შენ მიატოვე სამშობლო მხარე,

შენ მშობლიური დასტოვე სახლი,

რომ დამორჩილდე დინების ნებას,

ეხეტებოდე მრისხანე ზღვაზე,

გათამაშებდეს გრიგალი მძაფრი,

გაბურთავებდეს მრისხანე ტალღა.

ზღვაში ცხოვრება ძნელია ერთობ,

ძალზე ძნელია გაძლება ზღვაში.

ვერ გამიგია, ვიცხოვრო როგორ,

როგორ გავჩერდე მღელვარე ზღვაზე,

ოდეს სიავე მეწვია ჟამთა,

როს აღსასრული დამიდგა ჟამი.

ნეტავი სახლი ავაგო ქარზე,

თუ ავიშენო ტალღებზე ბინა?

ო, მე თუ ქარზე ავაგე სახლი,

სახლი ქარზე ვერ იპოვის საყრდენს;

თუ ავაშენე ტალღებზე ბინა,

ბინას დაანგრევს ტალღები მძლავრი”.

ლაფლანდიიდან მიფრინავს ჩიტი,

ლაღი არწივი მიარღვევს წყვდიადს,

არწივი დიდი როდია ტანად,

მაგრამ პატარაც როდია იგი:

ცალი ფრთით მძლავრად მიაპობს ტალღებს,

მეორით მძაფრად მოკაწრავს ზეცას,

მრისხანე ტალღებს მოიხვეტს კუდით,

ნისკარტით კორტნის მრისხანე კლდეებს.

ლაღი არწივი შეჩერდა წამით,

უსაზღვრო სივრცეს გახედა დინჯად,

და დაინახა მრისხანე ზღვაზე

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

საოცარ ფრინველს მიუგებს ასე:

“პოხელისაკენ ვიდოდი სწრაფად,

პიმენტოლისკენ მივქროდი ცხენით,

რათა უცნობი მეხილა მხარე,

რათა ასული შემერთო ცოლად.

სწორედ ამიტომ დავცურავ ზღვაში,

სწორედ ამიტომ მივარღვევ ტალღებს.

მე მივყვებოდი მრისხანე ნაპირს,

ტალღების გასწვრივ მივქროდი სწრაფად

და ლოუტოლის მივადექ მხარეს,

იოუკოლუს მივადექ ბოლოს.

იქ ჩემი ცხენი დაეცა მკვდარი,

იქ ჩემი მოკლვლაც სწყუროდათ ძლიერ.

მე გადავეშვი მღელვარე ზღვაში

და ჩავაფრინდი თითებით ტალღებს,

რათა მათრევდეს გრიგალი მძლავრად,

მაბურთავებდეს ზვირთები დიდი.

აღმოსავლეთის დაბერა ქარმა,

მოვარდა ქარი ჩრდილოთა მხარის,

დასავლის ქარიც მოვარდა ბოლოს

და გოლიათი მომწყვიტა ხმელეთს,

და გამიტაცა ტალღებზე უმალ

მდინარებაზე სასტიკი წყლების,

და დღე მრავალი განვლიე ზღვაზე,

მდინარებაზე ვიცურე დიდხანს.

მე ვერ შევძელი გაგება იმის,

ვერ გავარკვიე ვერაფრით დღემდე,

როგორ ვიცხოვრებ ამ წყეულ ქვეყნად,

ან დავამთავრებ სიცოცხლეს როგორ:

ალბათ დამღუპავს შიმშილი დიდი,

წყვდიადი სიღრმე მიმიღებს ალბათ”.

წამით ჩაფიქრდა არწივი ლაღი,

ვეინემეინენს მიუგო მშვიდად:

“ნუ დაღონდები, მოხუცო ბრძენო,

შემომაჯექი სასწრაფოდ ზურგზე,

იქ, სადაც ბოლოს იწყება ძვალი,

მაგარი ძვალი იწყება სადაც,

და აღგიტაცებ ზღვებიდან ზევით,

და გაგაქანებ საითაც ბრძანებ.

დამამახსოვრდა დღე იგი კარგად,

არ დამავიწყდა დღე იგი დღემდე,

როს გამოცეცხლე ტყეები ოსმოს,

დასწვი კალევის ჭალები ვრცელი,

ხოლო არყის ხე დასტოვე ველად,

აღარ აღმართე ნაჯახი არყზე,

რათა ტოტებზე ჩამოსხდნენ ჩიტნი,

რათა ტოტებზე ჩამოვჯდე თავად”.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

არწივისაკენ გასწია მყისვე,

ამოიწია წყლებიდან ზევით

და აღიმართა ტალღათა მაღლა.

არწივს უეცრად მოექცა ზურგზე,

იქ, სადაც ბოლოს იწყება ძვალი.

გაინავარდა არწივმა ლაღმა,

თან წარიტანა ვეინე ბრძენი,

დიდხანს ატარა ქარების გზებზე,

ქარებთან ერთად ატარა დიდხანს,

ჩრდილოეთისკენ ეჭირა გეზი,

რომ სარიოლას სწვეოდა მხარეს;

დაბლა ჩამოსვა ვეინე მოლოს,

თავად კვლავ ქარებს გაენთო იგი.

უცხო ნაპირზე უსაზღვრო ზღვათა,

უცხო კიდეზე უცნობი კონცხის,

ვეინემეინენ ატირდა მწარედ,

ატირდა ბრძენი, შთენილი ობლად.

ფერდში გააჩნდა ჭრილობა ასი

და უამრავი იარა ქართა,

არ შერჩენოდა ლაზათი წვერებს,

შემორჩენოდა აქა-იქ თმები.

მან სამი რამე იტირა კონცხთან,

დღეც ამდენივე იტირა შემდეგ,

მაგრამ ვერაფრით იპოვა გზები,

მცირე ბილიკიც იპოვა ვერსად,

რომ კვლავ ეხილა სამშობლო მხარე,

რომ იმ მიწაზე დაედგა ფეხი,

სადაც იშვა და ხარობდა სადაც,

სადაც ნებივრად ცხოვრობდა ადრე.

ერთხელ პოხელის მხევალმა ერთმა,

ქერათმიანმა ასულმა ერთხელ,

ნაძლევი დასდო დიდებულ მზესთან,

დაენაძლევა დიდებულ მნათობს,

რომ მასთანნ ერთად ადგება დილით,

რომ ვერ დაასწრებს ადგომას მთვარეც.

მაგრამ დაასწრო ასულმა ყველას,

თვით მზეზე ადრე წამოდგა იგი;

ჯერ არ წიოდნენ წიწილნი ცხარედ,

არ მოუხმობდა მამალი პატრონს.

მან ხუთი ცხვარი გაკრიჭა სწრაფად,

სწრაფად გაკრიჭა ბატკანი ექვსი,

კარგი მაუდი მოქსოვა შემდეგ,

კაბისთვის მატყლი არჩია დიდხანს,

ამოარჩია ნათელზე დილის,

ამოვიდოდა მნათობი ვიდრე.

მან მაგიდები გარეცხა შემდეგ,

ხის იატაკი გახვეტა კარგად,

იგი ახალით გახვეტა ცოცხით,

ფოთლოვან ცოცხით გახვეტა იგი

და მოუყარა მან თავი ნაგავს,

და მოათავსა ნიჩაბზე ბოლოს,

და გაიტანა ნიჩაბი გარეთ,

და მიიტანა ნაგავი ხნულთან,

გადაუძახა გადაღმა ღობის,

სადაც ნაგავის იცოდა კუთხე;

იგი ცოტა ხანს ნაგავთან იდგა,

უცებ მოესმა ხმაური უცხო:

ზღვიდან მოესმა ქვითინი მწარე

ნაპირებიდან მოესმა კვნესა.

მან სახლისაკენ გასწია უცებ,

მცირე ოთახში შევიდა სწრაფად,

და როს იხილა მშობელი თვისი,

ასე მიუგო საყვარელ მშობელს:

“ზღვიდან მომესმა ქვითინი მწარე,

ნაპირებიდან მომესმა კვნესა”.

დიასახლისი პოხელის მხარის,

კბილჩაცვენილი, ბოროტი მეტად,

გამოეშურა სახლიდან მყისვე

და კუტუკართან მივიდა იგი,

შორით მოესმა საბრალო მოთქმა,

მწარე ტირილი მოესმა შორით:

“ასე არასდროს ტირიან ბალღნი,

არც ასულები ტირიან ასე,

ასე გმირები ტირიან მხოლოდ,

მამაკაცები, მოსილნი წვერით”.

აი, ჩაეშვა ლოუხი ნავში,

სამფიცრიანში ჩაეშვა სწრაფად

და გამალებით მოუსვა ნიჩბებს,

და ნაპირისკენ აიღო გეზი,

სადაც მოსთქვამდა მოხუცი ბრძენი,

უბედურებას ტიროდა მწარედ.

ვეინემეინენ შთენილი მარტო,

უვატოლაინენ დაკარგავს იმედს,

ტირიფნარევში მოსთქვამს და ტირის,

ხეშავთა შორის ტირის და მოსთქვამს

და უცახცახებს წვერი და სახე,

დახშულ არიან ბაგენი მხოლოდ.

დიასახლისი პოხელის მხარის

დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:

“ჰოი, საწყალო მოხუცო კაცო,

შენ უცხო უცხო მიწაზე მოხვდი!”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

მაღლა ასწია ჭაღარა თავი,

გაეპასუხა საზარელ ლოუხს,

ცბიერ დედაბერს მიუგო ასე:

“დიასახლისო პოხელის მხარის,

მე უშენოდაც მშვენივრად ვხედავ,

რომ უცხო ქვეყნად მოვსულვარ უცხო,

რომ უცხო უცხო მიწაზე მოვხვდი;

მე სამშობლოში მიცნობდა ყველა,

კარებს მიღებდა ყოველი სახლი”.

დიასახლისი პოხელის მხარის

საბრალო მოხუცს მიუგებს ასე:

“მაინტერეებს ერთი რამ დიდად,

უნდა შევიტყო ამბავი ერთი:

მოეკუთვნები ვაჟკაცებს რომელს,

რომელი ქვეყნის გმირი ხარ ნეტავ?”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

ცბიერ დედაბერს მიუგებს ასე:

“მაღიარებდა სუყველა ერთხმად,

დიად მომღერლად მშობლიურ მხარის,

სად ვეინელის გაშლილა სივრცე,

სად კალევალის გაშლილა მდელო.

ეხლა, როს გულზე მაწვება დარდი,

ვეღარ ვცნობილობ საკუთარ თავსაც”.

დიასახლისი პოხელის მხარის,

დიდებულ მოხუცს ეტყოდა ასე:

“ცივი ადგილი დასტოვე ჩქარა,

ამოიარე ბილიკი ვიწრო,

წვრილად მიამბე ამბავი შენი –

უბედურება, დამტყდარი თავზე”.

დიასახლისმა პოხელის მხარის,

უცხო კონცხისკენ გასწია სწრაფად,

სადაც ვეინე ტიროდა მწარედ,

სადაც მოსთქვამდა მოხუცი ბრძენი.

იგი მოხუცთან მივიდა ახლოს,

კიჩოსთან დასვა მოხუცი ფრთხილად

და გამალებით მოუსვა ნიჩბებს,

და მიიყვანა სტუმარი სახლში.

სტუმარს საჭმელი აჭამა ბლომად,

კარგად გაუშრო ხალათი სველი,

ერთ კვირას რეცხა ხალათი შემდეგ,

ერთ კვირას ათბო ხალათი სუფთა.

გამოჯანმრთელდა ვეინე ოდეს,

ოდეს მოხუცი აღივსო ჯანით,

მას დედაბერმა დაუსვა კითხვა,

მას შეეკითხა ლოუხი ასე:

“ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,

უვანტოლაინენ, უკვდავო მარად!

რატომ დაღვარე ზღვისპირას ცრემლი,

რატომ მოსთქვამდი ესოდენ მწარედ?”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

ცბიერ დედაბერს მიუგო ასე:

“ნამდვილად არის მიზეზეი ცრემლის,

ცრემლის მიზეზი დიდია ერთობ.

ვეხეტებოდი უსაზღვრო ზღვებზე,

მრისხანე წყალთა დინებას ვდევდი,

მღვრიე ტალღებზე ვცხოვრობდი დიდხანს

და გააფთრებით ვებრძოდი ტალღებს.

მიტომ ვტირივარ ბედკრული ეხლა,

მიტომ ვიტირებ სიკვდილის დღემდე,

რომ მივატოვე სამშობლო მხარე,

უცხო მხარეში დავდივარ მარტო,

აქ საშიშია ყოველი არყი,

ყოველი თხმელა მაწამებს მწარედ,

ხე თვითეული მე მჩეხავს თითქოს,

თითქოსდა მებრძვის ყოველი ტოტი.

ამ უცხო მხარის მთაში თუ ბარად,

უცნობი სახლის დაგმანულ კართან,

მხოლოდ ქარია ნაცნობი ძველი,

მეგობარი კი მზე არის მხოლოდ”.

დიასახლისი პოხელის მხარის,

საბრალო მოხუცს მიუგებს ასე:

“ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,

უვანტოლაინენ, უკვდავო მარად!

ჩამოიშორე ბედშავი დარდი,

ჩამოიცილე ცრემლები ცხარე,

ჩვენთან დარჩი და იცხოვრე ჩვენთან,

აქ გაატარე სიცოცხლე მთელი,

აქ ორაგულებს მოგართმევთ თეფშზე,

აქ ღორის ხორცსაც მოგართმევთ ბლომად”.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

ცბიერ დედაბერს მიუგეს ასე:

“კარგიც რომ იყოს ოჯახი უცხო,

მე იქ არასდროს მოვითხოვ საჭმელს,

კაცს საკუთარი იზიდავს სახლი,

სახლში მეტ პატივს მიუზღვენ მუდამ.

ჰოი, მისმინე კეთილო ღმერთო,

და ყურად იღე ვედრება ჩემი,

სამშობლო მხარე მაჩვენე ისევ,

კვლავ მშობლიური მაჩვენე ბინა.

უმჯობესია, საკუთარ სახლში

ჩექმიდან წყალი დალიო მწარე,

ვიდრე უცხო და შორეულ ქვეყნად

ოქროს ჭურჭლიდან დალიო თაფლი”.

დიასახლისი პოხელის მხარის,

საბრალო მოხუცს მიუგებს ასე.

“ნეტავ საჩუქარს მპირდები როგორს,

რას გაიმეტებ საჩუქრად ნეტავ?

რომ მიგიყვანო მშობლიურ სახლში,

რომ მიგაყენო აბანოს კარზე?”

ვეინემეიმეინენ, მოხუცი ბრძენი,

ცბიერ დედაბერს მიუგებს ასე:

“კვლავ რომ მაჩვენო მშობელი მიწა,

რომ მიმიყვანო მშობლიურ სახლში,

რათა ვუსმინო მგალობელ გუგულს,

ფრინველთა ძახილს ვუსმინო რათა,

ამისთვის ოქროს ინებებ იქნებ,

იქნება ვერცხლსაც ინებებ ქუდით?”

დიასახლისი პოხელის მხარის,

საბრალო მოხუცს მიუგებს ასე:

“ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,

შენ, მომღერალო, უკვდავო მარად!

