შიოლაშვილი ირმა 

ცრემლის ნაფეხური

 

სარჩევი:

მინიატურები:

ნურც დადუმდება ზარი

ახალგაზრდა და მოხუცი

თითქოს დააკაკუნეს

იმედის ფესვი

ახირება

გული

ასეც ხდებათოვლის მდუმარება

საოცარი ბალასტი

ნოსტალგია

წვიმა

საით მივდივართ?

რატომ იმძლავრა ქარაშოტმა?

შეშის ფული

სინანული

რევანში აღარ შედგება

დიდების ობელისკი სინიავაში

ქაღალდს განდობილი ფიქრები

 

ლექსები:

სავანე

ჩამითვალეთ სენტენციად

(*** სანთლების ალი)

ფიქრი

(* * * ზოგჯერ მგონია)

ამას ვინატრებ

 გული ლახვარდასმული

 ასე მგონია...

 (* * * გული გაგვითბე ყველას ალილო)

არსად არ გადაუხვიო

(* * * მხოლოდ ერთი რამ ვერ წაგვერთმევა)

საპირწონე

ვითომ, ღვინის ბრალია?!

მშვენიერების დესპანი

დედის გახსენება

როდის გამოიდარებს?

(* * * სიმატოვესო სიმშვიდეც ახლავს)

დედობის არსო

ჟამი გამცნობს

(* * * ხალხი დგამს განა გმირების ძეგებს?)

სულ ვნატრობდე

ფიქრის ამარა

და მიხვდა მთვარე

უცნაური ხილვა

მერე გვიანი იქნება

არ გვიწერია გადაშენება

იმედი გვავალებს

რა ვქნა, არ მესმის

რა დროს ომია?!

ანათოს რისთვის?!

მცირედი შვება

გმირობის მიჯნა

 (* * * ზეცა სიყვარულს ავანსად გვიხდის)

დავრჩით უფლის ანაბარა

(* * * ყველას აქვს თვისი ჩვეული ფონი)

იყო კაცი

(* * * სამეგობროში ენდობოდნენ და)

(* * * რამდენი გზა აქვს წუთისოფელს)

კიდევ ბევრი გაითლება

მჯერა

ჟამი სიცოცხლის

(* * * წვიმის ღრუბელი რომც მჩუქნიდეს)

ფიქრო, ეულო

 პოეზიის კოლოსს

 (* * * სევდასა და ოცნებას)

იოჰან ბახის ნაგვიანევი აღიარება

 მთვარის სონატა

 (* * * ჰანგი აქიმობს სულის იარას)

პუშკინის სკვერი

 (* * * ორივე უკან გვიბრუნდება ბუმერანგივით)

ღალატი

 (* * * ჩაქოლილ სულებს თვალები აქვთ)

ასეც ხდება

წუთისოფლის ფარსი

(* * * თითქოსდა მესმის წიგნის ქვითინი)

კაცი, კაცმა და ა. შ.

 წუთისოფლის გზა

 (* * * ლექსი სულის საუნჯეა)

გულგრილობა

 კაეშანი

 (* * * ფიქრით თუ შევძელ)

მომიტევეთ

(* * * ლექსს ვინატრებდი ფრთიანსა)

ცინიკოსი და ჟამთმდინარე

 (* * * ადრე თუ გვიან აღებენ ციხეს)

ამაოა ყოფნა ყოველი?

 მადლობა ღრუბელს

 ერთი წადილი

 (* * * არ დამელია გულში დარდი)

როცა მოხდება

 (* * * მოედინება წუთისოფლის)

(* * * მისდევს იოლად სტრიქონი სტრიქონს)

მოდის მარათონი

 ბოლო სიტყვა

 ბელზებელის ჩიხი

წეროდ გადაფრენილი

(* * * კალამს ამაოდ არც როს ვაწუხებ)  

იქნებ შეძლო

(* * * სად უნდა ვიყო, არ მოგინატრო)

(* * * ბრძანებაა მბრძანებლისა)

(* * * ბრძნულად განსაჯა განგების ძალამ)

დედის გოდება

 საქართველოს იარა

 (* * * რომ აჰხელოდათ წინაპართ თვალი)

ოპტიმისტური გულუბრყვილობა

 შენზე იქნება ეს არჩევანი

 (* * * მუდამ ერთ-ერთი მოიძებნება)

დამშვიდდი, სულო!

 რა დამრჩენია?

 (* * * რაღა ვქნა? ვისთან დავიჩივლო?)

ნაძვი

 ცოტა მაცალე, სიბერევ

 მელანქოლია

 (* * * არა, არ არის ოცნების რაში)

ვედრება

 აროდეს დაზარებოდეთ

 ერთი წამი ანაცვალე

 (* * * მძიმე ყოფილა, მძიმე, განცდა უძლურებისა)

(* * * «ნუ, ნუ ჩამიქრობ შენს თვალთა ნათელს»)

(* * * გახსოვს, მაშინდელი)

(* * * თეთრი კაბით თავს იწონებს პატარძალი)

(* * * გოგო მოდის - ცისკრის ვარსკვლავს დაედრება)

(* * * ყველას თვისი ჰყავს აბატი ფარია)

(* * * ქუჩაში გავალ, დავეძებ ღიმილს)

უარი

 (* * * სიყვარულია თავი და ბოლო)

გახსოვს ბათუმი?

 ანგელოსების იმედი

 (* * * სათუთად ვკინძე გულისნადები)

ჩემს მარიკას

 სამოცი ვარდი

 (* * * ვხარობ, როცა სუფრას უზის ოჯახია)

ზეცად წასული მზე-ჭაბუკი

 ციური საჩუქარი შეგირდობაც ძნელია

 ჩემს შვილიშვილს, ამირანს

 (* * * იშვიათია, ნიჭიერი შეგვხდეს მავანი)

(* * * სიხარული სევდამ როგორ გადასძლიოს?)

უთუოდ მოვა

 ჩემს შვილიშვილს გლახუნას

 (* * * ძმობას, ერთობას, თავისუფლებას)

(* * * განა არ გქონდა სულ ახლახან)

რადგან დრო იცდის

ინტერვიუ

 (* * * ლექსის რითმა - პოეზიის ჩუქურთმა) 

ზღართანის ღირსი

 (* * * კაცი უშეცდომოდ თავად ცხოვრობს განა?)

ნუ დავივიწყებთ

 მოკლე კითხვა

 არა, არ მესმის

 (* * * ყველაფერს ხვალეს ნუკი აჰკიდებ) 

არ დაბრუნდე ნისლად

 (* * * ალაზნის ველს, ლაღად გაშლილს)

(* * * გატეხილ ლარნაკს გავამთელებ) 

ვაჟა-ფშაველას

 კაცი თვის წარსულს ესაუბრება

 მამის დანატოვარი

 

 

მინიატურები

 

ნურც დადუმდება ზარი

 

კაცს ლუკმაპური თუ ლაგამად ექცა, სარჩო - აღვირად, ცრემლი მორევად გადაიქცევა და წყაროებიც შეშფოთებისგან აიმღვრევიან - დაკარგავენ ჩვეულ სიწმინდეს... ვეღარ გვიშველის მაშინ სარისტა; პირიქით, უფრო დაგვიბნელებს გონების ნათელს... არ დაგვჭირდება მზის სინათლე და მთვარის შუქი. ღამის წყვდიადი ავიფაროთ მაშინ თვალებზე, ესეც გვეყოფა...

და შემოგვრჩება ოდენ ხსოვნად ქროლვა ქარისა, ზღვის აზვირთება და დაცხრომა, ზვავის გრიალი, ჩვილის ტირილი, დედის ნანა, ბრბოს მრისხანება და გაზაფხულზე მინდვრის ხალიჩის ყაყაჩოებით გადაწითლება (სხვაც ბევრი კიდევ!)...

და წაიშლება შეუმჩნევლად, ვით უდაბნოში კვალი ყოველი, ღმერთმა ბუნებას რაც დაუწესა ზენად, გვირგვინად - ადამიანი...

და მაშინ ხენი გაოგნდებიან - ვისთვის იმწვანონ? იჩრდილონ ვისთვის? მთანი თავადაც გაოცდებიან - რისთვისღა იდგნენ? იდიდონ ვისთვის?

და მაშინ ზღვანიც ამოშრებიან - რად დაიღალონ მიქცევ-მოქცევით? იღელვონ ვისთვის? ციურ ვარსკვლავებს ციმციმი დაღლით და ჩაქრებიან დავიწყებულნი - მათი ცქერით თუ აღარავინ არ გაოცდება, ვისთვისღა იყვნენ?

და მდინარენიც - უხვწყლიანნიც და წყალმარჩხებიც - შეაჩერებენ მდინარებას, ვერ გაუძლებენ შენაკადთა ცრემლის სიმლაშეს, და თვალს დაჰკრავენ ვიდრე კალაპოტს, სინანულის ცრემლით დაიტირებენ ჟამთა სიავით ჩანგრეული ხიდების ბურჯებს... უქმად შთენილთ ხომ ისღა დარჩებათ, გაუბედავად გაიკითხონ - ვიღას ელიან? ან დგანან რისთვის?..

..............................

ჩემი ქალაქის ეკლესიებს, უკლებლივ ყველას, ჩამოვუვლი და სასოებით ავანთებ სანთელს ღვთის სადიდებლად... ეს ძალმიძს ოდენ და გავაკეთებ, რადგან იმედი მაქვს მარტო ღვთისა...

ნურც დადუმდება რწმენის ზარი, ნურც მოგვერევა ადამიანებს ლუკმა -ლაგამი და წმინდა წყაროც ნუ აიმღვრევა...

და თუ ძველ ბურჯებს არ უწერიათ მერმისის ხიდთა სიმძიმე ზიდონ, ათვლის წერტილად მაინც დარჩნენ ახალ ბურჯთათვის, ოღონდ უფრო მაღალთა და უფრო მტკიცეთა...

 

 

ახალგაზრდა და მოხუცი

 

ერთი ახალგაზრდა კაცი მინდორში ბადით პეპლებს დასდევდა. მეორემ, მოხუცებულმა, დაინახა და «რას აკეთებო?» - ჰკითხა. «პეპლებს ვიჭერო», - უპასუხა პირველმა. თმაგაზე ნუ წვალობ, წამომყევი და უამრავ პეპელას გაჩუქებო»... გაუკვირდა პირველს, მაინც გაჰყვა და, როცა მეორემ ვეებერთელა პეპლების კოლექცია აჩუქა, თვალს არ უჯერებდა სიხარულით, მადლობა უთხრა და ამით დაცილდნენ. გამოხდა ხანი. ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. ახალგაზრდა ბადით თევზაობდა. მოხუცმა ჰკითხა - “საჭმელად გინდაო?» “არაო», - უპასუხა, - “კასრში ცოცხლად უნდა გავუშვაო». «მაგაზე დროს ნუ კარგავ, წამომყევი და გაგახარებო»... გაჰყვა ახალგაზრდა და ახლა ვეებერთელა აკვარიუმი აჩუქა მოხუცმა, ნაირ-ნაირი თევზებით სავსე...

კიდევ გამოხდა ხანი. ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ბადეებს კემსავდა ახალგაზრდა. «რად გინდაო?» - ჰკითხა მოხუცმა. «ამითი», - პატარაზე ანიშნა, - «პეპლებს დავიჭერ, ამითი კი თევზებსო»...

ჩაეცინა კეთილ მოხუცს და იმ გზაზე აღარ გაუვლია.

 

 

თითქოს დააკაკუნეს

 

მოედინება, მოდის ის რაღაც, ჩუმად, უხმაუროდ, შეუმჩნევლად. მერე იყოფა: ნაწილი შენსკენ, შენი გულისკენ მოდის, დანარჩენი კი - სხვისკენ, სხვათა გულებისკენ გაუხვევს. შენ არ იცნობ მას - იმ სხვას (ჯერ არ იცი, ან საიდან უნდა იცოდე, რომ ის სხვა - შენი მკითხველია). შენი გულისკენ რაც წამოვიდა, არ მოგასვენებს, ბორგავს, შფოთავს... თუ გაჩერდება, მარტო იმისთვის, რომ ხელახლა აბორგდეს...

ვერც კი გააცნობიერებ, როდის აიღე კალამი... ის რაღაც უკვე ფურცელზე იღვრება, ილექება და მშვიდდება, როგორც გადარჩენილი სიცოცხლის ახალი მზაობა, თავისი ადგილი რომ ჰპოვა...

არც მკითხველს ადგას მშვიდი დღე. მის გულშიც იწყებს ბორგვას გაუცნობიერებელი სურვილი რაღაც ახლისა, უჩვეულოდ ახლისა. ის ხარბად კითხულობს, ნთქავს ყველაფერს იმის მოლოდინში, რისთვისაც მზად არის მთელი არსებით... და აი, დგება წუთები, როცა მე, მკითხველი, ვგრძნობ, აშკარად ვგრძნობ - ეს ის არის, რის მოლოდინშიც ფორიაქობდა ჩემი სული, რასაც თითქოს წინასწარ ვჭვრეტდი, მაგრამ ასე სრულქმნილებას არ მოველოდი. მხოლოდ დროებათა შორის იდუმალ კავშირებს ძალუძს კვლავ შეახვედროს ის ორი დინება - ახლა უკვე შემოქმედისა და მკითხველის გულებიდან გამომავალი: პირველი - ზოილთა გულმოდგინებით ოდნავ სევდაშეპარული, და მეორე - სრულქმნილებასთან კიდევ მრავალი შეხვედრის მოსურნე. მხოლოდ მკითხველის გულიდან წამოსული ნაკადი ამთლიანებს, ამშვენიერებს იმ პირველყოფილს, გაყოფილს, და როგორც ყოველი მშვენიერება, მარადისობის წიაღისკენ მიემართება, რათა იდუმალი აუცილებლობის წრებრუნვაში შეასრულოს თავისი მისია და შემდეგ ისევ... ისევ შემოქმედის გულისკენ აიღოს გეზი...

თითქოს დააკაკუნეს... არავინაა? ნუ დაიჯერებ... დაძაბე სმენა, ოღონდ გულთან ერთად... გესმის? გრძნობ? რაღაც მოედინება ისევ... იქნებ ისაა - ის რაღაც, ჯერ რომ შენი გულისკენ წამოვა და მერე...

იყუჩე... ის არის, ის... მოასწარი, გაუღე გულისა და გონების კარნი, და აღარ დაივიწყო, რომ ამქვეყნად ყველაზე ჩუმად მუზები აკაკუნებენ...

 

 

 

იმედის ფესვი

 

დაე, იყოს სხვაგან ეკლესია-ტაძრები უფრო მაღალნი, უფრო პომპეზურნი! თვალის გახარებას სულის გახარება მირჩევნია - აქაური მიზიდავს, ჩვენი მიწიდან ამოზრდილნი და ჩვენთვის ზეცით მომადლებული წვიმით ნაპკურნი... სხვაგან ვერ ნახავ გარემოს, წინაპართა ხსოვნით გაჯერებულს და ბავშვობის მოგონებებით დამუხტულს, ჩვენებურ სიყვარულსა და ერთგულებას რომ მავალებს, მოვალეობის აქაური გაგებითა და წეს-ჩვეულებათა პატივისცემით მავსებს... აქ ზარებიც ჩვენებურ ხმაზე მიხმობენ და ქართული საგალობლებიც სწორედ ისეთ სალბუნად მედებიან, ჩემს სულს რომ სჭირდება... ჩემი იმედის ფესვიც, ღვთის რწმენით ნასაზრდოები, აქ არის... (და თუ მოგვერია უკეთურობა, ისევ იმიტომ, რომ ყველაფერ აქაურს ყველაფერი უცხო ვამჯობინეთ)...

აქ, აქაურ ტაძარშია ის ხატი, რომლის წინაშეც პირველად ვიგრძენ გაოცება იმ სულიერი მდგომარეობის გამო, ლოცვის დროს ცრემლი უწყვეტ ღვარად რომ მოდის (გგონია, დასასრული აღარ ექნება...), დასასრულ კი მანამდე განუცდელი სიმშვიდე გავსებს... აქ პირველად ვეზიარე შეგრძნებას, რომ უზარმაზარი მთელის ნამცეცი ვარ, ისეთივე, როგორიც სხვა მრავალი, და მაინც ღმერთმა მიმიღო და მომისმინა...

იყოს სხვაგან ეკლესია-ტაძრები უფრო მაღალნი (ან უფრო დაბალნი... რა მნიშვნელობა აქვს მათ ფიზიკურ სიმაღლეს!), ოღონდაც, ოღონდაც ყველა ტაძრის მრევლი სასოებით იხდიდეს თავის ადამიანურ ვალს ჩვენს ცოდვილ პლანეტაზე...

 

 

 

ახირება

 

აუხირდა სიკვდილი სევდას: «დასაბამიდან გაკვირდები და ჯერაც ვერ გამიგია - ვისკენ ხარ, ჩემკენ თუ სიცოცხლისკენ?»

არ დაბნეულა სევდა - მშვიდად მიუგო: «განა შენ თავად სიცოცხლის არ ხარ? განა მას არ სდევ განუყრელად დასაბამიდან?»

«მაშინ ეს მითხარ», - არ ცხრებოდა სიკვდილი მაინც, - «ვის აირჩევდი? მე, თუ სიცოცხლეს?»

«აკი, გითხარი, თავადაც რომ სიცოცხლისა ხარ და ასარჩევიც არაფერი მაქვს... ჩემთვის სიცოცხლე მდინარებაა, ადრე თუ გვიან მარადიული ოკეანის წილი რომ ხდება. შენ იქ ხარ მხოლოდ, შესართავთან სულგანაბული... ამას გაგიმხელ, მეც მანდ მიყვარს განმარტოება, სად სიხარული ვეღარ მომდევს და თავს მანებებს...

იქ, ზევით, სიცოცხლის სათავესთან, სიხარულს აქვს სამკვიდრებელი და ვცდილობ, მის მიჯნას არ შევეხო, თუმც ვერ ვახერხებ ამას ყოველთვის... მერე და მერე მიჯნის აქეთ ამიყოლიებს სიხარული თამაშ-თამაშით და მდინარებას სიცოცხლისას ჩვენი თამაშით ეცვლება ფერი... შენამდე მომდევს სიხარული და თავს მანებებს, აკი, გითხარი... უკან ბრუნდება სულ ახალ-ახალ სათავეებთან დასამკვიდრებლად, მრავალ სიახლით გალაღებული... ეს მე ვარ სევდა, მარადუცვლელი - რომ არ ვბერდები, არც ვილექები, არც ვიწმინდები და მრავალსახას არაფერი არ მემატება»...

«სადა ხარ ხოლმე, როცა მარტო ხარ?» - ვითომ გულგრილად ჰკითხა სიკვდილმა.

«ახლა შენთან ვარ, სხვა დროს - სხვაგან, ისე ყველგან და ყველაფერში ვარ... რაც სულიერის არის არსი და დედაწესი. ასეთი არის განგების ნება - ჩემგან ჯერ ვერვინ მოახერხა სამუდამოდ თავის დაღწევა...»

«რადგან ჩემთან ხარ, მაშ, ჩემსკენაც ხარ?» - ვეღარ დაიცხრო ახირება მაინც სიკვდილმა.

«გინდა, თავიდან მათქმევინო სულ ყველაფერი?» - თქვა სევდამ და იქაურობას გაეცალა... შორიახლო ელოდა სიხარული. ისინი უბრად შეხვდნენ ერთმანეთს და ერთად წავიდნენ.

დარჩა სიკვდილი ისევ მარტო. მისჩერებოდა ერთად მიმავალთ...

«ხომ მოხვალ ისევ?» - დაადევნა მუდარა სევდას. თანხმობა ანიშნა შორიდან სევდამ და სიხარულთან ერთად გაუჩინარდა, რომ სიცოცხლის მდინარების უკვდავ წრებრუნვას ისევ და ისევ დაამჩნიოს თავისი კვალი...

 

 

გული

 

ვეღარ ჩერდებოდა საგულეს - აფრთხიალდა, აწრიალდა და ბუდიდან ამოვარდნილი ბარტყივით მიწას დაენარცხა. გულამოვარდნილმა მაშინვე შევაშველე ხელი, მოვეფერე, დავამშვიდე, ვეამბორე კიდეც და ის იყო, უბეში უნდა ჩამებრუნებინა, რომ ახლა ხელებში ამიფრთხიალდა, თითქოს თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ უბისკენ კი არ იწევდა, პირიქით, ჩემს ხელებს დააღწია თავი... შეშინებულმა ვიმარჯვე - ისევ მიწას არ დაენარცხოს-მეთქი - ხელები შევაშველე, მაგრამ გულმა, უკვე  რაღაც ნათებით გარემოსილმა, მიწისკენ კი არა, ზევით იწყო სვლა... ხელით ვეღარ ვწვდებოდი, თავაწეული თვალს არ ვაცილებდი იმედით, რომ აი, ახლა, ახლა შემობრუნდება და წამოვა ჩემკენ, ისევ საგულეს დაივანებს, ასე ხომ არ დამტოვებს-მეთქი. ამაოდ ველოდი... ის ზესვლას განაგრძობდა ცისკენ... მიფრინავდა უფრთებოდ. უკვე წერტილად ვხედავდი, და სულ მალე მთლად გაქრა, გაუჩინარდა თვალთახედვიდან... დავრჩი უგულოდ, გაოგნებული... მხოლოდ უცნაურ სიმძიმეს ვგრძნობდი და ადგილიდან ვეღარ ვიძვროდი. რა მოხდა? რატომ გამიფრინდა, ან რა ეწყინა? იქნებ, არც არაფერი...

