ტიტანის კუჭში ხმაურით ჭედდა,

ფართე მუცელში იღწვოდა მტკიცედ,

დაუღალავად შრომობდა იგი

და გუგუნებდა ვეება ურო,

ასე გავიდა შრომაში რამე

და მერცხალივით გაფრინდა დილაც.

ვიპუნენი კი, გრძნეული ბრძენი,

შეწუხებული იტყოდა ასე:

“რომელ დევ-გმირს ეკუთვნი ნეტავ,

ხარ გოლიათი რომელი ქვეყნის?

ასამდე გმირი ჩავყლაპე უკვე,

და ათასამდეც ჩავყლაპე ალბათ,

და, გეფიცები, მე შენი მსგავსი

არ ჩამიყლაპავს არასდროს დღემდე:

მე მუგუზალი მომაწვა ყელში,

ენა დამიწვა გამდნარმა რკინამ!

ჰოი, მტარვალო, განვედი ჩემგან,

ო, განვედ ჩემგან, მტანჯველო ჩემო,

თორემ შენს დედას შევხვდები სადმე

და მოვუყვები საზარელ ამბავს

და დამწუხრდება მშობელი შენი,

რომ შენ უკადრისს კადრულობ საქმეს.

მე ვერ შევძელი გაგება იმის,

ვერ შევიგენი ვერასგზით დღემდე,

მუცელში უცებ აღმოჩნდი როგორ,

როგორ აღავსე მუცელი ჩემი,

რომ დამკბინო და მაგემო გვემა,

რომ ტკივილები მაგემო მწარე.

იქნება ხარ შენ რაიმე სენი,

მოვლინებული უფლისგან ჩემთან,

იქნებ სულაც არ არის ასე

და გბრძანებლობენ ბოროტნი სულნი.

იქნებ ფულისთვის მეწვიე მხოლოდ,

სასყიდელისთვის მაწვალებ იქნებ?

თუ შენ ხარ მართლა რაიმე სენი,

მოვლინებული უფლისგან ჩემთან,

მაშინ ზენაარს მივანდობ სვე-ბედს,

მის ნება-სურვილს ვენდობი მაშინ:

არ მიატოვებს უფალი ვაჟკაცს

და გასაჭირში ექმნება შემწედ.

თუკი ნამდვილად არ არის ასე

და გმბრძანებლობენ ბოროტნი სულნი,

მე საწყისს შენსას ვიპოვი მაშინ,

მე წარმოშობას მოვაგნებ შენსას.

საბრძანებელში ბოროტთა სულთა,

გაშლილ ველებზე სიკვდილის ღმერთის,

უბედურება დაგვატყდა თავზე

და მოგვევლინა სასტიკი ტანჯვა.

და მოგვევლინა ჩვენ ტანჯვა იგი,

გრძნეულთა გუნდის გრძნებათა გამო,

და მოგვევლინა ჩვენ ტანჯვა იგი

სამყოფელთაგან გარდაცვლილ კაცთა,

და მოგვევლინა ჩვენ ტანჯვა იგი

იმ მიწებიდან, რომაა მწირი,

იმ კაჟებიდან, ქარი რომ ფანტავს,

იმ ქვიშებიდან, რომ აბნევს ქარი,

ველ-მინდვრებიდან, დაბლა რომ მიდის,

ჭაობებიდან, რომლებიც დგანან,

ზღვებიდან, ხმაურობს რომელიც ერთობ,

მუხნარებიდან ხიისის მხარის,

ექვს ნაპრალიდან, ბნელი რომ ფარავს,

ხუთ ხეობიდან, მაღალი მთების,

მთებიდან, სადაც სპილენძი ბუდობს,

მწვერვალებიდან, რომ მალვენ მადნებს,

ნაძვთაგან, ფერი რომ ადევთ ნაცრის,

რომ შეჰპარვიათ მჭამელი ჭია,

ფიჭვიდან, ქარი მძლავრად რომ არხევს,

ფიჭვთაგან, ჭამენ რომელთაც წლები,

სოროდან, სადაც ბინადრობს მელა,

მდელოდან, სადაც ირმები ძოვენ,

ბუნაგებიდან დათვების ჯოგის,

ნისლით დაბურულ პოხელის მხრიდან,

ლაფლანდიიდან, რომ არის ვრცელი,

მუხნარებიდან, მატლი რომ ალპობს,

ველიდან, სადაც იბრძოდნენ გმირნი,

ბალახებიდან, ომში რომ თელეს,

გმირთა სისხლიდან, ორთქლი რომ ასდის,

შორი ქედიდან მრისხანე ზღვისა,

სივციდან, რომლის არა ცანს კიდე,

სიღრმეებიდან, რომ ფარავს შლამი,

ნაკადებიდან, ზათქით რომ დიან,

მორევებიდან, ცეცხლებს რომ აფრქვევს,

ჭორომებიდან მრისხანე სრუტის,

წყალვარდნილების მაღალი კლდიდან,

ბნელ ნახევრიდან უსაზღვრო ზეცის,

ცაში გაბნეულ თხელ ღრუბლებიდან,

ნაფეხურთაგან კეთილთა ქართა,

ადგილებიდან, სად თვლემენ წარნი.

ო, მიპასუხე, მტანჯველო ჩემო,

ნუთუ იქიდან მოხვედი ჩემთან

და ჩამიძვერი უცოდველ გულში,

უცოდველ მუცელს ეწვიე უცებ,

რომ დამიფლითო სხეული მაგრად,

დამიქუცმაცო შიგანი გრდემლით?

ო, განვედ ჩემგან, ხიისის ძაღლო,

ძაღლო მანალის, განვედ ო, განვედ,

ჩქარა დასტოვე მუცელი ჩემი,

მტკივანი ღვიძლი დასტოვე ჩქარა!

საბრალო გულ-მკერდს ნუ მიფლეთ ცხარედ,

ნუ მიზიანებ ელენთას სნეულს,

ნუ დამირღვიე ზანზარით კუჭი,

ნუ მიტრიალბე ღონიერ ფილტვებს,

ჭიპს ნუ მიბურღავ, შეჩერდი, კმარა,

საფეთქლებს ნუ ეხები ხელით,

ზურგის ხერხემალს ნუ ტანჯავ მწარედ,

ფერდებს ნუ ალღობ, ხიისის ძაღლო!

თუ მე არა ვარ ვაჟკაცი მძლავრი,

მაშინ უკეთესს მოვგზავნი ვაჟკაცს,

რომ განვერიდო სატანჯველს მძიმეს,

რომ ბოროტ მტარავალს მოვუღო ბოლო.

სწრაფად მოვუხმობ ასლებს მიწის,

ველთა მეუფეთ მოვუხმობ სწრაფად,

მიწის სიღრმიდან მოვუხმობ გმირებს,

ქვიშიდან მხედრებს მოვუხმობ ყველას,

ყველა გოლიათს მოვუხმობ შემწედ,

ოდეს ტკივილი მაწამებს მსძაფრი,

ოდეს სასტიკი მაწამებს ტანჯვა.

თუ არ გაშინებს სასჯელი ესე,

და მაინც არ გსურს გამოსვლა მუცლით,

მოვუხმობ ტყეს და ტყის მამაც გმირებს,

მოვუხმობ ღვიას და ღვიის მსახურთ,

მოვუხმობ ნაძვნარს ერთგული ხალხით,

მოვუხმობ ტბას და მის გულად შვილებს,

ასამდე ხმლიანს მოვუხმობ ვაჟკაცს

და ათასამდე უშიშარ დევგმირს,

რათა სატანას მოვუღო ბოლო,

რათა დავაცხრო ტკივილი მძიმე.

თუ არ გაშინებს სასჯელი ესე,

და მაინც არ გსურს გამოსვლა მუცლით,

მაშინ ო, დიდო დედაო წყალთა,

ჭირვალი კაბით გაუსხლტი ტალღებს,

ცისფერ მანდილით ამოდი ზევით,

შლამიდან წმინდას ეწვიე ალაგს,

სვეგანაწამებს ნუგეშად მექმენ

და დამიფარე საბრალო კაცი,

რომ არ მომიღოს ტკივილმა ბოლო,

რომ კვლავ ცოცხალმა ვიარო ქვეყნად!

თუ არ გაშინებს სასჯელი ესე,

და მაინც არ გსურს გამოსვლა მუცლით,

მაშინ ო, მოვედ, ასულო ტურფავ,

შემოქმედების ასულო, მოვედ,

მოვედ ო, მოვედ, დედაო ჩვენო,

უპირველესო დედაო ქვეყნად,

მოვედ, დახედე იარებს მძიმეს

და განმარიდე ტკივილი მწველი

და განმარიდე სასტიკი ტანჯვა,

სატანას ბოროტს მოუღე ბოლო.

თუ არ გაშინებს სასჯელი ესე,

და მაინც არ გსურს გამოსვლა მუცლით,

მაშინ მოვმართავ დიდებულ უფალს,

დიდებულ უკოს მივმართავ მაშინ.

ო, უკოვ, ღმერთო ეზენაესო,

რომელიც ზიხარ ღრუბელთა ზედა,

გემუდარები დაეშვა ქვევით

და მომევლონო უბედურს შემწედ,

და ხმლით, რომელიც მოქმედებს მძლავრად,

რომელიც ირგვლივ ნაპერწკლებს ისვრის,

მწარე ტკივილებს მოუღე ბოლო

და განმარიდე სასტიკი ტანჯვა!

ჰოი, მტანჯველო, განვედი ჩემგან,

განვედი ჩემგან, მტანჯველო ჩემო,

ბინა როდია მუცელი ჩემი,

ო, იგი შენი როდია ბინა,

ღამის სათევად ბინას თუ ეძებ,

მაშინ სხვა მხარეს ეძიე იგი,

სად მშობლიური გეგულვის მიწა,

მეუღლე შენი გეგულვის სადაც.

ოდეს ეწვიო მშობლიურ მიწას,

სამშობლო მხარეს ეწვიო ოდეს,

შენი ჯოგები იხილო ახლოს,

ახლოს იხილო მშობლების სახლი,

ნიშანი მიეც საყვარელ მშობლებს,

მათ დაბრუნება ანიშნე შენი,

დააბრახუნე მეხივით კარზე,

გამოაშუქე ვითარცა ელვამ!

დახშულ ჭიშკარზე შემოჰკარ მუშტი,

ფანჯრის ფიცარი დაუშვი უცებ,

სახლში შევარდი ელვაზე უმალ,

ჭექა-ქუხილით შევარდი სახლში!

სახლის პატრონი გამოჩნდეს ოდეს,

დიასახლისიც შენიშნო კართან,

ქეჩოში სტაცე ორივეს ხელი,

ორივე ხელი კანჭებში სტაცე,

ორივე თვალი დასთხარე პატრონს,

დიასახლისს კი უმტვრიე ქალა.

მათ გადუგრიხე თითები მწარედ,

დაახრევინე მორჩილად თავი!

თუ არ გაშინებს სასჯელი ესე,

მაშინ შენ მამლად გარდიქეც უმალ,

შემოურბინე წიწილად ეზოს,

მოიკლათე ნაკელზე მკერდით.

შენ მოაცილე ცხენები თავლს,

შენ მოაცილე რქოსანი ვარცლებს,

რომ მძალვრად რქებით ჩაერჭონ ნეხვში,

კუდით ტლაპოში ჩაეფლონ რათა.

დააყრევინე თვალები წამზე,

მოახრევინე სუყველას ქედი!

თუ შენ ხარ სენი მოსული ქარით,

თუ გაზაფხულის მოგაგდო ყინვამ,

მაშინ დაადექ ქარების გზაზე,

ქარების კვალზე იარე მაშინ,

არ დაისვენო მურყანის ტოტზე,

არამედ სწრაფად აფრინდი ზევით

და მიაშურე სპილენძის მთათა,

რათა ქარებმა გარწიონ მძიმედ,

მიმოგაბნიოს გრიგალმა ირგვლივ.

შენ თუ ზეციდან დაეშვი დანლა,

თუ ღრუბლებიდან დაეშვი ქვევით,

მაშინ შენ მაღლა გასწიე ისევ,

კვლავ დაუბრუნდი მშობლიურ ზეცას,

ღრუბლებში შედი, სად თვლემენ წვეთნი,

ვარსკვლავზე ადი, ნათელს რომ აფრქვევს,

რათა ვრცელ გზაზე დიდებულ მზისა,

სამოსახლოში ნათელი მთვარის,

ვითარცა ალი აენთო უცებ,

აღეგზნო მძლავრად, ვითარცა ცეცხლი!

თუ ნაკადებმა მოგაგდეს ჩემთან,

თუ წყალმა მძაფრამ მოგაგდო უცებ,

იმავე წყლისკენ იარე მაშინ,

იმავე ნაკადს ეწვიე სწრაფად,

რომელიც გვერდით ჩაუდის ციხეს,

ჩაუდის მწვერვალს წყალქვეშა მთების,

ეწვიე, რათა მრისხანე ტალღამ

გათამაშოს და გარწიოს ზღვაზე.

თუ მომევლინე მდელოდან კალმის,

სამყოფელიდან გარდაცვლილ კაცთა,

მაშინ უკანვე დაბრუნდი ისევ,

ისევ კალმაში დაეშვი მაშინ,

ისევ ეწვიე ამოთხრილ მიწას,

ისევ ეწვიე საფლავის სიღრმეს,

სადაც ჩაღრმავდა ცოდვილი ხალხი,

ბნელი ბრბოები ჩაღრმავდნენ სადაც!

თუ მომევლინე ხიისის მხრიდან,

თუ მიატოვე ტყეები მწვანე,

თუ მიატოვე ნაძვნარი ვრცელი,

თუ მიატოვე ფიჭვნარის ჭალა,

მაშინ უკანვე გაგაგდებ ისევ,

ისევ იმ ტყეებს გაჩვენებ მაშინ,

ისევ გაჩვენებ მშვენიერ ნაძვნარს,

ფიჭვნარის ჭალას გაჩვენებ ისევ,

რომ იქ მანამდე იცხოვრო სახლში,

იატაკი არ ჩატყდება სანამ,

სანამ ობი არ დაფარავს კედლებს,

არ დაინგრევა სანამდე ჭერი.

გამოგაძევებ იქედან ბრიყვო,

დათვის ბუნაგში შეგაგდებ სწრაფად,

ჭაობიანზე გაგადებ ველზე

და ნაკადებში ჩაგიშვებ თავით,

უთევზო ტბაში ჩაგაგდებ მოხუცს,

მცირე ქორჭილაც ვერ ცურავს სადაც.

თუ იქ ვერ ნახე ადგილი შენთვის,

მაშინ, მტარვალო, გაგდებ სხვაგან,

უმალ მიგიყვან ნისლიან პოხელს,

ლაფლანდიაში მიგათრევ ძალით,

გადამჭკნარ ველზე მიგათრევ უმალ,

დაგაგდებ უხვნელ-უთესველ ველზე,

სადაც არც მზეა, არც მთვარის შუქი

და დღის სინათლე არ არის სადაც.

შენ იქ იცხოვრებ ტკბილად და ამოდ,

შენ იქ ცხოვრება გექნება კარგი,

იქ ყოველ ტოტზე ჰკიდია დომბა,

სათნო ირმებიც ჰკიდია ტოტზე,

რათა მოიკლა შიმშილი დიდი,

წყურვილი დიდი დაიცხრო რათა.

მე შენ გწყევლი და გაძევებ, ბრიყვო,

ჭორომებისკენ სასტიკი რუთის,

სადაც ზვირთები ასკდება ხეებს,

თხრის ძირიანად ნაძვების წყებას!

დე, იქ იცურე, უკუღმართ ენით,

გადაეხლართე საზარელ ზვირთებს.

