ჭავჭავაძე ალექსანდრე 

ლექსები

 

სარჩევი:

ვარდო კოკობო

მშვენიერთა ხელმწიფავ

მეგრულ ფერხულზე

რაა სიკვდილი

შენის გონების

სულის ყვავილო

დუგა

ეღების კარი გაზაფხულისა

დიდმარხვაში

როს არშიყი

მიკვირს რად ჰსძრახვენ

ღიმილმან კარი ლალისა

სძგერს გლახ-გული

სვემ მიწვიმა მანანა

ფისტიკაური

ისმინეთ, მსმენნო

ვამე შორს მყოფსა

მე შენ არ გეტყვი

ჭმუნვის მახვილი

კავკასია

თავსა უფლად

ოჰ, საყვარელო

ეჰა, ჩემო ოცნებავ

გული წამართვი

ვაჰ, სოფელსა ამას

გუთნის დედა

მუხამბაზი ლათაიური

მიველ წალკოტს სანუგეშოთ

სხვადასხვისა დროისათვის კაცისა

საყვარლისათვის

გოგჩამაისის ვარდმან

უგვანთა ტრფობა

ჰხამს ტრფიალსა საყვარელი

      ვარდის გაყრილსა

ედემს რგულსა

სიყვარულო, ძალსა შენსა

ვისაც გსურთ

უწყალო სენმან

ვიწყო წერა მაჯამით

ჰე, მთოვარეო

 

 

ვარდო კოკობო

 

ვარდო კოკობო, ყოვლთა მჯობო, მომხედე კრულსა,

მე შენსა მჭვრეტსა, განარეტსა თვალ-დაურულსა!

მოვედ, მეკონე და მიმონე, მეწამლე წყლულსა;

აღთქმა გრძნობითი, წამ-ყოფითი სრულ უქმენ გულსა,

გრძნობათა ჩემთა საკამათოვ, ვაჰ, შენგან კლულსა;

ბროლის ხელთ ქნევა, ზილფთა რყევა, წამ-ყოფა თვალთა,

მიშმაგვენ გულსა, შაეშყულსა, დამსდებენ ვალთა,

რათა სხვათა მათ დამტევებმან შეგიპყრა კალთა,

ათ ვჰრიდო შავთა ჰინდთა ჯართა მათ დაუთვალთა

და მივეახლო ბროლსა მრჩობლით განათლებულსა.

გრძნობათა ჩემთა საკამათოვ, ვაჰ, შენგან კლულსა!

წალკოტის კარსა, ძნელ საკარსა შენსა მლოდესა დ

ცუდ მექმნა რეკა, ოხვრათ ჭექა მუნა მჯდომელსა:

ღამე მითენდა, განმიდღევდა სულ-სახდომელსა,

არ გამომხედე მე სიცოცხლე-დაუყოვნელსა.

ამად ვიტყოდი ცრემლთა ფრქვევით მიჯნურის თქმულსა:

გრძნობათა ჩემთა საკამათოვ, ვაჰ, შენგან კლულსა!

 

 

მშვენიერთა ხელმწიფავ

 

მშვენიერთა ხელმწიფავ,

მკლავს სიშორე შენითა.

ჰკვნესის გული საკვდავათ

მსწრაფლ მჩივარის ენითა.

შენ განმშორდი მკურნალო,

ვითარ მექმნას შვებანი:

ნაცვლად შენსა ვინ ვპოვო

მომცეს ჭმუნვის ვსებანი.

თუმცა მომკლავს ტრფიალსა,

და ჰხმობს ეშხით მწყაზარსა,

უმჯობეს არს მომვაჭრო,

ჩემებრ ოხვრით ბაზარსა.

შორის მჭვრეტელ მოსწრაფე

სული შენკენ მფრინვალებს.

ოდეს თვალი შენ გნახავს,

ყოვლად გაგვაბრწყინვალებს.

შენთან ყოფნა მცირეს ხანს

მომცემს რასმე ლხენასა:

შენ მტანჯავ და მე გაქებ,

რისთვის იხშავ სმენასა?!

 

 

მეგრულ ფერხულზე

 

ამა ველს და ნოხს მწვანეს

შვენის რაბამად

ტურფათა, ქალყრმათა

როკვა ერთბამად.

ამოს თქმით, ტკბილის ჰხმით

ვითა მღერიან;

ალვანი მოძრავნი

ვით ირხევიან.

ურთიერთ მპყრობნი ხელთ

წამოსვლად ჯაჭვად,

ხან წყნარად, ხან ჩქარად

ცეკვობენ რგვილად.

იებად, ზამბახად

და სოსან ვარდად

ვსჭვრიტოთ ვით ღვივიან

ფერად ფერადად.

იხარეთ, იხარეთ

ჰე, ბედნიერნო,

მიწისა ძლიერის

შვილნო ძლიერნო!

შევსწიროთ მადლობა

მადლსა უფლისას

და ყოვლსა მიზეზსა

ამ განცხრომისას.

 

 

 

რაა სიკვდილი

 

1

 

რაა სიკვდილი, რაა მისი საშინელება?

მკვდარი თუ შვებას მოაკლდება, ჭირსაც მორჩება.

მაგრამ მოყვსისა მომშორვეს

ა, სურვილით ტანჯულს,

სიამე ოდენ მიეღება, თმენა კი რჩება.

 

2

 

გულო! უძლურო, მვაებელო, ოხრვათ მადიდო,

ეშყის ალმური გლახ ჩივილით ვით დაიმშვიდო?

კიდესა ზედა მდგომარესა გმართებდა განსჯა,

აწ ზღვას შეჰსულხარ, ზვირთთა მისთა სადღა ერიდო?

 

 

 

შენის გონების

 

შენის გონების სხივნი ესრედ ბრწყინვენ ძლიერად,

შვენებაც გინა არა გქონდეს, მით იმნათობებ:

შვენება შენი ესრედ მძლევლობს ამ ქვეყნიერად,

რომელ გონების უმწეოდაც ნამდვილ იმფლობებ!

მარამ რას ხელ-ჰყრი, მარქვი, მაგა ნიჭთა კეთილთა,

თუ გული შენი სიყვარულსა არ მიიკარებს?

მგრძნობელობა ჰსჯობს ყოვლთ თვისებათ, ცით მოვლენილთა,

შვენებასაც და გონებასაც ის ასულდგმარებს!

 

 

სულის ყვავილო

 

სულის ყვავილო, გულისა ვარდო,

შვების წალკოტო მოსანავარდო,

შენგან მომეცა თვალთა ჩენანი,

გავამუსიკე შენთვის ენანი.

ამად გეტრფობი, გებულბულები.

ვარდი ხარ ბუტკთა დამალულები.

ოდეს რა გნახავ აკოკბებულსა,

ბაგით გაგფუჩნი ფერად ქებულსა.

სუნსა ვიყნოსებ სუნნელებულსა.

არომატისა აღმატებულსა.

 

 

დუგა

1

სოფლის მიმნდობთა ბოლო აქვთ შხამად,

ლხინი, შექცევა თვალისა წამად.

2

არა ერთხელ სიჭაბუკე დაუთრთვილავს სიბერესა.

არა ერთხელ ბედის დილა შეუცვლია შავ ღამესა.

3

გვედრი, თვით მიხვდე, დ მიკვირს, ცნობა მეძნელებიან,

რასაცა მარად თვალნი ჩემნი გეუბნებიან.

4

შენთვით ხელობა თუ ვინ მიზრახოს,

რაბამათ შერცხვეს, თუ თვალით გნახოს.

5

თუ დიდი ლხენა ან ჭმუნვა გვამიზეზებდეს სიკვდილსა,

ვითღა რჩეს სული მოყვსისა, თან მხლესა ანუ შორქმნილსა.

6

სამოთხის შვება რამ მაცნობა, დ მითხრაცა ენამ,

იმასთან ყოფნამ, მისმან ჭრვეტამ და მისმან სმენამ,

7

კვლავ მარად ჩემსა სურვილსა იმედი წინ უძღოდა,

აწ სურვა გულსა კვლაებრ სწვამს, მაგრამ ვარ უიმედოდა.

