ჩიქოვანი ნანა 

ამ ფოთოლივით ვიღაცა გხატავს...

 

სარჩევი:

რედაქტორის წინათქმა (ამ ფოთოლივით ვიღაცა გხატავს...)

სულო!

(* * * დ.კ.-ს)

(* * * ჰო, ცოდვების განქარვებას ვცდილობ)

(* * * ზურიკოს და გივის)

(* * * ო, როგორ მინდა მეძებდე ხალხში)

(* * * როცა მოვკვდები, ვიღაც იტყვის)

მუმთაზ – ტაჯმაჰალი

ქურთის ქალები

მერამდენედ

ცოტნე

გადავიკარეთ

შენ არასოდეს არ დაბრუნდები

სიტყვა

განმეორება

(* * * ღიმილს ფეხით გავეკიდე)

სასაფლაოზე

 (* * * მალხაზ ამილახვარო)

(* * * რადგან მუხლებზე არ დაგიდექით)

(* * * როდესაც მოვკვდები)

ჩემო თამუნია

 თეთრი სიზმარი

(* * * ადამიანის დაბადებაში უკვე ძევს სიკვდილი)

(* * * შემოგვეპარა ღვინოში წყალი)

(* * * დაგვითმობს მცირე საქართველოს)

აპათია

 ჩემი სოფელი

 ნოსტალგია

 საოცარია

 ჩემი თაობა

 (* * * ვან-გოგს აწუხებდა ფერების სიჭარბე)

ლოდინი

 (* * * მადლობელი ვარ, შვილებო, თქვენი)

(* * * დ.კ.-ს)

(* * * გარეთ ქარია, წვიმა თუ თქეში)

ქართველი

ლალის

(* * * ახლა წავიკითხე ეს ჩემი ლექსები)

(* * * იქით, იმერეთში, სოფელი ხანია)

შემოდგომა

 ვედრება

 (* * * ზამთარში ცივა)

 

 

ამ ფოთოლივით ვიღაცა გხატავს...

ქართული სიტყვიერების მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი ქალბატონ ნანა ჩიქოვანის უმშვენიერესი და  საამოდსასმენი ლექსების სტრიქონები, უამრავჯერ რომ გადაგაკითხებენ თავს და დაგაზეპირებენ “ფიქრებს” (ასე ქვია მისი ლექსების კრებულს, 2002 წელს დასტამბულს). რაც შეეხება “ირეალურ რეალობას” – ნანა ჩიქოვანის მოთხრობებსა და ნოველებს, მათი უმრავლესობა ემხვარების შთამომავლის, – ქალბატონ ნანას მოურჩენელი ტკივილია, – აფხაზეთი!.. მარტო მისი არა, – ჩვენი ყველასი! თითოეული თქვენგანი ბრძანდებით ამ წიგნის ავტორის ადრესატები! თქვენი წასაკითხია! (გამოიცა 2006 წ.).

ამ პატარა უბის წიგნმა კი ამ გაზაფხულზე ამოფეთქა პოეტი ქალის ტკივილიანი გულიდან და უთუოდ იპოვის მკითხველისაკენ მიმავალ ბილიკს, სადაც მარტო ცრემლები კი არ იღვრება, მზის სხივებიც აღწევენ ამ ცრემლების ამოსაშრობად...

ლალი გვასალია

სულო!

 

საით წასულხარ, სულო ჩემო მოხეტიალე?!

შეჯახებიხარ სიჩუმეს და დაუნდობლობას,

ან დედამიწა სიბნელეში როგორ ტრიალებს,

ან როგორ უძლებს თავის ობლობას?

შეძლებ კი გახდე უშფოთველი მარადისობა,

გალაქტიკაში აღტაცებას გადაეჩვიო,

აღარ გტკიოდეს, არ ელოდე, არ გაწუხებდეს...

ოღონდ იყო და... ოღონდ ეთრიო?

“ვიფრენო” – მეტყვი, არ გაგიშვებს მიწის ძახილი! –

არ გეყვარება, არ იდარდებ, არ დაინახავ?

არ მოინატრებ, არ იფიქრებ, არ დაინანებ?

მაშინ შენ ჩემი არ იქნები! აბა, ვინა ხარ?..

მზით სავსე პეშვით

 

 

* * *

დ.კ.-ს

 

ჩემი სანთელი ქარმა ჩააქრო,

თოვლმა დაფარა ყოჩივარდები,

წამოვედი და დაგტოვე მარტო

შენი ფიქრით და შენი დარდებით!

სიცარიელის სიჩუმე მესმის,

მესმის ზუზუნი ქარაშოტების,

რა უნდა გითხრა, ანდა რა მეთქმის,

როცა გტოვებ და მაინც გშორდები?

გითხრა, უშენოდ სიბნელეში ვარ,

გზააბნეული მივყვები შარას?

ყველგან მარტო ვარ, ყველგან ერთი ვარ

და შენზე ფიქრებს ცრემლებში ვმალავ?

მერე რა ამით? ვერაფერს გშველი!

თავს ვიმშვიდებ და შენს ნახვას ველი!

ოღონდ მინატრე!

მე მხოლოდ შენი მზე ვიქნები,

მე გაგინათებ!

მე მხოლოდ შენთვის დავიწვები,

ოღონდ მინატრე!

ღამით ვარსკვლავებს ცეცხლად ვაქცევ,

როგორც ჩირაღდნებს,

დღის დასაწყისად ავფეთქდები,

როცა ინათებს,

ოღონდ მინატრე,

ოღონდ მინატრე!..

 

 

* * *

ჰო, ცოდვების განქარვებას ვცდილობ

მე – სიცოცხლის ქარაფებთან მდგარი.

ზღაპარივით იყო... არა იყო

ეს ცხოვრება – კეთილი და მწყრალი.

ჩავირბინე, ვერ მოვითქვი სული,

მომიხურეს ალაყაფის კარი,

როგორც შევძელ, გამოვაცხე პური,

როგორც შევძელ, შევაჩერე ქარი.

ახლა თოვს და გარეთ სუსხი ბორგავს,

ჩავისუნთქავ ფანტელებს და ფიფქებს,

შორს, ტრამალში ქერა ქალი მოთქვამს

და სასწაულს ელოდება იქნებ.

სასწაული გახვეულა ნისლში,

ეხეთქება ხეობებს და ხევებს

და ბოლოჯერ გაიელვებს ფიქრი...

უკუნეთი ჩამორეცხავს ფერებს.

 

 

* * *

ზურიკოს და გივის

 

მე კარგად ვიცი, ამ ქვეყანაზე

კაცის ცხოვრება რარიგ ძნელია,

თუმცა სიცოცხლე სიცოცხლეა და...

სიკვდილიც თურმე საპოვნელია.

რამდენ ხანს მოდის, როგორი მოვა,

შემოირბენს, თუ... დაჯდება სკამზე,

თუ სასთუმალთან წამოიჩოქებს

და თვიდან თვემდე მოყვება ამბებს?

არავინ იცის!

იქით წასული ვერაფერს იტყვის –

შვება იყო თუ წამების ფასი

ეს მოლოდინი.

