ფრთებიდან ჩქარა ჩამოხტით ასნო,

ათ-ათნო სკუპდით ფრჩხილთაგან ჩქარა!”

დიასახლისი პოხელის მხარის,

ჩამოსძახოდა ანძიდან მოყმეს:

ლემინკაინენ, ჭაბუკო ლაღო,

შე, უბადრუკო, კაუკო ცრუო,

შენ არ იყავი, დედას რომ უთხარ,

მოხუცებულს რომ მიეცი ფიცი,

რომ წელი ექვსი, ექვსი თუ ათი,

არ წახვიდოდი სალაშქროდ არსად,

რომ გაგჩენოდა ოფაზის ჭყურტი,

მოგწყურებოდა თუნდ ვერცხლი ფრიად!”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

და შემლოცველმა, უკვდავმა მარად,

იფიქრა: ახლა დროაო უკვე,

ხელსაყრელიო დადგაო წუთი;

მყის დაითრია ტიმონი ზღვიდან,

ზღვას გამოსტაცა ტიმონი მუხის,

მოუნიავა ძალუმად ურჩხულს,

არწივს კლანჭები მოჩეხა ხელად,

არ შეარჩინა არც ერთი კლანჭი,

კლანჭის – ძალიან ერცახის გარდა.

ფრთებიდან ჯგუფად იხუვლეს გმირთა,

ერთბაშად ზღვაში ჩაცვინდა ყველა;

წყალში ფრთებიდან ჩავარდა ასი,

ათასი კაცი ტანიდან მოწყდა.

მწარედ შეჰკივლა არწივმა თვითონ,

ზედ გემის გვერდით ჩაეცა იგი,

ვითარცა ხიდან ვარდება როჭო,

როგორც ვარდება ნაძვიდან თრია.

ებღაუჭება ლოუხი სამპოს,

ის არათითით მიათრევს წისქვილს,

მიათრევს სამპოს პირდაპირ წყალში;

და სახურავი გადაძვრა უცებ,

და ხომალდიდან დაცურდა იგი

და ცისფერ ზღვაში ჩავრად ზათქით;

ასე დაიმსხვრა ძვირფასი სამპო

და სახურავი სამპოსი ჭრელი.

სამპოს ნამსხვრევებს ზღვამ უყო პირი,

ისინი მძიმედ ჩაეშვნენ ზღვაში,

ცისფერ ნაკადთა წიაღთა შინა,

და მოკალათდნენ მოშაო შლამზე.

ახტოისუნჯნი, სიუხვე ზღვათა

მეოხებაა იმ დღიდან მათი,

და ვიდრე გარბის სოფელი წუთის

და ვიდრე ცაზე ქათქათებს მთვარე, –

არ დაილევა სიმდიდრე ზღვათა,

საუნჯე მუდამ ექნება ახტოს.

სხვა ნამსხვრევები სამპოსი უხვის,

ნამსხვრევნი მისნი, – მცირენი უფრო.

მიმოეფინნენ ხერხემალს ზღვისას,

ზღვის ფართო-ფართო ტალღებზე შერჩნენ,

ქარმა არწიოს ისინი რათა

და იტივტივონ ნებივრად უკვე, –

მიმოფენილნი ხერხემალს ზღვისას,

და ირწევიან ისინი ქარით, -

ზღვის ფართო-ფართო ტალღებზე მწოლნი;

ქარს ნაპირისკენ ისინი მიაქვს,

მიწისკენ მიაქვს ისინი ტალღებს.

ვეინემეინე, უკვდავი მარად,

ზვირთთა კბოდეზე ხეთქებას ხედავს,

ხედავს: ტალღანი ზღვისანი როგორ

მიაქანებენ მიწისკენ ნამსხვრევთ

და როგორ ჰყრია ნაპირზე უკვე

სახურავისა ნაფოტნი ჭრელის.

ზღვის საქციელნი ახარებს მხერვალს

და სიხარულით ვეინე ამბობს:

“ეს ნაფოტები თესლია უცხო,

სიკეთის ყლორტებს ამოჰყრის იგი,

განეფინება ქვეყანას ხნულად,

აღმოაცენებს მცენარეს ურიცხვს,

ნათელს შეჰმატებს ქათქათა მთვარეს,

შუქს გახდის მზისას უფრორე კეთილს,

ააღორძინებს სუომის მიწას,

გულს რომ ახარებს, იმ ტურფა კუთხეს”.

დიასახლისი პოხელის მხარის

გაბოროტებით იზახის ასე:

“ვერ მოესწრები განფენას ხნულთა,

ვერ მოესწრები ჯეჯილის ხილვას,

ვერ მოესწრები ყანების ღელვას,

მთვარისას ვერარ იხილავ არილს,

სხივებსაც ვეღარ იხილავ მზისას;

სგამოქვაბულში შევაგდებ მთვარეს,

მზეს მოვიტაცებ, დავამწყვდევ კლდეში.

რასაც მოხნავ და დათესავ რასაც,

ნახნავსაც შენსას, მარაგსაც შენსას,

გავანადგურებ ყველაფერს ტეხვრით,

გაღიებამდე დავაზრობ ხნულში.

შენს ველებს მწვანეს, შენს მინდვრებს ტურფას,

საძოვრებს, ხნულებს, რაც კია შენი,

ციდან რკინისას დავუშენ სეტყვას,

ფოლადის სეტყვას დავუშენ ციდან.

დათვს შემოგიჩენ უღრანი ტყიდან,

ან მოგიგზავნი ტევრიდან კატას,

ულაყებს შენსას რომ გაჰკრას კბილი,

რათა ფაშატნი დაფატროს შენი,

გამოუღადროს მუცლები ძროხებს,

მუსრი გაავლოს შენს ხვასტაგს რათა;

ხალხს გაგიჟუჟავ ჭირით და ჟამით,

მთელ შენს გვარს ისე აღმოვფხვრი ქვეყნად,

რომ ვიდრე მთვარე ქათქათებს ცაზე,

ჭაჭანებაც კი არ იყოს მისი”.

ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,

ლოუხს პასუხად მიუგებს ასე:

“ლაფლანდიური რას მიზამს გრძნება,

ტურიანული რას მავნებს ჯადო;

ამინდი უკოს მორჩილებს ოდეს,

ბედის გასაღებს უკო ფლობს როცა;

აქვს გასაღები გველეშაპს როდი,

მტარვალის იგი როდია ხელში.

თუ განვუცხადებ შემოქმედს ნდობას,

ბედს ჩემსას თუკი მივანდობ კეთილს,

მყის ჭიაღუას ხნულიდან გაჰყრის,

არ დააყენებს სამკალში მატლებს,

არ გააოხრონ ნათესნი რათა,

არ გააფუჭონ რამეთუ თესლი,

ციცქნა კბილებით არ მოსჭრან წველნი,

თესლის არ დაღრღნან კბილებით ყლორტნი.

დიასახლისო პოხელის მხარის,

დილეგში მთვარის ნუკი გსურს ცასმა,

მზის ნუკი გინდა დამწყვდევა კლდეში,

უბედურება მოისვი გვერდით,

წინ ბოროტება დაიდგი გობით,

ტანჯვა ჩაჰკეტე ორწოხთა შინა.

შენ თვითონ ხნულში დათესავ რასაც,

რასაც შენ თვითონ მიწაში ჩაჰყრი,

იგი გაყინე შენ შენი ყინვით,

იგი დააზრე შენ შენი სუსხით.

ხნავენ პოხელის გუთნები სადაც,

სადაც სახნავი მიწაა შენი,

იქ დაუშინე შენ სეტყვა რკინის,

იქ დაუშინე ფოლადის კოხი.

რომ გამოუშვებ ტევრიდან კატას,

როს უღრანიდან გამოვა დათვი,

ფეხმოჩორთვილი ძალიან ერთი

და კბილებგრძელი მეორე ერთობ, –

დაე, მათი შენი გასწყვიტონ ჯოგნი,

რისხვად დაატყდნენ საძოვრებს შენსას!”

ლოუხმა, ვონაც განაგებს პოხელს,

ღრმა მწუხარებით წარმოთქვა ასე:

“ეჰ, ჩემი საქმე წასული არის,

სიმძლავრე ჩემი სუსტდება უკვე;

წყალქვეშ აგდია საუნჯე ჩემი,

ზღვის სიღრმეშია ძვირფასი სამპო”.

ტირილით მიდის ლოუხი სახლში,

დამწუხრებული ის მიდის პოხელს;

ისეთი, რასაც გააჩნდა ფასი,

ვერა რა იგდო სამპოსი ხელში,

უვარგის წკივრებს არათითს ჰკიდებს,

ის ამ წკივრების ამარა მიდის,

ჭერის ნაჭერი პოხელში მიაქვს,

სარიოლს მიაქვს ნაფოტი მცირე,

სირატაკეა ამიტომ პოხელს,

არ ჰყოფნით ხოლმე ამიტომ პური.

ვინემეინე, მოხუცი ბრძენი,

ნაპირსა ზღვისა გავიდა ხელად,

იქ ნამსხვრევები სამპოსი ნახა,

სახურავისა ნაფოტნი ჭრელის.

მან ნაფოტები მობოჭა მყისვე,

მიყრილ-მოყრილი ქვიშათა ზედა.

წყვდიადით მოცულ ხერთვისის თხემზე

დაბუდნა სამპოს ნამსხვრევნი ბრძენმა,

სახურავისა ნაფოტნი ჭრელის;

მიწა ჯეჯილმა ამოჭრას რათა,

რომ აღმოცენდეს მიწიდან ჭვავი,

პურად იქცევა რომელიც მერე,

რომ აღმოცენდეს მიწიდან ქერი,

მერე რომელიც იქცევა ლუდად.

ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,

ღვთისადმი აჯას აღავლენს ზეცად:

“ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო,

ბედნიერება მოგვეცი უხვად,

რომ გავატაროთ სიცოცხლე ლხენით

და პატიოსნად გავლიოთ იგი

სუომის ტურფა მინდორთა ზედა.

ო, დიდო უკო, ძლიერო ყოვლად,

უკარგესო და უებრო ღმერთო,

შენ დაიფარე კალევის შვილნი

კაცთაგან – ავი განზრახვით გულში,

ქალტაგნა – გულში ბოროტი ფიქრით.

დათრგუნე ქვეყნის სულები ავნი,

დალახვრე ძალნი ბოროტნი წყალთა.

შექმნილთა შენთა ექმენი მფარველ,

შვილების შენთა ექმენი მფარველ,

შვილების შენის იყავი შემწე,

იყავი მათი იმედი ღამით,

მცველი იყავი იმათი დღისით;

არ იკიაფოს დე, ცუდად მთვარემ,

არ გაანათოს მზემ, დაე, ცუდად.

რა დაჰქროლონ ბოროტთა ქართა,

არ ჩამოიქცეს ცაერა მავნე.

არ შეგვაწუხოს სასტიკმა ყინვამ,

არ გაგვაწვალოს ტაროსმა ცუდმა!

დე, ყოველივეს, რაც არის ჩემი,

და ორი მხრიდან სამშობლოს ჩემსას

შენ ქვითკირისა მოავლე ზღუდე,

ის უნდა იყოს მაღალი ისე,

რომ ადიოდეს მიწიდან ცამდე.

ჩამოდიოდეს მიწამდე ციდან;

ზედ ვერ გადმოხტეს მომხდური რათა,

ჩვენი ხის ნაყოფს ვერ ახლოს ხელი,

ათა ამ ზღუდემ დაიცვას მუდამ

საცხოვრებელი ადგილი ფინტა;

ოქსროსი ცაზე ანათებს მთვარე.

 

რუნა ორმოცდამეოთხე

 

ეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

იფიქრა ერთხანს და უცებ ამბობს:

“ჩემს ახალ სახლში რომ დამსვა ახლა,

ნახმა ჩემი ლამაზი ეზო,

დამაჭერინა ბარბითი ხელში,

და მომალხინა, აჯობებს რამე?!

მაგრამ გავერთო რითი და როგორ,

ოდეს კანტელე დავკარგე ტურფა,

სიამე ჩემი ზღვამ შთანთქა ოდეს;

სასიხარულოდ ველამოს ხალხის,

ზღვის სიღრმეშია ძვირფასი მუღნი,

იქ, სადაც თევზთა ჭყუმპალობს ჯოგი,

ორაგულები ცურავენ სადაც.

კანტელეს უკან არ მომცემს ახტო.

ო, ილმარინენ, მჭედელო დიდო,

შენ მუშაობდი მთელი დღე გუშინ,

დღესაც გააღე სამჭედლო, მოდი,

და გამიკეთე მე ფოცხი რკინის,

ფოცხი – თითები რომ ჰქონდეს ბევრი,

გრძელი რომ ჰქონდეს ძალიან ტარი,

რომ შევძლო მითი ნაკადთა ხვეტა,

რომ მოვაქუჩო იმითი ზვირთნი,

ზღვის ნაპირ-ნაპირ რაც კია ლელი,

რომ მოვაგროვო ის ლელი ერთგან;

სიამეს ჩემსას მივაგნო რათა,

და ამოვიღო კანტელე ზღვიდან,

იქ, სადაც თევზთა ჭყუმპალობს ჯოგი,

ორაგულები ცურავენ სადაც.

ილმარინენმა, მჭედელმა დიდმა,

ამ კვერითხურომ უკვდავმა მარად,

გამოუკვერა რძენს ფოცხი რკინის,

ფოცხს სპილენძისა უგია ტარი,

ქვს თითთა სიგრძე საჟენი ასი,

ტარი თითებზე გრძელია ხუთჯერ.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

ეს დიდი ფოცხი აიღო ხელში,

გზა გაიარა ძალიან ცოტა,

მანძილი განვლი ზალიან მცირე

და საგორავებს მიადგა იგი, –

აკრავთ რომელთაც რკინა და რვალი.

საგორავებზე – ჭედილზე რკინით,

საგორავბზე – ჭედილზე რვალით,

ორი დაუხვდა ხომალდი მხერვალს,

გემი მზადმყოფი დაუხვდა ორი;

ერთი სრულიად ცინცხალი იყო,

მეორე იყო ცოტათი ძველი.

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

იმ ახლა ხომალდს მიმართა ასე:

“ხომალდო, ზღვაში ჩაეშვი ჩქარა,

ნავო, საჩქაროდ შეგორდი წყალში,

გაქროლდი ისე, არ გახლო ხელი,

გაცურე ისე, არ გახლო თითი!”

ხომალდი მყისვე ჩაეშვა ზღვაში,

დინებას მისცა იმ წუთას თავი,

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

ხელად ხომალდის კიჩოზე დაჯდა

და გაეშურა საწმენდად ზღვისა,

ამოსახვეტად ნაკადთა სიღრმის,

კარგად გაჩხრიკა ყვავილნი ზღვათა,

სანაპიროზე ნაგავი ჩხრიკა,

გაუჩხრეკავი არ დარჩა ჩირგვი,

არც პაწაწინა ღერები ლერწმის,

არც ზღვის მცენარის არც ერთი მწიკვი;

მიწი-მოწია ყოველი ღერი,

ებრაუჭება ის ბრაგებს ფოცხით,

მაგრამ ვერაფრით იპოვა ვერსად

ქარიყლაპიას კანტელე ტურფა.

ბარბითი – დიდი სიამის მგვრელი,

სამარადჟამოდ გაჰქრა და გაჰქრა.