8

ვინ იცის ჩემნი ტანჯვანი ბნელი დღისა თუ ღამისა,

ტრფობისა კიდე რა შესწამს? მიზეზიცა ვსთქვა ამისა.

9

ოდენ ხმა შენი მესმოდეს, ოდეს შენს სახეს ვხედვიდე,

ესე რომ მწყურდეს ამისთვის რას ვგმობდე, ან რას ვცოდვიდე!

10

ვინც გიხილოს, ინატვრიდეს კვლავცა გნახოს, კვლავცა გნახოს,

გნახოს ცნობას ისურვიდეს და რა გიცნას შენთვის ახოს.

 

 

ეღების კარი გაზაფხულისა

 

ეღების კარი გაზაფხულისა,

დროთა ცვალებით დანერგულისა.

მოგივალსთ ჟამი სიხარულისა,

თვისთანა მქონე შვება სრულისა:

ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,

იგემეთ სიტკბო სიყვარულისა!

ეჰა ჩვეულნო ყოფნას დიდებით,

აწ რად ხართ ბურვილ ჭმუნვის რიდებით?

ნუ ჰგონებთ თავთა ბედ-განკიდებით...

ნიავმან ყვავილთ სუნთ მოზიდებით

გახაროსთ მოსვლა ფერად მკულისა დ

ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,

იგემეთ სიტკბო სიყვარულისა.

თუმცა ზამთარი აზრობს ყვავილთა,

და აგდებს ხეთა მწარედ განძრცვილთა,

გარნა ჟამთ ცნობით მათგანვე ხილთა

ჯერ არს ველოდეთ პირველებრ ტკბილთა:

ეს არს ზნე დროთა სიარულისა!

ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,

იგემეთ სიტკბო სიყვარულისა.

უწყოდეთ ესე ცნობა მყარითა,

რომ დრო მოგივალსთ კეთილ დარითა:

იხილავთ ვარდსა სახე მტკბარითა!

თუ არ შეჰკრთებით მისის ნარითა,

სიმხნეს მოიგებთ წამლად წყლულისა.

ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,

იგემეთ სიტკბო სიყვარულისა.

ჰოი, ვინც არებთ თავისუფლებით,

ნუ ეტრფით ვარდსა გარშემოვლებით.

მიეახლენით გულისა ხლებით!

და თუ არ მოჰკვდეთ უდროდ დღე-კლებით,

იხილოთ განხსნა ბედ-შეკრულისა.

ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,

იგემეთ სიტკბო სიყვარულისა!

 

 

დიდმარხვაში

 

მარხულნო, მანამ ცხონდებით,

ნეტა, ქარებით რათ კვდებით!

ლობიო ღვინით დაარჩეთ,

თორემ აქავე წაწყმდებით!

 

 

როს არშიყი

 

როს არშიყი საყვარლისა ხილვას ეშურებოდეს,

რაკი ნახოს მეყვსეულად გრძნობით ეუბნებოდეს

მიყვარხარ!

არა ვგონებ ორთაშუა მოხდეს იქაც ღალატი.

ოდეს სული გულსა ტრფობით ეუბნებოდეს:

მიყვარხარ!

რაყიფნი განფიცულან, ვცან მათნი განზრახვანი,

გვედრებ, არ დაიჯერო მათნი ცუდნი თქმანი:

მიყვარხარ!

ვიცი, ჩგმო სიცოცხლევ, მრავალნი შემოგტრფიან,

მაგრამ ჩემებრ ეშხითა ვერ გეტყვიან:

მიყვარხარ!

როცა მოვკვდე შენთვისა, მომიგონე სულითა

ჩემსა შემდეგ გვედრებ, არვის უთხრა გულითა:

მიყვარხარ!

თუ დრო შეგხვდეს ფიქრისა და მკვდარი მომიგონო,

მოდი ნახე საფლავი, რომ იქაც გაიგონო:

მიყვარხარ!

 

 

მიკვირს რად ჰსძრახვენ

 

მიკვირს, რად ჰსძრახვენ მას, ვინცა არს შვენებითა ძლეული?

სხვა უფლებს მასზედ, ჟამსა მას იგი არს ეშყით ხმეული.

ცუდად წარჰსდგება მისდამი და ეტყვის ცნობა რთმეული,

ეტნა დაიშრტა გულისა, ისმინე ჩემი რჩეული.

გლახ მან მცხოვრებმან ამ სოფლად, სად ჰბრწყინვენ აშიკობანი,

ვითარ დაიხშოს ყოველნი მომწონებელნი გრძნობანი!

რასთვისცა უხვსა ბუნებას უცია ყოვლი მკობანი.

მის მჭვრეტსა ვით არ აღუჩნდეს მას გულსა ეშყით გზნობანი?

თუცაღა უსარგებლოდ აქვს ოდესმე ცეცხლის დებანი,

რომელსა ძალ-უჩნს მისისა სიკვდილის მომალებანი, დ

გარნა მას მისგან ლხინად ჰსჩანს უდროდ დღეთაცა კლებანი:

იტყვის, ვინ ჩემნი არა ჰქმნა, სრულ-ვჰყო მე მისნი ნებანი.

გონება ესრეთ ჰშთასძახის ხმითა მრისხანით მყარითა:

ნუ ჰღუპავ თავსა, ნუ ჰღუპავ მაგა სენითა მწარითა!

ხოლო გული კი ესრეთ ჰხმობს ლმობითა სიტყვა წყნარითა:

შენ მას ნუ უსმენ, იხარე სიყვარულითა მტკბარითა!

ცუდად წარადგენს გონება მუნ თვისთა ბრძნულთა თათბირთა,

სადაცა გული მმართველობს თვით იპყრობს მისთა ადგილთა.

იგი არს მაშინ ხელმწიფე, განმგე ყოველთა წადილთა.

მაგრამ ყველათი ეშყს ჰმონებს, მას უთევს ღამეთ და დილთა-

 

 

ღიმილმან კარი ლალისა

 

ღიმილმან კარი ლალისა

განაღო გამჭვირვალისა,

დღეს ესე მკმარის სიმდიდრედ,

ხვალემ იზრუნოს ხვალისა.

ალვის ნაყოფი მრჩობლედი,

შევამცენ ჩემი დამბნედი,

დღეს ესეოდენ გავბედი,

ხვალემ იზრუნოს ხვალისა.

ნიავთ მობერვით შეძრულმან

სუნი მაყნოსა სუმბულმან,

დღეს ამით განიშვა გულმან,

ხვალემ იზრუნოს ხვალისა.

 

 

სძგერს გლახ-გული

 

სძგერს გლახ-გული, საყვარელო, მლოდე შენი უწყლავს თმენას;

ჰსცემს სურვილის წამთა ხშირად, მარამ აგრძნოს ვისსა სმენას?

გზის გუშაგად მდგომარესა ხან აჩრდილნი მაცთუნებენ,

ხან ფოთოლნი შერხეულნი შრიალითა მცემენ ზრზენას:

ზოგჯერ ღამის სიწყვდიადე მომაჩვენებს გიშრის თმასა,

ზოგჯერ ცისა გაელვება ბროლის ფიცრით შუქთა ფენას.

თვით ნიავთა ნელი ქროლაც წარმომიდგენს სუნთქვას ტკბილსა,

რომელიცა ცეცხლ მოდებულს ლალით გამო მბერდა ლხენას!

მახსოვს, ოდეს ტრფობის წინდად შეიწირე სული ჩემი,

ამა ბაგით შენსა ბალახშს გარდმოვიდა... ჰმადლა ზენას!

იგი ამად არ გემსხვერპლა რომე მომკლა მოშორვებით,

კავშირ ექმნა ორთა გვამთა ცხოვრებისა ერთად დენას!

ნუ თუ დაჰგმო შენსა პყრობილს თვისთა გრძნობათ ლაღად მოთქმა?!

რა ვჰყო, ენა აშიკისა არ ჰგავს სხვასა გრილთა ენას!

 

 

სვემ მიწვიმა მანანა

 

სვემ მიწვიმა მანანა:

მომივლინა მან ანნა;

მას თან მოჰყვა მანანა.

მინანავა მან ნანა.

