გაკვეთილი მეცამეტე

ვინდოუს მედია პლეერი, პროგრამა ნერო

 

 

კომპიუტერი გვაძლევს არამარტო იმის საშუალებას, რომ შევქმნათ დოკუმენტები, ვიპოვოთ ინტერნეტში საინტერესო ინფორმაცია, მოვახდინოთ დოკუმენტების არქივაცია და ასე შემდეგ, ჩვენ ასევე შეგვიძლია მოუსმინოთ ჩვენთვის საყვარელ მელოდიებს და მეტიც! ჩვენ შეგვიძლია დისკიდან გადავწეროთ კომპიუტერში მუსიკა და პირიქით.

განვიხილოთ ვინდოუს მედია პლეერი. იგი უნდა გავხსნათ ვინდოუს ღილაკით მთავარი მენიუდან. ავირჩიოთ მენიუში პროგრამები, გავხსნათ ქვემენიუ და ქვედა ან ზედა ისრით ვიპოვოთ ვინდოუს მედია პლეერი.

განვიხილოთ დისკიდან კომპიუტერში გადაწერის მაგალითი.

ავიღოთ დისკი, სადაც ჩაწერილია მელოდიები. გავხსნათ დისკის მატარებელი პროცესორის წინა მხარეს მდებარე ღილაკით.  დისკის მოთავსების შემდეგ ისევ მივაწვეთ იმავე ღილაკს და  დაველოდოთ კომპიუტერში დისკის ტრიალის ხმას. იმ შემთხვევაში, თუ კომპაქტ დისკში ჩაწერილია მუსიკა სიდი ფორმატით, იგი ავტომატურად აჟღერდება.

ჟღერადობას ვაჩერებთ კომბინაციით კონტროლ+პე, შემდეგ კომბინაციიდ ვინდოუს+დე ან ვინდოუს+ემი გადავიდეთ სამუშაო მაგიდაზე, ისრებით ან ასო დაბლიუთი ვიპოვოთ ვინდოუს მედია პლეერი და დავაჭიროთ ენტერს. თუ ვინდოუს მედია ფლეერი არ გაქვთ სამუშაო მაგიდაზე, მას ვიპოვით ოლ პროგრამებში. ამისათვის დავაჭიროთ ღილაკს ვინდოუს, ისრებით ან ტაბით ვიპოვოთ სიტყვა ოლ პროგრამს, ენტერით გავხსნათ იგი და ისრებით ვიპოვოთ ვინდოუს მედია ფლეერი. როგორც კი ვიპოვით მას, თამამად ვაჭერთ ენთერს და ტაბ ღილაკით ვეძებთ სიტყვას რეკორდინგ მენიუ. ამ მენიუში შევდივართ სფეის ღილაკით და ერთხელ ვაჭერთ ქვედა ისარს. ხმოვანმა პროგრამამ ამ დროს უნდა გვითხრას იმ დისკის სახელწოდება, რომელიც არის მოთავსებული ჩვენი დისკის სათავსეში. დავაჭიროთ ენტერს და  კომპაქტ დისკიდან კომპიუტერში ჩაწერა დაიწყება. როგორც კი დისკი მთლიანად ჩაიწერება თქვენს კომპიუტერში, ჩაწერილი ტრეკების პოვნა შეგვიძლია  ფოლდერში მაი დოკუმენტის ქვეფოლდერში მაი მიუზიქ.

 ახლა კი განვიხილოთ, მუსიკის გადმოწერა კომპაქტ დისკიდან კომპიუტერში ემ პე სამი ფორმატით. ამისათვის ვათავსებთ დისკს დისკის მატარებელში. დისკის ჩატვირთვის შემდეგ, იხსნება ფანჯარა, სადაც კომპიუტერი გვათავაზობს გარკვეულ მოქმედებებს. მაგრამ ჩვენ უარს ვეუბნებით ამ შემოთავაზებაზე და ვაჭერთ ესკეიპ ღილაკს. ამის შემდეგ კომბინაციით ვინდოუს+დე ან ვინდოუს+ემით  გადავდივართ სამუშაო მაგიდაზე, ვპოულობთ მაი კომპიუტერს და ვაჭერთ ენთერს. შემდეგ ისრებით ვნახულობთ ჩვენ დისკს, ენტერით ვხსნით მას, რის შემდეგაც გამოშუქდება დისკზე არსებული მუსიკალური ფაილების სია. თუ გვინდა ყველა მუსიკალური ფაილის გადაწერა, მოსანიშნად ვიყენებთ კომბინაციას - კონტროლ+ა, ხოლო თუ გვსურს ერთი მელოდიის გადაწერა კომპიუტერში,  მაშინ ვდგებით მასზე და ვახდენთ მონიშნულის  კოპირებას ბუფერში კონტროლ+ცე ღილაკებით. მელოდია გადატანილია ბუფერში. ახლა იგი უნდა ჩავსვათ კომპიუტერში შესაბამის საქაღალდეში. ამისათვის ალტ+ეფ ოთხით ვხურავთ ფანჯარას, გადავდივართ სამუშაო მაგიდაზე, ვეძებთ მაი დოკუმენტს ან ნებისმიერ სხვა საქაღალდეს და ენტერით ვხსნით მას. შემდეგ კონტროლ+ვე ღილაკებით ვსვამთ მუსიკალურ ფაილებს საქაღალდეში.

