ცქიტიშვილი ალეკო 

ლექსები  (1994-2002 .)

 

სარჩევი:

დიდი  გასეირნება

ოთახი

სიზმარი დაზიანებულ ცხენსა და იაპონელებზე

ზეემკის მთვარე

მეხსიერების დასაწყისი

შეკითხვა

ძილშიც

ლექსი ემირზე

ლექსი საკაცეზე

გამყიდველის დაზუსტება

სმა

ვითარცა გერონტი

დღესასწაულის ხსოვნას

PEN („ჩვენ გვიყვარს ლუდი“)

ლექსი შენზე

კლარას ხათრით

სიყვარული

ყველანი აცრებზე!

ნიცშე მოკვდა!

ნინოს

მიდრეკილება

ზაირა რეანიმაციაში

ბანქოში წაგებული ლექსი

გ. კ.-ს

იმ ახალი წლის შესახებ

ჯემალის სიკვდილის საიდუმლო

მოწევა

თავები

წამი

ტყეში

კუს კვერცხები

კამათი

ქვები

დაკარგული ადამიანი

 

მისტერ სატერზვეიტის მისტერიები

მზერაში ჩასვლა

ც. ა.

გაუნისლავი ზმანება

სპლინი

შავი ჭირი

თვითშობა ფასკუნჯებამდე

 

ლანდის მოგონება

ბროწეულისფერი ზმანება

ყივანახველა

მისტერ კინის ინცესტური ზმანება

მისტერ კინს, რომელიც უსტვენს

იგი

შეშლილი ზმანება

ნოსტალგია აკაციაზე

ენდჰაუზის საიდუმლოება

გაცინებული ბედისწერა

მიტოვებული ქალი

ზმანება სექვოია

შემოქმედებითი კრიზისი

კაშნეები

ჭინჭი

მთვარის სონეტი

“მთვარით განათებული ბაღის” შთაბეჭდილებები

ლანდს ძვირფასისაგან

უვარდო

შავი სიზმარი

შენდამი

საბედისწერო ქალი

უოცნებო ნიამორები

ჯარისკაცი მამას

ზმანებამტკივანი სიზიფე

ექსჰუმაცია

მისტერ სატერზვეიტის მიმოწერა საკუთარ თავთან

 

 

დიდი  გასეირნება

 

წამო, მეტროთი გავისეირნოთ,

შენ, მეგობარო ძველი დღეების,

ვიხილოთ რიო დე ჟანეირო

და მირაჟები _ ეიფელები.

 

წამო, მიგველის შავი აფრიკა

თეთრკანიანი ცით და ზანგებით,

მისისიპების ტანით აფხეკა,

ეგზოტიკური კუ, ნიანგები.

 

წამო, კარგია ახლა კრუიზი

ანტალიაში, ანტილოპებმა

იციან უცებ როგორ კურიოზს

ქმნის კაზინოში სულის მოგება.

 

წამო და ნახე, რა შრიალია

სენტიმენტალთა ცხვირსახოცების,

ფული ოცნებას გადავალიოთ,

შიშს _ პირამიდა, დრო და ლოცვები.

 

წამო, მეტროთი გავისეირნოთ,

შენ, მეგობარო ძველი დღეების,

ვიხილოთ რიო დე ჟანეირო

და მირაჟები _ ეიფელები.

 

 

ოთახი

 

მათთვის, ვინც წავიდა

 

აღარ გაღელვებს რა ხდება გარეთ,

ზიხარ ოთახში (თითქოს ხაროში)

და ეკითხები შენს თავს ამგვარად:

ნეტავ, რა ღირდა დღეს ოხრახუში?

 

ან გაზეთები რას ამბობენ (კითხულობ ფოსტას)

ისეთს, რომ შენი არსებობა ვინმესგან გწამდეს:

სადღაც გლახაკი დაჟინებით არ უვლის ბოსტანს,

სადღაც პატარა სისხლისღვრაა და კვამლი ცამდე.

გსურს გაემიჯნო შენს სხეულში დანთებულ ხანძარს,

ქალაქის სხეულს, რომელშიც ხარ და სიმარტივეს,

კარგია ახლა მიწის სუნი (წვიმაში) ან ცა,

რომლის წიაღშიც წვალებაა ორბის, არწივის.

 

ამ ოთახივით ვიწროა ღამე,

დამძიმებული ფანჯრების მიღმა

(გარეთ) ძაღლების ისმის ღაღანი

და ქუჩა იხსნის სახიდან ნიღაბს.

 

შორს (ცივ ხსოვნაში) შრიალებენ შლილი კაბები

ადამიანთა თოჯინების და დედოფლების,

შენ კი შიგნიდან აკვირდები ამ გაქანებას,

დაჭაობებულ სარკეებში მძიმედ ეფლობი.

ხოლო, როდესაც მზე შენიდან წასვლას აპირებს

და ხილვის მიღმა, არარაში გადასვლას ცდილობს,

შენ გედევნება საკუთარი ლანდი (ვამპირი),

შენ _ იმავ ლანდის მუდმივო და ერთგულო ჩრდილო.

 

ეს ოთახია მხოლოდ უდავო

(ვერაფერს იტყვი ახალს), შენ იცი:

საგულდაგულოდ და სამუდამოდ

დაგმანულია ახლა შენი ცა.

 

 

სიზმარი დაზიანებულ ცხენსა და იაპონელებზე

 

დედა ჩიტმა მამა ჩიტს სილა გააწნა და

დედიშობილა ბარტყი ბუდიდან გადააგდო.

გაზაფხულის ფშვინვიერი დღე იდგა

როგორც ათასი ფერის შენადნობი

 

ქარხნის მილი.

ბანკირები და პარიკმახერები ფეხაკრეფით

გამოვიდნენ ტროტუარებზე და

სამსახურებრივი მოვალეობისაგან განთავისუფლდნენ.

მეტროპოლიტენში კიდევ ერთი

არაჩვეულებრივი რეკლამა დაიბადა.

გაკოკაკოლებულმა ტროლეიბუსებმა

ამჯერად ჯოხის ცხენობა მოისურვეს

და სერიოზული ჭიხვინი ატეხეს. შენ

გაოცებული დარჩი.

შენში ბოლომდე დარჩა

გაზაფხულის ფშვინვიერი დღის შეგრძნება

რომელშიც თანამოქალაქენიც აღმოჩნდნენ.

ისინი ზანგებივით აღებდნენ პირებს და

ნიანგებივით ჭამდნენ კოლჰოტკებს.

ციდან კახური საზამთრო ჩამოვარდა. ცამ

პატარა პირი მოკუმა. ამასობაში

დირიჟაბლად გადააკეთე ჯოხის ერთ-ერთი

დაზიანებული ცხენი და იაპონიის

ციურ ბადეთა კუნძულზე გაფრინდი.

იაპონელები დაჟინებით ჰგვანან ჩინელებს

მანამ სანამ ხიროსიმისა და

ნაგასაკის ატომური წვიმები დასდით.

შენ საკუთარი თვალით ნახე ისინი

როგორ უვლიდნენ ჩოგბურთის კორტებზე

დარგულ ქრიზანთემებსა და დუმფარებს

და იაპონელობა მოგინდა.

ამის გამო სასიამოვნოდ შეიშმუშნე.

გაზაფხულის ფშვინვიერი დღე შენი სურვილის

საწინააღმდეგოდ დასრულდა. ზეემკის

ერთადერთ მიკრორაიონში გაიღვიძე და

თურქული ჩაი აიდუღე საუზმისათვის.

 

 

ზეემკის მთვარე

 

სავარაუდოა, ამაღამ მოვიდეს

გამხმარი თავების წვიმა

მთვარიდან, რომელიც ახლა

შენი ფანჯრის პირდაპირ მოჩანს.

 

შენ შეიძლება გახვიდე ქუჩაში

პენუარით, როგორც ბეღურა

და აპოკალიფსურ ნალექს

ფეხშიშველმა გადაუარო.

 

სავარაუდოა, საერთოდ, ამაღამ

ჩამოვარდეს დამპალი მთვარე და

შენი ფანჯრის წინ, ზეემკაზე,

უამრავი თავი მიმოაბნიოს.

 

ამას მოჰყვება ამძუვნება ქუჩის

ძაღლების... მათგან ბევრს

დიდხანს აწვალებდა დაობებული

და ბეტონის ზეემკის მთვარე.

 

 

მეხსიერების დასაწყისი

 

მახსოვს როდესაც

ჩემსა და ჩემს შორის

უკანასკნელი ზამთარი იდგა

მის აღსასრულში უცოდველი

ბეღურებიც იხოცებოდნენ.

თუმცა ჯერ კიდევ საკმარისად

თოვდა და თოვდა როდესაც

ჩემსა და ჩემს შორის მდგარმა

მემ ცა და მის უკან გაბნეული

უშქარი ხორცი თქვა.

