ჭავჭავაძე ილია 

 პოეზია.  კრებული 

 

სარჩევი:

ქართლის დედა

აჩრდილი

განდეგილი

მეფე დიმიტრი თავდადებული

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან

 

ქართლის დედა 

(სცენა მომავალ ცხოვრებიდან)

 

გაგვიძეღ, ბერო მინდიავ,

მუხლი მაიბი მგლისაო,

გაიყოლიე უმცროსნი,

ვისაც თავი აქვს ცდისაო.

ხალხური სიმღერა.

 

                     ვუძღვნი პეტრე ნაკაშიძეს

 

აჰა, იმ დროთგან ერთი სახე ამოღებული,

რომელნიც ერთად გვინატრია უცხოეთში ჩვენ,

რომელთ იმედი, ღვთიურ სხივით გაბრწყინვებული,

დღესაც გულში გვაქვს მტკიცე რჯულად, ძმაო, მე და შენ.

 

მყობადს ავხადე ერთი კუთხე დიდის ფარდისა

და ეს ვიხილე, - მომიტევე მე სითამამე...

ეს არს ნაყოფი აწმყოსაგან შობილ დარდისა, -

ამით მამართლე, მიიღე და ნუ განმკიცხავ მე.

 

** *

 

(სცენად არის ოთახი, რომლის ფანჯრებიც ქუჩას გადაჰყურებენ, ერთ მხრივ ტახტზედ ლოგინში წევს სნეული, ძალიან მისუსტებული და მოხუცებული დედა)

 

დედა

 

თუმცა სიცოცხლე სნეულთათვის წვალება არი,

მაგრამ, ჰე ღმერთო, გმადლობ, ამ დღეს რომ შემასწარი,

და აქამომდე არ მოჰკვეთე ჩემი ცხოვრება:

ჩემი მამული, საქართველო, დღეს მიცოცხლდება!

ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედებს,

კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, –

და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება!..

დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ წარუძღვება!

ერთი შვილი მყავს, საყვარელი და სანატრელი,

იგია მარტო თავის დედის ნუგეშმცემელი,

იგია ჩემი სიცოცხლეი და სიხარული,

იმითი მიდგა უძლურს ტანში უძლური სული,

ჩემის სიბერის მისაყრდომად ისღა მშთენია, –

მაგრამ, მამულო, წაიყვანე, დღეს ის შენია...

 

(შეწუხებული ჩაფიქრდება და მცირეს ხანს შემდეგ იტყვის)

 

ის დღეა დღეს, რომ მამულს ვუძღვნა ძის სიყვარული,

ან ძეს შევწირო საყვარელი დიდი მამული...

ამ ორის გრძნობის ბრძოლა გულმა ვით გადიხადოს?

ძის სიყვარული თუ მამულის, – რომელი დასთმოს?..

ეჰა, ამ დღისთვის გაგიზარდე, მამულო, შვილი,

სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი...

დედისერთა მყავს, მაგრამ შენთვის მე მას ვშორდები.

ვინ იცის, შვილო, რომელს ველზედ მტრისგან მოჰკვდები?

დამტირებელი დედა ახლოს არ გეყოლება,

 

მის ცხარე ცრემლი სისხლიანს მკერდს არ გეპკურება,

დედისა ხელით ვერ შეიხვევ განგმირულს გულსა

და ეგრეთ შენს თავს მტლად დაუდებ შენსა მამულსა!..

შენს სიკვდილშია ჩემი ვაიც და ნეტარებაც,

მისთვის, რომ მე ვარ დედა შენიც და ქართვლის დედაც:

ვით დედა შენი, იმ სიკვდილით შენით ვივაებ,

ვით ქართვლის დედა ვინეტარებ და ვისახელებ.

 

(ჩაფიქრდება და მცირეს ხანს შემდეგ)

 

თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,

შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის წმინდა საფარი,

შენ ხარ მშვიდობა და სიმართლე ამა ქვეყნისა,

შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა.

მტარვალთა თქმითა ოდითვე ხარ შენ აკრძალული,

ხე ცნობადისა, ედემს რგული, შენი ხე იყო;

მაგრამ სამოთხეც, ყოველისფრით აღსავსე, სრული,

პირველ კაცთათვის უშენოდა არარა იყო.

რა განიცადეს იმათ შენთა მადლთა უხვება,

მსწრაფლ აღგიარეს, ჰოი, ღმერთავ თაყვანებითა,

მსწრაფლ მოგიპოვეს: ფასად მისცეს თვის უკვდავება

და სამოთხეც სთმეს სრულის მისის ნეტარებითა.

ეგრეთ ნაშოვნი რად წაგვერთვი მესავთა შენთა?

რაღად ჰღვრის დღესაც შენთვის სისხლსა ადამიანი?

რად შეიღებე კაცის სისხლით საშიშრად ჩვენდა

და რისთვის დახვალ ამა ქვეყნად პირსისხლიანი?

თვით ხარ მშვიდობა, უხვად მადლთა ქვეყნად მომფენი,

მაგრამ სისხლით კი იკვლევს გზასა მძებნელი შენი!

რად არ შენდება უსისხლოდა მისი ტაძარი,

მისი, რომელიც თვით მშვიდობის ღვთაება არი?..

 

შვილი

 

(შემოდის გახარებული)

 

მოვიდა დიდ ხნის სანატრელი, დედავ, ამბავი:

ჩვენი ქვეყანა, საქართველო, გაღვიძებულა,

მთელი კავკასი, მტერზედ რისხვით აღმომქშინავი,

ერთისა აზრით, ერთის გრძნობით აღელვებულა.

მომილოცნია!.. გაგვითენდა ძლივს ბნელი ღამე!..

მაგრამ შენ სწუხხარ, თითქო ამ თქმით მე ვერ გაამე.

 

დედა

 

მე ვწუხვარ მარტო მასზედ, რომე ჩემს სიბერესა

სანუგეშებლად მხოლოდ ერთი მოეცა შვილი,

მე ვწუხვარ მასზედ, რომ ჩემს მამულს ამ ნეტარ დღესა

მხოლოდღა ერთი შეაკვდება ჩემგან შობილი.

ვაი, რომ ჩემის სიცოცხლისა მზე მაშინ ჩადის,

როცა ამოდის ჩემის ქვეყნის მზეი დიადი!..

ვაი, რომ ბინდი დღეთა ჩემთა სიკვდილს მიქადის,

როს ჩემის ხალხის დიდებისა სჩანს განთიადი!

ამაზედ ვწუხვარ... მაგრამ ამას რაღა ეშველოს?

ღმერთს მარტო ერთს ვსთხოვ, მკვდარი დედა ძემ ასახელოს.

 

შვილი

 

როგორ? მეც მგზავნი საომრადა, დედისერთასა,

რომ თავი დავსდო მამულისა ჩვენის სახსნელად?

 

დედა

 

სულზედა დიდი ცოდვა უნდა ედვას დედასა,

რომ შვილი ამ დროს არ გაჰგზავნოს ძმათა საშველად...

ღმერთმა გვაშოროს, შვილო ჩემო, იმა სირცხვილსა,

რომ შენ შინ იჯდე, ოდეს სხვანი იხოცებიან,

ვინც მამულისთვის არ იმეტებს თავისა შვილსა,

მას შვილი თვისი, ჩემო კარგო, არ ჰყვარებიან...

ვაჟკაცად იყავ, – ჩემი თხოვნა არის მხოლოდ ეს.

 

შვილი

 

არას დროს არა მყვარებიხარ ისე, როგორც დღეს,

შენ, დედა-ჩემო!.. რასაც მნუკავ, აღგისრულდება...

შენგან შობილი შვილი განა მხდალად მოკვდება?!

 

(ისმის გარედგან ჯარების ხმაურობა, შვილი ფანჯარას მივარდება)

 

დედა

(თავის-თავად)

 

არ იცი, შვილო, როგორ მიღირს მე ეს სიტყვები,

და ვერც შეიტყობ მაგას ჩემგან, ისე მოვკვდები...

იმ დრომდე სულსა დანაშთენსა ღონეს მოვუკრებ,

ვიდრე საომრად, შვილო ჩემო, შენ გაგისტუმრებ,

რომე სიკვდილმა ჩემმა უცებ არ დაგაბრკოლოს, –

და მერე კი, ვგრძნობ: ბედი ჩემი მომიღებს ბოლოს.

(ისმის ჯარების სიმღერა ორ-პირად)

 

ქართველო, ხელი ხმალს იკარ,

გათენდა დღე დიდებისა,

თოფ-იარაღი აისხი,

დრო მოდის გამარჯვებისა.

მამულის დახსნის დღე არის,

ქვეყანა გვნუკავს შველასა,

თავისუფლების შოვნაი

სჯობს საშოვნელსა ყველასა.

მამულის დამხსნელს - ვაჟკაცის

ხმალი და გული სდომია,

ვაჟკაცის გამომჩენელიც

მტერთან გულდაგულ ომია.

თავისუფლების მშოვნელი

ამ ქვეყნად მარტო თოფია,

შინ უღლით გაქნილს მშვიდობას

ომში სისხლის ღვრა სჯობია!

მაშ მამულს თავი შევსწიროთ

საშველად, გამოსახსნელად,

თუ მისთვის დავიხოცებით,

ჩვენ ის გვეყოფა სახელად.

ქართველო, ხელი ხმალს იკარ,

გათენდა დღე დიდებისა,

 

თოფ-იარაღი აისხი,

დრო მოდის გამარჯვებისა!

 

(ქუჩიდამ ისმის დედაკაცების და სოფლის პატარა ბიჭების ძახილი:

ჯარს გაუმარჯოს, ჯარს გაუმარჯოს, ისმის კიჟინა და ხმაურობა)

 

დედა

 

(აღელვებული)

 

მიმიყვა, შვილო, დამანახვე ქვეყნისა მხსნელნი,

რომ მით დავიტკბო დღენი ჩემნი უკანასკნელნი.