თუ იქ ვერ ნახე ადგილი შენთვის,

მაშინ, მტარვალო, გაგადებ სხვაგან,

მყის ტუონელის დაგიშვებ ფსკერზე,

გაჩვენებ სიღრმეს საზარელ მანის,

რომ მანამ გცემდნენ ტალღები მოხუცს,

მანამ განჯღრევდნენ ზვირთები დიდი,

სანამდე ცხრა ცხვარს არ მომცემ ქრთამად,

ერთი ცხვრის კრავი რომ იყოს ცხრავე,

სანამდე ცხრა ხარს არ მომცემ ქრთამად,

ერთი ძროხის ხბო რომ იყოს ცხრავე,

სანამდე ცხრა ცხენს არ მომცემ ქრთამად,

ერთი წაკისა რომ იყოს ცხრავე.

თუ დაგჭირდება ცხენები გზაზე,

შეკაზმულ ცხენებს მოგართმევ უმალ:

ხიისში ცხოვრობს ყოჩაღი ცხენი,

წითელფაფარა მწვერვალზე ცხოვრობს,

იგი პირიდან ნაპერწკლებს აფრქვევს,

ნესტოებს უწვავს წვერები ალის,

ჩლიქები მისი რკინაა მტკიცე,

ფეხები მისი აელვებს ფოლადს:

ის მთიდან მტაზე ყოჩაღად დახტის,

უფრო სწრაფად კი მოძრაობს ველზე,

ცხადია, მაშინ, როდესაც მხედარს

ძალუძს ყოჩაღად ტარება მისი.

თუ კმაყოფილი არა ხარ ამით,

თხილამურები მოსთხოვე ხიისს,

ჩექმები თხმელის მოსთხოვე ლემპოს,

მტკიცე ჯოხები მოსთხოვე მასვე,

რათა აღმოჩნდე ხიისის ველზე,

ლემპოს ჭალაზე დაადგა ფეხი,

ხიისის ველი დაფარო სწრაფად,

ბოროტი ლემპოს გალიო მხარე.

ლოდების გროვა შეგხვდება კიდევ

და ნამსხვრევებად აქციე იგი,

გზაზე შეხვდები დიდებულ ვაჟკაცს,

ვაჟკაცი იგი გასწიე განხე.

მაშ ასე, განვედ, მტარვალო ჩემგან,

ჩქარა დასტოვე სხეული ჩემი,

ვიდრე დაჩნდება მზის სხივი ცაზე,

ვიდრე მამალი შეჰყივლებს უფალს,

ვიდრე გვეწვევა ნათელი დილის,

ზეცაზე მთავრე ამოვა ვიდრე.

თუ აღარ წახვალ, მტარვალო, ჩემგან,

თუ არ დამტოვებ, ბოროტო ძაღლო,

მაშინ არწივის ავიღებ ბრჭყალებს,

რომელსაც თბილი სწყურია სისხლი,

მაშინ ქორისას ავიღებ ნისკარტს,

რომელსაც ლეში სწყურია მლაშე,

რათა მოგიღო, მტარვალო, ბოლო,

მტარვალს სიცოცხლე მოგისპო რათა,

რომ თავში შეწყდეს ხმაური მძიმე,

რომ დავიბრუნო სიმშვიდე სულის.

გახსოვს, გამექცა სასტიკი ლემპო,

ძვირფას დედიკოს ძვირფასი შვილი,

რამეთუ დიდმა მიშველა ღმერთმა,

რამეთუ ღმერთმა მომმადლა ღონე.

შენ კი, რომელიც არ იცნობ პატრონს,

რომელიც ვერ ცნობ საკუთარ დედას,

წახვალ თუ არა აქედან ნებით,

ვიდრე ზეცაზე ანათებს მთვარე?”

ვეინემეინენ., მოხუცი ბრძენი,

უცხო გოლიათს მიუგებს ასე:

“მე აქ დავრჩები ძალიან დიდხანს,

რადგან სხეულში მშვენივრად ვცხოვრობ.

პურის მაგივრად ღვიძლი მაქვს შენი,

ხოლო ქონი კი გემრიელ კერძად,

ფილტვები კარგად იხარშვის თურმე,

არც ქონი გახლავთ საჭმელი ცუდი.

მე ამ სამჭედლოს ღრმად ჩავჭედ გულში,

მტკივან ადგილზე დავუშვებ უროს

და ქვეყანაზე იცოცხლებ ვიდრე,

ვიდრე იცოცხლებ ამ წყეულ ქვეყნად

არ ეღირსები სიბრალულს, ბრიყვო,

ვეღარ გამოხვალ, სულელო გარეთ,

თუ არ მაჩუქე შელოცვა სამი,

არ მიწილადე სამიოდ სიტყვა.

უნდა გამოჩნდეს სიტყვები ყველგან

და ქარაგმები გამოჩნდეს რთული,

რომ ჯადოქართა სიკვდილის შემდეგ

მათ ქვეყანაზე იცოცხლონ მარად!.

იმ ვიპუნენმა, გრძნეულმა დიდმა,

გრძნეულმა ბრძენმა, აღვსილმა ძალით,

ამოიტანა ჰანგები უცხო,

გადმოატარა სიტყვები ბაგეს,

მან სიმღერების სალარო გახსნა,

მან სიმღერების ახადა სკივრი,

რათა ემღერა სიმღერა კარგი,

რომელიც გვაძლევს საჭირო ცოდნას:

ყოველთა ნივთთა დასაბამს პირველს

და წარმოშობას ყოველი ნივთის,

რომელსაც არვინ არ მღერის უკვე,

აღარც ბალღნი და აღარცა გმირნი,

რადგან გვეწვია სიავე ჟამთა,

და მოსავალი არ არის პურის.

მღერდა საწყისი ყოველთა ნივთთა,

ყოველთა ნივთთა დასაბამს პორველს,

და მასზე კიდევ, თუ უფლის მიერ,

იმ ყოვლისშემძლის ძლიერი ნებით,

უსაზღვრო სივრცე გაირღვა როგორ,

ვით გამოჟონა სივრციდან წყალმა,

ვით აიზიდა წყლებიდან მიწა,

ვით აღმოცენდა მცენარე მწვანე!

იმღერა, როგორ შეიქმნა მთვარე,

მზე დიდებული შეიქმნა როგორ,

ვით აღიმართნენ სვეტები ქართა,

ვით წარმოიქმნენ ვარსკვლავნი ცაში.

ის ვიპუნენი, მოხუცი ბრძენი,

მღეროდა დიდხანს, მღეროდა მძლავრად,

არ უმღერია არავის მისებრ,

სხვა უკეთესი უნახავს არვის,

ისე მორბოდა ენიდან სიტყვა,

ისე წყდებოდა სიტყვები ბაგეთ,

ვითარცა მორბის ქურანი ჩორთით,

ვითარცა წყდება მერანი მიწას.

მღეროდა დღისით, მღეროდა ღამით,

და მზე უსმენდა სიმღერას მისას,

შეჩერდა, დადგა ზეცაზე მთვარე

და გაიყინა ტალღები ზღვაში,

მრისხანე წყლებმა შეწყვიტეს სრბოლა,

ყურეს მიეყრდნო მორევი სრუტის,

დადგა ვუოკსის ხმაური მძიმე

და იორდანეს შეჩერდა დენა.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

ოდეს გაიგო სიმღერის აზრი,

ბლომად ისწავლა ჰანგები ოდეს,

და არაკებიც ისწავლა ბლომად,

მან გადაწყვიტა გამოსვლა მუცლით,

მან დააპირა გამოსვლა გარეთ.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

მოხუც ვიპუნენს მიუგო ასე:

“ო, ვიპუნენო, განაღე პირი,

გახსენი სწარაფად დახშული ხახა,

რომ მოვახერხო გამოსვლა გარეთ,

რომ კვალვ ვიხილო სამშობლო ჩემი!”

ვიპუნენი კი, გრძნეული ბრძენი,

ვეინემეინენს მიუგებს ასე:

“მე ბევრი რამე მინახავს ქვეყნად,

შემიჭამია საჭმელი ბევრი,

მაგრამ ნაჭერი ასეთი მწარე,

არ მიწამია არასდროს ალბათ.

შენ ეშმაკობით შემოხვედ ჩემში

და რომ მიდიხარ მიხარის ძალზე”.

აქ ვიპუნენმა განზიდა ყბები

და ფართე პირი განაღო ფართეთ

და ამოვიდა ვეინე სწრაფად,

და მიატოვა ტიტანის ტანი

და ბაგეთაგან ისკუპა ველზე,

ვითარცა ოქროს ციყვმა და კვერნამ.

ვეინემეინენ დაადგა გზაზე

და სამჭედლოსთან მივიდა უმალ,

ქურასთან დახვდა მჭედელი დიდი,

ალმარინენი ეტყოდა ასე:

“თუ მოიპოვე სამიოდ სიტყვა,

თუ მოიტანე შელოცვა სამი,

რომ გააკეთო სანდალის კიდე,

რომ მტკიცედ შეკრა სანდალის კიჩო,

რომ შეამტკიცო ფერდები ნავის,

რომ დაამთავრო შენება სწრაფად?”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:

“მე შევისწავლე ასამდე სიტყვა

და ათასამდე შელოცვა მძლავრი,

არვინ იცნობდა რომელთაც დღემდე,

რომელთაც ეხლა გაიცნობს ყველა”.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

დაწყებულ ნავთან მივიდა სწრაფად;

და სანდლის კიჩო მან შეკრა მტკიცედ,

მტკიცედ მოსალტა ფერდები ნავის

და აშიებით შეამკო კოხტად

და დაასრულა მოხუცმა საქმე:

აუშენებლად შეიქმნა კანჯო,

არ დახარჯულა ნაფოტი ერთიც.

 

რუნა მეთვრამეტე

 

ვეინემეინემ იფიქრა დიდხანს

და გადაწყვიტა მოხუცმა ასე:

რომ სილამაზე პოხელის მხარის,

იმ სარიოლას მშვენება უცხო,

ვისაც ნაწნავი უხდება კოხტა,

ვისაც უხდება ნაწნავი გრძელი,

ჩამოაცილოს მშობლიურ მხარეს,

მოიყვანოს და შეირთოს ცოლად.

ვეინემ ნავი შეღება წითლად

და თავსახურით დახურა ლურჯით,

ნავის ქიმზე კი მოავლო ოქრო,

შემდეგ კი დილით, ადრიან დილით,

ვეინე ფეხზე წამოდგა სწრაფად

და ნავი იგი მიანდო ტალღებს,

მდინარებაზე მიუშვა ნავი,

ნავი, რომელსაც არ ჰქონდა არსად,

არც ნაძვის ქერქი და არცა კორძი.

მან დაამაგრა ანძები მაგრად,

სწრაფად მოაბა აფრები ანძებს,

წითელი აფრა აუშვა ცაში,

ცისკენ გაუშვა ცისფერი აფრა.

ვეინე ნავზე ავიდა უცებ,

მცირე ხომლადზე დაადგა ფეხი,

ლურჯი ტალღები გააპო რათა,

იმოგზაუროს უსაზღვრო ზღვებზე.

ასე იტყოდა მოხუცი ბრძენი.

ვეინემეინენ იტყოდა ასე:

“უზენაესო, ეწვიე კანჯოს,

ღმერთო, მოხედე პატარა ხომალდს,

რათა უძლური დაიხსნა გმირი,

რათა ნიადაგ მფარველად ექმნე,

სადაც სივრცენი გაშლილან ზღვათა,

მოედინება დინება მძლავრი!

სანდალი ჩემი არწიე ქარო,

ტალღავ, განდევნე ხომალდი ჩემი,

რომ არ შევეხო ნიჩბებით ოდნავ,

სად აზიდულა ტალღები დიდი

და გადახსნილა დინება ფართე”.

ულამაზესი ასული ღამის,

ვისაც ანიკის უხმობენ სოფლად,

დილაადრიან წამოდგა ფეხზე,

გამოღვიძება დაასწრო მნათობს

და კუნძულაკზე, მოსილზე ნისლით,

წყვდიადით მოცულ უსიერ კონცხზე,

სადაც ხიდია წითელი ფრიად,

სადაც ხიდია ფართე და დიდი,

ასული იგი მივიდა ადრე,

და კაბის რეცხვას შეუდგა უმალ.

ასულმა თავლი მოავლო ირგვლივ,

თვალმიუწვდენელს გახედა სივრცეს,

მერე მოწმენდილს ახედა ზეცას,

უძირო ზღვასაც ჩახედა ბოლოს:

მზე დიდებული ნათობდა ცაზე,

ზღვაზე ბრწყინავდნენ ტალღები ლაღი.

მზისკენ მიიქცა ასული ღამის,

ხელმოჩრდილებით გახედა ტალღებს:

და სუომელში, ნაპირზე ზღვისა,

სად ვიაინე ვარდება ზათქით,

სავი საგანი შენიშნა უცებ,

რაღაც ცისფერი შენიშნა უმალ.

ასე იტყოდა ასული მაშინ,

ნაზი ასული იტყოდა ასე:

“იქ შავი ფერის რა მოსჩანს ნეტავ,

ნეტავ რა მოსჩანს იქ ლურჯი ფერის?

იხვების გუნდი მოცურავ იქნებ,

იქნებ ბატების მოცურავ გუნდი?

თუ ეს ასეა, გაფრინდით სწარაფად

და დაუბრუნდით ზეციერ სივრცეს!

ორაგულების ტინი ხარ იქნებ,

იქნება შენ ხარ თევზების გუნდი?

თუ ეს ასეა, გაფრინდით სწრაფად

და მიაშურეთ მშობლიურ სიღრმეს!

იქნება შენ ხარ წყალქვეშა ლოდი,

ანდა უბრალოდ, ტოტი ხარ მწვანე?

თუ ეს ასეა, დაგფაროს ტალღამ

და ჩაგითრიოს მღელვარე ზღვაში!”

მაგრამ თანდათან მოცურავს ნავი,

უახლოვდება თანდათან კანჯო,

გვერდით ჩაუვლის უსიერ კლდეებს,

ნისლიან კუნძულს ჩაუვლის გვერდით.

ღამის ასულმა, ასულმა ნაზმა,

ლამაზი კანჯო შენიშნა უკვე,

ფიცრით ნაშენი შენიშნა გემი

და ფიქრიანმა წარმოთქვა დინჯად:

“შენ ძვირფასი ძმის გემი ხარ იქნებ,

იქნებ ნავი ხარ ძვირფასი მამის?

თუ ეს ასეა, მოცურდი სწრაფად

და მოადექი მშობლიურ მხარეს,

სამშობლოსაკენ დადექი ცხვირით,

უცხო ქვეყნებს კი უჩვენე კიჩო

და თუ ეკუთვნი შორეულ ქვეყნებს,

მაშინ გასწიე აქედან სწრაფად,

უცხო ქვეყნისკენ მიიქეც ცხვირით,

ხოლო ამ მხარეს უჩვენე კიჩო!”

ის როდი იყო სამშობლოს ნავი,

თუმცა არ იყო ძალიან უცხოც:

მათკენ ვიდოდა ვეინე თავად,

მიისწრაფვოდა მოხუცი ბრძენი.

აი, მიადგა ვეიენე ნაპირს

და საუბარი გააბა დინჯად,

თქვა ერთი სიტყვა, მეორე შემდეგ,

უკეთესი რომ მესამედ ეთქვა.

ულამაზესმა ღამის ასულმა

ვეინემეინენს მიუგო ასე:

“საით მიდიხარ, მოხუცო ბრძენო,

ქვეყნის მშვენებავ, ისწრაფვი საით?”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

ასე მიუგო მშვენიერ ასულს:

“ტუონელისკენ მივდივარ ნავით,

უნდა დავეშვა მანალის ფსკერზე,

რათა თევზები შევიპყრო ბლომად,

ორაგულების შევიპყრო გუნდი”.

