გაკვეთილი მეთექვსმეტე

 

ინტერნეტის ზოგადი მიმოხილვა

 

 

აი, დადგა დრო, როცა უნდა ვისწავლოთ ინტერნეტში მუშაობა.

დღესდღეობით, კომპიუტერმა და ინტერნეტმა მყარად შეაბიჯა ჩვენს ცხოვრებაში და თანამედროვეობის ნაწილი გახდა.

ინტერნეტის მეშვეობით ხდება  ფაილების, მნიშვნელოვანი დოკუმენტების, წერილებისა და სხვა ინფორმაციის გაგზავნა-მიღება. აგრეთვე, ინტერნეტით ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობა უცხო თუ ჩვენთვის ნაცნობ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში ან თუნდაც სხვა კონტინენტზე.

ხმოვანი პროგრამების დახმარებით, ჩვენც შეგვიძლია გავხდეთ ამ  გლობალური ქსელის წევრები!

 

 რა არის ვებ.გვერდი?

 

ესაა ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია - ეიჩ ტე ემ ელ ენაზე დაწერილი ფაილი და განთავსებული სერვერზე. განსხვავებით სხვა ფაილებისაგან ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს ტექსტსაც, ცხრილებსაც, გრაფიკულ გამოსახულებასაც და მუსიკალურ თუ ვიდეო ფაილებსაც. ვებგვერდი განსხვავდება სხვა ფაილისგან იმით, რომ მომხმარებელს არ შეუძლია მისი შეცვლა. ვებ.გვერდს კითხულობს პროგრამა, რომელსაც ეწოდება ვებ-ბრაუზერი. დღეისთვის გავრცელებული ინტერნეტ ბრაუზერებია: ინტერნეტ ექსპლორერი, ოპერა, გუგლი ქრომი,  ფაირფოქსი მოძილა და სხვ. ჩვენ შევისწავლით მუშაობას ინტერნეტ ექსპლორერით, რადგან ენ ვე დეა ყველაზე მეტად თავსებადია მასთან.

როგორც წესი, ვებგვერდი ანუ საიტი შეიცავს ინფორმაციას ერთ თემაზე, ერთ ორგანიზაციაზე, ერთ პიროვნებაზე და ა.შ.

თითოეულ საიტს აქვს უნიკალური სახელი გაფართოებით. მაგალითად: გაფართოება - კომ - მიანიშნებს, რომ საიტი არის კომერციული ორგანიზაციის, ედუ - სასწავლო დაწესებულების, გოვ - სამთავრობო ორგანიზაციის, მილ - სამხედრო, ორგ - ზოგადად ორგანიზაციის, ნეტ - ქსელური რესურსების და ა.შ.

ინტერნეტში ინფორმაციის ძიება და ვებგვერდების გახსნა ხდება ორგვარად:

 

1.         თუ მომხმარებელმა იცის ვებგვერდის მისამართი, იგი უშეცდომოდ უნდა ჩაწეროს სამისამართო ველში. სამისამართო ველში შესასვლელად ვიყენებთ ღილაკს ეფ ექვსი ან კონტროლ+ელი. ერთი სიმბოლოს არასწორი შეყვანაც კი ვერ მოგვიტანს სასურველ გვერდს. ამიტომ, ძალიან დაკვირვებით უნდა ავკრიფოთ მისამართი. დაიმახსოვრეთ: მისამართის ბოლოს არ იწერება წერტილი. 

 

2. თუკი არ ვიცით საძიებელი გვერდის ზუსტი მისამართი, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ძებნა რომელიმე საძიებო სისტემით. დღესდღეისობით გუგლი ყველაზე სრულყოფილ საძიებო სისტემად ითვლება. მის საძიებო რედაქტორში  უნდა ჩავწეროთ საკვანძო სიტყვები. მაგალითად: ვეძებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს. საკმარისია გუგლში ჩავწეროთ  - საგარეო საქმეთა სამინისტრო და რამოდენიმე წამში ინტერნეტი მოიძიებს ყველა იმ საიტის ბმულებს, სადაც ნახსენებია ეს საკვანძო სიტყვები, მათ შორის, რა თქმა უნდა, მოგვიტანს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი გვერდის მისამართს.