ვეინემეინე, უკვდავი მარად,

ხელმოცარული ბრუნდება უკან,

ჩაუღუნია ვეინეს თავი

და მოქცევია მას ქუდი გვერდზე;

ის სინანულით იძახის ასე:

“ვეღარ მოვისმენ ვერასდროს აწი

თევზის ძვალღაგან უწინდელ ხმათა,

აღარ მაღირსებს თევზის ყბა შვებას!”

აი, ვეინე ტყის პირას მიდის,

ხმა შემოესმა ტირილის ტყიდან,

ხედავს: წარაფში ქვითინებს არყი,

ტოტებიანი უმწეოდ მოსთქვამს,

არყისკენ სწრაფად წავიდა ბრძენი,

ახლოს მივიდა ვეინე არყთან.

ალერსიანად მიმართა მტირალს:

“არყო ლამაზო, რად მოგდის ცრემლი?

რამ აგატირა, მოსილო მწვანით?

თეთრქამრიანო, ქვითინებ რატომ?

რაო? არავის მიყავხარ ლაშქრად?

ომში წაყვანა არ უნდათ შენი?”

ალაპარაკდა მტირალი არყი,

ვეინეს არყმა მიუგო ასე:

“დაიჭარტალოს იქნება ბევრმა,

ბევრმა ლაყბობა დაიწყოს იქნებ,

მე მხიარულად ვცხოვრობდე თითქოს

და ვიცინოდე ფოთლებით მუდამ.

მე კი, ბედშავი, ჩამოვხმი დარდით,

მხოლოდ დარდია – სილაღე ჩემი,

უბედურების წუთებში მყოფი

საკუთარ თავზე მოვთქვამ და ვტირი.

მე უმწეობა მატირებს ჩემი

და უიღბლობა მაღონებს ასე;

ჩემი ვარამი არავინ იცის,

ქვითინი ჩემი არავის ესმის,

აქ, ამ საძაგელ საძოვრის პირას,

გულდათუთქული ვდგავარ და ვტირი.

ვერ აუდიან სიხარულს სხვები

იმ დიდი, ტკბილი იმედის გამო,

რომ სიხარული მოჰყვება ზაფხულს,

მალე დღეები დადგება თბილი.

მე კი ზაფხულის არც მინდა ხილვა,

ან კი რად უნდა მინდოდეს, როცა

სწორედ ზაფხულზე მლოპრავენ უღვთოდ,

შეუბალებლად მაჭრიან ტოტებს.

ძალიან ხშირად უბედურ არყთან,

გაზაფხულია როდესაც მოკლე,

მოიჭრებიან ბავშვები ხელად,

ხელში დანები უჭირავთ ბავშვებს,

გალესილ დანას მარჭობენ ტანში

და ჩემი წვენით იკლავენ წყურვილს.

მთელი ზაფხულის მანძილზე მწყემსი

მაცლის და მაცლის თეთრ ქამარს ტანზე,

ჯამებს და ქარქაშს წნავს მისგან იგი,

მისგან კენკრისთვის წნავს იგი ხოკერს.

ხშირად ჩეროში თეთრის და ნაზის,

უმწეო არყის ჩეროში ხშირად,

ქალიშვილები მოდიან ტურფა,

არყის გარშემო დარბიან ლხენით,

სიცილ-კისკისით მაწყვეტენ ფოთლებს,

რტოებს მჭრიან და ტოტებად კრავენ.

იშვიათია შემთხვევა როდი,

კაფავენ ხოლმე როდესაც უღრანს,

ნაჯახის წერა გახდება არყიც,

და უმოწყალოდ აპობენ საწყალს.

ერთხელ კი არა, ამ ზაფხულს სამჯერ,

აგერ ვიღაცა კაცები იდგნენ,

ხელში ცულები ეჭირათ კაცებს,

პირს უფხავებდნენ კაცები ცულებს;

იმ კაცებს ჩემი უნდოდათ მოჭრა,

სიკვდილი სურდათ იმ კაცებს ჩემი.

აი, რა არის ზაფხული ჩემთვის,

მზის სხივებს ჩემთვის აი, რა მოაქვს,

კარგი დღე მე არც ზამთარში მადგას,

ჩემთვის არც თოვლი უქნია გამჩენს;

შემომიჩნდება ქარბუქი მზაფრი,

ჩამაცივდება სასტიკი ჭირხლი,

ქურქის სიმწვანეს ქარბუქი მტაცებს,

ჭირხლს მიაქვს ხოლმე მთლიანად ქურქი

და მე, ბედკრულზე ბედკრული არყი

და უბედური ყველაზე უფრო,

ტყეში სრულიად შიშველი ვრჩები,

დედიშობილად ვცახცახებ ქარში,

უღმერთოდ მყინავს სასტიკი ყინვა,

ხელფეხდამზრალი უმწეოდ ვტირი”.

ვეინე ბრძენი არყს ეტყვის ასე:

“ნუ ტირი, ჩემო ლამაზო არყო,

ნუ სწუხარ, ჩემო ძმობილო მწვანევ

თეთრქამრიანო, მოეშვი ტირილს;

ბედნიერება მოგადგა კარზე,

ახალ ცხოვრებას დაიწყებ აწი

და ატირდები სიამის ცრემლით,

და ნეტარებით დაიწყებ ჟღერას”.

ვეინე ბრძენმა, უკვდავმა მარად,

სიამე იგი არყისგან შეჰქმნა,

დღე მოანდომა ზაფხულის ერთი

და გააკეთა კანტელე ტურფა;

წყვდიადით მოცულ კუნძულის თხემზე,

ჯანღით დაფარულ შუაში კონცხის

ხვეწავს ვეინე კანტელის ხოკერს,

მოთხეს აკეთებს სიამის წყაროდ;

გამძლე გამოდის ხოკერი მუღნის,

გაძაგრულია ძარღვებით მოთხე.

ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,

დაფიქრებული იზახის ასე:

“ხოკერი უკვე მზად არის მუღნის,

სიამის წყარო გაკეთდა მოთხე,

მხოლოდ ხრახნები აკლია ბარბითს,

სად გამოვძებნო მანები კარგი?!”

მყის აღმოცენდა მიწიდან მუხა,

თვალის უმალეს ავარდა ცაში,

მუხას ტოტები აქვს სწორზე სწორი,

ტოტებზე მუხას აქვს რკონი დიდნი,

თითო ბურთია თვითეულ რკოზე,

თითო ბურთზეა გუგული თითო.

და აგუგუნდა გუგული იგი,

ხმა გაისმოდა ერთბაშად ხუთი;

და ნისკარტიდან იღვრება ოქრო,

და ნისკარტიდან იღვრება ვერცხლი,

ოქრო ოფაზის იღვრება სერზე,

ვერცხლი კორტოხზე იღვრება ვერცხლის;

აქედან მიაქვს ვეინეს ხრახნი,

მან აქ იშოვნა მანები შვების.

ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,

კვლავ დაფიქრებით იძახის ასე:

“აქვს უკვე ბარბითს ხრახნები კარგი,

ნაშოვნი არის მანები შვების,

კანტელე მაინც არ არის სრული,

კანტელეს სიმი აკლია ხუთი;

და სად ვიშოვნო ეს ხუთი სიმი,

სად გამოვძებნო საამოდ მჟღერნი?”

მიდის სიმები საძებრად იგი,

ვეინე ბრძენი მინდორში გადის;

ხედავს: ვიღაცა გოგოა ტყეში,

ხედავს მინდორში გოგა ვიღაც.

ეს ქალიშვილი ქვითინებს როდი,

გახარებულიც როდია დიდად,

უბრალოდ, ისე, სიმღერას ამბობს:

ნეტავი ჩქარა მოვიდეს მწუხრი,

ნეტავი ჩქარა მოვიდეს ისიც,

გულის მოვიდეს რჩეული ჩქარა.

იმ ქალწულისკენ გაქანდა ბრძენი,

ჩექმოდ გარბის ვეინე მისკენ,

უწინდოდ გარბის მოხუცი იქით,

მყის მიირბინა ქალწულთან ბრძენმა,

თმის ბეწვი თხოვა ვეინემ ქალწულს,

მოხუცმა ქალწულს მიმართა ასე:

“ქალწულო, მომე მე თმები შენი,

ეგ ნაწნავები დამითმე ნაზი,

რათა სიმებად გავჭიმო ქნარზე,

მარადის შვებად ვაქციო რათა”.

ვეინეს მისცა ქალწულმა თმები,

მისცა ბეწვები მას წვრილზე წვრილი,

ბრძენს აბრეშუმის თმა მისცა ხუთი,

უბოძა ბეწვი ექვსი და შვიდი;

კანტელეს უკვე სიმებიც ჰქონდა,

სამარადჟამოდ სიამის ხმანი.

ახლა კანტელე მზად იყო უკვემ

ქვაზე ცამოჯდა ვეინე ბრძენი,

ქვაზე, ყველაზე ძირაზე, დაჯდა,

ქვის საფეხურზე დაჯდა ზედ კართან.

კანტელეს ხელი მოჰკიდა ბრძენმა,

სიამის მგვრელი აიღო ხელში,

ზეცვისკენ უქნა კანტელეს ღუნი,

მუხლზე დაიდო ბარბითის ძირი,

მუღნისას მართავს მოხუცი სიმებს,

მომართა უკვე, ვით არის წესი.

აი, სიმები მომართა უკვე,

მოაწესრიგა სათავე ძნობის,

კანტელეს ისევ შეახო ხელი,

ის გარდიგარდმო დაიდვა მუხლზე.

აი, სიმებზე როკავენ თითნი,

თითი მოძრაობს ბარბითზე ხუთი,

ხტიან სიმებზე თითები ლხენით,

ხტიან და ხტიან სიმიდან სიმზე.

დაკვრას შეუდგა ვეინე ბრძენი,

მუხლზე ხელახლა მოირგო მუღნი,

თითები წვრილი მოღუნა ხელად,

მაღლა ასწია თითები დიდი;

დაიწკრიალა უეცრად არყმა,

წკრიალ-წკრიალი დაიწყო მწვანემ,

ოქროს გუგული ამღერდა ტურფა,

ქალწულის ნაზად მღეროდა ზილფი.

უფრო ძლიერად დაუკრა ბრძენმა,

გამხიარულდნენ სიმები მუღნის,

მოირღვნენ მთები, დაიძრნენ ქვანი,

დაიგრუხუნეს კლდეებმა ერთხმად,

ზღვაში ბრაგები შირყნენ მძლავრად,

ზღვის ზედაპირზე ბზრიალებს ხვინჭა,

გახარებულნი ბუქნავენ ფიჭვნი,

მდელოზე კუნძნი უვლიან ფერხულს.

დიდი კალევის დიაცმა ყველამ

ხელიდან ხელად გააგდო საქმე;

ვით მდინარენი, ხმათაკენ რბიან,

როგორც ნაკადი, მიჰქრიან ხმისკენ.

ახალგაზრდები მოდიან ლხენით,

დიასახლისნი მოდიან ლაღად,

რომ უფრო ახლო იხილონ მუღნი,

და სიხარულით იხარონ დიდით.

და ახლომახლო ვინც იყო კაცი,

იდგა და ხელში ეჭირა ქუდი,

და ახლომახლო ვინც იყო ქალი,

ლოყებით ხელებს დაეყრდნო ყველა;

მოუწყლიანდათ თვალები ქალწულთ,

ჭაბუკნი მიწას დაეყრდნენ მუხლით,

კანტელეს ჰანგებს უსმენენ ხარბად, –

განცვიფრებულნი გრძნეული ჰანგით.

ვით ერთმა კაცმა, ვით ერთმა პირმა,

ერთხმად შესძახა ამდენამ ხალხმა:

“რაც თავი გვახსოვს, რაც გავჩნდით ქვეყნად,

რაც ცაზე თეთრი ანათებს მთვარე,

ჯერ არ გვსმენია ასეთი ძნობა,

ამგვარი დაკვრის არა ვართ მომსწრე!”

შორს და შორს მიჰქრის გრძნეული ჰანგი,

გადაიქროლა სოფელი ექვსი,

არც ერთ სოფელში არ დარჩა კაცი, –

არ მოერბინა სასმენად მუღნის,

არ მოეზიდა კანტელეს იგი,

არ მოეხიბლა საოცარ ბარბითს.

ვითარცა წესი, ნადირნი ტყეთა,

კლანჭებმოკეცვით მიწაზე დასხდნენ,

რომ მოისმინონ გალობა ბრძენის

და გაიხარონ ბარბითის ძნობით.

რაც კი ფრინველი დაფრინავს ცაში,

ხეთა ტოტებზე ცამოჯდა ყველა.

აურაცხელი მოსახლე ზღვათა –

თევზნი სასწრაფოდ მოაწყდნენ ხმელეთს,

არ მოუთმინათ მატლებსაც გულმა, -

მიწიდან ყველა ამოძვრა ჭია, –

კლაკვნით დაეხვა, სასმენად დაჯდა,

რომ კანტელესი ისმინოს ჟღერა,

სიამოვნება შეიტკბოს დიდი

და ხელოვნება იხილოს ბრძენის.

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

განსაცვიფრებლად უკრავს და უკრავს,

ირგვლივ გრძნეული განისმის ხმანი.

ერთ დღეს უკრავდა, უკრავდა ორ დღეს,

შეუსვენებლად უკრავდა იგი;

გუშინწინ დილით მან რაც არ ჭამა,

არ უჭამია მას შემდეგ ხემსი,

გუშინწინ დილით რომელიც ეცვა,

ტანზე იგივე აცვია კვართი.

თავის ბინაში ძნობს კაცი ბრძენი,

ბანს ეუბნება ბრძენს სახლი ფიჭვის;

და სახურავი ხმაურობს სახლის

და იატაკი თახთახებს სუფთა,

გუგუნებს ჭერი, მღერიან კარნი,

მოზახილს ამბობს ფანჯარა ყველა,

ამღერებულან ამყოლნი კართა,

ხტუნავს და ხტუნავს ღუმელი ქვისა.

გავლა ისურვა ნაძვნარში ბრძენმა,

მიდის მოხუცი ფიჭვნარის გასწვრივ,

ნაძვი ყოველი თავს უკრავს მოხუცს,

ტაყვანისცემით ხვდებიან ფიჭვნი;

ძირს დაუცვინდათ გირჩები ფიჭვებს,

წიწვნი ფესვებთან დაყრილთა ნაძვთა.

სითაც არ უნდა წავიდეს იგი,

წვრილიანში თუ უღრანში შევა;

მოლხენით ფერხულს უვლიან ხენი,

გახარებულნი ხტუნავენ ჩირგვნი,

შეფრფინვით სჭვრეტენ ყვავილნი ველთა,

ძირს იხრებიან ხეები რტოთი.

 

რუნა ორმოცდამეხუთე

 

ერთ დღეს პოხელში ამბავი მოდის,

ლოუხსაც უთხრეს ამბავი მწარე,

იმ ნაფოტებით სამპოის უხვის

და სახურავის ნაჭრებით ჭრელის, -

დუღს და გადმოდის ცხოვრება კალევს,

ვეინელისა ჰყვავისო კუთხე.

ლოუხის გული აღუვსო შურით,

მყისვე იმაზე დაიწყო ზრუნვა,

თუ რას და როგორ მიმართოს ძალას,

რა გამოძებნოს ისეთი ხერხი,

ვეინელისა გაჟლიტოს ხალხი,

მთელ კალევალას გაავლოს მუსრი.

ლოუხმა უკოს მიმართა თხოვნით,

ემუდარება ქუხილის უფალს:

“ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო!

