ხალხური

კალევალა

ეპოსი

 

რუნა პირველი

 

მე აღმიტანა სურვილმა ერთმა,

მე ფიქრი ერთი აღარ მასვენებს, –

მინდა მზად ვიყო ასამღერებლად,

მინდა ძლიერი დავიწყო სიტყვა,

რათა ვიმღერო სიმღერა ძველი,

ჩემივე გვარის ჰანგები ვჭექო.

აჰა, სიტყვები ბაგეზე დნება,

სიტყვები ენას მოადგნენ აგერ,

აგერ ბაგენიც განახვნეს ჩემი

და ლაგდებიან დიდებულ ამბად.

შე ოქროკაცო, ძმობილო ჩემო!

სწორფერო ჩემთა ბავშვობის დღეთა!

სიმღერებს ერთად ვიმღერებთ ორნი,

ამოვაშუქებთ გულიდან სიტყვებს.

ერთმანეთს ვხვდებით ძალიან ძვირად,

ასე გავიდა მრავალი წელი.

ახლა კი ორი დავტოვეთ მხარე

და ერთმანეთი ვიხილეთ ბოლოს,

სადაც გაშლილან სივრცენი მწირნი,

ყინულის მხარე გაშლილა სადაც.

მომეცი მძლავრი ხელები შენი,

მაგრად ჩავჭიდოთ თითები თითებს!

სახელგანთქმული ჰანგები ვჭექოთ,

მოდი, დავიწყოთ ყველაზე კარგით.

ჩვენი სიმღერის გაგონებაზე,

დე, მეგობრები გადიქცნენ სმენად,

დე, ყმაწვილებმაც მიაპყრონ ყური,

დაე, ისწავლონ უბირთა ყრმათა.

აქ, კალევალის სივრცეთა შენა,

სადაც მრავალი გაშლილა მდელო,

მე მოვუყარე თავი იმ სიტყვებს

და შევაგროვე ჰანგები იგი,

ვეინემეინენს რომ ჰქონდა წელზე,

ილმარინენს კი ქურაში ცხელში,

კაუკომელის ნაჯახსა ზედა,

იოუკახაინენს ისრების პირზე.

მათ მამაჩემი მღეროდა, მახსოვს,

ტარს ნაჯახისას რანდავდა ოდეს,

მათ მასწავლიდა მშობელი დედა,

ძაფს თითისტარზე ართავდა ოდეს.

მე მათ ფეხებთან ვფორთხავდი მაშინ

და ვეჩვეოდი სიარულს ფრთხილად,

რამეთუ ბავშვი ვიყავი მცირე

და ჩემი საზრდო რძე იყო მხოლოდ.

სამპოზე მღერდნენ მშობლები ჩემი,

ცბიერ ლოუხის ჯადოზე მღერდნენ

და ბერდებოდა ამბებში სამპო,

ხოლო ლოუხის ღუპავდა გრძნება,

ვიპუნენს კლავდა სიმღერა მძიმე,

ლემინკაინენს ისარი მჭრელი.

შემომინახავს სიტყვები ბრძნული,

შემომინახავს საკმაო ცოდნა:

მე ბილიკებზე მოვკრიფე ზოგი

და მანანაზეც მოვკრიფე ბლომად,

და მოვამტვრიე პატარა ბუჩქებს

და შევაგროვე რტოებზე იგი,

ზოგი კი დიდხანს ვაგროვე ველად,

ზოგი შემთხვევით ვიპოვე გზაზე.

ეს მოხდა მაშინ, როს ვიყავ ბავშვი,

როცა პატარა მეჯოგედ ვიყავ

და ფეხშიშველი მივსდევდი ხოლმე

დამშეულ ძროხებს – მურიკის, კიმოს,

სადაც გაშლილან ველები თაფლის,

ოქროსფერია ველები სადაც.

ყინვამ მომითხრო სიმღერა ბევრი,

ჩამომიტანა ზეციდან წვიმამ,

ქარმა მომბერა ჰანგები უცხო,

ზღვათა ზვირთებმა მოიღეს ზათქით,

ჩიტებმა ლექსი გამიწყვეს უცებ,

სიმღერის ნიჭი მომმადლეს ხეთა.

ეს სიმღერები ერთ მთლიან კონად,

ერთ ურღვევ მორგვად შევკარი მტკიცედ

და შევაგროვე მარხილზე მორგვი,

მარხილზე დავდე სიმღერის კონა.

იგი სახლისკენ წავიღე შემდეგ

და მივიტანე არდგმულთან იგი,

სპილენძის ყუთში ჩავჭედე მაგრად,

დავმალე ბეღლის იდუმალ ბანზე.

ეს სიმღერები უქმად და უზმოდ

ზამთრის ყინვაზე ეყარა დიდხანს.

არ განვარიდო სიმღერა ყინვებს?

არ მოვარიდო სიცივე ზამთრის?

ხომ არ აჯობებს, ჰანგების ყუთი

წავიღო სახლში და დავდო სკამზე,

სახლში, რომელსაც კარგი აქვს ერდო,

და მშვენიერი უხდება ჭერი.

აწ ყუთის გახსნა ჯობია იქნებ,

ჯობია სკივრი ავხადო სწრაფად

და მორგვის გორაკს გამოვკრა ხელი

და მორგვი იგი დავშალო ისევ?!

თუ მომიტანეს ახალი ლუდი

და შავი პურის ნატეხი მცირე,

გრძნეულ სიმღერებს ვიმღერებ მაშინ

და ყველა მსმენელს სიამეს მოვგვრი.

თუ არ მომართვეს სასმელი რამე,

არ მიწილადეს ნატეხიც პურის,

გამშრალი ყელით ვიმღერებ მაშინ,

ანდა გადვივლი მარტოდენ წყალზე,

რათა საღამო სიამეს გვგვრიდეს,

რათა დღე ჩვენი ბრწყინავდეს ირგვლივ,

და ხვალინდელი ლამაზი დილა

მხიარულებით დაიწყოს ისევ.

მომისმენია მრავალი ლექსი,

სიმღერის შექმნის ვყოფილვარ მოწმე.

ცალად მოდიან ღამენი ჩვენთან,

აქ თითო-თითოდ მოდიან დღენი.

ვეინემენიც, გრძნეული უცხო,

მომღერალი და მძნობელი ბრძენი,

ამ ქვეყანაზე მოვიდა ცალად,

მარტო მოვიდა ამ ქვეყნად იგიც.

ის გამორიყა მუცლიდან დედამ,

ის ალმატარმა დაბადა ზღვაზე.

ზეციურ სივრცის ასული კოხტა,

შემოქმედების ტანადი შვილი,

წმინდა ქალწულად ცხოვრობდა დიდხანს,

დიდხანს რჩებოდა ქალწულად იგი.

სადაც უსაზღვრო სივრცეა მხოლოდ,

უკიდეგანო გაშლილა სივრცე.

ბოლოს მოსწყინდა ამგვარი ყოფა,

უცნაურობად ჩასთვალა ბოლოს –

განმარტოებით ცხოვრება მძიმე,

წმინდა ქალწულად დარჩენა მარად.

სადაც გაშლილა საუფლო ზეცის,

სადაც დუმილი მეუფობს ოდენ.

დაბლა დაეშვა ასული მაშინ

და გადაეშვა ტალღებში ზღვისა,

ლამაზი ტანი მიანდო ტალღებს,

მაღლა აზიდულ ტალღებზე გაწვა.

უცებ სასტიკმა დაბერა ქარმა,

აღმოსავლეთით დაბერა უცებ,

ზღვა მოკამკამე აიმღვრა ქაფით,

ცად აღიმართნენ ტალღები მღვრიე.

მაგრად ანჯღრია ასული ქარმა,

გაუტყლაშუნა ტალღები ტანზე,

დააქანებდა მღელვარე ზღვაში

და ქაფშერეულ ტალღათა ზედა.

ქარმა შთაბერა ნაყოფი ასულს,

მისცა სისავსე ზღვამ ბორგნეულმა.

შემოქმედების ასული სათნო

დაატარებდა სისავსეს ტანჯვით,

დაატარებდა წელიწადს შვიდასს –

ცხოვრებას ცხრასა ადამიანის,

მშობიარობის არ დადგა ჟამი,

ჩაუსახავი არ დაიბადა.

ეხეტებოდა წყლის დედა დიდხანს,

უსაზღვრო წყლების ოთხივე მხარეს,

შემოიარა კიდენი ზეცის,

ნახა ციური ქვეყანა ყველა.

უმძიმეს საშოს სისავსის გამო

მას ტკივილები სტანჯავდა დიდი,

მშობიარობის არ დადგა ჟამი,

ჩაუსახავი არ დაიბადა.

მწარედ ატირდა ასული მაშინ,

ჩუმად ატირდა ასული ბოლოს:

“ვაი, მე – დევნილს სასტიკი ბედით,

მოხეტიალეს მღელვარე ზღვაზე!

განა რაიმე მოვიგე იმით,

ჰაერიდან რომ გამოველ წყალში?!

რომ მძიმედ მანჯღრევს ტალღები მღვრიე,

და გრიგალები მდევნიან მძლავრად,

ასე უსაზღვროდ გადაშლილ წყლებზე,

უკიდეგანო მღელვარე ზღვაში.

არა, დარჩენა ნამდვილად ჯობდა

ჰაერის ტურფა ასულად ცაში,

ვიდრე ამ ცივ და უსაზღვრო წყლებზე

ამავე წყლების უბედურ დედად.

აქ სიცივე და ტენია მხოლოდ,

ზღვაზე გაძლება ძნელია ძლიერ.

ო, უკოვ, ღმერთო უზენაესო!

ვინაც ატარებ ამხელა ზეცას!

მღელვარე ზღვაზე დაეშვი წამით

და განაწამებს ნუგეშად მექმენ!

შენ განარიდე ტკივილი ასულს,

ტანჯვებისაგან იხსენი ცოლი,

ნუღა აყოვნებ, მოვედ, ო, მოვედ,

ო, მოვედ, მოვედ მეოხად ჩემდა!”

ამ ლოცვის შემდეგ სულ მცირე ხანი,

სულ ერთი წამი გავიდა ალბათ,

ლამაზი იხვი გამოჩნდა ცაზე,

მოარღვევს ჰაერს ლამაზი ფრთებით

და ზღვაზე ადგილს დაეძებს ყველგან,

სურს გაიკეთოს ტალღებზე ბუდე.

ზღვის ზედაპირზე დაფრინავს სწრაფად,

მოივლის ზღვების ოთხივე მხარეს

და ვერ პოულობს შესაფერ ადგილს,

მცირე ადგილსაც პოულობს ვერსად,

რომ გაიკეთოს ლამაზი ბუდე,

რომ აიშენოს პატარა სახლი.

გაფრინდა, თვალი მოავლო ირგვლივ,

დაფიქრდა წამით, წარმოთქვა ასე:

“თუ ქარიშხალი დავიდგი ბინა,

თუ მცირე ბუდე დავწანი ზღვაში,

მას ქარიშხალი გაჰფანტავს უცებ,

უმალ წაიღებს მოძრავი ტალღა”.

დედას მოესმა სიტყვები მისი

და ილმატარმა, ასულმა ნაზმა,

სიღრმიდან მუხლი ამოყო ზღვაზე

და ცალი მხარი ასწია ზევით,

რათა ფრინველმა დაიდგას ბინა,

ლამაზმა იხვმა დაიწნას ბუდე.

შემდეგ გაფრინდა ლამაზი ჩიტი

და საოცრება იხილა შემდეგ:

ცისფერ ტალღებში მღელვარე ზღვისა

წყლის დედის მკვეთრი მოჩანდა მუხლი.

მუხლი კოლბოხად მიიღო უცებ,

ამწვანებულად ჩასთვალა კორდად.

მიმოიხედა, მიფრინდა ახლოს,

კოხტად ჩამოჯდა ასულის მუხლზე,

იწყო კეთება ლამაზი ბუდის,

და უმცირესი კვერცხების დება,

მან ექვსი კვერცხი ოქროსი დადო

და რკინის დადო მეშვიდე კვერცხი,

ის დიდხანს იჯდა კვერცხებზე კრუხად

და მონდომებით ათბობდა კვერცხებს,

იჯდა დღე ერთი, იჯდა დღე ორი,

ჰა, მესამე დღეც საცაა გავა

და ილმატარმა შეიგრძნო უცებ

სასტიკი წვა და ხურვება მუხლში,

თითქოსდა მუხლი მოიცვა ალმა

და უმალ გალღვა ყოველი ძარღვი.

წყლის დედამ მუხლი გაწია განზე

და შეარხია სხეული მთელი

და მოიტაცა კვერცხები ტალღამ

და მიიზიდა კვერცხები სიღრმემ,

მიმოიფანტნენ მღელვარე ზღვაში

და ნამსხვრევებად გარდიქცნენ უმალ.

არ დაღუპულან კვერცხები შლამში,

არც ნამსხვრევები ტალღებში ზღვისა,

მაგრამ თანდათან გამოიცვალნენ

და გარდაიქცნენ უცნაურ რამედ:

ლამაზი კვერცხის ქვედა ნაწილი –

იქცა სოველ და მორბილო მიწად,

ლამაზი კვერცხის ზედა ნაწილი –

წამოიმართა თაღებად ზეცის,

და კვერცხის გულის ზედა ნაწილი –

გამოგვეცხადა დიდებულ მზედა,

და კვერცხის ცილის ზედა ნაწილი –

მიმოიფანტა მთიებად ცაში,

ლამაზი კვერცხის ბნელი ნაწილი –

გამოგვეცხადა ზეცაში ღრუბლად.

და წელიწადი წელიწადს მისდევს

და ქვეყნად ასე გადიან დრონი,

მზე ახალგაზრდა ანათებს ქვეყნად,

ანათებს ქვეყნად ქალწული მთვარე.

წყლის დედა ცურავს უსაზღვრო ზღვაში,

ნაზი ასული ცივ წყლებში ცურავს,

რომლებიც მარად დგანან და თვლემენ,

შემოხვევიათ რომელთაც ნისლი.

ასულს ტალღები უგია დაბლა

და ლურჯი ზეცა ახურავს თავზე.

ბოლოს და ბოლოს, წელიწადს მეცხრეს,

როცა მეათე ზაფხულიც დადგა,

ასულმა თავი აზიდა ზღვიდან,

ამოიტანა სიღრმიდან სახე,

და ქმნილებათა შეუდგა შექმნას,

არსთა წარმოქმნას შეუდგა იგი.

იგი იღვწოდა მღელვარე ზღვაზე,

მღვრიე ტალღებზე იღვწოდა დიდხანს.

ასულმა ხელი აღმართა მაღლა –

და აღიმართნენ კონცხები უცხო;

სადაც დაადგა ასულმა ფეხი,

იქ დაიბადა დარანი თევზთა;

და სადაც ფეხით შეეხო სიღრმეს,

იქ გააღრმავა ასულმა ფსკერი.

სადაც კი ფერდით შეეხო მიწას,

იქ დაიბადა ნაპირი სწორი;

სადაც კი მიწას შეეხო ფეხით,

იქ გააჩინა თევზების სარჩო;

სადაც კი თავი დახარა დაბლა,

ზღვის ყურეები წარმოქმნა მცირე.

ასული ნაპირს განშორდა სწრაფად,

ცისფერ ტალღებზე შეჩერდა შემდეგ,

კლდეების შექმნას შეუდგა ზღვაში,

წყალქვეშა კლდეთა შეუდგა შექმნას,

შეეხეთქება რომელთაც გემი

და მეზღვაურნი პოვებენ სიკვდილს.