გამახსენდა, მუდამ ფრთებს რომ ვნატრობდი, იმ სილაღის შესაცნობად, რასაც, მეგონა მხოლოდ ფრენა მაგრძნობინებდა. ნუთუ შეიძლება, ნატვრა ისე გამოკრისტალდეს, რომ რეალური გახდეს? აკი, გამიფრინდა გული... მე კი, მე მხოლოდ უცნაური ტკივილი დამიტოვა... ნუთუ ესაა, ფანტომურ ტკივილს რომ ეძახიან - ისე მტკივა გული, თითქოს იგი ისევ საგულეშია... მაშ, ის რა იყო? წერტილივით რომ გაუჩინარდა? უნდა გავყვე, ვიპოვო აუცილებლად და დავაბრუნო... ამ ტკივილის ატანა შეუძლებელია... და ამ დროს ვიგრძენი, როგორ გაქრა ჩემი სიმძიმე, თითქოს რაღაცამ ამიტაცა და მეც ჰაერში აღმოვჩნდი, ქარით ატაცებული ფოთოლივით. რა იყო ეს? მე დავფრინავდი... ფრთების გარეშე, და თანდათან მაღლა ვიწევდი. ხელები მქონდა ფრთებად გაშლილი. ტკივილი აღარ იყო... ღრუბლები მელამუნებოდნენ. მე მათში თავისუფლად ვაღწევდი, მაგრამ ეს არ იყო თვითმფრინავის ილუმინატორიდან დანახული ღრუბელთა სამეფო. მე მათ შეხებას ვგრძნობდი, როგორც დედამიწაზე მიგრძვნია ნიავის ან ქარის შეხება. თავისუფლად ვხედავდი გარშემო ვარდისფერი და თეთრი ღრუბლების მონაცვლეობას, ქვემოთ  - ქალაქის კონტურებს და ხარაჩოებში  ჩაკარგულ, უზარმაზარ პოსტამენტებს; სად აშენებენ, ნეტავ, ამხელებს? და ზემოთ -გამჭვივრალე უსასრულობას, რომელიც მიზიდავდა, როგორც მწყურვალს წყაროსკენ მიმავალი გზა... გულო, სადა ხარ? ნუთუ შენც იგივეს გრძნობ? ამ უჩვეულო შეგრძნებას სიმსუბუქის, სილაღის და კიდევ რაღაცის... ბედნიერების? არა! განა შეიძლება ბედნიერი იყო, თუ გულს დაეძებ და ჯერ ვერ გიპოვია... არ ვიცი, საით გავფრინდე ამ უკიდეგანო სივრცეში. რატომ არ იცი? - აფორიაქდა გონება, მაშ, რისთვის ნატრობდი ფრთებს. რატომ არ იცი, საით გაფრინდებოდა შენი გული? და თუ არ იცი, მაშინ მიიღე უგულოდ დარჩენა, როგორც სასჯელი ცუდი პატრონისთვის... მგონია, წრეზე ვტრიალებ და ზევით, უფრო ზევით მივიწევ, უნდა ვიპოვო, უნდა ვიპოვო... რომ ვერ ვიპოვო? - აწრიალდა გონება. უმისოდ დარჩენას დაღუპვა მირჩევნია, - პასუხობს ჩემი არსება, და მიკვირს, რომ ეს ახლა გადაწყვიტე - ნატვრა სინამდვილედ რომ მექცა; როცა უკვე დავფრინავ... და მგონი მივხვდი, ახლა მივხვდი, რომ შეუძლებლის ახდენა მხოლოდ უდიდესი საფასურით შეიძლება და ყველა მათგანი მხოლოდ ტკივილზე გადის და მისით აიწონება...

კვლავ ტკივილმა გამკრა საგულეს, გულისტკივილმა გაუსაძლისმა, ცოტა ხნით რომ მანება თავი და ისევ შემომიტია. გონებამ უცებ გაკვესა - იცი. როგორ არ იცი, სად წავიდოდა შენი გული, შენივე ფარული სურვილები რომ გაიყოლა; მე მხოლოდ გაგახსენებ, ბედის ვარსკვლავთან სტუმრობა რომ ინატრე ერთხელ... იყო ეს, იყო... გამახსენდა. ტკივილი ისევ გაქრა, საოცრად დავმშვიდდი, აი, ისე - ტყეში გზააბნეული, ნაცნობ ბილიკს რომ დაადგები და იცი, რომ გახვალ იქიდან, აუცილებლად გახვალ... გულო, თუ შენც გაწუხებს უჩემობა, დამშვიდდი, მოვდივარ... შენც თვალი გეჭიროს ვარსკვლავეთის ცაზე. მე მხოლოდ დავხედავ ჩემს ვარსკვლავს, მერე კი ერთად წამოვალთ და გავიხარებთ ფრენის სილაღით...

რაღაცამ ჩამიშხუილა, შევკრთი, რამ დამირღვია სივრცის იდილია... სხეული უეცრად დამიმძიმდა და ვიგრძენი, რომ მიწისკენ მოვექანები, სხეულს ვეღარ ვიმორჩილებ, მხოლოდ ვარდნას ვგრძნობ. ყელში მოწოლილი შიშის გორგალი, ცოტაც და, დამახრჩობს... თვალი რომ გავახილე, მართლა ბედნიერად ვიგრძენი თავი - ჩემს საწოლთან მაღვიძარა ჟღრიალებდა... მადლობა ღმერთს, აფრთხიალებული გული საგულეში მშვიდდებოდა... დილა გათენებულიყო, ახალი დღის დილა...

 

 

ასეც ხდება*

(იგავი)

 

ყინვა მოერია ბეღურას და ძირს დასცა. სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ემჩნეოდა. ამ დროს კამეჩმა გამოიარა და სწორედ იმ ადგილს დაანეხვა, სადაც ბეღურა ეგდო.

მაცოცხლებელმა სითბომ მოასულიერა ბეღურა, აფართხალდა  კიდეც და ნეხვიდან თავიც ამოჰყო. იგი გადარჩენილი იყო... მაგრამ დახეთ ბედისწერას... გზად მიმავალ მელიას თვალს არ გამოჰპარვია ბეღურას მოძრაობა. «ნეტა, რა არისო?» - იფიქრა და ფრთხილად შეახო თათი ნეხვით გათხუპნულს. თითქოს საშველად რამ მიაწოდესო, ისე მოეჭიდა ის საცოდავი მელიას თათს და... ფრთაც გაშალა, მაგრამ გვიანი იყო - მშიერ მელას პირის გზა როგორ შეეშლებოდა. დათვლილ წამებში ბეღურა აღარ იყო...

ჩემო კეთილო მკითხველო, ალბათ, მიხვდი უკვე ამ ჩვეულებრივი იგავის არაჩვეულებრივ შეგონებას: ვინც დანეხვებას გვაკადრებს, ყველა ჩვენი მტერი როდია, და ვინც ნეხვიდან ამოგვიყვანს, ყველა ჩვენი მოყვარე როდია...

 

 

 

თოვლის მდუმარება

 

პირველი თოვლის ფანტელები, ზამთრის პეპლები, თეთრი პეპლები, გაუბედავნი, ვით მორცხვი ბავშვი, უცხო ადგილით შეცბუნებული რომ ტრიალებს და არ იცის, საით წავიდეს... და უცებ, თითქოს რაღაც მოაგონდათ, ფიფქები აღარ ცვივიან, საოცარი სიმარდით თავს აღწევენ მასპინძლის მიზიდულობას და ჰოი, საოცრებავ, ისევ ზევით ცდილობენ ასვლას... როგორ, ნუთუ პაემანი მიწის სევდასთან აღარ შედგება? ნუთუ ნაცრისფერი, რითაც დედამიწა მასპინძლობს მის აღმატებულებას - თეთრ ფერს, ასე განიზიდავს ფანტელებს - ზამთრის ზეციურ სტუმარს, რომელსაც მარტო სიწმინდე, სილამაზე და სიხარული რომ მოჰქონდეს ჩვენთვის, მუდამ სასურველი იქნებოდა...

პირველ თოვლობისას ბავშვობის მოგონებები მიფორიაქებენ სულს და ხსოვნის სიღრმეში მრავალ სურათს ხელახლა მიფერადებენ.

ახლაც მახსოვს, დილით ფანჯრიდან შიშველი ტოტების ნაცვლად თოვლის ნაბადგადაფარებულ ხეებს რომ დავინახავდი, აუწერელი სიხარულით ვივსებოდი - ახლად დანთებულ ღუმელს სხვანაირი ტკარცალი გაჰქონდა - ხმაურიანი სითბოთი ავსებად ოთახს, ჩაიდანში დამწყვდეული წყალიც სხვანაირად თუხთუხებდა - ზამთრის დუღილით. მაგრამ მთავარი გარეთ - დათოვლილ ეზოში მელოდებოდა. ეს თოვლის მდუმარება იყო... მდუმარება, რომელიც მესმოდა; მესმოდა ყველა სხვა ხმებისგან გამორჩეულად და მინდოდა, ეს მდუმარება სულ გაგრძელებულიყო...

უმამოდ დარჩენილი ოჯახის უღელს დედა მარტო ეწეოდა, დოვლათი თავზე არასოდეს გადაგვდიოდა; კიდევაც ბევრი რამ გვაკლდა მე და ჩემს დას, მაგრამ მაინც, ბავშვობაში თავისებურად ბედნიერი ვიყავი, თუნდაც იმით, რომ მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, ვიღაცას თუ სციოდა, ან თუ შიოდა...

დღეს თოვლის მდუმარება სმენას აღარ ელამუნება - სხვა ხმები თრგუნავს მას, რადგან ჩვენს სინამდვილეს თავად თოვლი მატებს სიმკაცრეს, სიცივესა და შიმშილს...

 

 

 

საოცარი ბალასტი

 

რამდენს იტევს ადამიანის გონება? რამდენი გაგონილი და ნანახი, ნაფიქრალი და ნამოქმედარი, ტკივილი და შვება, ოცნება და სიზმარი აქვს გადამალული მეხსიერებას? რა ძალა, გონების რომელი უბანია ამ კუნჭულების გამგებელი? როდის რას ამოგიტივტივებს, დაუნდობლად შემოგაჭდობს  გულზე მოგონების მარწუხებს, გაგაოცებს, გაგაშტერებს - ისეთ დროს გიმუხთლებს... არ გინდა იმის გახსენება, საითკენაც იგი მიგაქანებს, ფიქრი კი აბეზარი მწერივით არ გშორდება, გაწუხებს, განწყობას გიცვლის, ხასიათს გიფუჭებს და სულიერ ტკივილს გაყენებს, ტკივილს - გაუსაძლისს, რომელსაც ვერაფერს შეადარებ...

რა იქნებოდა, გონების ამ შიგთავსის მოცილება რომ შეძლებოდა ადამიანს და როგორც ყოველგვარი მატერიალური ნაგვის მოგროვება-გატანა, გადაყრა ან დაწვა ხდება, ისე მოეგროვებინა ყველა უკეთური მოგონება, ყველა შხამიანი ფიქრი და გადაეყარა, მოეცილებინა ერთხელ და სამუდამოდ.

ვაგლახ, რომ უძლურნი ვართ და ბუნების რა დიდ საიდუმლოებებსაც არ უნდა ახადოს ფარდა ადამიანმა, ალბათ, ვერასოდეს შეძლებს გონების განთავისუფლებას მისი საოცარი ბალასტისაგან, რომელიც გამძიმებს, გჭყლიტავს და სულის ამოსვლამდე გუშაგად გიდგას...

 

 

 

ნოსტალგია

 

ნოსტალგია მჭირს უწინდელი სალამ-ქალმისა მხოლოდ იმიტომ, კაცს შეხვედრისას რომ ჰკითხავდი: «როგორა ხარო?» «კარგადო!» - მკვირცხლად გიპასუხებდა და სწრაფად კითხვას შეგიბრუნებდა: «თავად როგორ ხართ? როგორ ბრძანდებითო?» დღეს პირს არიდებს ნაცნობს ნაცნობი; საქართველში ეს არ ყოფილა (ან იქნებ იყო და მეორდება?!).

სხვაც დაგვიგროვდა კიდევ მრავალი - არგაგონილი, არნახული... ჩამოთვლით თავი ვის შევაწყინო, ან რას გავხდები მხოლოდ ჩამოთვლით, თუკი დავრწმუნდი, იოტისხელა რაიმეს შეცვლა არ შემიძლია... და ეს მაწვალებს, ამის შეგრძნება, ყველაზე მეტად...

 

 

წვიმა

 

თბილისიდან ორიოლამდე მატარებლით ვიმგზავრეთ დედამ, მამიდამ და მე. იქიდან კი სოფელ პერვი სოვეტსკი ვოინამდე ტაქსით მოგვიხდა ჩასვლა. მძღოლმა რომ გაიგო, მამის საფლავზე ვიყავით ჩასული თბილისიდან, აღარ მოგვცილებია და კიდევ კარგი... უცხო ადგილზე უმეგზუროდ ძალიან გაგვიჭირდებოდა. ტაქსით მივედით საძმო საფლავზე, საგულდაგულოდ მოვლილსა და მოსუფთავებულზე. როცა ვეებერთელა ქვაზე ამოტვიფრულ გვარებს შორის ჩვენი ვერ ვიპოვეთ, გაკვირვებულნი დავრჩით... არადა, ხელთ გვქონდა წერილი აქაური სოფლსაბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერით, სადაც გვატყობინებდნენ, რომ მედსამსახურის უფროსი ლეიტენანტი ხმალაძე შალვა პანტელეიმონის ძე ომის შემდგომ სოფელ ბოლოტოვოდან (სადაც 1943 წელს დაიღუპა) გადასვენებული იყო სოფელ პერვი ვოინში. სამივენი მივჩერებოდით წარწერებს და უკვე იმას ვფიქრობდი, რომ ხანგრძლივ მიმოწერაში (სხვადასხვა ორგანიზაციებსა და პიროვნებებთან) არც ერთ ინფორმაციას, არც ერთ სიტყვას ჩემში ეჭვის ნატამალიც კი არ აღუძრავს. ახლა კი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, რომ ტყუილად ჩამოვსულვართ... ამ დროს ტაქსის მძღოლმა ჭირისუფლის ხმით გვითხრა: «გ» не °ჭ±±І°ჭивჭйІе±ј, ІіІ неჰჭлеко е±Іј вІо°ჭї ხ°ჭІ±кჭї моჯилჭ, ї вჭ± оІвезі...» მიგვიყვანა იქ... ისევ ქვა, ისევ ომით შეწყვეტილი წუთისოფლის სტუმართა გვარები. დაძაბულები ვართ, დაღლილობას ვერ ვგრნობთ და უცებ, მე და მამიდაჩემი ერთად ვყვირით: «აქ არის»... და წაგვსკდა ცრემლი, ცრემლის ნიაღვარი... ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია, მოთქმით მით უმეტეს. მე და მამიდა ხმამაღლა მოვთქვამდით. დედა იქვე იდგა გაოგნებული - ტუჩის კუთხეებზე თუ შეამჩნევდა კაცი, რა ხდებოდა მის არსებაში, მაგრამ ტირილით არ უტირია. არ უტირია იმიტომ, რომ ტირილი არ იცოდა... ქმრის დაღუპვის შეტყობინება რომ მიუტანეს, მაშინ კი უტირია ბევრი - ცრემლი საიდან მომდიოდა, არ ვიცოდიო. მე მაშინ 3 წლის ვყოფილვარ, ჩემი და ექვსის... თქვენ გადამარჩინეთ სიკვდილსო. მას მერე აღარ უტირია, სიცილით კი...ერთადერთხელ მინახავს გულიანად გაცინებული.

ცრემლი ისევე უცბად შეწყდა, როგორც წამოვიდა. ჩვენს გარშემო რამდენიმე იქაური მკვიდრი შეიკრიბა. ქალები იცრემლებოდნენ - ჩვენ ვეცოდებოდით, თუ თავიანთები ჰყავდათ სატირალი? უცხო გამვლელს შეიძლება ისიც ეფიქრა, რომ ჩვენ ყველანი ერთი მიცვალებულის ჭირისუფალნი ვიყავით. კაცები გვებოდიშებოდნენ - ჩვენი სოფლის თავკაცი შვებულებაშია, ისე კი, წინასწარ რომ შეგეტყობინებინათ, სხვანაირად დაგხვდებოდითო.

სუფრის გაშლას რომ შევუდექით, იქაურებმა დაშლა დაიწყეს. ვთხოვეთ, დარჩენილიყვნენ, მაგრამ ძალიან თავაზიანად მადლობა გვითხრეს და დაგვემშვიდობნენ. ტაქსის მძღოლს რაც შეიძლება სწრაფად ავუხსენი, რომ ჩვენებური წესით, საფლავზე რაღაც ქელეხის მაგვარს ვაპირებდით და აქაურები გვჭირდებიან, რომ ეს წესი შესრულდეს-მეთქი. ისიც დავამატე, - ხომ ხედავთ, ჩვენ კაცი არ გვახლავს თან, ამდენს იმიტომ გაწუხებთ-მეთქი, როგორმე დაარწმუნე, რომ მობრუნდნენ, დიდხანს არ გავაჩერებთ-მეთქი.

1984 წლის გვიანი შემოდგომა იყო, ნოემბრის დასაწყისი. მაშინ არ ჭირდა პროდუქტი და სამი ქალის ნახელავ-ნალოლიავები საძმო საფლავზე იწონებდა თავს. სასმელიც, ჩვენებური ღვინო და არაყი საკმარისად გვქონდა წაღებული. ხილი და ნამცხვარიც არ აკლდა სუფრას.

მძღოლმა კი მოაბრუნა 10-12 ადამიანი, მაგრამ საოცრად მორიდებულნი იყვნენ. სანამ ჩვენვე არ მივაწოდეთ სათითაოდა, ლუკმა არ გაუტეხიათ. მოკლედ მოვუყევით, როგორ ვეძებდით მამის საფლავს, როგორ მოგვეხმარნენ სრულიად უცხო ადამიანები და როგორი მადლიერი ვართ მათი ყველასი, რომ ამ პატარა სოფელში, რომლის არსებობა არც კი გაგვეგო, ომში დაღუპულთა საფლავს ასე უვლიან და პატრონობენ და ახლაც, ამ წეთებში, პატივი დაგვდეს და გვერდში დაგვიდგნენ. ტაქსის მძოღლმა მოიბოდიშა, ქალაქში უნდა დავბრუნდე, მეორე ცვლაში სამსახურში გავდივარო. ეს სიტყვები იმის ნიშნად მივიღე, რომ მგზავრობის საფასური უნდა ამენაზღაურებინა და რაოდენ გაოცებული დავრჩი, როცა წინასწარ მორიგებულ და შეთავაზებულ თანხას ხელიც კი არ ახლო: მე არ ვიცოდი, თქვენ რა საქმეზე მოდიოდითო. მამიდამ არყის გატანება მოინდობმა და ერთი ნახევარლიტრიანი ბოთლი ძლივს გაატანა. ამაზეც უარს ამბობდა. ბოლოს დაგვარიგა - ავტობუსები ყოველ ნახევარ საათში დადიან და პირდაპირ ქალაქის სადგურში მიგიყვანენო. დაგვემშვიდობა და წავიდა. ღმერთმა გაახაროს...

საფლავზე შევასრულეთ, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. თბილისიდან წამოღებული მიწა იქვე მოვაპნიეთ, ვთქვით სულის სახსენებელი, ჭიქასაც პირი წავუქციეთ ჩვენებურად. სოფლის მკვიდრთა სამადლობელიც კიდევ ერთხელ ვთქვით. მთელი ამ ხნის განმავლობაში დედას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ერთხელ, როცა ხაჭაპური და ხორცი მივაწოდე, ძალიან ჩუმად მითხრა, ვერ შევჭამო... იქ მოსულთ ათვალიერებდა და ხანდახან ზევით იყურებოდა - ხის კენწეროებზე გადაჰქონდა მზერა. ცა მოწმენდილი იყო, ფრინველთა გუნდი დაგვტრიალებდა თავს... სრულიად მოულოდნელად რამდენიმე მსხვილი წვეთი დაეცა გაშლილ სუფრას. რამდენიმე წუთში კიდევ განმეორდა. «გозможно, пойჰеІ ჰожჰј», - თქვა ერთმა, - «გ» не ხе±покойІе±ј, ·е°ез ჰо°оჯі нჭё ჰом». წვიმა თითქოს აყოვნებდა, ალაგება დავიწყეთ. აქაურები, უფრო მამაკაცები, ყვებოდნენ, ვისაც რა ახსოვდა ომისდროინდელი პერიოდიდან.