გაანადგურე კალევის ხალხი,

რკინის დაარტყი ვეინელს სეტყვა,

უკურნებელი შეჰყარე სენი,

ფოლადისპირა ისრები დასცხე,

მთლად ამოსწყვიტე იმათი გვარი,

მინდვრად მძორები დაჰყარე კაცთა,

ქალთა გვამებით გაავსე გომნი!”

თვალდავსებული ტუონის ქალი,

ლევიატარი, როკაპი გლისპი,

მანის შვილთაგან ყველაზე გონჯი,

უსაძაგლესი ყველაზე მეტად, –

სახე რომ ჰქონდა მრუმეზე მრუმე

და ბაჯგვლიანი რომ ჰქონდა ტანი, -

მიზეზი გახდა ყოველგვარ ჭირის,

ყოველგვარ ბიწის საბაბი გახდა.

თვალებდამდგარმა ტუონის ქალმა,

სახე რომ ჰქონდა მრუმეზე მრუმე,

ლოგინი თურმე დაიგო გზაზე,

შუა შარაში გაშალა ნატი,

დაწვა უხერხულ ადგილზე ქარში,

ამინდი იყო როდესაც ცუდი,

ოქრპირი ქროდა როდესაც ქარი,

ქარი რომ ქროდა ძალიან ცივი.

წამოუქროლა გრიგალმა თურმე,

აღმოსავლეთის მოიჭრა ქარი,

თესლი შთაბერა უგუნურ ქალწულს,

გამოუბერა ნაყოფით ფაშვი;

იქ, სადაც ერთიც არ იდგა ბუჩქი,

ბალახის ერთიც არ იყო ღერი.

დაეთრეოდა ვეება მუცლით,

კვნესით დაჰქონდა სისავსე თვისი;

თვემ გაიაგარ ორმა და სამმა,

მეშვიდეც გადის, მერვეა უკვე,

ბოლოს და ბოლოს გავიდა მერვეც,

ქალი მეცხრეში გადადგა თვეში,

ხოლო დედაბერს რომ ჰკითხოს კაცმა,

მეათეშია ის უკვე მდგარი.

აი, თვე უკვე გათავდა მეცხრეც,

მოულოდნელად მეათის დამდეგს, -

მაგარი გახდა მუცელი უფრო,

შიგანი უფრო ატკივდა ქალწულს,

მაგრამ ვერა და ვერ შობა მრუშმა;

არ დაიბადა – ნაყოფი ქართა.

ვეღარ პოულობს ქალწული ადგილს,

დაწვება სადმე, – ადგება მყისვე,

უცებ ხრამისკენ წავიდა მრუში,

იქ მოიშოროს ნაყოფი რათა;

წამოიპლაკა ორი კლდის შუა,

ხრამში, მთა სადაც ერთდება ხუთი,

მაგრამ ვერა და ვერ შობა მრუშმა:

არ დაიბადა – ნაყოფი ქართა.

აი, ხელახლა ის ეძებს ადგილს;

ახლა მღელვარეს მიადგა ჭაობს,

გას მოღრიალე ჭორომის პირას,

შეიმსუბუქოს მუცელი ცდილობს:

მაგრამ ადგილი ვერ ნახა ვერსად,

მოლოგინებას შესძლებდა სადაც.

სურს ჩანასახი ისროლოს წყალში,

სურს მოიშოროს მტანჯველი ტვირთი,

გადაუძახოს მორევში ნაყოფს,

სადაც ტრიალით ქაფდება ტალღა,

სამი ჭორომის სიღრმეთა შინა,

მიხრილ და მოხრილ ცხრა ჩქერთა შორის...

მაგრამ ვერა და ვერ შობა მრუშმა;

არ დაიბადა – ნაყოფი ქართა.

და გამოხტენამ ღრიალი მორთო:

ხმა საშინელი აღმოხდა ურჩხულს;

საით წავიდეს – მიმხვდარა ვეღარ,

ვეღარ გაიგო – დაადგეს რა გზას,

რომ მოიშოროს თავიდან ტვირთი,

შვილები შობოს როგორმე ჩქარა.

ყოვლადმაღალმა ხმა უყო ღრუბლით,

ბრმას ჩამოსძახა მაღლიდან ღმერთმა:

“სარიოლს, ზღვასთან დგას ერთი ქოხი,

ჯანღიან პპხელს ქოხია ერთი,

ერთი სამკუთხა ქოხი ქუფრი,

სამკუთხა ქოხი, – ზედ ზღვასთან მდგარი:

წადი, იქ წადი, იმ ქოხთან მიდი,

იქ მოიშორებ შენ ნაყოფს შენსას,

იქ მოუთმენლად გელიან ახლა,

იქ ენატრებათ შვილები შენი!”

თვალებდამდგარი ტუონის ქალი,

ასული მანის, შობიდან ბილწი,

ლახლახით მიდის პოხელის ქოხთან,

აბანოს კართან ჩერდება იგი,

აქ გააჩინოს შვილები რათა,

შთამომავალნი დაჰყაროს მუცლით.

ლოუხი, ვინაც განაგებს პოხელს,

კბილებმეჩხერი როკაპი ანჩხლი,

მყის აბანოში შეუძღვა ქალწულს,

ფრთხილად შეაღო აბანოს კარი,

სოფელმა რომ არ გაიგოს ისე,

რომ არ დაირხეს სოფელში ჭორი.

ხელად აბანოს ახურებს ანჩხლი,

წინდახედულად თადარიგს იჭერს:

კართა ანჯამებს წააცხო ლუდი,

ლუდით გაფერა საკვალთი ხელად,

რომ არ დაიწყოს ჭრილი კარმა,

საკვალთმა რო არ გაიღოს ჩქამი.

თან ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:,

ლოუხი ასე მიმართავს ღმერთქალს:

“ყოველთა ქალთა წინარე ქმნილო,

ოქროსი გამკობს ციაგნი რომელს,

უხნიერესო დიაცთა შორის,

დედაო, ქვეყნად ყველაზე ძველო!

ზღვაში მუხლამდე ჩადექი ახლა,

ისურვე შესვლა წელამდე წყალში,

სასწრაფოდ ჩიქვის მოიღე ნერწყვი,

ლორწო მოიხვენ საჩქაროდ ღლავის,

წააცხე იგი სახსრებზე ქალწულს,

ლორწოთი ქალის დაზილე ფერდნი,

ტკივილებისგან უძლები იხსენ,

მეოხად ექმენ უმწეოს დროზე,

უძლურს ტანჯვანი დაუცხრე დიდნი,

შეუმსუბუქე გვრემანი მუცლის.

ეს საკმარისი არ არის თუკი,

ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო!

დატოვე ცეზა, დაეშვი დაბლა,

იჩქარე, დაგვრჩა იმედი შენი,

აქ ტანჯვაშია უძლები ერთი,

მუცელი სტკივა სასტიკად ქალწულს,

ის იტანჯება აბანოს ბუღში,

აბანოშია ქალწული სოფლის.

აიღე კვერთხი მარჯვენა ხელით,

ოქროცურვილი აიღე კვერთხი,

ჩამოაქციე ზღუდენი მტკიცე,

მიწას დაამხვე სვეტები ბჭეთა,

შემოქმედის გააღე ციხე,

მილეწ-მოლეწე საკვალთი კართა,

რომ გაეტიოს დიდი და მცირე,

რომ გამოძრომა უძლურმაც შსძლოს!”

თვალებდამდგარმა ტუონის ქალმა,

ამ საძაგელმა დიაცმა ყოვლად,

სისავსე კვნესით დაცალა მუცლის,

შობა თავისი ბოროტი შვილნი,

თითო ბავშვებით მოთხვარა ფარდა,

გასისხლიანდა ჯეჯიმი ჭრელი.

განმავლობაში ზაფხულის ღამის,

მხურვალე იყო აბანო ვიდრე,

ვიდრე ცხელ წყალში ბორგავდა მრუში,

ცხრა შვილი შობა ზედიზედ ბილწმა,

შობა ისინი შიგანის ძალით,

გამობერილი დაცალა ფაშვი.

ახლა სახელებს უძებნის შვილებს,

გამოუძებნა სახელი ყველას;

ეკეთებინა უნდა რა საქმეც,

იმ საქმის სესხნა სახელი მისცა:

ერთ-ერთს სახელად უწოდა წყლული,

მეორეს ჭვალი დაარქვა სიბის,

მესამე ბილწმა მონათლა ჭუჭყად,

მეოთხეს იგი სიმჭლევეს არქმევს,

მეხუთეს არქმევს სახსრების ტეხვას,

მეექვსეს შავი დაარქვა ჭირი,

მეშვიდეს ჩირქი დაარქვა წყლულთა,

მერვეს სახელად წყალმანიკი მისცა.

მეცხრეს არ ჰქონდა სახელი მხოლოდ,

ყველაზე ბოლოს რომელიც გაჩნდა,

და დედამ იგი გაგზავნა ზღვაზე,

იქ დააყენა მჩხიბავად ზღვისა,

რათა კიდენი გაჩხიბოს ზღვათა,

შურის რომ იყოს მთესველი ყველგან.

წყვდიადით მოცულ შუაშია კონცხის,

ჯანღით დაფარულ კუნძულის თხემზე,

სასწრაფოდ ერთად თავს უყრის ცხრავეს

დიასახლისი პოხელის მხარის

და მათ კალევის აგზავნის მხარეს,

ვეინელისა მხარეში გზავნის,

რომ დასნეულდეს კალევში ყველა,

მთელ ვეინელსა გაევლოს მუსრი.

კალევში ხალხი შექიმნა ავად,

სენმა ლოგინად ჩააგდო ყველა,

გაჩნდა რაღაც კვიმატი სენი,

იქ არყოფილი არასდროს წინათ;

იატაკები დაჩირქდა სახლის,

ქოხთა ჭერთაგან ბალღამი წვეთავს.

გამოდის გარეთ ვეინე ბრძენი,

წინასწარმთქმელი, უკვდავი მარად,

რათა სენისგან დაიხსნას ხალხი,

გადაარჩინოს კალევი სიკვდილს;

იგი საჩხუბრად ტუონში მიდის,

რომ შეერკინოს საზიზღარ სენთა.

აბანო ხელად გაათბო მაგრად,

ქვებს სიწითლემდე ახურებს იგი,

მან სუფთა შეშით დაანთო ცეცხლი,

გამორიყული შეუნთო შეშა.

თავდახურულად მოიღო წყალი,

მოარბენინა ციცხები სუფთა,

იგი ამ ცოცხებს ხელამოდ მდუღრავს, –

ხშირფოთლოვანებს არბილებს ორთქლით.

თაფლად აქცია აბანოს ორთქლი,

დაისადგურა ჰაერში ბუღმა,

მხურვალე ქვებმა აუშვეს ხვატი,

 

ტეხნი წითლად ღვივიან ქვათა.

ალაპარაკდა მოხუცი უცებ,

ვეინემ ასე მიმართა უფალს:

“ამ უნჯუფაში ჩამოდი, ღმერთო!

აქ ზეციერო ჩამოდი მამა,

ჯანი ხელახლა მოგვეცი მრთელი,

კვლავ დაგვიბრუნე სიმშვიდე სრული!

ეს ნაპერწკლები მოთქერე გლისპი,

ბოროტი სწრაფად დაშრიტე ბჟუტვა,

ზომაზე მეტი ჩაქოლე სიცხე,

ავადმყოფური გვაშორე ხვატი,

მან შვილნი შენი არ დაწვას რათა,

ქმნილება რომ არ იმსხვერპლოს შენი.

ი, მე ქვებზე ვასხურებ წვეთებს,

ცხელ ქვებზე წვეთებს ვაპკურებ წყლისას,

დაე, ეს წყალი გადიქცეს თაფლად,

დაე, ტკბილ წვენად გადიქცეს იგი,

თაფლის მდინარე დაიძრას უცებ,

თაფლმა აბანო აავსოს მთელი,

აფლისა დადგეს ღუმელზე ტბანი

ამ დახავსებულ აბანოს შუა.

დაე, ეს ყოვლად მართალი ხალხი, -

ნუა სნეული, უნებოდ ღმთისა,

ნურცა რაიმე იმსხვერპლებს სენი,

თვინიერ ღმრთისა მოვლენილ სენთა.

ის, ვისაც ჩვენი დაღუპვა უნდა,

დაე, თავისმა დაღუპოს სიტყვამ,

აქვს ვისაც ჩვენი მოსპობა აზრად,

თავისი აზრის თვით გახდეს წერა.

თუ მე იმდენი არ შემწევს ძალა,

იშეთი მძლავრი თუ ვერ ვარ გმირი,

გასჭირიდან დავიხსნა ხალხი,

უბედურება ვაშორო მოძმეთ,

თვით დიდი უკო მოვიდეს მაშინ,

მიმართულებას ვინც აძლევს ღრუბლებს,

მორჭმით რომელიც ცაშია მჯდარი,

ღრუბლები დაჰყავს რომელსაც ცაზე.

ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო,

შენ, თვით ღრუბელთა ზემორე მდგარო,

დატოვე ზეცა, დაეშვი დაბლა,

იჩქარე, გხადი შექმნილი შენი.

მოვედინ! დიდი ტანჯვისგან გვიხსენ,

შორს მოისროლე ეს მძიმე ჭირნი,

უბედურება გვაშორე შავი,

გაანადგურე კვიმატი სენი.

პირცეცხლოვანი მიბოძე ხმალი,

გადმომაწოდე მახვილი ცეცხლის,

ეს ბოროტება ავკუწო რათა,

აქედან სწრაფად ვიფრინო ბილწნი,

ქარის გზა მივცე – ყოველი სენი,

უშორეს მინდვრებს – კირთება მძიმე.

ტანჯვას კინწისკვრით შევაგდებ მთებში,

მთებში, რომელიც სავსეა რკინით,

ავადმყოფობას, რაც კია, ყველას,

გადავუძახებ ორწოხთა შორის,

რათა შეუძლოდ შეიქნას ტინი,

ტანჯვა რომ იგრძნონ პიტალო კლდეთა;

არ იტირებენ ტანჯვისგან ლოდნი,

არ იკვნესებენ სენთაგან კლდენი,

ჰქონდეთ როგორიც არ უნდა სნება,

ადგეთ როგორიც არ უნდა ტანჯვა.

ტუონის ქალო, დიაცო სენთა!

სნეულებათა მცხოვრებო მთაში,

სადაც ნაკადი მდინარებს სამი,

სამი იყრება დინება სადაც,

სნეულებისას შენ მართავ დოლაბს,

სენთანი შენგნით ბრუნავენ კლდენი!

მოვედინ! ჭირნი აღიხვენ უხვნი,

ხახაში დურთე ცისფერი ლოდის,

ანდა მოხვეტე ისინი ხელით

და ჩაუძახე სიღრმეში ზღვათა,

ვერ დაუქროლებს მათა სადაც ქარი,

ციაგიც რომ ვერ ჩააღწევს მზისა.

ეს საკმარისი არ არის თუკი,

დიაცნო სენთა, უფალო სულთა,

ასულო წყლულთა, უბადლო ქალო,

გამოგვეცხადე, ფეხმარდად იარ!

ჯანი ხელახლა მოგვეცი საღი,

კვლავ დაგვიბრუნე სიმშვიდე სრული!

დააძაბუნე სიმძლავრე სენთა,

ვაივაგლახი აოტე დიდი,

ავადმყოფს ძილი უბოძე წყნარი,

უმწეოს ბოლო მოუღე ზრუნვას,

მოამჯობინე სენთაგან მჭლენი,

წამოაყენე სნეულნი ფეხზე!