დრო ხლართებს აბამს,

მივყვები ფიქრებს, –

ვაი, თუ... იქნებ?!.

 

 

* * *

ო, როგორ მინდა მეძებდე ხალხში,

მეძახდე შენი ცხოვრების დარში,

თუნდაც ავდარში...

ო, როგორ მინდა...

მინდა გხედავდე ჩემი სახლის

ფანჯრებთან მდგარს –

თოვლში და ქარში...

ფიქრობდე ჩემზე, მხოლოდ ჩემზე...

ფხიზელი, მთვრალი

და შენი თავის წართმევას ჩემთვის –

ვეღარ ბედავდეს ვერცერთი ქალი.

ო, როგორ მინდა გიყვარდე ისე,

როგორც მიყვარხარ, – შფოთვით და ღელვით...

მინდა, თუმც ვიცი, ახლა სხვასთან ხარ!

მინდა და გიცდი, მინდა და გელი!

 

 

* * *

როცა მოვკვდები, ვიღაც იტყვის –

გაღმა გავიდა

და დედამიწა მხოლოდ შენთვის,

ტკივილით დათმო...

რომ შეძლებოდა შეყვარება შენი თავიდან,

რათა იმ უცხო დასასრულში არ იყო მარტო!

როცა მოვკვდები, ვიღაც იტყვის –

მოკვდა სამყარო,

მასში რომ იყო სიხარულით და სავსე სევდით,

საიქიოში სიყვარული უნდა ატაროს

სავსე გულით და... მზით სავსე პეშვით.

როცა მოვკვდები, ვინ რას იტყვის,

აბა, რა ვიცი?

არის კი ვინმე, ვინც გაიგო ამ დედამიწის?..

აღმოსავლეთი... აღმოსავლეთი...

ჯელალ ედ დინ რუმი XIII ს.

მე ქვა ვიყავი, მოვკვდი ქვა და

მცენარედ მოველ,

მოვკვდი მცენარეც და ბუნაგი

ცხოველში ვპოვე,

მოვკვდი ცხოველიც... და ვიქეცი

ადამის ტომად.

(თარგმანი მაგალი თოდუასი)

რუმი

ღმერთი არა გწამთ? მითხარით ვინ ვარ,

ჩემს გაოგნებას დაუდეთ ზღვარი!

ჯელალ ედ დინ რუმი XIII ს.

ეჰ, ჯელალ ედ დინ, არც მე ვიცი

ვინა ვარ, რა ვარ,

ან ეს ამხელა სიყვარული, საიდან მოდის?!

იქნებ და... მართლაც სამყარო ვარ?

ან იქნებ ქვა ვარ?

იქნებ ვარ მხეცი, ან ვენახის პატარა რქა ვარ,

ან იქნებ მზეზე აფეთქებულ გაზაფხულს ვგავარ,

იქნება სულით შენი ტრფობის მიმქრალი ხმა ვარ?

არც შენ არ იცი, ვინა ვარ, რა ვარ,

ან საით წავალ,

თუ სადმე შეგხვდი, ჩუმად გეტყვი –

მუსლიმი არ ვარ!

გურჯი ქალი ვარ, წლების მიღმა

ჩურჩულით თქმა ვარ,

მაჩუქე შენი ათინათის პატარა სხივი!

რომ გავერკვიო ვინა ვარ, რა ვარ,

იქნებ ცრემლი ვარ დაღვრილი და

ქცეული ცვარად,

ან მოგონების უნაპირო, უძირო ზღვა ვარ,

ან შენს ხელებში სიყვარულით გამთბარი ქვა ვარ?

ნუ გამიმეტებ!.. დამაკვირდი, იქნება სხვა ვარ,

თუ... არვის მსგავსი, არაფერს ვგავარ?

არ ვიცი, ვინ ვარ, არ ვიცი, რა ვარ.

წყვდიადით მოველ, უკუნეთს წავალ,

ეჰ, ჯელალ ედ დინ, წავალ და... წავალ!

 

მუმთაზტაჯმაჰალი

 

მიწყდა ფეხის ხმა და ღამემაც გაშალა თმები,

დიდ ხანს მოგდევდნენ სიბნელეში ჩემი თვალები,

ვფიქრობდი, როგორ ვიარსებო, ვიცხოვრო როგორ,

თუ კი ოდესმე არ გეყვარები?

შენი სიტყვები ბაიათის ჰანგია ჩემთვის,

შენი სხეულის სურნელი კი... შეუდარები!

შენს სიყვარულზე ასე ტკბილად, აბა, ვინ მეტყვის?

თუ არა შენი მწვანე თვალები.

ისე წახვედი, ერთხელაც კი არ დაგცდენია –

“ჰო, ჩემო მუმთაზ, სიცოცხლეო, მზის შესადარო!”

მაგრამ ჯერ ვიცი, დღეც ჩემია, ღამეც ჩემია

და ჩემი შიში მიჩქმალული უნდა ვატარო.

მაღალი ღმერთი არ გამწირავს, ასეთს წამიყვანს,

დღეს მე ვარ შენი მბრძანებელი და დედოფალი,

მე ვარ ის ერთი, ერთადერთი, რომელსაც ძალუძს

არ გაგახსენოს არც ერთი ქალი!

ალბათ ცოტა ხნით... და ტკივილი დაგრჩება გულში,

მე ვგრძნობ, რომ ასე დამიწესა ქვეყნის გამჩენმა,

ჩემი სიცოცხლე ჩაინთქმება შენს სიყვარულში...

და გადაყვება ახლის გაჩენას.

 

ქურთის ქალები

მოგონება

 

ჟინჯილებით და გულსამკაულით,

საყურეებით, ჭრელი კაბებით,

ასე ლამაზნი, აღმოსავლურად

აფერადებდნენ ქუჩებს ქალები.

ქურთის ქალები მზეს აღვიძებდნენ,

მოედებოდნენ ქუჩებს ყაყანით,

ეს ადრე იყო, თბილისს დავეძებ,

სად გადასახლდა, ახლა სად არის?

ჩემმა თაობამ კაბა დაკეცა,

ყუთში ჩააწყო გულსამკაული,

წავალთ, იმ ფერებს წვიმა ჩარეცხავს

და დამთავრდება დღესასწაული...

 

 

მერამდენედ

 

გათავდა, მორჩა, მეტს აღარ დავწერ,

რაღა დროს ჩემი ლექსის წერაა,

ჩემი ცხოვრება ჩუმად წამართვეს

და ესეც ჩემი ბედისწერაა.

რამდენჯერ მოვკვდე და საფლავიდან

ამოვეთრიო საკუთარ ქოჩრით,

და წელთაღრიცხვა ვიწყო თავიდან,

როცა რამდენი წელია, მოვკვდი.

ივლის სხეული, მოვა სიბერე,

ალბათ სახითაც ვერავინ მიცნობს

და გული მაინც ვერ დაიჯერებს,

რომ მზესაც ჩემთვის არ ეყო სითბო...

 

P. S. აღარ გათავდა! მე ისევ დავწერ!

რადგან სხვაგვარად არ შემიძლია,

ფიქრიღა დამრჩა, არ მინდა ჩავქრე,

სანამდე გულში რაღაც მინთია.

ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა.

 

 

ცოტნე

 

რატომღაც მინდა მეც კაცი ვიყო და

დავლიო შენი შესანდობარი!

ამბობენ, ცოტნე ლამაზი იყო და

თავზე მეტად უყვარდა მეგობარი.

ამბობენ, ცოტნე ფრთალაღი იყო და

მაინც უნახავთ დარდიანი;

ის თავის ქვეყნის ჭირ-ვარამს იყოფდა,

დიდი საქართველოს დიდი დადიანი.

ამხედრებული მზეჭაბუკს მოჰგავდა,

ხმალმადლიანი და ხელებმადლიანი,

აბა, სხვა რა იყო, ერთგულების გარდა,

დიდი სამეგრელოს დიდი დადიანი.

რა გაქვს შესანდობი, რა ცოდვა გექნებოდა,

შენი ხალხივით უბედურ-ბედიანო,

როცა საქართველოს შავი დღე თენდებოდა,

ყოველთვის გიხსენებდნენ, ცოტნე დადიანო!

ეს ჩვენ ვართ ცოდვიანი და მაინც დავზარდეთ

ბიჭები უდრეკი და ბეჭებადლიანი,

 

თუკი ჩემს ქვეყანას უნდა დაუზამთრდეს, –

ისევ გამოჩნდება ცოტნე დადიანი.

მისი ხალხის გვერდით ისევ ჩამოჯდება

აბჯარჩამოხსნილი, თეთრპერანგიანი,

წამებას გაუძლებს, ბოლომდე დარჩება

ლეგენდად ქცეული ცოტნე დადიანი.

მე რომ კაცი ვიყო, ცოცხლად გადღეგრძელებ

ასე ვაჟკაცურს და ერთგულს,

ხელებს გამოვთლიდი, ქვაში გამოვთლიდი –

საქართველოსათვის შეკრულს.

რამდენი წლის ვარ?

მე ოცი წლის ვარ! არა ათის, არა ორმოცის,

სამოცისა და უფრო მეტის, – ორიათასის!

სამყაროს ხნის ვარ, ყოველი თვის ვარ ზოდიაქო,

მარალისისა, მირკანის და იქნებ მკათათვის.

მე ქალი ვარ და სამსხვერპლოზე სიცოცხლე

მომაქვს,

მე შემიძლია გადავრაზო სამოთხის კარი,

მე შემიძლია უძლეველი ვაქციო მონად

და გაზაფხულად ავაფეთქო ცივი ზამთარი.

 

ჩემში ვატარებ ყველა სიტყვას, ყველა სახებას,

ტკივილი, ტანჯვა, სიყვარული ყოველთვის მახლავს,

ყოველდღე ვკვდები, მაგრამ ჩემში კვლავ ისახება

ჩემი წარსულის მომავალი სიცოცხლე ახლად.

მე ქალი ვარ და მე ვარსებობ ასაკის მიღმა,

მე საწყისი ვარ, მოგონილი ქრისტეს შობამდე,

აზრი არა აქვს თვლას და კითხვას, – რამდენი

წლის ვარ,

ვიცოცხლებ ალბათ, გაჩენიდან მზის ჩაქრობამდე!

მე ამ სამყაროს შეუცნობი გამოცანა ვარ,

არა ვარ მხოლოდ ცდუნებისთვის დაბადებული,

ვარ დღე, თვე, წუთი, წელიწადი, მთელი ხანა ვარ,

სიკვდილ-სიცოცხლის შუა ხიდად გადადებული!

მე ქალი ვარ და ცოდვა-მადლი დამედო ღალად,

ადამის მოდგმის სიყვარულის ვარ დასაწყისი,

ალბათ ამისთვის ჩამიფიქრა უფალმა ქალად,

უზანაესი ნება იყო ამაზე მისი!

აზრი არა აქვს იმის კითხვას, – რამდენი წლის ვარ?

არავინ იცის ღმერთის გარდა, რა ვარ და ვინ ვარ.

 

 

გადავიკარეთ

 

გადავიკარეთ, ეს ზამთარი გადავიკარეთ,

ვიღაცა შერჩა დედამიწას, ვიღაც წავიდა,

ვიღაცა გაჰყვა ფოთოლივით, ავარდნილ ქარებს

და გალაქტიკის საზღვარს გასცდა და გადავიდა.

მარადიულში ეზიარა მარადისობას,

ვიღაცის სული ცისქვეშეთში დახეტიალობს,

ვიღაცამ რაღაც დაკარგა და სულ სხვამ იპოვა,

ვიღაცა ტირის, ვიღაც მზესთან თანაზიარობს.

გადავიკარეთ, ეს ზამთარიც გადავიკარეთ,

ალბათ დრო მოვა, ჩვენც წავყვებით აწყვეტილ

ქარებს,

მიწის სიმწვანე და სილურჯე შერჩება თვალებს

და... სხვა სიცოცხლის შევაღებთ კარებს.

თოვლი

სხვაგვარად თოვდა ჩემს ბავშვობაში,

ფანტელს გაჰქონდა შუქზე ციმციმი,

შევიყრებოდით ყველა უბანში

და ავიკლებდით ქუჩას სიცილით.

მე მეჩვენება, უფრო ქათქათა

და უფრო სუფთა თოვლი ეფინა,

და ჩვენც ვიკლებდით ქუჩას ქოთქოთით,

ირგვლივ სახლებსაც აღარ ეძინათ.

მე მეჩვენება, იქნება მართლაც

ვიღაცისათვის ასე არ თოვდა,

უკვირდა ჩემი იქნება მასაც,

მასში პატარა ბავშვი დარდობდა.

მის ბავშვობაში იქნება იმ თოვლს

უფრო ცისფერი ფერი დაჰკრავდა,

რას იფიქრებდა, შორეული დრო

გაადნობდა და გადაკარგავდა.

თოვდა კი ისე? ჭყაპი არ მახსოვს,

იქნებოდა და მე ვერ ვიგონებ,

მინდა უბანში გავიდე მარტო,

თუმცა იმ სიცილს ვერ გავიგონებ.

არა, კი თოვდა, ნამდვილად თოვდა,

ქუჩა ყინულად გვქონდა ქცეული,

ნაფარეულზე ციგა მიჰქროდა

აწყვეტილი და გადარეული.

თოვლი გადნა და ყველა წავედით,

წავიღეთ ჩვენი წილი ფიფქების,

ნელა მოვხურეთ სახლის კარი და

თან დავიტოვეთ მძიმე ფიქრები...

სხვაგვარად თოვდა? ფიქრმა წამიღო,

იყო კი თოვლი ქათქათა ფერის?

ნუთუ არ იყო, ასე არ იყო

და მოვიგონე სუყველაფერი?

ჩემი აფთარი

სადღაც იკივლა დაჭრილმა ღალღამ,

ცაში ავარდა სული დამფრთხალი,

უკვე დამეტყო ცხოვრებით დაღლა,

დაძრწის და ყმუის ჩემი აფთარი.

