არ მოიცვალო სახლიდან ფეხი,

თუ არ წაიღე საჭირო სიბრძნე,

არ წარიტანე ძლიერი გრძნება.

ლაფლანდიელი გიმღერებს მძლავრი,

ტურიანელი მოგივლენს ჯადოს,

შენს ტუჩებს ცხელზე დადებენ ღველფზე,

შენს თავს და ბეჭებს – მგზნებარე ალში,

ნაცარში ცხელში – მარჯვენას მაგარს,

დაღველფილ ქვებზე – მარცხენას მარჯვეს”.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ჭაღარა დედას მიუგებს ასე:

“მათ არაერთხელ მოსინჯეს ძალა,

მათ არაერთხელ იხმარეს ჯადო.

ერთხელ, ზაფხულის მოწყენილ ღამეს,

სამ ლაფლანდიელს მოვკარი თვალი,

ტანთ არ ემოსათ სამოსი სრულად,

ტიტველი ტანით ეყუდნენ ტინზე.

მათ ჩემგან იგი აიღეს მაშინ,

მაშინ მათ იგი მიიღეს ჩემგან,

რასაც ნაჯახი აიღებს ქვაზე,

რასაც ყინულზე აიღებს ქუსლი,

რასაც ქარბუქი მიიღებს კლდისგან,

რასაც სიკვდილი ცარიელ სახლში.

ხოლო მეორედ სხვაგვარად მოხდა

და უკეთესად წავიდა საქმე.

მემუქრებოდა შელოცვა მათი,

მემუქრებოდა ძლიერი გრძნება,

რომ დავდიოდი ჭაობის ფსკერზე,

მომეღებოდა უბედურს ბოლო.

მათ მუხლებამდე ჩამიშვეს ლამში,

მერე წვერამდე ჩამიშვეს სწრაფად,

ჭაობში თითქმის მთლიანად დამფლეს,

ერთიან დამფლეს ჭაობში თითქმის.

მაგრამ არ შევკრთი ვაჟკაცი ოდნავ,

რადგან ნაკლები არა ვარ სხვაზე

და ჯადოქარად ვიქეცი თითონ,

და შელოცვები დავიწყე მძლავრი

და მოისარნი ისრებით თვისით,

და ჯადოქარნი მახვილით წელზე

წყალვარდნილებად ვაქციე უმალ,

მათგან შევქმენი მორევი ბნელი.

შემობრძანდება ზაფხული ოდეს

და დამკვიდრდება სიმწვანე ყველგან,

წყლით გაიხრწნება სხეული მათი,

მათი ცხედარი დალპება ფსკერზე,

გადეხლართება სხეული ბალახს

და შეიჭრება ბალახი ძველბში”.

დადარდიანდა მშობელი დედა

და დაარიგა ვაჟკაცი ასე:

“ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო,

არ მოიცვალო აქედან ფეხი,

არ გაემგზავრო ნისლიან პოხელს,

ყინვა და თოვლი მეუფობს სადაც!

პოხელს გაძლება ყოფილა ძნელი,

მუდამ ხიფათი მოგელის გზაზე,

რადგან ხიფათი პოხელში სახლობს

და არ გცილდება გვერდიდან იგი.

თუნდაც ათასი გაგჩნდეს ენა,

რაც არ სმენია არავის დღემდე,

მაინც ვერ შესძლო დაძლევა მათი

და ბნელ მორევში დაშვება სწრაფად,

რადგან ვერასგზით შეასმენ სიტყვებს

მათი ენებიც უცხოა შენთვის”.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

კაუკომელიმ, ყოჩაღმა მეტად,

ტანთ გარდაიცვა ხიფთანი ომის,

ჯაგრისით ვარცხნა დაუწყო ქოჩორს

და გაისწორა ქოჩორი ოდეს,

ღუმელს ესროლა ჯაგრისი იგი.

მერე ასეთი ისროლა სიტყვა,

ცოლსა და დედას მიუგო ბოლოს:

“როს ჯაგრისიდან წამოვა სისხლი,

წითელი სისხლი წამოვა ოდეს,

უბედურება მეწვევა ჭაბუკს,

ლემინკაინენს მიმტყუნებს ბედი”.

ტანზე მოირგო ხალათი რკინის,

წელზე ფოლადის სარტყელი მტკიცე,

მოკაზმულობა დაშვენდა ვაჟკაცს

და გაიმაგრა გუნება სიტყვით:

“კაპარჭში კაცი მტკიცეა მეტად

და თუ სარტყელიც არტყია წელზე,

ვერას დააკლებს გრძნეული ბრძენი

მისთვის ერთია – შეხვდება ლაჩარს

თუ ძლიერ ვაჟკაცს შეხვდება სადმე”.

ალესილ ხმალზე გაივლო ხელი,

ხიისის მიერ ალესილ ხმალზე,

ხმალზე, რომელიც გათრაშა ღმერთმა,

რომელიც ჰკვეთდა ვითარცა ცეცხლი;

ხმალი ქარქაშში ჩააგო უცებ,

მერე სარტყელი შეირტყა იგი.

არ შეისმინა მუდარა დედის,

არ შეისმინა მშობელის თხოვნა,

ამწვანებული ველები დასთმო

და მიაშურა ნისლიან პოხელს.

სად შეაფარა ჭაბუკმა თავი,

სად მიიმალა ვაჟკაცი ნეტავ?

იგი შევარდა ეზოში უცებ,

ბოლო კუტუკარს მიადგა იგი

და მიიმალა ოთახის ზღურბლთან,

ჩალანგარის ქვეშ მიეყრდნო კარებს.

ის მიიმალა სწრაფად და ფრთხილად,

ქალებმა ვერ მოკრეს თვალი,

მაგრამ ასეთი სიფრთხილე ჭაბუკს

ძალიან ძვირად დაუჯდა ბოლოს:

რომ ამალვოდა ვაჟკაცთა გუნდებს,

უნდა ეძებნა საფარი სხვაგან,

იქ, სადაც სოფლის იყრება გზები,

სადაც ლოდები აწყვია ლოდებს,

სადაც უძრავნი ჭაობნი დგანან,

სადაც ჩქერალნი გარბიან ქვებზე,

მიედინება მდინარე მრუდედ.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

ომახიანად იძახა ასე:

“მარადი მიწის გულადნო გმირნო,

გამომეცხადეთ ჯადოსნურ ხმლებით,

თქვენც, მოისარნო, მოგროვდით ჩემთან,

მდინარეების დასტოვეთ სიღრმე!

ო, მოვედ, ტყეო, გმირებით შენით,

ბრბოებით შენით, მოვედინ ტევრნო,

მოვედ, მოხუცო ბუმბერაზ მთათა,

ო, საშინელო ხიისივ მოვედ,

მოვედ, ძალებით დედაო წყლების,

მოვედ, ბრბოებით მოხუცო წყალთა;

ნაზო ნიმფებო, მიშველეთ ჭაბუკს,

უანკარესი ნაკადით მთვრალნო,

ჰე, ბუმბერაზნო, მოგროვდით ჩქარა,

სვეგანაწამებს მექმენით შემწედ,

თქვენ დამიფარეთ ძლიერი ხელით,

გადამაფარეთ მოწყალე კალთა,

რომ არ შემეხოს მახვილი მტკიცე,

რომ არ შემეხოს ისრები ბასრი.

თუ ეს ყოველი ცოტაა, მაშინ

სხვა საშუალებს მეგულვის კიდევ:

ოხვრით და კვნესით მივმართავ ზენარს,

უფალს მივმართავ ოხვრით და კვნესით,

ვინაც ქუხილით განაგებს ღრუბლებს,

საუბრობს ვინაც ღრუბელთა შინა.

ო, უკოვ,, ღმერთო უზენაესო,

ო, ზეციერო მამაო ჩვენო,

საუბრობ ვინაც ღრუბელთა შინა,

ჰაერთა შინა იშლები შვებით!

ალმიდებული მახვილი მომეც,

მომეც მახვილი, ქცეული ცეცხლად,

რათა განვდევნო სასტიკი ბედი

და ავიცდინო ხიფათი გზაზე,

რათა ჯადოქრებს მოვგვარო ჯადო,

სიღრმეებიდან მოსულებს ჩემთან,

რათა ვამხსხვრიო მახვილი მათი

და ავუბნიო გზა-კვალი ისრებს,

როდესაც ჩემზე იხმარენ გრძნებას,

დამიდგებიან როდესაც გვერდით,

შემეყრებიან პირისპირ ოდეს,

მომადგებიან მალულად უკან,

მომეხვევიან მზაკვრულად ირგვლივ,

დამადგებიან უეცრად თავზე”.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

კაუკომელიმ, ყოჩაღმა ერთობ,

უმალ მოიხმო ტევრიდან ცხენი,

ველიდან ცხენი მოიხმო უმალ;

წითელფაფარა შეკაზმა შემდეგ,

სწრაფად შეაბა ხელნაში კვიცი,

მარხილის თავზე შემოჯდა თავად,

გადაუჭირა მათრახი ზერდაგს.

უეცრად მოწყდა ფეხმარდი ცხენი

და აჭრიალდნენ კავები მწარედ

და ვერცხლისფერი აშხუვლდა ქვისა

და ოქროსფერი აგრგვინდა ველი.

დღე ერთ იარა, იარა ორი

და დღე მესამე დაიწყო ოდეს,

წინ შეეფეთა სოფელი უცხო,

უცხო სოფელში შევიდა იგი.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

მიეშურება ჭენებით გზაზე,

ის ქვემო ქუჩას მიჰყვება სწრაფად,

უნდა ენობას მიადგეს ქვემოს.

უეცრად ბოძთან შეჩერდა იგი

და ზღურბლთან მდგარი იძახდა ასე:

“ამ ქოხში თუა ვაჟკაცი ნეტავ,

რომ ასეასსუსტოს ჭაპანი ცხენის,

მძიმე ხელნები დაუშვას მძიმედ,

საკისრეები ჩამოხსნას მერანს?”

ჯდა იატაკზე პატარა ბალღი

და უპასუხა ზღურბლიდან ასე:

“ამ უცხო ქოხში ვერ ნახავ ვაჟკაცს,

რომ შეასუსტოს ჭაპანი ცხენის,

მძიმე ხელნები დაუშვას მძიმედ,

საკისრეები ჩამოხსნას მერანს”.

ეს არ წყენია მხიარულ ვაჟკაცს,

გადაუჭირა მათრახი წითურს,

მიეშურება ჭენებით გზაზე,

უნდა შენობას მიადგეს შუას.

უცებ ჩარდახთან შეჩერდა იგი

და ზღურბლთან მდგარი იძახდა ასე:

“ამ ქოხში თუა ვაჟკაცი ნეტავ,

რომ დაიჭიროს ლაგამი ცხენის,

თავიდან თასმა ჩამოხსნას უცებ,

მერანს მკერდიდან ჩამოხსნას თასმა?”

ღუმელზე იჯდა მოხუცი ქალი

და დაიყვირა ღუმლიდან ასე:

“შენ აქ უამრავს იპოვი ვაჟკაცს,

რომ დაგიჭიროს ლაგამი ცხენის,

მძიმე ჭაპანი დაუშვას მძიმედ,

რომ მძიმე ხელნა ჩამოხსნას ხელად,

რომ გაგისტუმროს, თაღლითო, სახლში,

გამოგატანოს ცხენები გზაზე,

რათა იხილო მშობელი მიწა,

საბრალო მამის იხილო სკამი,

რათა ეწვიო დედიკოს ისევ,

ძმის კუტიკარი იხილო რათა,

იატაკებზე იხილო დები,

ტოლ-მეგობრები იხილო ახლოს.

ეს ყოველივე მოხდება მანამ,

საღამო ჟამი დადგება ვიდრე”.

არ მისცემია ჭაბუკი სევდას,

ორიოდ სიტყვას ელოდა მხოლოდ:

“უნდა დაისრო ავსული ესე,

უნდა დაისრო ბებერი ყბედი”.

გამოეშურა ვაჟკაცი სწრაფად,

გაბრაზებული დაადგა გზაზე,

მიეშურება ზევითა ქუჩით,

უნდა შენობას მიადგეს ზედას.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

თამაშ-თამაშით მიადგა ეზოს,

კარებთან ფიცხლად ისროლა სიტყვა,

ასე იტყოდა ჭაბუკი იგი”

“ხიისივ! პირი აუკარ ძაღლებს,

ქოფაკებს პირი აუკარ ლემპო,

ჩაუკალ ძაღლებს სურვილი ყეფის

და შეუკარი კბილები მტკიცედ,

რომ არ გავატდეთ პირიდან ყეფა,

ოდეს ჭაბუკი ჩაუვლით გვერდით!”

იგი ეზოში შევარდა შემდეგ,

გადაუჭირა მათრახი მიწას,

წამოიზარდა მიწიდან ნისლი,

ნისლიდან კაცი ამოძვრა უცებ,

და იმა კაცმა ცხენს ახსნა თასმა,

ცხენიდან ხელნა ჩამოხსნა ხელად.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

სახლის კარებთან გარდიქცა სმენად,

ქუჩიდან ხმები მოესმა უცებ,

ჭუჭრუტანიდან მოესმა ხმები;

ლაღად მღეროდნენ კედლების მიღმა,

აზანზარებდა სიმღერა კედლებს.

მან შეიხედა იდუმალ ქოხში,

მან შეიჭვრიტა ოთახში ფრთხილად,

ოთახში ხალხი შენიშნა უცებ,

იდუმალ სახლში შენიშნა ხალხი.

კედლებთან ისხდნენ ქადაგნი ბრძენნი,

მისანნი ბრძენნი ეყუდნენ კართან,

ექიმბაშები სკამებზე ისხდენენ,

შემლოცველები ღუმელთა თავზე,

ხიისის ჰანგებს მღეროდნენ მძლავრად,

გასაოცარი ისმოდა ხმები.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

კაუკომელიმ, ყოჩაღმა ერთობ,

გამოიცვალა უეცრად სახე

და მოცულობაც გარდაქმნა თვისი,

ნახვრეტში გაძვრა კაუკო სწრაფად

და შენობაში აღმოჩნდა უცებ,

და ოდეს ახლოს იხილა ბრძენნი,

კაუკომელიმ წარმოთქვა მ,შვიდად:

“საამო არის სიმღერა მოკლე,

კარგია თუ აქვს სიმღერას ბოლო,

კარგია სიბრძნე გახსოვდესს რულად,

ვიდრე გახსოვდეს ნაწილი სიბრძნის”.

დიასახლისი პოხელის მხარის

აფორიაქდა, აღელდა მეტად

და გამოეყო გრძნეულთა გუნდებს

და გრძნეულ სიტყვას იტყოდა იგი:

“ერთგულად მედგა აქამდე ძაღლი

და რკინისფერი ნიადაგ ყეფდა,

რომელიც სახსრებს ერთიან ამსხვრევს

და უყვარს ხვრეპა ორთქლიან სისხლის.

რომელ ვაჟკაცებს ეკუთვნი ნეტავ,

ნეტავ ეკუთვნი დევ-გმირებს რომელს?

რომ ისე მოხველ პოხელის სახლში,

ისე ეწვიე პოხელის ბინას,

რომ ვერ შეგნიშნა მყეფარმა უცებ,

ვერ მოგეგება მყეფარი ყეფით?”

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ცბიერ დედაბერს მიუგებს ასე:

“როდი მოვსულვარ, ბოროტო სულო,

გარეშე ცოდნის, გარეშე ხერხის,

მე წინაპართა თან მომაქვს სიბრძნე,

თან მომაქვს მათი გრძნება და ცოდნა,

რათა გავფანტო ძაღლების გუნდი,

ბოროტი პირი ავუკრა ძაღლებს.