ვაჰ, დრონი, დრონი

ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად,

წარილტვნენ, განქჰრენ სიზმრებრივ ჩქარად,

მე იგივე ვარ მარად და მარად!

არ ვსდევ ჟამთა ცვლას,

მე იგივე ვარ მარად და მარად!

მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას,

არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად?

მე იგივე ვარ მარად და მარადს

გლახ ბედისაგან ესრეთ დასჯილი,

იმედოვნებას ვუწოდებ ფარად,

მე იგივე ვარ მარად და მარად.

იგიცა მელტვის, მიბრალეთ ამით,

უსასოდ ყოფას სჯობს ყოფა მკვდარად...

მე იგივე ვარ მარად და მარად.

მე ერთმან ერთ გზის ერთს ვუძღვენ თავი,

მასვე ვმონებდე მტკიცედ და მყარად დ

მე იგივე ვარ მარად და მარად.

თუ მასცა ჩემებრ უცავს სიმტკიცე,

ვიბრალებ რაყიფს, შვრების მომცდარად,

მე იგივე ვარ მარად და მარად.

ჰსაჯეთ: პყრობილმან უწყისა ტრფობა?

საცა გინდ ვიყო, მასთან ვარ მარად,

მე იგივე ვარ მარად და მარად!

არ ვსდევ ჟამთა ცვლას,

მე იგივე ვარ მარად და მარად!

 

 

ფისტიკაური

 

მას სამი რამე ჰქონან უებრო

გლახ მტერთა მისთა მომდრეკად ქედის:

გონება შორს მხედ, გამოცდით ნაწვრთი:

გული უშიში, არ მპოვე ბედის:

მკლავი უძლევი, მებრძოლთა მძლევი,

მდიდრად მომხმარი ხრმლისა უჭედის;

ერთით იზრახის, მეორით ჰბედის,

მესამით სრულ ჰყვის თანხმად იმედის.

სიყვარულსა შეუპყრივარ

სიყვარულსა შეუპყრივარ აწ შენსა,

გეტრფის გული

სურვილ რგული.

ამის ნაცვლად რად მცემ მე სენსა?

პირო მზეო, განმინათლე ბნელ გული:

თმა გიშერო,

ღამის ფერო,

სიგრილესა მიმეც დაგული.

მშვილდო ხრილო, ნუ მეზიდვი საკვდავად:

განშლით მყარე

სევდა მყარე,

ახლად მექმენ სულის ჩამდგავად!

მელნის ტბათა გარ-მდგომელნო მცველადა,

შავნო ჰინდნო,

მახვილთ მზიდნო,

ნუ მექმნებით მე გლახ მკვლელადა!

ღაწვნო ვარდნო, რად განმაძებთ ბულბულსა,

ეშყის მსტვენსა,

ტრფობის მჩვენსა,

ოდენ თქვენის ხედვით სულ-დგმულსა?!

ბაგე ლალო, მარგალიტებთა მცველო,

მომემტკბარე,

განმახარე

საამოთა სიტყვათა მთქმელო.

ბროლის ველო, ორთა მათ საბუდარო,

მნათო ყელო,

სავედრველო,

მცირ არს, რაზომცა გემუდარო!

საროვ ნაზო, რტოთა მათ შენთა რხევა

მტაცებს გულსა

ხელებულსა:

ამად მაქვს მე გრძნობათა რყევა!

შვენებანო, აღსავსენო სიამით,

მიმიახლეთ,

განმანათლეთ, დ

შემისმინეთ მკვდარსა აჯა მით!

 

 

ისმინეთ, მსმენნო

 

ისმინეთ, მსმენნო, ჭირთა მთმენნო, მომიპყართ ყურნი,

რა გვარნი ჭირნი, ცეცხლნი ხშირნი, მწველნი ალმურნი,

ვნახენით როსა, ამა დროსა ზედა-ზედ რთულნი!..

წყეულ არს ის დრო, როს სამკვიდრო დავკარგეთ კრულნი!

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი...

უწყით ყოველთა მახლობელთა მამულნი მათნი:

ურიცხვნი ტყენი, ბალახ ბევრნი, მრავლ ათასათნი,

მუნა მყოფელნი, ყოვლ-მშფოთველნი, სიტყვა ლაქათნი,

ცხოვრება ცუდნი, გულით მრუდნი, პირ-ბნელნი სათნი,

აქვსთ ყოვლთვის ხელად სჯულად ძველად საფრხე, საცთურნი...

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი.

ქაჯთ ყოფა-ქცევა, ჭამა, სმვვა აქვსთ არეულად,

დიდნი, მცირენი, გინა ერნი ხელ-ჰყოფენ მგლურად:

ბატონ-ყმობანი, განრჩევანი არა აქვსთ სრულად:

მოყვარეთ ტკბილთა, ხან-დაზმილთა გულთა ჰსწყვლენ მტრულად,

კაცთა მკილავნი, ლიზღნი, ავნი, ეშმაკთ სადგურნი, დ

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან აწ გვაგო შურნი!..

ვინც ჰხვდა მათ მახეს, ჭირთა სახეს, არა აქვს შვება,

მათზედ კეთილი, ვითა შლილი დაიცარება;

ერთგულთა ჯილდო, გულთ საბინდო მიხვდება ხვება,

ეს აქვსთ სიკეთე მათ უკეთე და ნაცვალ-გება...

მუხთლად გვაწვიეს, დაგვახვივეს თავს ბნელნი ბურნი, დ

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან აწ გვაგო შურნი.

ნახეთ მოყვასნო, ბრძენთა დასნო, ესე წესია!

შემდგომ საცთურნი მას პირველსა უძვირესია,

სხვათ დიდ-ბოროტსა მცირე მათი უმეტესია...

დაკარგეს ყოვლი ჭირნახული გულთ-უმხნესია,

ჰქმნეს სავანენი საუკუნოდ ვით უდაბურნი, დ

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი!

 

 

ვამე შორს მყოფსა

 

ვამე შორს მყოფსა შენსა,

ვერ მჭვრეტსა შენსა მშვენად!

მელევის ცნობა მთმენსა,

შექმნილსა მგოდებ ენად!

როს გჭვრეტდი გავსილს მთვარეს,

არ ვგრძნობდი ჭმუნვას მწარეს.

აწ ბედმან ამა მხარეს

გარდმაგდო, მით ვარ თმენად.

მეტყოდი გექმნა დარად.

შენ გტრფი გესურნო მარად:

აწ ჩემდა შესაზარად,

გარდგექეც შორაელად.

არ მხვდა საროს შეხვევით,

ბუსვა მსუროდა მე ვით.

მაშ მოდი გულთა ხევით,

მარიხო, მაგდე სენად.

შენთ ამბავთ სმენამ გული

განმიცოცხლა მოწყლული:

ამისთვის ხელ-განპყრული,

ვმადლვიდი ღმერთთა ზენად.

 

 

მე შენ არ გეტყვი

 

მე შენ არ გეტყვი: გეტრფი! ვითა სხვანი გეტყვიან.

ბევრი გარწმუნებს დ გეტრფი; გულით კი სხვაგან რბიან

მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი! ნეტა რას ძალსა მქონობს?

ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი, თუ გულიც არ მიმყოლობს.

ასეთი გეტყვის: გეტრფი, რომ ტრფობა არ იცოდეს:

სხვამ ნუ თუ ვერ გრქვას: გეტრფი, და გულში კი იწოდეს.

ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი! დუმილს ვრაცხ უმჯობესად,

მარამ მერწმუნე, გეტრფი საზომის უაღრესად!

შენს ღირსებასა ნატრულობენ

შენს ღირსებასა ნატრულობენ ყოვლნი ქალნია,

იტყვიან: თუმცა გვაქვნდეს ჩვენცა მისნი თვალნია!

ალვისა ტანი, მალოვანი ვერ ვიცანია,

ლერწმად ახატოს, ვინც დახატოს მისი ტანია,

ლაშ-ლოყა ლბილნი, მკლავნი წვრილნი, შავნი თმანია,

სადაფ მჩაგვრელად ფერი ვლიან ბროლ ფიქალნია.

