ძლივსღა აბობღდა ნაპირზე ახტი

და ერთი სახლის შეაღო კარი,

სახლში ცომს ზელდა ასული ტურფა,

დიასახლისი აცხობდა პურებს!

“დიასახლისო! იცოდე ნეტა,

რას გადაურჩა სტუმარი შენი,..

ზღვაში გრიგალი მეძგერა უცებ

და მასხვრევებად მიქცია ნავი...

გასამხნევებლად მიმღერდა ქარი

და აკვანივით მარწევდა ტალღა.

დიასახლისო, კეთილო ქალო,

ერთი ნაჭერი მომეცი პური,

ნუ დაინანებ ერთ კათხა ლუდსაც, –

პატივი მეცი, მოისხი მადლი!”

გაიქცა ხელად ასული ტურფა,

გამოიტანა ცხელ-ცხელი პური,

შეუწვა ხორცი, დაუსხა ლუდი

და დაანაყრა მშიერი ახტი!

მერე ნაპირთან აჩვენა კანჯო,

ახალთახალი დაუთმეს ნავი, –

ჩაჯდა კაუკო, აუშვა აფრა, –

სამშობლოსაკენ აიღო გეზი!

აი, მიადგა მშობლიურ მხარეს,

შეჰხარის ახტი ადგილებს ნაცნობს:

ხეები ისევ ამყად დგანან,

უძრავად დგანან სახლები ისევ, –

ყველაფერი და ყოველი ირგვლივ,

ისევე დახვდა. – დატოვა როგორც!

და როცა ეზოს მიადგა თვისას –

ელდა ეცა და დაესხა თავბრუ:

სახლის მაგივრად ნასახლარს ხედავს, –

სადღაა მისი ლამაზი სახლი!..

იმ ნასახლარზე შრიალებს შოთხვი,

იმ შოთხვის ირგვლივ ტყე არის ჭნავის,

გადაბადრულა მთლიანად ეზო,

ამოხეთქილა ბალახი ჭასთან!

და თქვა ასეთი კაუკომ სიტყვა,

ახტიმ ხმამაღლა წარმოთქვა ასე:

“მე ხომ აქ ვრბოდი შიშველი ფეხით,

ეს არის ჩემი გამზრდელი მიწა!

გავგორებულვარ ნახნავში მზეზე,

მიწის სურნელი მიგრძვნია მძაფრი!

ვინ, ვინ გადაწვა სახლ-კარი ჩემი,

ვინ გამიწამა მოხუცი დედა!

ფერფლად ქცეულა ამხელა სახლი

და წაუღია ქარსა და ნიავს!”

ცრელმი მოადგა კაუკოს თვალზე,

მთელი ორი დღე ტიროდა ახტი;

სახლს ვიღა ჩივის – მახლობლებს სტირის,

იმ სახლის ჭერქვეშ ცხოვრობდა ვინაც!

უცებ არწივი შენიშნა ცაზე,

კაუკომელმა ასძახა არწივს:

“ეგება თვალი მოჰკარი სადმე,

ვერ მეტყვი – დედა სად არის ჩემი?

ცხრა თვე რომელმაც მატარა მუცლით,

პატარას ვინაც მაწოვა ძუძუ? ...”

სხვა არაფერი ახსოვდა არწივს,

სხვა არაფერი იცოდა მეტი –

იცოდა მხოლოდ, რომ ახტის დედა

და ნათესავნი სხვანი და სხვანი,

ვიღაცეებმა აკუწეს ხმლებით

და ჩუგლუგებით დაჩეხეს უღვთოდ!

კაუკომელმა, მამაცმა გმირმა,

ჩუმი ქვითინით წარმოთქვა ასე:

“შენ ცხრა თვეს მუცლით მატარე, დედა!

მშობე, პატარას მაწოვე ძუძუ!

დედილო ჩემო, სადა ხარ ახლა,

მარადიულით სად გძინავს ძილით!

შენს თავთან, ალბათ იზრდება ნაძვი,

ფეხებთან, ალბათ, იზრდება ღვია,

შენი საფლავის მიწაზე, ალბათ,

ნაძვებთან ერთად ტირიფიც ხარობს!

რად მივდიოდი იმ ოხერ პოხელს,

არ დაგიჯერე, ვაიმე დედა!

რად წავეჩხუბე პოხელის პატრონს,

რად წავაცალე კვახივით თავი!

რატომ დავაგდე მშობელი მხარე,

რად მივაშურე ნისლიან სორელს!

მე სიჯიუტე დამოჯდა ძვირად, –

ოჯახი სრულად ამოწყდა ჩემი!”

მიმოიხედა კაუკომ ირგვლივ, –

ნუგეშის მომცემს ვერაფერს ხედავს...

უცებ შენიშნა: ვიღაცის ფეხით

გადაუქელავს ბალახი ქორფა;

მყის დააეჭვა ბილიკმა იგი

და წაიყვანა უღრანი ტყისკენ...

იარა ცოტა, იარა კიდევ, –

დაბურულ ტყეში მიჰყავდა ბილიკს...

მიჰყვა ნაკვალევს და კლდეთა შუა

უეცრად ქოხი გამოჩნდა ერთი;

ქოხის წინ იდგა ჭაღარა ქალი –

კაუკომელის მშობელი დედა!

მიიჭრა უცებ დედასთან ახტი –

გახარებულმა წარმოთქვა ასე:

“აქ როგორ მოხვდი, დედილო ჩემო,

ბედნიერი ვარ, ცოცხალს რომ გხედავ!

მეგონა, მკერდი გაგიპეს შუბით,

რა დაგიმალო, მეგონე მკვდარი!

ვიდექი დიდხანს, ვტიროდი მწარედ,

ტბად შემომადგა ცრემლები ირგვლივ!”

ასე მიუგო მშობელმა ვაჟკაცს,

ლამინკაინენს აუხსნა დედამ:

ხმალ-შუბოსანი პოხელის ხალხი

ლანძღვა-გინებით მომადგა კარზე,

ბოროტებს შენი სწყუროდათ სისხლი,

შენზე უნდოდათ ეძიათ შური;

რა ვერ გიპოვეს – ცეცხლს მისცეს სახლი,

გააპარტახეს მთლიანად ეზო!

ძლივს დავაღწიე მომხდურებს თავი –

გამოვეშურე უღრანი ტყისკენ,

ტანჯვა გარდამხდა, უთქმელი ენით,

თავშესაფარი ვიპოვე სანამ!”

კაუკომელმა, მამაცმა გმირმა,

საყვარელ დედას მიუგო ასე:

“რაც მოხდა, მოხდა, ღმერთია შემწე,

ოღონდაც წუხილს არ მისცე თავი!

სახლს აგიშენებ ძველ სახლზე ლამაზს,

უფრო დიდსა და მშვენიერს უფრო!

სორელის მხარეს მივდგები მერე

და ლემპოს ნაგრამს ერთიან გავჟლეტ!”

ისევ დაუსვა შეკითხვა ერთი,

მშობელმა დედამ კაუკოს ჰკითხა:

““ასე რამ უნდა მოხიბლოს კაცი,

ამ უნდა შეჰკრას, რომელმა ჯადომ,

რომ უსახელო კუნძულზე დარჩეს,

ცხო მხარეში დაყოვნდეს წლობით!

იმ უცხი ხალხში, უცხოთა ჭერქვეშ,

როგორ გასძელი ამდენ ხანს, შვილო!”

კაუკომელმა, ჭაბუკმა ლაღმა,

საყვარელ დედას მიუგო ასე:

“იმ უსახელო კუნძულის მცხოვრებთ

მე შევეთვისე ძალიან ჩქარა;

იქ არა მარტო ხალხია კარგი,

მომხიბლავია ბუნებაც კონცხის:

იქ ოქროსფერი ხეები დგანან

და ვერცხლისფერად მინდვრები ბზინვენ;

ნაძვებს ტოტთაგან სდიოდათ თაფლი,

რძე მოჟონონავდა ქათქათა არყებს.

ზეთი სწვეთავდა ცირცელის რტოებს,

მზისფერ ლუდს ღვრიდა წერწეტა ფიჭვი!

ამიტომ დავრჩი კუნძულზე დიდხანს,

წლობით ამიტომ დავყოვნდი კონცხზე!..

ბოლოს ასეთი დაჰყარეს ჭორი:

თითქოს მე ქალებს დავსდევდი უკან,

ამბობდნენ: ახტი არ არის სანდო,

გააბახებსო ქალწულებს ჩვენსას!

მე ქალებისთვის მეცალა როდი,

მე ჩემი მქონდა დარდი და ფიქრი;

და, როგორც ბატკანს გაურბის მგელი,

როგორც მიმინო გაურბის ქათამს, –

მეც გავურბოდი ქალწულებს ისე,

მეც ისე მქონდა ასულთა შიში”.

 

რუნა ოცდამეათე

 

ერთ მშვენიერ დღეს, ადრიან დილით,

ნავმისადგომთან მივიდა ახტი;

ჯერ ნანათლები არც იყო კარგად,

ნისლი ებურა კაუკოს კანჯოს.

რა დაინახა პატრონი თვისი,

ავადმყოფივით აკვნესდა ნავი;

აქეთ – ხრილები ხრიალებს მწარედ,

იქით – ქათანის გამირი გმინავს,

შეცბა კაუკო, მივიდა ახლოს,

მოთქმა-ტირილით შესჩივლა ნავმა:

“ვაგდივარ უქმად, მერევა თვლემა,

მომწყურდა წყალი, მიხმება ფერდი!..

არ ემზადება საომრად ახტი,

არ ეპარება კაუკოს ბრძოლას, –

რომ მოიხვეჭოს ვერცხლი და ოქრო,

ხელში ჩაიგდოს ნადავლი უხვი!”

კაუკომელი მივიდა ნავთან

და, როგორც მერანს, გადუსვა ხელი:

“შენ, ფიჭვისაო, ნუ სწუხარ ნავო,

არ გაგიხმება უწყლობით ფერდი,

მალე მოგიწევს ტალღებთან ომი,

ჩქარა მოგიწევს ბრძოლაში ხურვა!

დღეს თუ არა – ხვალ, ხვალ თუ არა – ზეგ

უნდა პოხელის მივადგე მხარეს!”

მერე დედასთან მივიდა ახტი

და ეუბნება საყვარელ დედას:

“შენ არ იდარდო, მშობელო ჩემო,

არ გადმოღვარო ცრემლები ცხარე –

თუ შვილი შენი აიღებს მახვილს

და საბრძოლველად სორელში წავა;

ვერ მოისვენებს კაუკო, ვიდრე

არ მიუხტება ავსულთა ხროვას, –

სულ ერთიანად გავჟლიტო უნდა

მთელი პოხელის მოდგმა და ჯიში!”

დაღონდა ძლიერ მოხუცი დედა,

ხვეწნა მუდარით კაუკოს უთხრა:

“ნუ წახვალ, შვილო, პოხელის მხარეს,

ნუ მიადგები იმ ოხერ პოხელს,

შენ რას გახდები ათასთან ერთი –

იარაღშია ჩამჯდარი ყველა!”

მაგრამ თავისას არ იშლის ახტი,

თქვა და გათავდა – სალაშქროდ მიდის!

უცებ, რაღაცას მიხვდაო თითქოს,

ჩაფიქრდა წუთით და ამბობს ასე:

“სად ვნახო ერთი ისეთი მოყმე,

ისეთი გმირი ვინ არის კიდევ,

რომ ამომიდგეს ბრძოლაში გვერდით

და ჩემთან ერთად ჩეხოს და კაფოს?!

ერთი ასეთი გმირია კურა,

სხვა გზა არ არის, მას უნდა ვენდო!

არ მიღალატებს ტიერა, ვიცი, –

მას ღონეც ერჩის და ხმალიც უჭრის!..

ამომიდგება ბრძოლაში გვერდით

და ჩემთან ერთად კაფავს და ჩეხავს!”

ადგა, მაშინვე გაიქცა ახტი,

და მიირბინა ტიერას სახლთან,

გასძახა ერთი, გასძახა ორი...

კაუკომელი ხმამაღლა ამბობს:

“შენ, მეგობარო ძვირფასო ჩემო,

ჩემო ტიერა, დამიგდე ყური:

ჩვენ ხომ ბრძოლებში ვყოფილვართ ერთად,

გადაგვიხდია ბრძოლები დიდი!

გახსოვს? ერთ სოფელს წავაწყდით ერთხელ,

სოფელში – სახლი ათასზე მეტი!..

იმ სახლებში კი – თითოში იყო

ჩასაფარებული ათ-ათი კაცი!

ვერ გადაურჩა იმათგან ერთიც –

ჩვენი ხმლის რისხვას და მკლავის ძალას!

ჩვენ ამის გარდაც რამდენჯერ ერთად

გადაგვიხდია ბრძოლები მძიმე!”

პარმაღში იჯდა ტიერას მამა

და შუბის ტარზე ჩუქურთმებს ჭრიდა;

უჯდა გეჯას და გომურის ზღურბლთან

ტიერას დედა დღვებავდა კარაქს;

ფალანგის კართან ტიერას ძმები

უკირკიტებდნენ თავიანთ მარხილს;

ტიერას დები ბოგირთან ისხდნენ

და გულმოდგინედ რეცხავდნენ სარეცხს.

ახტის ლაპარაკს რომ მოჰკრეს ყური,

მიხვდნენ: საომრად მიჰყავსო, ალბათ! –

და ყველამ ერთად, ერთპირად, ერთხმად

პასუხად ასე მიუგეს ახტის:

“ვერ წამოგყვება ტიერა ომში,

კურას ბრძოლისთვის არ სცხელა ახლა:

მან ხომ ახლახან შეირთო ცოლი –

ჯერ არც გამძღარა ალერსით მასთან!..

სხვა წაიყვანე, კაუკო, ვინმე –

ვერ წამოგყვება ბრძოლაში კურა!”

ამ დროს ტიერა ღუმელზე იწვა –

იქიდან მოჰკრა ლაპარაკს ყური;

წამოჯდა, ფეხზე ჩაიცვა ცალზე,

ცამოხტა ძირს და შიშველი ფეხის

ქუსლი დაადო ძელსკამის ძგიდეს,

მეორე ფეხზე ჩაიცვა ხელად,

ეზოში ირტყამს საჩქაროდ ქამარს,

ჭიშკართან იკრავს ხალათის ღილებს;

ტიერამ შუბი აიღო ხელში –

არც ისე მცირე, არც ისე დიდი,

იმ შუბის ტარზე ჭიხვინებს მჭახედ

ყალყზე შემდგარი ულაყი ერთი,

ხელჩასაკიდთან ყმუიან მგლები,

იქვე ბანძგვერა დათვები ბრდღვინვენ.

შეატრიალა ტიერამ ხელში,

მერე სამ ადლზე გასტყორცნა შუბი.

შუბი მიწაში ჩაესო წვერით –

წყრთათაოდენზე გააპო მიწა.

გამხნევდა ახტი, მოეცა გული –

მიხვდა: ტიერა თანახმა იყო,

რომ წაჰყოლოდა სორელის მხარეს,

ამოსაჟლეტად პოხელის გვარის.

ნავმისადგომთან მივიდა ახტი

და შეაცურა ტალღებში კანჯო,

კამკამა წყალი განარა ნავმა

და ნებიერად დაიწყო რწევა, –

მწვანე ბალახში შრიალით ჩუმით

მისრიალებსო უნასი თითქოს!..

ჩრდილოეთისკენ აიღეს გეზი, -

უნდა მიადგნენ პოხელის მხარეს!

დიასახლისმა პოხელის მხარის –

გამოიძახა სასტიკი ყინვა

და, გამმყარებელს ვეება წყალთა,

დიასახლისი არიგებს ასე:

“შე, ჩემო ყინვავ, ერთგულო ჩემო,

საითაც გითხრა – იჩქარე იქით!

გათანგე ზღვაში კაუკოს კანჯო,

პატრონთან ერთად ჩაჰყინე წყალში!

ნავს საძრაობა არ მისცე ოდნავ,

გაჰყინე მაგრად პატრონიც ნავის

და უძრავჰყავი, ყინვაო, ვიდრე

გაქვს მეუფება შენ წყალთა ზედა!

ვიდრე მეთვითონ არ მივცემ ნებას,

რომ დააღწიონ შენს მკლავებს თავი!”