აი, შეიქმნენ კლდეები ბლომად,

ზღვაშიც დამკვიდრდნენ კლდეები უკვე,

ქართა სვეტები ავარდნენ ცაში,

უკვე შეიქმნა ქვეყანა ყველა,

თვალისმომჭრელად აჭრელდნენ ქვები

და წყალთა ქვეშე კლდეები იშვნენ,

არ იბადება ამ ქვეყნად მხოლოდ

ვეინემეინენ, გრძნეული დიდი.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

ეხეტებოდა საშოში დიდხანს,

იქ ოცდაათი ზაფხული დაჰყო

და ამდენივე ზამთარი კიდევ,

ზღვა ბობოქარი გაშლილა ირგვლივ,

შემოხვევია ნისლები ჯარად.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მოიღრუბლა და დაფიქრდა ასე:

რა ვიღონო და ვიცხოვრო როგორ,

ამ გამოკეტილ წყვდიადში ნეტავ?

სადაც ვერ ატანს ნათელი მთვარის.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დაღონებული იტყოდა ასე:

“მანათობელო მთვარეო, მზეო,

დათვის ვარსკვლავო, მბრწყინავო ცაში,

გამოსავალი მიჩვენეთ ჩქარა,

ჩქარა გამიღეთ დახშული კარი!

თავისუფლება მომეცით მოხუცს,

ბავშვსაც მომეცით თავისუფლება,

რათა ნათელი ვიხილო მთვარე,

მზე დიდებული ვიხილო რათა,

და დიდი დათვის თანავარსკვლავედს

გაოცებული მივაპყრო მზერა!”

თავისუფლება არ მისცა მთვარემ,

არ გამოუშვა ბრწყინვალე მზემაც,

ტანჯვად გარდიქცა ცხოვრება მისთვის,

მას გაუჭირდა გაძლება ძლიერ:

ციხის ალაყაფს შეეხო იგი

და არათითით გასწია მაგრად,

დიდი წვალებით გააღო ბოლოს

მარცხენა ფეხის მოქნილი ნეკით,

იგი ხელებით მოფორთხავს ზღურბლზე,

იგი მუხლებით მოყვება ერდოს.

იგი უეცრად ჩავარდა ზღვაში

და ჩააფრინდა თითებით ტალღებს,

წყლის მოწყალებას მიენდო იგი,

ვაჟკაცი ტალღის იმედად დარჩა.

ზღვაზე მან ხუთი გალია წელი,

მეექვსე წელიც არწია ტალღამ,

შემდეგ მეშვიდე და მერვეც შემდეგ

და მოაშურა ნაპირებს ბოლოს.

უცნობ მეჩეჩზე გავიდა იგი,

უდაბურ ნაპირს მიადგა უმალ.

ნაპირს მუხლებით დაეყრდნო მაგრად,

ხელებით მძლავრად დაეყრდნო ნაპირს,

წამოდგა, რათა იხილოს მთვარე,

მზე დიდებული იხილოს რათა,

რომ დიდი დათვის თანავარსკვლავედს

გაოცებული მოაპყროს მზერა.

ასე მოვიდა ვეინე ქვეყნად,

ბრძენ მომღერალთა გვარტომის კაცი,

სახელოვან პაპათა პაპა,

იმ ილმატარის ნაყოფი მძიმე.

 

რუნა მეორე

 

აი, წამოდგა ვეინე ფეხზე,

ფეხებით მტკიცედ დაეყრდნო ნაპირს,

დაეყრდნო კუნძულს, განბანილს ზღვისგან,

ის უკაცრიელს დაეყრდნო კუნძულს.

იმ უკაცრიელ კუნძულზე თურმე,

სადაც ნიშანიც არ იყო ტყვეთა,

დიდხანს ცხოვრობდა ვეინე მარტო,

სიმარტოვეში გავიდა წლები.

დიდად ჩაფიქრდა ვეინე ერთხელ,

ერთ საზრუნავზე იმტვრია თავი:

ვინ დაუთესავს დაუფხვნელ მიწას,

ვის შეუძლია გაფანტვა თესლის?

პელერვოინენ, ველების შვილი,

პატარა ბიჭი, პატარა სამპსა,

მას დაუთესავს დაუფხვნელ მიწას,

მას შეუძლია გაფანტვა თესლის.

დაიწყო თესვა პატარა სამპსამ,

თესა ჭაობზე, ქედებზე, მთებზე,

გაშლილ მდელოზე გაფანტა თესლი,

ქვიან ვაკეზეც გაფანტა უხვად.

ფიჭვები თესა აზიდულ მთებზე,

ლამაზ ქედებზე ნაძვები თესა,

მწვანე ველებზე – მანანა უცხო,

გაშლილ ველებზე – ბუჩქები მწვანე.

თხრილებში თესა ხეები არყის,

ალქატ მიწაში მურყანი თესა,

შოთხვი კი თესა ტენიან ხევში,

ხოლო დაბლობში ტირიფი მწვანე,

წმინდა ადგილზე – ჭნავები უცხო,

ჭაობიანზე – ხეები წნორის,

ქვიშნარიანზე – დათესა ღვია,

მდინარის პირას – მუხები ჯმუხი.

სწრაფად იზარდნენ ხეები მაღლა,

ცად აიზიდნენ ლერწმები მწვანე,

ჭრელი კენწერო იზარდა ნაძვის,

იზარდა ფიჭვის ტოტები ხშირი.

წამოიზარდნენ არყები მურყნის,

თავი ამოყო ტენიდან შოთხვმა

და აღმოცენდნენ ღვიები უცებ;

ღვიის ნაყოფი კარგია ერთობ,

მშვენიერია ნაყოფი შოთხვის.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

წამოდგა, რათა შეავლოს თვალი,

როგორ დათესა პატარა სამპსამ,

პელერვოინენ იშრომა როგორ.

ვეინემეინემ გახედა ველებს,

იხილა ხეთა ლერწები ლაღი:

ვერ აღმოზრდილა მარტოდენ მუხა,

ხე ღვთაებისა არა ჩანს მხოლოდ.

თავისუფლება აჩუქა ჯიუტს,

დაე, შეიგრძნოს სიამე თვისი;

ზედიზედ სამი ელოდა ღამე

და დღეც ელოდა ზედიზედ სამი.

ასე გავიდა ლოდინის კვირა,

ხეს მიეახლა მოხუცი ბოლოს:

ვერ წამოზრდილა ვეება მუხა,

ხე ღვთაებისა არა ჩანს მაინც.

ჰა, გამოვიდა ასული ოთხი,

ასული ხუთი მოვიდა ზღვიდან

და ბნელით მოცულ პატარა კონცხზე

და კუნძულაკზე, მოცულზე ნისლით,

მყის შეესივნენ ასულნი მდელოს

და მონდომებით შეესივნენ თიბვას,

ველები ვრცელი გათიბეს ცელით,

დიდი ზვინები აზიდეს ცამდე.

ამ დროს ტურსასი მოვიდა ზღვიდან,

მძლე გოლიათი ეწვია კუნძულს

და გააჩაღა თივაში ცეცხლი

და თივა მძლავრად აებთო უცებ

და გარდაიქცა უეცრად ნაცრად

და ბოლოს ღრუბლად წავიდა ზევით.

აი, ნაცარი გაცივდა გროვად

და მშრალ მთასავით დაგროვდა ფერფლი;

მან ფერფლში დაფლა ფოთოლი ლორთქო,

ფოთოლთან ერთად მუხის რკო დაფლა,

მათგან ბალახად იზარდა მუხა,

ბალახმა ლერწი გაუშვა ზევით

და, რტოხშირი და ტანაშოლტილი,

ნოყიერ მიწას დაეყრდნო მუხა.

მუხამ განზიდა ტოტები ფართე,

ფართე ფოთლებმაც იფეთქეს სწრაფად,

ზეცამდე მიწვდა კენწერო მუხის,

გადაეხლართნენ ტოტები ღრუბლებს.

ღრუბლებს სარბენი დაუხშო მუხამ,

გადაურაზა სავალი გზები,

მზე დიდებული დაჩრდილა ცაზე,

ნათელი მთვარე დახორგა ერთობ.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დამწუხრებული ფიქრობდა ასე:

“ვის გააჩნია იმდენი ღონე,

დაბლა რონ დასცეს ვეება მუხა?

მოსაწყენია ცხოვრება ძლიერ,

უხერხულია თევზისთვის ცურვაც,

მზე დიდებული თუ არ ჩანს ცაზე,

ნათელი დისკო თუ არ ჩანს მთვარის”.

მაგრამ არ სჩანდა ვაჟკაცი მძლავრი,

არ გამოცხადდა დევგმირი უცხო,

რომელიც დაბლა დასცემდა მუხას,

გადაუმსხვრევდა აშოლტილ ტოტებს.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

მაღალ ღვთაებას ღაღადყო ასე:

“შემოქმედების ასულო, კავევ,

უსაყვარლესო დედაო ჩემო!

გვედრებ, წყლებიდან მომგვარო ძალა,

რემეთუ წყლებში ძალაა დიდი,

რათა დავამხო ვეება მუხა,

დავაყირავო ბოროტი ტანი,

რათა ნათობდეს მთოვარე ისე,

მზე დიდებული ნათობდეს რათა!”

ჰა, გამოვიდა დევგმირი ზევით.

იგი ვეება არ არის ტანად,

არც ტანად მცირე არ არის იგი.

ვაჟკაცის თითის სიგრძეა ალბათ,

ვერ აღემატოს დიაცის მტკაველს.

სპილენძის ქუდი ახურავს თავზე,

სპილენძისავე აცვია ჩექმა,

ხელთათმენები სპილენძისავე

დაფარული აქვს სპილენძის ქიცვით,

შვენის სპილენძის ქამარი წელზე,

სპილენძის ცული კიდია ვაჟკაცს,

თითის ტოლაა ნაჯახის ტარი,

პირი კი ბრჩხილის სიგრძეა მხოლოდ.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

გაკვირვებული ფიქრობდა ასე:

“ის გარეგნულად წააგავს ვაჟკაცს,

ვაჟკაცს აღსავსეს ღონით და ჯანით,

ხოლო ტანი აქვს თითისა სიგრძე,

სიმაღლით ჩლიქის ტოლაა მხოლოდ!”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დაეჭვებული იტყოდა ასე:

“ვერ გავარკვიე ერთი რამ მაინც,

რა დევგმირი ხარ ისეთი ნეტავ?

ხარ გარდაცვლილზე ლამაზი ოდნავ

და ძალით ოდნავ მეტი ხარ მკვდარზე!”

ზღვის ქონდრისკაცმა მიუგო მოხუცს,

ტალღების გმირმა მიუგო ასე:

“ნამდვილად ვარ მე ვაჟკაცი სრული,

ვარ გოლიათი, მოსული ზღვიდან,

რათა ვეება დავამხო მუხა,

დავაყირავო ამაყი ტანი”.

მაგრამ ის იყო წარმოთქვა სიტყვა,

უცნაურ ვაჟკაცს შეავლი თვალი:

გამოიცვალა ერთიან კაცი,

პატარა კაცი დევგმირად იქცა.

დაეყრდნო მიწას ფეხების ღონით,

თავით კი ყომრალს აეყრდნო ღრუბლებს,

მუხლამდე მიწვდა ველური წვერი,

ველური თმები ტერფამდე მიწვდა,

თვალთა შუაა საჟენი ორი,

ერთნახევარი საჟენი მუხლთან,

ტერფთან კი ერთი საჟენი მხოლოდ.

ნაჯახის ლესვას შეუდგა იგი,

რათა გაუჭრას ნაჯახმა უფრო,

ის ექვსზე ლესავს ნატეხზე კაჟის,

ის შვიდზე ლესავს სალესავ ქვაზე.

შემდეგ ბაჯბაჯით წავიდა იგი,

გრძელი ლაჯები გაადგა ფართედ,

ვეებერთელა და ფართე შარვალს

აფრიალებდა ძლიერი ქარი.

პირველი ბიჯი გადადგა ოდეს,

მიწაზე შავზე აღმოჩნდა უმალ,

მესამე ფესვებთან აღმოჩნდა იგი.

შემოუქნია ნაჯახი მუხას,

დაუწყო ჩეხვა ნაჯახით მჭრელით,

შემოჰკრა ერთხელ, შემოჰკრა ორჯერ

და როს მესამედ შემოჰკრა ბოლოს,

პირიდან ცეცხლი გასცვივდა ნაჯახს,

ხოლო მუხიდან აღმოხდა ალი;

ჰა, გოლიათმა იწივლა მწარედ,

გადმოსახრელად შეირხა მუხა.

ასე, ამგვარად, მესამე ცდაზე,

მან მოახერხა დამხობა მუხის,

გიგანტი მუხა დაამხო დაბლა,

დაუწყო ჩეხვა ვეება ტოტებს.

აღმოსავლეთით ისროლა ტანი,

დასავლეთისკენ კენწერო სტყორცნა,

სამხრეთისაკენ ფოთლები მწვანე,

ჩრდილოეთისკენ ტოტები ხშირი.

ვინაც აიღო ნასროლი ტოტი,

ბედნიერებას ეწია მარად,

ვინაც აიღო კენწერო მწვანე,

ის ჯადოქარი შეიქმნა დიდი,

ვინაც აიღო ფოთოლი ლორთქო,

გადაეფინა ხალისი გულზე.

მღვრიე ტალღებზე მღელვარე ზღვისა,

იქ, ზედაპირზე გაშლილი წყლების,

თუ სადმე დარჩა ნაფოტი მცირე,

ნამსხვრევი მცირე თუ სადმე დარჩა,

ძლიერმა ქარმა არწია იგი,

მძლავრმა გრიგალმა ანჯღრია ზღვაზე,

როგორც ტალღებზე ინჯღრევა კანჯო,

ზღვაზე ხომალდი ირწევა როგორც,

ბოლოს კი ქარმა წაიღო პოხელს

და გამორიყა ნაპირზე ქარმა.

პოხელის მხარის ასული ერთი

ფართე თავსაფარს რეცხავდა ზღვაზე,

წყალში ავლებდა მშვენიერ კაბას

და კლდის ლოდებზე აშრობდა შემდეგ.

უცებ ნაფოტი შენიშნა ზღვაში,

იგი ქისაში ჩაუშვა წამსვე

და ქისა თასმით გაძაგრა მაგრად,

და გამოსწია სახლისკენ შემდეგ,

რათა ჯადეგმა იხმაროს ჯადო

და მონუსხული ისრები შექმნას.

წყვდიადით მოცულ პატარა კონცხზე

და კუნძულაკზე, მოცულზე ნისლით,

როს გოლიათი დაემხო დაბლა,

ოდეს ამაყი დაემხო ტანი,

მზე დიდებული აენთო ცაზე,

გამოანათა მთოვარემ კვალად,

კვლავ ერთნაირად გაიხსნა სივრცე,

ცად განიშალნენ ღრუბელნი ბნელნი.

ამოიზარდნენ ჭალები მიჯნით

და გაეშურნენ ტყეები მაღლა,

ამოიშალნენ ფოთლები ლორთქო,

აჟრიამულდნენ ჩიტები ლაღი,

შაშვებმა ტკბილი გააბეს ზილი,

და გუგულებმა ძახილი მძიმე.

კვირტიდან იშვა ნაყოფი კარგი,

ამოიზიდა ყვავილი ოქროს,

ამოიზარდა ბალახი მწვანე,

გამოერია ყვავილი ბალახს.

მხოლოდ ესაა, არ ხარობს ქერი,

ლამაზი პური არ ხარობს მხოლოდ.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დაფიქრებული მივიდა ზღვასთან,

და ზღვის ნაპირთან იფიქრა დიდხანს,

დაუფლებოდა გოლიათს ფიქრი.

