი,

 

მაისთან გარიგების მოთავე

 

მცხუნვარე მზეების რეკლამით.

 

 

 

მე პალეოლითიდან გეძახი. ძალიან

 

შორია რეკლამა ოჯახის და დაახლოებით

 

გიყვარვარ დეკორაციების ქალაქშიც,- ნაძლევი!

 

უნდა ავურიო დომინო- სახეზე ხალებით

 

შორიდან თამაშსაც ისე უპირობოდ მაძალებ.

 

 

 

 

 

                       2009 წ.

 

გაცივებული წვნიანი

 

 

 

 

 

 

ღმერთო,

 დაიფარე ჩემი ნარკომანი ძმა!

 ვენები წარმოსახულ ზეცას ვეღარ იტევს

 და ნანემსრებიდან სისხლი კი არა,

 გათხევადებული სიზმრები იღვრება,

 რომლებიც ისეთი შეჩვეული და უფანტაზიოა,

 როგორც ჩემი გუგულიანი კედლის საათი.

 ამ სიზმრების ტემპერატურა ცელსიუსობით არ იზომება...

 ჩემი დაღლილი ძმის მტკივნეული ცახცახი მაიძულებს

 მტრედისფერი სხეულის ყველა გაღებული ფანჯარა

 საგულდაგულოდ დავგმანო,

 ჩემი ხელების მუდმივი სიგრილე

 ოფლით გატკეპნილ და ოფლადვე ამეტყველებულ შუბლს

 წყაროსავით არ დავაფინო,

 ჩარაზულ სხეულსაც კი უსირცხვილოდ გავეპარო

 და ცოდვიანი ნემსებით ჩაზნექილ და დაჩხვლეტილ მიწას

 ფრჩხილები მივამტვრიო,-

 მარადი წყარო გამიბოროტდა და

 სისხლის სიცხიანი გახსენებით

 აიყვავა კეთილი სიგრილე.

 

 ღმერთო,

 დაიფარე შენი მწყურვალი შვილი!

 ვენებით შეხვრეპილი ხელოვნური ზეცა

 შემოაფხრიწე

 და ხელში ქარვისფარად ანთებული შვილი

 სანთელივით დააჭერინე.

 

 ღმერთო,

 ხორცი მტკივა,

 სისხლიც მტკივა,ღმერთო

 და დედაც:

 კენჭებადღა ჩხარუნობს.

 ეგ კენჭები ზღვის ნაპირას დატოვე,

 დედა

 და წვნიანი მოგვიმზადე,

 შენი გადახუნებული სითბოთი დაგვაპურე:

 საბნად დამზრალი მიწის სიშავე გვახურავს

 და ზამთარი სწავლობს ჩვენს ანატომიას.

 

 

 

 მაინც რა არის თებერვალი,-

 უჰორიზონტო კონტრასტი,

 ყინვით დაკორკოშებულ სუდარაზე

 მოულოდნელ ღიმილს რომ მიგაბნევინებს,

 შვების გაურკვეველ ბგერებს რომ ამოგათქმევინებს,

 შეიძლება,

 ბალახისფერი საღებავით გადაიღებო დაკოჟრილი ტანი

 და მზე ერთადერთი ბრდღვიალა ნაყოფივით მიიბა კენწეროზე.

 არადა,ისე მყარად დგახარ მიწის სტანდარტულ სიშავეში,

 როგორც დიაბეტი ბებიაჩემის ჩამტკბარ სხეულში.

 ეს სიტკბო ვერც კილოგრამობით

 მარილმა ჩააქრო

 და ვერც მილიონობით პატარა ტაბლეტმა

 ჭამის წინ თუ ჭამის შემდეგ,-

 ისევ ყოვლისშემძლე მიწა!

 

 ღმერთო,

 დაიფარე შენი ნარკომანი შვილი!

 დედა დაასიზმრე,

 დედის ლოცვებში რომ დევს სანიშნივით,

 ფურცელივით რომ გასდის შუქი

 და ჯერ მოუმზადებელი წვნიანიც კი უცივდება.

 

 ქარვისფერი შვილი დაასიზმრე,

 რომელმაც თათოებიც კი გადაიტყავა

 უცნაურად კუთხოვანი სიტყვების წარმოთქმისას

 და მამას:

 ერთი წამით სიზმრიდან ამოყვინთულს,

 ორ წელში საუკუნესავით დაბერებულს,

 ყველა ხმოვანს მიჰკივის

 და რამდენიმე პ.ს.-ს უტოვებს.

 

 ღმერთო,

 შენ თუ გინდა,

 ერთი პ.ს. დაუტოვე,

 ოღონდ ნამდვილი ზეცა მიეცი საწერად.

 ნუთუ არცერთი მადლი,

 თუნდაც ქვაზე დაუდებელი,

 არ გეგულება ჩემი ძმის მხსნელად...

 

 

 

 ნეტავ ეს უცნაური სირუხე

 რომელ მგელს მოჰყვა,

 ისე ავად მიღრენს,

 უკან დავიხიე,

 საკუთარი თავი ამოვიტყავე,

 მკვდარი ზღვის სიმლაშე და

 საუკუნეების წინ დაყვავილებული მეწამული

 კოცონად დავინთე,-

 როგორი ძნელია ნაცრისფერის დარბილება,

 უმალ კაქტუსს მოითვინიერებ

 და უდაბნოს მოურჩენელ სიმშრალეში

 მდინარეებს ამოფხაჭნი...

 

 ღმერთო,

 დაიფარე შენი დამდნარი ძე!

 აჰა,მადლიც,

 ქვაზე კი არა,

 ჩემს კალთაში ქარვისფრად მიყუჩებული

 ძმისშვილი ჩემი!.