ბოროტი მოდგმის ეს გულქვა შვილი,

ავადმზრახველი ჭაბუკი ყინვა,

გზა-გზა აზრობდა ბალახს და ბუჩქებს –

შეუბრალებლად გაძარცვა ხენი...

მიადგა მერე პოხელის ნაპირს, –

ღამით გაჰყინა ბოღაზი ყველა,

ყინულით შეჰკრა ნაპირნი ზღვისა,

ხოლო შუაგულს ვერ ახლო ხელი:

ბოლოქანქალა იჯდა იქ ერთი,

კუდაბზუკუნა ტალღაზე იჯდა,

ვერ გაუყინა ვერაფრით ფრთები,

რაც მთავარია, გარშემო ჩიტის,

ვერ მოქმედებდა ტალღებზე ყინვა.

მეორე ღამით იძალა ყინვამ

და მოიკიდა ტალღებზე ფეხი,

ზღვის ზედაპირი გასიპა სულმთლად,

ყინვას სიმაღლე საჟენი ჰქონდა,

აგორებული უძრავჰყო ტალღა

და გააქვავა ტალღაზე ნავიც.

მერე ჯიქურად მოიუხტა ახტის, –

ყინულში მისი ჩაჭედვა სურდა,

წაეპიტინა თითებზე ხელის,

ფეხის თითებშიც წადგომა სცადა...

გაბრაზდა ახტი, უბიძგა ყინვას

და დაუპირა შეგდება ცეცხლში.

გაუსხლტა ყინვა, სახეში ეცა

და აუწითლდა ყური და ცხვირი.

იმარჯვა ახტიმ, დასტაცა ხელი

და მოიმწყვდია ავსული მუჭში,

უჭერს და უჭერს, უჭერს და უჭერს –

ხრჭიალებს მუჭში ავსულის ჩონჩხი:

“შენ – ჩრდილოეთის ქარბუქის შვილო,

შენ – ზამთრის ძეო, მსუსხავო ყინვავ,

არ წამიყინო თითები ხეკზე,

არ მიმიყინო ყური და ცხვირი!

შენ რა ხელი გაქვს ადამის ძესთამ, –

შენ ხომ ისედაც ვებრი გაქვს საქმე:

გაჰყინე ტბები, გაძარცვე ხენი,

შეჭირხლე ვერხვნი, გალიგე ქვები,

გაყვლიფე ფიჭვი, დააზრე ნაძვი,

რაც გინდა ჰქენი, ოღონდაც კაცთან –

ადამის ძესთან არა გაქვს საქმე,

დედის ნაშობზე არ სცადო ძალა!

გეცოტავება იქნება საქმე,

რაც ჩამოვთვალე – ცოტაა იქნებ!

მაშინ: გაჰყინე თაკარა კლდენი

ცხელი ლოდები გაჰყინე მაშინ,

მიწისა წიაღ გაჰყინე რკინა,

ფოლადიანი გაჰყინე მთანი,

მიდი, ვუოსკას უბრძანე – დადგეს,

და გააჩუმე იმატრა ანჩხლი!

მე კარგად ვიცი წარსული შენი –

ამ ქვეყანაზე საიდან გაჩნდი;

სად დაიბადე, იზარდე როგორ,

სად იყო შენი პირველი ბუდე;

შენ უკეთურის ხარ მამის შვილი

და უსირცხვილო შენ გყავდა დედა,

ბნელი სორელის ხეებზე გაჩნდი,

ხეზე დაირწა აკვანი შენი,

მაგრამ დედაშენს არ ჰქონდა ძუძუ,

დედის მაგივრად გაწოვა გველმა,

შენ ჩრდილოეთის გარწევდა ქარი –

ჭაობში, ხეზე, უქმინდურ წყლებზე,

ხარ ამიტომაც ესოდენ ავი,

ესდენ მკაცრი და ბოროტი ესდენ.

წინაპართაგან – ბოროტად შობილს –

მავნეზე მავნე გამოჰყვა ჩვევა!

ჯერ უსახელოდ იზარდა იგი,

ბოლოს და ბოლოს სახელის მისცეს:

დაარქვეს ყინვა! გაუშვეს მინდვრად,

ცაუშვეს წყალში, აუშვეს ხეზე!..

მოურიდებლად მას შემდეგ დადის,

ყველაფერს სუსხავს მთაში და ბარად;

წყალს შეაჯდება უტიფრად ზურგზე

და არხეინად დაცურავს ასე,

დაჭახაჭუხობს ზამთრობით ტყეში,

შუაზე ხეთქავს ნაძვებს და ფიჭვებს,

ღრღნის, აჩანაგებს ყველაფერს ირგვლივ –

ქათქათა კბილებს ჩაასობს რასაც!

შენ, როგორც ვატყობ, აღარც კი ხუმრობ,

რას ჩამაცივდი, რა გინდა ჩემგან,

ლამის წამაძრო თითები ხელზე,

ფეხის თითები წამწყვიტო ლამის;

ფეხსაცმელებში მუგუზლებს ჩავდებ,

ალს შემოვიხვევ მთლიანად ტანზე –

მაშინ ვერაფერს დამაკლებ, რადგან

ხარ უსუსური წინაშე ცეცხლის.

დაგაუძლურებ, თილისმით შეგკრავ,

ჩრდილოეთისკენ აქედან გისვრი,

აქ რომ დიდგულობ, – ვაჟკაცი თუ ხარ,

გამოიჩინე იქ ძალა შენი!

მიდი – ჩააქრე კერაზე ცეცხლი,

კვიცი ჩაუკალ მუცელში ფაშატს,

მეწველ საქონელს გაუშრე ძუძუ!

თუარ ინებებ – მოიქცე ასე,

თუ რჩევას ჩემსას არ იღებ ყურად,

მაშინ ხიისთან გაგაგდებ ძალლით,

გადაგიზახებს ღუმელში ლემპო!

შენ იქ მჭედელი შეგაგდებს გრდემლზე,

ავარვარებულ ზინდაზე დაგსვამს,

გამეტებულად დაგიშენს უროს

და ნამსხვრევებად იქცევი ხელად!

თუ არ ისურვებ – მოიქცე ასე,

თუ რჩევას ჩემსას არ იღებ ყურად,

მაშინ გაგაგდებ ზაფხულის მზეზე

და ვერ იხილავ, იცოდე, ზამთარს –

სანამ მე თვითონ არ მოგცემ ნებას,

თუ არ იქნება სურვილი ჩემი!”

შეშინდა ყინვა – ქარბუქის შვილი,

მზის ხსენებაზე დაცეცხლა ტანში,

ახტის ყურებზე შეუშვა ხელი,

ცახცახ-ცახცახით წარმოთქვა ასე:

“მოდი, მე და შენ პირობა დავდოთ,

არ დავუშავოთ ერთმანეთს რამე,

მანამდე – სანამ ანათებს მთვარე,

მანამდე – ვიდრე ცა არის მაღლა.

თუ ვუღალატო პირობას ოდნავ,

თუ გავიხსენო ხელობა ჩემი –

გადამისროლე გიზგიზა ცეცხლში,

ილმარინენის ქურაზე დამსვი, –

რომ სამუდამოდ ზაფხულში ჩავრჩე,

ვეღარასოდეს ვერ შევხვდე ზამთარს!”

ბოროტი ყინვა გაბრუნდა უკან,

ჩამოეცალა კაუკოს გზიდან.

კაუკომ ნავი დატოვა ზღვაში,

გაყინულ ზღვაში ჩატოვა კანჯო,

გზა გააგრძელა ყინულზე ფეხით,

უკან ერთგული ტიერა მოსდევს,

მხნედ მიაბიჯებს მამაცი ახტი,

მეგობარს კვალში მიჰყვება კურა!

დღე გადის ერთი, ორი დღე გადის –

არა და არ ჩნას ნაპირი რა,ე!..

ბევრი იარეს მესამე დღესაც,

ბოლოს – კუნძული გამოჩნდა ერთი,

კუნძულზე იყო სოფელი მცირე,

პატარა ციხე სოფელში იდგა...

ციხე-სიმაგრის შეაღო კარი

და დაიძახა კაუკომ ასე:

“არის თუ არა ციხეში ვინმე!

ეგება გქონდეთ ხორცი ან თევზი,

ან გეშოვებათ ეგება პური,

რომ დაგვანაყროთ დაღლილი მგზავრნი!”

რისი პური და რომელი ხორცი, –

ფინჩხალიც კი ვერ იშოვეს რამე!

მიმოიხედა კაუკომ ირგვლივ,

გაბრაზებულმა წარმოთქვა ასე:

“აქაურობა წაიღოს წყალმა,

ცეცხლიმც ჩაყლაპავსა ამ ოხერ ციხეს!..”

ციხე-სიმაგრე დასტოვეს ცივად,

უღრანი ტყისკენ აიღეს გეზი...

ძე-ხორციელი არ ჩანდა ვინმე,

რომ გზა-სავალი ეკითხათ მაინც!

კაუკომელმა, მამაცმა გმირმა,

მობღოზა ხავსი კლდეზე და ქვებზე, –

ხავსის წინდები მზად იყო ხელად,

საბუხარები მზად იყო წამში, –

აღარ ციოდათ, დამარცხდა ყინვა,

ხელ-ფეხი ხელად გაითბათ მგზავრებს...

გზა არ ილევა, არ უჩანს ბოლო,

აღარც იციან – მიდიან საით,

ერთგან დაბურულს მიადგნენ ადგილს, -

შუადღე იყო – დაღამდა უცებ,

წინ – ახტი მიდის, უკან – ტიერა...

და ეუბნება ტიერას ახტი:

“კარგად ვერ არის, ძმობილო საქმე, –

ეს რა უდაბურ ადგილას მოვხვდით...

სულ ერთიანად ამებნა თავგზა,

როდემდე უნდა ვიაროთ ასე?!”

ასე მიუგო ტიერამ ახტის,

კაუკოს ასე პასუხობს კურა:

“უცხო მხარეში დაღუპვა გველის,

სიკვდილი გვიცდის უდაბურ ტყეში!

შური გვინდოდა გვეძია სხვაზე –

ხიფათში ჩვენივ ჩავიგდეთ თავი:

ხუმრობა საქმე ყოფილა როდი,

ამ ნისლოვანი პოხელის მხარეს

უკაცრიელთა ადგილთა გავლა,

სადაც მარტოდენ ყორანი ბუდობს.

ჩავიღუპებით უთუოდ სადმე

და ყვავ-ყორანი დაგვიწყებს ძიძგნას;

მოფრინდებიან უძღები სვავნი,

დაგვაცხრებიან ჩხავილით თავზე...

და უზარმაზარ კლდეებზე, მერე,

გაერთობიან ჭახუნით ძვალთა.

მთლად ჩამოხმება ლოდინით დედა,

გზისკენ ექნება საცოდავს თვალი!..

ბოლოს იფიქრებს, რომ შვილი მისი

მოკვდა ბრძოლაში პოხელის ხალხთან!

მოთქმა-გოდებას უმატებს დედა,

დაკარგულ შვილზე იტირებს ასე:

“იქ არის ახლა ვაჟკაცი ჩემი,

იქ – ტუონელში კაფავს და თესავს...

ისვენებს მისი მშვილდი და ხმალი,

ისვენებს ახლა იმისი შუბი.

დაგოგმანობენ კაკბები მშვიდად,

დათამაშობენ დომბები ველზე,

ტყეში დათვები თამამად ვლიან –

მათ ჩემი შვილის არა აქვთ შიში!”

დაღონდა ჩვენი მამამცი გმირი,

ჩაფიქრდა ახტი და ამბობს ასე:

“ცხრა თვეს მატარე, დედილო, მუცლით,

ძილმონატრული მირწევდი აკვანს...

შენ უამრავი დაზარდე ბარტყი,

გადააფრინე ბუდიდან ყველა,

მაგრამ სასტიკი მოვარდა ქარი –

მიჰფანტ-მოჰფანტა ბარტყები ლემპომ...

ეჰ, მახსენდება ნათელი დღენი.

როს უზრუნველად დავრბოდი ველზე,

ოქროსფერ ჩიტებს დავსდევდი ლაღად

და არაფრისა არ მქონდა დარდი...

ვინც შემხედავდა – ლოცავდა მშობლებს,

დედას და მამას ლოცავდა ჩემსას,

ახლა კი, აგერ – სიკვდილის გზაზე

მივდივართ ორნი – მე და შენ კურა,

უდაბურ ტყეში მეგზური ჩვენი

და ხმის გამცემი – ქარია მხოლოდ...

მზე გვეგულება იმედად ცაზე, –

მასაც წვიმა და ღრუბელი ფარავს...

მაგრამ მე უფრო იმაზე ვწუხვარ,

იმაზე ვდარდობ მე ახლა უფრო,

რა ეშველებათ უჩვენოდ ქალებს,

ვინღა გაართობს ქალწულებს ლხინში,

ცრემლებს ღვრიან თუ მღერიან, ნეტა?

ვინ იცის, იქნებ დარდობენ ჩვენზე,

იქნება ვრემლით ევსებათ თვალი?..

ჯერ ამ მახრეში არ არის გრძნება,

და არცა სახვრა, და არცა ჯადო –

დაუძლურება რომ შძლოს ჩვენი,

დამორჩილება რომ შეძლოს გმირთა.

თუ ჯადოქარი გამოჩნდა ვინმე,

თუ აქაურებს მისნობა ძალუძთ –

ჩვენზე ვერ გასჭრის იმათი ძალა,

ვერ იმოქმედებს თილისმა ჩვენზე!

რამეთუ გრძნებაც, მისნობაც, ჯადოც

დაუბრუნდებათ უკანვე მგრძნებელთ, –

მოაკვდინებენ საკუთარ მოდგმას,

ამოჟუჟავენ საკუთარ ჯილაგს!

არც მამაჩემზე არ სჭრიდა ჯადო,

არ მორჩილებდა მოხუცი გრძნებას,

არ მორჩილებდა აქაურ მისანთ –

ლაფლანდიელთა არ ჰქონდა შიში, –

მას მფარველობდა მაღალი უკო;

აი, მეც უკოს მოვუხმობ ახლა:

“ო, დიდო უკო, უფალო ცათა,

შენ დამიფარე, მორჩილი შენი,

მაშორე ყოველ ავსა და ბოროტს

და მარონინე კეთილად მგზავრი!

შენ – წვეროსანთა მარიდე სახვრა,

შენ – უწვერულთა მაშორე ჯადო!

მფარველად მექმენ, მაღალო უკოვ,

რომ გზა და კვალი გავიგნო სწორად!

რომ არ აცრემლდეს მოხუცი დედა,

რომ მივუვიდე უვნებლდა სახლში!”

მაშინვე გაჩნდა კაუკოს თვალწინ

ორი პეგასი – მერანი ორი,

ერთი – სარია, მეორე – შავრა,

აიჭნი – ერთიმეორის მჯობნნი!

მწუხარე ფიქრი – აქცია შავრად,

ხოლო სარიად – აქცია დარდი;

ლახტად აქცია – მწუხარე დღენი,

უნაგირად კი – ბედკრულად ყოფა!

პეგასებს სხარტად მოახტნენ ზურგზე –

ზღვის სანაპიროს გაუყვნენ ჩორთით...

გამოვეთხოვო დროებით უნდა –

კარგახანს აღარ ვუმღერებ ახტის;

ტიერაც უკვე გზაზეა მდგარი,

მიეშურება სახლისკენ კურაც!..

მიმართულებას შეიცვლის ახლა

და სხვა გზით წავა სიმღერაც ჩემი!

 

რუნა ოცდამეთერთმეტე

 

გედმა ბჟიტების დაზარდა გუნდი,

ლაპები ტბასთან მიდენა ერთხელ;

უცებ – სად იყო, სადა არა, – ორბმა

გადაუქროლა ჭუჭულებს თავზე

და მიმოფანტა სხვადასხვა მხარეს:

კარიალაში წაიღო ერთი,

წააწიაქა მეორე რუსეთს,

ხოლო მესამე დატოვა ტბასთან.

იგი, რომელიც წაიღო რუსეთს –

გამოიჯანდრა ჩინებულ ვაჭრად,

კარიალაში რომელიც მოხვდა –

იმას კალერვო დაარქვეს თურმე,

რომელიც დარჩა დედასთან კენტად –

უნტამოინენ დაარქვეს იმას,

ის არაერთხელ მიზეზად იქცა

უბედურების დედ-მამის თვისის!