კასრში სნებანი ჩაჩურთე ავნი,

ვაივაგლახნი სპილენძის ყუთში,

წამოიკიდე ტანჯვანი ზურგზე,

ზურგზე მოიგდე სნებანი ჩვენი

და აიტანე ჭიუხთა ზედა,

სენთა კლდე-ღრეში ჩაზიდე ზურგით;

იქ, ორივენი, სნებაც და ტანჯვაც,

ჩაადგი ისეთ პაწია ქვაბში,

რომ ნეკზე დიდი არ იყოს ქვაბი,

ძლივს ეტეოდეს იმ ქვაბში ფრჩხილი.

ერთი ლოდია შუაში მთათა,

შუაში ლოდის ხვრელია ერთი,

ბურღმა გახვრიტა შუაში ლოდი,

ლოდში ხრაშუნით გავიდა რკინა:

შენ იქ ჩაჰყარე სნებანი ჩვენი,

იქ ჩაუძახე ყოველგვარ ტანჯვას,

წიხლით ჩატენე კირთება ხვრელში,

ისე ჩაჩურთე იმ ხვრელში ყველა, -

ვეღარ ამოძვრეს იქიდან ღამით,

დღისითაც ვეღარ გამოჩნდეს სადმე!”

ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,

წინასწარმთქმელი, უკვდავი მარად.

მტკივან ადგილებს მალამოს აცხებს

დაბუდებულა იქ სადაც სნება;

ცხრა მალამოთი მკურნალობს სნეულთ,

რვით ჯადოქრულით მკურნალობს ხერხით;

ალაპარაკდა მოხუცი უცებ,

ვეინემ ასე მიმართა უფალს;

“ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო!

უუძველესო მცხოვრებო ზეცის,

აღმოსავლეთით ღრუბელი დასძარ,

ჩრდილოეთიდან ლაშქარი ღრუბლის,

დასავლეთიდან ღრუბელთა სპანი,

გვაწვეთე ტაფლი, გვაწვეთე ტენი,

შეგვიმსუბუქე უძლები ჭირნი,

შვებად გვიქციე ტანჯვანი მძიმე!

მე რას გავაწყობ იმათთან მარტო,

არ შემეწევა უკუთუ ღმერთი!

შემქნელო, შვებად მოვედინ ჩქარა!

ხარ თანამდები – გვიშველო შვილთა;

რათა ვიხილო, ხილვა ხამს რისაც,

შევეხო იმას, შეხებად რაც ღირს,

წარმოვთქვა იგი, ხამს რისი თქმანიც,

და სუნთქვით საქმე ვისაქმო რათა.

იქ, სადაც ხელი ვერ მისწვდეს ჩემი,

მუნ, დაე, ხელი მიცაწვდეს უფლის,

იქ, სადაც ჩემი ვერ მისწვდეს თითი,

მუნ, დაე, თითნი მიცაწვდეს ღმერთის!

თითნი უფლისა უფროა ნაზნი

და ხელხი მისნი უფრორე ძლენი.

მოვედინ! ღმერთო, შელოცვად მოდი,

გამოგვეცხადე შელოცვად დიდო,

დაბლა ჩამოდი, მარალო ხოლვად!

დე, განიკურნოს ამაღამ ყველა,

ხვალ ლოგინიდან წამოდგეს საღად;

აღარ სტკიოდეს არავის თავი,

აღარ სტეხავდეს არავის ტანში,

გულში არავის არ ჰგქონდეს შიში,

არ აწუხებდეს ტკივილი მცირეც,

არ წამოსტკივდეს არავის თითიც, -

არასდროს, ვიდრე კრიალა ცაზე

ოქროსი ბადრი ანათებს მთვარე!”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

წინასწარმთქმელმა, უკვდავმა მარად,

უბედურება განდევან ასე,

სნეულებანი გაჰყარა გარეთ;

ხალხს განაშორა ნაღველი მძიმე,

მან ულმობელი განკურნა სენი,

დაღუპვისაგან კალევი იხსნა

და გამოსტაცა ხელიდან სიკვდილს.

 

უნა ორმოცდამეექვსე

 

სარიოლს მოდის ამბავი ცხელი,

ხმები დაირხა ახალი სოფლად:

განიკურნაო ვეინელს ყველა,

გადაურჩაო კალევის ხალხი

უმაგალითო კირთებას მძიმეს,

უბედურებას – შეჩენილს გრძნებით.

დიასახლისი პოხელის მხარის,

კბილებმეჩხერი როკაპი გლისპი,

გამოიყვანა ჭკუიდან ამან,

და მან მუქარით წარმოთქვა ასე:

“საშუალება კიდევ მაქვს ერთი,

შურისძიების სხვა გზებიც ვიცი:

დათვს გამოვაგდებ ტევრიდან ახლა,

ფეხებმოჩორთვილს გავაგდებ ტყიდან,

რათა ვეინელს დაჭამოს ჯოგნი,

თავზარი დასცეს კალევის მხარეს”.

და გამოაგდო ტევრიდან დათვი,

ფეხმოჩორთვილი გააგდო ტყიდან,

რათა ვეინელს დაჭამოს ჯოგი,

რისხვად დაატყდეს კალევის მხარეს.

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

მჭედელთან მივა და ეტყვის ასე:

“გამომიჭედე ბუნგრძელი შუბი,

ახალთახალი ლახვარი რკინის,

შუბს გაუკეთე წახნაგი სამი,

ტარი სპილენძის დაუგე ლახვარს,

შემოჩენილი რომ მოვკლა დათვი,

ძვირფასი ტყავით მოსილი მცეხი.

რათა ჩემს ძროხებს არ გაკრას კბილი,

ულაყნი რომ არ დაგლიჯოს ჩემი,

არ დამიჭამოს ფაშატნი რათ,

არ გამიოხროს ხვასტაგი მხეცმა”.

და გამოჭედა მჭედელმა შუბი,

არც ისე გრძელი, არც ისე მოკლე,

საშუალოსი შუბია სიგრძის;

შუბის ნაჭდევზე დამჯდარა მგელი,

დათვი დამჯდარა ბუნგრძელის წვეტზე,

შუბის შუაზე მიმორბის დომბა,

ბუნზე ულაყი ჭიხვინებს ფიცხი,

ბუნის ბოლოზე ირემი დაჯდა.

იმ დილით თოვლი მოვიდა ნაზი,

დაედო თოვლი სუომის გზათა,

ქათქათა, როგორც კურდღელი ზამთრის,

შემოდგომისა ვითარცა თოხლი.

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

ამეტყველდა და წარმოთქვა ასე:

“მძაფრი სურვილი გამიჩნდა ერთი,

სურვილი იგი მაჩქარის მეტსოლს;

ასულნი უნდა ვიხილო ტყეთა,

ცისფერ ქალწულებს მივადგე კარზე.

შორს მოყმეთაგან მივდივარ ტყეში,

გმირთა შორერე მივყავარ საქმეს;

ტყეო, მიმიღე ვითარცა კაცი,

როგორც წესია, ტაპიო, დამხვდი,

შემიწყვე ხელი, პატრონო ტყისა,

მშვენება ტყეთა ვიხელთო რათა!

შენ, მიელიკი, უღრანტა უსოვ!

ტელერვო, ტყეთა პატრონის ქალო,

ქაფაკნი მაგრად დააბი ჯაჭვით,

არ გამოუშვა ძაღლები შენი

ხეთა ტოტებით დაბურულ გზაზე,

იქ, სადაც არის ფარდული მუხის.

ოტსო, უღრანის ლამაზო ვაშლო,

ჰაერიოვნებავ ტაფლიან თათით,

გესმის თუ არა ფეხისხმა ჩემი,

ხომ ხედავ, რა მხნედ მოვდივარ შენთან.

ბეწვში დამალე ბრჭყალები ბასრი,

გადაიფარე კბილებზე ღრძილნი,

არ დამემუქრონ ისინი რათა,

განძრევაც კი ვერ გაბედონ ოდნავ!

მიჯნურო ჩემო, ლამაზო ოტსო,

ჰაეროვნებავ თაფლიან თათით,

წამოიდღლარძე მაგ მწვანე მოლზე,

ფრიალო კლდეზე ისურვე ძილი,

რომ ირწეოდნენ შენს თავზე ნაძვნი,

ჭრიალ-ჭრიალი გესმოდეს ფიჭვთა.

და იგორავე ბალახში, ოტსო,

იკოტრიალე თაფლიან თათით,

ვით მაგრობელმა ბუდეში გნილმა,

ვით დედაბატმა, კვერცხებზე მჯდარმა!”

უცებ ვეინემ ყურები სცქვიტა:

ესმის თავისი მეძებრის ყეფა,

თათებით პოტნის მყეფარი მიწას

ბლაგვდრუნჩიანის ბუნაგის ახლოს,

იქ, სადაც ბრანგვი ბრძანდება ჭრუტა,

და ლაპარაკობს ვეინე ასე:

“მეგონა, ტურფა გუგული ხმობდა,

უ-გუს იზახდა, მეგონა, იგი.

რა გუგული და გუგული რისი,

მისი ჩიტი და რომელი ჩიტი,

თურმე, ნუ იტყვი, ძაღლია ჩემი,

გამონაცადი, ერთგული მხეცი,

კარზე მიადგა რომელიც ოტსოს,

კოპწია კაცის მიაგნო ქოხი!”

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

დათვის ბუნაგში ჯიქურად შედის,

ააყირავა ლოგინი ბრანგვის,

ტახტი ოქროსი მიაგდო იქით,

ალაპარაკდა მოხუცი უცებ

ა ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“დაილოცოსო მაღალი ყოვლად,

ქებათაქება შემოქმედს დიდი,

რამეთუ დათვი მიბოძა ტურფა,

ოქრო მიბოძა რამეთუ ტყეთა!”

დასჩერებია ოქროსას ბრძენი

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“მიჯნურო ჩემო, ლამაზო ოტსო,

ჰაეროვნებავ თაფლიან თათით!

სიფათი ნუ გაქვს ტყუილა მწყრალი –

მე თითიც კი არ მიხლია შენთვის,

შენ თვითონ მოგიტყდა ტოტი,

ტყავი შენ თვითონ დაფხრიწე შენი

ხეთა და ჩირგვთა ეკალთა ზედა:

შემოდგომაზე ასეა მუდამ,

სრიალებს ფეხი, დღენია ქუფრი.

უკეკლუცესო გუგულო ტყეთა,

რას გახვანხვალდი ღუნღულა ბეწვით!

საცხოვრებელი დააგდე ცივი,

ქოხი უშენოდ დატოვე შენი,

ქოხი – ტირიფთა ტოტებით არყის:

სანდომიანო, წამოდი ჩემთან,

ტყიდან დაიძარ მშვენებავ ტყისა,

ჩაიცვი შენი წინდები ლურჯი,

მოირგე შენი მსუბუქი ხამლი,

ცივად დააგდე არენი მცირე,

დათმე ბილიკნი ვიწროზე ვიწრო

და მივაშუროთ გმირების მხარეს,

იქ, სადაც ხალხი ხორხოცებს ბევრი!

იქ მიგიღებენ შენ ცუდად როდი,

იქ ცხოვრებაზე ერ იტყვი აუგს,

იქ ვინც ოდესმე მისულა სტუმრად,

მიუწვეველს და მიწვეულს, ყველას, -

არ დაჰკლებია სასმელად თაფლი,

დასაყოლებლად სასმელზე ფიჭა.

აქაურობას გაშორდი, წადი,

ეს საძაგელი დააგდე ბუდე,

მოიკალათე ჩინებულ სახლში,

იქ მხართეძოზე დაწექი ჭერქვეშ;

თოვლიან ველზე გაქროლდი სწრაფად,

ვით არხში მიჰქრის ყვავილი მცირე,

წადი ტოტებზე შენ ხტუნვა-ხტუნვით,

როგორც ხტის ციყვი ტოტიდან ტოტზე!”

ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,

ეს მგალობელი, უკვადვი მარად,

თამაშ-თამაშით მინდვრებზე მიჰქრის,

ხალისიანად ქვიშნარზე მღერის,

იგი სტუმრითურთ ეშვება ქვემოთ,

ბეწვისქურქიან სტუმართან ერთად;

ხმას სიმღერისა სახლამდე აღწევს,

უკვე გალობა გაისმა ქოხთან.

ქოხში ერთბაშად შესძახა ხალხმა,

წამოიძახა სუყველამ ერთხმად:

“სულ ახლოს რაღაც ხმაური ისმის,

ხმა მუხნარიდან გამოდის ტკბილი,

ნაძვნარში ალბათ მარწუხა გალობს,

ან ტყის ასული აყვირებს საყვირს”.

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

სრიალ-სრიალით ეზოში შედის,

გამოეგება ქოხიდან ხალხი,

კეთილმა ხალხმა მიმართა ასე:

“ეს ოქრო ხომ არ მოსულა ჩვენთან,

აქ ვერცხლმა ხომ არ ისურვა მოსვლა,

ძვირფასი ხომ არ გვეწვია ბეწვი,

ოქროსი ხომ არ გვესტუმრა ფული?

ხომ არ გვიბოძა ტყემ წუწკი თაფლის,

ფოცხვერი ხომ არ გვაჩუქა ტევრმა,

ასე რომ ხარობთ, ასე რომ მღერით,

თხილამურებით რომ მოჰქრით ლაღად?”

ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,

პასუხად ასე მიუგებს ყველას:

“წავი მომყავს და ამიტომ ვმღერი,

ღვთისგანბოძებულს ვუმღერ და ვაქებ,

სიმღერ-სიმღერით ამიტომ მოვქრი,

თხილამურებით მოვქრივარ ლაღად.

ოღონდ, აქ სულაც არ არის წავი,

ეს მართლა წავი როდია ჩემთან,

სახელგანთქმული ვაჟკაცი მახლავს,

აქ გამოცხადდა მშვენება ტყისა,

თავისი ფეხით მობრძანდა ძველი, -

გამოწყობილი ხიფთანში კოხტად.

ეზოსი ჩქარა გააღეთ კარი,

თქვენ თუკი უცხო სტუმარი გიყვართ,

არ გეჭაშნიკათ სტუმარი თუკი,

ფალანგის კარი მოხურეთ ჩქარა!”

ხალხმა პასუხად მიუგო ასე,

ხალხის ასეთი გაისმა სიტყვა:

“ვახლავართ სტუმარს – თაფლიან თათას,

მობრძანდი დათვო, დათუჩა მოდი,

სუფთა ეზოში შემოდგი ფეხი,

ვერ დაიწუნებ მასპინძლის ეზოს!

ერთი იმედით ვცოცხლობდი ქვეყნად,

მე ბავშვობიდან ველოდი ნატვრით, -

ხმა გამეგონა ტაპიოს ბუკის,

ტყეთა ხმატკბილი მესმინა სტვირი,

რომ დამენახა ბლიკზე მინდვრის,

ამ ჩემს ეზოში მეხილა ერთხელ,

ტყეთა ესოდენ ძვირფასი ოქრო,

ვერცხლი – ესოდენ ძვირფასი ტყეთა.

ველოდი, როგორც მოსავალს, ისე,

ველოდი ისე, ვითარცა ზაფხულს,

ვით თხილამური – დაშვებას პირველს,

როგორც მარხილი – სწორ გზაზე გასვლას,

ვით საპატარძლო მოელის საქმროს,

ლოყაწითელა ქმარს ელის როგორც.