 

ერთი უბრალო, არამელოდიური სიმღერა

 

 

 

 

 

 

დილიდან ჩემს სახმო სიმებზე

 ერთ არამელოდიურ სიმღერას ვუკრავ.

 ყოველ ამონთხეულ აკორდში ან

 ღვინის სისხლსავსე სიწითლე გიზგიზებს

 ან მაცოცხლებელი პურის გემო.

 ეს არ არის წმინდა ზიარება,-

 შენი ვენახი და შენი ჯეჯილია,

 რომელიც თუ აბრეშუმის ხაზგასმულ

 სიმწვანედ არ დაედო

 ჩემი სხეულის მტკივან უდაბნოს,

 ე.ი.

 

ვმარხულობ და

 ატალღებული აბრეშუმიც კი

 აკრძალული ძღომაა.

 

 ჩემო მრავალწერტილო,

 რომელი კალმახის ქვირითი ხარ,-

 ზღვა აღარ ჰყოფნით სათევზაოდ

 და ლამისაა, ცასაც შეაწვდიან

 ჭიაყელიანი ანკესები,

 რომლებიც მთელი ძალით თუ გამოსწიეს,

 ვინ იცის, იქნებ დედა კალმახიც გამოჰყვეს

 და ობლის გამოუმცხვარი კვერიც დაგვაყვედრონ.

 

 ჩემო მრავალწერტილო,

 ჩემო ვენახო

 და ჩემო ჯეჯილო,

 ეს არამელოდიური სიმღერა მაპატიე,-

 შენთან სიკვდილიც მელოდიაა

 და მე კი, შენი მზე, გაუგებრად ახალგაზრდა,

 ჩემი ბგერის მწვერვალამდე ვერ ავიყვანე.

 აქ:

 დედიკოს საალერსო სიტყვებში,

 ჩემს თმებში, რითმის ნაწნავივით

 კოშკიდან ჩამოშვებულში,

 ჩემს ნედლ და რძისფერ საქმროში,

 რომლის თეთრ რაშსაც სიყვარულის საწვავი

 შუა გზაში შემოელია,-

 ჩემი მრავალჟამიერით

 ვუშენებ ბუდეს

 და სიმყარისათვის

 ჩემს გულისფეთქვას, მტკივნეულს და უთანაბროს,

 საძირკვლად ვუდებ!

 ჩემი ძარღვების ხელშესახებ ელასტიურობას,

 რომელიც ყოველწამს მაგრძნობინებს,

 რომ მართლა თიხის დოქი და

 ხავსიანი ლოდი კი არა,

 ერთი ოქროსგულიანი კაცის,

 ყველაზე დიიდი ოსტატის ქმნილება ვარ,

 სისხლ-ხორციანი,

 საძირკვლად ვუდებ!

 ჩემი კანიდან,

 ხავერდივით მინდვრიდან

 ამოყვავებულ გვირილებს

 საძირკვლად ვუდებ,

 საძირკვლად ვუდებ,

 საძირკვლად ვუდებ!

 

 შენს დაძარღვულ სხეულზე პატარა ბორცვიც კი

 მყინვარწვერობს

 და სხეულში სიმაღლის ჭიანჭველებს მიფორიაქებს,

 რომლებიც ძალიან თუ შემოგიჩნდნენ,

 ბრიალა ნაკბენები ყოველ უჯრედზე

 გაიდგამს ფესვებს

 და მერე ვერც არამელოდიური სიმღერით დაიამებ

 წითელ ნაკბენებად ამობურცულ სიმაღლეს

 და ვერც რიტმის ჰორიზონტით.

 

 ჩემო ყველაზე ხანგძლივო მირაჟო,

 შენ როცა გინდა, დამამთავრე,

 როგორც გინდა,ისე დამამთავრე,

 ოღონდაც ყოველ წამს ნუ მაგრძნობინებ

 ამ ერთადერთი,

 ჩვენზე დედასავით გადმომხობილი ზეცის ტკივილს.

 

 2007 წ..

 

კარამელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გგონია, მივიწყებული ნაცნობი ვარ: დღესაც

 

შენთან ერთად გავიღვიძე. თვალები მოცვია და

 

თმა მიცოცავს ჩემი ყველა სიზმრის სარკმლებიდან.

 

ცხადში კი მეგონა შენი ტანი, სავარაუდოდ, კარამელი:

 

 

 

 

 

ყველა საკონდიტრო მოვიარე, დავათვალიერე

 

თაროები: არსადაც არა ხარ, ვოლიერებს

 

მიმზადებ შორეულ ქვეყნებიდან და რამდენიმე მაგისტრალი

 

შოლტია, ჩემს ბილიკებზე მოტრიალდა.

 

 

 

ბილიკებზე გაჩნდა შუქნიშნები, სულ ყველა

 

წითელზე გავიარე, წინ კი შენი კაბის ალყებია.

 

ერთხელ მზერა მაინც დამიფინე, ხახვის ფურცლებივით

 

გამოვყვები. სახეზე ფერის ცვალებაა:

 

 

 

 

 

რამდენნაირი მზე გადაგდის, მე კი შენი

 

ჩრდილი ვიმყოფინე: ზამთარში თხელი კაშნეა და

 

ზაფხულში მის ქვეშ ვერ ჩამოჯდები: მწყურვალმა

 

შენი წყარო შევსვი,-  სავსე ზღაპრული  ჯადოებით.

 

 

 

2009წ. ივნისი

 

 

კინოცხოვრება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამწყები რეჟისორი- წასვლა

 

 

 

 

 

ბილიკ- ბილიკ აღარ წავედი:

 

ნაწვიმარია, მიწა ამყვება,

 

მაიძულებს, საგზალი იყოს

 

ან- ეტიკეტი.