უკეთუ მოვსთქვა მე რაცა შენ გეფერებიან,

ნუ თუ სხვა მნათნი შურითა დამემტერებიან,

ისარს მტყორცნიან გულ მესისხლედ აღმეგზნებიან!

მარიხი იტყვის, გულნი კრულნი არ მეხსნებიან,

თუმც ამას ვეღარ დაინახვენ ჩვენნი თვალნია.

ტანად სარო ხარ, ვარდებრ ღაწვნი შენნი ლბილობენ,

დალალ თმაშია გიშრის ბეწვნი ხშირად ყრილობენ,

ვაჰ, ძუძუ-მკერდი, კოკობ-ვარდი ნაზად შლილობენ,

და შენნი მნახნი ქართველ-კახნი შენზედ ცილობენ, დ

სხვათ არ ვახსენებ, თორემ მათაც დასწვამს ალნია.

ალვად ნაზარდი, ყოვლ გზით მარდი, წყნარად მქცეველი,

ექმნეს მას დარად, ვის ნადარად უჩნს შენგან ველი,

საროს ტანისთვის დაგვეკარგვის სასუფეველი,

ნდომით ვიქნებით დღე და ღამე ცრემლის მკარგველი,

რეტი დაესხმის, ვის არ ესმის მისი ხმანია.

 

 

 

ჭმუნვის მახვილი

 

ჭმუნვის მახვილი გულსა მსომია:

მიკვირს, თუ სული რად არ მხდომია!

ნაცვლად იმედთა მათ ჩემთა, მზეო,

ჭოგრითით ჭვრეტა შეღამრჩომია.

განვშორებულვარ შენთანა შვებას,

თუმცა გონება შენთან ხომია:

კმა-ყოფის გზათა ვხედავ ხლართულად,

სურვილი უქმად გულს შემჭრომია:

განმხეცებია, ვაჰ, სიყვარული,

და გულსა მიხოკს, ვითა ლომია!

აქაით გეაჯ, მიბრუნო სული,

ვის ტრფიალებით ფერი მკრთომია.

არ გესმის ოხრვა, ოხრვის მიზეზო,

სასმენთა კარნი ჩემთვის გხშომია!

თუ აწ ვერ გპოვო შენ ჩემს მკურნალად,

ვჰსცნობ რომე ბედი სრულად მწყრომია:

რისხვამან შენმან სიცოცხლის ძაფი

შეჰსწყვიტოს, რადგან შესაწყდომია!

 

 

კავკასია

 

თხემის შეუპოვარის პონტოის ზვირთთ მიმყრდობი

და ტერფითა სალითა კასპიისა განმპობი,

კავკასი გოლიათი წევს შორის ორთა ზღვათა,

შემოკრებით შემცველი დიდ საკვირველებათა.

მას შინა ჰსჩანს ბუნება საშინელად და მშვენად:

გვერდნი მისნი ძლიერნი, ოფლვილნი შეუსვენად,

ქუხვით გარდმომაქანნი მრისხანეთ მდინარეთა,

ჰრწყვენ და განაპოხებენ შორიელთა ველებთა.

იგი, ზურგით მზიდველი მთებზედ შემდგართ მთებისა, -

ათას წლოვანთ თოვლთაგან ზვავად შენაკრებისა,

ოდესმე რომელსამე მათ სპეტაკ ტვირთაგანსა,

გარდმოაგდებს ზვავებად, სცემენ ყურსა და თვალსა:

სრიალნი განმაშტერნი, სახენი განმაკრთობნი,

ყინულ-ლოდთა ბორცვები ერთმანერთის მასწრობნი,

თოვლის მტვრისა ზრქელისა აღმყვანელი ცათამდე,

ჰგორვენ ხლტომით და რახით, ღრმათ ღელეთ უფსკრულადმდე;

ვიდრემდის ბუქს ჰაერი, მბერველ ქარიშხალებით,

დღისა მცვალები ღამედ, მომცველ ნისლით შავებით.

დედა-მიწასა პირი წარღვნას ახალს განმცდელობს,

აქ იგლიჯება გორა, მუნ ველი აღარ ველობს:

ტყენი ძველთა ნაძვთანი გარდაქმნილან რიყებად,

წყალნი დ ადგილად მშრალად, გზა-ვაკენი დ კლდეებად,

და კავკას, მათ მთათ შორის მხოლო უცვალებელი,

ზოგთა ჰმუსრავს, ზოგთ ჰბადებს ვით ღმერთი მბრძანებელი

აქვე დღე მხიარული ოდეს კეთილ დარითა

დაახედს თოვლთა ზედა მზე შარავანდ წყნარითა,

ყინულნი ათას თრაშნი, წყალნი ფანტულ წინწკლებად,

სხვა და სხვად ფერად ბრწყინვენ ოქროდ-ბრილიანტებად.

ყველა კაშკაშ ნათლოის! ამ დიდ შვენიერებას

იოტნიცა ბზინვითა უმატვვნ მკობილებას.

ყვავილნი, საძოვარნი მომფენნი გვერდობ გრილთა,

სუნით, გემოთ იშვითნი მიიზიდვენ ნადირთა:

მუნ ირემი აღვალს რა წიაღით ბნელის ტყისა,

განიშვებს უშიშარად მომკვლელთ ხელთ შეხვედრისა:

შტოვანთ რქათა დამდრეკი, მყუდროდ დამზერს ღრუბელთა,

თვისთ ფერხთა ქვე მქუხარედ და მეხისა მშობელთა:

ირმისგან უმკვირცხლესი ჯიხვი უმაღლესს კლდესა,

რომლის რქანიც მწეობენ ჩლიქისა სიმტკიცესა,

თავ-ახმული შესცქერის მყინვარეს აუვალსა

და ვერ შემძლე მიწთომად. ღმუილით ემდურს ძალსა.

ესე არს თვით მთა იგი, სად პრომეტეს დაბმულსა,

ღმერთთა მიერ შერისხვით ყორანი ჰხოკდა გულსა, დ

მთა რეცა განგებ ზღუდეთ აღშენებული სალად,

დასაბამით სოფლისა ცნობილი შეუვალად:

გარნა რომელს ბოლოსღა, როსსთ მხედარად აღზრდილი.

მიებრჯნა რა უდრეკლად მამაცი ციციშვილი,

შეიწრებულმან თერგმან კრძალვით იცნო საზღვარი

და ტინმან შარა გზათა ფართოთ განუღო კარი:

შეეჭრნენ ჩრდილოს ვაშტნი წიაღსა გრანიტთასა,

არ ჰრიდეს ღელეთ სიღრმეს, არც სიმაღლეს მთათასა:

ფოლადნი, ქვათ მკვეთელნი ათასთა შინა ხელთა,

ხელოვნებითნი მეხნი, მედგრად მჩენელნი ცეცხლთა

ჰსცემდენ, ჰგლეჯდენ, ქუხოდენ, დ და კავკასი მკვნესარედ

ეხოთა მიერ წყლულთა თვისთა ცხად ჰყოფდა მწარედ!

განიხსნა გზა და ეშვათ ივერელთ სასოება,

რომე მუნით შევიდეს მათ შორის განათლება.

 

 

 

თავსა უფლად

 

თავსა უფლად ნურვინ ჰგონებთ,

ყოველთ ესრეთ გაიგონეო!

ერთგზის თქვენცა ტრფიალება

ჩემებრ მწარედ დაგიმონებთ.

მეცა ვიყავ მოქადული,

ვიდრე ჩემად მქონდა გული:

ჭირი ვერად შემიპყრვიდა,

აშიყთ მტანჯვი სიყვარული.

თუ ვინ ვნახი ფერ მიხდილი,

შვენებისდა მონად ქმნილი, დ

ვსთქვი: თუ კაცსა ვითა შვენის

გული ესრედ უძლურ-ლბილი!

მაგრამ ჩემიც სულის ძალა

ერთმან წამმან სრულად ჰსცვალა:

გნახე, და მყის შენმა სახემ

შემიპყრა და შეცამსჭვალა

მომესია სევდათ გუნდი,

შემომერტყა ბნელი ბუნდი:

ჯაჭვი დამსდვა მონებისა,

კისრად ვიღე და დავდუმდი.