უცებ შენიშნა მარცვალი ექვსი,

მარცვალი შვიდი შენიშნა უცებ,

მარცვლები ხელში აიღო სწრაფად,

ციყვის ჩანთაში ჩაყარა იგი.

გზაზე დაადგა პატარა სამპსა,

წავიდა, რათა გაფანტოს თესლი,

სადაც მთავრდება ველები ოსმოს,

კალევის დიდი მდინარე მიდის.

აი, წიწკანა ამღერდა რტოზე:

“არა, არ მოვა ოსმოში ქერი,

არ გაიხარებს კალევში შვრია,

არ გამოჩეხეს სახნავად ტყენი,

არ გამოცეცხლეს ტყეები კარგად”.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

უმალ გამართა ნაჯახი ბასრი

და გამოჩეხა ტყეები მწვანე

და მიმოფანტა ხეები ველად.

მან გულმოდგინედ გასჩეხა ტყენი,

ერთი არყის ხე დასტოვა მხოლოდ,

რათა ჩამოჯდნენ ჩიტები ტოტზე

და იგალობოს გუგულმა რათა.

აი, არწივი მოფრინდა ციდან,

გადმოიფრინა მანძილი შორი,

რათა იხილოს შთენილი არყი:

“რატომ დატოვეს არყის ხე მარტო,

ხელუხლებელი რად არის არყი,

რად არ მოჩეხეს ხე იგი ნეტავ?”

ვეინემეინენ მიუგებს ასე:

,,მიტომ დავტოვეთ არყის ხე მარტო,

რათა ჩიტები ჩამოსხდნენ ტოტზე,

რათა არწივი ეწვიოს ციდან’’.

ასე მიუგებს არწივი ლაღი:

,,ძალიან კარგი გიქნია, ბრძენო,

რომ არ შეახე არყის ხეს ხელი,

რომ არ დაამხე ხე იგი დაბლა,

რათა მე თავად ვეწვიო ციდან!’’

არწივმა ცეცხლი მოიღო უცებ,

ნისკარტის დარტყმით აღაგზნო ალი,

ჩრდილოეთიდან დაბერა ქარმა,

აღმოსავლიდან დაბერა კიდევ;

ნაცრად აქცია ჭალები ხშირი,

ტყეები ხშირი აქცია კვამლად.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

მყის ამოიღო მარცვალი ექვსი,

შვიდი მარცვალი იპოვა უცებ.

ციყვის ტოპრაკში იპოვა იგი,

ყვითელი ციყვის პატარა თათში,

ყარყუმის ტყავში მიაგნო მარცვლებს.

აი, ისწრაფვის დათესოს ყანა,

რათა მიწაში გაფანტოს თესლი.

იგი ბეჯითად შეუდგა საქმეს,

იქმოდა საქმეს, იტყოდა სიტყვას:

,,აი, მე ვფანტავ, ვფანტავ და ვთესავ,

ვაპნევ და ვთესავ, ვთესავ და ვაპნევ,

მე ვთესავ უფლის მოწყალე ხელით,

იმ შემოქმედის მარჯვენით ვთესავ,

რათა ამ თესლმა იხაროს ველზე,

ლამაზი პური იზარდოს რათა.

უსაზღვრო ველთა დედაო დიდო,

ო, განმგებელო დიადი მიწის!

გამოზრდის ძალა მიეცი მიწას,

ნეშომპალისგან საფარი მიეც!

ნიადაგს ძალა ექნება დიდი

და გამოიღებს მშვენიერ ნაყოფს,

თუ მას ნიადაგ იფარავს ხოლმე,

შემოქმედების ასულთა გუნდი.

გამოიღვიძე, აღსდექი, მიწავ,

სიღრმენო ღვთისავ, გეყოფათ თვლემა!

აღმოაცენეთ რტოები ნორჩი,

გამოაჩინეთ მორჩები რტოზე!

სადაც დავხან და დავთესე სადაც,

სადაც დავღვარე ალალი ოფლი,

აღმოცენდება რტოები მწვანე,

რტოები თავთავს მოისხამს უხვად.

ო, უკოვ, ღმერთო უზენაესო,

ო, ზეციერო მამაო ჩვენო,

რომელიც ღრუბლებს განაგებ მეხით,

ჭექა-ქუხილით განაგებ ღრუბლებს!

ღრუბელთა შინა გამართე ბჭობა,

შენ ცათა შინა სიმართლე წარსთქვი!

აღმოსავლიდან ღრუბელი მოგვეც,

ჩრდილოიდანაც მოგვეცი იგი,

დასავლიდანაც მოგვეცი ბარემ,

სამხრეთიდანაც მოგვეცი ჩქარა!

ზეციდან წვიმა მოიღე ღმერთო,

ღმერთო, ღრუბლიდან მოიღე თაფლი,

რათა იზარდოს თავთუხი მაღლა,

გაუდიოდეს შრიალი ყანებს!”

ო, უკო, ღმერთი უზენაესი,

მამა სიბრძნით და ძალ-ღონით სავსე,

ღრუბელთა შინა გამართავს ბჭობას,

სიმართლეს წარსთქვამს ზეცაში იგი.

აღმოსავლიდან აგზავნის ღრუბლებს,

ჩრდილოეთიდანც აგზავნის სწრაფად,

დასავლეთიდან მოდენის ძალით,

სამხრეთიდანაც მოიღებს ბოლოს.

ღრუბელს ღრუბელზე შემოჰკრავს ზათქით

და დაიღვრება ქუხილი მძიმე.

ზეციდან წვიმას დაუშვებს უკო,

ღრუბლიდან ჟონვას დაიწყებს თაფლი,

რათა თავთუხი იზარდოს მაღლა,

გაუდიოდეს შრიალი ყანებს.

ვეინემეინეს ერთგული შრომით

ამოიზარდა ნაყოფი უმალ,

ნაყოფმა თავი აზიდა ცამდე,

უკვე დამწიფდა თავთუხი მსხვილი.

დღე ახლობელი გავიდა უკვე,

ღამეც გავიდა ორი და სამი,

ასე გავიდა კოდინის კვირა,

და გამოვიდა ვეინე გარეთ,

რათა მოსავალს შეავლოს თვალი,

რათა გახედოს მშვენიერ ყანას:

ხედავს, რომ ქერი მწიფეა უკვე,

უხეირია ექვსწილად თავთუხს,

თვითეულ წველზე მუხლია სამი,

და მოსავალი კარგია ფრიად.

ვეინემეინე,. მოხუცმა ბრძენმა,

მიმოიხედა ბეჯითად ირგვლივ.

ჰა, გაზაფზულის გუგული უცხო,

გაოცებული არყის ხეს უცქერს:

“რატომ დაინდეს არყის ხე ნეტავ,

რად არ შეახეს არყის ხეს ხელი?”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

მშვენიერ ფრინველს მიუგო ასე:

“მიტომ დავინდეთ არყის ხე მხოლოდ,

მად არ შევახეთ არყის ხეს ხელი,

რათა ნებივრად ჩამოჯდე ტოტზე

და იგალობო, გუგულო, ტკბილად.

ო, იგალობე, გუგულო ჩემო,

შენ, ქვიშისგულავ, დაგვატკბე ხმებით,

გულვერცხლა ჩიტო, იმღერე ჩქარა,

შენ, კალისგულავ, იმღერე დროზე.

იმღერე დილით, იმღერე ღამით

და იგუგუნე შუადღის ჟამსაც,

რათა შეამკო სიმღერით მდელო,

გაალამაზო ტყეები ხშირი,

რათა გამდიდრდეს ნაპირი ზღვისა,

რათა ხორბალით აივსოს მხარე!”

 

რუნა მესამე

 

იმ ვეინელის მდელოთა შორის,

იმ კალევალის მუხნართა შინა,

ვეინემეინენ ცხოვრობდა მარტო,

მშვიდად ცხოვრობდა მოხუცი ბრძენი

და ღაღადებდა სიმღერებს ლაღად

და მოგვითხრობდა უძველეს სიბრძნეს.

იგი სიმღერებს მღეროდა მუდამ,

არ ისვენებდა ღამითაც იგი,

მღეროდა იგი გარდასულ დროზე,

წარმოშობაზე საგანთა ძველთა,

რომელიც ეხლა არავის ესმის,

აღარც ყმაწვილებს და აღარც გმირებს,

რადაგან გვეწვია სიავე ჟამთა

და მოსავალი არ არის პურის.

შორეთს დაიძრა ამბავი დიდი,

ზღაპრული ხმები გავრცელდა ყველგან,

რომ მძლავრად მღერის მოხუცი ვინმე,

ჯერ გაუგონარ სიმღერებს მღერის;

ჩრდილოეთს მიწვდა ამბავი იგი,

ზღაპრული ხმები ეწვია სამხრეთს.

ლაფლანდიელი ჭაბუკი მლივი,

იოუკახაინენ სახლობდა პოხელს.

ერთხელ ის სტუმრად წავიდა სადღაც,

და იქ შეტყო ამბავი იგი, –

ვეინელისა მდელოთა შორის,

იმ კალევალის მუხნართა შინა,

რომ შეიძლება სიმღერა უკეთ

და უმჯობესი სიმღერის შექმნა,

ვიდრე ჭაბუკი მღეროდა თავად,

მისი მშობელი მღეროდა ვიდრე.

იოუკახაინენ შეიპყრო ბრაზმა,

ლაფლანდიელი აღივსო შურით

ვეინემეინეს სიმღერის ქებამ,

მის სიმღერებს რომ სჯობნიდა სიბრძნით.

მოხუც დედასთან მივიდა წამსვე –

გვარის წინამძღოლს ეწვია უმალ

და განუცხადა, რომ ტოვებს სახლ-კარს,

რომ უნდა გრძელი გალიოს გზები,

სურს ვეინელის ეწვიოს სოფლებს,

სურს ვეინესთან მოსინჯოს ძალა.

არც მამა და არც მშობელი დედა

მას არ ურჩევენ დაადგეს გზაზე,

რომ ვეინელის ეწვიოს სოფლებს,

რომ ვეინესთან მოსინჯოს ძალა.

“ნუ წახვალ, შვილო, იხმარენ გრძნებას,

ჯადოს იხმარენ, ძვირფასო ჩემო,

თავს მიაგდებენ თოვლის ზვინებში,

ხოლო ხელებს კი ყინულზე ცივზე,

რომ ძვრა ვერ უყო შენსავე ხელსა,

რათა ფეხებით ვერ წარსდგა ბიჯი.”

ლაფლანდიელი ჭაბუკი მლივი,

იოუკახაინენ იტყოდა ასე:

“ბევრი რამ იცის ძვირფასმა მამამ,

დედამ კი იცის მამაზე მეტი,

მათზე მეტი კი მე ვიცი თვითონ,

ვარ გაცილებით ჭკვიანი მათზე.

თუ ჩავუდექი ვაჟკაცებს ჯიბრში,

თუ გავუმართე მომღერლებს დავა,

ყველა მომღერალს შევარცხვენ ვიცი,

ყველა ჯადოქარს მოვუვლენ ჯადოს;

მე ჩემს სიმღერებს ვიმღერებ გრძნებით,

ბოლოდ გარდვაქცევ მომღერალს პირველს,

მომღერალს ქვაში მოვაქცევ უმალ,

ხოლო ფეხებს კი ჩავუჭედ ხეში,

მკერდზე დავაწყობ უმძიმეს ლოდებს,

ზურგს დავუმშვენებ ლოდების რკალით,

ხელზე ჩავაცმევ ხელთათმანს ქვისას,

ქვისავ მუზარადს დავადგამ თავზე!”

იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,

გამოიყვანა მერანი გარეთ:

ნესტოებიდან იფრქვევა ცეცხლი

და ფლოქვებიდან ენთება ელვა,

მან ბედაური შეკაზმა წამსვე,

ოქროს მარხილში შეაბა იგი,

ოქროს მარხილზე ავიდა თავად,

მოიკალათა მარხილის თავზე.

გადაუჭირა მათრახი მერანს,

მარგალიტის რომ შვენოდა ტარი,

გზაზე გავარდა მერანი უმალ,

მუხლადი ცხენი გაიჭრა გზაზე.

დღე ერთ იარა, იარა ორი

და დღე მესამე დასრულდა ოდეს,

ის ვეინელის მიადგა მდელოს,

კალევის სივრცეს მიადგა იგი.

ვეინემენინენ, მოხუცი ბრძენი,

დიდი მისანი, უკვდავი მარად,

მიისწრაფოდა იმავე გზაზე,

სწორედ იმ გზაზე ვიდოდა იგიც.

ლაფლანდიელმა ჭაბუკმა შლეგმა,

ვეღარ ალაგმა მერანი დროზე,

და შეეჯახა ვეინეს მარხილს

და გამოედო ხელნაზე ხელნა,

გადაეხლართა ჭაპანი ჭაპანს,

უცებ შეასკდნენ ერთმანეთს რკალნი,

და აჭრიალდა საკისრე მწარე.

მაშინ ისინი დაცხრნენ და დადგნენ

და ასე იდგნენ წასულნი ფიქრში...

ორივე რკალზე ჟონავდა ცვარი,

სდიოდა ორთქლი ორივე ხელნას.

ვეინემეინენ იტყოდა ასე:

“რომელი გვარის კაცი ხარ, ნეტავ,

შეშლილივით რომ აჭენებ ცხენებს,

მოულოდნელად რომ მესხმი თავზე?

რად გამიტეხე საკისრე ცხენის,

რად დამიმსხვრიე რკალები ნეტავ,

ან რას ერჩოდი მშვენიერ კავებს,

რად დამილეწე მარხილი ჩემი?”

იოუკახაინენ, ჭაბუკი შლეგი,

ვეინემეინენს მიუგებს ასე:

“იოუკახაინენ გახლავარ თავად.

აწ, შენ გამეცი პასუხი სწორი:

რომელ უმგვანო გვარის ხარ თითონ,

მამცნე უჯიშო ოჯახი შენი!”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

საკუთარ სახელს წარმოსთქვამს დინჯად

და შემდეგ ასე მიუგებს ჭაბუკს:

“მაშ შენ ხარ იგი იოუკახაინენ?

დავრდომილ მოხუცს გზა მომეც, შვილო.

შენ ხომ ასაკით მცირე ხარ ჩემზე!”

იოუკახაინენ მიუგებს ასე:

“აქ გადმწყვეტი როდია ეხლა,

სიყმაწვილე თუ სიბერე ჩვენი,

გადამწყვეტია ღირსება მხოლოდ,

გადამწყვეტია ჭკუა და სიბრძნე,

გზა უნდა მისცეს სულელმა ჭკვიანს,

უნდა მიუზღას პატივი მეტი.

ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,

მაშ მოვემზადოთ სიმღერისათვის,

ჩვენ სიმღერები ვიმღეროთ ჩვენი

და მოვუსმინოთ ერთმანეთს დინჯად,

და შეჯიბრება დავიწყოთ ჩქარა”.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

იოუკახაინენს მიუგებს ასე:

“ვარ მომღერალი, უცნობი ერთობ,

მოკლედ, ოსტატი ვერა ვარ საქმის.

რადგან ვიზარდე მშობლიურ ველზე

და იქ გუგულებს ვუსმენდი მხოლოდ.

მაგრამ აღსრულდეს სურვილი შენი,

შენ სიღერები დაიწყე ჩქარა.

მითხარ რა იცი შენ სხვაზე მეტი,

სხვის უმჯობესი რითა ხარ ნეტავ?”

იუოკახაინენ, ჭაბუკი შლეგი,

დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე;

“მე გამაჩნია საკმაო სიბრძნე,

მაგრამ ერთი რამ შევიგნე ნათლად.