მუსიკის გადმოწერის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია დავაჭიროთ სიდი რომის ღილაკს და  გამოვიღოთ კომპაქტ დისკი. ახლა შევამოწმოთ, მართლა გადმოიწერა თუ არა მუსიკალური ფაილები კომპიუტერში. გადავიდეთ იმ საქაღალდეში, სადაც  გადმოვწერეთ მელოდიები, , გავხსნათ იგი ენტერით   და ვიპოვოთ გადმოწერილი მუსიკალური ფაილები.

ახლა კი კომპიუტერიდან ჩავწეროთ მელოდიები ლაზერულ დისკზე.

მოვათავსოთ ცარიელი კომპაქტ დისკი დისკის მატარებელში. შემდეგ კი ავირჩიოთ გადასაწერი მუსიკალური ფაილები,  დავაკოპიროთ კომბინაციით კონტროლ+ცე ბუფერში და  ალტ+ეფ ოთხით დავხუროთ საქაღალდე.

ახლა კომბინაციით ვინდოუს+დე ან ვინდოუს+ემი გადავიდეთ სამუშაო მაგიდაზე, ვიპოვოთ მაი კომპიუტერი, ენტერით შევიდეთ და მოვძებნოთ ლაზერული დისკი და დავაჭიროთ ენტერს. კომბინაციით კონტროლ+ვე ჩავსვათ ბუფერიდან დაკოპირებული მელოდიები. ამ შემთხვევაში ფაილები გადატანილია დისკზე, მაგრამ საბოლოო ჩაწერისათვის საჭიროა შემდეგი ოპერაციები:

ამავე ფანჯარაში ტაბ ღილაკით გადავიდეთ სიტყვაზე რეკორდინგ ზის ფაილს ინ კომპაკტ დისკ და დავაწვეთ ენტერს.

გაიხსნება ფანჯარა, სადაც ისევ ტაბ ღილაკით გადავალთ რედაქტორზე, რომლის სათაურია დისკ ნეიმ და ჩავწერთ ჩვენთვის სასურველი დისკის სახელწოდებას. (თუ დისკი არ არის ცარიელი და მას უკვე მინიჭებული აქვს სახელი, დისკის სახელის ჩაწერა აუცილებელი არ არის). შემდეგ ისევ ტაბ ღილაკით გადავალთ სიტყვაზე ნეკსტ და ვაჭერთ ენტერს. გაიხსნება მომდევნო ფანჯარა, სადაც ისრით უნდა ავირჩიოთ რა ფორმატის დისკის შექმნა  გვსურს. იმ შემთხვევაში თუ გვინდა შევქმნათ ემპე სამი ფორმატის კომპაქტ დისკი, უნდა ჩამოვიდეთ ისრით, რის შემდეგაც აღმოვაჩენთ ეგრეთ წოდებულ სპეც ფორმატს. სხვაგვარად, ემ პე სამ ფორმატს, რომელსაც გახსნის მხოლოდ ამ ფორმატის მქონე ფლეერი. 

ჯერ ავირჩიოთ პირველი ანუ სიდი ფორმატი. დავაჭიროთ ენტერს და ტაბ ღილაკით ვიპოვოთ სიტყვა ბურნ. ისევ დავაწვეთ ენტერს და დაიწყება მუსიკის ჩაწერა კომპაქტ დისკზე.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გვსურს სიდი ფორმატის დისკის შექმნას, ქვედა ისრით მიუვუთითებთ ემ პე სამ ფორმატს და დავაწვებით ენტერს, რის შემდეგაც დაიწყება ამ ფორმატში მუსიკის გადატანა კომპაქტ დისკზე, ბურნ ღილაკის გარეშე.