მე ოქრო-ვერცხლის როდი ვარ ხარბი,

მაქვს სათავსონი პირამდე სავსე,

ოქროა მხოლოდ ყვავილი ბალღთა,

ხოლო ვერცხლი კი – სართავი ცხენის;

შენ გედის რთათა აიღე ბოლო

და რძე უშობლის იხმარე ოდნავ,

აიღე მატყლი ლამაზი ბატკნის,

აიღე ქერის მარცვალი მცირე,

ან ნაერთისგან შექმენი სამპო,

თავსახურავით დახურე ჭრელით.

მაშინ ქალიშვულს გაგატან ცოლად,

დაუბრუნდები სამშობლო მხარეს,

რათა მგალობელს უსმინო გუგულს,

ფრინველთა ხმობას უსმინო რათა,

სადაც უსაზღვრო გაშლილა მდელო,

სად მშობლიური გაშლილა არე”.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

ცბიერ დედაბერს მიუგო ასე:

“არ შემიძლია გავჭედო სამპო,

თავსახურავით დავხურო ჭრელით,

მაგრამ სამშობლოს ვეწვევი ოდეს,

მე ილმარინენს მოვგზავნი თქვენთან.

დაე, ,მან თქვენთვის გაჭედოს სამპო,

თავსახურავით დახუროს ჭრელით,

ასული შენი შეირთოს ცოლად,

შეიმსუბუქოს უღელი მძიმე.

დიდებულ მჭედლად ითვლება იგი,

ყველაზე უწინ მჭედლობდა ქვეყნად,

ნეთელი ზეცა გასჭედა უცხოდ,

ჰაერის ჭერი გასჭედა მტკიცედ

და თანაც ისე, რომ კვალი ჭედის

და შენადუღი არა ჩანს არსად”.

დისახლისი პოხელის მხარის,

დიდებულ მოხუცს ეტყოდა ასე:

“ვინც გედის ფრთათა აიღებს ბოლოს,

უშობლის რძესაც მოიხმარს ოდნავ,

აიღებს მატყლსაც ლამაზი ბატკნის,

აიღებს ქერის მარცვალსაც მცირეს,

და ამ ნაერთით გაჭედავს სამპოს,

თავსახურავით დახურავს ჭრელით,

მე მას გავატან მშვენიერ ასულს,

ძვირფას ქალიშვილს გავატან ცოლად”.

ლოუხიმ კვიცი შეკაზმა უმალ

და მარხილებში შეაბა ცხენი,

დასვა ვეინე მარხილის თავზე

და დაარიგა მოხუცი დინჯად:

“ნუ აიხედავ მოხუცო ზევით,

ნუ მიაშტერებ ზეცაზე თვალებს,

ვიდრემდე ცხენი არ იგრძნობს დაღლას,

არ დაეცემა ქვეყანას ბინდი.

თუ აიხედავ მოხუცო ზევით,

თუ მიაშტერებ ზეცაზე თვალებს,

უბედურება გეწვევა უმალ

და მოგვეღება საბრალოს ბოლო”.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

გადაუჭირა მათრახი ქურანს,

თავის ნებაზე მიუშვა კვიცი,

გაინავარდა მერანმა გზაზე;

პოხელის ნისლი დატოვა ბოლოს,

სარიოლიდან დაიძრა ბრძენი.

 

რუნა მერვე

 

ტურფა სული პოხელის მხარის,

მშვენიერება მიწის და ზღვისა,

ჰაეროვანი დამჯდარა რკალზე,

ზეციერ რკალზე დამჯდარა კრძალვით,

ტანზე ქათქათა აცვია კაბა,

ნაქსოვი თეთრი აცვია ტანზე;

ოქროს ტანსაცმელს ამზადებს იგი,

ხალასი ვერცხლით შეამკობს კოხტად,

სწრაფად ატარებს ოქროსვე მაქოს,

ატარებს ვერცხლის მშვენიერ დგიმზე.

და მიისწრაფვის ბზრიალით მაქო,

სწრაფად სრიალებს პატარა კოჭი,

გაბმული ქსელიც მიმოდის სწრაფად,

სწრაფად მოძრაობს ვერცხლისა დგიმი,

ოდეს ქსოვს ვერცხლით მშვენიერ სამოსს,

ოქროს ტანსაცმელს ამზადებს ოდეს.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მოეშურება ხმაურით გზაზე,

მოეშურება პოხელის მხრიდან,

სარიოლიდან მოილტვის იგი.

ცოტა რომ გასცდა ნისლიან პოხელს,

როს სარიოლას დაშორდა ოდნავ,

ქსელზე მქროლავმა იმ ოქროს მაქომ,

გადუბზრიალა უეცრად თავზე.

მოხუცმა თავი ასწია ზევით

და მიაშტერა თვალები ზეცას,

ხედავს – დამდგარა ზეცაში რკალი,

ასული მშვიდად დამჯდარა რკალზე,

ოქროს ტანსაცმელს ამზადებს იგი,

ხალასი ვერცხლით შეამკობს კოხტად.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

მყის შეაჩერა ქურანი ცხენი

და შეესიტყვა მშვენიერ ასულს,

ზეციერ ასულს მიმართა მშვიდად:

“ო, მოვედ ჩემთან, ასულო ნაზო,

ზეცის ასულო, დამიჯექ გვერდით”.

ასე მიუგებს ასული ნაზი,

ზეცის ასული მიუგებს ასე:

“ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,

რატომ დავეშვა მარხილში ნეტავ?”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:

“მისთვის დაეშვი, ასულო ნაზო,

ასულო, მისთვის დამიჯექ გვერდით,

რომ გამომიცხო პურები ბლომად,

რომ კარგი ლუდი მოხარშო დროზე,

რომ სკამზე მჯდარმა იმღერო ჩემთვის,

რომ მხიარული მიუჯდე სარკმელს,

სად ვეინელის გაშლილა მდელო,

სად კალეველის ფუნდუკნი დგანან”.

ულამაზესი ასული ზეცის,

ასე მიუგებს დიდებულ მოხუცს:

“ეს მოხდა წუხელ, ეს მოხდა მწუხრზე,

როს ჩაესვენა სხივები მზისა,

ყვავილოვანი ვიხილე ველი,

ყვავილოვანზე ვიარე ველზე,

უცებ მომესმა გალობა ჩიტის,

შაშვი ტოტებზე გალობდა ტკბილად,

იგი ასულის გალობდა ფიქრებს,

ასულის ზრახვებს გალობდა იგი.

გავესაუბრე ჩიტუნას კეთილს,

მე შევეკითხე ჩიტუნას ასე:

“ო, მიპასუხე, ძვირფასო ჩიტო,

პასუხი შენი გამეცი სტვენით;

როდის ვიქნები ასულო კარგად,

როდის ვიცხოვრებ ასულო უკეთ:

როცა დავრჩები მშობლიურ სახლში,

თუ, როცა ვაჟკაცს გავყვები ცოლად?”

გამეპასუხა წიწკანა მშვიდი,

შაშვმა გალობით მომიგო ასე:

“ზაფხულში დღენი თბილია ფრიად,

ასულის ყოფა თბილია უფრო,

ზამთარში რკინას სცივა და ყინავს,

ცოლს უფრო ყინავს მეუღლის სახლში.

გოგო მშობლებთან ნებივრად ცხოვრობს,

როგორც ველური ნაყოფი ველად,

ხოლო ცოლი კი ისეა ქმართან,

როგორც ქოფაკი დაბმული ჯაჭვით,

მონას ერგება ალერსი მცირე,

ცოლს არ ერგება ალერსი სულაც”.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:

“ეგ იყო ჩიტის გალობა მხოლოდ,

იყო ბრიყვული გალობა შაშვის:

ქალწული სახლში ბავშვია მუდამ,

ხოლო პატივს კი მიუზღვენ ცოლებს.

დაბლა დაეშვი, ასულო ნაზო,

ასულო ნაზო, დამიჯექ გვერდით;

არ გამაჩნია მცირედი ნაკლიც,

ვარ გოლიათი უმჯობეს სხვათა!”

ასე ეტყოდა ასული ნაზი,

ზეცის ასული ეტყოდა ასე:

“მე მხოლოდ მაშინ მიგიჩნევ გმირად

და გაღიარებ საკუთარ საქმროს,

თუ დანით ბეწვის გაკვეთას შესძლებ,

ისე, რომ პირი არ სჭრიდეს დანის,

ანდა თუ შესძლებ შენ კვერცხის შეკვრას,

ისე, რომ ნასკვი არ აჩნდეს შეკრულს”.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

მისანმა დიდმა, უკვდავმა მარად,

დაჟანგებული და ბლაგვი დანით

თმის წვრილი ბეწვი გაჰკვეთა წამსვე

და ისე შეკრა ლამაზი კვერცხი,

რომ ნასკვი არსად არ აჩნდა შეკრულს.

ზეციერ ასულს შესთხოვა ისევ,

დაშვებულიყო ზეციდან დაბლა.

ასე ეტყოდა ასული ნაზი,

ზეცის ასული ეტყოდა ასე:

“მე მივთხოვდები იმნაირ ვაჟკაცს,

ვინც თითისტარის ნამსხვრევით მხოლოდ,

მხოლოდ ნამსხვრევით ჩემივე კოჭის,

დაუყოვნებლივ გამოსთლის სანდალს

და სანდალს ზღვაში გაუშვებს ისე,

ისე შეაგდებს ტალღებზე კანჯოს,

რომ არ უბიძგებს მაგარი მუხლით,

ხელს არ შეახებს მშვენიერ ნავზე,

არ ატრიალებს ხელებით სანდალს,

არ გაიშლება ვაჟკაცი მხრებში”.

ვეინემიენენ, მოხუცი ბრძენი,

მშვენიერ ასულს ეტყოდა ასე:

“არ არის ქვეყნად ისეთი ვინმე,

ისეთს ვერავის იპოვი ქვეყნად,

ჩემზე უკეთ რომ გასთალოს კანჯო,

ნავის კეთება შეეძლოს უკეთ”.

ხელში აიღო ნამსხვრევი კოჭის,

და თითისტარის ნატეხი მცირე

და კანჯოს შექმნას შეუდგა უმალ,

უმალ დაიწყო კეთება ნავის.

და უზარმაზარ ფოლადის მთაზე,

და რკინის კლდეზე იმავე მთისა,

მყის შეაერთა ფიცარი ასი,

მიასადაგა ფიცრები ფიცრებს.

იგი მუშაობს ძალიან დინჯად,

ის გულმოდგინედ იღწვის და შრომობს.

დღე ერთ იშრომა, იშრომა ორი,

აი, მესამე დღე გადის უკვე,

იგი ლოდებზე არ ურტყამს ნაჯახს,

არ აპობს კლდეებს ნაჯახის პირით.

და დღე მესამე დამთავრდა ოდეს,

ხიისიმ ხელი დაავლო ნაჯახს,

ხელი დაავლო ბოროტმა ლემპომ

და საოცარით აღივსო ძალით,

მიექანება ნაჯახი კლდისკენ,

ნაჯახი ქვისკენ ისწრაფის მძლავრად;

ლოდიდან ასხლტა ნაჯახი ბასრი,

მოხუცს სხეულში შეერჭო უცებ,

მუხლში შეერჭო ნაჯახი ვაჟკაცს,

ნაჯახი ფეხის შეერჭო თითში,

სხეულს უფატრავს ბოროტი ლემპო,

ხიისი მძლავრი უფლითავს ძარღვებს;

სისხლმა ხორციდან იხუვლა ღვარად,

გადმოიღვარა მიწაზე სისხლი.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დიდი მისანი, უკვდავი მარად,

ასე იტყოდა, აღვსილი დარდით,

დამწუხრებული იტყოდა ასე:

“ჰოი, პირბასრო ნაჯახო ჩემო,

ტყელპირიანო ნაჯახო რკინის!

ალბათ გეგონა ებრძოდი ხეებს,

გეგონა ნაძვებს ჩეხავდი ალბათ,

ალბათ გეგონა ფიჭვნარებს ჭრიდი

და გულმოსული ამხობდი არყებს, –

ოდეს ძვალმაგარს ეკვეთე სხეულს,

მძლავრი ძარღვები დაფლითე ოდეს”.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

გრძნეულ შელოცვებს შეუდგა შემდეგ,

და გაიხსენა მრავალი ჯადო

და სიავეთა წარმოქმნა ქვეყნად.

მაგრამ შელოცვა არ ახსოვს ერთი,

არ ახსენდება შელოცვა მძიმე,

რომელიც მძლავრად ეხება რკინას,

რომელიც კურნავს ჭრილობას რკინის,

რომლითაც ქმნიან არტახებს მტკიცეს

და აკეთებენ საკეტებს მაგარს,

რათა დაკეტონ ჭრილობა დიდი,

რათა დაფარონ იარა ფართე.

მოედინება მუხლიდან სისხლი,

მოედინება თითიდან გარეთ.

მოედინება მდინარის დარად,

მოედინება ზათქით და ზარით.

სისხლმა გაშლილი დაფარა მდელო,

გადაუარა უსაზღვრო ველებს,

წითლად შეღება მაღალი ხენი,

ირგვლივ ყოველი შეღება წითლად.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

ჩამოაგლიჯა ლიქენი ლოდებს,

ჭაობებიდან მოთხარა ხავსი,

მდელოებიდან ბალახი მწვანე,

რათა დაფაროს ჭრილობა დიდი,

მძიმე იარა დაფაროს რათა.

მაგრამ საშველი არა ჩანს მაინც,

მოედინება ნაკადი ისევ.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მძიმე ჭრილობამ გატანჯა დიდად,

გადმოაფრქვია ცრემლები ცხარე,

მწარე დარდებით აღევსო გული.

ფეხმარდი ცხენი შეკაზმა სწრაფად,

ცხენი მარხილში შეაბა შემდეგ,

ოქროს მარხილზე დაადგა ფეხი,

მარხილის თავზე ავიდა თავად.

გადაუჭირა მათრახი ქურანს,

გადაუტყლაშუნა ფერდებზე შოლტი,

ცხენმა დასტოვა ადგილი უცხო

და გაეშურა ჭენებით გზაზე;

უეცრად სოფელს მიადგა ცხენი,

რომელშიც სამი ვიდოდა შარა.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

შარას ქვემავალს დაადგა უმალ,

უმალ მიადგა შენობას ქვემოს

და ზღურბლთან მდგარი იტყოდა ასე:

“ამ უცხო სახლში თუ არის კაცი,

რკინის კვალი რომ განკურნოს კარგად,

სნეულის სენი შეიტყოს უცებ,

უცებ შეიძლოს განკურნვა მისი?

ოთახში იჯდა პატარა ბავშვი,

პატარა ბალღი ღუმელთან იჯდა,

როს დაინახა სტუმარი უცხო,

დაუყოვნებლივ მიუგო ასე:

“ამ უცხო სახლში არ არის კაცი,

რკინის კვალი რომ განკურნოს კარგად,

რომ დაგიამოს ტკივილი მძიმე,

რომ მძიმე ტანჯვას მოუღოს ბოლო.

სხვა სახლისაკენ გასწიე სწრაფად,

სხვა შენობაში გიშველონ იქნებ”.

ვეინემეინემ დიდებულ ქურანს

გადაუჭირა მათრახი ფერდზე,

შუა შარაზე გავარდა სწრაფად;

მან შუა შარა გალია მალე,

შუა შენობას მიადგა ახლოს,

ასე იტყოდა დირესთან მდგარი,

სარკმელთან მდგარი იტყოდა ასე:

“ამ უცხო სახლში თუ არის კაცი,

რკინის კვალი რომ განკურნოს კარგად,

რომ შეაკავოს ნაკადი უცებ,

სისხლის დენას რომ მოუღოს ბოლო?”

