ხმალაძე ეთერ

ლექსები 

 

იმედი გვავალებს

 

შეშლილა, შეშლილა მსოფლიო

ოქროზე, ფულსა და ძალაზე,

ტორტმანობს შურსა და ღალატზე,

უთვალავ ტყვია და წამალზე.

რა წაშლის მსოფლიოს, თუ წაშლის -

უდაბნოდ ქცეული ფიქრები,

ნაღმებით მოხნული მინდვრები

და ეჭვი - ხვალე კი ვიქნებით?

ომების წვიმებით ნაზარდი

შიმშილი, ობლობა, სიკვდილი,

მდინარედ თუ იქცა, სად მიდის

დიდების ცრემლი და ტკივილი?..

ომებმა ჩაძირა კუნძული -

რწმენის და სიკეთის სავანე,

ვიღასთვის ინათოს მნათობმა,

სამზეო თუ იქცა სამარედ?..

....

ახალი გვჭირდება კუნძული,

ვეძებოთ - იმედი გვავალებს.

.....

შეშლილა, შეშლილა მსოფლიო

ოქროზე, ფულსა და ძალაზე.

 

 

რა ვქნა, არ მესმის

 

ჰანგის ციური ნაზავი მხიბლავს,

მომწონს ერთობა ცეკვის და რიტმის,

დავუზაფრივარ სხვის ლექსის რითმას,

როცა ის სევდის აკორდად ისმის.

თეატრში მესმის სპექტაკლის სუნთქვა -

დამდგმელებს ვუწერ თეთრ შურით ქულებს,

პირობითია აქ ცრემლი, თუმცა,

მგონი, სამიზნედ მე შემიგულეს.

......

რა ვქნა, არ მესმის სიძვის თეატრი,

დღეს რომ პლანეტის პროფილად იქცა,

ომის თეატრსაც ვერრა გავუგე -

გულმოდგინედ რომ ნთქავს დედამიწას.

ურცხვობა ირგებს ორივ თეატრში

უცოდველობის ნიღბებს ფასიანს,

და უსირცხვილო თამაშ-თამაშით

კარს გვიტალახებს ჩვენც რა ხანია.

 

 

რა დროს ომია?.

 

დაიწვებოდა სირცხვილისგან ყველა ტომია,

ძველწელთაღრიცხვით მშვილდ-ისრებით რომ უომია,

შენ რად ივიწყებ, რომ მეფობენ მხოლოდ დრონია,

ოცდამეერთე საუკუნევ, რა დროს ომია.

როდემდე ედგათ ბედშავ დედებს ცრემლის გობია,

ან პანაშვიდი ქორწილის წილ - ვისი ჰობია?

სულიერების რად დაგვიდგა ეს აგონია,

ომის გარეშეც ჭირ-ვარამი თავსამხობია,

ოცდამეერთევ, გონს მოეგე, რა დროს ომია.

თუ სათამაშოდ დაითვლება მილიონია,

მშიერი კაცი წმინდანობდეს, არა მგონია;

როცა ამდენი ობლის კვერი დასაცხობია,

ახალ-ახლების შემატება - რაღა გონია,

ოცდამეერთევ, გამოფხიზლდი, რა დროს ომია.

ტყეებს რომ ცეცხლი ემუქრება, ჩასაქრობია,

ბუნების რისხვა - წყალდიდობა დასაცხრომია,

(ომის დროს რაც ქნა, ჯერაც გვახსოვს, არც თუ შორია),

მშვიდობიანიც საფრთხილოა - ეს ატომია;

 

რამდენი სენი და ჩვევა გაქვს დასათმობია,

იქნებ ამისთვის შეგელია შენი ღონია,

საქმეს რა დალევს, საუკუნევ, რა დროს ომია.

როდის ყოფილა ხუთს უდრიდა ორჯერ ორია,

დღეს კაცებს რატომ მოეჭარბათ ქალის როლია?

ჰოი, სირცხვილო, ქალს თუ კდემა არ დაჰყოლია,

და დღეს სიწმინდით თავს იწონებს მხოლოდ ბროლია,

ოცდამეერთევ, შენ დაწმინდო, იქნებ ფონია.

რად შეიცვალა ისტორია დღეს პაროდიად?

სიმართლეს მზაკვრად შეაპარეს ყალბი ტონია,

რაც რამ გადაგვხდა, ხელმეორედ შესაცნობია,

ოცდამეერთე საუკუნევ, იხმე გონია.

მომავლისათვის რომ გამოჰყავთ კაცის კლონია,

ვარსკვლავთ ომებიც გასართობად მოუგონიათ,

უცხო პლანეტამ მათ უშველოს (ჩვენთვის შორია),

დედამიწიდან გაღწევის ფიქრს ვინც შესდგომია;

ვისთვის ღალატი და გაცემა ჯილდოს ტოლია,

და სულის გვემა მათთვის მხოლოდ მონაგონია,

ვისაც თოლია ოცნებაშიც არ გაჰყოლია,

აი, ამათთან გააჩაღე ცივი ომია.

ცის სილაჟვარდეს რომ ამუქებს - ქარხნის ბოლია,

სად ტყვია-წამალს, თოფ-იარაღს ბუდე ჰქონია,

მათ დასახარჯად თუ დაიწყე ისევ ომია,

ოცდამეერთევ, სამართალი არა გქონია.

გახდა ბავშვისთვის იარაღი გასართობია,

აკი, ისვრიან, არ დაინდეს თანატოლია,

ოცდამეერთევ, დასასრული განა შორია,

ახალ ასწლეულს მომდევნო თუ არ მოგყოლია,

ბავშვიც თუ გესვრის  - მაშ, ყოფილხარ ბუტაფორია.

თვალის ჩინი რომ დაგვეკარგა, განა ჭორია?

სულიერების ტაძარი რომ თავს დაგვმხობია,

მისმა აღდგენამ შეგვიწიროს, იქნებ ჯობია?

ოცდამეერთევ, ნათელს ვუხმოთ, რა დროს ომია.

რამდენი რამ გვაქვს სულ ახლიდან მოსაწყობია -

რაც შენმა წინამ ზურგშექცევით ავნო ფოლიანტს;

მგონი, ძალიან დამიმძიმდა ლექსის ტონია,

მაინც ვერა ვთქვი, გულში დარდად, რაც ჩამყოლია,

ერთს ვიტყვი კიდევ - გულს ოცნებით მონაქროლი აქვს -

იქნებ უომრად ჩამოშორდე ცრუ ისტორიას.

ოცდამეერთევ, ნათელს ვუხმოთ, რა დროს ომია.

 

 

ანათოს რისთვის?.

 

მხატვარს ფუნჯი და საღებავი თუ მოენატრა,

მწერალს მკითხველი და გამგები შემოეფანტა,

ბავშვს მშობლის სითბო, მიწას თესლი თუ მოეშალა,

ქალური კდემა, კაცური ზნე თუ წაგვეშალა,

სწავლის მძებნელი თავის მოძღვარს თუკი ასცდება,

და ჩვენებური ადათ-წესი დაგვეკარგება,

თერძს თუ დამკვეთი და მუშტარი შემოაკლდება.

კი, გათენდება, მაგრამ მზემან ანათოს რისთვის?.

 

 

მცირედი შვება

(სატირული ჩანახატი)

 

სათქმელს მოველი, არა და არ ჩანს,

გაქცეულ სიტყვას აბრუნებს სწრაფად,

კაცმა იმდენი ილაპარაკა -

ვიფიქრე, გულს ფხანს ვიღაცას, ალბათ.

ცხრაპირი ოფლი იწმინდა დინჯად,

კმაყოფილია დღეს თავის თავით,

პატრონს არცა რა დარჩება ხინჯად,

შეინარჩუნა ადვილად სკამიც.

ამქარი? ამქარს, იქნებ სულ მალე,

არც მოაგონდეს ნათქვამი მისი,

რადგან წყალნი რომ წამოვლენ-წავლენ,

ადგილი რჩება მხოლოდღა ქვიშის.

კაცს ვერ შეჰბედეს, აი, რა მიკვირს,

მართალი სიტყვა ერთიც ვერ ითქვა,

ფუჭი სიტყვების ძალა და რიხი

ხანდახან, თურმე, ზეობს დუმილთან.

ო, ეს არ იყო ოქროს დუმილი,

ფეშქაში იყო დიდი ტყუილის.

.....

სასაცილოა (სატირალი არ იყოს, ნეტავ.)

ჰოდა, ვიცინოთ, გულს მივაგოთ მცირედი შვება.

 

 

გმირობის მიჯნა

(სატირული ჩანახატი)

 

ცხოვრება თითქოს პაროდიაა,

და ექსპრომტების საასპარეზო,

არტისტები და მაყურებელნი

ერთმანეთს ცვლიან.

ვერვინ დამკვიდრდა აქეთ ან იქით,

(ვინც სცადა, იმან ინანა კიდეც),

სცენაც სჭირდება, როცა თამაშობს

და ავანსცენაც,

მაგრამ ადგილი, ერთი ადგილი,

გულის კარნახით (არც უსაფუძვლოდ)

სავსე დარბაზის ბნელ პარტერშიაც

აქვს დაჯავშნილი.

რადგან მოაღწევს როცა მომენტი,

(ეს სუფლიორიც რომ გადაკარგეს.

მოუხდებოდა ახლა ამ ადგილს.)

ვაითუ, სათქმელი ითქვას ზედმეტი,

რაც არა რჩება შეუმჩნეველი -

მკაცრადაც სჯიან,

მაგრამ თუ დარჩა რამე უთქმელი

(ესეც ჭირია გამოუთქმელი),

თვალის უსწრაფეს ავანსცენიდან

ჩამოხტეს უნდა.

თუ ჩამოხტომა იყო დროული,

დიდხანს დარჩება ის კმაყოფილი,

და დასჭირდება სალტო-(მორალე.)

კვლავ იქ შეხტომას:

იქნებ მთავარ გმირს ქოლგა დასჭირდეს

(ლაბადის კალთა არ დაუსველდეს),

ანდა დასჭირდეს ბორჯომი თუნდაც

(ბოთლს ახდა უნდა).

ვართ ამ შეხტომა-ჩამოხტომაში

ჩასაფრებულნი და გულდაღლილნი,

და გვავიწყდება(აწ, მერამდენედ.)

ცხოვრების დრამის ჭეშმარიტება:

გმირობის მიჯნა, მისი თამასა,

გადაჭიმულა იმდენად მაღლა -

ყველას არ ძალგვიძს მისი დაძლევა

 

(რადგან აქ ვერვინ დაგვეხმარება),

გმირის ზეასვლას ზეცა განაგებს,

ამ დროს სამზეოც სხვა ელფერს იძენს;

ამიტომ იქნებ, უბრალო მოკვდავთ

გვახსოვდეს ერთი -

ვაცალოთ გმირებს.

 

***

ზეცა სიყვარულს ავანსად გვიხდის,

და ვინც გაბედავს, ხარჯოს იოლად,

გვიან რწმუნდება, რომ სიძულვილი

ეშმასთან ერთად გამოიგონა.

ავანსად გვიხდის სიყვარულს ზეცა,

ბევრი წყალს ატანს, ცოტა - იალაღს,

გატანებული ცრემლად ბრუნდება,

გაფრთხილებულს კი ღმერთი ინახავს.

 

 

დავრჩით უფლის ანაბარა

 

შემოდგომის სხივნაკლული

                        მზე და ლეგა ღრუბელი,

გულს დამაწვა კაეშანი,

                        მთებს კი - თოვლის ქუდები.

შემოდგომა - გაზაფხული

                        ზამთრის ხიდით შეკრული,

სამი თვის გადასარბენი

                        მზის და მთვარის ფერხულით.

ჩვენც მივდიოთ მაღალ მნათობთ,

                        მათ გაკვალულ ბილიკებს,

ერთურთს სითბო მივაგებოთ,

                        საგულეს თუ გული ძგერს.

გაზაფხული იმედად გვაქვს,

                        თუმც კი სევდამ იმატა,

დავრჩით უფლის ანაბარა

                        ჭირშია თუ ლხინადა.

 

***

ყველას აქვს თვისი ჩვეული ფონი,

ამპლუაც ძნელად შესაცვლელია,

ვინც ერთხელ კურდლის მოირგო როლი,

მგლობაზე ნუღარც უოცნებია.

 

 

იყო კაცი

(ა.ბ.-ს ხსოვნას)

 

იყო კაცი, დღეს ის კაცი აღარ არის,

დარჩა სევდა, სიბრალული საოცარი,

რადგან კაცი, ის, რომელიც აღარ არის,

გაქრა, როგორც დაუმწვარი სანთლის ალი.