ახლა კი მოვუსმინოთ კომპიუტერში ჩვენს მიერ ჩაწერილი მელოდიებს. ვიპოვოთ ფოლდერი სადაც გვაქვს მუსიკალური ფაილები, გავხსნათ საქაღალდე «მუსიკ»,  გადავიდეთ ტაბით და ვიპოვოთ სიტყვა პლეი ოლ. დავაწვეთ  ენთერს, რის შემდეგაც რამდენიმე წამში აჟღერდება მუსიკა.

მუსიკის მართვა ჩვენ  შეგვიძლია შემდეგი კომბინაციების დახმარებით:

კონტროლ+ეფი, შემდეგი მუსიკალური ტრეკი.

ამ კომბინაციის დახმარებით, მელოდია გადავა შემდეგ მელოდიაზე.

კონტროლ+ბე, წინა მუსიკალური ტრეკი. ამ კომბინაციის დახმარებით მელოდია გადავა წინა მელოდიაზე. თუ სიაში ის პირველია ამ  შემთხვევაში მოქმედება არ განხორციელდება.

კონტროლ+პე  -  პაუზა, განახლება. ამ კომბინაციით, მელოდია შეჩერდება. ხელმეორედ კომბინაციის აკრეფისას, მელოდია  განაახლებს  ჟღერადობას იმავე ადგილიდან, სადაც შეჩერდა.

კონტროლ+ესი, მუსიკის შეჩერება. ამ კომბინაციის დახმარებით მელოდია შეწყდება. იმისათვის, რომ კვლავ მოუსმინოთ მუსიკას, უნდა ავკრიფოთ კომბინაცია კონტროლ+პე და მელოდია აჟღერდება თავიდან.  

კონტროლ+ერი  -  მუსიკალური ფაილების დამთავრების შემდეგ ავტომატურად გამეორდება ყველა ის ფაილი, რაც ამ საქაღალდეშია ჩაწერილი.

ღილაკი F9 - ხმის აწევა. ეს ღილაკი წევს მუსიკის ხმას მაღლა.

ღილაკი F8  - ხმის დაწევა. ეს ღილაკი კი პირიქით, ახდენს  მელოდიის ხმის დაწევას.

კომბინაციით ალტ+ეფ4 შეგვიძლია დავხუროთ მედია ფლეერი.

 

პროგრამა «ნეროს» გამოყენება          

 

ვისწავლოთ კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ჩაწერა ლაზერულ დისკებზე.

პროგრამა ნეროს გააჩნია ბევრი ფუნქცია. ასეთ პროგრამებს ეწოდებათ მრავალ ფუნქციონალური სოფტი. ჩვენ აქ არ განვიხილავთ ნეროს ყველა შესაძლებლობას. ვისწავლით მხოლოდ რამდენიმე ფუნქციას: როგორ  ჩავწეროთ ფაილები (პროგრამები, ტექსტური, მუსიკალური და ვიდეო ფაილები და სხვა)  ლაზერულ დისკზე. ალბათ გახსოვთ, რომ მუსიკის გადმოწერა დისკზე უკვე  გავიარეთ ვინდოუს მედია პლეერის დახმარებით. თუმცა არ გვისწავლია მაგალითად როგორ ჩავწეროთ ფილმი  დივიდი დისკზე, რადგან ვინდოუს მედია ფლეერი არ იძლევა ვიდეო ფაილების გადმოწერის საშუალებას. 

არსებობს ორი ტიპის დისკი: სიდი დისკი, სადაც იწერება მუსიკა, პროგრამები, წერილები, ფოტოები და ასე შემდეგ და დივიდი, რომელზეც შეგვიძლია ჩავწეროთ ვიდეო ფორმატის ფაილები, ეს იქნება ფილმი, რაიმე კლიპი თუ სხვა.  ეს ორი დისკი განსხვავდება  ერთმანეთისგან იმით, რომ სიდი დისკზე ვერ ჩავიწერთ ვიდეო ფაილებს, ხოლო დივიდიზე  შევძლებთ ჩავწეროთ მუსიკაც, კინოც, ფოტოც და  სხვა ტიპის ფაილები. ამ  ორ დისკთა შორის კიდევ ერთი განსხვავებაა ტევადობა. თუ სტანდარტული სიდი დისკის მოცულობაა 700 მეგაბაიტი, სტანდარტული დივიდი დისკი იტევს 4 გიგაბაიტ ინფორმაციას. ალბათ მიხვდებოდით, რომ 700 მეგაბაიტი ბევრად ნაკლებია 4 გიგაბაიტზე, რადგან 1 გიგაბაიტში ეტევა 1024 მეგაბაიტი.