 

ინტერნეტში შესასვლელად გამოვიძახოთ ინტერნეტ ექსპლორერი: ამისათვის ვიყენებთ ვინდოუს ღილაკს, რომელიც მდებარეობს კონტროლსა და ალტ ღილაკებს შორის. ვხსნით მთავარ მენიუს, ჩამოვდივართ ისრებით, სანამ არ მივალთ პუნქტზე - პროგრამი, შემდეგ მარჯვენა ისრით ან ენტერით ვხსნით ქვემენიუს და კვლავ ისრის საშუალებით მივდივართ ინტერნეტ ექსპლორერზე. ამის შემდეგ ვაჭერთ ენტერს. გამოდის საწყის გვერდად დაყენებული საიტი.  უმეტეს შემთხვევაში, ეს არის გუგლის საძიებო სისტემის საიტი.

არსებობს მეორე გზა ინტერნეტში შესვლისა სამუშაო მაგიდიდან. ამ დროს ვდგებით სამუშაო მაგიდაზე, ვააქტიურებთ მას ვინდოუს+ემით, ვაჭერთ ასო ი-ს შესაბამის ღილაკს და კომპიუტერი გვიცხადებს იმ იარლიყს, რომლის შესაბამისი პროგრამის სახელწოდება იწყება ი ასოთი. თუ ეს არ არის ინტერნეტ ექსპლორერი, კვლავ ვაწვებით ასო ი-ს და ასე შემდეგ, ვიდრე არ მივალთ ინტერნეტ ექსპლორერამდე. თუ ინტერნეტ ექსპლორერის იარლიყი  არ გვაქვს სამუშაო მაგიდაზე, წინასწარ დავაყენოთ იგი, რომ ყოველ ჯერზე არ მოგვიხდეს სტარტ მენიუს გამოძახება. ამისათვის ვიპოვოთ ინტერნეტ ექსპლორერი მთავარ მენიუში, გავხსნათ კონტექსტური მენიუ ღილაკით აპლიკეიშენ და ვიპოვოთ პუნქტი - გაგზავნა (ატპრავიც), შემდეგ მარჯვენა ისრით გამოვიძახოთ ქვემენიუ და პუნქტზე - «იარლიყი სამუშაო მაგიდაზე” (რაბოჩი სტოლ, საზდაც იარლიკ) დავაჭიროთ ენტერს. ახლა კი თქვენ უკვე გაქვთ ინტერნეტ ექსპლორერის იარლიყი და შეგიძლიათ ინტერნეტში შესვლა სამუშაო მაგიდიდან.

 

მაშ, ასე. გამოვიძახეთ ინტერნეტ ექსპლორერი. დავაჭიროთ თითი ეფ 6-ს. ამით ხდება სამისამართო ველის გააქტიურება. ველში ციმციმებს კურსორი და მზადაა იმისათვის, რომ შევიყვანოთ ვებგვერდის მისამართი. მაგალითად, ავკრიფოთ ლიტერატურული პორტალის მისამართი: ლიბ წერტილი გე. შენიშვნა: ასოები აუცილებლად უნდა ჩავწეროთ ლათინური შრიფტით. ამისათვის კი გამოვიყენოთ ღილაკები ალტ+შიფტი და გადავიდეთ კლავიატურის ინგლისურ წყობაზე. ენვედეა გაცნობებთ ამის შესახებ.  დავაჭიროთ ენტერს. რამოდენიმე წამში გაიხსნება აღნიშნული ვებგვერდი.