ზაფხულში სამჯერ – ყოველი ღამით

და შემოდგომის ღამეში ცხრაჯერ,

მაბანავებდა მშობელი დედა

წმინდა მდინარის ანკარა წყალში,

რომ მიმავალი საეჭვო გზაზე

ავროდებოდი სიმღერით ხიფათს,

რომ მეგალობა მშობლიურ სახლში,

ხოლო სხვაგან კი მეხმარა ჯადო”.

ლემინკაინენ, ჭაბუკკი ლაღი,

კაუკომელი, ყოჩაღი მეტად,

დააგუგუნებს მრისხანე ჰანგებს,

ჰანგები იგი სავსეა გრძნებით.

ქურქიდან ალი იფეთქებს უმალ

და ნაპერწკლები გასცვივა თვალებს.

იმ სახელგანთქმულ გრძნეულთა კრებულს,

დიად მომღერლებს, აღვსილებს სიბრძნით,

პირში ჩაჭედა ლოდები მძიმე,

ხორხში კლდეები შეტენა მძლავრად.

უპირველესნი მომღერალთ შორის,

ბოლო მომღერლად აქცია უცებ.

მოაჯადოვა ამაყი კაცნი,

მიმოაბნია სხვადასხვა მხარეს,

ზოგი გაჰფანტა უდაბურ ველად,

ყამირ მინდვრებზე გაჰფანტა ზოგიც.

ზიგი კი ტბათა დაუშვა ფსკერზე,

სად ქორჭილასაც უჭირდა ცურვა.

ზოგი ცაუშვა ჩქერალში რუტის

და არნახული ანახა სიღრმე,

მიყარ-მოყარა ლოდების გროვად

და დააყუდა ვითარცა ქვები,

რათა მაგარი იგემონ სიცხე,

რათა იწივლონ ნაპერწკლის დარად.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

მოაჯადოვა ხმლიანი კაცნი,

მარადი ძილი მოჰგვარა გმირებს,

მოაჯადოვა ასაკი ყველა.

მაგრამ დაინდო მოხუცი ერთი,

თვალდაშრეტილი მეჯოგე ვინმე.

სველქუდიანი მოხუცი იგი,

ლემინკაინენს მიუგებს ასე:

“ლემინკაინენ, ჭაბუკო ლაღო,

მოაჯადოვე ასაკი ყველა,

მე კი რატომღაც არ მახლე ხელი,

გამაგებინე რაშია საქმე?”

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ღვარძლიან მოხუცს მიუგებს ასე:

“მიტომ დაგინდე, მოხუცო კაცო,

მიტომ არ გახლე ვაჟკაცმა ხელი,

რომ შენ ისედაც გულს ურევ მნახველს,

ხარ უსუსური, საბრალო მეტად.

ოდეს იყავი ყმაწვილი კაცი,

ველად მეჯოჯე იყავი ოდეს,

ბავშვებს ნამუსი ახადე ძალად,

აღარ დაინდე შენივე დებიც.

უწყალოდ სცემდი საბრალო ცხენებს,

ბედაურების გასწყვიტე რემა”.

სველქუდიანი მეჯოგე იგი

განაწყენდა და განრისხდა ფრიად,

და გამოვიდა კარიდან გარეთ,

ველზე გავიდა ეზოზე გავლით,

ტუონელისკენ გასწია სწრაფად,

სწრაფად დაეშვა უსიერ ფსკერზე.

კაუკომელის ელოდა იგი,

ლემინკაინენს ელოდა დიდხანს,

იცოდა, სახლში გასწევდა ოდეს,

აქ ჩაივლიდა ჭაბუკი ლაღი.

 

რუნა მეცამეტე

 

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ბოროტ დედაბერს მიუგებს ასე:

“ჰოი, ლოუხი, მოხუცო ბრძენო,

ცოლად მომეცი ასული შენი,

ულამაზესი მომეცი ცოლად,

უტანადესი მეუღლე მომეც”.

დიასახლისი პოხელის მხარის

ლემინკაინენს მიუგებს ასე:

“ლემინკაინენ, ჭაბუკო ლაღო,

არ გამოგყვება ასული, რადგან

არც უფრო კარგი, არც უფრო ცუდი,

არც უფრო გრძელი, არც უფრო მოკლე,

საკუთარ სახლში მეუღლე გიზის,

რომ მოიყვანე შორეულ მხრიდან”.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ბოროტ დედაბერს მიუგებს ასე:

“ჰოი, ლოუხი, მოხუცო ბრძენო,

გარეთ გავაგდე მეუღლე ჩემი,

რათა მეზობელს მიადგეს კარზე,

სხვის კუტიკართან ათიოს რათა.

მე სხვა მეუღლეს დავეძებ ეხლა,

მინდა ერთგული ვიპოვო ცოლი,

მომეც ასული, მოხუცო ბრძენო,

ულამაზესი მეუღლე მომეც”.

დიასახლისი პოხელის მხარის

ლემინკაინენს მიუგებს ასე:

“მე შენისთანა ბოგანო ჭაბუკს

როდი გავატან ქალიშვილს ცოლად,

ასული ცოლად მომთხოვე მაშინ,

ხიისის დომბას შეიპყრობ ოდეს,

სადაც ხიისის გაშლილა მდელო,

ხიისის ველი გაშლილა სადაც”.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

ხელშუბს მახვილი მოარგო წვერი,

მიასადაგა ისარი ლარზე,

უძლიერესად მოზიდა მშვილდი,

უძლიერესი ისროლა სიტყვა,

ასე იტყოდა ჭაბუკი ბოლოს:

“ხელშუბს მახვილი მოვარგე წვერი,

მივასადაგე ისარი ლარზე,

უძლიერესად მოვზიდე მშვილდი,

აწ საზრუნავი ერთი მაქვს მხოლოდ –

თხილამურები ვიშოვო სადმე,

რომ გავირბინო მანძილი გრძელი”.

მაშინ ჩაფიქრდა, ჭაბუკი ლაღი,

ლემინკაინენ, იფიქრა ასე:

თხილამურები გავჭედო როგორ,

რით გამოვთალო ისინი ნეტავ?

იგი კაუპის მიადგა კარებს,

ლულიკის ქურას ეწვია იგი:

“ო, ლაფლანდიის მჭედელო დიდო,

ვუოლაინენ, განთქმულო ყველგან!

თხულამურები გასჭედე მტკიცე,

თხილამურები გასთალე გლუვი,

რათა შევიპყრა ხიისის დომბა,

მოულოდნელად დავატყდე თავზე”.

ასე ეტყოდა ლულიკი ვაჟკაცს,

კაუპი ვაჟკაცს მიახლის ასე:

“ლემინკაინენ, ჭაბუკო ლაღო,

ამაოდ ცდილობ შეპყრობას დომბის,

იმ უკაცრიელ ხიისის ველზე,

გამომპალ მორებს მიიღებ მხოლოდ”.

როდი შეიპყრო ჭაბუკი სევდამ,

ლემინკაინენ იტყოდა ასე:

“ჰოი, კაუპი, ოსტატო ბრძენო,

თხილამურები შექმენი კარგი,

დავედევნები ხიისის დომბას,

წამოვეწევი ხიისის ველზე”.

ლულიკი გახლდათ ოსტატი ბრძენი,

კაუპი დიდი ოსტატი გახლდათ,

და შემოდგომა დგებოდა ოდეს,

ბეჯოთად თლიდა თხილამურს იგი.

ხოლო ზამთარი დგებოდა როცა,

იგი თხილამურს რანდავდა მარჯვედ,

იგი ჯოხს თლიდა დღე-ღამე მთელი,

შემდეგ კი რგოლებს ჩორკნიდა მხოლოდ.

მან თხილამური გასთალა ცალი,

მეორეც სწრაფად გასთალა შემდეგ,

შემდეგ ჯოხებიც გასთალა სწრაფად,

ჯოხებს მიადგა ორივე რგოლი,

ჯოხები წავის ბეწვად თუ ფასობს,

რგოლები ფასობს მელიის ბეწვად.

თხილამურებზე წაუსვა ქონი,

ირმისა ქონი წაუსვა ბლომად,

და გონებაში იფიქრა ასე

და განაცხადა ხმამაღლა ფიქრი:

“ჭაბუკთა შორის თუ არის ვინმე,

თუ არის ვინმე ყმაწვილთა შორის,

რომ თხილამური მარცხენა დასძრას,

მარჯვენაც დასძრას მარცხენის შემდეგ?”

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

დიდებულ ოსტატს მიეგებს დინჯად:

“არის ამ ქვეყნად ჭაბუკი ვინმე,

არის ამ ქვეყნად ვაჟკაცი ერთი,

ვინაც თხილამურს მარცხენას დაძრავს,

მარჯვენას დაძრავს მარცხენის შემდეგ”.

ზურგზე მოიგდო კაპარჭი ისრის,

მხრებზე კი მშვილდი გაიგდო უმალ,

თხილამურები მოირგო ფეხზე,

ჯოხებს ჩასჭიდა ხელები მძლავრი;

მან თხილამური მარცხენა დასძრა,

მარჯვენაც დასძრა მარცხენის შემდეგ;

ასე იტყოდა ჭაბუკი ლაღი,

უმისამართოდ ისროდა სიტყვას:

“ვერვინ იპოვოთ ნადირი სადმე,

ვერსად იპოვოთ ოთხფეხი ერთიც,

რომ მე, მამაცმა კალევის შვილმა,

თხილამურებზე შემდგარმა მარჯვედ,

ვერ მოვახერხო დაწევა მისი

და მისი ხელში ჩაგდება ხელად”.

ისმენდა სიტყვებს ხიისის ხალხი,

თვით იუტასი ისმენდა სიტყვებს

და იუტასმა, გრძნეულმა ბრძენმა,

სასწრაფოდ შექმნა ირემი დიდი:

ჯირკისგან თავი გასთალა მძიმე,

ტირიფის ტოტი დაადგა რქებად,

ლერწმისგან შექმნა ფეხები წვრილი,

ბალახებისგან მუხლები მტკიცე,

ლატანით ზურგი, ამტანი მეტად,

ხმელი ჩალისგან ძარღვები მძლავრი,

წყლის ყვავილებით თვალები სათნო,

ტბის ყვავილებით ყურები კოხტა,

ფიჭვის ქერქისგან მაგარი ტყავი,

ხოლო მორისგან სხეული მძიმე.

და იუტასი, გრძნეული ბრძენი,

ხიისის დომბას ავალებს ასე:

“ხიისის დომბავ, ძვირფასო ჩემო,

კეთილშობილო, ლამაზო დომბავ,

ლაფლანდიელთა ეწვიე ველებს,

სადაც დომბების ბინადრობს ჯოგი.

დაე, მოგსდიოს ჭაბუკმა ლაღმა,

დაე, დევნაში ამაოდ დაშვრეს!”

მაშინ გაფრინდა ხიისის დომბა,

ლაღი ირემი გაფრინდა მაშინ,

ჩამოუქროლა პოხელის ბეღლებს,

ლაფლანდიელთა ეწვია მდელოს,

ააყირავა პატარა კასრი,

რომელიც დიდზე შხიოდა ცეცხლზე,

კერძი კასრიდან დაცვივდა დაბლა,

ცეცხლსა და ნაცარს შთაცვივდა ხორცი.

და ლაფლანდიის მდუმარე ველზე

უცებ ავარდა ხმაური დიდი,

ძაღლებმა ცხარე ასტეხეს ყეფა,

მცირე ბალღები აბღავლდნენ ცხარედ,

სიცილით მოკვდნენ დედები მათი,

მამები მათი მოიცვა რისხვამ.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

კაუკომელი, ყოჩაღი მეტად,

დაედევნება ხიისის ირემს,

უკიდეგანოს გადიფრენს მდელოს:

თხილამურთაგან იფრქვევა ცეცხლი,

და ასდის ბოლი ჯოხების რგოლებს;

გადაიკარგა თვალთაგან დომბა,

აღარსად ისმის ფეხის ხმა მისი.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

გადაუქროლა ჭაობებს თავზე,

განვლო ციხენი, ტყენი და ტევრნი,

გალია კალმის ველები ყველა,

ჩამოუქროლა კალმელთა სახლებს,

ჩამოუქროლა საზარელ სიკვდილს,

სიკვდილმა ხახა დააღო მძლავრად

და კალმამა თავი დაღუნა მძიმედ,

რათა შეიპყროს მამაცი გმირი,

კაუკომელი ჩაყლაპოს რათა,

მაგრამ ბოროტნი ამაოდ დაშვრნენ,

მაინც ვერ შესძლეს შეპყრობა მისი.

შემოიარა ქვეყანა მთელი,

ერთი ადგილი გამორჩა მხოლოდ:

ვრცელი პოხელის უცნობი კუთხე,

ლაფლანდიელთა მიწაზე მყოფი.

ამ კუთხისაკენ გასწია ლაღად,

უცნობ მიდამოს მიადგა უცებ.

როს კუთხის კიდეს ეწვია იგი,

მაშინ პოხელის შორეულ მხრიდან,

ლაფლანდიელთა საზღვრო ველზე,

მას საზარელი მოესმა ხმები,

ისმოდა ცხარე წკმუტუნი ძაღლთა,

მცირე ბალღების ბღავილი ცხარე,

მათი დედების ხარხარი დიდი,

მამების მათის უსაზღვრო რისხვა.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

უმალ შესცვალა თავისი გეზი,

ლაფლანდიელთა გაუყვა ველებს,

სადაც ძაღლების ისმოდა ყეფა.

ჭაბუკი ახლოს მივიდა ოდეს,

ასე იტყოდა ჭაბუკი იგი:

“რატომ გაისმის ძაღლების ყეფა,

მცირე ბალღების ბღავილი ცხარე,

მათი დედების ხარხარი დიდი,

მამების მათის უსაზღვრო რისხვა?”

“მიტომ გაისმის ძაღლების ყეფა,

მცირე ბალღების ბღავილი ცხარე,

მათი დედების ხარხარი დიდი,

მამების მათის უსაზღვრო რისხვა,

რომ დიდი დომბა მოვარდა უცებ,

გადითქარუნა ფლოქვებით ბრტყელით,

აგვიყირავა პატარა კასრი,

რომელიც დიდზე შხიოდა ცეცხლზე,

კასრიდან კერძი ჩაიქცა დაბლა,

ცეცხლსა და ნაცარს შთაცვივდა ხორცი”.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

რომ მოისმინა სიტყვები მათი,

თხილამურებით დაიძრა ისე,

ისე გაცურდა ვაჟკაცი ველად,

ვით ნაქერალზე ასპიტი სხარტი,

ვით გველი გლუვი გაყინულ თოვლზე.

თხილამურებზე მსრბოლავმა ლაღად,

თამამი სიტყვა ისროლა ხალხში:

“დღეს ყველა კაცი – ლაფლანდიელი,

მე გატყვავებულს მომიტანს დომბას;

დღეს ყველა ქალი – ლაფლანდიელი,

გაასუფთავებს შვენიერ კასრებს;

დღეს ყველა ბალღი – ლაფლანდიელი,

ჩემთვის მოიტანს უამრავ ნაფოტს;

დღეს ყველა კასრი – ლაფლანდიური,

ჩემთვის მოხარშავს ჩინებულ დომბას!”

მან თხილამური მოსხლიტა ერთხელ,

და დაიკარგა თავლთაგან უმალ;

ხოლო მეორედ მოსხლიტა ოდეს,

აღარ ისმოდა ხმაური მისი,

როცა მესამედ მოსხლიტა ბოლოს,

გაფრენილ ზურგზე მოექცა დომბას.