დაასრულა ცხოვრების გზა სანუკვარი,

თან წაიღო ოცნებები აუმხდარი,

დაგვიტოვა სინამდვილის ქარ-ავდარი,

ახლობლები, მეხთაცემით გულდამწვარნი.

არცა ტყვიით, არცა სენით,

არც რაიმე ბრმა შემთხვევით,

ის წავიდა თავის ნებით.

.....

იყო კაცი, დღეს ის კაცი აღარ არის.

......

რად იჩქარა, რატომ გაჰყვა

მოუსვლელში შავ-ბნელ ფიქრებს?..

მისი წასვლის მიზეზთმიზეზს,

ვინმე კიდეც ხვდება, იქნებ.

 

 

სამეგობროში ენდობოდნენ და

ბევრჯერ ჭკუასაც ეკითხებოდნენ,

იცავდა ადათ-წესებს ერთგულად,

ნამუსის ქუდი ვისაც ეხურა.

ჭირ-ლხინში გვერდში დგომა იცოდა,

ქარზე თვის სიტყვას არც როს ისროდა,

თან საკამათოს წყვეტდა მეფურად,

ნამუსის ქუდი ვისაც ეხურა.

დღეს ქუდი არ ჩანს, თავიც სად გაქრა?

დროების ნისლმა ორივე შთანთქა,

ამას ვინ ჩივის - სიყალბის თქეშმა

აკი, მრავალნი აქცია ეშმად.

შეხედავ, კაცს ჰგავს ჩაცმით და სიტყვით,

შეგზარავს მისი საქმე და ფიქრი,

მწარედ გარწმუნებს, რომ სახრე იფნის

როდიღა კმარა სასჯელად მისთვის?.

 

***

რამდენი გზა აქვს წუთისოფელს - დათვლის ვერავინ,

რამდენი მკვეთრი მოსახვევი, ჩიხიც მრავალი,

მწვერვალების თუ უფსკრულების დასალაშქრავი,

ძაფივით წვრილი ბილიკებიც ხდება მთავარი.

 

 

კიდევ ბევრი გაითლება

 

დედამიწას უბან-უბან ჩამოუვლის ქარია,

გადარეკოს ციდან უნდა ღრუბლის ქარავანია.

ალაგ-ალაგ წვიმა ტირის, ეფერება დარია,

სადღაც თოვს და აქ მზის ღიმილს პირიც დაუბანია.

სიტურფეა ვარდობისთვის - გულს წვავს ტრფობის ალია,

ყვავილების სამშვენისით თვალსაც გაუხარია.

ციცინათლებს თავის კვესით აუნთიათ ღამეა,

და ქალ-ვაჟის სილამაზით გაბადრულა მთვარეა.

ღვთით ნაბოძებ სიყვარულსაც ღია დახვდა კარია,

ქორწილების მზადებაა განა ნიავქარია.

.......

თეთრი მერნის ლაგამ-აბჯარს, არ გასვლია ყავლია,

კიდევ ბევრი გაითლება ჩონგური, აკვანია.

 

 

მჯერა

 

სუსხიან ზამთარს გამიფრინდა შორს ჩიტბატონა -

იმედი ჩემი, ყინვისაგან გზააბნეული,

შორეთის გზებმა თუ მოხიბლა და გადაწონა.

ეულად შთენილს უმისობით მიკვნესის გული.

დათოვლილ ხეთა სიქათქათე აღარ მახარებს,

ის ძველი ხიბლი წარუშლიათ თავნება ქარებს,

თვალს რომ მოსწყინდა, ძლივსღა ფეთქავს - გულს

                                                           ისე სცივა,

ამაოდ ეძებს მზის ათინათს ყინულის პირად.

ო, ჩიტბატონავ, ფრთადამზრალიც მჭირდები, იცი,

შენს თავს მახსენებს, არ მავიწყებს სანთლის ლიცლიცი,

ერთურთს ვჭირდებით, გაზაფხული შორია ჯერაც,

ფრთებს გიაქიმებ, ირაოს დრო კვლავ მოვა, მჯერა.

 

 

ჟამი სიცოცხლის

 

ადამიანი ფრთხილად მისდევს გაჭიმულ ბაგირს,

ჟამის სიცოცხლის დაჭიმულა ბაგირზე მეტად,

ზოგს ჭოკით ხელში, ზოგიერთს კი თვინიერ ამის,

სურს ის, ბაგირი გადიაროს იმედთან ერთად.

ღელავს ცალ მხარეს ცდუნების ზღვა ზვირთქაფიანი,

მოვალეობის კლდე-ქარაფი - მეორე მხარეს;

გაჭიმულ ბაგირს ფრთხილად მისდევს ადამიანი.

ნეტავ, რომელი ნახტომისთვის ინახავს ძალებს.

 

 

***

წვიმის ღრუბელი რომც მჩუქნიდეს

ნაბადს თავისას,

მაინც მზის ერთ სხივს დავჯერდები

მშვენად თავისა,

მთელი სამზეო ვინც ჩათვალა

მარტო თავისად,

ვერ გაარკვია: ვის მიენდოს,

დადოს თავი სად?

 

 

ფიქრო, ეულო

 

ფიქრო, ეულო, მოიარე მიწა მზიანი,

იქნებ მოძებნო ბედნიერი ადამიანი,

დაუმარცხებლად გამარჯვებას ვინც ეზიარა,

და შარბათის წილ ვის არ ედგა შხამის ფიალაც.

.....

რომელ გვირგვინით დაუყენა მოშურნეს თვალი?

გარედან დაფნა რომ ყოფილა. შიგნით ეკალი?..

 

 

პოეზიის კოლოსს

 

            «. ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,

            სულით ობლობას კვნესოდა ქნარი».

 

                                               გალაკტიონი

 

საწუთისოფლო ჟამთა რბოლას ფეხს ვერ უწყობდა,

არც ფარისეველთ ვერაგ თამაშს უჩანდა ბოლო,

მარადიულთან განდობილმა ზეცის უწყოდა,

სულს სტიქიონი უღელვებდა მარტოსულ კოლოსს.

ლექსში ეძებდა და ჰპოვებდა შვებას უმეტეს,

ვერვის გაენდო დამეწყრილი გული ეული,

ფრთამოტეხილი დაცემისთვის რომ გაიმეტეს,

მისი არსება ვერ იხილეს მაინც ძლეული.

ოდენ ზეცისკენ მიილტვოდა სული გვემული,

და როდი იყო მიწიერი ტვირთი იოლი?

თვის გაუმხელელ ხვაშიადით დამძიმებული,

ბოჰემის ნისლში სულს ითქვამდა გალაკტიონი.

.......

ჭყვიშში ელოდნენ მონატრებით პოეტს ხეები,

მასაც უყვარდა ალიონზე მათი ფერება,

და ბავშვობიდან თანშეზრდილი ძუძუმტეები

იდუმალ სითბოს უბრუნებდნენ მადლიერებად.

........

რა გამეტებით დაამსხვრია სულის ჭურჭელი,

ტკივილით სავსე, სურვილებით მთლად ცარიელი,

თავად ირჩია უღალატო გამცილებელიც -

გლოვით დაღლილი, განაბული ზღვა ყვავილების.

ელდას იგრძნობდნენ უეჭველად ხენი ვეება -

იდუმალების მოზიარნი იმ ალიონის,

აი, ვის სწამდა ჭეშმარიტად, რომ უკვადვება

დაბადებიდან ხვედრი იყო გალაკტიონის.

.......

ბომონდს უკვირდა (ვაი-ვიში მას არ სჩვევია),

მოთქვამდა ქარი, მთვარე მკრთალი და ორიონი,

ბოლო აკორდად რვეულს რითმა შემორჩენია.

მთაწმინდას შვენის შარავანდი გალაკტიონის.

.......

ნეტავ, თუ დგანან ისევ ხეები,

გალაკტიონის მონაფერები?..

 

 

 

სევდასა და ოცნებას გაუმართავთ მარულა,

პატრონს გამოჰპარვიან -თამაშობენ მალულად.

არასდროს იყრებიან მეგობრები მარადი,

გულშიც არ გაუვლიათ ვერაგობა-ღალატი,

ერთურთს ფარად უდგანან, ჩაუქრობელ იმედით,

 

და პატრონის ფიქრის ზღვას       გარს უვლიან «ლილეთი».

სევდასა და ოცნებას          გაუმართავთ მარულა,

ნეტავ, ვისი არიან? თამაშობენ მალულად.

 

 

იოჰან ბახის ნაგვიანევი აღიარება

 

«ჩემი მუსიკა მსოფლიოს საკუთრებაა».

                        იოჰან სებასტიან ბახი

 

«მე ავასრულე, ანდერძის დარად,

ციდან განგებამ რაც დამიბარა -

გიძღვენით, ღვთიურ ჰანგის ზიარად,

მუსიკა - ჩემი გულის იარა.

ვნებათა ღელვის უღელტეხილნი

დამალაშქვრინა ციდან ელიამ,

სულის მპყრობელი ვნება და ხიბლი

ელვად მინახავს, მეხად მსმენია.

ჩემი ფუგები, პრელუდიები,

ცა-მიწის ექოდ კვლავ იხმიანებს,

და, ვით სიმბოლო უკვდავ ძიების,

თქვენ დაგიტოვეთ - ადამიანებს.

ყოველთვის მწამდა, ჭეშმარიტება

ქვეყნად ამაოდ არ იარება,

გთხოვთ, მომიტევოთ, უმორჩილესად,

ნაგვიანევი აღიარება:

ვუსწრებდი ბევრს და ვჯობნიდი მრავალს,

შური არვისი არ გამყოლია,

დღეს კი თავს ვუხრი ერთადერთს მდაბლად -

ქართულ მუსიკის პოლიფონიას.

.....

გადამიყარა გულიდან სევდა

დროთა კავშირმა შეუცნობელმა».

 

 

მთვარის სონატა

 

«მთვარის სონატა» გაგენდობა მხოლოდ იმ ღამეს,

სავსე მნათობი შენს სარკმელში რომ დაივანებს.

გრძნეულ ბგერათა აჟღერებამ მოგხიბლოს ვინძლო,

და გენიოსი ბეთჰოვენის გულისთქმა იგრძნო,

მუსიკის არსი ძუნწად დათვლის ჯადოსნურ წამებს,

«მთვარის სონატას» თუ დაუკრავ მთვარიან ღამეს.

 

***

ჰანგი აქიმობს სულის იარას,

და მისი ხიბლით წამით ვყუჩდები,

სიმღერის ფრთებმა თუ მოიარა

ოცნების ტურფა ხოდაბუნები.

აშვიდფერადდა ცისარტყელებად

ყოველი ცრემლი მზისსხივნაფერი,

და აღარ მესმის ზღვის ტალღისცემა

ამაოების ტვირთით გათელილს.

 

 

პუშკინის სკვერი

 

აქეთ გამოვლილს მახსენდება, პუშკინის სკვერში

როგორ ისმოდა ჟრიამული და წყლის დგაფუნი,

პაპანაქება ნავარდობდა ოქროსფერებში,

ვერცხლად ბრწყინავდა შადრევანი, მზით გათანგული.

სავსე აუზი, და გარშემო გრილი წყლის რიდე,

ოაზისს ჰგავდა, გადაქარგულს ნატვრის აფრებად,

წყალი სიცილით გადმოსჩქეფდა აუზის კიდეს,

და შადრევანი გაუბედავ ამბორს გვაწვდენდა.

.......

ენთო თაკარა მზის სხივები თბილისის ცაზე,

ხალისს მატებდა სკვერს აუზი - ბავშვებით სავსე.

 

***

ორივე უკან გვიბრუნდება ბუმერანგივით,

ბოროტ-კეთილი (აზრებიც კი) განგების ნებით,

ერთურთისაგან ვერც განასხვავებთ, ხშირად ეს მიკვირს,

მათ შორის ზღვარი რა ღრმა არის, გვიანღა ვხვდებით.

 

 

ღალატი

 

ღალატს აროდეს აკლდა სიმძიმე,

მის ქვეშ ტყდებოდა საწუთროს კიბე,

არ არსებობდა უმისოდ ხანა -

ღალატით ხარობს დღესაც სატანა.

გვახსოვს საწყისი ცოდვა სულისა,

მაგრამ ვუწყით კი დასასრულისა?..

კიდევ რამდენჯერ ადამისა ძეს

თვალით ნანახი სულს აუჯანყებს -

თვით გაიკვირვებს საკუთარ ჩურჩულს,

სიმწარით ნაზავს: «შენც, ჩემო ბრუტუს?.»

.......

განკითხვის ჟამი ყველას მოუწევს,

ნებით ვინც იდგამს ღალატის უღელს.

.......