მაშინ ვიგრძენ მეყვსეულად

სისხლი ცეცხლებრ აღგზნებულად:

ცრემლიანმან და მოხრავმან

ვეღარ ვიცან თავი სრულად.

 

 

 

ოჰ, საყვარელო

 

ოჰ, საყვარელო, შენგან ხელსა აწ მაქვს ზრუნვანი,

რომელ მღერითა განგიცხადო ჩემნი ჭმუნვანი!

მოვჰსთქვა თუ უძლო გულს მბუდარნი შენნი სურვანი,

მასთანა დავრთო შენამთხვევნი სოფლის მდურვანი,

ბედმან გაგვყარნა, შემომყარნა ამად ურვანი!

ლულვილთა თვალთა განახვემდა დანახვა შენი.

მისგამო მაქვნდა სიხარული აღმონაცენი:

გულსა მომთენდა სხივ მრავალსა დღის განმათენი,

სულს მიახლებდა სახე შენი ტრფობის მაჩვენი,

აწ უბედურსა დამშთომიეს ხილვის წყურვანი.

ბედმან გაგვყარნა, შემომყარნა ამად ურვანი!

ჭმუნვამან მძლივა, განმილივა ყოვლნი ღონენი:

მიმატნა ჭირნი გულის მძლევნი ძნელ საგონენი,

მიხშირნა ცრემლნი დ მოყვსის მსხვერპლნი ღაწვთა მფონენი,

სევდანი ჰფლობენ გულსა ჩემსა თავ მომწონენი,

ძლეულსა გულსა აქვნდა ეშყის ალში მურვანი, დ

ბედმან გაგვყარნა, შემომყარნა ამად ურვანი!

გშვენოდეს ტანსა ირისებრივ მოკაზმულობა,

ღაწვ-ბაგე ვარდთა დაუთრგუნავთ ჭნობა-ზრულობა.

შენსა მჭვრეტელსა გლახ მეხშირვის გულ მოწყლულობა,

მიკვირს თმათ სიგრძე, სიბნელე და ლამაზ წნულობა;

თვალთა მიბნელებს მაგა სახის ჩადრით ბურვანი,

ბედმან გაგვყარნა, შემომყარნა ამად ურვანი!

ალვასა წვრილსა ორ შტოვანსა გული ემონვის,

ექადის ხვევნად, უბის ვარსკვლავთ შორით ეკონვის,

საროსა ნაზსა სათაყვანოდ არ დაეყოვნის,

დენითა აფრქევს, ცრემლთ სიმრავლით ზღვას შეეწონვის.

რეტ ქმნილსა თავსა შრომის გამო აქვს ოფლთ წურვანი.

ბედმან გაგვყარნა, შემომყარნა ამად ურვანი!

 

 

 

ეჰა, ჩემო ოცნებავ

 

ეჰა, ჩემო ოცნებავ, კვლავ რად წარმომედგინე

და დასი მცნობთ ჩვენებათ უბრალოდ რად მომფინე?

რად მიჩვენებ სახესა წარსულთა მათ ნუგეშთა, დ

ერთხელ ჩემის სიცოცხლის ნაზად დამატკბობელთა,

რომელნიცა მე ბედმან უწყალოდ დამითრგუნა

და გლახ მე მარად მტირალს მცირედიც არ მიბრუნა.

ნუ მიტევებ, ოცნებავ, მომეც ძველნი ხილვანი,

მომეც მე ძველნი ცრემლნი და ძველნიცა ოხრვანი:

წარსულისა სიცოცხლის ნიავი კვლავ დამქროლე

და დამაშვრალს სულსა ჩემს სიტკბო მით განუახლე.

გვედრებ, ნუღა მშორდები, განმიგრძე სიხარული,

რომე ხსოვნითა ოდენ დავიტკბო წყლული გული.

 

 

 

გული წამართვი

 

გული წამართვი ცნობითურთ, მითხარ, ნაცვალი მომე რა?

ვეღარ გავძელი უშენოდ, გაყრისა სევდა მომერა.

დამწვი და წყალი არ მომეც დ დამწვარსა გულსა მომერა:

უვარდოდ წალკოტისათვის თვალნი რისათვის მომერა?!

 

 

 

ვაჰ, სოფელსა ამას

 

ვაჰ, სოფელსა ამას და მისთა მდგმურთა,

ბოროტებისა და სიცრუვის ჭურთა,

კეთილ მოყვარების დათრგუნვის მსურთა

უსაფუძვლოთა

მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით!

აქ აქებენ ძვირსა მზაკვარნი სულნი,

სძრახავენ კეთილ-მოქმედთ შურით შემკულნი;

ზოგადნი არიან გამდიდრებულნი, დ

განა რითა, ძმანო?

მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.

სამეფონი ურთიერთსა მქცევლობენ,

შეუწყალოდ, მხეცებრ კაცთა მხევლობენ: .

მდიდრდებიან, რომელნიცა მძლევლობენ,

და ყვავილოვნებენ

მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.

ძალი დავალს ღიმით ნაქცევთა ზედა,

სად სიმართლე მისგან შენარაზედა

მისთ ყვავილთა ფერხთით ლახავს გზაზედა,

რომელნი სჭკნებიან

მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.

გარნა მძლეცა შემდგომ სხვისგან იძლევის,

თვისგან ქმნილი თვისდავე მიექცევის,

ყველაკაი წარუვალს, განელევის,

რაცა ჰქონდა პოვნილ

მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.

ზოგადნიმე სარგებლის საპოვნელად

დაარღვევენ სჯულსა დაუყოვნებლად:

არ დაზოგვენ მსგავსთა თვისთა საკვლელად,

შეჰკრებენ საუნჯეს

მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.

ხელმწიფენი, რომელთ სვესაც ვეშურვით,

არნ მოცულნი უმრავლესითა ურვით,

ფიქრ-მრავლობენ განდიდებისა სურვით,

ატარებენ ჟამთა

მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.

მოხელენი, მათ გარეშე მდგომელნი,

ძმათა თვისთა შურ-მტერობის მდომელნი,

ჰკვლენ ერთმანეთს, ნაძარცვთ გამომრჩომელნი,

და შეექცევიან

მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.

რომელნიც ამწარებთ ღარიბთ ცხოვრებას

და ჰსთხოვთ ურცხვად, უსამართლოდ მონებას,

მოელოდდეთ მათთან თანასწორებას.

არ მარადის იშვათ

მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით!

 

 

 

გუთნის დედა

 

მშვიდობით, ხოდაბუნო, მშვენიერო და კარაო.

ამას იქით ვეღარ გხნავ, ასე უნდა დაგკარგო,

ცხენი დამზანტებია დრო მრავალ-გამოვლილი.

გდია თავ ჩამოგდებით ჩუთის წევით მოღლილი.

კვლავ მასც ჰქონდა ერთი დრო რომ რამდენსმე დღიურსა,

ერთის შებმით მოჰხნევდა, არ გაიბერტყდა ყურსა

ახლა გინდ ათი სახრეც კაცმა ზედ დაამტვრიოს

მგონია ერთი კვალიც რიგზე ვერ გააკვლიოს.

ნეტავი მას დროს, ცხენო, რომ ყელმოღერებული,

კუნტრუშით აბრუნებდი ბელტებს განხურვებული,

ახლა ასე მგონია, რაგინდ თავი აწყვიტო,

ბაწრითაც რომ დაგაბა, ისიც ვეღარ ასწყვიტო.

უწინ მწვე არ ვიტყოდი, ეს მიწა მაგარია,

ჩემთვის მაშინ სწორ იყო ველი, მთა და ბარია,

თუ გონებაზე ვიყავ, მაშინვე შევაბემდი

ჩემსა ჩუთს და სიმღერით ყამირსაც ლბილებრ ვხნევდი.

