ჭალადიდელი გიორგი 

ლექსები

 

სარჩევი:

ქება შრომას

ფ ა ც ხ ა

სიმღერა გარდახვეწილისა

მოგონება

 

 

ქება შრომას

 

ვინც მუდამ მიწასა ჩეჩავს,

ან ჩაქუჩით ქვას ამტვრევს,

ვინც კალოზე პურს ლეწავს

და ლუკმაპურს თავს აჭმევს, -

აფერუმ მისსა შრომას,

ქება იმის ოფლის წვეთს,

ქება მის მუშურსა ხმას

და მის მარტოხელსა ბედს!

ვინც გუთანს მისდევს ოფლით

და მუშურს აღიღინებს,

ვინც ტვირთითა და ოხვრით

ცოლშვილს ძლივსღა აპურებს, -

აფერუმ მისსა შრომას,

ქება იმის ოფლის წვეთს,

ქება მის მუშურსა ხმას,

და მის მარტოხელსა ბედს!

არ დაგავიწყდეთ ისიც,

ვინც ჭკუითა მუშაობს,

მაგრამ სოფლის მუხთლობით

ლუკმაპურსაც ძლივს ჰპოვობს...

აფერუმ ყოველ შრომას,

ქება ყოველს ოფლის წვეთს,

ქება მუშის მუშურს ხმას

და მის მარტოხელსა ბედს

 

 

ფ ა ც ხ ა

 

მიყვარს ფაცხა მე მეგრული,

მთა-კორტოხზე წარმოდგმული,

უფიცრო და უყავარო,

წვრილის წკნელით ჩახლართული!

სახლი მინახავს მორთული,

ჰქონდა “პოლი“ გალაქული,

მაგრამ იმ სახლის მცხოვრები

იყო ტრელი და ორგული.

ჩემ ფაცხაში კი საწყალი

იდგა ერთი დაჩაგრული,

მაგრამ გული იმას ჰქონდა

კეთილი და მასპინძლური.

მიტომ ფაცხა არ მორთული

მიყვარს, მთაზე წარმოდგმული,

უფიცრო და უყავარო,

წვრილის წკნელით ჩახლართული.

ვიცი სახლი ჩინებული,

გამოშალაშინებული,

ეზო, კარი და მიდამო

ირგვლივ შემოკავებული.

იქ ყმაწვილები ჩაცმულნი,

უცხო გვარად მოკაზმულნი, -

იცინოდენ, თამაშობდენ

და იყვენ გახარებულნი...

მაგრამ ფაცხიდან ყმაწვილი

ტიტველა და უფერული.

დედას ხან ეთამაშება,

ხან ჰყავს გულში ჩახუტული.

და ამრიგად გამოზრდილი

პაწაწინა უსუსური;

მამულ-დედულის და შრომის,

მრწამს, დარჩება მოყვარული.

ამიტომაც მიყვარს ფაცხა

ღარიბული, არ მდიდრული,

უფიცრო და უყავარო,

წვრილის წკნელით ჩახლართული.

ჩემ ფაცხაში “პეროჟნები“

არ არის გაკეთებული.

მაგრამ სუფრაზე მწვადი მაქვს,

ცეცხლზე აშიშინებული.

მუდამ მზადა მაქვს ქადური,

რძე, ყველი და ხაჭაპური,

ღვინოცა მაქვს, როგორც არის,

ორი კოკა, ჩვენებური...

და მისი ვარ მეც ერთგული,

მორჩილი და მოყვარული,

მისაც უყვარს ჩვენი ფაცხა, 

წვრილის წკნელით ჩახლარათული

 

 

სიმღერა გარდახვეწილისა

 

ვზივარ მარტო, მოწყენილი,

მსურს ფიქრით ვივსებოდე, -

ამ ჩემს ოთახს, მარტოხელს,

მუდამ არ ვშორდებოდე,

ჩემს სამშობლოს ვიგონებ,

ნახვას ეეღირსებოდე....

ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,

მალმალ გავფრინდებოდე

იქაურსა მწვანეზე

ნეტამც როსმე ვჯდებოდე,

ნორჩ ყვავილსა, ბუჩქებზე

ბავშვურადა ვცელქობდე,

დას ძმურად ხელს ვართმევდე,

ძმებს ყელზე ვეხვევოდე...

ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო:

ნეტამც გავფრინდებოდე!

ჩემს ტოლს, მოძმეს, ამხანაგს

ნუთუ ვაგონდებოდე

იმ დროს, ოდეს მე მარტო

ჯავრით აქ ვხელდებოდე...

ღმერთო, ისე ნუ მომკლავ,

ძმას ძმურად არ ვრგებოდე...

ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,

მათკენ გავფრინდებოდე

ოდეს მამულს, კეთილო,

მარად ვეკარგებოდე,

მომკალ, ნუ გეცოდები, -

არ მსურს გენაღვლებოდე!.

გამაცოცხლე, მანატრე,

თუნდ საფლავში ვდნებოდე,

აყვავებულ სამშობლოს

თუკი მოვესწრებოდე

მოიფიქრე, კეთილო,

თუ ძნელად არ ვცხოვრობდე

მაშინ, ოდეს ტურფასა

აქედან ვეტრფობოდე,

სამძიმოა, მერწმუნე,

თუნდ ეშხით ვივსებოდე...

მაშ, ფრთა მინდა, ფრთა მომეცით,

თქვენსკენ გავფრინდებოდე

 

 

მოგონება

I

მახსოვს, პირველად სასწავლებელში

წასაყვანად რომ მე გამამზადეს.

მაშინ ანბანი მომცეს მე ხელში

და შინაურად მე გამომცადეს.

ჯერ “ანი“ მკითხეს და მერე ნნარინ

მაგრამ ყველაზე ვუთხარ უარი.

რა-კი დარწმუნდნენ არა ვიცოდი.

მაშინ-კი ჩუმად გამიღეს კარი

და მითხრეს: “რადგან აქ არ ისწავლე,

სასწავლებელში წადი, იწვალე,

იქ გაჩვენებენ შენს თვალის სეირს,

თუ ეს სიცელქე არ მოიშალე“

II

ვხედავდი, მინდვრებს რომ ვშორდებოდი,

ნაჩვევ ბაღებსაც ვეთხოვებოდი,

დაღონებული მწარედ ვსტიროდი,

მაგრამ არავის ვებრალებოდი...

მხოლოდ ეს მახსოვს, - გამომყვა დედა

და მითხრა: “შვილო, კმარა, ნუ სტირი,

ვინც სახლში დარჩა, რა გააკეთა,

ვინ მოიშორა თავიდან ჭირი?

გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება,

შრომა და ტანჯვა ნუ გეზარება,

თუ შენი შრომა და შენი ტანჯვა

სამშობლოს რადმე გამოადგება...

III

ეცადე ძლიერ და გქონდეს სმენა, -

კარგია, შვილო, სწავლის შეძენა,

მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე უფრო,

არ დაივიწყო სამშობლო ენა.

მერწმუნე, რომა გამოცდილია.

თუ საძირკველი დანგრეულია,

მაშინ კედლების აშენებისთვის

ყოველი შრომა დაკარგულია

გეზარებოდეს ყველასთან შური

და როცა შეგხვდეს კაცი უძლური,

იცოდე, რომ ის შენი ძმა არი, -

არ დაუკავო ღვინო და პური...

IV

“გიყვარდეს შენი მოძმე კეთილი

და მისთვის მუდამ გეწოდეს გული, -

შენს მოძმეთ შორის და შენს მიწაზე

გერჩიოს იყო შენ დამარხული:

ტანი უსულო და უგრძნობარე

თუ გინდ შინ იყოს და თუნდა გარე,

მაგრამ როგორღაც, დედაშვილობამ,

სანატრელია სამშობლო მხარე“.

V

 

ამ სიტყვებითა დედაც მომშორდა,

და ეს მას აქეთ დამამახსოვნდა, -

რომ ის ამ სიტყვებს გრძნობით ამბობდა,

თვალთაგან ცრემლებს ფრქვევა გაჰქონდა.

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ჭალადიდელი გიორგი / ლექსები