მე ფანჯარასთან ვიჯექი ღამით,

დილით ჭიშკართან ვიჯექი ხოლმე,

კუტკართან ვიჯექ კვირემდე კვირით,

შემოსასვლელთან თვეობით ვიდექ,

ზამთრობით ვიდექ მე კალოს სახლთან,

არდგმულთან ვიდექ გაყინულ თოვლზე,

ვიდექ, როდესაც დნებოდა თოვლი,

მიწა რომ ჩანდა აქა-იქ შავად,

თოვლის ბელტებს რომ ფარავდა მტვერი

და მერე ტვერი ხდებოდა მწვანე.

ყოველ დილაზე ვფიქრობდი ხოლმე,

ტვინს მიბურღავდა მე ფიქრი ერთი:

სად დაძრწის ნეტა ამდენხანს დათვი,

სად გაიჭედა მიჯნური ტყისა,

ესტონეთს ხომ არ წავიდა ნეტა,

სუომის ხომ არ დააგდო მხარე?”

ვეინე ბრძენი. უკვდავი მარად,

ამეტყველდა და წარმოთქვა ასე:

“სად მოვუსვენოთ სასურველ სტუმარს,

სად დავაწვინოთ ოქროსი, ხალხო?

არდგმულის ხომ არ გავუღოთ კარი,

ლოგინი ხომ არ დავუგოთ თივის?”

მოხუცს პასუხად მიუგო ხალხმა,

კეთილმა ხალხმა მიუგო ასე:

“გამოუძეხი მაგ სტუმარს უცხოს,

შემოაცილე ოქროსი ჩვენთან,

შემოაბრძანე ჩვენს განთქმულ ჭერქვეშ,

შემოიყვანე ჩვენს ლამაზ სახლში:

იქ საჭმელები მზად არის უკვე,

დგას მაგიდაზე სასნელიც ბევრი,

გაწმენდილია ფიცრები კარგად.

კრიალი გააქვს ცალფიცარს სუფთას:

“გამოწყობილან ქალებიც უკვე,

ქალებს კაბები აცვიათ კარგი,

სამკაულები აუსხამთ თავზე

და თავსაფრები ახურავთ თეთრი”.

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“ოტსო, შენ ჩემო ჭიკჭიკა ჩიტო,

ჰაეროვნებავ თაფლიან თათით,

ფეხზე რომ შავი გაცვია წინდა,

როპანაგი რომ გაცვია რუხი,

ნუ გეშინია, გიშოვნით ალაგს,

სასიარულოდ გიშოვნით მიწას

და იცუნცულე შენ, ჩემო ოქრო,

და გაბაჯბაჯდი შენ, ჩემო ტურფა,

იქ, სადაც არის ნივნივი გრძელი,

იქ, სადაც ექვსი დირეა დიდი,

იქ, სადაც დახტის ბეღურა მცირე,

სადაც წიწკანას ბილიკი გადის.

ქალებო, ახლა საქმეა თქვენზე,

თქვენ იცით, როგორ იმარჯვებთ ახლა,

რომ არ შეშინდეს რქოსანი მროწლე,

არ გაიფანტოს წვრილფეხა ჯოგი,

ქოხში როდესაც შეძვრება დათვი,

იქ როცა შეჰყოფს ბანჯგვლიან ნიკველს.

ემანდ, უღრანის ლამაზო ვაშლო,

ჰაეროვნებავ თაფლიან თათით,

არ შეგაშინოს ქალწულთა ჯარმა,

არ შეუშინდე ზილფიან ქალწულთ,

ნურც ამ ქალების გექნება შიში,

ფეხზე რომ წინდა აცვიათ, მათი.

დედაკაცებო, აბა, ჰე, ჩქარა,

ჩქარა ყველანი მესერის იქით,

ხომ ხედავთ ქოხში შედიან კაცნი,

მოალაჯუნებს ამაყი მოყმე”.

შემდეგ ვეინემ შესძახა უფალს:

“კეთილდღეობა გვიბოძე ღმერთო,

სიკეთით ჩვენი აავსე სახლი,

ჭერქვეშ მშვიდობა ამყოფე მუდამ!

მაგრამ ე მიჯნურს რა ვუყო ჩემსას,

სად მოვუსვენო ბანჯგვლიანს ახლა?”

ხალხმა პასუხად მიუგო მოხუცს:

“პატივი დაგვდეთ, მობრძანდით ჩვენსა!

წინ გამოუშვი ეგ შენი ჩიტი,

შემოაცილე ოქორსი ქოხში

და ფიჭვის სკამზე ძვირფასი დასვი,

და სავარძელი მიართვი რკინის,

ბეწვს რომ შევახოთ მაგისას ხელი,

ოტსოსი კარგად გავსინჯოთ ქურქი!

ოტსო! შენ კი არ გეწყინოს ოღონდ,

არც გაგვიბრაზდე, იცოდე, ტურფავ,

შენს ბეწვს როდესაც გავსინჯავთ ხელით,

შენს ქურქს როდეასც გავსინჯავთ კარგად,

ქურქს გაგიფუჭებთ, ლამაზო, როდი,

ტყავს როდი მივცემთ, ჩიტუნავ, შენსას

ტანისამოსად უპოვარს ვინმეს,

რომ დაიფაროს ძონძებით ტანი!”

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

ბანჯგვლიანს ხელად გახადა ქურქი,

საოსტიგნეში დანალა ტყავი.

ქვაბში მსუქანი ჩააწყო ხორცი,

ოქროს ჭურჭელში ჩაადგა კერძ,

ხორცი სიავის ჩააწყო ფსკერზე,

ღუზღუზა ცეცხლზე სიავი შედგა,

ღუმელში შედგა სპილენძის ქვაბი,

ქვებია ხორცით პირამდე სავსე,

ქვაბში ნაჭრები აწყვია დიდი,

ხორც ზომიერად მარილი უქნა,

მარილი, - მოაქვთ რომელიც შორით,

გერმანიიდან რომელიც მოდის,

დვინას იქით რომ ზღვა არის, იმ ზღვით,

მლაშე სრუტეში გამოსვლის შემდეგ,

შემოაქვთ ხოლმე რომელიც გემით.

და მოიხარშა როდესაც ხორცი,

ცეცხლიდან ქვაბი გადმოდგეს როცა,

ნანადირები წაიღეს ქვაბით

და გადაიღეს ჩიტუნა ცხელი

ოქორთი ფერილ ჭურჭელში ხელად, -

ეწყო რომელიც სუფრაზე ნაძვის,

რომ გოლეული კათხებით ხუხონ,

ნოღრათოებით რომ ყლურწონ ლუდი.

მაგიდა იყო მთლიანად ნაძვის,

ჭურჭელი იყო სპილენძის წმინდა,

კოვზები იყო ხალასი ვერცხლის,

დანები იყო ბაჟაღლო ოქორ,

კათხები იყო პირთამდე სავსე,

თეფშებზე ტევა არ იყო კერძის, –

ტყის ბოძებული ელაგა ძღვენი,

ნანადირევი ოქროსი ეწყო.

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი,

თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:

“ოფაზისმკერდა პეპერავ სერთა,

შენ, ტაპიოლის პატრონო დიდო,

ტაპიოს ცოლო, მეტსოლის ტურფავ,

კეთილო უსოვ უღრანი ტყისა!

ტაპიოს ვაჟო, მაგარო მოყმე, -

ქუდი რომ გხურავს წითელი თავზე,

ტელერვო, ტყეთა პატრონის ქალო,

ყველანო, ვინც ხართ მეტსოლის მკვიდრნი, -

მობრძანდით ჩვენსა, ნადიმზე გიწვევთ,

ბანჯგვლიანს ვუხდით დიდებულ ქორწილს;

საჭმელ-სასმელი იმდენი გახლავთ,

არამც თუ სტუმრებს ეყოფა ძღომად,

საკმაო ბლომად დარჩება კიდეც,

რომ დავურიგოთ სოფელში ყველას”.

აქ ხალხმა უცებ წარმოთქვა სიტყვა,

ასეთი სიტყვა წარმოთქვა ხალხმა:

“ვით გაჩნდა ნეტა ამ ქვეყნად დათვი,

ვინ მისცა ტყავი – ესოდენ ტურფა?

თივაზე ხომ არ შობილა იგი,

ხომ არ გაზრდილა აბანოს ბუღში?”

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი,

თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:

“არ გაჩენილა თივაზე იგი,

არც კარაპანში შობილა ბზეზე,

მზისა და მთვარის ის გაჩნდა ახლოს,

ის იშვა ახლოს ციური დათვის,

გაჩნდა ჰაერის ასულის თვალწინ,

ქმნულის ქალწულთა წინარე იშვა,

აი, სად გაჩნდა დათუჩა ჩვენი,

აი, სად იშვა თაფლიანთათა.

ცათა შუაში ვიდოდა ქალი,

ცაზე ქალწული ვიდოდა ცისა,

ქალწული ღრუბლის კიდეზე მჯდარა,

ზედ ცის საზღვარზე უვლია მწყაზარს,

ასულს ცისფერი წინდები სცმია,

ფეხთ ხამლი სცმია იმ ასულს ჭრელი,

ხლეთ მატყლიანი სჭერია ყუთი,

ხოკერი – მატყლით პირამდე სავსე,

მატყლი ქალწულმა ჩაყარა წყალში,

თურმე ტალღებში ჩაყარა მატყლი,

მატყლს დაუქროლა ძლიერმა ქარმა,

საწმისი წყალმა წაიღო ნაზი,

მატყლი დინებამ წაიღო თურმე,

ერეკებიან მიწისკენ ზვირთნი,

იქ, სადაც ტკბილი კონცხია ერთი,

იმ კონცხზე, სადაც ტევრია თაფლის.

აქ, მიელიკი, უღრანის უსო,

ეს გონიერი მეუღლე ტყისა,

მატყლის დაჭერას შეუდგა წყალში,

ტალღებს ფთილები წაართავ მატყლის.

შეაგუნდავა მან ხელად მატყლი,

დაასორსალა საწმისი წუთში,

ნეკერჩხლის ქერქის ხოკერში აწყობს,

ჩადო უკარგეს აკვანში იგი,

შემდეგ ოქროსი მოიღო ხეზი.

მკედით აკვანი დაკიდა ხეზე,

მწვანით დაფარულ ტოტებზე ჰკიდებს,

მკვრივსა და მაგარ ტოტებზე ხეთა.

ტოტებგაბარჯღულ ნაძვების ძირას,

ყვავილად გამსკდარ ფიჭვების რტოზე,

ეს ლამაზმანი ეკიდა აკვნით,

იქ უმღეროდნენ პატარას ნანს,

და შუაგულში თაფლიან ტყეთა,

და შუაგულში თაფლიან ტევრის,

წამოიჩიტა ამგვარად დათვი,

ემოსა ბეწვი ლამაზი ფრიად.

ტყეში ცხოვცრობდა ის ერთობ კარგად,

კარგ ცხოვრებაში დაკაცდა იგი;

ფეხები ჰქონდა მოკლე და მრუდე,

ცხვირპირი ჰქონდა ძალიან ბლაგვი,

ვეება ება კისერზე გოგრა,

ტანთ მშვენიერი ემოსა ბეწვი,

არ მოუჩანდა კბილები ოღონდ

და ჯერ არც ბასრი ბრჭყალები ჰქონდა.

და მიელიკიმ, უღრანის უსომ,

ერთხელ ასეთი გამოთქვა აზრი:

კლანჭებსაც მივცემ მე მაგას მახვილს,

ხელად კბილებსაც ჩავუდგამ მაგარს,

თუკი ბოროტად არ იხმარს იმათ,

არ მიაყენებს არავის ვნებას.

უღრნაის უსოს ფეხებთან დათვი

დაემხო მიწას და დასდო ფიცი,

ყოვლადძლიერი მოიხმო მოწმედ,

გულთამხილავის წინაშე ჰფიცა:

არ ჩავიდენო ურიგო საქმეს,

არ მივაყენებ არავის ზიანს.

მყის მიელიკიმ, უღრანის უსომ,

ამ გონიერმა მეუღლემ ტყისამ,

სადათვე კბილთა დაიწყო ძებნა,

კლანჭების შოვნაც ძალიან უნდა.

ხედავს: დგას აგერ ცირცელი მკვრივი,

იქვეა, ხედავს, მაგარი ღვია,

დაძარღვულია ფესვები მათი,

აქვს უმკვრივესი ორთავეს ტანი,

მაგრამ კბილები მან აქ ვერ ნახა,

მან აქ კლანჭებიც ვერ ნახა ბასრი.

ხე იდგა ფიჭვის უღრანში ერთი,

ბორცვზე წერწეტა ხარობდა ნაძვი,

ვერცხლი ბრწყინავდა ტოტებზე ფიჭვის,

ნაძვის ტოტებზე ბრწყინავდა ოქრო.

ესენი მიაქვს მეუღლეს ტყისას,

დათვს იგი კლანჭებს უკეთებს ხელად,

ყბებში კბილები ჩაუდგა ბასრი,

კბილებს პირდაპირ ღრძილებში უდგამს.

მერე უღრანში გაუშვა ტურფა,

მარჯვე და კოხტა გააგდო ველად,

რათა ერბინა ჭაობთა გასწვრივ.

ეხეტიალა წარაფთა შორის,

ეკოტრიალა ტყის პირას მოლზე

და ეხტუნავა მინდორში ლაღად.

ოღონდ წესრიგი დაეცვა უნდა,

არ ჩაედინა რაიმე ცუდი.

და ასე ლაღად ცხოვრობდა იგი,

ოქროსი ჰქონდა დათუნას დღენი;

ჭაობში რბოდა, უღრანში ხტოდა,

გადადაიოდა ყირაზე ტყეში.,

არ ჭირდებოდა ზაფხულში ხამლი,

შემოდგომაზე წინდები ღაზლის,

არ გადიოდა ავდარში გარეთ,

შოთხვის საფარქვეშ ზამტარში იწვა,

იქ, სადაც მწვანე ციხეა წიწვის,

იმ ეკლიანი ჯიხურის ახლოს,

იწვა ფესვებთან ლამაზი ნაძვის,

მკლავებში უწვა ძარღვმაგარ ღვიას,

მატყლის ეხურა ხალიჩა ხუთი

და რვა ლამაზი მოესხა ღართი.

მეც იგი სწორედ იქ ვიგდე ხელში,

იქ გამიღიმა მეც სწორედ ბედმა”.

ახალგაზრდები ეტყვიან ერთხამდ,

მოხუცნიც ერთხმად ეტყვიან მოხუცს:

“კეთილი გახდა ტყე როდის აქეთ,

ეგრე გულუხვი ვით გახდა ტევრი,

რამ გამოცვალა პატრონი ტყეთა,

ასე მოწყალე არ იყო წინათ!

როგორ გასწირა მიჯნური ტურფა,

ვით გაიმეტა ტყემ წუწკი თაფლის,

გამოუდექით თქვენ ალბათ შუბით,

დააშინებდით ბოძალით ალბათ?”

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

პასუხად სიტყვას წარმოთქვამს ასეთს:

“ტყე მე ძალიან კეთილად შემხვდა,

ძალიან კარგად მიმიღო ტევრმა,

დიდად გალაღდა იქ ჩემი მისვლით

ტაპიო – დდი პატრონი ტყეთა,

და მიელიკი – უღრანის უსო,

ტელერვო – ტყეთა პატრონის ქალი,

პაწაწკინტელა ასული ტყისა,

ყველა ცდილობდა პატივი ეცა

და მაყენებდნენ ისინი გზაზე.