ზოგი მიწა მტკიცეა, ზოგი ხმელი, ქვიანი,

ზოგს ხირხატს ეძახიან, ზოგი არის წყლიანი,

მაგრამ სულ ტყუვილია, ადგილით რა იქმნება,

თუ მხვნელი თითონ ვარგობს, ყველგან ხლტომით იხვნება

ვინ დასდევდა ახოსა ეკლიანს, ძეძვიანსა,

ყველგან ვხნევდი და ვმკიდი ნაყოფს ბარაქიანსა,

მაგრამ ახლა სიბერემ მეც გამაწყო არჩევას,

ატყევებულთ ნახნავთა ვეღარ უბედ გარღვევას.

თუ ადგილი არ მომწონს ვჯავრობ, ვშფოთავ, ვღონდები,

მაგრამ ლბილთ ხოდაბუნთა კვალად ისევ ვეწყობი.

და იმათაც ასეთთა, რომ აბრეშუმებრ ბალახს

კრძალვით ძლივ გაებედვნოსთ თავის ჩენა იმ ალაგს

ეჰ, ნეტა რაღად მინდა რჩევა ალაგებისა.

რადგანც ღონე არა მაქვს არც ხვნის, არცა თესვისა.

ჭაბუკო მეგუთნენო! თქვენც ხართ, ვიყავ მე ვითა.

ამისთვის შემიბრალეთ ცრემლისა დათხევითა:

და თქვენ, ხოდაბუნებო, ჩემს მოხუცებულს ცხენსა. .

ბალახის მოძოვებით მაინც სცემდეთ ნუგეშსა.

თქვენს ხვნაზე ხელის ამღე მხოლოდ ჭვრეტით ვიხარებ

და თქვენს მწვანეზე სრბოლით გულის წყლულს დავიამებ.

 

 

 

მუხამბაზი ლათაიური

 

ლოთებო, ნეტავი ჩვენა,

დღეს მოგვეცა შვება-ლხენა,

შემოდგომამან ბახუსი,

საწნახელში ჩააყენა!

რაგინდ ზამთარი ჰყინავდეს,

გინდ ყვავიც ვეღარ ჰფრინავდეს,

ვერ შეგვაშინოს სიცივემ,

თუ თავში ღვინო ბრწყინავდეს.

მინდა ვსვა დ საღვინე მამე,

მოძღვარო, დასტური დამე! -

წყლის ყლაპვა ცოდვილთ წესია,

წარღვნაა ამის მოწამე.

ნოემ რა ერთხელ ინება

ყურძნის წვენისა გემება,

თვითონ ნუნუას მიუჯდა,

წყალი პირუტყვთ დაანება.

ვაჟკაცნო, მოდით დავლიოთ,

სჯობს რომე ღვინო დავძლიოთ.

ომამდინ სისხლად იქცევა,

მერმე ბრძოლაში დავსთხიოთ.

რა ომის ცეცხლი ასტყდება,

ბრძენი სიფრთხილით წახდება:

მაგრამ ღლეული მაშინვე

ან მოჰკლავს, ან შეაკვდება!

ჭკვიანო, ნუ შვრები ყბედვით,

შენ წინ ვერ მიხვალ გაბედვით.

გულს ომამდისვე გაიხეთქ

განსაცდელთ წინასწარ ხედვით.

დავეხსნათ ცოდვილთ ქებასა.

ღვინო სჯობს ყოველს მცნებასა.

ბრძენი სულ სიკვდილსა ფიქრობს,

და ლოთი გამარჯვებასა.

აქიმო, თუ გაქვს ქამალი,

ჰსცადე ეს ჩემი ნასწავლი:

რაც სენი უკურნალ იყოს,

ღვინოა იმის წამალი!

ბერებო, თქვენც მეთანხმებით

ღვინის ქებისა ხსენებით,

რჯულისთვის მაინც დავლიოთ,

მაჰმადის გამოჯავრებით.

ამა სოფლისა ცხოვრება

ვერცხლით არ მოიპოვება:

მდიდარნი ბევრნი ყოფილან,

ოხრათ რჩენიათ ქონება.

მაშ მოდით ისევ ღვინითა

დრო გავატაროთ ლხინითა:

ქეიფი მაინც მოგვივა,

გოგრითა ვსვათ, თუ ჩინითა.

როს დავესწრათ გაზაფხულსა,

ველსა ვსხდეთ მწვანით შემკულსა,

ჩვენ წითელს ღვინოს ვეწაფნეთ,

ვარდი ვანებოთ ბულბულსა.

ოჰ, საყვარლისა ვერ მნახო,

როდემდის იგლოვო: ~ახ-ო?~

აბა შენც ჩვენთან ჩაღლივე,

თუ რომ შენც არ შემოსძახო!

ზაფხულს ღამე თუ დილითა,

ვერვინ ვერ იშვებს გრილითა:

ჩვენც სიცხე ვერას დაგვაკლებს,

ვსთვრეთ, გავატაროთ ძილითა

 

 

 

მიველ წალკოტს სანუგეშოთ

 

მიველ წალკოტს სანუგეშოთ, გლახ ჩემს გულს სევდა ესია!

ვნახე სატრფო ფერ მიხდილი, მითხრეს, შენია ეს ია.

უძღვენ საუნჯე ურიცხვი, აღთქმით მივეცი ეს სია,

მაგრამ დამაგდო მტირალი, თურმე სოფელი ესია!

კაეშანი გარს მომერტყა, დამიბნელდა გონებანი,

წარხდა ყოველი ჩემთვისა, რაიც მქონდა ქონებანი

უსასტიკესად დამსაჯა, არ მიიღო მონებანი

დამსვა ბნელსშიგან სამყოფსა სამარეს უარესია.

განმცვიფრდა შმაგი გონება, ვსთქვი რა შეგცოდე, ასე რა?

სევდის ისარი მაწვია, მან გული ჩემი ასერა;

არ განმიკითხა მცირედი, სიკვდილს მოველი ასერა.

ამა ვაებით სიცოცხლეს სიკვდილი უმჯობესია!

 

 

 

სხვადასხვისა დროისათვის კაცისა

 

ეს სოფელი, სამყო ძნელი, მჩვენებელი ჭმუნვის ალთა!

ია ვიშვებით, მყისვე ვსტირით, ვით წინად მგრძნი მომავალთა,

მოვიზრდებით წიგნის კითხვით, არ გაგვიშრობს მწვრთნელი

თვალთა,

ჟამი გვიროკს, იგი გვიძახს: შეუდექით სიბრძნის კვალთა.

რა ჰასაკსა შევალთ, ახლად ჭირი უფროს გვემრავლების!

თვალი გულს ჰსცვლის, გული გრძნობას, გრძნობა ტრფობას

ემსჭვალების;

სახე რამე საყვარელი დაგვატყვევებს თვისებრ ნების,

და გლახ შეგვიქმს პატიმარად, მკვნესარად და მთქმელად ვების.

ოდეს შევალთ ხანსა სრულსა, მაშინ კვლავცა სხვა გვაქვს წუხვა:

არა ვკმაობთ საკმაოთა, ნდომა ჩვენი უზომ, უხვა,

გვსურს დიდება, გვსურს პატივი, გვსურს სახელის განთქმა, ქუხვა;

რა ვერ ვპოვებთ საწადელსა, შეგვექმნების შურით ჭმუხვა.

ოდეს წელთა ტვირთვის ზიდვით ქედსა მშვილდებრ მოვიხრებით,

ყოველთავე მოვძაგდებით, ზნე გვეცვლების გრძნობის კლებით:

სიკვდილისა წინამძღვარად მოვლენ სენნი მახვილ ღებით,

მათგან ერთი გვცემს და გვეტყვის: ~ახით ნაშვნო, მოკვდით ვებით!~

 

 

 

საყვარლისათვის

 

ღიმილმან ლალთ კარ განღებით მარგალიტთ მწყობრი აჩინა,

ბაგე, ზრახვისა დამწყები, გრძნობას ემილა, ადინა:

სილაღემ კრძალვა ნარევმან ნაზად სპეკალნი განჰფინა:

თვალთა გამკრთალთა გულსა ჰრქვეს: მსგავსი ამისი სად ვინა?