მოფარებოდა დიაცი ღუმელს,

მიმალულიყო მოხუცი ჩუმად,

გაარაკუნა სამიოდ კბილი

და უპასუხა ვეინეს ასე:

“ამ უცხო სახლში არ არის კაცი,

რკინის კვალი რომ განკურნოს კარგად,

რომ დაგიამოს ტკივილი მძიმე,

რომ წარმოშობა იცოდეს სისხლის

სხვა სახლისაკენ გასწიე სწრაფად,

სხვა შენობაში გიშველონ იქნებ”.

ვეინემეინემ დიდებულ ქურანს

გადაუჭირა მათრახი ფერდზე,

ზემო შარაზე გავარდა ცხენი.

მერანი სწრაფი გავარდა სწრაფად.

მან ზემო შარა გალია მალე,

უმალ მიადგა შენობას ზემოს,

ასე იტყოდა დირესღან მდგარი,

ფარდულთან მდგარი იყტოდა ისე:

“ამ უცხო სახლში თუ არის კაცი,

რკინის კვალი რომ განკურნოს კარგად,

რომ დამიამოს ტკივილი მძიმე,

რომ სისხლის დენას მოუღოს ბოლო?”

თეთრწვერიანი მოხუცი კაცი,

მაღალ ღუმელზე თბებოდა ამოდ,

დაიბურტყუნა მაღლიდან მძლავრად,

დაიღრიალა მოხუცმა ასე:

“უფალმა უწყის შელოცვა ბრძნული,

უფალმა უწყის სამიოდ სიტყვა,

რომელიც გვამცნობს საგანთა საწყისს,

რომელიც გვამცნობს ყოველგვარ საგნებს.

მათ წყალვარდნილი დააცხრეს თურმე,

მდინარეები დააცხრეს მძაფრი,

მშფოთვარე ყურე დააცხრეს კონცხთან,

დააშოშმინეს მრისხანე სრუტე”.

 

რუნა მეცხრე

 

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

წამოიმართა მარხილის თავზე

და, თუმცა სისხლი სდიოდა ღვარად,

დაუხმარებლად გადმოდგა ფეხი;

და სახლისაკენ გასწია შემდეგ,

მცირე ოთახში შევიდა იგი.

ვეინეს ვერცხლის მოართვა ჯამი,

შემოუტანეს ფიალა ოქროს,

მაგრამ ის იტევს ძალიან ცოტას,

რამ უმნიშვნელო ნაწილს თუ იტევს

ვეინემეინეს წითელი სისხლის,

რომელიც ირგვლივ იღვრება ღვარად.

დაიღრიალა მოხუცმა უცებ,

გადმოაფრქვია სიტყვები მძალვრი:

“ნეტავ ეკუთვნი ვაჟკაცებს რომელს,

რომელ დევგმირებს ეკუთვნი ნეტავ?

შენ რომ დაგდინდა მუხლიდან სისხლი,

რომ დაიღვარა დიდებულ ველზე,

შვიდს აავსებდა მშვენიერ კანჯოს,

რვას აავსებდა უძირო ქვაბსა!

მე ხომ უამრავს ვინახავ სიტყვებს,

მაგარამ ერთი რამ არ ვიცი მაინც:

როგორ შექმნა მიწაში რკინა,

ანდა ფოლადი იზარდა როგორ.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:

“რკინის საწყისი გავიგე კარგად,

მივხვდი, ფოლადი იზარდა როგორ.

ჰაერი ქვეყნად დედაა ყოვლის,

უფროს ძმად წყალი ითვლება დღემდე,

წყლის უმრწმეს ძმად კი ითვლება რკინა,

შუათანად კი მხურვალე ცეცხლი.

უზენაესმა უფალმა ჩვენმა,

ყოვლისშემქმნელმა კეთილმა უკომ,

განაცალკევა ზეციდან წყალი,

განაცალკევა ხმელეთი წყლიდან.

მრავალი წელი გავიდა შემდეგ,

გავიდნენ თვენი, ღამენი, დღენი,

არ წარმოიქმნა რატომღაც რკინა,

არ დაიბადა ფოლადი მტკიცე.

ყოვლისშემქმნელმა უფალმა ჩვენმა,

აამოძრავა ხელები მძლავრი

და გადაისვა მარცხენა მუხლზე.

სამი ასული შეიქმნა სწრაფად,

შემოქმედების ასული სამი,

რომელთაც წინათ წარმოშვეს რკინა,

რომელთაც შექმნეს ფოლადი მტკიცე.

ისინი ცში გაფრინდნენ სწრაფად

და შეერივნენ ამღვრეულ ღრუბლებს,

რძით აღვსებულან მკერდები მათი,

დამძიმებულან ძუძუნი რძითა,

ძუძუებიდან წვეთები წვეთენ

და მიწას რწყავენ მოწყალე წვეთნი,

ანოყივრებენ ჭაობებს დამპალს,

მთვლემარე ტბებს და მდინარეს მდორეს.

ყველაზე უფროს ქალწულის მკერდით

შავ წვეთად წვეთენ წვეთები რძისა,

და შუათანა ქლწულის მკერდით

თეთრ წვეთად წვეთენ წვეთები რძისა,

ხოლო უმრწმესი ქალწულის მკერდით

წითლად წვეთევენ წვეთები რძისა.

იქ, სადაც შავი დაეცა წვეთი,

ძალიან რბილი შეიქმნა რკინა;

იქ, სადაც თეთრი დაეცა წვეთი,

გამოგვეცხადა ფოლადი მტკიცე;

სადაც წითელი დაეცა წვეთი,

მორბილო რკინა შეიქმნა მხოლოდ.

ერთხელ ძალიან მოსწყინდა რკინას,

მოწყენილ რკინას მოსწყურდა ერთხელ,

ძმა შუათანა ეხილა ახლოს,

რომ უფრო ახლოს გაეცნო იგი.

მაგრამ ძმა მისი იზარადა მძლავრად,

მხურვალე ცეცხლი გავრცელდა უცებ,

რომ ძვირფას ძმასთან მივიდეს ახლოს

და რკინას ახლოს მხურვალე ხელი.

მაგრამ სასწრაფოდ გაიქცა რკინა,

რათა ძმისაგან დაეხსნა თავი,

განრიდებოდა მხურვალე ხელებს

და ცეცხლის ხახას ესოდენ მაცდურს.

ძმისაგან გარბის საბრალო რკინა,

მიუვალ სადგომს დაეძებს იგი,

სადგომს დაეძებს წაობის ფსკერზე,

მდინარის ფსკერზე დაეძებს სადგომს,

ის თავშესაფარს დაეძებს ყველგან

მოინახულებს ჯურღმულებს მთების,

სადაც ბატები ასხედან კვერცხებს

და კვერცხებს დებენ გედები სადაც.

ბოლოს კი რკინამ იპოვა ბინა,

სასურველ სადგომს მიაგნო ბოლოს,

დაისადგურა მდინარის ფსკერზე

და ხისა ორის ორ ძირკვთა შორის.

იქ ორი წელი იცხოვრა რკინამ,

მესამე წელიც იცხოვრა შემდეგ,

მაგრამ მაინც ვერ გაექცა იგი

მხურვალე ცეცხლის ხელებს და ხვევნას

და მოუწია ეხილა ისევ

გახურებული სამყოფი ცეცხლის,

რათა მახვილი შეექმნათ მისგან,

რათა ძლიერი შეექმნათ შუბი.

მოეშურება ჭაობზე მგელი,

გამოდის დათვი დაბურულ ტყიდან,

და არხევს მგელი ლიამპალს მდორეს,

და თელავს დათვი ჭაობებს თათით.

ამოიზარდა მაგარი რკინა,

ამოიზარდა ფოლადი მტკიცე,

იქ, სადაც მგელმა დაადგა ფეხი,

იქ, სადაც თათი დაადგა დათვმა.

ჰო, დაიბადა მჭედელი ბრძენი,

ილმარინენი მოვიდა ქვეყნად,

ის დაიბადა ნახშირის მთაზე,

ნახშირის ველზე იზარადა იგი,

ხელში ვეება უჭირავს ურო,

მარწუხს მუჭავს და ძალუმად უჭერს.

ის დაიბადა გვიანი ღამით,

ხოლო დილით კი წამოდგა ფეხზე,

სამჭედლო ადგილს დაუწყო ძებნა,

ვერსად იპოვა ადგილი იგი.

შორით ჭაობი შენიშნა ბოლოს,

ხოლო ჭაობში კლდეები მრუმე,

ჭაობისაკენ გასწია ლაღად,

ახლოს იხილა ჭაობი ვრცელი.

სამჭედლო ქურა გამართა კლდეზე,

საბერველებიც გამართა უმალ.

მგლის ნაფეხურებს გაუყვა სწრაფად,

სწრაფად გაუყვა ნაკვალევს დათვის

და დიდი დათვის ვეება კვალზე

და ნაფეხურზე მშიერი მგლისა,

ამონაყარი შენიშნა რკინის,

წააწყდა ცისფერ ფოლადის წნელებს.

ასე იტყოდა მჭედელი მაშინ,

ოსტატი დიდი იტყოდა ასე:

“ო, საცოდავო, საბრალო რკინავ!

აგირჩევია ადგილი ცუდი,

ხარ ჩაფლობილი წაობში ერთობ,

ხარ განფენილი სიღრმეში ფრიად,

ხან რუხი მგელი გაბიჯებს თავზე,

ხან გტორავს თათით ვეება დათვი!”

ასე იფიქრა მჭედელმა ბოლოს,

მჭედელმა დიდმა წარმოთქვა ასე:

“რკინა რომ ჩავდო ქურაში ცხელში,

რა შეიქმნება ქურაში ნეტავ?”

რკინას რა ესმა სიტყვები ესე,

შიშით აღივსო საბრალო რკინა,

რადგანაც ქურა ელოდა ცხელი,

რადგან გიჟური ელოდა სიცხე.

მაშინ ჩაფიქრდა მჭედელი დინჯად,

ოსტატი ბრძენი იტყოდა მაშინ:

“არა, არასდროს მოხდება იგი,

იგი არასდროს მოხდება, მჯერა:

ცეცხლმა ხელი რომ აღმართოს ძმაზე,

ძვირფას თვისტომზე აღმართოს ხელი,

შენ ცეცხლის ბინას ეწვევი რკინავ,

მოგათავსებენ მხურვალე ფსკერზე,

და გაიზრდები, რკინაო, ცეცხლით,

მოგემატება ძალ-ღონე რკინავ,

კაცის მახვილად იქცევი გრდემლზე,

საკინძეებად იქცევი ქალის!”

როს დედამიწას დაეცა ბინდი,

ჭაობებიდან მოთხარეს რკინა

და მოუტანეს დიდებულ მჭედელს

და მოათავსეს ქურასთან იგი.

ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,

საბრალო რკინა ჩააგდო ცეცხლში,

საბერველებით ჩაბერა სამჯერ,

საბერველებით ჩაბერა მძლავრად.

მხურვალე ქურის მხურვალე ალში,

მხურვალე ქურის მხურვალე ფსკერზე,

რკინამ თანდათან დაიწყო დნობა,

საბერველის ქვეშ დარბილდა რკინა,

ხორბლის ცომივით დარბილდა იგი,

შავი ცომივით გაშავდა უცებ.

შეშინებულმა იკივლა რკინამ

და შეევედრა დიდებულ მჭედელს:

“ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,

ო, განმარინე აქედან ჩქარა,

მე აქ მძიძგნის და მაწამებს ცეცხლი,

ვეღარ ვისვენებ მხურვალე ფსკერზე!”

ილმარინენო, მჭედელი ბრძენი,

საბრალო რკინას მიუგებს ასე:

“მე რომ აქედან გაგიშვა, რკინავ,

რომ განგარიდო მხურვალე ცეცხლი,

შენ საზარელი შეიქნე იქნებ,

იქნებ საშიში შეიქნე მეტად

დაძმას საკუთარს მოუღო ბოლო,

უბედურ დედას მოუკლა შვილი”.

წინაშე ქურის, წინაშე გრდემლის,

მჭედლის ვეება უროს წინაშე,

სასტიკი ფიცით იფიცა რკინამ,

რკინამ მაღალით იფიცა ფიცით,

ცბიერმა რკინამ იფიცა ასე:

“მე ძმას აროდეს მოვუღებ ბოლოს,

დედას აროდეს მოვუკლავ შვილებს,

რადგან ამ ქვეყნად არიან ხენი

და ქვანი ბლომად არიან ქვეყნად.

თუკი შემეხო მშრომელი მარჯვე,

თუ გამრჯე კაცის ჩავვარდი ხელში,

მე ბედნიერი ვიქნები უფრო,

თავისუფალიც ვიქნები ხშირად,

ვიდრე საყვარელ თვისტომის მოკვლით

და ახლობლების აჩეხვით ვიდრე.

ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,

მჭედელმა დიდმა, უკვდავმა მარად,

რკინა ცეცხლიდან მოიღო უცებ

და ფართე გრდემლზე დააგდო იგი.

აამუშავა ვეება ურო,

საგანთა შექმნას შეუდგა სწრაფად,

და დაამზადა ნაჯახი მჭრელი,

და გამოსჭედა ლახვარი მტკიცე.

მაგრამ ჯერ ბევრი აკლია რკინას,

წრთობა ჭირდება საბრალოს კიდევ,

ჯერ კიდევ ენა არა ჩანს რკინის,

ფოლადის პირიც არა ჩანს ჯერაც.

რკინას ხომ ვერვინ გააწრთობს ისე,

თუ არ ასხურა რკინაზე წყალი.

ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,

გამოსავალი იპოვა უცებ:

ფოლადის საწრთობ სითხეში ცხელში,

წვენში, რომელიც ამაგრებს რკინას,

მან ჩაუმატა ნაცარი მცირე

და ნაცარტუტაც ჩაყარა ცივი.

ნაერთი ენით მოსინჯა ოდნავ

და დაადგინა მჭედელმა ბოლოს:

“არა და არა, ნაერთი იგი,

არ გარდიქმნება იმნაირ სითხედ,

რომ გამოაწრთოს საბრალო რკინა,

რომ გაამაგროს ფოლადი რბილი”.

უცებ ფუტკარი აფრინდა ველზე,

ცისფერფრთიანი აფრინდა მაღლა,

ჰაერში დაჰყო სულ რაღაც წამი

და მჭედლის ქურას ეწვია ბოლოს.

ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,

პატარა ფუტკარს მიუგო ასე:

“ჰოი, ფუტკარო, კაცუნავ სწრაფო!

მოხეტიალევ ჰაერში ლაღად,

ცისფერი ფრთებით მოიღე თაფლი,

მაცოცხლებელი მოიღე სითხე,

ექვსი ყვავილი მოწოვე ფრთხილად,

შვიდი ბალახის მოწოვე სიტკბო,

რომ შევამზადო ფოლადი მტკიცე,

რომ გავამაგრო საბრალო რკინა!”

ცისფერფრთიანმა ხიისის ჩიტმა,

კარგად გაიგო სიტყვები მჭედლის:

სამჭედლოს თავზე მჯდარიყო თურმე

და უყურებდა ყველაფერს დაბლა,

რკინა ქურაში დნებოდა როგორ,

ვით მზადდებოდა ფოლადი ფსკერზე.