შეჩერდება და ჯიუტად მიცდის

სურვილით სავსე წითელ თვალებით,

დაღამდება და გარჩევა მიჭირს

აძაგრულ ბეწვის, შავი ხალებით.

დაქანცული და ფიქრებაშლილი,

ვიცი, ტყუილად ვბრუნდები მზისკენ,

ის მელოდება და მეც, დაღლილი –

ნელი ნაბიჯით მივდივარ მისკენ...

 

 

შენ არასოდეს არ დაბრუნდები

 

შენ არასოდეს არ დაბრუნდები!

შენზე ოცნება უფრო მეტს იტყვის,

გადაბრუნდება ხოდაბუნები,

მზე დააწვება აწყურს და ითხვისს.

შენ არასოდეს არ დაბრუნდები

შენი დროშებით, შენი ალმებით,

უსიერი ტყით, ხოხბის გუნდებით,

შეწირულ ხარზე დაკრულ სანთლებით.

შენ არასოდეს არ დაბრუნდები,

რა მოაბრუნებს სანატრელ წარსულს,

მერე რა, თუნდაც არ დავდუმდებით, –

ვინ დაგვიბრუნებს ბანას და ხახულს?

შენ არასოდეს არ დაბრუნდები,

იქნებ რამდენი რამე მოგველის,

მივყვებით წლებს და უკან ვბრუნდებით

დამკარგველნიც და ყოვლის მპოვნელნიც.

 

 

სიტყვა

 

სიტყვას ამძიმებს ყოფიერება,

სულიერისთვის დაეძებ ფერებს,

იქნებ დავკარგეთ გონიერება,

როგორც ვარსებობთ, ისე ვმეტყველებთ?

ამაღლებული და გამართული

სიტყვა სჭირდება ფაქიზს და ლამაზს,

თუ ვერ იყიდე წიგნი ქართული,

თუ ყოველ დილით იმოკლებ ქამარს,

მაშინ ამ დღეში, ახლა როგორც ვართ,

მრავალი სიტყვა აღარც გვჭირდება,

როცა დრო მოვა, თქვენ მართალი ხართ! –

მათი მოძებნა გაგვიჭირდება.

ასე მგონია, ვცხოვრობთ კარავში,

იალბუზზე თუ ჯომოლუნგმაზე,

თან მახსენდება დიდი კალასი,

თუმცა სულ ვფიქრობ რაღაცა სხვაზე.

სინონიმები, ომონიმები,

შედარებები, ალეგორია,

დიდი ხანია გადამავიწყდა,

სხვაგანაც აღარ გამიგონია.

 

 

 

განმეორება

 

ისევ გამოჩნდნენ ჩუმი ლანდები,

ასე ჯმუხები და ნაცრისფერი,

მეც მათ ფეხებში დავიბლანდები

არც არავინ და არც არაფერი.

ისევ ზუზუნებს ნოემბრის ქარი,

მიერეკება ფოთლებს ქუჩებში,

თითქოს რაღაცას ბუტბუტებს მტკვარი

სიცივისაგან დამზრალ ტუჩებით.

ყველაფერი ჰგავს ძველ მისტერიას,

ასე გგონია, შენ გეჩვენება,

შენი მოყვარე შენი მტერია,

შენი ცხოვრება – ღვთის შეჩვენება.

სად მოვიგონო ყვავილი, ვარდი,

რით გადავღებო შავი ფიქრები?

მიწაზე დადის სევდა და დარდი,

მე ჩიტი არ ვარ, ვერ გავფრინდები.

მე მაინც მინდა ფერებით წერა,

მზისკენ ვიფრინო, ვიფიქრო ცაზე,

ვერ დავიჯერებ, რომ ბედისწერამ

ასე დამტოვა დედამიწაზე.

 

და ისევ მინდა ავმაღლდე ცაზე,

შევასკდე მზეს და შევკრა კამარა,

მე მოსჯილი მაქვს დავრჩე მიწაზე

და მოვიზომო კუთხე პატარა.

 

 

 

* * *

ღიმილს ფეხით გავეკიდე,

ცის კიდეზე დავეკიდე,

მომაშველეთ ვინმემ კიბე!

ჩამოვვარდები...

ბიჭმა ღილი შემაწყვიტა,

მოფერება გადაწყვიტა,

ვარსკვლავები მომიწყვიტა,

როგორც ვარდები...

წავიდა და გარეთ ცრიდა,

სხვა უყვარდა, სხვაში მცვლიდა,

ყვავილები ჩამომცვივდა

ციდან ვვარდები...

 

 

სასაფლაოზე

 

სასაფლაოზე სტვენენ ჩიტები,

სასაფლაოზე ყაყაჩო ყვავის,

სასაფლაოზე წვანან ბიჭები

და მათი სულის უბერავს ქარი.

სასაფლაოზე ლოდები დუმან,

დადებული და დამიწებული,

სასაფლაოზე ტირიან ჩუმად

დედები, ღვთისგან დავიწყებული.

სასაფლაოზე, სასაფლაოზე

რამდენი ცრემლი, ტკივილი, დარდი...

იქ წესრიგია, ჩვენ ვართ ქაოსში

და გვატრიალებს ცოდვა და მადლი.

სასაფლაოზე ყვავის ყაყაჩო,

შენდობას ითხოვს სულის სანთელი,

სუნთქვა მიჭირს და მგონია მახრჩობს

წარსულზე ფიქრის კორიანტელი.

 

 

* * *

მალხაზ ამილახვარო, მუხათგვერდში დაგტოვე!

ან იმ ხალხთან შენს მეტი მე რა მაკავშირებდა?

ქარი ქროდა, ისროდა ფოთლისხელა ფანტელებს,

შენი შორი, მძიმე გზა ძალიან მაშინებდა.

მოწყდი მიწას, გაფრინდი, აიარე ცის კიბე,

ზაზა ამილახვარის ერთადერთო იმედო,

ბაჯი ბაგრატიონი-მუხრანელის მემკვიდრეს,

მოვდიოდი, ვფიქრობდი, წინ რამხელა გზა გედო.

მალხაზ ამილახვარო, მუხათგვერდში დაგტოვე!

ქარის ზუზუნს მიჰქონდა ნაფლეთები გულიდან.

წახვედი და ისევე ბავშვობაში დამტოვე,

იქნებ იქ დაისვენო, ვიცი, დაქანცული ხარ!

* * *

რადგან მუხლებზე არ დაგიდექით,

რადგან კალთა არ შემოგახიეთ,

რადგან ტკივილებს ჩუმად ვითმენდი,

ვერ შემამჩნიეთ!

წინ რომ არავის გადაგიდექით,

თავი ვიქციე თქვენს მეინახედ,

ვიყავი მარტო, ვიყავი ერთი –

ვერ დამინახეთ!

ტირილით მოველ, ნაწყენი წავალ,

იქ ცოდვებს, ვიცი, არვინ შემარჩენს,

წარსული დრო ვარ, გავლილი გზა ვარ,

ჩამიარეთ და მაშინ შემამჩნევთ!

თუკი ვარსკვლავი ზეცას მოსწყდა და

ღამის ლურჯი ცა ორად გახეთქა,

იცოდეთ მე ვარ და ალბათ გულით

ასე მომინდა თქვენი დახედვა.