 

შევნიშნავთ, რომ უსინათლო მომხმარებლისათვის რთულია ინერნეტში მუშაობა. ეს იმიტომ, რომ ინტერნეტში არის ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაცია და ძნელია ამოარჩიო სწორად ის, რაც კონკრეტულად გჭირდება. თვითონ ვებგვერდებს აქვთ რთული სტრუქტურა. შეიძლება იგი შევადაროთ გაზეთის გვერდს, სადაც სვეტებადაა დაწერილი ტექსტი. შეიძლება ერთი სვეტი შუაზე გაწყდეს და მისი ადგილი დაიკავოს სურათმა. ვებგვერდის სტრუქტურა მთლინად დამოკიდებულია ვებდიზაინერის ნება-სურვილზე. საჭიროა, ვისწავლოთ ვებგვერდებზე ორიენტირება, რადგან უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან საჭირო და არასაჭირო მასალა. ენვე დეა, როგორც ვიცით, არის ეკრანზე ხელმისაწვდომობის ხმოვანი პროგრამა. იგი წაიკითხავს ყველაფერს, რასაც ეკრანზე დაინახავს. მაგრამ მთლიანი გვერდის წაკითხვა ძალიან დიდ დროს წაგვართმევს. მხედველი მომხმრებელი თვალით უცებ არჩევს რა წაიკითხოს და რა არა. თავიდან ჩვენ მოგვიხდება მთლიანად წავიკითხოთ ვებგვერდები, რომ გავეცნოთ მათ სტრუქტურას. მაგრამ გარკვეული ხნის შემდგომ უკვე კარგად გვეცოდინება, როგორ მოვძებნოთ სწრაფად ჩვენთვის საჭირო მასალა. 

ახლა გავეცნოთ რა არის ბმული (სსიკლა, ლინკი). ეს არის ეგრეთწოდებული შემაკავშირებელი ელემენტი, რომლის დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ გვერდზე ან გავააქტიუროთ რომელიმე სხვა ელემენტი, მაგალითად, მუსიკისა ან კინოს გადმოწერა, წიგნის გახსნა და ა.შ. ერთი ვებგვერდი შესაძლოა შეიცავდეს 100-მდე ბმულსაც კი. ასევე არსებობს ვებგვერდები ბმულების გარეშეც. ვიზუალურად ბმული არის ხაზგასმული სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი  და აქვს განსხვავებული ფერი, მაგალითად, ლურჯი. ბმული ასევე შეიძლება იყოს ნახატი, ან სიმბოლოები. ენვედეას შეხვდება თუ არა ვებგვერდზე ბმული, მაშინვე გვატყობინებს. თუმცა მხედველი მომხამრებელი ბმულს გამოარჩევს ზემოთ აღწერილი ნიშნებით. ბმულზე ენტერის დაჭერით ჩვენ გადავდივართ სხვა ფანჯარაში. მაგალითად გახსნილი გვაქვს ლიტერატურულიM საიტი ლიბ.გე. ვებგვერდზე გვხვდება საკმაოდ ბევრი მწერლის ნაწარმოები. ბუნებრივია, ერთ გვერდზე მათი განთავსება გართულდება. ამიტომ, ნაწარმოებები მოთავსებულია ამ ვებსაიტის სხვა გვერდებზე, ხოლო მთავარ გვერდზე ჩამოწერილია ავტორების გვარები და ნაწარმოებთა სათაურები. ნაწარმოებთა სათაურები მოცემულია ბმულებად. მასზე დადგომა და ენტერზე დაჭერა იწვევს ლიბ.გე-ს სხვა გვერდების გახსნას, სადაც განთავსებულია შესაბამისი ნაწარმოების ტექსტი.