მახსოვს თითოეული თოვლის

ფიფქისა და ადამიანთა ნაკვალევის

დაუვიწყარი გემო რომელმაც

თითქმის მკვდარი ზამთრის

ყოფითობა განმაცდევინა.

 

თუმცა ჯერ კიდევ ადნებოდა

თმებს ხელისგულებს ჩემში

მრავალგან დაღუპული წინაპრის

დარდი. მახსოვს...

 

 

 

შეკითხვა

 

შენ,

ხეზე მიყრდნობილო და თვალდახუჭულო

კაცო,

ერთი შეხედვითაც გეტყობა, რომ

ფესვი აღარ გაქვს. ახლა

ყველაფერი

იმ მიზეზის გარშემო ხდება,

რომელიც შენშია, მაგრამ

როდესაც წვიმს ან თოვს ან

ცაზე (ჩვეულებრივად)

ვარსკვლავები ანათებენ,

შენ უფრო მეტად დაღლილი

ხარ, ვიდრე

საერთოდ...

 

შეკითხვა: გახევებულო

კაცო! როდესაც მხრებზე

ჩიტები გასხდებიან,

რას გრძნობ?

 

 

 

ძილშიც

 

მან ისე მარტივად დალია წყალი

როგორც სვამს ყოველდღიურ რადიოს

ყოველდღიურ ტელევიზორს

ყოველდღიურ გაზეთს

ადგა

დაწვა დილით

გაღვიძებამდე სამი წუთით ადრე

მას დაესიზმრა

ყოველდღიურობაში შესული კაცი

რომელსაც ეძინა და მოკუნტული

ძილშიც ამთქნარებდა.

 

 

ლექსი ემირზე

 

გასტრონომი _ ერთგვარი კარადა.

დაუშვებელია ასეთი შედარება,

როდესაც გაწუხებს ჩარადა

და ტკივილები გეძალება.

გამყიდველმა პირით გაქონილით

მრავალმნიშვნელოვნად შეგცინა.

შეიძინე მისგან საქონელი,

რომელმან აღტაცება შეგძინა.

აღტაცება არ არის უსათუო,

შეიძლება ეწოდოს ნაკლული,

ვფიცავ: არ გიღირს უზალთუნად

ამდენი საქონელი დაკლული.

თანაც ისეთი ხარ (თვალებდათარსული,

მაინც საუცხოოდ უზადო),

გიჯობს ამ ხორცებში ჰპოვო აღსასრული,

ვიდრე გახორცებას უცადო.

 

 

ლექსი საკაცეზე

 

ბაღში ხე მოჭრეს ერთობ დიადი

და შემცივნულის სახლში მიჰქონდათ

შეშად. როდესაც ხერხი მიადეს,

ხეს მიწის სუნი და სისხლი ჰქონდა

და დადიოდა ბაღში ის კაცი,

დაზამთრებამდეც ვისაც სციოდა,

ეზიდებოდა შეშას, საკაცით

ეზიდებოდა და დადიოდა.

 

 

 

გამყიდველის დაზუსტება

 

მზესუმზირის გამყიდველი წავიდა სახლში.

გროშებს აგროვებდა საღამომდე. მღიმარე

ინტელიგენტები წველიდნენ ძროხებს

უნივერსიტეტთან. სკამზე იჯდა ივანე.

იქვე ძეგლებიანი ბაღია. ძეგლები

 

მზესუმზირის გამყიდველს აზუსტებენ,

ვინ არის.

აღელვებულები დადიან

სტუდენტები,

მზე ენარცხება ფენოვან ხაჭაპურებს,

რომლებიც გამოაქვთ, გამოაქვთ მრავალი:

წითელი, ყვითელი, ლურჯი. გვაპურებენ!

ათასფერადია მათი სახელი და სავალი.

 

მზესუმზირის გამყიდველი წავიდა სახლში,

უკან მოიტოვა გაყიდული სამშობლო.

ამის აღსანიშნავად დაუკრეს მარში

ქარში, სციოდა დიდება

მათ ხსოვნას.

 

 

სმა

 

დალიე კოკა-კოლა რუსთაველის:

ძეგლთან და გამზირზე დალიე:

ლაღიძე: ეროვნული სასმელი:

ფანტა დალიე: ფორთოხლის

ყველაფერი: ეგზოტიკურადაა

მოდუღებული ვაკეში ყავა და

ადგილობრივი ნიადაგის ჩაი

ბორჯომში:

დალიე:

გაგრა დაცემული რუსთავის

მეტალურგიული ქარხნის ღუმელიდან

დალიე: ფილარმონიის დიდი

საკონცერტო: მერია

მუზა: სასტუმრო: სულმოუთქმელად

დალიე: ფუნიკულიორი და

სამფეროვანი ცელოფანის

დროშა:

დიადი

დალიე

სული!

 

 

 

ვითარცა გერონტი

 

ლამაზად დაპატარავებულ სამშობლოს

 

შენ ჭამ პურს რომელიც

ჯერ არ გამომცხვარა

შენ გშია შენ ნული

ხარ თითქმის შიშველი

დაეძებ სამოსელს რომელიც

ჯერ არ შეკერილა შენ

გცივა საკუთარ სიცივეში

რომელშიც შენი შვილები მოკვდნენ

ან შენს გაჩვეულებრივებულ

მზეს გაექცნენ სხვაგან

სადაც უკეთესობაა შედარებით

სადაც ჩვენთან არს ღმერთი

საპირფარეშოთა კედლებზე

არ იწერება.

 

მე შენ ისე მიყვარხარ

როგორც გერონტი

 

ქიქოძე მიყვარს როგორც

მეც ცომს ვჭამ ჯერჯერობით

და შენს ყოფითობით აღსავსე მზეში

ვიმყოფები

შენი...

 

 

დღესასწაულის ხსოვნას

 

“კუბოებმა ჩაიხრიგინეს

კუბოთა საერთაშორისო დღესასწაულია”

                                                                         გ. კ.

 

ბავშვებო ბავშვებო

თქვენი ეროვნული გრძნობა სად წაიღეთ

თქვენი ღვაწლი და ღორი

რომელიც იესო ქრისტეს დაბადების დღეს

დაკლეს ტუჩები

რატომ გქონდათ ქონიანი

როდესაც წახვედით ტყეში

დამსახურებულ მგელთან

სულმნათები მინდა

მაღელვებდეს თქვენი პატარა

თითებით შეკავებული ცა

და ცრემლი მაგრამ

როდესაც თქვენს

ეროვნულ გრძნობებზე ვფიქრობ

ძალაუნებურად მახსენდება

ღორი

მას საერთაშორისო თვალები ჰქონდა.

 

 

PEN

“ჩვენ გვიყვარს ლუდი”

                                    დ. ბ.

 

ჩვენ გვქვია ლუდი

და ყოველივე გვეზედმეტება, რაც ლუდს მიღმაა,

ანუ ის, რასაც არ ჰქვია ლუდი,

რადგან ყველაფერს არ შეიძლება,

ლუდი ეწოდოს,

ან პირიქით _ შეიძლება, ეწოდოს ლუდი.

 

ჩვენს სილუდეში ვერ ვიპოვით თავისუფლებას _

ლუდისფერს და ლუდივით ამაყს,

რადგან ლუდი ჩვენ თვითონა ვართ

და ჩვენივე თავის პოვნა ლუდივით გვღალავს.

 

ზოგჯერ ხმაურით თუ ავქაფდებით

აღმატებულად ვიგრძნობთ ლუდობას

და ლუთერივით ვმოძღვრავთ სხვა ლუდებს,

არ გადაქაფდნენ ულუდობაში,

თორემ ლუდობა გამოეცლებათ და

მათ  საფლავზე

ლოდის ნაცვლად დადებენ  PiLSEN-ს.

 

იქ ერთი ლუდი მეორე ლუდს დაელოდება,

ლოდინისაგან უფრო მეტად გალუდებული

დაავადდება უჰაერობით,

რაც იმ ლოდინში უსიკვდილოდ ულუდობაა

და გალუდება უფრო ზედმეტად,

ვიდრე PiLSEN-ი.

მერე მოვა ვინმე სხვა ლუდი

და თითქოს ყველას ლუდი არ გვერქვას,

ამგვარად იტყვის:  „ვსე ხაწიმ პივა”

თუ ძმა ხარ ერთი...

ჩვენ ყოველივე გვეზედმეტება, რაც ლუდს მიღმაა

და გვქვია ლუდი.

ლექსი გორაზე

 

რა მაგარი სიცივეა გარეთ.

სიცივეა ცივზე ცივი. ცასაც

ისე სცივა, თითქოს მზეა მკვდარი,

თითქოს მზეა რაღაც მკვდარი მასა.

 

ხოლო ვიღაც გაყინული გორავს.

ვიღაც გორავს გაყინული. აგერ

მთელი ხალხის გაყინული გორა

დგას, ბოლომდე დაუფარავს ნამქერს.