 

(ჩამოიყვანს ლოგინიდან, დედას შეუჯდება მხრებში და მიიყვანს ფანჯარასთან)

 

შვილი

 

შეხე, დედილო, ამ განწირულ ყმაწვილკაცობას,

ისე მიდიან სასიკვდილოდ, როგორც დღეობას.

 

(დედა, რა დაინახავს ჯარს, ცრემლს ვერ იმაგრებს და სტირის)

 

შეხედე, ხალხი რა რიგ ლოცვით ჯარსა აცილებს,

დიდი, პატარა მხიარულობს, შენ რა გატირებს?

 

დედა

 

ღმერთმა კურთხევა დიდ საქმეში წინ წაგიმძღვაროთ!

ჩვენ კი, დედებმა, ღვთის წინ უნდა ცრემლები ვღვაროთ,

რომ ჩვენ შეგვასწროს, მამულისთვის თავდადებულნი

კიდევ ვიხილოთ შინ მოსულნი, გამარჯვებულნი.

მიმიყვა შვილო, ლოგინთანვე, მუხლი მეჭრება.

 

(შვილს დედა უკანვე მიჰყავს)

 

ვაიმე, შვილო, რამდენს დედა აუტირდება,

რომ ვეღარ ნახავს თავის შვილსა უკანვე მოსულს!..

 

შვილი

 

რა ვუყოთ, თუ კი სხვა გზით შველა არა აქვს მამულს!

 

(ამ დროს ერთი ცხენოსანი მოადგება ფანჯარას და გარედამ იძახის)

 

ცხენოსანი

 

კიაზო, წამო!.. რაღას იცდი, გვიგვიანდება,

დრო საშურია... ჩვენს ძმებს ჩვენით მშველი აკლდება.

 

შვილი

 

აჰა, მოვდივარ! აბა, დედი, მოიეც გული!

ჩემგან -მეომარს, შენგან - შვილსა ითხოვს მამული.

(დედა გადაეხვევა შვილს და გულზედ მიიკრავს)

 

მშვიდობით, დედი!.. შენ ჩემზედა ნუ დაღონდები,

ცოცხალი მოვალ, თუ არა და ისე მოვკვდები,

რომ ჩემს სიცოცხლეს ამჯობინო ჩემი სიკვდილი...

ნუ სტირი, დედი! გზადა ვდგევარ, დამლოცე შვილი.

 

დედა

 

ვაი შენს დედას!.. მოვიდა დრო განშორებისა

და გული მიმდის... უძლურია გული დედისა...

მაგრამ ნუ სწუხხარ... გადამივლის... შვილო, მშორდები?!

ვაი თუ მოკვდე და ვისგანღა დავიტირები?..

 

(სტირის და უფრო მაგრად გულზედ მიიკრავს შვილს. მერე უეცრად ხელს ანებებს და ზარდაცემულსავით თვალში თვალს უყრის და მცირეს ხანს ამ ყოფით არის)

 

დედა

 

დედა არ გიყვარს, დედა შენი მოხუცებული?

 

შვილი

 

(გაოცებით)

 

მერე, რომ მიყვარს?

 

დედა

 

(ძლივს ბედავს თქმას)

 

მასთან დარჩი!

 

შვილი

 

მერე, მამული?

დედა

(თითქო ეხლა გაახსენდაო)

 

მართლა, მამული!.. იგი უფრო საყვარელია,

მაშ წადი, შვილო!.. ღმერთი იყოს შენი მხსნელია.

მაგრამ ვიშ! მე რომ უშენოდა მარტო მოვკვდები,

ვიღა დამმარხავს?.. წადი... წადი... ნუ გვიანდები.

 

შვილი

 

ეჰა, მამულო! შენის ტრფობის ძალსა ღვთიურსა

რა დაუდგება? კლდის სიმაგრეს აძლევ უძლურსა...

ოდეს შენდამი სიყვარული დაიძვრის გულში,

დედაც კი შვილის სიყვარულს ჰკლავს შენს სიყვარულში;

რა სხივოსანი შენი შუქი აღმობრწყინდება

კაცისა გულში, ყველა გრძნობა მასშია ჰქრება,

ვითა მზის შუქში უმცირესი მნათობი ცისა,

ვითა ზღვაშია დაცემული წვეთი წვიმისა.

მშვიდობით, დედი! მეძნელება შენი დათმობა,

მაგრამ უფრორე ძნელი არის მამულის გმობა.

(შვილი გადის)

 

დედა

 

(ღონემიხდილი გადიქცევა ლოგინზედ და სულთმობრძავი ამბობს)

 

ვაიმე, შვილო!.. შენს წასვლასთან მიქრება ალი

ჩემი სიცოცხლის... უშენოდა ძნელია ყოფნა...

დიდ ხანს ებრძოდა შვილის ტრფობას მამულის ვალი,

ვალმა აჯობა, მაგრამ ძვირად დამიჯდა ჯობნა.

სულიც ამომდის... არ ყოფილა ძნელი სიკვდილი,

როცა შენ შენი აღასრულე... მამული... შვილი!..

 

(კვდება)

 

14 ივლისი, 1860 წ. პავლოვსკი

(ბოლო რედაქცია 18 მარტი, 1871წ.)

 

 

აჩრდილი

(ვუძღვნი ივ. პოლტარაცკის და ილია წინამძღვრიშვილს).

 

 რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა,

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა .

რუსთაველი.

 

I.

 

აღმობრწყინდა მზე დიდებულადა.

და განანათლა ქვეყანა ბნელი,

კავკასის მთების წვერთა მაღალთა.

ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.

აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,

ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,

იგივ ზვიადი, იგივ მძვინვარი,

იგივ დიდებულ და დადუმებულ.

ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად.

ცის გასარღვევად აღმოზიდულა,

მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად.

თითქო განგებით შეყენებულა.

მისი ყინულით ნაკვეთი თავი.

მოირთო მზისა ოქროს სხივებით,

ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავი.

დასცქერის რისხვით და მუქარებით,

თითქო ელისო განკითხვის დღესა,

რომ იგრიალოს, წამოიქუხოს,

ხმელეთს დაეცეს, მერმეთ ქვესკნელსა,

თვითც დაიღუპოს, ისიც დაღუპოს.

 

II.

 

მაგრამ ისეთი მშვიდი, ნარნარი.

იყო იმ დღისა ლამაზი დილა,

რომ თვით მყინვარის რისხვა და ზარი.

იმ დილის მადლსა დაემორჩილა.

ქვეყანაც იყო დადუმებული,

თითქო დუმილით ყურს უგდებს ცასა,

და ცაც უღრუბლო და მხიარული.

გადმოაფენდა მადლს ქვეყანასა.

ხოლო კი ჩემი უნდო გონება.

არ მოიხიბლა იმ დილითაცა...

ნუ – მითხრა, – ეს მყუდროება,

 სტყუისო ზეცაც და ქვეყანაცა!

 ამგვარი დილა ქვეყანას ბედკრულს.

 ბევრჯერ სხვა დროსაც გასთენებია,

 მაგრამ არც ერთხელ მის გულსა ვნებულს.

 მადლი ცისა არ მიჰკარებია.

 სულ ტყუილია, რასაც ეხლა ჰგრძნობ...

 ქვეყნის დრტვინვაა დაუძინარი,

 ღრმად ჩააკვირდი მის დუმილს და სცნობ,

 თვით მაგ დუმილში რა წყევლაც არი!..

 

III.

 

ბოლოს კი დილის სიტკბოებამა.

მეც განმიფანტა ეჭვთა ღრუბელი.

და ყოვლად მხსნელმა სასოებამა.

მომცა ნუგეში მაცხოვნებელი.

ვსთქვი თუ: სადაც ცა ეგრე მჭვირვალებს,

ღამე ესეთის დილით თენდება,

სადც მზის ნათელი ეგრე ბრწყინვალებს,

 

იქ ძალუძს კაცსაც ბედნიერება.

ამა ნუგეშით აღძრული სული.

აღმევსო ნელის სიხარულითა,

ეჭვთაგან წინათ გვემული გული.

განცხოვლდა წმინდის სიყვარულითა;

გარდმომევლინა ყოვლად შემძლები.

ქვეყნისა ამის სიკეთის რწმენა,

აღმიფრთოვანა მან ოცნებები.

და განმიწმინდა ხედვა და სმენა.

თვალთ ჩემთ განშორდა თითქო სიბნელე.

ხედვად უცნაურთ სახილველისა,

მოეხსნა ყურთა თითქო სიძნელე.

სმენად ბუნების მეტყველებისა.

მეწვივნენ იგი უცხო ხილვანი,

სავსენი ლხენით, ნეტარებითა,

რომელთაც წარაქვთ კაცთ გულისთქმანი.

საიდუმლობის მაცდურებითა.

 

IV.

და მომევლინა მე კაცი დიდი,

მყინვარზედ მდგომი მოხუცებული;

ვითა ქვეყანა – ისც იყო მშვიდი,

უძრავი, უხმო, დაფიქრებული.

მარჯვენა ხელით ეჩრდილნა თვალნი,

ყურადღებითა შორს გაჰყურებდა,

მის გარეშემო შვენოდნენ მთანი.

და მათ ფეხთა ქვეშ თერგიც გაჰყეფდა.

თერგი მრისხანე, თერგი მბდღვინვარე.

ქაფისა ზვირთთა მიაქანებდა,

ვით შმაგი ლომი დაჭრილი, ცხარე,

ჰრბოდა, ჰბღაოდა, მიღრიალებდა,

სჭექდა და ჰქუხდა... კლდენი და მთანი.

თვის მაშფოთარ შვილს გადმოჰყურებდნენ.

და მის ბღავილთან მათი ყრუ ხმანი.

ხეობაშია მგზავრს აშინებდნენ.

იქით, შორს, სჩანდნენ მინდორნი, ტყენი,

და იმათ შორის – არაგვიც ჩვენი...

 

V.

 

ჩვენო არაგვო! რა რიგ მიყვარხარ!

ქართვლის ცხოვრების მოწამედ შენ ხარ...