სახურავშია სარკმელი კვამლის,

ხოლო კერია ღუმელის ახლოს.

მშვენიერი აქვს ცხოვრება სელაპს,

ძაღლი ზღვებისა ნეტარებს ზღვაში,

იგი ორაგულს იოლად იჭერს,

პატარა სიგებს მუსრს ავლებს იგი.

პატარა სიგი ბრტყელ ფსკერზე ცხოვრობს,

ორაგული კი ასგილზე სწორზე,

ქარიყლაპიას ქვირითის დაყრა

ძალუძს ზამთარში, მძვინვარე ქარში,

ხოლო ქორჭილა მხდალია ძლიერ,

შემოდგომაზე ესწრაფვის ორმოს,

ზაფხულში დაყრის მშვენიერ ქვირითს

და ნაპირებზე თქაფუნებს ლაღად.

თუ ჩემი ცოდნა გაეჭვებს ოდნავ,

მე შემიძლია მოგითხრო კიდევ,

როგორ შრომობენ ჩრდილოეთელნი,

როგორ აბამენ გუთნებში ირმებს,

გამძლე ფაშატებს – სამხრეთის მკვიდრნი,

ლაფლანდილენი – მუხლმაგარ ხარებს.

პისეზე ტყეებს მშვენივრად ვიცნობ,

ფიჭვებსაც ვიცნობ კლდეებზე ხორნის,

ტყენი მაღალნი იზრდება პისეს,

ხორნაზე ფიჭვნი ტანადნი მეტად.

მძლავრი ჩანჩქერი მეგულვის სამი,

სამი დიდი ტბა მეგულვის ქვეყნად,

და მთაც მაღალი სამია მხოლოდ,

ამ უსასრულო გადაშლილ ცისქვეშ.

ხალაპურია – ხიამელთ მთაა,

კატრაკოსკი კი კარილიელთა,

ვუოსკა არის დაუცხრომელი

და უძლეველი არის იმატრა”.

ვეინემეინენ მიუგებს ასე:

“ბავშვის გონება და ქალის სიბრძნე,

როდი შეჰფერის წვეროსან ვაჟკაცს,

ცოლიან ვაჟკაცს შეჰფერის როდი.

თუ ძალგიძს, მამცნე საგანთ საწყისი,

მიჩვენე სიღრმე მარად ქმნილების!”

იოუკახაინენ, ჭაბუკი შლეგი,

დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:

“მე ჩიტ წიწკანას მშვენივრად ვიცნობ,

ვიცი, რომ ჩიტთა ეკუთვნის მოდგმას,

გველების მოდგმას ეკუთვნის ძლოკვი,

ხოლო ჩიქვი კი ეკუთვნის თევზებს.

ვიცი, რომ რკინა რბილდება ერთობ,

რომ ჯამთა სვლაში მტუტდება მიწა,

რომ დამწველია მდუღარე წყალი,

რომ ცეცხლი ცხელი მავნეა ძლიერ.

ყველა წამალზე ძველია წყალი,

ხოლო ქაფიდან მზადდება ჯადო,

პირველ ჯადოქრად იტყვიან უფალს,

პირველ მკურნალად იტყვიან მასვე.

ჩვენ მოგვევლინა მთებიდან წყალი,

მგზნებარე ცეცხლი დაეშვა ციდან

და ჯანგი რკინად გარდიქცა თურმე

და დაიბადა სპილენძის კლდეში.

არის ჭაობი მიწებზე ძველი

და ყოველ ხეზე ხნიერი ძეწნა,

ფიჭვია კაცთა პირველი ბინა,

კაცთა პირველი ჭურჭელი – ქვები”.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

იუოკახაინენს მიუგო ასე:

“არა, ცოტა რამ ჯერ კიდევ მახსოვს,

მახსოვს ჭაღარა წარსული ქვეყნის,

ზღვა უსასრულო გადავხან როგორ,

ვით ამოვთხარე სიღრმენი ზღვათა,

ვით გავუჩინე დარნები თევზებს,

როგორ დავწიე ზღვის ფსკერი დაბლა,

და დავადგინე უსაზღვრო ტბები,

მაღალი მთები აღვმართე ცამდე,

მივყარ-მოვყარე კლდეები ირგვლივ.

მეექვსე ვიყავ ძლიერთა შორის,

მე გოლიათი მეშვიდე ვიყავ

და დედამიწა შევქმენი თავად,

და სამანები დავუდე ჰაერს,

ჰაეროვანი ავღმართე სვეტი,

და ზეციერი თაღები შევქმენ,

ცაზე გავუშვი ნათელი მთვარე.

და დავადგინე ზეცაზე მზეცა

და დიდი დათვის თანავარსკვლევედს

ფართო ადგილი დავუთმე ცაზე”.

ასე მიუგებს ვეინე ბრძენი:

“ზომაზე მეტად ტყუიხარ ეხლა.

შენ არასოდეს გიხილავს იგი,

ზღვა დიდებული გადახნეს როგორ,

ვით ამოთხარეს სიღრმენი ზღვათა,

ვით გაუჩინეს დარნები თევზებს,

როგორ დაწიეს ზღვის ფსკერი დაბლა

და დაადგინეს უსაზღვრო ტბები,

მაღალი მთები აღმართეს ცამდე,

მიყარ-მოყარეს კლდეები ირგვლივ.

მას არ უნახავს სახება შენი,

მას არ სმენია არსდროს შენზე,

ვინც დედამიწა წარმოქმნა თავად

და სამანები დაუდო ჰაერს,

ჰაეროვანი აღმართა სვეტი

და ზეციერი თაღები შექმნა,

ცაზე გაუშვა ნათელი მთვარე

და დაადგინა ზეცაზე მზეცა,

და დიდი დათვის თანავარსკვლავედს

ფართო ადგილი დაუთმო ცაზე”.

იოუკახაინენ, ჭაბუკი მლევი,

დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:

“დამიკარგია რადგანაც გონი,

მე მას მახივლით მივაგნებ, მჯერა!

ვეინემეინენ, მოხუცი ბრიყვო,

შენ, მომღერალო პირმორღვეულო,

მო, გავეჯიბროთ ერთმანეთს ხმალში,

მოდი, მოვსინჯოთ მახვილთა ძალა!”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

ასე მიუგო თავგასულ ჭაბუკს:

“მე არ მაშინებს მახვილი ბასრი,

არც სიცბიერე, არც სიბრძნე შენი,

აღსრულდეს ისე, როგორც გენებოს.

დაიმახსოვრე ერთი რამ მხოლოდ,

მე არ ვიბრძოლებ ხმალდახმალ შენთან:

ხარ უმგვანი და მომგვრელი ზიზღის!”

იოუკახაინენ აენთო ერთობ,

მრისხანებისგან მოექცა ყბები,

აუცახცახდა მახინჯი კეფა,

გაცეცხლებულმა იყვირა ასე:

“ვისაც აშინებს შეჯიბრი ხმალში,

ხმლების მოსინჯვა აშინებს ვისაც,

მე მას სიმღერით ვაჩვენებ ძალას

და ღორის დინგად გარდავქმნი უცებ,

ერთიან დავფლავ ნაკელის ხვავში,

ბოსლის კუნჭულში მივკუჭავ უმალ!”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მოიღრუბლა და განრისხდა დიდად

და წამოიწყო სიმღერა უცხო,

გამოადევნა სიტყვები სიტყვებს.

როდი მღეროდა სიმღერებს ბალღურს,

დიაცურ ჰანგებს მღეროდა როდი,

არამედ გმირულს მღეროდა ჰანგებს,

რომელსაც ბალღნი არ მღერენ სულაც,

ყრმანი ნახევრად მღერიან მხოლოდ

და მესამედად საცოლე კაცნი,

რადგან გვეწვია სიავე ჟამთა

და მოსავალი არაა პურის.

ვეინემეინემ იმღერა მძლავრად

და ფართე ტბები აღელდნენ ერთობ,

სპილენძიანი შეიძრნენ მთები

და ატკრციალდნენ ლოდები მძიმე,

გადმოეკიდნენ კლდეები კლდეებს

და დაილეწნენ ნაპირნი კლდეთა.

იგი მღერდა და მარხილის რკალზე

მყის აღმოცენდა რტოები უცხო,

საკისრეებზე ჩამოჯდა ძეწნა,

საძუეზე კი ბზა დაჯდა მწვანე,

მოოქროვილთა მარხილთა წყება

მდინარის პირის ტირიფად იქცა,

და მარგალიტის მათხრახი იგი,

ტბისპირა ლერწმად გარდიქცა უცებ,

ლაფლანდიელის საღარი ცხენი

მყის გარდაიქცა ჩანჩქერის ტინად.

მოოქროვილი ელვარე ხმალი

ღრუბლიან ცაზე განერთხო ელვად,

ფერად-ფერადი გარდიქმნა მშვილდი

ცისარტყელადა ფერად-ფერადად,

მიდამომფრენი ისარნი მისნი

შევარდნებად მიდამომფრენად

და ძაღლი მისი, ბრიყვულ სიფათის,

წამოიზარდა ვეება ზვირთად.

ლაფლანდიელი ჭაბუკის ქუდი

ვეებერთელად გარდიქცა ღრუბლად,

ხელთათმანები ჩაცვივდა ზღვაში,

წყალმცენარებად გარდიქცა უცებ,

და შალის ქურქი მიმოდის ზეცად,

ზეცაში ღრუბლად მიმოდის იგი,

ლაფლანდიელის ქამარი ფართე

ცაზე მთიებად გარდიქცა უმალ.

იგი მღერდა და ჭაბუკი შლეგი

დამპალ ჭაობში ჩაუშვა მძლავრად,

იგი თანდათან დაუშვა ფსკერზე,

ქვიშამ მხრებამდე დაფარა იგი.

იოუკახაინენ შეშინდა მეტად

და მან გონებით შეიგნო ბოლოს,

რომ გზაზე მცდარზე დაადგა იგი

და რომ ამაოდ იარა გზაზე,

რადგან ვეინეს – დიდებულ მოხუცს,

გამოუცხადა უაზრო ბრძოლა.

სურს ამოსწიოს ფეხები ზევით,

მაგრამ განძრევა არ ძალუძს ოდნავ,

რადგან ფეხები, ჩაფლული მძიმედ,

ჩაკირულია უძრავად ქვაში.

იოუკახაინენ შეშინდა ერთობ,

უბედურებას შეხედა ნათლად,

დარდმა შეიპყრო ჭაბუკი ბრიყვი

და შეევედრა ვეინეს ასე:

“ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

იოუკახაინენს მიუგებს ასე:

“როგორ საჩუქარს მპირდები ნეტავ,

გამოსასყიდველს მპირდები როგორს,

რომ დავიბრუნო სიტყვები ჩემი,

უკან წარვიღო გრძნეული სიბრძნე,

რომ ამოგიშვა შლამიდან ჩქარა,

რომ აგაშორო მუხთალი ბედი?”

იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,

დიდებულ მოხუცს მიუგო ასე:

“სწორუპოვარი მშვილდი მაქვს ორი,

წყვილი მაქვს მშვილდი გადასარევი,

ერთი მათგანი ერჭობა მძლავრად,

და ზუსტად სტყორცნის მეორე ისრებს.

ამოირჩიე ორიდან ერთი,

ამოირჩიე ერთ-ერთ მათგანი!”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

საბრალო ჭაბუკს მიუგო ასე:

“არა, არ მინდა მშვილდები შენი,

რად მინდა შენი მშვილდები, ბრიყვო?

მშვილდები სახლში მაქვს მე იმდენი,

ვეღარ ეტევა მშვილდები სახლში,

ისინი ტყეში მიდიან თავად,

ისინი თავად ისვრიან ისრებს.”

ისევ ამღერდა მოხუცი ბრძენი,

ჭაბუკი მლევი ჩაეფლო უფრო.

იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,

დიდებულ მოხუცს მიუგო ასე:

“სწორუპოვარი ნავი მაქვს ორი,

წყვილი მაქვს ნავი გადასარევი,

ერთი მათგანი ჩიტივით ფრინავს,

მეორე ტვირთით დაცურავს მძიმედ.

ამოირჩიე ორიდან ერთი,

ამოირჩიე ერთ-ერთ მათგანი!”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

საბრალო ჭაბუკს მიუგო ასე:

“არა, არ მინდა ნავები შენი,

რად მინდა შენი ნავები, ბრიყვო?

მომეპოვება ნავები ბლომად,

დაფარული აქვს ნაპირი ნავებს,

ქარებთან ერთად დაქრიან ერთნი,

მეორენი კი – პირიქით ქართა”.

ვეინემეინენ ამღერდა ისევ,

იოუკახაინენ ჩაეფლო უფრო.

იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,

დიდებულ მოხუცს მიუგო ასე:

“თავლაში კვიცი მიბია ორი,

წყვილი მყავს კვიცი გადასარევი,

ერთი მათგანი ქარივით ფრინავს,

მძლავრად ეწევა მეორე უღელს.

ამოირჩიე ორიდან ერთი,

ამოირჩიე ერთ-ერთი მათგან!”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

საბრალო ჭაბუკს მიუგო ასე:

“არა, არ მინდა ცხენები შენი,

რად მინდა შენი კვიცები, ბრიყვო?

მომეპოვება ცხენები ბლომად,

ყოველ ბაგაზე მიბია ცხენი,

ანკარა წყალი გადასდით ზურგზე,

გავსებული აქვთ ქონისგან გავა”.

ისევ ამღერდა მოხუცი ბრძენი,

ჭაბუკი მლევი ჩაეფლო უფრო.

იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,

დიდებულ მოხუცს მიუგო ასე:

“ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,

მისანო დიდო, უკვდავო მარად!

უკან წარიღე სიტყვები წმინდა,

უკან წარიღე გრძნეული სიბრძნე!

ქუდით მოგართმევ ბაჯაღლო ოქროს,

ბაჯაღლო ვერცხლსაც მოგართმევ ქუდით,

ის სისხლის ფასად დაუჯდა მამას,

ის მოიპოვა ბრძოლების ველზე”.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

საბრალო ჭაბუკს მიუგო ასე:

“ოქრო და ვერცხლი არ მინდა შენი,

რად მინდა შენი ქონება, ბრიყვო?

მომეპოვება ქონება თავად,

მაქვს სათავსონი პირამდე სავსე,

მთვარის ფერია ყოველი ოქრო,

ყოველი ვერცხლი მზე არის ფერად”.

ისევ ამღერდა მოხუცი ბრძენი,

იოუკახაინენ ჩაეფლო უფრო.

იოუკახაინენ, ჭაბუკი შლეგი,

ასე მიუგებს დიდებულ მოხუცს:

“ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,

მძიმე შლამიდან ამიშვი ჩქარა!

რომ განვერიდო სატანჯველს მძიმეს,

რომ ავიშორო საშიში ბედი.

გამოსასყიდლად მოგართმევ ხორბალს,

გაჩუქებ პურის უამრავ ველებს!”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

საბრალო ჭაბუკს მიუგო ასე:

“არა, მე ხორბლის არა ვარ ხარბი,

რად მინდა შენი ველები, ბრიყვო?

მომეპოვება ველები თავად,

მომეპოვება ველებზე ძნები.

ველები ჩემი ჯობია შენსას,

მე ძნები ჩემი მახარებს უფრო”.

ისევ ამღერდა მოხუცი ბრძენი,

ჭაბუკი შლეგი ჩაეფლო ისევ.

იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,

სასტიკი შიში შეიგრძნო ბოლოს,

იგი პირამდე ჩაეშვა შლამში,

შლამში წვერებით ჩაეშვა იგი,

პირი აევსო მიწით და ხავსით

და გაეხლართა კბილებში ბუჩქი.

იოუკახაინენ, ჭაბუკი მლევი,

დიდებულ მოხუცს ევედრა ასე:

“ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,

მისანო დიდო, უკვდავო მარად!

უკან წარიღე შელოცვა შენი,

უკან წარიღე გრძნეული სიბრძნე

და განმიტევე ჭაობით ჩქარა,

შემინარჩუნე სიცოცხლე ტკბილი!

ჩაკირული ვარ ფეხებით ფსკერზე

და ქვიშისაგან თვალები მტკივა.

თუ შენ უკანვე წარიღებ სიტყვებს,

თუ განმარიდებ შელოცვას ბოროტს,

ცოლად გაგატან ჩემს დას აინოს,

სულს ურჩევნიათ რომელიც მშობლებს.

დაე, დაგავოს სახლი და ეზო,

იატაკები დაგავოს შენი,

კარგად გარეცხოს ქვაბები მძიმე,

შენი სამოსი გარეცხოს კარგად,

კოხტად მოქსოვოს საბანი თბილი,

თაფლის კვერები დააცხოს უცებ”.

გამხიარულდა მოხუცი ერთობ,

ოდეს გაიგო ამბავი იგი,

რომ პირდებიან მშვენიერ ასულს,

ლამაზ აინოს აძლევენ ცოლად.

მაშინ ჩამოჯდა მოხუცი კლდეზე

და წამოიწყო სიმღერა ლაღი,

ორჯერ იმღერა სიმღერა მძლავრად

და მესამედაც იმღერა ოდეს,

უკან წარიღო სიტყვები თვისი,

გრძნეული სიბრძნე წარიღო უკან.

იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,

მყის წაიგრძელა კისერი მოკლე,

ამოათრია წვალებით წვერი

და ამოვიდა შლამიდან ბოლოს.

კვლავ გარდაიქმნა ყოველი სწრაფად,

კლდე გარდაიქცს ფაშატად ისევ,

ისევ მარხილად გარდიქცნენ რტონი,

კვლავ მათრახობა მოწყურდა ლერწამს.

იოუკახაინენ, ჭაბუკმა ბრიყვმა,

მოიკალათა მარხილის ტავზე,

დამძიმებული დაიძრა გულით,

თან წარიტანა ბოღმა და სევდა.

დედასთან შეყრა სწყურია ჭაბუკს,

ნახვა სწყურია მშობელი მამის.

გამოეშურა ხმაურით იგი

და შეშლილივით მიიჭრა სახლთან,

და მიამსხვრია მარხილი არდგმულს,

და მიამსხვრია ხელნები კარებს.

ვერაფერს მიხვდა მშობელი დედა,

მამამ კი ჭაბუკს მიუგო ასე:

“რად ჩაიდინე სიბრიყვე, შვილო,

რად მიამსხვრიე მარხილი არდგმულს!

რატომ დაქრიხარ ვითარცა შლეგი,

ცოფიანივით გვეცემი თავზე?”

იოუკახაინენ, ჭაბუკმა ბრიყვმა,

გადმოაფრქვია მდუღარე ცრემლი,

თავი მწუხარედ დახარა დაბლა,

ქუდი ვაგლახად მოექცა გვერდზე

და გაუფითრდა ბაგენი ფრიად

და ჩამოუშვა მწუხარედ ცხვირი.

დედამ არ იცის რაშია საქმე,

ამბის გაგება სწყურია დედას:

“რატომ ტირიხარ, ძვირფასო ჩემო,

რატომ ქვითინებ, ჭაბუკო, მწარედ.

გაგფითრებია ბაგენი ფრიად,

ჩამოგიშვია მწუხარედ ცხვირი?”

იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,

ჭაღარა დედას მიუგო ასე:

“უძვირფასესო დედაო ჩემო,

მე უმიზეზოდ ვტირივარ როდი,

გადავეყარე საშინელ ამბავს,

უბედურება დამატყდა თავზე!

უნდა ვიდარდო ცხოვრება მთელი,

უნდა ვაფრქვიო ცრემლები ღვარად,

რადგანაც შენი ასული სათნო, –

ნაზი აინო – დაიკო ჩემი,

ვეინემეინენს დავპირდი ცოლად,

ცნობილ მომღერალს აღვუთქვი უკვე,

რათა შეიქმნეს საყრდენი მისი,

რათა მწედ ექმნეს დანგრეულ ოჯახს”.

უეცრად ტაში შემოჰკრა დედამ,

გახარებულმა წარმოსთქვა ასე:

“ო, ნუ ტირიხარ, ძვირფასო ჩემო,

არ გაგაჩნია მიზეზი ცრემლის,

რადგან მხურვალედ მწყუროდა მუდამ

და ჩემი ნატვრა ის იყო მხოლოდ,

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მომღერალი და გმირების რისხვა,

რომ გამხდარიყო ძვირფასი სიძე,

ჩვენი ლამაზი აინოს ქმარი”.

ოდეს გაიგო სიტყვები დედის,

ნაზი აინო ატირდა მწარედ,

სახლის კიბეზე იტირა დიდხანს,

ორი დღე-ღამე აფრქვია ცრემლი.

ახლოს მივიდა მშობელი დედა,

სევდიან ასულს მიუგო ასე:

“ტყუილად ტირი, ასულო ჩემო,

დიდებულ ვაჟკაცს მიყვები ცოლად,

რათა მშვენიერს მიუჯდე სარკმელს,

რათა ლაყბობით იჯერო გული!”

დედას მიუგებს ასული ნაზი,

ნაზი აინო მიუგებს ასე:

“უძვირფასესო დედაო ჩემო,

მე სატირალი ბევრი მაქვს მეტად,

მე მენანება ნაწნავი გრძელი,

არ მემეტება დალალი მოკლე;

მათ თავსაფარით შეკრავენ მაგრად,

მათ თავსაფარი დაფარავს სქელი.

მე სანანებლად დამრჩება მუდამ

მზე სანუკვარი – მშობლიურ სოფლის,

მანათობელი პირბადრი მთვარე,

ლაჟვარდოვანი თაღები ცისა,

ძმა მშობლიური – ჩარხთან დამდგარი,

მამა კი მდგარი სარკმელთან ახლოს,

თუ მომიხდება ცხოვრება სხვაგან,

თუ მომიხდება დათმობა მათი”.

ასე მიუგებს მშობელი დედა,

სევდიან ასულს მიუგებს ასე:

“ნუ მისცემიხარ, სულელო, დარდებს,

ნუ მისცემიხარ ოხვრას და სევდას!

დარდას მისცემიხარ მიზეზის გარე

და უსაფუძვლოდ მოსთქვამ და სტირი.

მზე დიდებული, მოძღვნილი ღვთისგან,

მთელ დედამიწას უგზავნის სხივებს

და არა მარტო ფანჯარას მამის,

ან ძვირფასი ძმის სავარძელს მარტო.

წითელი მარწყვიც იზრდება ყველგან,

ყველაგან იზრდება ნაყოფი იგი,

შენ შეგიძლია მოკრიფო ქმართან

და არა მარტო მშობლიურ ტყეში

ან ძვირფასი ძმის უსაზღვრო ველზე”.

 

რუნა მეოთხე

 

ნაზი აინო, ასული სათნო,

კეთილი დაი ბოროტი ძმისა,

რტოებისათვის წავიდა ტყეში,

რათა დაეწნა ცოცხები მწვანე.

მან ერთი ცოცხი დაუწნა მამას,

დედას დაუწნა მეორე ცოცხი,

პატარა ძმასაც დაუწნა ბოლოს

და გამოსწია სახლისკენ სწრაფად.

მოეშურება ასული ტყიდან,

მოეშურება მურყანთა შორის.

აი, ვეინეც გამოჩნდა გზაზე

და შეამჩნია ასული უმალ,

ასულთან როდი მივიდა იგი,

მშვენიერ ასულს მიუგო ასე:

“მარგალიტების ყესაბამს ლამაზს

და ჯვარს, მშვენიერს, მკერდზე რომ გშვენის,

ნუ დაატარებ, ასულო, სხვისთვის,

ასულო, ჩემთვის ატარე მხოლოდ,

ჩემთვის დაიწან ნაწნავი კოხტა,

წითელი ბაფთით შეიკარ იგი”.

გაგვინაწყენდა ასული ნაზი,

დიდებულ მოხუცს მიუგო ასე:

“მარგალიტების ყელსაბამს ლამაზს,

და ჯვარს, მშვენიერს, მკერდზე რომ მშვენის,

როდი ვატარებ, მოხუცო, სხვისთვის,

არამედ ჩემთვის ვატარებ მხოლოდ.

როდი მიტაცებს ლამაზი კაბა,

ან თეთრი პურის როდი ვარ ხარბი,

უბრალო კაბა მაცვია ტანზე

და შავი პურის ვჯერდები ყუას.

და მშვიდად ვცხოვრობ მშობლიურ სახლში,

ძვირფას მშობლებთან უწყინრად ვცხოვრობ”.

ნაზი ასული აენთო უცებ,

სათნო ასული განრისხდა მეტად,

ჩამოიგლიჯა მკერდიდან ჯვარი,

ტყეში ისროლა ბეჭდები ოქროს,

მარგალიტები გაჰფანტა გზაზე,

გადაისროლა წითელი ბაბთა,

რათა უძღებმა ჩაყლაპოს მიწამ,

რათა მიიღოს წყვდიადმა სიღრმემ.

გამოეშურა მშობლიურ სახლში,

გადმოაფრქვია ცრემლები ცხარე.

მამა სარკმელთან შრომობდა მშვიდად,

ტარს ნაჯახისას რანდავდა იგი:

“რატომ ტირიხარ, ასულო ჩემო,

რა გაქვითინებს ესოდენ ცხარედ?”

“არის მიზეზი, მამო ჩემო,

არის მიზეზი ცრემლის და მოთქმის.

აი, მიზეზი, მამო ჩემო,

აი, მიზეზი ცრემლის და მოთქმის:

მამაო, ჯვარი დავკარგე უკვე,

საკინძეებიც დავკარგე, მამავ,

და იყო ჯვარი ხალასი ვერცხლი,

საკინძეები სპილენძი ნაღდი”.

ძმა კუტიკართან შრომობდა მშვიდად,

რკალს ოსტატურად რანდავდა იგი:

“რატომ ტირიხარ, დაიკო ჩემო,

რა გაქვითინებს ესოდენ ცხარედ?”

“არის მიზეზი, ძვირფასო ძმაო,

არის მიზეზი ცრემლის და მოთქმის.

აი, მიზეზი, ძვირფასო ძმაო,

აი, მიზეზი ცრემლის და მოთქმის:

“ყველა ბეჭედი დავკარგე უკვე

და მარგალიტიც დავკარგე ყველა,

ბეჭდები იყო ბაჯაღლო ოქრო,

მარგალიტი კი ვერცხლისა ფერის”.

დაიკო კართან შრომობდა მშვიდად,

და ოქროს ძაფით იქსოვდა ქამარს:

“რატომ ტირიხარ, დაიკო ჩემო,

რა გაქვითინებს ესოდენ ცხარედ?”

“არის მიზეზი, ძვირფასო დაო,

არის მიზეზი ცრემლის და მოთქმის:

საყურეები დავკარგე ოქროს,

და კოკოშნიკი დავკარგე ვერცხლის,

და აბრეშუმის საშუბლე ლურჯი,

აბრეშუმისვე წითელი ბაფთა”.

საკუჭნაოში შრომობდა დედა,

ქაფქირით ნაღებს იღებდა იგი:

“რატომ ტირიხარ, ასულო ჩემო,

რა გაქვითინებს ესოდენ ცხარედ?”

“ჰოი დედაო, მშობელო ჩემო!

შენ მაწოვებდი პატარას ძუძუს,

დედაო, მტანჯავს დარდები მძიმე,

დედაო, დიდი მატირებს სევდა.

ტოტებისათვის წავედი ტყეში,

რათა ცოცხები დამეწნა მწვანე,

მე ერთი ცოცხი დავუწან მამას,

დედას დავუწან მეორე ცოცხი,

პატარა ძმასაც დავუწან ბოლოს

და გამოვწიე სახლისკენ სწრაფად.

გამოვეშურე ასული ტყიდან,

მოვისწრაფოდი მუხნართა შორის,

ოსმოინენი შემომხვდა ბედკრულს,

კალევეინენ მეტყოდა ასე:

“მარგალიტების ყელსაბამს, ლამაზს,

და ჯვარს, მშვენიერს, მკერდზე რომ გშვენის,

ნუ დაატარებ, ასულო სხვისთვის,

ასულო, ჩემთვის ატარე მხოლოდ,

ჩემთვის დაიწან ნაწნავი კოხტა,

წითელი ბაფთით შეიკარ იგი!”

ჩამოვიგლიჯე მკერდიდან ჯვარი,

ტყეში ვისროლე ბეჭდები ოქროს,

მარგალიტები გავფანტე გზაზე,

გადავისროლე წითელი ბაფთა,

რათა უძღებმა ჩაყლაპოს მიწამ,

რათა მიიღოს წყვდიადმა სიღრმემ,

გავანაწყენე მოხუცი ბრძენი,

დიდებულ მოხუცს მივუგე ასე:

“მარგალიტების ყელსაბამს, ლამაზს,

და ჯვარს, მშვენიერს, მკერდზე რომ მშვენის,

როდი ვატარებ, მოხუცო სხვისთვის,

არამედ ჩემთვის ვატარებ მხოლოდ.

როდი მიტაცებს ლამაზი კაბა,

ან თეთრი პურის როდი ვარ ხარბი,

უბრალო კაბა მაცვია ტანზე

და შავი პურის ვჯერდები ყუას,

და მშვიდად ვცხოვრობ მშობლიურ სახლში,

ძვირფას მშობლებთან უწყინრად ვცხოვრობ”.

ასულს პასუხობს მოხუცი დედა,

ქალწულს მიუგებს მოხუცი ქალი:

“უძვირფასესო ასულო ჩემო,

ჩამოიცილე ბედშავი კვნესა!

შენ ერთ წელიწადს კარაქი ჭამე

და შეიქმნები ლამაზი უფრო,

შემდეგ წელს ხორცი მიირთვი ღორის

და შეიქმნები ტანადი უფრო,

მესამე წელს კი ახალი პური

და შეიქმნები ლამაზი უფრო.

ერთი საწყობი მეგულვის მაღლა,

აღმართულია საწყობი მთაზე,

შიგ უამრავი აწყვია ყუთი,

მძიმედ ეყრდნობა კოლოფი კოლოფს.

შენ უკეთესი მონახე უმალ,

თავსახურავი ახადე ჭრელი,

ექვს ოქროს ქამარს იპოვი ყუთში,

იქვე იპოვი შვიდ ცისფერ კაბას.

მთვარის ასულმა მოქსოვა იგი,

იგი მოქარგა ასულმა მზისამ.

მე ახალგაზრდა ვიყავი ოდეს,

ოდეს ყმაწვილი ვიყავი ქალი,

ტყეებში ვკრეფდი გემრიელ ჟოლოს,

გემრიელ ჟოლოს ვეძებდი ველად,

ველებზე თვალი მოვკარი მაშინ,

მწვანე ჭალაში შევნიშნე უცებ,

პირმშვენიერი ასული მზისა,

ასული მთვარის, დაზგასთან მდგარი.

მე ასულებთან მივედი ბოლოს

და შორიახლო დავდექი რიდით,

და მოკრძალებით დავძარი სიტყვა

და შევევედრე ასულებს ასე:

“ჰოი, ასულნო მზისა და მთვარის!