ვიპოვოთ კომპიუტერში პროგრამა ნერო. თუ მისი იარლიყი არ გვაქვს სამუშაო მაგიდაზე, ვიპოვოთ იგი მთავარი მენიუდან. დავაჭიროთ ღილაკ ვინდოუსს, ვერტიკალური ისრებით მოვძებნოთ პროგრამები (ოლ პროგრამს), მარჯვენა ისრით გავხსნათ ქვემენიუ და აქაც გამოვიყენოთ ვერტიკალური ისრები. უნდა ვიპოვოთ სახელწოდება ნერო  სტარტ სმარტ ესენშეალ. ჩვენ აქ განვიხილავთ ნეროს მეშვიდე ვერსიას, ანუ ნერო შვიდს. დავდგეთ ნეროზე, გავხსნათ კონტექსტური მენიუ და ვიპოვოთ სიტყვა სენდ ტუ (ატპრავიც).  ამ სიტყვასაც ვხსნით ენტერით და ქვედა ისრით ვნახულობთ  სიტყვას ქრიეით შორთკარდ ინ დესკტოპ (საზდაც იარლიკ, რაბოჩი სტოლ). ვაჭერთ  ენტერს და იარლიყი დგება სამუშაო მაგიდაზე.

გავხსნათ ნერო სტარტ სმარტი  ენტერით. 

გაიხსნება პროგრამის მთავარი მენიუ. აქ მარჯვენა ისრით უნდა ვიპოვოთ სიტყვა საუნდ (მუზიკა), შემდეგ ქვედა ისრით ვნახოთ სიტყვა ქრიეით ჯოუქ ბოკს მპ3, მპ4 ვემეა (ჯოუქბოქს აუდიო კომპაქტ დისკ).  ავირჩიოთ იგი, თუკი გვინდა ჩავწეროთ კომპაქტ დისკზე მუსიკა. მაგრამ თუ გვსურს ვიდეო ფაილის ჩაწერა დისკზე, კიდევ ერთხელ ჩამოვდივართ ისრით და ვდგებით სიტყვაზე ქრიეით ჯოუქ ბოქს  დივიდი მპ3, მპ4 ვემეა (ჯუქბოქს აუდიო დივიდი). 

ჩავწეროთ დისკზე რაიმე ვიდეო ფაილი. ავიღოთ ცარიელი დივიდი დისკი, გავხსნათ დისკის  ბუდე და დავხუროთ დისკის მატარებელი. რამდენიმე წამში   გამოვა ფანჯარა, სადაც ხმოვანი პროგრამა წაგვიკითხავს დისკების შექმნის ვარიანტებს.  ჩვენ ამ შემთხვევაში ვაჭერთ ღილაკ ესკეიპს და დროებით ვივიწყებთ ჩვენს დივიდი დისკს.