არის ღალატი მძიმეთგან მძიმე,

რასაც ვერ უძლებს საწუთროს კიბე.

 

***

ჩაქოლილ სულებს თვალები აქვთ

                        ცრემლებით სავსე,

ოღონდ ვერასდროს ვერ ვიხილავთ

                        ამ თვალებს მტირალთ,

გაყინულია რადგან მათში

                        ცრემლი ყოველი,

და ვერ იკმარებს გასალღობად

                        ყველა მზე ერთად.

 

 

ასეც ხდება

 

            «პატიოსან ადამიანებს აქვთ ცუდი

            ჩვეულება: უტიფართა წინაშე თავს ხრიან».

                                                           ბ. ბელინსკი

 

როგორ შემზარა, თუმც თვალიდან

                        ცრემლი ვერ დასძრა,

ბოროტი სიტყვის ქარბორბალამ

                        გაუსაძლისმა,

გადამიარა, მადლობა ღმერთს,

                        ვერ წამაქცია -

თავშეკავება გამომადგა,

                        როგორც თილისმა.

დღემდე ვერ ვხვდები - გული წვალობს

                        გაურკვევლობით,

საკადრის პასუხს მაშინ თავი

                        რად ავარიდე?

ფიქრში მას მერე გაინასკვა

                        სხვა დიალოგი,

რაც არ შემდგარა, მაგრამ მიცავს,

                        ვით მეხამრიდი.

 

 

წუთისოფლის ფარსი

(თანამედროვე იგავი)

 

«მუმლო, ფასკუნჯის ადგილი

საფრენად რისთვის გწადია?»

            სულხან-საბა ორბელიანი

 

ჟამი ნიღბებად ვიდოდა მუდამ.

დღეს მათ სიმრავლეს სხვა განსჯა უნდა.

სად გაქრა სახე ზოგ ნიღბის უკან?

ნიღბის ასლიღა მივიღეთ ხურდად.

და დარჩა კაცი ნიღბის ამარა -

ვეღარ იცნობა - იყო თუ არა.

რასაც მისწვდა და რაც მოეწონა -

სანუკვარ ნიღაბს მოერგო როცა,

ოცნების ფრინველს შესწვდა, ეგონა,

მოიხელთა და. არც გაიოცა.

გულს აღარ ედო მწველი სურვილი,

რომ გამხდარიყო ის, რაც არ იყო,

არჩეულ ნიღაბს მიენდო იგი,

 

თავად კაცი კი - სულ გამქრალიყო.

როცა კილო-ხმა გამოიცვალა,

და თვალის ჩინად ყალბი ირჩია,

გულმა შეჰბედა: «ნუ იზამ მაგას.»

გულსაც ხელი ჰკრა და. მოიცილა.

.....

ასე უგულოდ ვიფარებთ ნიღბებს,

ფარულ შემოქმედს ვაქეზებთ იქნებ;

რა დაუნდობლად შლის ჩვენს სახეებს -

მოგვარგებს ნიღბებს, ფარდას სწევს იქვე;

იწყება ფარსი წუთისოფლისა -

«ვნება ხორცისა, მერმედ სულისა».

 

 

თითქოსდა მესმის წიგნის ქვითინი -

გულდამწვარია დეკორის როლით;

ვისთვისღა ცდილობს გადაშლას იგი,

თარეშის დრო თუ არის დემონის.

ნურც გაგვითენოს განგებამ ის დღე,

სამზერად გვქონდეს უფსკრულის სიღრმე,

და მარგალიტად ვეღარ ვკინძავდეთ

წიგნში გაბნეულ სამყაროს სიბრძნეს.

ნურც დაგვდგომოდეს დრო უარესი -

შურისგებისთვის რომ წვავენ წიგნებს.

 

 

კაცი, კაცმა და ა.შ.

(გრამატიკის გაკვეთილი)

 

თითო-ოროლა კაცი სიმართლის თქმას თუ ბედავს,

თითო-ოროლა კაცმა ვეღარ გაუძლო სევდას;

თითო-ოროლა კაცს თუ შერჩა ნათელი გონი,

თითო-ოროლა კაცის გახდა სამზეო მგონი;

თითო-ოროლა კაცით ვერ დაითვლება ერი,

თითო-ოროლა კაცად ნურც ჩამოფასდეს ბერი;

თითო-ოროლა კაცო, ნუ გმინავ, მზე თუ არ ჩანს.

ყოველი ფესვის ძალით, ყოველი კვირტის ფასად,

იხარებს სიბრძნის ნერგი, იქცევა ერთი ასად.

 

 

წუთისოფლის გზა

 

წუთისოფლის გზა რარიგ გრძელია,

უამრავ სევდა-დარდის მთვლელია,

თუმც სიხარულის მცირედ მტევია,

მაინც არყოფნას ის გვირჩევნია.

ზურგის ქარი თუ გზისა მკვლევია,

შემხვედრ ქარიშხლებს ვინ მორევია?

მწვერვალზე ასვლაც თავბრუსმხვევია,

და «ნათელს მუდამ ახლავს ბნელია».

ჭირთათმენა კი ეგზომ ძნელია,

ოდეს კაცისთვის კაცი მტერია.

........

წუთისოფლის გზა თუმც კი ძნელია -

მოკლე გაცილოთ, გქონდეთ გრძელია.

 

 

ლექსი სულის საუნჯეა,

სამომავლოდ გახარჯული,

იმედების სადღეგრძელოდ

და სიკეთის ქებად თქმული.

ნაცრისფერი სევდის ხნული,

სიტყვა - თესლად ჩაგდებული,

ფიქრი - ფესვად ღრმად წასული,

რითმა - ზეცის საფასური.

 

 

გულგრილობა

(ჩემს შვილიშვილებს)

 

სიკეთის დუშმანს, ყველამ ერთად

                        ზურგი ვაქციოთ,

და უეჭველად დავიხსომოთ

                        ეს სახვალიოდ,

რომ ოდითგანვე გულგრილობა

                        სულის ნაკლია,

 

და ყოველივეს იავარქმნის,

                        რაც გარს გვაკვრია.

თუ მოხდეს, კაცმა ვერ მოგაგოთ

                        მცირე პატივიც,

თავადაც იქნებ გულგრილობით

                        იყოს დაჭრილი.

დიდი დრო კურნავს, თუმც ტკივილებს

                        როდი ავიწყებს,

ადამიანთა გულგრილობით

                        აშლილ ქარიშხლებს.

.....

ღმერთმა გაცილოთ სიყვარულის

                        წილ გულგრილობა.

 

 

კაეშანი

 

«წარმოვიდგენ უფალს

ჩემს პირდაპირ მუდამ».

            ფსალმუნი 16.8

 

დამათენდა ღამე თეთრად,

მარტო ვიყავ მაღალ ღმერთთან,

კაეშანიც მას გავანდე ისევ,

დღევანდელი უკუნეთი

მძიმედ დამაქვს საგულეთი,

და თვალის ჩინს უმწეობა მივსებს.

ნუგეშად მაქვს - თუ რამ ძნელი

დაგვრჩა კიდევ გასავლელი

(იქნებ ერთი მოსახვევი მხოლოდ),

ღვთის წყალობას ველოდები,

ხომ ექნება უღელტეხილს

(უნდა ჰქონდეს მას უთუოდ.)

ნამდვილი ან ლოგიკური ბოლო.

 

 

ფიქრით თუ შევძელ, გითბობდეთ გულებს,

ვიდრე შემრჩება გონი ნათელი,

სიკვდილი როცა მომიკაკუნებს,

გულჯავრიანი აღარ დავხვდები.

და ბოლო წუთსაც თქვენთვის ვილოცებ

ვინძლო არ დამცდეს ჩქამი გოდების;

ცოცხალს ხელს ნუ მკრავს ოღონდ სიცოცხლე,

სიკვდილსაც თმენით დაველოდები.

 

 

მომიტევეთ

 

ამაოდ ბორგავს და მრისხანებს დღეს დედამიწა

სათნოებისგან საბოლოოდ ზურგშექცეული,

წარღვნა-წალეკვით გვემუქრება ტვირთი ცოდვისა,

ღმერთებთან ამდენ სჯა-კამათით დამძიმებული.

ნუთუ დაცხრება ვულკანივით ქვეყნიერება,

ვიდრე სიმშვიდეს არ შეიცნობს კაცი ყოველი,

ვიდრე სიქველე გადიქცევა მათ ჩვეულ ნებად,

სიკეთის წყაროდ რომ მოსჩქეფდეს ავის მგმობელი;

ვიდრე სიმართლე დაამარცხებს ყველა ცრუს ერთად,

ვიდრე კაცისკვლა საუკუნეთ მიღმა დარჩება,

მინდა მჯეროდეს, დაწყნარდება ცოდვის პლანეტა,

და კაცის სულიც, იქნებ, მაშინ გალამაზდება.

.....

შორ შთამომავალთ თუკი ელით ეს სიხარული,

მე მომიტევეთ ოცნებასთან გაბაასება.

 

 

ლექსს ვინატრებდი ფრთიანსა,

გაუძლოს ჟამთა მსხვრევასა,

მე თუგინდ, არვის ვახსოვდე,

დავვიწყებოდე ყველასა;

ისეთ სიმღერად ევარგა -

კაცს ცრემლს მოწყვეტდეს მდუღარეს,

გულში სწვდებოდეს მართალ კაცს,

ცრუ დაამყოფოს მდუმარედ.

ლექსს ვინატრებდი ფრთიანსა,

გაუძლოს ჟამსა ტიალსა.

 

 

ცინიკოსი და ჟამთმდინარე

 

(სატირული ჩანახატი)

 

- ჟამთმდინარევ, საით გაგიწევია?

დღეს ძველი გზით სიარული ძნელია;

ტვირთიც მძიმე აგიღია თავზედა.

- ისტორიის ნაგავსა ვყრი წყალზედა.

- ხომ არ ფიქრობ, დამთავრდება ხვალ-ზეგა,

სხვა თაობა მოგვადგება კარზედა,

ახალ ნაგავს დაგიხვავებს გზაზედა.

- მე ჩემსას ვცდი - ვიმუშაკებ ძალზედა,

ცინიკოსებს წყალს მიგიშვებთ კვალზედა,

არ იფიქროთ, კვლავ დარჩებით განზედა -

მე ჩემს სიტყვას მაინც ვიტყვი კარგზედა.

ბოლოს ვნახავთ, ვის გაწირავთ ბრალზედა.

 

 

ადრე თუ გვიან აღებენ ციხეს,

ადრე თუ გვიან ხსნიან ბორკილებს,

ოღონდაც, მაშინ, გამარჯვებულნი

აღარ ადარდებთ დამარცხებულებს.

 

 

ამაოა ყოფნა ყოველი?

 

ნამგალა მთვარეს გადავკიდებ დარდის ბადურას.

ვიდრე მოსწყდება, ჩემს ვარსკვლავთან სტუმრადაც მივალ,

თავად სტუმარი ვით მიმიღებს თავნება სტუმარს?

დინჯად დამმოძღვრავს, თუ დამტუქსავს მორჩილად მღიმარს?

გადმომახედოს ციდან ვინძლო ისეთი გზნებით,

სიკვდილ-სიცოცხლის მაგრძნობინოს სხვა რამ საზრისი,

მადლის კეთების ეგებ სულ სხვა მიჩვენოს გზები,

დედაშვილობის დამიუნჯოს გრძნობა ფაქიზი.

იდუმალება ამომიხსნას სიყვარულისა,

მიზეზ-შედეგის გამორჩევის მასწავლოს წესი,

და დამარწმუნოს - არრა ვიცით მიტევებისა,

არც სულიერის ყველა არსი, ყოველი ფესვი.

შემაცნობინოს, ამაოა ყოფნა ყოველი?

სულაც სხვაგვარად გამარკვიოს ზესკნელ-ქვესკნელში,

დავრწმუნდე კაცის შეცნობაა მიუღწეველი,

რამეთუ მასში ორივეა - ეშმაც და ღმერთიც.

მიჩვენოს ეგებ, გზა-ბილიკი ჩვენი ფიქრების,

საით მიდიან გულისთქმანი ბოროტ-წყეულნი,

ზესთასოფლისკენ მიმავლი სად გადის გზები?

რომელს მიჰყვება განდეგილთა სული ეული?..

იგრძნოს ავ-კარგის შერკინების ზღვარი გონებამ,

სად იკვეთება სევდის გზები ჩემი და სხვისი,

არსი სიცოცხლის თუკი არის სულის ცხონება,

მაშინ სიკვდილიც დაფასების ყოფილა ღირსი.

