გაკვეთილი მეთოთხმეტე

 

სამართავი პანელი     

 

სამართავი პანელის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავაწყოთ კომპიუტერი ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ვმართოთ მისი ფუნქციონალური შესაძლებლობები, დავაინსტალიროთ და წავშალოთ პროგრამები, გავმართოთ ქსელი და ა.შ.

მისი გამოძახება შეგვიძლია შემდეგნაირად:

ვინდოუს ღილაკით ვხსნით მთავარ მენიუს, ზედა ან ქვედა ისრით ვპოულობთ სამართავ პანელს და ვაჭერთ ენტერს. იხსნება ჩვეულებრივი ფანჯარა, სადაც შეგვიძლია მოვნახოთ შემდეგი კომპონენტები:

ქსელის გამართვა, ამოცანათა პანელი, სპეციალური შესაძლებლობები, დრო და თარიღი, ეკრანი, შრიფტები, მოდემი, თაგუნა, კლავიატურა, პრინტერი და ფაქსი და სხვა. თითოეულ კომპონენტზე გადასვლა შეგვიძლია ისრებით, ხოლო გახსნა - ენტერით.

ვინდოუსის ოპერაციული სისტემა ავტომატურად აყენებს დროსა და თარიღს კომპიუტერში. იგი მოჩანს ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში ინსტრუმენტების პანელზე. თუმცა უსინათლო მომხმარებელს დროის გაგება შეუძლია უფრო მარტივად - ინსერტ+ეფ12 ღილაკების კომბინაციით. ერთხელ დაჭერისას ენ ვე დეა გვიცხადებს დროს, ხოლო ორჯერ სწრაფად დაჭერისას - გამოგვიცხადებს თარიღს.

მომხმარებელს შეუძლია დრო და თარიღი თვითონვე გაასწოროს. შევიდეთ ისევ სამართავ პანელში, ისრებით ვიპოვოთ და ენტერით გავხსნათ `დრო და თარიღი~ (ვრემია ი დატა).

ფანჯარას აქვს სამი ჩანართი: « დრო და საათი», « დროის სარტყელი» (ჩასავიო პოიას) და « დრო ინტერნეტით» (ვრამია პო ინტერნეტუ).

ჩვენთვის საინტერესოა პირველი ჩანართი. ფანჯარაში გამოსახულია კალენდარი და დრო. როგორც ყველა ფანჯარაში, აქაც კომპინენტებზე გადასვლა ხდება ტაბით. თარიღის გასასწორებლად ვერტიკალური ისრებით გადავინაცვლოთ და დავდგეთ იმ რიცხვზე, რომელიც უნდა დავაყენოთ. ტაბით გადავიდეთ დროის გასწორებაზე. ენვედეა პირველად გამოგვიცხადებს საათს, შემდეგ ტაბით უნდა გადავიდეთ წუთებზე და ისევ ტაბით - წამებზე. ზედა და ქვედა ისრებით შეგვიძლია ჩავსვათ სასურველი რიცხვი, ან ავკრიფოთ კლავიატურიდან. ცვლილებების დაფიქსირება ხდება ოკ ღილაკით.

 

ახლა განვიხილოთ ეკრანის პარამეტრები:

სამუშაო მაგიდა მომხმარებელს შეუძლია გააწყოს თავის გემოვნების მიხედვით. დააყენოს ფონად სასურველი სურათი, გამოიტანოს ის იარლიყები, რომლებიც ხშირად სჭირდება. მონიტორის ეკრანზე ფონის შეცვლა შეგვიძლია როგორც სამართავი პანელიდან, ასევე პირდაპირ სამუშაო მაგიდიდანაც. გამოვიძახოთ ეკრანის პარამეტრები. დავდგეთ დესკტოპზე. იმისათვის რომ არ იყოს აქტიური  სამუშაო მაგიდაზე მდებარე არც ერთი ფაილი თუ საქაღალდე, დავაჭიროთ კომბინაციას - კონტროლ+ხანი. ამის შემდგომ აპლიქეიშენ ღილაკით გავხსნათ კონტექსტური მენიუ და ავირჩიოთ სულ ქვედა პუნქტი - თვისებები (სვოისტვა). გამოდის ფანჯარა, საიდანაც ვაყენებთ სამუშაო მაგიდის კომპონენტებს.