უპოვარ ასულს მომხედეთ ჩქარა,

უხვად მიბოძეთ ვერცხლი და ოქრო.

არ დაიშუროთ ოქრო და ვერცხლი!”

ოქრო მიბოძა ასულმა მთვარის,

ვერცხლი მიბოძა ასულმა მზისამ

და კოკოშნიკად გარდიქცა ოქრო,

და გარდაიქცა საშუბლედ ვერცხლი,

და მოვიკაზმე ყვავილის დარად,

გახარებული დავადექ გზაზე.

მე მეორე დღეს ვიარე სოფლად

და დღე მესამე დაიწყო ოდეს,

მე კოკოშნიკი მოვიხსენ ოქროს,

ჩამოვიხსენი საშუბლე ვერცხლის

და ავიტანე ისინი მთაზე,

და მაგარ ყუთში ჩავკეტე მაგრად,

და ინახება დღემდე იმ ყუთში,

მე არ მინახავს ისინი შემდეგ.

შენ აბრეშუმი შეიბი ბაბთა,

შუბლზე აიკარ საშუბლე ოქროს,

მარგალიტები დაისხი მკერდზე,

ჩამოიკიდე ოქროსვე ჯვარი,

ტილოს პერანგი ჩაიცვი ჩქარა,

ჩაიცვი კაბა უწმინდეს შალის,

შენ აბრეშუმი შეირტყი წელზე,

აბრეშუმისვე ჩაიცვი წინდა

აიღე ტყავის ჩექმები თხელი,

კარგად მოირგე ჩექმები ფეხზე.

შენ ნაწნავები დაიწან კოხტად,

და აბრეშუმის შეიკარ ბაფთით,

არ დაგავიწყდეს ბეჭდები ოქროს,

სამაჯურები შეიბი ხელზე.

მოიკაზმები ასული კოხტად,

გამოცხადდები მშობლიურ სახლში.

გულს გაუხარებ საყვარელ მშობლებს,

გაახალისებ ასული ყველას.

გზაზე გაივლი, ყვავილის დარი,

ჟოლოთა დარი გაივლი გზაზე,

და გამოჩნდები ტანადი უფრო,

და გამოჩნდები უფრორე მშვენი”.

ასე ურჩია ძვირფასმა დედამ,

საყვარელ ასულს ურჩია ასე.

არ მოუსმინა ასულმა მშობელს,

არ მოუსმინა საყვარელ დედას.

ასულმა სწრაფად დატოვა სახლი,

გადაიარა ლამაზი ეზო,

გადმოაფრქვია ცრემლები ღვარად

და სევდიანი მოთქვამდა ასე:

“ნეტავ რა არის ნეტართა აზრი,

ნეტართა ფიქრი რა არის ნეტავ?

იქნებ ის არის ნეტართა აზრი,

ნეტართა ფიქრი ის არის იქნებ,

რაც არის წყალი, მერხევი ოდნავ,

ოდეს ვედროში ირხევა იგი.

ნეტავ რა არის მწუხართა აზრი,

მწუხართა ფიქრი რა არის ნეტავ?

იქნებ ის არის მწუხართა აზრი,

მწუხართა ფიქრი ის არის იქნებ,

რაც გაზაფხულის თოვლია ხევში

და წყვდიად ჭაში მწყვდეული წყალი.

ჰოი, რა ხშირად ასულის აზრი,

ქალწული ქალის ფიქრები მწარე,

შეშინებული მიმოდის ველად,

მიიპარება ფარულად ტყეში,

მწვანე ბალახზე დაცოცავს მძიმედ,

ხავსზე და ბუჩქზე დაცოცავს ჩუმად.

ასეთი ფიქრი შავია უფრო,

ვიდრე კუპრი და ნახშირი ვიდრე.

მე ვიცი, ჩემთვის ნამდვილად ჯობდა,

არ გავეჩინე უბედურ მშობლებს,

არ გავზრდილიყავ ესოდენ ლაღი,

მცირედი ხანი მეცხოვრა ქვეყნად.

რომ მომკვდარიყავ მეექვსე ღამეს,

რომ მერვე ღამეს გამეცხო სული,

დამჭირდებოდა ძალიან ცოტა,

დამჭირდებოდა ძალიან მცირე:

გაიმეტებდნენ ხალათზე სიდონს,

პატარა ადგილს მომცემდნენ კორდში.

წაიტირებდა დედიკო ოდნავ,

წაიტირებდა მამიკო მოკლედ,

ხოლო პატარა ძამიკო ჩემი

არ მიტირებდა დაიკოს სულაც”.

დადარდიანდა მშობელი დედა,

სევდიან ასულს კითხავდა იგი:

“რატომ ტირიხარ, ასულო ჩემო,

რატომ ჩამოგდის ცრემლები ცხარე?”

“მიტომ ვტირივარ, დედაო ჩემო,

მიტომ ჩამომდის ცრემლები ცხარე,

რომ შენ ძვირფასი ასული შენი

ვეინემეინენს დაპირდი ცოლად,

რათა მიხედოს დავრდომილ მოხუცს,

მიხრწნილ ბერიკაცს საყრდენად ექმნეს

ნამდვილად ჯობდა, დედაო ჩემო,

ზღვაში ჩაგეგდო ასული შენი,

რათა ჰყოლოდათ დობილად სიგებს,

თევზებს მეგობრად ჰყოლოდათ იგი.

მე მირჩევნია ვიცხოვრო ზღვაში,

იქ გავატარო სიცოცხლე მთელი,

რათა ვეყოლო დობილად სიგებს,

რათა მეგობრად ვეყოლო თევზებს,

ვიდრე მივხედო დავრდომილ მოხუცს,

მიხრწნილ ბერიკაცს საყრდენად ვექმნე.

დვირეზე წინდით გადივლის იგი

და დავრდომილი ფეხის წვერს წაკრავს”.

აი, ავიდა ასული მთაზე,

იგი საწყობში შევიდა სწრაფად,

ამოარჩია ლამაზი ყუთი,

ყუთს თავსახური ახადა მძიმე,

იხილა ექვსი ქამარი ოქროს,

ცისფერი კაბაც იხილა შვიდი.

ამოარჩია ძვირფასი კაბა

და შეიმოსა მშვენიერ ტანზე,

აიღო ოქროს საყურე წყვილი

და კოკოშნიკი აიღო კოხტა,

ლურჯი საშუბლე აიკრა შუბლზე

და გაიკეთა ნაწნავზე ბაბთა.

ბნელი საწყობი დასტოვა ბოლოს,

გადაიარა ველები ვრცელი,მ

გადაიარა ჭაობი მდორე,

უღრანი ტევრი ჩამორჩა უკან.

ასული მღერის ნაღვლიან ჰანგებს,

გზადაგზა მძიმე სიმღერებს მღერის:

“დარდები ჩემი მძიმეა მეტად,

ერთობ მძიმეა ნაღველი ჩემი,

მძიმე დარდები მძიმდება უფრო,

უფრო დამძიმდეს ნაღველი მძიმე.

ვიცი, ნაღველს და საშინელ ტანჯვას

უფალი ბოლოს მოუღებს მაშინ,

როცა სიკვდილი მეწვევა კარზე,

რომ მომეღება უბედურს ბოლო.

დიაღ, დღე უკვე დამიდგა ჟამი,

სამარადისოდ დავეხსნა მიწას,

დროა, დავეშვა მანალის ფსკერზე,

დროა, ტუონში დავეშვა ბნელში.

ჩემთვის არ ტირის მშობელი მამა,

მშობელი დედა არ აფრქვევს ცრემლებს,

ჩემთვის არ ტირის დაიკო ჩემი,

ძმას ცრემლებია არ ჩამოსდის ოდნავ.

ეს მაშინ, წყალში ვეშვები ოდეს,

ოდეს ვეშვები მღელვარე ზღვაში,

თევზებისაკენ მივდივარ სწრაფად,

მივექანები შლამიან ფსკერზე”.

დღე ერთ იარა, იარა ორი,

და დღე მესამე დაიწყო ოდეს,

ზღვის სანაპიროს მიადგა იგი,

სადაც ლამაზი ყვაოდა მდელო.

საღამოს ბინდი დგებოდა უკვე,

ცას შერჩენოდა ნათელი ოდნავ.

ფართო ყურესთან მივიდა იგი,

და სევდიანი ჩამოჯდა ლოდზე,

და იქ იტირა საღამო მთელი,

შემოათენდა ტირილში რამეც.

ოდეს გამოჩნდა ქვეყანა ნათლად,

მან დაინახა ასული სამი:

მოისწრაფვოდნენ ისინი ზღვაზე,

მოისწრაფვოდნენ ზვირთებთან ერთად.

და გაეშურა აინო მათკენ,

სურს გახდეს მათი მეხუთე ტოტი.

სწრაფად გაიძრო ხალათი ტანზე,

ვერხვზე დაკიდა ცისფერი კაბა,

ნაზი წინდები მიწაზე დასდო,

ლოდებზე დასდო ჩექმები თხელი,

მარგალიტებით მოჰფინა ქვიშა,

მიმოაპნია ბეჭდები ქვაზე.

შორს გაბზარული კლდე იდგა ზღვაში,

კლდე იგი უცხოდ ბრწყინავდა შორით,

ასულმა ცურვით გასწია კლდისკენ,

უნდა როგორმე მივიდეს კლდესთან.

ასული კლდეზე ავიდა უკვე,

ასულმა კლდეზე დაადგა ფეხი

და დაიშალა კლდე იგი სწრაფად,

მძიმე გრუხუნით დაეშვა გსკერზე,

თან ჩაიტანა ასული ნაზი

და გაურია ლამსა და ქვიშას.

ასე ჩავარდა ასული ზღვაში

და სიკვდილის წინ იტყოდა ასე:

“სულელი ბავშვი მოვედი ზღვასთან,

რომ მენანავა ტალღებზე ამოდ,

მაგრამ უეცრად ჩავვარდი ზღვაში,

მოულოდნელად დავეშვი ფსკერზე.

უძვირფასესო მამაო ჩემო,

ამ ქვეყანაზე იცოცხლებ ვიდრე,

არ დაიჭირო თევზები ზღვაში,

აღარ მოხვიდე ამ წყეულ ზღვასთან!

მე საბანაოდ მოვედი ზღვასთან,

რომ მენანავა ტალღებზე ამოდ,

მაგარმ უეცრად ჩავვარდი ზღვაში,

მოულოდნელად დავეშვი ფსკერზე.

უსაყვარლესო დედაო ჩემო,

ამ ქვეყანაზე იცოცხლებ ვიდრე,

არ ამოზიდო ამ ზღვიდან წყალი,

შინ პურის ფქვილი მოზილო რათა!

მე საბანაოდ მოვედი ზღვასთან,

რომ მენანავა ტალღებზე ამოდ,

მაგრამ უეცრად ჩავვარდი ზღვაში,

მოულოდნელად დავეშვი ფსკერზე.

უსაყვარლესო ძამიკო ჩემო,

ამ ქვეყანაზე იცოცხლებ ვიდრე,

წყალი ბედაურს არ ასვა ზღვაში,

არ მოიყვანო ამ წყეულ ზღვასთან!

მე საბანაოდ მოვედი ზღვასთან,

რომ მენანავა ტალრებზე ამოდ,

მაგრამ უეცრად ჩავვარდი ზღვაში,

მოულოდნელად დავეშვი ფსკერზე.

უსაყვარლესო დაიკო ჩემო,

ამ ქვეყანაზე იცოცხლებ ვიდრე,

არ დაიბანო პირი ამ ზღვაში,

აღარ მოხვიდე ამ წყეულ ზღვასთან!

რადგან ამ ზღვაში ყოველი ტალღა,

ჩემი წითელი სისხლია მხოლოდ,

რადგან ამ ზღვაში ყოველი თევზი,

ჩემი სხეულის ხორცია მხოლოდ,

რადგან ნაპირის ბუჩქები მწვანე,

ჩემი საბრალო ძვლებია მხოლოდ,

რადგან ნაპირის ბალახი ლაღი,

ჩემი ლამაზი თმებია მხოლოდ”.

ასე დაეშვა ასული ფსკერზე,

ასე მოეღო უბედურს ბოლო...

ულამაზესი ასულის სახლში,

სადაც მშობლები ელიან ასულს,

ვის შეუძლია წარმოთქვას სიტყვა

და მოიტანოს ამბავი მძიმე?

სიტყვას ვერასდროს მიიტანს დათვი,

ის ვერ მიიტანს საზარელ ამბავს:

იგი თავს ესხმის საბრალო ძროხებს,

დაბნეულ ხბორებს იბრიყვებს მხოლოდ.

ულამაზესი ასულის სახლში,

სადაც მშობლები ელიან ასულს,

ვის შეუძლია წარმოთქვას სიტყვა

და მიიტანოს ამბავი მძიმე?

სიტყვას ვერასდროს მიიტანს მგელი,

ის ვერ მიიტანს საზარელ ამბავს:

იგი ცხვრის ფარას ეცემა თავზე,

საბრალო ბატკნებს იბრიყვებს მხოლოდ.

ულამაზესი ასულის სახლში,

სადაც მშობლები ელიან ასულს,

ვის შეუძლია წარმოთქვას სიტყვა

და მიიტანოს ამბავი მძიმე?

სიტყვას ვერასდროს მიიტანს მელა,

ის ვერ მიიტანს საზარელ ამბავს:

იგი დარაჯობს საბრალო ბატებს,

უტვინო ბატებს იბრიყვებს მხოლოდ.

ულამაზესი ასულის სახლში,

სადაც მშობლები ელიან ასულს,

ვის შეუძლია წარმოთქვას სიტყვა

და მიიტანოს ამბავი მძიმე?

სიტყვას კურდღელი მიიტანს მხოლოდ,

მხოლოდ კურდღელი მიიტანს ამბავს.

ასედაც ამბობს კურდღელი იგი,

იგი ამაყად პასუხობს ასე:

“დიდი ამბავი არ უნდა იმას,

რომ მიიტანოს ამბავი სახლში”.

აი, მოკურცხლა კურდღელმა უმალ,

ყურგრძელი სწრაფად გავარდა გზაზე,

ფეხმოქცეული მირბის და მიქრის,

პირმოღრეცილი ვეღარ გრძნობს დაღლას.

იგი ესწრაფვის ასულის ეზოს,

ასულის სახლ-კარს ესწრაფვის იგი.

აბანოს კარებს მიასკდა უცებ

და აიტუზა აბანოს ზღურბლთან.

იქ ნებივრობდნენ ასულნი ამოდ

და ყველას ცოცხი ეჭირა ხელში:

“ამ სახელგანთქმულ ოჯახის ქვაბთან

შენ მოსახარშად მოხვედი იქნებ,

ამ სახელგანთქმულ ოჯახის პატრონს

გემრიელ ვახშმად მოუხველ იქნებ,

ამ სახელგანთქმულ ოჯახის ვაჟკაცს

მსუყე სადილად მოუხველ იქნებ?”

ასე მიუგებს კურდღელი იგი,

თვალდაყვლეპილი მიუგებს ასე:

“დე, აქ მოვიდეს ბოროტი ლემპო

და ჩაიხარშოს მდუღარე ქვაბში!

მე კი იმისთვის მოვედი თქვენთან,

რომ მოგახსენოთ ამბავი მძიმე:

აღარ არსებობს ასული კოხტა,

ვისაც ქამარი შვენოდა ფართე,

სამკაულები შვენოდა კალის.

იგი ზღვის ფსკერზე დაეშვა სწრაფად,

უსიერ ფსკერზე დაეშვა იგი,

რათა გაუხდეს დობილად სიგებს,

თევზებს მეგობრად გაუხდეს რათა”.

