ედვარდ 

 

თარგმანი ინგლისურიდან - გივი გაჩეჩილაძე.

1.

 

– ვისი სისხლია შენს მახვილზე გადმონადენი,

ედვარდ,ედვარდ?

ვისი სისხლია შენს მახვილზე გამონადენი,

რად გაქვს აგრეთი მკაცრი იერი?

–  მრისხანების ჟამს შემომაკვდა დღეს შევარდენი,

დედაო ჩემო!

მრისხანების ჟამს შემომაკვდა დღეს შევარდენი,

და ვერსად ვნახე მის მაგიერი!

 

2.

 

– შევარდენის სიხლი არ იქნება აგრე წითელი,

ედვარდ,ედვარდ!

შევარდენის სისხლი არ იქნება აგრე წითელი.

შენი მახვილი მუქია მეტად.

–  ჩემს ქურანს დავკარ სასიკვდილოდ ხმალი შიშველი,

დედაო ჩემო!

ჩემს ქურქნს დავკარ სასიკვდილოდ ხმალი შიშველი.

და მკვდარი რაშის მაწუხებს სევდა.

 

3.

–  შენი ბებერი რაშის სისხლი არა ჰგავს ამას,

ედვარდ,ედვარდ!

შენი ბებერი რაშის სისხლი არა ჰგავს ამას,

შენი თვალები სხვა სიმძიმის არის მნახველი!

–  მაშ,მართალს გეტყვი: შემომაკვდა მშობელი მამა,

დედაო ჩემო!

მაშ მართალს გეტყვი:შემომაკვდა მშობელი მამა.

და საზარელი მტანჯავს ნარველი.

 

4.

 

–  როგორ-ღა გინდა მიტევება ცოდვებით სავსევ,

ედვარდ,ედვარდ!

როგორ-ღა გინდა მიტევება ცოდვებით სავსევ,

სინანულის გზას რით-ღა მიაგნებ?

–  ავდრია ზღვაში დავეგდები უნიჩბო ნავზე,

დედაო ჩემო!

ავდრიან ზღვაში დავეგდები უნიჩბო ნავზე.

და ქარს მივანდობ ნავის იალქნებს.

 

5.

 

–  რა დაეართოს მერე კოშკს და შენს ციხე-დარბაზს?

ედვარდ,ედვარდ!

რა დაემართოს მერე კოშკს და შენს ციხე-დარბაზს,

როდესაც ნავი გასცურავს იქით?

–  შიგ ქარიშხალმა ისეირნოს,წვიმამ და ქარმა,

დედაო ჩემო!

შიგ ქარიშხალმა ისეირნოს წვიმამ და ქარმა,

რათა მიწასთან გასწორდეს იგი.

 

6.

 

–  რა დღეში გრჩება წვრილშვილი და საბრალო ცოლი?

ედვარდ,ედვარდ!

რა დღეში გრჩება წვრილშვილი და საბრალო ცოლი,

რას დაუტოვებ უმწეო ბედად?

–  კარით-კარამდე სამოწყალოდ იარონ ლტოლვილთ,

მათ ვეღარასდროს ვიხილავ მეტად.

 

7.

 

–  მაგრამ დედა შენს რას მიტოვებ,მითხარი შემდეგ?

ედვარდ,ედვარდ!

მაგრამ დედაშენს რას მიტოვებ,მითხარი შემდაგ,

მე,საკუთარი მკერდით რომ გზრდიდი!

–  წყევლას და კრულვას არ მოგაკლებ სიკვდილის დღემდე.

დედაო ჩემო!

წყევლას და კრულვას არ მოგაკლებ სიკვდილის დღემდე,

რადგან შენ ცოდვა შთამაგონე,ეს ცოდვა დიდი.   

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ხალხური / ედვარდ