 

“მიცუბიში ეკლიპსია” ჩემი ეტიკეტი.

 

გადავსერე ავტოსტრადები:

 

მძიმე წინაპრებს

 

ნეტა რომელი ბალახების მისამღერი შემოგაჩეჩებს,-

 

ისე მარტივად მისრიალებ.

 

 

 

არ დავბრუნდები,

 

როცა მოფრინავენ მერცხლები

 

და მოაქვთ

 

ბასრი კუდებით გადაჭრილი ყველა ცის ძაფი:

 

შენ თუ ნატვრის ხე გეგონება

 

ეს უნებური კოსმოპოლიტიზმი,

 

დაივიწყე დროშის ფერები,

 

შენც კარგად იცი,

 

რომ ახალი ცა თეთრ- წითელია

 

და არცერთ მარტივ ანაგრამის ნებას არ მოგცემს

 

დასასრულამდე:

 

მერე ყველა ცა სულერთი ხდება.

 

 

 

შეგახსენე ძველი ამბები,

 

ახალი კი ჩემი არასდროსდაბრუნებაა

 

მანდაურ ძველ ალქიმიაში

 

სამი მისტიკით:

 

ენით,

 

მამულით,

 

სარწმუნოებით.

 

 

 

ყველა პრეზიდენტი დიდი ალქიმიკოსია.

 

ყველა მოქალაქე დიდი ალქიმიკოსია.

 

 

 

 

 

 

 

 კუშტურიცა- დაბრუნება

 

 

 

(როგორც სჩვევია: მთავარი გმირი ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაივლის, მერე უკან გადმოივლის, აუცილებლად ბრეგოვიჩის მუსიკის ფონზე)

 

 

 

 

 

ბილიკ- ბილიკ დაბრუნდები

 

ბილიკ- ბილიკ დაბრუნდები

 

ბილიკ- ბილიკ დაბრუნდები

 

 

 

არწაღებული საგზლის სამაგიეროა

 

ეგ ფეხშიშველა სიარული

 

 

 

ცივ ღამეებში იფიქრებ რომ:

 

ყველა ვარსკვლავი შორი მზეა და

 

ყველა შორი მზე ხომ მაინც მზეა და

 

ამდენი მზის ქვეშ

 

უხერხულია რომ გციოდეს

 

 

 

დილით ახლო მზე დაგავიწყებს

 

ნამიან ბალახს და

 

მძიმე ტერფებს:

 

შენი ტერფებია შენი ეტიკეტი

 

 

 

შებინდებისას გამოჩნდები:

 

აქ ყველა კიბე მორყეულია

 

და ელოდება მაგ ნაბიჯების ალქიმიას-

 

მიდი

 

ჭრაჭუნის არ შეგეშინდეს-

 

შენი არყოფნის ამბებია

 

რწმენით მორჩება

 

 

 

ოთახის ჭერი-

 

იატაკამდე

 

ხოხვა- ხოხვით უნდა შეხვიდე:

 

შენ გაიზარდე

 

ყველა ნივთი დაპატარავდა

 

 

 

ყველა მოქალაქე დიდი ალქიმიკოსია

 

 

 

 

 

 

 

ტარანტინო- ბახ! ბახ! ბახ!

 

 

 

(განსხვავება- არცერთი სიკვდილი. დიახაც. მაგრამ მაინც- ბახ! ბახ! აბა, სიყვარულით როგორ არ უნდა დაასრულო)

 

 

 

ჩემი ცხოვრების

 

არცერთ კედელს

 

ყურები არ აქვს

 

ყრუა ჩემი სახლი

 

და ტიტველი:

 

არც შპალერი აცვია

 

არც ხმები

 

არც ჩრდილები

 

ავანგარდი:

 

ჩამოცვენილი ბათქაში

 

 

 

თექვსმეტსართულიანი კორპუსის სარდაფია

 

ჩემი სახლი

 

აწვება თექვსმეტი სართული

 

აწვება თექვსმეტი სართული

 

და ტკიოდეს მაინც

 

ან მაისურაძეების ან გელოვანების

 

ან სულაც პატარაიების პირველი

 

მეორე

 

მეთხუთმეტე

 

თუ კაცმა არ იცის

 

რომელი სართული

 

 

 

ყრუა ბრმაა

 

ტიტველი

 

არაცნობისმოყვარე

 

ბნელი და

 

მდორე ჩემი სარდაფი

 

 

 

ოოო სტუმრები ჰყავს

 

ჩემს სახლს:

 

ერთ კუთხეში სიღარიბე

 

მეორეშიც სიღარიბე

 

მესამეშიც სიღარიბე

 

მეოთხეშიც სიღარიბე

 

ოთხივე სიღარიბე სიმღერ- სიმღერით

 

აშენებს გოდოლს ჰორიზონტალურს

 

არ აქვთ ამბიცია: ‘ცამდე’

 

არამედ- სალომედან

 

სალომემდე

 

 

 

სხვადასხვანაირო სიღარიბეებო

 

სიყვარულის

 

სიკეთის

 

მორჩილებისა

 

და გაზაფხულის სიღარიბეებო

 

არ მოდის ცხვარი

 

თავისი ბატკნით

 

ყველით და

 

მატყლით

 

მაგრამ ერთმა კედელმა

 

უკვე იგრძნო დათა ჯაფარიძე

 

 

 

გაჩნდა დათა ჯაფარიძის ჩრდილი

 

და სახლს თვალები აეხილა

 

და შეიმოსა

 

გაჩნდა დათა ჯაფარიძის  ნაბიჯები

 

და სახლს სმენა დაუბრუნდა

 

და ჰა: სახლს შეუყვარდა დათა ჯაფარიძე

 

 

 

დიდი ალქიმიკოსია დათა ჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

2009 წ.

