ილმარინენი, მჭედელი დიდი,

ზღვის ნაპირ-ნაპირ ქლოშინით გარბის

და მიირბინა ფრიალო კლდესთან,

ამოისუნთქა, შეჩერდა კლდეზე.

დაწვარი სახე აწუხებს მჭედელს

და გარუჯული ხელები ტანჯავს.

ცდილობს როგორმე დააცხროს ცეცხლი,

გამოაცალოს როგორმე ძალა.

ალაპარაკდა მჭედელი დიდი

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“ცეცხლო, შექმნილო ზეციერ მამის,

ციური მნათის წითურო ძეო!

რამ გაგამწარა შენ ეგრე მაგრად,

რომ გამირუჯე ლოყები ასე

და დამითუთქე ორივე თეძო

და უმოწყალოდ დამიწვი ფერდი?

ნეტავი როგორ დავაცხრო ცეცხლი,

როგორ წავართვა ნაპერწკალს ძალა,

ვით გავანელო სიცხელე ალის

და თვინიერი გავხადო როგორ,

ასე უღმერთოდ რომ აღარ მწვავდეს,

რომ აღარ ვგრძნობდე კირთებას მძიმეს?

ეჰეი, მოდი ასულო ტურის,

ლაფლანდიიდან წამოდი ჩქარა,

მოდი, მოსილო ჭირხლით და თოშით,

გამოწყობილო გაყინულ კვართში.

შემ ჭირხლით სავსე რომ დაგაქვს ქვაბი,

ყინულის ციცხვი გიჭირავს რომელს!

სახეზე წყალი მაპკურე ცივი

და, ყველგან, სადაც დამკბინა ცეცხლმა,

დამადე ბლომად ყინული ლურჯი.

ეს საკმარისი არ არის თუკი, –

პოხელის ძეო, შენ გხადი ახლა,

ლაფლანდიაში გაზრდილო მოყმევ,

ჯანღიან მიწის ჭაბუკო გრძელო,

ტანად რომელიც ხარ ფიჭვის ტოლა

და მოცულობით ხელა ხარ ნაძვის,

ფეხზე რომ თოვლის გაცვია ხამლი,

ხელთათმანები გაცვია თოვლის,

კეფაზე თოვლის გახურავს ქუდი,

თოვლის გარტყია ქამარი წელზე, -

მთელი პოხელის მოხვეტე თოვლი,

სოფლის ყინულის მოთხარე კლდენი!

იცოცხლე! თოვლი იშოვნო პოხელს

სოფელში ყინულს იშოვლი უხვად;

იქ ჰაერია საჭრელი დანით,

იქ მხოლოდ თოვლის კურდღლები ხტიან,

იქ, მწვერვალებზე თოვლიან მთათა,

მთლიანად თოვლის დადიან დათვნი,

დაბაჯბაჯებენ ბრანგვები თოვლში;

იქ მარტო თოვლის გედები ფრენენ,

იქ უხვად ცხოვრობს ყინულის იხვი,

შეხიზნულები თოვლიან ღვარებს,

ხორგით მოფენილ ჭორომის ახლოს.

მწვერვალებიდან მაღალი მთების,

წიბოებიდან პიტალო კლდეთა,

აქ მარხილებით მოზიდე თოვლი,

ჩამოიტანე ურმებით ბლომად

და, ყველგან, სადაც სიდამწვრე მაჩნდეს,

და, ყველგან, სადაც დამკბინა ცეცხლმა,

არ დაიშურო დადება თოშის,

ნუ დამიკავებ, თუ ძმა ხარ, ყინტორს!

ეს საკმარისი არ არის თუკი, -

ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო,

მიმართულებას რომ აძლევ ღრუბლებს –

საითაც გინდა და როგორც გინდა! –

აღმოსავლეთით ღრუბელი დასძარ

და შეატაკე ღრუბელი იგი

მეორე ღრუბელს – დასავლით დაძრულს, -

არ ჩაეტიოს მათ შორის ნემსიც!