 

 

* * *

როდესაც მოვკვდები, კიდეც მიტირებენ,

კაბას მიყიდიან ახალს,

ქელეხს გაშლიან, მადღეგრძელებენ და

წვრილად მოყვებიან ამბავს.

ახლა ვინ მკითხულობს, ახლა ვის ვახსოვარ,

სულ რამოდენიმეს მარტო.

ქართველებს წესი გვაქვს, ცოცხალი არ გვინდა,

მხოლოდ გარდაცვლილებს ვდარდობთ.

მოკვდება კაცი და იწყება ლეგენდა,

“ვიცნობდი”, “მიყვარდა”, “მახსოვს”,

ცოცხალს რომ შიოდა,

ცოცხალს რომ სტკიოდა,

ორმა თუ იცოდა მარტო.

 

 

ჩემო თამუნია

 

ჩემო თამუნია, უნდა მაპატიო,

მე შენ ცხოვრებაში ვერა გაგიკეთე!

მე შენთან არა მაქვს არაფრის უფლება,

თუ შენ არ გეყოფა შენივე სიკეთე.

ჩემო სინათლევ და ჩემო სიამაყევ,

შენით რომ იწყება ჩემთვის ეს დუნია,

ვერ გამოგადექი და ვერ გაგიმართლე,

უნდა მაპატიო, ჩემო თამუნია!

მე, შვილო, ლამაზი კაბა ვერ ჩაგაცვი,

ჩემთვის დედამიწას არც კი უბრუნია,

ვერ გაგიზაფხულე და ვერ გაგალაღე,

ჩემო სიცოცხლეო, ჩემო თამუნია!

ვერ გაგახალისე ზაფხულის ფერებით.

შენი მოფერება ჩემთვის სალბუნია.

ამიტომ ხანდახან ძილში გეფერები,

ჩემთვის საოცრებავ, ჩემო თამუნია!

ჩემო გამგებო და მზევ ამომავალო,

გულში რამდენ ტკივილს შანთად გაუვლია,

მაგრამ შენ რა, ამით? რითი დაგიფარე,

ჩემო ერთადერთო, ჩემო თამუნია!

იქნებ მაპატიო, უნდა მაპატიო,

თუ შენთვის რამე მისაყვედურია,

ჩემო სანთელო და ჩემო საკმეველო,

ჩემო თამუნია, ჩემო თამუნია!

 

 

თეთრი სიზმარი

თამუნას

 

ქრიზანთემების თეთრი ფიფქების

კორიანტელი ფარავდა ქუჩას,

ვგრძნობ, თითქოს თეთრი შუქით ვივსები,

ალბათ დღეს ასე სწადია უფალს.

მოვარდნილ ქარში, პატარა ბაღში,

თეთრი სიწმინდე ქრის გამალებით.

შენ დგახარ როგორც შემკრთალი ბავშვი,

შეშფოთებული ქალის თვალებით.

 

სიზმარში ვნახე ქრიზანთემები,

ქარი ბაღიდან აფენდა ფურცლებს,

გამომეღვიძა, იდგა ზამთარი

და თოვლი ედო ხეებს და ქუჩებს.

ქრიზანთემები გავდნენ თეთრ ფიფქებს,

მოფარფატებდნენ ციდან, მაღლიდან,

ვერ ვერეოდი შფოთიან ფიქრებს,

გარეთ კი თოვდა, თოვდა, ბარდნიდა...

 

 

* * *

ადამიანის დაბადებაში უკვე ძევს სიკვდილი,

შეუმჩნეველი და ფერმიხდილი,

სიკვდილი თავად საწყისია მარადისობის,

სხვა სამყაროსი და სულ სხვა ყოფის.

ადამიანი დაბადებიდან კუთვნილია უსასრულობის, –

თავისი ყოფნით.

მარადიულის და უსასრულოს წრე შეკრულია,

ადამიანი გაჩენიდან განსაზღვრულია.

არავინ იცის, საით მიდის, ან როგორ მოდის.

ის გზა დიდია და დაბადება თავისთავში, თვით

სიკვდილია!

და ამ სიკვდილში სიცოცხლეც კი ფერმიხდილია!

 

 

* * *

შემოგვეპარა ღვინოში წყალი,

ავჩეხეთ ვაზი, ვთესეთ კომბოსტო,

თურქეთში ბოზობს ქართველი ქალი,

თან თავი მოსწონს.

ქუჩებში დადის მამათმავალი,

მუზეუმს ამკობს ფარი და ხმალი,

ყველა კითხულობს – ასე რამ მოგვსპო,

ყველას გვაწუხებს რაღაც მთავარი.

ვიღაცა გვთხრის და გვაგულიანებს,

ოთხივე კუთხით გვიჭირავს თვალი,

ვიღაც გვმოძღვრავს და გვაკვალიანებს

ლანდებად ქცეულ ადამიანებს.

არა, არ მჯერა არწივი გაწყდეს,

ქართული ნიჭი ჩაბარდეს წარსულს,

მთავარი არის, რომ ტყვია ასცდეს,

პიტალო კლდიდან აფრენილ მართვეს.

საუკუნეთა მდორე დინება,

სადღაც ჩანჩქერად უნდა გადმოსკდეს,

შუაღამეა, არ გვეძინება,

ვიღაცა დარჩა, ვიღაცა მოკლეს.

ვიღაცა სუფთა ღვინოს ამოწმებს,

ლომად ქცეული ქალები ზრდიან

საქართველოსთვის შავთვალა ბოკვერს.

ქართული ნიჭი აღორძინდება,

ჩონგურს ჩამოკრავს თლილი თითები,

სისხლი ჭუჭყისგან დაიწმინდება,

მაინც ვიქნებით!

 

 

* * *

დაგვითმობს მცირე საქართველოს

ვრცელი რუსეთი?

მე მგონი – არა!

იბრძოლებს ზღვიდან ჩვენი ფეხის ამოკვეთამდე...

მისი ოცნება იყო მუდამ დიდი სპარსეთი

და გასასვლელი ინდოეთამდე.

 

 

აპათია

 

სუყვალაფერი ჩაკვდა და ფარსად იქცა,

არც დრამაა და არც კომედია,

მიწაზე არავის ეცინება,

რადგან რაც ხდება დღეს, – სულ ერთია.

ზევით? არ ვიცი, ზევით ღმერთია!..

 

 

ჩემი სოფელი

 

ჩემი სოფელი ისე დიდია,

იტევს სამყაროს კოსმიურ განცდას,

ჩემი ცხოვრება დარჩა იდეად,

ვგავარ კომეტას – პლანეტას ამცდარს.

ჩემი ცხოვრება უხმოდ ჩაივლის,

იტყვიან, ალბათ იწვოდა ცაში,

ეკიდა ცეცხლი ნაირ-ნაირი,

ალი და სითბო ბრუნავდა მასში.

ვათბობდი ვინმეს? იქნებ... არ ვიცი,

იქნება კიდეც... იქნება არა,

ისე უჩუმრად ჩემთვის დავიწვი,

ჩავიქროლე და ვიქეცი ქარად.