თითქმის გამზადებული ვიყავით წამოსასვლელად, რომ გაწვიმდა. წვიმას ვამბობ იმიტომ, რომ ციდან მოდიოდა, თორემ ასეთი რამ არ მინახავს. კოკისპირული მინახავს, მაგრამ ეს სულ სხვა იყო...  «რჭкоჯо ჰожჰї зჰе±ј не ხ»вჭло, ЅІо ჰіёჭ покойникჭ °ჭჰіеІ±ї, ·Іо в» п°иеµჭли», - თქვეს იქაურებმა. სასწრაფოდ გადავირბინეთ გზაზე, რათა თავი სახლისთვის შეგვეფარებინა...

«ნეტავ, მართლა თუ გაიხარა მამაჩემის სულმა ზეციურ სასუფეველში?» ვფიქრობდი ჩემთვის, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ადამიანები, ძალიან ხშირად იქ ვიჩენთ თავსატეხს, სადაც ყველაფერი უმაღლესი წესრიგით არის ადგილმიჩენილი.

ჭეშმარიტად გაიხარა მამაჩემის სულმა ზეციურ სასუფეველში, - ვფიქრობ ახლა...

 

 

საით მივდივართ?

 

რა მოხდებოდა, ადამიანს ადამიანურ ცბიერებასთან ერთად ლომის ძალაც ჰქონოდა, დათვივით ფლიდი ყოფილიყო, თავზარდამცემი, სიდიდით სულაც ვეშაპივით, უზარმაზარი, გველური გესლი ჭრელ იერთან შეჰხამებოდა და სინანული-შებრალება არა სცოდნოდა, ხოლო ხსოვნა, სირცხვილი და მით უმეტეს, სიყვარული იმდენად მიუწვდომელი ყოფილიყო მისთვის, რომ თავისივე მსგავსის დანდობა გამოერიცხა? ვინმემ ახირებად რომ არ ჩამითვალოს ეს, ერთი შეხედვით, თითქოსდა მიზანთროპული შეკითხვა, გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ არსება - ასეთი ან მსგავსი ნიშნებით, უკვე არსებობს და არა ერთი...

ტელევიზიით აჩვენებენ ორთაბრძოლებს, რომელთაც «წესების გარეშე» ჰქვია რატომღაც, ისე «უწესო» უფრო ესადაგება მათ ფორმას, რომელსაც შინაარსი (ალბათ, ფულის მოგების გარდა) არ გააჩნია... მოპაექრენი - უზარმაზარი არსებები კაცებს კი ჰგვანან, მაგრამ სხვაა - ახალი ჯიში, ადამიანის რომ არ შერჩათ არც რა იერი... მაგრამ უფრო გულსაკლავია იმის დანახვა, ბრბო რარიგ ღელავს - ტრიბუნები ღრიალებს რისხვით...

დღეს ორთაბრძოლები, უწესონი, სიძულვილით დამუხტულია... საუკუნეებს ითვლის გზა, რაც გამოვიარეთ - ეს ხომ იყო და, გვეგონა, რომ დასამარდა. უკან ვბრუნდებით? კი, მაგრამ რისთვის? ნუთუ სიყვარულს სიძულვილმა გადაამეტა, თანაც იმდენად, რომ სისხლისა და ტკივილის დასანახად ფულსაც იხდიან...

ო, დედამიწავ, დაგვიტოვე უბრალო მოკვდავთ რამე იმედად და ნურასოდეს, ნურასოდეს გამხდარიყავ მათი პლანეტა...

 

 

რატომ იმძლავრა ქარაშოტმა?

 

ღამეს შეერწყა ქარაშოტი დაუნდობელი. უკუნი იყო მისი მერდინი - დარჩენილიყო მთვარის შუქისა და იმედის სხივის გარეშე. წამოსდებოდა ალაგ-ალაგ გაბმულ მავთულებს, გახლართულიყო, და ცდა მისი იყო ამაო - დარჩენილიყო სრულიად მთელი და უვნებელი. სტვენდნენ, კვნესოდნენ ერთდროულად ის მავთულები, თითქოსდა ჩელოს, სიმებაშლილს, ეხებოდა მაესტროს ხემი...

ქალის შეკივლებამ სულ ერთი წამით დაარღვია მდინარება ქარაშოტისა. შეწყდა თუ უკან დაიხია სულ ერთი წამით?!. ისევ აკვნესდნენ მავთულები და ბავშვის ტირილს გაკვირვებით მიაყურადეს... მომეჩვენა, თუ მართლა ვიღაც შველას ითხოვდა?! კიოდა, ეგებ, სული ობოლი ყველას მაგივრად, ვისაც სტკიოდა; ყველას მაგივრად, ვისაც სციოდა; ყველას მაგივრად, ვინც მოატყუეს... ვის? ვის შეეძლო ბავშვის გარდა, ასე ტირილი?

დიდი ხანია გაკვირვების ამარა დავრჩით, და წარსულისთვის უჩვეულო ამბებიც კი დღეს მხოლოდ ხელჩასაქნევი შეიქნა ჩვენთვის...

უფრო იმძლავრა ქარაშოტმა. მუხა იპოვა ეულად მდგარი, მას შეუტია, რაც დარჩენოდა - ღონით და ძალით... შემოჭდომოდა ძლიერ მუხას, ვით ბოლო იმედს, სულიერება, გათელილი და გულშეძრული და ქვითინებდა, ქვითინებდა ცხარე ცრემლებით.

ისევ კვნესოდნენ მავთულები, დაჭიმულები ვით ნერვები განსაცდელის ჟამს... ისევ კიოდა სული ობოლი... რა, რა მეღონა იმ ყიამეთში? მარტო ვიყავი და ერთადერთი, რაც შემეძლო, ეს იყო მხოლოდ - გავრინდულიყავ ლოცვა-ვედრებით ღვთის წინაშე მუხლმოდრეკილი...

და გავირინდე...

 

 

შეშის ფული

 

ცოლ-ქმარი ქორწილში იყო დაპატიჟებული. ცოლი ცუდ გუნებაზე დახვდა სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს.

- შეშა დღესაც არ მოიტანე? - ცივად ჰკითხა, - შენ ფულს დახარჯავდი, თორემ...

- არ დამიხარჯავს, - მშვიდად უპასუხა კაცმა, - კვირაობით უფრო იაფია, მეტი ჩამოაქვთ ქალაქში. ხვალ აუცილებლად ვიყიდი... გავიპარსავ და დროზე გავიდეთ, დღეს ლუკმა არ მიჭამია.

- მეც ქორწილის პურმარილს ველოდები, - უცებ მოვიდა გუნებაზე ქალი და ქმარს მომზადებული ტანსაცმელი გამოუტანა.

- თბილად ჩაიცვი, კარავი კი აქვთ გაშლილი, მაგრამ თავიდან ეციება, - უთხრა კაცმა ცოლს.

ქორწილი იქვე იყო, უბანში, შორს წასვლა არ დასჭირვებიათ. სამასკაციანი სუფრა მექორწილეებს ელოდა. კაცმა მეზობელ ქალებთან დასვა ცოლი.

- აბა, გენდობით და გაბარებთ ხელწერილის გარეშე, - გაეხუმრა მათ და მაგიდების რიგს გაუყვა; თვითონ ცოტა მოშორებით კაცებთან დაჯდა.

ერთმანეთის დანახვა თავისუფლად შეეძლოთ. ლხინი ძალას იკრებდა ნელ-ნელა. ხმაური მატულობდა. სადღეგრძელო სადღეგრძელოს მოსდევდა. ქეიფის ეშხში შესულმა კაცმა ცოლს ხელი აუწია, მისალმებისას რომ იციან, ისე. გაიხარა ქალმა, კარგა ხანს ქმარს თვალს ვერ აცილებდა - ზედმეტად მთვრალი ჩანსო, ფიქრობდა.

ნეფე-პატარძალი საცეკვაოდ რომ გამოიყვანეს, გაძლიერდა მუსიკაც და ტაშისცემაც. ბევრმა გაიკრა ამ დროს ჯიბეზე ხელი. პატარძალს ცალკე აწვდიდნენ შაბაშს, მუსიკოსების მაგიდაზეც ცალკე დებდნენ.

სწორედ ამ დროს ქალმა თვალი მოჰკრა, როგორ წამოდგა მისი ქმარიც, როგორ ამოიღო პიჯაკის გულისჯიბიდან ფული და მოცეკვავე პატარძალს მიაწოდა. ცოტა ხნის შემდეგ კი მუსიკოსების მაგიდასაც გადასწვდა... «რას შვრები, რას?» - უნდოდა ეყვირა ქალს და ამის ნაცვლად მწვანილს მისწვდა და წიწკნა დაუწყო. აერია გუნება - აღარ აინტერესებდა, რა ხდებოდა ირგვლივ. მისი ფიქრი მხოლოდ ერთს უტრიალებდა - საქორწილო საჩუქრად სამეზობლოში ფული უკვე შეკრებილი ჰქონდათ და მათი გვარი სიის თავშიც ეწერა, «ახლა კიდევ ამდენი ფული რისთვის გადაყარა წყალში»... არ ცხრებოდა გონება. «ეს ღვინო როგორ ურევს კაცებს ჭკუას», ცეცხლზე ნავთს ასხამდა ქალური წყენა. გვერდზე მჯდომ მეზობელს გადაულაპარაკა ქალმა - «სახლამდე მიმაცილე, რაღაც ვერ ვარ კარგადო»,

- დიდხანს რომ იჯექი, ალბათ, იმიტომ... სახლში აუცილებლად წამოწექი, - მოძღვრავდა მეზობელი, მაგრამ ქალს არაფერი ესმოდა, «აკი ხვალ აუცილებლად მოვიტანო, რითი უნდა მოიტანოს, საინტერესოა...»

მეზობელმა სახლამდე მიაცილა, «ხომ არ შემოგყვეო?» - ჰკითხა. «არა, მადლობთ, დავწვებიო», ჩუმად უპასუხა ქალმა და სახლში შევიდა.

მეზობელი კარავში დაბრუნდა, გარეთ უკვე ციოდა. შიგნით ჰაერი ღვინისა და მწვადის სუნით, სიგარეტის ბოლით და მხიარულებით გაჟღენთილიყო. შუაღამე დიდი ხნის გადასული იყო, მექორწილეები რომ აიშალნენ. დაიწყო დამშვიდობების ჩვეული ცერემონია. კაცები ერთმანეთს ძმობას ეფიცებოდნენ, უკვე მერამდენედ. ქალები მოთმინებით, ზოგი პირზე ღიმილითაც, ელოდებოდნენ მათ.

ჩვენი ნოველის გმირიც დაემშვიდობა მასპინძლებს, ნაცნობ-მეგობრებს, მეზობლებს და კარვიდან გარეთ გამოვიდა. მერე ისევ შეტრიალდა შიგნით და ცოლს დაუწყო ძებნა. მეზობელმა, რომელმაც მისი ცოლი გააცილა, უთხრა:

- ცოტა ვერ იყო კარგად და სახლში მივიყვანე...

- რამდენი ხანია? - ნასვამი ადამიანისათვის უჩვეულო სიმკვირცხლით იკითხა კაცმა.

- ორი საათი იქნება, ან ცოტა მეტი...

კაცი სახლისკენ გაეშურა იმ სიჩქარით, რის საშუალებასაც სიმთვრალე აძლევდა. სახლს რომ მიუახლოვდა, თითქოს გამოფხიზლდა, რატომღაც პიჯაკის გულისჯიბე მოისინჯა და ცოტა ხნით გაირინდა. მექორწილენი ჯგუფ-ჯგუფად მიჰყვებოდნენ გზას... სახლიდან შუქი არ გამოდიოდა. «ალბათ, სძინავსო», - გაიფიქრა და გზა განაგრძო, ქვეითად მიმავალთ შეუერთდა. ორი გაჩერება ფეხით გაიარა და ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში შევიდა. თითქმის გამოფხიზლდა. მეორე სართულზე ასვლა არ გასჭირვებია. სანამ ზარის ღილაკს დააჭერდა, საათს დახედა. ხუთის ნახევარი იყო. ორ-სამ საათში ინათებდა კიდეც...

ზარს ზედიზედ დააჭირა - გაბმულად და მოკლედ.

- ვინ არის? - გაისმა შიგნიდან.

- მე ვარ, დედა.

კარი სწრაფად გააღეს:

- რამე მოხდა, ცუდად ხომ არ არის? - შეეგება დედა.

- არაფერი. ნასვამი ვარ, ახლა დამასვენე, დილით გეტყვი ყველაფერს. ბავშვი ხომ კარგად არის?

- კარგად არის.

დედამ დივანზე გაუშალა ლოგინი. სანამ დაწვებოდა, კაცმა მძინარე შვილს დახედა და ძალიან ფრთხილად შუბლზე აკოცა. «ღამე მშვიდობისა» არ დავიწყნია დედისთვის.

დილით, რვის ნახევარზე უკვე ფეხზე იყო. აივანზე გავიდა - შემოდგომის მიწურულს სიცივე დამჩნეოდა... ისევ დახედა ბავშვს. დედის ადგომას დაელოდა.

- დილა მშვიდობისა. დე, ფული მჭირდება ხელფასამდე. დღეს შეშა აუცილებლად უნდა ვიყიდო. წუხელ ქორწილში შემომეხარჯა ფული.

- კარადის უჯრაში ნახე. რამდენიც გჭირდება, აიღე...

- კარგი, საღამოს გამოგივლით, რა წამოგიღოთ?

- ვაშლი წამოიღე ბაშვისათვის.

- კარგი, წავედი...

ჭიშკართან სატვირთო გაჩერდა. მანქანის ხმაურმა გააღვიძა ქალი. ადგა, ხალათი მოისხა და ფანჯრიდან გაიხედა. ქმარი ჭიშკარს აღებდა, რომ სატვირთო ეზოში შესულიყო. «როგორ, როგორ?» თვალებს არ უჯერებდა ქალი. ღიმილით გამოეგება ქმარს, მაგრამ სიცივემ უცებ შეაბრუნა სახლში.

მძღოლმა მანქანის დაცლა დაიწყო. კაცი სახლში შევიდა. ვაშლით სავსე პარკი მაგიდაზე დადო.

- როგორ არის? - ტკბილად ჰკითხა ცოლს და მუცელზე ფრთხილად შეახო ხელი.

- კარგად, ამას რა უჭირს. - უპასუხა ქალმა და მეუღლის ლოყას მიაწვდინა ბაგე.

კაცმა ტანსაცმელი გამოიცვალა და სანამ ეზოში მისახმარებლად გავიდოდა, ქალს უთხრა:

- თბილად ჩაიცვი, ცივა. საღამოს დედას გავუაროთ. ბავშვს ვაშლს მივუტანთ.

ჩემო კეთილო მკითხველო, გადავწყვიტე ამით დავამთავრო ერთი ოჯახის მცირე ეპიზოდი.

მჯერა, თითოეულ ოჯახს თავისი ანგელოზი ჰყავს მფარველად და მეოხად. მაგრამ ყველა ანგელოსს - ესეც მჯერა - მხოლოდ ოჯახის წევრთა ურთიერთსიყვარული და გაგება ასულდგმულებს. ის, რასაც სიყვარულის საფანელს ვაკლებთ, ჩვენ აღარ გვემორჩილება. ქალისა და კაცის აღქმებიც, ასე ძალიან რომ განსხვავდებიან, ერთხელ კიდევ შეგვახსენებენ, რომ ერთმანეთისკენ მხოლოდ თითო ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი...

 

 

 

სინანული

                 ვაჟა მელქაძის და ანზორ ხიდაშელის ხსოვნას

 

შეხვედრისას პირზე ღიმილი, მზერაში დარდი... ღიმილი წრფელი, თვალები კი არასოდეს ტყუოდნენ. და კიდევ, უცნაური მორიდება და სითბო, სითბო აუწერელი.

ვაჟა და ანზორი, ჩვენი კლასელები, ჩემი მეუღლის მეგობრები, ჩემებიც... ჩემთან შეხვედრები ეპიზოდური, დიდი შუალედებით. მათი, კაცების ურთიერთობა, სხვა იყო - კაცური  და მტკიცე, შეხვედრებიც შედარებით ხშირი, თუ არ ჩავთვლით ბოლო რამდენიმე წელიწადს, რომელმაც ყველაფერი ამაღლებული უკანა პლანზე გადასწია, იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ცხოვრების სიდუხჭირე...

რა უცნაურად მოვიწყეთ ადამიანებმა ყოფა, გულს რაც ეამება - ვიცით, მაგრამ არაფერს (თუ ვერაფერს?) ვაკეთებთ ამისთვის. გონების კუნჭულში საბაბი და მიზეზი მრავლად გვაქვს... დამაჯერებელიც - ძირითადად, უდროობა, უსახსრობა და არც ერთხელ გულგრილობა, უგულობა ან რაიმე ამის მსგავსი... და ერთ საზარელ დღეს, როცა მეხივით გეცემა ადამიანის სიკვდილი, გონების ის კუნჭული ცარიელდება ცრუ მიზეზთაგან, რომ ახლა იქ სულ სხვა გრძნობამ დაიდოს ბინა, გრძნობამ, რომელსაც სინანული ჰქვია...

 

 

რევანში აღარ შედგება

 

რამდენჯერ იყო, გემუდარებოდი, უძილო ღამევ; გთხოვდი - დამეხსენ, დამთავრდი მალე და სამუდამოდ თავი მანებე... და მე, უგნური, რევანშისთვის ვემზადებოდი, თანაც ისე, რომ არც კი ვიცოდი, რას ვაპირებდი შენს დასასჯელად...

გაგისტუმრებდი, უძილო ღამევ, და ჯავრით ისე ვიყავ დაღლილი - ვერც კი ვხედავდი, ლექსი ახალი უჩემოდაც რომ თავითავს წერდა...

მტერი მეგონე, შენ კი, თურმე, იმდენს მჩუქნიდი... ვნანობ მუქარას, რაც გაკადრე, ბოდიშსაც გიხდი... და მადლობასაც, იმის გამო, რომ მაიძულე, გადამეხედა ყველასა და ყოველისთვის, ვინაც და რაც მტრად მიმაჩნდა გუშინ, გუშინწინ...

ახლა პირიქით, სულ გელოდები და უნდა გთხოვო - ჩემმა ფიქრებმა ქვეცნობიერის ლაბირინთში კვლავ მომამწყვდიონ, ირრეალური გამარჯვებები, თუნდაც მცირე ხნით, მაზეიმონ და მომჭრან თვალი არარსებული ფეიერვერკით... აღარ მივიჩნევთ ფუჭ დროის კარგვად მე შენს სტუმრობას, უძილო ღამევ...

კვლავინდებურად გადმოაბიჯე ჩარაზულ კარებს, მე გელოდები...

 

 

დიდების ობელისკი სინიავაში

                            ვუძღვნი ვახტანგ ხმალაძის ხსოვნას*

 

«სადაურსა სად წაიყვან,

                                        სად აღუფხვრი სადით ძირსა...»

                                                            შოთა რუსთაველი

 

სინიაველებმა, რომელთაც პირველებმა დაინახეს სოფლის თავზე კვამლში გახვეული თვითმფრინავი, ყვირილი ატეხეს. მთელი სოფელი გარეთ გამოეფინა. თვითმფრინავი თანდათან კარგავდა სიმაღლეს და სოფლის განაპირას, მდინარისკენ ეკავა გეზი. ვისაც სირბილი შეეძლო, თითქოს ერთ ნაკადად იქცა და თვითმფრინავის კვალს გაჰყვა. დაინახეს, როგორ ავარდა ჰაერში ალი და თვითმფრინავი ცეცხლში გაეხვია. ვიდრე ის მდინარის ნაპირზე დაამთავრებდა განწირულ ფრენას, გაისმა საშინელი ხმაური -  ეს იყო თვითმფრინავის მტვრევის ხმა, სოფლელთა გმინვა რომ გადაფარა და იქნებ, იმ ბოლო წამების ფეთქვა, სამთა სიცოცხლე სამუდამოდ რომ შეაჩერა...

მდინარის ნაპირზე სამნი იყვნენ, ჯერ კიდევ - იყვნენ, რადგან სიცოცხლე სიკვდილთან ჭიდილს, თუნდაც წაგებულს, უცებ როდი სთმობს? რომელი სურათები აუფერადა სიცოცხლემ იმ საბედისწერო წუთებში სამ ახალგაზრდას, ცხოვრების აღმავალ გზას რომ შესდგომოდნენ, მაგრამ... ჯერ კიდევ იყვნენ ბედნიერნი (თუ უკვე ბედშავნი?) მათი დედები, სულისძვრა რომ ელოდათ რამდენიმე წამში... და თუ ავ წინათგრძნობას ჯერ კიდევ მხოლოდ იმედის ფარით იგერიებდნენ, რამდენიმე დღეში «პახარონკა» იმ ფარსაც ნაკუწებად უქცევდა...