 

 

 

გოგჩა

 

გოგჩა, ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი,

ოდესმე ზვირთთა აღქაფებით ჰღელავს მრისხანედ:

ზოგჯერ, ვით ბროლი გულ-უბრყვილო, წმინდა, უძრავი,

თვის შორის ჰხატავს ცისა ლაჟვარდს და მთათა მწვანეთ.

მაგრამ ნაქცევნი მისთა კიდეთ ძაძით მმოსველნი,

საგლოვო ნაშთნი შენობათა კვლავ ეროვანთა,

სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი

და სად დღეს ვჰხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა. დ

ჭმუნვათა თვისთა მნახველთაცა აზიარებენ

უდაბურება, მჩუმარება, არა-რაობა.

ოვალსა და გულსა კაცისასა სევდით ავსებენ,

და უნებლიეთ წარმოდგება ოხვრით ეს გრძნობა:

აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.

აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო,

აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი:

მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!

ესე კამარა ძლივ საცნობო ყოფილ ტაძარად,

სად კვლავ მეფენი მოწიწებით იდრეკდნენ მუხლთა,

სად ღვთის დიდება მორწმუნეთა ესმოდათ მტკბარად,

და ცისა მიმართ გრგვინვიდიან ხმანი ფსალმუნთა, დ

დღეს ეს ნაქცევი, სახიერად მაჩრდილობელი,

ჰხეღავს თვის ქვეშე დამჩოქველად ოდენ პირუტყვთა,

ზოგჯერ ნადირთა, ზოგჯერ მხეცთა, და ხან წარმვლელი

მუნ შეაფარებს საქონელთა, შორით ზიდულთა!

ეს გროვა ქვათა სახე შლილის ოთხკუთხედისა

ადგილ არს, სადა სავაჭრონი მდიდრად წყობილან;

სომეხნი, მხნენი ხელოვანნი მომგებლობისა,

პირსა ქვეყნისას ამა საქმით ადრივ ცნობილან.

მაშინ მათ შორის ხშირ ყოფილა ქურურთა მქონე

არა-თუ ვერცხლით, ნდობითაცა ყოვლად მდიდარნი.

აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე:

მათთა განთქმულთა შეძლებათა წარშლიან კვალნი!

მიხედე ამა ვრცელსა ვაკეს ქვა-ყრილსა ბნელად,

კვლავ ასპარეზსა, სად ჰქონიათ ტაიჭთა სრბოლა,

ჩოგნით ტაცება ჭაბუკ-მხედართ გამოსაცდელად,

შუბთა ტრიალი, ჯირითთ ტყორცნა და ისართ სროლა.

ერთგზის ესეცა ქვანი შავნი, დღეს დახავსილნი,

ურთიერთთანა კავშირობით ამაღლებულან:

მკუთვნელნი მათნი, ბედნიერნი და კმაყოფილნი,

ოდესმე მათში განცხრომილან და განშვებულან.

აქაცა მჯდარა ძალი მაღალს ტახტსა ამაყად,

წყალობათა და რისხვის ფრქვევით მმართველი ერთა:

აქაც უღრღნიათ შურსა, მტრობას გულები ხარბად:

ტრფიალნი აქაც შემსჭვალვიან კვლავ ერთმანერთთა.

რავდენთ ბანოვანთ შვენებანი ახლად მშლილობნი

ჭავლის სიწმინდეს მიუზიდავს ნაპირს ამ ტბისას:

იარდნი, ზამბახნი და მიხაკნი, და გიშრის მწყობრნი

რავდენგზის ტურფად გარდუღია სარკესა წყლისას.

რავდენგზის მთვარეს, თავ-მომწონეს მათთან შთახედვით,

უგრძნვია თვისი ჩაგრულ-ყოფა და მოღრუბლვილა!

მაგრამ რა?!. დროსა მსრველის ცელით, ყოვლთა წარწყმედით,

ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათებრ მოსთვლილა!

 

 

 

მაისის ვარდმან

 

მაისის ვარდმან ფურჩვნილმან,

ბეზეკმან მწვანით მკობილმან,

ბულბული ათრო სუნითა, დ

რა ქნას აშიკმან თრობილმან?

მოსთქვამს: ამაყო და ზვაო,

შეუბრალეო, გულქვაო!

ხელი რად უფრო მახელე,

ოჰ, ჭირზე ჭირის დამრთაო!

სისხლითა ჩემით ღებულო,

ქვეყანად ამით ქებულო,

ესე რა მიქმენ უმადლოვ,

ოჰ, ვარდო, ლმობა კლებულო!

მარქვ, ეკლოსანობ ასე რად,

თუ არ გულისა სასერად!

უწყალოვ, რაზომცა ვსტირი,

ცრემლი ჩემი გჩანს სამღერად.

ვარდმან მიუგო ღიმილით:

მებრალვი გულის ტკივილით!

მაგრამ აშიკი ჰხამს იყოს

ხან მღერით და ხან ტირილით.

შეიმცერ ცრემლთა მრავლობა,

და ვალალებით გალობა!

ნიავმან გბეროს, გაგიქროს დ

თუმც არ სახმილი, ე მთვრალობა!

 

 

 

უგვანთა ტრფობა

 

უგვანთა ტრფობა, უგრძნოთ ტკბობა ვისა გსმენია?

მეც მმართებს მოვთქვა, ცრუ მიმოთქმა რაიც მთმენია:

ჯერეთ ნორჩ ხანში, უცხოს ხალხში ოდესა ვრბოდი, დ

არა ვარ მცირე დასამცირე, ამას ვამბობდი:

შვენებით სრული, გაბადრული მსწრაფლ ვამაყობდი,

ამით ვიცოცხლე, არც სიცოცხლე არ მომწყენია.

ხედავთ ამ სოფელს დაუნდობელს, ვით დამწვა გული,

მლიქვნელის ენით დამონებით მიპყრა სალ-გული:

ტყვეთ მიმცა ჭირსა გასაჭირსა, მყო დაკარგული,

აწ ცრემლით ვჩივი და ვერვისთვის შემისმენია.

ვინც რომ ვის ენდოს და მიენდოს, ჩემებრ კრულება

იყოს, იწყევლოს და ეწყევლოს ბედის კრულება!

იქ განიკითხონ და იკითხონ ეს შეკრულება,

სად ჩემი ჩაგვრა და დაჩაგვრა დამითმენია!

 

 

 

ჰხამს ტრფიალსა საყვარელი

 

ჰხამს ტრფიალსა საყვარელი სულად ედგეს, მით ჰსცოცხლებდეს,

მოშორებას ვერა ჰსთმობდეს, ღაწვთა მისთვის დაილებდეს:

გულს სურვილი ეგზნებოდეს, ჭირთა ყოლე მითა ჰსძლებდეს,

ზოგჯერ ზრახვით განჰსცხრებოდეს, ხან ტრფობითა მიახლებდეს.

 

 

 

      ვარდის გაყრილსა

 

      ვარდის გაყრილსა სულმიხდილსა ჭმუნვა-მწარებით,

      ძოწთ ვერღა მჭვრეტსა, თვალ ნაშრეტსა ცრემლთა ღვარებით,

      მტრფოსა ბულბულსა შემჰსჭვალულსა გულდამყარებით,

      აჰა მაისმან, შემწე მყისმან, კეთილ დარებით

      აჩვენა თვისი დამდაგისი შორ ქმნის ალებით

      ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით!

      მიჯნური ხელი, დამნახველი ნაზთა კოკობთა,

      ზურმუხტის თასთა მდგართა ლალთა ჰსჭვრეტს დამათრობთა,

      შეფრფინვით შესტრფის, გარნა ეკრთის წალკოტში მყოფთა,

      უბედავს ვერა ნებად მზერა ფერ შენაწყობთა.

      ოჰ ბედო, ბედო, როს მიხედო მრთლათ შებრალებით,

      ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით?!

      მოსთქვამს, რაბამთა მნახეს ჟამთა ცრემლისა მკადედ,

      მე გლახ შენისა სიშორისა მწარ მოვაგლახედ!

      იგი არ კმარა, რაც მომხდარა აწ ჩემდა საბრკმედ.