ბოკვის მარგილი მოიგდო ხელში,

მოიგდო არყოს ჯაგანი მტკიცე,

რომ გაეძაგრა ნადირი მაგრად,

გადაეთრია გადაღმა ღობის:

“აქ შეიცადე, ირემო ლაღო,

შენ, ცოფიანო მხტუნავო, დადექ!”

ზურგზე მზრუნველად გადუსვა ხელი,

კისერზე ხელი გადუსვა ნაზად:

“დაქადნებული გასრულდა საქმე

რომ მოვიპოვე უფლება იმის,

რომ მოვისვენო ასულთან ერთად,

რომ ნეტარება მოვგვარო ასულს!”

მაგრამ აენთო ხიისის დომბა

და მოინდომა აშვება თავის,

გაცეცხლებულმა იყვირა უცებ:

“დე, დაგეხმაროს ბოროტი ლემპო,

რომ მოისვენო ასულთან ერთად,

რომ ნეტარება მოგვარო ასულს!”

და დაიძაბა ხიისის დომბა,

დაგლიჯა არყის ჯაგანი მტკიცე,

გადაამსხვრია მარგილი ბოკვის

და მუხის ღობე დაამხო დაბლა.

ელვის უსწრაფეს გავარდა ველზე,

გადაიფრინა ჭაობი ვრცელი,

გადაიკარგა თვალთაგან უმალ,

აღარ ისმოდა ფეხის ხმა მისი.

ლემინკაინენ დაღონდა ფრიად,

აუცახცახდა სხეული მთელი,

სასტიკი ბოღმით აივსო უცებ,

გამოედევნა ხიისის დომბას.

როცა პირველად მოსინჯა ბიძგი,

საშინელ თხრილში აღმოჩნდა მყისვე,

თხილამურებზე გადასკდა თასმა,

მეორე თასმა გადასკდა ქუსლზე,

უცებ გადატყდა ხელშუბის ხელი,

მაგარი ჯოხის გადიმსხვრა ბოლო.

წინ გაექანა ხიისის დომბა,

გადაიკარგა თვალთაგან ისევ.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

დაბლა მწუხარედ ჩაკიდა თავი,

დიდხანს უყურა დამსხვრეულ საგნებს

და სევდიანი იტყოდა ბოლოს:

“შენ, მომავალო თაობავ, ჩვენო,

ამ ქვეყანაზე იცოცხლებ ვიდრე,

არ გაეშურო არასდროს ტყეში,

არ დაედევნო ხიისის დომბას.

რადგან მე თავად მოვიქეც ასე,

დიდხანს ვეძებე ნადირის კვალი

და გადამიტყდა ჯოხები ვაჟკაცს,

გადამეღუნა ხელშუბი მტკიცე!”

 

რუნა მეთოთხმეტე

 

ლემინაკინენ, ჭაბუკი ლაღი,

მოიღრუბლა და იფიქრა ასე:

აწ რომელ გზაზე დაგადგე ნეტავ,

ნეტავ საითკენ ავიღო გეზი,

კვლავ დავუბრუნდე მშობლიურ მხარეს

და სამუდამოდ მოვეშვა დომბას,

თუ აქ დავრჩე და უსიერ ტყეში

წყეული დომბის ვიარო კვალზე,

რათა ტყის დედას მოვგვარო ლხენა,

წიწვნართა ასულთ სიამე სრული.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

დიდებულ უფალს ღაღადყო ასე:

“ო, უკოვ, ღმერთო უზენაესო!

ო, ზეციერო მამაო ჩვენო!

თხილამურები გასთალე სწრაფად

და მიანიჭე სისწრაფე დიდი,

რომ გადუქროლოს ჭაობებს თავზე,

გადაიფრინოს უსაზღვრო მიწა,

რათა ხიისში დავადგა ფეხი,

რათა პოხელის ვეწვიო მხარეს,

რათა გავენთო ხიისის დომბას,

დიდებულ ირემს ჩავუდგე კვალში.

მე ტაპიოლის მივდივარ გზაზე,

მივალ ტაპიოს ქოხების გასწვრივ,

მღვლემარე ტყეში მივფრინავ ლაღად,

არ მომყვებიან გმირები შემწედ.

სალამი თქვენდა, მაღალო მთებო,

სალამი თქვენდა, ტყეებო ნაძვის,

ჭალებო ვერხვთა, სალამი თქვენდა,

თქვენდა სალმიანს სალამი ჩემი!

გზა! გზა მომეცით, ტყენო და ველნო,

ტაპიოვ ბრძენო, მიშველე ვაჟკაცს,

გადამატარე მაღალი მთები,

გამიშვი ვთელო ჭაობი მდორე,

რათა ხიისის შევიპყრო დომბა,

რათა ნანატრი მივიღო ძღვენი!

ჰოი, ნურიკივ, ტაპიოს შვილო,

ვისაც წითელი გიხდება ქუდი!

მკვეთრად აღბეჭდე ნიშნები გზაზე,

მთებზეც აღბეჭდე ნიშნები მკვეთრად,

რომ ავირჩიო სავალი სწორი,

რომ არ დავიბნე საბრალო სადმე,

დავედევნები როდესაც დომბას,

როდესაც ირემს მივყვები კვალში.

ო, მიელიკივ, დედაო ბრძენო,

ო, განმგებელო უსიერ ტყეთა,

მიმოაფრქვიე ცინცხალი ვერცხლი,

მიმოაფრქვიე ხალასი ოქრო,

გზაზე, რომელზეც მივდივარ ეხლა,

რომელსაც ბრიყვი მივყვები კაცი!

წელზე დაკიდულ პატარა რგოლებს

ოქროს კლიტენი ჩამოხსენ სწრაფად,

გეხსენი ტყეთა პალატნი ვრცელნი,

ტაპიოვ, გახსენ ბეღლები სავსე,

გახსენი, სანამ ხიისის დომბას

გულდაჯერებით ვდარაჯობ ტყეში!

თუკი შენ წასვლა არ გინდა თავად,

მაშინ მოიხმე მხევალნი შენნი

და ნება შენი აუწყე წამსვე

და გამგზავრება უბრძანე მხევალთ!

თუ არა გყვანან მხევალნი ბევრნი,

თუ არა გყვანან მონანი შემწედ,

შენ მბრძანებელი იქნები როგორ,

რა მბრძანებელი იქნები მაშინ,

ვინღა მიხედავს ნადირთა ჯოგებს,

ვინ დაიფარავს ირმების რემას?

დიდი ტაპიოს ერთგულო მონავ,

ამოხმიანო მხევალო, ნაზო,

შენ უტკბილესით გასწიე სტვირით,

შენ სალამურით გასწიე სწრაფად,

და მიდი, სადაც ტყეების ქალღმერთს

აურჩევია ადგილი კარგი

და სადაც ტკბილად სძინავს და ფშვინავს

და უნეტარესს უყურებს სიზმრებს.

შენ ააკვნესე საკრავი ტკბილი

და გაუფანტე სიზმრების გროვა.

ამოხმიანო მხევალო, გვედრებ,

გთხოვ, აღასრულო სურვილი ჩემი!”

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ასე ევედრა ტაპიოს მხევალს

და ტყე უღრანი გალია მერე,

გადაიარა ველები ვრცელი;

ნახშირის მწვერვალთ ესწრაფვის ლაღად,

ხიისის მდელოს ესწრაფვის იგი.

დღე ერთ იარა, იარა ორი,

და დღე მესამე დაიწყო ოდეს,

იგი უმაღლესს მიადგა მწვერვალს,

უმაღლეს კლდეზე ავიდა იგი.

ჩრდილოეთისკენ მიიქცა უცებ,

ჭაობისაკენ ისროლა მზერა:

შორით შენიშნა ტაპიოს სახლი,

სახლს უხდებოდა კარები ოქროს

და ოქროს ნათელს აფრქვევდა უხვად,

ეფინებოდა ნათელი არეს.

მან მიატოვა ადგილი თვისი

და სახლისაკენ გასწია სწრაფად,

ტაპიოს სახლთან მივიდა ახლოს,

მიუახლოვდა ტაპიოს სარკმელს,

მეექვსე სარკმელს აეკრა იგი

და შეიჭვრიტა ოთახში ჩუმად:

ოთახში ხედავს მოწყალე დედებს –

მარცვლოვანების მშვენიერ ასულთ,

რომელთაც მოსავთ სამოსი უშნო,

ძონძები ძველი აცვიათ ტანზე.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ტყეთა მბრძანებელს ეტყოდა ასე:

“ბრძენო დედაო, დედაო ტყეთა,

ვის უსიერნი გმონებენ ტევრნი!

რატომ გაცვია ძონძები ტანზე,

ნეტავ რად გმოსავს სამოსი უშნო?

როდი გიხდება სამოსი იგი,

ხარ უხეში და ბინძური ერთობ,

ისე სხვა არის სხეული შენი,

ვეღარ გისწორებ სირცხვილით თვალებს.

ვეხეტებოდი ტყეებში ოდეს,

სამი ვიხილე სასახლე დიდი:

სასახლე ძვლისა, სასხლე ხისა

და ქვის სასახლის თვითეულ კედელს,

ოქროს სარკმელი შვენოდა ექვსი.

სარკმლიდან სახლში დავიწყე ჭვრეტა

და იმ სახლში ვიხილე უცებ

ტაპიო – ტყეთა მეუფე ბრძენი,

ტურფა ტელევრო – მეუღლე მისი,

მისი ასულიც შევნიშნე იქვე,

უსიერ ტყეთა ვიხილე ხალხი:

აჟღარუნებდნენ ოქროებს ლაღად,

აწკრიალებდნენ უწმინდეს ვერცხლებს.

და დედოფალი ტყეების ვრცელის

ოთახში იჯდა ნაზად და მშვიდად,

ოქროს სამკლავე ეკეთა მკლავზე,

თითებს უმკობდა ბეჭდები ოქროს,

თავზე შვენოდა ოქროსვე ქუდი,

ოქროს ბაბთები შვენოდა თმებზე,

ოქროს საყურე ეკიდა კოხტად,

მკერდს მარგალიტი შვენოდა მსხვილი.

უსათნოესო დედაო ტყეთა,

თაფლივით ტკბილო, მოხუცი ქალო!

ფეხსაცმელები გაიძრე ჩქარა,

ჩამოიცილე ძონძები ტანზე,

ჩამოიცილე ხალათი ძველი;

სანამ ტყეებში დავდივარ მარტო,

საჩუქარს ნანატრს დავეძებ სანამ,

შენ შეიმოსე ლამაზი კაბით,

კარგი ხალათი ჩაიცვი ტანზე!

მე არ მასვენებს სასტიკი სევდა,

აღარ მცილდება მტანჯველი დარდი,

რადგანაც ნადირს ამაოდ ვეძებ,

ამაოდ ვეძებ ხიისის დომბას!

ჰოი, ისმინე ვედრება ჩემი,

ხიისის დომბას შემყარე სადმე,

რომ არ გადვიქცე ვაჟკაცი ლანდად,

რომ დავიბრუნო სიმშვიდე სულის.

გრძლად მეჩვენება დღეცა და ღამეც,

ხელმოცარული დავდივარ როცა.

ყური მომაპყარ, მოხუცო ბრძენო,

თეთრწვერიანო პაპაო ტყეთა,

რომელსაც გმოსავს ახალი ხავსი

და თავზე გხურავს ეკლები მწვანე!

ტყეებზე ტილო მოჭიმე მაგრად,

თბილად შემოსე ჭალები ვრცელი,

შემოახვიე საბანი ვერხვებს,

ჩააცვი თხმელებს მსუბუქი კაბა,

ვერცხლით დაფარე ფიჭვების ჯარი,

ქამრად მოავლე სპილენძი მტკიცე,

მწვანე ნაძვნარში გაჰფანტე ოქრო,

ტყის ხეებზეც დაჰკიდე იგი,

ვრცელი ტყეები შემოსე ისე,

როგორც მოსავდი, უფალო, წინათ.

წინათ მზესავით ბრწყინავდა ნაძვი,

ფიჭვი ნათობდა ვითარცა მთვარე,

ტაფლის სურნელი იძვროდა ტყიდან,

წალებს დიოდათ სურნელი თაფლის,

ველებს სურნელი დიოდათ ცხარე,

ჭაობით ერბო ჟონავდა უხვად!

ბრძენი ტაპიოს ასულო ბრძენო,

ტურფა ტულიკივ, ქალღმერთო ტყეთა,

ტყიდან მოიხმე ნადირთა ჯოგი,

გამომიდენე ნადირი ველზე.

თუკი ნადირი ჯიუტად დადგა,

ანდა დაიძრა ნადირი დუნედ,

ბიჩქებზე წკეპლა მოტეხე ველად

არყისა შოლტი მოტეხე ველად

და გადუჭირე გავსებულ ფერდზე

და შეუხურე ორივე გვერდი,

რათა დაიძრას აქეთკენ სწრაფად,

რათა მოედოს უსაზღვრო ველებს,

სადაც ვაჟკაცი მოევლო ნადირს,

ჩავსაფრებულვარ ვაჟკაცი სადაც.

თუკი დაადგა ნადირი ბილიკს,

დაე, ბილიკზე ირბინოს სწრაფად,

შენ გაიშვირე ხელები მისკენ.

შენ დაიგრძელე ორივე ხელი,

რომ არ გაიქცეს ნადირი არსად,

არ მოატოვოს ბილიკი ვიწრო;

“თუ ბილიკიდან გაიქცა მაინც,

თუ გადუხვია ნადირმა გზიდან,

ხეკი ყურებში ჩაავლე უცებ,

გადმოათრიე ბილიკზე რქებით!

თუ ბილიკებზე შენიშნო ფიჩხი,

გადაისროლე ბილიკის მიღმა,

მოჰკრა ბილიზე მორებს,

ნაჭრებად დასჭერ მორები იგი.

თუ გზაზე ღობეს მოჰკარი თვალი,

ხელი მოჰკიდე, დალეწე უცებ,

შენ ხუთი შეკვრა დალეწე ერთად,

მოთხარე ერთად საყრდენი ხუთი.

თუკი მდინარე დაგიხვდა გზაზე,

თუ ბილიკებზე შემოგვხდა წყარო,

შენ თავსაფარი გაშალე მაშინ,

ააფრიალე ჰაერში წითლად,

გადააფინე სრუტეთა თავზე,

გადაუსროლე გადაღმა წყლების,

წყალვარდნილებზე გაჭიმე ხიდად,

მდინარეები დაფარე ფართე.

ტაპიოვ, ტყეთა მეუფევ დიდო,

შენც მიმერიკივ, ქალღმერთო ტყეთა,

ტყეთა პაპაო, ჭაღაროსანო,

რომელივ მწვანეს განაგებ წალებს!

ო, უსიერი ტყეების დედავ, –

ტყეთა ქალღმერთო, მომცემო შვების,

ვისაც გიხდება სამოსი მწვანე,

ვისაც წითელი გიხდება წინდა!

მოდი, გავცვალოთ ოქროზე ოქრო,

ვერცხლზე კი ვერცხლი გავცვალოთ, მოდი,

ჩემი ოქრო ხომ მსგავსია მთვარის,

ხოლო ვერცხლი კი მსგავსია მზისა.

ვერცხლი მოხვეტეს ბრძოლებს ველზე,

სისხლიან ველზე იშოვეს ოქრო.

ეხლა უბრალოდ ამძიმებს ჩანთას,

უხმარად ყრია ქისაში იგი.