ომის ხახამ ათასობით შეიწირა ასეთნი, და არც ესენი იქნებოდნენ უკანასკნელნი...

თვითმფრინავის ბოლო მდინარის ნაპირზე ეგდო, კაბინა იქვე - ფერდობთან. პილოტი სავარძელზე იყო მიბმული, დანარჩენი ორნი პირქვე იწვნენ შორიახლოს. ფრთხილად გადმოაბრუნეს ისინი უნებლიე თვითმხილველებმა და, როცა დარწმუნდნენ, ვეღარაფერს უშველიდნენ, თვალები დაუხუჭეს... ვინ თქვა, ქალის საქმეა ცრემლიო? კაცის თვალსაც სცოდნია ცრემლი, ცრემლი აუწონავი...

სადაურსა სად წაიყვანო? ჩანს, იმ ავბედითი ომის დროს (თუმცა რომელი ომი არ არის ავბედითი?) ეკიპაჟებს ინტერნაციონალური ნიშნით არჩევდნენ. ეს ეკიპაჟიც ასეთი იყო: პილოტი ანდრეი ჯიოევი, ოსი; შტურმანი ვახტანგ ხმალაძე, ქართველი; რადისტი ბორის გლაზირინი, მორდვინი. ესენიც, სხვა მრავალთა დარად ისე შეერწყნენ მარადისობას, რომ შვილ-ძირი არ დარჩენიათ. ვახტანგ ხმალაძეს დარჩა დედ-მამა, და ანნა, ძმისშვილები - მე და ჩემი და (შემდეგ შეგვემატნენ მამიდაშვილები), და კიდევ დარჩა მშვენიერი საცოლე, რომლის სურათიც, სხვა საბუთებთან ერთად უბიდან გადმოვარდნილი, სინიაველებმა იპოვეს და სინანულით დაათვალიერეს, ძნელად მისახვედრი აქ არაფერი იყო...

სამივე ახალგაზრდა სინიავას მიწამ ჩაიხუტა სამუდამოდ...

გაივლის წლები და ანნა ხმალაძე სინიავაში ჩავა ჯიოევის დასთან ერთად (მათი შეხვედრა 1982 წელს მოხერხდა, მაგრამ ეს უკვე სხვა ნოველის თემაა). ანნას გულის სიღრმეში ფარული სურვილი ამოძრავებდა, რომ დიდი ხნის შემდეგ ნაპოვნ ძმის საფლავს ახალ ადგილს მიუჩენდა მშობლიურ მიწაზე, უბედური დედ-მამის გვერდით; მაგრამ სინიავაში ჩასვლისას დარწმუნდა, რომ მისი სურვილი უფრო მკრეხელური იყო, ვიდრე მართებული...

ვეებერთელა ობელისკი დაუდგამს სოფელს დაღუპული ეკიპაჟისათვის, მათი სახელებიც უკვდავყოფილია. ტრადიციად უქცევიათ აქაურებს - ღირსშესანიშნავი მოვლენები აქ, ამ ობელისკთან აღნიშნონ...

გულში ვერ დაიტია მამიდამ მადლიერების გრძნობა ყველა ადამიანის მიმართ, რომლებსაც რაღაც წვლილი მიუძღოდათ დაღუპული ძმის საფლავის პოვნაში. გადაწყვიტა - შეეკრიბა ყველა ერთად, ჩამოეყვანა თბილისში და ჩვენებურად მადლობა ეთქვა მათთვის. ეს არ იყო მხოლოდ ქელეხის სუფრა წმინდა გაგებით...

ვინც შეძლო, ჩამოვიდა. მათ შორის იყო ანდრეი ოვსიანიკოვი, ომის ვეტერანი, რომელიც პირადად იცნობდა აფეთქებული თვითმფრინავის ეკიპაჟს. მას კარგად ახსოვდა ვახტანგის იუმორის ძალა და ბევრიც გვაცინა. იყო ცრემლიც, მაგრამ სჭარბობდა ის გულითადობა, რაც ადამიანებს სამუდამოდ აკავშირებს ერთმანეთთან.

რა ცოტა გვყოფნის ადამიანებს...

 

 

ქაღალდს განდობილი ფიქრები

 

ნაწილი პირველი

 - ხიდების მსგავსად ილეწებიან კაცნიც, ცხოვრების წყალდიდობას რომ ვერ უძლებენ; დასანანია - ხიდი უფრო მალე შენდება, ვიდრე კაცის ადგილს კაცი დაიკავებს...

- ყველაზე დიდ ტვირთს იმედი ზიდავს. მას დასვენება არ ჭირდება?!

- კაცი თავად კლავს საკუთარ იმედს, ეშმაკის ჩიჩინს ყურს უგდებს როცა...

- რა ომს მოვუგებთ სხვას, თუ საკუთარ თავთან ყაიმიც სანატრელი გვაქვს?

- ყველა ჭიდილში მხოლოდ დროა შეუვალი არბიტრი...

- სიმართლის გემზე იუნგად თუ ეკურთხე, სიცრუის შტორმსაც უნდა გაუძლო...

- ძნელია გულგრილად ჩაუარო დამეწყრილ სახლებსა და გზებს. აუცილებლად შეამჩნევ, გეტკინება, დაფიქრდები... დამეწყრილ გულებს ერთეულები ამჩნევენ...

- მორალის კანონებიც რომ თავად მოქმედებდნენ ბუნების კანონების დარად, რამდენი სიავე აგვცდებოდა...

- გასაკვირია, ზოგიერთი ადამიანის თვალში ბავშვური მზერა გამოკრთის, ჯერ სიცრუით ხელუხლებელი...

- ნარცისიზმიც, ისეთივე ადამიანურია, როგორც ცრემლი ან სიცილი. სხვა საქმეა, თითოეული ჩვენგანი როგორ ნიღბავს მას...

- სიყვარულიც ადამიანისაა და განზრახ მკვლელობაც... უდიდესი ტრაგედიაა, როცა პირველის გამო მეორე ხდება...

- თუ აღარ გიყვართ, გახსოვდეთ მაინც, როგორ გიყვარდათ...

- ჯაჭვით დაბმული სიყვარული აწყვეტას ლამობს, აბრეშუმის ძაფი უფრო ხიბლავს მას...

- დიდი სიყვარული არავისი სწამდა. მხოლოდ ხანმოკლე, მხოლოდ პატარა იყო მისი ჰობი...

- უკვირდათ: ეს ორნი რატომ ვერ უგებენ ერთმანეთსო? ის ერთი - თავის შვილებთან ერთად სხვის შვილსაც ზრდიდა (თავისივით!), ის მეორე კი - თავისი შვილებიდან არც ერთს არ ზრდიდა; ცოლებთან გაცილებული ვარო...

- რა ადვილად ახერხებს ჩვილი ბავშვი მხოლოდ ერთი ბგერით ყველაფრის გამოხატვას. მოუსმენ ტრიბუნიდან ზოგიერთის ხანგრძლივ პათოსს, და რა უნდა, ვერ გაიგებ...

- დღეს ყველაფერი მეცნიერულად მუშავდება: რობოტის სენსორული სრულყოფაც და ადამიანთა გამოთაყვანების საშუალებებიც...

- დამანქურთების ტექნოლოგია შეუდარებელი ოსტატობითაა აღწერილი ერთ-ერთ რომანში.* (* «და დღე იყო საუკუნეზე გრძელი» - ჩინგიზ აიტმატოვი) სულ მიკვირს, როგორ ჩნდებიან მანქურთები, რომელთაც აქლემის ტყავი არ შეხებია...

- უბრძანეთ ადამიანებს დაღმა სიარული, აღმართებს თვითონ შეუდგებიან...

- ყველაზე რთულ პარტიას ღმერთი თამაშობს სატანასთან...

- «სტუმარი ღვთისააო!» «რომლისაო?» - დაიბნა ურწმუნო კაცი.

- ბევრი იწვალა, თუ ცოტა იწვალა, საკუთარი თვალიდან დირე მაინც არ ამოიღო...

- სულის მარადიულობა არ  სწამდა... თავის ადგილს ვერ ხედავდა იქ...

- ხანდახან იმასაც უნდა ველოდოთ, რასაც არ ველოდებით...

- სინდისი თუ თვლემას იწყებს, შეიძლება საღათას ძილიც მოერიოს...

- ტალახის მსროლელი მუდამ ნათელ სამიზნეს ირჩევს...

- მწერლის ნურაფერი შეგვშურდება - ყოველ სტროფში თუ აბზაცში ხარკს ნატურით იხდის - ტკივილით.

- თავი ძალიან მაღლა ეჭირა - სალმით არ შემაწუხონო, და ვერ ამჩნევდა, რომ აღარ ესალმებოდნენ.

- ფხიზლად იყავით! მუზები ჩუმად აკაკუნებენ...

- ეშმა მუდამ ზნეობის ტოტს ერჩის - თვითონ ხომ არ ზის ზედ...

- ძვირფასმა ქვამ თავისი პირველყოფილი სიდიადე დაიწუნა და უამრავ ბეჭედში უმცირეს ნამსხვრევებად გაიფანტა... ნანობს ახლა, რომ მრავალი უღირსის ხელს ამშვენებს, მაგრამ დამსხვრეულს რა გაამთელებს?!

- დრომ იფიქრა, იფიქრა და დღეებისა და წლების გარდა წამები და საუკუნეები მოიგონა - უფრო დამაფასებენო...

- ვინ ისვრის ქამანდს? დიდება (შემოქმედისკენ), თუ შემოქმედი (დიდებისკენ)?

- ადამიანურ ერთგულებას თავად ადამიანმა გამოაცალა საფუძველი, როცა ძაღლურ ერთგულებას მეტი პატივი მიაგო.

- ეშმაკსაც იუმორის გრძნობა ჰქონია - ზარმაცს ძილქუში შეყარა და ამით დაასვენა, ღორმუცელას ზედმეტი წონა აჰკიდა - თავად ატაროსო...

- «ეშმაკს ქვესკნელში ჩავყვები და მაინც დავუმტკიცებ ჩემს სიმართლეს», - ამბობდა მართალი კაცი, და ეშმაკისაგან დაგდებულ პირველსავე ქვას ისე წამოჰკრა ფეხი, გზა ვეღარ განაგრძო...

- «წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო». ეს ქართული ანდაზა კაცურ კაცებზეა ნათქვამი!

- ყველაზე მძიმე გზა საკუთარი სულისკენ მიმავალი გზაა. აქ მეტი შლაგბაუმია, ვიდრე სხვა გზებზე, ერთად აღებული...

- თოხის ტარს დროშის ტარი ამჯობინა. კოჟრები მოირჩინა, მაგრამ დროშების ფერები ერთმანეთში ერეოდა...

- შედევრი ნაპერწკლებს ყრიდა. კრიტიკოსთა გულმოდგინებამ შედეგი გამოიღო - ხანძარი არ გაჩენილა. ავტორიც მშვიდობიანად გაიყვანეს ცეცხლსაშიში ზონიდან...

- მზემ გენიოსს უსაყვედურა: ასე თუ გააგრძელებ, სულ დამჩრდილავო... კარგიო, - უპასუხა გენიოსმა და დაისვენა.

- არაკეთილმოსურნენი პირველ რიგში კითხულობდნენ მის ნაწერებს, აღტაცებითაც, რასაც მერე უგუნებობა სცვლიდა; შური ბოლოს მობრძანდებოდა ხოლმე...

- ნათქვამია: «სხვას საფლავს ნუ გაუთხრი»... მესაფლავეებსაც ლუკმაპური სჭირდებათ (!).

- მტერს თუ ერთი საქებარი სიტყვა დასცდა, მოემზადე - ლანძღვის ნიაღვარმა არ წაგლეკოს...

- ვინც მხოლოდ თვალებით ხედავს, ჩასახედად სარკეც ეყოფა.

- ვერაფერს ვხედავო, წუხდა ადამიანი, რომელიც მიკროსკოპს დახუჭული თვალით ჩასჩერებოდა.

- ხელი გამოგიწოდათ დასახმარებლად? უცნაურია! მაინც ფრთხილად იყავით...

- თუ ოპონენტის ნაღვაწში ხინჯს ეძებთ, გამადიდებელ შუშას ნუ იხმართ - ის კარგსაც გაადიდებს...

- სულ რაღაცას ეძებდა მისი სული. არეულ ქვეყანაში ჩამოგდებული ძეგლის კვარცხლბეკი იპოვა, აბობღდა ზედ და იმდენად მოეწონა, იქ დარჩა...

- სულს არ სჭირდება პოდიუმი, რადგან ჟიურიში მხოლოდ ღმერთი იქნება...

- ღირს საკუთარი სულის უფსკრულეთი დავლაშქროთ. იქიდან ამოსულს ბევრისადმი სიძულვილი სიბრალულით შეგვეცვალოს ეგებ!..

- სულიერების მწვერვალისკენ მიმავალთ, ალბათ, ნებისმიერი ჯილდო ზედმეტ ბარგად ეჩვენებათ...

- სანამ ქარონის ნავში მოხვდებით, ჯიბე კარგად გაისინჯეთ - ცარიელი არ გქონდეთ...

- პროკრუსტეს სარეცელზეც არ იტყოდა უარს. აშკარად გრძნობდა - მიზნის მისაღწევად გაჭიმვა სჭირდებოდა...

- პროკრუსტესთან კაცი აფრინა - «ფეხებს ნუ დამაჭრისო». «კარგი, - დათანხმდა პროკრუსტე, - მაშინ თავს მოვჭრიო»...

- რა ჰუმანურია სიზმარი: მასში ფეხდაბორკილობას, როგორც წესი, ფრენა აკომპენსირებს...

- თეთრმა მერანმა უგუნურთა ქვეყანასაც ჩამოუქროლა ცნობისმოყვარეობით - რას იზამენო? დასაჭერად გამოედევნენ, ძლივს გამოასწრო. შეხტომას კი არავინ ცდილა...

- ვიჩქაროთ, ვიპოვოთ საკუთარი თავი. რა ვიცით, მარადიულობის სადგურში მოვიცლით ამისთვის?

- ხმაურით ნაკეთები სიკეთე ღმერთს არ ესმის...

- ეს ზეცაა გულმოდგინედ რომ გვარჩევს და გვახარისხებს, თორემ მიწა ერთნაირად გვიხუტებს ყველას...

- ირონიით უყურებს სინამდვილეს ჩვენი სიცოცხლე - დარწმუნებულია, მის ფასს მხოლოდ სიკვდილი გაამჟღავნებს...

- ზარი ყველასთვის რეკავს, მაგრამ ერთნაირად გვესმის? წყლის ჩხრიალი ხომ მწურვალისთვის უფრო გასაგებია.

- წინ, სულიერების მწვერვალებისკენ! რომელ საუკუნეს დაამშვენებს ეს მოწოდება? ისე ღრმად ჩავეშვით უზნეობის უფსკრულში, მწვერვალამდე გზა ძალიან გაგვიგრძელდება...

- კარგად ყოფნისას როდი გვახსოვს ღმერთი... გაჭირვების ჟამს გვახსენდება. იქნებ განსაცდელიც მხოლოდ უფლის ცდაა - თავის წიაღში შეგვაბრუნოს ნაკლებად მორწმუნენი...

- არის კაბინეტები, რომელთა კარი ყველა მთხოვნელისათვის ყოველთვის როდი იღება. ეს აქ, დედამიწაზე... რა შესაშური ვადაა მეორმოცე დღე, როცა მთავარი მსაჯული - უფალი უეჭველად მიგვიღებს ყველას. მე ახლავე ვემზადები; თქვენ?..

- განცხადება სულიერების მფლობელთა საყურადღებოდ: 21-ე საუკუნის დასაწყისი შეიძლება მეტად არაკეთილსაიმედო აღმოჩნდეს თქვენი განძისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ!

- რომელი ნორმალური ადამიანი არ ნატრობს საკუთარი «მერსედესით» ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მოხვედრას? აი, ზესთასოფლის «სასტუმროში» რომ შეიძლებოდეს მოხვედრა უსიკვდილოდ (!)...

- არ იყო ხარბი... ორად-ორი ნატვრა ჰქონდა: ახალგაზრდობაში - უჩინმაჩინის ქუდი, სიბერეში - უკვდავების წყალი.

- ცხრა წლის ბავშვს გემ «პობედაზე» (ამიხსნეს, რომ «ტროფეინი» იყო) მაჩვენეს აუზი, რომელშიც ჰიტლერს ჰყვარებია ცურვა... დღესაც მახსოვს ის აუზი და მასზე მიწებებული ჩემი ბავშვური მიამიტობა: «რომ დამხრჩვალიყო, მამაჩემი ხომ ცოცხალი გადარჩებოდა-მეთქი»...

- ისტორია წამლის ინსტრუქციასავით ყურადღებით წასაკითხი უნდა იყოს... სავალალოა, რომ ყოველი ეპოქის ისტორიას თავისი გაყალბებული ფურცლებიც ახლავს...

- სიმართლე ისე შეეჩვია ცხრაკლიტულს, იქიდან ვეღარ აგდებენ.

- წარმატებები ძნელი გასამეორებელია და ამიტომ, სულ გვახსოვს. შეცდომები კი ადვილად დასავიწყებელია, ამიტომ ხშირად ვიმეორებთ.

- გამზრდელი დედ-მამა თუ არ გყვარებია, სხვას როგორღა შეიყვარებ? ქრისტეს მცნებათაგან მეხუთე, შენთვის არ ყოფილა და დანარჩენ ცხრას როგორ მოერევი?!

- მარტოობა პოლუსია, ადამიანის სულის გამოსაცდელი...

- მერე რა, რომ ზოგიერთს სამშობლო სიკვდილის მერე ეფერება; ესეც რჩეულთა ხვედრია - მათი გვირგვინის ეკალი...

- ტყვიასავით გასროლილ სიტყვას ვერავინ მოაბრუნებს, ჯობს აზრის ჩახმახს მივხედოთ...

- ევოლუცია სახეზეა: ენამზეობიდან ლაყბობამდე. სტადიების გამოყოფას რა აზრი აქვს?

- მიზნის მიღწევა დროის საქმეა, სწორი მიზნის დასახვა - ჭკუისა.

- იმდენად სწრაფად აწინაურებდნენ, კვალის დატოვებას ვერ ასწრებდა.

- შეფზე გაბრაზებული ჯერ სავარჯიშო «მსხალს» უშენდა მუშტებს სიამოვნებით, შემდეგ ზოოპარკში მიდიოდა დამწყვდეული ლომების სანახავად...

- ყოველი დაწინაურების შემდეგ ცას სწვდებოდა სიხარულით და არ იცოდა, რომ მზისგან განსხვავებით საკუთარ ზენიტში მხოლოდ ერთხელ მოუხდებოდა ყოფნა...

- ზოგს ეგონა, ჩვილი გული აქვსო... ქათამს არასოდეს დაკლავდა - შარვლის ტოტებს უფრთხილდებოდა, არ გამესვაროსო...

- რა კარგად არის ნათქვამი: «ამათი ცხვრებიც კი ერთად ვერ ძოვენო». დავამატებდი, მგლითვის ისინი მაინც ცხვრებია...

- ინტელექტუალურ ბინდს უეჭველად უკუნი სიბნელე მოსდევს, რომელშიც ყველა მნათობი უჩინარდება...

- ყველას ჩვენი გვაქვს ჭკუის კოლოფი, დიდ-პატარა, მაგრამ ხელშეუხები. აი, განძეულობის კოლოფივით ხელშესახები რომ ყოფილიყო... ო, ვერსიები მაქვს, თქვენ?

- ქებაშიც და კრიტიკაშიც კორექტულობა გვმართებს: გონების უნათლესი კუნჭულები განაგებს მათზე რეაქციას მუდმივად.

- ყველაფრის კრიტიკა ხომ არ შეიძლება! აკრიტიკე ახლა ცისარტყელა, მორკალული რომ არ ყოფილიყო, ჯობდაო... ან ღრუბელს უთხარი, კვადრატული ფორმის უფრო ლამაზი იქნებოდიო...

- კრიტიკოსს მხოლოდ სხვისი შემოქმედება სჭირდება, დანარჩენი თვითონ იცის... ნამდვილი შემოქმედი მხოლოდ შთაგონებას სჯერდება, დანარჩენი კრიტიკოსმა იცის...

- როცა შემოქმედი კაცი საკუთარ ხელნაწერში თითქოსდა უცხო პასაჟებს წააწყდება, ღიმილით იხსენებს, რომ მუზას ერთი ეპითეტი შვენის - ციური.