იგივე ფანჯრის გამოძახება ხდება სხვა გზითაც:

ვინდოუს ღილაკით ვხსნით სტარტ მენიუს, შემდეგ სამართავ პანელს ვეძებთ ისრებით, ვდგებით მასზე და ვაჭერთ ენტერს. გამოსულ ფანჯარაში ვეძებთ კომპონენტს « ეკრანის თვისებები» და ვხსნით ენტერით.

რომელი გზაც თქვენთვის მოსახერხებელია, ის აირჩიეთ.

ამ ფანჯარაში არის შემდეგი ჩანართები: თემა, სამუშაო  მაგიდა, გაფორმება, და პარამეტრები. ამ ჩანართებს შორის გადავდივართ კონტროლ+ტაბით.

ჩვენთვის ამჯერად საინტერესოა ჩანართი «სამუშაო მაგიდა», რომლის ელემენტებზეც გადავვადგილდებით ტაბის დახმარებით. ფანჯრის ცენტრში დახატულია მონიტორის ეკრანი და ის ფონი, რაც ამჟამად არის დაყენებული თქვენს კომპიუტერზე. ტაბით თუ გადავალთ, მოვხვდებით ფონების ჩამონათვალზე. ზედა და ქვედა ისრებით გადაადგილებით შეიცვლება ფონი. მცირე მხედველი მომხმარებლისათვის უმჯობესია მკვეთრად ჩანდეს სამუშაო მაგიდაზე გამოტანილი იარლიყები. ამიტომაც ფონების ჩამონათვალში უმჯობესია ავირჩიოთ ფონი დასახელებით ნეტ (ნონ). დაყენდება შავი ფონი და სამუშაო მაგიდაზე მკვეთრად გამოჩნდება პიქროგრამები. თუმცა, არჩევანი თქვენზეა - აქ არის იმის შესაძლებლობაც, რომ შავის ნაცვლად დავაყენოთ ნებისმიერი ფერი. ამისათვის ტაბით გადავიდეთ კომპონენტზე «ფერი» (ცვეტ), ჩამოვშალოთ ისრით და ისრებითვე ავირჩიოთ სასურველი ფერი. ფერებს ენ ვე დეა წაგვიკითხავს.

 

ფონის სურათის ქვემოთაა ღილაკი «სამუშაო მაგიდის პარამეტრები». ტაბით გადავდივართ მასზე და შემდეგ ვაჭერთ ენტერს.

გამოდის დიალოგური ფანჯარა - «სამუშაო მაგიდის ელემენტები». მას აქვს ორი ჩანართი - « საერთო» (ობშიე) და « ვები». ჩვენ გვაინტერესებს « საერთო». აქ პირველი ღილაკია « სამუშაო მაგიდის ნიშნები». და აქ ჩამოთვილილია და გამოსახულია სამუშაო მაგიდის ძირითადი პიქტოგრამები - მაი დოკუმენტი, მაი კომპიუტერი, ქსელი, სანაგვე ყუთი. თითოელი ამ ჩამონათვალის გასწვრივ არის ჩასასმელი ალამი. შეგახსენებთ, რომ ალმის ჩასმა ხდება ხანი ღილაკით. თუკი გვინდა ეს ჩამონათვალი კომპინენტები იყოს გამოტანილი სამუშაო მაგიდაზე, მაშინ მათ წინ უნდა ჩავსვათ ალამი, თუ არა და ამოვრთოთ ალამი.

ახლა კი თავიდან დავათვალიეროთ ეს საკონტროლო პანელის კომპონენტები და კარგად მოვუსმინოთ ენ ვე დეას.

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         საიდან ხდება სამართავი პანელის გახსნა?

2.         რა კომპონენტებისგან შედგება სამართავი პანელი?

3.         ღილაკთა რა კომბინაციით ვიგებთ დროსა და თარიღს?

4.         საიდან ხდება ეკრანზე ფონის შეცვლა?

 

დავალება:

 

1.         დააყენეთ თქვენს ეკრანზე შავი ან ლურჯი ფონი.

2.         შეცვალეთ ფონის ფერი. გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 15.გაკვეთილი მეთოთხმეტე -სამართავი პანელი