 

და სიცივე _ ამ გორაზე დიდი,

დადის გარეთ, მას აღეძრა მადა,

ქვეყანასა ზედა ცამდე იდოს,

აღარასდროს გაუვიდეს ვადა.

 

 

ლექსი შენზე

 

კვამლია. დანგრეულ შენობას

აშინებს ცუდი ცა და ცივი

ამინდიც ძალიან გეცნობა

გუშინწინ ნანახი კაცივით

და თავთან საუბრობ. საუბარს

არა აქვს მიზეზი და აზრი.

გაწუხებს პატარა აურა,

რომელიც რაღაცამ დააზრო

და კვამლიც. ძალიან გეცნობა

ცუდი ცა, აგრეთვე _ ამინდი,

რაც ასე აშინებს შენობას

და რასაც კაცივით განიცდის.

 

 

 

კლარას ხათრით

 

სოციალურად დაუცველ ფენებს,

პალმას ჩემი ოთახის, მზეს

ამომავალს კორპუსებიდან, ცას _

სუსტს, კედლის საათს და ლონდონს

კედლის კალენდარზე, სადაც

გაჩერებულია დრო. ტრამვაის

ბოლო გაჩერებას, ვაგონს

პენსიონერებით სავსეს, სიზმარს

კეთილთვისებიან ადამიანებზე, ღმერთზე,

ჰაერს, რომელიც არ იწვის

თუ არ მოხდა ბირთვული აფეთქება და

დირიჟაბლს ამ ჰაერში, სიყვარულს

სპელეოლოგიისადმი, სპილოს

მონოგამიური ცხოვრების წესით,

მტრედს ვენეციის ქუჩებიდან,

რომელიც დაგაჯდება მხარზე, ძილს,

ისეთს, როგორითაც გძინავს ახლა

 

როცა მთვარე ანათებს გარეთ

და ყველაფერს, რაც არ გამახსენდა _

 

კარგს, არცთუ ისე კარგს,

ცუდს (ყოველი შემთხვევისათვის)

გაჩუქებ კლარა

ცეტკინის ხათრით.

 

 

 

სიყვარული

 

არის ორთავიანი დრაკონი _

შენთავიანი მე და

ჩემთავიანი შენ.

 

 

ყველანი აცრებზე!

 

მალე ავტობუსი მოვა

წარწერით: “ყველანი აცრებზე!”

ჩვენ ჩავსხდებით მასში და

წავალთ ეკლესიის ეზოში,

სადაც დარგულია ცაცხვი.

შენ მეტყვი:

“გაზაფხულზეც დაწერე რამე”, რადგან

მე ვნახე სიზმარი

შიშველი ქალებით და ნუშით.

ისინი ჰყვაოდნენ ფუნიკულიორზე

და ჰქონდათ დიფტერია და

პოლიომიელიტი. ხოლო შენ

იდექი წმინდა მთაზე,

როგორც ბატკანი

და მთვრალი კაცი

გიკითხავდა ლექსს: “ქალი,

რომელიც ცხოვრობს ეკლესიის ეზოში”.

შენ გიკვირდა, რომ ამ კაცს

ერქვა მუსულმანური სახელი _

მუჰამედი. “მოდი,

მოვიწყინოთ”, _ თქვი შენ

და მერე თქვი: “შეხედე, ზანგი...

ეს ზანგები ღამის შვილები არიან”.

ამ დროს ჩვენ უკვე

ავტობუსში ვისხედით და მივდიოდით

ეკლესიის ეზოში, სადაც

დარგულია ბზა. ავტობუსში

ჩვენს გარდა ისხდნენ

სრულიად უცნობი მოქალაქეები

და ყველანი მიდიოდნენ

თავიანთი გზით, სხვაგან.

“ბეღურა ვარ და თვალებში წვიმა მაქვს”, _

თქვი შენ და მერე თქვი: “არა,

ბატკანი ვარ და ყუთში ვზივარ”.

მე მიკვირდა, რომ სინამდვილეში

ჩვენ ვისხედით ავტობუსში,

რომელსაც ეწერა: “ყველანი აცრებზე”

და მივდიოდით ეკლესიის ეზოში,

სადაც არავინ ცხოვრობს.

 

 

ნიცშე მოკვდა!

 

მიდიხარ. ტროტუარზე თავები

მოძრაობენ და უჩნდებათ შიში,

რომ ვიღაც ფეხები იკავებენ

მათ ადგილს ტროტუარზე. შენში

ხმაური იშლება ათასწილად,

ათასჯერ იშლები თვითონაც შენ

და გახსოვს, როგორ ამასწინათ

ქუჩაში მოკვდა თვითონ ნიცშე.

 

 

ნინოს

 

კიდევ ერთი დღე მეტროპოლიტენში, სადაც

მე და შენ მიცვალებული ვნახეთ _

ბაქანზე ესვენა და პოლიციელები

დამუნჯებულ თვალებზე ცხვირსახოცს აფარებდნენ.

 

თურმე ვაგონიდან გამოსვლისთანავე წაიქცა და

გულიდან პატარა ცხოვრება გადმოუვარდა.

მატარებელმა თავისი გზა გააგრძელა, ხოლო

ჩვენ გერმანიაში წასვლაზე ვსაუბრობდით.

 

იქ ოდნავ სხვანაირად კვდებიან ადამიანები.

ყოველ შემთხვევაში, მე და შენ

ასეთი წარმოდგენა გვაქვს და გვჯერა.

 

 

მიდრეკილება

 

ანთია ცეცხლი და თითქოს გმინავს

ბუხარი. შენ კი მომენტალურად

ნატრობ უბრალო და მყუდრო ბინას

და გარეთ წვიმას სენტიმენტალურს,

რადგან ეს სახლი არ არის შენი,

სადაც სითბოა ამჟამად. მაღლა

ღამურებს სძინავთ და მათთვის სხვენი

ქცეულა ერთგვარ უბრალო სახლად.

შენ მათი არ გშურს, მაგრამ შენ გინდა,

განმარტოებით ცხოვრობდე სადმე,

გქონდეს პატარა და მყუდრო ბინა,

გყავდეს ცოლი და არავის ჰგავდე.

 

 

 

ზაირა რეანიმაციაში

 

დგას მაგიდაზე წვნიანით ქვაბი.

კედლები სტკივა მოწყენილ ოთახს

და ფარდებიდან შემოდის გვამი,

რომელიც შენი სიზმრებით შფოთავს

და ლურჯი არის მისი ტუჩები,

როგორც ცა, როგორც ფიქრები ომზე,

რომელიც შენში დარჩა უჩუმრად

და აღარ მორჩა.

პატარა კოვზი

დევს მაგიდაზე და

მაწვნის ქილა.

მოწყენილია ოთახი, როგორც

მიცვალებულის ოჯახში დილა.

ალბათ ეს არის ბედით თამაშიც,

უფრო უარეს დღეების გამო,

დარჩენილია კვამლი შენს თმაში

და ყელში _ ძველი ჭრილობის გემო.

 

 

 

ბანქოში წაგებული ლექსი

 

გინდა, მიდიოდე ტრამალზე ტრამვაით.

გინდა, ტრამვაიდან ხედავდე მარტორქას.

მარტივი ცხოვრება თუ გიჩენს ამნაირ

სურვილებს, მით უფრო, თუ სადმე მარტო ხარ

და ახლაც... მარტო ხარ და გარეთ მარტია.

მარტივით შენც გინდა, რაღაცა შეცვალო

სახლში. მაგიდაზე თევზი დევს, თართი და

წუხხარ, რომ არ არის იგი ჯერ შემწვარი.

გარეთ კი მარტია და ზამთარს ტრავმა აქვს.

შენ ზიხარ საწოლზე და ისე ძალიან

გინდა, მიდიოდე ტრამალზე ტრამვაით,

სხვა სურვილებისთვის აღარც კი გცალია.

 

 

. .-

 

ქალაქს შემორჩა ისეთი სახე,

როგორიც ჰქონდა თავდაპირველად,

როცა შენ იგი სიზმარში ნახე

და შეგეშინდა, მაგრამ იმჯერად

ეს იყო უფრო ბავშვური შიში,

რომელსაც სულაც არ ჰქონდა ძალა...

ახლა კი გზა გაქვს უფრო უხეში

და უფრო მწარე ტკივილებს მალავ.

ხოლო ქალაქი ისევ ისეთი

სახით გაძალებს, მიჰყვე დინებას

მისას, მაგრამ შენ მუდამ მიზეზი

ამ დაძალების გეცოდინება.

 

 

იმ ახალი წლის შესახებ

 

დამეთანხმებით, ახალი წლის დღეებში

განსაკუთრებულად გვინდა,

 

გამოვიყურებოდეთ.

იმ კარგად სახსენებელ

 

დღეებში საერთოდ დავკარგეთ

აღვირის შეგრძნება.