 

ნაღებივითაა დედიკოს ნაღველი

 

 

 

 

 

 

დედიკო,

 ნაღებივითაა შენი ნაღველი

 და ღიმილიდან ამოყვავებული ნაოჭებით გვამხელ,-

 აჰა,

 ჩემს გამხდარ სხეულს გადებ სალბუნად.

 

 

 

 ნუ გვდარდობ,-

 თიკოს ბაობაბი ამოეზარდა სხეულიდან

 და დღეში რამდენჯერმე საკუთარი რძით რწყავს.

 თიკოს რაქიტის ეშინია,-

 მზიან ამინდებს ხელის კანკალით აღვრის ბაობაბს,

 უმზეობაში ფორთოხლებიდან გადმოგორებული ნარინჯებიც ჰყოფნის...

 თიკომ არ იცის,

 სავსე სხეული წლების შემდეგ

 ერთბაშად რომ დაეცლება,-

 ბაობაბი სხვა ნიადაგში რომ გაიდგამს ფესვებს,

 სხვა მზით,სხვა ჰაერით რომ გამოიკვებავს ხორციან ღეროს...

 თიკოში კი,თიხის ცარიელ ქოთანში,

 ქმრის სურვილით ახალი,თოთო მცენარე თუ ჩაირგვება,

 თიკო კაქტუსს შეისახლებს

 და თანდათან შეიჩვევს მწვავე ჩხვლეტებს,

 ბოლო ჩხვლეტა,

 ბოლო წერტილი

 რომ გაიუტკივაროს.

 

 დედიკო,შენს ნაღებივით ნაღველში

 დაკარგული ნავივით ტივტივებს ზაზა,-

 ის თომამდე და თომას შემდეგ აითვლება,

 მან თომა უმანძილო სირუხეს გამოსტაცა

 და ზეცა მოახურა

 გულის მხარეს მზით,ყვითელი ნაკრტენით.

 მზისფერია თომა,

 ჩვენ ყოველ წამს მისი თვალების

 მოხასხასე კორდზე ვისვენებთ

 და იმდენ სითბოს ვაგზავნით ცაში,

 თანდათანობით მზე იზოგავს ცუდ ამინდებში...

 

 ნუ მდარდობ,დედა,

 შენგან მემკვიდრეობით მიღებული სეზონური ალერგიებიც

 კი მათბუნებს,

 სვენებ-სვენებით მოვდივარ შენამდე

 და ყოველი წელი

 შენს მიერ გამოვლილ გზაჯვარედინებს მაახლოებს...

 

 

 შენ რომ დამბადე,

 ქუჩებს თვალები სტკიოდათ უსასრულო სითეთრით

 და სიცივე სხეულებად დათარეშობდა დამზრალ მიწაზე.

 დავიბადე ჭუჭყისა და სიკვდილის ქვეყანაში,

 სადაც მეეზოვეები გვიან სინდისს

 და გულგრილად ყრიან სანაგვე ურნაში.

 მე კი,ნედლმა და უსუსურმა,

 ვერაფერი ვუშველე ქონმოდებული სახეების

 მსუყე ელვარებას,

 ვერც ნაწიბურებს შუბლის უხილავ ძარღვზე,-

 ტალახიან მდინარეში პილატესავით ხელები ჩავიბანე...

 და მას შემდეგ დეპრესიები უხეშად მიკვეთს

 ჰორიზონტის მუქ-ლურჯი ხაზს.

 

 დედა,

 დაივიწყე ჩემი დეპრესიები,

 ჩემი ვერგაბედილი თვითმკვლელობები,-

 ახლა ოთახის ყვავილების გამრავლებას მივყავი ხელი

 და მზეშეხვრეპილი სხეულებით ყოველდღე

 კავკასიური ცალნეკნა მზისთვის ვაცეკვებ სამბას.

 

 შენი დარდები მომათიბინე,დედა,

 მაგრამ ნამგალი რაზე გავლესო,

 ერთი ნათელი ფერიც ვერ მიპოვია...

 თუ გინდა,

 ჩემს გამხდარ სხეულს დაგადებ სალბუნად.

 

 

 

 მამაზე იდარდე,დე,-

 დაიღალა საცალფეხო ბილიკებით,

 რომლებიც შარაზე ვერ გაიყვანს.

 დაიღალა ბუდეების შენებით,-

 ჩვენს ბუდეებს ხომ მხოლოდ ტალახი და თივა არ ჰყოფნის...

 მამიკოს მუქი კანიდან

 ხანდახან კვამლის ქულებიც გამოდის

 და მეშინია,

 არაქნეფობიაზე ყოვლისმომცველია

 ეს ბავშვობისდროინდელი შიში,-

 ერთხელაც სიგარეტის კოლოფში არ ვიპოვო მამა-

 გაქვავებული,მხოლოდ ცეცხლის მოკიდების შემდეგ

 დროებით ამეტყველებული.

 

 არ გვიდარდო,დე,

 ჩვენ ყველამ მოვძებნეთ საკუთარი ნიადაგი,

 ერთი ეგ არის,

 ჩემს ნიადაგს ვერ ვანოყივრებ,

 შენში დამრჩა ჯერ კიდევ თოთო ფესვები

 და იქნებ ამიტომაც ვარ ასეთი გამხდარი..