დედას რა ესმა სიტყვები ესე,

როს მოისმინა ამბავი შვილის,

მწუხარებისგან ატირდა დედა,

გადმოაფრქვია ცრემლები ცხარე:

“ჰოი, დედებო – ძვირფასო დებო!

ამ ქვეყანაზე იცოცხლებთ ვიდრე,

არ გააჩინოთ არასდროს ბავშვი,

რა მიეკაროთ ასულის აკვანს,

არ გაათხოვოთ ასული ძალით,

თორემ ჩემსავით ინანებთ ბოლოს!”

საბრალო დედა მოსთქვამს და ტირის,

და იღვრებიან ცრემლები უღვთოდ,

და ეშვებიან თვალთაგან დაბლა,

და ეწვევიან მწუხარე ღაწვებს.

მძიმე თვალთაგან წვეთავენ ცრემლნი,

და იღვრებიან ცრემლები უღვთოდ,

და ეშვებიან ღაწვთაგან დაბლა,

საბრალო დედის მკერდამდე ვიდრე.

მძიმე თვალთაგან წვეთავენ ცრემლნი,

და იღვრებიან ცრემლები უღვთოდ,

და ეშვებიან მკერდიდან დაბლა,

ლამაზი კაბის კალთამდე ვიდრე.

მძიმე თვალთაგან წვეთავენ ცრემლნი,

და იღვრებიან ცრემლები უღვთოდ,

და ეშვებიან კალთიდან დაბლა

წითელზოლიან წინდამდე ვიდრე.

მძიმე თვალთაგან წვეთავენ ცრემლნი,

და იღვრებიან ცრემლები უღვთოდ,

და ეშვებიან ჩექმიდან დაბლა,

იმავე ჩექმის ძირამდე ვიდრე.

აპოხიერებს ნიადაგს ცრემლი

არავსებს ცრემლი დამშრალთა ტბათა.

ოდეს დაეცა ცრემლები მიწას,

ცრემლებმა სამი წარმოშვეს წყარო;

ცხარე ცრემლები მწუხარე დედის

გადმოედინა მდინარედ სამად.

სამი მდინარე დიოდა თვალებს,

საფეთქლებს მოსწყდა მდინარე სამი.

შემდეგ წარმოქმნა მდინარემ თითომ

წყალვარდნილები, მფრქვეველი ცეცხლის,

და წყალვარდნილთა ზვირთებში შემდეგ

ამოიზარდა სამი კლდე სალი

და თითო კლდეზე უეცრად გაჩნდა

თითო ლამაზი ბექობი ოქროს.

თითო ბექობზე იზარდა შემდეგ

თითო მწვანე და ლამაზი არყი

და თითო არყზე გალობდა ტკბილად

თითო ლამაზი გუგული ოქროს.

“სიყვარულიო”, – გუგუნებს ერთი,

“საქმროო” – მოსთქვამს მეორე მწარედ,

“სიხარულიო”, – მესამე გალობს

და გუგუნებენ სამივე ერთად.

“სიყვარულიო”, – რომ ამბობს ერთი,

იგი თვე სამი ეძახის ასულს,

ასულს, რომელიც ტალღებმა შთანთქა,

უსიყვარულოდ დაეშვა ფსკერზე.

“საქმროო”, – მოსთქვამს რომელიც მწარედ,

იგი თვე ექვსი ეძახის საქმროს,

საქმროს, რომელსაც არა აქვს ბედი,

დაეხეტება რომელიც ცალად.

“სიხარულოო”, – რომელიც გალობს,

მთელი სიცოცხლე ეძახის დედას,

რომელიც შვილზე ქვითინებს მწარედ

და ეგებება ყოველ დღე ცრემლით.

ოდეს მოესმა გუგულთა ხმობა,

საბრალო დედამ წარმოსთქვა ასე:

“ჰოი, დედებო – ძვირფასო დებო!

გუგულის ხმობას ნუ უსმენთ დიდხანს!

გუგულთა ხმობა გაისმის ოდეს,

ამითრთოლდება საბრალო გული,

გადმომეღვრება ცრემლები უხვად,

და მისველებენ ცრემლები ღაწვებს,

ცრემლები მცვივა, ვითარცა ცერცვი,

მოგორავს ცრემლები, ვითარცა ცერცვი,

მოგორავს ცრემლი, ვითარცა ბარდა.

გუგულის ხმობა მომესმის ოდეს,

მაშინ წყრთით ერთით ვბერდები უფრო,

ერთი ჩარექით ვდაბლდები მაშინ

და მიცახცახებს სხეული მწარედ”.

 

რუნა მეხუთე

 

აი, სახლამდე მოვიდა ხმები,

სახლში მოვიდა ამბავი მძიმე,

რომ მწარე ბედი ეწვია ასულს,

რომ დაიღუპა ყმაწვილი ქალი.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

ოდეს შეიტყო ამბავი მძიმე,

იგი ტიროდა დღისით და ღამით,

ასულის გამო ტიროდა იგი,

რომელსაც ზღვაში მოეღო ბოლო

და დაიძრა უსიერ ფსკერზე.

დამწუხრებული მტანჯველი ფიქრით,

დამძიმებული დარდებით ერთობ,

ზღვასთან მივიდა მოხუცი ბრძენი

და ზღვის ნაპირზე ღაღადყო ასე:

“უნტამოვ, ძილში ჩაფლულო მძიმედ,

ო, განმიცხადე სიზმრები შენი:

თქვი, სად ცხოვრობენ მშობლები ახტოს,

ველლამოს ასულთ სადა აქვთ ბინა?”

უნტამომ, ძილში ჩაფლულმა მძიმედ,

მას განუცხადა სიზმრები თვისი:

“აი, სად ცხოვრობს მშობლები ახტოს,

ველლამოს ასულთ სადა აქვთ ბინა:

წყვდიადით მოცულ პატარა კონცხზე

და კუნძულაკზე, მოცულზე ნისლით,

უსიერ ფსკერზე უძირო ზღვათა,

მრისხანე ზღვათა შლამიან ფსკერზე.

იქ ბინადრობენ მშობლები ახტოს,

ვილლამოს ასულთ იქა აქვთ ბინა,

ისინი სხედან პატარა ქოხში,

მათ გააჩნიათ სენაკი მცირე,

კლდე ზოლიანი დაჰყურებს სენაკს,

სენაკს შიშველი დაჰყურებს ტინი”.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

გახარებული ავიდა ნავზე

და ამოიღო ანკესი ფრთხილად,

და გაუსინჯა ანკესებს მკედი

და ტომარაში ჩაყარა შემდეგ,

და ჯიბეებში დამალა უმალ.

აამოძრავა ვეინემ ნავი,

კუნძულისაკენ დაიძრა მძიმედ,

წყვდიადით მოცულს მიადგა კუნძულს,

ნისლიან კონცხზე დაადგა ფეხი,

იგი მზადებას შეუდგა კონცხზე,

ანკესის გრძელი გამართა მკედი,

ანკესი წყალში ისროლა ბოლოს

და თევზაობას შეუდგა დინჯად:

იძვრის სპილენძის ანკესის ჯოხის

და მკედში ვერცხლი შრიალებს მძიმედ,

ხოლო ზონარში ხმაურობს ოქრო

და ნადავლს ელის ვეინე ბრძენი.

იჟიჟრიბანდა ზეცაზე ოდეს,

როს დაფიონი განერთხო ზეცას,

უეცრად ანკესს მოედო თევზი,

თვით ორაგული მოედო ანკესს.

ვეინემ თევზი მოზიდა მძლავრად,

ამოათრია კანჯოზე იგი.

მოხუცმა თევზი გასინჯა დინჯად,

გაოცებულმა წარმოთქვა ასე:

“გასაოცარი ვიხილე თევზი,

არ შემხვედრია მსგავსი რამ არსად,

სიგი ხომ ბრტყელი არ არის ესდენ,

არც კალმახია ესოდენ ჭრელი.

ქარუყლაპიას სითეთრით არ ჰგავს,

რადგან ეს თევზი თეთრია უფრო,

მამალს ნაკლები ამშვენებს ქერცლი,

უფრო მეტი კი ამშვენებს დედალს.

ასულებს ბაბთა უხდებათ თმაზე,

წყლის და ტყის ნიმფებს სარტყელი წელის,

ქათმებს უხდებათ ყურები კოხტა,

მცირე ყურები ამშვენებს ქათმებს.

ეს კი ორაგულს მიაგავს ერთობ,

ერთობ მიაგავს ქორჭილას იგი.

მოხუცს ქამარზე ეკიდა დანა,

და დანას ვერცხლის გააჩნდა ბუდე,

ქამრიდან ბუდე მოიხსნა ვერცხლის,

ბუდიდან დანა დააძრო დინჯად.

თევზის დაკეპვა მოუნდა მოხუცს,

წვრილ-წვრილ ნაჭრებად დაკუჭვა მისი,

რომ შეამზადოს საუზმე მსუყე,

რომ ალიონზე დანაყრდეს ოდნავ,

რომ გაიკეთოს სადილი კარგი,

რომ შეინახოს ვახშამზე კიდევ.

აი, დაიწყო დაპობა თევზის,

ფაშვის გაფატვრას შეუდგა დინჯად,

თევზი ხელიდან გაუსხლტა უცებ

და გადაეშვა მღელვარე ზღვაში.

ამოიზიდა სიღრმიდან ზევით,

მარჯვენა ფერდით იელვა ისევ,

სადაც მეხუთე გრგვინავდა ტალღა,

იდგა მეექვსე საბელი ბადის.

მარჯვენა ხელით გასწია შემდეგ,

მარცხენა ფეხით იელვა უმალ,

სადაც მეშვიდე გაშლილი ზოლი,

სადაც მრისხანე ტალღაა მეცხრე.

უეცრად ენა აიდგა თევზმა

და მოახსენა დიდებულ მოხუცს,:

“ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო!

ზღვაში იმისთვის გამოველ განა,

ორაგულივით დამაპო სიგრძივ,

წვრიი-წვრილ ნაჭრებად დამკუწო შემდეგ,

რომ შეამზადო საუზმე მსუყე,

რომ ალიონზე დანაყრდე ოდნავ,

რომ გაიკეთო სადილი კარგი,

რომ შეინახო ვახშამზე კიდევ”.

ვეინემეინენ მიუგებს ასე:

“რისთვის გამოხველ ნეტავი ზღვაში?” –

“მისთვის გამოველ, მოხუცო ზღვაში,

რომ უმორჩილეს ფრინველის დარად

ჩამოვმჯდარიყავ შენ ძლიერ ხელზე

და გავმხდარიყავ მეუღლე შენი,

რომ გამეშალა ლოგინი უმალ,

რომ ამეშალა ბალიში შემდეგ,

იატაკები მეწმინდა სახლის,

გამომეგავა ლამაზი ბინა,

შემომეტანა მორები მძიმე,

ღუმელში ცეცხლი დამენთო დიდი,

დიდი პურები დამეცხო სწრაფად,

თაფლის კვერები დამეცხო კიდევ,

შემომეტანა ტოლჩებით ლუდი

და მომერთმია საჭმელი ბლომად.

მე ორაგული არა ვარ ზღვისა

და არც ქორჭილა, მცურავი ფსკერზე:

მე ვარ ასული ნაზი და სათნო,

იოუკახაინენ ძმა არის ჩემი;

იგი ვარ, ვისაც ელოდი დიდხანს,

ვისთვისაც ღვარე ცრემლები ცხარე.

ვეინემეინენ, მოხუცო ბრიყვო!

დაგიკარგია გონება მთელი;

მე ველლემოსთან ნიმფა ვარ ტურფა,

მე ვარ ახტოსთან ლამაზი სხვებზე”.

ვეინემეიენენ, მოხუცი ბრძენი,

დამწუხრებული იტყოდა ასე:

“ნუთუ, შენ უკოს დაი ხარ მართლა?

ო, დამიბრუნდი, სიცოცხლევ ჩემო!”

არ დაბრუნდება ასული ნაზი,

არ მოიხედავს არასდროს უკან.

იგი დაეშვა უსიერ ფსკერზე,

მღელვარე ზღვაში დაეშვა იგი,

მან დაიბუდა ზოლიან ქვებთან,

ის გრანიტოვანს შთავიდა უფსკრულს.

ვეინემეიენემ, მოხუცმა ბრძენმა,

დაღონებულმა იფიქრა ასე:

რა ვიღონო და ვიცხოვრო როგორ,

ვით დავაღწიო სატანჯველს თავი?

მან ბადეები გაშალა სწრაფად,

ზღვის ზედაპირი დაფარა ფართე,

გადმოატარა მორევი ბევრი,

გადმოატარა მრავალი ტალღა,

გადაუარა კალევისრიფებს,

და ვეინელის გალია წყლები,

იოუკოლი ჩამორჩა უკან

და ლაფლანდიის ვეება ყურე.

მან დაიჭირა მრავალი თევზი,

მაგრამ ის თევზი შეიპყრო ვერსად,

ვისთვისაც დიდხაბს იარა ზღვაზე,

გადმოიარა მრისხანე წყლები,

ვინაც ველლამოს ნიმფაა ტურფა,

დიდებულ ახტოს ახარებს ვინაც.

მოხუცს მოაწვა დარდები მძიმე,

თავი მწუხარედ დახარა დაბლა,

გვერდზე ვაგლახად მოექცა ქუდი

და სევდიამა წარმოთქვა ასე:

“ვაი, შენ ჩემო სულელო თავო,

დაგიკარგია გონება მთელი!

წინათ გაგაჩნდა ფრიადი სიბრძნე,

მგრძნობელი გული გაგაჩნდა წინათ.

მაგრამ წარვიდა ცხოვრება ძველი

და, დღეს ყველაფერს მოუღო ბოლო

სიბერემ ჩემმა, წუხილით სავსემ,

დაცემულობამ ძალების ჩემის.

გამჭრიახობა გაფრინდა სადღაც,

გაფრინდა ჩემი ფრიადი სიბრძნე,

თითქოს სრულიად დავკარგე გონი,

ვეღარაფერში ვერკვევი თითქოს.

ვისაც ვნატრობდი სიცოცხლე მთელი

და დავეძებდი ცხოვრების გზაზე,

ის ველლემოსთან ყოფილა ნიმფა,

ტალღის ასული ყოფილა იგი.

იგი ანკესით შევიპყარ ფსკერზე

და ამოვზიდე ფსკერიდან მაღლა,

რომ გამხდარიყო ერთგული ცოლი

და თანამგზავრი ცხოვრების გზაზე;

მაგრამ არ მერგო უბედურს ცოლად,

ვეღარ შევიძელ შებოჭვა მისი,

იგი ხელიდან გამისხლტა უცებ

და მიიმალა სიღრმეში უმალ!”

ვეინემეინენ დაღონდა მწარედ

და სახლისაკენ აიღო გეზი,

პირდაპირი გზით ვიდოდა დიდხანს,

გულამოსკვნილი მოსთქვამდა ასე:

“მე მიგალობდნენ გუგულნი ამოდ,

“სიხარულიო”, – მღეროდნენ ტკბილად,

მღეროდნენ ღამით, მღეროდნენ დილით,

შუადღის ჟამსაც მიმიღერდნენ ერთხელ.

რამ დაადუმა ისინი ეხლა,

ნეტავ რამ ჩაკლა ძვირფასი ხმები?

ნაღველმა ჩაკლა ჰანგები უცხო

და საგანგებო გალობა – სევდამ.