შენს კიდეებზედ ჩემი მამული.

იყო ერთ დროსა გამშვენებული!

ჩემის ქვეყნისა დიდება ძველი.

შენს წმინდა თვალ-წინ აყვავებულა;

მიყვარხარ მისთვის, რომე ქართველი.

აქ – შენს კიდეზედ დაბადებულა.

შენ ზვირთებ შორის ჩემის ქვეყნისა.

გრძელი მოთხრობა დამარხულია.

და წმინდა სისხლი ქართველებისა.

შენს კიდეებზედ გადასხმულია.

იქ, სადაც შენსა ძლიერსა წყალსა.

შეურევ მღვრიეს და მდოვრსა მტკვარსა,

იქ ერთხელ ქართვლის სიცოცხლე ჰდუღდა,

იქ მამულისთვის ქართვლის ხმა ჰქუხდა.

შენს ზვირთებს გაჰყვნენ საუკუნენი.

და საუკუნეთ – იგი ქართველნი!..

გულ-ხელთ დაკრეფით შენსა წმინდა წყალს.

რამდენჯერ ტანჯვით ვადევნებდი თვალს!..

 

რას ვეძებდი მე? ჩემ ქვეყნის წარსულს,

შენ-წინ დაღუპულს ჩემს ძველსა მამულს,

და მარტო სისხლი ჩემს თვალს დაღალულს.

აძლევდა ხოლმე გულსაკვდავ პასუხს.

 

VI.

 

მაგრამ საკუთრად არცა არაგვმა,

არც თერგმა, არც ტყემ და არცა მთამა.

არ მიიზიდა მოხუცის თვალი,

მთიდამ ამაყად გადმომზირალი,

სრულ საქართველო მოჩანდა შორსა...

იგი მოხუცი მას დააცქერდა;

ქვეყნის მარგალიტს, მაგა ობოლსა,

სიყვარულითა იგი დამზერდა.

საიდამა ხარ, რამ მოგავლინა,

ჰოი, საკვირველო კაცო, მითხარი?

რათ დაგიგდია შენ შენი ბინა.

და ამა მთაზედ რისთვის ხარ მდგარი?

და, რა ვსთქვი ესა, მსწრაფლვე მომესმა.

იმა მოხუცის დიდებული ხმა:

 

VII.

 

 

მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..

მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული.

შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,

ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.

მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა,

შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია,

მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა,

შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია.

წარვლილთა დღეთა შენთა მახსოვს დიდებულება,

ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ-ძლიერი,

შენცა გფენია ქვეყნის მადლი


 თავისუფლება,

 

ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი...

და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,

განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,

მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა.

და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული.

ვიდრე ძე შენი არ გაიკვლევს ზოგად ცხოვრებას.

და მცნების ნათლით ზე-აღზიდულ, ამაღლებული.

ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას,

იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული,

უქმისა დრტვინვით, გულის-წვითა მწარე ცრემლს დაღვრის,

მაგრამ არ ირწმენს, წამებულო, შენს აღდგენასა,

და იგი ცრემლი ურწმენობის, ეჭვის და ტანჯვის,

ჰღაღადებს მხოლოდ ძისა შენის უძლურებასა.

 

VIII.

 

 აქ არვის –  დიდსა, თუ პატარასა,

 

ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული,

დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა.

ღვთად მოუცია მარტო მამული;

 

დაჰვიწყებია, რომ დიდი არი.

ღვთისა წინაშე იგი ცხოვრება,

რომელიც ქვეყნის წვითა დამწვარი.

ქვეყანასავე შეეწირება.

წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა.

მამულისათვის თავის დადება!..

ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა,

ის თავის ხალხში აღარ მოჰკვდება.

მას განაცოცხლებს სიმღერა ხალხთა,

შორს საუკუნეთ ეტყვის მის სახელს,

და არა ერთხელ ჭაბუკთა ყრმათა.

ხმლის ტარზედ ძლიერს აუთრთოლებს ხელს;

იმ სიმღერას რა ისმენს მხცოვანი,

სიბერის ჟამსა კვლავ მოიფონებს,

გმირის სიკვდილი სახელოვანი.

ახლად ცხოვრებას მას მოანდომებს;

აკვანზედ დედა უმღერის შვილსა.

ტკბილისა ხმითა იმ სიმღერასა,

და თუ ინატრებს რასმეს მისთვისა,

ინატრებს გმირის მის დიდებასა;

და უფრო ხშირად იმღერს ქალწული,

გმირს მოიგონებს და გამხნევდება,

ყოველი იმღერს და სხვა მორჭმული.

გმირი იმ მღერით დაიბადება.

 

IX.

 

 მაგრამ, ქართველნო, სად არის გმირი,

რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი?

იგი აღარ გყავთ... მის მოედანი.

ჯაგით აღვსილა, ვერანად ქმნილა,

გმირის დამბადი დიდი საგანი.

თქვენში სპობილა და წაწყმედილა.

გადასდგომიხართ თქვენ ქართველობას,

დაგინგრევიათ დიდი მამული,

რაღა დაჰბადავს თქვენში დიდს გრძნობას?

რითი აღტკინდეს ქველისთვის გული?

თქვენ გარს მადლითა სავსეს ბუნებას.

შეუკრებნია ყოველიფერი,

რომ მისცეს თქვენში ზრდა დიდს ცხოვრებას;

ჰყოს იგი ძლიერ და ბედნიერი.

ვიშ, ეს ქვეყანა, ხმელეთის თვალი,

დიდის სამოთხის კუთხე პატარა,

ქედმოდრეკილი ნაღვლით საწყალი,

რომ მისი ტრფობა თქვენში შემწყდარა;

რომ დაგიგდიათ უმწედ, უნუგეშ,

თქვენის სიავით დაწყლულებულა,

თქვენგან გმობილი – უცხოს კალთის ქვეშ,

ვითა ობოლი, შეფარებულა.

 

X.

 

 ხოლო აქაც კი, ვრდომილთ შორისა,

ღვთის ნაპერწკალი ზოგჯერა ჰკრთების,

ქვეყნის წარხდომას გული ზოგისა.

შეებრძვის და არ ემორჩილების;

მაგრამა ლალვა, შური და მტრობა.

იმ ზოგთა შორისც ღრმად ჩანერგულა,

ამა ჭირთაგან მათი მხნეობა.

აღძვრისა უმალ გაცუდებულა.

აგერ ორ-სამ კაცს რაღაც უგრძვნიათ,

ქვეყნისა სახსრად ერთად მოდიან,

ერთის საქმისთვის გაუღვიძნიათ.

და ერთმანეთს კი არ ენდობიან.

ერთმანეთისა მათ სიკეთე ჰშურთ,

თუმც ერთისათვის თითქო იღწვიან;

თვით ამხობენ მას, რის აღდგენაც ჰსურთ,

თვით ჰშველიან მას, რასაც ებრძვიან.

 

XI.

 

 აგერ უფალი და მისი მონა!

თრთოლით სასწორზედ ხარჯს უწონს ძნელსა.

და, რა დასწორდა სასწორზედ წონა,

უფალი პინას ზედ ადგამს ფეხსა.

და მით მის ხარჯსა ერთსა


 ორად ჰხდის...

 

მონამ მწუხარედ გულს გაიღიმა,

უმწეობითა თავის ხარჯსა ჰზრდის.

და საწყლის თვალთგან ცრემლმა იწვიმა.

მაგრამ ქვა არის ბატონის გული,

ვერ დაარბილებს მას შებრალება;

ვერა გაჰკურნოს მან მონის წყლული,

ვინც მონებას თვით ემორჩილება.

მონა ბედშავი, მონა საწყალი.

სდგას, ევედრება მის თვალი შვებას,

და გულში ჰფიქრობს: ვიშ, ჩემი ბრალი!

რით შევძლებ შვილთა ჩემთ გამოკვებას?

ვიშ, ჩემი ოფლი, მათთვის დაღვრილი,

ნაყოფი, იმა ოფლით გაზრდილი,

დღე-და-ღამ ჩემი უწყვეტი შრომა,

დარში, ავდარში ცის ქვეშე დგომა,

ვაი, ვაგლახი, ჭირნახულობა,

თმენა, ცდა, სიმხნე და უძილობა.

მარტო ბატონის თვალსა ახარებს.

და თქვენ, ცოლ-შვილო, კი არას გარგებს.

ვაიმე, ბედკრულს რაღა დამრჩება,

რომ გავახარო ცოლ-შვილის თვალი?..

ვინა შრომობდა და ვინა ჰძღება,

ღმერთო, სად არის აქ სამართალი?!.

 

XII.

 

 შენში კაცისას გრძნობას არ ხედვენ,

დედას ძუძუდგან შვილსა აჰგლეჯენ,

ვინ იცის, სიდამ სად გაჰყიდიან...

უწმინდურისა ხელითა სთხრიან.

დედისა გულში უკეთესს გრძნობას,

ცოდვად უთვლიან შვილისა ტრფობას.

თუ ღმერთმა მისცა შენსა ასულსა.

სილამაზე და მშვენიერება,

მონავ ჩაგრულო, ვითამ შენს გულსა.

სასიხარულოდ ეგე ექნება?

ქალს წაგართმევენ, ქალს გაჰყიდიან,

ნამუსს მოუკვლენ შეუბრალებლად.

და წრფელსა გულში ღვარძლს ჩაასხმიან,

გახდიან ყვავილს ფეხ-ქვეშ სათრევლად.

უმანკო პირზე შენს ტურფას ქალსა.

გარყვნა დაასვამს საზარო დაღსა...

მას, რაც გიყვარდა, ნახავ დაცემულს,

ნამუსწართმეულს და შეგინებულს!..

პირს უკუ-იქცევ და შეძრწუნდები,

 

ცრემლს მოინდომებ, და არ გექნება,

წყევლით, ვაებით მას განშორდები.