ულამაზესმა ღამის ასულმა

ვეინემეინენს მიუგო ასე:

“ტყუილს რად იტყვი, მოხუცო ბრძენო,

ეხლა ქვირითას როდი ყრის თევზი?

აქ დადიოდა მშობელი მამა,

ჭაღაროსანი მოსულა ბევრჯერ,

რომ ორაგული შეეპყრო ბევრი,

რომ კალმახები შეეპყრო ბლომად.

ნავით მოჰქონდა მრავალი ბადე,

ბადეებს ჰქონდა ბაწრები გრძელი,

სათხეველებიც მოჰქონდათ ბლომად,

ტევა არ ჰქონდა კანჯოზე კეტებს,

სკამებზე იდო ბარჯები დიდი,

ჯოხები დიდი საჭესთან იდო.

შენ კი საითკენ მიდიხარ ეხლა,

უვანტოლაინენ, ისწრაფვი საით?”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

ასე მიუგო მშვენიერ ასულს:

“საქსონიისკენ მოვდივარ ნავით,

რომ საქსონიის ვეწვიო სრუტეს,

რათა ბატები შევიპყრო ბლომად,

დორბლიანების შევიპყრო გუნდი”.

ულამაზესმა ღამის ასულმა

ასე მიუგო დიდებულ მოხუცს:

“მთქმელს სიმართლისას შევიცნობ უცებ,

უცებ შევიცნობ სიცრუის მთქმელსაც:

აქ დადიოდა მშობელი ჩემი,

ჭაღაროსანი მოსულა ბევრჯერ,

ათა შეეპყრო ბატები ბლომად,

წითელნისკარტას მოესრა გუნდი;

მუდამ მზად იყო ისარი მშვილდზე,

ლარი სასროლად მზად იყო მუდამ;

მშვილდებზე ება ძაღლების ჯოგი,

აჟრარუნებდნენ ძაღლები ჯაჭვებს,

ნაპირზე რბოდა ძაღლების ხროვა,

ძაღლები რბოდნენ წვეტიან ქვებზე.

საით ისწრაფვი, მოხუცო ბრძენო,

სუვანტოლაინენ, მიდიხარ საით?”

ვეინემეინე მიუგებს ასე:

“დავუშვათ მივალ, ასულო, ბრძოლად,

სადაც გმირები გმირაბენ ერთურთს,

სადაც იბრძვიან მუხლამდე სისხლში?”

ასე მიუგო ასულმა ნაზმა,

ღამის ასულმა მიუგო ასე:

“საომრად როგორ მიდიან, ვიცი,

როგორ მიდიან გმირები ბსრძოლად,

ბრძოლაში მამაც ვიდოდა ადრე,

ჭაღაროსანი მამიკო ჩემი,

სადაც გმირები გმირავენ ერთურთს,

სადაც იბრძვიან მუხლამდე სისხლში.

ნიჩბებთან იჯდა ვაჟკაცი ასი,

ხოლო ათასი ეყუდა ფეხზე,

ნავზე მშვილდები ეკიდა ბლომად,

ნავის სკამებზე ეკიდა ხმლები.

მითხარ სიმართლე, მოხუცო ბრძენო,

არ გაურიო ტყუილი მცირე,

რომელ მხარეში მიდიხარ ეხლა,

სუვანტოლაინენ, ისწრაფვი საით?

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

მშვენიერ ასულს მიუგო ასე:

“ნავში მეწვიე, ასულო ნაზო,

ღამის ასულო, მეწვიე ნავში

და მოგიყვები სიმართლეს მოკლედ

და არ გავურევ სიცრუეს ოდნავ”.

ასე მიუგო ასულმა ნაზმა,

რომ უხდებოდა სამოსი სელის:

“დაე, სანდალში გეწვიოს ქარი,

დაე, გრიგალმა დაიდოს ბინა!

კვლავ თუ იცრუე, მოხუცო ბრძენო,

არ მომიყევი სიმართლე მოკლედ,

შევატრიალებ მშვენიერ სანდალს,

ავატრიალებ ჩემივე ხელით”.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

მშვენიერ ასულს მიუგო ასე:

“მე შენ გაცდუნე, ასულო ნაზო,

მაგრამ ახლა კი სიმართლეს გეტყვი:

მე მოვაშურე პოხელის მხარეს,

სარიოლაში მოვედი უმალ,

სადაც ველური ბინადრობს ხალხი,

სადაც ტალღებში ახრჩობენ გმირებს,

მოვედი, რათა შემერთო ცოლად,

ულამაზესი ასული ერთი”.

ღამის ასულმა, ასულმა ნაზმა,

ოდეს შეიტყო სიმართლე სრული,

სარეცხის რეცხვას შეეშვა უცებ,

უცებ შეეშვა კაბების რეცხვას,

და აიკალთა კალთები კაბის,

შეშფოთებული სახლისკენ გასწევს,

და მიირბინა მჭედელთან უმალ,

მჭედლის ქურასთან მივიდა იგი.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

მჭედელი დიდი, უკვდავი მარად,

მხურვალ ქურასთან შრომობდა მარჯვედ,

სკამს აკეთებდა რკინისგან იგი.

წვერებზე მჭვარტლი დაყროდა ბლომად,

ხოლო საჟენი ნახშირი მხრებზე.

კართან მივიდა ასული იგი

და ილმარინენს მიმართა ასე:

“ილმარინენო, ძვირფასო ძმაო,

მჭედელო დიდო, უკვდავო მარად!

გამომიჭედე სანდალი უცხო,

გამომიჭედე ბეჭდები კარგი,

ორი ან სამი საყურე კოხტა,

ხუთი ან ექვსი ქამარი ფართე,

სამაგიეროდ, სიმართლეს გეტყვი

და არ გავურევ სიცრუეს ოდნავ!”

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

ძვირფას დაიკოს მიუგებს ასე:

“თუ გასახარელს მომიტან ამბავს,

გამოგიჭედავ მშვენიერ კანჯოს,

გამომიჭედავ მე კოხტა ბეჭდებს,

გამოგიჭედავ მშვენიერ ჯვარსაც.

თუ მომიტანე ამბავი ცუდი,

მე სამკაულებს დავამსხვრევ უცებ,

იმ სამკაულებს ქურაში ჩავყრი

და მივცემ უცებ ცეცხლსა და ნაცარს”.

ტურფა ანიკი, ასული ღამის,

დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:

“ილმარინენო, მჭედელო ბრძენო!

ხომ ძლიერ გინდა შეირთო ცოლად

თვალად ლამაზი ასული იგი,

დანიშნული გყავს რომელიც უკვე.

შენ განუწყვეტლივ ჭედავ და ჭედავ

და ახმაურებ ვეება ურს,

ზაფხულში ჭედავ უამრავ რკინას,

მშვენიერ მარხილს აკეთებ ღამით,

დღისითაც მარხილს აკეთებ ხოლმე.

რათა ეწვიო სანატრელ ასულს,

რათა პოხელში მიხვიდე სწრაფად.

იცოდე კარგად, ნისლიან პოხელს

ესწრაფვის შენზე ეშმაკი კაცი,

რომელიც უმალ წაიყვანს იმას,

ვინც გეკუთვნის და ვინც გიყვარს ასე,

ვისაც ელოდი შენ ორი წელი

და სამი წელი ნატრობდი ცოლად.

ვეინემეინენ ესწრაფვის პოხელს,

ის მოიჩქარის აქეთკენ ნავით,

ოქროს ჩუქურთმა უმშვენებს კიჩოს,

სპილენძის საჭეს აბრუნებს სწრაფად”.

ილმარინენი აენთო უცებ,

სევდამ მოიცვა ვაჟკაცი რკინის

და გაუვარდა ხელიდან ურო

და დაუვარდა მარწუხი დაბლა.

ასე იტყოდა მჭედელი დიდი:

“ჰოი, ანიკი, დაიკოვ ჩემო!

შენთვის მშვენიერს გამოვჭედ სანდალს,

შენთვის გამოვჭედ მშვენიერ ბეჭდებს,

პატარა ჯვარსაც გამოვჭედ შენთვის

და ასე ორ-სამ საყურეს კოხტას

და ასე ხუთ-ექვს ქამარსაც ფართეს,

ოღონდ გაათბე აბანო ცივი,

ისე, რომ ბოლი ავარდეს ბლომად,

მსხვილი მორები შეუნთე ღუმელს,

ღუმელს შეუნთე ნაფოტი ბევრი

და მიუმატე ნაცარი ცოტა

და ნაცარტუტიც მიეცი მცირე,

რომ დავიბანო მე თავი კარგად,

რომ დავიბანო სხეული ნაცრით,

რომ მოვიცილო მშვენიერ ტანზე

ამ ცივი ზამთრის ბინძური წიდა!”

ულამაზესმა ასულმა ღამის,

დიდი მორები შეუნთო ღუმელს,

რომელიც მძლავრმა დახეთქა მეხმა,

და გააჩაღა ღუმელი დიდი.

წყლიდან მოიღო ლოდები მძიმე,

მერე მშვენიერს ეწვია წყაროს

და წყალი წმინდა წყაროდან ზიდა

და წყალი იგი დაასხა ლოდებს

და ლოდებიდან ავარდა ბოლი,

ცისფერი ბოლი ავარდა ბლომად.

ბუჩქზე მოსტეხა ტოტები მომცრო,

ხოლო ჭალაში ტოტები დიდი

და გახურებულ თაფლიან ლოდზე

თაფლისვე ცოცხი დამდუღრა მაგრად.

ტვინს შეურია მაწონი თეთრი

და შეამზადა საპონი უცხო

და შეამზადა საპონი ისე,

რომ შუქოვანი ავარდეს ქაფი,

რათა განწმინდოს სასიძო კარგად,

ჩამოაცილოს ტალახი ტანზე.

ულამაზესი ღამის ასული

მის განბანვაზე ზრუნავდა ოდეს,

ილმარინენმა, მჭედელმა დიდმა,

ყველა საგანი გასჭედა მისთვის,

მერე საგნები უბოძა ასულს,

დაიკოს მისცა საგანი ყველა.

ასე მიუგო ასულმა მჭედელს,

ასე ეტყოდა ღამის ასული:

“უკვე გავათბე აბანო კარგად

და ტკბილი კვამლიც ავუშვი უკვე

და თაფლოვანი დავმდუღრე ცოცხი

და დავაყენე სურნელი ამო.

აწ იბანავე რამდენიც გსურდეს

და თბილი წყალი ისხურე უხვად,

რათა სელივით გათეთრდეს თავი,

რათა თვალები ბრწყინავდეს თოვლებრ!”

ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,

აბანოსაკენ აიღო გეზი

და აბანოში შევიდა ოდეს,

მკვრივი სხეული იბანა დიდხანს,

თვალებში ენთო ნათელი დიდი,

საფეთქლებზედაც ალმური ენთო,

ყელი თეთრობდა ვითარცა კვერცხი,

სხეული მთელი ელავდა თეთრად.

ლემინკაინენ, მჭედელმა ბრძენმა,

მშვენიერ ასულს მიუგო ასე:

“ნაზო ანიკი, დაიკო ჩემო,

გამომატანე ხალათი კარგი,

ტილოს ხალათი მომეცი ჩქარა,

რომ შევიმოსო მშვენიერ ტანზე!”

ნაზმა ანიკმა, ღამის ასულმა,

გამოუტანა ხალათი ჭაბუკს,

რომ შეიმოსოს ჭაბუკი სწრაფად,

რომ დაიფაროს შიშველი ტანი.

გამოუტანა შარვალიც შემდეგ,

რომელიც ღვიძლმა შეკერა დედამ,

რომ ბარძაყები დაფაროს შარვლით,

სხვა ნაწილებიც დაფაროს კიდევ.

შემოუტანა წინდები ლბილი,

რომელიც დედამ მოქსოვა წინათ,

რათა ჩაიცვას ძამიკომ ფეხზე,

რათა დაფაროს კანჭები გრძელი;

შემოუტანა ჩექმები სწრაფად,

რომ შეიძინა ჭაბუკმა თითონ,

რათა წინდების დაფაროს წვერი,

რომ მოუქსოვა ოდესღაც დედამ;

ლურჯი ქურთუკიც მოიღო უცებ,

ქურთუკი ღვიძლის შინაგან ფერის,

რომ გარდაიცვას ხალათზე სწრაფად,

რომელიც გახლავთ სელის ქსოვილი;

მერე ხიფთანი მოიღო მტკიცე,

რომელიც გახლდათ მაუდი თხელი,

რათა ქურთუკზე გარდეცვა ჭაბუკს,

რომელიც გახლდათ მორთული ერთობ,

რომ გარდაიცვას ხიფთანზე სწრაფად,

რომელიც არის მაუდი თხელი;

გამოუტანა ქამარი ფართე,

მიმოქარგული ძვირფასი ძაფით,

რომელსაც ღამით კერავდა დედა,

როდესაც გახლდათ ქალწული იგი;

ხელთათმანებიც მოიღო ჭრელი,

რომელსაც ოქროს შვენოდა ქობა,

ლაფლანდიაში დიდხანს რომ კერეს,

შესამოსავად ლამაზი ხელის;

შემოუტანა მან ქუდი სწრაფად,

შესამკობელად ლამაზი თავის,

რომელიც მამამ იყიდა ადრე,

ოდეს ქორწილზე ზრუნავდა იგი.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

შეიმოსა და უბრძანა მონას:

“ფეხმარდი კვიცი შეუბი მარხილს,

მარხილი კარგი ლამაზად მორთე,

მივემართები პოხელში მარტო,

რათა სასიძოდ ვეწვიო პოხელს”.

მონა პასუხად ეტყოდა ასე:

“ექვსი გვიბია თავლაში ცხენი,

გულმოდგინებით ღეჭავენ შვრიას.

ცხენი რომელი შევკაზმო, ბრძანეთ!”

ილმარინენი უბრძანებს ასე:

“ჩქარა მომგვარე ზერდაგი კვიცი,

მარხილში იგი შეაბი ჩქარა

და მოოქროვილი მარხილის რკალზე,

მაგრად დაჭიმულ თასმებზე უღლის,

ექვსი გუგული ჩამოსვი კოხტად

და შვიდი ჩიტი, მხმობარი ამოდ,

რათა ასულნი გალობით დატკბნენ,

რათა ვიხილო ღიმილი მათი.

ტყავი დათვისა მოიღე სწრაფად,

რათა მოვირთხა მშვენიერ ტყავზე,

სწრაფად მოიღე ძაღლთევზას ტყავი,

გადავაფარო მარხილებს მაღლა!”

მონამ, რომელიც დღიურად შრომობს,

გულმოდგინებით შეკაზმა კვიცი,

კვიცი მარხილში შეაბა უმალ,

ქედზე დაადგა უღელი მძიმე

და მოოქროვილ მარხილის რკალზე,

მაგრად დაჭიმულ თასმებზე უღლის,

ექვსი გუგული ჩამოსვა კოხტად

და შვიდი ჩიტი, მხმობარი ამოდ.

სწრაფად მოიღო დათვისა ტყავი,

რათა პატრონმა მოირთხას ტყავზე,

ძაღლთევზას ტყავიც მოიღო სწრაფად,

ფეხსაბურად რომ იხმაროს იგი.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

მჭედელი დიდი, უკვდავი მარად,

შეემუდაარ დიდებულ უკოს,

მქუხარე უფალს ევედრა ასე:

უფალო, თოვლი მოიღე ზეცით,

მსუბუქი ბამბა მოიღე, ღმერთო,

რათა გაცურდეს მარხილი თოვლზე,

გაიშრიალოს მარხილმა ლაღად!”