ერთხელ კალერვომ შეროხა წყალი,

თევზის დაჭერა ხოლიხით სურდა,

მაგრამ დაასწრო უნტამომ ხარბმა, –

ხოლიხი თვითონ ჩაუდგა თევზებს...

მივიდა ჩუმად კალერვო როხთან,

ამოაბრუნა ხოლიხი სწრაფად, –

არ დაუტოვა ძმას ერთი ცალიც –

თევზი მთლიანად წაიღო სახლში!

ყელში მოაწვა უნტამოს ბოღმა,

განბრაზებული მივარდა ძმასთან

და წაუშინა თავ-პირში ხელი.

ფრჩხილებით, მუშტით, წიხლებით, თავით, –

უწყალოდ სცემდნენ ერთმანეთს ძმები,

ამოარტყამდა უნტამო დრუნჩში

და ღებულობდა მაშინვე ხურდას!

მეორე დილას კალერვო ადგა

და უთენია შეუდგა საქმეს:

ძმამ ძმის ჯინაზე დაიწყო თესვა,

უნტამოს სახლთან დათესა შვრია!

გავიდა დრო და... უნტამოს ფარამ

მთლად გადაძოვა ნათესი იგი...

ცხვრებს გააკიდა კალერვომ ძაღლი, –

დააგლეჯინა უნტამოს ცხვრები.

მთლად გადარია უნტამო ამან

და დაემუქრა კალერვოს ასე:

გადაგიწვავო მთლიანად სახლ-კარს,

ამოგიწყვეტო ოჯახის წევრებს!

და შეაგროვა უნტამომ ხალხი, –

ხმალი დაჰკიდა სუყველას წელზე,

ხელში სუყველას მახვილი მისცა,

ჩამმოურიგა ჩუგლუგი ყველას;

მერე დაიძრა საომრად ძმისკენ –

ამოსაჟლეტად კალერვოს მოდგმის!

ულამაზესი კალერვო-რძალი,

სარკმელთან ამ დროს რომელიც იჯდა,

გახედავს გზას და ჩურჩულით ამბობს,

გაოცებული წარმოთქვამს ასე:

“მინდვრის ბოლოში რა უნდა იყოს,

აქეთ რომ მოდის – რა არის ნეტა,

რა მოზოზინობს, რა იძვრის უხმოდ –

ნისლი არის თუ ღრუბელი შავი?”

არცა ღრუბელი და არცა ნისლი –

წინ მოუძღვება უნტამო ლაშქარს,

ღვიძლ ძმაზე უნდა იძიოს შური –

უნდა გაჟლიტოს კალერვოს მოდგმა!

სახლში შეიჭრა უნტამო ჯიქურ,

ატყდა ჯახანი, გახურდა ბრძოლა, –

კალერვოს ოჯახს გაავლეს მუსრი,

ცეცხლს მისცეს მერე კალერვოს სახლი.

კალერვოს ცოლი ორსულად იყო

და, ბედზე, იგი გადარჩა მარტო...

როცა უნტამო გაბრუნდა უკან,

თან წაიყვანა კალერვოს ცოლიც. –

ფეხმძიმე ქალი რეცხავდა სარეცხს,

ჰგვიდა იატაკს, აპობდა შეშას…

საჭირო როცა გავიდა ხანი,

მოილოგინა, ეყოლა ვაჟი.

დედამ კულერვო დაარქვა პირმშოს,

ხოლო უნტამო ეძახის – მებრძოლს.

წევს და ღუღუნებს აკვანში ჩვილი,

დღე გადის ერთი... დღე გადის ორი…

მესამე დღეს კი – დაქანდა უცებ

და არტახები დასწყვიტა ხელად,

საგებ-საფენი დაფლითა მერე

და დაუშინა წიხლები აკვანს!

ბავშვი დღითიდღე ხდებოდა მძლავრი, –

უნტამოლაში სჯეროდა ყველას,

რომ დადგებოდა სულ მალე მისგან

ღონიერი და ერთგული მონა!

და აი, როცა სამი თვის გახდა,

როცა უნტამოს წელადე მისწვდა,

თავში ასეთი გაუჩნდა აზრი,

ბავშვმა ხმამაღლა წარმოთქვა ასე:

“გავიზრდები და ვანანებ ყველას,

ვინც გააწამა მშობლები ჩემი:

ვინც ამოჟლიტა კურერვოს მოდგმა –

იმაზე უნდა ვიძიო შური!”

რა გაიგონა მუქარა ბავშვის,

გაოგნებული უნტამო ამბობს:

“აქედან ვატყობ – დღე მელის ცუდი,

თუ არ ვიღონე დროულად რამე!”

დაღონდა ყველა – ქალიც და კაციც,

ოჯახის წევრი ჩაფიქრდა ყველა:

როგორ მოუღონ კულერვოს ბოლო,

სად გადაკარგონ ან რომელ მხარეს...

და აი, ერთ დღეს, საწყალი ბიჭი,

საგომელაში ჩაჭედეს მაგრად,

ასწიეს მერე და წყევლა-კრულვით

გადაუძახეს მღელვარე ზღვაში.

სამი დღის შემდეგ მივიდნენ ზღვასთან, –

ცოცხალიაო! – შესძახეს ერთხმად.

დიდხანს უღირეს მუშტები ტალღერბს,

გაოცებულნი გაბრუნდნენ უკან...

საგომელიდან გამოძვრა ბიჭი

და არხეინად ტალღაზე დაჯდა;

დიდი ანკესი უჭირავს ხელში

და გულმოდგინედ ზღვის სიღრმეს ზომავს;

ზღვაში წყალია ძალიან ცოტა,

კაცმა რომ დარწყოს – ზღვის წყალმა ციცხვი

ერთიHან ორი აავსოს იქნებ,

ჰა, დიდი-დიდი – აავსოს სამი!

ხალხი ნაპირთან მიცვივდა ისევ,

გამოიყვანეს ნაპირზე ბავშვი,

უნტამომ ასე უბრძანა მონებს:

შეაგროვეთო ტოტები ნაძვის,

გააცაღეთო კოცონი დიდი,

გადააგდეთო კულერვო ცეცხლში...

მონებმა მდაბლად დაუკრეს თავი

და აქეთ-იქით მიაწყდნენ ხელად –

ნაძვის ტოტები მოზიდეს ხმელი,

შიგ შეურიეს ტოტებიც ფიჭვის,

მოაქვთ და მოაქვთ საცოდავ მონებს

იფანი, ჭნავი, ცირცელი, თხმელა...

მოაქვთ მარხილით, თრაქავენ ზირგით, –

შეშა დაგროვდა საჟენი ასი!

დაანთეს ცეცხლი, ავარდა ალი,

დააგიზგიზეს კოცონი დიდი,

დაავლეს ხელი, ასწიეს ციმციმ

და შეისროლეს კულერვო ცეცხლში.

სამი დღის შემდეგ მოუნდათ ნახვა:

ზედ ნაკვერჩხლებზე დამდგარა ბიჭი,

ცეცხლის ენები ეხვევა ტანზე;

ხელში უჭირავს ვეება როკი,

უფრო და უფრო აღვივებს კოცონს,

ცეცხლში კი არა – წყალშია თითქოს,

არ შეტრუსვია თმის ღერიც ერთი!

მაშინ უნტამო გაბრაზდა ძლიერ

და ჩამოკიდა კულერვო ხეზე...

გადის დღე ერთი, დღე გადის ორი,

მესამე დღეზე გაგაზავნა მონა,

ხესთან მსახური გაგაზავნა თვისი –

მომიტანეო ამბავი ჩქარა!..

მინა სასწრაფოდ დაბრუნდა უკან

და მოახსენა უნტამოს ასე:

“ბიჭს საჭრეთელი უჭირავს ხელში,

გამოუსახავს მებრძოლნი ხეზე, –

ზოგი ხმალს იქნევს, ზოგი შუბს სტყორცნის,

ზოგსაც თქრიალით გადმოსდის სისხლი...

ისე მშვიდი აქვს კულერვოს სახე –

კი არ ჰკიდია, ფეხზე დგას თითქოს!”

რა არ იღონეს, რა აღარ სცადეს.

არ გასჭრა ბიჭზე არარა ძალამ;

ვერ მოიშორეს თავიდან მაინც, –

მუდამ ცოცხალი გადარჩა ბიჭი.

ზღვაში ისროლეს – ტალრაზე დაჯდა,

ცეცხლში შეაგდეს – არ დასწვა ცეცხლმა,

ხეზე დაჰკიდეს – სკამზე ზის ვითომ,

ვერ ეკარება სიკვდილი ახლოს!..

ვერ მოიგონა უნტამომ რამე

წამების ხერხი – სასტიკი უფრო,

მოდი, გავზრდიო, – იფიქრა ბოლოს,

მონისა შვილის იკისრა გაზრდა!

უნტამოს სხვა გზა არ ჰქონდა რადგან,

იხმო კულერვო და უთხრა ასე:

“მოსამსახურედ დადექი ჩემთან, –

იქნები ჩემი მორჩილი მონა,

საქმეს ერთგულად მოგკიდე ხელი,

გასამრჯელოსაც მიიღებ კარაგად!

არა და –ქამრით აგიწვავ კანჭებს,

ზურგს აგიჭრელებ ცირცელის სახრით!”

კულერვოს ჩვილის მიანდეს მოვლა,

დასვეს აკვანთან და უთხრეს ასე:

“არ მოაცილო პატარას თვალი,

ასვი, აჭამე თავ-თავის დროზე...

საფენელებიც ურეცხო უნდა,

კაბებიც უნდა ურეცხო ხშირად!”

კულერვოც მალე შეუდგა საქმეს:

პირველად თვალში ატაკა თითი,

მერე – სხეულზე დაუწყო ჩქმეტა,

ააღრიალა საწყალი ბავშვი,

ამოიყვანა აკვნიდან ბოლოს

და დაუშინა წიხლები აკვანს,

ბავშვს ჩასაცმელი თუ რამე ჰქონდა –

ცეცხლში შეჰყარა აკვანთან ერთად...

მაშინ უნტამომ დაასკვნა ასე:

“ვერარ დავტოვებ კულერვოს შვილთან, –

კიდევ კარგი, რომ აკვანთან ერთად

არ შეუძახა პატარას ცეცხლში.

რა დავავალო, რა საქმე მივცე,

რა შეუძლია – ვიცოდე მაინც;

მოდი, გავგზავნი, ხეები მოჭრას”,

ასეც მოიქცა – გაგაზავნა ტყეში...

მიდის კულერვო, მიდის და ფიქრობს:

“მაშინ ნამდვილად მერქმევა კაცი,

მაშინ ვიქნები ნამდვილად გმირი –

როცა ნაჯახი მექნება ხელში,

თხუთმეტი კაცის მექნება ძალა,

ორჯერ თხუთმეტის და უფრო მეტის”.

გზად შეუარა კულერვომ მჭედელს

და დავალება ასეთი მისცა:

“ჰეი, მჭედელო, ძმობილო ჩემო,

გამომიკვეთე ნაჯახი ერთი,

შეასფერისი ნამდვილი გმირის,

ფოლადნაწრთობი, მაგარი რკინა!

ე მაგ ნაჯახით, ვითარცა ხმალით,

ხეების ჯარი ავკაფო უნდა!”

ჩაქუჩი დაჰკრა მჭედელმა რკინას

და გამოჭედა ნაჯახი ხელად;

ახედ-დახედა კულერვომ ნაჯახს –

კმაყოფილია კალერვოს შვილი!

ერთი დღე ლესა, ორი დღე ლესა,

მესამე დღეს კი გასწია ტყისკენ,

რათა ნაჯახით, ვითარცა ხმალით,

ხეების ჯარი აჰკაფოს ტყეში.

მიდგა კულერვო, – კაფავს და კაფავს,

თითო ხეს ჰყოფნის მოქნევა თითო.

წაიქცა ერთი, ეაიქცა ორი,

წაიქცა სამი, წაიქცა ოთხი, –

რვა როცა დასცა – ასწია თავი,

გახედა სივრცეს და ასე ამბობს:

“მე ჩემი წილი გავკაფე უკვე

თუ რამე დარჩა – გაკაფოს ლემპომ!”

ნაჯახი პირით დაასო მორზე,

მორთო ყვირილი, ატეხა სტვენა,

ყვირის და უსტვენს, უსტვენს და ყვირის,

შეჩერდა უცებ და ასე ამბობს:

“სანამდეც სტვენა მისწვდება ჩემი,

სანამდეც ჩემი ყვირილი მივა –

დაე, იქამდე არც ერთი ძირი

ნაძვი და ფიჭვი არ დარჩეს ფეხზე!

მერე კი, – ვიდრე ანათებს მთვარე,

არ გაიხაროს არც ერთმა ჩქოლამ,

აღარ გაიდგას მიწაში ფესვი

მუხამ და ნაძვმა, ფიჭვმა და არყმა,

ნუმც დაუწყია შრიალი ხეებს,

ჩემი ნაკაფი – ნაკაფად დარჩეს!

თუ აქ ოდესმე მოხნავენ მიწას,

აქ თუ ოდესმე დათესონ პური –

არ დათავთავდეს არასდროს ყანა,

დააზროს ყინვამ, მიწაში ჩალპეს!”

როცა გავიდა დღე ბარე ხუთი,

უნტამომ გულში იფიქრა ასე:

“წავიდე ერთი, მივიდე, ვნახო,

როგორ მუშაობს კალერვოს შვილი –

კალერვო, ჩემი ახალი მონა,

ხომ არ ზარმაცობს, ხომ არ ზის უქმად!”

ადგა, წავიდა, მივიდა, ნახა,

შემოეყარა უნტამოს გულზე:

“არ შესძლებია შერჩევით კაფვა,

აუჩეხია პირწმინდად ხენი...

რა დავავალო, რა საქმე მივცე,

რა შეუძლია – ვიცოდე მაინც1”

შესაღობი აქვს უნტამოს ეზო,

ეზოს შეღობვა უბრძანა მონას!

კულერვოც მყისვე შეუდგა საქმეს,

კალერვოს შვილმა დაიწყო ღობვა:

ახოვან ნაძვებს სარებად ასობს,

აშოლტილ ფიჭვებს იყენებს წნელად,

გადის დღე ერთი, ორი დღე გადის;

და აი – ღობეც მზად არის უკვე,

მაგრამ, არ გინდა ეზოდან გასვლა?! –

არ გაუკეთა ჭიშკარი ღობეს!

თვითონ კულერვოს ხელობა მისი

ძალიან მოსწონს და ამბობს ასე:

“ვისაც ჩიტივით არ ძალუძს ფრენა,

მკლევების ნაცვლად არა აქვს ფრთები,

ის ვერ შემოყოფს ეზოში ცხვირსაც,

ვეღარ იხილავს უნტამოს ეზოს!”

როცა გავიდა დღე ბარე ათი,

გამოიხედა უნტამომ გარეთ,

ხედავს: ტყრუშული არტყია ეზოს,

ღობე არტყია – ასული ცამდე!

შემოეყარა უნტამოს გულზე,

შეწუხდა ძლიერ და ასე ამბობს:

“ეს რა უქნია ამ სულელ მონას,

სად გაგონილა უჭიშკრო ეზო,

ან შიგნით როგორ შემოვა ვინმე,

ან გარეთ როგორ გავიდეს კაცი!

რა დავავალო, რა საქმე მივცე,

რა შეუძლია – ვიცოდე მაინც!

ჭვავი გალეწოს ჩერჩეტმა იქნებ?!”

კალერვოს შვილი შეუდგა საქმეს,

კულერვომ მყისვე დაიყო ლეწვა:

დასცხო კეტი და აქცია ხელად

მარცვალი – ხოტბად, ნამჯა კი – ბრელოდ

გამოიხედა უნტამომ გარეთ,

შემოეყარა მაშინვე გულზე.

მტვრად უქვეცია მარცვალი მონას,

მიწაზე ჰყრია მარტოდენ ჩელხი.

ბოღმა მოაწვა უნტამოს ყელში,

გაბრაზდა ძლიერ და ამბობს ასე:

“არ გამომდგა კულერვო მონად,

მოსამსახურედ არ ვარგა იგი, –

ცეცხლში კინაღამ დამიწვა ბავშვი,

გამინადგურა ხეები ტყეში,

ეზო დახუთა უჭიშკრო ღობით,

ქარს გაატანა მთელი წლის სარჩო!..