 

კიბეებზე მაკე კატა ჩამოდიოდა.

კეთილთვისებიანი სიმსივნეებით სავსე

 

თვალები აქვს-მეთქი

მერიის ფასადს 1997

ეწერა განათებული ნათურებით.

 

დილით ჩემს გარეშეც

გააგრძელეს ურთიერთობა ადამიანებმა.

წვიმდა.

შენ არასოდეს გექნება ასეთი

წვიმა თვალებში, ასეთი

ნაფეხურებიანი და

ტროტუარზე დაყრილი

მანდარინის ნაფცქვენებით აღსავსე

წვიმა-მეთქი.

რატომ უნდა დაიდო ფეხსაცმელი თავზე,

როგორც ამას “ბატას” რეკლამა

მოგვიწოდებს?!

 

მარტო ამისთვის შეიძლება დაჯდე და

ჟღურტული დაიწყო კაცმა.

 

მგონი, ზუსტად იმ ადგილზე ვიდექი,

სადაც შოთა ჩანტლაძე ამ

რამდენიმე წლის წინ.

 

ვარაზისხევი ამოევსოთ და

გარშემო დარგული ფიჭვებიც

გაზრდილნი ჩანდნენ.

 

მერე რედაქციაში მივედი.

იქ აღარავინ იყო. ყველაფერი

ძველებურად და კარგად

აწონილ-დაწონილად ხდებოდა.

დღის ბოლოს ევგენი ხარაძეც

გარდაიცვალა...

უკვე მერამდენედ.

 

 

ჯემალის სიკვდილის საიდუმლო

 

“ჩაინიკს ასძვრა ემალი,

ნათელში იყოს ჯემალი”

                                                 ეპიტაფია

ჯემალი ცხოვრობდა

ჩემს მეზობლად,

იყო მელოტი და

ჰყავდა ორი შვილი.

ჯემალის ცოლი არ მუშაობდა არსად,

იჯდა შინ, ფანჯარასთან და

პირველ ნახევარს

ელოდა პირველის ნახევრამდე.

ჯემალი ბრუნდებოდა შინ

ნასვამი და ეუბნებოდა ცოლს:

“ფლოსტები მომიტანე”. იგი

არ ვახშმობდა, იცვამდა

ღამის პიჟამოს და იძინებდა

ცოლზე ადრე. ჯემალმა

არ იცოდა ის, რომ

მისმა შვილებმა არ იცოდნენ

როგორ ეცხოვრათ. ამიტომ

ცხოვრობდა მშვიდად,

ჩემს მეზობლად და იყო

მელოტი. ერთხელ

იგი მოკვდა, მაგრამ

არავინ იცის, რატომ.

გამოითქვა მხოლოდ ვარაუდი –

მოკლედ,

ჯემალი ახლა ნათელშია.

 

 

მოწევა

 

ეწევი სიგარეტს და

აფერფლავ ღამეს თავზე

აივნიდან, სადაც

შენს გარდა დგას შენი

ჩრდილი და ისიც

ეწევა სიგარეტს და

აფერფლავს ღამეს თავზე

აივნიდან, სადაც

მის გარდა დგახარ

შენ.

 

 

თავები

 

მე გამახსენდა, რომ უკვე

ვნახე ჩემი თავი სახლში,

სადაც მე ვცხოვრობ და

უკან გამოვბრუნდი _ მე

აღარ შევაწუხე ჩემი თავი,

რომელიც ცხოვრობს სახლში,

სადაც მე აღარ მივედი მასთან.

იგი მიხვდა, რომ არც მე

მქონდა მისი თავი და არც მას

ჩემი და არც ამ პრობლემის

მოგვარების თავი გვქონდა

 

რომელიმეს. იგი მიხვდა ამას

და თავი ჩაქინდრა. ვაჰ,

თავო ჩემო, _ ვთქვი მე

_ შენ თავი დაკარგე!

 

 

წამი

 

მტრედის თვალებში შევიდეთ

მეთქი, შევთავაზე და

სანამ მტრედი თვალს გაახელდა,

სიზმარიც გაქრა.

 

 

 

ტყეში

 

მე, ადამიანს,

თავზე ფიჭვები მადგას.

ფიჭვებში ფუღუროებია

და ფუღუროებში ცხოვრობენ

ციყვები. მათ აქვთ თავიანთი

ოჯახები და კონფლიქტები

ოჯახურ ნიადაგზე. ნიადაგი,

რომელზეც ფიჭვები დგანან,

ჩემი თავია. გინდა?

დარჩი ამ ქალაქში და

მე გაჩვენებ ადამიანების

ტყეს, ანდა სულაც ადამიანს,

რომელსაც თავზე ფიჭვები ადგას.

 

 

კუს კვერცხები

 

ქუჩა უკვე ღალატია,

რაკი შინიდან გამოხვედი და ცოლი

აბაზანაში შენს წინდებს რეცხავს.

თანაც მან გითხრა, რომ ადამიანები

კუს კვერცხებს დებენ და თავიანთ

შიშებს შორის გაკეთებულ არჩევანს

ადამიანურად გაურბიან. შენ

გაიქეცი და ქუჩაში

პირველივე

ხეს ჩაეხუტე.

ხეში ჩადგა

შენი შიში და ერთჯერადი გაქცევის

სურვილი. ხე შედრკა. კიდევ

იყო რაღაც, რაც

კუს კვერცხებზე დაფიქრებას

გაიძულებდა _ რასაც

იმჟამად ვერ ხვდებოდი ხეში

ჩამდგარი. მერე

მან გითხრა: ადამიანი _

ეს შიშია და როცა გარბის,

უკვე იცის საკუთარი თავის შესახებ.

 

 

 

კამათი

 

შენ მაღალფარდოვან ხალხში იმყოფები

და გჯერა მათი შეხედულებების

არსებობის, მაგრამ

როდესაც შენში გამოკეტილ დასკვნებს

აფახულებ, ისინი საუბარს წყვეტენ

და მომენტალურად, მიტოვებულ

თვალებს გიმოწმებენ. იცი, რომ

დაოჯახებული ადამიანები

ყარყატებს ჰგვანან და კამათისას

თავიანთი ბუდეებიდან ამოდიან,

მაგრამ არაფერი არ იცი მათზე _

არც ის, რომ გათენებისთანავე

ქრები და მარტოოდენ

მათ მოფათურე ჩრდილებში ჩანხარ,

არც ის, რომ ვიღაც აზროვნებს

გვერდით, როცა მზე და წყვდიადია

და მაღალფარდოვანი

ხალხი ასკინკილით სიარულს იწყებს.

ალბათ ვერაფერი ისწავლე ასე

მათ ბორცვებიან სახეებზე ჩამომჯდარმა

და ნაადრევად

დატოვე თავი მაგიდაზე, როგორც

გახეთქილი ვაშლი. ხოლო

ისინი მომენტალურად დაფიქრდნენ შენზე,

როცა უკვე მაგიდაზე დადებულ თავში

აფერფლებდნენ და

მისმა უყარყატესობამ თქვა: ეს

ფილოსოფიურიაო. გარეთ

თენდებოდა.

შენ გამჭვირვალე ფარდებიდან ხედავდი

 

ბეღურებს და აღარ გჯეროდა

მაღალფარდოვანი ხალხის არსებობის,

 

მათი შეხედულებები კი გაქრნენ,

როგორც ბეღურები ქრებიან ღამემდე

უცაბედად

და იდგა კამათის სუნი

ოთახში, მაგიდასთან, დაოჯახებულ

ადამიანებს შორის.

 

 

ქვები

 

“ქარი არა სჩანს”...

                                     გ. ტ.

 

ჩვენ ქარს ვსვამთ. ჩვენ

ქვები ვართ და ქარს ვსვამთ.

ქარი მეტყველებს ჩვენზე, ქარი

გვაძლევს ხსოვნას, ქარი

გვიღუნავს ნერვებს, ქარი

გვბზარავს. ჩვენ

ქარს ვსვამთ, ქვები ვართ და

ქარს ვსვამთ _ ახლაც,

როცა ქარი არ არის ირგვლივ

და ხელები აქვთ აფარებული სახეზე ხეებს

უმოძრაობით გამოწვეულ მდუმარებაში,

ჩვენ ქარს ვსვამთ. ქარი

მამაა ჩვენი, ქარი

ზრუნავს ჩვენზე, ქარი

გვიზრდის შვილებს, ქარი

გვიცავს, მაგრამ... ახლა,

როცა მრავალი შეეზარდა ფარდის სიჩუმეს,

როცა მრავალი უცნაურად გაუწყინარდა,

როცა მრავალის მზერა მიყუჩდა,

ჩვენ ვეკითხებით (ქვები) ერთმანეთს:

ვინ დაგვიჯერებს ქარით აღჭურვილ

ქვებს, როცა ქარი არ არის ირგვლივ?..