მიბოძე ტეხვრა, მიბუდე ხორგი

და, ყველაგნ, სადაც სიდამწვრე მაჩნდეს,

და, ყველგან, სადაც დამკბინა ცეცხლმა,

მტლე ღვთაებრივი დამადე მალე!”

ილმარინენმა, მჭედელმა დიდმა,

მძვინვარე ცეცხლი დააცხრო ასე,

დააძაბუნა ძალუმი ალი.

გამოჯანმრთელდა ამგვარად იგი,

სხეულში ძველი სიმაგრე იგრძნო

და აღარ აჩნდა სიდამწვრე არსად.

 

რუნა ორმოცდამეცხრე

 

ვეინელისა ნაღვლიან ქოხთა,

კალევის მინდვრებს – უსაზღვროდ გაშლილს,

ოქროსი აღარ დაჰნათის მთვარე,

აღარ უგზავნის მზე სხივებს ციდან.

სახნავ-სათესი მოიცვა ტეხვრამ,

დააავადა ყინვებმა მროწლე,

შეშფოთებულნი არიან ჩიტნი,

მოწყენილია ძალიან ხალხი, -

ცარიელია ჭირანო რადგან

არწივმა იცის საფრენი გზანი,

ქარიყლაპიამ თავისი ორმო,

გზანი ნავთანი უწყიან ქართა;

ხალხი კი ვეღარ გაერკვა უკვე

დღეა თუ ღამე, დილა თუ ბინდი,

ვერ გაუგია, რა დროა, მოკლედ,

აქ, ამ ისედაც ჯანღიან კონცხზე,

კუნძულზე, ცა რომ ახურავს ქუფრი.

ახალგაზრდებმა დაიწყეს ფიქრი,

მოხუცებულნი მსჯელობენ ცხარედ:

როგორ გაუძლონ უმზეოდ ყოფნას,

უმთვაროდ ყოფნას გაუძლონ როგორ

მხარეში, სადაც ჯანღია მარად,

აქ, ჩრდილოეთის არეთა ზედა.

ქალიშვილებიც შეუდგნენ ბჭობას,

გაოგნებულნი არიან ერთობ.

და მიაშურა სამჭედლოს ხალხმა

და კვერითხუროს მიმართა ასე:

“რა დროს ძილია, ადექი ჩქარა,

მერეც მოასწრებ ღუმელზე წოლას!

გამოგვიჭედე ახალი მთვარე,

მზე გაგვიკეთე ცხელი და მრგვალი!–

უმთვაროდ ყოფნა ძნელია ფრიად,

უმზეოდ ყოფნა უფრორე ძნელი”.

და ღუმელიდან მჭედელი ადდა,

ღუმელზე ეგო ლოგინი მჭედელს,

და გამოიღო ნატეხი ვეცხლის,

ოქროსი დურთა ქურაში ზოდი,

რომ გამოჭედოს ოფაზის მთვარე

და მზე ვერცხლისა გაჭედოს რათა.

ვეინე ბრძენი გამოჩნდა ამდროს,

იგი სამჭედლოს კარებში ჩაჯდა

და ლაპარაკი დაუწყო მჭედელს:

“გამაგებინე, თუ ძმა ხარ, ერთი,

რას უკაკუნებ ნეტავი ამდენს,

თავაუღებლად რას ჭედავ ნეტა?”

ალაპარაკდა მჭედელი დიდი

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“ოფაზის მთვარეს ვაკეთებ ცინცხალს,

მზე გამოვჭედო ვაპორებ ვერცხლის,

რომ ჭირანოზე დავკიდო მთვარე,

მზე კოჭიმელზე დავკიდო რათა”.

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი,

თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:

“ილმარინენო, მჭედელო დიდო,

სულ ტყუილია ეგ შენი შრომა! –

მზედ არ გახდება არასდროს ვერცხლი,

არ გაკეთდება ოქროთი მთვარე”.