გავყიდი, მაგრამ... სად, რომელ მხარეს?!

იქნებ რუსეთში მივყიდო ვინმეს...

კარიალაში გავყიდი უფრო –

მჭედელი ილმა კაი ფასს მომცემს!..”

გაჰყიდა მართლაც კალერვოს შვილი,

ილმას მიჰყიდა – უბადლო მჭედელს;

რა მისცა ფასი? ო, ნუღა იტყვით,

ძვირი დაუჯდა კულერვო ილმას:

ძირგავარდნილი ორიოდ ქვაბი,

დაჟანგებული ანჯამა – ხუთი,

ერთი – წვიმაში ნაგდები ცელი,

სამიც – უყუო, უტარო თოხი...

აი, რა მისცა უნტამოს ბიჭში,

ილმარინენმა – მჭედელმა დიდმა.

 

რუნა ოცდამეთორმეტე

 

კულერვოინენი, ჭაბუკი ლაღი,

წინდა რომელსაც აცვია ჭრელი,

კალერვოს შვილი, რომელსაც ფეხზე

წაღა აცვია ლამაზი ტყავის, –

ილმარინენის და მეუღლლეს მისას

სთხოვს სამუშაოს – შესაფერს რასმე:

“მეც ჩემი საქმე ვიცოდე მინდა,

მოვალეობა ვიცოდე ჩემი!..”

დიასახლისმა დაიწყო ფიქრი,

იმაზრ ფიქრობს მეუღლე მჭედლის –

რა დაავალოს, რა საქმე მისცეს...

ნახარის მწყემსვა უბრძანა მონას!

დისახლისი ამზადებს საგზალს:

ჭვავის ფქვილისგან მოზილა ცომი,

ცომში დიდი ქვა ჩაჰგულა ერთი

და გამოაცხო ვეება პური!

აქოთებული წაუსვა ქონი,

ერბო წაუსვა ძალიან ძველი...

და ეუბნება კულერვოს ასე, –

დიასახლისი აბარებს მონას:

“როდესაც ტყეში შეჰლალავ ნახირს –

ე, მაშინ ჭამე, იცოდე, პური,

მანამდე ნუ ჭამ, გახსოვდეს კარგად,

დანაბარები გახსოვდეს ჩემი!”

და გამოაღო ბოსელის კარი,

და გამორეკა ძროხები გარეთ;

დიასახლისი მერძეულ ფურებს

ჭიშკრამდე მიგყვა და ასე ამბობს:

“წადით, გალაღდით, შეისხით ხორცი,

არყნარში ძოვეთ ბალახი ქორფა,

კაღი შუნივით იქროლეთ ტყეში,

ჩათქვირებულნი დაბრუნდით უკან –

მე არასოდეს საქონელს სახლში

არ გავიჩერებ ბერწსა და ჯანდაგს...

ო, დიდო უკო, კეთილო ღმერთო,

შენ დაიცავი ნახირი ჩემი!

ყოველი ავი, განგების ძალავ,

შენ აარიდე საქონელს ჩემსას! –

რათა შეისხან ფურებმა ხორცი,

რათა გალაღდეს მინდორში მროწლე,

ისე დასუქდნენ, რომ მათი ხილვით

თვალი დაუდგეს ავსა და ბოროტს!

თუ ჩვენი მწყემსი გოგო-ბიჭები

არ მოგეწონოს, მაღალო უკო,

ტირიფს უბრძანე მწყემსობა მაშინ,

ძეწნა დაუდგეს მორბედად ფურებს,

დე, გამორეკოს სახლისკენ შოთხვმა,

ვიდრე მე თვითონ საძებნად წავალ!..

არ დაუდგება ტირიფი მწყემსად,

არ გამორეკავს საქონელს შოთხვი?..

მაშინ ასულნი დასაქმე ცათა,

მათ დაიფარონ ხვასტაგი ჩემი...

შენ ხომ ასი გყავს ასული, უკო,

და რატომ ასე და არა მეტი, –

მათ დაავალე, – მომწყემსონ ჯოგი,

მათ – შემოქმედის უბადლო ქმნულთა!

ო, მიელიკი, ტყის ნაზო სულო,

და შენც ტელერვო, ასულო ტყეთა,

როდესაც ტყეში იფეთქებს მწვანე,

შეიფოთლება როდესაც ხენი –

თქვენ დაუდექით მფარველად ხვადაგს,

თქვენ დაიფარეთ ფურები ჩემი!

ო, შენ – სამხრეთის ასულო ტურფავ,

ულამაზესო, ქმნილების დედავ –

გემუდარები – მფარველი კალთა

გადააფარე საქონელს ჩემსას,

არიდე ჭაობს, არიდე გრიგალს,

არიდე მეხს და არიდე მეწყერს!..

ო, დიდო უკო, მეუფევ ცათა,

შენ ზენაარში ჩაჰბერე საყვირს,

ჩაჰბერე მძლავრად, ჩაჰბერე ისე,

რომ ხმა დაირხეს თაფლივით ტკბილი!

აახასხასე მინდვრები ვრცელი,

რძე ჩაუყენე ღეროში ბალახს,

იალაღებზე დაღვარე თაფლი,

საქონელს მიე საკვები მსუყე,

არ დაუკავო ბალახი ლორთქო,

რძით დაუტიკნე ჯიქნები ფურებს,

რათა საღამოს მდინარე რძისა

თითო ცურიდან დიოდეს თითო.

ო, შენ – სამხრეთის ასულო ტურფავ,

ნუ დაუკავებ სუეტიკს ბალახს,

ნუ დაუკავებ უოტიკს საკვებს,

ხერმიკსაც მწვანე უბოძე მოლი;

გაუმასპინძლდი ტუორიკს უხვად,

მაირიკსა და ომენას ჩემსას, –

ყვავილთა ასულს, ბალახთა ასულს,

ღრუბელთა ასულს მიეცი რჩევა –

ნუ მოაკლებენ საძოვარს ფურებს,

რძე წყაროსავით სდიოდეთ რათა!

ო, შენ – სამხრეთის ასულო ტურფავ,

არ დაგიჯეროს ეგება ჯოგმა,

არ გამოვიდეს იქნება ტყიდან,

არ მოისურვოს წამოსვლა სახლში, –

მაშინ ცირცელის მოსჭერი შხვერთი

და ჯიუტ ფურებს უცხუნე წელზე,

არ შეიცოდო – უცხუნე მაგრად

და გამორეკე სახლისკენ ყველა!

ოტსო, ტყის დათვო, დამიგდე ყური,

თაფლოვან თათს რომ ლოკავ და ლოკავ,

მოდი, შევთანხმდეთ, პირობა დავდოთ –

არ დავუსავოთ ერთმანეთს რამე,

შენ ჩემს საქონელს არ ახლო ხელი,

ხელი არ ახლო მერძეულ პირუტყვს,

როცა ისინი მინდორში ძოვენ,

მუცელს იძღებენ ბალახით ნედლით!

ზარების წკარუნს თუ მოჰკარ ყური,

კისერზე რომ აქვთ შევბული ფურებს,

შენ ხავარატში ჩამალე თავი,

იქაურობას გაშორდი სულაც

და აარიდე საქონელს პირი, –

არ გაიგონო წკარუნი ზართა,

არ მოუსმინო ფურების ბღავილს!

მისმინე, ჩემო ბანძგვერა ოტსო,

თაფლოვანთათავ, დამიგდე ყური;

თუ გინდა – კუდით შეეხე ფურებს,

მაგრამ ნუ იხმარ ღონიერ თათებს,

კბილი არ გაჰკრა უშობელს ფერდზე,

არ გადაივლო ღრძილებზე სისხლი!

არ ჩაუარო იალაღს ახლოს,

თუ მწყემსმა მაგრად ცაჰბეროს ბუკში

და თუ შენამდე მოვიდეს ის ხმა –

სხვა მხარეს წადი, იცოდე, ოტსო!

მინდვრად თუ ძოვდეს საქონლის ჯოგი –

შენ ჭაობისკენ იბრუნე პირი,

თუ საქონელი ჭაობთან ძოვდეს –

შენ მაშინ, ოტსო, მაღლობზე გადი!

თუ საქონელი მაღლობზე ძოვდეს –

შენ მაშინ, ოტსო, ტაფობში ჩადი;

თუ საქონელი ტაფობში ძოვდეს –

მაშინ მაღლობზე ახვიდე უნდა!

ხარ უწყინარი გუგული ვითომ,

ხარ ვითომ მტრედი – სათნო და ნაზი,

პაწაწკინტელა ხარ ვითომ სიგი,

თევზი ხარ ვითომ, ბეწვი ხარ ირმის,

შორს ჩაუარე ყოველთვის ფურებს,

არ დაანახვო კბილები შენი,

არ დაანახვო, იცოდე, თათი,

არ შეაშინო შენ ჩემი ჯოგი!

ტუონელაში ხომ გახსოვს, ოტსო,

ფიცი რომ დადე, ჩანჩქერის ახლოს, –

მთელი ზაფხულის განმავლობაში

დაერეოდი ჯოგს მხოლოდ სამჯერ!

უზენაესმა შენ დაგრთო ნება –

დამჯერ გაგეკრა ჯოგისთვის კბილი,

სამჯერ, და არა ხუთჯერ და ათჯერ,

ხომ გახსოვს, ოტსო, პირობა შენი?!

ვერ შეიკავო ეგება თავი,

ანდა აგწავდეს კბილები იქნებ, -

მაშინ მიდექი და ღეჭე ტოტი,

ნაძვის ტოტები დაღეჭე მაგრად,

ხავსიან ლოდებს დაუწყე ლოკვა

და დაგიცხრება მაშინვე ჟინი!

როცა შიმშილით აგეწვას კუჭი,

შენ სოკოები ჩათქვლიფე მაშინ,

ჭიანჭველების ჩაძვერი ხვრელში

და მცენარეთა დაძიძგნე ფესვნი, –

მიირთვი, რისი სურვილიც გქონდეს.

ოღონდ კი ჩემს ჯოგს არ ახლო ხელი!

ბორცვებზე, ფერად ყვავილთა შორის

ჩადგმულ გეჯებში ბევრია თაფლი, –

მიდი და სვლიპე, რამდენიც გინდა,

თაფლით მოიკალ წყურვილი სისხლის;

მოდი, შევთანხმდეთ, პირობა დავდოთ –

არ დავუშავოთ ერთმანეთს რამე,

შენ, ჩემო ოტსო, და ჯოგმა ჩემმა

იცხოვრეთ ერთად მინდვრად და ტყეში,

და გაატარეთ მშვიდად და ლაღად

ღვთით ბოძებული ზაფხულის დღენი! –

ჩვენ ხომ ერთი გვაქვს მიწა და წყალი,

 

აჭმელ-სასამელიც გვეყოფა ყველას!

თუკი თანახმა არა ხარ, ოტსო,

შფოთი და ჩხუბი თუ გინდა ჩემთან –

 

იბრძოლოთ, როცა ზამთარი მოვა,

 

ოვლს როცა დადებს – ვიჩხუბოთ მაშინ!

და როცა ზამთარს ზაფხული შეცვლის,

აბიბინდება მინდვრები როცა, –

აქაურობას გაშორდე უნდა,

გადაიკარგო უსიერ ტყეში!..

თუ დაბრუნდები უღრანი ტყიდან,

თუ იალაღებს ჩაუვლი ახლოს,

შენ არ აგცდება ისარი მწველი,

შენ არ აგცდება მწყემსების რისხვა!

თუ მოისარნი ვერ გკრავენ ბოძალს,

დიასახლისი აგიბნევს გზა-კვალს,

რომ ვერ მიაგნო ჭალაში ფურებს,

რომ ვერ დაგლიჯო კბილებით ჯოგი, –

მაღალი ღმერთი მფარველობს რომელს,

უზენაესი რომელსაც იცავს!

ო, უკო! გვედრი – მომაპყარ ყურნი,

ცათამყოფელო, ისმინე თხოვნა:

თუ ის ურჩხული გამოჩნდეს სადმე,

თუ წაბურტყუნდეს ჯოგისკენ ოტსო,

ჰქმენ სიკეთე და იხმარე ჯადო –

გადააქციე ხეებად ფურნი!

მე, მაგალითად, დათვი რომ ვიყო

და თაფლიანი რომ მქონდეს თათი,

გადავივლიდი ცხრა მთას და ცხრა ზღვას,

მუსრს გავავლებდი იქაურ პირუტყვს,

გავეცლებოდი აქაურ ტყეებს,

აქაურ ველებს, აქაურ მინდვრებს,

იალაღებზე თვინიერ შიშის –

გალაღდებოდა დედაბრის ჯოგი!..

გადაბაჯბაჯდა ჩირგვებში, ოტსო,

ზღვის ნაპირ-ნაპირ იარე მერე,

პოხელისაკენ აიღე გეზი,

ლაფლანდიელთა ესტუმრე მხარეს,

იქ შენ იცხოვრე ძალიან კარგად

და არც იფიქრებ წამოსვლას აქეთ:

არ დაგჭირდება ზაფხულში წაღა,

შემოდგომაზე არ გინდა წინდა,

არ დაგესვრება თათები ლაფში,

არარ მოგიწევს ჭაობში ბობღვა;

გზა თუ აგებნეს, ბილიკს თუ ასცდე,

ან თუ გაუვალს მიადგე უღრანს, –

ტუონელისკენ იჩქარე მაშინ,

მაშინვე უნდა ეწვიო კალმას,

კალმაში ფური დაგხვდება ბევრი,

ფურებს კისერზე აბიათ ჯაჭვი,

ერთის მაგივრად – ათი და ოცი!..

ხორცს იმატებენ ჯანდაგნი ძვლებზე,

დაჩონჩხილ ფერდზე უჩნდებათ ქონი!

გემუდარებით, ტყეო და ჭალავ,

წყალობა თქვენი მოიღეთ უხვად!

არ დაუკავოთ ბალახი ძროხებს,

მაძღისად გყავდეთ ყოველთვის ჯოგი,

მშვიდად ატარონ ზაფხულის დღენი –

ღვთით ბოძებული იმედად ჩვენდა!..

შენ – კუიპანა, დამიგდე ყური,

თეთრწვეროსანო მეუფევ ტყეთა,

არ გამოუშვა ზაღლები შენი,

არ მიუსიო ქოფაკნი ხვადაგს!

პირში შეჩურთე სუყველას კენკრა,

რომ ვერ აიღონ საქონლის გეში,

ჩამოაფარე თვალებზე ბლანდი

და დაუცავი ყურები მაგრად,

რომ ვერ შეხედონ მინდორში ფურებს,

ვერ გაიგონონ ბღავილი მათი!

დამორჩილება ვერ შესძლო იქნებ, –

მაშინ ნაგაზნი იფრინო უნდა,

გარეკო უნდა აქედან მაშინ,

სულ მოაცილო აქაურ ტყე-ველს!

თუ ვერ გარეკო – დააბი ჯაჭვით,

ოქროს საყელო შეაბი ყველას,

რომ არაფერი აწყინონ ფურებს,

არ ჩაიდინონ უღირსი საქმე!

იქნებ საკმარი არ იყოს ესეც,

ეგებ ჯაჭვები დასწყვიტონ ძაღლთა,

ო, მაშინ უკო, მფარველო ჩემო,

განსაცდელისგან შენ უნდა მიხსნა:

ცირცელისაგან პირბადე დასწან

და სათითაოდ შეაბი ძაღლებს;

თუ არ გამოდგეს ცირცელის წნული,

მაშინ სპილენძის შეაბი ბადე;

სპილენძის ბადეც დაგლიჯონ იქნებ,

მაშინ სპილენძი შეცვალე რკინით;

თუ ვერ გაუძლოს რკინამაც, მაშინ

ოქროს ლურსმნები გასჭედე, უკო,

და გაუყარე ნაგაზებს ყბებში

ზევიდან ქვევით, ქვევიდან ზევით,

მოუკაუჭე ორივე ბოლო

და დააკარი ზედა ყბა ქვედას, -

ვეღარ დააღებს ქოფაკი ხახას,

ვერ გამოაჩენს საზარლად კბილებს!”

დიასახლისმა, მეუღლემ მჭედლის,

იალაღისკენ გარეკა ჯოგი...