 

ოჯახი

 

 

 

 

 

 

საუზმედ-

 ყავა,

 რომლითაც მე უნივერსიტეტს ვიხსენებ

 და ვივიწყებ

 ჩემი დეცენტრალიზებული სხეულით

 ნაწინასწარმეტყველევ შვილს:

 ლექციებზე ორარსებად ყოფნა

 საშინლად არაკომფორტულია.

 

 საუზმედ-

 ჩემი ქმარი,

 რომელსაც ჩემგან დეფისითაც

 ვეღარ გამოვყოფ,

 მეორე ხაზზეც ვერ გადამაქვს,

 წინ კი ფრონტის ხაზია,

 სადაც ის ჩემს წარმოსახვით საქმროებს

 ებრძვის

 და მხოლოდ ჩემი სისხლი იღვრება.

 

 საუზმედ-

 ჩაი,

 რომლის გასამუქებლად ჩემი ქმარი

 ჭიქაში თვალებს ჩამაკიდინებს ხოლმე,

 მე კი იქიდან მხოლოდ ერთი სიტყვა

 ამომაქვს:

 არაკეთილხმოვანი ,,იურისპრუდენცია’’,

 რომელსაც ჩემი ქმარი თუ წარმოთქვამს,

 უფრო მელოდიური ხდება.

 

 საუზმედ-

 მე,

 ჩემი ქმარი მე უნდა გავათენო.

 მის მოშუადღევებას კი იმ

 არაკეთილხმოვან სიტყვას ვანდობ.

 

 სადილად-

 უნივერსიტეტი,

 რომელიც ჩემს ამბიციებს ხანდახან

 გვერდს ვერ უვლის

 და შეჯახებისას

 რომელიმე კედელი ოდნავ თუ წამოსტკივდება.

 მე კი,

 შუბლით მიწას დანარცხებულს,

 გაუსაძლისად მტკივა ჩემი

 დეცენტრალიზებული სხეული,

 რომლის თვითმმართველიც ჩემი მომავალი შვილია.

 

 ამ დროს ჩემი ქმარი ალბათ უკვე მოშუადღევებულია

 და სადილად რამდენიმე კანონს მიირთმევს.

 

 ვახშმად-

 ტრადიციულად, ერთმანეთი.

 დესერტად კი ჩემი ქმრის ნატურმორტი

 და ჩემი ლექსი

 ძველისძველი თემით ,,ოჯახი’’.

 

 2007 წ..

 

ტომ

 

 

 

 

 

 

ხო იცი,ტომ,გუშინ საკუთარი გული

 ჩავაგდე მდუღარეში,გამოვხარშე,ტომ

 და თოკზე გავკიდე,-

 ლამის გადამავიწყდი სუფთაგულიანს!

 მერე ბევრი გიფიქრე,მარტი გადავივიწყე

 და აპრილობანა ვითამაშე,-

 ჩემ თავს ვეთამაშე,ტომ!

 ვითომ-ვითომ ზოოპარკშიც ვიყავით

 და ლომები,ბოროტი ლომები დავხოცეთ

 და ერთი პატარა გოგო გადავარჩინეთ

 და მერე ბამბის ნაყინიც ვიყიდეთ

 და სიცილის ოთახშიც ვიყავით

 და ბევრიც ვიცინეთ!

 ჩემო ბრჭყვიალა ტომ,მომეცი შენი თათო,

 რომ ვილოცო,-

 სულით,გულით,სხეულით ვილოცო

 და ვუთხრა უფალს:

 აი,ტომის თათო,აი ჩემი ხელიც,

 აჰა,ჩვენი გულები და უფალო,უფალო,

 არ მოგვაკლო მზე(ეგ ბებერი ეგა),

 არავის დართო ნება,

 გვასწავლოს ორჯერ ორის ოთხობა,

 და მადლობა,უფალო,ჩემო დარდიანო უფალო,

 ჩვენთვის რომ მოიცალე

 და მზისფერი თომა გვაპოვნინე

 კომბოსტოს ფოთლებში!

 

 ...

 ეს ქალაქი თავისი მფეთქავი პულსით,

 უთანაბრო,ანჩხლი,ნერვული პულსით,

 შიგ გულში მირტყამს,შოლტივით მიტყლაშუნებს

 გრძელ ქუჩებს

 და აკივლებული მანქანები

 ძარღვებში მიგრიალებენ სისხლის მაგივრად-

 ამ ქალაქს,გადარეულს,

 არ დაანებო ჩემი ლითონადქცევა...

 სუ ტყუილები ვართ,ტომ,

 ბალახის სიმწვანე გვჭირდება

 რო გავნამდვილდეთ,

 კიდე-სოფლის მყუდრო სახლი,

 წითელკრამიტიანი...

 

 

 

 ...

 და ტომ,ჩემო ბრჭყვიალა ტომ,

 მომეცი შენი თათო

 და ვილოცოთ,ტომ!.

 

შუშის ბავშვი

 

 

 

 

 

 

მე ვარ სალომეა,- არა ვცეკვავ, მუხლებზე მიდევს თავი იოქანანის და ვტირი. უდაბნოს მიუყვება ქარავანი. ჰო, სინანულის ქარავანი ვარ, არ გამძარცვავენ მაინც.

 

ბეთსაიდა ვარ, უფლის რისხვას ვერ ავიცილებ, ვიცი. ბედსაც არსაიდან ველი, ირგვლივ უდაბნოა მხოლოდ, დიუნებით და ბარხანებით და დუნე სიცილი გადადის ხარხარში: ხერხეულიძეთ ძვლები ხერხეთო? –ხე, ხე, ხე, ხე-ო! მე ვარ მთვარე, ფეხმძიმე ქალი, ამაღამ ლექსში, უფასო პალატაში ვიმშობიარებ. ტაში და ოვაცია აქ უადგილოა. ო, არა, მაცვია პერანგი დასვრილი, მაგრამ ეგ ჯანდაბას, ჩვილს უნდა ჩავაცვა პერანგი ნაქარგი მძიმე-ტირეებით: არ იტირო, ჩემო პატარა. მე მთვარე ვარ, სქოლიოზიანი. ისე მორკალული, როგორც მეათეკლასელი ბავშვი, პირველიდან მეათემდე ერთ მერხზე რო ზის. ზერო ვარ, ნული.