და ქალი შენი შენ შეგზარდება,

და მაშინ იტყვი: ნეტავი გველად,

გველის წიწილად მე მომცემოდი,

რომ ქვეყნის ქელვად, ქვეყნის სათრევლად.

შენ, შვილო ჩემო არ გამხდომოდი.

 

XIII.

 

 შრომისა შვილო, მძიმე უღელი.

ქვეყნის ცოდვისა შენ გაწევს კისრად,

თუმცა ტვირთმძიმეთ შემწყნარებელი.

შენის დახსნისთვის ჯვარს ეცვა ქვეყნად;

თუმცა ქვეყანას მისი მოძღვრება.

დღეს მარტო სიტყვით უქმით ჰრწმენია,

მაგრამ ცხადად ჰხმობს მის წმინდა მცნება,

რომ მყოობადი მარტო შენია.

შრომა, აწ ქვეყნად ტყვედა პყრობილი,

მძარცველობის ქვეშ ჩაგრულ-ვნებულა,

ხოლო რღვეულა მისი ბორკილი.

და დასამსხვრევლად გამზადებულა.

შრომისა ახსნა – ეგ არის ტვირთი.

ძლევამოსილის ამ საუკუნის,

კაცთა ღელვისა დიადი ზვირთი.

მაგ ახსნისათვის მედგრადა იბრძვის.

ვეღარ განუძლებს ქვეყანა ძველი.

განახლებისა გრიგალის ქროლვას,

ვეღარ განუძლებს ქვეყნის მძარცველი.

ჭეშმარიტებით აღძრულსა ბრძოლას,

და დაიმსხვრევა იგი ბორკილი.

შემფერხებელი კაცთა ცხოვრების,

და ახალს ნერგზედ ახლად შობილი.

ესე ქვეყანა კვლავ აღყვავდების.

 

XIV.

 

  შრომის სუფევა მოვა მაშინა.

ჭეშმარიტების მის ძლიერებით.

და განმტკიდება სოფელსა შინა.

კაცთმოყვარების სახიერებით.

ყველასთვის იქმნეს იგი სუფევა.

თანასწორადა ნიჭთა მფენელი;

მის მადლით წარწყმდეს ძარცვა და რბევა.

და ერთგან სძოვდეს ცხვარი და მგელი.

მაშინ უქმ სიტყვად არ იქნებიან.

ძმობა, ერთობა, თავისუფლება,

ეკლის გვირგვინით აღარ ივლიან.

კაცთმოყვარება და სათნოება.

ალღო აიღო ქვეყანამ ძველმა,

რომ დღე-და-დღე მის წყობა ირღვევა,

და ამ ზვიადმა საუკუნემა.

უნდა შვას იგი შრომის სუფევა.

მაშინ, მაშვრალო, შენც განკაცდები,

წართმეულთ ნიჭთა კვლავ მოიპოვებ,

სხვას ძირს არ დასწევ, თვით აღმაღლდები,

არც ვის ემონვი და არც იმონებ.

მაშინ ეგე ხმა შენის სიმღერის,

დაბლად ღუღუნი დაღონებული,

მღერა, ვით კვნესა, საწყალის მეხრის,

შორი ხმა მწყემსის დაობლებული,

 

მხიარულ ხმებად გარდაგეცვლების.

და შენს გუთანზედ გულით ლმობილი.

იტყვი სიმღერას თავისუფლების.

ეგ სიმღერაა, ვით ლოცვა, ტკბილი!..

მინდორნი, ტყენი, ნახნავნი, ველნი.

შენის ლხენითა განიხარებენ,

შენგან შემკულნი იგი ყოველნი.

შენს ტკბილს სიმღერას ბანს გამოსცემენ.

 

XV.

 

 აგერ დიდკაცი დარბაისელი.

კმაყოფილების განცხრომაშია.

მაშინ, როს მისი მოძმე საწყალი.

სასოწარკვეთილ მონებაშია.

მოძმეთა ხსნისთვის თავისდადება.

წმინდა ხვედრია მხოლოდა გმირთა,

და მას ვით შესძლებს თავმოყვარება,

რომელიც იმა დიდკაცთა სჭირთა?

ის რად ინდომებს ქვეყნისა ბედსა,

როს მასა შველის მის ბედკრულება?

რად შეებრძვის ის სიბოროტესა,

როს მეოხებით მისით თვით ჰრჩება?

აგერ ვაჭარიც ცბიერის ღიმით.

მოძმეთ ატყუებს, რა ჰყიდის ნივთსა,

და ძმა მის მოკვდეს თუნდა შიმშილით,

უნაღვლოდ განვლის ცხოვრების ხიდსა.

აგერა მღვდელნიც – ერთა მამანი

 

რომელთ ქრისტესგან ვალად სდებიათ.

ამა ერისა სულის აღზრდანი,

რა-რიგ გულ-ხელი დაუკრებიათ!

სად არის სიტყვა დიდის სწავლისა,

სიყვარულის და სამართალისა,

რომ მათ ბაგეთგან არ მომდინარებს.

და ერს დაცემულს არ აღამაღლებს?

სად არის იგი, მღაღადებელი.

ქვეყნის ხსნისათვის ჭეშმარიტება?

სად არის იგი, ბიწის მდევნელი.

ჯვარცმულის ღმერთის მაღალი მცნება?

 

XVI.

 

 აგერ ტფილისიც!.. ყრმასაც და ბერსაც,

ქალსა  –  მახინჯსაც და მშვენიერსაც,

დიდსა, პატარას, თავადსა, გლეხსა,

მე უხილავი ყურსა ვუგდებდი,

მაგრამ კი, ვფიცავ ქართვლის სახელსა,

მათს აზრში აზრსა მე ვერ ვპოვებდი.

ერთგზით შეჰხედავ და იქ ცხოვრება.

მართალ ცხოვრებად მოგეჩვენება:

ჰლხინობენ კიდეც, კიდეც ჰხარობენ,

ჰფიქრობენ, ჰგრძნობენ და ჰმოქმედობენ,

ჰხედავ ფაცა-ფუცს და ყველგან ჟღივილს,

უბედურ ცრემლთან ბედნიერს ღიმილს,

მაგრამ მათ ცრემლსა, ღიმილს თუ გრძნობას,

ჭმუნვას, სიხარულს და მოქმედობას,

ფრჩხილის ოდენიც არა აქვს აზრი.

და ყველა იგი თვალთმაქცი არი.

ფუჭია იგი მისი ცხოვრება,

უფერულია და ცალიერი,

არც სიცოცხლეა, არც გემოვნება,

 

არცა საგანი გულწარმტაცველი!

იქ დღე ჰრბის დღესა, ვით ჰრბოდა, გუშინ,

ერთნაირად და უფერულადა,

რისთვისც მამანი იღვწოდნენ უწინ

დღეს შვილთ არ უღირთ არც ერთ ფლურადა.

გრძნობას – ოქროსა ფასად ჰყიდიან,

მთავრის ღიმილზე – პატიოსნებას,

და დაჟინებულ ბორკილზე სცვლიან.

თავის მამულის თავისუფლებას.

 

XVII.

 

 აგერა მცხეთაც – სავანე გმირთა,

დიდი აკლდამა დიდის ცხოვრების,

სად პირველ ქართვლის მორჭმულთა შვილთა.

ღრმად ჩარგეს ძირი თავისუფლების;

სადაც ჰყვაოდა ხე ცხოვრებისა.

ქართვლის გულიდამ აღმოცენილი,

და წყარო იგი წყაროდ შვებისა.

სჩქეფდა იმ გულით გარდმოდენილი;

სად ის ხე ნაძვის მის სუნნელისა.

ჰყვაოდა ქართვლის წყლულთა კურნებად.

და მის ქვეშ წყარო უკვდავებისა.

სცემდა იაზმას ერის ცხოვნებად;

სად იმ ხის წმინდის ფოთოლი, ხილი.

საკვდავადც დაჭრილს ეკურნებოდა;

სად იმა წყაროს წყლით გაბანილი.

ქართვლის ტკივილი დაყუჩდებოდა.

აწ აღარა სჩქეფს წყარო ცხოველი,

ხე ცხოვრებისაც იგი დამჭკნარა.

და იგი დედა-ქალაქი ვრცელი.

აწ სამიკიტნო დაბად გამხდარა.

ნგრეულან მისნი დიდნი პალატნი,

დიდი ცხოვრება მის დაცემულა,

დღეს იმ ცხოვრების წმინდა ალაგნი.

პირუტყვთ ქელვითა შეგინებულა.

XVIII.

 ქართვლის სამკვიდროვ, ქვეყნის თვალად დაბადებულო,

რამდენს ვაებას შენსა თავზედ გარდაუვლია!..

ჯვარცმულის ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულო,

ეკლიანს გზაზედ შენებრ სხვასა რომელს უვლია?

სხვა რომელია, რომ ათასთ წელთ ბრძოლა მედგარი.

გამოევლოს და სრულიად მტვრად არ აღგვილიყოს?

შენ ხარ, მარტო შენ!.. მაგალითი სხვა არსად არი,

რომ სხვა ქვეყანას, სხვასა ერსა ეგ შესძლებიყოს.

შენთა შვილთ გული შენთა მტერთა შეაკლეს ზედა,

ორი-ათასის წლის ბრძოლაში მათ სისხლი ჰღვარეს,

მაგრამ ამაყი თვისი თავი ქვეყანაზედა.

არავის წინა სამუდამოდ არ მოიხარეს.

ორი რამ იყო, რისთვისაც ძე შენი იღვწოდა,

ბედმა უწყალომ სხვა საქმისთვის არ მოაცალა,

მამულისა და რჯულისათვის იგი იბრძოდა,

ორივ დაიცვა, მაგრამ ყველა მათ ანაცვალა.

 

XIX.

 

 თვალ-წინა მიდგა ის კირთების ბედშავი დღენი,

როს შენ დაგიპყრო მაკედონის გმირის ლაშქარმა.

და შეგირყია დიდ ცხოვრების სამკვიდრო ბჭენი.

შენმა მოძულემ და მოლალემ უცხო მთავარმა.