ვინ გვაღიარებს ქარის მზრახველად?

 

 

დაკარგული ადამიანი

 

თქვი: ყველაფერი კარგადაა,

უბრალოდ _ კარგად!

კარგად იპარსავ დილით

პირს და კარგად საუზმობ,

კარგად გადიხარ შინიდან

გარეთ, სადაც კარგებს

დღითიდღე კარგავ და

ყოველ მათგანს

კარგი კაცის მზერა აქვს

მერე, როცა კარგად

აღარ გახსოვს მათი სახელი

და ყველაფერი კარგადაა,

უბრალოდ _ კარგად!..

უბრალოდ, კარგი ამინდია

და ლაპარაკობ

ადამიანთან ამ ამინდზე,

როგორც, ვთქვათ, ქალზე:

“რა მშვენიერი ამინდია”...

“დიახ, ბატონო, გუშინდელზე

უკეთესი”, _ გპასუხობს იგი

 

და მერე დიდხანს კარგად

დუმხართ. როცა მზე ჩავა,

კარგი მთვარე ამოვა, ხოლო

კარგ მთვარეს ისევ

კარგი მზე შეცვლის და

ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ _

კარგად და რა თქმა უნდა,

კარგადა ხარ შენც, ყველაფერში

რაკი ასე ძალიან კარგად

ჩახედული ხარ და ამ

სიკარგის ხვეულებში დაკარგულმა

თქვი: ყველაფერი კარგადაა,

უბრალოდ _ კარგად!.. კარგად.

 

მისტერ სატერზვეიტის მისტერიები

(1995-1996)

 

მზერაში ჩასვლა

 

მუდამ ასეთი მზერა გქონდა შენ და თვალებზე

გედედებოდა თითქოს მზე და ჩრდილები ხეთა

უკუდგებოდნენ. იმ ადგილის დედა დალოცე,

 

სადაც სახლობდა ოდესღაც და ოდესმე ღმერთი.

ამჟამად გულზე ცარიელი ცა გაწევს ბარგად

და თითქოს შენში ხელმეორედ გიჟდება ნიცშე,

ხომ უნდა ითქვას ამაზედაც რაიმე, მაგრამ

შენ ჯერ ხმაურის მშობელი ხარ და დუმილს ირჩევ

 

იცი, ღამდება უცაბედად და შიშის მსგავსი,

რაღაც უხორცოდ უდიდესი ხორცისგან გიცავს,

როცა გარშემო ნათელივით გროვდება ხავსი

და ბეღურები ჟივჟივებენ სიკვდილს და მიწას,

ეზოში ლანდებს ზმანებიდან შემოაქვთ კუბო,

საკუთარ ცხედარს ეფერები და გლოვის ნიშნად

დგას თვალთა შინა ჰორიზონტთა კიდემდე გუბე,

რომელიც მარად მზიანებში გადასვლას გიშლის.

 

 

. .

 

„უდაბნოში ღელდება”

                                    გ. ტ.

 

იწვი და შხამით ავსებული წყალობა მოგაქვს

მათთვის, ვინც ნანას გიგალობდა ოდითგან რისხვით,

ასეთი ცეცხლი მორიალე ლომივით ლოკავს

ცხელ უდაბნოში უამურად გაყინულ რიცხვებს.

 

იწვი და დუმილს ასათუთებ, რომ იღო ყურად

ხმაურსა შინა დაკარგულთა პირადი საქმე,

ამგვარი ვნებით აცოცდება გველი და სურო

ცხედართა შორის უნუგეშოდ გატეხილ სარკეს.

 

იწვი და შენში გამოღრუტნულ საფლავებს ამხობ,

მიწაზე დადგმულ სარკოფაგებს ეხება კვამლი,

ახმება სივრცეს გადამწვარი განცდების ნამყო

და უსამშობლოდ დარჩენილთა ფიქრების კვალი.

 

 

გაუნისლავი ზმანება

 

გძინავს: დაგეძებს უმკაცრესი და უძილობაც

აღებს ცნობას და: ცნობის მიღმა: სახაზინოებს.

წინ საოცრება (ბედისწერის უსირცხვილობაც)

ნინო: ბაღი: და სხვანაირი პიანინოა

და: კლავიშები ამღერებენ ისეთ ყვავილებს:

რომ შენ ამაო გულწრფელობით დაეძებ ბოდლერს.

მზე ფარანივით ენათება ვიტრინებს: ვილას:

გსურს აქედანვე ჩაინიშნო ესკიზი ბოდვის.

 

აქ ბევრი რამე გაგაოცებს: უსასწაულოდ:

ქრიზანთემებში დაინახავ სხვა ქრიზანთემებს:

ბროწეულივით გაგეხსნება სველი სხეული:

ნისლი: ძილშივე უძილობით გადაგათენებს:

და: სიზმარშივე: სინანულით დაწერ: ზმანებულს:

გაედევნები: ჰიპერბოლა სიბნელის ცხენებს:

ბოლოს: ნათელში: ღამესავით დაიბზარები:

გაიღვიძებ და... ვერაფერსაც ვერ გაიხსენებ!

 

 

 

სპლინი

 

გახსოვს: იყავი ახალგაზრდა და: შეგენანა:

რომ მზეში იყო დამარხული ქალწული შენი.

მერე სიბერე. მოგონება. ნინოთი ნანა.

 

სპლინი: ბავშვური მონასტერი სულში ნაშენი.

ხეშეში დილა. კარაქი და პური ჩაიზე.

სოფელში თითქოს თოვლაობენ გზაზე კრავები.

თავის სიზმარში მონებივრე პატარა ჩარლზი

და ცისგულებზე დაკრეფილი ზღვავარსკვლავები.

თავის მართლებას მაშინ ჰქონდა სუფთა ალიბი:

იყავ პოეტი: ახალგაზრდა: უცებ ბებერი.

ახლა ყალიონს წაუკითხე სპლინი: ლეიბი:

რომელზეც წევხარ და საკუთარ თავს ემალები.

 

 

 

შავი ჭირი

 

ის, რაც გაწვალებს, სინათლეა და მზეა მუქი

მიცვალებულთა. სახეები შენში გოდებენ.

შუაღამისას ნაწილობრივ ბრუნდები უკან

სახლში, რომელშიც უშენოდაც რაღაცა ხდება

და სისხლი: შავი მორიელი: უკუღმა დადის

კაპილარებში: გიგროვდება ჟამი ნაგავად:

ბასრი წუხილის მეტასტაზი: უკურნებადი:

გშიგნავს და ხვდები: უხილავმა როგორ დაგაბა

და: ნაწილ-ნაწილ შემოგდიან ტვინში ვირთხები,

მონღოლებივით, უღმერთონი, იხველებიან

იგივეობას, რაც გაწვალებს გადაფითრებულს,

რაც აქამომდე ვერავისთვის გიჩვენებია.

 

 

 

თვითშობა ფასკუნჯებამდე

 

ნადირის თვალებს მანდარინის ფერი უხდება

ხოლო შენ შავი ღვინოების ნისლებს იუნჯებ

გათენებამდე გათვრები და გაჭიუხდები

და გაგაოცებს ნერვებიდან ქარის სიჩუმე

 

სანამ ფასკუნჯებს მიატოლებ ცეცხლმოკიდებულ

და ხანიერად ჩამოდნობილ ფრთებს და კივილებს

გამოეკიდე ჩაჟანგებულ ბედის კირთებას

რომ სისხლიანმა ჟრუანტელმა შეგატკივილოს

და მხართეძოზე წამოწექი გველეშაპივით

გზა გადაგრეხილ კუდის ბოლოს თავში ირჭობდეს

უნაპირობას რომ მიუხტე ბასრი რაპირით

უპრიანია საკუთარ თავს თვითვე იშობდე.

 

 

ლანდის მოგონება

                        კვენტინს

 

მახსოვს: მოწამლულ აზარფეშებს ქარში გესროდი:

ხოლო შენ: წყევლით გალეშილი ლანდი მაჩუქე:

ის ბარბაცებდა: მომაკვდავი: და: არ იცოდა:

რომ: დაღამების გმირი იყო (მტვერს და ნაქუჩარს

ხელში მეჭირა ბედისწერა: როგორც მორევი:

ამ ხმაურის და მძვინვარების: თავისმკვლელობა)

და მოკვდა: ქალის წარსულიდან: სულის დებოშში

და ჩემში: მასზე გაყიდული მუხანათობით.

