ჩხეტიანი მზია

ლექსები 

 

 სარჩევი:გაწვიმდა

ძილისპირული

თათუჩას კბილი

მისარითმი

 

 

გაწვიმდა

 

ეს რა ჭექა და ჯახია?!

შეხედე, როგორ  გახია

ელვამ  გოდორა  ღრუბელი!

-ვაიი,-ატირდა  ღრუბელი,

გამიფატრაო მუცელი...

რაც იმან ცრემლი დაუშვა,

რამსისხო, კუმპალ-კუმპალი!

გზაზე არც ვინმე გაუშვა,

არც _რამე, გაულუმპავი.

 

 

 

ძილისპირული

 

გარეთ  რაღაც ფაჩუნებდა...

ჩქამი იყო ფაჩუჩების,

წაიხურეს  დათუჩებმა

თავზე თბილი ტყაპუჭები.

აშრიალდა  ნაქურჩელა,

დედა   თათუს  ნაქუჩები,

ბუბა, ბუბა ქაქუჩელა,

ჩავთბებით და გავყუჩდებით.

ნანას ეტყვის თათუ ბელებს,

ნანა ჩემს ტკბილ დათუჩელებს...

ბაჯი -ბუჯი  ხვრინავს ბნელში,

ვერ ისვენებს თათუჩელა,-

თელა ქარში რატომ კვნესის,

დე, ჭრილობა არ ურჩება?

-ვინ  გითხრა, რომ არ ურჩება?

დაიძინე, თათუჩელა!

გაირბინეს კიდევ ერთხელ

ქოხში ძილის ფაჩუჩებმა...

ნანა, ჩემო ბაჯი-ბუჯი,

ნანა, ჩემო თათუჩელა,

ბუბა, ბუბა ქაქუჩელა,

შარიშურობს ნაქურჩელა.

 

 

თათუჩას კბილი

 

ჩემს დაიას, თათუჩელას,

კბილი  სტკივა, არ ურჩება!

არ მოუხდა არც ჩურჩხელა,

არცა კიდევ-ლეღვის ჩირი...

-თათუ, რა გჭირს?

კიჭებს შუა

ჩიჩია გაქვს ჩარჩენილი?

თათუ სიმწრით თათებს იჭამს,-

ვაი კბილი! ჩემი კბილი!

-აჰა, თათუ, თაფლის ფიჭა!

შენი იყოს ჩემი წილიც...

-არ  მოგირჩა?

-არ მომირჩა!

ოხმე კბილი! ვახმე კბილი!

გამაწამა, გამაგიჟა,

მკლავს, მგონი, ეს დაწყევლილი!

-ნუღარ ტირი, გასკდა გული!

ჰა, შენ მაყვლით სავეს ჯამი!

მაგ კბილს-ძაფი, გასანთლული,

ჰოდა, მერე მისი ჯანი!

ასწი  დრუნჩი! ნუღარ ხვნეში,

არაფერიც არ მოგივა,

ნახავ აგერ, ორ-სამ დღეში

საღი კბილი ამოგივა.

აი თათუს რამ უშველა!

სულ აღარ გრძნობს ახლა ტკივილს,

ჩემს დაიას, თათუჩელას,

ამოაძრო პაპამ კბილი...

არ გადარჩა არც ჩურჩხელა,

არც- კნაწუნა ლეღვის ჩირი.

 

 

მისარითმი

 

***

არ იკადრა უნაგირი,

არც-ლაგამი,

არც-ავშარა,

მიირბინა, მოირბინა

მთა და ბარი,

გზა და შ...

მოჭიხვინდა, შემოგლიჯა

ჭიშკარი და კარ-ფანჯ...

ბროლის სურა დაამსხვრია,

ბარათები გადაყ...

აიტაცა, გაიტაცა

აბრეშუმის თავსაფარი,

იბარბაცა აცა-ბ...

და უეცრად გასხლტა ქ...

 ბაყ-ბუყ, ბამ-ბამბურაყი

აქ-მთა,

იქ-მთა,

შუაში-ხევი,

ხევის თავში-

ავი დევი-_

 ბაყ- ბუყ,

 ბამ- ბუმ,ბამბურაყი...

ადგა დილით ბამბურაყი,

რძეც მიირთვა და - ბურახიც!

დღისით  რას ჭამს?

-რას და ხორცს ჭამს!

ტყე-ტყე დაძრწის,

ნადირს ხოცავს.

კიდევ  რა ვთქვა

ბამბურაყზე?-

დღეს კენკრას კრეფს

სამურაბედ!

მერე ეს ბამ-ბამბურაყი

ვის მასპინძლობ სამ მურაბით,

სავეს რომ აქვს კარავი?

-არავის!

ვკითხე, - რატომ? ისედაც

კარში ვეღარ ეტევი...

თქვა, - მე ტონა მჭირდება,

მაქვს სულ რაღაც...

ცენტნერი!

აწყენინა სხვა დევებს,

ნაცნობსა  თუ  უცნობს,

დასცინიან, დასდევენ,

- ძუნწო! ძუნწო! ძუნწო!

ჰოდა, რაკი ძუნწია,

სიკეთე არ უქნია,

სიყვარული არ იცის,

იყოს  მაშინ  თავისთვის,

მარტოდმარტო, თვითონ

და  მურაბა , თავისი,

თქვლიფოს!. 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ჩხეტიანი მზია / ლექსები