 

მზეც რო ვარ, მიკვირს. მზე ვარ ნატვრამოცელილი. ენის ქვეშ მიდევს ღრუბელი, ნიტროგლიცერინი და მეჩვენება რო ცა გახუნდა, რადგან მოლა ახუნდი გაიხადა მოძღვრად. ცა ვარ ღრუბლებით, ხინკლებით სავსე თეთრი თასებით, ნაშუადღევს რომ მომასუფთავეს მზის დამშეულმა, ცელქმა სხივებმა და შეუმჩნევლად, როგორც ხვლიკები, გაინაბნენ მოთენთილ მოლზე და როცა წვიმა, ანბანი მორზეს, აწკაპუნდა, წამოხტნენ წამსვე. საღამოხანს კი სიმსივნესავით გახშირდა წვიმა. ჩემი ღრუბლები, თეთრი თასები, გადაიქცნენ მეტასტაზებად. დრო ვარ, სუნი მდის ნაგვის და შლამის და ხაშლამისაც.

 

ერთი გროშია ჩემი ფასი, გოშია ვარ წარსულის და მომავლის ცერბერი. ერი და ბერი დავაცილე, ვერ შევაერთე და ძიებსაც დავავიწყე ღმერთის ძიება. ჩაკეტილი ვარ ოთახში და კვენტინივით საათს ვამსხვრევ, დრო რო გავაჩერო. მტკივა მენჯი, ბავშვობაში ამოვარდნილი და თუმცა ეშმაკი არ მიზის სულში, ალბათ მაინც სიკეთის სიმცირის გამო, ნარგიზის მოწყვეტისათვის ვსჯი ბენჯის. მე ვარ ის, ვინც ბავშვობაშივე გენიოსად შერაცხეს, ცაში აისროლეს, რომ მერე ენახათ, როგორ ვენარცხები მიწაზე და ვიმსხვრევი შუშის ბავშვივით.

 

 2006 წ..

 

 

ჩემი ფიზიკური გეოგრაფია

 

 

 

 

 

 

ჩემს მიუდგომელ რელიეფს

 უწყვეტი წყალგამყოფი ქედი გასდევს,

 რომლის გაღმითაც და გამოღმითაც

 აგერ უკვე ერთი წელია

 დგახარ შენ

 და თევზაობ

 ლურჯი კაპილარებიდან გადმოხეთქილ

 წითელ მდინარეებში,

 სათევზაო ადგილებს ინტუიციით აგნებ ,

 რადგან სისხლი და ხორცი ჩემი, წითელი,

 დედის მუცელშივე ყვითელმიწა ნიადაგმა

 გადაფარა.

 გულითაც რომ გინდოდეს,

 ვერასოდეს გაივაკებ,-

 ხელის თხელ მტევნებს შუქი კი გასდის,

 მაგრამ ხელისგულები ნამდვილად

 ჩემი მთაგორიანობის ნიშანია.

 

 როგორ გაგიჭირდა აკლიმატიზაცია!

 შენი ნოტიო სუბტრიპიკულით

 მშრალი კონტინენტური ჰავა

 ვერაფრით დამირბილე და

 ელი ეროზიას,როგორც ხსნას,

 რომელიც ჯერ ზღვის დონემდე

 ჩამომავაკებს და

 მერე იქნებ უმოკლესი მანძილიც

 მაპოვნინოს შენამდე,

 რომელიც კუჭზე კი არა,

 ჩვენი თვალების ჩაშაქრებულ თეთრონებზე

 გადის.

 

 მაგრამ ჩემი მთაგორიანი ბუნების გამო

 ყველაზე დიდი მეწყერიც ვერ მახედებს ქვევით,

 ვულკანური წარმოშობის გულით ვგრძნობ დაბლობს

 და თმებით,რომლის სიგრძეც,

 ზრდის რთული ტრაექტორიის გათვალისწინებით,

 ათი ათასობით კმ-ს აღწევს.

 

 ხანდახან ზეცის სიმძიმე მაინც

 მახედებს ქვევით,

 ქვევით,

 სადაც გხედავ შენ,

 ალპინიზმით შეპყრობოლს

 და იდეით,

 რომ სიმაღლე ჩემი

 არის შეცდომა დედიკო-ნიადაგის,

 მე კი,

 ისევ ჩემი მთაგორიანი ბუნების წყალობით,

 გპატიობ ყველაზე დიდ შეცდომას და

 ჩემი დაპყრობის რწმენას გინერგავ.

 

 

 

 ჩემს მიუდგომელ რელიეფს

 უწყვეტი წყალგამყოფი ქედი გასდევს,

 რომლის გაღმითაც და გამოღმითაც

 დგახარ შენ....

 

ჩიტისთვალა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხანდახან დედებს ზედმეტი მოსდით: 

 

როგორც ჩაიდნებს, ჩვენც სულ გვხეხენ

 

ძმრითა და სოდით,

 

რომ ვიკრიალოთ (უკუნითი უკუნისამდე).

 

თუმცა ასაკი ჩაიდნების მათ ასაკს  უდრის,-

 

ეშინიათ თეთრი ნალექის

 

(ჰო, მშიშრები ვართ, ალბათ, ქალები).