ჩემი სოფელი ახლაც დიდია,

ისევ გაუძლო ტყვიას და ხანძარს,

იბადებიან, სადღაც მიდიან

და თან მიჰყვებათ პატარა ბანძა.

ჩემი სოფელი ახლაც დიდია,

ჩვენი ცხოვრების შარა და ბედი,

იბადებიან, სადღაც მიდიან

და თან მიჰყვებათ ცრემლები დედის.

 

 

ნოსტალგია

ვაჟა ყუბუსიძეს

 

მე ამ ქალაქში ემიგრანტი ვარ,

ქალაქში, რომლის ეშხიც მათრობდა,

ჩემი წარსულის წლებში გავრბივარ,

როცა ეს მიწა ასე მათბობდა.

ჩემი ქალაქი სავსე ბზარებით,

ვეღარ იბრუნებს გულალალ ღიმილს,

ავიყარეთ და სადღაც წავედით

და უცხო ხალხი მოვიდა თბილისს.

სილაღემ უცებ დაკეცა ფრთები.

ბეღურებიც კი გაფრინდნენ სადღაც,

ვერავის ვხედავ, არ მესმის ხმები,

სიცარიელის დამყვება განცდა.

და მდუმარება დადის უბნებში,

დაჩეხილ ხეთა, მოთხრილ ვარდების,

დავხეტიალობთ უცნობ ქუჩებში

ჩვენ, – ამ ქალაქის ემიგრანტები!

 

 

საოცარია

 

საოცარია, ლექსს დავწერ და

არცერთი სიტყვა

აღარ მახსოვს და აღარც ვიცი,

რა როგორ ითქვა.

ეს მე კი არა, პოეტებიც იზეპირებენ

საკუთარ ლექსებს,

დაწერილს გულით, ტვინით, სიბრძნის

სიმძიმით მხრებზე.

ადამიანის აზროვნების

ათინათი საოცარია,

თუ ვინმე ფიქრობს, სიღრმიდან სხივი

ადვილად მოდის, –

რა შემცდარია.

მზე თებერვალში

მზე თებერვალში, ასე შორი და ასე ცივი,

მზე თებერვალში ანათებს და არავის ათბობს

და მაინც ყველა ველოდებით მის მოსვლას დილით,

ოღონდ იყოს და, კაციშვილი არაფერს არ თხოვს.

მზე თებერვალში – ლურჯი ცაა,

არ წვიმს და არ თოვს,

არ ქრიან ბორკილაწყვეტილი, შლეგი ქარები,

ვიღაცა მოდის, გიკაკუნებს, არა ხარ მარტო,

არ გეკეტება სახლის კარები.

ოღონდ ეკიდოს ცის კიდეზე, ოღონდ ანათოს,

მზე მაინც მზეა, ცივი, ცხელი, ივლისში, მარტში,

მარტო სინათლეს რომ უცქერი, გგონია გათბობს, –

მზე თებერვალში!

 

 

ჩემი თაობა

 

მივალ და მიმაქვს სამშობლოს დარდი,

მივყვები ქუჩებს გულისტკივილით,

ჩემ ქვეყანაში სატანა დარბის,

წივილ-კივილით, წივილ-კივილით.

იცვლის სახეს და იცვლის ადგილებს,

ხან მომღიმარი, ხან დარდიანი,

სიკვდილს გვაჩვევს და თან გვიადვილებს –

სახით და მოდგმით ადამიანი.

სატანა დაქრის ქალის კაბაშიც,

ანგრევს და ლეწავს ვაჟკაცი მახვილს,

დამნაშავე ვართ ალბათ ამაშიც,

რომ არ გავყევით წინაპრის ძახილს.

სატანა დაქრის, სატანა დაქრის,

სიკვდილის წვიმა ციდან მოხეთქავს,

ჩემი თაობა მიდის ამ დარდით

და ვეღარ ასწრებს უკან მოხედვას.

 

 

* * *

ვან-გოგს აწუხებდა ფერების სიჭარბე,

მათი აფეთქება უმღვრევდა გონებას,

თვალებში ედგა შიში და სინათლე,

კოშმარულ სიზმრების მძიმე მოგონება.

ხატავდა, ხატავდა, რომ სხვასაც ენახა

მზესუმზირები და ნაზი ზამბახები,

რომ ბევრჯერ ეფიქრათ, რომ ბევრჯერ ენატრათ

მათი დამხატველის დაღლილი თვალები.

ებრძოდა წარსულს და ებრძოდა არნახულს,

ეძებდა ფერებს და ფორმას,

მშიერს და მწყურვალეს, ბოდვებით დატანჯულს

რამხელა სიმდიდრე ჰქონდა.

მზე მას ეკუთვნოდა, ცა მას ეკუთვნოდა,

შუქი თან დაჰქონდა პეშვით,

მას მხოლოდ ღიმილი და სითბო უნდოდა,

არავინ აღირსა შეშლილს.

მოკვდა და... სულ ორმა, თუ სამმა გაიგო,

არვინ შემოსილა შავით,

თან დაუხატავი ფერები წაიღო –

დაღლილმა საკუთარი თავით.

 

P. S. ვან-გოგზე ამბობენ, არ იყო ჭკუაზე,

ეჰ, მისი ცხოვრება გრძელი ამბავია!..

და იქნებ მის ტვინში, ორად გაყოფილში,

რაც ისახებოდა, ცამდე მართალია.

მუდმივი ოცნება

მთელი ცხოვრება მზისკენ მივფრინავ,

ვგავარ მოლაღურს, ნასროლს, ნატყვიარს.

რატომღაც ბედმა არ გამიღიმა,

ოცნების ფრთები ჩამომამტვრია.

ერთ გაფრენაში სიცოცხლეს ვაძლევ,

ცხოვრებას ვაძლევ ერთ კამარაში,

დედამიწაზე დიდხანს ვერ გავძლებ,

გამიჭირდება ცივ სამარეში.

არა, მე მაინც უნდა გავფრინდე,

ვიგრძნო ჰაერის ცივი ტალღები,

გამიშვას მიწამ, გინდათ შეგპირდეთ? –

პირველსავე წუთს ცას შევასკდები.

ცისფერი მზე

ბატონ სიმონიკა სხირტლაძეს – ჩემი

ქართული ენის მასწავლებელს

დიდო ქართველო და მოქართულე,

დიდო კაცო და დიდო თამადა,

პატარას შენი მადლი მაპკურე,

შენი ნათელი თავზე დამადგა!

ჩემთან მოხვედი სხვა სამყაროდან,

რაღაც კოსმიურ ძალით და ნებით.

შენში ქართული სიტყვა ხარობდა,

“ცისფერყანწელთა” უზომო სევდით.

რადგან შეხვედრა გვარგუნა ბედმა,

რადგან გვაჩუქე ზღვა სიხარული,

რადგან ცისფერი მზე დაგვანახე

და დაგვიტოვე სული ქართული –

გაცხონოს ღმერთმა!

 

 

ლოდინი

 

შეციებული ტიტები კრთიან,

გათოშილნი და ცვარმოდებულნი,

ელოდებიან მარტის დღეს მზიანს,

სიყვარულისგან ალმოდებულნი.