ფურების მოვლა უბრძანა მონას, –

კულერვო გაჰყვა საქონელს მწყემსად!

 

რუნა ოცდამეცამეტე

 

კულერვომ ზურგზე მოიგდო აბგა,

კალერვოს შვილმა გადენა ჯოგი...

ხან ჭაობ-ჭაობ და ხანაც ტყე-ტყე

მორეკავს ფურებს და ამბობს ასე:

“ვაი ჩემს შავ დღეს, გაჩენას ჩემსას,

ჩემზე საბრალო თუ არის ვინმე!.

სანამდე მივყვე ამ ოხერ ძროხებს,

სანამდე უნდა მივსდიო კუდში...

ჭაობი უნდა გავტოპო ფეხით,

უნდა ვეთრიო აღმა და დაღმა!”

შემოუძახა კულერვომ ძროხას,

დარჩენილიყო რომელიც უკან...

მზიან კოლბახზე ჩამოჯდა მერე

და შეუმღერა გაბადრულ მნათობს:

“მზეო მაღალო, მაჩუქე სითბო!

ჩარხო უფლისავ – მაშუქე შუქი!

მე ხომ მწყემსი ვარ, საბრალო მწყემსი,

მჭედლის საქონელს ვუდგევარ მწყემსად!..

არ გაიმეტო მჭედლისთვის სითბო,

არ გაუნათო მეუღლეს მისას, –

დიასახლისი არ ფიქრობს ჩემზე,

მას ჩემი სულაც არა აქვს დარდი, –

მე აქ პურს ვლოღნი ჭვავის ან ქერის,

ხორბალისას კი – მიირთმევს თვითონ!..

ხან არც ისა მაქვს და ქერქებს ვღეჭავ,

ხან ჩალის პურს ვჭამ საბრალო მწყემსი!

შენი ჩასვლის დროც სულ მალე მოვა,

არ დააყოვნო, იჩქარე მზეო!

ჩახვალ თუ არა – მეც წავალ სახლში,

იქ მელოდაბა მუშკივით პური,

მე იქ დამხვდება ღვეზელი ცხელი,

ცხელი ღვეზელი ძალიან მიყვარს!”

ვიდრე კულერვო მღეროდა ასე,

ვიდრე საქონელს მწყემსავდა ტყეში –

დიასახლისმა შეჭამა სულმთალად,

სახლში საჭმელი თუ ჰქონდათ რამე!..

მწყენსი ბიჭისთვის ჭუჭყიან ქვაბში

მოათუხთუხა უბრალო წვენი,

და ამოსვლიპა ქვაბიდან ლეკვმა,

თუ რამე ჰქონდა ჭენჭი და გარო!

უცებ, კულერვოს ხმა ესმის ჩიტის,

პაწია ჩიტი გალობით ამბობს:

“სადილობის დრო მოვიდა უკვე,

დაჯექი, ჭამე, ობოლო მწყემსო!”

პატარა მწყემსმა ხეების ჩრდილი

გაზომა თვალით და ამბობს ასე:

“სადილობის დრო მოსულა უკვე,

ამოვალაგებ ახლავე საგზალს..”

დაწვნენ თუ არა ძროხები ჩრდილში,

თვალების ნაბვით დაიწყეს ცოხნა...

ბიჭმა ზურგიდან მოიხსნა აბგა,

თვითონაც იქვე წამოწვა მოლზე

და ამოიღო აბგიდან პური,

შეატრიალა ხელში და ამბობს:

“ხშირად გარედან კარგია პური,

შეასახედავად კარგია ხშირად,

გაჭრი და – შიგნით გული აქვს ჩალის,

შიგ ყრია ხოტბო, ჩელხი და ბრელო!”

ბიჭმა ქარქაშით დააძრო დანა,

პურს ჭრის იმ დანით პატარა მწყემსი:

დაუსვა მაგრად, დავიდა ქვამდე,

დანას მაშინვე წააწყდა წვერი,

დააწვა კიდევ – დაემსხვრა პირი,

სულ ბოლოს ხელში ტარიღა შერჩა!

რა დაინახა კალერვოს შვილმა,

რომ დანა მისი დაიმსხვრა ქვაზე,

მყის გადმოღვარა თვალთაგან ცრემლი,

პატარა მწყემსი ტირილით ამბობს:

“ეს დანა ჩემთვის ძვირფასი იყო,

საკუთარ თავზე მიყვარდა უფრო,

რადგან მოხუცის ეჭირა ხელებს,

მამაჩემისგან სახსოვრად დამრჩა.

დიასახლისმა ბოროტი ზრახვით

ჩაჰგულა ჩემთვის გამომცხვარ პურში

ქვა, რომელზედაც დაიმსხვრა დანა, –

ხელში მარტოდენ ტარიღა შემრჩა!

ვერ ვაპატიებ დედაკაცს ამას,

მასხრად აგდებას დავუჯენ ძვირად;

როგორმე შური ვიძიო უნდა,

სამაგიერო მივუზღა ბოროტს!”

უეცრად ყვავი ჩხავლდა ხეზე

და ჩამოსძახა კულერვოს ყვავმა:

“რად დაღვრემილხარ, პატარა მწყემსო,

შენ – ერთადერთო კალერვოს ძეო!

რად ჩამოგტირის, საბრალოვ, სახე

რატომ გიბრწყინავს თვალებზე ცრემლი?!..

ვეება ჯოხი მონახე ერთი,

ხელში აიღე არყის ხის როკი,

უცხუნე ფურებს, გადენე ყველა

და მიურეკე მგლებსა და დათვებს.

დე, ნახევარი მიირთვან მგლებმა,

ნახევარი კი – დაგლიჯონ დათვთა!..

მერე მგელ-დათვი შეჰყარე ერთად –

ჯოგად აქციე ნადირთა ხროვა,

გადააქციე ფურებად დათვნი,

მეწველ ძროხებად აქციე მგელნი

და მიურეკე დედაკაცს სახლში

ტიღურ-ტიღურა მხეცების ჯოგი!..

ასე იძიე ბოროტზე შური,

არ შეარჩინო აგდება მასხრად!”

ისმინა რჩევა კალერვოს შვილმა,

პატარა მწყემსმა წარმოთქვა ასე:

“მჭედლის მეუღლევ, ავსულო ქალო,

დამაცა – მე შენ გიჩვენებ სეირს,

შენ დამიმსხვრიე ლამაზი დანა,

მაგრამ არც შენს ჯოგს დავაყრი კარგ დღეს!”

ვეება ჯოხი მონახა ერთი,

ხელში აიღო არყის ხის როკი, –

უცხუნა ფურებს, გადენა ყველა

და მიურეკა მგლებსა და დათვებს;

მაშინვე ეცნენ მხეცები ძროხებს,

არ დარჩენილა ცოცხალი ერთიც!..

მერე, ძროხებად აქცია დათვნი,

დეკეულებად აქცია მგლები;

მოსაღამოვდა, მზე ჩადის უკვე,

მზე ფადაგორდა ნაძვების თვაზე...

სახლში მიდენის კულერვო დათვებს,

მიძუნძულებენ სახლისკენ მგლები;

და როცა ეზოს მოადგა ჯოგი,

კულერვო მხეცებს არიგესბ ასე:

“დიასხლისმა, მეუღლემ მჭედლის,

როგორც კი ხელი შეგავლოთ ცურზე,

ეცით მაშინვე, დაკბინეთ მაგრად,

სულ დაუფლითეთ ბარძაყი, თეძო!”

თან წამოეღო კულერვოს ტყიდან

ტიომიკის და კირიოს ძვლები:

ხმა თ ერთ მათგანს საყვირის ჰქონდა,

მეორე ჰგავდა სალამურს ნამდვილს!

უკრავს სალამურს, ჩაჰბერა საყვირს,

უახლობვდება კულერვო ეზოს!..

მიადგა ჭიშკარს – ჩაჰბერა სამჯერ,

ექვსჯერ ჩაჰბერა კარებთან ბოსლის!

მჭედლის მეუღლემ კულერვოს ჰკითხა:

“სად გიშოვია საყვირი, ნეტა?

ან სალამური იშოვე როგორ?

ეგება ტყეში გაჩუქა ვინმემ!”

კალერვოს შვილმა მიუგო ასე:

“ვინ მაჩუქებდა სალამურს ტყეში, –

საყვირს ჭაობში წავაწყდი უცებ,

სალამური კი – ვიპოვე გზაზე!..

აი, ხომ ხედავ, მოვრეკე ჯოგი,

საჩიხეშია ძროხები უკვე...

დაანთე ცეცხლი, დაიწყე წველა,

აქვთ დახეთქვაზე ცურები ფურებს!”

მჭედლის მეუღლემ მოიხმო დედა,

მოხუცი ქალი იხმო და უთხრა:

“დედა, შენ უნდა მიხედო ძროხებს,

მე არ მცალია მაგათთვის ახლა!

მე ვერ დავიწყებ ძროხების წველას,

მოააზელი მაქვს სავახშმოდ ცომი!”

მჭედლის მეუღლეს კალერვოს შვილმა

შეხედა მწყრალად და უთხრა ასე:

“ვინც არის მართლა ოჯახის ქალი,

დიასახლისი ვინც არის კარგი,

ის არ მიანდობს სხვას თავის საქმეს,

მოწველის ძროხებს თავისი ხელით!”

დიასახლისმა დაანთო ცეცხლი

და მოემზადა საწველად ფურთა...

თვითეულ მათგანს შეავლო თვალი,

ახედ-დახედა და ამბობს ასე:

“ბეწვზე ეტყობათ – თავს კარგად გრძნობენ,

ჩათქვირებულან ფურები ზორბად...

ბალანი ყველას შუნისას უგავთ,

მთლად ფოცხვერისას მიუგავთ ბეწვი;

ვეღარ ატევენ ლაჯებში ჯიქნებს,

რძე ცურებიდან თავისით წვეთავს”.

დიასახლისი ჩაცუცქდა უცებ,

უკვე დრო არის – შეუდგეს წველას...

თითო ცურს ხელი წაავლო თითო,

წაავლო ხელი, დაქაჩა მაგრად;

და ეცა მგელი, საცოდავს, მკერდზე,

ბარძაყზე ეცა, საბრალოს, დათვი, –

სულ დააფლითეს სხეულზე ხორცი,

სულ დაუჩეჩქვეს ტაბუხის ძვალი...

ასე იძია კულერვომ შური,

მჭედლის მეუღლე აწამა ასე,

არ აპატია აგდება მასხრადმ,

არ შეარჩინა დაცინვა ბოროტს.

მჭედლის მეუღლე, ამაყო ქალი,

ატირდა მწარედ და ამბობს ასე:

“ძროხების ნაცვლად, ბოროტო მწყემსო,

რად მომირეკე დათვი და მგელი?!”

მწყემსმა კულერვომ პასუხად უთხრა:

“რატომ ჩაჰგულე სიპი ქვა პურში,

რატომ აიგდე კულერვო მასხრად?!

დავუსვი ერთი – დავიდა ქვამდე,

დანას მაშინვე წააწყდა წვერი,

დავუსვი კიდევ – დაემსხვრა პირი,

ბოლოს კი ხელში ტარიღა შემრჩა...

ის დანა ჩემთვის ძვირფასი იყო –

მამაჩემისგან სახსოვრად მქონდა!”

მჭედლის მეუღლე მაშინვე მოლბა:

“ო, ჩემო კარგო, კეთილო მწყემსო,

ცუდ განზრახვაზე აიღე ხელი,

გადამარჩინე, კულერვო სიკვდილს!..

მე შენ ჩაგაცვამ მშვენიერ ხალათს,

მშვენიერ შარვალს, დიდებულ ხიფთანს,

პურს გამოგიცხობ, რა გინდა, ისეთს,

უკეთეს რამეს ვერაფერს შეჭამ!..

ერთ-ორ წელიწადს, რა გინდა, სულაც

ნუ გააკეთებ ნურაფერ საქმეს!

თუ ჩემს მუდარას არ იღებ ყურად,

თავისუფლებას თუკი არ მომცემ,

მე აღმომხდება ახლავე სული,

გადავიქცევი ახლავე მიწად!”

მწყემსმა კულერვომ პასუხად უთხრა,

კალერვოს შვილმა მიუგო ასე:

“თუ უნდა მოკვდე – ჰა, მოკვდი ბარემ,

რაღას უყურებ ან რაღას უცდი!

მოიძებნება, შენ ფიქრი ნუ გაქვს,

ტუონელაში ადგილი შენთვის!”

დიასახლისმა ღაღადჰყო მაშინ:

“ო, დიდო უკო, უფალო ცათა,

მოზიდე შენი ვეება მშვილდი,

სპილენშის ისრით გაუპე მკერდი,

ვინც მე ჩამაგდო ამნაირ დღეში,

ვინც მე მტანჯავს და მაწამებს უღვთოდ!

ო, ნუ დაინდობ კულერვოს, ღმერთო,

ცეცხლოვან ისრით გაუპე გული!”

მაშინ კულერვომ, კალერვოს შვილმა,

თვითონ წარმოთქვა ამგვარი სიტყვა:

“ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო,

არ გამოსტყორცნო ისარი ჩემსკენ,

მჭედლის მეუღლეს აძგერე მკერდში,

ქალს – ქალთა შორის ყველაზე ბოროტს!

სტყორცნე – ვიდრემდე არ არის გვიან,

არ გაპარულა აქდან ვიდრე!”

ამის თქმა იყო – და მჭედლის ცოლი

მოცელილივით დაეცა უცებ,

დავარდა იგი ბოსელის ახლოს,

როგორც ფოთოლი ვარდება ხიდან.

ასე განგმირა ისარმა მწველმა

ილმარინენის ლამაზი ცოლი:

მას კი... მჭედელი ელოდა ექვს წელს,

ექვს წელს ეძებდა მეუღლეს ილმა!..

 

რუნა  ოცდამეთოთხმეტე

 

კულერვოინენ, კალერვოს შვილი,

ოქროსთმიანი, მამაცი მოყმე,

წინდა რომელსაც აცვია ლურჯი,

ჩექმა აცვია რომელსაც კოხტა, –

გარდაიხვეწოს სასწაფოდ უნდა,

რაც შეიძლება მალე და ჩქარა, –

ილმარინენი, მჭედელი დიდი,

მეუღლის სიკვდილს გაიგებს ვიდრე.

და განერიდა კულერვო ილმას, –

კალერვოს შვილი ვიდოდა ტყე-ტყე,

მიყიჟინობდა ხალისით ველზე

და აყრუებდა ქვეყანას ბუკით!..

რა გაიგონა მჭედელმა დიდმა

ხმა ბუკისა და ყიჟინა კაცის,

არ ეჭაშნიკა, მიუგდო ყური

და შეაცივდა ხელებში ურო!

გამოიხედა მჭედელმა გარეთ –

ხედავს: მკვდარია მეუღლე მისი!

წევს ბალახებზე წყნარად და მშვიდად,

კი არ მომკვდარა – სძიავსო თითქოს!..

უძრავად იდგა მჭედელი დიდხანს,

შემოსწოლოდა დარდები გულზე;

მან მთელი ღამე ცრემლები ღვარა

და მთელი ღამე მოსთქვამდა მწარედ...

იხეტიალა კულერვომ ბევრი,

ბევრი იარა ხიისის ტყეში...

ხოლო როდესაც ჩამოდგა ღამე,

ჩამოჯდა ქვაზე და ასე ფიქრობს:

“რად გამაჩინე, მაღალო ღმერთო,

რატომ მარგუნე ამგვარი ბედი:

კლდეში და ღრეში, დღისით და ღამით,

უცნობი გზებით ვეხეტო უნდა!

ჭერის მაგივრად – ცა მხურავს თავზე,

კაცის მაგივრად – ვსაუბრობ ქართან,

ლოგინის ნაცვლად, ბალახი მწვანე.

აბანოს ნაცვლად – შხაპუნა წვიმა!..

ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო,

არ დააობლო არც ერთი ბავშვი,

ნუ მოანატრებ მამას და დედას,

ნუ ჩააყენებ კულერვოს დღეში!

არავინაა კულერვოს შემწე,

ღვთის ანაბარა ვშთნენილვარ ქვეყნად,

როგორც თოლია – უსაზღვრო ზღვაზე,

ვითარცა კლდეზე – უმწეო ბარტყი!