გზა მარადისკენ დაბადებით თუკი იწყება,

და იქ მიღწეულს კაეშანი არ გვაწევს მეტად,

მაშ, სადღაც ქრება სიყვარულის თავდავიწყებაც,

უმისოდ ხიბლი ზესთასოფლის რა არის ნეტავ?..

 

 

მადლობა ღრუბელს

 

მსურდა შავ ღრუბელს, საავდრო ღრუბელს

შევწვდენოდი მოსაფერებლად,

 

გაავდარება რომ არ იჩქარა

და შეიცადა.

გლოვით გულსავსე ჭირისუფალთა

მდუღარე ცრემლს და მწარე გოდებას

თვის ნიაღვარიც არ დაუმატა.

თითქოს არც ისე დიდი შველაა,

და მაინც ღრუბელს, საავდრო ღრუბელს

ხელს შევაწვდენდი სამადლობელად,

რომ არ იჩქარა გაავდარება

და შეიცადა.

 

 

ერთი წადილი

 

ზეცის ფრთოსანნო, შემისრულეთ ერთი წადილი,

გთხოვთ, მომიბრუნოთ ფიქრი ჩემი ამასწინდელი,

ის ცოდვით სავსე, დაბინდული გონების შვილი,

შორს გაფრენილი, შეპყრობილი რისხვით ფრინველი.

არავის გავნოთ, უგნურების ადევს ნიშანიც,

ო, დააბრუნეთ, დააბრუნეთ კვლავ ჩემს წიაღში,

რამეთუ გუშინ ნიაღვარმა გადაიარა,

თან გაიყოლა ბალღამი და სულის იარაც,

დღეს კი მზის ნათელს რომ შევხარი, კიდეც მრცხვენია,

გაუსაძლისმა რომ დამრია ხელი გენიამ.

.....

ო, მრისხანებავ, კაცის გონის შავო უფსკრულო,

დათვლილ წამებში ხრამში გვჩეხავ, გვტოვებ უგულოდ;

როგორ შევიძლო მომავალში ფიქრთა გახედნა,

ვეღარ გაბედონ გულს მოწყვეტა მათ უცაბედად.

 

***

არ დამელია გულში დარდი, არ დამელია,

იმედის სხივიც, ღვთის წყალობით, არ დამელია,

ორი ნაპირის ხიდად იქცა გული ჩემია -

აქეთ ტკივილი, იქით ხსნაა და ედემია.

 

 

როცა მოხდება

 

კალმით ვიქარწყლებ ფიქრებს და დარდებს,

ხდება, მისითვე ვხარობ და ვზეობ,

სიყვარული მაქვს ლექსის სათავედ,

ნურც მომეშალოს მისი სამზეო.

როცა მოხდება - დაღლილს ყველაფრით,

აღარ მეწვევა მუზა ციური,

ჩავთვლი, დამთავრდა სიცოცხლე ამით,

ჟამიღა მრჩება ყოველდღიური.

......

უშთაგონებოდ ყოფნა იქნება

გამოძახილი იმქვეყნიური.

 

 

კაცი უნდა გაისარჯო

(ჩემს შვილიშვილებს)

 

            «ოდეს კაცსა დაეჭირვოს,

            მაშინ უნდა ძმა და თვისი».

                        შოთა რუსთაველი

 

სულით, გულით, მონდომებით,

სხვა რამ საფასურითაც -

კაცი უნდა გაისარჯო

უფულოდ, თუ ფულითა.

ხვალე იტყვის ხვალისას, დღეს

უთქმელობაც ძნელია,

მაშინ უნდა დაიხარჯო,

როცა შენგან ელიან.

თუ გავიდა მოლოდინის

ულმობელი წამები,

მერე სულაც რომ გადაჰყვე,

ვერვის გამოადგები.

 

***

მოედინება წუთისოფლის

                        მღვრიე მდინარე,

და მდინარება არა ქრება

                        ნიკალას სულის,

კაცის, რომელიც სევდით სავსე

                        თავის გზას გაჰყვა,

 

რადგან სხვა გზებით არ ისურვა

                        მან სიარული.

დღესაც ჩვენს გვერდით

                        რამდენნი ჩანან

სევდის ნაპირზე გარიყულნი

                        და გარინდულნი.

 

 

***

მისდევს იოლად სტრიქონი სტრიქონს,

როს შთაგონება ირჯება თვითონ,

მაგრამ ხანდახან, მგონი, თავს ირთობს,

ანცი ბავშვივით თავნებობს თითქოს -

ჯერ გადამიშლის აზრებს მარაოდ,

თანაც მახარბებს სააშკარაოდ,

მერე უეცრად დამალავს მარჯვედ,

და მე ჩანიშვნას თუ ვეღარ ვასწრებ,

გაბითურებულს დამტოვებს წამსვე -

ისე დამიხშობს გონების ექოს,

ვერც რას ვიხსენებ, თავიც ვიტეხო.

 

 

მოდის მარათონი

(სატირული ჩანახატი)

 

ოდითგან იყო, სხვისი გვჭრიდა თვალს ჩაცმულობა,

ვით გარეგნობის გაგრძელება - ფანდი მაცდური,

სხვა დარდი თითქოს აღარ დარჩა დღევანდელობას,

და «მაღალ მოდად» მოინათლა რამ უცნაური.

პოდიუმებმა გადასერა მთელი პლანეტა,

და ჩაცმულობა «გახდილობას» უფრო მსახურობს,

მოდა ხომ მუდამ გულისხმობდა რაღაც ცვალებადს,

დღეს კი მას ერთი მიზანი აქვს - აღწევდეს ფურორს.

თვალი სვამსო და თვალი ჭამსო, გასაგებია,

მაგრამ უაზრო რატომ გახდა ჭამა-სმის ზღვარიც,

გამჭვირვალობამ შეიძინა სულ სხვა ამპლუა,

და ნისლად გაქრა ქალის კდემა, როგორც სიზმარი.

კუტიურეები ლამის არის ხელით ატარონ,

და მიუწვდომელ ტოპ-მოდელებს შენატრის ყველა,

გულისტკივილით ვაკვირდები მოდის მარათონს,

როგორც ზნეობის გულში ღია ლახვარისცემას.

 

 

ბოლო სიტყვა

 

სხვადასხვა გვაქვს წუთისოფლით

                        ნაბოძები გონება,

მეტ-ნაკლები ანგარებაც -

                        ეშმას რომ ემონება.

ერთი მაინც გვეთქმის (თუმცა

                        ყურს არ ესალბუნება),

ერთნაირი გვრჩება მხოლოდ

                        ბოლო სიტყვის უფლება -

ოქროპირსაც, ენაბლუსაც,

                        სულელსაც და ჭკვიანსაც,

მართალ კაცს, თუ მატყუარას

                        ბოროტს, თუ მადლიანსა.

ზოგის ბოლო სიტყვა - ბრძენი,

                        დაივანებს წიგნებად,

ზოგის - მხოლოდ ახლობლების

                        ფიქრის ნასკვად იქცევა.

ამა სოფლად ცოდო მხოლოდ

                        ეულები არიან,

რადგან მათი სიტყვა ბოლო

                        უკვლოდ წარმავალია.

აღსასრულის ამოსუნთქვას

                        ქარის მეტი ვინ იგებს?

სული ადრე თუ გაუყვა

                        კოსმიურ გზა-ბილიკებს?..

........

ამა სოფლად ცოდო მხოლოდ

                        ეულები არიან.

 

 

ბელზებელის ჩიხი

(ალეგორიული ეტიუდი)

 

საით მივდივართ? ვღადადებთ განა,

ჩვეულ გზაზე თუ ეშმამ გვიგანა?

ანგელოსიდან ბელზებელისკენ

გზა ცალმხრივია, შორი ჩიხია,

საგზაო ნიშანს თვალს ვერსად ჰკიდებ

(თითქოს დაკარგა არსთა გამრიგემ.);

შემხვედრად არვინ მოჩანს მავალი,

მხოლოდ გასწრებას ელტვის მრავალი;

ვით იპოდრომზე, აქაც მარულა,

დასანანია - რა შორს წასულან.

საბედისწერო დისტანციაზე

ვერ მოვიცილეთ კაცთკვლა, ღალატი,

შური, მზაკვრობა, დასჯა, ჯალათი.

(ვერ გავაგრძელებ - დავტიო რაზე?)

წუთისოფელო, მოუწყობელო,

განა ღმერთებმა გაგწირეს ასე?

ვით ქანცგაცლილი დოღში ცხენები,

ხსნად ვეფარებით ჩიხს ბელზებელის.

ფეხდაბორკილნი ვეღარ ვბრუნდებით,

იმად, რომ სულზეც გვადევს ხუნდები.

ვინ, ან რა გვიჭრის უკან სავალ გზებს

ბელზებელიდან ანგელოსისკენ?

ვეღარ გავიგე.

ვეღარ გავიგე.

 

 

წეროდ გადაფრენილი

 

შემოდგომის ფანტაზია -

                        ფერნაცვალი ხეები,

მოყვითალო-მოწითალო,

                        მომწვანო-ნაცრისფერი,

თითქოს გახუნებული და

                        მაინც ტურფა ფერები.

შემოდგომის ფიანდაზი -

                        ფოთლებად დაფენილი,

მასზედ შორეთს მიმავალი

                        ნატვრა, ქარად შთენილი;

შემოდგომის ილუზია -

                        გაძარცვული ხეები,

და იმედი, თბილ ქვეყნისკენ

                        წეროდ გადაფრენილი.

 

***

კალამს ამაოდ არც როს ვაწუხებ,

რადგან გართობად ლექსი არა მსურს,

მუზა თვით ადენს გულის მარწუხებს

ტკივილიანი ფიქრების ნაჟურს.

ამეკვიატა ნატვრა ლექსისა -

სულს რაც დააჩნდა, ყველა რომ ეთქვა,

ნუ გამიხსენოს ნურც როს მერმისმა,

ოღონდ იმ ლექსის ისმოდეს ფეთქვა.

 

 

იქნებ შეძლო

 

სულის ჭმუნვა თუ დასძლიო,

სული თან არ მიაყოლო;

გულის დარდებს შეეჭიდო,

გული თან არ გააყოლო;

თვალში ბეწვი ჩაგივარდეს,

იქნებ, დირეც არ დატოვო,

საგანძური რამ იპოვო,

მოყვრისთვისაც მოიტოვო.

.....

თუ გულს ღვთიურ ნაპერწკალმა

გაგკრა და აენთო ქუროდ,

იქნებ შეძლო, უხმაუროდ

მამულს კვესად ემსახურო.

 

***

სად უნდა ვიყო, არ მოგინატრო,

საით წავიდე, არ დაგიდარდო,

ცრუმოყვარეთგან იავარქმნილო,

თბილის-ქალაქო, სულში დაჭრილო.

რაც იყო, უკვე ისტორიაა,

და ვერვინ წაშლის ცრუ კაცის მეტი,

რომც ვერ შეხორცდეს ყველა იარა,

სიმართლის მაინც იხარებს ნერგი;

 

დასანანია ქართველთაც გვერგო

ძმათა სისხლისღვრის წყეული ბედი.

 

***

ბრძანებაა მბრძანებლისა,

                        შესრულება მუდამ სხვისა;

საკითხავად ზედმეტია

                        გამარჯვება ერგო ვისა?..

სმენას უტკბობს ტაშისცემა

                        მბძრანებელის განაგისსა -

«ურა.» «ვივატ.» - ომის ღმერთმა

                        გამარჯვება მათ აღირსა.

ძლიერს სწყალობს მუდამ ბედი,

                        ცრემლები კი არის სხვისა,

ყველა გამარჯვებას ელტვის,

                        ცვლა არ ხდება არაფრისა.

.......

გვავიწყდება, გადაგვარჩენს

                        ერთგულება მარტო ღვთისა,

იქნებ ამად იგვიანებს

                        დამარცხება სატანისა.

 

 

 

ბრძნულად განსაჯა განგების ძალამ

დასაბამიდან როცა ინება,

მუდმივ ჭიდილში ადამიანმა,

თავად იპოვოს ჭეშმარიტება.

.....

ვინც ვერა ჰპოვებს, მას უკვირს მარად -

ან რას ეძებდა, ან რა დაკარგა?..

 

 

დედის გოდება

 

მთაა თუ ბორცვი, ტყეა თუ ველი -

გადათვლილია, ადევს ნომერი;

დანომრილია ჯარისკაცებიც

და იარაღი მათი ყოველი.

ვინ გადათვალა ბედის ვარსკვლავნი,

საფლავის ქვები, ჩექმა-ქუდებიც,

როგორ დათვალეს შესაძლო გზანი

უგზო-უკვალოდ დაკარგულების.

სხვა ვარსკვლავებიც - დიდი, პატარა,

და ჩინი ჯილდო სხვადასხვა ზომის,

გადათვლილია კოვზიც, მათარაც

და სამხრეები - «მშვენება» ომის.