ელოდებიან ხელების სითბოს,

წვიმის წვეთები ცრემლად ჰკიდიათ,

ამ ქვეყნად ყველა სიყვარულს ითხოვს,

მათ კი... ჰყიდიან.

შენ როცა მოხვალ

შენ როცა მოხვალ, მზეს შემოიტან!

ამაღლდება და აიწევს ჭერი,

გადმოიღვრება ღვინო ბროლიდან,

დღე შეიქმნება დიდი და გრძელი.

როცა შენ მოხვალ, სითბოს მოიტან!

მე ასე მჯერა, მე ასე მინდა,

გზას გაგინათებს მთვარე შორიდან,

დაგეფინება სხივები ციდან, –

შენ როცა მოხვალ!..

 

 

* * *

მადლობელი ვარ, შვილებო, თქვენი,

რომ უფლება მაქვს ვიარო ქვეყნად,

რომ დამიფასეთ ამაგი ჩემი

და პირნათელი წარვდგები ღმერთთან.

მადლობელი ვარ სიყვარულისთვის,

იმ უფლებისთვის, რომ მერქვას დედა,

არ წაიქეცით ფულის გულისთვის

და არ დაკარგეთ შეგრძნება ფერთა.

გადაიდარებს, ჩადგება ქარი,

მეც თან გავყვები ჩემს წლებთან ერთად,

თუ მოვიხადე ქალური ვალი,

მშობელმა ერთმა და დედამ ერთმა,

მადლობელი ვარ, იცოდეს ღმერთმა!

 

 

* * *

                  დ.კ.-ს

 

ესპანელი გრანდის

რაინდული ქცევით,

დაფარული დარდით,

გაპობილი გულით,

რატომ გაჩნდი ამ დროს,

რად არ გაჩნდი ადრე,

ბევრს რომ არა გავხარ,

მისთვის დაიჩაგრე!

ვერ მოერგე ტალღას,

დრო ვერ დაიჭირე,

ვერ იქეცი ქარგად

ლამის შეეწირე.

უტყუარს და მართალს,

უღალატო გქვია,

არ დაიხევ უკან,

არ გაშინებს ტყვია.

ამ ქვეყანას ნეტავ

ვინ და როგორ მართავს,

ან რაც ხდება ახლა,

რა სახელი ქვია?

ესპანელი გრანდის

რაინდული ქცევით,

დაფარული დარდით,

გაპობილი გულით,

ლამაზ ტანში დაგაქვს

სილამაზე სულის,

ჩაგიარა წლებმა

ჩუმი შარი-შურით...

 

 

* * *

გარეთ ქარია, წვიმა თუ თქეში,

მხოლოდ შენა ხარ მზის სხივი

ჩემში დაბუდებული,

მხოლოდ შენ გხედავ კაცში თუ ხეში,

ხეში, გაშლილში ძლიერ რტოებით.

შენ, სიყვარულო, ჩამდგარო ჩემში,

შენთან ქალი ვარ განმარტოებით.

 

 

ქართველი

 

სახლში სხვა, გარეთ კიდევ სხვა,

ნიჭიერი და უტვინო,

იქ მოყვარე და აქ მტერი,

შესამჩნევი და უჩინო.

ხელგაშლილი და ხელგამრჯე,

ზედაპირული, უძირო,

დარდიანი და მოლაყბე,

მთვრალი ღვინით და უღვინოდ;

კეთილი, მუდამ მფლანგველი,

მიწის, ნიჭის და ცხოვრების,

მოღალატე და ერთგული,

აღმშენებელი ყოველის.

დამქცევი, დამანგრეველი,

ამაყი, შეუდრეკელი,

თავგანწირული, ტანჯული,

ქვეყნის ფარი და კედელი.

კეთილშობილი, მაღალი

ზნეობის მატარებელი,

მოუზომავი, ჭკვიანი,

არაფრის დამნანებელი.

გულიანი და უგულო,

ალალ-მართალი, ხალასი,

გონიერი და უგნური,

სულით და სახით ლამაზი.

მწიგნობარი და უვიცი,

ფორთხვით მავალი მცხეთამდე,

თავზე ცის დამამხობელი,

ამაღლებული ღმერთამდე!..

მზე – სიყვარულით გამთბარი,

ამაყი მეფე, თან მონა,

მუდამ მტყუანი, მართალი,

არას დაგიდევს არქონას.

გულზვიადი და გულთბილი,

ჯოჯოხეთი და სამოთხე,

ძლიერი როგორც ქვითკირი,

მტრისთვის მტერი და თან მოძმე.

უღალატო და გამტანი,

კარგის მთქმელი და არმთქმელი,

გაუტეხელი, ამტანი, –

ასეთი არის ქართველი!

 

 

ლალის

 

მე დავრჩი, დავრჩი ამ ქვეყანაზე,

ვაჯობე სიკვდილს, სხეულის კვდომას,

თუმც ძველებურად ვოცნებობ ცაზე,

მინდა მზის კიდის ქარაფზე დგომა.

ჩემი სიცოცხლე შენ გააგრძელე,

მაჩუქე წლები და მოგონება,

აჯობე სიკვდილს, რადგან დატოვე

ჩემი სული და ჩემი გონება, –

გფარავდეს ღმერთი!

 

 

* * *

ახლა წავიკითხე ეს ჩემი ლექსები,

რას გადავეკიდე სიკვდილს,

დამიჩემებია “მოვკვდები, მოვკვდები”,

ცხოვრება მიდის და მიდის.

როდესაც მოვკვდები, მიმიღებს უფალი,

ამ ქვეყნად ყველაფერს დავთმობ,

ღმერთმა მიცოცხლოს და ჯანმრთელად მიმყოფოს

შოთა, თამუნა და დათო.

ჩემი დეპრესია თავისას არ იშლის,

ორასს მირახუნებს წნევა,

ფიქრისგან ნელ-ნელა ნერვებიც ავუშვი,

დავიწყე სიკვდილზე წერა.

წინ მიდევს ზამთარი, სიცივე, სიბნელე,

ომი, თუ სიმშვიდე ზღვაზე,

უნდა გადავლახოთ შიმშილი, სიძნელე,

ცხოვრება გავიდო მხარზე.

ის, რაც მე მაწუხებს, ეს სხვებსაც აწუხებს,

აწუხებს ცოტად თუ ბევრად,

ვუძლებთ მოთმინებით ცხოვრების მარწუხებს,

თუმცა დაუნდობლად გვთელავს.

 

 

* * *

იქით, იმერეთში, სოფელი ხანია,

აქედან ძალიან შორი,

ვანო ტაბეშაძე მოკვდა რახანია,

სროლაში არ ჰყავდა ტოლი.

შესახედავად ძლიერი იყო და

ორ სიტყვას არ იტყოდა ერთად,

თავის ვაჟკაცობით ბევრჯერ მოუგია

ჩუმი ჭიდილი ბედთან.

“კარგი ნადირობა ძალიან კაია”, –

თქვა მიფიცხებულმა ცეცხლზე,

“დათვმა თუ დაგტორა, უთხარ, ბაბაია,

ანდა არ წახვიდე მხეცზე!”