მზე გაუცინებს მოწყენილ მერცხალს,

მოუალერსებს დაღვრემილ ჩიტებს,

დღის მანათობელს სითბო და შუქი

არ ემეტება მარტოდენ ჩემთვის!

მე ვინაობა არ ვიცი მისი,

რომელმაც ცხრა თვე მატარა მუცლით!..

იქნება იხვმა მიპოვა ტბაზე

და შემაფარა კლდეების ხვრელში?!

მამა დავკარგე ძალიან ადრე,

ძალიან ადრე დავკარგე დედაც;

მშობლებს სიკვდილმა დარია ხელი,

ჩვენი ჯილაგი ამოწყდა სრულად!

ყინულის ჩექმა ჩამცვეს ფეხზე,

ფეხზე ჩამაცვეს წინდებიც თოვლის,

დამსვეს ბონდზე და დამტოვეს მარტო,

გადავარდესო ჭაობში იქნებ!..

მაგრამ, ღვთით, რაკი გადავრჩი მაშინ,

ახლა აღარ მსურს ჭაობში წოლა,

მაქვს ორი ხელი, თითი მაქვს ათი,

და ათივე თითს ვღუნავ და ვმართავ!”

კულერვოს აზრი გაუჩნდა ერთი,

უნდა მიუხტეს უნტამოს სახლში,

შური იძიოს დედის და მამის,

უნტამოს გვარზე იძიოს შური!

და იმუქრება კულერვო ასე,

კალერვოს შვილი მუქარით ამბობს:

“უნტამოინენ, დამაცა ცოტა,

შენ ამოჟლიტე ჯილაგი ჩემი;

მე საბრძოლველად მოვდივარ შენთან –

მშობლების უნდა ვიძიო შური,

დაგინგრევ სახლ-კარს, დაგიწვავ ბინას,

გაგიპარტახებ დიდებულ ეზოს”.

გზაზე ტყის ქალი გამოჩნდა უცებ,

ტანზე ცისფერი აცვია კაბა...

მიუახლოვდა კულერვოს იგი,

მივიდა ახლოს და ასე ჰკითხა:

“საით მიდიხარ, კულერვო, ნეტავ,

საით იჩქარი ან რომელ მხარეს?!

კულერვომ ტყის ქალს პასუხად უთხრა,

კალერვოს შვილმა მიუგო ასე:

“მე თავში აზრი გამიჩნდა ერთი,

ასეთი ფიქრი გამიჯდა თავში:

უცხო მხარეში გავსწიო უნდა,

უნდა მივუხდე უნტამოს სოფელს,

მთლიანად გავჟლეტ უნტამოს ჯილაგს, –

მშობლების უნდა ვიძიო შური!”

პასუხად უთხრა მოხუცმა ქალმა,

მას დედაბერმა მიუგო ასე:

“არ ამომწყდარა ჯილაგი შენი,

შენ ცოცხალი გყავს დედაც და მამაც!”

“ო, გევედრები, მოხუცო ქალო,

მიამბე ჩქარა, თუ იცი რამე,

მშობელი დედა სად არის ჩემი,

სად იმყოფება ძვირფასი მამა?!”

“ლაფლანდიაში ცხოვრობენ ახლა,

იქ არის შენი მამაც და დედაც,

სად სიგი იცის ძალიან ბევრი,

ტბები სავსეა თევზებით სადაც!”

“ჰოი, ძვირფასო, მოხუცო ქალო,

გემუდარები, მითხარი ჩქარა:

როგორ მივაგნო დედ-მამას ჩემსას,

როგორ გავიგნო იქითკენ გზები?!”

“რომ არ იცოდე სავალი გზები,

შენ ლაფლანდიას მიაგნებ მაინც:

უნდა იარო პირველად ტყე-ტყე,

მდინარის ნაპირს გაუყვე უნდა;

ორი დღე უნდა იარო ასე,

ასე იარე მესამე დღესაც,

ჩრდილოეთისკენ იარე შემდეგ –

წინ შემოგხვდება ერთი მთა დიდი;

შემოუარე მარცხნიდან იმ მთას

და მიადგები მდინარეს ასე...

გაჰყევი მერე მდინარის ნაპირს

და აღმოჩნდები სულ მალე კონცხზე,

იქ დაინახავ უბრალო ქოხმახს,

მეთევზეების შეამჩნევ ბინას, –

იქ ცხოვრობს შენი ძვირფასი მამა,

ძვირფასი დედაც იქ ცხოვრობს შენი;

შენი ორი და, ორივე ტურფა,

მშობლებთან ერთად ცხოვრობენ ქოხში1”

გახარებულმა კალერვოს შვილმა

ლაფლანდიისკენ აიღო გეზი...

გადის დღე ერთი... გადის დღე ორი...

აი, მესამე დღეც გადის უკვე;

ჩრდილოეთისკენ იბრუნა პირი –

წინ აღემართა გორაკი ერთი,

შემოუარა მარცხნიდან გორაკს,

დიდი მდინარის მიადგა ნაპირს,

მდინარის ნაპირს მიჰყვა და მიჰყვა,

მიდის და მიდის, და აი, კონცხიც!

მან შეამჩნია ქოხმახი მცირე,

მეზევზეების შენიშნა ბინა!

შევიდა ქოხში, ვერ იცნეს იგი –

უცხო ეგონათ, სტუმარი ვიღაც:

“სადაური ხარ, საიდან მოხველ,

ან ვისი ძე ხარ, მემკვიდრე ვისი?”

“ნუთუ საკუთარს ვეღარ სცნობთ შვილსაც?

ძე ვარ – კულერვო, შვილი ვარ თქვნი!

ზალიან ადრე, დიდი ხნის წინათ,

ხელში ჩამიგდო უნტამოს ხალხმა;

მაშინ მტკავალი სიმაღლე მქონდა,

ტიბჟირისხელა ვიყავი მაშინ!”

დედამ პირველად შეიცნო შვილი,

პირველად დედამ შესძახა ასე:

“უსაყვარლესო ვაჟკაცო ჩემო,

ოქროს აბზინდო, საიდან გაჩნდი?!

უფალო ღმერთო, მადლობას გწირავ,

რომ დამიბრუნე ტანჯული შვილი!

მე კი მკვდრად გთვლიდი, ვაფრქვევდი ცრემლებს,

დღეცა და ღამეც მოვთქვამდი მწარედ!..

ო, ღმერთო, ორი ვაჟკაცი მყავდა,

მათ გარდა – ორი ასულიც ტურფა,

ერთი ვაჟკაცი დავკარგე ომში,

და სადღაცს გაჰქრა ასულიც ერთი.

დაბრუნდა ჩემი უფროსი ვაჟი,

ხოლო ასული – არა ჩენს ჯერაც!”

შეწუხდა ძლიერ კალერვოს შვილი

და შეეკითხა საყვარელ მშობელს:

“სად დაიკარგა დაიკო ჩემი,

რად აგვიანებს, სად არის ნეტა?!”

ამის პასუხად საბრალო დედამ,

კულერვოინენს მიუგო ასე:

“იგი კენკრისთვის წავიდა ტყეში,

მარწყვის საკრეფად წავიდა ერთხელ,

იქ დაუკარგა უმანკო მტრედი,

რა მოუვიდა – არავინ იცის!

ყველაზე უფრო ვინ დარდობს ასულს?

არავინ – მშობელ დედაეზ უფრო!

დავძუნძულებდი ბრანგვივით ტყეში,

დავწრიალობდი, ვითარცა წავი;

ერთ დღეს ვეძიე, ვეძიე ორ დღეს,

მესამე დღესაც ვეძებე შვილი;

დღეი მესამე გავიდა როცა,

ოდეს ძებნაში გავიდა კვირა,

მაშინ მაღალზე ავედი მთაზე,

ერთ მაღალ ქედზე შევდექი მაშინ,

და მოვუხმობდი დაკარგულ ასულს,

მთიდან ვუძახე საბრალოს დიდხანს:

“ჰეი, სადა ხარ, ასულო ჩემო,

ხმა გამე, შვილო, დაბრუნდი ჩქარა!”

ამის პასუხად მაღალმა მთებმა

და მუხიანმა მომიგო ასე:

“ნუღა მოუხმობ საყვარელ ასულს,

ასე ხმამაღლა ეზახი ნუღა:

არ დაბრუნდება ასული შენი,

ვეღარ იხილავს საყვარელ მშობლებს1”

 

რუნა ოცდამეთხუთმეტე

 

კულერვოინენ, კალერვოს შვილი,

ლურჯი რომელსაც აცვია წინდა,

ცხოვრობს მას შემდეგ პატარა ქოხში,

კუნძულზე ცხოვრობს – მშობლებთან ერთად;

არ მოემატა კულერვოს გონი,

ისეთი დარჩა, როგორიც იყო!..

აკვნის დამრწევი ვერ ჰყავდა კარგი,

თავიდან იყო გაზრდილი ცუდად!

ხელი მოჰკიდა ათასგვარ საქმეს,

მაგრამ ვერაფერს დაუდო გული;

თევზის დაჭერა მოუნდა ბოლოს

და შეაცურა ტალღებში ნავი;

გავიდა ზღვაში, ხელები მაგრად

ჩასჭიდა ნიჩბებს და ამბობს ასე:

“ნიჩბებს ძალღონით მოვუსვა მთელით,

თუ ზომიერად მოვუსვა, ნეტა?!”

კულერვოინენს პასუხად უთხრა,

ასე მიუგო მესაჭემ ნავის:

“როგორც გენებოს მოუსვი ისე,

არ დაინჯღრევა ეგ შენი კანჯო!”

უსვამს და უსვამს კულერვო ნიჩბებს,

რაც კი აქვს მკლავში ზალა და ღონე...

მიგრიხ-მოგრიხა ხოფები ხელად,

დაააფრაკა ფიცრები ვერხვის!

კალერვოინენ მივიდა შვილთან

და ასე უთხრა კულერვოს მამამ:

“არ შეგძლებია ნიჩბების მოსმა,

მიგრიხ-მოგრიხე ხოფები ხელად!

დაააფრაკე ფიცრები ვერხვის,

გადაავრუნე კინაღამ კანჯო;

წადი – ბადესთან მოლალე თევზი,

იქნებ ამ საქმეს მოაბა თავი!”

როცა მოლალვა დაიწყო თევზსი,

კალერვოს შვილმა წარმოთქვა ასე:

“როგორ მოვლალო – მე როგორ ძალმიძს,

თუ ზომიერად მოვლალო, ნეტა?!”

მეთევზემ ერთმა პასუხად უთხრა:

“შენ როგორც გსურდეს – მოლალე ისე,

გინდა – მოლალე ძალ-ღონით მთელით,

თევზებით უნდა აავსო ბადე!”

მთლად აადუღა კულერვომ წყალი,

სულმთლად დააფრთხო, სულელმა, თევზი,

სულ ნაკუწებად აქცია ბადე, –

არც ამ საქმისთვის გამოდგა იგი!

კალარვოინენ მივიდა შვილთან

და ასე უთხრა კულერვოს მამამ:

“არ შეგძლებია მოლალვა თევზის,

მთლად აადუღე, სულელო, წყალი!

ადგილ-მამულის გადასახადის

გადახდა მაინც შეძლო იქნებ;

წადი, იარე, ეგება გზაში

უფრო ჭკვიანად მოიქცე, შვილო!”

კულერვოინენ, კალერვოს შვილი,

ლურჯი რომელსაც აცვია წინდა,

გადასახადის გადასახდელად

მიდის, აბარებს შეწერილ ხორბალს!..

მარხილში ჩაჯდა კულერვო მერე,

გამოეშურა სახლისკენ სწრაფად;

აჰა, გამოსცდა ვეინეს მინდვრებს, –

გზაზე ასული შემოხვდა ერთი.

უთხრა კულერვომ ასულს,

მიიპატიჟა ასეთი სიტყვით:

“მოდი, ასულო, მარხილში ჩაჯექ,

ტყავზე ნებივრად მოირთხი ფეხი!”

ასულმა ასე მიუგო მწარედ,

ასეთი უთხრა კულერვოს სიტყვა:

“მაგ შენს მარხილში სიკვდილი ჩაჯდეს,

ავადმყოფობა მოგიჯდეს გვერდით!”

კულერვომ ქურანს უცხუნა მგრად

და გააქროლა მარხილი თოვლზე...

რა გაიარა მანძილი ცოტა,

შემოეყარა ასული უცხო!

კალერვოს შვილმა მოქაჩა აღვირს

და შეისწორა ქოჩორი ხელით:

“მოდი, ასულო, მარხილში ჩაჯექ,

ნუ გეხათრება, ამოდი ჩქარა!”

უცხო ასულმა მიუგო ასე,

ასეთი უთხრა კულერვოს სიტყვა:

“დაე, ტუონი მოგიჯდეს გვერდით,

ის იყოს შენი მუდმივი მგზავრი!”

კულერვომ ქურანს უცხუნა მაგრად

და გააქროლა მარხილი თოვლზე...

აი მიადგა პოხელის მინდვრებს,

შემოეყარა ასული უცხო,

კალერვოს შვილმა მოქაჩა აღვირს

და შეისწორა ქოჩორი ხელით:

“მოდი, ასულო, მარხილში ჩაჯექ,

ნუ გეხათრება, ამოდი ჩქარა,

ამო, მარხილში ბლომად მაქვს ვაშლი,

თხილიც მაქვს ბევრი, დაჯექი, ჭამე!”

უცხო ასულმა მიუგო ასე,

ასეთი უთხრა კულერვოს სიტყვა:

“მე არ მჭირდება მარხილი შენი,

ჩამომეხსენი, შენი გზით წადი!”

გადმოიწია კულერვომ უცებ,

უცხო ქალიშვილს დაავლო ხელი

და შეითრია მარხილში იგი, –

და გაქროლა მარხილი თოვლზე.

მაშინ გაბრაზდა ასული უცხო

და მიახალა კულერვოს ასე:

“არ მომეკარო, არ მახლო ხელი,

არ გამაგონო უშვერი სიტყვა,

უღირსი რამე არ მკადრო ქალწულს,

თორემ, იცოდე, დაგიმსხვრევ მარხილს!”

მაშინ კულერვომ, კალერვოს შვილმა,

გახსნა სკივრი და აჩვენა ოქრო,

და, ოქროს გარდა, – კაბები კოხტა,

კაბების გარდა – ათასი რამე!..

უცებ მოხიბლა ასული ოქრომ,

მყისვე მიენდო კულერვოს იგი;

ოქრო-ვერცხლს მისი დაღუპვა მოაქვს,

ფულის სიხარბე დაღუპავს ასულს!

ეალერსება კულერვო გზნებით,

ქალწულს აბრუებს სიტყვებით ტკბილით...

მას ერთი ხელით უჭირავს ლახტა,

მეორე ხელით – ქალწულის ძუძუ!..

მთლად მოიქანცა ასული ბოლოს,

მოეშვა, მოსხლტა, დაეშვა ტყავზე...

გავუდა ღამე. გათენდა დილა...

და ეკითხება კულერვოს ქალი:

“სადაური ხარ, გულადო მოყმევ,

დიდგვაროვანი კაცი ხარ, გატყობ!”

კულერვოს შვილმა პასუხად უთხრა,

იმ უცხო ასულს მიუგო ასე:

“დიდგვაროვანი არა ვარ სულაც,

მამას სახელად კალერვო ჰქვია,

მე კი – ჩერჩეტი გოგო ვარ ერთი!

მარწყვის საკრეფად წავედი ერთხელ,

კენკრის საკრეფად წავედი ტყეში;

ერთი დღე ვკრიფე, ორი დღე ვკრიფე,

მესამე დღეს კი დავბრუნდი უკან,

ასე მგონია – მივდივარ სახლში,

ურმე სხვა მხარეს მივყავარ ბილიკს!..

ერთ დღეს ვტიროდი, ვტიროდი ორ დღეს,

მესამე დღეს კი – ავედი მთაზე,

ქედზე ავედი და რაც ხმა მქონდა,

გავძახე ტყეს დაგავძახე მინდორს!..

აღალმა მთებმა გამოსცეს ეხო,

ტყემ და მინდორმა მომიგეს ასე:

“ვერ გაიგონებს ვერავინ შნს ხმას,

ამაოდ ყვირი – სულელო გოგო!”