და უკომ თოვლი მოიღო ზეცით,

მსუბუქი ბამბა მოიღო უკომ,

გადააფანტა უსაზღვრო ველებს,

გადაათეთრა კენწერო ხეთა.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

მჭედელი დიდი, უკვდავი მარად,

მარხილის თავზე მოექცა უცებ,

გახარებული იტყოდა იგი:

“უზენაესო უფალო ჩვენო,

თუ შენ მარხილებს ექმენი შემწედ,

მაშინ ვერაფერს დამაკლებს ეშმა,

ვეღარაფერი დამიმსხვრევს მარხილს!”

მან წამოავლო სადავეს ხელი,

ხელში მოიგდო მათრახი უცებ,

გადუტყლაშუნა ფერდებზე ზერდაგს

და მხიარული იტყოდა იგი:

“გაინავარდე, საღარო ჩემო,

სელისფაფარავ, გაფრინდი სწრაფად”.

სწრაფად გავარდა ზედაგი გზაზე,

ჭენებით მიჰყვა ქვიშიან ნაპირს,

სპილენძის ყურეს ჭენებით მიჰყვა,

და ჩაუარა თხმელნარის ქედებს,

ქვიშით ევსება თვალები მერანს,

მკერდზე ეხლება ზვირთები დიდი.

დღე ერთ იარა, იარა ორი,

და დღე მესამე დაიწყო ოდეს,

წამოეწია დიდებულ მოხუცს

და მოახსენა სიტყვები ტკბილი:

“ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,

მოდი, შევთანხმდეთ ორივე ეხლავ,

რომ ოდეს ასულს ვეწვევით სახლში,

სადაო ასულს ვეწვევით ოდეს,

ძალით არც ერთმა შევირთოთ ცოლად,

თვით აირჩიოს ასულმა ქმარი”.

ვეინემეინენ იტყოდა ასე:

“მე ძლიერ მაწყობს პირობა შენი.

არ შეიძლება შეირთო ძალით,

თუ არ ისურვა ასულმა თავად.

დე, იმას დარჩეს ასული უცხო,

ვისაც აირჩევს ასული იგი.

მე არ დავრჩები ნაწყენი შენზე,

გულს ნუ გავივლებთ ნურასდროს მტრობას”.

მათ გააგრძელეს ტავისი გზები

და გაეშურნენ სხვადასხვა გზებზე,

ნაპირის გასწვრივ მოცურავს კანჯო,

მიექანება ნაპირზე კვიცი.

სულ მცირე ხანი გავიდა შემდეგ,

სულ რაღაც წამი გავიდა მხოლოდ,

რომ ერთ სოფელში პოხელის მხარის,

იმ სარიოლას ნისლიან სოფლად,

ძაღლმა, რომელიც უტევდა მომხდურს,

რომელიც სახლ-კარს იცავდა მარჯვედ,

რომელიც იჯდა ხნულის ბოლოში

და აქანებდა ბანჯგვლიან ბოლოს,

დიდი ხმაური ასტეხა უცებ

და უწყვეტელი გააბა ყეფა,

შემდეგ კი დაცხრა ქოფაკი ავი

და ძვირად ყეფდა მყეფარი შემდეგ.

მკაცრი პოხელის პატრონი დიდი

ასე ეტყოდა საყვარელ ასულს:

“გარეთ გახედე, ასულო ჩემო,

ასულო ნაზო, გახედე გარეთ,

მწარედ წკავწკავებს მყეფარი რუხი,

სჩანს, ნაცემია საწყალი ყურშა!”

გაეპასუხა ასული მამას,

გაეპასუხა ასული ურჩი:

“ვერ ავუდივარ საკუთარ საქმეს,

ოჯახში საქმე ბევრია ფრიად:

საქონლის მოვლა, ფარეხის დაგვა,

დატრიალება დოლაბის დიდის,

რომ რბილად დავფქვა მარცვალი მცირე

და გავატარო საცერში სუფთად.

დოლაბით შრომა ძნელია მარტო,

მარტო ამისთვის არ მყოფნის ძალა”.

აღარ ჩერდება ერთგული ყურშა,

ერთგული ყურშა ვიღაცას უყეფს,

მკაცრი პოხელის პატრონი დიდი

ძვირფას მეუღლეს მიუგებს მშვიდად:

“გარეთ გახედე, მეუღლევ ჩემო,

ერთგულო ჩემო, გახედე გარეთ,

მწარედ წკავწკავებს მყეფარი რუხი,

ჩანს, ნაცემია საწყალი ყურშა!”

გაეპასუხა მოხუცი მოხუცს,

გაეპასუხა მეუღლე ურჩი:

“ვერ ავუდივარ საკუთარ საქმეს,

ოჯახში საქმე ბევრია ერთობ:

სადილისათვის ვზრუნავარ ეხლა,

სასწრაფოდ უნდა დაცხობა პურებს,

მსხვილია პური, ფქვილი კი წვრილი,

ერთი ქალისთვის ეს საქმეც კმარა”.

პატრონი დიდი იტყოდა ასე:

“მუდამ ფუსფუსებს მოხუცი ქალი,

ქალიშვილებსაც საქმე აქვთ მუდამ:

მიუჯდებიან მხურვალე ღუმელს,

ან ეწვევიან სანუკვარ ლოგინს.

შენ გაიხედე, ვაჟკაცო ჩემო!”

გაეპასუხა ვაჟკაცი მამას,

ჭაბუკმა მოხუცს მიუგო ასე:

“მე არ მცალია არც ერთი წუთით,

უნდა გავლესო ნაჯახი სწრაფად,

უნდა დავაპო მორები მძიმე

და დავამზადო წვრილი ნაპობი,

სქელია მორი – ნაპობი წვრილი,

ერთი კაცისთვის ეს საქმეც კმარაა”.

დასკუპებული მინდვრის ბოლოში,

მოუსვენრად რომ აქანებს ბოლოს,

მყეფარი იგი არ იშლის ყეფას,

სულ იღრინება მყეფარი იგი,

მყეფარი ავი წკმუტუნებს ცხარედ,

ეზოს დარაჯი წკმუტუნებს მძაფრად.

ასე იტყოდა პატრონი დიდი:

“ალბათ არსებობს მიზეზი რამე,

რამე საბაბი არსებობს ალბათ,

რომ იღრინება ქოფაკი რუხი

და რაღაც იჭვით უყურებს ფიჭვებს”.

მან გადიარა ლამაზი ეზო,

მინდვრის ბოლოში გავიდა იგი,

იგი მიადგა საკუთარ ყაბას,

სურს გაარკვიოს რაშია საქმე.

პოხელის მხარის პატრონმა დიდმა

მინდვრის ბოლოში შენიშნა ძაღლი,

მისჩერევბოდა მყეფარი ქედებს

და მურყნარიან გორების მწვერვალთ.

მიხვდა პოეხელის პატრონი დიდი,

რატომ აქნევდა მყეფარი ბოლოს,

რომ წკმუტუნებდა ესოდენ ცხარედ,

რომელსაც ტოლი არა ჰყავს ქვეყნად.

ხედავს, მარხილიც მოფრინავს ლაღად,

თაფლის ნაპირებს მოჰყვება იგი.

დიდი პატრონი პოხელის მხარის

მაშინ სასწრაფოდ დაბრუნდა სახლში

და, შეაღწია ოთახში ოდეს,

შეშფოთებული იტყოდა იგი:

“გვიახლოვდება ლამაზი კანჯო,

ლემპოს ყურეზე მოარხევს აფრებს,

აქეთ მარხილიც მოფრინავს ლაღად,

ის თაფლით მდიდარს მოჰყვება ნაპირს”.

დიასახლისი პოხელის მახრის

შეშფოთებული იტყოდა ასე:

“საქმე ის არის, გავიგოთ როგორ,

თუ რა განზრახვით მოსულან ჩვენთან?

ასულო, ჭნავის აიღე მორი

და შეუკეთე სასწარფოდ ღუმელს,

ხეთა მშვენება აქციე ცეცხლად

და გააჩაღე ღუმელში ცეცხლი.

თუ სისხლის წვეთი გამოჩნდა ჭნავზე,

მაშინ საომრად მოდიან ჩვენთან

და თუ გამოჩნდა მარტოდენ წყალი,

მაშინ მშვიდობა გვეწვია მხოლოდ”.

პოხელის მხარის ასულმა ნაზმა,

სათნო ასულმა, პოხელის მხარის,

ლამაზი ჭნავი შეუნთო ღუმელს,

ცეცხლად აქცია მშვენება ხეთა,

მაგრამ ზედ წყალი გამოჩნდა როდი,

ან ცხელი სისხლის წვეთები მძიმე,

ხედავს, რომ წვეთა დაიწყო თაფლმა,

ტოტიდან წვეთენ წვეთები ტკბილი.

აქ სუოვაკო იტყოდა ასე,

ის საწოლიდან იტყოდა ჩუმად:

“თუ ტოტებიდან მოჟონავს თაფლი,

თუ თაფლის ტკბილი წვეთები წვეთენ,

მაშინ გვეწვევა სტუმრები უცხო,

სასიძოების გვწვევია გუნდი”.

დიასახლისი პოხელის მხარის

ასულთან ერთად გავიდა გარეთ,

გადაიარა სასწრაფოდ ეზო

და კუტუკარიც დასტოვა უკან.

მერე მზისაკენ მიიქცნენ სახით

და უსასრულოს გახედეს სივრცეს,

ლემპოს ყურეზე შენიშნეს აფრა,

ასფიცრიანი შეიცნეს კანჯო,

ნაცრისფერი რომ შვენოდა ქვევით,

წითელი ფერი შვენოდა მაღლა.

ვაჟკაცი მძლავრი მართავდა საჭეს,

ნიჩბებთან იჯდა მოხუცი მძლავრი.

ზერდაგი კვიციც შენიშნეს უმალ

და მარხილები, მორთული ერთობ,

ზერდაგი ზათქით აყრუებს ნაპირს,

ის თაფლით მდიდარს მოჰყვება ყურეს,

ექვსი გუგული რკალზე ზიხ კოხტად,

შვიდი ცისფერი ღუღუნებს ჩიტი,

ზის მარხილებზე ჭაბუკი ვინმე,

ხელში სადავე უჭირავს მაგრად.

დიასახლისი პოხელის მხარის

მშვენიერ ასულს ეტყოდა ასე:

“ულამაზესო ასულო ჩემო,

თუ საქორწილოდ მოდიან ჩვენთან,

ხომ მისთხოვდები ორიდან ერთ-ერთს,

რომ გაუწიო ცოლობა კარგი?

იგი, რომელიც მოცურავს ნავით,

წითელი ნავით ისწრაფვის აქეთ,

მღელვარე ყურეს მოჰყვება სწრაფად,

ვეინემეინენ ბრძანდება იგი.

მას ულაგია მარაგი ფსკერზე,

ნავში სიმდიდრე უყრია უხვად.

იგი, რომელიც ხმელეთით მოდის,

ჭრელი მარხილით ისრაფვის აქეთ,

თაფლიან ყურეს მოჰყვება სწრაფად,

ილომარინენი ბრძანდება იგი.

იგია გმირი ღატაკი ფრიად,

მარხილით მოაქვს აღთქმები მხოლოდ.

ოდეს შევიდნენ ისინი სახლში,

დიდებულ სახლში შევიდნენ ოდეს,

შენ ჭიქით თაფლი მოიღე სწრაფად

და მიაწოდე ერთ მათგანს იგი,

რომელსაც გულით აირჩევ საქმროდ,

რომელსაც გინდა მისთხოვდე ცოლად.

გიჯობს ვეინეს მიართვა თაფლი,

ნავით რომ მოაქვს საუნჯე მძიმე!”

მშვენირება პოხელის მხარის

საყვარელ დედას მიუგებს ასე:

“უძვირფასესო დედაო ჩემო,

არ მივთხოვდები ვეინეს ცოლად,

არ დავხარბდები საუნჯეს მძიმეს,

არაფრად მინდა სიმდიდრე მისი.

ცოლად გავყვები მშვენიერ ჭაბუკს,

იმ ილმარინენს გავყვები ცოლად,

რომელმაც ჩვენთვის გასჭედა სამპო,

თავსახურავით დახურა ჭრელით.

დედაო, შენ ხომ მატარე დიდხანს

და ქვეყანაზე წვალებით მშობე,

არ გაგონილა არასდროს იგი,

რომ გაეყიდოს ასული დედას”.

დიასახლისი პოხელის მხარის

საყვარელ ასულს მიუგებს ასე:

“ნამდვილად ბრიყვი კრავი ხარ, შვილო,

დაგიკარგია გონება მთელი,

შენ ილმარინენს მიყვები ცოლად,

ცოლად მიყვები უპოვარ ჭაბუკს,

რათა გარეცხო ხალათი მისი

და ცხელი ოფლი მოწმინდო ტანზე!”

მშვენიერება პოხელის მხარის

საყვარე დედას მიუგებს ასე:

“უძვირფასესო დედაო ჩემო,

არ მივთხოვდები ვეინეს ცოლად,

მოსაწყენია მოხუცი კაცი,

მასთან გაძლება ძნელია ძალზე”.

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

ვადაზე ადრე ეწია მიზანს

და დამაშვრალმა წითელი კანჯო

რკინის სატკეცზე შეადგო უცებ,

რომ ურევია სპილენძი ბლომად.

სწრაფად შევიდა ოჯახში იგი

და იატაკზე დამდგარმა მტკიცედ,

კარის დირესთან დამდგარმა მყარად,

ასე მიუგო მშვენიერ ასულს,

სანატრელ ასულს მიუგო ასე:

“მკაცრო პოხელის ასულო ნაზო,

თუ გამომყვები ნეტავი ცოლად,

რომ ჩემთან დაჰყო სიცოცხლე მთელი,

გაინაწილო ტკბილიც და მწარეც?”

ნაზი ასული პოხელის მხარის

დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:

“თუ გააკეთე ლამაზი კანჯო,

თუ ააშენე სანდალი კოხტა,

ნამსხვრევებისგან თითისტარისა

და ჩემი კოჭის ნაჭრებისაგან?”

ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:

“მე დიდებული შევქმენი კანჯო,

მცირე ხომალდი შევკარი მაგრად,

არ დაიშლება ხომალდი ქარში,

მედგრად დახვდება მოვარდნილ ავდრებს;

ოდეს შევაგდებ ტალღებზე სანდალს,

იგი ტალღებზე იცურებს ამოდ

და ამაღლდება ვითარცა ბუშტი

და შეირხევა ყვავილის დარად”.

მშვენიერება პოხელის მხარის

დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:

“არ მინდა ქმარი, მოსული ზღვიდან,

რომელიც მუდამ ტალღებზე ცხოვრობს,

მას ხომ ქარები ურტყამენ ტვინში,

გონება მისი მიყვება ქარებს.

ვერ წამოგყვები, მოხუცო, ცოლად,

მე ვერ გავხდები მეუღლე შენი,

რათა დაგიგო ლოგინი დროზე,

თავსასთუმალი დაგიგო თავთან”.

 

რუნა მეცხრამეტე

 

ილმარინენიც, მჭედელი ბრძენი,

გახარებული მოადგა ეზოს,

სახლის კარები შეაღო სწრაფად,

შეუჩერებლივ შევიდა სახლში.

და ილმარინენს, დიდებულ მჭედელს,

შესვლისთანავე მიართვეს თაფლი,

მაგრამ აენთო ჭაბუკი ერთობ,

მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:

“ვიდრე ანათებს ზეცაზე მთვარე,

ამ ყვეყანაზე დავდივარ სანამ,

არაფერს შევსვამ პოხელის სახლში,

არ შევეხები პოხელში სასმელს,

თუ არ არ აპირებს გამომყვეს ცოლად,

ტურფა ასული პოხელის მხარის”.