და გამოჭედა მჭედელმა მთვარე,

მზეც გამოკვერა მჭედელმა ვერცხლის

და აიტანა ისინი ზემოთ,

მათ კვერითხურო მაღალზე ჯკიდებს;

ოფაზის მთვარე დაჰკიდა ფიჭვზე,

მზე ნაძვის ხეზე დაჰკიდა ხელად;

შუბლიდან ოფლი წურწურით მოსდის,

პირისახეზე გადასდის ხვითქი, -

ზალიან დიდი დაადგა ჯაფა,

ხეებზე ასვლა გამოდგა ძნელი.

აი, მან მთვარე დაჰკიდა უკვე,

მზესაც უპოვნა ადგილი თვისი,

ფიჭვის წვეროზე დაჰკიდა მთვარე,

მზე კენწეროზე დაჰკიდა ნაძვის:

მაგრამ რა მერე! – ვერც მთვარეს, ვერც მზეს

ვერ გამოსტყუეს სხივი თუნდ ერთი!

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი,

თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:

“ახლა კი უნდა მივმართოთ გრძნებას,

ნოშნებით უნდა გავიგოთ ახლა,

სად დაიკარგა ამდენხანს მთვარე,

მზე დამალული სად არის ვერცხლის”.

თვითონ ვეინე, მოხუცი ბრძენი,

ეს შემლოცველი, უკვდავი მარად,

ბიკონებს აჭრის საჩქაროდ მურყანს,

ჯერ ბიკონები დააწყო მწყობრად,

შემდეგ ტრიალი დაუწყო ბიკონთ,

დაატრიალა თითებით მყისვე

და ამეტყველდა მოხუცი უცებ

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“შემოქმედისგან მოვითხოვ ნიშანს,

მე დაჟინებით მოველი პასუხს,

ნისანო ღვთისა, ფარული გახსენ,

ყოვლად მაღალის ნისანო, მარქვი:

სად დაიკარგა ოფაზის მთვარე,

მზე დამალული სად არის ვერცხლის –

განმავლობაში ამდენი დროის,

რატომ და რატომ ვერ ვხედავთ მნათობთ?

ნიშანო ღვთისა, ფარული გახსენ,

მითხარი არა გუმანი კაცის,

არამედ სწორი აღმოთქვი სიტყვა,

ჭეშმარიტება მიბოძე სრული!

თუ მომაყივნა ნიშანმა ამან,

ძირს დავანარცხებ ამ ნიშანს ხელად,

გადავუზახებ კოცონში მყისვე,

რომ იმ კოცონში ჩაიწვას იგი”.

ნიშანმა ხელად სიმართლე ცხადყო,

გამოუცხადა ნიშანმა მოყმეთ:

ის ვერცხლის მზე და ის ოქროს მთვარე,

ორთავე ერთად ჯურღმულში სხედან, –

პოხელის ტინთა წიაღთა შინა,

სპილენძის კლდეთა ორწოხთა შორის.

ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,

ამეტყველდა და წარმოთქვა ასე:

“თუ გავუყვები საროლის ბილიკს,

თუ შევუდგები პოხელის აღმართს,

ცაზე ხელახლა ამოვა მთვარე,

მზე გაბრწყინდება, ვითარცა წინათ”.

პოხელს წავიდა ვეინე ბრძენი,

პოხელის ბილიკს დაადგა იგი,

იარა ერთ დღეს, იარა ორ დღეს

და დღის მესამის დაწყების უნალ

უკვე პოხელის გამოჩნდა მიწა,

პიტალო კლდენი მკაფიოდ ჩანან.

დიდი მდინატის მიადგა კიდეს,

გამოღმით მდგარი გასძახის გაღმა:

“გაღმაურებო! მათხოვეთ ნავი,

რომ გადმოვლახო მდინარე ფართო!”