 

 

ბროწეულისფერი ზმანება

 

წუხანდელ ღამეს ავბედითად ესკალატორზე:

უდუღაბებდი ბზარტეხილებს ბედითი ხვნეშით:

ჯოჯოხეთიდან: ამომავალ ესკალატორზე:

იდგა სამოთხე: ბროწეულის ყვავილით ხელში

 

და: გავედრებდა გადარჩენას: ამ სინანულით:

შენი ძარღვების სიმკაცრიდან მთვარე გათოვდა:

ტკივილისაგან ნამგალივით გადაღუნული:

მზესუმზირების გამყიდველის ხელში გათავდი

და: ბომონებმა გამოგაგდეს ამ სინათლიდან:

უპოვარივით: არსაითის გზებზე გაგრიყეს:

უმათგანესი იდუმალი ღამით გნათლავდა:

ჰორიზონტიდან: შრიალებდა ბროწეულის ხე

და: მის უცნაურ ტოტებიდან იბადებოდი:

თენდებოდი: და: არავისთვის აღარ გეცალა:

ბოლოს: სხეულზე მოხვეული აბლაბუდები

თანდათანობით მირაჟებში შემოგეცალა.

 

 

ყივანახველა

                        ჩენდლერს

 

უბრალოდ, ძალზე ავადა ხარ ყივანახველით

და ხველებიდან მოკლულების ყივილი გესმის,

ცისა და მიწის გასაყართან გზარავს ნაღველი,

რომელიც ყვითლად გადაფენილ მაისებს გესვრის.

 

სხვა რაღაც გრჩება დღეებიდან უგისოსებოდ,

შენ მაინც ბედის გისოსებში ეძებ ვიღაცას,

ალბათ იცი, რომ შეშლილი ხარ უმიზეზობით

და გადატეხილ სარკეებში თვალებს იკაწრავ.

 

თავჩაქნეული დღეები კი პირველს გიორებს,

თანაც ნამდვილი მეგობარი რომ არ გყოლია,

პირფარეშივით სინამდვილეს აგრიმიორებს

ყვითელი ფერის ოთახების მელანქოლია.

 

 

მისტერ კინის ინცესტური ზმანება

 

მისტერ კინს ახლა ეზმანება: თავის წამება:

ყავის ფინჯანის მირაჟებში გადარეული:

დალურჯებული საცეცებით ეთომარება

გაპლასტმასებულ ნიანგების აკვარიუმებს.

მას უსწორდება საშინელი ინცესტურობა:

რადგან ისაა ცხოვრება და გულში ნადები

და: იმიტომ რომ სიზმარ-ცხადი იდენტურია:

აკვარიუმში ნიანგები კვერცხებს დადებენ.

 

 

 

მისტერ კინს, რომელიც უსტვენს

 

მისტერ კინ, ჩემო მეგობარო და სხვანაირო,

წვიმს, ვიღაც ტირის, ქოლგებია და ჩუმი ნესტი

დგას ქუჩებს შორის უჩვეულოდ, შენ კი ბაირონს

ორივე ტუჩით მოუსვენარ ჩიტივით უსტვენ

და (მერე რა რომ ამ ქალაქის სახურავს აწვიმს)

აცახცახებულ დღეებს შორის სულ სხვა იარად

შენ გაგონდება ის წუთები, ოდეს შენს თვალწინ

მოხუც ქალბატონს ქარმა კაბა აუფრიალა.

 

 

იგი

 

შეექცეოდა დილიდანვე იგი ხილფაფას

და მაგიდაზე მჟავე კერძი ედგა საინით,

ახამხამებდა ფეხის თითებს იგი ერთბაშად,

რადგან არ ჰქონდა მას წამწამები

და შინაგანად ახველებდა სულმოუთქმელი,

პირიდან საპნის და ოცნების ბუშტებს ისროდა,

რამდენი დიდი საიდუმლო დარჩა უთქმელი,

რამდენი გულის საყვარელის დარდი იცოდა.

თქვენ მოუყევით, ბატონებო, მაშინ რა მოხდა,

ის სად იყო და თქვენ რატომღაც სად არ იყავით,

მარჯვენა ფეხი მარცხენაზე რატომ ჩამოდო,

როცა აქეთკენ გამორიყა გასარიყავი,

თორემ წაიღებს შემოდგომას ის ბაღებიდან

და შეაშფოთებს გასაფრენად გაწვდილ ფრინველებს,

რამეთუ იცის, რომ უეცარ დაბადებიდან

უკანასკნელი მოჰიკანის ძმაა პირველი.

 

 

შეშლილი ზმანება

 

“თავში გველი მყავს”

                         ტერენტი გრანელი

 

თავის ქალაში ხსენებულმა უხსენებელმა

გაშიშვლებული ნატვინარი ისაცხოვრისა

და სოკოვანი ბაცილების მატარებელი

შემოგბღაოდა ნერვებიდან სხვათაშორისაც

არავინ ჩანდა მაგრამ ვიღაც დადიოდა და

უსასტიკესი ბედისწერის სახელით წერდი

მხოლოდ შენს გამო დაღუპულთა სადიადებელს

და ყოველივეს აქამომდე რასაც ეძებდი

თითქოს იცოდი რომ სიგიჟე გადაგათევდა

ამაღამვე რომ მორჩებოდი ესეც იცოდი

მაგრამ ფარდაგებს საზარელი ქარი არხევდა

შენ კი უფარდო ფანჯრებიდან მუშტებს ისროდი

და დემონებმა გაგაფთრხილეს ირონიულად

ამიერიდან არ დაგცდესო ჩვენზე აუგი

თორემ სიგიჟე ჯოჯოხეთის მირონია და

ვერც ერთ ზმანებას ვეღარაფერს ვეღარ გაუგებ.

 

 

ნოსტალგია აკაციაზე

 

სტუდენტობისას: ქუჩაშივე შეჭმული პური

და: კარებამდე მიყოლილი არსობის ყუა.

კაცი: რომელსაც თან დაათრევ უბედურების

სიფაქიზეში ზურგით: თავი რომ მოიტყუო

და: უსაშველოდ გაბერილი გულისტკივილი

და: უცნაურად დაჩუტული ბუშტების გროვა.

ქალი: რომელიც გედევნება უკან კივილით

და ქარი: ღამის ფარდებიდან უცებ რომ მოვა

და: შეგიძლია ვარსკვლავები გადააქციო

უნიტაზების სიმრუშეში: ძალზე ზემოდან:

მაგრამ: არ ღირდა ყოველივე ერთ აკაციად:

რომელსაც რგავდი: სანამ მატლი დაგესეოდა.

 

 

ენდჰაუზის საიდუმლოება

 

                                     ექსპრომტი  ა. ე.-ს

 

მიხვდები... როცა მოინატრებ კვლავ აკაციას,

როცა ზმანებებს შეეხები ისევ წვალებით:

თავისი ხელით შეკერილი კაბა აცვია

და მშვენიერი თვალები აქვს ამ მიცვალებულს.

თანაც: კედლიდან ჩამოირბენს ერთი ზაზუნა,

რომელიც სადმე მეორესთან უნდა მივიდეს,

გამოგაღვიძებს მორიელა ქარის ზუზუნი,

ოთახს ტკივილი წამოცდება უცებ ივიდან,

მოდგება ლანდი და შეაღებს საპირფარეშოს,

სადაც უბრალო კარადაში ძინავს მაუზერს...

არ იქნებოდი ბედნიერი მამის გარეშე

და: რადგან სისხლით აფერადდა ღამე: აუზი,

გეუცნაურა ერთნაირად ოთხი პაუზა:

ადოლფი: ყულფი: იარაღი და: ენდჰაუზი.

 

 

გაცინებული ბედისწერა

 

შენ გქონდა რაღაც სანეტარო და მე მიმქონდა

შენიდან მთელი ნეტარება დღისა და ღამის,

მერე ქალაქის ქუჩებში და ქარში დამქონდა,

როგორც ერთგვარი სიგიჟე და დასტური ამის.

მე მქონდა რაღაც უდღეური მიზნების გროვა,

შენში ქვიშებად ვაგროვებდი მომავალს თურმე.

მერე ვფიქრობდი რა მერჩია _ მიწა თუ თოვა,

ლამაზი ვაზი თუ სიბერწე გამხმარი ხურმის.

 

ბედს ჰქონდა ჩვენი და ეჭვებით სავსე კალათი,

საქმროა ჩემი _ შენ ამბობდი, მე _ საცოლეა

და: ერთგულებაც იგივეა, როგორც ღალატი:

სასაცილოა, ქალბატონო და: საცილოა!

 

 

მიტოვებული ქალი

 

სარკე: ქალი: და: უნებართვო ფიქრები კაცზე:

რომელიც სურს და: თანაც არ სურს: რაღაცის გამო.

საათი: ორი გადევნება ერთდება ათზე:

ბაგეებს: ნუშებს: ეკრძალებათ ნაყოფის გემო.

ქალი და: სარკე: ლანდურობის ერთგული დარდი.

ღამე: ყორანი: ცაში ყორანს მიაფრიალებს.

დუმილი. ნიცშე. მერე წიგნზე თითები დადის

ფრთხილად: თითები ეფერება ინიციალებს.

ბაღი. ციფრები. წყვილი: “დილით ისევ აქ, ათზე!”