სძულდა ქვეყანა, რომელიცა მას ეპყრა ხელთა,

სძულდა თვით ერიც, მის სიკეთე, ნიჭიერება...

ვერა, ვერ ჰმართონ ვერსად ერი იმა მმართველთა,

ვისც არ აქვთ ერის სიყვარული და შეწყნარება.

ერის მჩაგვრელი, ქვეყნის მთხრელი იგი მმართველი.

მთელს საქართველოს თვის ფერხთა ქვეშ მჩვარებ ჰქელვიდა,

ერის იმედის, სასოების, ნიჭის მმუსვრელი.

თვით ერის ენას – მაგ ერის განძს – იგი სდევნიდა.

სძაგდა ყოველი, რაშიც იყო ერის ღირსება,

რაშიაც ერი თვისთა ნიჭთა იყო მსახველი,

რაშიაც იყო მის დიდება, პატიოსნება,

რისთვისაც დაშვრა მამა-პაპის გული და ხელი.

მას ჰმორჩილებდა ერი შენი მძულვარებითა,

დევნულების და კირთების ქვეშ თავსა იხრიდა,

და მონებრივის თვალთმიმქცევის კრძალულებითა.

ზღვევისა წადილს გულდაკეტით დღე-და-ღამ ჰზრდიდა.

 

XX.

 

 მოვიდა ის დღეც შურის-გებისა,

მტარვალს აღუდგა ქართვლის ქველობა...

მართალი არის ხმალი ზღვევისა,

როს ხელს ჰკიდებს მას მამულის ტრფობა.

მახსოვს ფარნავაზ ჰაეროვანი,

გულმტკივნეული შვილი ქვეყნისა...

მან იდვა თავსა სახელოვანი.

ის დიდი საქმე შურისგებისა.

ერის და ქვეყნის შეურაცხყოფას.

ვეღარ გაუძლო ჭაბუკმა გმირმა,

ვეღარ გაუძლო მტარვალთ ურცხვობას.

იმა მამულის ამაყმა შვილმა.

გადგა და დასცა თავზარი მტერსა,

დაამხო პირქვე ყმობა, მონება,

და უცხოთ ხელთქვეშ დაჩაგრულს ერსა,

ვით მზე, მოჰფინა თავისუფლება,

და შენ, ჰე, ქართლო, მტრისგან რღვეული.

კვლავ შეგაერთა ერთის ცხოვრებით,

ქართვლის სახელი დამცირებული.

კვლავ შეჰმოსა მან პატიოსნებით.

 

XXI.

 

 მას აქეთია, ქართლო, შენს შვილსა.

არ ჩაუგია ქარქაშში ხმალი...

შენზედ მოიქცა ძველის ქვეყნისა.

გაუმაძღარი და ხარბი თვალი.

მას აქეთია ოთხ-კუთხივ მტერნი.

შენს თავსა შენვე გეცილებოდნენ,

მაგრამ ვაჟკაცნი შვილები შენნი.

გულდაგულ მტერსა წინ უდგებოდნენ.

იყო დრო, რომ შენს ძახილზედ, ხმაზედ.

 

მამულის დროშა გაიშლებოდა.

და ჭაბუკთ რაზმი შენს მოწვევაზედ.

მტრის დასახვედრად მოგროვდებოდა.

იყო დრო, როცა შენის გულისთვის.

თვითონ სიკვდილსაც ლხინად ჰხადოდნენ.

და თავდადებას მამულისათვის.

ერთმანეთს ომში ეცილებოდნენ.

ეხლა რაღაა!.. გაჰქრენ ის დღენი,

გაჰქრა იგიცა ძალ-გულოვნება,

და საკვირველნი მამათ საქმენი.

ეხლანდელ შენს შვილს არც აგონდება.

 

XXII-XXIII.

 

XXIV.

 

 წამხდარა ყველა, ის ღონე და ის ძლიერება,

მტვრად გარდაქმნილა ახოვანი იგი ცხოვრება,

აწ იგი თითქო თვის დენაში შეყენებულა...

ხოლო ოდესღაც მოდენილა თვის ფართო გზაზედ,

ბევრჯერ უსაგნოდ, ბევრჯერ აზრით აღელვებულა...

ქართვლის ტკივილი ყოველთვის კი სჩნევია მას ზედ.

დენილა იგი ტანჯვათ შორის და სიამეთა,

ხან დაცემულა და მიმქრალა, ხან აღდგომილა,

ხან შური, მტრობა, ერთურთ ლალვა სთხრიდა კიდეთა,

რომელთ შორისაც ის ცხოვრება მძლავრი შობილა.

მაშინ გათხრილნი ის კიდენი მთლად დარღვეულან,

ძლიერნი ზვირთნი იმ ცხოვრების აღქაფებულნი.

სხვადასხვა ტოტად გადმოსულან, გადაგდებულან,

დაუნთქავთ შრომა წინაპართა სისხლითა რწყულნი.

როდისღა ვნახავ მშვენიერსა ამ ქვეყანასა.

თვისთა დიდების ნაშთსა ზედა კვლავცა აღმდგარსა,

დროსთან დანთქმულსა სხვადასხვათა კავშირთა ბრძოლას,

ერთის ცხოვრების, ერთის სულის ძლიერსა ქროლას?

როს ესე ტოტნი ერთ ცხოვრების, ერთ-არსებისა,

ეხლა გაყრილნი, ერთ მდინარედ შეერთდებიან?

როს იგი ტომნი ცად მიღწეულ მძლავრ კავკასისა.

ერთისა აზრით, ერთის ფიქრით განდიდდებიან?

თავისუფლების მშვენიერის სხივთ მხურვალება.

როდის დაადნობს დაჟანგებულს დიდ ხნის ბორკილსა.

და ქართველობა სიქადულად როდის ექნება.

ქვეყნის წინაშე ყოველ ქართვლის ერთგულსა შვილსა?

 

XXV.

 

ამ დროს ქუხილმა დაიგრიალა,

გრგვინვა დაიწყო მისმა ხმამ მთებში,

ცაზედ ელვამა გაიპკრიალა.

და გაანათა მდინარე ხევში.

ცას გადაედვნენ შავნი ღრუბელნი,

ნისლში შთაცვივდნენ მთანი და ველნი;

ქარმა დაჰღმუვა ხევ-ხუვსა, მთებსა,

ბუქი სვეტსავით აატრიალა,

 

რისხვითა ჰგლეჯდა კლდესა და ღრესა,

ზვავმაც მაღლიდამ დაიგრიალა,

და მყის ბუნების მშვიდი დუმილი.

ბნელ ჯოჯოხეთად გადიქცეოდა,

წყალი და ცეცხლი, მეხი, ქუხილი.

ერთმანეთშია აირეოდა.

მაშინ შევხედე მყინვარსა მძლავრსა...

დიდხანს ვეძებდი იქ მოხუცს კაცსა,

მაგრამ შავისა ღრუბლისა სისქეს.

ვერ გაატანა თვალმა უძლურმა...

 ნუთუ გათავდა ამით ხილვა ეს!, 

შემომტირა მე მწუხარე გულმა.

მცირეს ხანს შემდეგ გადიწმინდა ცა,

გამოიღიმა ნათლად მთამაცა,

და მზისა სხივით გაბრწყინვებული.

კვლავ დავინახე მოხუცებული.

ცისკენ აღეპყრნა თრთოლითა ხელნი.

და მოედრიკნა მუხლნი ძლიერნი...

თურმე მოხუცი ის ჰლოცულობდა.

და ღმერთსა ესრეთ ევედრებოდა:

 

XXVI.

 

 დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია...

შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;

საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,

ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!

რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,

მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,

სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა,

მამა-პაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.

ძლიერო ღმერთო! შენთვის ბრძოდნენ ქართვლისა ძენი,

დასაბამითვე არ იციან – რა არს მშვიდობა,

იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი,

თუ რამ შეგცოდეს, – შეისყიდეს ტანჯვით შენდობა.

მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული.

და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!..

ჰოი, სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა,

რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!..

 

XXVII.

 

მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა.

შვიდფეროვანი სარტყელი ცისა.

და გადეფინა ჩემს ქვეყანასა.

მახარობელად ტკბილ იმედისა.

ამენთო გრძნობა მადლითა ცეცხლებრ,

ერთს ფიქრს მიეცა გულისთქმა ყველა,

და მაშინ ვიგრძენ, რომ მშვენი მისებრ.

ჯერ არ მენახა მე ცისარტყელა.

 

26 იანვარი, 1859 წ. [პეტერბურგი].

(ბოლო რედაქცია 1872 წ.).

 

 

განდეგილი

ლეგენდა

 

(ვუძღვნი ოლღა ჭავჭავაძისას).

 

I.

 

სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა.

ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან,

სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი,

მზისგან აროდეს არა დნებიან,

სად უდაბურსა მას მყუდროებას.

კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია,

სად მეუფება ჭექა-ქუხილსა,

ყინულს და ქართა მხოლოდ ჰშთენია,

უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა.

გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი.

და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს.

ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი.

ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს.

იმ წმინდანთ სადგურს ყინულის ზღუდე,

და ზედ კარია გამოკვეთილი,

ვით კლდის ნაპრალზედ არწივის ბუდე.

ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვი.

ზედა ჰკიდია თურმე იმ კარსა,

და თუ არ ჯაჭვით, სხვაფრივ ვერა გზით.

ვერ ძალუძს ასვლა ვერარა კაცსა.

 

II.

 

აქა ყოფილა უწინ კრებული.

ღვთისთვის ქვეყნიდამ განდეგილ ძმათა.

და მყინვარს ამას უდაბნოს თურმე.

ისმოდა ქება წმიდა-წმიდათა.

აქა გამდგარან, განშორებიან.

ამ წუთისოფლის სამაცდუროსა,

აქ ჰღირსებიან მართალთა თანა.

სავანესა მას საუკუნოსა.

გასულან ამა ქვეყნით მამანი.