ჩვენს კომპიუტერში ვიპოვოთ ის ვიდეო ფაილი, რომლის გადმოწერა გვინდა დისკზე. კომბინაციით კონტროლ+ცე ვაკოპირებთ ფაილს ბუფერში და ვუბრუნდებით კომბინაციით ალტ+ტაბ ნეროს მთავარ ფანჯარას. ვაჭერთ ენტერს სიტყვაზე ქრიეით ჯოუქ ბოკს დივიდი მპ3, მპ4 ვემეა  (ჯუქბოქს აუდიო დივიდი) და გადავდივართ შემდეგ ფანჯარაში. ტაბ ღილაკით ვეძებთ სიტყვას ბექ (ნაზად) ანუ უკან.  ვაჭერთ ენტერს და  აღმოჩდებით ფანჯარაში, სადაც ტაბ ღილაკით უნდა მოვნახოთ სიტყვა ლისტ (სპისოკ). სიტყვა  ლისტ (სპისოკ) ამ ფანჯარაში არის ორი. ჩვენ გვჭირდება მეორე. ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვაწვებით ტაბს და   გადავდივართ მეორე სიტყვაზე ლისტ. აქ  ვერტიკალური ისრებით ვეძებთ სიტყვას დატა დივიდი (საზდაც დივიდი დანნიხ) და ვაჭერთ ენტერს, რითაც ვირჩევთ, რომ  გვინდა ჩავწეროთ ვიდეო ფაილები დივიდი დისკზე. ამ სიტყვაზე ენტერის დაჭერის შემდეგ ვბრუნდებით პირველ ფანჯარაში, სადაც უნდა ჩავსვათ ჩვენი ვიდეო ფაილი. ამისათვის ტაბ ღილაკით ვნახულობთ სიტყვას ლისტ 1  და  კონტროლ+ვე კომბინაციით  ვსვამთ  ფაილს. ტაბით გადავდივართ სიტყვაზე – შემდეგ (ნექსტ , დალეე). ვაჭერთ ენტერს და აღმოვჩდებით  მორიგ ფანჯარაში. აქ არის რედაქტორი, რომელზეც გადავდივართ ტაბით  და დისკის სახელწოდების გასწვრივ (იმია დისკა, დისკ ნეიმ) ვწერთ დისკის სახელწოდებას, მაგალითად ამ ვიდეო ფაილის სახელს. შემდეგ, როგორც კი  ავკრეფავთ დისკის სახელს, ისევ  ვაწვებით ტაბს და გადავდივართ სიტყვაზე სტარტ ბურნ (ზაპის). ინგლისურად ეს ნიშნავს ჩაწერის დაწყებას. ვაჭერთ ენტერს და ფაილი იწყებს ჩაწერას  დივიდი დისკზე. ახმაურდება პროცესორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩაწერის პროცესი მიმდინარეობს. ენვედეა კი პროცენტული მაჩვენებლებით გვამცნობს ჩაწერის პროცესს. როგორც კი ფაილი ჩაიწერება დისკზე, დისკის სათავსე თავისით გაიხსნება. კომპიუტერში კი დაიწერება, რომ თქვენი ფაილი წარმატებით  გადმოიწერა კომპაქტ დისკზე და ელის სხვა კომპაქტ დისკს, რათა  მოახდინოს იგივე ფაილის გადმოწერა. ნეროს აქვს  ისეთი ფუნქცია, რომ ერთ კონკრეტულ დისკზე ფაილის გადმოწერის შემდეგ შეგვიძლია მოვათავსოთ სათავსეში სხვა ცარიელი დისკი და დავხუროთ იგი, რის შემდეგაც ნერო ავტომატურად მოახდენს იმავე ფაილის გადმოწერას დისკზე. ოღონდ ეს უნდა იყოს იგივე ფორმატის დისკი, ჩვენ შემთხვევაში დივიდი. რადგან ჩვენ არ ვაპირებთ სხვა დისკზეც ჩაწერას, ალტ+ეფ4 კომბინაციით დავხუროთ ეს ფანჯარა და შემდეგ ტაბ ღილაკით ვიპოვოთ სიტყვა ნექსტ. დავაჭიროთ ენტერს და შეკითხვაზე გინდათ თუ არა შეინახოთ ეს პროექტი, ტაბით დგებით სიტყვაზე ნო, ანუ არა და  ვაჭერთ ენტერს.  ამის შემდეგ, ისევ ვიყენებთ კომბინაციას ალტ+ეფ4 და ნერო იხურება.

 