დიასახლისი პოხელის მხარის

დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:

“მაშინ იგულვე ასული ცოლად,

ასული ცოლად მომთხოვე მაშინ,

გველების მინდორს გადახნავ ოდეს,

ისე გადახნავ გველების მინდორს,

რომ ძვრას არ იზამს სახნისი შენი,

არ შეირხევა გუთანი ოდნავ.

ლემპომ გადახნა მინდორი ადრე,

ძველად ხიისიმ გადახნა იგი.

ერთხელ სპილენძის მაგარი გუთნით,

ცეცხლოვან რკინის სახნისით ერთხელ,

იქ ვაჟმა ჩემმა იშრომა დიდხანს

და ნახევარიც ვერ დახნა ველი”.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

მჭედელი დიდი, უკვადვი მარად,

სწრაფად ეწვია ოთახში ქალწულს

და სევდიანმა მიუგო ასე:

“ულამაზესო ასულო ღამის!

დრო გარდასული თუ გახსოვს ნეტავ,

ოდეს ლამაზი გავჭედე სამპო,

თავსახურავით დავხურე ჭრელით?

მაშინ უბრძნესი ღვთაების მიმართ,

დიდებულ უფლის სახის წინაშე,

შენ ფიცი ფიცე წმინდა და მტკიცე,

შენ უწმინდესი დასდევი აღთქმა,

რომ გახდებოდი ვაჟკაცის ცოლი

და თანამგზავრი ცხოვრების გზაზე.

მაგრამ ჯიუტობს მოხუცი დედა,

შენ თავს არ მანდობს მშობელი შენი,

თუ არ გადავხნავ გველების მინდორს,

თუ არ დავფარცხავ გველების ველებს”.

ასული ბინდის, ასული ღამის,

დიდებულ მჭედელს არიგებს ასე:

“ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,

მჭედელო დიდო, უკვდავო მარად!

ოქროს სახნისი გასჭედე უცებ,

ლამაზი ვერცხლით შეამკე იგი

და იმ სახნისით გადახნავ მინდორს,

უმალ გადახნავ გველების ველებს”.

ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,

სწრაფად ჩაყარა ქურაში ოქრო

და მიუმატა ოდნავი ვერცხლიც

და შეამზადა სახნისი უცებ.

რკინისგან შექმნა ჩექმები მყარი,

სპილენძისაგან დანები ბასრი;

მერე ჩექმები ჩაიცვა ფეხზე

და დაიფარა კანჭები კარგად.

სწრაფად ჩაიცვა ხალათი რკინის,

წელზე შეირტყა ფოლადი მტკიცე,

რკინის თათმანი მოირგო ხელად,

ხელად მოირგო ხელჯაგი ქვების,

ცეცხლის მერანი გასჭედა შემდეგ

და იგი ეტლში შეაბა სწრაფად

და მიაშურა გველების მინდორს,

გველების ველებს ეწვია იგი.

ხედავს, წივიან გველები მწარედ,

იგრიხებიან თავები გველთა,

და უდიდესი მჭედელი, ბრძენი,

უნასთა მიმართ ღაღადყოფს ასე:

“ო, უფლის მიერ შექმნილნო გველნო!

აქ თქვენი ხახა ვინ ახსნა ნეტავ,

ნეტა ვინ შექმნა თავები თქვენი,

ესოდენ სწორი, ასეთი ვიწრო,

ვინ აგახედათ ესოდენ მაღლა,

ვინ აგიზიდათ კისრები ასე?

ჰოი, განვედით, ბოროტნო, გზიდან,

ნაქერალისკენ აიღეთ გეზი,

გადაუქროლეთ ტყეების ტევრებს,

გადაუქროლეთ ბალახებს სწრაფად.

თუ ხელმეორედ ეწვიეთ მინდორს,

მაღალი უკო გაგიჭეჭყთ თავებს,

შუა გაგაპობთ ფოლადის ისრით,

რკინის წვიმებით გაგემებთ გვემას”.

გადაუარა გველების მინდორს,

გადაუარა გველების ველებს,

ოქროს სახნისით გადახნა გველნი,

მაგარი გუთნით აგემა გვემა

და დედაბერთან დაბრუნდა ოდეს,

ასე ეტყოდა დედაბერს იგი:

“გადავუარე გველების ველებს,

ოქროს სახნისით გადავხან გველნი,

მაგარი გუთნით ვაგემე გვემა.

მომეც ასული, მოხუცო ბრძენო,

ულამაზესი მეუღლეს მომეც!”

დიასახლისი პოხელის მხარის

იდებულ მჭედელს მიუგებს ასე:

“მაშინ მომთხოვე ასული ცოლად,

ნაზი ასულო მომთხოვე მაშინ,

ტუონის დათვი შეიპყრო ოდეს,

ბნელი მანალის შეიპყრო მგელი,

მათ შესაპყრობად წასულა ხალხი,

მაგრამ არავინ მოსულა უკან”.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

მჭედელი დიდი, უკვდავი მარად,

სწრაფად ეწვია ოთახში ქალწულს

და სევდიანი ეტყოდა ასე:

“მე დავალება მივიღე ერთიც,

ის ადრინდელზე ძნელია უფრო:

უნდა ვეწვიო სამეფოს სულთა,

უნდა ვეწვიო უსიერ ტევრებს,

რათა ტუონის შევიპყრო დათვი,

ძველი მანალის შევიპყრო მგელი”.

მწუხრის და ღამის ასული ნაზი

დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:

“ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,

მჭედელო დიდო, უკვდავო, მარად!

წყალში აღმართულ ვეება ლოდზე,

რომელსაც რეცხავს ნაკადი სამი,

შექმენ ფოლადის სადავე სწრაფად,

და რკინის მტკიცე ქამარი შექმენ,

რათა ტუონის შეიპყრო დათვი,

ძველი მანალის შეიპყრო მგელი”.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

მჭედელი დიდი, უკვდავი მარად,

წყალში აღმართულ ვეება ლოდეზ,

რომელსაც რეცხავს ნაკადი სამი,

შექმნის ფოლადის სადავეს სწრაფად

და რკინის ქამარს გაჭედავს მტკიცედ.

მძვინვარე მხეცნი დაეცხრო რათა,

მჭედელი დიდი იტყოდა ასე:

“ტერხენეტარო, ასულო ღრუბლის!

ჭალაში, სადაც ნადირნი ვლიან,

ღრუბლებში საცრით გასცარი უცებ

და მიმოფანტე ღრუბლებით ჩრდილი,

რათა ნაბიჯებს ყური არ მოკრას,

არ განმერიდოს ნადირი გზაზე!”

ბნელი მანალის უსიერ ტევრში,

ნისლით დაბურულ ტუონის ველზე,

მგელს ხარბი პირი აუკრა სწრაფად

და ჯაჭვით მძლავრად გაძაგრა დათვი

და დედაბერთან დაბრუნდა ოდეს,

ასე მიუგო დედაბერს მშვიდად:

“მე ტუონელის შევიპყარ მგელი,

ძველი მანალის შევიპყარ მგელი,

ეხლა მომეცი ასული ცოლად,

ულამაზესი მეუღლედ მომეც!”

დიასახლისი პოხელის მხარის

ასე მიუგებს დიდებულ მჭედელს:

“ცოლად გაგატან მშვენიერ ასულს,

მტრედს ლაჟვარდოვანს გაგტან ცოლად,

თუ ტუონელის ნაკადში ბნელში,

სასტიკი მანის უსიერ ფსკერზე

ქარიყლაპიას შეიპყრობ მსუქანს,

თუ მსუქან სულელს ჩაიგდებ ხელში

ისე, რომ წყალზე ბადე არ გადო,

არც ფაცერკოდი არ გადო წყალზე.

მის დასაჭერად წასულა ბევრი,

მაგრამ არავინ მოსულა უკან”.

სევდამ მოიცვა ჭაბუკი ლაღი,

ილმარინენი მოიცვა სევდამ,

გამოეცხადა მშვენიერ ასულს,

დამწუხრებული მიუგებს ასე:

“მე დავალება მივიღე კიდევ,

ის ადრინდელზე ძნელია უფრო:

ტუონელისა ამღვრეულ წყალში,

სასტიკი მანის უსიერ ფსკერზე,

ქარიყლაპია შევიპყრო უნდა,

უნდა შევიპყრო მსუქანი თევზი

ისე, რომ წყალზე ბადე არ გავდო,

არც ფიცერკოდი არ გავდო წყალზე”.

ასული ბინდის, ასული ღამის

მიუგებს დიდებულ მჭედელს:

“ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,

ნუ დაეცემი ნურასდროს სულით!

ცეცხლიდან ჩიტი გასჭედე მტკიცედ,

ლაღი არწივი გასჭედე მტკიცედ,

ლაღი არწივი გასჭედე სწრაფად!

და ტუონელის ნაკადში ბნელში,

სასტიკი მანის უსიერ ფსკერზე,

ქარიყლაპიას გაძაგრავს ,ძლავრად,

იმ მსუქან სულელს შეიპყრობს იგი”.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

მჭედელი დიდი, უკვდავი მარად!

უცებ გასჭედავს ცეცხლიდან ფრინველს,

ცეცხლიდან არწივს გააჩენს იგი.

თითები მისი – მაგარი რკინა,

კლანჭები მისი – ფოლადი მტკიცე

და ფრთები მისი ნავები დიდი,

თვითონ არწივი ვეება ერთობ.

ილმარინენი ავიდა ფრთებზე,

ფრინველის ზურგზე მოექცა იგი.

მან გააფრთხილა არწივი ლაღი,

მან ამაყ ფრინველს ურჩია ასე:

“უძვირფასესო ფრინველო ჩემო!

კარგად ისმინე ბრძანება ჩემი:

ტუონელისკენ გაფრინდი სწრაფად,

სწრაფად დაეშვი მანალის ფსკერზე,

იქ შეიპყარი მსუქანი თევზი,

ქარიყლაპიას მოუღე ბოლო”.

ლაღი არწივი გაიჭრა უცებ,

გაინავარდა არწივმა ლაღმა,

რომ ტუონელის ამღვრეულ წყალში,

სასტიკი მანის უსიერ ფსკერზე,

ქარიყლაპია შეიპყროს სწრაფად,

კბილწამახული შეიპყროს თევზი.

იგი ფრთით ერთით შეეხო ტალღებს,

ხოლო მეორით ზეცამდე მიწვდა,

ფოლადის ბრჭყალით მოთხარა ფსკერი,

ნისკარტი მძლავრი წამოდო ტინებს.

ილმარინენი მოფრინდა სწრაფად,

დარაჯად ახლავს არწივი ლაღი

და ტუონელის უსიერ ფსკერზე

ქარიყლაპიას დაუწყო ძებნა.

ამ დროს უეცრად რაღაცა მხეცი

თავზე დააცხრა დიდებულ მჭედელს,

მაგრამ იმარჯვა არწივმა ლაღმა

და მოუგრიხა კისერი მძლავრი,

უსიერ ფსკერზე დაუსვა შემდეგ

და მსუყე შლამში ჩაჭედა ბოლოს.

ქარიყლაპია ამოძვრა მაინც,

მდინარის ძაღლი ამოსხლტა ისევ,

იგი გიგანტი როდია ტანად,

მაგრამ პატაარც როდია იგი:

ენა აბია ნაჯახის სიგრძე,

ფოცხის სიფართე – მდინარე სამი,

სიფართე ზურგის – შვიდიოდ კანჯო.

ცდილობს დააცხრეს დიდებულ ვაჟკაცს,

მჭედელის შთანთქმა სწყურია ძლიერ.

ისევ დაეშვა არწივი ლაღი,

ზეცის ფრინველი დაეშვა ისევ;

იგი გიგანტი როდია ტანად,

მაგრამ პატარაც როდია იგი:

ნისკარტი მისი – საჟენი ასი,

პირი ექვსიოდ მდინარის იტევს,

ექვსიოდ შუბის სიგრძეა ენა,

ხუთიოდ ცელის ტოლაა ბრჭყალი.

მან მიაშურა საშინელ მორევს,

ქარიყლაპიას გაენთო უკან,

რათა შეიპყროს საშიში თევზი,

მტკიცე კლანჭებში მოიგდოს უცებ.

უზომოდ დიდმა საზარმა თევზმა,

მოხერხებულად მცურავმა ფსკერზე,

მაგრად შეუკრა ბრჭყალები არწივს,

რკინის თათები შეუკრა მაგრად.

მაღლა ამოსხლტა არწივი უცებ,

ამოიზიდა არწივი ზევით,

ფოლადის ბრჭყალებს მოათრევს წყლიდან,

შავი შლამიდან მოათრევს ბრჭყალებს.

შეითამაშა ჰაერში ლაღად,

მერე მეორედ მოსინჯა ბედი,

ქარიყლაპიას დააცხრა თავზე,

გამოუფატრა ფერდები მძლავრად,

მაგრამ აუცდა მეორე ბრჭყალი

და რკინის კლდეზე შემოჰკრა უცებ

და ტკინის ბრჭყალი რკინაზე ასხლტა,

ბრჭყალიდან გასხლტა მსუქანი თევზი.

თევზი არწივის გაექცა ბრჭყალებს

და მიაშურა სიღრმეებს სწრაფად,

ფერდზე ჭრილობის აჩნია ხვრელი,

ღარები გრძელი აჩნია მხრებზე.

ლაღი არწივი, რკინის ბრჭყალებით,

ისევ დააცხრა უეცრად თავზე,

სასტიკი ცეცხლით იელვეს ფრთებმა,

ნაპერწკლებს ისვრის თვალები მისი.

არწივმა მხეცი შიპყრო უცებ

და მოიმწყვდია მარწუხში მძლავრად,

და გამძაფრებით მოათრევს ზღვაზე.

იმ ტუონელის ამღვრეულ წყალში,

სასტიკი მანის უსიერ ფსკერზე,

ასე შეიძლო არწივმა მძლავრმა,

გადაეძლია მსუქანი თევზი,

გადაეძლია მესამე ცდაზე,

ამოეთრია სიღრმიდან მაღლა.

მდინარე გახდა საცნობი ძნელი,

იმდენი ქერცლი ცურავდა წყალზე,

ძნელი საცნობი შეიქნა ზეცაც,

ზეცაშიც ფრენდა იმდენი ფრთები.

სწრაფად წაიღო არწივმა ლაღმა

თევზი, მოსილი მაგარი ქიცვით,

და აიტანა მუხისა ტოტზე

და ნაძვის წვერზე აზიდა უმალ.

მერე მან გემო მოსინჯა თევზის,

გამოუფატრა ფერდები ფართე,

მკერდი ბრჭყალებით გაუპო ორად,

განაცალკევა ტანიდან თავი.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

დამწუხრებული იტყოდა ასე:

“ეს რა იკადრა არწივმა ლაღმა,

ცუდი დამხმარე ყოფილა იგი,

ქარიყლაპიას გასინჯა გემო,

გამოუფატრა ფერდები ფართე,

მკერდი ბრჭყალებით გაუპო ორად,

განაცალკევა ტანიდან თავი!”

სწრაფად გაფრინდა არწივი ლაღი

ა მოაშურა შორეულ სივრცეს,

იარა მაღლა არწივმა ლაღმა,

ღრუბელთა მიღმა ამაღლდა ბოლოს.

იღუნებიან ღრუბლები მღვრიე,

გადმოიღუნა ცარგვალი ზეცის,

მშვილდი გარდუტყდა დიდებულ უფალს,

დიდებულ მთვარეს დაემსხვრა რქები,

ზეცას აღმოხდა ქვითინი მწარე,

ჩვილი ბალღივით ატირდა ზეცა.

ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,

მოიღო თავი მსუქანი თევზის

და როგორც ძღვენი მიართვა მოხუცს,

მომავალ სიდედრს მიუგო ასე:

“ქარიყლაპიას მაგარი თავი,

დაე, მაგიდად გამოდგეს თქვენთან”.