ოქროს გადაცვლა ვერაფრით შევძელ,

ვერ გავუცვალე ვერავის ვერცხლი”.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ეწვია ტყეებს, ეწვია ჭალებს

და სიმღერები იმღერა უხვად

გადმოაფრქვია ჰანგები ტკბილი,

გადმოიბირა ჭაბუკმა ასე,

ტყეთა ღმერთი და ქალღმერთი ტყეთა

და ტყის ასულნი, მშვენებით სრულნი,

მოწყალე თვალით უმზერენ უკვე.

მათ შეაშინეს ველური დომბა,

ჯიუტი დომბა დააფრთხეს უცებ,

ტაპიოს მთიდან განდენეს იგი,

ველად ჩადენეს ტაპიოს მთიდან,

რომ დახვედროდა ვაჟკაცი გზაზე,

რომ დაეძაგრა ირემი მძავრი.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

ხელში მოიგდო ქამანდი გრძელი,

ხიისის დომბას წამოსდო მხრებზე,

წამოსდო ყელზე ხიისის დომბას,

ქამანდით მაგრად გაძაგრა იგი,

რომ არ ეყარა წიხლები შემდეგ.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

გახარებულმა ღაღადყო ასე:

“ტყისა და ქვეყნის მეუფევ ბრძენო,

მშვენიერებავ ველების ვრცელის –

შენც მიელიკივ, დედაო ტყეთა,

რომ გვევლინები ნიადაგ შემწედ!

მოდი და წმინდა წაიღე ვერცხლი,

მოდი და ოქრო წაიღე წმინდა.

შენ თავსაფარი გაშალე ფართე

და განაფინე მიწაზე რიდით,

რათა ზედ წმინდა დავყარო ვერცხლი,

რათა ზედ ოქრო დავყარო წმინდა,

რომ არ განიბნეს საუნჯე ველზე,

რომ არ შთაცვივდეს ტალახში იგი!

შემდეგ პოხელში მივიდა იგი,

ცბიერ დედაბერს მიუგო ასე:

“ჰოი, ლოუხი, მოხუცი ბრძენო,

უკვე შევიპყარ ხიისის დომბა!

ცოლად მომეცი ასული შენი,

ულამაზესი მეუღლეს მომეც!”

დიასახლისი პოხელის მხარის,

ლემინკაინენს მიუგებს ასე:

“მაშინ გაგატან ქალიშვილს ცოლად,

მშვენიერ ასულს გაგატან მაშინ,

ხიისის მერანს შეიპყრობ ოდეს,

ოდეს ლაგამსაც ამოსდებ მერანს,

მერანს, რომელიც ველებზე დაქრის,

რომელსაც ქაფი გადასდის ტანზე”.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

ოქროს ლაგამი აიღო ხელში,

ვერცხლის ავშარაც აიღო შემდეგ

და გაეშურა ველებზე უმალ,

ხიისის მერანს დაეძებს იგი,

გრძელფაფარიანს დაეძებს ველზე.

მან უგრძელესი გალია გზები,

უძნელეს გზებზე იარა დიდხანს.

იგი უწმინდესს ესწრაფვის ველებს,

წმინდა მდელოებს ესწრაფვის იგი;

გულმოდგინებით დაეძებს მერანს,

თვალს არ აცილებს წამითაც გზაზე;

მხარზე ჰკიდია მათრახი მსხვილი,

ლაგამი მსხვილი უმშვენებს ქამარს.

დღე ერთ ეძება, ეძება ორი

და დღე მესამე დაიწყო ოდეს,

მაღალ გორაკზე ავიდა უმალ,

ფრიალო კლდეზე ავიდა იგი.

აღმოსავლეთით მიიქცა მყისვე,

დიდებულ მზისკენ მიმართა მზეარ;

მწვანე ნაძვებთან შენიშნა ცხენი,

ნახა მერანი ქვიშიან ველზე;

ბეწვიდან ცეცხლი სცვიოდა მერანს,

გრძელი ფაფრიდან სდიოდა კვამლი.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

გახარებული იტყოდა ასე:

“ო, უკოვ, ღმერთო უზენაესო,

ო, ზეციერო მამაო ჩვენო!

შენ ხომ ქუხილით მბრძანებლობ ღრუბლებს,

ამღვრეულ ღრუბლებს განაგებ მეხით!

ზეცის თაღები გახსენი ჩქარა,

ჰაეროვანი გახსენი ციხე,

დაბლა დაუშვი ნაჭრები რკინის,

სეტყვა რკინისა დაუშვი დაბლა,

რათა დაეცეს ბედაურს ზურგზე,

რათა მოეშვას საღარი ცხენი!”

უკომ, უფალმა უზენაესმა,

რომელმაც შექმნა სამყარო მთელი,

შუა გადახსნა ჰაერი მძლავრად,

ჩამოანგრია თაღები მძიმე,

დაბლა დაუშვა ნაჭრები რკინის,

სეტყვა რკინისა დაუშვა დაბლა,

ოდნავ უფროსი ვაჟკაცის თავზე

და ცხენის თავზე მოზრდილი ოდნავ.

მერანს დაეცა ნაჭრები მსხვილი,

თეთრშუბლა ცხენი მოდუნდა უცებ!

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ველურ მერანთან მივიდა უმალ,

თეთრშუბლა ცხენთან მივიდა ახლოს,

გადმოაფრქვია სიტყვები ტკბილი:

“კეთილო ცხენო ხიისის ველთა,

მაღალთა მთათა კეთილო კვიცო,

ოქროთ შემკული დახარე სახე,

დახარე თავი, შემკული ვერცხლით,

ოქროს აღვირი ამოგდო რათა,

ამოგდო ვერცხლის რგოლები მტკიცე!

არ გაწყენინებ, მერანო ლაღო,

არ გაგაქროლებ, მერანო სწრაფად,

გზაზე, რომელიც მოკლეა ძლერ,

გზაზე, რომელიც პოხელში მიდის,

არ გადაგიჭერ, მერანო, თასმას,

არ შეგიხურებ შოლტებით ფერდებს,

პოხელისაკენ წაგიყვან ბაბთით,

ნაზი ზონარით წაგიყვან ზანტად”.

ხიისის მხარის ზანგელა კვიცი

მსწრაფლ მოეშვა და დაეშბა დაბლა,

ოქროთ შემკული დახარა სახე,

დახარა თავი, შემკული ვერცხლით,

ოქროს აღვირი ამოსდო რათა,

ამოსდონ ვერცხლის რგოლები მტკიცე.

მერანს აღვირი ამოსდო სწრაფად

და გადააცვა ავშარა ვერცხლის,

ელვის უსწრაფეს მოექცა ზურგზე,

ის კუსუბოზე მოექცა მერანს;

ასე შეიპყრო ჭაბუკმა ცხენი,

დაიმორჩილა მერანი ასე.

გადაუჭირა მათრახი მძლავრად,

გადუტყლაშუნა ტირიფის შოლტი

და გაეშურა სასწრაფოდ გზაზე

და მიაშურა თოვლიან მწვერვალს.

აი, პოხელში მივიდა იგი,

აი, ეწვია ნისლიან პოხელს,

ლოუხის სახლში შევიდა სწრაფად

და დამეტყველდა ჭაბუკი ლაღი:

“შემოვიარე ხიისის მხარე,

სადაც გაშლილან ველები წმინდა,

ველზე ირემი შევიპყარ მძლავრი,

ველური კვიცი შევიპყარ ველზე,

ასული შენი მომეცი ცოლად,

ულამაზესი მეუღლედ მომეც”.

დიასახლისი პოხელის მხარის,

ლემინკაინენს მიუგებს მშვიდად:

“ტუონელისა მორევში ბნელში,

წმინდა მდინარის უსიერ ფსკერზე,

გიგანტურ ფრინველს თუ მოკლავ სწრაფად,

გედს ულამაზესს თუ მოკლავ ისრით,

ისე, რომ ერთხელ ესროლო მხოლოდ,

ისე, რომ სტყორცნო ისარი ერთხელ,

მშვენიერ ასულს გაგატან მაშინ,

ძვირფას ქალიშვილს გაგატან ცოლად”.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

კაუკომელი, ყოჩაღი მეტად,

წმინდა მდინარის უსიერ ფსკერზე,

ტუონელისა მორევში ბნელში,

აპირებს ნახოს ფრინველი ახლოს,

აპირებს თვალი შეავლოს ფრინველს.

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

ტუონელისკენ აიღო გეზი,

ჰა, ტუონელში მივიდა უკვე,

წმინდა მორევთან მივოდა უმალ.

მხრებზე ჰკიდია ვეება მშვილდი,

ისრის კაპარჭი ჰკიდია ზურგზე.

სველქუდიანი მეჯოგე იგი,

უსინათლო და მოხუცი მეტად,

ჩასაფრებულა მდინარის ახლოს,

სადაც მრისხანებს მორევი შავი,

თვალს არ აცილებს მოხუცი გზაზე,

ლემინკაინენს დარაჯობს ფრთხილად.

სველქუდიანმა, მოხუცმა კაცმა,

მაშინ შეასწრო კაუკოს თვალი,

ოდეს ჭაბუკი მიადგა მორევს

და ჩაიარა ჩქერალის კლდესთან.

მოხუცმა გველი აიღო ზღვიდან,

ლარწამის მსგავსად აიღო გველი

და გველი ღვიძლში გავარდა სწრაფად,

და იღლიაში შეიჭრა შემდეგ,

მარჯვენა ბეჭზე ამოყო თავი.

ლემინკაინენ იკივლა მწარედ,

თვალთ დაუბნელდა, დაეხშო ხედვა,

დაუდევრობა ინანა თვისი,

დაღონებული იტყოდა ბოლოს:

“ბედის ძებნაში ამაოდ დავშვერ,

ცუდად მოვიქეც ჭაბუკი ბრიყვი,

ორი სიტყვა რომ არ ვკითხე დედას,

არ შევეკითხე საყვარელ მშობელს,

როგორ განვკურნო ნაკბენი გველის,

გამოვიყენო რომელი სიტყვა,

ხომ არის სიტყვა, რომელიც არჩენს

სხეულს მოწამლულს უნასის შხამით.

დედაო, დიდხანს მატარე მუცლით

და მერე კაცად მაქციე, დედავ!

შენ შეგიძლია გუმანით მიხვდე,

სად არის შენი ძვირფასი შვილი.

გამოეშურე აქეთკენ სწრაფად,

უბედურ ვაჟკაცს მექმენი შემწედ,

რათა ამცილდეს სასტიკი ბედი,

რათა ცოცხალმა ვიარო ქვეყნად,

წამოვიმართო ცოცხალი ისევ,

ისევ შევიქმნე ჭაბუკი ლაღი!”

სველქუდიანმა მოხუცმა კაცმა,

ხედვადახშულმა, ბოროტმა გულით,

ასე დაუშვა კაუკო ფსკერზე,

ტუონის ფსკერზე დაუშვა უმალ.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

მღვრიე მორევში ვარდება მძიმედ,

მიექანება ჩანჩქერთან ერთად,

საზარელ კლდიდან ეშვება იგი.

პირსისხლიანმა ტუონის შვილმა

გადაუჭირა მახვილი ჭაბუკს,

მახვილი ბასრი გადაჰკრა ისე,

რომ ნაპერწკლები გასცვივდა მახვილს,

მერე ჭაბუკი ხუთ ნაჭრად დაჭრა,

რვა ნაჭრად დაჭრა ჭაბუკი შემდეგ

და ტუონელში ისროლა იგი,

მანალის ფსკერზე დაუშვა უმალ:

“შინი მშვილდით და კაპარჭით შენით,

ასე იწექი უსიერ ფსკერზე!

მაგარი მშვილდი მოზიდე მძლავრად,

მდინარის გედი განგმირე ისრით”.

ასე დაეცა ჭაბუკი ლაღი,

ლემინკაინენ გათავდა ასე;

მან ტუონელში იპოვა ბინა,

მას მშვიდად სძინავს მანალში ბნელში.

 

რუნა მეთხუთმეტე

 

ჭაბუკი ახტის ჭაღარა მშობელს

აღარ ასვენებს ფიქრები მწარე:

“ნეტავ სად არის კაუკო ჩემი,

ლემინკაინენ სად არის ნეტავ?

არავის უთქვამს წასვილადნ დღემდე,

რომ სამშობლოში დაბრუნდა იგი”.

საწყალმა დედამ უწყოდა როდი,

როდი იცოდა ბედკრულმა დედამ,

სად იყო მისი ძვირფასი პირმშო,

ხორცი და სისხლი სად იყო მისი:

ფიჭვნარიანსა მაღალსა მთაზე,

უკაცრიელ და უდაბურ ველად,

მრისხანე ზღვების ზვირთების ზევით,

მიექანება რომელიც თავქვე,

თუ ბრძოლის ველზე ნავარდობს ლაღად

და მტარვალს მუსრავს ზათქით და ზარით,

წელამდე წვდება წითელი სისხლი,

წითელი სისხლი მუხლამდე წვდება.

კულიკი, ახტის ლამაზი ცოლი,

დარაჯად ედგა მეუღლის მამულს,

არ შორდებოდა კაუკოს სახლ-კარს,

იხედებოდა ნიადაგ ირგვლივ;

უთვალთვალებდა საღამოს ჯაგრისს,

დილითაც მასზე ეჭირა თვალი.

ერთხელ ასეთი ამბავი მოხდა

და შეაშფოთა კულიკი ძლიერ:

ჯაგრისში წვეთმა იჩინა თავი,

წითელმა სისხლმა დაიწყო წვეთა.

კულიკი, ახტის ლამაზი ცოლი,

შეშფოთებული იტყოდა უმალ:

“სრულიად უცნობ, მივარდნილ გზაზე,

სადაც არავის დაუდგამს ფეხი,

ჩემი ლამაზი კაუკო გაჰქრა,

ლემინკაინენს მოეღო ბოლო:

ჯაგრისში წვეთმა იჩინა თავი,

წითელმა სისხლმა დაიწყო წვეთა!”

დედამ კი სისხლი იხილა ოდეს,

გულამოსკვნილად ატირდა იგი:

“უბედურება დამატყდა თავზე,

ცრემლთა დენათა დამიდგა ჟამი!

უბედურება სწვევია ვაჟკაცს,

მას განსაცდელი სწვევია მძიმე:

ჯაგრისში წვეთმა იჩინა თავი,

წითელმა სისხლმა დაიწყო წვეთა!”

მან კაბის კალთა მოიგდო ხელში,

და აიკალთა საბრალომ კაბა

და გაეშურა სასრაფოდ გზაზე

და მოიკრიბა ძალები მთელი:

ნაბიჯით მთები ირყევა ერთობ,

ზვიადი მთები დაბლდება ვაკედ,

ხოლო ვაკე და სიღრმენი მიწის

იმართებიან, დგებიან მთებად.

იგი პოხელის მიადგა სახლებს,

შვილის ამბავი იკითხა უმალ:

“პოხელის მხარის მპყრობელო დიდო,

საით გაგზავნე კაუკო ჩემი?”

დიასახლისი პოხელის მხარის

საბრალო დედას მიუგებს ასე:

“მე არაფერი არ ვიცი, დაო,

სად დაიკარგა კაუკო შენი;

მე ის შემოვსვი ცეცხლოვან ცხენზე,

გამოვამგზავრე სახლისკენ სწრაფად;

იქნებ ყინულში ჩავარდა იგი,

ზღვამ გაყინულმა გაჰყინა იქნებ,

იქნება ტყეში ჩაყლაპა მგელმა,

ან დიდმა დათვმა დატორა თათით?”