სწრაფად გაფრინდა პატარა ჩიტი

და უფრო სწრაფად მოფრინდა უკან,

შიშით აივსო ხიისის მხარე,

მთელი ქვეყანა აივსო შიშით,

უნასის შხამი მოიღო ბლომად,

მოიღო გველის სისინი მძიმე,

ჭინჭველის შხამი მოზიდა ფრთებით,

ფარული შხამი მოზიდა მყვართა,

რომ გამოაწრთოს საბრალო რკინა,

რომ გამოაწრთოს ფოლადი რბილი.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

მჭედელი დიდი, უკვდავი მარად,

გახარებული, ამრიგად გონებს,

გალაღებული, ამრიგად ფიქრობს,

რომ მოუტანა ფიტკარმა თაფლი,

რომ მოუზიდა ნუგბარი სითხე,

აღტაცებული მიუგებს ფუტკარს,

პატარა ფრინველს მიუგებს იგი:

“ჰოი, ფუტკარო, კაცუნავ სწრაფო!

ვიცი ნუგბარი მოიღე სითხე,

რომ გამოვაწრთო საბრალო რკინა,

რომ გავამაგრო ფოლადი რბილი”.

მან შიგ ჩაუშვა ფოლადი რბილი,

საბრალო რკინაც ჩაუშვა შემდეგ,

მან ამოიღო ცეცხლიდან რკინა,

ამოიტანა ფოლადი ზევით.

როს ამოვიდა ფოლადი ზევით,

როს ამოვიდა ცეცხლიდან რკინა,

ფოლადმა ფიცი გატეხა მტკიცე,

ვითარცა ძაღლმა შეჭამა ფიცი.

და დაერია საყვარელ თვისტომს,

არ მოერიდა უბედურ მშობლებს,

სისხლს აიძულა ედინა ღვარად

და მიდის ღვარად წითელი სისხლი”.

თეთრწვერიანი მოხუცი კაცი,

მაღალ ღუმლიდან იტყოდა ასე:

“რკინის საწყისი გავიგე კარგად,

ბოროტი არსი შევიცან რკინის”.

ჰოი, საბრალოვ, ბოროტო რკინავ,

უბრალო ნამწვი იყავი მხოლოდ,

გარდიქცეოდი ფოლადად ვიდრე!

რკინავ, როგორღაც იზარდე ქვეყნად,

რკინავ, როგორღაც საშიში გახდი,

წამოგეზარდა სხეული მცირე

და გოლიათად გარიქმენ, რკინავ!

რკინავ, შენ დიდი არ იყავ წინათ,

არ იყავ დიდი და არცა მცირე,

რკინავ, არ იყავ ლამაზი წინათ,

რკინავ, შენ წინათ არ იყავ მძლავრი.

რკინავ, წინათ რძე იყო მხოლოდ

და ულამაზეს ასულის მკერდით

ძირს იღვრებოდი ნაზად და მშვიდად,

ეფინებოდი მშვენიერ არეს.

რკინავ, შენ დიდი არ იყავ წინათ,

არ იყავ დიდი და არცა მცირე,

შენ თითქოს ზეცის იყავი ცვარი,

წყაროს ნაკადი იყავი თითქოს.

ბნელ ჯურღმულებში, ხვეულთა კლდეთა,

დიდთა ჭაობთა მშვენიერ ქედზე,

იწექი, ვითარ მტვერი წევს ჟანგის,

იწექი, ვითარ დამწვარი მიწა.

რკინავ, შენ დიდი არ იყავ წინათ,

არ იყავ დიდი და არცა მცირე,

ოდეს საზარელ ჭაობთა შორის

ფლოქვით გთელავდა ველური დომბა

და გჭყლეტდა მგელთა ფეხები მწარე,

ვეება დათვი გკაწრავდა თათით.

რკინავ, შენ დიდი არ იყავ წინათ,

არ იყავ დიდი და არცა მცირე,

ოდეს გიპოვა მჭედელმა დიდმა

და ბნელ სიღრმიდან მოგიღო ზევით,

და მოგათრია ქურასთან ახლოს

და მოგათავსა მხურვალე ფსკერზე.

რკინავ, შენ დიდი არ იყავ წინათ,

არ იყავ დიდი და არცა მცირე,

ოდეს წიოდი ქურაში ცხელში,

ოდეს ქურაში ლღვებოდი სწრაფად

და ნამწვის დარად წიოდი მწარედ,

და წყალის დარად ხმაურით დუღდი,

ოდეს ძლიერად იფიცე, რკინავ,

ოდეს იფიცე, რკინაო, მტკიცედ,

წინაშე გრდემლის, წინაშე უროს,

წინაშე ქურის მხურვალე ფსკერის,

სადაც მჭედელი გჭედავდა დიდხანს,

ოსტატი დიდი გჭედავდა გრდემლზე.

შენ ეხლა დიდი შეიქენ, რკინავ,

შეიქენ, რკინავ, მძაგრი და მძიმე,

გატეხე ფიცი და როგორც ძაღლმა

შენ შთანთქე წმინდა სინდისი შენი

და აღარ ინდობს საყვარელ თვისტომს,

და ანადგურებს საკუთარ მოდგმას.

ვინ გაიძულა ბოროტი საქმე,

ვინ შთაგაგონა ზრახვანი ცუდნი?

იქნება მამამ და შენმა დედამ,

ან უხუცესმა ძამიკომ შენმა,

შენმა უმრწმესმა დაიკომ იქნებ,

ანდა სხვა კაცმა შენივე მოდგმის?

არც დედამ და არც მშობელმა მამამ,

არც უხუცესმა ძამიკომ შენმა

და არც უმრწმესმა დაიკომ კიდევ,

და არც სხვა კაცმა შენივე მოდგმის,

არ შთაგაგონა ბოროტი საქმე,

უბედურების წყარო ხარ თავად.

აი, შეხედე საქმეთა შენთა

და მოვედ, რათა გაფანტო ჭირი,

თორემ დედაშენს შეხვდები სადმე

და მოვუყვები საზარელ ამბავს.

დედას ბევრი აქვს ზრუნვა და დარდი,

მშობელი დედა განიცდის მძიმედ,

თუ ცუდი საქმე იკადრა შვილმა,

თუ თავხედურად მოიქცა შვილი.

შესდექი, სისხლო, გეყოფა დენა,

ნუღარ იღვრები, ნაკადო ილო,

ნუ მეშხეფები დამაშვრალ შუბლზე,

ნუ დამისველე ძლიერი მკერდი.

უძრავად დადექ, კედელი ვითარ,

ვითარ მესერი, უძრავად დადექ,

ვითარ დგა ხმალი, ნასროლი ზღვაში,

ვითარცა ხავსი ნისლი დგა ველად,

ვითარცა გზაზე ლოდი დგა მძიმე

და წყალვარდნილში – ვეება კლდენი.

ხოლო სხვა გზა თუ არ არის შენთვის

და უსათუოდ გჭირდება დენა,

მაშინ შენ ხორცში იდინე მხოლოდ,

მაშინ შენ ძვლებში იდინე ისევ.

სხეულში ყოფნა ჯობია შენთვის,

შენთვის ჯობია სხეულში ღელვა

და მოძრაობა ძარღვებში მძიმედ

და მიმოქცევა დახლართულ ძვლებში,

ვიდრე მიწაზე გადმოღვრა წითლად,

საზიზღარ მტვერში აღერევა ვიდრე.

ნუღარ იღვრები მიწაზე, რძეო,

ნუღარ იღვრები უსაზღვრო ველზე,

ნურცა ბუსნოზე, მშვენებავ კაცთა,

ნუცა ქედებზე, გმირების ოქროვ:

შენ უნდა გულში შეხვიდე ისევ,

უნდა იდინო ფილტვებში ქშენით,

ამიტომ სწრაფად დაბრუნდი უკან

და დაუბრუნდი საკუთარ სხეულს.

საჭიროება არ არის იმის,

რომ განეფინო მდინარედ მიწას,

რომ ჭაობიდან დიოდე წყაროდ,

ამდა მინდორზე დაგროვდე გუბედ.

სისხლო წითელო, იღვრები ნუღარ,

სისხლო წითელო, დამშვიდდი, დადექ,

შენივე თავი შებოჭე თავად,

თავდა დათრგუნე შენივე თავი.

ოდეს ზაფხულში გაგვტანჯა გვალვამ,

სასტიკი სიცხე ვიგემეთ ოდეს,

ტურიის მთაზე ხომ დაცხრნენ მაშინ

წყალვარდნილები, მხტომელნი მძაფრად,

ამოშრა ზეცის უსაზღვრო სივრცე,

უკიდეგანო ამოშრნენ ზღვები.

თუ არ შეისმენ გონივრულ რჩევას,

სხვა საშუალებას მივმართავ მაშინ:

მე გამოვართმევ ხიისის ჭურჭელს,

სისხლის ღვარი რომ ადუღდეს სწრაფად,

რომ გამოიწრთოს ჭურჭელში სისხლი

და არ გადმოცდეს ჭურჭელი კიდეს,

რომ სტვენით აღარ გაიჭრას ველად.

არ გადმოსდინდეს დარღვეულ სხეულს.

იქნებ მე უკვე აღარ ვარ გმირი,

მე გოლიათი აღარ ვარ იქნებ,

სისხლის დენას რომ მოვუღო ბოლო,

რომ შევაჩერო დინება სისხლის?

მაშინ დიდებულს მოვუხმობ უფალს,

რომელიც მაღლა განაგებს ღრუბლებს;

უძლეველია უფალი იგი,

ყოვლისშემძლეა უფალი ქვეყნად,

იგი ჭრილობებს ჩაკეტავს მტკიცედ,

იგი დაახშობს დინებს სისხლის.

ო, ოკოვ, ღმერთო უზენაესო,

ო, ზეციერო მამაო ჩვენო!

ო, მოვედ, მოვედ საშველად ჩემდა,

იმედად ჩემდა მოვედ, ო, მოვედ!

ძლიერი ხელით დაახშე მძლავრად,

დაკეტე მტკიცედ ძლიერი თითით

ხვრელი ფართე და ბოროტი ერთობ,

განუკურნელი ჭრილობა ღია,

გადააფარე ფოთლები ნორჩი,

ოქროს ყვავილით დაფარე უცებ,

რათა დაახშო ნაკადი მძლავრად,

გადაუკეტო სავალი გზები,

რომ არ დიოდეს ჭაღარა წვერზე,

არ მისველებდეს მშვენიერ კაბას!

ნაკადის დენა შეწყვიტა ასე,

ასე დაუხშო სავალი გზები

და შემდეგ შვილი მოიხმო სწრაფად,

სამჭედლოსაკენ გაგზავნა შემდეგ,

რომ მოიტანოს ბალახის ბოჭკო,

მელაკუდა და წვეთები თაფლის,

რომ შეაზავოს მალამო კარგად,

რომ შეამზადოს ნაერთი მტკიცე.

სამჭედლოსაკენ წავიდა ბავშვი,

რომ შეამზადოს მალამო უცხო,

უეცრად მუხა შემოხვდა გზაზე

და შეეკითხა ყმაწვილი მუხას:

“მუხაო, თუ გაქვს ტოტებში თაფლი,

ან გოლეული თუ დაგრჩა კიდევ?”

გაესაუბრა გიგანტი ყმაწვილს,

ასე მიუგო პატარას მუხამ:

“მჭექარ ღრუბლებს რომ დასდინდა სიტკბო,

წამიერ ცხვრებს რომ დასდინდა თაფლი,

განა გუშინ არ დამდინდა თავზე,

არ დამეკიდა ტოტებზე განა?”

მუხას მოსტეხა ნაწილი მცირე,

ჩამოაცალა ნამცეცი რბილი,

მერე ბალახი მოკრიფა ბლომად,

ველად მოკრიფა ბალახი მწვანე,

რომელთაც არვინ არ იცნობს ჩვენში,

რომელთა მსგავსი სმენიათ არსად.

მან მუხის ქერქის ნაფოტი რბილი,

ნაირნაირი ბალახი მწვანე,

მდუღარე ქვაბში ჩაყარა სწრაფად

და შეამზადა ნაერთი მძლავრი.

აი, ხმაურობს მდუღარე ქვაბი,

მდუღარე კასრი ხმაურობს ლაღად,

სამი ღამეა ხმაურობს უკვე,

ხმაურობს ლაღად დღე არის სამი.

ასე იფიქრა პატარამ ბოლოს,

დაეჭვებულმა წარმოსთქვა ასე:

“მასალა იგი მზად არის იქნებ,

იქნებ მზად არის მალამო იგი”.

მაგრამ მალამოს აკლია რაღაც,

ჯერ მზად არ არის ნაერთი იგი,

სწორედ ამიტომ, ჩაყარა ქვაბში

ნაირნაირი ბალახი ბლომად,

რომელსაც კრეფდნენ გრძნეულნი ცხრანი

და ჯადოქარნი რვანი რომ კრეფდნენ,

იმ მხარეებში, რომელიც ჩვენგან

დაშორებულან ათასი მილით.

სამიოდ ღამე ადუღა კიდევ,

ცხრა ღამე ხარშა მალამო უცხო,

ბოლოს ცეცხლიდან ჩამოდგა ქვაბი,

მდურარე ქვაბი ჩამოდგა დაბლა

და დააკვირდა მალამოს შემდეგ,

მდუღარე ნაერთს დახედა ეჭვით:

ხომ არ დამზადდა მალამო ნეტავ,

ხომ არ შექიმნა ნაერთი იგი?

სადაც ლამაზი გაშლილა მდელო,

ტოტებმრავალი ხარობდა ვერხვი,

დამსხვრეულიყო საწყალი ძალზე,

გადმოხრილიყო ძალიან დაბლა.

ბავშვმა წაუსვა მალამო რბილი,

სხეულოზე წასცხო გრძნეული სითხე,

და შემდეგ წარსთქვა სიტყვები ბავშმა,

ასე იტყოდა პატარა ბავშვი:

“იმის გამო, რომ დიდებულ ნაერთს,

მე გადავუსვამ სიმრუდეს ხისას,

იმის გამო, რომ მალამოს უცხოს,

მე წავცხებ ვერხვის ჭრილობებს მძიმეს,

უნდა გამრთელდეს ხე იგი უმალ,

უნდა შეიქნეს ლაღი და მძლავრი”.

ხე იგი წელში გასწორდა შემდეგ,

უფრო მაგარი შეიქნა ვერხვი,

მწვანე კენწერო წავიდა მაღლა,

მაღალი ტანი შეიქნა მტკიცე.

დამსხვრეულ ლოდებს, დარღველ კლდეებს,

უცხო მალამო წაუსვა ბლომად

და კვლავ შეერთდნენ ვეება ლოდნი,

ვეება კლდენი შეერთდნენ ისევ.

როს შეამზადა მალამო უცხო,

უმალ დასტოვა სამჭედლო ბავშვმა,

დიდებულ ბრძენთან მივიდა იგი,

და მოახსენა ვეინეს ასე:

“აი, ნაერთი ძლიერი ერთობ

და საშვალება ნაცადი ყველაგან,

დარღვეულ კლდეებს აერთებს იგი,

აერთებს იგი დამსხვრეულ ლოდებს”.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

უმალ მოსინჯა ნაერთი ენით

და მოეწონა ნაერთი ძლიერ,

და გაიხარა მოხუცმა დიდად.