ილმარინენმა განაგრძო შემდეგ,

ასე მოუგებს დედაბერს იგი:

“გველებით სავსე გადავხან მდელო,

გავანადგურე გველების მხარე,

ძველი მანალის შევკარი მგელი,

ტუონის დათვიც ავძაგრე მძლავრად.

ქარიყლაპიაც შევიპყარ უკვე,

ტუონის ფსკერზე შევიპყარ იგი.

მშვენიერ ასულს თუ მომცემ ეხლა,

თუ გაიმეტებ მშვენიერ ასულს?”

დიასახლისი პოხელის მხარის

ასე მიუგებს დიდებულ მჭედელს:

“შენ მოქცეულხარ ძალიან ცუდად,

რომ მოგიჭრია თევზისთვის თავი,

გამოგიფატრავს ფერდები ფართე,

რომ გაგიპია გულმკერდი ორად”.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,

მომავალ სიდედრს მიუგეს ასე:

“ადგილი კარგიც რომ იყოს ფრიად,

მცირე ნადავლსაც ვერ იგდებ ხელში,

თუ არ შეგემთხვა ფარსაგი რამე,

არ განიცადე ზარალი ოდნავ,

მე ხომ ტუონში შევიპყარ იგი,

სასტიკი მანის შევიპყარ ფსკერზე.

მშვენიერ ასულს თუ მომცემ ეხლა,

თუ გაიმეტებ მშვენიერ ასულს?”

დიასახლისი პოხელის მხარის

დიდებულ მჭედელს ეტყოდა ასე:

“დიახ, მზად არის ასული ჩემი!

ამ პატარა და უნაზეს ფრინველს

მე ილმარინენს გავატან ცოლად,

რომ გაუწიოს ცოლობა კარგი,

რომ გაუწიოს უღელი მძიმე”.

მიწაზე იჯდა პატარა ბიჭი,

პატარა ბიჭი ამღერდა ასე:

“აღმოსავლიდან არწივი მოქრის,

ამაყი ქორი მოფრინავს ციდან,

მან შენობასთან იელვა უცებ,

შორეულ სახლთან მიფრინდა იგი,

ცალი ფრთა ღრუბლებს წამოსდო მძლავრად,

ხოლო მეორე მრისხანე ტალღებს,

ნაკადებს აპობს ძლიერი ბოლო,

ამაყი თავით ეხლება ზეცას,

იგი თვალს ავლებს ბეჯითად არეს,

გაფრინდება და შედგება წამით,

და პალატებში ეწვევა კაცთა

და უკაკუნებს ნისკარტით კარებს,

მაგრამ არ ძალუძს შეღწევა არწივს,

რკინა არტყია პალატებს ირგვლივ.

იგი თავსლ ავლებს ბეჯიტად არეს,

გაფრინდება და შედგება წამით

და პალატებში ეწვევა ასულთ

და უკაკუნებს ნისკარტით კარებს,

მაგრამ არ ძალუძს შეღწევა არწივს,

სპილენძისაა პალატი ირგვლივ.

იგი თავლს ავლებს ბეჯითად არეს,

გაფრინდება და შედგება წამით,

ასულთა ბინას ეწვევა სწრაფად

და უკაკუნებს ნისკარტით კარებს,

მაგრამ არ ძალუძს შეღწევა არწივს,

ტილოს ყოფილა პალატი ირგვლივ.

საკვამურისკენ გაფრინდა იგი

და სახურავზე დაეშვა სწრაფად,

ჩამოაფხრიწა მან რაფა სარკმელს,

ჩამოისვენა სარკმელზე წამით,

წამით კედელზე ჩამოჯდა დინჯად,

ჩალანგარებზე ჩამოჯდა შემდეგ.

მიმოიხედა არწივმა ირგვლივ

და შეამჩნია ასული უცებ,

სილამაზით რომ ჩაგრავდა ყველას,

ნაწნავები რომ შვენოდა გრძელი.

არწივმა ბრჭყალი ჩაავლო მტკიცედ,

მაგრად ჩაავლო ბრჭყალები ქორმა

და გაიტაცა ასული ნაზი

და გაუკაწრა სხეული ასულს,

მერე ბოლოზე შეისვა სწრაფად,

ნაზი ბუმბულით მოსილ ბოლოზე,

და გააქროლა ასული იგი,

სილამაზით რომ ჩაგრავდა ყველას,

რომელიც გახლდათ თეთრი და სხარტი,

და ჰქონდა ტანი ლამაზი მეტად,

მომოარხევდა მშვენიერ სხეულს”.

დიასახლისი პოხელის მხარის

გაოცებული იტყოდა ასე:

“როგორ გაიგე, ძვირფასო ჩემო,

როგორ შეიტყვე ამბავი იგი,

რომ იმყოფება ასული პოხელს,

რომელსაც შვენის ნაწნავი სელის?

იქნებ იელვა ასულის ვერცხლმა,

ასულის ოქრომ იელვა იქნებ,

იქნებ მოგფინათ მთოვარემ შუქი,

ან მოგევლინათ ნათელი მზისა?!”

მიწაზე მჯდარი პატაარ ბიჭი,

ბოროტ დედაბერს მიუგებს ასე:

“მე თქვენ გიამბობთ, ჭაბუკმა ლაღმა

როგორ იპოვა საჭირო გზები,

როგორ მიაგნო ასულის სახლი,

როგორ მოადგა ასულის კარებს.

მან შეიტყო, რომ ასულის მამამ

ზღვით წარმოგზავნა ხომალდი დიდი,

მან შეიტყო, რომ დაგრეხილ პურებს

ნიადაგ აცხობს ასულის დედა,

რომ პური იგი კარგია ერთობ,

რომ მხოლოდ სტუმრებს მასპინძლობს იმით.

მე კიდევ გეტყვით ორიოს სიტყვას,

როგორ გაიგო ჭაბუკმა იგი,

რომ გაიზარდა ასული პოხელს,

რომ აიზიდა ასული მაღლა.

ერთხელ ჭაბუკმა ადრიან დილით

გაიღვიძა და წამოდგა ფეხზე,

გადაიარა სასწრაფოდ ეზო,

არდგმულთან ახლოს მივიდა იგი.

უცებ შენიშნა ასულის ბინა,

ასულის ეზო შენიშნა უვებ,

საკვამურიდან დიოდა ჭვარტლი,

ბოლის ბილქვები ვიდოდა მაღლა.

ეზოში იდგა ასული უცხო,

ასული ლესად დოლაბზე ქასურს,

ქასურნი მღერდნენ გუგულის დარად,

ნახვრეტნი მღერდნენ ვითარცა იხვნი,

ჭიჭინასავით ხმობდა საცერი,

მარგალიტივით წკრიალებს ქვები.

მეორე დღესაც გავიდა გარეთ,

ცაფიქრებულმა იარა დიდხანს,

უცებ იხილა ასული ნაზი,

ყვავილოვანზე იხილა ველზე,

სული ქვაბებს ღებავდა წითლად,

ყვითელს საღებავს ხარშავდა იგი.

მესამე დღესაც გავიდა გარეთ

და ფანმჯარაზე მიადგა ასულს:

ესმის, რომ აქსოვს ასული იგი

და ლაფათინი მოძრაობს სწორად:

ხალისიანად სრიალებს მაქო,

თითქოს სრიალებს ყარყუმი ქვაზე,

ლაფათინზე კი რეკავენ კბილნი,

თითქოს კოდალა ურტყამდეს ნისკარტს,

საქსელე ლილვი მიმოდის ისე,

თითქოს ტოტებზე დახტოდეს ციყვი”.

დიასახლისი პოხელის მხარის

საყვარელ ასულს მიუგებს ასე:

“უძვირფასესო ასულო ჩემო!

რამდენჯერ მითქვამს ასეთი სიტყვა:

ნუ იმღერებთქო ნაძვნართა შორის,

ნუ ალაღებთქო სიმღერით ველებს,

ყელმოღერებით ნუ ივლი სოფლად,

ნუ გაიელვებ მკლავებით თეთრით,

ნუ გამოაჩენ თოვლივით გულ-მკერდს,

ნუ იამაყებ კენარი ტანით!

შემოდგომაზე რამდენჯერ მითქვამს,

რამდენჯერ მითქვამს ზაფხულის ჟამად,

გაზაფხულზედაც გეტყოდი ზოგჯერ,

როცა მეორედ ვიწყებდით თესვას.

რომ ავაშენოთ ისეთი სახლი,

რომ ოდეს სარკმელს მოადგეს ვინმე,

თვალი ვერასგზით ვერ მოკრას ასულს,

ასულის შრომას ვერ მოკრას თვალი,

რომ ვერ წაიღოს ამბავი სხვაგან,

რომ ვერ უამბოს სუომის მძხალებს”.

მიწაზე იჯდა პატარა ბიჭი,

ორი კვირისა იტყოდა ასე:

“სახლში ბედაურს დამალავ მხოლოდ,

მშვენიერ მერანს დამალავ სახლში,

მაგრამ, მოხუცო, მშვენიერ ასულს

სახლში ვერასდროს დამალავ, მჯერა,

თუნდ ციხე-კოშკი ააგე ქვებით,

შიგ შუა ზღვაში აღაგე ციხე

და შიგ ასული ჩაკეტე მაგრად,

შიგ დაამწყვდიე ასული იგი,

მრავალი წელი გაივლის ასე

და დასრულდება ასული ტანად,

და ბოლოს მაინც მოაგნებს საქმრო,

გამიჯნურდება ასული მაინც.

მძახილი მოვა, სასიძოც მოვა,

დარახტულ მერანს მოაგდებს კარზე”.

ვეინემეინენ დამწუხრდა ერთობ

და მგლოვიარედ ჩაკიდა თავი,

სამშობლოსაკენ გასწია დინჯად,

გულამოსკვნილი იტყოდა ასე:

“ვაი, დავრდომილ, საბრალო მოხუცს!

ვეღარ შევიგნე ერთი რამ მაინც,

რომ საჭიროა ოჯახის შექმნა,

ახალგაზრდობა გაივლის ვიდრე.

მხოლოდ ბუნებით უჟმური კაცი

ნიადაგ ნანობს იმისა გამო,

რომ მოეკიდა ადრევე ოჯხას,

სიჭაბუკეში შეირთო ცოლი”.

ნება არ მისცა ვეინემ მოხუცს,

სუვანტოლაინენ არ დართო ნება,

რომ იგი ქალწულს ეწვიოს ნავით,

უნდა ხმელეთით მიადგეს კარზე

და მოითხოვოს ასული ცოლად,

თუ ყავს მეტოქედ ყმაწვილი კაცი.

 

რუნა მეოცე

 

დღეს რის შესახებ ვიმღეროთ, ძმებო,

დღეს რა ამბები მოვუთხროთ მსმენელს?

მოდი ამჯერად ვიმღეროთ, ძმებო,

მოდი ამჯერად მოვუთხროთ მსმენელს

სარიოლაში გამართულ ლხინზე,

დიდ ღრეობაზე ჯადოქარ კაცთა.

საცხოვრებელში პოხელის მხარის

და სარიოლას ოთახთა შინა,

დიდი ხანია ზიდავენ ხორაგს,

არის მზადება ქორწილის დიდის.

დასანაყრებლად მოწვეულ ბრბოთა,

გამოსათრობლად მწყურვალე ხალხის,

რომ მოათრიეს ნისლიან პოხელს,

რა მოამზადეს ისეთი ნეტავ?

კარელიელებს ყოლიათ ხარი,

უსუქებიათ სუომში შემდეგ,

იგი ვეება არ იყო ტანად,

როგორც ყველა ხბო, ხბო იყო ისიც.

ცხრა ზღვის გადაღმა აღწევდა კუდი,

ხოლო თავი კი მდინარე კემთან,

რქა იყო მისი – საჟენი ასი,

ასორმოცდაათს უდრიდა სახე.

სინდიოფალას უნდოდა კვირა

შემოერბინა კისრისთვის ირგვლივ;

მერცხალს უნდოდა დღეცა და ღამეც,

მიფრენილიყო მეორე რქასთან,

თანაც ისე თუ იფრენდა იგი,

არ შედგებოდა წამითაც გზაზე;

ციყვს ჭირდებოდა ერთი თვე მაინც,

რომ გასულიყო მხრებიდან კუდზე:

ვერ მივიდოდა კუდამდე ანამ,

არ გავიდოდა ერთი თვე ვიდრე.

კარელიიდან მოჰყავდათ მცველებს,

პოხელისაკენ მოჰყავდათ ფრთხილად,

ხბო თავისნება, ლაღი და უცხო,

ძლიერი ხარი, სუომის მხარის,

რქები ეჭირა ასამდე ვაჟკაცს,

ეზიდებოდა ათასი სახეს.

საკუთარი გზით ვიდოდა იგი,

ის სარიოლას მოსდევდა სრუტეს,

ახრამუნებდა ჭაობის ბალახს,

ზურგის შეხებით ამღვრევდა ღრუბლებს,

მაგრამ ვერ პოვეს ისეთი ვინმე,

კარგი ყასაბი ვერ პოვეს ვერსად,

რომელიც დაკვლას შეძლებდა ხარის,

რომელიც დაბლა დასცემდა მყისვე,

ჭაბუკთა შორის ეძებეს დიდხანს,

ვერც მოხუცებში იპოვეს იგი.

კარელიიდან მოვიდა კაცი,

და ქედმაღლურად მოვიდა ხართან,

და დაქადნებით იტყოდა ასე:

“დამაცა ხარო, სუომის მხარის,

ვეებერთელას მოვიტან კომბალს

და მთელი ძალით დაგიშვებ თავზე,

კეფაში დაგკრავ სასტიკი ძალით,

და მომავალი წელი რომ მოვა

და ამწვანდება ქვეყანა ისევ,

ვერ გაანძრიო საბრალო თავი,

ვეღარ დახარო ლამაზი სახე,

სად სარიოლას გაშლილი მდელო,

სადაც მძვინვარებს მრისხანე სრუტე!”

ვიროკანასი დაადგა გზაზე,

პალვოინენმა გასწია სწრაფად,

რათა იხილოს სუომის ხარი,

დანა დასცეს და მოუღოს ბოლო.

მოატრიალა კისერი ხარმა,

შემოანათა თავლები შავი,

მოხუცი დაფრთხა, შეახტა ფიჭვებს,

ძეწნებს ჩაეწნა ვიროკანასი.

კარელიაში – მთაში თუ ბარად,

ფართე ველებზე სუომის მხარის,

და ალერსიან რუსეთის ველზე,

მაგრამ მიწაზე მამაცთა შვედთა,

უსაზღვროდ გაშლილ ლაფლანდიაში,

ტურიანელთა მიწაზე მძლავრზე,

და ტუონელის ნისლიან ველად

და დაბლობებში შორეულ მანის,

დიდებულ ყასაბს ეძებენ ასე,

თავგამოდებით ეძებენ ყასაბს,

ვერსად იპოვეს ვაჟკაცი იგი

და მის ძებნაში ამაოდ დაშვრნენ.

ვერსად იპოვეს ვაჟკაცი მძლავრი,

თუმც გულმოდგინედ ეძებეს ყველგან,

ეძებეს იგი უსაზღვრო გზებზე,

მრისხანე ზღვებზე ეძებეს იგი.

ამოიზიდა ვაჟკაცი ზღვიდან,

შავი ვაჟკაცი გამოჩნდა ზღვაზე,

მაღალ ტალღებზე გამოჩნდა იგი,

თავზე მოექცა აზიდულ ტალღას.

არ იყო ტანად ძალიან მცირე,

მაგრამ არ იყო ძალიან დიდიც,

ჯამის ქვეშ ძილი ძალუძდა ტკბილად,

დაეტეოდა საცერში იგი.