კაუკომელის მოხუცმა დედამ

ცბიერ დედაბერს მიუგო ასე:

“რატომ კადრულობ მოხუცო ტყუილს,

რატომ არ იტყვი სიმართლეს ნეტავ?

მგელი ჩვენს მოდგმას ვერ ჩაგრავს ოდნავ,

ოდნავ ვერ ჩაგრავს ჩვენს მოდგმას დათვი:

ახტი მგლის ხროვას თითებით აქცევს,

ხელებით ფანტავს დათვების ჯოგებს.

თუ ისევ მეტყვი მოხუცო ტყუილს,

თუ დამიმალავ სიმართლეს ისევ,

არდგმულის კარებს დავანგრევ უმალ,

დავანგრევ სამპოს ჯადოსნურ კარებს”.

დიასახლისი პოხელის მხარის

საბრალო დედას მიუგებს ასე:

“მე გაძღომამდე ვაჭამე ჭაბუკს,

კარგი სასმელიც ვასმიე ბლომად,

მოკლედ, ყელამდე ავავსე ყოვლით

და ნავში ჩავსვი ჭაბუკი შემდეგ,

რომ ჭორომებზე ეარა ამოდ,

მღელვარე ზღვაზე ეარა მშვიდად.

არ ვიცი საით წავიდა იგი,

როგორ იარა მღელვარე ზღვაზე,

იქნებ დაახრჩო ჩანჩქერმა მძლავრმა,

ან მიიზიდა მორევმა იქნებ”.

კაუკომელის მოხუცმა დედამ

ცბიერ დედაბერს მიუგო ასე:

“შენ მართალივით მიყვები ტყუილს,

და არ მიყვები მოხუცო მართალს!

გიჯობს ტყუილებს მოუღო ბოლო

და მომახსენო სიმართლე მოკლედ.

მითხარ საითკენ გაგზავნე ახტი,

კალევაინენ სად არის ეხლა,

თორენ სიკვდილი გეწვევა მწარე

და მოგეღება უბედურს ბოლო”.

დიასახლისი პოხელის მხარის

უბედურ დედას მიუგებს ასე:

“ეხლა ტყუილებს მოვუღებ ბოლოს,

მე მოგახსენებ სიმართლეს ეხლა:

დომბის შეპყრობად გავგზავნე იგი,

კვიცის შეპყრობად გავგზავნე შემდეგ,

გედის შეპყრობად გავგზავნე გვიან,

რათა გიგანტი შეეპყრო გედი.

იქნებ რაიმე შეემთხვა ჭაბუკს,

იქნებ უბრალოდ დაყოვნდა გზაზე,

რადგან არვისგან მსმენია ჯერაც,

რომ ჩვენს მხარეში დაბრუნდა იგი,

სადაც ასული მოელის ისევ,

ნაზი ასული მოელის სადაც”.

შიშმა შეიპყრო საბრალო დედა,

და შეშლილივით გავარდა გზებზე,

უნდა იპოვოს ძვირფასი შვილი,

საბრალო შვილთან წყურია შეყრა.

ვითარცა მგელი, გადირბენს ჭაობს,

ღრიალებს ტევრში, ვითარცა დათვი,

ვითარცა წავი, მიცურავს წყალზე,

მაჩვის მაგვარად მიფრინავს ველად,

კონცხებზე დარბის, ვითარცა ზღარბი

და კურდღელივით ნაპირებს მისდევს.

ქვებს, გზაზე დაყრილს გადაყრის განზე,

ჭაობში ამხობს გიგანტურ ხეებს.

ხეტა ნამსხვრევებს ჭაობში ისვრის

და წნელბოგირას გაიდებს ხიდად.

უკვე შვიდი დღე შესრულდა შემდეგ,

დღე საშინელი შესრულდა შვიდი,

გზაზე ხეები შემოხვდა დედას,

შვილის შესახებ ჰკითხავდა ხეებს.

ასე მიუგებს პასუხად ფიჭვი,

ამაყი მუხა მიუგებს ასე:

“მე შენი შვილის არა მაქვს დარდი,

საკუთარ თავზე ვზრუნავარ მხოლოდ,

ღმერთებმა ბედი მარგუნეს მძიმე,

სასტიკი ტანჯვა მარგუნა ბედმა:

ჩემგან მანიაკს ჩარხავენ კაცნი,

შემგანვე თლიან ვეება კომბლებს,

ბასრი ნაჯახით მაქცევენ შეშად,

ასე, თანდათან მეღება ბოლო”.

უკვე შვიდი დღე შესრულდა შემდეგ,

დღე საშინელი შესრულდა შვიდი,

გზა მშვენიერი შემოხვდა დედას

და შეეიკითხა მშობელი ასე:

“ღვთით მოცემულო ლამაზო გზაო,

გადაიკარგა კაუკო ჩემი,

ის ოქროს ვაშლი თუ ნახე სადმე,

ის ვეცხლის წკეპლა თუ შეგხვდა ნეტავ?”

გზამ სევდიანმა მიუგო მშობელს,

საბრალო დედას მიუგო ასე:

“მე შენი შვილის არა მაქვს დარდი,

საკუთარ თავზე ვზრუნავარ მხოლოდ,

ღმერთებმა ბედი მარგუნეს მძიმე,

სასტიკი ტანჯვა მარგუნა ბედმა:

გადამირბენენ ძაღლები ყეფით,

გადმითქარუნებს ცხენები თავზე,

ზოგჯერ ფლოქვები მთელავენ მძლავრად

და მწარედ მჭყლეტენ ფლოქვები ბრტყელი”.

უკვე შვიდი დღე შესრულდა შემდეგ,

დღე საშინელი შესრულდა შვიდი,

ნათელი მთვარე შემოხვდა დედას

და შეეკითხა დიდებულ მთვარეს:

“ღვის მოცემულო მნათობო ბრძენო,

გადაიკარგა კაუკო ჩემი,

ის ოქროს ვაშლი თუ ნახე სადმე,

ის ვერცხლის წკეპლა თუ შეგხვდა ნეტავ?”

ნათელმა მთვარემ მიუგო დედას,

საბრალო მშობელს მიუგო ასე:

“მე შენი შვილის არა მაქვს დარდი,

საკუთარ თავზე ვზრუნავარ მხოლოდ,

თებმა ბედი მარგუნეს მძიმე,

სასტიკი ტანჯვა მარგუნა ბედმა:

მე მარტოდმარტო დავდივარ ღამით

და მონდომებით ვანათებ მხარეს,

ზამთარში ზეცას ვდარაჯობ დინჯად,

ზეცის საუფლოს ზაფხულში ვტოვებ”.

უკვე შვიდი Dრომ შესრულდა შემდეგ,

დღე საშინელი შესრულდა შვიდი,

მზე დიდებული შენიშნა დედამ

და შეეკითხა დიდებულ მნათობს:

“ღვთისგან შექმნილო მნათობო ბრძენო,

გადაიკარგა კაუკო ჩემი,

ის ოქროს ვაშლი თუ ნახე სადმე,

ის ვეცხლის წკეპლა თუ შეგხვდა ნეტავ?”

მზემან უწყოდა კაუკოს ბედი

და საწყალ დედას მიუგო ასე:

“მას წყალვარდნილში უბიძგეს მძლავრად

და ჭორომიდან ჭორომზე ხტომით,

იგი ტუონის დაეშვა ფსკერზე,

მანალის ფსკერზე დაეშვა ბოლოდ.

იქ განუტევა საბრალობ სული,

იქ განისვენებს საბრალო ეხლაც”.

კაუკომელის ჭაღარა მშობელს,

გულზე მოაწვა საზარი სევდა

და ილმარინენს ეწვია იგი

და შეევედრა დიდებულ მჭედელს:

“ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,

შენ გულმოდგინედ ჭედავდი გუშინ,

ჭედავდი გუშინ და უფრო ადრეც,

გთხოვ ერთი რამე გაჭედო დღესაც.

გაჭედე ფოცხი სპილენძის ტარით,

რკინის კბილები მიადგი მტკიცედ,

დაე, ას საჟრნს უდრიდეს კბილი,

ხოლო ტარი კი უდრიდეს ხუთასს”.

ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,

მჭდელმა დიდმა, უკვდავმა მარად,

გაჭედა ფოცხი სპილენძის ტარით,

რკინის კბილები მიადგა მტკიცედ,

კბილები მისი – საჟენი ასი,

ხოლო ტარი კი უდრიდა ხუთასს.

კაუკომელის მოხუცმა დედამ

ფოცხს წამოავლო უეცრად ხელი,

ტუონელისკენ დაეშვა უცებ

და შეევედრა დი დებულ მნათობს:

“მზევ დიდებულო, შექმნილო ღვთისგან,

თვით ქვეყნის შემქმნელს უნათებ, ვიცი!

გამიანათე პორველად ისე,

რომ გაანათო ქვეყანა კარგად,

გამოანათე მეორედ ისე,

რომ დედამიწას ავარდეს ბოლი,

გამოანათე მესამედ ისე,

როგორც არასდროს, დიადო მზეო.

ბოროტი ტომი განაწყვე ძილად,

მანალის გრძნეულთ მიუღე ძალი,

მიუღე ძალი ტუონის გრძნეულთ,

დაუძლურე ბოროტი მხარე!”

მზე დიდებული, შექმნილი ღვთისგან,

ვინაც თვით უფალს უგზავნის ნათელს,

არყის ფუღუროს გააჯდა ამოდ,

მურყანის ღუნთან დახარა თავი,

გამოანათა პირველად ისე,

რომ გაანათა ქვეყანა კარაგდ,

გამოანათა მეორედ ისე,

რომ დედამიწას ავარდა ბოლი,

გამოანათა მესამედ ისე,

არ უნათია არასდროს როგორც:

ბოროტი ტომი განაწყო ძილად,

მანალის გრძნეულთ მიუღო ძალი,

მიუღო ძალი ტუონის გრძნეულთ,

დააუძლურა ბოროტი მხარე,

სიცხით გათანგა ხმლიანი ვაჟნი

და კომბლიანი მოხუცი ყველა,

შუა ასაკიც დათენთა ერთობ –

ძილი მოჰგვარა შუბოსან გმირებს,

და ზეცისაკენ გასწია სწრაფად

და გაიყოლა მიწიდან კვამლი,

თავის საუფლოს ეწვია ისევ,

საკუთარ ტახტზე დაბრძანდა დინჯად.

კაუკომელის მოხუცმა დედამ

მსწრაფლ მოიმარჯვა მაგარი ფოცხი

და წყალვარდნილში ჩაუშვა შემდეგ

და გაატარა სიღრმეში სწრაფად –

ამაოდ დაშვრა მოხუცი ქალი,

ამაოდ ძებნა ჭაბუკი ფსკერზე.

მოხუცი დედა შევიდა წყალში,

წყალში შევიდა საწყალი დედა,

ფოცხით მოსინჯა მდინარის სიღრმე,

დიდხანს ეძება საბრალო შვილი.

მღვრიე ნაკადში ატარა ფოცხი,

იგი მდინარეს დაუყვა დაბლა,

მდინარეს აღმა აუყვა მერე

და შვილის გზა-კვალს მიაგნო ბოლოს:

მან დაიჭირა ხალათი შვილის

და შემოაწვა დარდები გულზე,

მერე იპოვა ქუდი და წინდა

და კვლავ ნაღველით აღივსო იგი.

მერე მანალის ეწვია სიღრმეს,

მანალის ფსკერზე დაიწყო ძებნა,

მდინარის სიგრძივ ატარა ფოცხი,

მისი სიგანე გადასჭრა შემდეგ,

შემდეგ ატარა ირიბად ოდნავ

და ღაღაც საგანს მიაგნო ბოლოს:

მაგარი ფოცხის ვეება კბილებს

ძნა მოსდებოდა მძიმე და გრძელი.

ძნას დააკვირდა მოხუცი შემდეგ,

მაგრამ ძნა როდი აღმოჩნდა იგი,

ლემინკაინენ აღმოჩნდა თვითონ,

კაუკომელი აღმოჩნდა თავად,

მას მოსდებოდა კბილები მტკიცე

და ისიც ნეკზე მარცხენა ფეხის.

ლემინკაინენ, წაბუკი ლაღი,

კალევაინენ, ყოჩაღი მეტად,

ამოიზიდა სპილენძის ფოცხით,

ჭირვალ ტალღებზე გამოჩნდა იგი;

გამოჩნდა, როგორც ნაჭრების გროვა,

რომელსაც აკლდა ნაწილნი მცირე,

აკლდა ხელი და ნაჭერი თავის,

და ჯერ სიცოცხლე არ ახლდა სხეულს.

ჭაღარა დედა აღივსო დარდით

და ცრემლიანმა წარმოსთქვა ასე:

“ამ მიმოფანტულ ხორცთაგან ნეტავ,

თუ შეიქმნება ცოცხალი გმირი?”

ყორანს მოესმა სიტყვები დედის,

დაიყრანტალა ყორანმა ასე:

ვინც გარდიცვალა, ვერ იქცეს კაცად,

ვეღარ გაცოცხლდეს ვერასდროს მკვდარი:

ის ხომ თევზებმა დაფლითეს ფსკერზე,

ორაგულების შეიქმნა ლუკმა,

ჯობია ისროლო წყალში,

კვლავ დაუბრუნო ტუონის მორევს,

დაე, გარდიქცეს მორევში თევზად,

დაე, ვესაოდ გარდიქცეს იგი”.

კაუკომელის მოხუცმა დედამ

არ გადააგდო კაუკო წყალში,

ფოცხი მორევში ჩაუშვა ისევ,

მორევის ფსკერზე მოესვა მძლავრად.

იგი მდინარეს დაუყვა სიგრძივ,

მისი სიგანე გადაჭრა შემდეგ,

ფოცხი მორევში ატარა დიდხანს

და დაიჭირა ნაჭერი ბევრი,

თავის და ხელის ნაჭრები მცირე,

მცირე ნამსხვრევნი ხერხემლის ძვალთა

და ნაწილები დაფლეთილ ტანის

მიმოფანტული მდინარის ფსკერზე.

შვილის შედგენა დაიწყო დედამ,

ხელახლა შექმნა დაიწყო შვილის.

მან მიუყენა ნაჭრები ნაჭრებს,

ძვლებს მიუყენა ნაჭრები ზუსტად,

სწრაფად მიასკვნა ნაწილი ნაწილს,

გამშრალნი ძარღვნი დაძაგრა მტკიცედ.

მტკიცედ დაასკვნა ძარღვები ძარღვებს

და გადააბა ბოლოზე ბოლო,

ძარღვების ძაფთა დაიწყო დათვლა,

თანაც მუდარა დაიწყო ასე:

“სუონეტარო, დედაო ბრძენო,

ულამაზესო ქალღმერთო ძარღვთა,

ძარღვთა დართვა ხომ საქმეა შენი,

ხელთ თითისტარი გიპყრია მტკიცედ,

სპილენძის ჩონჩხით აბრუნებ ჯარას,

და ჯარას რკინის უხდება თვლები!

სუონეტარო მოვედ, ო, მოვედ,

მოვედ, ო, მოვედ, დედაო ჩემთან

და ძარღვთა შეკვრა მიბოძე ბედკრულს

და ტყავის კონა მოიღე კალთით,

რათა ძარღვები შევკონო მაგრად,

მაგრად მივაბა ბოლოზე ბოლო,

სადაც ჭრილობას გახსნია პირი

და დარჩენილა ჭრილობა ღია.

გასაკურნავად თვე თუ არ კმარა,

სხვა საშვალებას მივმართავ მაშინ:

ასული ერთი ბინადრობს ცაზე,

ზეცაში ცხოვრობს ასული ერთი,

იგი კანჯოში დამჯდარა მშვიდად,

რომელსაც შვენის წითელი კიჩო.