 

აქამდე ჩვენ ვლაპარაკობდით ზოგადად, გადავიდეთ დაწვრილებით აღწერაზე. როგორც გვახსოვს, ინტერნეტის გამოძახებისას პირველად გამოდის ინტერნეტში დაყენებული საწყისი გვერდი. ამ გვერდის ზედა ნაწილში არის მენიუს ჰორიზონტალური ზოლი, მის ქვემოთ ინსტრუმენტების პანელი, თუმცა ამ უკანასკნელით  ჩვენ არ ვისარგებლებთ. ხოლო შემდგომ მოდის  მისამართის ზოლი, რომელსაც ვააქტიურებთ ეფ ექვსი ღილაკით და  ვწერთ ვებგევრდის ზუსტ მისამართს. მისამართის ველის ქვემოთაა ფანჯრის ძირითადი ნაწილი, სადაც გამოშუქდება ტექსტი, ან გრაფიკული გამოსახულება. ვაჭერთ ენტერს და გამოდის ამ მისამართის შესაბამისი  საიტი.  ენვედეა მაშინვე შეუდგება მის წაკითხვას. კითხვის დაპაუზება და განახლება ხდება შიფტ ღილაკით. თუ გვსურს მთლიანი საიტის წაკითხვა, დავაჭერთ ღილაკებს ინსერტ+ქვედა ისარი.

თუ ინტერნეტის სიჩქარე დაბალია და ვებგვერდი ნელა იხსნება, გამოვიყენოთ ღილაკი ეფ 5, რომელის ფუნქციაა გვერდის სწრაფად ჩატვირთვა.

 

ვებგვერდებზე კარგად ორიენტირებისათვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საჭიროა ვიცოდეთ მისი სტრუქტურა, რომლის შესახებაც წარმოდგენას გვაძლევს მთლიანი ვებგვერდის წაკითხვა. მაგრამ ამას მიაქვს ძალიან ბევრი დრო და ვისმენთ ბევრ არასაჭირო ინფორმაციას. იმისათვის, რომ დავაჩქაროთ ვებგვერდში მოთავსებული სასარგებლო ინფორმაციაზე გადასვლა, ვიყენებთ ცხელ ღილაკებს.

 

განვიხილოთ ძირითადი ღილაკები:

 

ღილაკი ჰ (ეიჩ) - გადასვლა  სათაურებზე.  ისევე, როგორც გაზეთი, ვებგვერდზე შეიძლება მოთავსებული იქნას სხვადასხვა ინფორმაცია, რომელსაც გააჩნიათ სათაურები. სწორედ ეიჩ ღილაკი სწრაფად გადაგვიყვანს ერთი სათაურიდან მეორეზე და წარმოდგენა შეგვექმნება, თუ რაზეა საუბარი მოცემულ ვებგვერდზე. ეს ცხელი ღილაკი სწრაფად გვაპოვნინებს ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას გვერდზე.  თუ გამოვიყენებთ ღილაკთა კომბინაციას - შიფტ+ეიჩ, სათაურები წაიკითხება  უკანა მიმართულებით. ხოლო როცა გადავდივართ ბოლო სათაურზე, ენვედეა გვატყობინებს შემდეგნაირად - არ არის შემდეგი სათაური (ნეტ სლედუიუშევა ზაგალოვკა).

 

ღილაკით ენი გადავდივართ ვებგვერდზე ძირითად ტექსტურ ნაწილზე.

ხანდახან ინფორმაცია განთავსებულია ჩამონათვალის ანუ სიის ფორმით. ვებგვერდში მოცემული სიის წაკითხვა წარმოებს ი ღილაკით, ხოლო  ბმულებზე გადაადგილება ხდება კა ან ტაბ ღილაკით.

 

საიტი შედგება გარდა ტექსტური ნაწილისა სხვადასხვა ელემენტებისაგან:

ესენია გრაფიკული გამოსახულებები, ცხრილები, რედაქტორები და ა.შ. ანუ ელემენტებში იგულისხმება ყველაფერი, გარდა ბმულებისა. ღილაკი ეფის დაჭერის შემდეგ ჩვენ გადავდივართ ვებგვერდზე სხვადასხვა ელემენტზე. შეგვიძლია ეფ ღილაკს ვუწოდოთ ფორმის ელემენტებზე გადასვლის ღილაკი.