გაუგონარი დარჩა ხმა ბრძენის,

არ გამოგვარეს ვეინეს ნავი,

შეშის დაიწყო რიყეზე ძებნა,

მოძებნა ნაძვის გამხმარი ტოტნი;

დაანთო ცეცხლი მდინარის პირას,

კვამლი სვეტივით აიჭრა ცაში,

ცის კაბადონი გალოკა ალმა,

ჰაერი გახდა ბოლისგან ქუფრი.

დიასახლისი პოხელის მხარის

სახლისასთვითონ მოადგა სარკმელს,

გახედა სრუტეს, დაზვერა კლდენი

და მან ასეთი წარმოთქვა სიტყვა:

“რა ცეცხლის ალი ბრიალებს ნეტა

იმ ვიწრო სრუტის ბაგეთა შორის?

ლაშქრისა თუა, რად არის მცირე,

დიდი რად არის, მეთევზე თუა?”

გამოდის გარეთ პოხელის მკვიდრი,

თავის ქოხის წინ, ეზოში დგება,

რაშია საქმე, – შეიტყოს რათა,

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“მდინარის გაღმა, ხელმარცხნივ ცეცხლის,

ტანახოვანი გმირი დგას ვიღაც”.

თვალი რომ ჰკიდა პოხზელის მცხოვრებს,

ვეინემ უფრო ხმამაღლა სჭექა:

“პოხელის შვილო, მათხოვე ნავი,

ნუ დაუკავებ ვეინეს კანჯოს!”

გაეპასუხა პოხელის შვილი

და მან ასეთი წარმოთქვა სიტყვა:

“არ გვიცალია ახლა ნავს არც ერთს.

შენ საჭედ ხელი იხმარე შენი,

გააწევინე ნიჩბობა თითებს

და თავს უნალვე ამოჰყოფ პოხელს”.

შეფიქრიანდა ვეინე ბრძენი

და მან ასეთი გამოთქვა აზრი:

“კაცად არავინ ჩააგდებს იმ კაცს,

უკან დაიხევს რომელიც გზიდან!”

ქარიყლაპიად შევარდა წყალში,

ნაკადებს შორის სიგივით გაძვრა.

მყის გადასცურა მოხუცმა სრუტე,

თავი ნაპირზე ამოჰყო ხელად,

ნაბიჯი ერთი, ნაბიჯი ორი,

და თიხნარი მიწას დაადგა ფეხი.

გამოეგებნენ პოხელის შვილნი,

ბრბო საძაგელი ეტყოდა ასე:

“კაცო, მობრძანდი პოხელის ქოხში!”

ვეინე ბრძენი ეზოში შედის.

შემოეხვივნენ პოხელის შვილნი,

ბრბო საძაგელი ეტყოდა ასე:

“პოხელის ქოხში მობრძანდი, კაცო!”

ვეინე ბრძენი შევიდა ქოხში;

ჯერ დერეფანში შეადგა ფეხი,

კარის სახელურს მოკიდა ხელი,

შეაღო კარი, შევიდა შიგნი,

პოხელის ქოხის დგას ახლა ჭერქვეშ.

თაფლს ასკდებიან კაცები ქოხში,

ტკბილ წვენს ისინი კათხებით ხვრეპენ,

აღჭურვილია უკლებლივ ყველა,

ჭოლაურები ჰკიდიათ წელზე, –

საჭირბოროტოდ ვეინე ბრძენის,

ცათამდე მართალ სუვანტოს ჭირად.

დამხვდურნი ასე ეტყვიან მოსულს,

სიტყვას იტყვიან ისინი ასეთს:

“რაო, ბედასლო, გარჯილხარ რისთვის,

გმირო მცურავო, რას იტყვი ახლას?”

ვეინე ბრძენი, უკვადვი მარად,

ამეტყველდა და წარმოთქვა ასე:

“ოქროს მთვარეზე მაქვს ორი სიტყვა,

მსურს სასწაული გიამბოთ მზეზე:

სად დაიკარგა ჩვენი მთვარე,

მზე სად და რატომ გაგვექცა ნეტა?”