 

 

 

სოდა იქით და მამაჩემის “სდექსა

 

და სწორდის”ასაკი ჩვენი უკვე აღარ ემორჩილება,

 

ისევე, როგორც ნაოჭი დედის ანდა ბებიის

 

“ლანკომას” პუდრებს, წლების წინანდელს,-

 

ვერ ავუსრულეთ გულისწადილი სულ ბავშვები ვყოფილიყავით,

 

ფოჩიანი კაკა გვეჭამა,

 

ყოფილიყვნენ წყნარად და მშვიდად.

 

 

 

ყველაფერი ასე დაიწყო, ჯერ მსუბუქად,

 

გულის კანკალით: ჩვენ გავიზარდეთ.

 

და ის ფაქტი, რომ დაგვინახეს ბიჭის ბეჭის ქვეშ,

 

ანდა, თუნდაც მიახლოებით,

 

უდრიდა ინფარქტს, ჰო, ასევე მიახლოებით.

 

 

 

 

 

ჩვენ, გოგონები, გავთხოვდებით და ბიჭები,

 

სავარაუდოდ,

 

მოიყვანენ ცოლებს ტანკენარს.

 

მერე ამ კერას პატარები ზუსტად ისე ააყვავებენ,

 

როგორც ის ვარდი,

 

ასკუნწულა, აყოლილი ნაცრისფერ კედლებს.

 

და მაშინ გეტყვით, ჩვენ თვითონ გეტყვით:

 

“დე, კედელი დაიბზარა” და “მამ,

 

შევლესოთ”.

 

 

 

ან: ”დე, მამ, გუშინ გულში ხიჭვი შემესო,-

 

ამომაცალეთ, როგორც ოდესღაც- თოთო თითიდან”.

 

ისე, ავთვალა მეზობლებმა მაგრად

 

მიჰქარეს:

 

და იმ ქარებს, სულს დროდადრო რომ აგვიწეწავს,

 

ვერც “ის გოგო” და ვერც “ის ბიჭი”

 

თქვენებურად ვერ დაგვივარცხნის.

 

 

 

აფცხი!- გავცივდით. ბებიაჩემი ძმრიან წინდას

 

გვთავაზობს ისევ და დედაჩემის ირონია:

 

“წვიმიანი პაემნიდან მობრძანდა გოგო”

 

უფრო მწარეა, ვიდრე წამალი,

 

ბავშვობაში სულ რომ ვარწყევდი.

 

 

 

დედ, მამ, ხანდახან არ გეჩვენებათ,

 

რომ კდემა- ფარსი მრუშის კალთის ქვეშ

 

ისე ასცდა პატიოსნებას, როგორც წლების წინ

 

ჩემი და... და მათემატიკა.

 

 

 

მამა, მტკიოდა, ახლაც მტკივა,

 

რა თქმა უნდა, მუხლებთან ერთად,

 

ბავშვობაში ვერნაყიდი მარწყვის ნაყინი

 

და ვერნაყიდი პლუშის თოჯინა.

 

 

 

დე, გუშინ შეცდი, პაემანი სულ არ მქონია,

 

ისე, უბრალოდ, უნდობლობა ამოვახველე

 

და ახლა მზად ვარ, გაკვეთილი უნდა მოგიყვეთ!

 

ამ ხელებს ახლაც ვერაფერი ვერ მოვუხერხე

 

და როგორც მაშინ, ბოტანიკის ჩაბარებისას,

 

სათაური გადამავიწყდა და თქვენ არ მენდეთ:

 

დედ, მამ, მითხარით,

 

ახლა მითხარით,

 

ახლა, როდესაც უნდობლობას კანში ვეღარ ვტევთ:

 

მნიშვნელოვანი რომ უფროა ფუტკრები სკაში.

 

 

 

გაგვაკრიალეთ, გაგვეხეხეთ კიდევ,

 

თითქოს ზურგებზე ასკუნწულა ვარდი გვიყვავის

 

და ქალწული მზე ცაზე ალმად გამოგვიკიდეთ.

 

 

 

P.შ. გუშინ ქუჩაში მივდიოდით და გვეცვა

 

ჯინსი. ცოდვას გაგიმხელთ, ზოგიერთებს გვიჩანდა ჭიპიც

 

და ასე ჩანდა,

 

თითქოს დარდი გვქონდა არაფრის,-

 

ჩვენ ვიცინოდით.

 

ბიძამ ჯიპიდან, ღიპმა და ქონმა, ავგეას თავლამ

 

სულ გვაგინა ჯილაგი, ჯიში.

 

მერე ვტიროდი და ბებიამ:

 

ჭიპი ისე გიყვავის, ბებო,

 

თითქოს პატარა ჩიტისთვალაა.

 

 

 

2011 წ.

 

 

ხანმოკლე

 

 

 

 

 

 

"ისეთი უცხო ვარ

 ჩემი ბავშვობის ქალაქში,

 რომ ვერცერთი ძაღლი ვეღარ მცნობს",

 ირგვლივ მთვლემარე ჭადრები მინთია

 უკურნებელ ალერგიებად,

 რომლებსაც დედამ ოდესღაც

 შეცდომით უყიდა წითელი სამოსელი

 და იმხელა სასოწარკვეთით უმღერა

 ყველაზე მხიარული სიმღერა,

 თვალწინ ანტარქტიდის მკაცრი სითეთრე ავიფარე,

 ჩემი მოგიზგიზე კოცონი

 გამოგონილ ყინულებში შევინახე

 და ისე მტკივნეულად დავზამთრდი,

 მწიფე მეტაფორები დამზრალ მიწას დაეფინა

 და თვალებში ჩაშენებული ფიჭა ჩამენგრა:

 ჩემი ფუტკრები იკბინებიან მხოლოდ,

 წამწამებს ყვავილების უნაყოფო მტვერს აყრიან,

 რომლიდანაც ოდესმე შეიძლება

 ზაფხულის ცხელი სიზმრები და

 წყაროს კეთილი სიგრილე ამოიზარდოს.