მზე მთების მიღმა ეშვება ოდეს

და ოდეს ისევ ამოდის დილით,

აღარ გაისმის გუგულთა ხმობა

და მე დარდები მამონებს მძიმე.

ვერ გამიგია ვერასგზით ეხლა,

რა ვიღონო და მოვიქცე როგორ?

როგორ განვლიო ცხოვრება ჩემი,

როგორ განვლიო უცნობი მხარე?

ეხლა ცოცხალი რომ მყავდეს დედა,

რომ მიყურებდეს მშობელი ბრძენი,

უბედურ მოხუცს მირჩევდა რამეს,

დამარიგებდა უგუნურს ჭკუას,

ამგვარ ყოფაში მოვიქცე როგორ,

როგორ განვლიო ცხოვრება ჩემი,

რომ არ დამაწვეს ნაღველი გულზე,

აე დამიმონოს დარდმა და სევდამ!”

გამოეღვიძა საფლავში მშობელს

და ზღვის სიღრმიდან ღაღადაყო ასე:

“ო, არ მომკვდარა მშობელი შენი,

კვლავ ცოცხალია იმედად შენდა,

იგი მოგაწვდის საჭირო სიბრძნეს,

იგი მოგაწვდის საჭირო რჩევას,

ამგვარ ყოფაში მოიქცე როგორ,

როგორ განვლიო ცხოვრების გზები,

რომ არ დაგაწვეს ნაღველი მძიმე,

არ დაგიმონოს დარდმა და სევდამ:

პოხელში სახლობს ასული ბევრი,

ბევრი ასული ბინადრობს პოხელს,

მშვენიერია რომელიც ტანად,

უფრო სწრაფი და ლაღია უფრო,

იოუკოლის ასულნი ვიდრე,

ვიდრე ლაფლანდთა ასულნი ზანტი.

ვეინემეინენ, ძვირფასო ჩემო,

ასული იგი შეირთე ცოლად,

რომელსაც შვენის ლამაზი სახე,

ლამაზი ტანი რომელსაც შვენის,

რომელიც ველად მიმოდის სწრაფად

და ქურციკივით ნავარდობს გზაზე”.

 

რუნა მეექვსე

 

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

გასამგზავრებლად მზად არის უკვე,

პოხელის ყინვა მოელის მოხუცს,

მოხუცს პოხელის მოელის ნისლი.

ვერცხლის აღვირი ამოსდო მერანს

და გარდააცვა ავშარა ოქროს,

ელვის უსწრაფეს მოექცა ზურგზე

და გააჭენა შარაზე ცხენი,

რომელიც ბარდას მსგავსია ფერად,

რომელიც ჩალას წააგავს ძლიერ.

მან ვეინელის გალია ველი,

მან კალევალის გალია მდელო,

გადაუქროლა მრისხანე ტალღებს,

უკიდეგანო გასცურა წყლები.

არ უსველდება ჩლიქები მერანს,

არ ეკარება სისველე მცირეც.

უკვე შორს დარჩა ძვირფასი სახლი,

უახლოვდება თანდათან პოხელს.

იოუკახაინენ, ჭაბუკი შლეგი,

ლაფლანდიელი, ბოროტი მეტად,

შურისგებისთვის იკრებდა ღონეს,

გაუგონარი ტანჯავდა შური,

გადაემტერა დიდებულ მოხუცს,

გადაემტერა ჩინებულ მძნობელს.

მან ცეცხლოვანი გამართა მშვილდი

და ღუნი მშვილდის შეამკო უცხოდ;

მან მშვილდისათვის იხმარა რკინა

და ჩამოასხა სპილენძით ღუნით,

მაჯაღლო ოქრო მოავლო ღუნზე

და შეურია ოქროში ვერცხლიც.

როგორ იშოვა ბაწარი ნეტავ,

ლარი მშვილდისთვის იშოვა როგორ?

ხიისიმ მისცა ძარღვები დომბის

და ლემპომ სელის ძაფები მტკიცე.

უკვე მზად არის მაგარი ღუნი

და ბოლოებიც მზად არის უკვე,

მშვილდი შეიქნა ლამაზი ერთობ,

ფასის უთქმელი შეიქმნა მშვილდი,

პატარა ცხენი შემდგარა მაღლა,

პატარა კვიცი კუნტრუშობს რკალზე,

დათვის ბელს ღუნზე გაუტკბა ძილი,

ხოლო ჭდეზე კი ბაჭიას ზარმაცს.

იგი კვლავ შრომას შეუდგა შემდეგ,

ისრების გათლას შეუდგა იგი,

ტარისთვის რკინას ხმარობდა მხოლოდ,

ხოლო წვერისთვის ფისოვან რტოებს.

შეუსვენებლად იშრომა დიდხანს,

და გამოსთალა ისრები კარგი,

მერცხლების ფრთები მიაკრა ისრებს

და დაამშვენა ბეღურის ფრთებით.

მან გამოაწრთო ისრები სწრაფად,

ისრების წვერი გაჟღინთა შემდეგ,

გაჟღინთა წვერი შხამიან წვენით,

გველის სისხლში რომ იპოვეს ბლომად.

მან დაამზადა ისრები ასე

და მშვილდი მაგრად მოზიდა ბოლოს:

ზღვების მეგობარს დარაჯობს ფრთხილად,

ვეინემეინენს მოელის იგი.

აღამებს დილას, ათენებს ღამეს

და უთვალთვალებს შუადღის ჟამსაც.

ვეინემეინენს მოელის იგი,

ერთი კვირაა მოელის უკვე,

სარკმელთან მდგარი მოელის მოხუცს,

მოელის მესრის კუთხესთან მდგარი,

იგი ხშირ-ხშირად გახედავს შარას,

ის ხამუშ-ხამუშ გახედავს ველებს.

ზურგზე ჰკიდია კაპარჭი ისრის,

ხელთ მშვენიერი უპყრია მშვილდი.

გამოიცვალა ადგილი ბოლოს

და სხვა სახლიდან დაიწყო ცქერა:

ცეცხლის კონცხიდან უცქერდა იგი,

ის უყურებდა ყურედან ყოველს,

წყალვარდნილიდან ფარულად ჭვრეტდა

და მდინარიდან ზვერავდა მალვით.

ბოლოს კი ერთხელ, ადრიან დილით,

ბრწყინვალე მზისკემ მიმართა ხედვა:

რაღაც ცისფერი შენიშნა ზღვაზე,

შორით შენიშნა საგანი ბნელი:

“იქნებ ღრუბელი მოცურავს შავად,

იქნებ ცისფერად თენდება უკვე?”

როდი მოცურავს ღრუბელი შავად,

როდი თენდება ცისფერად უკვე –

არამედ ცხენით ისწრაფვის ბრძენი,

უახლოვდება სანატრელ საზღვარს.

მიეშურება ნისლიან პოხელს,

პიმენტოლისკენ უჭირავს გეზი,

მერანი ბარდას მსგავსია ფერად,

ჩალისფერია მერანი იგი.

იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,

ლაფლანდიელმა, ბოროტმა ერთობ,

ოდეს შენიშნა მისანი ბრძენი,

ისარი გრძელი მიმართა მისკენ,

რათა მოესრა მისანი სწრაფად,

ზღვის მეგობარი მოესრა ისრით.

ასე მიუგო მშობელმა ჭაბუკს,

ჭაღარა დედამ მიუგო ასე:

“ვისთვის შექმენი მაგარი მშვილდი,

რკინით რატომღა გამართე ნეტავ?”

იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,

ჭაღარა დედას მიუგო ასე:

“მისთვის შევქმენი მაგარი მშვილდი,

მაგარი რკინით გავმართე მიტომ,

რომ ბეჭის თავზე ამოყოს თავი,

რომ გულ-ღვიძლში ვცე ისარი ვაჟკაცს,

რომ გარდიცვალოს ვეინე უცებ,

რომ ზღვის მეგობარს მოეღოს ბოლო”.

ნებას არ აძლევს მშობელი დედა,

ჭაღარა დედა მიუგებს ასე:

“შვილო, ვეინეს არ ახლო ხელი,

არ მოაკვდინო ვეინე, შვილო,

ის სახელგანთქმულს ეკუთვნის მოდგმას,

ნათესავადაც გვეკუთვნის იგი.

თუ მოკვდა ბრძენი, უკვდავი მარად,

თუ მიიცვალა გრძნეული ბრძენი,

ქვეყნად სიმღერაც მოკვდება წამსვე

და სიხარულიც მოკვდება ქვეყნად.

ქვეყნად ჯობია სიმღერა ლაღი,

აქ სიხარულიც ჯობია, ვიდრე

ბნელი ქვესკნელის მდელოთა შინა,

და ტუონელის სამყოფში ბნელში!”

იოუკახაინენ, ჭაბული შლეგი,

ლაფლანდიელი, ბოროტი მეტად,

დედის სიტყვებზე შეჩერდა უცებ,

მწარე ეჭვები მოაწვა ჭაბუკს.

ესროლე – ურჩევს მარჯვენა ხელი,

არ ესროლოო – მარცხენა ურჩევს.

იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,

ჭაღარა დედას მიუგო ბოლოს:

“დე, მოკვდეს ქვეყნად სიმღერა ლაღი,

დე, სიხარულიც მოისრას ქვეყნად –

ფიქრის გარეშე გავისვრი ისრებს,

მე ვისვრი ისრებს გარეშე შიშის”.

იგი სამზადისს შეუდგა შემდეგ

და გულმოდგინედ განეწყო ბრძოლად,

მარცხენა მუხლზე დაიყრდნო მშვილდი,

თითონ დაეყრდნო მარჯვენა მუხლზე.

მან ამოიღო ისარი მშვიდად,

რომელსაც მერცხლის შვენოდა ფრთები,

რომელიც იყო მძლავრი და მტკიცე,

რომელსაც რკინა შვენოდა ტანად,

და სელის ძაფზე მიადგა იგი,

მიასადაგა ისარი ლარზე.

მან მძიმე მშვილდი აზიდა ზევით,

მარჯვენა მხარზე მიიჭდო მშვილდი

და გასროლის წინ, ჭაბუკმა შლეგმა,

მომართულ სიკვდილს მიმართა ასე:

“სწრაფად გასწიე, არყისა წვერო,

ფიჭვისა ტარო, იყავი სწორი,

ძაფო, ასხლიტე ისარი მძაფრად,

მძაფრად ასხლიტე, სელისა ძაფო.

თუ ოდნავ დაბლა მივმართე იგი,

ისარი დაბლა დაუშვი მაშინ”.

ჭაბუკმა ლარი მოსხლიტა ბოლოს,

ლარიდან გასხლტა ისარი სწრაფად,

გადაუქროლა დიდებულ მოხუცს,

ელვის უსწრაფეს გაიჭრა ცაში,

გაერჭო ღრუბლებს ჭრელსა და ჭრელსა,

ჭრელს და მჭმუნვარეს გაერჭო ღრუბლებს.

ჭაბუკმა ლარი მოსხლიტა ისევ,

ლარიდან გასხლტა ისარი სწრაფად,

ჩაუშხუილა დიდებულ მოხუცს

და უხილავი იხილა სიღრმე,

იგი ეწვია მანალის მიწას,

ქვიშიან ქედში ჩაეშვა იგი.

მესამედ ტყორცნა ისარი ბოლოს

და ის ბეჭის და იღლიის გავლით,

ვეინემეინეს დიდებულ მერანს,

პირდაპირ ღვიძლში გაერჭო უცებ.

მყის შეტორტმანდა მერანი მისი,

მუხლი მოეჭრა ვეინეს ირემს,

რომელიც ბარდას მსგავსია ფერად.

რომელიც ფერად მსგავსია ჩალის.

ვეინემეინენ შეინძრა ცხენზე,

შეინძრა ზურგზე ფიცხელი დომბის

და გადაეშვა ტალღებში სწრაფად

და ჩააფრინდა თითებით ტალღებს,

მთელი სხეულით ჩაეშვა ზღვაში,

მდუღარე ქაფში ჩაეფლო იგი.

უცებ დაბერა სასტიკმა ქარმა

და ააბორგა ტალღები მშვიდი,

ვეინემეინენ მოსწყვიტა ხმელეთს,

ზღვის დინებაზე გასტყორცნა მძლავრად.

გამხიარულდა ჭაბუკი ბრიყვი,

მყის ატრაბახდა ჭაბუკი ასე:

“ვეინემეინენ, მოხუცო კაცო,

ამ ქვეყანაზე იცოცხლებ ვიდრე,

ვეღარ იხილავ საკუთარ თავლით,

დიდებულ მთვარეს, მოარულს მაღლა,

ვერც ვეინელის გადაშლილ ველებს,

ვერც კალევალის უსაზღვრო სივრცეს!

შენ ექვსი წელი იცურე ზღვაზე,

რვა წელიწადი გარწიოს ტალღამ,

წყლების სივრცეზე გატაროს წლობით,

ზღვის დინებაზე გათრიოს მძიმედ:

ექვს წელს გატაროს ფიჭვების მსგავსად,

შვის წელს გატაროს ვითარცა ნაძვი,

ვით მერქნის ქაფი გატაროს რვა წელს

რომ ზღვის სიღრმეში დაეშვა ბოლოს!”

ოდეს დაბრუნდა ჭაბუკი სახლში,

ჭაღარა დედა კითხავდა ასე:

“ნუთუ მოჰკალი ვეინე მართლა,

ნუთუ კალევის მოჰკალი შვილი?”

იოუკახაინენ, ჭაბუკი ბრიყვი,

ჭაღარა დედას ჰკითხავდა ასე:

“ვეინემეინენ მოვკალი მართლა,

უკვე მოვკალი კალევის შვილი.

იგი სხეულით განერთხო ზღვაზე,

ტალღებს თითებით დაეყრდნო მძლავრად,

ზღვაზე ნიდაყვით დაეცა იგი,

მარცხენა ფერდით მოექცა უცებ,

მერე კი ზურგით განერთხო ტალღას

და ბნელ მორევში ჩაეშვა ბოლოს.

დაე, გახვეტოს ტალღები მღვრიე,

დაე, მორევის გაგაოს შლამი”.

ჭაბუკს მიუგო ჭაღარა დედამ,

საყვარელ პირმშოს მიუგო ასე:

“ჩაგიდენია სიბრიყვე, შვილო,

ვერ მოქცეულხარ, ჭაბუკო, კარგად,

ისრით მოგიკლავს მოხუცი ბრძენი,

კალევის შვილი მოგიკლავს უკვე,

მოგიკლავს ჩანგი სუვანტოლისა,

მშვენიერება კალევის მხარის”.

 

რუნა მეშვიდე

 

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მიექანება მრისხანე ზღვაზე,

ფიჭვის ტოტივით მიჰყვება ტალღას,

მიცურავს ვითარ ნაფოტი ნაძვის.

ექვსი დღე არის მიცურავს უკვე,

მტანჯველი ღამეც გასულა ექვსი,

მრისხანე ტალღებს მიარღვევს იგი,

ნათელი ზეცა დაჰყურებს თავზე.

ორიოდ ღამე იცურა კიდევ,

დღე მომქანცველი იცურა ორი

და ოდეს რვა დღე შესრულდა სრულად,

და მეცხრე ღამე დაიწყო ოდეს,

ვეინემ დაღლა შეიგრძნო დიდი,

ბრძენმა სასტიკი შეიგრძნო ტკენა:

ტალღებმა თითზე მოგლიჯა ფრჩხილი,

ხრტილიც მოგლიჯა ტალღებმა თითზე.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დამწუხრებული იტყოდა ასე:

“ვაი, შენ ჩემო საბრალო თავო,

ვაი, მოხუცო, ტანჯულო ბედით! 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ხალხური / კალევალა