- გენიოსი ზოილის გარეშეც გენიოსია. ზოილი გენიოსის გარეშე - მხოლოდ ნული. ასეთი ნულებიც შემორჩებიან ხოლმე ისტორიას.

- უსასრულო გალაქტიკის რომელიღაც უბანს, ალბათ, ღმერთმა აზროვნების გენერაცია დაავალა (როგორც მზეს - სითბო), სხვანაირად როგორ ავხსნათ გენიოსების დაბადება?!

- ოცნებამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა - ჩაიკეტა ზღაპარში და იქიდან აღარ გამოდის...

- რა ადვილად შეძლო ადამიანმა ნულთა სიმრავლის მოთვინიერება - ათი აიყვანა ნ ხარისხში. ცხოვრებაშიც მრავლად ვხვდებით ნულებს, რომელთაც ნ ხარისხში აყვანით ვერ მოათვინიერებ - ეს ხომ მათი მიზანია...

- ვისწავლოთ ბავშვებისგან პატიება და მოკლედ ლაპარაკი (!).

- თავისთავად ხანგრძლივი სიცოცხლე რა ბედენაა, თუ საკუთარ ჯილაგს მეზობლის ბავშვებიდან ვეღარ არჩევ და ბოლოს როდის მოეფერე, აღარ გახსოვს...

- იუმორი ადამიანის ნათელი თანამგზავრია, მოულოდნელად რომ კვესს გაჰკრავს სიცილს, ოღონდ არა ისეთს, ტელევიზიით რომ გვიჩვენებენ კლიპებს სიცილის მომენტის მინიშნებით; საკვირველია პირდაპირ - აქ გაიცინეთო...

- «სრული გაზი! ფეხის მუხრუჭი!!. ხელისაც!!!» - გვიანი იყო. კიდევ კარგი, წყალში გადაცვივდნენ. საჭესთან მხიარულება იჯდა, გვერდიდან კი უგუნურება კარნახობდა.

- საპირველაპრილო განცხადება: ოპტიკურ აფთიაქში მიღებულია სპეციალური სათვალე პერსპექტივის დასანახად. შეძენის მსურველებმა იჩქარონ, დრო (!) შეზღუდულია.

- თუ სიმღერაში ხმას ხრინწი შეეპარება, ყელს ნურაფერს დააბრალებ, მიზეზი გულში მოიძიე.

- კალმის იარაღად ხმარება რომ გადაწყვიტა, ჯერ არ იცოდა, რომ პალმის ტოტს უნდა დამშვიდობებოდა.

- სანამ მოირგებდა - გვირგვინი მიმზიდველი ეჩვენებოდა... მერე და მერე მისი სიმძიმე აღიზიანებდა.

- მეფემ ხუმარების შტატი გაზარდა - სიმართლე ერთმანეთს უთხრანო...

- მეფის ნავში ვეღარ ჯდებოდა - სივიწროვის გამო ფეხზე იდგა...

- «მაღალი ლაქია დაბალ მეფესთან?» «ეს ნონსენსია», - იტყვის დაბალი ლაქია.

- დროდადრო შევამოწმოთ ჩვენი ჩრდილი და მცირე ეჭვის შემთხვევაშიც, დავაზუსტოთ, ვის შეიძლება ეკუთვნოდეს განსხვავებული ნაწილი? ეს გაროების დასაწყისია...

- სხვადასხვა (უცხო) წრეში ერთსა და იმავე სასინჯ ქვას ნუ ააგდებ (!)

- ზამთრის მიღმა ყოველთვის გაზაფხულია. მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობებში შეიძლება, ზამთარი უგაზაფხულოდ მბრძანებლობდეს.

- მხოლოდ მარიონეტობაზე ოცნებობდა; საკუთარი კოორდინაცია მისთვის მიუწვდომელი იყო.

- ხშირად მიზეზებს იმისთვის ვეძებთ, რომ შედეგში გავცვალოთ.

- ოჯახში ხშირ უამინდობას, გარეთ მეხთაცემა ჯობს.

- და-ძმა კირლიანების მიერ ბიოლოგიური ველის დაფიქსირებამ ყირამალა დამიყენა ჩემი აღქმები. ყველაფერი მეტაფიზიკური უფრო ფიზიკური გახდა... ხეს რომ ესმის ჩემი, ამაში უკვე დავრწმუნდი... მავანი რომ ვერასოდეს გაუგებს მავანს, ამაშიც...

- ზომიერებას მიტომ ვერ ვაღწევთ, რომ ზუსტად არ ვიცით მისი საზღვრები.

- არანაირი ვალის გასტუმრება არ ჭირს ისე, როგორც სულიერი ვალისა...

- ნუ მოვაკლებთ დედამიწას სულიერ სითბოს, თორემ ერთხელაც, ჩვენი ცოდვებით დამძიმებული, ბრუნვას თუ შეწყვეტს, უსასრულობაში ლტოლვილებად გატყორცნილნი განა ვარსკვლავებად ვიქცევით?

- მზე ისე როგორ დაბნელდება, სავსე მთვარეზე მეტად არ გაანათოს?

- არავინ იცის, უფალმა შემოქმედმა ასეთი იზოლაციით რატომ დაგვსაჯა? იქნებ ადამიანებმა გადაუჭრელი პრობლემები შევუქმენით?!.

- სად უფრო მძიმედ ვარდება როლი? თეატრის სცენაზე, თუ ცხოვრების თეატრში?

- ცნობიერების ვექტორსაც, გზის მაჩვენებელივით ნიადაგ შემოწმება სჭირდება; თუ აიწყვიტა - კატასტროფა გარდუვალი იქნება.

- მომჭირნედ ვხარჯოთ ნერვები; სიბერეშიც დაგვჭირდება...

- სიბერევ, როცა მოხვალ, ბავშვობას ნუ დამავიწყებ - ბავშვებს არაფერი ვაწყენინო.

- ბედნიერების პროფილი სიყვარული მგონია, ანფასი - პასუხისმგებლობა.

- თუ წერა არ შეგიძლია, ჰუმანურ კაცად მაინც დარჩი - ქაღალადს ამაოდ ნუ დახარჯავ; ყოველ ფურცელში ხის სუნთქვაა.

- თუ გენერლის შარავანდი მხოლოდ მის ქუდს სდევს, და არა თავს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე?

- საკვირველია, როგორ ხვდებიან გამარჯვბულთა წვეულებაზე დამარცხებულნი?  თან სუფრის თავში(?)

- ნებისმიერი ჩრდილი, იარაღის გარდა, იმედის მომცემია - არის სინათლე!

- აწმყოსაც მოვხედოთ, აქ მეტი საინტერესო ამოცანაა, პერსპექტივაში კი - მხოლოდ ერთი - რა ვუყოთ საბოლოო წერტილს?

- მართალ კაცს ბევრჯერ ისიც გაუხარდებოდა - მართალი არ ყოფილიყო.

- სხვისი სიცრუე მანამდე არ აღელვებდა, ვიდრე საკუთარი იმედგაცრუება არ გამოსცადა.

- ოქროს ხელებს მხოლოდ ოქროსგულიანი დაგიფასებს. დანარჩენნი შურით აღივსებიან.

- მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ კოლეგის გულწრფელად შექება. თქვენ?

- ძარცვა ფულის და განძის... მაგრამ სხვისი აზრების?!

- სირცხვილი იქნება, თუ სირცხვილს რუდიმენტულ გრძნობად ვაქცევთ...

- რა ადვილად პოულობენ ერთმანეთს მსგავსი სულიერი სიმაღლის (და სიდაბლის!) ადამიანები...

- ისე კარგად თამაშობს გულწრფელობას... ნეტავ, თუ არის ოდესმე ნამდვილად გულწრფელი?

- დავიჯერო, სიტუაცია განაპირობებს - მეტი შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი რომ გვამოძრავებს დღენიადაგ და გვავიწყდება - რანი ვართ...

- ერთის თავმოწონება ტყუილით ყოველთვის წინ უსწრებს მეორის იმედგაცრუებას.

- კურტიზანულად აღზრდილ ქალს პატიოსნებას ვეღარ მოვთხოვთ - ეს მისთვის მიუწვდომელი იქნება...

- კარგ ოჯახში გაზრდილი ქალი ქმარს მხარს დაუმშვენებს... ცუდ ოჯახში გაზრდილმა რა ქნას?

- არაკაცის გზა არაქალის გზას რომ გადაკვეთს, იქ შეიძლება რამე წმინდა აშენდეს?

- ზარმაცსაც თავისი სიამაყე ჰქონია - ვერავინ, ვერაფრის გაკეთებას ვერ მიბრძანებსო...

- ზარმაცის ეზოში გინდ წყაროს წყალმა ამოხეთქოს, გინდ გეიზერმა, მაინც დაუბანელ-დაუვარცხნელ-დაურეცხავი ივლის...

- ღმერთმა სიყვარულისთვის და ზრუნვისთვის გაგვაჩინა... გულში ქვას ჩვენ თავად ვიდებთ (ამაში ეშმაკიც სუფთაა)...

- არის ცრემლი, რომელიც მხოლოდ ბალიშს უნდა ანდო...

- თუ არ შეეხო სულს ქარიშხალი, მცირე ნიავსაც ვერ იგრძნობს იგი...

- თუ წლები მხოლოდ ხნოვანებას გვძენს, გადასახედია (იქნებ გადასაფასებელიც?!) მთელი ცხოვრება.

- იმედგაცრუებისას საკუთარ თავს ყველაზე ნაკლებად რატომ ვადანაშაულებთ?

- ბუნებაში სინათლის ტალღა მარადი ჩემპიონია ბგერის ტალღასთან (სიჩქარეში), ყოველდღიურობაში კი მოლაყბეები ხშირად უსწრებენ ნიჭიერებს...

- თვალთმაქცს იშვიათად ნახავთ ჩაფიქრებულს ან დაეჭვებულს... პასუხი (თვალთმაქცური) ყველაფერზე მუდამ მზად აქვს...

- სატანა არწმუნებს თვალთმაქცს, რომ მისი სიცრუე არასოდეს გამჟღავნდება, არადა მავანთა სიცრუე ბევრისთვის ახლაც ხელის გულზე ძევს.

- იმ გრძნობებიდან, რითაც დახუნძლულნი ვართ, ყველაზე მყარი დედაშვილობა მგონია... საოცარია, ხანდახან მასაც უდგება გამოცდის ჟამი...

- ხშირად, რაც ზედაპირზე ძევს, უნებურად ფარავს ჭეშმარიტ მიზეზსა თუ მიზანს.

- უამრავი უხილავი ჭია აზიანებს ჩვენს შინაგან ბუნებას... მათ შორის ჩემპიონი უმადურობის ჭიაა - ისეთ იზოლაციას გვიკეთებს, მუმია მონაგონია...

- ფიზიკური სიზარმაცე სულიერის ტყუპისცალია, და როგორც ყველა ტყუპს, ამათაც ერთად ყოფნა ურჩევნიათ.

- ფული და დრო მუდამ ერთად იფლანგება...

- მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ ღვარონ ნიანგის ცრემლები...

- ფლიდი ადამიანი თავადაც იტანჯება საკუთარი ორგულობით: ხან ერთ გულს მიეხეთქება, ხან მეორეს, არც ერთი არ იკარებს; ამიტომაა სხვა ადამიანების გულით რომ ცდილობს თავის გატანას.

- თვალთმაქცი მართალ კაცთან ერთი ნიღბითაც ფონს გადის, თავისივე მსგავსთან კი მთელი არსენალი სჭირდება.

- იმდენი უჩიჩინეს, გადაწყვიტა, გამოსწორდეს, მაგრამ თარიღს არ ასახელებს.

- შავი სათვალე მზემ მოიტანა თუ ცხოვრებამ?

- ორ კურდღელს მისდევდა და ხეს დაეჯახა...

- სახრის მოქნევაც არ არის ადვილი... სხვისი მოქნეული რომ აიცდინო - უფრო ძნელია...

- ყველას ჩვენი გვაქვს ტყუილ-მართლის კოეფიციენტის ზღვრები. დაბალი მნიშვნელობები მისაბაძია...

- რომელი უფრო ძნელი სატარებელია? მგლისთვის ცხვრის ტყავი, თუ ცხვრისთვის მგლის ტყავი?

- ჯუნგლის კანონი ძლიერს ამართლებს. სათნოების კანონი სუსტს გაამართლებდა, მაგრამ სად უნდა ემოქმედა მას?

- უხამსი აზრის გაელვებიდან მის წარმოთქმამდე ხანდახან მაინც რომ ვაყოვნებდეთ, ზოგიერთი ორთაბრძოლა, ალბათ, ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდებოდა...

- რა შესაშური ურყევობით მისდევს ქუხილი ელვას, ყველგან, ყოველთვის... გასწრება ერთხელაც არ უცდია.

- «მარხვისთვის ნებისყოფა არ მყოფნისო», - ამბობდა ნაკლებადმორწმუნე, რწმენის სიმწირეს კი სულ არ უჩიოდა.

- ზოგი სულით არის მშვენიერი, ზოგი გარეგნობით. ამბობენ, ერთადაც შეიძლებაო. მაშინ, რატომ არ არის მშვენიერი ჩვენი ყოფითი კალეიდოსკოპი?..

- თანამედროვე, კეთილმოწყობილი გზა იყო, არა ჭეშმარიტებისკენ მიმავალი...

- ყოველ კამათში ჭეშმარიტება რომ იბადებოდეს, ჩვენი პლანეტის ვულკანები სამუდამოდ დაცხრებოდნენ.

-ზღაპრებით გავუზავოთ სინამდვილე ბავშვებს, ერთმანეთს კი - სიმართლე - სიფრთხილით.

- განა ნებისმიერი ყოფნა სჯობს არყოფნას?..

- «არადან» «ჰოსკენ» მიმავალ ნარეკლიან გზაზე რა უფრო დასანანია - სიცოცხლის ჩაქრობა, თუ მისი გადარჩენა?

- გაუმარჯოს მიზნის აცდენას, თუ კაცის სიცოცხლე გადარჩება...

- რა გულმოდგინედ ინახავს მეხსიერება ცუდ მოგონებებს. მეცნიერებო, რა გახდა დავიწყების ზანდუკის გამოგონება... პლანეტის ყველა მცხოვრები შეიძენდა მას...

- დღეს თვალთ თუ გვაკლია, გული ნუ დაგვწყდება, სათვალეზე დავზოგოთ ფული, დასანახი მაინც არაფერია.

- ყველა ძარღვს, ერთის გამოკლებით სხვები გვაწყვეტენ. იმ ერთს - შუბლისას - მხოლოდ ჩვენ თვითონ.

- ყოველგვარი დეფიციტის შევსებას ვესწრაფვით. მორალის დეფიციტი რატომაა გამონაკლისი?..

- ადამიანმა მიწიერი დიდება არ იკმარა და ოცნებაში ციურ ვარსკვლავსაც წაეპოტინა - ერთი ნამდვილად ჩემიაო...

- შეცდომებს მაშინ ვუშვებთ, როცა სწორად ვერ ვაცნობიერებთ ჩვენს ფუნქციას დროის ცალკეულ მონაკვეთში; არადა, მთელი ცხოვრება ამ ფუნქციათა უწყვეტი ჯაჭვია. შეცდომების უწყვეტობაც, ალბათ, აქედან მოდის...

- სულის ყველაზე ძლიერი სალბუნი შემოქმედებაა; იგი ერთდროულად ენერგიასაც ართმევს შემოქმედს და საოცარი მუხტითაც ავსებს...

- შრომისმოყვარეობა, ცოტაოდენი ამბიციით შეზავებული ის იშვიათი ტანდემია, გადამწყვეტ ბიძგს რომ აძლევს ტალანტს.

- როგორ, ღმერთმა ნიჭი მოგცა და შრომის ხალისსაც მისგან ელი?! თავად რაზე იღებ პასუხისმგებლობას?

- სხვათა ნაღვაწის კომპილაციამ ისე გაიტაცა, რომ ორიგინალური აზრებისთვის ვეღარ იცლიდა...

- გულადი იყო - უფსკრულში გადაეშვა... პარაშუტით.

- ჯერ კაცი იპოვა, ვისაც დამარცხებას დააბრალებდა, და ბრძოლა მერე დაიწყო...

- ისტორია განა თვითონ მეორდება? ადამიანები გულმავიწყობის გამო იმეორებენ მას...

- მითი იქამდე მითობს, ვიდრე დაიმსხვრევა... ბევრისთვის იგი დამსხვრევის შემდეგ ხდება ცნობილი.

- ვის მეტი ზიანი მოაქვს საზოგადოებისათვის - დიქტატორებს თუ ფანფარონებს?

- რა ადვილად უნგრევენ (ადამიანები) ადამიანს საცხოვრისს... ზოგს მისი აშენება ოცნებად რჩება...

- კაცი, რომელიც აშენებს, ძნელად დაანგრევს... თუ დაანგრევს, იმისთვის, რომ უკეთესი ააშენოს...

- რა დიდებული სანახავია, სოკოსავით რომ იზრდება მშენებარე სახლი... ასე გულწრფელად ვფიქრობდი იქამდე, სანამ ჩემი ფანჯრების წინ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას დაიწყებდნენ...

- მწვერვალებთან მიახლოება სიდიადის გრძნობით გვიპყრობს...

- მწვერვალიც არის და მწვერვალიც - ნამდვილი და წარმოსახვითი. ნამდვილისთვის მიგვეღწიოს, წარმოსახვითი - თავადაც არ გაგვიკარებს...

- წარმატების  გვირგვინისთვის დიდხანს როდი ვეძებთ საუკეთესო კანდიდატს, რადგან ასეთად ჯერ ჩვენი თავი მიგვაჩნია.

- როდის ავაშენებთ საზოგადოებას, სადაც პერსი შელისა* (* პერსი ბიში შელი (1792-1822) - ინგლისელი პოეტი) არ იყოს, აზრის გამოთქმა ადამიანის უფლება კი არა, მოვალეობა გახდება...

- წაართვით სიტყვებს ემოციური ფონი და ისინი ჭეშმარიტ აზრს დაკარგავენ...

- ნიუანსი მუსიკალურ ბგერას მეტ გამომხატველობას სძენს. საუბარში კი - იგი მხოლოდ ეჭვებს აღძრავს...

- სულიერთაგან ცრემლი მხოლოდ ადამიანს სდის, ისიც ყველას არა... მავანთა თვალნი უდაბნოდ ვინ აქცია?

- თუ კაცს გაწითლება სჩვევია და სინდისის ქენჯნა და სინანულიც მისთვის უცხო არ არის, იგი მრავალი თანამდებობისთვის აღმოჩნდება პერსონა ნონ გრატა.

- სიცრუე მუდმივად ფხიზლობს, რომ სიმართლე არ გაეპაროს...

- არც ერთ პროფესიას არ სჭირდება ბალავრად იმდენი ადამიანური სიყვარული, რამდენიც ექიმობასა და პედაგოგობას. სიყვარულის დეფიციტი აქ შეიძლება კატასტროფის ტოლფასი გახდეს.

- სიბრალულს იმსახურებს მასწავლებელი, რომლის სიტყვის ძალაც მხოლოდ ყვირილით გამოიხატება...

- არსებობს კი საფასური, რითაც დაკარგული დრო ანაზღაურდება?

- ცნობისმოყვარეობა იმდენად მრავლისმომცველი აღმოჩნდება ხოლმე, რომ საკუთარ სულში ჩასახედად დროს არ გვიტოვებს.

- ცნობისმოყვარეობამ სხვისი სულის კუნჭულში შეიჭვრიტა და გაოცებისგან ესღა მოახერხა: «აქ მგონი, სათვალე დამრჩაო»...

- ნუ გავჩხრეკთ სხვის პირად ცხოვრებას. საკუთარში მუდამ მეტი პრობლემებია.

- პოეტს რაზედაც ცრემლი სდის, ის შესაძლოა სხვამ ვერც შეამჩნიოს...

- კაცი, რომელი იცოცხლებს დიდხანს, თუ გულს ესობა სხვისი დარდებიც?..

- მსაჯულს თუ შიმშილი არ გამოუცდია, პურის ქურდს როგორ განსჯის?

- საოცარია,  მომხდარი და განცდილი, დროის გავლენით, ხანდახან სულ სხვა ნირს იძენს ისეთი მნიშვნელობით, რასაც ადრე გამორიცხავდი ან ვერც მოიფიქრებდი...

- გაუკეთებელ საქმეს რა დალევს, და მაინც ყველა დროში, ხელმძღვანელობის მოსურნეთა რიცხვი საქმის მკეთებელთ აღემატება.

- «ჰობისთვის დრო არ მრჩებაო», - იტყვის ფუსფუსა ადამიანი და ვერ წარმოუდგენია, რომ ფიქრიც შეიძლება ჰობად აქციოს...

- შანდლის სილამაზე მაინც ჩამოღვენთილ სანთელშია, როგორც ადამიანის სილამაზე მის ნაღვაწში...