მხოლოდ დედის ცრემლს არავინ ითვლის,

რაც დაღვრილია, რაც ჩავლილია,

ომი დამთავრდა, დრო არის მშვიდი,

დედის თვალში კი ისევ ბინდია.

როდემდე უნდა იდინოს ცრემლმა,

არვინ კითხულობს, რატომ და რისთვის

გოდებს ჩურჩულით შვილმკვდარი დედა,

საზღვარს გამოღმა და საზღვარს იქით.

კიდევ ეზრდება ვაჟიშვილები,

აი, ეს სტანჯავს, ამისთვის ტირის,

ამოუღამდა ბედშავს თვალები -

რიგი მოაწევს რომელი შვილის?..

ფიქრით ეწამა გლოვით დაღლილი -

დაუხუჭეს კი მის შვილს თვალები?

ვის ყურთასმენას მისწვდა ძახილი:

«დედილო, დედა». უკანასკნელი.

 

 

 

საქართველოს იარა

 

აფხაზეთო, საქართველოს

                        ჭრილობავ და იარავ,

შენს შვილთ თავზე უბედობის

                        ჟამმა გადაიარა,

დაბრუნების მონატრებით,

                        სინამდვილით კი არა,

სიდუხჭირით გადაივსო

                        მათი თმენის ფიალა.

სულის ტკივილს დაღლილობით

                        უღრმავდება იარა,

ჭუბერიდან გადმოსულმა

                        თბილისამდე იარა.

აქ გაჩენილ ყრმა-ასულებს

 

                        სახლის ფუძე ეძახის,

იქ დარჩენილ საფლავებს კი

                        ყვავილიც არ ენახვის,

ეკალ-ბარდი გულს ჩასვლიათ

                        უცრემლებოდ ნაზარდი,

ქვასაც ხავსი მოსდებია,

                        ხსნა კი არ ჩანს არსაით.

......

დაკარგულო აფხაზეთო,

                        სილამაზით ერთადერთო,

ედემ-წალკოტს გადარებდით,

                        მზე-მნათობი შენთვის ენთო.

.......

ახლა რა ხარ, აფხაზეთო?..

 

 

რომ აჰხელოდათ წინაპართ თვალი,

გაგვამხნევებდნენ სიტყვით გრძენულით:

«სატანის ნებით, არგასახარი,

თავს დაგდგომიათ ჟამი წყეული;

მუდამ სჭიროდა დაცვა მიწა-წყალს

კბილთა ღრჭენით და ხმლისა ქნევითა,

თქვენ რაიცა გჭირთ, რაა იმასთან,

ჩვენ რომ დავძლიეთ ღვთისა ნებითა.

ნუ დაივიწყებთ, ვისი გორის ხართ,

სხვას ვპატრონობდით და ვიფარებდით,

ქართველი ძნელად თუ გაძლებს სხვაგან,

სულაც ზურგის რომ ქროდნენ ქარები,

ბედისწერით აქვს მისჯილი, ალბათ, -

საქართველოა მისი თავდები.

დაგათითოვებთ გულნამცეცობა,

ერთობის მადლით კი გადარჩებით ,

ნუ გეფიქრებათ, არასდროს გვაკლდა

ერისშვილნი თუ მოღალატენი».

 

 

ოპტიმისტური გულუბრყვილობა

 

იყუჩე, გულზე თუ გაჩნს იარად,

რომ საკუთარი აჩრდილის გარდა,

შენი გულისთქმის თანაზიარად

არავინ დაგრჩა.

ბედს შეურიგდი, დროებით თუნდაც,

ნუ დარდობ, კვალში თუ არვინ მოგდევს,

რომც მოგყვებოდნენ, გეჯავრა უნდა -

ვის ენდო? რომელს?..

სულ მარტო დარჩი? დიდი ამბავი.

დრო მოვა - გული შეკრავს კამარას,

ქარვის სხივებად მზე რომ დაგნათის,

არ კმარა, განა?

აჩრდილს  თუ ამჩნევ, მაშ, გიჭრის თვალიც,

და უფსკრულის პირს გადასავარდნად

გზასაცდენილი დალანდო კაცი

და შეაჩერო,

ცოტაა განა?.

თვალი თუ გიჭრის, იმედიც არის -

ეშმაკისეულ ბილიკს ასცდები

და ისე ივლი, რომ სხვებისათვის

დატოვო კვალი.

და სვე ერთგულთა გამოყოლისა

თუ გერგო, დრო არ დამალავს ამას,

ეს უტყუარი მსაჯი ყოვლისა

არ სწყალობს ღალატს.

ბევრს თუ პატიობს და ფეხსაც ითრევს,

ხშირად მის თავზეც ამტვრევენ კაკალს,

მაინც ულმობლად სჯის შავბნელ ფიქრებს,

ააშკარავებს როს ყველა ღალატს.

 

 

შენზე იქნება ეს არჩევანი

(ჩემს შვილიშვილებს)

 

სიტყვა არ გეთქვას ისეთი -

                        შეგრცხვეს შენივე ნათქვამის,

ისეთი სიტყვაც არ გეთქვს -

                        დაგტოვოს მიუსაფარი,

ულმობელ სიტყვას ერიდე,

                        სიტყვას, კაცს მოკლავს რომელიც,

არ გეთქვას, არა, არ გეთქვას

                        სიტყვა, ღვთის დამაგმობელი.

........

ესეც გახსოვდეს, ართქმასაც

                        ეშმაკეული არსი აქვს,

ოდეს მძიმე ტვირთს იკიდებს

                        წყეულ ღალატის ფასიანს.

 

***

მუდამ ერთ-ერთი მოიძებნება

გმირის ტოლფასი, თავის დამდები,

და ისევ ერთის იქნება ნება -

შადიმანი თუ გესლის ჩამშვები.

ერთს ვამბობ, თორემ მათი სიმრავლე

ვერვინ დათვალა (არც ვინმე ცდილა),

ომი არის, თუ მშვიდობა სუფევს ,

სინდისი რჩება ათვლის წერტილად.

 

 

დამშვიდდი, სულო.

 

დამშვიდდი, სულო, ნუ გაშფოთებს არსობის პური,

ნურც ჩრდილში ყოფნით გადაგღალონ შავმა ფიქრებმა,

რადგანაც ყოფის სიმძიმილი ამქვეყნიური

არარსებობის უკუნეთში ჩაიძირება.

და რაც გაწუხებს, რაც გადარდებს - სუყველაფერი,

თავ-თავის ჟამით, მკაცრი რიგით და უცილობლად,

დაიფარება დავიწყების ნაცრით და ფერფლით

იმათ ხსოვნაშიც, წრფელი გული ვინც დაგიობლა.

........

ბოლოს იქნება - თავს დააღწევ მიწის ტყვეობას,

და ზესთასოფელს გაგაცილებს ძველი ოცნება,

ზეციურ თაღთან შეფერხდები წამით როდესაც,

მიწის ყოფილ შვილს კარგიც ბევრი მოგაგონდება.

 

 

რა დამრჩენია?

 

ზეცა დაჰყურებს გველეშაპად ზანტად გაწოლილ

ვერაგ ლაბირინთს სიმართლეს და სიცრუეს შორის,

ხსნას დაეძებენ ლაბირინთში მთვარეულივით,

ვინმე ყარიბიც და რჩეულიც, მეფეთა სწორი.

მეც იმათ შორის, სად სიცრუის კარს ვერიდები,

სწორედ იქ მხვდება სამართალის მწირი კარავი;

სად სიმართლის კარს რუდუნებით მივეახლები,

სიცრუე მიცდის მისეული ურცხვი ამალით.

......

რა დამრჩენია?

უნდა ვიპოვო ლაბირინთიდან გზა დასახსნელი.

 

***

რაღა ვქნა? ვისთან დავიჩივლო?

                        დავკარგე გონი,

სხვის ჭირთმოზარეს ჩემი ყოფა

                        დარდს მმატებს მგონი.

თვე ისე მიჰქრის, ვით ერთი დღე,

                        და წლებიც მისდევს,

ვეღარ გავიგე, ჟამთმრიცხველი

                        რით განვარისხე?

ეჭვიც მახელებს - იქნებ ჟამი

                        ვლის ძველებურად,

ეს მე ჩამოვრჩი - ორთავ თვალზე

                        ნისლი მებურა.

დავეწევი კი, ვით გავფანტო

                        საფარი ნისლის?

ვიცოდე, ნეტა, ნისლის იქით

                        რა ბედი მიცდის.

 

 

ნაძვი

 

მწვანე სამოსი არ ბეზრდება

 

                        ბედის ნებიერს,

გასაოცარი ერთგულებით

                        იგივეს ირჩევს,

მხოლოდ ზამთარში შემოისხამს

                        თეთრ პალანტინებს,

რომ ყინვის სუსხმა ვერაფერი

                        დააკლოს გირჩებს.

 

 

ცოტა მაცალე, სიბერევ

(ხალხურ კილოზე ჩუმად წასაკითხი)

 

«სიბერე, ალბათ, არაჩვეულებრივად საინტერესო და მიმზიდველი იქნებოდა, მის მერე ისევ სიჭაბუკე რომ იწყებოდეს».

                                                                                                                                  თამაზ ჭილაძე

მოხველ, თუ გზად ხარ, სიბერევ?

ყურთ მესმა ფრთხილი კაკუნი,

რა ვქნა, რომ კარს ვერ გაგიღებ,

აქ ვდგავარ სულგანაბული.

                        არ დამემდურო, ოღონდაც,

                        თუ ვერ გაგიღე კარია,

                        იქნებ მაცალო სულ ცოტაც,

                        ვალი არ დამრჩეს, ბრალია.

ჩემს ვალებს, ვიცი, იკითხავ,

სანამდე დაელოდები?

სანამ კალამი მიჭირავს,

და მაძევს დარდის ლოდები.

                        სანამ შევხარი გაზაფხულს,

                        მაოცებს ფეთქვა კვირტების,

                        სანამ მშვენებას არნახულს

                        გულგრილად ვერ ვაკვირდები.

გეთაყვა, კარს ვერ გაგიღებ,

ნუ ამიტეხავ ბრაგუნსა,

გპირდები, მოგიპატიჟებ,

როს თვით ვიქნები ყაბულსა.

                        სარკმელ-ფანჯრებში მანამდე

                        მალიმალ მენახვებოდე,

                        შენი იერით თვალსავსეს

                        აროდეს მენატრებოდე.

თუმც კი, რას გერჩი, უშენოდ

სიბრძნის გზას ვინ ეგებოდეს?

ანდა უფლისგან ნაბოძებ

დრო-ჟამსა ვინ ჯერდებოდეს?

                        ვის ენატვროდეს ყრმად მყოფსა,

                        სიბერის დღენი გრძელია?

                        ყმაწვილობა კი შენს დროსა

                        მუდამაც სანატრელია.

 

 

მელანქოლია

 

დღეს მზემ ინება - ისე გამათბო,

გუშინდელი სულ გადამავიწყა;

ეს გუშინ იყო - გული მტკიოდა,

გუშინვე იყო - ძლიერ მციოდა,

და გუშინ იყო - ცრემლი მდიოდა,

ეს ყოველი ხომ გუშინ იყო, და.

დღეს გაზაფხული გაზაფხულობდა,

ფრინველთ უტკბესი სტვენაც ისმოდა,

მზეც ქუდთოვლიან მთებს უცინოდა,

დამზრალ გულშიაც ყინვა ლღვებოდა,

წვეთი-წვეთობით გადმოდიოდა

და ვერ ვხვდებოდი, რა მომდიოდა -

ეს ყოველი ხომ გუშინ იყო, და.

.......

ვიდრე მზე მათბობს, აღარ მგონია,

კვლავ მომერიოს მელანქოლია.

 

***

არა, არ არის ოცნების რაში,

ვინც თმენით უძლებს ყინვა-სიცივეს,

და ვისაც ქედზე ადგას თოვლ-ქარში

ჩვენი საწუთროს ტვირთის სიმძიმე.

მიწიერ ჰუნეს, მორჩილად მსახურს,

მუხლჩაუხრელად დღე და ღამ ლამის,

მას მივაგებდეთ, გვსურს, თუ არა გვსურს,

 

მას მივაგებდეთ უმეტეს პატივს.

 

 

ვედრება

 

«უფალო და მეუფეო. სული სიწმინდისა,

სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა

მომმადლე მე, მონასა შენსა.»

                                    ლოცვა ეფრემ ასურისა

 

განგების ძალავ, განმინათლე გონება, რათა

არ შემეშალოს არჩევანი ყოველდღიური,

სატანას ვუზღა, მოყვარეს კი დავხვდე მოყვრადა.