ვიხეტიალე მარტოკამ ტყეში,

მთლად შმომაცვდა სამოსი ტანზე,

ვტიროდი მწარედ, ვნატრობდი სიკვდილს,

მაგრამ სიკვდილი არ ჩანდა არსად!

მოვმკვდარიყავი, ნეტაი, მაშინ,

მოვიდოდი ბალახად ალბათ!

იქნებ ყვავილად, ან იქნებ მოცვად

ვქცეულიყავი მეორე ზაფხულს!..

მშორდებოდა ეს მწარე ხვდერი,

ავცილდებოდი საშინელ ტანჯვას!

ახლლა სიცოცხლე აღარ ღირს ჩემი,

ადგან საქვეყნოდ მომეჭრა თავი!”

თქვა ეს თუ არა, ისკუპა უცებ

და შეერია მდინარის ტალღებს...

ტუონელაში სავანე ჰპოვა,

იქ მოისვენა ტამჯულმა სულმა!..

ასე დაიწყო კულერვომ მოთქმა,

კალერვოს შვილი ტირილით ამბობს:

“რა უბედური ვყოფილვარ, ღმერთო,

რა საშინელი მქონია ბედი!

ღვიძლ დას ავხადე ნამუსი ჩემსას,

ცოდვა კისერზე დავიდე მძიმე!

რას იტყვის ჩემი საწყალი მამა,

საწყალი დედა რას იტყვის ჩემი!

ო, რად მაწოვე დედილო ძუძუ,

რად არ ჩამაკალ აკვანში ჩვილი;

გულქვა ყოფილა სიკვდილი მართლაც,

ავადმყოფობაც ყოფილა გულქვა, –

არ მომისწრაფეს სიცოცხლე ბედკრულს,

დაბადებიდან მეორე დღსვე!”

დანით დააჭრა ღვედები ცალუღს

და მარხილიდან გამოხსნა ცხენი,

ზურგზე ჩიტივით მოახტა მერანს,

მიჰქრის მერანი – ვითარცა ქარი!..

და შეაჭენა ეზოში ცხენი,

შემოეგება მოხუცი დედა:

“ო, საყვარელო მშობელო ჩემო,

რად ჩაიდინე ამხელა ცოდვა,

დაბადებიდან მეორე დღესვე

რად არ შემაგდე აბანოს ბუღში!

მე უბედური გავჩნდი თუ არა,

გადაგესროლე ტალღებში უნდა!

რად არ დაიქცა ის დღე და წუთი,

ამ ქვეყანაზე მე როცა გავჩნდი!..

დედილო ჩემო! – გუზგუზა ცეცხლზე

რატომ არ დაწვი აკვანი ჩემი!”

მოხუცმა დედამ კულერვოს ჰკითხა:

“ხომ არ შეგემთხვა ხიფათი რამე,

მკვდრისფერი გადევს სახეზე, შვილო,

რამ დაგაღონა, მითხარი – ჩქარა!”

მაშინ კულერვომ მიუგო ასე,

საბრალო დედას პასუხად უთხრა:

“კისერზე ცოდვა დავიდე მძიმე,

ღვიძლ დას ნამუსი ავხადე ჩემსას!

გადასახადი, თანახმად წესის,

გადავიხადე, დავბრუნდი უკან...

გზაზე ასული შემომხვდა უცხო,

მე ჩავიჯინე მარხილში იგი!

მივუალერსე, ვეფერე, ვკოცნე, –

თურმე... ღვიძლი და ყოფილა ჩემი!

როცა გაიგო – ძმა ვიყავ მისი,

და არა უცხო ჭაბუკი ვინმე,

მდინარეს მისცა, ცოდვილმა თავი,

მღვრიე მორევში შთაინთქა უცებ!..

როგორ მოვიქცე, რაღა ვქნა ახლა,

დღ აღსასრულის სად ვპოვო ჩემი?

მგლის ხახაში თუ ვეშაპის კუჭში?

როგორ მოვიქცე – მასწავლე რამე!”

დედამ კულერვოს პასუხად უთხრა:

“არ გინდა, შვილო, სიკვდილზე ფიქრი,

წადი! სუომის დიდია სივრცე,

მოინანიებ სავოში ცოდვებს!

იქ შეაფარე, საბრალოვ, თავი,

გინდა ექვსი წლით, თუ გინდა – ცხრა წლით!..

დრო მკურნალია დარდის და ჭმუნვის,

იქ მოგეშვება თანდათან გულზე!”

კალერვოს შვილმა პასუხად უთხრა,

კულერვომ დედას მიუგო ასე:

“ვერ გავექცევი ლაჩრულად სიკვდილს,

 

რ დავემალვი სამჯავროს ღვთისას:

 

ე მივაშურებ სიკვდილის ხახას,

მე კალმის კარებს ვეწვიო უნდა;

იქ ბრძოლის ველზე ყიჟინა ისმის,

ჯახანი გააქვს მამაცთა მახვილს!..

ჯერ ცოცხალია უნტამო ისევ,

ჯერ კიდევ მხრებზე აბია თავი;

ცრემლებს დედის და ჭრილობებს მამის,

მე ვერ შევარჩენ მტარვალს და ვერაგს!

ინც გამამწარა, მაწამა, მტანჯა –

იმაზე უნდა ვიძიო შური!”

 

რუნა ოცდამეთექვსმეტე

 

მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,

ეხთ რომ ცისფერი აცვია წინდა,

გადაწყდა: ლაშქრად აპირებს წასვლას,

ტანთ იარაღი აისხა უკვე,

ფხა მოუპირა ელვარე მახვილს,

კინენის წვრილად წამახვა წვერი.

ამაოდ შესთხოვს კულერვოს დედა:

“ნუ, შვილო ჩემო, მაგ საქმეს ნუ იქმ,

ნუ გამამწარებ, ნუ წახვალ ლაშქრად,

იქ, სადაც რკინის ხმალია ბევრი!

ვინც უმიზეზოდ აიღებს მახვილს

და ფიცხელ გულზე ჩაებმის ომში,

მზე უბნელდება ბრძოლაში იმას,

ის ბრძოლის ველზე ეცემა მკვდარი,

ორად იპობა ნაწრთობი რკინით,

ხდება ელვარე მახვილის წერა.

თუ თხაზე მჯდარი შეხვედი ომში,

თუ ვაცზე მჯდარმა დაიწყე ბრძოლა,

ის თხა მიწაზე მოიღებს ზღართანს,

დაენარცხება მიწაზე ვაცი,

და აქეთობას შეგსვამენ ძაღლზე,

გამოგიშვებენ ბაყაყზე შესმულს”.

მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,

საყვარელ დედას მიუგებს ასე:

“მე ვერ ჩამითრევს ჭაობის ლია,

არ დამისხლტება ქვიშაზე ფეხი,

იქ, სადაც შავი ყორანი ბუდობს,

მძორს უდარაჯებს ყორანი სადაც.

მე ბრძოლის ველზე დაცემა მელის,

გმირის სიკვდილით მოვკვდები, მჯერა.

ომში სიკვდილი ტკბილია ერთობ,

ჩახაჩუხია გარშემო ხმალთა!

დიდებულია სიკვდილი ომში:

გმირი სიცოცხლეს ათავებს სწრაფად,

უმტკივნეულოდ მიწდება იგი,

დაუმჭლევლებლად საწუთროს ტოვებს”.

დედა პასუხად კულერვოს ეტყვის:

“შენ რომ მახვილმა გაგაპოს მტრისამ,

ვინღა მიხედავს შენს მშობელ მამას,

მაშინ ნუგეში ვიღამ სცეს მოხუცს?”

მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი

დედას პასუხად მიუგებს ასე:

“ასემც უქნია, სახლიდან გარეთ,

სადმე შუკაში ჩამკვდარა იგი!”

“დედას, შენს დედას მოუვლის ვინღა,

შენს მოხუც დედას ვინღა სცემს ნუგეშს?”

“ასემც უქნია, ჩამძღვალა იგი

ყანაში, ანდა გომურში სადმე!”

“ძმას, შენს ძმას რაღას უპირებ, შვილო,

მას ვინღა მისცეს შავ დღეში მხარი?”

“ასემც უქნია, მარები ტყე-ტყე,

სადმე ჭაობში ჩამხრჩვალა იგი!”

“დას, დას, შენ ღვიძლ დას უშველის ვინღა,

ვინ გაამხნევებს უმწეო შენს დას?”

“ასემც უქნია, ეზოში ჭასთან

ამოხდომია რეცხვაში სული!”

მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,

ჩქარობს სახლიდან გავიდეს გარეთ

და ეუბნება ის მამას ასე:

“მშვიდობით, ჩემო კეთილო მამა!

შვილს თუ იტირებ, მითხარი, მაშინ,

თუ შენ სიკვდილი გაიგე ჩემი,

თუ გამოვაკლდი ჯამაათს უცებ

და თუ კულერვო გამოვსხლტი გვარში?”

პასუხად მამამ წარმოთქვა ასე:

“არ გადმოვაგდებ მე შენზე კურცხალს,

როგორც კი სიკვდილს შევიტყობ შენსას,

მაშინვე ვინმეს ავიყვან შვილად,

ის შენზე კარგი იქნება უფრო,

მას შენზე მეტი ექნება ჭკუა”.

მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,

პასუხად მამას მიუგებს ასე:

“არც მე ვიტირებ მაინც და მაინც,

შენს სიკვდილს როცა გავიგებ, მამა;

მე თვითონ შევქმნი მამაჩჩემთვის,

თავი ექნება მას დიდი ლოდის,

თვალები – შტოშის, ცხვირ-პირი – თიხის,

წვერები – მზეზე გამხმარი ჩალის,

ფეხები – ნუჟრით დაზღმურდლულ წნორის,

ხოლო სხეული – დამპალი ხისა”.

ძმას მიუბრუნდა კულერვო შემდეგ:

“მშვიდობით, ჩემო ძვირფასო ძმაო,

შენ თუ იტირებ, მითხარი ერთი,

თუ შენ სიკვდილი გაიგე ჩემი,

თუ გამოვაკლდი ჯამაათს უცებ

და თუ კულერვო გამოვსხლტი გვარში?”

ძმამ ძმას პასუხად შემდეგი უთხრა:

“არ გადმოვაგდებ მე შენთვის კურცხალს,

როგორც კი სიკვდილს შევიტყობ შენსას,

მოვძებნი ვინმეს, გავიხდი ძმადა,

ის შენზე კარგი იქნება უფრო,

შენზე ლამაზი იქნება ორჯერ”.

მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,

რ უგვიანებს ძმას პასუხს ასეთს:

“არც მე ვიტირებ მაინც და მაინც,

შენს სიკვდილს როცა გავიგებ, ძმაო,

ძმას გავიკეთებ მე თვითონ ხელად;

თავი ექნება მას დიდი ლოდის,

თვალები შტოშის, ცხვირ-პირი – თიხის,

ქოჩორი – მზეზე გამხმარი ნამჯის,

ფეხები – ნუჟრით დაზღმურდლულ წნორის,

სხეული – ძალზე დამპალი ხისა”.

დას ეუბნება კულერვო ახლა:

“მშვიდობით, ჩემო ძვირფასო დაო,

შენ თუ იტირებ, მითხარი ერთი,

თუ შენ სიკვდილი გაიგე ჩემი,

თუ გამოვკლდი ჯამაათს უცებ

და თუ კულერვო გამოვსხლტი გვარში?”

Dდამ ძმას პასუხად მიუგო ასე:

“არა, მე შენთვის არ დავღვრი ცრემლებს,

როგორც კი სიკვდილს შევიტყობ შენსას,

სამაგიერო ძმას ვნახავ ხელად,

ის შენზე კარგი იქნება უფრო,

მას შენზე მეტი ექნება ჭკუა”.

მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,

დას პირში სიტყვას მიახლის ასეთს:

“არც მე ვიტირებ მაინც და მაინც,

შენს სიკვდილს როცა გავიგებ, დაო,

დას გავიკეთებ მე თვითონ ხელად;

თავი ექნება მას დიდი ლოდის,

თვალები – შტოშის, ცხვირ-პირი – თიხის,

ზილფები – მზეზე დამჭკნარი ნამჯის,

ყურები – მყრალი ჭაობის მოლის,

ტანი კი, ტანი – ნეკერჩხლის ტოტის”.

ახლა კულერვომ მიმართა დედას:

“ძვირფასო დედა, კეთილო დედა,

მე ხომ შენ მუცლით მატარე ცხრა თვეს,

მე ხომ შენ აკვანს მირწევდი ხოლმე,

შენ ერთი მაინც ხომ დაღვრი ცრემლებს,

შენ თუ სიკვდილი გაიგე ჩემი,

თუ გამოვაკლდი ჯამაათს უცებ

და თუ კულერვო გამოვსხლტი გვარში?”

ალაპარაკდა კულერვოს დედა,

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“შენ ვერ გაიგებ მოხუცის ფიქრებს,

არ იცი დედის საწყალი გული!

მე ავტირდები ძალიან მწარედ,

შენ რომ მომიკვდე, იმედო ჩემო,

შენ რომ დააკლდე ჯამაათს ურიცხვს,

შენ რომ ჩვენს გვარში გამოსხლტე, შვილო.

მე ჩემი ცრემლით ავავსებ ჩვენს ქოხს,

იატაკს ცრემლის ღვართქაფი მორწყავს,

მე შინ და გარეთ ვიტირებ მუდამ,

გომურში ჩემი ცრემლები მომხრის,

ყინულად აქცევს თოვლს ჩემი ცრემლი,

მზეზე ყინული იქცევა ლეღმად,

აღმოაცენებს ხმელეთი ბალახს,

დააჭკნობს ბალახს ცრემლები ჩემი.

თუ მოვიქანცე ცრემლების ფრქვევით,

სუყველას თვალწინ მტირალი შენზე,

მე აბანოში ვიტირებ ჩუმად,

ვიტირებ ისე, იქ რაც კი სუფევს,

ფიცრები, დირე, კედლები, ქვები, –

ყველაფერს ცრემლის წალეკავს ღვარი”.

მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,

ფეხთ რომ ცისფერი აცვია წინდა,

თამაშ-თამაშით წავიდა ლაშქრად,

ბრძოლად ყიჟინით ვიდოდა იგი,

ბუკს აყვირებდა ჭაობზე გავლით,

ტყეში შლიგინით მიჰქროდა მოყმე,

მინდვრად ხმამაღლა მღეროდა ერთობ,

მიგრიალებდა ჭალაში ზათქით.

წამოეწია ამბავი გზაში,

გმირის ყურამდე ამბავი მიდის:

“მამა მოკვდაო უეცრად შენი,

მოუსვლელ გზაზე დაადგა იგი,

დაბრუნდი უკან, – იხილავ თვითონ,

თუ მიცვალებულს მარხავენ როგორ!”

მოყმე კულერვომ, კალერვოს ვაჟმა,

პასუხად წარსთქვა ასეთი სიტყვა:

“რა გაეწყობა, მოკვდა და მოკვდა,

მოიძებნება იაბო სახლში,

რომ მიაბარონ სამარეს მკვდარი,

ჩაუშვან კალმის სამეფოს შიგნი!”

და ბუკის ცემით გადარბის ჭაობს,

და ნაბურალზე გრიალით მიდის,

ფეხდაფეხ მისდევს ამბავი აღწევს:

“ახლახან უცბად ძმა მოკვდა შენი,

გარდაგეცვალა დედმამიშვილი,

დაბრუნდი უკან, – იხილავ თვითონ,

თუ მიცვალებულს მარხავენ როგორ!”

მოყმე კულერვომ, კალერვოს ვაჟმა,

პასუხად წართქვა ასეთი სიტყვა:

“რა გაეწყობა, მოკვდა და მოკვდა,

მოიძებნება ულაყი სახლში,

რომ მიაბარონ სამარეს მკვდარი,

ჩაუშვან კალმის სამეფოს შიგნი!”

და მიგრიალებს ჭაობზე გავლით,

უღრანს აყრუებს ხმა მისი ბუკის,

კვლავ დააწიეს ამბავი გზაში,

გმირის ყურამდე ამბავი მიდის:

“შენი და მოკვდა, ღვიძლი და შენი,

გარდაგეცვალა დედმამიშვილი,

დაბრუნდი უკან, – იხილავ თვითონ,

თუ მიცვალებულს მარხავენ როგორ!”