გზას მიკაფავდნენ უსიერ ტყეში

და აკეთებდნენ გზადაგზა ნიშნებს,

რათა მე გეზი ამეღო სწორი;

ნიშნებს ისინი ბორცვებზეც დებდნენ,

ტყე-ტყე ჭდეებით ნიშნავდნენ ხეებს,

ბინა ოქროსი მეპოვნა რათა,

რათა ბუნაგი მეპოვნა დათვის.

და როცა უკვე ადგილზე ვიდექ,

გმირისას როცა მივადექ საზღცარს,

არ მისროლია მე მისთვის შუბი,

იმისთვის მე არც ისარი მიკრავს,

თვითონ დაცურდა მაღლიდან იგი,

დაუსრიალდა მას ფეხი ტოტზე,

გადაახია ეკალზე მკერდი,

გამოუფატრა ტოტებმა ფაშვი”.

კვლავ ამეტყველდა ვეინე ბრძენი,

თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:

“მიჯნურო ჩემო, ლამაზო ოტსო,

ჭიკჭიკა ჩემო, ტურფაზე ტურფავ,

შემოიშვლიპე სამოსი ტანზე,

არვის ჩაავლო მტაცებლის პირი,

უბადლო კბილნი მოგვეცი ჩქარა,

გვაჩუქე შენი მაგარი ღრანჭი!

არ გაგვიბრაზდე, იცოდე, ოღონდ,

ჩვენ თუ უხეშად მოგეპყრათ ცოტა,

ისე რომ თავზე დაგესხას რეტი,

კბილებს კრაჭუნი გაჰქონდეთ შენსას.

აი, მე ცხვირი ავიღე დათვის,

რომ დავუმატო აღებულს წეღან,

საბასრობელად ავიღე როდი,

და ცხვირი როდი ავიღე მარტო.

აი, მე ყური ავიღე დათვის,

რომ დავუმატო აღებულს წეღან,

საბასრობელად ავიღე როდი,

სა ყური როდი ავიღე მარტო.

აი, მე თვალი ავიღე დათვის,

რომ დავუმატო აღებულს წეღან,

საბასრობელად ავიღე როდი,

და თვალი როდი ავიღე მარტო.

აი, მე შუბლი ავიღე დათვის,

რომ დავუმატო აღერბულს წეღან,

საბასრობელად ავიღე როდი,

და შუბლი როდი ავიღე მარტო.

აი, მე დრუნჩი ავიღე დათვის,

რომ დავუმატო აღებულს წეღან,

საბასრობელად ავიღე როდი,

და დრუნჩი როდი ავიღე მარტო.

აი, მე ენა ავიღე დათვის,

რომ დავუმატო აღებულს წეღან,

საბასრობელად ავიღე როდი,

და ენა როდი ავიღე მარტო.

მე კაცურ კაცად იმ ვაჟკცს ჩავთვლი

და გმირთაგმირად იმ მოყმეს ვიტყვი,

ვინც დათვლის დათვის ამ მაგარ კბილებს,

და ძარღვიანი, შიშველ ხელით

ვინც ამოაძრობს კბილების წყებას

ამ რკინასავით მაგარი ყბიდან”.

წინ არ წამოდგა არც ერთი გმირი,

ვერ ივაჟკაცა ვერც ერთმა მოყმემ;

კბილების დათვლას თვით იწყებს ახლა,

კბილებს ყბებიდან რიგებად იღებს;

მაგარი ხელებით დააძრო ყველა

მუხლით შემდგარმა ვეიენემ დათვზე.

დათვს რომ კბილები დააძრო ბასრი,

ამეტყველდა და წარმოთქვა ასე:

“ოტსო, უღრანის ლამაზო ვაშლო,

ბურთო, მგორავო უსიერ ტყეში,

გაიცუნცულე ცოტაზე კიდევ,

გაიხმაურე ხელახლა ცოტაც,

დააგდე ბუდე, ესოდენ ვიწრო,

ეს მოცუცქნული დატოვე ქოხი,

ჭერმაღალ სახლში გადადი ახლა,

იქ მოილხინე ფართოდ და მშვიდად.

წამოდი, ოქრო, გამოდგი ფეხი,

ლამაზო ქურქო, ადე და წამო,

იქ, სადაც დგანან დიდრონი ფიჭვნი,

ბილიკზე ღორის მიმოდის კოლტი,

დაღრუტუნებენ გოჭები სადაც,

და რტოუთვალავ ფიჭვნარში გადი,

კორტოხზე ადი, ფარულზე ტევრით,

მოიკალათე გორაკის თხემზე;

იქ ზანზალაკის წკრიალი ისმის,

იქ ჟღარაჟღური გაისმის ეჟვნის,

იქ არაფერი ჯობია ყოფნას,

იქ ცხოვრებაზე ვერ იტყვი აუგს”.

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

იქიდან მიდის, შინ არის უკვე;

ახალგაზრდობა მიადგა კარზე,

თავმომწონენი ეტყვიან მოხუცს:

“სად წაიღეო ნადავლი შენი,

სად მიიტანე ოქროსი მერე?

ყინულზე ხომ არ დატოვე ტყეში.

ან თოვლში ხომ არ ცაფალი სადმე.

იქნებ ჭაობის ლიაში ჩაფალ,

ანდა ქვიშაში ჩამარხე იქნებ?”

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

იმ ახალგაზრდებს მიუგებს ასე:

“მე რომ ყინულზე დამეგდო იგი,

ანდა თოვლში რომ ჩამეფლო სადმე;

მყისვე ძაღლები დაფლეთდნენ იმას

და გათითხნიდნენ ჩიტები ხელად.

თუ დავაყრიდი ზემოდან ქვისას,

ან თუ ჭაობის ჩავფლავდი შლამში,

იქ ჭიაღუა დაღრღნიდა მყისვე,

ჭიანჭველათა შეჭამდა ჯარი.

სად მივიტანე – ახლავე გეტყვით,

ეს, დიდი ტევრის პატარა ძღვენი:

სერი შევნიშნე ოქორსი იქვე,

თხემზე ავედი სპილენძის ბორცვის,

იქ ჩამოვკიდე მე იგი ხეზე,

ფიჭვზე, რომელსაც აქვს ტოტი ასი,

მაგარ ტოტებზე დავკიდე ხელად,

მყის კენწეროზე დავკიდე ფიჭვის,

შვების მიმცემად ყოველი კაცის,

მოგზაურთათვის მიმცემად ლხენის.

აღმოსავლეთით ვუქენი ხახა,

დასავლეთისკენ თვალები წვრილი.

ზალიან მაღლა ვწიე როდი:

ძალიან მაღლა ავწევდი თუკი,

გააფუჭებდა მაშინვე ქარი,

მიაყენებდა გრიგალი ზიანს;

ის მიწასთანაც არ იყო ახლოს:

რომ შეხებოდა ცოტათიც მიწას,

ძირს დაითრევდნენ ღორები მყისვე,

დაერეოდნენ ბინძური დინგით”.

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

მყის შემოსძახებს სიმღერას ზორბას,

ეშხი რომ მისცეს საღამოს მეტი,

დღე მხიარულად დამთვარდეს რათა.

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“ჩემი სიმღერის ჯერია უკვე,

სიმღერა ჰმართებთ ბაგეთა ჩემტა,

უფრო და უფრო გაშუქდი კვარო,

რომ სიმღერისას ვხედავდე კარგად”.

მღეროდა იგი, მღეროდა დიდხანს,

ბინდს რომ სილაღე ხლებოდა უხვი,

და, როცა იგი სიმღერას მორჩა,

სიმღერის ბოლოს ღაღადჰყო ასე:

“დღეის დღის მიღმა, მაღალო ღმერთო,

მერმის და მერმის, მიწყივ და მიწყივ,

არ მოგვისალო ზეიმი ლაღი,

შეგვაძლებინე, ძლიერო ხშირად

გადაგვეხადოს ქორწილი მოყმის,

ბანჯგვლიანისთვის მოგვეწყოს ლხინი.

იმ ხალხის თვალწინ, ვინც არის გმირი,

მოყმეთა თვალწინ, გმირულად მხნეთა,

არ დაიშურო არასდროს, ღმერთო,

არ გამოლიო, სიკეთის წყაროვ,

გზადაგზა – გზათა გამკვლევი თარჯნი,

ტყედატყე – ხენი ნაჭდევნი კარგად.

დასტური დაგვეც, მაღალო ყოვლად,

სიკეთის წყაროვ, თანახმა იყავ,

ეზოში, არის რომელიც მცირე,

ადგილზე, სადაც ვიღწვით და ვცხოვრობთ,

ისმოდეს ხოლმე ნაღარა ტყეთა.

ხმა განისმოდეს უღრანთა ტყეთა,

ხმა განისმოდეს უღრანთა სტვირის.

მინდორთა ზედა, კორტოხთა ზედა,

არემარეზე სუომის მთელის,

აქაურ მოზარდ მოყმეთა შორის,

შორის და შორის მერმისის ხალხის,

დაე, მთელი დღე უკრავდეს სტვირი,

ყოველ საღამოს ლაღობა იყოს!

 

რუნა ორმოცდამეშვიდე

 

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

ისევ და ისევ კანტელეს უკრავს,

უკრავს და მღერის, უებროდ მღერის,

სიმღერით ლხენას აღვიძებს იგი.

ხმა ჭირანომდე ავიდა მუღნის,

კოჭიმელს აღწევს, ორი ცის შემდეგ;

და გამოვიდა ქოხიდან მთვარე,

მოიკალათა მოღრეცილ არყზე,

მზემ დიდებული დატოვა კოშკი

და ფიჭვის ტოტზე დაბრძანდა მნათი,

ხმა კანტელესი ისმინოს რათა

და სიხარულით იხაროს დიდით.

დიასახლისმა პოხელის მხარის,

კბილებმეჩხერმა როკაპმა გისპმა,

სხივებში სტაცა მზეს ხელად ხელი,

ჩამოაბრძანა ფიჭვიდან მყისვე;

ელვის სისწრაფით სწვდა მერე მთვარეს,

ჩამოათრია არყიდან ისიც, –

და გააქანა ორთავე სახლში,

წყვდიადით მოცულს მიმართა პოხელს.

გამოქვაბულში ჩაჰკეტა მთვარე,

ჭრელი კლდის ეხში შეაგდო ხელად,

მზე რკინის მთათა ჯურღმულში ჩასვა,

რომ ვეღარავინ იხილოს აწი,

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“ვერ გამისხლტება ხელიდან მთვარე,

არ ეღირსება ქვეყანას შუქი,

თავს ვეღარ დააღწევს მზე რკინის მთათა,

თუკი სურვილი არ იქნა ჩემი,

თავისუფლება მე თუ არ მივეც,

არ მიშოვნია ცხრა კვიცი სანამ,

ცხრანივე ერთის ნაშობი ჭაკის!”’

და როცა ეხში შეაგდო მთვარე,

გამოქვაბულში დამალა როცა,

და მზე როდესაც ჯურღმულში ჩასვა,

ოდეს მღვიმეში ჩაჰკეტა იგი,

ეცა ლოუხი ვეინელს ხელად

და ხალხს კერიის მოსტაცა ცეცხლი,

რომ იცახცახოს უცეცხლოდ ხალხმა

და იბრატუნოს უშუქოდ ქოხში.

და ჩამობნელდა გარშემო უცებ,

ჩამოწვა ღამე მრუმე და სქელი;

მთელი კალევი მოუცავს წყვდიადს,

ჩაბნელებულა ფანჯრები ქოხთა,

ასე გასინჯე, ცაშიაც ბნელა,

უკოს ქოხშიც კი არ ბჟუტავს შუქი.

უშუქოდ ყოფნა ძნელია ერთობ,

უცეცხლოდ ყოფნა – უფრორე ძნელი.

აჩოჩქოლდა და შეშფოთდა ხალხი,

ხალხი კი არა, უკოც კი შფოთავს, -

თვით დიდი უკო, მაღალი ღმერთი,

რომელმან შეჰქმნა სიმყარე ცათა, -

გაიოცებული დგას ცათა შინა

და ფიქრობს, ფიქრობს, ფიქრობს და ფიქრობს:

რა დაემართა ნეტავი მთვარეს,

ან მზე სად არის ამდენხანს ნეტა,

რომ ჩამიჩუმი არ ისმის მთვარის

და მზე, საერთოდ რომ არ ჩანს არსად?

ღრუბლის კიდეზე უფალი შედგა,

უზენაესი დგას ზეცის ზღვართან,

ფეხზე წინდები აცვია უფალს.

იგი თვალებით დაეძებს მთვარეს,

სხივი, თუნდ ერთი, სურს ჰპოვოს მზისა,

მაგრამ ნასახიც ვერ ნახა მთვარის,

მზის ერთ ციაგსაც ვერ ჰკიდა მზერა.

და გამოჭედა უფალმა ალი,

მყის გააჩინა ცინცხალი ცეცხლი,

ცეცხლი მახვილით დაჰკვესა ხელად,

ცხადჰყო ჩახჩახა მახვილის პირით;

მან ნაპერწკალი ფრჩხილთაგან შობა

და თითებიდან გაუშვა ცაში,

ზემო სარტყელში გაუშვა ცისა,

მიღმა გაუშვა ვარსკვლავთა ზღუდის.

და ოდეს ცეცხლი დაჰკვესა უკომ,

მან ნაპერწკალი ცეცხლისა ცხელი

მყის ოქრომკერდის ხალთაში დურთა,

ჩადო მოვერცხლილ მოთხეში ხელად

და დასარწევად გადაცსა ქალწულს,

ჰაერის ასულს გადასცა მოთხე,

რომ გაეზარდა ახალი მთვარე,

მზე გაეზარდა ახალი რათა.

ქალწული დაჯდა კიდეზე ღურბლის,

მაღალი ღრუბლის ქულაზე დაჯდა,

ნაპერწკალს აკვანს იქ ურწევს იგი,

ნანას დამღერის ნაპერწკალს ცინცხალს,

ოქროს აკვანში წევს ცეცხლი მცირე

და არტახები არტყია ვერცხლის.

იღუნებიან არტახნი ვერცხლის,

გადად-გადმოდის აკვანი მძლავრად,

ღრუბელი იძვრის, ხმაურობს ზეცა,

გადაიზნიქა გუმბათი ცისა:

არწევს და არწევს ქალწული აკვანს,

ცეცხლის აკვანი ირწევა ცაში.

აი, ქალწული კვლავ არწევს აკვანს,

ნაპერწკალს ნანას დამღერის ტკბილად,

ეალერსება თითებით წითელს,

გაადიწვინა აკვნიდან ხელზე

და გაუცურდა ხელიდან უცებ,

გადაუვარდა უგუნურს ცეცხლი,

და ცეცხლი ხელებს გაუსხლტა მრეწველს,

მოალერსენი უარჰყო თითნი.

შეზანზარდა და გაიხსნა ზეცა,

მყის მოღლიავდნენ ჰაერის კარნი,

გიზგიზა ცეცხლი მოქშუის ციდან,

სწრაფად მოფრინავს წითელი წვეთი,

ზეცის გუმბათზე სრიალით მიჰქრის,

ღრუბლის სისქეში შიშხინით გადის,

ცხრა გაიარა ცა ხელად ალმა

და სახურავი ფერადი ექვსი.