- ხის სათამაშო ცხენისათვის ძუა თუ ხემს დავაგლიჯეთ, საკუთარი მიხვედრილობით თავს მაინც ნუღარ მოვიწონებთ...

- სამფეხა მაგიდაც მკვიდრად დგას, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როცა ოთხიდან ერთი მოტყდება...

- ნიუტონის კანონი ქმედებისა და უკუქმედების ტოლობის შესახებ ცოცხალ მატერიაზეც რომ ვრცელდებოდეს, სამართალი მუდამ პურს შეჭამდა...

- როგორც ღორის თავი ვერ შეიშნობს ხალიჩას, ისე ჯალათის თავი - ფილანტროპის გვირგვინს...

- მაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ლაფში ჩავარდნის მერე ღორის თავს ისევ ხალიჩისკენ აუღია გეზი...

-  რა ადვილად ხდება დღეს მრავალი ფიზიკური ნაკლის გამოსწორება... აი, არასწორი აღზრდის ნაკლოვანებებიც ასე ადვილად რომ სწორდებოდეს...

- ღორის ტილის შესახებ ანდაზა ყველამ ვიცით, მაგრამ რამდენი ცდილობს, რომ მის როლში არ აღმოჩნდეს?

- ზარმაც კაცს ძილი მობეზრდა და საღამოს ბინდი დილის რიჟრაჟი ეგონა...

- რა იცოდა ფოტოგრაფიის გამომგონებელმა, რომ მისი ქმნილება ერთ დროს «პაპარაცოს» ჩაუვარდებოდა ხელში.

- ციურ ვარსკვლავებს მხოლოდ შორიდან ვაკვირდებით, მიწიერ «ვარსკვლავებს» - მხოლოდ ახლოდან...

- მხოლოდ ადამიანის საკუთრებაა ილუზია - სინამდვილის მცდარად აღქმაც და განუხორციელებელი ოცნებაც. ოღონდ, ზოგმა ის ხელოვნების რანგში აიყვანა (ილუზიონისტმა!), უფრო მეტმა კი გასართობად მიიღო, რაშიც ფულსაც იხდის.

- ყბედის ნალაპარაკევს მოფრთხილება, ტირაჟირება და ხალხმრავალ ადგილებში ხმამაღლა ჩართვა სჭირდება (ახსნა-განმარტებით). რატომ? იქნებ სხვები გაფრთხილდნენ მსგავსი უსიამოვნებისაგან.

- დედამიწამ ამოიგმინა: «მიხედეთ ადამიანებს, ცხოველები თავად მიხედავენ თავს»... მეცნიერები გულმოდგინედ ეძებენ სიგნალის ადგილსამყოფელს.

- უსასრულობისკენ ფიქრით გატყორცნილმა იქამდე ვიფრინე, სანამ წერტილად არ ვიგრძენი თავი... (საშინელი შეგრძნებაა!). კიდევ კარგი, უკან დაბრუნება ჩემი ნება იყო...

- ფუთ მარილს უფრო ხშირად დროის საზომად ვიყენებთ - კაცის შეცნობას რომ სჭირდება... თუ ის უმარილო დიეტაზეა, მაშინ?!

- გულის კარს არავის უღებდა. არც არავინ უკაკუნებდა. ერთადერთხელ მიუკაკუნეს, მოინდომა და ვერ გააღო - კლიტე დაჟანგებულიყო...

- პროპაგანდა და რეკლამა მეტ-ნაკლებად, ალბათ, ბევრ ეპოქას ახასიათებდა, მაგრამ ბიწიერების? ეს მხოლოდ ჩვენი ეპოქის კუთვნილებაა...

- მთის მწვერვალთა სიმაღლე, განურჩევლად ყველასი, ზღვის დონიდან ითვლება მუდამ, ადამიანთა შეფასებისთვის კი ათვლის წერტილი ეპოქის ხუშტურზეა დამოკიდებული...

- წიგნს რომ არჩევანი შესძლებოდა, რას აირჩევდა? კითხვისგან დაძენძილიყო თუ თაროზე დარჩენილიყო ხელუხლებელი?

- წამიკითხავს, წმინდანებსაც კი საკუთარ ქმედებაში შვიდამდე ცოდვა დაუთვლიათ დღის განმავლობაში... ჩვენც დავთვალოთ ჩვენი ცოდვები; არ გაინტერესებთ, წმინდანებს რამდენით «გავუსწარით»?

- ადამიანთა ცოდვები, ერთად აღებული, ალბათ, სტიქიის სახით გვიბრუნდება...

- დასანანია, საქართველოც რომ გადაეშვა ეპოქის მღვრიე მორევში, თანაც რა მონდომებით... ნაკრძალად რომ დარჩენილიყო, ამას უზარმაზარი რუდუნება დასჭირდებოდა მავანთაგან...

- ყველა ეპოქას თავისი დიოგენი ჰყავდა. დღეს რა ფარანი ეყოფოდა მას?

- რომც არსებობდეს, ვინმე შეიძენდა საშუალებას საკუთარი ნაკლის დასანახად?..

- შურმა უთხრა სიზარმაცეს: ადამიანების ყველაფერი მშურს, სიმახინჯის, სიღარიბის, სიკვდილის და სიზარმაცის გარდაო... სიზარმაცემ გაიოცა: მე მარტო შრომა მეზარებაო...

- სიკვდილმა თქვა: კაცი იმიტომ არ იშლის ომობანას (და კიდევ ბევრ მანკიერ) თამაშს, რომ ისღა დარჩებოდა - შერიგებოდა და პატივის ღირსადაც ეცნო ჩემი თავიო.

- ლანძღვა-კილვა-ცილისწამება დღეს გვიმოკლებს და თავსაყრელად გვაქვს, ქება-დალოცვა სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს და მხოლოდ სადღეგრძელოები თუ შემოგვრჩა...

- ყველაფრის დანგრევა გახდა შესაძლებელი. დღეს რწმენის კედელსაც ადვილად ანგრევენ...

- ბავშვებზე ნებისმიერი ძალადობა არ შეიძლება დიდი უბედურებით არ დაგვიბრუნდეს...

- ჩანს, ჯალათები ცოტანი იყვნენ და ქილერები დაემატნენ. არც ამათ ეშლებათ თავისი საქმე...

- საკვირველია, მთავრობის შეცვლით (ყველგან უკლებლივ) უამრავი ადამიანის იარლიყიც შესაცვლელი რომ ხდება...

- კანონი თუ მარტო იმათთვის კანონობს, ვინც მას იცავს, მაშინ ქვეყანა მთლიანად თუ არა, ალაგ-ალაგ მაინც,ჩალით ყოფილა გადახურული...

- რუბრიკები: ტელევიზიისთვის - «აყალმაყალი არაფრის გამო»; გაზეთისთვის - «წასაშლელი სტრიქონები»; რადიოსთვის - «ქართული გამოთქმის ხუთი წუთი».

- გაზეთის რედაქციებში იმატა უფასო ქვითრით შემოსულმა შეკითხვებმა: «ხდება თუ არა კაენის დამღის მოცილება? სად და ვის მივმართოთ?»

- სხვისი აზრები ხანდახან იმდენად დამღლელია, რომ საკუთარისთვის ენერგიას აღარ გვიტოვებს...

- ვარსკვლავი მაშინ ციმციმებს, როცა ვუყურებთ; თუ ეს სიამოვნებასაც გვანიჭებს, მაშინ ზაფხულის ღამე -  ვარსკვლავებით მოჭედილი ცით, უზარმაზარი სიურპრიზი ყოფილა...

- შთაგონებას ვერასოდეს დავპატიჟებთ... იგი თავად მოდის და არავისთან რჩება, მაგრამ თუ ერთხელ გესტუმრათ, მეორედაც გეწვევათ; თავად იცის, როდის...

- იქნებ განგებასაც სურს დატკბეს პირველქმნილი ვარსკვლავეთის ცით... ამისთვის დედამიწაზე ხომ არ ჩამოვა? ჰოდა, გააჩინა პოეტის გული უტყუარ სარკედ ვარსკვლავეთისა...

- სხვისი ლექსები არასოდეს ხიბლავდა, რადგან პოეზიად მხოლოდ თავისებს თვლიდა...

- ნუ ვუჩვენებთ მჩხრეკელს ხელნაწერ ლექსებს - ის მათ წითელი ფანქრით ააჭრელებს (გალაკტიონისაც რომ იყოს).

- ვისაც არ სჯერა ნებისმიერ ჰარმონიაში ზეციურის არსებობა, ის არც იმას დაიჯერებს, რომ მთვარის შუქზე «მთვარის სონატა» სულ სხვაგვარად ჟღერს...

- ქაღალდი უკეთ იმახსოვრებს ყოველივეს, გრძნობების გარდა.

- იუმორი უზუსტეს დროსა და ადგილს მოითხოვს, რამეთუ უწყინარი ხუმრობაც მტრობის ბიძგად შეიძლება იქცეს...

- ორატორობას სხვა ნიჭი უნდა; ყველას რომ გაგვაჩნია, იმაზე ბევრად აღმატებული...

- ამბიციას უფრო ხშირად უაყოფით ჭრილში ვხედავთ; არადა, ნებისმიერ გამარჯვებაში მას ლომის წილი მიუძღვის.

- შურისძიება და რევანშის სურვილი ყველაზე ძნელად დასაოკებელია; გონეირთა აფექტიც მათი ღვიძლი შვილია...

- ნულს ნუ ვეხუმრებით; თუ ის არაფერს აღნიშნავს, ესეც რეალურს ნიშნავს, მაგრამ თუ თანრიგს აღნიშნავს, მაშინ?

- ყველაზე ძვირფასი თასიც კი, ალბათ, იმითი ფასდება, ვისი ხელი და ბაგე შეხებია მას...

- არჩევანის შემთხვევაში ხე, ნეტავ, რომელს აირჩევდა: ნამეხარი დარქმეოდა, თუ ცულით მოჭრილი?

- არწივი შეიძლება ქათამივით დაამწყვდიო (თუ დაიჭერ!), მაგრამ ქათმის წიწილას არწივად ვერ აქცევ, მთის მწვერვალზე არწივის ბუდეშიც რომ გამოზარდო...

- შტორმი, ქარიშხალი და ვულკანი ადამიანთა სულიერ მღელვარებასაც ზუსტად მიესადაგება.

- უგუნებობისას კაპელის მომღერალს აშკარა უპირატესობა აქვს სცენაზე... სოლო პარტიამ კი რა იღონოს?

- ფონოგრამებით გამრავლებული «ვარსკვლავები» რამდენ ხანს შემორჩებიან ხელოვნებას?

- იქნებ იმიტომ აცივდება ხოლმე, კერიის სითბო გაახსენდეთ ოჯახის ურჩებს...

- ორად გაჭრა ყოველთვის როდი ნიშნავს ორი ნაწილის მიღებას (მიობიუსის ლენტი გავიხსენოთ), და ორი მხარის არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ისინი ერთ ზედაპირს არ შეადგენენ...

- ყველა ნიჭს შორის უმთავრესი, ალბათ, სიყვარულის ნიჭია, რითაც უფალი თვის რჩეულთ აჯილდოებს. რა საოცარ სითბოს ასხივებენ ისინი ყველასადმი, ვინც გარს აკრავთ - ოჯახით დაწყებული, ნაცნობ-მეგობრით დამთავრებული...

ასეთი ადამიანების სიჭარბე ჩვენში ზამთრის პრობლემასაც გადაწყვეტდა (რატომ გაგეღიმათ?).

- თუ შენი რჩეულის სახლის სიახლოვეს არ გარინდულხარ, თუ მისი ფანჯრისთვის თვალი არ გაგიშტერებია - იქნებ... თუ მის დანახვაზე გული ბეღურასავით არ აფრთხიალებულა და მისი ერთი სიტყვითაც რაღაც უხილავით არ ავსებულხარ, მაშ, ჯერ არ გყვარებია...

- შეინახეთ თქვენი რჩეულის მიერ მორთმეული ყვავილები. დროთა განმავლობაში ისინი (წიგნში გამომშრალნი) სურნელებას კი დაკარგავენ, მაგრამ მრავალჯერ უტყუარად გაგახსენებენ ჩავლილი წუთების სილამაზეს.

- სიყვარული მაშინ იკრებს ძალას, როცა საკუთარ ლექსიკონს ბადებს (სხვა ენაზე რომ არ ითარგმნება), და მაშინ კარგავს მას, როცა ამ ლექსიკონს ივიწყებს...

- ადამიანურ გრძნობებს, მათ შორის სიყვარულსაც, მიქცევ-მოქცევა ახასიათებს...ერთგულებაა - მოთმინებით რომ ელოდება მოქცევას...

- პატივსაცემია წუთები, რომლებიც ჩვენში, თუნდაც მცირე ხნით, სიბრალულის, თანადგომის, მოვალეობისა და ერთგულების გრძნობებს გააღვიძებს...

- ვიცინოთ, ოღონდ გულიანად... თორემ კბილის გამოჩენას მტაცებლებიც ახერხებენ.

- დღესაც მაოცებს, როგორ აშენებს მერცხალი ბუდეს... მკვიდრად, მოთმინებით... და უფრო მაოცებს - ერთი წლის შემდეგ დაბრუნებული როგორ აგნებს მას?

- როგორც ცოცხალ თაიგულს სურნელება მატებს სილამაზეს, ისე ლამაზ ადამიანს მხოლოდ ხასიათი სძენს მეტ ხიბლს...

- დღეს მოდაშია გამოთქმა - «უკომპლექსო ადამიანი» (უფრო შესაქებად ხმარობენ). მიკვირს, ვინ განსაზღვრავს, რას უნდა აკმაყოფილებდეს ეს უკომპლექსობა? დიახაც, დაკომპლექსებულნი უნდა ვიყოთ ბევრი რამის მიმართ, და პირველ რიგში, სხვისი ყოფისა და კულტურის ბრმად გადმოღების მიმართ, თორემ სხვა «იზმთან» და «იასთან» ერთად ჩვენში «ნუდიზმიც» ლაღად შემობრძანდება.

- უშორესი პერსპექტივები მხოლოდ მათი ავტორისთვისაა ნათელი, ყველა დანარჩენთათვის გამაღიზიანებელი და გაუგებარია...

- სამართალს სულ აგვიანდება; ხანდახან ეჭვი შეგიპყრობს, მოვა კი საერთოდ? ისტორიამ მრავლად შემოგვინახა ასეთი ფაქტები... ნეტავი, ერთიც აღარ შეემატოს...

- ჩრდილებმა თუ მოილაპარაკეს, შეუძლიათ სხვისი პერსონა მარიონეტივით მართონ.

- ეჭვიან ადამიანს საკუთარი ჩრდილიც ტანჯავს - ჩემია თუ სხვისიო?

- არწივს გაუჩნდა ქათმის წიწილა... ვინ დაიჯერებს? მხოლოდ მეზღაპრე. ისინი ყველა დროში არიან.

- სიხარული თუ მოგვერევა, ცრემლსაც გვადენს...

- ხანდახან ვფიქრობ, რომ ოსკაროსანთა დინასტია ერთ მშვენიერ დღეს სხვა პლანეტაზე გადაბარგდება.

- განა ჯილოდზე უარის თქმა შეიძლება მეტად ფასობდეს, ვიდრე ღვაწლი, რისთვისაც ჯილდოს იძლევიან?..

- ყოველი პიროვნება საქმესთან თავისეული მიდგომითაა მიჯაჭვული, ყოველი საქმე ვადების მარწუხითაა გადაჯაჭვული... ვადების მარწუხებს ბანკნოტი მართავს, რომელიც უამრავი ხილული, თუ უხილავი საქმითაა გადაჯაჭვული. ყოველი საქმის შედეგი ადამიანის პიროვნებაზეა დამოკიდებული.

- «გემოს გავსინჯავო», - თქვა სიხარბემ და სხვისი კალათიდან ალუბალი სავსე ჯამით ამოიღო...

- საინტერესოა, ერთი თხილის გულის განფენილობა საქართველოს ფართის რა ნაწილია?.. დიახ, მეც ეგ უნდა მეთქვა - ყველა «კეთილის მსურველს» თუ ეყოფოდა?

- ჩავატაროთ გაეროს სტატისტიკურ მონაცემთა ბანკში სულიერი სიღატაკისა და სიზარმაცის მაჩვენებლები (რა ერთეულებში? მოფიქრება უნდა)...

- კაცისმკვლელის გონება ის ფოკუსი მგონია, სადაც თავს იყრის ყველა ჩვენგანის ბოროტი ზრახვა და ფიქრი...

- ინტელექტუალებო, გამოიგონეთ რამე, რაც ადამიანში ზეციურს გადაარჩენს...

- სიყვარულს როგორ უმღერიან, როცა არ უყვართ?

- ვერ წარმომიდგენია, გაბრაზებულმა როგორ ვიმღერო, ან სიმღერაში როგორ გავბრაზდე? ესეც არ მესმის...

- მხოლოდ სიყვარულს შეუძლია შეუძლებელი, მხოლოდ ორთა გულის კავშირი აღწევს მიუღწეველს.

- ახლად შეფოთლილ ხეს ვათვალიერებდი: შარშანდელი ორად-ორი ფოთოლი, მთლად გამხმარი და ფერნაცვალი ისევ ზედ ება, ერთმანეთის გვერდით... არავინ იცის, რატომ?

- ვიქტორინა ინტელექტუალებისთვის: დაალაგეთ მე-20 საუკუნის გამოჩენილი პოლიტიკოსები მათი ღვაწლის ზრდადობის მიხედვით.

სწორი პასუხი გამოქვეყნდება 21-ე საუკუნის დასასრულს ჟურნალ «აბრაკადაბრაში».

- უცხოელი რომ ქართულად აქცენტით მეტყველებს, ეს მისასალმებელია, მაგრამ ქართველი რომ ცდილობს თავის ენაში აშკარად უცხოური ინტონაციის შემოტანას, ამას რა ჰქვია?..

- თქვენს იუმორზე ყველამ ერთნაირი ღიმილი თუ არ შემოგანათა, ნუ გაიკვირვებთ, ზოგი სადაც ზის, იქ კი არ არის...

- სხდომათა დარბაზებს განსაკუთრებული ვენტილაცია სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში იწყება აზროვნების დამუხრუჭების პროცესი. საწყისი სიმპტომებია: ცარიელი ფრაზების სიჭარბე, მთქნარება, თვალღია ძილი და უაზრო გაწევ-გამოწევა...

- ყოველწლიურად ქვეყნდება მილიარდელთა სია («ფორბსის» სია). საინტერესო იქნებოდა (მაგრამ ვერ მოვიძიე) სხვა სია: ვინ რამდენი გაიღო პლანეტის მოსახლეობის გაუბედურებული ნაწილისთვის?

- დედამიწის ცალკეული რეგიონის უტყუარი შეფასებისთვის იქნება საკმარისი ყოფილიყო წიგნიერების (უწიგნურობის) და ნარცისიზმის მაჩვენებლები. 21-ე საუკუნეში, ნეტავ, რას მიესალმებიან? მათ კლებას, თუ მატებას?

- ქონებრივ დეკლარაციაზე უფრო საინტერესო მოღვაწეობითი (ანუ დასრულებული საქმეების) დეკლარაცია იქნება, ალბათ. ერთსა და იმავე პატარა საქმეს დაიჩემებდა მრავალი ადამიანი, მაგრამ კომპიუტერი ამის ნებას არ მისცემდა... ბატონო? ამასაც გააყალბებენ? როგორ? ერთმანეთს დაუთმობენ? აი, ეს კი გამორიცხულია!..

- გამოუცდელი კონფერანსიეს გამოსვლიდან: «დღევანდელ კონკურსს განსაკუთრებული ობიექტურობით განსჯიან უმკაცრესი ჟიურის წევრები, რადგან კონკურსში სხვებთან ერთად მონაწილეობენ მათი შვილებიც»...

- ფიზიკური სივრცე ადამიანებს შორის მთლიანად ათვისებულია, თანამედროვე საშუალებებით (მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი და სხვა), მათი სულიერი კავშირების სივრცის ათვისება კი მთლიანად წინა გვაქვს.

- კონკურსის პირობები რთული იყო: თანდაყოლილ დალტონიზმთან ერთად კონკურსანტებს აზროვნების დამუხრუჭება და ანალიზის სრული უუნარობა მოეთხოვებოდათ.

გამარჯვებულებს ჯილდოები გადაეცათ...

- ცხოვრების ყოველი დღე გაუცნობიერებელი არჩევანია. მხოლოდ მრავალი წლის სახედურიდან გამოჩნდება ხოლმე ზოგიერთი არჩევანის სისწორე.

- მშობლებს არ ირჩევენო, ნათქვამია... მაგრამ იმასაც ხომ უნდა ვფიქრობდეთ - არჩევანის შემთხვევაშიც ისევ ჩვენ აგვირჩევდნენ?..

- საკამათოს რა დალევს ქვეყნად? კამათის მსურველთა რიცხვმა კი აშკარად იკლო... არგუმენტების სიმრავლის გამო...