მოყმე კულერვომ, კალერვოს ვაჟმა,

პასუხად წართქვა ასეთი სიტყვა:

“რა გაეწყობა, მოკვდა და მოკვდა,

მოიძებნება ფაშატი სახლში,

რომ მიაბარონ სამარეს მკვდარი,

ჩაუშვან კალმის სამეფოს შიგნი!”

და ნაპურალზე მიფრინავს ლაღად,

და მინდორ-მინდორ გრიალით მიდის,

ხმა მიაწვდინეს ხელახლა გზაში,

გმირის ყურამდე ამბავი აღწევს:

“მოკვდაო შენი მშობელი დედა,

ყოვლად უმანკო, კეთილი ქალი.

დაბრუნდი უკან, იხილავ თვითონ,

თუ მიცვალებულს მარხავენ როგორ!”

მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,

ახლა კი სიტყვებს წარმოთქვამს ასეთს:

“ვაი, საბრალო ვაჟიშვილს მისას,

გამზრდელი დედა მომიკვდა უკვე,

ვინც მე ალერსით მიშლიდა ლოგინს,

ვინც მისწორებდა გადახდილ საბანს,

ატრიალებდა რომელიც ჯარას,

ვინც თითისტარით ართავდა ფთილას...

ვერ დავესწარი მე იმის სიკვდილს,

სულის ამოსვლა ვერ ვნახე მისი.

იქნებ სიცივემ იმსხვერპლა იგი,

ანდა შიმშილმა მომიკლა იქნებ!

მიცვალებული დაბანეთ კარგად,

უძვირფასესით დაბანეთ საპნით,

აბრეშუმები ჩააცვით საწყალს,

გადააფარეთ ახალი ტილო,

სასაფლაოზე წაიღეთ მერე,

ჩაუშვით კალმის სამეფოს შიგნი,

 

აჰყევით უკან მწუხარე ზარით,

მწარე ქვითინით დამარხეთ იგი.

მე დაბრუნება არ ძალმიძს უკან:

არ დამისჯია უნტამო ჯერეთ,

ჯერ არ მომიკლავს ბოროტი მტერი,

ჯერ დამნაშავე ცოცხალი არის”.

და ბუკის ცემით ის ლაშქრად მიდის,

რომ დაატეხოს უნტამოს მეხი,

და ასეთ სიტყვებს გხადაგზა ამბობს:

“ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო,

სწორუპოვარი მიბოძე ხმალი,

პირი ექნება რომელსაც ბასრი,

რომ მას ზღვახალხთან შეეძლოს ბრძოლა,

რომ გაუმკლავდეს ის მტარვალს ურიცხვს!”

გმირმა ნანატრი იხელთა ხმალი,

ხმალი, რომელიც ყველაფერს კვეთდა,

კულერვო მტრის ჯარს უწყალოდ თიბავს,

მთლად ამოჟლიტა უნტამოს გვარი,

ირგვლივ ქოხები აქცია ნაცრად,

მიწაზე დარჩა მარტოდენ მტვერი,

კერაზე მარტო ქვებიღა დარჩა,

ღობესთან დარჩა ცირცელი ერთი.

მოყმე კულერვომ, კალერვოს ვაჟმა,

პირი იბრუნა მშობელი მხრისკენ.

მამის სახლისკენ იჩქარის იგი,

მოდის მამულის ველებზე გავლით.

მას ცარიელი დაუხვდა ქოხი,

მას უდაბნოში ეგონა თავი,

მის შეასხვედრად არავინ არ ჩანს,

შინ დაბრუნებულს ხელს ართმევს არვინ.

მან მიუშვირა ნაკვერჩხლებს ხელი,

აღარ გააჩნდა ნაკვერჩხლებს სითბო,

და ამით მიხვდა, დარწმუნდა ამით,

რომ დედამისი მკვდარია უკვე.

კერიის ლოდებს შეახო ხელი:

ქვები ცივია ყინულზე უფრო.

და ამით მიხვდა, დარწმუნდა ამით,

რომ მამამისი მკვდარია უკვე.

ქოხის იატაკს მოავლო თვალი,

ხედავს: დაგვილი არაა იგი,

და ამით მიხვდა, დარწმუნდა ამით,

დაი აღარ ჰყავს, მკვდარია უკვე.

შემდეგ წყლის ნაპირს მიმართა მოყმემ,

საგორავებზე არ იდგა ნავი,

და ამით მიხვდა, დარწმუნდა ამით,

რომ ძმაი მისი მკვდარია უკვე.

აუვარდება ტირილი მოყმეს,

ერთი დღე ტირის, ორი დღე ტირის,

ქვითინით ამბობს კულერვო ასე:

“ძვირფასო დედა, მოხუცო ტკბილო,

თქვი, ვის იმედად დატოვე შვილი,

ამ უკაცრიელ მიწაზე მყოფი?

მაგრამ შენ ჩემი არ გესმის, დედა:L

მე შენს თვალებზე ვარ ახლა მდგარი,

მე შენს წარბებზე უმწეოდ ვწუხვარ,

შენს თხემის ძვალზე მდუღარედ ვტირი!”

გამოიღვიძა კუბოში დედამ

და ამოსძახა მიწიდან პირმშოს:

“შენ დაგრჩა მხოლოდ ქოფაკი შავი,

რომ მასთან ერთად იარო ტყე-ტყე,

შენ ახლა იმ ძაღლს მოუხმე შენთან

და გაემართე ძაღლითურთ ტყეში,

მუხნარი როა, იმ მხარეს წადი,

ტყის ასულების იხილავ ბინას,

ცისფერ ქალწულთა იქ ნახავ ფუნდუკს,

ტყის კოშკი როა, იმ კოშკის მიღმა;

იქ უნდა ჰპოვო შენ საზრდო შენი,

იქ მოწყალების შენ გმართებს თხოვნა!”

მოყმე კულერვომ, კალერვოს ვაჟმა,

ძაღლუთურთ ტყისკენ გასწია ზანტად,

რა გაიარა მანძილი დიდი,

და როცა უკვე ხშირი ტყეც განვლო,

გადადგა კიდევ ნაბიჯი ორი,

სულ ორად-ორი ნაბიჯი მხოლოდ,

და იმ წვრილიანს მიადგა სწორედ,

იმ კრულ ადგილას აღმოჩნდა მდგარი,

სადაც ქალწულის დაიდო ცოდვა,

ღვიძლ დას ნამუსი ახადა სადაც.

 ამაზრზენი ადგილის ირგვლივ,

იმ უბედური ქალწულის ცოდვით,

იმ საცოდავი ასულის გამო,

შესაბრალისად ქვითინებს მოლი,

ულამოსკვნილი წარაფი მოსთქვამს,

ფერად ყვავილებს წასვლიათ ფერი.

ხოლო იქ, სადაც ეს ცოდვა მოხდა,

ძმამ დას ნამუსი ახადა სადაც,

იმ უსაზარლეს ადგილას დღემდე

არ ამოსულა ბალახის ღერიც,

არ გაფურჩქნულა ყვავილი ლაღად,

მიწას ხავერდი არ მოსავს მწვანე.

მოყმე კულერვომ, კალერვოს ვაჟმა,

გაიკრა ხელი, იშიშვლა ხმალი,

წრე შემოხაზა ჰაერში რკინით

და შეეკითხა კულერვო მახვილს:

“მინდა ვიცოდე მე შენი აზრი, –

ხომ არ ინებებ, პირბასრო ხმალო,

რათა ცოდვილის იგემო ხორცი

და საზიზღარი შეხვვრიპო სისხლი?”

ხმალი უმალვე მიუხვდა პატრინს,

გუმანი მყისვე იყნოსა მამრის,

და უპასუხა კულერვოს ასე:

“ვითომდა რატომდა არ უნდა მსურდეს,

შევახრამუნო ცოდვილის ხორცი

და საზიზღარი შევხვრიპო სისხლი,

თუკი უცოდველს ვუჩეხავ თავპირს,

უბრალო სისხლის ვარ როცა მსმელი?”

მოყმე კულერვომ, კალერვოს ვაჟმა,

ფეხთ რომ ცისფერი აცვია წინდა,

მიწისკენ უყო ხმალს მყისვე ტარი,

მიწაში ხმალი ჩაარჭო ვადით,

ხმლის წვერს მარცხენა უსწორა მკერდი,

მთელი სიმძიმით დაემხო მახვილს,

წინ შეეგება მომავალ სიკვდილს,

და თავს საკუთარს მოუღო ბოლო.

ასე გათავდა ეს ფიცხი მამრი,

მოყმე კულერვომ კალერვოს ვაჟი,

ასე აღმოხდა უბედურს სული,

კულერვოს ბოლო მოეღო ასე.

ვეინე ბრძენმა, უკვდავმა მარად,

როს თვითმკვლელობა შეიტყო მოყმის,

ოდეს კულერვოს ამბავი უთხრეს,

ამეტყველდა და ღაღადდჰყო ასე:

“მომავლის ხალხო, არ მისცე შვილი,

შენ გასაზრდელი ბრიყვსა და რეგვენს,

უცხომ არ უნდა აღზარდოს ბავშვი,

სხვას არ მიანდო დარწევა აკვნის!

თუ ბავშვს აღმზრდელი მოეპყრა ცუდად,

თუ დაურწია აკვანი უშნოდ,

გაულაყდება გონება ყმაწვილს,

ის ვერ შეიძენს საჭირო სიბრძნეს,

თუმცა ხანდაზმას დღითიდღე იგრძნობს,

დაუმსხვილდება თუმცაღა ძვლები”.

 

რუნა ოცდამეჩვიდმეტე

 

ილმარინენი, დღეა თუ მწუხრი,

ზლუქუნებს თავის გარდაცვლილ ცოლზე.

თეთრად ათენებს ის ყოველ ღამეს,

ყოველ დღეს უზმად აღამებს იგი.

მუდამდღე მოთქმით უხვდება ცისკარს,

რა გათენდება, უფრორე მოსთქვამს,

გვერდით რომ აღარ ეგულვის ცოლი,

მეუღლე რადგან მოუკვდა ტურფა;

ამოიძულა ბედკრულმა ურო,

სპილენძისტარა შესძულდა კვერი,

აგერ, ერთი თვე გახდება სრული,

რაც სამჭედლოდან არ ისმის ჩქამი.

– “ვაგლახ, რა მამრი დამიგდო დარდმა!–

საკუთარ თავთან საუბრობს ქვრივი, –

ღარაფერზე არ ძალმიძს ფიქრი,

მაქვს ყველაფერზე აყრილი გული,

რა მოვიფიქრო, არ ვიცი რა ვქნა,

დამაძაბუნა ამდენმა ჯავრმა.

საღამოა და, გულს მიჭამს სევდა,

გათენდება და, მტანჯავს ვარამი,

თუ ღამეა და, მით უარესი,

გამოვიღვიძებ – მიკვდება გული.

აღარ მახარებს დადგომა ღამის,

აღარ ვიზარებ ადგომას დილით,

დღეა თუ ღამე, ერთია ჩემთვის –

მ მშვენიერზე წუხილის გამო,

იმ სასურველზე ვაების გამო,

იმ შავთმიანზე გოდების გამო.

ღამით, როდესაც ბუმბულში ვწევარ

და იშვიათად როდესაც მძინავს,

ცოლისას ვხედავ სიზმარში სახეს,

ამაოდ ვიწვდი იმისკენ ხელებს,

მაოდ ვცდილობ შეხებას მისას,

ხელებს ამაოდ ვაცეცებ ირგვლივ”.

აქვრივებული მჭედელი დარდობს,

აჩაჩანაკდა უცოლოდ იგი,

ორი-სამი თვე ცხარე ცრემლს ღვრიდა,

ხოლო მეოთხე თვე დადგა როცა,

ამოათრია მან ზღვიდან ოქრო,

ზღვის დინებიდან მოიღო ვერცხლი,

მოზიდა შეშა, ხორებად დადგა,

გზა გააკეთა ცამეტი მაინც,

დაანახშირა მორები შეშის

და შეუძახა ქურაში ნახშირს.

მოქუჩებული აიღო ოქრო,

ვერცხლის ნატეხი აიღო ხელში,

ნატეხი – ზამთრის ბაჭიის ხელა,

ან შემოდგომის ტარიგის ტოლი.

ბრძმედში ჩაჰყარა ოქრო და ვერცხლი,

რათა ქურაში შეადნოს ერთად,

და დააყენა მონები მერე

საბერველებთან დღიური ქირით.

საბერველებმა გაბერვა იწყეს,

მთელი ძალ-ღონით ქაჩავენ ჰაერს

მძლავრი მონები შიშველი ხელით,

სულმთლად შიშველნი წელზევით ყველა

კვერითხურო კი ტრიალებს იქვე

და უჩუჩხურებს ნაკვერჩხლებს ასტამს,

ოქროსი შეჰქმნას ქანდაკი რათა

და გამოადნოს საცოლე ვერცხლის.

მაგრამ წაუხდათ ხელობა მონებს,

საბერველები უბერვენ სუსტად,

თვითობ მჭედელი შორდება ქურას

და საბერველთან სასწრაფოდ მიდის.

დაქაჩა ერთხელ, მეორედ ქაჩავს,

მერე, მესამე დაქაჩვის შემდეგ,

ცნობისმოყვარედ ჩახედა ქურას,

მგზნებარე ბრძმედის იხილა ფსკერი, –

რა გამოდნება ქურიდან ნეტა,

ნეტა რა ხდება მხურვალე ბრძმედში?

აი, ისკუპა ბრძმედიდან ნერბმა,

გამობაკუნდა ქურიდან ცხვარი,

ტანზე ოქროსი ასხია მატყლი,

ასხია მატყლი ხალასი ვერცხლის.

მოხიბლულია სუყველა ცხვარით,

მოღუშულია მჭედელი მხოლოდ.

და კვერითხურო ბუზღუნებს ასე:

“მგელს უხაროდეს ეგ მრგვალი ცხვარი,

მე კი ოქროსი მინდოდა ცოლი,

მსურდა მეუღლე მყოლოდა ვერცხლის”.

და კვერითხურო ცხვარს დაწვდა ხელად,

ისევ ქურაში შეაგდო იგი;

ბრძმედს კიდევ უფრო უმატებს ოქროს,

ვერცხლის ნატეხებს უმატებს კიდევ,

საბერველებთან აყენებს მონებს,

ჯამაგირს აძლევს რომლებსაც დღიურს.

საბერველებმა გაბერვა იწყეს,

მთელი ძალღონით ქაჩავენ ჰაერს

მძლავრი მონები შიშველი ხელით,

სულმთლად შიშველნი წელზევით ყველა.

კვერითხურო კი ტრიალებს იქვე

და უჩუჩხურებს ნაკვერჩხლებს ასტამს,

ოქროსი შეჰქმნას ქანდაკი რათა

და გამოადნოს საცოლე ვერცხლის.

მაგრამ წაუხდათ ხელობა მონებს,

საბერველებიც უბერვენ სუსტად.

თვითონ მჭედელი შორდება ქურას

და საბერველთან საჩქაროდ მიდის.

დაქაჩა ერთხელ, დაქაჩა კიდევ,

მერე, მესამე დაქაჩვის შემდეგ,

ცნობისმოყვარედ ჩახედა ქურას,

მგზნებარე ბრძმედის იხილა ფსკერი, –

რა გამოდნება ქურიდან ნეტა,

ნეტა რა ხდება მხურვალე ბტძმედში?

უცებ ცეცხლიდან გამოხტა ცხენი

და საბერველთან თქარუნით გაჩნდა,

ოქროსი შვენის ფაფარი ულაყს,

სცემს სოხანეზე სპილენძის ფლოქვებს.

მოხიბლულია ულაყით ყველა,

არბეშეკრულია მჭედელი მხოლოდ.

და გულმოსული ბუზღუნებს იგი:

“ეს სამგლე ნეტა მე რაში მინდა,

მე ხომ ოქროსი მინდოდა ცოლი,

მსურდა მეუღლე მყოლოდა ვერცხლის”.

და სწვდა ფაფარში მჭედელი ულაყს,

და კვლავ ქურაში უდურთა თავი,

ბრძმედს კიდევ უფრო უმატებს ოქროს,

ვერცხლის ნატეხებს უმატებს კიდევ,

საბერველებთან აყენებს მონებს,

ჯამაგირს აძლევს რომლებსაც დღიურს. 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ხალხური / კალევალა