      ვინცა გგუშაკობს, ცუდ მუშაკობს მცდარი ყოვლ სახედ,

      სწყმდეს ეჭვი ფრთხილი, მითც სურვილი ჰსძლევს ცდა მრავლებით

      ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით.

      მარა ჰე გული, განლეული სურვილის ალით!

      მარად თვისისა სიკვდილისა მხედველი თვალით,

      ვერ კმად ნუგეშობს, იმედს ეჭობს ხვალით და ხვალით:

      მისწრაფე ზრუნვა, გაქვს თუ სურვა, ტრფობისა ვალით,

      სულგრძობით, თვარე განმხდი გარე სოფლის კარებით

      ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით.

      ოჰ, ჟამო ძნელო, დამხლათველო ტრფიალთა გზისა.

      უწყალოვ ხელო, მტრულად მშლელო მათისა ცდისა,

      ხან სასოს ცემით, ხან წართმევით სრულ იმედისა,

      მტანჯველო გულთა შეწირულთა ურთიერთისა,

      პყრობელს როდემდე ჯერ-არს ჰსჭვრეტდე გულ განსალებით

      ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით.

 

 

 

ედემს რგულსა

 

ედემს რგულსა საროს მაშორვა ბედმან,

აროდეს ნუგეშს მცა მასთან დაზმითა.

მიმუხთლა სოფელმან რისხვითა მხედმან,

აწ ხმეული მშთარ-ვარ სურვილის-სმითა.

ლალ-ბროლსა შერევნია შეთხზულად,

იაგუნდს ჰყავნ მარგალიტნი შეცულად.

როს განაპის, მჭვრეტს იქმს განლიგებულად,

აღავსებს მის ბაგეთ. თვისის ქებითა.

ეკაზმინ სამოდ წარბნი მოხრილნი,

მელნის ტბათ გარემოს არს ზღვანი გრილნი:

მათცა გარ მოზღუდვენ ჰინდთ ჯარნი ყრილნი,

ჰკოდენ მჭვრეტთა გულსა ისართ პირ ხმითა.

ნათელსა ჰსცემს მრჩობლი ბროლის ფიცარსა,

ზილფნი აშვენებენ ყელს საფიცარსა:

ვეშურვ რაყიფს მისს სიახლეს ვინც არსა.

გლახ მოწყლულ მაქვს გული წყვდიადსა ბმითა!

ერთი იგი ვნახე ლახვარ ჭურვილი,

მიჯნურთ გულთ მოსრვისა აქვნდა სურვილი.

მეც მხვდა მისგან წყლული, მექმნა ურვილი,

აწ, ენაო, რა გეწამლოს ჭირთ თქმითა!

 

 

 

სიყვარულო, ძალსა შენსა

 

სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?..

ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?

შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,

და ბულბულსა რად ეზრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს

სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,

სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა:

ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,

გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.

შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!

თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?

ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის,

მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის!

 

 

 

ვისაც გსურთ

 

ვისაც გსურსთ ჩემთა ამბავთა ცნობა,

მისმინეთ ჭირში ფლობილს;

მისმინეთ, იით მაქვს ჭმუნვა და თმობა

ურვისგან გულ-შეპყრობილს.

მას ვსჭვრეტ პატიმრად, ვის მონებს გული,

მისთვის გლახ განწირული:

მაქვს მწუხარება ზედა-ზედ რთული,

მარად მეახლვის წყლული.

ვისაც გსურთ და სხვა.

გუშაგნი ბევრნი თვითოსა მცველად

გვყვან ნების წარმტაცველად;

ხვალ სხვანი მოვლენ მათს გამომცვლელად,

გველივე ჰშთება გველად.

ვისაც გსურთ და სხვა.

ლმობითა ვხედავ ყოვლთ წარმავალთა

მოხუცთა, ვაჟთა, ქალთა.

გრძნობა რაიმე აღმივსებს თვალთა

და მადენს ცრემლთა ცხართა.

ვისაც გსურთ და სხვა.

კაცთ უბედობა, თუმცა სატირე, დ

გარნა რად განსაკვირე, დ

ამა სოფლისა დიდი და მცირე

არს ცვალებისა მზირე.

ვისაც გსურთ და სხვა.

 

 

 

უწყალო სენმან

 

უწყალო სენმან, ყოვლთ მაწყენმან გვიკოდა გულნი,

გვყო ჭირთა მთმენად, მგლოვარენად ყოვლნი სულდგმულნი,

სუსტ-გვქმნა ვათაგან მთიებთაგან დაშორებულნი:

გარნა უფრ ამად, და ყოვლ ჟამად ვართ გულმოწყლულნი,

რომ ბანოვანნი, მუნ მაქანნი, ჰყო დაბზარულნი.

ეჰა, მნათობთა, ტფილისს მყოფთა გულნი ლმებიან,

სავანთ მტევებნი, მათთვის მვებნი სოფელს ჰხლებიან!

ვარდნი უშლელნი, მიჯნურთ მწყლველნი უდროდ ზრებიან,

მათზედ ბულბულნი ხელებულნი აღარ ჰკრბებიან...

ამისთვის გულთა, დადაგულთა გვეხდების სულნი,

რომ ბანოვანნი, მუნ მავანნი, ჰყო დაბზარულნი.

ჩვეულნი ლხინსა მიგვცა ჭირსა უბედობამან,

მოგვაკლო შვება, გვმატა ვება შავ-სვეობამან.

გვიტევა ყოვლმა განსაცხრომმა, თანაზრობამან,

მოგვიცვა ალმან, შეუწყალმან, გვალმო გრძნობამან,

გვეკვეთა სასო დაუფასო, ვშთომილვართ კრულნი,

რომ ბანოვანნი, მუნ მავანნი, ჰყო დაბზარულნი.

როს მწირთა თვალთა, დამაშვრალთა ეცემის ძილი,

წარმოუდგების კეთილ-დღების შვება განვლილი,

გონება ჰხარის, მათთან არის გული დაღლილი,

არ უწყის, რომე თვისთან მჯდომე არს ოდენ ჩრდილი,

გარნა განღვიძვით, ოხვრათ აღძვრით ეახლვინ წყლულნი,

რომ ბანოვანნი, მუნ მავანნი, ჰყო დაბზარულნი.

ნეტა ხილვა როს უკვმეღირსოს ელისეს ველთა!

მუნ ვიხარებდე, ვიქარვებდე განვლილთ ჭირთ მწველთა,

მდელოთა სუნსა, მოსასურნსა ვჰყნოსვიდე მრთელთა,

ვჰხედვიდე ყოვლთა განხარებულთ კეთილ-მდღევეღთა!..

მე აწ მტირალმან მუნა ვჰპოვო ნუგეში სრულნი,

რომ ბანოვანნი, მუნ მავანნი, ჰყო დაბზარულნი.

 

 

 

ვიწყო წერა მაჯამით

 

ვიწყო წერა მაჯამით,

დაშვრეს ჩემი მაჯა მიო:

ღებევ, ნეკტარის ნაცვლად

მასვი, ვასტირ მა ჯამით.

მუზნო, ჩემ კერძ მომართვით

მოდით ებნის მომართვით,

გრაციის აღსამკობად,

ლექსნი თხზულნი მომართვით.

მსურს მას ვრქვა ბაიათი

შემკული ბაიათი,

კუპიდონისა ისრებს

ვინ ისვრის ბაიათი.

ბედსა ვხედავ მზარადა,

რისხვას მირევს მზარადა,

მიკვირს თუ კრული გული

საკვდად არის მზა რადა?

გული ეშხზე წარეგო დ

მის ლახვარზედ წარეგო;

სუსტ ქმნილი დანაშთომი,

ცრემლო, შენ არ წარეგო!

 

 

 

ჰე, მთოვარეო

 

ჰე მთოვარეო შემწყნარეო, აშიყთ გულების,

მოგვფინენ შენნი შუქნი ნელნი ჩვენ ორთა ოდენ!

რაზომცა ვლიდე, ვერსად ვპოვო, ნუ გეგულების,

რომ ურთიერთსა ჩვენებრ მტკიცედ ვინმე შესტრფოდნენ! 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ჭავჭავაძე ალექსანდრე / ლექსები