ბიჭმა აიღო ნაერთი იგი,

ვეინეს წასცხო გრძნეული სითხე,

წასცხო მალამო მაღლა და დაბლა,

შუაშიც წასცხო მალამო უცხო;

დაფიქრებული იტყოდა შემდეგ,

იგი უცნაურს იტყოდა სიტყვას:

“ჩემი სხეულით მოვდივარ როდი,

მე შემოქმედის სხეულით მოვალ;

საკუთარ ძალით მოვდივარ როდი,

ყოვლადძლიერის მოვყავარ ძალას;

საკუთარ ბაგით ვმეტყველებ როდი,

უზენაესის მეტყველებს ბაგე;

თუმცა აქვთ მადლი ბაგეთა ჩემთა,

მაგრამ უფლისას მეტი აქვს უფრო;

აქვთ სილამზე საკუთარ ხელებს,

უმჯობესია ხელები უფლის!”

ოდეს წაუსვა მალამო ბიჭმა,

როდესაც წასცხო გრძნეული სითხე,

ტკივილმა დიდმა შეიპყრო ბრძენი,

დაიკლაკნა და განერთხო მიწას.

ხან იქით ეცა და ხანაც აქეთ,

ვერსად იპოვა საშველი მაინც.

მოხუცი დევნის ტანიდან ტკივილს,

ტანიდან დევნის საშინელ ტანჯვას,

გზავნის ტკივილებს ტკივილთა მთაზე

და ტნჯვებს ტანჯვის ქედებზე გზავნის,

რათა გახადოს ლოდები ავად,

რათა ტანჯვები აგემოს კლდეებს.

მან აბრეშუმის აიღო ბაბთა,

აიღო ბაბთა გრძელი და ფართე,

და იგი სიგრძივ გახია სწრაფად

და შექმნა მათგან არტახი ორი.

შემოახვია არტახი მუხლზე,

თითი არტახით გაძაგრა მძლავრად.

ასე იტყოდა ყმაწვილი შემდეგ,

ასე იტყოდა კეთილი ბავშვი:

“გაპობილ მუხლზე, დიდებულ ვაჟკაცს,

დიდებულ ვაჟკაცს გაჩეხილ თითზე

ღვთის აბრეშუმი არტახად შვენის,

არტახად შვენის ბაბთები ღვთისა.

ჰოი, მოგვხედე, მამო ჩვენო,

მამაო ბრძენო, ნუგეშად გვექმენ,

რათა დაგვიცხრეს ტკივილი მძლავრი,

სასტიკი ტანჯვა მოგვშორდეს რათა”.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მისანი დიდი, უკვდავი მარად,

მაგრად დაეყრდნო ორივე ფეხზე,

კვლავ ძველებურად აღივსო ჯანით,

დაბლა შეიკრა ჭრილობა ღია,

სხეული შიგნით შეიქნა მტკიცე,

უმალ გამრთელდა ორივე ფერდი,

არსად დააჩნდა ჭრილობა სხეულს.

იგი შეიქნა ლამაზი უფრო,

ლამაზი, ვიდრე ყოფილა ადრე.

უკვე შეეძლო გადადგმა ფეხის,

უკვე შეეძლო მუხლების მოხრა,

ისე რომ ტკენა არ ეგრძნო მცირე,

არც დაბრკოლება არ ეჰრძნო დიდი.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

წამოიმართა, წამოდგა ფეხზე,

და უმალ ხედვა მიაპყრო მაღლა

და დაეუფლა სილაღე დიდი,

და უფლის მიმართ ღაღადყო ასე,

სამადლობელი აღმოსთქვა სიტყვა:

“ზეციდან მოდის წყალობა უხვი,

ნიადაგ ზრუნავს უფალი ჩვენზე,

რათა ტკივილებს მოეღოს ბოლო,

ბოლო მოეღოს საზარელ ტანჯვას.

დაე, იდიდოს უფალი ჩვენი,

უზენაესი იდიდოს მარად!

დიდი იარა მტანჯავდა ოდეს,

ოდეს მტანჯავდა ჭრილობა დიდი,

მაშინ დაუშვა წყალობა დაბლა,

მაშინ დამიხსნა ტანჯვისგან სწორედ!”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დაფიქრებული იტყოდა ასე:

“ხალხნო, რომელიც შემდეგშო მოხვალ,

შენ, მომავალო თაობავ ჩვენო!

არ დაიკვეხო კეთება ნავის,

არვის დაუდო ნაძლევი ნავზე,

რადგანაც საქმეს, დაწყებულს თქვენგან,

ამთავრებს მხოლოდ უფალი ბრძენი,

უმისოდ ძალა არა აქვთ გმირებს,

უმისოდ ხელებს არა აქვთ ძალა!”

 

რუნა მეათე

 

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

გამოიყვანა მერანი გარეთ,

და გულმოდგინედ შეკაზმა ცხენი

და მარხილებში შეაბა სწრაფად.

მოიკალთა მარხილის თავზე,

დაუხმარებლად ავიდა ზევით.

გადაუჭირა მათრახი ქურანს,

სცა მარგალიტის მათრახი ტანზე,

ელვის უსწრაფეს გაიჭრა ცხენი,

თვალისმომჭრელად იელვეს გზებმა.

და ახმაურდნენ კავები მძიმე,

და აჭრიალდნენ ტკალები ხმელი.

ვეინემეინემ. მოხუცმა ბრძენმა,

გადაუქროლა უსაზღვრო ველებს,

გადაუქროლა მშვენიერ მდელოს,

ულევი სივრცე გალია უმალ;

დღე ერთ იარა, იარა ორი

და დღე მესამე დაიწყო ოდეს,

ის კალევის მიადგა საზღავარს,

ოსმოს მისადგომს მიადგა იგი.

ასე იტყოდა მოხუცი ბრძენი,

ვეინემეინენ იტყოდა ასე:

“ის ძილისგუდა დაფლითე, მგელო!

სენო, დაფლითე ლაფლანდიელი!

მან საშინელი იკისრა საქმე,

მან საზრელი ისროლა სიტყვა,

რომ ვიდრე მთვარე ანათებს ცაში

და ქვეყანაზე დავდივარ ვიდრე,

ვეღარ ვიხილავ ვეინელს ლამაზს,

ვერც კალევალას ვიხილავ თვალით.”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

დააგუგუნა სიმღერა მძლავრი

და ოქროს ნაძვი წარმოქმნა უცებ,

და წამოზიდა კენწერო ნაძვმა,

ღრუბლებში გაძვრა კენწერო ნაძვის,

გადაიწვართნენ ტოტები ცაზე.

მძლავრი სიმღერა იმღერა ბრძენმა

და კენწეროზე წამოჯდა მთვარე,

ბრძენმა შელოცვა იმღერა მძლავრი

და დასხა დათვის ვარსკვლავნი ჯგუფად.

გამოეშურა ვეინე შემდეგ,

სამშობლოსაკენ აიღო გეზი,

შემოსევია დარდები მძიმე,

დაუფლებია უსაზღვრო სევდა,

რადგან აღუთქვა უმადურ ლოუხს,

რადგან დედაბერს აღუთქვა ცბიერს,

ილმარინენი, მჭედელი მძლავრი,

მჭედელი ბრძენი, უკვდავი მარად,

რათა უსიერ ნისლიან პოხელს

და სარიოლას, დაფარულს ბნელით,

განრიდებოდა ვეინე თავად,

დაბრუნებოდა სამშობლოს ისევ.

ბოლოს ოსმოში მივიდა იგი

და შეაჩერა მერანი უცებ;

აჭრელებული მარხილი დასთმო,

ფეხებით მტკიცედ დაეყრდნო მიწას.

უროს ხმაური მოესმა გრდემლზე,

ჩაქუჩის ცემის მოესმა ხმები.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

სამჭედლოსაკენ გასწია სწრაფად,

და სამჭედლოში შევიდა ოდეს,

უმალ შენიშნა მჭედელი დიდი.

ილმარინენი შრომობდა მშვიდად,

ვეება ურო ეჭირა ხელში.

ილმარინენი იტყოდა ასე:

“ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,

სად დააყოვნე ამდენი ხანი,

რომელ მხარეში ცხოვრობდი ნეტავ?”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:

“წყვდიად პოხელში ვცხოვრობდი დიდხანს,

სარიოლაში ვცხოვრობდი ბნელში,

ლაფლანდიაში ვცხოვრობდი დღემდე,

გრძნეულნი ბრძენნი ცხოვრობენ სადაც;

აი, სად დავყავ ამდენი ხანი,

სად გავატარე ცხოვრება მძიმე”.

იმლარინენი, მჭედელი დიდი,

დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:

“ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,

მისანო დიდო, უკვდავო მარად!

როგორ ვიდოდა ცხოვრება შენი,

ან სამშობლოში დაბრუნდი როგორ?”

ვეინემეინენ, მოხუცმა ბრძენმა,

დიდებულ მჭედელს მიუგო მშვიდად:

“ჩრდილოეთშია ასული ერთი,

ტურფა სული ამშვენებს სოფელს,

და ასულს არ სურს ლამაზი საქმრო,

არ სიამოვნებს ხსენებაც კაცის,

და ნახევარი პოხელის მხარე

ხოტბას ასხამს და ადიდებს ასულს:

საფეთქლებიდან სჩქეფს მთვარის შუქი,

სავსე მკერდიდან მზის სხივი მოსჩქეფს,

დათვის ვარსკვლავნი ასხედან მხრებზე,

შვიდვარსკვლავედი ბეჭებზე უზის.

ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,

მჭედელო დიდო, უკვადო მარად!

წამოიყვანე ასული იგი

და გაახარე სამშობლო მხარე.

თუ გამოსჭედავ ჯადოსნურ სამპოს,

თუ თავსახურით დახურავ ჭრელით,

მშვენიერ ასულს შეგრთავენ ცოლად,

შენ გასამრჯელოდ მიიღებ ასულს”.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:

“ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო!

წყვდიადით მოცულ პოხელში ალბათ

შენ თავი ჩემი დაპირდი ვინმეს,

რომ თავი შენი დაგეხსნა ამით.

იცოდე, ვიდრე დავდივარ ქვეყნად,

ზეცაზე მთვარე ანათებს ვიდრე,

არ ვნახავ ქოხებს პოხელის მხარის,

სარიოლასაც არ ვნახავ, არა.

იქ ცოცხლად ჭამენ გულმამაც გმირებს,

უცხო ვაჟკაცებს აღრჩობენ ზღვაში”.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:

“სხვა სასწაულიც მეგულვის ქვეყნად.

ნაძვი მაღალი იზრდება ოსმოს,

ოქროსრტოება იზრდება წვერით,

წვერზე უხდება მთოვარე კოხტა,

დათვის ვარსკვლავნი უსხედან მხრებზე”.

ასე ეტყოდა მჭედელი დიდი:

“არ დავიჯერებ შენ სიტყვებს მანამ,

სანამ თავად არ ვიხილავ თვალით,

საკუთარ თვალით არ ვნახავ ვიდრე”.

ასე ეტყოდა მოხუცი ბრძენი:

“თუ დაგაეჭვა ნათქვამმა ჩემმა,

მაშინ ნაძვისკენ გავწიოთ ბარემ

და შევამოწმოთ სიმართლე სიტყვის”.

მიდიან, ახლოს იხილონ რათა,

ყვავილოვანი ზღაპრული ნაძვი,

წინ მიუძღვება მოხუცი ჭაბუკს,

ჭაბუკი მოხუცს მიჰყვება უკან.

ოდეს მიადგნენ დანიშულ ადგილს

და ოსმოს საზღვარს მიადგნენ ოდეს,

ნაძვთან მიიჭრა მჭედელი ბძენი,

ხე იგი ახლოს იხილოს რათა,

წვერზე რომ აზის ნათელი მთვარე,

ვარსკვლავი დათვის ტოტზე რომ აზის.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:

“ხეზე აძვერი ძმობილო ჩემო,

ძმობილო, ნაძვზე აძვერი ჩქარა,

რომ წვერზე მჯდარი ნათელი მთვარე

და ტოტზე მჯდარი ვარსკვლავი დათვის,

ჩამოიტანო ნაძვიდან დაბლა,

რათა არღარა ნათობდნენ ნაძვზე!”

ილმარინენო, მჭედელი ბრძენი,

ჯადოსნურ ნაძვზე მიძვრება ფრთხილად,

რომ წვერზე მჯდარი ნათელი მთვარე

და ტოტზე მჯდარი ვარსკვლავი დათვის,

ჩამოიტანოს ნაძვიდან დაბლა,

რათა არღარა ნათობდნენ ნაძვზე.

მაგრამ ნაძვის ხე აფრთხილებს ჭაბუკს,

დიდებულ მჭედელს მიუგებს იგი:

“შენ გულუბრყვილო კაცი ხარ მეტად,

არ გაგაჩნია მიხვედრა მცირე,

დაუფიქრებლად მიძვრები ზევით,

ბრიყვი ბალღივით მიძვრები მაღლა,

რომ წვერზე მჯდარი ის ყალბი მთვარე,

ტოტებზე მჯდარი ვარსკვლავი დათვის,

ჩამოიტანოს ნაძვიდან დაბლა,

რათა არღარა ნათობდნენ ნაძვზე”.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

დააგუგუნა სიმღერა მძლავრი

და ამოვარდა გრიგალი უვებ,

და ატორტმანდა ჰაერი მძლავრად.

ასე მღეროდა მოხუცი ბრძენი,

მისანი დიდი იტყოდა ასე:

“ჭაბუკი იგი წარიღე ქარო,

შენივე ნავით წარიღე სწრაფად,

პოხელისაკენ წარიღე იგი,

მიაგდე იგი ნისლიან პოხელს!”

დაიღრიალა გრიგალმა მძლავრმა

და გაარღვია ჰაერი სქელი,

და აღიტაცა ჭაბუკი უცებ,

პოხელისაკენ წარიღო სწრაფად.

ასე გაფრინდა ილმარინენი,

მჭედელი დიდი გაფრინდა ასე,

ქარების გზებით გაფრინდა სწრაფად,

უმძაფრეს გრიგალს მოება იგი,

დიდხანს იფრინა მჭედელმა ბრძენმა

მზეზე დაბლა და მთვარეზე მაღლა,

გადაიარა ვარსკვლავი დათვის,

შეუსვენებლივ იფრინა ცაზე.

იგი პოხელში დაეშვა ბოლოს,

აბანოს კარებს მიადგა იგი,

და მისი მისვლა ვერ იგრძნეს ძაღლთა,

ვერ მიეგებნენ მყეფარნი ყეფით.

დიასახლისი პოხელის მხარის,

მოხუცი ქალი, ბოროტი ერთობ,

ამ დროს ეზოში მდგრაიყო თურმე

და ილმარინენს მიმართავს იგი:

“რომელ ვაჟკაცებს ეკუთვნი ნეტავ,

ნეტავ ეკუთვნი დევგმირებს რომელს?

რომ მოფრენილხარ ქარების გზებით,

გივლია ქართა მარხილის კვალზე,

რომ შენი მოსვლა ვერ იგრძნეს ძაღლთა,

ვერ მოგეგებნენ მყეფარნი ყეფით”.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

ბოროტ დედაბერს მიუგებს მშვიდად:

“მე აქ ამისთვის მოვსულვარ როდი,

როდი მოგადექ იმისთვის კარზე,

რომ გავხდე ლუკმა მშიერთა ძაღლთა,

რომ მომესიონ მყეფარნი ყეფით”.