- ძილი და ჭამა, ჭამა და ძილი... ეს რეჟიმი ლომსაც დააძაბუნებს, არამც თუ ადამიანს...

- ჩამქრალ სანთელს კიდევ ერთხელ მოვუკიდებთ, სანთელივით ჩამქრალ სიცოცხლეს კი... რამდენი დაგვიგროვდა ასეთი...

- გულანთებული ახალგაზრდობა კაცობრიობის საუკეთესო ნაწილს შეადგენდა მუდამ; დღესაც ასეა... აი, ვისი იმედით იწყებენ ომებს...

- დღევანდელობის  ყველაზე დიდი უბედურება ადამიანის ცნობიერების მართვა მგონია...

- თუ სხვის ნააზრევს ადვილად გადავჩხაპნით, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი დავამკვიდროთ, განა ეს ნიშნავს ჩვენს უპირატესობას?..

- სხვისი ნიჭიერებით გახარება მხოლოდ აგვამაღლებს...

- არრად იქცევა თვით სიცოცხლე დედამიწაზე, ადამიანმა სიკეთის ქმნა თუ დაივიწყა...

- ვით შენობას აგვირგვინებს სახურავი, კიბეს მოაჯირი და ფანჯარას მინა, ისე აგვირგვინებს ადამიანს სიკეთის ქმნის სურვილი და სიტყვისა და საქმის ერთიანობა.

- დრო დაგვიდგა უგუნურად უცნაური - პლანეტის ნებისმიერ წერტილს ააფეთქებს ერთი ბრძანება მავანისა და ღილაკზე თითის დაჭერა... რა ხანი არის ეძინება ომის გველეშაპს; არ აძინებენ ჩინასხმული ვაიკაცები...

- სულის ტკივილს ხორციელი ვერასოდეს შეედრება, მაგრამ ერთად მათი ატანა მხოლოდ გმირებს ძალუძთ.

- აუცილებელი მოგერიებიდან აუცილებელ თავდასხმამდე - ნუთუ სულ ეს არის კაცობრიობის მიერ განვლილი გზა?..

- ყველანაირი დანაშაული, ეგებ, არც იყოს დაძრახვის ღირსი!..

- ჯერაც სიცოცხლეს და სიკვდილს შორის ჩასაგდებია თეთრი მანდილი...

- «ოდეს ვარდი გაიაფდეს»... ვიღას ახსოვს დიდი შოთას შეგონება? რაც «არა ღირდეს არცა ჩირად», ამას დღეს დიდი ფასი დაედო...

- დედის სიკვდილის შემდეგ დამჩემდა, მომხდარსა და განცდილს ასე ვახარისხებ: «დედას ეს გაეხარდებოდა», ან «კიდევ კარგი, არ მოესწრო ამას»... მეორე სჭარბობს სამწუხაროდ.

- ჩიხიდან გამოსვლას რამხელა დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ შესვლას? რა, მძინარენი შევედით? თუ ასეა, ყველას რატომ გვეძინა?!

- არსთა გამრიგე ნიჭიერებას თუ გვარგუნებს, სულის სამცნეს ჩაგვიმატებს ზემგრძნობელობას, რასაც ვეღარასოდეს ვერ მოვიცილებთ.

- თუ საკუთარი სულის ლაბირინთები ჯერ არ მოგვივლია, არ დავკარგულვართ შიგ, გამოსავალი არ გვიძებნია და არ გვიპოვნია, ნუ ვჩქარობთ, შევბრუნდეთ უკან და საკუთარ მესთან კამათში მხოლოდ გულახდილნი ვიყოთ. ეს სხვის შეცნობას გაგვიადვილებს.

- ყველაზე მეტ ინფორმაციას ადამიანის შესახებ, ასე მგონია, იძლევა მომენტი, როცა იგი გაბრაზებულია... თავს ნუ დავკარგავთ გაბრაზებაში...

- როს უზნეობის ქრის ქარიშხალი, დროზე დავუშვათ სულის აფრებით...

- ჰგავს სახლს უფანჯროს მანქურთის გული, თვალები ღამეს, უმთვაროდ შთენილს...

- სულს მარადიული სიცოცხლე, ალბათ, იმიტომ უბოძა ღმერთმა, რომ ჭეშმარიტების ძიებას ერთი სიცოცხლე როდი ჰყოფნის?!

- სიყვარული ის ერთადერთი გალიაა, რომელშიც ნებაყოფლობით ვიკეტებით...

- შევიკრათ უსაფრთხოების ქამები! სინდისი ვარდნას იწყებს...

- ნიჭს სარეცხივით ნუ გამოჰფენ, თაყვანისმცემლებზე გაცილებით მეტს მტერს შეიძენ (!)

- ნიჭიერთა ამქარი უფრო ვერ იტანს უნიჭობას, თუ უნიჭოთა ამქარი - ნიჭიერებას?..

- სულის უშორეს კუნჭულებში შეფარებული მოულოდნელად თავს გვახსენებს ეშმაკეული. იქნებ ეს გვიცავს განდიდებისგან?

- «სალიერის კომპლექსი» ის ჭა მგონია, რომელშიც მხოლოდ ჩახედვა შეიძლება, წყლის ამოღება კი არა...

- საცალფეხო ბილიკზეც შუა ხაზი გვეჭიროს?!

- კარგი მასწავლებელი როგორ დაგვავიწყდება, როდესაც მთელი ცხოვრება მას ვბაძავთ...

- სიზარმაცე ვერასოდეს მოიცლის სწავლისთვის, ინტერნეტი უფასოც რომ გახდეს...

- ისევ ანცობს გონება, ამჯერად ჯანმრთელობის შესახებ. შორეულ მომავალში, ალბათ, მეცნიერების მიღწევების ფონზე ადამიანის ორგანიზმი, მისი შედგენილობა იმდაგვარად გაიშიფრება, რომ შესაძლებელი გახდება «სიცოცხლის კლასიფიკატორში» მისი შეტანა, როგორც ბუნებაში არსებული ყველა ელემენტია შეტანილი მენდელეევის სისტემაში... აჰ, თქვენ N კლასის მ ქვეკლასში მოხვდით? მაშ, თქვენთვის უკუჩვენება ექნება A სვეტში ჩამოთვლილ პროდუქტებს და უნდა მიირთვათ B სვეტში ჩამოთვლილნი... (გეღიმებათ? იქნებ იმიტომ, რომ მრავალი სნეულების სახელწოდება სამედიცინო ლიტერატურას თუ შემორჩება. ეს მტკიცედ მჯერა).

- ჭარბცრემლიანობის მიზეზებს იკვლევდა... ვერაფერი გააწყო. ბოლოს ადგილის ჭარბტენიანობას დააბრალა ყველაფერი...

- საბრალონი ვართ, როცა გვგონია, რომ მარჯვენა ხელის ფუნქცია გვაკისრია, მაშინ, როდესაც მხოლოდ ყურების როლს ვასრულებთ...

- ვერც სიმპათიას (და არა საარჩევნო ხმას!) იყიდი, და ვერც ანტიპათიას გაყიდი.

- მიტევების გარეშე როგორ ვეზიარებით სულიერ წონასწორობას... წყენის სიმძიმე მხოლოდ უფსკრულისკენ გაგვაქანებს.

- ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატვირთველი, ოღონდ უდრტვინველად და მორჩილად...

- უცნაურია, დროს საათი არ სჭირდება... ის უმისოდაც სულ იმდინარებს. ეს ჩვენ გვჭირდება, ადამიანებს, დრო ვაფიქსიროთ კარგის და ავის...

- სიძულვილი ყველაზე მძიმე შლაგბაუმია ხელოვანისთვის; შემოქმედებითი პაუზები (იქნებ ჩავარდნებიც), სწორედ მან იცის...

- მუხთლად ატრიალებს დრო-ჟამი დოლაბს; არავის და არაფერს ინდობს; მაინც ვერ დაიცხრო სიხარბე, უკვდავებისკენაც გაურბის თვალი ხანდახან.

- თუ მწარე სინამდვილეს თვალს უსწორებ, სინათლე გაკლდება, თუ არ უსწორებ - ბრმავდები...

- ღალატით სიცოცხლე სიკვდილზე უარესია, ალბათ... ღალატის ულმობელი ჭაობი მხოლოდ ყელამდე სძირავს, თავი სიმართლისთვის რჩება სამიზნედ... სიმართლეს ხშირად აგვიანდება, თორემ მოსვლით, უეჭველად მოდის...

- ოჯახის ბედნიერებას კარის ზღურბლზე სძინავს. ძილშიც ღიმილით აცილებს და ხვდება ოჯახის წევრებს...

- საბრალოა კაცი, რომელსაც სახლისკენ აღარ მიუხარია; და უგუნურია ქალი, რომელსაც ქმრის მოსვლა წარბს აღარ უხსნის...

- უნებლიე შეცდომას უცებ ხვდება და ასწორებს პროფესიონალი... დილეტანტის შეცდომაა ძნელად გასასწორებელი, რადგან იგი დიდხანს ჯიუტად იცავს მას.

- სიკვდილი ეფიცებოდა ადამიანებს - მე მხოლოდ ბოლო წერტილი ვარ სიცოცხლის მრუდზე - მისი ბუნებრივი დასასრული, კაცისკვლა კი თავად თქვენი მოგონილია, თქვენივე სიხარბით გაჩენილი და ადამიანური შურითა და სიძულვილით ნაზარდი...

- სიძულვილსა და ბოღმაში გაზრდილი დიაცი აფთრად უფრო ივარგებს, ვიდრე შვლის ნუკრად, არადა, მეორე უფრო მოუხდებოდა, უთუოდ...

- უბრალო საუბარიც სატანჯველად გეჩვენება, თუ მოსაუბრის ერთი სიტყვაც არ გჯერა... ღმერთმა გვაცილოს ეს სატანჯველი...

- ბაზრობაზე კი დუღს ცხოვრება, მაგრამ არ გადმოდის...

- თვალი და ყური გონთან ერთად გვიბოძა ღმერთმა, ჩვენ კი ხშირად ცალ-ცალკე ვიყენებთ მათ.

- დითირამბების ცვენას მიჩვეულს პაუზა ხოშკაკალად ეჩვენებოდა...

- ხსოვნაში ჩარჩენილი სიტყვებიდან ზოგი გვათბობს, ზოგიც გვყინავს...

- როცა ადამიანი ცრუობს, მას თურმე ხმის მოდულაცია ეცვლება... ვაი, იმას, ვისი სმენაც ამ ცვლილებას აღიქვამს ჩვენს სიცრუით გაჯერებულ სინამდვილეში...

- ალბათ, განგება გვეხმარება ადამიანებს, თორემ სევდის ლოდებს მარტონი როგორ დავძრავდით?

- ბეჯითი საქმის ძიებაშია, ზარმაცი თავის მართლებაში... საქმეს ბეჯითთან ურჩევნია, რადგან ზარმაცთან გასაქანი არა აქვს - იმდენი გროვდება...

- ზესთასოფლისკენ მიმავალთ, ალბათ, ჭიშკარიც დაგვხვდება და კუტიკარიც, გააჩნია, რომლის საშვს გვიბოძებს უფალი...

- ნასახლარი, ნატაძრალი, ნასოფლარი, ნაქალაქარი, ნაქვეყნარი, კიდევ რა? ნაპლანეტარი?.. უარესის მოგონება წარმოუდგენელია...

 

პირველი ნაწილის დასასრული

 

 

ლექსები

 

სავანე

 

ავიშენე მე სავანე -

                 შეშურდება მექარავნეს,

კედლად ხეებს ვთხოვე ჩრდილი,

                 ღრუბლის ფთილაც, გასაკვირი,

ერდოდ მექცა, და მას იქით

                 დარდი, ოცნება და ფიქრი

ისე სტუმრობს ჩემს სავანეს,

                 ვით წყურვილი მექარავნეს...

კიდეც მაწვიმს, კიდეც მათოვს,

                 მაინც ვეტრფი ცისა ტატნობს;

მანებივრებს შუქი მთვარის,

                 მზის ნათელიც მადლიანი,

ფოთლებშუა ჩრდილის ღიობს

                 მოაწყდება, თითქოს იყოს

წყლის შხეფები ჩანჩქერისა,

                 მოწყვეტილი მაღალ კლდისად...

და დრო როცა გადის მძიმედ,

                 არა ვკარგავ მაინც იმედს,

რომ ბულუბლის ტკბილ გალობას

                 კვლავ მოვისმენ და...

                            ვანდობ მას

ნასათუთევ აზრებს - მისნებს,

                 გულის სიღრმით დანამიზნებს,

ვამცნობ ტკივილს დანაისრებს,

                 და ბულბულიც ყოველივეს

მიმიხვდება, თუ მომისმენს...

 

 

ჩამითვალეთ სენტენციად

(ჩემს შვილიშვილებს)

 

საკამათო რამ, ჯერჯერობით,

გადავდოთ შორით...

შევძლებთ კი, ჩვენს თავს დღენიადაგ

მოვუგოთ ომი?

ანდა ყაიმზე დავითანხმოთ,

თუნდაც დროებით...

ო, ეს მოგება კვარცხლბეკს უდრის

ღვთიური დონის,

სხვა გამარჯვებებს კი

ხიბლი სდევს

ამაოების...

 

 

* * *

«... უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე

განცდა თვისთა ცოდვათა და არა

განკითხვად ძმისა ჩემისა»...

ლოცვა ეფრემ ასურისა

 

სანთლების ალი, საკმეველის მშვიდი სურნელი;

წმიდა გიორგის ხატთან ვიდგები...

 

თვალებს დავხუჭავ თავდავიწყებით,

და ჩემი სულის ფორიაქიც აქ გაყუჩდება...

შესავედრებელს შევავედრებ (წყაროს წყალივით;

თავად წამოვა თვალთაგან ცრემლი),

მივეახლები, მოწიწებით ვემთხვევი ხატებს,

და მრევლში მდგარი, განვმარტოვდები...

და მერამდენედ მესტუმრება ამის შეგრძნება:

თითო მლოცველი, ასე მრავლად რომ ვართ ტაძარში,

უფლის წინაშე ყველა ერთად ერთი მრთელი ვართ,

და ჩვენს სიმრთელეს ეჭირვება ლოცვა-ვედრება...

 

 

ფიქრი

 

არ მასვენებს წამით ფიქრი,

აღმა-დაღმა ურჩად მიქრის,

და ხანდახან ცრემლსაც მომწყვეტს ობლად...

მე ვარ ფიქრში, როგორც ციყვი

თვის ბორბალში, თუ პირიქით -

ფიქრი თავად მატრიალებს ბორბლად...

ხან ჭაობში იძირება,

ხანაც ზეცად აიჭრება,

მერე უცებ ჩაეშვება ზღვაში;

თუ დავყევი იმის ნებას,

დამიკარგავს მოსვენებას,

მზად ვარ, შორით გადვიკარგო მაშინ...

მითვალთვალებს გამალებით,

ძილშიც ვეღარ ვემალები,

და სიზმრებსაც თავის ნებით მირჩევს;

თავს ვერ ვაღწევ ფიქრის მახეს,

რა ვქნა, სხვა გზა ვერ მოვნახე,

გვიანღაა, შეველიო ფიქრებს...

 

* * *

ზოგჯერ მგონია -

გავარჩიე კეთილ-ბოროტი,

მეც ჩემი ტვირთი მიზიდია -

ვერ ვიგრძენ დაღლა;

თითქოს დავრწმუნდი,

კაცი ქვეყნად მარტო როდია

და მაინც ყველა

გადავსინჯო უნდა ხელახლა...

 

..............

ძნელი ყოფილა ცხოვრებაში არჩევნის შეცვლა,

და უარესი - უცაბედი, გადაფასება...

 

 

ამას ვინატრებ

 

ნუ დაიმეწყროს ყველა ერთად გზები სავალი,

ნურც შეთქმულივით მიგვატოვებს აზრი ფრთამალი,

ვერ გაიმეტოს როცა სხივიც მზემ შუქმთოვებმა,

და ცოდვის ტვირთი განიცადოს კაცმა ყოველმა,

ამას ვინატრებ, გულმხურვალედ ვილოცებ ოდეს,

საკუთარ სულთან მისასვლელი გზა დამრჩენოდეს...

 

 

გული ლახვარდასმული

 

ჩემს ლექსთა კონას თუკი გადაშლი,

გთხოვ, წაიკითხო ყველა სტრიქონი,

დაუფარავად დავანდა მათში,

გრძნობათაღელვის ის სტიქიონი,

სადაც ვნებები წარმავალია -

მოვალეობის სუფევს ზეობა,

სად სულსა სტანჯავს ბაკქანალია -

გაუტანლობა და უზნეობა...

მათში იპოვი - რატომ ბობოქრობს

ფიქრის მდინარე ასე ძალუმად,

ჟანგი ურცხვად რომ საღდება ოქროდ,

და უფლის გმობა მადლის აღლუმად;

 

მიხვდები რა მაჩნს გულზე იარად,

რა მელნითა ვწერ სიტყვას ხატოვანს,

კაცს თუკი თვლიან არარაობად,

და თაყვანს სცემენ მხოლოდ მამონას.

უცხოს უკმიეს გუნდრუკ-ალერსი,

ფარსად აქციეს დღენი წარსულის,

და ისმის სულის კივილად ლექსი,

რადგან გული მაქვს ლახვარდასმული...

 

 

ასე მგონია...

 

ასე მგონია, აღარა ვარ არც რა სულდგმული -

მიწა-ქვად ვიქეც, ჟამთა რბოლას გავუსწარ თითქოს,

დავიშალე და დავქუცმაცდი - ერთსა გრძნობს გული,

სხვას ხედავს თვალი, გონება კი თავისას ფიქრობს...

ყოველ ცისმარე დღეს წინ მიდგას რამ არჩევანი -

(ყოფნა-არყოფნას როდი ვჩივი, ვარჩიე ყოფნა),

ვთქვა, თუ არა ვთქვა, ესღა მრჩება მე საკითხავი,

რომ სულის ჭმუნვის მარწუხებმა დამინდონ ოდნავ...

საითკენ? რატომ და როდემდე? აი, ეჭვები -

აწ, მარადიულ ყველა კითხვას რომ ემატება,

და გზად გასული უნებურად უკან ვბრუნდები

ისევ იმ ჩიხში, საიდანაც ხსნას ვეღარ ვხედავ...

 

 

* * *

გული გაგვითბე ყველას ალილო...

უსასოობის უდაბნოში

უღვთოდ დაკარგულთ,

ეგების შეძლო, გვაპოვნინო

გზა-ბილიკები

იმ სავანეში მისასვლელად,

სად ერთადერთი -

მიტევება და სიკეთის ქმნა -

თუ დაგვრჩებოდა,

ღვთის სადიდებლად

ერთურთისთვის მისაგებელი...

 

 

არსად არ გადაუხვიო

(შვილიშვილებს)

 

შეარჩიე და მოხატე

                 ოცნების ზღვარი,

შენს მიზანთან წილნაყარი,

                 ლაღი, როგორც ქარი;

მერე გულთან შეინახე -

                 გამოგადგეს ხშირად,

ვით სვლაგეზი საიდუმლო,

                 უფსკრულეთის პირად;

იყოს შენი ნავსადგური -

                 თავი შეაფარე,

ქარიშხალი მოგეწევა?

                 გადაივლის მალე...

თან მიჰყვები და მიენდე

                 მის ბილიკს თუ ბორცვსა,

არსად არ გადაუხვიო -

                 დაიღლები როცა...

 

 

 

* * *

მხოლოდ ერთი რამ ვერ წაგვერთმევა,

სულ რომ უბერონ ქარიშხალებმა,

რაც უნდა მოხდეს - ოცნების ნება

იყო ჩვენთან, და აქვე დარჩება...

 

 

 

საპირწონე

 

ქვეყნად ყველაფერს საპირწონე აქვს:

ბოროტს - კეთილი, სიხარულს - სევდა,

გმირს - მოღალატე, ანგელოსს - ეშმა,

ჰანგი დაჯაბნოს ბგერამ უხეშმა,

სიყვარულს დაჰკრას მძულვარე თქეშმა,

ნდობა წალეკოს ეჭვის თარეშმა,

კარგ პატრონს ქვა სცეს ავმა ფარეშმა,

მარტო დედობის საპირისწონედ

ვერარა გაჩნდა, ვერარა ეშვა...

 

თუნდ ჩააღწიოს გულამდე ეშვმა,

თვალი დაგვივსოს სამსალის პეშვმა,

ვერვინ მოგვიშლის მხოლოდ დედობას...

და ვერც რა გაწყვეტს ჩვენს ძნელბედობას -

სიკვდილის მერეც გვმართებს დედობა...

 

 

ვითომ, ღვინის ბრალია?!

 

ღვინომ წაშალა ლოთის დარია,

მისი ცხოვრება სულ ავდარია,

რამდენი კაცის ბედი არია;

გამოჩნდებიან ყოვლად უჩინოდ,

ვერ გაუგიათ - დალიეს ღვინო,

თუ თავად ღვინომ კაცი დალია...