არ გამინელედს არასოდეს რწმენა ღვთიური,,

და ჩემს გარშემო, რაც კი მაკრავს, დედულ-მამული -

ჩემი ქალაქი, ჩემი ქუჩა, სახლ-კარი, ეზო,

აღარასოდეს დამენახოს იავარქმნილი,

ბუნების ძალავ, არ წალეკო, არ დამისეტყვო.

ღმერთო მაღალო, განამრავლე ჩემი სისხლ-ხორცი,

დანათლებოდეთ რწმენა, ჭკუა, სულის სიმაღლე,

და თუ დაგჭირდეს ცოცხალთ ხარკი, იმათზე უწინ,

მე წამიყვანე, მე ჩამიქრე თვალში სინათლე.

 

აროდეს დაზარებოდეთ

            (შვილიშვილებს)

 

ვინც გიორმაგებს სიხარულს

                        და გინახევრებს სევდას,

მას მიაგებდე პატივს და

                        გიყვარდეს უფრო მეტად,

ვინც ღამეს გითევს ავადმყოფს,

                        დაღლილს კი ვერა ხედავ,

მას მიაგებდე პატივს და

                        გიყვარდეს უფრო მეტად.

და როცა თავად, შენიანს

                        გაუნახევრებ სევდას,

გაუორმაგებ სიხარულს,

დაგათენდება თეთრად,

შენც ჩაგეკვრიან უბეში,

                        დათვლიან გულის ძგერას,

აროდეს დაზარებოდეთ,

აროდეს დავიწყებოდეთ,

აროდეს დანანებოდეთ

შენთვის პატივისცემა.

 

 

ერთი წამი ანაცვალე

(შვილიშვილებს)

 

მედიდურად ნუ ჩაუვლი დავრდომილ კაცს,

სულ მცირედი მიაგებე გულის სითბო,

ის ცხოვრებამ წააქცია, შორს გარიყა,

ულმობელმა არ დაინდო, არ დაინდო.

ნუ იფიქრებ, თითქოს რამით მას სჯობიხარ,

წუთისოფლის საცერში ვართ სუყველანი,

მოვა დრო და გაგაოცებს ბედისწერა -

ზოგს ჯაგლაგი ერგება და ზოგს მერანი.

მედიდურად ნუ ჩაუვლი მათხოვარ კაცს

ნუ დაივსებ ზიზღით თვალს და გულის სარკმელს,

გამოწვდილ ხელს, მავედრებელ თვალთა მზერას,

ერთი წამი ანაცვალე, გენაცვალე.

 

***

მძიმე ყოფილა, მძიმე, განცდა უძლურებისა,

როს შენს გარშემო ვერავის და ვერაფერს შველი,

დარდი დამჩემდა - დამერია შიში სენისა -

არ შემეყაროს გულგრილობა უკურნებელი.

 

***

«ნუ, ნუ ჩამიქრობ შენს თვალთა ნათელს», -

სიყვარულს სთხოვდა ვაჟი გოგონას,

ის თვალთმაქცურად მალავდა სათქმელს,

 

***

«სულ ვეყვარები», - ასე ეგონა.

გავიდა წლები, დრომ ულმობელმა

ცალად დატოვა ის უკარება,

და დარჩა ვაჟი იმ ერთადერთად ,

ვინც გაუბედა გრძნობის გამხელა.

.......

სადაა? სანთლით დაეძებს ახლა,

ვაჟმა თავისი საბედო ნახა.

 

***

გახსოვს, მაშინდელი

თოვლი ხვავრიელი?

ბრწყინავდნენ ფიფქები

ციური ნათებით.

ლედისთან სტუმრობა,

კლასელთა ხუმრობა,

და პეშვი თოვლისა

თმაზე რომ მაყრიდი.

.....

რა წლები გასულა,

დროს გაჰყვნენ ფიქრებად.

რამდენნი წასულან -

ხსოვნა არ მიქრება.

 

***

თეთრი კაბით თავს იწონებს პატარძალი,

რარიგ შვენის, სავსე მთვარეს დაედრება,

თვალებს სხივი უცისკროვნებს საოცარი,

სიკეთის და სიყვარულის ჩანჩქერებად.

გარინდული შვუყურებ და ჩუმად ვლოცავ,

ოცნებები ახდენოდეს სანუკვარი,

გადაურჩეს გადახვეწას სამშობლოდან,

ქართველებად დარჩენოდეს ძე და გვარი.

ღმერთო, მიეც გრძელი დღე და ხვავ-ბარაქა,

მამულს შვილნი გაუზარდოს სასახელო,

სიდუხჭირე გაილიოს ნისლის დარად,

გამონათდეს, გამობრწყინდეს საქართველო.

 

***

გოგო მოდის - ცისკრის ვარსკვლავს დაედრება,

ვაჟი მოსდევს - გაუშლია მხრები.

და ანაზდად ნატვრის ფრთებად მახსენდება

სიყვარულით გალეული წლები.

თურმე რატომ იშრიალეს იმ ჭადრებმა,

თურმე ყინვა რად მათბობდა ზამთრის,

სულს აჩნდება, რაც ხსოვნაში დავანდება,

ვით ლიცლიცი წმიდათწმიდა სანთლის.

 

***

ყველას თვისი ჰყავს აბატი ფარია,

ვინც გაუხსნა საგანძურის კარია,

თვის კუნძულზე მისვლაც მიუხარია,

რაკი ერთხელ გაატარა კვალია.

....

ბრძენს რაცა აქვს - მარგალიტი-თვალია,

თავად ახლავს  - აზრთ საუნჯე - თავია,

ვერც რას ავნებს შესეული კალია,

არც სჭირდება დიდ-პატარა ჯარია.

.....

აი, მას კი დასჭირდება ფარია,

თანაც ღონით უნდა ჰქონდეს მკლავია,

მისთვის ქროდეს მუდამ ზურგის ქარია,

აირიდოს ავაზაკთა თვალია,

ვისაც ერთადერთი რამ აბარია -

სულიერი საგანძურის კარია.

 

***

ქუჩაში გავალ, დავეძებ ღიმილს,

ვით უპოვარი - მადლიან ლუკმას,

პირ-ბაგეს ფარავს უცვლელი ჩრდილი -

დარდიან გულზე იმედი უკრავს.

კოლოფში ხურდა მატულობს თეთრად,

იმედი მღერის - «გული ხომ გულობს».

გულმოწყალებას რა დალევს ქვეყნად,

თუ მისით მხოლოდ იმედს ყიდულობ.

.......

ქუჩაში გავალ, დავეძებ ღიმილს,

ვით უპოვარი - მადლიან ლუკმას.

 

უარი

(არც მთლად სალაღობო)

 

ჟამმა რამდენს უმუხთლა - ატრიალა სულ მუქთად,

მავანს ჯიქურ მიუხტა და ჩამოქნა ბიუსტად.

აქეთ წლები, იქით თვე, აქეთ თვენი, იქით დღე,

ჩამოგვაჭრა სუყველას, ამრავლა და აგროვა,

ღრუბელიც კი  უსეტყვო აღარავის ათხოვა.

ამპარტავნობს ჟამი-დრო - განძი აქვს უნაპირო,

ვერ დაიცხრო სიხარბე - სულ ეძებს  - ვინ გაწიროს.

კი უკვირს, უკვდავება შორიშორობს რარიგად,

და გადაწყვეტს, მცირედი უწილადოს განძიდან.

გაისარჯა ამაოდ ეს ჟამი-დრო მტყუანი,

უკვდავებამ უმალვე          შეაგება უარი.

 

***

სიყვარულია თავი და ბოლო,

თუ რამ ამშვენებს ადამის ძესა,

მისი არსობის ზენა - სიმბოლო,

დედაბუნებამ რაც დაგვიწესა.

ნურვინ დატოვოს უმისოდ ზენამ,

მის ფრთებგარეშე ნურც ვინ ატარა,

ზეციურ ნექტარს, ალბათ, განგებამ

სულ ერთი ციცქნა გამოაცალა,

რომ გაგვიზავოს ასე თავნება

ყოფიერების სიმწრის სამსალა.

სიყვარულია თავი და ბოლო,

რაც გააჩნია ადამის ძესა,

«ტირის ჩიორაც უსიყვარულოდ,

უსიყვარულოდ ვერ ვხედავთ მზესა».

.....

ღმერთმა გვაცილოს სულისშემძვრელი

ვნება ცალმხრივი სიყვარულისა.

 

 

გახსოვს ბათუმი?

 

სადმე შადრევანს როცა ჩავუვლი,

თავზე დამნათის თუკი ზაფხული,

თანაც თაკარა მზით მოქარგული,

გამახსენდება მყისვე ბათუმი.

ზღვის სანაპირო, ტურფა ბულვარი,

სად შადრევნები მოცეკვავენი,

მუსიკის ხიბლით და სინარნარით,

და უხილავი მაესტროს ნებით,

ფერხულს უვლიდნენ გრაციოზულნი;

გახსოვს ბათუმი?

მონუსხულები ყურს ვუგდებდით შადრევნის ჰანგებს -

ზღაპარს ჰყვებოდა სიყვარულის იდუმალების,

და გვიხაროდა, რომ გვესმოდა მისი ჩურჩული.

თუკი არ გიყვარს, ვერ გაიგებ, ჩურჩულებს რაზე,

ყვავილი, ზღვა ან ვარსკვლავები უღრუბლო ცაზე.

უყვარდა, ალბათ, უყვარდა ძალზე

მასაც, ვინც შექმნა ეს სილამაზე -

მშვენიერება სინათლის ფერთა,

შადრევნის ცეკვა დვორჟაკთან ერთად,

როს მუსიკის პიკს ფორტისიმოზე

დაეწეოდა წყლის ჭავლის პიკი,

ულამაზესი რაფსოდია კი

ნაირფერებად გაიშლებოდა.

ზღაპრიდან გასვლა არ გვეთმობოდა.

......

დიდ შადერვანთან როცა ჩავივლი,

გამახსენდება მყისვე ბათუმი.

 

 

ანგელოსების იმედი

 

გელოდებოდი - მდუმარებდა უკუნი ღამე,

ვერ მოვერიე - სიჯიუტით ძილმა დამძლია,

ბოლოს თვალები, დაღლილები, დავტოვე გზაზე,

შენს ავგაროზად - მფარველებად თავს რომ გადგიან.

მარტო არ ვიყავ მოლოდინში - გგრძნობდი, თითქოსდა

ანგელოსები დაფრინავდნენ ჩვენ ორთა შორის,

ეზოს კარების ჭრიალიც კი ცხადად მესმოდა,

და ღმერთს ვწირავდი სამადლობელს გულით და გონით.

მას მერე, როცა გელოდები შეგვიანებულს,

თავს შემახსენებს ის ჭრიალი მახარობელი,

ანგელოსები გაცილებდნენ სახლში უვნებელს,

და დღესაც მათი იმედი მაქვს, როდესაც გელი.

 

***

სათუთად ვკინძე გულისნადები,

შენთვის რომ მეთქვა დაგვიანებით,

პასუხს მკარნახობს შენი თვალები -

თითქოსდა გითხარ უკვე სათქმელი.

ვით ცუდ სიზმარში გამოღვიძება -

სწორედ ისეთი ვიგრძენი შვება.

 

 

ჩემს მარიკას

 

ზეცამ აგივსო გული სიკეთით,

მადლობას ვწირავ წმინდა მარიამს,

კალმით ნახატი, ღვინობისთვეში

დედ-მამის ნატვრად მოხველ, მარიამ.

მშობელს არ შვენის შვილის შექება,

რა დაშავდება, ერთხელ შეგაქო -

ჩვევად გაქვს მოყვასთ გულის ხარება,

დაუყვედრებელ მადლის ვენახო,

ცოდნის მოსურნევ, დაუზარელო,

უშურველო და კარგის მქებელო,

კარგო მამიდავ და ახლობელო,

ტოლ-ამხანაგის დარდის მკვეთელო.

«ცუდიც ვარ ხოლმე», - იტყვი ხუმრობით

(შენთვის სიკეთე აკვნად დაირწა),

«ცუდმა» თუ შესძელ თესვა ამდენის,

არ გეყოფოდა კარგს დედამიწა.

დედაშვილობის სულის წიაღებს

ასე რომ ამკობს - შენი გულია,

დაუბერებელს, გინდა, მხედავდე,

როგორ მოხდება სასწაულია?..

მე თუ არ ვაჩენ ჭაღარას - შენთვის,

მე თუ ვხალისობ - ესეც შენია,

მე თუ რამეს ვწერ - შენ მაწერინებ,

დედ-მამის სუნთქვავ, ჩემო ფერიავ.