თუმცაღა ჩანდა მოხუცი ერთობ,

მაგრამ მას მუშტი გააჩნდა მძიმე,

კლდე საზარელი ეხურა ჩაჩქნად,

ჩექმებად ეცვა წყალქვეშა კლდენი,

ოქროს მახვილი ეჭირა მტკიცედ,

სპილენში ტარი შვენოდა მახვილს.

ასე იპოვეს ყასაბი იგი,

ყასაბი მძლავრი იპოვეს ასე,

რომელიც ფინურს დაკლავდა გიგანტს,

რომელიც პირუტყვს დასცემდა დანით.

ყასაბმა დავლა იხილა ოდეს,

ხელი დაავლო, ჩაუშვა დანა

და დააჩოქა მუხლებზე ხარი

და დაანარცხა მიწაზე მძიმედ.

განა ბევრი რამ მიიღეს ამით?

ამით მიიღეს ძალიან ცოტა:

ასე ლანგვინი მიიღეს ხორცი,

ძეხვი მიიღეს საჟენი ასი,

სისხლი მიიღეს შვიდიოდ კანჯო,

ექვსიოდ კასრი მიიღეს ქონი,

რომ სარიოლას ქორწილზე, ლხინზე,

ჩამოსულ სტუმრებს მიართვან ბლომად.

სარიოლაში ცხოვრობდა კაცი,

რომელიც გახლდათ ტანადი მეტად,

სიგრძით ცხრა საჟენს უდრიდა მხოლოდ,

სიფართე ჰქონდა საჟენი შვიდი,

როცა მამალი ყიოდა სხვენზე,

მას არ ესმოდა ყივილი დაბლა,

როცა ოთახში ყმუოდა ლეკვი,

მას არ ესმოდა ყმუილი გარეთ.

დიასახლისი პოხელის მხარის

ეხეტებოდა ოჯახში დიდხანს,

გონდაკარგული იკრებდა აზრებს,

დაღონებული ფიქრობდა ასე:

“როგორ ვიშოვო სასმელი ნეტავ,

როგორ ვიშოვო ახალი ლუდი,

ოდეს ნიადაგ ვზრუნავარ ლხინზე,

ოდეს ნიადაგ ქორწილზე ვზრუნავ?

მე წარმოშობაც არ ვიცი ლუდის

და მის მოხარშვას როგორღა შევძლებ?”

ღუმელზე იჯდა მოხუცი კაცი,

იგი ღუმლიდან იტყოდა ასე:

“საჭირო არის ლუდისთვის სვია,

არის საჭირო ქერი და წყალი,

ლუდს მძლავრი ცეცხლიც ჭირდება დროზე,

რომ წამოდუღდეს ნაერთი სწრაფად.

თვით რემუნენმე დაბადა სვია,

პატარა სვია ჩააგდო ხნულში

და სადაც ოსმოს გაშლილა მდელო,

კალევის წყარო ხმაურობს სადაც,

მიწაში ჩაძვრა ვითარცა გველი,

ვიტარ ჭინჭველი ეწვია სიღრმეს,

მერე იზარდა პატარა მორჩად,

იქ მწვანე წკეპლად იზარდა იგი

და შეუმჩნევლდა აცოცდა ხეზე

და მოისურვა წვერამდე ასვლა.

ხოლო მოხუცმა აიღო ქერი,

ქერი მიწაში ჩააგდო შემდეგ

და სადაც ოსმოს გაშლილა მდელო,

კალევის მდელო გაშლილა სადაც,

ამოიზარდა მიწიდან ქერი

და აიზიდა უეცრად ცამდე.

მცირედი ხანი გავიდა შემდეგ,

ალაპარაკდა ხეებზე სვია,

ალაპარაკდა ველებზე ქერი,

ალაპარაკდა კალევის წყარო:

“როდის შევხვდებით ერთმანეთს ნეტავ,

ერთმანეთს ახლოს მივუვალთ როდის?

მარტო ცხოვრება ძნელია ძლიერ,

უმჯებისია ცხოვრება ერთად”.

იმ ოსმოტარმა, ოსტატმა ლუდის,

სვიის მოხარშვის ოსტატმა კაპომ,

ქერს ააცალა მარცვლები მცირე,

ქერს ააცალა მარცვალი ექვსი,

შვიდიოდ წვერი წაგლიჯა სვიას,

რვა ჭიქა წყალი მოიღო შემდეგ,

შემოდგა ცეცხლზე ვეება ქვაბი,

რათა ადუღდეს ნაერთი კარგად.

მან ბნელით მოცულ უსიერ კონცხზე

და კუნძულაკზე, მოცულზე ნისლით,

ახლად გაჭედილ ჭურჭელთა შინა,

არყის ხეების ლანგვინთა ფსკერზე,

ფრთხილად ჩაუშვა ნაერთი იგი

და მოათავსა ჭურჭელში ფრთხილად.

მოხუცმა ლუდი ადუღა დიდხანს,

არ წამოფუვდა ნაერთი მაინც.

მოხუცი დარდმა შეიპყრო ერთობ

და სევდიანი იტყოდა ასე:

“რა მივუმატო ისეთი ნეტავ,

რა ჩავუმატო მდუღარე ქვაბში,

რომ წამოფუვდეს ნაერთი უცებ,

რომ გარდაიქმნეს ნაერთი ლუდად?”

ნაზმა სულმა კალევის მხარის,

რომელსაც შვენის ხელები კოხტა,

მსუბუქად იცვამს რომელიც ფეხზე,

რომელიც ყველგან მსუბუქად დადის,

ხან იატაკის მიყვება კიდეს,

ხან იატაკის შუაში დავალს,

ხან ერთ რაღაცას ჩაუშვებს კასრში,

მერე სხვა რამეს ჩაუშვებს ფრთხილად, –

უცებ შენიშნა ნაფოტი ველზე,

სწრაფად აიღო ნაფოტი იგი.

შეატრიალა ნაფოტი ხელში,

დაფიქრებული წარმოთქვამს ასე:

“თუ კაპოს მივეც ნაფოტი მცირე,

თუ თითებს შორის ჩავუდე იგი,

ნაფოტისაგან რას შექმნის კაპო,

რას გააკეთებს ოსტატი ნეტავ?”

მან მიუტანა ნაფოტი კაპოს

და თითებ შორის ჩაუდო იგი.

კაპომ შეისვა ორივე ხელი,

მაგრად შეისვა ორივე ფერდზე

და გაჩნდა ციყვი თოვლივით თეთრი

და გაახილა თვალები ციყვმა.

და ციყვს მიუგო ასულმა ასე,

ასე მიუგო საყვარელ ასულს:

“სიმაღლეების ხალასო ოქროვ,

ყვავილო ბორცვთა, ხალისო მიწის!

გასწიე იქით, საითაც ვბრძანებ,

სადაც გიბრძანებ, გაფრინდი იქით.

წადი, ეწვიე მშობლიურ მეტსოლს,

შენ მიაშურე ტაპიოს მხარეს

და იქ ხეებზე აძვერი ფრთხილად,

რათა არწივმა არ მოგკრას თვალი,

რომ არ შეგიპყროს ფრინველმა ლაღმა.

ტან წამოიღე კორძები ნაძვის,

ფიჭვის კვირტებიც, ნორჩი და მწვანე,

და მიუტანე მშვენიერ კაპოს,

რომ გემრიელი მოხარშოს ლუდი!”

სწრაფად გაიქცა ლამაზი ციყვი,

ფაფუკი კუდის დაიწყო ქნევა,

 

ადაუქროლა უსაზღვრო სივრცეს,

 

ამოიტოვა უსაზღვრო გზები.

 

იგრძე და განი გალია ტყეთა,

ტყენი ირიბად გადაჭრა მერე,

გადაურბინა მშობლიურ მეტსოლდ,

გადაუქროლა ტაპიოლს სწრაფად.

მან სამი ნაძვი შენიშნა უცებ,

შენიშნა ოთხი მაღალი ფიჭვი,

ის ნაძვის ქვედა ტოტებში შეძვრა,

ფიჭვს კი მოექცა ზევითა ტოტზე,

ვერ შეამჩნია არწივმა იგი,

ვეღარ შეიპყრო ფრინველმა ლაღმა.

მან შეაგროვა წიწვები ფიჭვის,

ნაძვის ხორკლებიც მოკრიფა ბლომად,

იგი ბრჭყალებში დამალა შემდეგ,

შემდეგ თათებში დამალა იგი

და მიუტანა მშვენიერ კაპოს

და თითებს შორის ჩაიდო ფრთხილად.

კაპომ წიწვები ჩაყარა ლუდში,

ნაძვსი ხორკლებით აავსო სვია

და არ დაეტყო დუღილი ნაერთს,

არ წამოფუვდა ნაერთი მაინც.

და ოსმოტარი, ოსტატი ლუდის,

სვიის მოხარშვის ოსტატი კაპო,

დაღონებული ფიქრობდა დიდხანს

და სევდიანი ამბობდა ასე:

“რა ჩავუმატო მდუღარე ქვაბში,

რა მივუმატო ისეთი ნეტავ,

რომ წამოფუვდეს ნაერთი უცებ,

რომ მოიხარშოს ახალი ლუდი?”

კალევატარმა, ასულმა ნაზმა,

რომელსაც შვენის ხელები კოხტა,

მსუბუქად იცვამს რომელიც ფეხზე,

რომელიც ყველგან მსუბუქად დადის.

ხან იატაკზე შუაში დავალს,

ხან ერთ რაღაცას ჩაუშვებს კასრში,

მერე სხვა რამეს ჩაუშვებს ფრთხილად –

უეცრად კვარი შენიშნა ველზე,

სწრაფად აიღო ლამაზი კვარი.

შეატრიალა ნაპოვნი ხელში,

დაფიქრებული იტყოდა ასე:

“თუ კაპოს კვარი მივეცი მცირე,

თუ თითებს შორის ჩავუდე იგი,

ამ კვარისაგან რას შექმნის კაპო,

რას გააკეთებს ოსტატი ნეტა?”

მან მიტანა ნაპოვნი კაპოს

და თითებს შორის ჩაიდო კვარი.

კაპომ შეისვა ორივე ხელი,

მაგრად შეისვა ორივე ფერდზე

და გაჩნდა კვერნა ყვითელი ფერის

და გაახილა თვალები კვერნამ.

ასე ურჩია ასულმა კვერნას,

საყვარელ ასულს ურჩია ასე:

“კვერნაო, ჩემო ყვითელო ჩიტო,

კვერნავ, მოსილო ძვირფასი ბეწვით!

გიბრძანებ სადაც, იარე იქით,

იქით იარე – გიბრძანებ სადაც!

კვერნაო, სწრაფად გასწიე ტყეში,

სწრაფად აძვერი მიუვალ კლდეზე,

მშიერ დათვების მიადექ ბუნაგს,

მოძებნე მათი მშიერი სორო,

სადაც დათვები ლოკავენ თათებს,

სადაც ცხოვრება მკაცრი აქვთ მეტად.

იქ საფუარი აიღე ბევრი,

თათებით ქაფი მოხადე უცებ,

და მიუტანე მშვენიერ კაპოს,

ის ოსმოს ასულს დაუდე ხელზე”.

სწრაფად გაფრინდა ლამაზი კვერნა,

ის გულყვითელა გაფრინდა სწრაფად,

ჩამოიტოვა უსაზღვრო გზები,

გადაიფრინა ისაზღვრო სივრცე

და მშიერ დათვით მიადგა ბუნაგს,

მოძებნა მათი მშიერი სორო,

სადაცზამთარში ლოკავენ თათებს,

სადაც ცხოვრება მკაცრი აქვთ მეტად,

იქ, რკინით მდიდარ ქარაფთა შინა,

ფოლადით მდიდარ უსიერ მთებში.

დათვის ტუჩებზე მოჟონავს ქაფი,

საფუარი კი პირიდან ჟონავს,

მან თითით ქაფი აიღო უცებ,

საფუარი კი აიღო ბრჭყალით,

მერე წაუღო მშვენიერ კაპოს,

მშვენიერ ასულს დაუდო ხელზე;

ის მიუმატა ასულმა სვიას,

ის ოსმატორმა ჩაუშვა ლუდში.

კვლავ არაფერი ეშველა ნაერთს,

არ წამოფუვდა სასმელი კაცთა.

ის ოსმატორი, ოსტატი ლუდის,

სვიის მოხარშვის ოსტატი კაპო,

დაღონებული ფიქრობდა ასე:

“რა ჩავუმატო ნაერთში ნეტავ,

რომ წამოფუვდეს ახალი ლუდი,

რომ ადუღდება დაეტყოს ნაერთს?”

ნაზმა ასულმა კალევის მხარის,

რომელსაც შვენის ხელები კოხტა,

მსუბუქად იცვამს რომელიც ფეხზე,

რომელიც ყველგან მსუბუქად დადის

ხან იატაკის მიყვება კიდეს,

ხან იატაკის შუაში დავალს,

ხან ერთ რაღაცას უშვებდა კასრში,

მერე სხვა რამეს უშვებდა ფრთხილად.

მან ბარდა-ცერცვი შენიშნა უვებ,

იატაკიდან აიღო იგი.

შეატრიალა ნაპოვნი ხელში,

დაფიქრებული იტყოდა ასე:

“თუ კაპოს ცერცვი მივეცი მცირე,

თუ თითებს შორის ჩავუდე ცერცვი,

ბარდა-ცერცვისგან რას შექმნის კაპო,

რას გააკეთებს ოსტატი ნეტავ?”

მან ბარდა-ცერცვა წაუღო კაპოს

და თითებს შორის ჩაუდო ცერცვი.

კაპომ შეისვა ორივე ხელი,

მაგრად შეისვა ორივე ფერდზე

და დაიბადა ფუტკარი სწრაფი,

და დაიბადა ფუტკარი სწრაფად.

ასე მოიგებს ასული ფუტკარს,

მშვენიერ ფრინველს მიუგებს ასე:

“ფუტკარო, ჩემო ფრთამალო ჩიტო,

შენ, დედოფალო ვრცელის ველების,

გასწიე იქით საითაც ვბრძანებ,

სადაც გიბრძანებ – გაფრინდი იქით.

გასწი, ზღვებისკენ აიღე გეზი,

წადი, წყალქვესას ეწვიე კუნძულს,

წყალქვეშა კლდეებს ეწვიე სწრაფად.

იქ იმყოფება ასული ერთი,

მას არ არტყია ქამარი წელზე,

ტაფლის ბალახი ფერდებზე აკრავს,

კალტაზე აკრავს ბალახი მწვანე,

ყვავილის წვენი მოწოვე ბლომად

და ფრთებით სწრაფად მოიღე სიტკბო,

მოიღე სიტკბო შენივე ხუფით

და ულამაზესს მიართვია სულს,

ის ოსმოს ასულს დაუდე ხელზე!”

ნაზი ფუტკარი, ფრთამალი ჩიტი,

აიწია და გაფრინდა სწრაფად,

სულმოუთქმელად იფირნა გზაზე

და შეამოკლა სავალი გრძელი,

უსაზღვრო ზღვებზე იფრინა დიდხანს,

წყალვარდნილების მიადგა კლდეებს,

ზღვაში უსიერს მიადგა კუნძულს,

წყალქვეშა ტინებს ეწვია სწრაფად.

და სადაც მწვანე გაშლილა მდელო,

სადაც ველები გაშლილა მწვანე,

მან დაინახა ასული ერთი,

კალის მძივები შვენოდა ასულს,

ნებივრად თვლემდა ასული ველზე,

დაუფლებოდა ანგელოზს ძილი,

ფერდებზე ეკრა ბალახი ოქროს,

ხოლო ვერცხლისა შვენოდა წელზე.

ფუტკარმა ფრთები ყვავილებს მოსდო,

ბალახში დაფლა ფუტკარმა ფრთები,

ფრთამალში ფრთები სიტკბოში დაფლა,

ფრთამალმა თაფლი წაისვა ფრთებზე,

მოართვა თაფლი მშვენიერ ასულს,

მას თითებს შორის ჩაუდო თაფლი.