ალაპარაკდნენ პოხელის შვილნი,

ბრბო საძაგელი ეტყოდა ასე:

“აჰა! კეთილი, ახლავე გეტყვით:

ჭრელი ფრიალო კლდის მკერდის შიგნით,

იქ, რკინის მთათა წიაღთა შინა,

ორთავე ერთად ღვიმეში სხედან;

არც ეღირსებათ გამოსვლა გარეთ,

თუ არ გაუღო ლოუხმა კარი”.

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი

და მან ასეთი წარმოთქვა სიტყვა:

“თუ არ გაუღეს მზეს მღვიმის კარი

და მთვარე თ არ გამოვა გარეთ,

კი არ გვიხამებს დაწყება ომის,

ჭრა არ გვიკლია, ღვთის მადლით, მახვილს!”

იშიშვლა ხმალი, მოიღო რკინა,

მყის ქარქაშიდან მახვილი იძრო,

მახვილის წვერზე ანათებს მთვარე,

სატევრის ტარზე მზის სხივი როკავს,

ღარზე ცხენია შემდგარი ყალყზე,

მახვილის თავზე კრუტუნებს კატა.

და დააზომეს ერთმანეთს ხმლები,

ცერი აუსვეს მახვილებს ფხაზე:

სუომს ნაწრთობი ვეინეს ხმალი

სულ ერცახეთი გამოდგა გრძელი;

ნამჯის სიმსხოთი გრძელია იგი,

მარცვლის ოდენად გრძელია მხოლოდ.

და გამოვიდნენ სახლდან კარში

და ამწვანებულ მდელოზე დადგნენ,

მახვილი ლეწა ვეინემ ისე,

რომ ნაპერწკლები ისროლა რკინამ,

უქნივა ერთი, უქნივა კიდევ:

თალგამებივით წათალა თავნი,

მიცელ-მოცელა სელივით უცებ,

თალხი პოხელის დიდგულა ძენი.

და გაეშურა ვეინე იქით,

ჭრელი ფრიალო ტინია სადაც,

იქითკენ, სადაც მთებია რკინის,

იქ, სადაც ბნელა ორწოხთა შორის,

სადაც მღვიმეში მნათობნი სხედან,

რომ მზე და მთვარე ნახოს და იხსნას.

რომ გაიარა მანძილი მცირე,

გზა, სულ პატარა, როგორც კი განვლო,

მწვანე კუნძული შენიშნა უცებ,

კუნძულზე თეთრი რხევა არყი,

იმ არყის ძირას ლოდია ერთი,

იმ ლოდის იქით დგას ჭრელი ტინი,

იმ ტინს ცხრა კარი აბია მტკიცე,

იმ ცხრა კარს ადევს საკვალთი ასი.

ტინზე ვეიენმ შენიშნა ბზარი,

კედელზე ზოლი შენიშნა ვიწრო.

და ხმალი იძრო ვეინემ მყისვე

და კლდეს მახვილი აძგერა ბზარში,

დასცხო და დასცხო, თხლიშა და თხლიშა,

ძეძგვა და ძეძგვა მახვილი ლოდებს,

ისე, რომ ლოდმა იხუვლა ერთი

და უცებ სამად გაიპო ლოდი.

ვეინე ბრძენმა, უკვდავმა მარად,

გამსკდარ ლოდიდან ცახედა მღვიმეს:

წყვდიადით სავსე ჯურღმულის შიგნით,

ჯიგრის გადაჰკრავს რომელსაც ფერი,

ხედავს: გველები ბადაგსა ხვრეპენ,

იჭყიპებიან ასპიტნი ლუდით.

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“რა ლუდმა უნდა გაუძლოს ამათ!

ლუდს ასკდებიან ასპიტნი ჭრელნი...

თურმე ამიტომ არ ჰქონდათ ხოლმე

საწყალ დედაბერს საკმაო ლუდი”.

მყის წაასხეპა თავები გველებს,

კისრები წაჭრა ასპიტებს ხელად.