თანგაყოლილი აკრძალული ნაყოფის გემო

და მერე: სახლში: უცენზურო ფიქრები კაცზე:

რომელიც სურს და: თანაც არ სურს: ვიღაცის გამო.

 

 

 

ზმანება სექვოია

 

კირქვის ლოდები უცნაურად ჰგავდნენ პაგოდებს,

გეორგინები ირხეოდნენ ბამბუკის ტანით,

შენ გორდებოდი ზემოდან და ვიღაც გოდებდა,

რომ იობივით გაგიჭირდა მთვარის ატანა.

გარედან გაბმით შეგყმუოდა უცნობი ძაღლი,

ძილითშორისში დაეძებდი მაინც მაცხოვარს

და ყოველივეს ეტყობოდა ტკივილში დაღლა,

ცას შეხიზნული სექვოია ჰგავდა საცხოვრისს.

მერე იმგვარად გამოგესხა მსუბუქი ფრთები,

თითქოს ზმანებებს არ ჰქონიათ უწინ ბავშვობა.

მან მოგიტანა სხვა პლანეტის სუნთქვა და ვნება,

როგორც ოდესღაც გისახსოვრა მტკვარში დახრჩობა

და გიხაროდა, რომ არავინ გყავდა მოწილე,

ფრთებით ანგრევდი არარსებულ ცათა ზმორებას,

მაგრამ ვერ მიხვდი, რას ნიშნავდა... ლანდის ქორწილი

და ტროტუარზე გაბნეული პომიდორები.

 

 

შემოქმედებითი კრიზისი

 

“ჩვენ დღეს ფარაონის კაცები დავამარცხეთ”

                                                                                   ნინო

 

ნეიტრალური ადგილების ძებნა ქალაქში.

ნაფეხურებზე რჩება სისხლი ყაყაჩოსფერი.

შემოქმედებით კრიზისს ლექსი უნდა ვაჩუქო.

ველოსიპედის დამჭირდება გამოგონება.

დათვის ბელებზე ნადირობდა ჰიპოპოტამი.

მე _ ვაჟბატონი ქალბატონის ბეჭედს ვეძებდი.

ახლა მეექვსედ ვუბოდიშებ ფუნიკულიორს.

ძუძუსთავები თრთიან როგორც სანთლის ალები.

გრაფომანულად უცენზურო სალტო-მორტალე _

ამ ანაგრამის ეგვიპტოლოგს შეეშინდება:

 

ტროლეიბუსმა ჟირაფივით ჩაიხრიგინა.

დავიმახსოვრე, მზეო, ქალის მონანებაში

და ქარის თმებზე დაკრეფილი ბაბუაწვერა.

პერფორმანსივით გათენდება ხვალინდელი დღე _

გაზაფხულის და ფარშევანგის მოჭრილი ბოლო.

 

 

კაშნეები

 

და მაინც... ისევ მოგაკითხეს ლამაზმანებმა,

სველ კაშნეებად მოგახვიეს ყელზე გველები.

მისტერ, შენ ახლა შეგაშრება ყველა ზმანება,

ყველა სინათლე შეგახმება უცებ ხელებზე.

 

და მაინც... დღეთა დაობებას ვერ შეეგუე,

უერთგულეს და უძვირფასეს ეჭვს მინდობილი,

გარშემო ძველი ტკივილები შემოიგუბე

და მზის ტირილში ასიცილდი ქვედამხობილი.

 

და მაინც... მსუყე მოგონებებს ისევ გალექსავ,

ძილის სიმრუშეც გამოგაშრობს და გაგახამებს,

დაგევალება ხვავრიელად მოეალერსო

კაეშნიანი კაშნეების შეუმშრალ შხამებს.

 

 

ჭინჭი

 

როგორც სხვა თვეში გაჩენილი აგვისტოს ხვატი

და დაბადება ქალის ანუ პატარა ლომის,

შენს ტკივილებზე დაგდებული და მკვდარი ხვითო

გაგესინჯება და იქნება ძალიან უმი

და, როგორც ძველი მანევრების განმეორებას,

მის თვალებამდე ღალატად რომ ჩამოათავებ,

შემოგაცლიან კენტავრები ძველ გაორებას

და ერთნაირად დაქნეული კაცების თავებს,

როცა უეცრად მოიხედავ და იტყვი არას,

რადგან ძალიან დაგავიწყდა თანხმობის ნიჭი,

შენ შეაშინებ ბაკანივით დაჩხაპნილ ქალას

და ხელში, როგორც მოგონება, შეგრჩება ჭინჭი.

 

 

მთვარის სონეტი

 

გამოემსგავსა ეს სონეტი მთვარის სონატას:

შავ როიალებს ჩამოვტეხე ერთი კლავიში:

როგორც უაზროდ სავსე მთვარეს მოჰგავს ლავაში:

აგულივერებს რითმიადას სვიფტი ჯონათან.

 

ქებათა ქება ქალაქების დასაწერია:

ჰხამს: აღინიშნოს ყვავილების გარდა: ლაქები.

პატარა ლომი სიკვდილივით დამეტაკება.

ბილიკი ცაში გაჩრილი და: ალმაცერია.

 

მაგრამ არ ვითხოვ აქედანვე მე შესანდობარს:

ბავშვობიდანვე თმათეთრი და ხანშიშესული.

ბატონი კინი მევედრება ზავს და დანდობას:

ო: ის: უმანკო: მეძავივით გაშიშვლებული.

 

ბოლო სიმბოლო საბოლოოდ გაისახნისებს:

შევეკითხები საქართველოს: ბავშვო: რა ხნის ხარ?

 

 

მთვარით განათებული ბაღისშთაბეჭდილებები

 

შპალიერს მჭახე მარტოობის სურნელი ასდის.

ვცდილობ საათის მოძრაობას სადმე ჩამოვრჩე.

მინებზე წვიმის ყვავილების ფურცლები გაცვდა.

“სადა ხარ, ჩემო მეგობარო, მათ მე ამომჭრეს!”

 

რაღაც სასტიკი მოუშივდათ ქუჩის ძაღლებსაც.

მისდევენ ყმუილს და ყოველთა მიაქვთ ძახილი

ცისკენ. ტკივილიც ისეთია, თითქოს ძარღვებზე

დგას კრემატორი ჟრუანტელში გადაგრეხილი

და ხროტინებენ ქალაქები. მე რაღაც მთავარს

აქ ველოდები. გელოდები, სადა ხარ, გოდო?!..

ნამდვილი, თანაც ჟამგაცლილი ჰკიდია მთვარე

კედელზე, როგორც გარდაცვლილი მეუღლის ფოტო.

 

შენ, შენი მხრები, შენი მზერა ცასავით სუსტი

მახსოვს, ჰო, მაგრამ როგორისთვისაიდანრატომ?..

ამ კითხვებს შორის გახიდულა დღეთა სინესტე:

მალტე ლაურიდსს, უბინაოს, თვალებში ათოვს.

 

 

ლანდს ძვირფასისაგან

 

თითქოს ფანჯრიდან შემოყარეს მკვდარი ბუზები.

ახლა ნისლივით გაგეხრწნება ფაქიზი ლეში.

იუდას სახე სხვანაირად მოგებუზება

შენ _ ნაძირალა ღვინოებით უღვთოდ გალეშილს.

 

ვერ გაუღიმე გულახდილად პლასტმასის ნიანგს,

ზმანებაში რომ შეგიცურდა კბილების კრეჭვით.

დროს დაჩეხილი სიძვირფასე ლანდივით მიაქვს _

საფლავში ჩემთან დამარხული ერთგული ეჭვი.

 

სასუფეველშიც მოგვძებნიან მკვდარი მწერები.

ძვირფასო, შენი მეშინია, ვწუხვარ დაღლილი.

გვაქვს ერთმანეთში გახლართული ბედისწერები

და სარკოფაგის გეენაში დროშა დახრილი.

 

 

უვარდო

 

წუხელ სისხლივით გამოჟონა სულში მაისმა.

მე: ღამისკაცი: ნაბოროტალ ღამეს ვუყვარდი

და: როგორც ქალის მოლოდინში გული: სამიზნე:

ეს ვარდობისთვე ჩემია და მკაცრად უვარდო.

თან სერაფიმულ სიბნელეში ჰგავდა ალუჩას

ის. მე მახსოვდა სიზმრებიდან: ვინ და რა იყო,

მერე: მხედრიონს შეაგინა კაცმა ხამუშად:

 

გატყავებული მთვარის ხორცი: სხვაგან წაიღო:

და: ბედისწერა: გადატეხილ სვასტიკისგვარად:

გზაზე გახრწნილი: უპატრონო: ლეშივით ეგდო.

მას არ შეეძლო ყოფილიყო უფრო სხვაგვარი:

იმაზე მეტად: ვიდრე თვითონ როგორც შეეძლო.