დიასახლისი პოხელის მხარის,

დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:

“ილმარინენი არსებობს ქვეყნად,

ქვეყნად არსებობს მჭედელი დიდი,

კარგახანია მოველით აქეთ,

დიდიხანია გვწყურია ხილვა,

რომ გამოსჭედოს ზღაპრული სამპო,

თავსახურავით დახუროს ჭრელით.

ხომ არ გსმენია რაიმე მასზე,

ან პირადად ხომ არ იცნობ ნეტავ?”

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

ცბიერ დედაბერს მიუგებს ასე:

ილმარინენი არსებობს ქვეყნად,

არსებობს ქვეყნად მჭედელი დიდი,

კარგახანია მოველით აქეთ,

დიდიხანია გვწყურია ხილვა,

რომ გამოსჭდოს ზღაპრული სამპო,

თავსახურავით დახუროს ჭრელით.

ხომ არ გსმენია რაიმე მასზე,

ან პირადად ხომ არ იცნობ ნეტავ?”

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

ცბიერ დედაბერს მიუგებს მშვიდად:

“მე ილმმარინენს მშვენივრად ვიცნობ,

ნამდვილად ვიცნობ დიდებულ მჭედელს,

ილმარინენი გახლავართ თავად,

თავად გახლავარ მჭედელი იგი”.

დიასახლისი პოხელის მხარის,

მოხუცი ქალი, ბოროტი მეტად,

სწრაფად შევიდა საკუთარ სახლში,

საკუთარ ასულს ეტყოდა ასე:

“ჰოი, ურწმესო ასულო ჩემო,

ულამაზესო ასულთა შორის!

ლამაზი კაბა ჩაიცვი ჩქარა,

მარგალიტები დაისხი მკერდზე,

გაიფერადე ლამაზი ყელი,

ააფერადე ლოყები წითლად,

მშვენიერ თვალებს შემატე ეშხი

და ოთახიდან გამოდი გარეთ!

რადგან გვეწვია მჭედელი დიდი,

ილმარინენი გვეწვია რადგან,

რათა ზღაპრული გასჭედოს სამპო,

თავსახურავით დახუროს ჭრელით”.

ნაზი ასული პოხელის მხარის,

მშვენიერება მიწის და ზღვისა,

ამოალაგებს სკივრიდან კაბებს,

რომ აარჩიოს კარგებში კარგი.

ის გარდაიცვამს კაბაზე კაბას,

ქუდა დაიხურავს მშვენიერ თავზე,

საკინძეებსაც აიღებს იგი,

წელს დაუმშვენებს სარტყელი ოქროს.

მან საკუჭნაო დასტოვა სწრაფად,

ეზოზე გავლით შევიდა ქოხში,

უციმციმებდნენ თვალები უცხოდ,

მომხიბლავია ასული მეტად.

გაბრწყონებია ერთიან სახე,

სავსე ლოყაზე უნთია ალი,

სავსე გულმკერდზე უელავს ოქრო,

ცინცხალი ვერცხლი უბრყწინავს თმებზე.

დიასახლისი პოხელის მხარის,

წინ წარძღვება დიდებულ მჭედელს,

პოხელის სახლში შეიყვანს სწრაფად,

მას სარიოლას შეიყვანს სახლში,

ძღომამდე აჭმევს გემრიელ საჭმელს,

მშვენიერ სასმელს თრობამდე ასმევს,

სტუმარს არნახულს მიუზღავს პატივს,

მხოლოდ შეკითხვას დაუსვამს ბოლოს:

“ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,

მჭედელო დიდო, უკვადვო მარად”

გედის ფრთის წვერი იშოვე სადმე,

რძე უშობლისა იხმარე ოდნავ,

აიღე მატყლი ლამაზი ბატკნის,

აიღე ქერის მარცვალი მცირე,

და ამ ნაერთით შექმენი სამპო,

თავსახურავით დახურე ჭრელიღ.

მაშინ ჩემს ასულს გაგატან ცოლად,

შენ შრომის ფასად მიიღებ ასულს”.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

ცბიერ დედაბერს მიუგებს ასე:

“მე გედის ფრთის წვერს ავიღებ ხელში,

რძეს უშობლისას მოვიხმარ ოდნავ,

ავიღებ მატყლსაც ლამაზი ბატკნის,

ავიღებ ქერის მარცვალსაც მცირეს,

ამ ნაერთისგან გავჭედავ სამპოს,

თავსახურავით დავხურავ ჭრელით.

მე ხომ თვით ზეცა გავჭედე წინათ

და სახურავი დავხურე ჰაერს,

ესე ვქმენ ყოველ საწყისთა უწინ,

ესე ვქმენ უწინ ყოველთა ქმნილთა”.

ილმარინენი, მჭედელი დიდი,

მჭედელი ბრძენი, უკვდავი მარად,

წავიდა, რათა გასჭედოს სამპო,

თავსახურავიღ დახუროს ჭრელით.

სამჭედლო ადგილს დაუწყო ძებნა,

დაუწყო ძებნა სამჭედლო საგნებს,

ვერსად იპოვა ადგილი იგი,

საგნები იგი იპოვა ვერსად,

ვერსად იპოვა ქურა და ურო,

ვერსად იპოვა მჭედელმა გრდემლი.

მაშინ წარმოთქვა მჭდელმა ბრძენმა,

ილმარინენმა წარმოთქვა მაშინ:

“ეჭვი ქალების საქმეა მხოლოდ,

ვერ ამთავრებენ დიაცნი საქმეს,

და არა მამრნი, უბრალო თუნდაც,

თუნდაც უძლური და სუსტი გმირი!”

მთლად მოიარა პოხელის მხარე,

დაეხეტებს მთაში თუ ბარად,

ის ქურისათვის დაეძებს ადგილს,

საბერვლებისთვის ადგილებს არჩევს.

დღე ერთ იარა, იარა ორი,

და დღე მესამე დაიწყო ოდეს,

ვეება ტინი შენიშნა ველად,

ველად შენიშნა საჭირო ლოდი.

და იგი ლოდთან მივიდა ახლოს

და გააჩაღა კოცონი მძლავრად,

საბერველები გამართა იქვე.

მეორე დღეს კი გამართა გრდემლი.

ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,

მჭედელმა დიდმა, უკვდავმა მარად,

საჭირო საგნებს მოკიდა ხელი

და ცხელ ქურაში ჩაუშვა უცებ;

საბერველებთან მონანი იხმო,

მონათა მძლავრად შთაბერონ რათა.

საბერველებით მონანი ბერვენ

და აღვივებენ ნაკვერჩხლებს მძლავრად,

სამი იშრომეს ზაფხულის დღენი,

ზაფხულის სამი იშრომეს ღამე,

წამოეზარდათ თითებზე თიხა,

წამოეზარდათ ქუსლებზე ქვები.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

გავარვარებულს ჩახედავს ქურას,

ჩახედავს, ახლოს იხილოს რათა,

რა წარმოიქმნა მხურვალე ფსკერზე,

რა დაიბადა ანთებულ ალში,

რა ამოზიდა მგზნებარე ცეცხლმა.

გამოეცხადა ცეცხლიდან მშვილდი,

მანათობელი ვითარცა მთვარე,

ვერცხლით ანათებს ორივე ბოლო,

სახელური კი სპილენძით ჭრელით.

შესახედავად შვენოდა მშვილდი,

მას ერთი ნაკლი გააჩნდა მხოლოდ:

მსხვერპლს მოითხოვდა ყოველდღე იგი,

დღესასწაულზე ითხოვდა ორმაგს.

და ილმარინენს, დიდებულ მჭედელს,

არ მოეწონა ასეთი მშვილდი,

გადაამტვრია მან მშვილდი შუა

და ნამსხვრევები ჩაუშვა ალში,

მერე დამაშვრალს უბრძანა მონებს,

საბერველებით შთაბერონ მძლავრად.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

მეორე დღესაც ჩახედავს ქურას,

ჩახედავს, ახლოს იხილოს რათა,

რა წარმოიქმნა მხურვალე ფსკერზე;

ნავზე წითელი ფრიალებს აფრა,

ოქრო ყვითელი ანთია ქიმზე,

ნიჩბის პალოზე სპილენძი მკვეთრი.

შესახედავად შვენოდა ნავი,

მას ერთი ნაკლი გააჩნდა მხოლოდ:

ეტანებოდა საზარელ ბრძოლებს,

არ ჭირდებოდა ბრძანება სხვისი.

და ილმარინენს, დიდებულ მჭედელს,

არ მოეწონა ასეთი კანჯო

და ნაფოტებად აქცია უმალ,

და ნაფოტები ჩაუშვა ალში,

მერე დამაშვრალს უბრძანა მონებს,

საბერველებით შთაბერონ მძლავრად.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

მესამე დღესაც ჩახედავს ქურას,

ჩეხედავს, ახლოს იხილოს რათა,

რა წარმოიქმნა მხურვალე ფსკერზე;

გამოეცხადა ცეცხლიდან ძროხა,

რომელსაც ოქროს შვენოდა რქანი,

ვარსკვლავთა ხომლი შვენოდა შუბლზე

და რქათა შორის მნათობი დიდი.

შესახედავად შვენოდა ძროხა

მას ერთი ნაკლი გააჩნდა მხოლოდ:

გამუდმებულად ეძინა ტყეში,

რძით განაძღებდა ნიადაგს უძღებს.

და ილმარინენს, დიდებულ მჭედელს,

არ მოეწონა ასეთი ძროხა,

და აქნა ძროხა მან ასო-ასოდ

და ასოები ჩაუშვა ალში,

მერე დამაშვრალს უბრძანა მონებს,

საბერველებით შთაბერონ მძლავრად.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

მესამე დღესაც ჩახედავს ქურას,

ჩახედავს, ახლოს იხილოს რათა,

რა წარმოიქმნა მხურვალე ფსკერზე;

გამოეცხადა გუთანი მძლავრი,

ოქროს სახნისი შვენოდა გუთანს,

ჯოხს უხდებოდა სპილენძი მტკიცე,

ხოლო სახელურს ხალასი ვერცხლი.

შესახედავად შვენოდა ძლიერ,

მას ერთი ნაკლი გააჩნდა მხოლოდ:

სხვის მინდვრებს ხნავდა გუთანი მუდამ,

მეზობლის ველებს კვალავდა იგი.

და ილმარინენს, დიდებულ მჭედელს,

არ მოეწონა გუთანი ერთობ,

და ნამსხვრევებად ჩაუშვა ალში,

მერე დამაშვრალს უბრძანა მონებს,

საბერველებით თშაბერონ მძლავრად.

უცხო ქარები მოვარდნენ უცებ,

მძაფრი ქარები მოვარდნენ ერთად,

ოთხივე მხარის უბერვენ ქარნი

და აყრუებენ ხმაურით მხარეს.

დღე ერთ უბერეს, უბერეს ორი,

მესამე დღეა უბერვენ ფრიად,

ცეცხლი სარკმლიდან გამოდის გარეთ,

აწყდება კარებს ენები ცეცხლის,

ბოლის ღრუბლები მიიწევს მაღლა

და უერთდება ამღვრეულ ღრუბლებს.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

იმ დღეს მეორედ ჩახედავს ქურას,

ჩახედავს, ახლოს იხილოს რათა,

რა წარმოიქმნა მხურვალე ფსკერზე;

ხედავს ფსკერიდან ამოდის სამპო,

თავსახურავი მოიწევს ჭრელი.

ოლმარინენი, მჭედელი დიდი,

მჭედელი ბრძენი, უკვდავი მარად,

გულდაჯერებით შეუდგა საქმეს,

აამოძრავა ჩაქუჩი მძლავრი.

ჯადოსნურ სამპოს აკეთებს სწრაფად,

რომ ფერდით ფქვილი ჩამოფქვას სამპომ,

მეორე ფერდით მარილი მლაშე,

და ბევრი ფული – მესამე ფერდით.

ჰა, ამუშავდა წისქვილი უკვე

და სახურავიც ტრიალებს ჭრელი:

გამთენიიდან ფქვავს სამპო სამყოფს,

ფქვავს სამპო სამყოფს, საკმარისს ჭამად,

მეორედ იმდენს, გაყიდონ კიდეც,

მესამედ კიდევ, რომ გაწვდეს ნადიმთ.

აღაფრთოვანა ლოუხი სამპომ,

ცხრა ციხის მიღმა წარიღო იგი

და აიტანა პოხელის მთაზე,

სპილენძის ტინში დამალა ჩუმად.

წამოეზარდა ფესვები სამპოს

და ცხრა საჟენი გაბურღა სიღრმე,

მიემართება მიწაში ერთი,

ხოლო მეორე – ნაპირზე ზღვისა,

მესამე ტინში შეიჭრა მტკიცედ,

ამოირჩია სავალი ძნელი.

ოლმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,

როს დაამთავრა თავისი საქმე,

მოხუცს მოსთხოვა ასული ნაზი,

ცბიერ დედაბერს მიმართა მშვიდად:

“ზღაპრული სამპო მზად არის უკვე

და თავსახურიც მზად არის ჭრელი.

მშვენიერ ასულს თუ მომცემ ცოლად,

თუ გაიმეტებ საყვარელ ასულს?”

ნაზი ასული პოხელის მხარის,

დამწუხრებული იტყოდა ასე:

“გაისად ამ დროს, მჭედელო ბრძენო,

მომავალ ზაფხულს, ძვირფასო დედავ”

ვინ აამღეროს ჩიტები ლაღი,

ვინ აგალობოს გუგული ისევ,

თუ კი მარგუნეს ქვეყანა უცხო,

ხე ალუბლისა გადამრგეს სხვაგან?

თუ დაიაკარგა ქათამი სადმე,

თუ ბატის ჭუჭულს დაებნა გზები,

ხე ალუბლისა წავიდა სხვაგან,

თუ აირჩია უცნობი მხარე,

დაე სუყველამ იცოდეთ მაშინ,

რომ პატარა და მშობლიურ მთიდან,

გაფრინდებიან გუგულნი უვებ,

გადაფრინდება ჩიტების გუნდი.

ამ ქვეყანაზე დავდივარ ვიდრე,

წმინდა ქალწულად დავრჩები მარად,

კვლავ ვიტრიალებ მშობლიურ სახლში,

არ მივატოვებ ზაფხულის ალოს.

რომ არ ვიარო ჭალაში ისევ,

ხელუხლებელი დარჩება ხილი

და უსიმღერო ნაპირი წყალთა,

და გაუვლელი ტყეები მწვანე”.

ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,

მჭედელმა დიდმა, უკვდავმა მარად,

დამწუხრებულმა ჩაკიდა თავი,

ქუდი ვაგლახად მოექცა გვერდზე,

მას ერთი ფიქრი აწუხებს ერთობ,

მას მწარე ფიქრი აწუხებს დიდად,

როგორ მოსცილდეს ნისლიან პოხელს,

ამ სარიოლას, შემოსილს ბნელით,

რომ დაუბრუნდეს მშობლიურ სახლ-კარს,

რომ დაუბრუნდეს სამშობლოს ისევ.

დიასახლისი პოხელის მხარის,

ასე მიუგებს დიდებულ მჭედელს:

“ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,

მჭედელო დიდო, უკვდავო მარად!

რატომ ჩაკიდე მწუხარედ თავი

და ქუდი რატომ მოგექცა გვერდზე?

ასეთი ფიქრი გაწვალებს იქნებ,

ვით დავუბრუნდე მშობლიურ სახლ-კარს?”