ჩვენ განვიხილეთ ვებგვერდის ელემენტებზე გადაადგილებისათვის საჭირო ღილაკები. ღილაკი ტაბიც გადაგვაადგილებს ასევე ბმულებზე. ანუ, ტაბი მოგვატარებს მთელ გვერდს. ღილაკი ტაბი გარდა ვებგვერდების ბმულებისა გვიკითხავს ინტერნეტ ექსპლორერის ფანჯრის თავში განთავსებულ მენიუს ზოლში ბმულებსაც. ვინც ჯერ არ იცის კარგად ინტერნეტთან მუშაობა, მათ გაუძნელდებათ ერთმანეთისგან განასხვავონ ვებგვერდისა და ბრაუზერის ელემენტები. ამიტომ დაიბნევიან და გაუჭირდებათ ვებგვერდზე დაბრუნება. თუკი ჯერ ვერ ვანსხვავებთ ერთმანეთისაგან ინტერნეტ ექსპლორერისა და ვებგვერდის ბმულებს, დავიბენით და არ ვიცით სად ვიპოვოთ სასურველი ბმული, დავაჭიროთ ღილაკთა კომბინაციას - ინსერტ+ეფ7. ამ შემთხვევაში გამოვა მხოლოდ ვებ გვერდების ბმულთა სია. ამ სიაზე გადაადგილება ხდება ზედა და ქვედა ისრით. ეს გააადვილებს მუშაობას. ასევე, თუ ვიცით ბმულის სახელწოდება, შეგვიძლია პირველი ასოთი მოვძებნოთ იგი.

 

ინტერნეტ ექსპლორერის ფანჯარას ვხურავთ ალტ+ეფ ოთხით.

 

ჯერჯერობით დავიმახსოვროთ ეს ცხელი ღილაკები და შემდეგ გაკვეთილებში პრაქტიკულად განვიხლიოთ ისინი.

 

გაკვეთილში გამოყენებული ცხელი ღილაკები:

 

სამისამართო ველში შესვლა - ეფ 6

იგივე ფუნქციას ასრულებს კონტროლ+ელი;

გვერდის განახლება - ეფ5, ან  კონტროლ+ერი 

გვერდის გახსნა - ენტერი

ალტ+ეფ 4 - ინტერნეტის ფანჯრის დახურვა.

 

 

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         რა დანიშნულება აქვს ინტერნეტს?

2.         რას ეწოდება ვებგვერდი და რა არის მისი გაფართოება?

3.         როგორ უნდა გავხსნათ ინტერნეტ ბრაუზერი მთავარი მენიუდან?

4.         როგორ ინტერნეტ ექსპლორერი სამუშაო მაგიდიდან?

5.         როგორ ყენდება ინტერნეტ ექსპლორერის იარლიყი სამუშაო მაგიდაზე?

6.         რას ეწოდება სამისამართო ველი და რომელი ღილაკით ხდება მისი გამოძახება?

7.         რა ფუნქცია აქვს ეფ 5 ღილაკს?

8.         რა ფუნქციას ასრულებს ეიჩ, კა, ტაბ, ეფ და ი ღილაკები?

9.         რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან კა და ტაბ ღილაკები ბმულებზე გადასვლის დროს?

 

დავალება:

 

1.         გამოიძახეთ ინტერნეტი მთავარი მენიუდან;

2.         დააყენეთ ინტერნეტ ექსპლორერის იარლიყი სამუშაო მაგიდაზე;

3.         გამოიძახეთ ინტერნეტი სამუშაო მაგიდიდან.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 17.გაკვეთილი მეთექვსმეტე-ინტერნეტის ზოგადი მიმოხილვა