და ტაძარი ღვთის გაუქმებულა...

იმათის ღვაწლით ამ ტაძრის მადლი.

მთიულთა შორის ყველგან განთქუმლა.

და ის ადგილი, ის არე-მარე.

ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა,

რომ ნასროლს ნადირს, მუნ შეფარებულს,

მონადირეც კი ვერ ახლებს ხელსა.

თუ არ ღვთის ღირსი, სხვა ვერვინ თურმე.

ამ წმინდა ადგილთ ვერ შეეხება,

და თუ შეჰბედავს, მსწრაფლ რისხვა ღვთისა.

ჭექა-ქუხილით მოევლინება.

 

III.

 

ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულს.

მეუდაბნოე შეჰკედლებია;

საიქიოსთვის ეს სააქაო.

დაუთმია და განშორებია.

განშორებია ვით ცოდვის სადგურს,

ვით სამეუფოს ბოროტისასა,

სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს.

განსაცდელსა მას ეშმაკისასა;

სად ცოდვა კაცსა სდევნის დღე-და-ღამ,

ვითა მპარავი და მტაცებელი;

სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად,

 

მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი;

სად რყვნა, წაწყმედა და ღალატია,

სადაც ძმა ჰხარბობს სისხლსა ძმისასა,

სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის.

წმინდა სიყვარულს მოყვასისასა.

განშორებია ამ წუთისოფელს,

სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა,

სად თვით სიტურფე და სათნოება.

ეშმაკის მახე და ცდუნებაა.

 

IV.

 

განდეგილა და ამ ყინულებში.

სულ მარტოდ-მარტო დაყუდებულა.

და გვამი მისი ცოდვილთ ფიქრთაგან.

იმ დღიდგან აღარ შეძრწუნებულა.

განუდევნია გულიდამ ყველა.

მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი,

რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა.

სულით განწმენდილ და განბანილი.

დღე-და-ღამ ლოცვით, გოდებით, გვემით.

ხორცი სულისთვის უწამებია,

და ვით ჭურჭელი იგი წყმედილი .

ცრემლით ურეცხავს, უსოვლებია.

დღე-და-ღამ სულთქმა და ღაღადება.

მოჰფენია კლდეს ყინულისასა,

და არ შემწყდარა მუნ ლოცვის ცრემლი,

ვითა ღელესა მას გლოვისასა.

განყენებული წუთისოფლისგან.

აქ სული მისი აღყვავებულა,

და ხორციელი გულისთქმა ყველა.

დამარხულა და განსვენებულა.

 

V.

 

არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანს.

სულის სიმაღლე ზედ დასჩენოდა,

ზედ ეტყობოდა, რომ სული მისი.

სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა.

სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი.

სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა,

და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,

შარავანდედი გადაჰფენოდა.

მისთა მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება.

ესოდენ იყო წყნარი და ტკბილი,

თითქო მათ-შიგან ჩასახებულა.

თვით სათნოება, კდემით მოსილი;

თითქო ნელისა სიხარულითა.

სამოთხის ღია კარს შეჰხარიან.

და სულთან ერთად უფლისა მიმართ.

სასოებითა მიისწრაფიან.

ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურ-ქმნილი.

ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს,

მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა.

ძლევით-მოსილსა და განდიდებულს.

 

VI.

 

წამება მისი ღმერთს შეუწირავს,

ვედრება მისი ღმერთს უსმენია,

და სასწაული ნიშნად მადლისა.

მღაღადებელზედ მოუვლენია.

ბნელსა სენაკსა, სად იგი მდგარა,

ჰქონია მზის მხრივ ერთი სარკმელი,

და მუნით თურმე გადმოდენილა.

შუქი მზისა და მთავრის ნათელი.

 

ოდეს უდაბნოს გასწვრივ მთის წვერზედ.

მზე სხივგაფენით ამოვიდოდა,

იმ სარკმლით სხივი მისი სენაკში.

სვეტად ბრწყინვალედ ჩაეშვებოდა.

როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე.

თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,

და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი.

უფლის ბრძანებით ზედ შეირჩენდა.

ეგრე ვიდოდნენ დღენი და წელნი,

ეგრე უბიწოდ იგი სცხოვრობდა...

და თვის სიწმინდეს ყოველდღე თურმე.

ამ სასწაულით შეიმოწმებდა.

 

VII.

 

ერთხელ, საღამოს, ლოცვით დაღლილი.

გადმომდგარიყო ზღუდის კარებსა.

და დაფიქრებით გადმოჰყურებდა.

მწვანით დაფენილს მთისა კალთებსა.

მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად.

მთისა გადაღმა არ დასულიყო.

და მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი,

ირგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო.

ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი,

წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა,

და განმსჭვალული მისით ღრუბელი.

შორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა.

ამა უბიწო დიადის ხილვით.

წარტყვევნილ იქმნა განყენებული.

და ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას.

შესცქერდა მზესა განცვიფრებული.

უეცრად ასტყდა რამ ნიავ-ქარი,

დაჰბერა კლდეთა, ნაპრალთ და მღვიმეთ,

და მყინვარიდამ ვითა ვეშაპი.

შავი ღრუბელი დაიძრა მძიმეთ.

 

VIII.

 

დაიძრა მძლავრი, უზარმაზარი,

ცაზედ განერთხო და გაიშალა,

და იქ, თითქო მტერს შეეჯახაო,

ჭექა-ქუხილით დაიგრიალა.

შეირყა მთელი ცა და ქვეყანა.

იმა ჭექით და იმა ქუხილით,

ცა აირია, დაბნელდა უცებ.

და წამოვიდა სეტყვა შხუილით.

ქუხვა და ჭექა, ელვა და სეტყვა,

არევ-დარევით ღრუბლების სრბოლა,

ქართა, აწ გრიგლად რადმე ქცეულთა,

ზარით და ზათქით კლდეებში ქროლა,

ესე ყოველნი, ერთად რეულნი,

ჰგვანდნენ ცით ვლენილს რისხვას ღვთისასა,

თითქო ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილს.

დღეს მას საშინელს განკითხვისასა.

ამ დროს ის მწირი სენაკში იყო,

ცრემლით ალტობდა ღვთის-მშობლის ხატსა.

და ხელაპყრობით ევედრებოდა.

წარწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა.

 

IX.

 

უცებ მოესმა რაღაც კაცის ხმა...

ეოცა ეს ხმა უჩვევი მწირსა.

ყური ათხოვა –და თითქო ვიღაც.

 

ჰკივის, იძახის ზღუდისა ძირსა.

ეცა მსწრაფლ კარებს და გადიხედა...

ვიღაც კარის ჯაჭვს ზედ მოსდგომოდა,

და ვით ყრმა ვინმე, ღაღადების ხმით,

შესაფარებელს ბინას ითხოვდა.

თუ ძეა კაცის, რამ მოიყვანა.

ამ დროს, ამ ღამეს ქვეყნისა რღვნისას?

მხეციც, ნადირიც თვის ბუდეში ჰძრწის.

მორიდებული ამ რისხვას ღვთისას!

ჰკითხა, – ვინა ხარ? კაცი, თუ მავნე,

აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან? –

კაცი ვარ, კაცი!.. მომეცი ბინა,

მიხსენ, ღვთის მადლსა, სიკვდილისაგან.

ვერ ჰხედავ, ლამის ცა ჩამოიქცეს.

და ზედ დაეცეს დედამიწასა?

რა დროს კითხვაა? შემიბრალე მე.

და ნუ დამიჭერ ჭერსა, ბინასა .

 

X.

– მართალი სთქვი შენ... თუ ხარ ძე კაცის,

ცოდვაა გარეთ დაგტოვო ამ დროს;

თუ მაცდური ხარ, სჩანს ღმერთს სწადიან.

მწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს.

ამოვედ, ვინც ხარ!.. იყავნ ნება ღვთის!..

ხელი ჩაავლე ემაგ რკინის ჯაჭვს,

ნუ შეშინდები... კიბეა იგი.

და ზედ რგოლები საფეხურად აქვს .

და იმ ბნელაში იგი წვალებით.

ავიდა მაღლა იმა ჯაჭვითა.

მუნ დახვდა მწირი... რაა? ვინ არის?

ვერ გაარჩია სიწყვდიადითა.

– გამომყევ, ვინც ხარ! ბინას მოგცემ შენ,

გაგიზიარებ ჩემსა სენაკსა...

სახლი ღვთისაა...შენც შეგივრდომებს,

შენებრ მახვეწარს მრავალსაც სხვასა .

წაუძღვა წინ და შევიდნენ სენაკს...

იქ უფრო, ვიდრე გარეთ ბნელოდა,

მხოლოდ კი ერთგან ღველფად ქცეული.

ცეცხლი ჩამქრალი ფერფლ-ქვეშე ჰჩნდოდა.

 

XI.

 

რა დედა-ღვთისამ სენაკს შეუშვა.

და არ შერისხა იგი მოსული,

გულში სთქვა მწირმა: ძეა კაცისა.

და არა მავნე, ბოროტი სული.

სტუმარი იგი დანაცრულს ცეცხლსა.

ფიცხლავ მივარდა დამზრალი, სველი,

ღველფი გაქექა, ჩაჯდა ცეცხლა-პირს.

და გაიწოდა სათბუნად ხელი.

– უჰ, უჰ, რა ცივა!.. – სთქვა მან სტუმარმან:

ლამის გავშეშდე სიცივისაგან!..

მწირს ხმა ეოცა... ქალის ხმას ჰგვანდა...

შეკრთა, შეშინდა ამა ხმისაგან.

ნუთუ აწ ბედმა ქალის სახითა.

განსაცდელი რამ მას მოუვლინა?

და ვითა ელვამ, ამისმა ფიქრმა.

გულში ზარცემით მწირს გაურბინა.

მაგრამ იქნება ბედმა ეგე ჰქმნა.

 

მისდა საცდელად თვით უფლის ნებით!..