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

ცბიერ დედაბერს მიუგებს ასე:

“ასეთი ფიქრი მაწვალებს ერთობ,

აღარ მასვენებს მტანჯველი ფიქრი:

ვით დავუბრუნდე მშობლიურ სახლ-კარს,

როგორ ვიხილო სამშობლო მხარე”.

დიასახლისმა პოხელის მხარის,

ბლომად ასვა და აჭამა მჭედელს,

ნავის კიჩოზე ჩამოსვა კოხტად,

სპილენძის ნიჩბებს მიუსვა იგი.

ჩრდილოეთიდან მოუხმო ქარებს,

უბრძანა ქარებს დაჰბერონ მძლავრად.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

მჭედელი დიდი, უკვდავი მარად,

დამწუხრებული მისცურავს ზღვაზე,

მიჰყვება ჩქერალს, მისცურავს, ჩქარობს.

დღე ერთ იარა, იარა ორი,

და დღე მესამე დაიწყო ოდეს,

მშობლიურ ნაპირს მიადგა იგი,

სადაც იშვა და იზარდა სადაც.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:

“ილმარინენო, ძმობილო ჩემო,

მჭედელო დიდო, უკვდავო მარად!

ზღაპრული სამპო თუ შექმენ უკვე,

თავსახური თუ დახურე ჭრელი?”

ასე მიუგებს ჭაბუკი მოხუცს,

“ზღაპრული სამპო მზადაა უკვე,

და თავსახურიც მზადაა ჭრელი,

გამთენიიდან ფქვავს სამპო სამყოფს,

ფქვავს სამპო სამყოფს, საკმარისს ჭამად,

მეორედ იმდენს, გაყიდონ კიდეც,

მესამედ კიდევ რომ გაწვდეს ნადიმთ”.

 

რუნა მეთერთმეტე

 

დროა, ახტიზე დავიწყოთ სიტყვა,

იმ ვაჟბატონზე ვიმღეროთ, დროა.

ახტი კუნძულის მცხოვრები გახლდათ

ის იყო ლემპის ყოჩაღი შვილი

და იზრდებოდა კაუკო კონცხზე,

და არ იცოდა რა იყო სევდა.

ჭერმაღალ სახლში ცხოვრობდა იგი

და ევლებოდნენ მშობლები თავზე.

თევზები იყო კაუკოს სარჩო,

ბიჭი ქორჭილებს იჭერდა ზღვაში.

შემდეგ კაუკო გარდიქცა კაცად,

ფერი და ხორცი შეისხა შემდეგ,

გასაოცარით აღივსო ღონით,

თანაც ლამაზი შეიქნა ტანად,

მაგრამ მას ნაკლიც გააჩნდა მცირე,

ზოგჯერ შეცდომებს უშვებდა იგი:

იყო ქალების მსუნაგი დიდად

და ღამღამობით უვლიდა ველებს,

სადაც ქალები მართავდნენ ფერხულს,

ყმაწვილკაცებთან თვრებოდნენ ცეკვით.

ყოჩაღმა ახტიმ გაიგო ერთხელ,

რომ საარშია ასული ერთი,

რომელიც სახლში იზრდება ისე,

ვითარ იზრდება ყვავილი ველად.

სკამზე იზრდება ასული იგი,

მზრუნველი მამა ადგია თავზე.

ყველგან გაითქვა სახელი მისი,

დაიძრა ხალხი ყოველი მხრიდან,

გახელებულნი მოაწყდნენ ეზოს,

მოწყურებულნი ეწვივნენ კარებს.

სარძლოდ სურდაო ასული მზესა,

მაგრამ მზის რძლობა არ სურდა ასულს,

არც მზესთან ერთად ნათება ქვეყნის,

ზაფხულში რბენა ცხელი მზის უკან.

სარძლოდ სურდაო ასული მთვარეს.

მთვარის რძლობა კი არ სურდა ასულს,

მთვარესთან ერთად ნათება ქვეყნის,

ზეცაში სრბოლა მთვარესთან ერთად.

სარძლოდ სურდაო ასული ვარსკვლავს,

ვარსკვლავის რძლობა არ სურდა ასულს,

არც მასთან ერთად ნათება ღამის

და ცივ ზამთარში ციმციმი ცაზე.

ვირადან უცხო ესტუმრნენ ვაჟნი,

ინგრიიდანაც ესტუმრნენ ბლომად,

მაგრამ იქ წასვლა არ სურდა ასულს,

ყველას ერთ პასუხს აძლევდა იგი:

“ტყუილად ფანტავთ ოქროებს უხვად,

ბრწყინვალე ვერცხლსაც ტყუილად გასცემთ,

მე არ გავხდები ესტონთა რძალი,

არ მივთხოვდები ესტონელს ცოლად,

რადგან არ მინდა წუმპეან წყლებში

ვიბანავო და ტალღები ვზომო,

ვიგემო მათი თევზები მდარე,

ან თუნდაც უხა ვიგემო მათი.

მე არც ინგრიის ვეწვევი მხარეს,

არ მივაშურებ მწუხარე ნაპირს,

იქ შიმშილი და ყინვაა მხოლოდ,

არ იშოვება კვარი და შეშა,

არ იშოვება სასმელი წყალი,

შავ პურსაც ვერსად იშოვი თურმე.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

კაუკომელი, ყოჩაღი მეტად,

მაინც გადაწყვეტს ეწვიოს ასულს,

ცოლად შეირთოს ასული იგი,

ვისაც შეხარის მშობელი მხარე,

ვისაც უხდება ნაწნავი კოხტა.

ლემინკაინენს არიგებს დედა,

კაუკომელის აფრთხილებს ასე:

“ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო,

არ გამოგყვება ასული ცოლად:

იმ სახლეგანთქმულ საარის სახლში,

ღატაკს არავინ მიგიღებს სიძედ”.

ლემინკაინენ პასუხობს დედას,

კაუკომელი მიუგებს მშობელს:

“თუმც დიდებული არა ვარ გვარით,

ჩემს ღარიბ სახლ-კარს არავინ იცნობს,

მაგრამ ვერავინ გაუძლებს ფანდებს,

ვერ გადურჩება მარჯვენას მაგარს”.

მშობელი დედა არ ურჩევს ჭაბუკს,

არ ეთანხმება ძვირფასი დედა,

საარის მოდგმას ეწვიოს სიძედ

და დაიწეროს ასულზე ჯვარი:

“შენ დაგცინებენ ასულნი, შვილო,

და აგიგდებენ ქალები მასხრად”.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

საყვარელ დედას მიუგებს ასე:

“ბოლოს მოვუღებ ქალების ხარხარს,

ასულთა ხითხითს მოვუღებ ბოლოს:

მათ სადარდებელს გავუჩენ საქმეს,

დავაყრევინებ ნაბუშრებს ბლომად;

ასე ჩაკვდება ხარხარი მათი,

სიცილი მათი ჩაკვდება ასე”.

ოდეს გაიგო სიტყვები შვილის,

ლემინკაინენს ეტყოდა დედა:

“უსაყვარლესო ვაჟკაცო ჩემო!

თუ აწყენინებ საარის ქალებს,

სასტიკი ბრძოლოს დადგება ჟამი,

წამოენთება სასტიკი დავა,

საარის მხარე დადგება ფეხზე

და ხმალასხმული ჭაბუკნი მათნი

მოგესევიან საბრალო წაბუკს

და მათთან მარტო გახდები ვერას”.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

არ შეისმინა სიტყვები დედის,

გამოიყვანა ქურანი გარეთ

და ზურგზე მარდად მოექცა მერანს.

გამოეშურა წაბუკი ლაღი

და მიაშურა საარის სოფლებს,

რათა ეწვიოს მშვენიერ ასულს,

ნორჩი ყვავილი შეირთოს ცოლად.

სიცილით მოკვდნენ საარის ქალნი

და ასულებიც სიცილით მოკვდნენ,

ოდეს ჭაბუკმა ფეხმარდი კვიცი,

ღია ჭიშკარში შეაგდო უშნოდ,

და დაბარბაცდა მარხილი უცებ,

და აყირავდა მარხილი იგი.

მარხილებიდან ამოძვრა სწრაფად,

დაიღრიჯა და ცაკიდა თავი,

დაუწყო მწარედ წვალება წვერებს,

დამწუხრებული იტყოდა ბოლოს:

“არსად მინახავს ამბავი მსგავსი,

ამბავი მსგავსი მსმენია არსად,

რომ ასულებს და მშვენიერ ქალებს

მასხრად აგდება ეცადოთ ჩემი”.

ოდნავ ჩაფიქრდა ჭაბუკი ლაღი,

მერე თამამად ისროლა სიტყვა:

“თუა საარში ადგილი სადმე,

თუა ველებზე ადგილი სწორი,

რათა ვიცეკვო ჭაბუკმა ლაღმა

და სიხარულო მოვგვარო ქალებს?”

ასე ეტყვიან ასულნი ვაჟკაცს,

ლამაზ კონცხიდან ესვრიან პასუხს:

“არის ადგილი საარის ველზე,

ველად ბევრია ადგილი სწორი,

სადაც იცეკვებ, ჭაბუკო, ლაღად,

არ მოისვენებ არც ერთი წამით.

შენთვის გვეგულვის ადგილი მწყემსის,

ნაქერალზე რომ მიხედო რემას,

ჩვენში ბალღები მჭლე არის ძალზე,

ხოლო ცხენები სავსენი ქონით”.

არც კი დაფიქრდა ამაზე ახტი,

და ნაქერალზე წავიდა მწყემსად

და დღისით რემას დარაჯობს ველზე,

ხოლო ასულებს დარაჯობს ღამით,

ხალისით ცეკვავს ქალებთან ერთად,

ამხიარულებს მშვენიერ ქალებს.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

კაუკომელი, ყოჩაღი მეტად,

ქალების ხარხარს მოუღებს ბოლოს,

ბოლოს მოუღებს ასულთა სიცილს:

არ დარჩენილა ასული საარს,

არ დარჩენილა ასული სადმე,

რომ არ ეკოცნა კაუკოს მისთვის,

რომ არ ეთია კაუკოს მასთან.

ერთი ასული გადურჩა მხოლოდ,

მაინც გადურჩა ასული ერთი,

რომ ეკუთვნოდა საარის მოდგმას

და ისტუმრებდა უარით მძახლებს;

კულიკი გახლდათ ყვავილი იგი,

სილამაზით რომ ჩაგრავდა ყველას.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

კაუკომელიმ, ყოჩაღმა ერთობ,

გასცვითა ჩექმა ასიოდ წყვილი

და ათასამდე ნიჩაბთა წყება,

იგი კულიკის დაყვება კვალზე,

კვალდაკვალ დასდევს კულიკის იგი.

ხოლო კულიკი, ყვავილის დარი,

ლემინაკინენს მიუგებს ასე:

“რად არ მასვენებ ჭაბუკო ბრიყვო!

ნაპირს ხმაურით რად იკლებ ნეტავ,

იმ გოგოს შერთვა რად გიდევს გულში,

რომელსაც ამკობს საკინძე კალის?

არვის გავყვები მანამდე ცოლად,

ქვას როდინისას სანამ არ გავცვეთ,

ქვას ცემისაგან არ დავფხვნი სანამ

და არ დავამსხვრევ სანამდე როდინს.

მე არ წავყვები უპოვარს ცოლად,

მე შენისთანა არ მინდა ჩვარი;

მე ქმარი მინდა კენარი ერთობ:

მეც ხომ კენარი გახლავარ თავად;

მე ქმარი მინდა ტანადი ერთობ:

მეც ხომ ტანადი გახლავარ თავად;

მე ქმარი მინდა ლამაზი ერთობ:

მეც ხომ ლამაზი გახლავარ თავად”.

სულ ცოტა ხანი გავიდა შემდეგ,

ნახევარი თვე გავიდა მხოლოდ

და ერთხელ, მზე რომ დაქანდა დაბლა

და შეეპარა ქვეყანას ბინდი,

გამოეფინენ ასულნი ველზე,

გადაათეთრეს ხასხასა მდელო

და წამოიწყეს სიმღერა ლაღი

და გააჩაღეს ფიცხელი ცეკვა.

წინ მიუძღოდა კულიკი ფერხულს,

ნაზი ყვავილი საარის მხარის.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

კაუკომელი, ყოჩაღი მეტად,

ასულებს კვიცით მიეჭრა უცებ,

შუა ფერხულში შევარდა ჯიქურ,

ხელი დაავლო კულიკის მძლავრად

და შემოიგდო მარხილის თავზე,

მტკიცედ დააკრა თასმებით მარხილს,

შემოიხვია თოკები მსხვილი.

გადაუჭირა მათრახი ქურანს,

სწრაფად გავარდა ქურანი გზაზე,

გაჭენებულმა გასძახა ასულთ,

ასულთ ფრთამალა ესროლა სიტყვა:

“ჰეი, ასულნო, არავინ გამცეთ,

არავის დაგცდეთ სახელი ჩემი,

არ წამოროშოთ არასდროს, არსად,

რომ უტურფესი მოვტაცე სოფელს!

თუ არ ისმინეთ სიტყვები ჩემი,

ჰოი, ასულნი,, ინანებთ დიდად:

მე შევამზადებ საშინელ ჯადოს,

მე წარმოვგზავნი საზარელ ომებს

და ვეღარც დღისით და ვეღარც ღამით,

ვერ გაიგონებთ კაცის ხმას ვერსად,

ვერ გაივლიან ისინი გზაზე,

ვერ გადივლიან მარხილით მდელოს!”

ემუდარება ქალწული ვაჟკაცს,

ემუდარება ყვავილის დარი:

“ლემინაკინენ, ჭაბუკო ლაღო!

ძვირფას დედასთან გამიშვი ჩქარა,

ის მოუთმენლად მომელის სახლში,

ცხარე ცრემლები ჩამოსდის მშობელს.

თუ არ დამინდობ საბრალო ასულს,

თუ არ გამიშვებ მშობლებთან ჩქარა,

ძმანი მისხედან ოჯახში ხუთნი,

შვიდნი მისხედან ბიძისა ძენი,

კვალზე პოვებენ ისინი კურდღელს,

დაიბრუნებენ კულიკის უკან”.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

აღარ გაუშვა ასული იგი

და აქვითინდა ასული მწარედ,

თვალცრემლიანი იტყოდა ასე:

“ნუთუ იმისთვის მოვედი ქვეყნად,

ამ წყეულ ქვეყნად იმისთვის გავჩნდი,

მისთვის მაწოვეს პატარას ძუძუ,

ნუთუ ძიძებმა იმისთვის მზარდეს,

რომ ქმარს უსაქმურს ვრგებოდი ცოლად,

რომ საშინელი მრგებოდა ქმარი,

რომელიც მუდამ ესწრაფვის ომებს,

რომელსაც ბრძოლა სწყურია მუდამ”.

ასე მიუგო ჭაბუკმა ლაღმა,

კაუკომელიმ მიუგო ასე:

“ჰოი, კულიკივ, ყვავილო ჩემო,

ჩემო თაფლო და ლამაზო ჩემო,

ნუ გადმოაფრქვევ მდუღარე ცრემლებს,

ნუ მიეცემი უსაზღვრო სევდას!

არ მოგაყენებ არასდროს ტკივილს,

გულზე აროდეს მოგასევ ნაღველს,

გემრიელ საჭმელს მოგიტან ბლომად,

უგემრიელესს გაგემებ ამბორს,

გაგიყოლიებ ხელკავით გვერდზე,

გვერდით დაგიწვენ, ასულო, ღამით.