 

 

შავი სიზმარი

 

 

შავი თოვლია და: თოვლში მიწა:

აგროვებს ცრემლებს: ღამით შეფერილს:

თანაც: ჩემიდან ხდება მიწისძვრა

და სახურავზე ტყდება შიფერი:

ამ სიზმარივით: ცახცახებს სახლი:

რომელშიც მსურდა შენი მოყვანა:

შენ დგახარ: მკოცნი: თავს კუბოს ახლი:

და ნანობ: ასე რომ შემიყვარე.

 

 

 

შენდამი

 

ხანდახან მგონია, გიჟი ვარ, მშიერი,

მიწის და საფლავის სურნელი მშივდება:

რაღაცის, ვიღაცის რამ სამაგიერო,

რაც ყველა სამანებს სცილდება.

 

ხანდახან მგონია, რომ ჰგავხარ თანატოსს,

უცნაურ ტრფობას და არყოფნას მავალებ,

ვშორდები სიცოცხლეს, ოჯახს და თანატოლს,

მიუვალ ქვეყნებზე ვვალალებ.

 

 

საბედისწერო ქალი

 

ვით უდაბნოში გველის სინაზე:

დგება არყოფნის ჟამი და: ხმობის:

მერე: მოურწყავ გულის მიწაზე

დაუნდობელი ნაბიჯით მოდის:

როგორც სიცხეში შეყრილი სურდო

ან: სიშიშვლეში ბზარი: სირცხვილი:

ქალი: რომელსაც სიცოცხლე სურს და

სწორედ ამიტომ მოაქვს სიკვდილი.

 

 

უოცნებო ნიამორები

 

მოვიდა დღე და ჩამომასვენა

მხრებზე ძვირფასი ქალის სიცივე

და წუხანდელი ღამენასვამი

მე წავიქეცი უცებ ყანწივით.

ის ბარბაცებდა თავაუღებლივ

მთხოვდა ოცნების განმეორებას

და სულში მთვარეს გადაუღებელს

ედევნებოდნენ ნიამორები.

დამავიწყდება ალბათ ამ დღიდან,

რომ უოცნებოდ ვკრეფდი გაზელებს,

ვიპოვე დროშა ჩემში დახრილი

და ვავედრებდი ცისფერყანწელებს.

 

 

 

ჯარისკაცი მამას

 

“ღამე სულია ბოროტად მორცხვი

და უხამური ქალების თმაა,

ჰიპერბოლური ზმანების მოცვი

 

და უცნაური და შავი ქამა.

 

“ომი სულია ღამის და სუნი

ლეშის, რომელიც ცოცხალი ყარდა,

გადადებული გვამიდან მუნი,

დაბრმავებული ფანჯრების ფარდა.

 

“მამა. მე ვნახე ომით და ღამით

დაორსულებულ კაცების ნაყვა.

გადავიხარე ცაში და ამით

მიწაში ვაზის სურნელი ჩამყვა”.

 

 

ზმანებამტკივანი  სიზიფე

 

მას უღალატეს ზმანებებმა და ცრემლოოდა.

მირაჟის ტანზე აოკებდა ჟირაფის ხალებს.

 

ხელებში ძველი სიჯიუტე ეჭირა: ლოდი.

იმეორებდა გარდასულს და: აღებდა კარებს.

იქ: სხვა სივრცეში: თავდახრილი იდგა სიზიფე

და: თავისივე ბედისწერას მკერდზე კოცნიდა.

ციდან სიბნელე მობორგავდა მისისიპივით:

აპოკალიფსზე მოწეული: შავი ოცნება

და: ცაო: მითხარ: რას იტკენდი შენ მაშინ მისგან

ან: მისი გულის ოთახიდან რა გაიტანეს:

როცა დაბრუნდა ქაოსებით შენაშინები

და: ხელმეორედ დაეძებდა შენში ტიტანიკს.

 

 

ექსჰუმაცია

 

ოთახი. ისევ ოთახია შენი საუფლო.

მაგიდა. ერთობ დაბზარული ძველი ლარნაკი.

სული. ის ისევ გაოცებულ ტანში ჩაეფლო,

მასზე კამათი რომ მოგწყინდა და ლაპარაკი.

 

ჰო, სული! ყველა ბანალური მისი გაგებით

და ტკივილებით (გადათეულ მრავალ ღამეთა)

ტანში გვამივით მობუზულა, შენი წაგების

მონაწილეა და მოწილე იგიც რამეთუ.

 

დაიღლებოდი. წარსულამდე თარსი ხევია.

იქ მიტოვებულ ცხედარს უხვად ასდის აირი.

წევს და იხსენებს, ინანიებს, თავს ახვევია

დღეების კვდომა და ბუზები ათასნაირი.

 

 

მისტერ სატერზვეიტის მიმოწერა საკუთარ თავთან

 

დროა მოხუცო (მოგიკითხეს ბუკინისტებმა)

მისტერ შ, ჩვენი ლექსებიდან მტვერიღა დარჩეს.

ღამეა. მძიმე ასოების დაგვირისტებით

ვწერ მემუარებს და უაზროდ ვკითხულობ სარჩევს

დღეთა მათ ძველთა გარდასულთა. წუხელ შევიტყვე

ბატონი კინის უეცარი გარდაცვალება.

მადლობა ეშმაკს. გმირი იყო, ვიცი, შენ იტყვი

ვწუხვარო, მაგრამ სამომავლოდ დაგევალება

ძველთა მათ შენთა ზმანებათა შორის მოძებნო

ის ვაჟბატონი. აპირებდი ცოლის შერთვასაც.

 

რად არ მომწერე საკუთარი ლანდი რომ სცემე?

ადოლფმა მითხრა, დაბერდაო კვლავ და ამ თვესაც

თუ გადაიტანს, წავიდეთო ეკლესიაში,

წარმოიდგინე _ სულის შენის, მისტერ, საოხად.

ვიცი, თანა გაქვს დაღუპულთა მოკლე სია შენ,

მარქვი, მას შემდეგ ქვეყანასა ზედა რა მოხდა.

 

ნეკროლოგები დავუგზავნე გაზეთებს. კინი

მყოვარ ჟამს ალბათ სააქაოს მიღმა იქნება.

დიახ, მე ვწუხვარ, ძველებურად მაწუხებს სპლინი,

სახსრებისმტვრევით მთქნარება და ძილად მიგდება

და (თითქოს ჭია დაყიალობს რწმენის ბორცვებზე)

ოდეს მოდიან დღეები და ხდებიან ავად,

ფერმკრთალდებიან ცათა შინა სხვათა ლოცვები,

ხოლო სიცოცხლე ბორგნეულობს სხეულში ლავად

 

და ვულკანივით დიადია სურნელი მიწის,

რომელიც დგას და ერთგულივით მზრუნველობს ჩვენზე,

მან ალბათ უფრო უკეთესად და ზუსტად იცის,

რომ, როგორც ქვაზე დაცემული მინა ან პენსნე,

გადავიმსხვრევით ათასწილად, როს ჟამი მოვა

და სასაცილო ახირებად გვექცევა გულზე

სოკოებივით ამოსული დარდების გროვა...

ხოლო ცხედარი სათამაშოდ დარჩებათ ბუზებს.

 

მოხუცო (ახლა გავისტუმრე ფოსტალიონი)

ქვეყნისას გთხოვ და ცისას უბნობ, დალახვროს ნიცშემ.

ამანათისთვის გმადლობ, მახსოვს, ეს ყალიონი

მეძველმანისგან შეიძინე შარშან ნიცაში.

მოკლედ, დღეები გაცილებით უფრო მოკლეა,

ბებერი ძვლების გაციებაც გახდა საშიში.

ლუდს მივეძალე. ახლაც გვერდით მიდგას ბოკალი

იაფი ლუდით სავსე _ ჩემთვის, როგორც ჰაშიში

მათრობელია სულ ოდნავი რამ ამ ცხოვრების...

ადამიანებს დაღუპულებს და მათ აურებს

მე ვაკვირდები კვლავ და მიჭირს დამახსოვრება

ყოველი წუთის და ყველაფრის, რაც არ ხმაურობს,

რასაც შემორჩა სურნელება ძველის, ნამდვილის.

ხოლო შენ, ვიცი, ცხადზე მეტად სიზმრებს უჯერებ,

მათ შორის ყოფნა შენთვის უფრო არის ადვილი,

მაგრამ როდესმე ეგ სიზმრები დაგამუნჯებენ...

მომწერე (პალმებს მიიტანდა, ალბათ, დარგავდა

თავის ეზოში მეგობარი შენი, ჩენდლერი)

ყველა წვრილმანი, უმნიშვნელოც, თუ არ დაკარგა

შენთვის რაიმემ მნიშვნელობა. იყავ დღეგრძელი!

 

მიმოწერის დიდი ნაწილი დაკარგულია ან განადგურებული

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ცქიტიშვილი ალეკო / ლექსები