შენს მხრებსაც აწევს დედობის ტვირთი,

ღვთის მადლით, ზიდავ მას ჩინებულად,

გყავს ოქროსგულა ვაჟკაცი შვილი,

დედ-მამის სანთლად რომ დანთებულა.

დაძმობის აფრაც ასე რომ ლაღობს,

შენივე გულის ანდამატია,

კვლავაც სიკეთის გზები გელაშქროთ,

გზები წინსვლისა, გულს რაც გხატიათ.

მინდა მოგტაცო საფიქრებელი,

თაფლისფერ თვალებს რომ შეფერვია,

თან სიხარული გაჩუქო ბევრი,

ვარსკვლავებივით დაუთვლელია.

 

***

ხომ ვიცი, ერთსაც არ დაიტოვებ -

ჩემებრ ვინ გიცნობს ხელბარაქიანს,

სულს მიაგებებ ყველა ახლობელს,

ვით უკვდავების წყაროს მადლიანს.

ყველა სათქმელი ვერ გითხარ მაინც,

გულის სიღრმეს რაც ჩამკონებია,

ამას გთხოვ მხოლოდ, ასეთად დარჩი,

ასეთად დარჩი, ჩემო ფერიავ.

.....

დედაო ღვთისავ, წმინდა მარიამ,

მადლით მიმყოფე ჩემი მარიამ.

 

 

სამოცი ვარდი

 

ერთმანეთს მიჰყვა ათწლეულები,

როგორც კალენდრის თითო ფურცელი,

დასაჯერებლად გამოდგა ძნელი -

შემსრულებია სამოცი წელი.

მძიმე იყოო? რომ მკითხოს ვინმემ,

ვით ვუპასუხო ან «ჰო», ან «არა»,

წელი სამოცჯერ, კი იყო მძიმე,

მღვრიე ტალღებმაც გადამიარა.

(ნაოცნებარიც, სულ ადრინდელი,

ისევ გულშია, იყოს სანამდე?),

ვნახე ფერთაცვლა არსაკვირველი -

ვარდისფერიდან ნაცრისფერამდე:

ღონემიხდილი, ფიქრით დაღლილი,

ხან ხილული და ხანაც ფარული,

ყველა წელს ჰქონდა თვისი შუქ-ჩრდილი,

ხიბლიც თან ახლდა და სიხარულიც;

მზის გაცინებაც, ჭექა-ქუხილიც

თითქოს დუღაბად იყო ჩასხმული,

და დღემდე ერთიც არ მახსენდება

ტაშფანდურათი ნიშანდასმული.

ხსოვნას შემორჩა შვილ-შვილიშვილთა

დაბადების დღე, დღე - სასწაული.

ბევრი ყოფილა ილუზიებიც,

დამმძიმებია იმათით სული,

მძიმე თუ იყო სამოცი წელი,

მსუბუქი იყო ის თაიგული -

სამოცი ვარდი - სიმბოლოდ წლების

ნაირფერებად შემკულ-შეკრული,

ვაჟიშვილისგან დაბადების დღეს

მოსიყვარულე გულით მოძღვნილი.

(ხელს აშველებდა თაიგულს თურმე,

მიტომ მეჩვენა მსუბუქი იგი).

ვდებდი ლარნაკში ყვავილებს როცა,

მათი სიმძიმე მაშინ ვიგრძენი,

თუმც თაიგულით მოგვრილმა შვებამ

გადამავიწყა დრო-ჟამი ძნელი.

წლების სიმრავლე არაფერია,

დე, მოეძალოს თმას ვერცლისფერი,

გულში თუ ისევ სიყვარულია,

და შინაურთაც არ ვავიწყდები.

სამოცი ვარდიც ყოფილა მძიმე,

რისთვის შევნიღბო სამოცი წელი?.                  

 

ვხარობ, როცა სუფრას უზის ოჯახია,

და სიტყვასაც არვინ ამბობს ომახიანს,

არც ქილიკი, არც აზრების წრიალია -

გაგების და მოფერების ტრფიალია.

უტყუარად ამჩნევს მხოლოდ დედის თვალი -

დარდი რომელს მოსძალვია, იდუმალი.

(ნეტავ, მოხედს, შეეშალოს მას გუმანი).

.......

როგორ მიყვარს, სუფრასთან რომ ოჯახია.

 

 

 

ზეცად წასული მზე-ჭაბუკი

     (გია ჩ-შვილის ხსოვნას)

            ცოცხალს ლექსი ვერ გიძღვენი,

                        სინანული მაწვალებს.

 

შენთან დუმილშიც ღაღადებდა გულახდილობა,

ნაღდი იყავი და ღიმილსაც ასეთს კვესავდი,

ჩვენ სულიერმა სიყვარულმა დაგვაახლოვა,

და სამუდამო ერთგულებით დავნათესავდით.

ვის რა განძი აქვს? რა უმაგრებს სასწორის პინას?

ყველა მარათონს მოიგებდი შენი საუნჯით -

ზნეკეთილობა ოჯახიდან მოგდევდა ხიბლად,

და თავად იყავ სამეგობროს ურყევი ბურჯი.

ბრმა იყო წამი, მაგრამ ზვავის დაცემას ჰგავდა,

და უცაბედად  ყველა ნატვრა სადღაც გაფანტა,

იქნებ საოცარ სინანულით შემოგრჩა დარდად -

რად ვერ გიშველა, ვეღარ მოგწვდა ბედ-იღბლის კალთა.

იყო ბოლო დღე - ცრემლდიდობა ჯერ არნახული,

ბოლო ამბორი, გრძნობის ბოლო გამონათება,

ცალ მხარეს დარჩი მზეჭაბუკი, ზეცად წასული,

და მეორეზე - ბედ-იღბალთან შეკამათება.

დროის ქარაშოტს გადაურჩი, დღეს ისევ ბრწყინავ

სევდის ცრემლებად - დავიწყებას ნურც დანებდები,

ვერ გაახუნა, ვერ დააზრო ქარმა და ყინვამ

შენი კაცობის და სიკეთის მოგონებები.

ორი ნასხლეტი - ორეული შენი ღიმილის,

შენი არსობის უკვდავ ფესვად რომ დაგრჩენია,

იტყვის თავისას უსათუოდ სისხლის ყივილი -

მამის ნათელ კვალს - შენს სიკეთეს გაუყვებიან.

 

 

ციური საჩუქარი

 

ცის უსასრულო კარავს, ციცინათლების დარად,

ხატავს ნათელი კვალი - ზღაპრის ახდენა არის.

ძუნწად გადახსნა ზეცამ მშვენიერების კარი -

მხოლოდ ათასებს წილხვდათ ციური საჩუქარი.

იაპონელებს აჩნდათ გულს სასწაულის დაღი -

ამომავალ მზის მიწას შვენოდა მცირე თაღი,

სადაც განგებამ თითქოს გადახსნა დიდი სცენა,

და ულამაზეს რევიუს ერქვა მეტეორთ ცვენა.

ტელეთი ნახულს ჰქონდა სხვა რეალობის ფასი.

 

 

 

შეგირდობაც ძნელია

 

«მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი».

                                   სოკრატე

 

წუთისოფლის წიგნი - ვრცელი ოკეანე -

ნატვრისთვალთა რა საუნჯე, რა სალარო,

ვით ჰორიზონტს, მის სიდიდეს ვერრას ვაკლებ,

იოტი მაქვს დრო, სიღრმე კი - უსამანო;

დროს ვერ მართმევს ძილქუში და სიზარმაცე,

და რაოდენ სიბეჯითით არა ვცადე,

თუ რამ მცირე მოვასწარი - დამარწმუნა:

ვიდრე თვალი მიხელია,

და გული ძგერს ძველებურად,

ვიდრე მიხმობს ზარის ხმები ,

კარგ შეგირდად დავრჩე უნდა.

მადლი უფალს - ზეცამ ღირსმყო, მომცა რწმენა,

ვინ ჩაითვლის კრიალოსანს ზესთაქვეყნად.

......

ღრუბელს გაჰყვნენ ის კითხვებიც აბეზარნი:

ვარ ქარგალი, ოსტატი, თუ უმეცარი?..

 

 

ჩემს შვილიშვილს, ამირანს

 

თავად თუ არ გამოცადე, სიყვარულს რას გაუგებ?

ვიდრე თავად არ დაიწვავ, სხვისას როგორ გაიგებ?

მრუდე ბილიკს სიბნელეში უსანთლოდ ვერ გაიგნებ,

კარგი ბიჭის სახელს ოდენ კარგბიჭობით დაიდებ.

ტიტულებმა მოგცეს შვება -         სავსე მკერდით იარო,

მაგრამ გროშად ჩაგეთვლება       კაცად რომ ვერ ივარგო.

ყველა კარგი აგხდენოდეს, რაც ოცნებით აგეგოს,

საძმაკაცოს ერთგულება ჭირ-ლხინში არ გაგეყოს.

 

 

***

                        «კურთხეულ იყავ, ნიჭო,

                        წყეულიმც იყავ შურო.»

                                    შოთა ნიშნიანიძე

იშვიათია, ნიჭიერი შეგვხდეს მავანი.

მაშ, რად ვიშურებთ, ქება ვუთხრათ გულგასახარი,

ეგება გაძლოს ქებით გულმა უსათუთესმა,

როცა მოშურნეთ დაცინვა და კილვა ყურთ ესმის.

გადავარჩინოთ მისი სულის მარგალიტები

და მოვეფეროთ - რიცხვი მათი არის მცირედი.

 

სიხარული სევდამ როგორ გადასძლიოს?

ყველა ხიდი წყალმა როგორ დაანგრიოს?

ქარაშოტმა ყველა ხე ვით წააქციოს?

რწმენის ბურჯნი დარდმა როგორ ჩაანგრიოს?

ხომ დაგვრჩება სიხარული, თუნდაც ციდა,

ხიდი ერთიც არ დაგვრჩება მღვრიე წყლიდან?

ერთი ხეც ხომ გაიხარებს ძირ-ფესვიდან,

ოღონდ რწმენა გადაგვირჩეს წმიდათწმიდა.

 

 

უთუოდ მოვა

            ვუძღვნი ჩემს ეთუკას

 

სხვისი ტკივილი თუ არ გტკენია

და გულზეც ოხვრა არ მოგწყვეტია,

და მაინც დარდებს გუნდად აგროვებ,

ნურავის ესვრი, ცოტაც ადროვე.

იყუჩე, მალე- გაზაფხულდება,

გვირგვინს დაიდგამს დედაბუნება,

და ეგებ, დარდიც მდინარეს გაჰყვეს -

თვალს და ხელს შუა უკვალოდ გაქრეს.

კვლავ გაიღიმებ,

კვლავ გაიხარებ

და სითბოს იგრძნობ საკვირველ-უჩვევს,

ვიდრე იღბალი მრუმე სივრცეში

თავის წრებრუნვას არ შეასრულებს.

ოღონდაც მაშინ ხსოვნას ჩარჩება

ნათელი კვალი, მხოლოდ იმისთვის,

რომ.

როს დადგება ყინვა ზამთრისა

და სუსხი დაჰკრავს სევდიან ქარებს,

გჯეროდეს, გწამდეს გაზაფხულისა

 

უთუოდ მოვა და გაგახარებს.

 

 

ჩემს შვილიშვილს გლახუნას

 

წელი მისდევს რიგში წინას,

შენ რა უცებ გაზრდილხარ,

ჭიდაობაც დაგიწყია,

მე მეგონა - ბალღი ხარ;

ეზიარე გამარჯვებებს

შეუპოვარ ვარჯიშით,

გაგახსენებ, ჭიდაობა

მაინც მოგდგამთ გვარ-ჯიშით.

პაპაშენის სეხნია ხარ,

სულო ჩემო, გლახუნა,

აზურმუხტე ეს ქვეყანა,

ჩალის ქუდს ნუ დაჰხურავ.

ცა ქუდად რომ არ მიგაჩნდეს,

დედამიწა ქალამნად,

დაძმობას არ უღალატო

და მეგობარ-ამხანაგს.

.....

ეგებ ხიდი გაამთელო

ერთგულების, ძმობისა,

ციდან ჩრდილი გადახვეტო

სვავთა ნადირობისა.

 

***

ძმობას, ერთობას, თავისუფლებას

ეწირებოდა რამდენი ურჩი -

ოცნების ფრინველს ცაში მისდევდა,

მიწას რჩებოდა ბუმბული ლურჯი.

რა ჟამთაღწერას გაუძლო შუღლმა -

მაინც ვერ დაცხრა მადა მტარვალი,

აი, სიმტკიცე ასეთი უნდა,

რა აქვს? რა ძირი, რა ბალავარი?..