ალაპარაკდა უეცრად იგი

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“დღეის დღის შემდეგ, აწი და მარად,

სოფელი წუთის არსებობს ვიდრე,

აღარ დალიოს ასპიტმა ლუდი,

არ გაეკაროს წყეული ამბოხს”.

ძალიან ცდილობს ვეინე ბრძენი,

ეს შემლოცველი, მართალი ცამდე,

კარნი როგორმე გააღოს მღვიმის

და სიტყვით ძალით საკვალთნი გახსნას:

მაგრამ მღვიმისა არ იძვრის კარნი,

არ ჭრის საკვალთზე ვეინეს სიტყვა.

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი,

თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:

“დედაკაცია – უაბჯროდ კაცი,

არ გაქვს ჩუგლუგი – ძალ-ღონე არ გაქვს!”

და გამობრიუნდა მაშინვე უკან,მ

თავჩაღუნული სახლისკენ მოდის,

მოდის და გული ევსება ნაღვლით,

ვერ გამოიხსნა მნათობნი რადგან.

ლემინკაინე ვეინეს ეტყვის:

“რატომ წახვედი უჩემოდ პოხელს,

რად არ ისურვე წაყვანა ჩემი, -

შელოცვა მეც რომ მეცადა ციხის?

მე ყველა ბოქლომს დავლეწდი უცბად,

გადაავმტვრევდი საკვალთებს ლანდზე,

გამოვიყვანდი მღვიმიდან მთვარეს,

მზეს კოჭიმელზე შევსვამდი ხელად”.

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

ამეტყველდა და წარმოთქვა ასე:

“არ იმოქმედა ბოქლომზე სიტყვამ,

რკინის საკვალთზე არ გაჭრა ჯადომ,

ვერ შევლეწავდი ცხრაკლიტულს მუშტით,

ვერ შეავგრევდი იდაყვით ციხეს”.

და სამჭედლოსკენ ვეინე მიდის

და ეუბნება ვეიენ მჭედელს:

“ილმარინენო, მჭედელო დიდო,

გამომიჭედე თორმეტი შუბი,

კლიტეთა დიდი მომეცი აცმა,

რომ გამოვიხსნა მღვიმიდან მთვარე,

მზე დავუბრუნო კოჭიმელს უკან!”

ილმარინენმა, მჭედელმა დიდმა,

ამ კვერითხურომ, უკვდავმა მარად,

მყის შეასრულა ვეინეს თხოვნა:

გამოუჭდა სამკაპნი მტკიცე,

კლიტეთა დიდი აუსხა აცმა,

გამოუჭდა თორმეტი შუბი,

არც ისე გრძელი, არც ისე მოკლე,

საშუალოსი შუბია სიგრძის.

დიასახლისმა პოხელის მხარის,

კბილემმეჩხერმა როკაპმა გლისპმა,

მყის მიიმაგრა მენჯებზე ფრთები

ა ელვასავით ავარდა ცაში,

გაიფრთხიალა სახლის წინ წამით

და ფრენა-ფრენით გასწია ცა-ცა,

ზღვა პოხელისა დატოვა უკან

და მიაშურა ლახლახით სუომს.

გამოიხედა ფანჯრიდან ილმამ,

მმომქროლი შორით ჩათვალა ქარად;

რისი ქარი და რომელი ქარი,

თურმე, ნუ იტყვი, ქორია ლეგა.

ალაპარაკდა მჭედელი დიდი

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“რა გესაქმება სუომში ქორო,

ფანჯრის რაფაზე შემოჯექ რატომ?”

ხმაამოიღო მაშინვე ქორმა

და ქორი ასე მიუგებს მჭედელს:

“ილმარინენო, მჭედელო დიდო,

რა საუცხოო ხელი გაქვს მაინც!

აი, ოსტატი შენებრი მესმის,

აი, შენა ხარ მჭედელი მართლა!”

გაეპასუხა მჭედელი ფრინველს,

თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:

“არის ამბავი ახალი როდი,

მე რომ მჭედელი ვარ მართლაც კარგი,

ჯერ კიდევ როდის გავჭედე ზეცა,

მოვაგუმბათე ჰაერის ხუფი”.