 

 დროებითი ვარ ჩემი ბავშვობის ქალაქში,

 თმაც კი ბალახივით ამიძოვეს ბოლომძოვარებმა,-

 კირით მაინც შემათეთრეთ!

 ისეთი რეალურია უდაბნოს გახსენება,

 მუხლამდე წყალში ვდგავარ და

 შიშველი ტერფები ვერაფრით დავიფესვიანე.

 ტყის მაძღარი და შავ-შავი მიწა მჭირდება,

 ნეშომპალათი პირთამდე სავსე,

 რომელსაც ვიტამინების კომპლექსი თუ დავუმატე,

 იქნებ ჩემგანაც გამოდნეს რამე.

 

 მაინც რა უცებ დამემშა ნიადაგი!..

 

 

 ჩემი სახლის საძირკველი ფეხქვეშ მეცლება,

 აივნებიდან მივიწყებული მეზობლები

 ტალახსა და ფუნას მესვრიან

 ("სიბინძურეში ამაღლების საშუალება

 უფრო არსებობს"...),

 ყველაზე მართალ ლექსებს მაყვედრიან,

 ჭორ-მართალს ბურთივით ესვრიან ერთმანეთს.

 მე კი თვალებიდან ნება-ნება ვიძრობ დირეებს,

 არად,ისე მტკივა საკუთარი თავი,

 გული კეფამდე ამივიდა და

 მზისფერი თომა გამიფრინდა...

 

 დროებითი ვარ,

 მოდი,ჩემს ხასხასა დროშას

 ყველა ხმოვნისაგან შემდგარი ჰიმნი დაუმატე

 და ერთი კვირით მაინც გამახანგრძლივე,

 თორემ ხომ ხედავ,

 ჭია-ღუები გამითავხედდნენ

 და მკერდში ტკივილის ლითონს მიღვრიან,

 აღარც სიმაღლეებს მიტოვებენ:

 ჩემი მყინვარწვერიც კი გამომაცალეს ზურგიდან.

 

 ისეთი სისწრაფით მივექანები დაღმართზე,

 კისრის ნაზი და მაცოცხლებელი ხრტილი

 თუ გადამემტვრა,

 ჩემი უსისხლო სიკვდილი

 მზის კანონიერი ჩასვლა ვერ იქნება,

 შენ თვალები დახუჭე,თო,

 ან შენი თათოები მიამბე,

 შენი თმის ნარინჯები მომალანდე,

 ისეთი პატარა ხარ,

 შენი ჩრდილიც კი არ გრძელდება შუადღის მზეზე,

 არადა,შეგეძლო ჩემი შეჩერება.

 

 დაღმართია ჩემი ბავშვობის ქალაქი,

 დაღმართია ჩემი ბავშვობის ქუჩა,

 დაღმართი ვარ მეც.

 გამათანაბრე,თო..

 

ხელები- გარეთ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ ჩვენ რომ გხვდებით,

 

ერთხელ შენც შეგვხვდი, ახალო წელო.

 

მერამდენედ გადაიღალა დედა,

 

ოღონდ შენ

 

შემწვარი გოჭი, საცივი და

 

გოზინაყი არ დაგკლებოდა.

 

ერთხელ შენც გადაიღალე,

 

დაანთე ბუხარი და სუფრასთან მიგვიწვიე.

 

რა კარგი მასპინძელი ყოფილხარ, ახალო წელო,

 

ვითომ ჩვენი ჩამქრალი თვალები ვერ დაინახე,

 

გვარწმუნებ, რომ

 

ყველა ნაძვის ხეს დაამშვენებდა

 

ჩვენი ბრჭყვიალა ბურთები,-

 

მადლიერი ჭაღარა ბებო თოვას დაიწყებს,

 

თოვლი გიხდება.

 

გოზინაყი შემოგვთავაზე, თორემ

 

მწარედ დაგიბერდებით.

 

თამადაც შენ ხარ,

 

აწიე ჭიქა,

 

ჩვენ შემობრძანებას ხომ უნდა

 

გაუმარჯოს,

 

ფეხბედნიერები და ადრინდელზე უკეთესები

 

ხომ უნდა ვიყოთ.

 

 

 

ხელები დამიგრძელდა, ახალო წელო,

 

საკუთარ სულში ფათურისაგან,

 

ისეთი ღრმაა, ფსკერს ვერ ჩავწვდი,

 

იქ კი დევს

 

რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი,

 

ისეთი მნიშვნელოვანი,

 

რომ საქმრო მკოცნის და

 

მაინც სულში ვიქექები.

 

დავმახინჯდი, ახალო წელო,

 

ხელები თბილისისხელა გამიხდა და

 

ზრდასაც არ წყვეტს.

 

ერთად ვიპოვოთ, რასაც ვეძებ,

 

გამალამაზე:

 

საუკეთესო პლასტიკური ქირურგი ხარ,

 

საუკეთესო მაძებარი,

 

სურვილების ამსრულებელიც.

 

 

 

შენი მეკვლე ვიქნები, ახალო წელო,

 

მაგრამ შენი მისამართიც კი არ ვიცი,

 

სად გესტუმრო.

 

ცოტათი კი შეგცივდება,

 

კარს ღიას ვტოვებ,-

 

ხელები- გარეთ.

 

 

 

2011 წელი, 4 იანვარი

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / შენგელიძე სალომე / ლექსები