ნეტავი რატომ მოსთქვამ და დარდობ,

რატომ ოხრავ და ქვითინებ მწარედ?

იქნებ იმიტომ მოსთქვამ და დარდობ,

მიტომ ოხრავ და ქვითინებ მწარედ,

რომ არ მივიან ჯოგები ძროხის,

არ გამაჩნია მარაგი ბლომად?

ო, ნუ იდარდებ, ძვირფასო ჩემო,

ბლომად მივიან ჯოგები ძროხის,

ძროხებს რძითა აქვთ ცურები სავსე,

იწველებიან ძროხების უხვად.

გაფანტულია ძროხების ჯოგი,

დადის ყუმაშა ჭაობის ველზე,

სერიდან სერზე სეირნობს მარწყვა,

ხოლო მდელოზე ძლიერი შტოში.

მათ არ აბამენ ღამითაც საბელს

და არ ჭირდებათ ამიტომ ახსნა,

საჭმელს არავინ არ აჭმევს დილით,

არავინ უყრის ქვამარილს ვარცლზე,

რადგან ლამაზნი არიან მეტად,

საჭმლის გარეშეც არიან კარგნი.

ნუთუ შენ მიტომ მოსთქვამ და დარდობ,

მიტომ ოხრავ და ქვითინებ მწარედ,

რომ არ ვეკუთვნი უმაღლეს მოდგმას,

არ ვარ შობილი დიდებულ სახლში?

მე არ ვეკუთვნი უმაღლეს მოდგმას,

არ ვარ შობილი დიდებულ სახლში,

მაგრამ მახვილი მიხდება ჭაბუკს,

მახვილს ალები უხდება ფხაზე.

იგი ეკუთვნის უმაღლეს მოდგმას,

არის შობილი დიდებულ სახლში,

იგი ხიისიმ დახვეწა ძლიერ.

ნათლად გათრაშეს ღმერთებმა იგი;

მოდგმას მახვილით მოვუხვეჭ სახელს,

ხოლო სახლს ცნობილს მახვილით გავხდი”.

ამოიოხრა ასულმა სევდით,

შეშინებული იტყოდა ასე:

“ო, ახტი! ლემპის მამაცო შვილო!

თუ გსურს შეირთო ასული ცოლად,

რომ გაგიწიოს უღელი მძიმე

და იყოს მარად ერთგული შენი,

მაშინ მარადი დამიდე აღთქმა,

რომ არასოდეს დაიწყებ ომებს,

თუნდაც გწყუროდეს ბრწყინვალე ოქრო,

მიისწაფოდე ვერცხლისკენ თუნდაც!”

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ასე მიუგებს მშვენიერ საულს:

“ასულო, მარადს დაგიდებ აღთქმას,

რომ არასოდეს დავიწყებ ომებს,

თუნდაც ბრწყინვალე მწყუროდეს ოქრო,

მივისწრაფოდე ვერცხლისკენ თუნდაც!

მაგრამ შენც უნდა დამიდო ფიცი,

რომ არასოდეს ეწვევი სოფელს,

თუნდაც გართობა გწყუროდეს დიდად,

არ გასვენებდეს სურვილი ცეკვის!”

იმ ყოვლისშემძლე ღვთაების მმართ,

წინაშე ყოვლისმხედველი უფლის,

ისინი აღთქმას დასდებენ მტკიცეს,

მხურვალე გულით დასდებენ აღთქმას.

აღარ იომებს ჭაბუკი ლაღი,

აღარ ეწვევა ასული სოფელს.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

გადაუჭირა მათრახი ქურანს,

მაგრად მოსწია სადავე ცხენის

და სევდიანმა წარმოთქვა ასე:

“გემშვიდობებით საარის ველნო,

საარის ტევრნო, მშვიდობა თქვენდა,

სადაც ზაფხულში ვიწოდი სიცხით

და სადაც მთელი ზამთარი ვთელე,

სადაც უწყვეტი მტანჯავდა წვიმა,

სადაც მტანჯავდა სასტიკი ქარი,

ოდეს ვეძებდი მშვენიერ ასულს,

ოდეს კულიკის დავდევდი უკან”.

გაინავარდა კაუკოს კვიცმა,

მიუახლოვდა კაუკოს სოფელს,

კაუკოს სახლის გაიღო კარი

და უცაბედად აღმოხდა ასულს:

“გომური ბნელი გამოჩნდა აგერ,

აგერ მშიერი გამოჩნდა სორო

და, რა თქმა უნდა, ეკუთვნის იგი

კაცს, წარმოშობილს დაბალი წრიდან?”

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

სევდიან ასულს მიუგებს ასე:

“ნუ მიეცემი, ასულო, სევდას,

გულს ნუ გაგიტეხს ღარიბი ქოხი,

მე ავაშენებ არნახულ სახლებს,

მე სასახლეებს აღვმართავ მაღლა,

მათ ავაშენებ მორებით დიდით,

ჩალანგარებით მაგარით უფრო”.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

კვლავ დაუბრუნდა მშობლიურ კერას,

გულმხიარული ეწვია მშობელს,

ჭაღარა დედას წარუდგა იგი.

გადაეხვია მოხუცი დედა,

საყვარელ ვაჟკაცს მიუგო ასე:

“ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო,

სად დაახანე ამდენი ხანი?”

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

საყვარელ დედას მიუგებს ასე:

“დე იხარხარონ ქალებმა ეხლა

და ასულებმაც რამდენიც სურდეთ,

მე მათ მოვტაცე ყველაზე კარგი

და შემოვიგდე მარხილზე უმალ,

მე იგი დავსვი მშვენიერ ნოხზე,

ბეწვიან ტყავში შევაგდე იგი,

შური მივაგე მშვენიერ ასულთ,

გადავუქციე სიცილი ცრემლად.

დამატარებდი, დედაო, დიდხანს

და მაწოვებდი პატარას ძუძუს!

მე მივაღწიე საწადელს უკვე,

უკვე აღსრულდა სურვილი ჩემი.

თავსასთუმალი მომეცი ეხლა,

მომეც ბალიში რბილი და ფართე,

რომ ულამაზესს მივუწვე ასულს

და უდრტვინველით ვიძინო ძილით!”

ასე იტყოდა მშობელი მაშინ,

ჭაღარა დედა იტყოდა ასე:

“დიდება შენდა, უფალო ჩვენო,

უზენაესო, დიდება შენდა!

შენ მომივლინე ლამაზი რძალი,

რომელიც კარგად დამინთებს ღუმელს,

რომელიც მოქსოვს მშვენიერ ქსოვილს,

გააქათქათებს მშვენიერ ტილოს,

და ტანსაცმელსაც გარეცხავს მარჯვედ,

ძაფს თითისტარზე დაახვევს უმალ.

მადლი შესწირე, ძვირფასო, უფალს,

იმ უზენაესს შესწირე მადლი,

რადგან წყალობა მოიღო შენზე,

ასეთი ცოლი გარგუნა ბედად.

მრავალძარღვა ხომ სუფთაა თოვლში –

მისი კბილები სუფთაა უფრო;

ზღვის თავზე ქაფი თეთრია თუმცა –

მის გვარში ლაქაც არ არის ერთიც;

ხომ ტანადია ზღვის თავზე იხვი –

მეუღლე შენი ტანადი უფრო;

ხომ ნათელია ვარსკვლავი ცაზე –

მეუღლე შენი ნათელი უფრო.

ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო,

ჩქარა მიჰხედე საკუთარ ოჯახს,

შენ იატაკი დააგე დიდი

და გამოსთალე სარკმლები ბლომად,

კედლები ახლად აღმართე მაღლა,

ცამდე აზიდე პალატნი ვრცელნი;

ოთახს მიადგი ზღუდენი მტკიცე,

კარი ზღუდეზე დაკიდე კოხტად,

რადგანაც გერგო მეუღლე კარგი,

რადგანაც ცოლად ყვავილი გერგო,

რომელიც გვარით მეტია შენზე,

რომელიც გახლავს მაღალი წრიდან!”

 

რუნა მეთორმეტე

 

ლემინკაინენ, ყმაწვილი ახტი,

კაუკოლაინენ, ყოჩაღი მეტად,

სვებედნიერად ცხოვრობდა შემდეგ,

ასულთან ერთად ცხოვრობდა იგი.

არ მიდიოდა კაუკო ბრძოლად,

ერიდებოდა კულიკი სოფელს.

ერთხელ კი ახტიმ დატოვა სახლი,

დილაადრიან გავიდა გარეთ,

გულდარდიანი მივიდა წყალთან,

და არ დაბრუნდა საღამოს იგი.

ხოლო როდესაც მოვიდა ღამე,

მეუღლე მისი წავიდა სოფლად,

სადაც ასულნი თვრებიან ცეკვით,

სადაც ფერხული გაუბამთ ქალებს.

ვინ განაცხადებს საშინელ საქმეს,

ამბავს რომელი მიიტანს ნეტავ?

ო, აინიკიმ, ახტისა დამან,

აღარ დამალა ამბავი იგი,

ძმას საშინელი უამბო საქმე,

მძიმე ამბავი აცნობა ოჯახს:

“ო, ახტი! ჩემო ძვირფასო ძმაო,

მეუღლე შენი წავიდა სოფლად,

სადაც თვრებიან ასულნი ცეკვით,

სადაც ფერხული გაუბამთ ქალებს”.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

კაუკოლაინენ, ყოჩაღი მეტად,

სასტიკმა სევდამ მოიცვა უცებ,

რისხვით აღივსო არსება მისი.

ის ერთი კვირა ბორგავდა შმაგად,

გაცოფებული იტყოდა ბოლოს:

“უძვირფასესო დედაო ჩემო,

შავი უნასის საზარელ შხამში

ხალათი ჩემი გარეცხე ჩქარა,

ჩქარა გააშრე ხალათი ჩემი,

რათა პოხელის დავამხო მხარე

და ლაფლანდია გაშლილი ლაღად.

უძვირფასესო დედაო ჩემო,

მეუღლე ჩემი წავიდა სოფლად,

სადაც თვრებიან ასულნი ცეკვით,

სადაც ფერხული გაუბამთ ქალებს”.

ასე მიუგებს ასული ჭაბუკს,

კულიკი ახტის მიუგებს ასე:

“ჰოი, ძვირფასო მეუღლევ ჩემო,

არ მოიცვალო სახლიდან ფეხი!

წუხელი, ღამით ჩამთვლიმა ოდეს,

ვნახე სიზმარი, საშიში მეტად:

თითქოს ქურიდან ილტვოდა ცეცხლი,

მოისწრაფოდა ქურიდან თითქოს,

ეხეთქებოდა ოთახის ფანჯრებს

და კედლებიდან ვიდოდა მაღლა.

ვით წყალვარდნილი ხმაურით დიდით,

იგი პალატში შევარდა ბოლოს,

იატაკიდან აიჭრა ჭერზე,

ფანჯრიდან ფანჯრებს მიასკდა ზათქით”.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

ტურფა კულიკის მიუგო ასე:

“არა, არ მჯერა სიზმრები ქალის,

როგორც დიაცის არ მჯერა ფიცი.

დედაო, შენ ხომ სიმწარით მშობე

და უტკბილესი მაწოვე მკერდი,

მომეც საბრძოლო ხალათი ჩქარა,

დედავ, საბრძოლო ხიფთანი მომეც;

მე სიხარულით მივდივარ ომში,

მივდივარ ნებით, მივყავარ ვნებას,

რათა შევხვრიპო ბრძოლების ლუდი,

ბრძოლების თაფლი გავსინჯო რათა”.

ლემინკაინენ მიუგებს დედა,

მოხუცი დედა მიუგებს ასე:

“ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო,

არ მიაშურო სისხლიან პოხელს!

ნაძვის კასრებში ლუდია ბლომად,

მუხის მილებში მიმოდის ლუდი.

ვინ დაგიკავებს გემრიელ სასმელს,

კასრების ახსნა გვიბრძანე მხოლოდ”.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ჭაღარა დედას მიუგებს ასე:

“მე სახლის ლუდი არ მინდა ოდნავ,

არა, არ მინდა ოჯახის ლუდი!

ჯობია წყალი დავლიო მლაშე,

გაფისულ ხოფით დავლიო წყალი,

სასმელი ესე ტკბილია უფრო,

ამ ლუდით მთელი მარაგი ვიდრე.

მომეც საბრძოლო ხალათი ჩქარა,

მომეც მაგარი ხიფთანი ბრძოლის!

უნდა დავამხო პოხელის მხარე

და ლაფლანდია გაშლილი ლაღად,

რათა ხალასი ვიშოვო ოქრო,

რათა ცინცხალი ვიშოვო ვერცხლი”.

ლემინკაინენს მიუგო დედამ,

კაუკომელის მიუგო ასე:

“ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო!

გაქვს განძეული საკუთარ სახლში,

ოქრო და ვერცხლი გიყრია ბლომად,

მოგეპოვება მარაგი კიდევ:

გამთენიისას – ადრიან დილით,

ქვეწარმავალთა ველს ხნავდა მონა,

უეცრად მოხნა გველების ბუდე,

სახნისით ახსნა სარქველი მისი;

ბუდეში სკივრი შინიშნა უმალ,

ნახა ზანდუკი ფულებით სავსე,

მონამ ნაპოვნი შემატა საწყობს,

ჩალანგარის ქვეშ დამალა სკივრი”.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

საყვარელ დედას მიუგებს ასე:

“არა, არ მინდა საწყობი თქვენი,

ფულები თქვენი არ მინდა, არა!

რადგან საწყობის უწმინდეს ვერცხლზე,

სახნისით ნაპოვნ ოქროზე უფრო,

არის ძვირფასი დღეს ვერცხლი იგი,

რომელიც მოაქვს საშინელ ომებს.

მომეც საბრძოლო ხალათი ჩქარა,

მომეც მაგარი ხიფთანი ბრძოლის,

რათა დავამხო პოხელის მხარე

და ლაფლანდია გაშლილი ლაღად.

მე აღმიტანა სურვილმა ერთმა,

აღარ მასვენებს სურვილი ერთი:

მინდა ნისლიანს ვეწვიო პოხელს,

პიმენტოლაში მწყურია მისვლა,

რათა ახლოდან შევავლო თვალი,

საკუთარ ფეხით მივადგე კარზე

ასულს, რომელსაც არა სურს საქმრო,

ასულს, რომელსაც მეუღლე არ სურს”.

ასე მიუგებს მშობელი ვაჟკაცს,

კაუკომელის მიუგებს ასე:

“ო, ახტი, ჩემო ძვირფასო შვილო,

გთხოვ, დამიჯერო უბედურს დედას!

უმჯობესია კულიკი შენი,

სხვა ქვეყნის მკვიდრნი ასულნი ვიდრე.

სად გაგიგია შენ ორი ცოლის

მხოლოდ ერთი ქმრის საწოლში წოლა”.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ჭაღარა დედას მიუგებს ასე:

“უძვირფასესო დედაო ჩემო!

დაიარება კულიკი სოფლად,

სადაც ასულნი თვრებიან ცეკვით,

სადაც ფერხული გაუბამთ ქალებს;

დე, კულიკიმაც იცეკვოს მათთან,

მეზობლის სახლში ათიოს ღამე!”

ასე მიუგებს ჭაღარ დედა,

მშობელი დედა აფრთხილებს ასე:

“ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო! 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ხალხური / კალევალა