მეც ასე დამტორა დარდმა და ფიქრებმა,

ვეღარ დავუმიზნე კარგად.

ასე არ ივარგებს, ასე არ იქნება,

საკუთარ “მეობას” ვკარგავ.

 

P. S. “მოვკვდები, მოვკვდები”, – დამიჩემებია,

ჰოდა, მომკვდომია ძაღლი!

არვის დავაკლდები, არც სხვას, არც ჩემიანს,

მოვკვდები?! ძალიან კარგი!

მომენატრებით!

რამდენჯერ, ღმერთო, ალბათ რამდენჯერ

მომენატრებით ექვსივე ერთად,

ჩემო ხორცო და სისხლო ცისფერო,

ჩამოვფრინდები, რომ ვიყო თქვენთან!

მარიკა, გვანცა, ეკა, რუსუდან,

ქეთი და ჩემო ბომბორა გიგლა,

ღმერთმა გახაროთ, ღმერთმა გატაროთ

და არ დაგაკლოთ სიკეთე ციდან!

მე იქ ვილოცებ მუხლზე დამდგარი,

მოვალ სიზმარში, დაგხედავთ კიდეც,

ან გაგაფრთხილებთ, ან გაგახარებთ,

ან ჩაგისახავთ ცხოვრების იმედს!..

და წავალ, წავალ ჩემს პლანეტაზე,

თან მიწიერი გამყვება განცდა,

ჩემო რუსუდან, ეკა, ქეთევან,

ჩემო მარიკა, გიგლა და გვანცა!

 

 

შემოდგომა

 

ჩემო შემოდგომავ, რა ფრთხილად მიდიხარ,

მორცხვი ქალივით იძარცვავ კაბებს,

მე კი შენ ასეთი შიშველიც მინდიხარ,

მზერას რომ მალავ და დაბლა ხრი თვალებს.

ჩემო შემოდგომავ, ნაზი და ფრთხილი ხარ,

როგორ ფეხაკრეფით იხურავ კარებს.

შენ თვითონ არ იცი, საითკენ მიდიხარ,

ან საით გაყვები ავარდნილ ქარებს.

ჩემო შემოდგომავ, მშვენებით აღსავსევ,

ნატიფი სულით და ნატიფი ფერებით,

რამდენი ცრემლით და ტკივილით ამავსე,

მაინც მიყვარხარ და მაინც გეფერები!

 

 

ვედრება

 

“...უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ

ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა

შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ, რაჲთა

განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო

შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უჰსჯულოებასა

შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან

ჩემმან...”

      ფსალმუნი 50

 

მე მახსოვს, არა ჩემში ახსოვს ვიღაცას სადღაც,

ამ უთვალავი წლების წინათ ვიყავი ევა,

იყო სამოთხე, ბედნიერი ვიყავი მართლაც,

ვიდრე შევცდი და შევაცდინე...

და შენი წყევლა დავიმსახურე,

უფალო ღმერთო!

თავისი ცრემლით, სიყვარულით, დარდით, ტირილით,

ეს დედამიწა ჯოჯოხეთად, სასჯელად მერგო

და მომდევს ახლაც, თან მომყვება ძველი ტკივილი

იმ დაკარგული სილამაზის

უფალო ღმერთო!

ქალი ქალია, სიყვარულის ეხვევა გველი,

იცის, რომ ცდება, ისიც იცის, არ უნდა ენდოს,

ის კი სამოთხის დაბრუნებას მიწაზე ელის,

ცოდვათა რიგი მრავლდება და იკვრება რკალად,

ყველა ჩვენთაგანს შეცოდების ცდუნება გველის,

რადგან ჩვენც ევად დავიბადეთ

და ვკვდებით ქალად!

ნება შენია, რაც იყო და რაც ხდება, ღმერთო,

ვმორჩილებთ სასჯელს უდრტვინველად,

აწ და მარადის!

სიყვარულს ვერ ვთმობთ, მოგვიტევე! –

დედობას ვერ ვთმობთ!

შენზე მლოცველნი, მეუფეო, კუბოს კარამდის!

თუნდაც...

თუნდაც იმისთვის ღირდა გაჩენა,

რომ სადმე გზაში შეგფეთებოდი;

თუნდაც იმისთვის ღირდა დარჩენა,

რომ ასე ცხადად დამსიზმრებოდი!

თუნდაც იმისთვის ღირდა აფრენა,

რომ დამენახა შენი თვალები,

ღირდა აღრევად, გონის ამღვრევად –

თუნდაც სიცოცხლე განაწვალები...

 

თუნდაც იმისთვის ღირდა გაჩენა,

რომ შენი ხიბლი მეტარებინა;

იმისთვის ღირდა შენგან გაქცევა,

რომ უჩემობა მენანებინა,

ღირდა გაქცევა, ანდა დარჩენა,

სინანული და გულის ტკივილი?

რა ვიცოდი თუ ცხოვრების გზაზე

შემომრჩებოდა შენი ღიმილი?!

 

 

* * *

ზამთარში ცივა,

ფანჯრებზე ჭირხლი

შერჩენილ ფოთლებს

ხატავს და ხატავს...

ფიქრი და ფიქრი,

შფოთვა და შიში

ფანჯრის მინიდან

სხეულში ატანს.

ფიქრი იგია,

რომ ყველაფერი

დროებითია!

 

ცოტა ხანიც და

გათბება მიწა,

მიწას დაღარავს

ცრემლების ღვარი.

იქნება წვიმა,

იქნება ქარი,

დრო შხამია და

დროა წამალი.

გონების მიღმა,

სადღაც ასტრალში

იხურება და იღება კარი

შენი სიცოცხლის!

ამ ფოთოლივით

ვიღაცა გხატავს,

ამ ფოთოლივით

ვიღაცა წაგშლის...

 

 

თბილისი

 

თბილისი არის ნგრევა, შენება,

თბილისი არის სიყვარული და სიძულვილი,

თბილისი არის წარსულის და აწმყოს ჩვენება

და სინანული.

თბილისი იყო ქალი ლამაზი,

დედაც და შვილიც,

მხარბეჭიანი რაინდების თვალების კვესა,

თბილისი იყო სიხარული საოცრად თბილი

და გულის კვნესა.

თბილისი იყო დარდი, ფიქრი,

ხელებგაშლილი

იკრავდა გულში მოყვარეს და

მტერს არ უშვებდა,

თბილისი იყო სიყვარულზე ჭკუაშეშლილი

და სულმდაბლობას არ დაუშვებდა.

თბილისი იყო, თბილისი არის,

იქნება კიდეც,

გავა დრო, ისევ დაიბრუნებს

თავის ქველობას,

სილაღეს, სითბოს, სილამაზეს,

წარსულის მითებს...

მოვა თაობა, დაიჩემებს თბილისელობას.

 

 

თბილისი

კომპიუტერული მომსახურეობა – პაატა ქორქია

გამომცემლობა

“საქართველოს ვეტერან მორაგბეთა კავშირი”

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტამბა

2012

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ჩიქოვანი ნანა / ამ ფოთოლივით ვიღაცა გხატავს...