და კისრად იდო, ვით ნება ღვთისა,

სასოებით და გულდამშვიდებით.

 

XII.

 

–შეშა არა გაქვს? – ჰკითხა სტუმარმა:

მოიტა ცეცხლი ავანთო ერთი,

ხვალ თუნდა მთელ ზურგს მე ამოგიტან,

ოღონდ დღეს გავთბე, შენ შენი ღმერთი .

მეუდაბნოემ იქავ კუთხიდამ.

მოზიდა შეშა, ცეცხლი აანთო.

რა გაძლიერდა, ცეცხლისა შუქმა.

ბნელი სენაკი სინათლით მორთო.

ხოლო რა შუქი იმა ცეცხლისა.

სტუმარს იქ მჯდომელს ზედ მიეფინა,

გასაოცარი რაღაც შვენება.

განდეგილს თვალწინ წარმოედგინა:

ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით,

სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით,

ნაზად, ამაყად ცეცხლის პირს იჯდა,

ვით მინდვრის შველი ყელმოღერებით.

ეშხითა მფრქვევსა მის შავსა თვალებს.

თვით ცეცხლი სითბოს ეცილებოდა,

მის ელფერთაგან თვით ცეცხლის შუქი,

ვითა ძლეული, უკუ-ჰკრთებოდა.

 

XIII.

 

თვით მადლს ტრფობისას რომ მოესურვოს.

ხორცსხმულად ვლენა ოდესმე ქვეყნად,

უკეთესს სახეს ვერ ინატრებდა.

თავის სიცოცხლის გამომსახველად.

მაშინაც ვინ სთქვას, – ვინ ვის აშვენებს,

მადლი ამ სახეს, თუ სახე მადლსა!..

თვით შური, მტრობა ვერ უპოვიდა.

ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა.

მის თვალთა ელვით, ღაწვთა შუქფენით,

გულ-მკერდის რხევით ვინ არ ათრთოლდეს!..

დახე მის ტუჩთა!.. თითქო თვით ტრფობას.

თვის ნაზი კოცნა ზედ დარჩენოდეს.

ვის არ მოიმხრობს, მოინადირებს.

ყოვლად ძლიერი მშვენიერება!..

თქმულა – მხეციც კი გააფთრებული.

მის წინ დატკბება და დაწყნარდება.

და დაუწყნარდა ძალს შვენებისას.

იგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი,

და უცოდველის გულის-ტკივილით.

ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი.

 

XIV.

 

ბოლოს ჰკითხა მან:  – ვინა ხარ, შვილო?

ამ უდაბნოში რამ მოგიყვანა?

მერე ამ დროსა, როს ავდრისაგან.

ლამის წაირღვნას მთელი ქვეყანა?

–მწყემსი ქალი ვარ... აქ მთის კალთებზედ.

ცხვარს ვაძოვებდი მამი-ჩემისას,

ბალახმა ცხვარი ამოიტყუა.

და მეც ამოვყევ ფარასა ცხვრისას.

ლამაზი იყო ამ დღის საღამო,

რა-რიგ ჰშვენოდა მზე დამავალი!

შევხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა,

გავშტერდი ვეღარ მოვსხლიტე თვალი.

ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული.

მთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდა.

და საკვირველი ის სანახავი.

თვალთანა ერთად გულსა მტაცებდა.

სულ დამავიწყდა მამის ნათქვამი:

ნუ ენდობიო, შვილო, ამ მყინვარს,

ნახავ, მზე ადგას, უცებ გაწყრება.

და წამოხეთქავს ციდამ ნიაღვარს.

 

XV.

 

მაგრამ რას იზამ? მოდი, გულს უთხარ,

კარგ სანახავზე ნუ ხარ-თქო ხარბი!..

მე იქ გავერთვი... მყინვარმა თურმე.

უცებ შეიკრა მრისხანედ წარბი.

ცა მოიღრუბლა, წამს ჩამობნელდა,

მთიდამა ცივი ავარდა ქარი,

მოვინდომე ცხვრის გამობრუნება,

გვიანღა იყო, ვერ მოვასწარი.

უცებ შემემთხვა იქავ ავდარი,

სეტყვა ტყვიასებ წამოუშინა,

ცხვარი გამიფრთხო, ვერ მივეშველე,

ბნელაში ფეხიც ვერ წავდგი წინა.

მართლა, უნდობი ყოფილა ეს მთა!

უცებ სცოდნია ჩამობნელება,

უცებ სამოთხეს ჯოჯოხეთად ჰქმნის,

უცებ გიტკბობს და უცებ აფთრდება.

ვიშ!.. რად გავტეხე მამის ნათქვამი!..

ახია ჩემზედ, რაც დამემართა!

მამის ურჩსაო, გამიგონია,

გზა თურმე არსად არ წარემართა.

 

XVI.

 

დავღუპე ცხვარი მე მამის ურჩმა,

მე გავცემ პასუხს, ჩემი ბრალია!..

მაგრამ შენვე სთქვი: განა წაუხვალ,

რაც ფათერაკად მოსავალია?

თითონ ცხვარს მაშინ როდი ვჩიოდი,

მე მამა-ჩემი მებრალებოდა,

მამის-ერთა ვარ, მამას ვუყვარვარ,

ვწუხდი, რომ ჩემთვის შეწუხდებოდა.

ცხვარი დავღუპე, – ეგ ერთად-ერთი.

მამის სარჩო და საბადებელი,

მაგრამ წარბსაც კი არ შეიხრიდა,

ოღონდ ვენახე მე უვნებელი.

ვიდექ სეტყვის ქვეშ ბნელაში სერზედ...

ცა ქვეყნის დანთქმას თითქო ჰლამობდა,

ჰჭექდა და ჰქუხდა... და ჩემთა ფეხ-ქვეშ.

თითონ მთის ძირიც იძროდა, ძრწოდა.

რა მექმნა ბეჩავს!.. საბრალო თავი.

სად შემეფარა, გადამერჩინა?

ვსთქვი, – აქავ დავრჩე და ბედს მივენდო,

თუ გავბედო და წავიდე შინა?

 

XVII.

 

დავრჩენილაყავ, მერე ვინ იცის,

გავაღწევდი-ღა ამ ღამეს ბედშავს?..

წავსულიყავ და იმ ბნელაშია.

კლდე-ღრეში სადმე ჩავიჩეხდი თავს...

მაინც გავბედე შინისკენ წასვლა,

ვსთქვი, რაც მომივა, დე მომივიდეს!

თურმე ნუ იტყვი, გზა ამრევია.

და მოვსდგომივარ მონასტრის ზღუდეს.

ჯაჭვს ზედ წავაწყდი... და მაშინ მივხვდი,

რომ აქ მყინვარის მონასტერია,

ისიც ვიცოდი მამი-ჩემისგან,

რომ მონასტერში ვიღაც ბერია.

გახარებული გეძახდი დიდ ხანს,

შენც კი კარგა ხანს მე ხმა არ გამე...

ვსთქვი,– ვაიმე თუ ვერ გავაგონო.

და აქ მომიხდეს ვათიო ღამე!..

მაგრამ მიბრალა ჩემმა გამჩენმა.

და შენამდე ხმა ამოვაწვდინე...

სხვა ხომ შენც იცი... ღმერთმა გარჩინოს,

როგორც შენ მე დღეს გადამარჩინე .

 

XVIII.

 

–მე ნუ მიმადლი, შვილო, შენს დახსნას,

ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი...

ღვთით არ-განწირულს ყველგან წინ უძღვის.

მისი მარჯვენა შემწყნარებელი .

–შენ კი ეშმაკი, მგონი, გეგონე .

–ნუ მიწყენ, შვილო, და ნურცა გიკვირს!..

შენვე სთქვი, სხვა ვინ მოხედავს ქვეყნით.

ერთს დავიწყებულს და განდეგილს მწირს!

–განა ქვეყნადა შენ არავინ გყავს,

ან ძმა, ანუ და, ან ნათესავი?

–მყვანდნენ... და ყველას გამოვეთხოვე,

აქ მოველ და ღმერთს შევწირე თავი .

–მას აქეთ ბევრი წელიწადია?

–არ ვიცი . – როგორ?  – არ ვთვლი წელთა-სვლას,

მოვშორდი, შვილო , წუთის-სოფელსა.

და რაღას ვაქნევ იმის ჟამთა-ცვლას!

–მოშორდი და აქ სულ მარტოკა ხარ?

– ეგეთი არის, სჩანს, ნება ღვთისა ...

– როგორ თუ ღვთისა? ღმერთს რაში უნდა.

ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?

 

XIX.

 

ღმერთო ნუ მიწყენ, ნურც შენ გამკიცხავ.

მე უმეცარსა მეტის თქმისთვისა...

როცა აქ ცხვარი მიძოვებია.

და შემიხედავს მყინვარისთვისა,

მომგონებია მამის ნათქვამი,

იქ, ყინულებში კაცი სცხოვრობსო,

სულისთვის ხორცი გაუწირნია,

უწუთისოფლოდ მარტოდა სძლებსო,

გამკვირვებია მე ეს ამბავი!..

მითქვამს: იქ ყოფნა რას არგებს სულსა?

განა სწყინს ღმერთს, რომ კაცი შეჰხარის.

ქვეყანას, ღვთითვე დაბადებულსა?

ვფიქრობდი: ნეტა მაშ რისთვის მორთო.

ესე ლამაზად წუთის-სოფელი?

განა მისთვის, რომ ადამიანმა.

შეაჩვენოს და აიღოს ხელი?

ყველაფერს უნდა გამოვეთხოვო,

ჩემს ტოლს და სწორსა, ლხინს და სიხარულს?!.

 

ღმერთო, ნუ მიწყენ... ვერ ვიზამ მაგას!

ადრე და მალე ვერ მოვიკლავ გულს!..

 

XX.

 

ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ!

მერე იცი კი რა-რიგ ტკბილია!

აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცხლე,

აქ ჭირია და იქ კი ლხინია.

ნუთუ თვისტომი, ტოლი და სწორი.