ჰოი, ასულო, მოწყალევ გულით,

შუა ზეციდან დაეშვი დაბლა

და ძარღვთა შორის გასცურე შემდეგ,

გაინავარდე ნაწილთა შორის,

ცარიელ ძვლებში იცურე ლაღად

და გადახლართულ ხვრელებში გაძვერ.

ყოველი ძარღვი დასდევი იქვე,

სადაც ელაგნენ ისინი წინათ,

კარგად გაკერე ძარღვები გრძელი

და მიანიჭე ცახცახი ძრღვებს,

ძარღვნი ერთმანეთს მიაბი მაგრად,

ერთურთს მიაბი პატარა ძარღვნი!

აიღე ნემსი ძალიან წმინდა

და ყუნწში ძაფი გაურჭვე უცებ,

მსუბუქი ნემსით გაკერე ძარღვნი

და კალის ნემსით დაკემსე სწრაფად,

ნემსით დაჭიმე ძარღვების ბოლო

და აბრეშუმის გაკვანძე ძაფით!

განსაკურნავად თუ ეს არ კმარა,

მოვედ უფალო, შემქმნელო ქვეყნის,

სწრაფად მოუხმე ყორნისფერ მერნებს,

სწრაფი მერნები შეკაზმე სწრაფად!

და უმოწყალოდ დაფლეთილ სხეულს,

ამ მოცახცახე ძვლებსა და ძარღვებს,

გადაუქროლე მარხილით ჭრელით

და აგრძნობინე დიადი ძალა!

ძვლებზე ნაჭრები მიაბი მტკიცედ,

ერთურთს მიაბი ძარღვების ბოლო,

ძარღვების კონას დაადე ვერცხლი,

დაადე ოქრო ჭრილობას ღიას!

გადამსკდარია ტყავები სადაც,

ახალი ტყავი დაადე ისევ;

და სხეულს სისხლი კლია სადაც,

ახალი სისხლი ჩაუსხი ისევ;

დამსხვრეულია სახსრები სადაც,

იქ შეაერთე სახსრები ისევ;

დაფლეთილია სხეული სადაც,

იქ შეაერთე სხეული ისევ;

ადგილზე დადე ყოველი ხორცი

და ძველი სახე მიეცი სხეულს:

ძვალი ძვალთან და ხორცი კი ხორცთან

და მიამაგრე ნაწილი ნაწილს!”

დიდებულ ვაჟკაცს აერთებს დედა,

აერთებს დედა უბედურ ჭაბუკს,

რათა გაცოცხლდეს ჭაბუკი ისევ,

და იარსებოს ადრინდელ სახით.

უკვე მიაბა ძარღვები ძარღვებს,

უკვე მიაბა ბოლოზე ბოლო,

მაგრამ ვერ წარსთქვა ვაჟკაცმა სიტყვა,

ვერ ამეტყველდა საბრალო შვილი.

ჭაღარა დედას აწვალებს ფიქრი,

საბრალო დედა წარმოთქვამს ასე:

“სადღა ვიშოვო მალამო ნეტავ,

სადღა ვიშოვო წვეთები თაფლის,

რათა წავუსვა დარღვეულ სხეულს,

და გავაცოცხლო სხეული ისევ,

რომ ისევ წარსთქვას ვაჟკაცმა სიტყვა

რომ აგალობდეს საბრალო შვილი?

ჩიტო თაფლისავ, ფუტკარო ღვთისავ,

ტყის ყვავილების ფერიავ ნაზო!

წადი, ეწვიე მეტსოლის მხარეს,

წადი, ტაპიოლს ეწვიე ლამაზს,

ყვავილებიდან მოწოვე წვენი,

ბალახებიდან მოწოვე სითხე,

და იგი ფრთებით მოიღე სწრაფად,

ლამაზი ფრთებით მოიღე იგი,

რათა ტკივილი დავაცხრო მწარე,

რათა წამებას მოვუღო ბოლო!”

ჩიტი თაფლისა, ფუტკარი ღვთისა,

შეფრთხიალდა და გაფრინდა სწრაფად,

იგი მეტსოლის ეწვია მხარეს,

ტაპიოლაში მიფრინდა იგი.

მან ყვავილები იპოვა ველად,

მან ბალახები იპოვა მწვანე

და ამოწოვა ყვავილებს სიტკბო,

და მერე თაფლად აქცია ნექტრით.

გამოეშურა ხმაურით უკან

და იმავ ველზე დაეშვა ისევ,

ლამაზი ფრთებით მოიღო თაფლი

და გოლეულიც მოიღო ბლომად.

კაუკომელის მოხუცმა დედამ

ფუტკრის ფრთებიდან აიღო თაფლი

და წასცხო თაფლი დარღვეულ სხეულს,

წაუსვა სხეულს ნაერთი მტკიცე;

მაინც ვერ წარსთქვა ვაჟკაცმა სიტყვა,

ვერ ამეტყველდა ჭაბუკი მაინც.

კაუკომელის ჭაღარა დედამ

მშვენიერ ფუტკარს მიუგო ასე:

“ფუტკარო, ჩემო ფრთამალო ჩიტო!

სხვა მხარისაკენ გასწიე ფრენით,

გადაიარე, ფუტკარო, ცხრა ზღვა,

მეათე ზღვაში ეწვიე კუნძულს

და თაფლოვანზე დაეშვი ველზე,

მწვანე მინდორზე დაკეცე ფრთები.

ეწვიე ტურის უახლეს ბინას,

პალვოინენის მიადქ კარებს!

იქ არის თაფლი ნუგბარი ერთობ

და ჯადოსნური მალამო ტკბილი,

იგი აერთებს ყოველგვარ ძარღვებს

და ყოველ ნაწილს სასწარაფოდ კურნავს.

ჩემთან მოიღე მალამო იგი,

აქ მომიტანე ნაერთი მტკიცე,

რათა დარღვეულს წავუსვა სხეულს,

რათა წამებას მოვუღო ბოლო!”

ფუტკარი ღვთისა, კაცუნა სწრაფი,

შეფრთხიალდა და აფრინდა უცებ,

გადაიარა მრისხანე ცხრა ზღვა

და ზღვას მეათეს ეწვია ბოლოს.

სამი დღე არის მიფრინავს უკვე,

მიფრნავს სწრაფად, არა გრძნობს დაღლას,

არ ჩამოჯდება ლერწამზე წამით,

არ დაისვენებს ფოთოლზე ოდნავ,

ზღვაში აზიდულს ესწრაფვის კუნძულს,

ესწრაფვის იგითაფლოვან ველებს,

ნაპერწკლის მფრქვეველს ესწრაფვის ჩქერალს,

წმინდა მორევებს ესწრაფვის იგი.

ნუგბარი თაფლი მზად არის უკვე

უკვე მზად არის მალამო უცხო,

თიხის ჭურჭელში ჩაუსხამს უფალს,

ამშვენებს იგი მშვენიერ კასრებს,

თითის ტოლაა ნაერთი სიგრძით,

სიფართით ფრჩხილის ტოლაა მხოლოდ.

ფუტკარმა ღვთისამ, კაცუნამ სწრაფმა,

მსწრაფლ შეაგროვა მალამო ტკბილი

და არ გასულა დიდი დრო შემდეგ,

სულ რაღაც წამი გავიდა მხოლოდ,

გამოეშურა ფუტკარი უკან,

ტკბილი ბზუილით მოარღვევს ჰაერს,

ბრჭყალებით მოავქს ექვსიოდ ჯამი,

შვიდიოდ ჯამი სხეულით მოაქვს,

არის ჯამებში ნაერთი ტკბილი.

კაუკომალის ჭაღარა დედა

გამოცოცხლებას შეუდგა შვილის;

მას ცხრანაირი მალამო წასცხო

და რვანაირი მკურნავი სითხე:

მაინც ვერ წარსთქვა ვაჟკაცმა სიტყვა,

ვერ ამეტყველდა ჭაბუკი მაინც.

კაუკომელის ჭაღარა დედა

პატარა ფრინველს მიუგებს ასე:

“ცაში მფრინავო პატარა ჩიტო!

მოდი მესამედ გაფრინდი ცაში,

შეუსვენებლივ ისწრაფე მაღლა

და ეხლა ზეცას ეწვიე მეცხრეს!

იქ მეგულება ნუგბარი თაფლი,

იქ მეგულება მალამო უცხო,

რომლის პატრონიც ღმერთია თავად,

რომლითაც კურნავს საკუთარ შვილებს.

თაფლში ჩააწე პატარა ფრთები

და კასრის ფსკერზე მოუსვი კარგად

და ფრთებით სიტკბო მოიღე ზურგით,

რათა წავუსვა დარღვეულ სხეულს,

რათა სატანჯველს მოეღოს ბოლო!..”

ასე ეტყოდა ჭკვიანი ჩიტი,

საბრალო დედას ეტყოდა ასე:

“ვით ავაღწიო ზეცაში ნეტავ,

მე ხომ კაცუნა გახლავართ მხოლოდ?”

კაუკომელის ჭაღარა დედა

პატარა ფრინველს მიუგებს ასე:

“ცაში მფრინავო პატარა ჩიტო!

შენ გაფრინდები აქედან სწრაფად

და გადაუფრენ დიდებულ მთვარეს

და შეერევი ვარსკვლავთა კრებულს

და დღე პირველი გაივლის როცა,

შენ შეეხები საფეთქელს მთვარის

და დღე მეორე გაივლის ოდეს,

დათვის ვარსკვლავებს ჩაუვლი ბეჭთან,

როს მესამე დღე დადგება ბოლოს,

შენ შვიდვარსკვლავედს გადუფრენ ზურგზე.

მერე მოკლეა სავალი გზები,

საფრენი გზები მოკლეა მეტად,

აქედან, უფლის ტახტამდე ვიდრე,

აქედან, ვიდრე სახლამდე უფლის!”

სწრაფად აფრინდა ფუტკარი მაღლა,

ლამაზ კორდიდან აფრინდა იგი

და ზეცისაკენ გასწია ისევ,

აამოძრავა მარაო უცხო,

გადაუარა მიდამოს მთვარის,

მზეს საფეთქელზე შეეხო ნაზად,

დათვის ვარსკვლავებს შეეხო ბეჭზე,

შვიდვარსკვლავედის გაკაწრა ზურგი

და სარდაფებში ეწვია უფალს,

საკუჭნაოში შეფრინდა შემდეგ

და იქ იხილა კასრები ვერცხლის,

და იქ იხილა ქვაბები ოქროს,

ნუგბარი თაფლი შხიოდა ფსკერზე,

ხოლო გვერდებზე მალამო ლბილი;

თაფლს ამზადებდნენ სხივებზე მზისა,

იხარშებოდა მალამო ღამით.

ცაში მფრინავმა ფიტკარმა ლაღმა,

სარდაფებიდან მოიღო თაფლი

და არ გასულა დიდი დრო შემდეგ,

სულ რაღაც წამი გავიდა მხოლოდ,

გამოეშურა ფუტკარი უკან,

გამოეშურა ბზუილით იგი;

ასი კოტოში მოიღო უცებ,

ათასი ქვაბი მოიღო უცებ,

ათასი ქვაბი მოიღო სწრაფად,

ყველა მათგანში ასხია თაფლი

და უამრავი მკურნავი სითხე.

კაუკომელის მოხუცმა დედამ

ენით მოსინჯა მალამო თაფლის

და მოეწონა მალამო ერთობ

და მხიარულმა წარმოსთქვა ასე:

“ეს არის სითხე, როგორიც მსურდა,

რომელსაც დიდხანს ვნატრობდი გულით,

ეს არის ყოვლის მკურნავი სითხე,

რომლითაც თავად უფალი კურნავს”.

კაუკომელის მოხუცმა დედამ,

სადაც შენიშნა ჭრილობა მძიმე,

სადაც შენიშნა ბზარები ძვლების,

სასწრაფოდ წასცხო მალამო უცხო,

წასცხო მალამო მაღლა და დაბლა,

შუაშიც წასცხო მალამო ტკბილი.

ასე იტყოდა მშობელი შემდეგ,

ასე იტყოდა ბედკრული დედა:

“მიდამოებში სასტიკი წყლების,

ამ ამწვანებულ უსაზღვრო ველზე,

გამოერკვიე, საბრალო შვილო,

და მიატოვე მარადი თვლემა!”

გამოერკვია საბრალო შვილი

და მიატოვა მარადი თვლემა

და ბაგეები განახვნა უცებ

და ბაგეთაგან აღმოხდა ჭაბუკს:

“მე მძიმე ძილით მეძინა დიდხანს,

ცისქვეშ მეძინა მაგარი ძილით,

გამოვიძინე მშვენივრად უკვე

და მივატოვე მარადი თვლემა’’.

კაუკომელის მოხუცმა დედამ

საყვარელ პირმშოს მიუგო ასე:

,,ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო,

შენ იძინებდი აქ უფრო დიდხანს,

რომ არ ეზრუნა საყვარელ მშობელს,

ვინაც ნიადაგ ზრუნავდა შენზე.

ო, მიპასუხე, ძვირფასო შვილო,

დახშული ბაგე გახსენი ჩქარა:

ვინ გაგაგზავნა საზარელ მანში,

ვინ დაგაძინა ტუონის ფსკერზე?’’

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ჭაღარა დედას მიუგებს ასე:

,,სველქუდიანმა მეჯოგემ ერთმა,

ხედვადახშულმა, ბოროტმა გულით,

გველი საზარი აართვა ზვირთებს

და გამიყარა სხეულში მძლავრად,

გონდაკარგული ჩამიშვა მანში,

დამაბინავა ტუონის ფსკერზე;

მე არ ვიცოდი მელოცნა როგორ,

ვით განმეკურნა ნაკბენი გველის’’.

კაუკომელის ჭაღარა დედამ,

საყვარელ ჭაბუკს მიუგო ასე:

,,ჰოი, უგნურო, ყმაწვილო კაცო,

შენ ჯადოქართა ისურვე მოსრა

და არ უწყოდი საწყისი გველის,

როგორ არჩენენ უნასის ნაკბენს.

გველი მრისხანე მორევში იშვა,

იშვა ტვინიდან ლამაზი იხვის,

თოლიის ტვინმა წარმოქმნა ზღვაზე,

სუოეტარის დაბადა დორბლმა.

ერთხელ მან დორბლი ისროლა წყალში

და იგი ტალღამ გაჭელა შემდეგ,

თავზე დაადგა სხივები მზისა

და ანანავა ნიავმა ფრთებით,

მიუახლოვა თანდათან ხმელეთს

და ამოაგდო ნაპირზე ტალღამ’’.

კაუკომელის ჭაღარა დედამ

გამოცოცხლება დაიწყო შვილის

და შეანჯღრია სხეული ძლიერ,

რომ დაუბრუნდეს სიცოცხლე სხეულს,

რომ უფრო მძლავრი შეიქმნეს იგი

და ადრინდელზე ლამაზი უფრო.

ბოლოს კი ჰკითხა საყვარელ ჭაბუკს,

რას ისურვებდა ჭაბუკი იგი.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ჭაღარა დედას მიუგებს ასე:

,,მე აწი მინდა ძალიან ცოტა,

ეხლა ნამდვილად არ მინდა ბევრი,

ასული ერთი ბინადრობს პოხელს

და იმ ასულთან მწყურია შეყრა.

დიასახლისი პოხელის მხარის

არ გამომატანს მშვენიერ ასულს,

თუ ტუონელის მორევში ბნელში,

წმინდა მდინარის უსიერ ფსკერზე,

ლამაზი ჩიტი არ ვიგდე ხელად,

არ შევიპყარი მდინარის გედი’’.