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი:

“ილმარინენო, ძმობილო ჩემო,

წამოდი ერთი, მივიდეთ, ვნახოთ,

გამოვარკვიოთ, გავიგოთ კარგად,

რამ გაიელვა ჰაერში წეღან,

ასე წითელი ცარგვალს რა მოწყდა,

რა გამოეყო ცის ზემო სარტყელს,

ციდან რა ცეცხლი დაეცა მიწას,

ვინ იცის, იქნებ რკალია მთვარის,

ან შეიძლება მზის არის ბურთი1”

და გზას გაუდგა ვაჟკაცი ორი,

მიაბიჯებენ, ფიქრობენ გზაში:

რა გზით წავიდნენ, იქ როგორ მოხვდნენ,

იქით გზა მიდის რომელი ნეტა,

სადაც მიწაზე დავარდა ალი,

ცეცხლი დაასკდა ქვეყანას ციდან.

აგერ წყალია წინარე გმირთა,

მოდიდებულა ზღვასავით წყალი,

ვეინე ნავის კეთებას იწყებს,

ნავის კეთება დაიწყო ტყეში,

წამოაქცია ხეები ხელად;

ილმარინენმა, მჭედელმა დიდმა,

ნავისთვის ნაძვის გათალა საჭე.

და გააკეთა ნიჩბები ფიჭვის.

ყოველმხრივ კარგი გაკეთდა ნავი,

არ აკლდა კავი, ნიჩბები ჰქონდა,

სანდალი წყალში ჩაუშვეს სწრაფად,

ხელად ზვირთებზე შეაგდეს კანჯო,

ცინცხალი ნავი აპობდა ნევას,

ვიდოდნენ ნევით, უღრანის ირგვლივ.

გამოეცხადათ უეცრად თვალწინ

თვით ილმატარი, - ასული ტურფა,

მძლავრი ქმნილების მწყაზარი პირმშო,

და მან მენავეთ მიმარტა ასე:

“რომელ კაცთაგან ხართ კაცნო ორნი,

რა და რა სახელთ გეტყვიან კაცნი?”

ქალწულს ვეინე მიუგებს ასე:

“ჩვენ, ორივენი, კაცნი ვართ ზღვისა,

ვეინე გახლავს სახელი ჩემი,

ილმარინენი – ვეინეს მახლავს,

შენ თვითონ ვინ ხარ, ხარ შვილი ვისი,

რას გეძახიან სახელად, მითხარ!”

მზეთუნახავი ვეინეს ეტყვის:

“ვარ ქალთა შორის უხნესი ქალი,

უპირველესი ასული ცათა,

უუძველესი ამქვეყნად დედა,

ღირსებით ხუთი დიაცის ტოლი,

სიტურფით ტოლი პატარძლის ექვსის.

თქვენ საით, კაცნი, მიცურავთ საით,

გეზი საითკენ გიჭირავთ გმირნო?”

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“იქ სადღაც წეღან იელვა წითლად,

მიწას ცეცხლივით დააცხრა რაღაც,

უცეცხლოდ ვცხოვრობთ დღე არის შვიდი,

არ გაგვაცნია ნასახიც შუქის;

გამოვეშურეთ ამიტომ აქეთ,

აქ სადმე იმ ალს წავაწყდეთ ეგებ,

დამხეს დაასკდა რომელიც ციდან,

ღრუბლისას მოწყდა რომელიც კიდეს”.

ალაპარაკდა ქალწული ტურფა

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“იმ ცეცხლის პოვნა ძნელია ერთობ,

იმ ალის ხილვა – ძალიან ძნელი.

ის ტურის ქოხში ჩავარდა ციდან,

უბედურება საჰმართა დიდი.

ეს ნაპერწკალი მიწისკენ ჰქროდა,

ჰქროდა ვიტარცა წითელი წვეთი,

იგი ზეციდან მოჰქროდა ქვემოთ,

ძირს მოილტვოდა იქიდან, სადაც

თვით დიდმა უკომ დაჰკვესა იგი

და ცათა შორის გაუშვა მერე;

ჰოდა, საკვამურს უსწორა ცეცხლმა,

გახვრიტა ხელად ნივნივი ხმელი

და სოხანეზე გაიღო ზათქი,

პალვოინენის აგებულ ქოხში.

როგორც კი ქოხში ჩავარდა იგი,

ახალ ბინაში ბედკრული ტურის,

უსაქციელოდ მოიქცა ერთობ,

მყის ხელი მიჰყო ურიგო საქმეს:

ქალწულს უტიფრად ეძგერა მკერდზე,

გადაუღეღა უმანკო მკერდი,

დაუწვა მუხლი პატარა ყმაწვილს,

ოჯახის პატრონს სწვდა წვერში ხელად.

შვილს აწოვებდა მშობელი ძუძუს,

პაწია ბავშვი აკვანში უწვა,

ცეცხლი მხეცურად გაქანდა იქით

და სჩადის იგი საქციელს ბოროტს:

აკვანშიჩვილი ჩახრუკა ბავშვი,

ზედ შემოენთო ძუძუზე დედას,

გამოასალმა სიცოცხლეს ნორჩი,

მანის სამეფოს აწვია უცებ;

ყმაწვილს სიკვდილი ეწერა ცეცხლში,

ბავშვი ტავისას ვერ ასცდა წერას

და დაიღუპა საშინელ ტანჯვით,

წითელმა ალმა აქცია ნაცრად.

გამოცდილებამ უშველა დედას,

ის არ სწვევია სამეფოს მანის,

ცეცხლის შელოცვა იცოდა კარგად,

ძალიან ლარგად იცოდა იმან,

როფორ უნდოდა გაძვრენა ცეცხლის

წვრილ ნემსის ყუნწში, ძალიან წვრილში,

ანდა ნაჯახის ყუაში, ანდა

თოხის ყუაში, მახლობლად ხნულის”.

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

მყის შეეკითხა მშვენიერ ქალწულს:

“ის ნაპერწკალი სად გაჰქრა მერე,

სად გადიხვეწა ის ცეცხლის ალი,

მწვანეში ხომ არ შეჭრილა ტყეში,

ზღვაში ჩაეცა ცისფერში იქნებ?”

ალპარაკდა ქალწული ტურფა

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“იქიდან ცეცხლმა მოჰკურცხლა მყისვე,

შორს, შორს გავრცელდა უეცრად იგი,

ჯერ გადაბუგა მინდორში ყველა,

მერე ჭაობთა გადაწვა ლელი,

მერე შიშხინით ჩავარდა წყალში,

წითლად მოენთო ალუეს ტალღებს,

ტბა ათუხთუხდა., ადუღდა წყალი,

ზვირთნი ტბისანი ბრწყინავდნენ წითლად.

ზაფხულის ღამით ზედიზედ სამჯერ,

შემოდგომაზე ცხრა-ცხრაჯერ ღამით,

ტბა ადიოდა პირდაპირ ცაში,

ეხეთქებოდა ნაპირის ნაძვებს,

ტბაში სასტიკად ბრდღვინავდა ცეცხლი,

ნაპერწკალს ქოთქოთს არ ჰქონდა ბოლო.

თუხთუხა ზვირთნი ისროდნენ თევზებს,

კლდეზე შეჰყარეს ქორჭილა ყველა.

საგონებელში ცავარდნენ თევზნი

და ქორჭილები შეუდგნენ ბჭობას:

რა იღონონ და მოიქცნენ როგორ!

იყო თევზების მოთქმა და გმინვა;

ქორჭილა თავის სახლ-კარზე წუხდა,

ბრაგები იყო წუხილი ჩიქვის.

კლდიდან ისკუპა ქორჭილამ ერთმა,

ცეცხლს გამოუდგა მოღრეცილ კისრით,

მაგრამ ვერაფრით ვერ იგდო ხელში;

ახლა ცისფერი წამოხტა სიგი,

გამოეკიდა ნაპერწკალს უკან,

დაიჭირა და ჩაყლაპა კიდეც.

და დაიხია ალუემ უკან,

ტბა კალაპოტში მაშინცე ჩადგა,

დაჯერადა მისთვის მიზომილ ადგილს,

ზაფხულის ღამით დაოკდა იგი.

დრომ გაიარა ძალიან ცოტამ

და სიგს მუცელმა დაუწყო გვრემა,

იმ სიგს, რომელმაც ჩაყლაპა ალი,

და ადგილს ვერარ პოულობს სიგი.

მოცურდა აქეთ, მიცურდა იქით,

დღე ცურავს ერთი, დღე ცურავს ორი,

მიცურავს სიგთა კუნძულის გასწვრივ,

იქ, ორაგულთა კლდენია სადაც,

მიცურავს ცხვირწინ ათასი კონცხის,

ასი კუნძულის მიცურავს ცხვირწინ;

და გაიზახის ყოველი კონცხი,

და გაიძახის კუნძული ყველა:

ნუთუ არავინ არ არის ტბაში,

ამ წყლებში ნუთუ ჭაჭანებს არვინ,

ეს უბედური რომ მოჰკლას სიგი,

ცაყლაპოს იგი, იწამოს რამე,

ტკივილი მწველი დაუცხროს ხელად,

გაუქროს ტანჯვა – გატანჯულს ცეცხლით!

ამ სიტყვებს მოჰკრა კალმახმა ყური

და ყლუპ! ცაყლაოა მან შენი სიგი;

დრომ გაიარა ზალიან ცოტამ,

კალმახს მუცელმა დაუწყო გვრემა,

კალმახს, რომელმაც ჩაყლაპა სიგი,

და იტანჯება საწყალი ერთობ.

მოცურდა აქეთ, მიცურდა იქით,

დღე ცურავს ერთი, დღე ცურავს ორი,

იქ, ორაგულთა კლდენია სადაც,

სადაც მღვომენი არიან წერთა;

მიცურავს გასწვრივ ათასი კონცხის,

ასი კუნძულის მისცურავს გასწვრივ;

და გაიძახის ყოველი კონცხი,

და გაიძახის კუნძული ყველა:

ნუთუ არავინ არ არის ტბაში,

ამ წყელბში ნუთუ ჭაჭანებს არვინ,

ეს უბედური რომ მოჰკლას თევზი,

ჩაყლაპოს იგი, იწამოს რამე,

ტკივილი მწველი დაუცხროს ხელად,

გაუქროს ტანჯვა – გატანჯულს ცეცხლით!

ამ სიტყვებს მოჰკრა კალმახმა ყური

და ყლუპ! ჩაყლაპა მან შენი სიგი;

დრომ გაიარა ძალიან ცოტამ,

კალმახს მუცელმა დაუწყო გვრემა,

კალმახს, რომელმაც ჩაყლაპა სიგი,

და იტანჯება საწყალი ერთობ.

მოცურდა აქეთ, მიცურდა იქით,

დღე ცურავს ერთი, დღე ცურავს ორი,

იქ, ორაგულთა კლდენია სადაც,

სადაც მღვიმენი არიან წერთა;

მიცურავს გასწვრივ ათასი კონცხის,

ასი კუნძულის მისცურავს გასწვრივ;

და გაიძახის ყოველი კონცხი,

და გაიძახის კუნძული ყველა:

ნუთუ არავინ არ არის ტბაში.

ამ წყლებში ნუთუ ჭაჭანებს არვინ,

ეს უბედური რომ მოჰკლას თევზი,

ჩაყლაპოს იგი, იწამოს რამე,

ტკივილი მწველი დაუცხროს ხელად,

გაუქროს ტამჯვა – გატანჯულს ცეცხლით!

ქარიყლაპიას ეს სიტყვა ესმის

და ყლუპ! ჩაყლაპა კალმახი ხელად.

დრომ გაიარა ძალიან ცოტამ:

ქარიყლაპია შეუძლოდ გახდა,

შიგნიდან ცეცხლი უთუთქავს შიგანს,

ტანჯავს სასტიკი ტკივილი მუცლის.

ტალღებს ხმაურით ასკდება იგი,

დღე ცურავს ერთი, დღე ცურავს ორი,

იქ, სადაც ცხოვრობს ყორანი ზღვისა,

იქ, თოლიების კლდენია სადაც;

დგაფუნობს გასწვრივ ათასი კონცხის,

ასი კუნძულის ჭყუმპალაობს გასწვრივ;

და გაიძახის ყოველი კონცხი,

და გაიძახის კუნძული ყველა:

ნუთუ არავინ არ არის ტბაში,

ამ წყლებში ნუთუ ჭაჭანებს არვინ,

ეს უბედური რომ მოჰკლეს თევზი,

ჩაყლაპოს იგი, იწამოს რამე,

ტკივილი მწველი დაუცხროს ხელად,

გაუქროს ტანჯვა – გატანჯულს ცეცხლით!”

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

იმასთან ერთად, მჭედელი დიდი,

ძარღვიან ღვიას მაშინვე სჭრიან,

ხრალისას ქსოვენ სასწრაფოდ ბადეს,

ბადეს ღებავენ ტირიფის წყალით

და ტირიფისას აწნავენ ფესვებს.

ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,

ბადესთან ქალებს აყენებს ხელად,

მანდილოსნები ბადესთან დადგნენ

და ეწევიან სათრომელს უკვე,

ნიჩბების მოსმას შეუდგა თვითონ,

და მისცურავენ კუნძულთა გასწვრივ,

იქ, ორაგულთა კლდენია სადაც,

წინ გაუარეს სიგების კუნძულს,

სადაც ნაცრისფრად გამოჩანს ლელი

და ატყორცნილა ლერწამი ცამდე.

წინ ჭერა-ჭერით მიდიან თევზის,

ქაჩავენ ბადეს, უშვებენ წყალში,

უჭირავთ ხოლმე ხანდახან გეზად,

ბადე მოხრილებს ამოაქვთ ნევზე;

გარჯა ამაო გამოდგა მათი,

წარიყლაპია არ მოჰყვა ბადეს.

უეცრად წყალში შემოდის ხალხი,

მამაკაცები მოადგნენ ბადეს,

სწევს და ატოკებს სათრომელს ყველა,

ექაჩებიან სათხეველს წყლიდან,

ბრაგათა ახლოს, ყურეთა გასწვრივ,

შორიახლორე კალევის კლდეთა:

მაგრამ დაჭერა ვერ შესძლეს თევზის,

იმ თევზის, ასე რომელიც უნდათ;

ქარიყლაპია არ ტოვებს ყურეს,

გაზოდვილია ყურეში ლეგა,

არ მოინება ამოსვლა ზემოთ;

წვრილი თევზისთვის – მსხვილია თვლები.

ალაპარაკდნენ თევზები წყალში,

წერს ეუბნება მეორე წერი,

სიგს ეკითხება მეორე სიგი

და ორაგულმა ორაგულს ჰკითხა:L

“სჩანს დაიხოცნენ გმირები უკვე,

ამოწყვეტილან მოყმენი კალევს,

რომლებიც ბადეს სელისგან ქსოვდნენ,

ქსოვა სათხევლის იცოდნენ ხეზით,

თევზის თავზარათ ეჭირათ ბარჯი,

გრძელის უყვარდათ ძგერება ჭვილთის”.

ესმის ვეინეს ლაყაფი მათი

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ამგვარს:

“ჯერ კიდევ ბევრი მოძრაობს გმირი,

არ ამომწყდარან მოყმენი კალევს,

მოკვდება ერთი, გაჩნდება ორი,

უკეთესია იმათი ბარჯი,

კარგია უფრო, უფროა გრძელი,

აქვთ სათხეველი საშიში უფრო”.

 

რუნა ორმოცდამერვე

 

ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

ამ შემლოცველმა, უკვდავმა მარად,

აწონ-დაწონა ხელახლა საქმე

და ახლა იგი იმაზე ფიქრობს:

როგორ მოქსოვოს ღრიპონი სელის

და ასჯერ დიდი ვით დაწნას ბადე.