და მაინც მივდევთ ოცნების ფრინველს -

თავისუფლებას, ძმობას, ერთობას;

ერის ნატვრისთვალს რა დაგვავიწყებს?

ვით ცისიერის სულში ზეობას.

 

 

                        «დაფნის დაწვნა იოლია ბევრად,

                        ვიდრე მისი ღირსი თავის პოვნა.»

                                                           გოეთე

განა არ გქონდა სულ ახლახან

                        სურვილი დიდი,

თავად დაგედგა დაფნისა თუ

                        სუროს გვირგვინი?

დაფნა ირჩიე? რაღად დასთმე?

                        ხომ არ გემძიმა?

თუ გული გწყდება - ფასობს სურო

                        დაფნაზე ძვირად.

 

რადგან დრო იცდის

(ლექსადაც ჭირს სტატისტიკა)

 

«ერთ მოსახლეზე ამდენი მოდის

პური, შაქარი, ღვინო მთრობელი».

ჩემში ინტერესს იწვევდა როდი

მსგავსი ყოფითი ამბის მთხრობელი.

რამდენი მოდის (შევნიშნავ ფრთხილად),

ბედნიერ დღეზე ღამე უთევი,

ანდა კოჟრიან ხელების წილად -

რამდენი ხელი ნასათუთევი;

რამდენი ტყვია აღმოხდა ლულას,

და აღმოხდება კიდევ მერმისში,

ან შერკინებას მარადიულად

ვინ გადურჩება ბოროტ-კეთილში.

რამდენი ბავშვი რჩება უმშობლოდ,

მშობელი შვილებს დაკარგავს რამდენს,

რამდენი უწევს, ბოლოს და ბოლოს,

ტყვია-წამალი ერთ სულ მოსახლეს?..

არავინ უწყის (არ უნდა ფიცი.),

დასათვლელადაც ვერავინ იცლის,

რადგან დრო იცდის, ჯერ კიდევ იცდის,

შემორჩა, ეგებ, ღმერთების შიში.

.......

სულიერების გარეშე რიცხვიც

მკვდარია, როგორც საათი ქვიშის.

 

 

 

ინტერვიუ

 

ტელეჟურნალისტს გაეშვირა წინ მიკროფონი,

ოპერატორი თითქოს თვლიდა ონავარ წამებს,

დაღუპულ შვილის დედა იდგა იქვე მდუმარედ.

«მენატრებაო შვილის საფლავი», -

ლტოლვილმა დედამ, ცრემლგამშრალმა, ეს თქვა მწუხარედ.

 

***

ლექსის რითმა - პოეზიის ჩუქურთმა,

წრფელი განცდა - პოეზიის სურნელი,

კიდევ ის, რაც ჩიტის ჭერას მაგონებს -

ძნელიც არის და მოუხელთებელი,

რაღაც კიდევ, ოცნებას რომ აცოცხლებს,

ერთიც კიდევ -

ცისიერის მქებელი.

ყველა ერთად პოეზიის სიცოცხლე,

სულთან ერთად უკვდავების მხლებელი.

 

 

ზღართანის ღირსი

(ისევ სატირა, ურგებ-უძღები)

 

წინ უსწრებს როცა ოცნება ამხდარს,

სამადლობელი ღვთის უნდა ითქვას,

თუკი სათქმელი დაემთხვა ნათქვამს,

მაშინ ჟღერს მხოლოდ მართალი სიტყვა.

ვის ყურთასმენას ესალბუნება

სიტყვა მართალი  - მართალის ენით?

გასაკვირია კაცთა ბუნება -

სიცრუე დაჰყავთ თურმე.

ტახტრევნით.

ანებივრებენ, აპარპაშებენ,

მსუბუქად, როგორც შვენით ფარეშებს,

ვიდრე გახდება სიმძიმე მისი

კატასტროფული ზღართანის ღირსი.

და მერე,

მერე ის ფარეშები

(სინათლის შუქზე ტარაკნებივით),

გაურკვეველი მიმართულებით

დაიძვრებიან გულგახეთქილნი.

 

 

            «სწორი ნაფიქრი ხანდახან

            კაცს აუხდება მრუდედა».

                                               ვაჟა

 

კაცი უშეცდომოდ თავად ცხოვრობს განა?

უშეცდომოდ ყოფნა იკმარებდა წამად,

განსაცდელს თუ ღმერთი გამოცდისთვის გზავნის,

ჩვენზე არჩევანი მაინც რჩება კარგის,

ეგ არის, რომ ხშირად ბევრსაც ჭკუით ნაქებს,

უჭირს - ბოროტ-კეთილს მიკროსკოპით არკვევს.

 

 

ნუ დავივიწყებთ

 

კალენდრის ფურცლებს ნუ განვსჯით მკაცრად

ნუ დავივიწყებთ - ზამთარში თბილისს,

სტუმრად წვეული რამდენი ჰყავდა

გაზაფხულის დღე - ოცნებით თბილი.

როს მაშინებენ ზამთრის სუსხებით,

ტკბილად ვიხსენებ სტუმრებსაც უმალ,

იქნებ ხეებიც,           გაძარცვულები,

თბილი დღეების  იმედად სდუმან.

 

 

მოკლე კითხვა

(რომელიც მოკლე პასუხს არ მოითხოვს)

 

რისთვის დაანთე ამხელა ცეცხლი?

თუ სინამდვილეს ვერაფრით შეცვლი?.

არ მიპასუხო - «იმიტომ», ოღონდ,

«რა ვიცი», ასეც არ მიპასუხო.

 

 

არა, არ მესმის

 

მომდევნო - მესმის, გასულიც - მესმის,

და აღარ მესმის ახალი წელი;

თუკი გამოგყვა ხურჯინი ძველი -

ძველი აზრებით,

ძველი მიზნებით,

ძველი ცოდვებით,

ძველი ხიზნებით.

არა, არ მესმის ახალი წელი,

თუ ისევ თავზე გადგია მტერი -

დროის გაყვანის ძველი მცოდნენი,

და დროსტარების მხნე მეხოტბენი.

არა, არ მესმის ახალი წელი,

თუკი გამოგყვა ფიქრი-დარდები,

გადახლართული სიმწრის ძაფებით.

......

რა ბედენაა, მე თუ არ მესმის.

ბავშვებისაა ახალი წელი;

ნაძვები (აღარ სურნელის მჩენნი),

ტურფად მორთულ და მოკაზმულია,

თოვლის ბაბუა გამოძახებით,

(ზოგიერთთათვის ძალზედ ძვირია.).

......

უფრო მეტთთათვის ახალი წელი

გახდა კალენდრის ერთი ფურცელი.

 

            ჩემს შვილიშვილებს

 

ყველაფერს ხვალეს ნუკი აჰკიდებ,

დღეს მითხარ - გულში რაც გაქვს სათქმელი,

დღეს გააკეთე, რასაც აპირებ,

თორემ მაცდური დაპირებებით

სახტად დარჩება ის დღე ხვალისა,

და შენ, თავადაც, სახტად დაგტოვებს.

დღეს გააკეთე, რასაც აპირებ,

თუ იცი, შეგწევს ძალა რამისა.

 

 

არ დაბრუნდე ნისლად

 

გულო ჩემო, რისთვის მისდევ ისევ ღრუბელს,

გვედრი, ერთხელ მაინც დაახანე მზესთან,

ისევ ნაწვიმარი თუ ეახლე უბეს

იმ იმედით, კარგო, - შვებას ჰპოვებ ჩემთან,

რა ვიღონო, როგორ შეგიფარო, მითხარ.

თუ უშენოდ მხოლოდ. გავკრეფილვარ ფიქრად.

იქნებ ახლა მაინც, შეძლო მზესთან მისვლა,

ნუღარ მოხვალ წვიმად, არ დაბრუნდე ნისლად.

 

***

ალაზნის ველს, ტურფად გაშლილს,

ეფერება გაზაფხული,

ამ სივრცეებს როგორ წაშლის

შური, მტრობით დანაღმული.

დაებედა, რა ხანია,

კავკასიონს უფლის ნება -

ზემოთ მზეთოვლვარაყიანს

ქვემოთ ნისლი ეკალთება.

 

***

გატეხილ ლარნაკს გავამთელებ - ნება ჩემია,

საბნის დახეულ შალითასაც - ნება ჩემია.

დარღვეულ სულის ნაწიბურებს

ვერ დავაწებებ.

ვერ დავაკერებ.

რაგინდ ვეცადო -

არ გამთელდება.

ადამიანის ფერიცვალება

უფლის ხელშია.

 

 

ვაჟა-ფშაველას

 

ეს მუხანათი ბედისწერა რამდენს ეცადა,

ვერ მოსწრებოდი სიცოცხლეში დიდების შედეგს,

მაგრამ დიდება თავად მოგწვდა მიწიერს ცადა -

დღეს გვხიბლავს ლექსი შენეული - ასი წლის შემდეგ.

და მესმის წრფელი სინანული ნაღდი კაცისა,

 

მამულის ბედით შეჭირვება გულს რომ ჰხატია,

მაგრამ, ვაი, რომ არ გვაქვს არც რა კეთილ ჟამისა,

პირნათლად გითხრათ, რის მოსმენაც ასე გწადია:

«შვილთ აგისრულეთ ნანატრი,

აწ განისვენეთ ტკბილადა».

 

 

კაცი თვის წარსულს ესაუბრება

 

- ახალგაზრდობის მწყურია წლები.

- მითხარი, აბა, რა დაგაკელი?

- ყველა სურვილი მიმაჩნდა არად,

ველოდი მხოლოდ ჩემს ბედის მერანს.

- განა თვალები არ გიბრიალა?

და ფლოქვით მიწა არ აგიმტვერა?

- მე სიყვარულიც დიდი მწყუროდა,

და არ ვიცოდი - მეპოვა როგორ?

- მაგ დროს უბანში კრძალვით ელოდა

შენს გამოჩენას პირთეთრი გოგო.

- ბევრს ვაპირებდი სიკეთის ქმნასაც,

შორი მიზნებიც მაქვს ხელუხლები.

- არ გჭირდებოდა შორი გზით წასვლა,

ახლო გზაც იყო უფლის კურთხევით.

მიკვირს, რომ მხოლოდ თვალებით ხედავ,

და გულის მზერას ხარ მოკლებული,

ნუღარ მოგხიბლოს სხვა ბრწყინვალებამ,

რომ მყოფადს დახვდე ნაკლებ ვნებული.

მითხარი, საით მიილტვი ახლა,

რა სურვილი გძლევს, გულით რას ეტრფი?

- წლებით ჭაღარა რაც მომეძალა,

მინდა ვახარო სიმართლის ნერგი.

- აწმყოც ჩემებრ რომ არ გაგეპაროს,

მაშ, მოასწარი თესლის ჩაგდება,

სიმართლის გზაზე მოგიწევს მარტოს

ბრძოლაც და ცრემლით გაავდარებაც.

 

 

მამის დანატოვარი

 

            « წიგნი რამ ომით მონაპოვარი,

            საფერფლე მამის დანატოვარი -

            ყველას რაიმე აქვს სახსოვარი».

                                    გალაკტიონ ტაბიძე

 

«ყველას რაიმე აქვს სახსოვარი».

მე - მამისაგან წიგნების შეკვრა

და წერილები გაყვითლებული,

ომის ქარ-ცეცხლით, საველე ფოსტით

და სიყვარულით ნიშანდებული.

და კიდევ, ფოტო - არც თუ მრავალი,

კიდევ ღიმილი, სხვისას რომ არ ჰგავს,

და კიდევ რაღაც, ის უხილავი -

გულის სიღრმეში მალვით რომ დამაქვს.

მამის ხელნაწერს ვადა არა აქვს -

დრო ჩერდება, თუ ულმობად მიჰქრის,

ვით უდაბნოში სევდის ქარავანს,

დაჰბედებია მარტოდენ ფიქრი.

ავყავარ ღიმილს თითქოს ზეცად მე,

ღიმილს, ფოტოზე გადმოღვრილ ჯადოს,

დავქალდი, მაგრამ ვერ გავიზარდე,

ჩემში ბავშვი კვლავ ბავშვურად დარდობს.

და წერილების უსიტყვოდ ფურცვლაც

მავსებს სიცოცხლის საოცარ მუხტით,

ხსოვნის სიმძიმე მეც რომ მარგუნა,

უფალს თავმდაბლად მადლობას ვუხდი.

 

თან დავატარებ საფიქრალს უთქმელს -

ვის დავუტოვო ეს წერილები,

ეგებ, შემორჩნენ უჯრის შორ კუთხეს

ჩემს სახსოვრადაც, როს არ ვიქნები.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ხმალაძე ეთერ / ლექსები