ჭაღარა დედა მიუგებს ჭაბუკს,

კაუკომელის მიუგებს დედა:

,,იმ ტუონელის მორევში ბნელში,

წმინდა მდინარის უსიერ ფსკერზე

ლამაზი გედი ცურავდეს მშვიდად,

მშვიდად ცხოვრობდეს იხვების გუნდი!

შენ კი პოხელის დასტოვე მხარე,

შინ გაეშურე დედასთან ერთად!

დიდებულ უფალს მიაგე მადლი,

მადლი მიაგე სამყაროს შემქმნელს,

რომ მანალიდან მოგიღო მაღლა,

რომ განგარიდა ტუონი ბნელი

და დაგიბრუნა სიცოცხლე ისევ

და მოგანიჭა ხელახლა სუნთქვა.

რომ არ მყოლოდა დამხმარედ ღმერთი,

რომ არ მყოლოდა უფალი შემწედ,

ვერ მივაღწევდი ვერაფერს მარტო

და იძინებდი მანალში დღესაც’’.

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

გახარებული წამოდგა ფეხზე

და უძვირფასეს დედასთან ერთად

სამშობლოსაკენ აიღო გეზი.

მე ამ ადგილზე დავტოვებ ჭაბუკს,

აქ დავშორდები დიდებულ ვაჟკაცს,

სხვა გზით წარვმართავ მე ლექსის სიტყვებს,

ვამოგზაურებ უცნობი გზებით

და სხვა საგნებთან მივიყვან ეხლა

და კვლავ მოგითხრობთ დიდებულ ამბებს.

 

რუნა მეთექვსმეტე

 

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

მისანმა დიდმა, უკვდავმა მარად,

ნავის გამოთლა გაივლო გულში

და გულმოდგინებით შეუდგა საქმეს.

სად უდაბურა კონცხია უცხო

და კუნძულაკი, მოცული ნისლით,

ის გულმოდგინეთ ჩორკნიდა სანდალს,

ის მონდომებით რანდავდა ფიცრებს,

მაგრამ ფიცრები დააკლდა მოხუცს,

რადგან ხენი არ ხარობდნენ ირგვლივ.

ნეტავ რომელი იშოვის ხეებს,

მუხებს რომელი მოიტანს ნეტავ,

რომ გამოსთალოს ვეინემ კანჯო,

რომ გაუკეთოს მაგარი ფსკერი?

ყოჩაღი ბიჭი, პატარა სამპსა,

პელერვოინენ, ველების შვილი,

ვეინემეინენს უშოვის ხეებს,

ვეება მუხებს მოიტანს უხვად,

რომ გამოსთალოს ვეინემ კანჯო,

რომ გაუკეთოს ლამაზი ფსკერი.

აი, წავიდა პატარა სამპსა,

აღმოსავლეთის დაადგა ველებს,

ხელში უპყრია ნაჯახი ოქროს,

რომელსაც ვერცხლის უხდება ტარი.

მთას ერთს მიადგა, მეორეს შემდეგ,

მესამე მთასთან შეჩერდა ბოლოს:

ვერხვი მაღალი იხილა მთაზე,

სამი საჟენი რომ იყო სიგრძით.

მან დააპირა მოჩეხვა ვერხვის,

ნაჯახის დაკვრით დაცემა დაბლა,

ხე აშოლტილი შეტოკდა უცებ

და ამეტყველდა ცახცახით იგი:

“ნეტავ რა გინდა, პატარა ბიჭო,

ნეტავი რა გსურს მიიღო ჩემგან?”

ასე მიუგებს ყოჩაღი სამპსა,

პელერვოინენ მიუგებს ასე:

“აი, რა მინდა, ლამაზო ვერხვო,

რამ მომიყვანა, ძვირფასო, შენთან:

მე მონდომებით დავეძებ ფიცრებს,

რიმ გავაკეთო ლამაზი ნავი”.

პელერვოინენს მიუგო ვერხვმა,

მრავალტოტებამ მიუგო ასე:

“თუ ვერხვისაგან გაკეთდა ნავი,

ჩაიძირება ტალღებში უმალ,

რადგან ფუყეა სხეული ჩემი,

სიცარიელით ყელამდე სავსე:

მატლმა, რომელიც მაწვალებს მწარედ,

ამ წელიწადსაც გამტანჯა დიდად,

სამჯერ დამიღრღნა მაგარი გული,

ფესვებში ჩაძვრა წყეული სამჯერ”.

რა მოისმინა სიტყვები სამპსამ,

პელერვოინენ დაადგა გზაზე

და წარემართა ნაბიჯით ნელით,

ჩრდილოეთისკენ დაიძრა დინჯად.

მაღალი ფიჭვი ემოხვდა გზაზე,

ექვსი საჟენი იყო სიგრძით,

არ დააყოვნა პატარა სამპსამ,

შემოუქნია ნაჯახი უცებ,

ტანზე დაუშვა წერაქვი მძლავრი

დათანაც ასე ჰკითხავდა მშვიდად:

“ტანაშოლილო, ლამაზო ფიჭვო,

თუ გამოდგები ფიცრებად ნავის?”

ასე მიუგებს ლამაზი ფიჭვი,

ფიჭვი ხმამაღლა მიუგებს ასე:

“ექვსფიცრიანი ლამაზი კანჯო

აწი არასდროს გამოვა ჩემგან,

რადგან წელს სამჯერ მეწვია ყვავი

და გამოჩეკა ბახლები სამჯერ”.

რა მოისმინა სიტყვები ესე,

პატარა სამპსამ განაგრძო გზები,

და გაეშურა შარაზე დინჯად,

სამხრეთის მხარეს ეწვია ბოლოს:

“ამაყი მუხა შემოხვდა გზაზე,

ცხრა საჟენია ბერმუხა ირგვლივ.

პელერვოინენ – პატარა სამპსა,

ახოვან მუხას ჰკითხავდა ასე:

“დედაო ხეო, საბრალო ნავი

თუ გაკეთდება ნეტავი შენგან?”

ასე მიუგებს ამაყი მუხა:

მუხა პასუხად მიუგებს ასე:

“უამრავ ფიცარს შევიცავ ტანში,

რომ კარგი კილი გაკეთდეს ჩემგან,

სიცარიელე არა მაქვს მცირეც,

ტანაც გახლავარ ტანადი ერთობ.

ოდეს ზაფხულის ჩამოწვა ხვატი,

მზე შემოიჭრა სხეულში სამჯერ,

მთვარე კი წვერზე შემოჯდა კოხტად,

ხოლო რტოებზე ჩიტების გუნდი”.

ასე რა ესმა პატარა სამპსას,

მყის მოიმარჯვა ნაჯახი ხელში

და მუხის ტანზე დაუშვა მძიმედ,

ტანმაგარ მუხას დაუწყო ჩეხვა

და გადაზნიქა ბერმუხა მძლავრი,

დედამიწაზე დაამხო უცებ.

გრძელი კენწერო მოაჭრა მუხას,

შუა გააპო ამაყი თავი,

ტანი ფიცრებად დაჩეხა შემდეგ,

ნავის ფიცრები დაჩეხა ბლომად,

რომ მშვენიერი გასთალოს კანჯო,

ულამაზესი აშენოს ნავი.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მისანი დიდი, უკვდავი მარად,

ვეება მუხის აიღებს ნამტვრევს,

აიღებს ფიცრებს ამაყი მუხის

და შელოცვებით აკეთებს კანჯოს,

და სიმღერებით აშენებს სანდალს.

იმღერა ერთხელ – მზადაა ფსკერი,

იმღერა კიდევ – გვერდები შექმნა,

და მესამედაც იმღერა ოდეს,

შექმნა ნიჩბების ყოველი პალო;

მან გაამაგრა ფერდების წვერნი

და შეამტკიცა გვერდები მაგრად.

არის შეკრული ფერდები უკვე,

არის შეკრული ორივე ფერდი,

სამიოდ სიტყვა აკლია მხოლოდ,

რომ ძელაკები გამართოს ნავზე,

რომ დაამთავროს კილებზე ძელი,

რომ ნავზე ქიმი დაადგას სწრაფად.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დამწუხრებული იტყოდა ასე:

“ვხედავ, მიმტყუნა მიხთალმა ბედმა,

ვეღარ გავუშვებ ტალღებზე კანჯოს!”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

ულამ შეიპყრო იმაზე ფიქრმა,

თუ სამი სიტყვა ეშოვა როგორ,

თუ სად ეპოვა შელოცვა სამი;

მერცხლის ტვინშია სიტყვები იქნებ,

გედის ან ბატის ფრთებშია იგი;

იგი წავიდა სიტყვების ძებნად,

გზაში გედების გასწყვიტა გუნდი,

გაავლო მუსრი საცოდავ ბატებს,

უბედურ მერცხლებს მოუღო ბოლო,

ვერსად იპოვა სიტყვები მაინც,

ნახევარი ვერ იპოვა სიტყვა.

ასე იფიქრა მოხუცმა ბრძენმა,

ვეინემეინემ იფიქრა ასე:

ციყვის პირში და ხახაში ირმის

ხომ არ იქნება ასამდე სიტყვა?

ვეინემეინენ დადდგა გზაზე,

უნდა შელოცვა იპოვოს სამი,

გზადაგზა მოსპო ირმების რემა,

ციყვების გროვას მოუღო ბოლო,

მან შეაგროვა სიტყვები ბევრი,

არ გამოადგა არც ერთი სიტყვა.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

გაიფიქრა და დაასკვნა ასე:

“იმ ტუონელის სამყოფში ბნელში,

იმ მიწისქვეშა მანალში, ალბათ,

მე წავაწყდები საჭირო სიტყვებს,

იქ ინახება შელოცვა სამი”.

მანალისაკენ გასწია სწრაფად,

რათა იპოვოს შელოცვა სამი.

მან ერთ კვირაში ჯაგნარი განვლო,

მისდევდა ბარდნარს მეორე კვირას,

მესამე კვირას ღვიათა ველებს,

ბოლოს კი კუნძულს მიადგა იგი,

ბნელი მანალის მიადგა კუნძულს,

ტუონის ქედი იხილა ბოლოს.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

მდინარის პირას იძახა ასე:

“ო, ტუონელის ასულო ნაზო,

ულამაზესო ასულო მანის,

მომეც სანდალი, შეკრული მაგრად,

და საიმედო ბორანი მომეც,

რომ გადმოვცურო მდინარე ვრცელი,

სრუტეზე გავლით მოვიდე ვშენთან”.

ბნელი ტუონის ასული უცხო

ტანად პატარა ასული მანის,

ყუონელისა მდინარის პირას,

შავი მანალის მორევთან თურმე,

იყო გართული სარეცხის რეცხვით

და გულმოდგინედ რეცხავდა კაბას.

შორი ძახილი მოესმა ოდეს,

გაეხმაურა შორიდან იგიც:

“მშვენიერ კანჯოს მოვიტან შენთვის,

მოვიტან ერთი პირობით მხოლოდ,

თუ მეტყვი მიზეზს, რომლითაც შესძელ,

მოსულიყავი ჯადოსნურ წყლებთან,

ისე, რომ გზაზე არ შეგხვდა სენი,

არ შეგეფეთა სიკვდილი გზაზე”.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მშვენიერ ასულს ეტყოდა ასე:

“აქ მომიყვანა ტუონმა თვითონ,

აქ მომიყვანა ქვეყნიდან მანამ”.

ბნელი ტუონის ასული უცხო,

ტანად პატარა ასული მანის,

ასე მიუგებს დიდებულ მოხუცს,

დიდებულ მისანს მიუგებს ასე:

“რომ მოეყვანე დიდებულ ტუონს,

რომ მოეყვანე ქვეყნიდან მანას,

თვით მოგიყვანდა ტუონი მაშინ,

თვით მოგიყვანდა ქვეყნიდან მანა.

ქუდს გიბოძებდა ტუონი მოხუცს,

მანა მოგცემდა ხელთათმანს მტკიცეს.

ვეინემეინენ, მოხუცო ყბედო,

რისთვის მოსულხარ მანალში ნეტავ?”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:

“მე მომიყვანა მაგარმა რკინამ,

თქვენსკენ მიბიძგა ფოლადმა მტკიცემ”.

ბნელი ტუონის ასული უცხო,

ტანად პატარა ასული მანის,

ასე მიუგებს დიდებულ მოხუცს,

დიდებულ მისანს მიუგებს ასე:

“რომ მოეყვანე შენ მაგარ რკინას,

მტკიცე ფოლადს რომ ებიძგა შენთვის,

მაშინ იდენდა ხალათზე სისხლი,

წითელი სისხლი იდენდა ღვარად.

ვეინემეი ნენ, მოხუცო ყბედო,

მითხარ სიმართლე ბოლოს და ბოლოს!”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

პატარა ასულს მიუგებს პასუხს:

“ძლიერმა წყალმა მომაგდო მანალს,

ტალღამ ძლიერმა მომაგდო ტუონს”.

ბნელი ტუონის ასული უცხო,

ტანად პატარა ასული მანის,

ასე მიუგებს დიდებულ მოხუცს,

დიდებულ მისანს მიუგებს ასე:

“თუკი შენ წყალმა მოგაგდო მანალს,

ტალღამ ძლიერმა მოგაგდო ტუონს,

წყალი ხალათზე იდენდა მაშინ,

ანკარა წყალი იდენდა ღვარად.

ვეინემეინენ, მოხუცო ყბედო,

თქვი, რისთვის მოხვედ მანალის მხარეს?”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:

“მე მძლავრმა ცეცხლმა მომაგდო ტუონს,

მე ცეცხლთან ერთად ვეწვიე მანალს”.

ბნელი ტუონის ასული უცხო,

ტანად პატარა ასული მანის,

ასე მიუგებს დიდებულ მოხუცს,

დიდებულ მისანს მიუგებს ასე:

“თუ მძლავრმა ცეცხლმა მოგაგდო ტუონს,

თუ ალთან ერთად ეწვიე მანალს,

შეგიტრუსავდა კულულებს ცეცხლი,

შეგიტრუსავდა ჭაღარ წვერებს.

ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,

თუ გსურს მიიღო საჭირო ნავი,

უნდა მომითხრო სიმართლე ჩქარა,

უნდა მოუღო ტყუილებს ბოლო:

როგორ მოხვედი მანალში ისე,

რომ არ შეგიპყრო საზარმა სენმა,

არ გადეყარე რაიმე ხიფათს,

არ შეგეფეთა სიკვდილი გზაზე?”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

პატარა ასულს მიუგებს ასე:

“მე მოგატყვილე, ასულო ნაზო,

მე დაგიმალე სიმართლე საქმის,

მაგრამ ეხლა კი მოგითხრობ მართალს,

თავგადასავალს მოგითხრობ მოკლედ.

ერთ დღეს ვიმღერე სიმღერა ლაღი,

მეორე დღესაც ვიმღერე მძლავრად

და სიმღერისგან შევქმენი კანჯო.

შელოცვებისგან შევქმენი ნავი

და დღე მესამე დამიდგა ოდეს,

მაშინ მუხთალმა მიმტყუნა ბედმა,

რადგან შელოცვის მარხილი უცხო,

უცხო სიმღერის კავები მძლავრი,

უვიცობისგან დამემსხვრა წამსვე

და ცარიელი იმედი დამრჩა.

მანალის ფსკერზე დავეშვი მაშინ,

რომ მცირე ბურღი მეშოვა სადმე,

რომ აღმედგინა არხილი სწრაფად,

რომ აღმედგინა მარხილი უცხო.