ალაპარაკდა ვეიენე ბოლოს

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“მოინახება, ცხადია, კაცი,

მიწა რომ დახნას, დათესოს სელი,

რათა მე სელის მოვქსოვო ბადე,

ასე ექნება რომელსაც თვალი,

და ჩავაძაღლო ის გლისპი თევზი,

ღრიპონით ხელად ვიხელთო იგი!”

იქ, სადაც ორი ლპებოდა კუნძი,

ჭაობთა ზედა, იმ კუნძებს შორის,

გამოიძებნა პატარა მიწა,

დაუთესავი ფიორი მიწის.

და ამოთხარეს ფესვები ხელად;

მიწაში თესლი იპოვნეს სელის,

იქ შეენახა ტუონის ჭიას,

მღილს დაემალა მიწაში იგი.

გემის, – დამწვარის როგორღაც წინათ,

ფერფლად ქცეულის ხომალდის დიდის,

დარჩენილიყო ნაცარი მცირე,

მიწაზე ბღუჯად ეყარა ფერფლი

და ამ ადგილზე დათესეს სელი,

მყისვე ნაცარში უდურთეს თავი,

დათესეს იგი ალუეს ახლოს,

თიხნარი მიწის ჩაყარეს ხნულში.

ძალიან კარგად იხარა სელმა,

მყის აღმოცენდა მიწიდან იგი

და აიყარა უეცრად ტანი,

სულ ერთ ღამეში, ზაფხულის ცხელის.

მიხნულ-მოხნული მთვარიან ღამით

და მთვარის შუქზე ცაყრილი ხნულში,

გამოარჩიეს ხელად, სასწრაფოდ გაბდღვნეს,

ძალიან მაგრად დაძონძეს მერე,

დაძონძის შემდეგ, დაძენძეს უცებ.

ფთილები ხელად ჩაყარეს წყალში,

გაახანხალეს, გარეცხეს ხელად,

წყლიდან სასწრაფოდ იღებენ ახლა,

ძალიან სწრაფად გააშრეს მზეზე.

შემოიტანეს ოთახში ჩქარა

და გულმოდგინედ მოდგნენ და მოდგნენ,

და მონდომებით მოთელეს იგი,

და ბოჭკოებით გაწეწეს მყისვე.

ელვის სისწრაფით დაჩეჩეს მერე,

ადრიან დილით დაჩეჩეს იგი,

და გალა-გალად დააწყვეს ხელად;

ახლა თითისტარს გაუჩნდა საქმე,

დაძახეს ძაფი, ზაფხულის რამით,

ღამეში ერთში, ორი დღის შუა.

და მუყაითად ართავენ დები,

ზაფის არიან შვილნი,

ძმა ძმას ხელს უწყობს ქსოვაში ბადის,

გრეხენ და გრეხენ მამები მაზმანს.

და წინ და უკან ბრუნავენ ჩხირნი

და გულისყურით გამოჰყავთ თვლები,

და მოიქსოვა ნანატრი ბადე,

სელის ღრიპონი მოიწნა კარგი.

სულ ერთ ღამეში, ზაფხულის ცხელის,

არა! ნახევარ ღამეში ზუსტად.

ბოლოს და ბოლოს მზად არის ბადე,

უკვე მოიწნა ღრიპონი სელის,

სიგრძეა ბადის საჟენი ასი

და შვიდასია კიდენი ირგვლივ,

სათრომელს ქვები დაჰკიდეს მძიმე

და მიამაგრეს ფიცრები ღრიპონს.

ბადესთან მარჯვე მოყმენი დადგნენ,

სახლში მოხუცნი შეუდგნენ ბჭობას:

“მოხერხდება კი ამ ბადით ნეტა,

იმ დიდი თევზის დაჭერა წყალში?”

მყის მიათრიეს ღრიპონი ტბამდე,

და ბადე ტბაში ჩაუშვეს უკვე,

ტბის გაყოლებით ჭიმავენ ღრიპონს,

წყალში განდაგან შედიან ფრთხილად;

ურიცხვი თევზი იხელთეს წვრილი,

უხვად იჭერენ საცოდავ ჩიქვებს,

ბლომად იჭერენ ქორჭილას ფხიანს,

ნაღველით სავსე ნაფოტაც ხვდებათ,

ვერ დაიჭირეს ის თევზი ოღონდ,

რომლისათვისაც მოქსოვეს ბადე.

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი:

“ილმარინენო, მჭედელო დიდო,

მე და შენ დავდგეთ ღრიპონთან, მოდი!

წყალზე ჩვენ თვითონ გავჭიმოთ ბადე!”

და გაემართა ვაჟკაცი ორი,

ისინი მარჯვედ ჭიმავენ ბადეს,

ერთი ბოლოთი სათრომელს ხელად

კალევისაკენ უბრუნეს პირი.

ნავმისადგომის წაიღეს კალიბ,

მეორე ბოლო კონცხისკენ უქნეს,

ხოლო ბაწარი გაშლილი ბადის,

ვეინელისა გაჭიმეს მხარეს.

და წევენ ბადეს, აგდებენ უკან,

და კვლავ ამოაქვთ ღრიპონი მძიმე,

იხელთეს თევზი საკმაოდ ბევრი:

არის ბადეში ქორჭილა ბლომად.

ორაგულია, კალმახიც არის,

კაპარჭანია, რამდენიც გინდა;

ყოველნაირი შეიპყრეს თევზი,

ვერ დაიჭირეს ის თევზი ოღონდ,

რომლოსათვისაც მოქსოვეს ბადე

და სათრომელი ჩაუშვეს წყალში.

ადგა და, ახლა, ვეინე ბრძენმა,

ბადეს მეორე მიაბა ბადე;

მყის მოუყენა ნაპირი ნაპირს,

ბადე ხუთასი საჟენი გახდა,

თოკითურთ გახდა შვიდასი უკვე.

მერე ვეინემ გამოთქვა აზრი:

“უფრო ღრმად გვმართებს შეთრევა ბადის,

ხამს შევიტანოთ უფრო შორს იგი

და მერე წყალზე გავჭიმოთ თოკი

და ამოვქაჩოთ ღრიპონი წყლიდან!”

და შეიტანეს უფრო ღრმად ბადე,

შორს მოისროლეს ტალღებზე თრევით

და ნელ-ნელა ჩაუშვეს წყალში,

ექაჩებიან ხელახლა უკან.

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი

და ლაპარაკობს ის სიყუვებს ასეთს:

“დიასახლისო მდინართა წყალთა,

ველამო, რომელს გაქვს მკერდი ლერწმის,

ჩქარა გაიძვრე შენ შუბა ჯუბა,

ხიფთანი შენი გაიძვრე სწრაფად,

შენი ჯუბა ხომ ლელია ზღვისა,

ხოლო საბანი – ტალღათა ქაფი,

ისინი მოგცა შენ შვილმა ქართა,

ზღვათა ასულმა გიბოძა ერთხელ;

მე კი შენ სელის კვართს მოგცემ ცინცხალს,

ტილოსას გიძღვნი ახლავე პერანგს,

იგი დაართა ასულმა მთვარის,

ასულმა მზისამ მოქსოვა იგი.

ახტო, სიღრმეთა პატრონო დიდო,

ასი ცალუღის მფლობელო ერთად,

წაავლე ხელი შვიდკაპა ხარდანს,

სიგრძით რომ იყოს საჟენი ხუთი,

მიწი-მოწიე ტალღები ზღვისა,

მითხარ-მოთხარე ჭიგოთი ფსკერი,

შეუჩუჩხურე ლაქაშებს ჯოხი,

თევზების ჯოგი მორეკე ჩვენსკენ,

აქეთ, საითაც მოვათრევთ ბადეს

და ფარფლი მოგვაქვს წყლალდაწყალ ასე.

არ დაგრჩეს თევზი ყურეში არსად,

არც ორაგულის ორმოთა შიგნით,

ზღვის მორევიდან მორეკე ყველა,

მოდენე ზღვათა უძირო ძროდან,

სადაც ციაგი ვერ აღწევს მზისა,

სადაც ქვიშაზე არავინ დადის.

ზღვიდან ერცახე ამოდის მოყმე,

უზარმაზარი ამოდის გმირი,

ფეხებით იგი ტალღებზე დადგა

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“გამოგიდენოთ გსურთ თევზი ვინმემ?

ჭიგო აიღოს გსურთ ვინმემ ხელში?”

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

პასუხად ასე მიუგებს მოყმეს:

“გამოგვიდენოს გვსურს თევზი ვინმემ,

ჭიგო აიღოს გვსურს ვინმემ ხელში!”

ერცახე-კაცმა, პაწაწა გმირმა,

წამოაქცია ვეება ნაძვი,

ტყიდან ხარდანი გამოაქვს გრძელი,

კლდე მიამაგრა ხარდანის წვერზე.

შემობრუნდა და ვეინეს ჰკითხა:

“თევზი მოვრეკო მე მთელი ძალით,

ვითარცა ძალმიძს მოვრეკო ისე,

თუ რამდენადაც საჭირო არის?”

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“მორეკე როგორც საჭირო არის

და საკმარისი იქნება ისიც!”

ერცახე-კაცი, პაწაწა გმირი,

მყისვე თავისას შეუდგა საქმეს;

ვით საჭიროა, მოდენის თევზებს,

აურაცხელი მოდენა თევზი

იქ, სადაც წყალზე ათრევენ ღრიპონს

და ასი ფარფლი ტივტივებს წყალში.

ნიჩბებს მიუჯდა მჭედელი დიდი,

ხოლო ვეინე, უკვდავი მარად,

თვით ექაჩება სათრომელს წყლიდან,

მთელი ძალ-ღონით ეწევა ღრიპონს;

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი:

“აი, ბადე რომ ავწიე ზემოთ

და ძირს ჩავუშვი ფიცრები ბადის,

რამდენი თევზი გაება უცებ!”

და ეწევიან სათრომელს მძლავრად

და ამიღეს ღრიპონი წყლიდან,

დაბერტყეს ბადე ვეინეს ნავში:

დაჭერილია, ხედავენ თევზი,

რომლისათვისაც მოქსოვეს ბადე

და დაამზადეს ღრიპონი სელის.

ვეინე ბრძენმა, უკვდავმა მარად,

ნავს ნაპირისკენ უბრუნა პირი,

ლურჯი კონცხისკენ აიღო გეზი,

წითელ მისადგომს უსწორა საჭე.

იღებს ნავიდან თევზების დასტას,

ფხიანი თევზი აიღო მუჭით,

ქარიყლაპიას ჩასჭიდა ხელი,

რომლის დაჭრაც ესოდენ სურდა.

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი,

თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:

“ქვის საბუხარი ჩავიცვა ხელზე,

თუ ხელთათმანი მოვირგო რკინის,

თუ წამოვიცვა ხელჯაგი რვალის,

თუ ხელშიშველმა ავიღო თევზი?”

მზის შვილმა მოჰკრა ამ სიტყვებს ყური

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“მე მაგას ხელად დავჭრიდი სიგრძივ,

მყის ავიღებდი შიშველი ხელოთ,

მამისეული რომ მქონდეს დანა,

ნაანდერძევი წინაპრის მიერ”.

უცებ ზეციდან იელვა რკინამ,

ოქროსი ჰქონდა იმ რკინას ტარი,

ვერცხლისა ჰქონდა იმ რკინას პირი,

და დაეკიდა მზის შვილს ზედ წელზე.

მზის ვაჟიშვილმა, მამაცმა ფრიად,

მყის მოიმარჯვა ფხიანი დანა,

ქარიყლაპიას უფატრავს მუცელს,

რომელსაც პირი აქვს ერთობ ფართო:

ქარიყლაპიას შიგანის შიგნით

აღმოჩნდა ერთი კალმახი სხარტი,

კალმახი როცა შუაზე გაჭრეს,

იპოვნეს სიგი მცირე და სლიპა.

სიგი გაფატრა ახლა მზის შვილმა,

ამოაცალა ნაწლავი წვრილი

და იმ ნაწლავის მესამე შრედან

ამოათრია ცისფერი ბოლქვი.

ახლა ცისფერი გადახსნა ბოლქვი

და იმ ცისფერი ბოლქვიდან ხელად

გამოანათა წითელმა ბოლქვმა;

წითელი ბოლქვი გადახსნა ახლა

და იმ წითელი ბოლქვიდან უკვე

მან ამოიღო ის გლისპირი ცეცხლი,

მეცხრე ზეციდან რომელიც მოწყდა,

ღრუბლის გამოვლო რომელმაც სისქე,

რვანი გამოვლო რომელმაც ცანი,

მიწას დაასკდა რომელიც ციდან.

ვეინე ახლა იმაზე ფიქრობს,

სახლამდე როგორმე წაიღოს ცეცხლი,

კვამლი რომ კვლავაც აუშვან ქოხთა,

ხალხმა ხელახლა იხილოს შუქი.

ამ ფიქრში როა, უეცრად, ხედავს,

ხელიდან ცეცხლი გაუსხლტა მზის შვილს

და შენს ვეინეს წვრებში ებდღვნა,

დღე უარესი დამართა მჭედელს:

მთლად დაუთუთქა ორივე ლოყა

და გაურუჯა ხელები ძლიერ.

და გამოიქცა იქიდან ცეცხლი,

გადაუქროლა ალუეს ტალღებს,

ეძგერა ღვიას – აქცია ნაცრად,

თვალის უმალეს მოძოვა მოლი,

ხელად ნაძვებზე ავარდა იგი, –

ნაძვნარის ნეცვლად დატოვა ფერფლი...

და გარბის, გარბის, გარბის და გარბის,

ნახევარ პოხელს მოუღო ბოლო,

ზღვარნი სავოსი გადაწვა უკვე,

კარელიისას მიადგა საზღვრებს.

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

გამოეკიდა ნაპერწკალს უკან,

ტყე გაიარა უღრანის უკვე,

ფეხდაფეხ მისდევს ნაპერწკალს იგი

და, როგორც იქნა, მიაგნო, ნახა,

ხის ფუღუროში იპოვნა ცეცხლი,

იქ, სადაც ორი ლპებოდა კუნძი,

იმ კუნძებს შორის, მურყნის ერთ კუნძში.

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი,

თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:

“ცეცხლო, შექმნილო ზეციერ მამის,

ჰეი, შენ, ცეცხლო, ქმნილებავ მნათო,

რა დაგრჩენია სიღრმეში ნეტა,

შორს რომ მიილტვი, რა ხეირს ნახავ,

არ გირჩევნია წამომყვე ქოხში

და დაუბრუნდე ხელახლა ღუმელს?!

იქ ქვეშაგები გეგება ნაცრის,

თავზე შენივე გეყრება ღველფი,

გამოულევლად, ყოველდღე, მუდამ,

საჭმელად არყის გექნება შეშა,

რამით ნაცარში გაგხვევენ ხოლმე,

შეგინახავენ მეორე დღისთვის”.

იღებს ვეინე ნაპერწკალს ფრთხილად,

მან ნაპერწკალი აბედზე დადო,

აბედი დადო ნაფოტზე არყის,

ნაფოტი ჩადო სპილენძის ქვაბში;

სპილენძის ქვაბით სახლისკენ მიდის,

ჯანღით მოცული გამოჩნდა კონცხი,

უახლოვდება ღრუბლიან კუნძულს,

იგი ქვაბითურთ სახლშია უკვე:

ნანატრი ცეცხლი ეღირსათ ქოხებს

და ფანჯრებიდან გამოდის შუქი. 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ხალხური / კალევალა