ახლა გადმოვიწეროთ რაიმე მუსიკა,  ტექსტური ფაილი ან თუნდაც პროგრამა. გავხსნათ ნერო სტარტ სმარტი, მარჯვენა ისრით მოვნახოთ სიტყვა საუნდ. ქვედა ან ზედა  ისრით  ვიპოვოთ ამ შემთხვევაში უკვე არა ქრიეით ჯოუქ დივიდი მპ3 მპ4 ვემეა არამედ  ქრიეით ჯოუქ მპ3 მპ4 ვემეა. დავაჭიროთ ენტერს, რის შემდეგაც გადავალთ  ფანჯარაში,  სადაც ტაბ ღილაკით მოვნახავთ  სიტყვას ბექ ანუ უკან. ამ მოქმედების შემდეგ, ჩვენ გადავალთ ფანჯარაში, სადაც ტაბ ღილაკით უნდა ვიპოვოთ სიტყვა ლისტ. როგორც გახსოვთ პირველ შემთხვევაში ჩვენ გავიარეთ იგივე გზა. აქაც უნდა გავაკეთოთ იგივე, დავდგეთ მეორე ლისტზე ანუ სიაზე ქვედა ისრით მოვნახოთ სიტყვა დატა სიდი.  დავაჭიროთ ენტერს და დავუბრუნდეთ პირველ ფანჯარას. ახლა კი  ვიპოვოთ რაიმე ტექსტური, მუსიკალური ფაილი  ან რაიმე პროგრამა. დავაკოპიროთ იგი ბუფერში კომბინაციით კონტროლ+ცე, შემდეგ ალტ+ტაბით გადავიდეთ ნეროს ფანჯარაში და ტაბით ვიპოვოთ სიტყვა ლისტ 1 და კომბინაციით კონტროლ+ვე მოვათავსოთ იგი ამ ფანჯარაში. როგორც კი ფაილი მოთავსდება, ტაბ ღილაკით გადავდივართ სიტყვაზე ნექსტ და ვაჭერთ ენტერს. მომდევნო ფანჯარაში ერთხელ ტაბით გადავდივართ და ვწერთ იმ ფაილის სახელს, ანუ ვანიჭებთ  დისკს სახელს. შემდეგ ისევ ვაჭერთ ღილაკს ტაბ და გადავდივართ სიტყვაზე სტართ ბურნ. ვაჭერთ ენთერს და ჩაწერის პროცესი იწყება. გადმოწერის შემდეგ, ნერო როგორც  პირველ შემთხვევაში დაგვიბრუნებს უკვე ჩაწერილ დისკს. შეგახსენებთ, რომ ნეროს აქვს ავტომატური ჩაწერის ფუნქცია. თუ გვინდა, რომ იგივე ფაილი ჩავწეროთ სხვა დისკზე და თავიდან არ გავიაროთ ზემოთ აღწერილი პროცედურა, უბრალოდ, ჩავდებთ დისკს, ვხურავთ დისკის მატარებელს  და ნერო ავტომატურად ჩაწერს იგივე  ფაილს ახალ დისკზე.  ჩაწერის დამთავრებისთანავე, გაიხსნება დისკის მატარებელი, დისკს ამოვიღებთ და კომბინაციით ალტ+ეფ4 ვხურავთ ნეროს ფანჯარას. შემდეგ ტაბ ღილაკით ვპოულობთ სიტყვას ნექსთ, ვაჭერთ ენტერს და შეკითხვაზე გვინდა თუ არა ამ  პროექტის შენახვა, ტაბით გადავდივართ სიტყვაზე ნო  (არა) და ვაჭერთ ენტერს. ნეროს ფანჯარა იხურება.

კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ნეროს დახმარებით ჩვენ შეგვიძლია კომპიუტერიდან გადმოვიწეროთ დისკებზე ვიდეო ფაილები, რისი შესაძლებლობაც არა აქვს ვინდოუს მედია პლეერს. ასევე ნერო  გვაძლევს საშუალებას, რომ გადმოვიწეროთ პროგრამები, ტექსტური ფაილები, ფოტოები და მუსიკა.

 

საკონტროლო შეკითხვები:

 

1. საიდან გავხსნათ ვინდოუს მედია პლეერი?

2. რა არის ვინდოუს მედია პლეერი?

3. რომელი ღილაკები გამოიყენება წინა და შემდეგი მუსიკალური ტრეკების მოსასმენად?

4. რომელი ღილაკებით ვაპაუზებთ მუსიკალურ ფაილს?

5. რის საშუალებას იძლევა პროგრამა ნერო?

6. რა და რა ფორმატის დისკების ჩაწერაა შესაძლებელი პროგრამა ნეროთი?

 

დავალება:

 

1. გახსენით ვინდოუს მედია პლეერი.

2. ჩადეთ დისკი კომპიუტერში და მედია პლეერის საშუალებით მოუსმინეთ მელოდიებს.

1. განათავსეთ ნეროს იარლიყის სამუშაო მაგიდაზე.

2. ჩაწერეთ ვიდეო ფაილი დივიდი კომპაქტ დისკზე.

3. ჩაწერეთ  პროგრამა, მუსიკა  ან რაიმე ტექსტური ფაილი სიდი ან დივიდი კომპაქტ დისკზე.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 14.გაკვეთილი მეცამეტე -ვინდოუს მედია პლეერი, პროგრამა ნერო