ყველა გულიდამ ამოგიღია?

ნუთუ ნაღველი, დარდი და ჯავრი.

თან არავისი წამოგიღია,

არ გაგონდება არც მამა, დედა,

ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი?

ნუთუ მის-დღეში არა გყოლია.

მოკეთე, გულის შემატკივარი?!

როგორ მოშორდი?..  – რა გითხრა შვილო?

ყველაზე უფრო სული ტკბილია,

იგი ტყვე არის წუთის-სოფლისა.

და ეგ ყოველი მის ბორკილია .

– მაშ ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყდებით,

ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?

– ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა.

ესეთი მერგო მე... უბედურსა...

 

XXI.

 

უბედურსაო ?!. და მწირსა უცებ.

გულს ელდა ეცა ამ სიტყვის თქმაზედ...

ესეთი სიტყვა ხომ ჩივილია,

და ვით მოადგა იგი ენაზედ?

უბედურსაო ?!. ეგ ხომ სიტყვაა.

გულის-ტკენის და სამდურავისა!

ეგ ხომ სულთქმაა, აღმოკვნესაა.

ბედნიერების დამკარგავისა!..

მან რა დაჰკარგა?.. ნუთუ არ ჰყოფნის,

რომ მან დასძლია საწუთროება,

განდგა მისგან და აქ მოიპოვა.

სულის მშვიდობა და მყუდროება?

ნუთუ დაკარგვად აწ მიიჩნია.

დამარხვა ხორცის, გულთქმის ვნებისა,

და არა ჰკმარის, რომ სულს დაუდგა.

წმინდა საყდარი უკვდავებისა?

რა დაემართა? რა მოუვიდა?

ნუთუ უჩივის აწ იგი ბედსა?

ნუთუ აწ ჰნანობს ქვეყნის დათმობას.

და მუნათს რასმე სდებს შემოქმედსა?

 

XXII.

 

არ შეჰკადრებს ღმერთს იგი სამდურავს!

არ გასწირავს სულს შევედრებულსა!

ვით არ იკმარებს ღვთისა კურთხევას,

მასზედ გულუხვად მომადლებულსა!..

არა და არა!.. მაშ რამან სძლია.

და ეს სიტყვა რამ ამოაკვნესა?

მიმოიხედა თვის გარს საბრალომ,

თითქო მტერს ეძებს შემაცდენელსა.

არავინ იყო... ხოლო ცეცხლა-პირს.

ქალს დაღალულსა მისძინებოდა,

და ცეცხლის შუქი მის ტურფა სახეს,

ვით საყვარელსა, ზედ დაჰხაროდა.

საოცარ იყო მიძინებული.

იგი სიტურფე, იგი შვენება!..

 

თითქო მის შექმნას ერთად ცდილანო.

თვით სიყვარული და ნეტარება.

თითქო თვით მადლსა შვენებისასა.

თვისი საუნჯე აქ დაჰბნევია.

და ეშხსა, ვითა იადონს ვარდზედ,

სული მის ღაწვზედ დაულევია.

 

XXIII.

 

და რა იხილა კვლავ იგი მწირმა,

დაუცხრა სული აქოთებული.

და რაღაც ძალით ქალზე კვლავ დარჩა.

თვალი ტყვექმნილი, გაშტერებული.

რად შეემსჭვალა თვალი ამ სახეს?

ის სახე ატკბობს, თუ ეოცება?

მორიდება ჰსურს და ნეტა თვალი.

რად ეურჩება და არ ჰნებდება?!

დიდ-ხანს დასცქერდა... ნეტა რა სხივი.

გულს ჩაეფინა ნელი და თბილი!..

ჰძრწის, მაგრამ იგი ძრწოლა რად არის.

ესოდენ ამო, ესოდენ ტკბილი!

აქამდისაც ხომ გული უძგერდა...

ეხლა სულ სხვაა მის გულის ძგერა!..

ეხლა მის გული თითქო ებანს სცემს.

და ისმის ჩუმი ებნის სიმთ ჟღერა.

როგორ იწამოს და რა დაარქვას.

ამ ჯერ არ ცნობილს სიტკბოებასა?

თუ ცოდვა არის, ეგრე რადა ჰგავს.

სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა?

 

XXIV.

 

ფეხი წინ წადგა... არ იცის კი რად?

ქალს კვლავ ეძინა ნეტარის ძილით,

ძილში ჩაყოლილს ფიქრს, თუ ოცნებას.

ბაგე გაეპო ლაღის ღიმილით.

იმა ღიმილის გრძნეული ჯადო.

ზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდა.

და იმა წვევის მაცდურებასა.

ზე-არსთა ძალიც ვერ გაუძლებდა...

და ვერ გაუძლო საწყალმა მწირმაც...

და დაიხარა თავი თუ არა,

უცებ გაშეშდა... ეჰა, წაწყმედავ,

ეს რა სურვილი გულს გაიტარა!..

ნუთუ იძლია? არა და არა!..

მის სასოება არ დაუძლურდეს.

და რაცა სწყურდა აქამდე მის სულს,

იგივე უნდა ბოლომდე სწყურდეს!..

არა და არა!.. არ აიყრის მადლს,

და სულს, ღვთისაგან უკვე მიჩნეულს,

არ ანაცვალებს და არ დაუთმობს.

ხორცს, ესდენ ღვაწლით და ტანჯვით ძლეულს!

XXV.

მაგრამ ეს რაა?.. წაწყმდი თუ არა !

ეს ვინ ჩასძახის ნიშნ-გებით ყურში!

დაგძლიე თუ არ!..  ეს ვინ გაჰკივის.

გახარებული იმის მკვდარ გულში!

ეს რა ჰხარხარებს! ეს რა დასცინის!

ეს რა ხმა ისმის მის გარს ლხენისა!

მართლა ეგრეა, თუ ყველა ესე.

მხოლოდ ცდომაა ყურთა სმენისა!..

და შიშით, ზარით გარს მოიხედა...

 

კვლავ არვინ იყო... ქალს კვლავ ეძინა...

იდგა და უცებ ძრწოლით, კანკალით.

პირქვე დაემხო ღვთის-მშობლის წინა.

მით რა ეშველა?... იგივ ქენჯნაა,

იგივე ძრწოლა, შიში და ზარი!

რად არ დადგება, რად არა სცხრება.

იგი ნიშნ-გების წყეულთ ხარხარი!

სული გულს იწვევს ღვთისა ვედრებად,

გული სხვას ამბობს, არა ჰნებდება...

ნუთუ ღვთის-მშობლის საფარველ-ქვეშეც.

წყეული ხორცი არ დაწყნარდება!..

 

XXVI.

ზე აიხედა... დედა-ღვთის ხატსა.

მავედრებელი შეჰმართა თვალი...

და ვაი, წმინდა ღვთის-მშობლის ნაცვლად,

თვალთ-წინ დაუდგა იგივე ქალი!

ეს რა ეწვია? ამას რას ხედავს?

ცხადია იგი, თუ აჩრდილია?

ნუთუ მის ცოდვით თვით წმინდა ხატი.

ამ ცოდვილ სახედ გარდაქმნილია?

ნუთუ აწ ღმერთი ღირსად არ ჰხადის,

რომ დედა-ღვთისა კვლავ ინახულოს.

და მის შეწევნით მისვე წინაშე.

ხორცზედ კვლავ ძლევა ისასწაულოს?..

პირჯვარი უნდა – ხელი არ ერჩის,

ლოცვის თქმა უნდა – ენა ებმება,

ხატის ხილვა სწყურს და იგივ... იგივ...

ქალი წყეული თვალთ ელანდება!

აბა სძლიეო!..  და კვლავ ვიღაცამ.

გაიხარხარა იმის სენაკში...

აწ იმა ხარხარს ვეღარ გაუძლო.

და როგორც გიჟი გავარდა კარში.

 

XXVII.

 

რიჟრაჟი იყო და თენდებოდა,

გადაყრილიყო ციდამ ღრუბელი,

და დაწყნარებულს წუთის-სოფელსა.

დილის ნიავი დაჰქროდა ნელი.

ეს ვინ ჰრბის, დაძრწის? ეს ვინ ჰტანტალებს.

იმ კლდეებშია თმააბურძგნული?

ნუთუ მწირია?.. იგია, იგი,

ვითა სიკვდილი გაფითრებული.

აჰა მოვარდა, ზღუდის პირს დადგა.

და მწყურვალებით უცქერს მთის წვერსა,

თითქო იქიდამ გამოელისო.

თვის უკანასკნელს ნუგეშს და ბედსა.

მზის ამოსვლასა ელოდებოდა...

რად არ ამოდის? რად გვიანდება?

დღემდე თვით ჟამი არარა იყო,

და ეხლა წუთიც რად უძნელდება?..

ამოვიდა მზეც... მსწრაფლ უკუ-იქცა,

შევარდა სენაკს გახარებული,

და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტად.

ჰნახა სარკმლიდამ გადმოშვებული.

 

XXVIII.

 

გულზედ მოეშო... კვლავ სასოებით.

დედა-ღვთისასა მიაპყრა თვალი,

კვლავ ჰნახა იგივ ცხოველი ხატი.

მადლით, ნუგეშით გადმომზირალი.

არ შერისხულა, სჩანს ჯერეთ ღვთისგან!..

და ღმერთს მადლობა ცრემლით შესწირა...

მივარდა ლოცვანს, დააყრდო სხივზედ.

და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!..

დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,

გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,

ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა.

და იქავ სხივ-ქვეშ უტევა სული.

 

და იქ, სად წმინდანთ უდიდებიათ.

ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების,

იქ, სად უწირავთ უფლისა მიმართ.

მსხვერპლი ქებისა და ღაღადების,

აწ შორის ნანგრევთ და ნატამალთა.

მარტო ქარიღა დადის და ქშუის,

და გამომფრთხალი ჭექა-ქუხილით.

მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის...

 

6 თებერვალი, 1883წ.

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ჭავჭავაძე ილია / პოეზია. კრებული