.....................

იქნებ არც იყოს ღვინის ბრალია -

უსასოობამ ხელი დარია,

შენ უკეთ განსჯი, ომარ ხაიამ!..

 

 

 

მშვენიერების დესპანი

 

მაოცებს ცაზე ვარსკვლავთ ციაგი,

სავსე მთვარე და ფრინველთა სტვენა,

უფრო მაოცებს ლორთქო ბალახი,

ასფალტის სისქეს რომ ექადნება

და შესაშური შეუპოვრობით

ცის მნათობისკენ მიექანება...

მაგრამ მაოცებს მთლად საოცარი -

უსასრულობის ორი ლამპარის -

ბავშვის თვალების შემონათება,

გასხივოსნებულ სიწმინდის მფენი,

შეუცნობი და ამოუხსნელი,

როგორც სამყაროს იდუმალება...

მშვენიერების ნორჩი დესპანი

რომ ვერ დააზრონ ყინვა-ქარებმა,

მას ყვავილივით მოკლე აქვს ჟამი -

თვის წიაღისკენ მიეჩქარება...

 

 

 

დედის გახსენება

 

მშვიდი ხარ მუდამ, საოცრად მშვიდი,

გესაუბრები, ვით ცოცხლს, როცა,

ნეტავი ისევ მაგ თვალთა ბინდში

ჩემი უღრუბლო ცა და მზე მომცა...

მოგონებებად შემომაწვება

განვლილი წლების ზადი და კარგი,

ზრუნვაში სითბოს რა დაგილევდა,

არ გელეოდა შვილებზე დარდიც...

შენს შვილიშვილებს არ ავიწყდებათ

შენი აზრების თავი და ბოლო,

მე კი სულ მახსოვს ის პატიება,

შენს კეთილ გულს რომ შეეძლო მხოლოდ...

შვილთაშვილმა მზის სხივი გაჩუქა -

თითქოს მეორე ჩაგიდგა გული,

მასზე უსაზღვრო ზრუნვა დაგვრჩება

გასასხენებლად რამ სასწაულის...

შენს აღსასრულშიც კი თავგანწირვის

სურვილს ვხედავდი (იქნებ, მე მარტო),

შენგან გამოგვყვა ეს სიყვარული,

დღეს რომ უშურველ სითბოთი გვათბობს...

როს ძნელბედობის ჩამოჰკრავს ჟამი

და ხსნას, ერთადერთს, ლოცვაში ვხედავ,

მჯერა, ეჭვიც არ მეპარვის წამით,

ღმერთს ეაჯები კვლავ ჩვენთვის, დედა...

 

 

როდის გამოიდარებს?

 

ჩემი დარდის მდინარე

                 უცნაურად მდინარებს,

ხან გადმოდის ნაპირებს,

 

                 ხან დაშრობას აპირებს;

ოღონდ ბურჯებს ხიდისას,

                 ჟამით ჩანაკირისას,

არასოდეს ეხლება,

                 ფრთხილად თუ შეეხება,

თითქოს ჩვილს ეფერება -

                 გარს ევლება ნელ-ნელა...

...........................

ჩემი დარდის მდინარე

                 მერმისისკენ მდინარებს,

ეთსა ნატრობს - ჩვენს ცაზე

                 როდის გამოიდარებს?!

 

* * *

სიმარტოვესო სიმშვიდეც ახლავს,

მაგრამ კმარა კი სულის სალბუნად?

შვილთაშვილებმა ამიკლონ, მართლაც,

თუკი განგებამ ბედი მარგუნა...

შემაძლებინე, ღმერთო, სანამ ვარ,

გულს არ ვზოგავდე მათ სიყვარულად...

 

 

 

დედობის არსო

 

ჯავრის სამყოფელს მივეახლე -

                 მეტკინა გული,

ვიფიქრე, სწრაფად გადავივლი -

                 მომდევს ავსული...

თურმე საკუთარ გულს ვაბიჯებ -

                 მეგონა რკინა,

მოგონებათა აფრებს მივდევ

                 და მიტომ მტკივა...

ო, დედის გულო, შვილთა ბედზე

                 ფიქრით ვნებულო,

ო, დედის სულო, შვილზე ლოცვით

                 დამშვიდებულო,

სულ ნება-ნება იხარჯები

                 დაუსაბამოდ,

შვილის სატკივარს რომ დაედო

                 ციურ მალამოდ...

დედობის არსო - სიყვარულო,

                 მზევ - ღრუბლიანო,

ხან შარბათივით სიტკბოს მფრქვევო,

                 ხან სევდიანო,

სიცოცხლის წლები აგიკინძავს

                 ჯაჭვის რგოლებად

და შიგ შებმულხარ შენი ნებით

                 დაუბრკოლებლად...

.........................

დედობის სულო, მოთმინებით

                 აღზევებულო...

 

 

 

ჟამი გამცნობს

(ჩემს შვილიშვილებს)

 

თუ არ ნახე ალავერდი,

                 გელათი და ნიკორწმინდა,

წინაპართ სულს რას ჩასწვდები -

                 ამ მიწას რომ დაემკვიდრა.

როცა ნახავ სვეტიცხოველს

                 ზედაზენს და სიონს წმინდას,

შენს სისხლს იცნობ - ხსოვნის მქონე

                 დუღაბს როგორ ჩაეგლისა...

იგრძნობ შენდა უნებურად -

                 ჟამი გამცნობს გარდასული,

რომ ამ კედლებს, ქვებს და გუმბათს

                 კვლავ წინაპრით უდგათ სული...

...................

ლოცვა ჩვენი ზეცად ადის,

                 და იქიდან სულიწმიდა

გვიბრუნდება ღვთიურ მადლის

                 და იმედის მარგალიტად...

 

* * *

ხალხი დგამს განა გმირების ძეგებს?

ის მხოლოდ მათ დაბადებას შეძლებს;

და ძალუძს კიდევ  - უღირს შვილების

ძეგლები მოხსნას - ვითომ გმირების...

გამაგრდეს ჭირში - ეს ძალუძს კიდევ,

ვითარცა ქვითკირს სჭირდება ისე,

და როცა ხედავს ძალით ვერ იგებს,

 

ის ბრძენკაცივით ბრძნულ დუმილს ირჩევს...

..................

ჯერაც ვერვინ თქვა: უსასრულოა

ბრძენკაცის თმენა?

 

 

სულ ვნატრობდე

 

რა ტურფა აქვს გასაყარი ევრაზიას,

ჩემი ქვეყნის ღრუბელიც კი ლამაზია

ნურც მომშლოდეს გაოცება ალავერდით,

ნურც მოვაკლო მოფერება ჩემს ვარძიას.

სულ ვნატრობდე, მოვისმინო ბევრჯერ კიდევ

გულის კვნესა, გაბნეული კიდით-კიდე -

სიმღერები, ალაზნის ველს მონაქროლი,

ციურ ხმათა ჩანჩქერების წმინდა ბროლი...

ქართულ ჰანგებს - ჭირნახულს და მრავალხმიანს,

დღეს მსოფლიო გვირგვინს ადგამს ვარაყიანს,

და ფირუზ ცას უკვდავ შუქად ესახება

სიმღერის და საგალობლის ქებათ ქება...

....................

რა ტურფა აქვს გასაყარი ევრაზიას,

ჩემი ქვეყნის ღრუბელიც კი ლამაზია...

 

 

ფიქრის ამარა

 

«... ყოფილა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე

გაჭენებული და გამოჭენებული;

რტოებგაშლილი და გამოჩინებული...»

მ. ლებანიძე

 

ზღვიდან ზღვას იყო გადაჭიმული,

ნიკოფსიიდან ვიდრე დარუბანდს,

იყო რა შორი მამულის ბჭენი

(უთუოდ ღმერთის ერია ხელი),

გამარჯვებები რომ იყო უხვად...

მეფე მორჭმული, ბრძენი და ქველი,

გამჭრიახ გონით, ნებით ძლიერი,

რარიგ სჭირდება დღეს საქართველოს

(მთლად არ დაკარგოს ქვეყნის იერი)...

რარიგ სჭირდება დაცოტავებულს,

ჟამთა სიავით ღობემორღვეულს,

ფსოუს ხიდიდან წითელ ხიდამდე

(სული უშფოთავთ, ალბათ, წინაპრებს)...

დავრჩით ოდენღა ფიქრის ამარა,

ეშმამ სიმართლე სად გადამალა?

მამულზე ზრუნვა ვის დააბრალა,

თუკი სხვისდება ის ლუკმალუკმა

(დაილევიან თითქოს მსურველნი -

მსუყე ლუკმაზე იტყვიან უარს)...

............................

შორი ყოფილა ბჭენი მამულის,

ჟამთმონატრება დაგვრჩება ურვად,

ზღვიდან ზღვას იყო გადაჭიმული -

ნიკოფსიიდან ვიდრე დარუბანდს.

 

 

და მიხვდა მთვარე

         (იგავი)

 

მთვარემ გაბედა: ვერ შევძლებ განა?

ისე ვანათო მეც მზისა დარად,

და გავაბრწყინო ირგვლივ ყოველი -

არ მოვანატრო ადამიანებს

მზის ელვარება თვალის მომჭრელი...

დასჩემდა ზრახვა გასაკვირველი,

არ ასვენებდნენ ბნელი ფიქრები...

და შეატოკა ერთხელ ჩრდილები,

ჩამოიცილა ღრუბელიც, მაგრამ -

(რამდენს ეცადა, ვერაფერს გახდა...)

 

მას სხივი აკლდა...

ამ წვალებაში იყო, როდესაც

ღრუბელმა შავმა მთლიანად შთანთქა,

კუპრი გადიკრა ცამ, ჩამობნელდა,

დაისადგურა ღამის წყვდიადმა...

და მიხვდა მთვარე - ზენამ აუწყა -

ის ჩანაფიქრი რა ზრახვაც იყო -

თავად მზის სხივით განათებულმა

მისი ღალატი გულს რომ ჩაიდო...

რომ გაიფანტა ღრუბელი შავი,

სირცხვილით კრთოდა ნათელი მთვარის...

...................

განა იკმარებს ლექსი-იგავი

სულის საცნობად ადამიანის?!.

 

 

უცნაური ხილვა

 

თოვლის ბოხოხი მოხდენილად ემოსა თავზე,

და კულულებად ლოლოები დამშვენებოდა,

კლდის დიდ მონატეხს დაჰკარგვოდა თვისი ერსახე,

და ერთ დროს მკაცრი, სათამაშოს დამსგავსებოდა...

თვალწინ სურათი დამეხატა რატომღაც სულ სხვა:

ყოველი დროის მბრძანებელნი ამა ქვეყნისა

თეთრ ბოხოხებში მხიარულად ბუქნას უვლიდნენ,

ცას ეწეოდნენ სიხარულით, რომ, როგორც იქნა,

ბოლოსდაბოლოს ეს სილაღე მაინც ეღირსათ!..

ძალაუფლება გამქრალიყო და მის თვინიერ

გამოცვლილიყვნენ, დამჩნეოდათ სხვაგვარი ნირი,

საწუთრო შუღლად არა ღირდა - დარწმუნდნენ იქნებ,

რა უცნაური ხილვა იყო, რა გასაკვირი...

თვის ქუდგარეშე ბონაპარტე ემსგავსა ფაშას,

გრძელულვაშაში შევიცანი შაჰი-აბასი,

თამაშს კი მკვირცხლად თავკაცობდა სულ სხვა ულვაშა,

მარცხენა ხელით საცნაური ერთი ათასში...

......................

იყო წარსულის გახსენება წამის თამაშში...

და კიდევ რაღაც, რაც მომავლის განჭვრეტად ღირდა...

 

 

მერე გვიანი იქნება

 

ჩემო ნაცნობ-უცნობებო,

სოფლელნო და ქალაქელნო,

მეგობრებო, მეზობლებო,

ნათესავნო, ხალხო, მრევლო,

მთიელებო, ბარისანო -

საქართველოს გვარისანო,

საშოვარზე შორს წასულნო,

უიმედო ძე-ასულნო,

მშობლიურის მონატრებით

უცხოეთში გულწასულნო,

გავუწოდოთ ერთურთს ხელი,

გამოვძებნოთ სიტყვა წრფელი,

სანამ კიდევ მრავლადაა

დღეს აკვანი დასარწევი,

დავივიწყოთ შუღლი ძველი,

ვაპატიოთ მოყვასს ბევრი,

გავიხსენოთ სანუკვარი

მამა-პაპის სიტყვა ბრძენი,

რომ ძალაა ერთობაში

მტრისგან თავის დასახსნელი...

..............

მერე გვიანი იქნება,

მზე გახდება ჩასასვლელი...

 

 

არ გვიწერია გადაშენება

(სატირული ჩანახატი)

 

რა ხდება ჩვენში? განსჯის კი ვინმე?

დასავლურ მოდას ბრმად რომ მივყვებით,

რად უნდა ვიქცეთ ეშმას სამიზნედ,

თუ ვხვდებით უფსკრულს გადავცვივდებით?!

ყველაფერს უცხოს ვამართლებთ მოდით,

სხვისი გვირჩევნის გულისწამღები,

მათ ყაიდაზე ტანების როკვით

თავს იწონებენ დიდ-პატარაები,

იმათი მოგვწონს სარჩო-საჭმელად

ჩიპსი, ბანანი და ჩიზბურგერი...

დე, ნურასოდეს ნუ დაგვექცევა

საშვილიშვილოდ ძველი ბურჯები...

თუ დაინგრევა, გაცამტვერდება

ნაქები ქართულ ოჯახის ლიბო,

თავმოსაწონი რაღა დაგვრჩება?

ქვეყნის სტუმარი რით მოიხიბლოს?

ბეჭდის ბუდიდან თუ ამოვარდა -

თვალ-მარგალიტი გაქრება მტვერში,

ჩვენზე იტყვიან: «კი, იყვნენ, მაგრამ

ვეღარ არჩევდნენ მოყვარეს მტერში;

ღვთიური ჰქონდათ ცეკვა-სიმღერა,

და მასპინძლობაც ჰქონდათ მეფური,

მაგრამ სიცრუე არჩიეს ღმერთს და

აკი, დასჩემდათ სვე უკეთური»...

..............

რად დავამთავრო (დე, მომტყდეს ენა!)

ფიქრი - სატირა მტრის გასახარად,

არ გვიწერია გადაშენება,

სანამ წიაღი გვრჩება ანკარა...

 

 

იმედი გვავალებს

 

შეშლილა, შეშლილა მსოფლიო

ოქროზე, ფულსა და ძალაზე,

ტორტმანობს შურსა და ღალატზე,

უთვალავ ტყვია და წამალზე...

რა წაშლის მსოფლიოს, თუ წაშლის -

უდაბნოდ ქცეული ფიქრები,

ნაღმებით მოხნული მინდვრები

და ეჭვი - ხვალე კი ვიქნებით?

ომების წვიმებით ნაზარდი

შიმშილი, ობლობა, სიკვდილი,

მდინარედ თუ იქცა, სად მიდის

დიდების ცრემლი და ტკივილი?..

ომებმა ჩაძირა კუნძული -

რწმენის და სიკეთის სავანე,

ვიღასთვის ინათოს მნათობმა,

სამზეო თუ იქცა სამარედ?..

..........

ახალი გვჭირდება კუნძული,

ვეძებოთ - იმედი გვავალებს...

...........

შეშლილა, შეშლილა მსოფლიო

ოქროზე, ფულსა და ძალაზე...

 

 

რა ვქნა, არ მესმის

 

ჰანგის ციური ნაზავი მხიბლავს,

მომწონს ერთობა ცეკვის და რიტმის,

დავუზაფრივარ სხვის ლექსის რითმას,

როცა ის სევდის აკორდად ისმის...

თეატრში მესმის სპექტაკლის სუნთქვა -

დამდგმელებს ვუწერ თეთრ შურით ქულებს,

პირობითია აქ ცრემლი, თუმცა,

მგონი, სამიზნედ მე შემიგულეს...

..............

რა ვქნა, არ მესმის სიძვის თეატრი,

დღეს რომ პლანეტის პროფილად იქცა,

ომის თეატრსაც ვერრა გავუგე -

გულმოდგინედ რომ ნთქავს დედამიწას...

 

ურცხვობა ირგებს ორივ თეატრში

უცოდველობის ნიღბებს ფასიანს,

და უსირცხვილო თამაშ-თამაშით

კარს გვიტალახებს ჩვენც რა ხანია...

 

 

რა დროს ომია?!

 

დაიწვებოდა სირცხვილისგან ყველა ტომია,

ძველწელთაღრიცხვით მშვილდ-ისრებით რომ უომია,

შენ რად ივიწყებ, რომ მეფობენ მხოლოდ დრონია,

ოცდამეერთე საუკუნევ, რა დროს ომია...

როდემდე ედგათ ბედშავ დედებს ცრემლის გობია,

ან პანაშვიდი ქორწილის წილ - ვისი ჰობია?

სულიერების რად დაგვიდგა ეს აგონია,

ომის გარეშეც ჭირ-ვარამი თავსამხობია,

ოცდამეერთევ, გონს მოეგე, რა დროს ომია...

თუ სათამაშოდ დაითვლება მილიონია,

მშიერი კაცი წმინდანობდეს, არა მგონია;

როცა ამდენი ობლის კვერი დასაცხობია,

ახალ-ახლების შემატება - რაღა გონია,

ოცდამეერთევ, გამოფხიზლდი, რა დროს ომია...

ტყეებს რომ ცეცხლი ემუქრება, ჩასაქრობია,

ბუნების რისხვა - წყალდიდობა დასაცხრომია

(ომის დრომ რაც ქნა, ჯერაც გვახსოვს, არც თუ შორია),

მშვიდობიანიც საფრთხილოა - ეს ატომია;

რამდენი სენი და ჩვევა გაქვს დასათმობია,

იქნებ ამისთვის შეგელია შენი ღონია,

საქმეს რა დალევს, საუკუნევ, რა დროს ომია...

როდის ყოფილა ხუთს უდრიდა ორჯერ ორია,

დღეს კაცებს რატომ მოეჭარბათ ქალის როლია?

ჰოი, სირცხვილო, ქალს თუ კდემა არ დაჰყოლია,

და დღეს სიწმინდით თავს იწონებს მხოლოდ ბროლია,

ოცდამეერთევ, შენ დაწმინდო, იქნებ ფონია...

რად შეიცვალა ისტორია დღეს პაროდიად?

სიმართლეს მზაკვრად შეაპარეს ყალბი ტონია,

რაც რამ გადაგვხდა, ხელმეორედ შესაცნობია,

ოცდამეერთე საუკუნევ, იხმე გონია...

მომავლისათვის რომ გამოჰყავთ კაცის კლონია,

ვარსკვლავთ ომებიც გასართობად მოუგონიათ,

უცხო პლანეტამ მათ უშველოს (ჩვენთვის შორია),

დედამიწიდან გაღწევის ფიქრს ვინც შესდგომია;

ვისთვის ღალატი და გაცემა ჯილდოს ტოლია,

და სულის გვემა მათთვის მხოლოდ მონაგონია,

ვისაც თოლია ოცნებაშიც არ გაჰყოლია,

აი, ამათთან გააჩაღე ცივი ომია...

ცის სილაჟვარდეს რომ ამუქებს - ქარხნის ბოლია,

სად ტყვია-წამალს, თოფ-იარაღს ბუდე ჰქონია,

მათ დასახარჯად თუ დაიწყე ისევ ომია,

ოცდამეერთევ, სამართალი არა გქონია...

გახდა ბავშვისთვის იარაღი გასართობია,

აკი, ისვრიან, არ დაინდეს თანატოლია,

ოცდამეერთევ, დასასრული განა შორია,

ახალ ასწლეულს მომდევნო თუ არ მოგყოლია,

ბავშვიც თუ გესვრის  - მაშ, ყოფილხარ ბუტაფორია...

თვალის ჩინი რომ დაგვეკარგა, განა ჭორია?

სულიერების ტაძარი რომ თავს დაგვმხობია,

მისმა აღდგენამ შეგვიწიროს, იქნებ ჯობია?

ოცდამეერთევ, ნათელს ვუხმოთ, რა დროს ომია...

რამდენი რამ გვაქვს სულ ახლიდან მოსაწყობია -

რაც შენმა წინამ ზურგშექცევით ავნო ფოლიანტს;

მგონი, ძალიან დამიმძიმდა ლექსის ტონია,

მაინც ვერა ვთქვი, გულში დარდად, რაც ჩამყოლია,

ერთს ვიტყვი კიდევ - გულს ოცნებით მონაქროლი აქვს -

იქნებ უომრად ჩამოშორდე ცრუ ისტორიას...

ოცდამეერთევ, ნათელს ვუხმოთ, რა დროს ომია...

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / შიოლაშვილი ირმა / ცრემლის ნაფეხური