ტაფლი სვიაში ჩააგდო კაპომ,

ის ოსმოტარმა ჩააგდო ლუდში

და ახალთახალ ჭურჭელის ფსკერზე

ახალი ლუდი აფუვდა სწრაფად.

სახელურამდე აქაფდა იგი,

შემდეგ კი ქვაბის მიადგა კიდეს,

გადმოიღვარა ქვაბიდან ბოლოს

და იატაკზე წავიდა ღვარად.

მცირედი ხანი გავიდა შემდეგ,

სულ რაღაც წამი გავიდა მხოლოდ,

და ლუდისაკენ დაიძრა ხალხი,

ლემინკაინენ გაასწრო ყველას,

ოსმოს ასულის მიაძღა სასმელს,

ზომაზე მეტად მიირთვა ლუდი,

გამოამჟღავნა სასმელმა ძალა

და გამოათრო ჭაბუკი ერთობ.

იმ ოსმოტარმა, ოსტატმა ლუდის,

სვიის მოხარვშის ოსტატმა კაპომ,

დაღონებულმა ჩაჰკიდა თავი

და სევდიანმა წარმოსთქვა ასე:

“მე ალბათ ლუდი მოვხარშე ცუდად,

მე ლაბათ ცუდი მოვხარშე ლუდი,

სწორედ ამიტომ გადმოსცდა კიდეს,

სწორედ ამიტომ იღვრება დაბლა”.

ტოტებზე საშვი მჯდარიყო ჩუმად

ის წითელკუდა ამღერდა ასე:

“ო, არა, ლუდი არ არის ცუდი,

ახალი ლუდი კარგია ერთობ,

უნდა მოიღო კასრები მძიმე,

სპილენძის სალტე რომ აკრავს ირგვლივ,

რათა შიგ ლუდი ჩაასხათ ჩქარა

და შეინახოთ სარდაფში შემდეგ”.

სვიანი ლუდი შეიქმნა ასე,

ასე შეიქმნა კალევის ლუდი,

ასე გაითქვა სახელი ლუდმა

და კაცთა მოდგმა ადიდებს დღემდე,

რადგან ვაჟკაცებს ალაღებს იგი,

ხოლო ასულებს აცინებს ერთობ,

სასიხარულოდ განაწყობს გულადს,

ჩხუბის სურვილს კი აღუძრავს რეგვენს”.

დიასახლისმა პოხელის მხარის,

ლუდის საწყისი გაიგო ოდეს,

ლანგვინში წყალი ჩაასხა სწრაფად

და ნახევრამდე აავსო წყალით,

ქერის მარცვლები ჩაყარა შემდეგ,

სვიის თავთავიც ჩაყარა ბლომად

და დამზადებას შეუდგა ლუდის

და მოურია ლანგვინის გსკერზე.

შეშა დაჭირდათ – ხეები მოჭრეს,

წყალი დაჭირდათ – მოზიდეს ჭიდან

და გამეჩხერდნენ ტყეები ხშირი

და დაიწურა წყლებისგან წყარო.

რაც მოაგროვეს წყალი და შეშა,

გამოიყენეს ლუდისთვის შემდეგ,

რომ არ დააკლდეს სასმელი ქორწილს,

რომ დაიღვაროს ქორწილში უხვად.

შეშა საკმაოდ შეუნთეს ღუმელს,

მთელი ზაფხული ადუღეს წყალი,

კუნძულზე ცეცხლი ავარდა მძლავრად,

ბოლი ყომრალი ავარდა კონცხზე,

ზეცას ბოლქვებად ეწვია ბოლი,

ბოლი ღრუბლებად ეწვია ზეცას,

გადაეხურა ნახევარ პოხელს

და კარელია დაფარა მთელი,

გაბოლილ ზეცას გაჰყურებს ხალხი,

შეშინებული კითხულობს ასე:

“ბოლი საიდან ავარდა ნეტავ,

ზეცას საიდან ეწვია ბოლი?

ბრძოლების ბოლი მეტია ვგონებ,

მეცხვარის ცეცხლი ნაკლები უფრო”.

კაუკომელის მოხუცი დედა

დილაადრიან ეწვია წყაროს

და ნისლიანი პოხელის თავზე

იხილა შავი ღრუბლები ბოლის.

მოხუცი დედა შეშინდა მეტად

და სევდიანი იტყოდა ასე:

“ის, რა თქმა უნდა, ბოლია ომის,

ბრძოლების ველზე ავარდა იგი”.

ახტიმ, რომელიც კუნძულზე სახლობს,

ლემინკაინენ, ყოჩაღმა მეტად,

გაბოლილ ზეცას მოავლო თვალი

და იჭვნეულმა დაასკვნა ასე:

“მინდა, რომ ახლოს ვიხილო თავად

მსურს საკუთარით ვიხილო თვალით,

ბოლი დასაბამს საიდან იღებს,

საიდან ადის ესოდენ მაღლა,

ალბათ სიხლიანს ავარდა ველებს”.

ბრძოლების ბოლი არ იყო იგი,

არ ასდიოდა სისხლიან ველებს,

არამედ იგი აუშვა ცეცხლმა,

იხარშებოდა რომელზეც ლუდი,

სად სარიოლას გაშლილა სრუტე,

კლდე საზარელი დამდგარა სადაც.

კვლავ ცალი თვალით გახედა სივრცეს,

მერე გახედა მეორე თვალით

და მან მეხივით იჭექა ბოლოს,

და სრუტის გაღმა იზახა ასე:

“დიდო სიდედრო, პოხელის მხარის,

დიასახლისო, ჭკვიანო მეტად!

ლუდის ქვაბები შემოდგი ცეცხლზე,

კარგად მოხარშე სვიანი ლუდი,

რომ ჩვენს ქორწილზე მიირთვან უხვად,

სხვაზე მეტი კი მივირთვა თავად”.

უკვე მოხარშეს სასმელი კარგი,

კაცთა სასმელი მოხარშეს უკვე,

შემდეგ სასწრაფოდ წაიღეს სადღაც,

სადღაც დამალეს წითელი ლუდი,

რათა აღავსონ კასრები მძიმე

და შეიტანონ სარდაფში სწრაფად.

რათა მიწაში ჩამარხონ იგი,

რათა სიღრმეში გამაგრდეს უფრო.

დიასხლისი პოხელის მხარის

საჭმლის მზადებას შეუდგა უკვე

და ათუხთუხდნენ კასრები მძლავრად

და აშიშინდნენ ტაფები ბრტყელი,

დიდი პურები დააცხო უვებ,

კარგი ქუმელი მოხარშა ბლომად,

რათა ქორწილზე პოხელის მხარის

იმ სარიოლას მხიარულ ლხინზე,

გაიმასპინძლდეს მოსულებს კარგად,მ

და დაანაყროს კეთილი ხალხი.

დიდი პურები დააცხო უკვე,

კარგი ქუმელი მოხარშა ბლომად.

მცირედი ხანი გავიდა შემდეგ,

სულ რაღაც წამი გავიდა მხოლოდ

და ამოძრავდა კასრებში ლუდი

და აბუტბუტდა სასმელი ასე:

თქვენ ხომ შეგეძლოთ დალევა ლუდის,

შეგეძლოთ ჩემი აქამდე შესმა,

რომ სიმღერები გემღერათ ჩემზე,

ყველგან გაგეთქვათ სახელი ჩემი!”

აი, მომღერალს ეძებენ ყველგან,

რომელმაც იცის სიმღერა ბევრი,

რომელიც ქებას შესხამს სტუმრებს,

მეფე-დედოფალს შესხამს ხოტბას.

მათ ორაგულის მოიხმეს შვილი,

ქარიყლაპიაც მოიხმეს უკვე,

მაგრამ არ ძალუძთ სიმღერის წართქმა,

რადგან არ ძალუძთ წარმოთქმა სიტყვის,

ორაგულს შვენის ლაყუჩი მრუდე,

ქარიყლაპიას კბილები უშნო.

აი, მომღერალს ეძებენ ყველგან,

რომელმაც იცის სიმღერა ბევრი,

რომელიც ქებას შეასხამს სტუმრებს,

მეფე-დედოფალს შეასხამს ხოტბას.

მათ მოიყვანეს პატარა ბიჭი,

პატარა ბალღო მოიხმეს ბოლოს,

მაგრამ არ ძალუძთ სიმღერა ბალღებს,

რადგანაც ძირი მრუდე აქვთ ენის.

ლუდი სარდაფში აენთო უცებ,

უცებ აენთო კასრებში ლუდი

და საშინელი იკადრა წყევლა

და ბრაზიანმა იჭექა ასე:

თუ ვერ იპოვით მომღერალს ვერსად,

რომელმაც იცის სიმღერა ბევრი,

რომელიც ქებას შეასხამს სტუმრებს,

მეფე-დედოფალს შესხამს ხოტბას.

მე ყველა სალტეს გავარღვევ მაშინ,

მე გულმოსული დავამსხვრევ კასრებს!”

დიასახლისმა პოხელის მხარის

დიდი ელჩები დაგზავნა ყველგან,

რათა სთუმრები მოიხმონ ლხინზე,

გარდაიხადოს ქორწილი დიდი.

ასე ეტყოდა პატარა მხევალს,

პატარა მონას ეტყოდა ასე:

“უსაყვარლესო მხევალო ჩემო,

უერთგულესო, პატარა მონავ!

მხიარულ ლხინზე მოიხმე ხალხი,

ყველა მოიხმე მხარულ ლხინზე,

მოიხმე ყველა გლეხი და გლახა,

მოიხმე ბლომად საბრალო ბრმები,

ხეიბრები და კოჭლები კიდევ,

ყველა მოიხმე, მხევალო ჩემო.

საბრალო ბრმები ნავებზე დასვი,

ცხენებზე შესვი კოჭლები ყველა,

ხეიბრები კი მარხილთა ძირზე,

რომ დაამშვენონ ქორწილი ჩვენი.

ლხინზე მოიხმე პოხელის ხალხი,

კალევის შვილნი მოიხმე ლხინზე,

ვეინემეინენ მოიხმე ჩქარა,

რათა იმღეროს სიმღერა მძლავრი,

კაუკომელის არ უხმო მხოლოდ,

მხოლოდ ახტის არ მიადგე კარზე”.

ასე მოუგო პატარა მონამ,

ერთგულმა მონამ მიუგო ასე:

“რად არ მოვიხმო მამაცი ახტი,

რად არ მოვიხმო კაუკო ნეტავ?”

დიასახლისი პოხელის მხარის

პატარა მხევალს მიუგებს ასე:

“ჩხუბის თავია ჭაბუკი იგი

და უმიზეზოდ დაეძებს დავას;

და იგი ლხინზე იპოვის მიზეზს

და უმიზეზოდ ატყდება ჩხუბი;

იგი ასულებს აიგდებს მასხრად

და გააწითლებს უწყინარ ქალებს”.

 

სე მიუგო პატარა მონამ,

ერთგულმა მონამ მიუგო ასე:

“როგორ შევცინო კაუკომელი,

რათა ქორწილზე არ მოვიწვიო?

მე როდი ვიცი სახლ-კარი ახტის,

კაუკომელის არ ვიცი ბინა”.

დიასახლისმა პოხელის მხარის,

მშვენიერ ასულს მიუგო ასე:

“კაუკომელის შეიცნონ უმალ,

მოხვდები, სადაც ბინადრობს ახტი:

კაუკომელი კუნძულზე სახლობს,

ახტი ბინადრობს კაუკოს კონცხზე,

უსაზღვრო სრუტე გაშლილა სადაც,

და თამაშობენ ტალღები ლაღი”.

გზაზე დაადგა ერთგული მონა,

დღიური მონა დაადგა გზაზე,

გზა უდიდესი გალია ექვსი,

რვა უგრძესი გზა გალია ბოლოს,

სადაც კი ნახა გლეხი და გლახა,

სადაც კი ნახა კაზაკთა გუნდი,

ყველა მოიხმო დიდებულ ლხინზე,

პოხელისაკენ გაუძღვა ყველას,

არ ინახულა მარტოდენ ახტი,

არ მოიწვია კაუკო მხოლოდ.

 

რუნა ოცდამეერთე

 

დიასახლისი პოხელის მხარის,

სარიოლელი ბებერი უშნო,

გულხელდაკრეფით როდი ზის ჭერქვეშ,

არის გართული სასწრაფო საქმით.

ნიჩბის დგაფუნი მოესმა წყლიდან,

ნაპირებიდან მარხილთა ხმები,

მახინჯი სახით მიიქცა მზისკენ,

დასავლეთისკენ მიმართა ხედვა,

იხედებოდა მოხუცი ირგვლივ,

შეშფოთებული ფიქრობდა ასე:

“რა ხალხი მოდის მარხილით ნეტავ,

ნუთუ ვერაგი დაგვესხა მტერი?”

აი, ნაპირთან მივიდა ახლოს,

რათა ახლოდან იხილოს ნათლად.

იგი არ იყო ვერაგი მტერი –

მაყართა ჯარი წვეოდა მხარეს,

მარხილზე იდგა სასიძო თავად,

რჩეული ხალხი ეხვია ირგვლივ.

დიასახლისმა პოხელის მხარის,

სარიოლელმა მოხუცმა ქალმა,

ბრწყინვალე სიძე იხილა ოდეს,

დამშვიდებულმა წარმოთქვა ბოლოს:

“მეგონა, მოდის გრიგალი მძლავრი,

მოდის და ამხობს გიგანტურ ხეებს,

მეგონა, ტალღა ღმუის და ბორგავს,

ნაპირზე ხვნეშის ქვიშა და ხრეში.

მაგრამ მივედი ნაპირთან ახლოს,

რათა ახლოდან მეხილა ნათლად;

როდი დაქროდა გრიგალი მძლავრი,

როდი ამხობდა გიგანტურ ხეებს,

როდი ღმუოდა ნაპირზე ტალღა,

როდი ხვნეშოდა ქვიშა და ხრეში –

არამედ მარხილს მოჰყავდა სიძე,

ორასი კაცი მოჰყავდა მარხილს.

როგორ შევიცნობ დიდებულ სიძეს,

ამ მილეთ ხალხში შევიცნობ როგორ!

შესამჩნევია მაყრებში სიძე,

ვითარცა ტყეში ტანადი შოთხვი,

როგორც ჭალაში ვეება მუხა

და ვარსკვლავებში ნათელი მთვარე.

ფერად შავია მერანი სიძის,

 

მეანი სიძის ფიცხია მგლურებ,

როგორც ყორანი, გასული ველად,

როგორც ტოროლა, მფრინავი ცაში.

ექვსიოდ ჩიტი დამჯდარა რკალზე

და ჟღურტულებენ ჩიტები ამოდ,

თასმაზე შვიდი დამჯდარა ჩიტი,

ცისფერ ფრთოსანთა გაისმის სტვენა”.

ხელნის ტკაცანი გავარდა გზაზე,

ქუჩას ავარდა ხმაური დიდი,

სიძე მაყრებით მოადგა ეზოს

და გაეშურა სახლისკენ სწრაფად.

მაყართა შორის ჩანდგარა სიძე,

რჩეული ხალხი არტყია ირგვლივ,

უეცრად შედგა მარხილი ყველა,

უცებ გაქვავდნენ ცხენები თითქოს.

“ჰეი, ბალღნო და უებრო გმირნო.

ჰეი, მაღალნო, მოვედით ჩემთან,

ცხენებს დახსენით თასმები უღლის,

მტკიცე თასმები დახსენით ცხენებს,

ჩქარა დაუშვით ხელნები დაბლა.

რჩეულ სასიძოს ეახლეთ ჩქარა!” 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ხალხური / კალევალა