ეხლა მომეცი, ასულო, ნავი,

ასულო, შენი ბორანი მომეც,

რომ გადმოვცურო მდინარე სწრაფად,

გამოგეცხადო სრუტეზე გავლით!”

მანის ასული აენთო უცებ,

მოხუცს უკმეხი ესროლა სიტყვა:

“ჰოი, ჩერჩეტო მოხუცო კაცო,

გონდაკარგულო, საბრალოვ ჭკუით!

როგორ გაბედე ტუონში მოსვლა,

სნეულების და მიზეზის გარე,

ხომ აჯობებდა, ნამდვილად შენთვის,

დაბრუნებოდი მშობლიურ მამულს,

რადგან მრავალი ისწრაფვის აქეთ,

თითო-ოროლა ბრუნდება უკან”.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:

“ეჭვი ქალების საქმეა მხოლოდ,

დედაკაცების საქმეა ეჭვი,

და არა კაცთა, უძლურთა თუნდაც,

თუნდაც ნაკლებად მამაცთა გმირთა!

მომეც ბორანი, ასულო, ნაზო,

ასულო მანის, სანდალი მომეც”.

მანის ასულმა, ასულმა ნაზმა,

გადმოატარა ვეინეს სრუტე,

გადაატარა მდინარე ნავით

და მოახსენა მორჩილად ბოლოს:

“ცოცხალი დახვედ ტუონის ფსკერზე,

მოუკვდინებლად დაეშვი მანში!”

დიასახლისმა ტუონის მხარის,

ბოროტი მანის მოხუცმა ქალმა,

ძვირფასი ლუდი მიართვა მოხუცს

და მხიარულად მიუგო ასე:

“ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,

უძვირფასესი მიირთვი ლუდი!”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

ეჭვით ჩახედა საეჭვო ჭურჭელს,

ხედავს, ჭურჭელში ყვირიან მყვარნი

და ტივტივებენ მატლები გროვად.

ვეინემეინენ აენთო ერთობ

და გულმოსული ეტყოდა იგი:

“მე აქ იმისთვის მოვსულვარ როდი,

შევსვა ლუდი და უგონოდ დავთვრე,

ვინც ლუდით სკდება, ის ხშირად თვრება,

ვინც ხშირად თვრება, ის კვდება ხშირად”.

დიასახლისი ტუონის მხარის

დიდებულ მისანს ეტყოდა ასე:

“რისთვის ეწვიე მანალის მხარეს,

რისთვის ეწვიე სამეფოს მანის,

შენ მანას რისთვის ეწვიე მანამ,

სანამ თავად არ მოგიხმო მანამ?”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მშვენიერ ასულს ეტყოდა ასე:

“მე ვაკეთებდი მშვენიერ კანჯოს,

მე ვაკეთებდი მშვენიერ სანდალს,

სამიოდ სიტყვა დამაკლდა უცებ,

იცებ დამაკლდა შელოცვა სამი,

რომ ბოლოები შემეკრა მაგრად,

რომ დამეხურა ბოლომდე კიჩო.

შემოვიარე ქვეყანა მთელი,

მაგრამ სიტყვები ვიპოვე ვერსად,

ბოლოს ტუონის ვეწვიე მხარეს,

მანალის მხარეს ვეწვიე ბოლოს,

რათა შელოცვა მეპოვა სამი”.

დიასახლისი ტუონის მხარის

დიდებულ მისანს ეტყოდა ასე:

“შემ არ გაღირსებს ტუონი სიტყვებს,

არ გიწილადებს შენ ძალას მანა

და ვიდრე წვეყნად გიდგია სული,

ამ ქვეყანაზე დადიხარ ვიდრე,

ვეღარ იხილავ მშობლიურ მიწას,

ვერ დაბრუნდები მშობლიურ სახლში”.

დიასახლისმა ტუონის მხარის

ვეინემეინენ განაწყო ძილად

და დაასვენა ლოგინზე ამოდ,

გადააფარა საბანი ლბილი.

ასე ეძინა დიდებულ ვაჟკაცს,

მაგრამ ფხიზლობდა სამოსი მისი.

იქ დედაბერი ცხოვრობდა თურმე,

ძირს დაშვებული მსხვილი ყბებით,

ის რკინის ძაფებს ართავდა ბლომად,

ხანაც ართავდა სპილენძის ძაფებს;

ერთხელ ზაფხულის მშვენიერ ღამით,

წყალში აღმართულ ლოდებზე მჯდარმა,

მან ასიოდე მოქსოვა ბადე,

მოქსოვა ბადე ათასზე მეტი.

აქვე ცხოვრობდა მოხუცი კაცი,

მას სამი თითი გააჩნდა მხოლოდ

და რკინის ძაფებს აეთავდა ბლომად,

ხანაც ართავდა სპილენძის ძაფებს:

მოხუცმა კაცმა, იმავე ღამით,

სწორედ იმავე ლოდებზე მჯდარმა,

სწრაფად მოქსოვა ასიოდ ბადე,

მოქსოვა ბადე ათასზე მეტი.

იქ ძე მანისა ცხოვრობდა ფსკერზე,

თითებად ჰქონდა ნესკავი რკინის,

მან ბადეები გააბა სწრაფად,

სრუტეში ასე გააბა ბადე,

გააბა განზე, გააბა სიგრძივ,

ბადე ირიბად გააბა ბოლოს,

რომ ვერ გაიქცეს ვეინე სხვაგან,

რომ ვერ დასტოვოს ვეინემ სრუტე,

რომ მანამ დარჩეს ვეინე ბრძენი,

მანალის ფსკერზე იძინოს მანამ,

სანამდე სული უდგია მოხუცს,

სანამ ზეცაზე ანათებს მთვარე.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

შეშფოთებულმა წარმოთქვა ასე:

“ტუონის შავ-ბნელ ბინათა შინა,

ვრცელ სამეფოში მანალის ბნელის,

ხომ არ მიმტყუნა მუხთალმა ბედმა,

ხომ არ მეღება უბედურს ბოლო”.

გამოიცვალა ვეინე ფრიად,

ახალი სახე მიიღო უცებ,

მთლად შავი სახით მისცურავს ზღვაში,

მიძვრება შლამში ლერწამის დარად,

ვით რკინის ჭია, მიცოცავს ისე

და მისრიალებს ვით შავი გველი,

გადაიქროლა ტუონზე უმალ

და გადაევლო ასივე ბადეს.

შვილმა თითები ასწია მაღლა,

თითები იგი, ნემსკავი რკინის,

და უთენია წამოდგა ფეხზე

და მიაშურა ბადეებს უმალ.

ბადეში ნახა კალმახი ბევრი

და უამრავი თევზები მცირე,

მაგრამ ვეინე იხილა ვერსად,

ვერსად მიაგნო ვეინეს მხოლოდ.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

ტუონელიდან ამოძვრა სწრაფად

და უფლის მიმართ ღაღადყო ასე,

ევედრა უფალს მხურვალე გულით:

“ისათნოესო უფალო ჩემო,

არავის მისცე იმისი ნება,

რომ თვითნებურად დაეშვას მანში,

ნებით დაეშვას ტუონის ფსკერზე,

რადგან ამ ფსკერზე ჩასულან ბევრნი

თითო-ოროლა წასულა უკან”.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

ასე ეტყოდა ყმაწვილებს შემდეგ,

ასე ეტყოდა თაობას ახალს,

რომელიც ეხლა იზრდება მხოლოდ:

“თქვენ, ბედნიერო შვილებო მიწის,

მშობელ მიწაზე დადიხართ ვიდრე,

არ მიაყენოთ უცოდველს წყენა

და არ მოუკლათ მგრძნობელი გული,

რომ ტუონელის მორევის ფსკერზე,

სამაგიერო არ გიზღათ ღმერთმა!

იქ დამნაშავეთ ძირავენ მხოლოდ,

იქ მხოლოდ ცოდვილთ უგებენ ლოგინს,

უგებენ ლოგინს ცხელ ქვათა ქვეშე

და ჯურღმულებში საზარელ კლდეთა,

მერე ხურავენ საზარელ საბნებს

მატლებითა და გველებით ნაქსოვს”.

 

რუნა მეჩვიდმეტე

 

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

ვეღარ იშოვა შელოცვა სამი

ვერც ტუონელის საზარელ ფსკერზე,

ვეღარც მანის ბინათა შინა.

მან მონდომებით დაძაბა გონი

და სევდიანი ფიქრობდა ასე:

ის სამი სიტყვა ვიპოვო როგორ,

როგორ ვიპოვო შელოცვა სამი?

გზაზე შემოხვდა მეჯოგე ერთი,

მეჯოგე იგი ეტყოდა ასე:

“შენ აქ იპოვი უამრავ სიტყვას,

შენ აქ უამრავს იპოვი ჰანგებს:

მას ვიპუნენი გაჩუქებს ბრძენი,

მათ ვიპუნენის მუცელში პოვებ.

ვიპუნენისკენ გზა მიდის კოხტა,

მიედინება ბილიკი ვიწრო,

საუკეთესო არ არის იგი,

მაგრამ არც ცუდი არ არის ძლიერ:

ვიცი, პირველი ნაწილი გზისა,

უნდა გალიო ნემსებზე გავლით,

ვიცი, მეორე ნაწილი გზისა,

უნდა გალიო მახვილზე გავლით,

ხოლო მესამე ნაწილი გზისა

უნდა გალიო ცულებზე გავლით”.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

გზების სირთულე გაზომა ჭკუით

და ილმარინენს ეწვია შემდეგ

და მოახსენა დიდებულ ოსტატს:

“ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,

ჩქარა შექმენი ჩექმები რკინის,

ფეხსაცმელები ფოლადის შექმენ,

რკინის ხალათიც შექმენი ჩქარა,

შექმენი რკინის ბერკეტი მძლავრი,

და ოწონარი შექმენი მტკიცე,

რომ იყოს იგი ფოლადი წმინდა,

რომ თხელი რკინა ეხვიოს ირგვლივ.

მსურს სამი სიტყვა ვიპოვო სადმე,

მინდა შელოცვა ვიპოვო სამი:

მათ ვიპუნენი მაჩუქებს მხოლოდ,

მათ ვიპუნენის მუცელში ვპოვებ”.

ილმარინენი, მჭედელი დიდი,

დიდებულ მისანს მიუგებს ასე:

“ო, ვიპუნენი მკვდარია უკვე,

უკვე მკვდარია ანტერო ჩვენი,

ის ვეღარ აბამს ფაცერკოდს ეხლა,

ის ვეღარ აბამს სრუტეზე ბადეს.

მან ვერ გაჩუქოს შელოცვა სამი,

ვერც ნახევარი გაჩუქოს სიტყვა”.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მაინც დაადგა არჩეულ გზაზე

და პირველ დღესვე გალია სწრაფად

გზა მოფენილი ნემსებით წვრილით,

მეორე დღეს კი წვალებით განვლო

მახვილი ხმლებით ფენილი შარა,

მესამე დღეს კი ვიდოდა იგი

ბასრი ცულებით მოფენილ გზაზე.

ო, ვიპუნენი, მოხუცი ბრძენი,

მომღერალი და გრძნეული უცხო,

სიმღერებით და გრძნებებით თვისით

ჩაკირულია მიწაში მაგრად;

მაღალი ვერხვი ეზრდება მხრებზე

და საფეთქელზე მარალი არყი,

დაკიდებია წვერებზე ძეწნა,

მსუქან ღაბაბზე ვეება თხმელა,

შუბლზე ეზრდება ლამაზი ნაძვი,

მეჩხერ კბილებში ფიჭვები მწვანე.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მიუახლოვდა ვიპუნენს დინჯად

და გააშიშვლა მახვილი ბასრი,

შემოუქნია დიდებულ მოხუცს,

მაღალი ვერხვი მოაჭრა მხრებზე

და საფეთქელზე მაღალი არყი,

მწითურ წვერებზე მოაჭრა ძეწნა,

მსუქან ღაბაბზე ვეება თხმელა,

შუბლზე ლამაზი მოაჭრა ნაძვნი,

კბილთა შორის კი ფიჭვები მწვანე.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

ღაწვებზე დასცა ბერკეტი რკინის

და გაატანა ბერკეტმა ღაწვებს,

ბინძურ ღრძილებში ჩაერჭო მძლავრად.

ვეინემ ყურში ჩასძახა რიხით:

“აღსდეგინ! კაცო, მზრუნველო კაცზე,

რომ გაწოლილხარ მიწაში უქმად,

ჩაძირული ხარ რომელიც ძილში,

რომელიც ხედავ საოცარ სიზმრებს!”

და ვიპუნენმა, გრძნეულმა ბრძენმა,

სასტიკი ტკენა შეიგრძნო უცებ

და მიატოვა მარადი ძილი,

გამოახილა თვალები ბოლოს:

რკინის ბერკეტი მოსინჯა კბილით,

მან კბილით რბილი მოსინჯა რკინა,

მაგრამ ფოლადი რომ იყო შემდეგ,

ვეღარ გადაღრღნა ვერასგზით იგი.

ვეინემეინეს – დიდებულ მოხუცს,

იმ ვიპუნენის ქონიან ტუჩზე

მოულოდნელად დაუცდა ფეხი,

ვეება პირში ჩაცურდა სწრაფად,

ხორხში გზა-შარა იხილა ფართე,

ძვლებში სავალი იხილა ძნელი.

და ვიპუნენმა, გრძნეულმა ბრძენმა,

ვეებერთელა განაღო პირი

და ფართე ყელი განზიდა განზე

და გაატარა ვეინე ყელში,

ვეინე დაბლა დაეშვა სწრაფად

და ბნელ მუცელში აღმოჩნდა ბოლოს.

და ვიპუნენი, გრძნეული ბრძენი,

გაოცებული იტყოდა ასე:

“მე თხა და ცხვარი შთამინთქავს ერთად,

მე უშობელიც შთამინთქავს მთელი,

ველური ტახის ჩაყლაპვაც შევძელ,

მე გავუსინჯე ყველაფერს გემო,

მაგრამ ნაჭერი ასეთი დიდი,

არ მიგემია ნამდვილად დღემდე!”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დამწუხრებული იტყოდა ასე:

“ბნელ აკლდამაში ბოროტი კალმის,

ბოროტო ხიისის ზღუდეთა მიღმა,

ბედმა მიმტყუნა საბრალო მოხუცს,

უბედურება დამატყდა თავზე”.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დადარდიანდა, დაღონდა მწარედ,

თავის დახსნაზე იფიქრა დიდხანს,

გამოსავალი იპოვა ბოლოს:

ვეინეს დანა ეკიდა წელზე,

რომელსაც ტარი შვენოდა არყის

და მოიხმარა ვეინემ დანა

და გამოსთალა სანდალი უცებ,

მუცელში ცურვა დაიწყო სანდლით,

ფართე სხეულში დაიწყო ცურვა,

და ნაწლავებში დაიძრა მძიმედ

და კუნჭულებში გაცურა მუცლის.

ვიპუნენმა კი, გრძნეულმა ბრძენმა,

ვერც კი შეიგრძნა მიმოსვლა სანდლის,

ვეინემეინენ შეუდგა საქმეს,

მან გადასწყვიტა სამჭედლოს შექმნა, –

სამჭედლოც იქცა ხალათი მისი,

საბერველებად გარდიქცა ჯუბა,

ხოლო მილებად შარვალი გრძელი,

მარჯვენა ხელი იხმარა უროდ,

გრდემლად იხმარა მარცხენა მუხლი,

რკინის გაჭედვას შეუდგა სწრაფად,

ვეენა ურო დაუშვა გრდემლზე. 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ხალხური / კალევალა