ხმა ამოიღო ხელახლა ქორმა,

ლეგა ფრინველმა წარმოთქვა ასე:

“ახლა რომ ჭედავ, რას ჭედავ ნეტა,

ალბათ იარაღს აკეთებ, არა?”

ალაპარაკდა მჭედელი დიდი,

პასუხად ასე მიუგო ფრინველს:

“ახლა საყალოს ვაკეთებ მაგარს,

რომ დედაბერი პოხელის მხარის,

ამ საყელოთი მივაბა კლდეზე,

კლდეს მივაჯაჭვო პიტალოს იგი”.

ლოუხი, ვინაც განაგებს პოხელს,

კბილებმეჩხერი როკაპი გლისპი,

გრძნობს, კარგს არაფერს უქადის ბედი,

არ დაადგება, ხედავს, დღე კარგი

და მყის გაფრინდა, მიარღვევს ჰაერს,

საჩქაროდ პოხელს მიფრინდეს რათა.

ცხრაკლიტულიდან გაუშვა მთვარე,

მზეს ჯურღმულისა გაუღო კარი.

სახე იცვალა გრძნეულმა უცებ,

მტრედისას იღებს ამჯერად იერს;

ფრთა ფრთას შემოჰკრა, აიჭრა ცაში,

კვლავ სუომისკენ აიღო გეზი,

სამჭედლოს ახლოს დაეშვა ციდან,

მჭედელს მიადგა ხელახლა კარზე.

ალაპარაკდა მჭედელი დიდი,

თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:

“რამ მოგიყვანა სუომში, მტრედო,

რას დასკუპულხარ, ქედანო, ზღურბლზე?”

ხმა ამოიღო კარებში მჯდარმა,

ქედანი ასე მიუგებს მჭედელს:

“შემოგეჭერი იმიტომ სახლში,

ამბავი უნდა გახარო ერთი:

მზე გამოვიდა მღვიმიდან უკვე,

ბნელი ჯურღმული დატოვა მთვარემ!”

ილმარინენმა, მჭედელმა დიდმა,

ურის მაშინვე გაუშცა ხელი,

სამჭედლოს კართან მიიჭრა უცებ,

გულისფანცქალით გახედა ზეცას:

კვლავინდებურად ვაშია მთვარე,

მზე ძველებურად კაშკაშებს ცაში.

და ვეინესთან მჭედელი გარბის

და ეუბნება ვეინეს იგი:

“ვეინე ბრძენო, უკვდავო მარად,

მგალობელო და მძნობელო დიდი,

გამოდი გარეთ, შეხედე ცეცას,

გამომზეურდი ქოხიდან დროზე;

დაბრუნებია ჭირანოს მთვარე,

კოჭიმელზეა მზე ისევ ისე”.

ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,

თვით გამობრძანდა მაშინვე გარეთ,

ეზოში დადგა, ასწია თავი,

ზეცას მახვილი ესროლა მზერა:

ცაშია მთვარე, ვითარცა წინათ,

მზე ძველებურად კაშკაშებს ცაში.

თვალს არ აშორებს ვეინე ზეცას,

ვეინე ახლა ლაპარაკს იწყებს,

ალაპარაკდა ვეინე უკვე

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“სალამი შენდა, მთვარეო ვერცხლის,

რომ გამობრწყინდი, ვითარცა წინათ,

ოფაზის მზეო, სალამი შენდა,

ძველებურად რომ კაშკაშებ ცაში!

შენ გამოხვედი მღვიმიდან, მთვარევ,

შენ ჯურღმულიდან გამოხველ, მზეო,

ვითა გუგული ოქროსი, ისე,

ხალასი ვერცხლის ქედანი როგორც.

თქვენ-თქვენ ადგილზე ხართ უკვე ახლა,

თვქნ ისევ თქვენი გზა ჰპოვეთ ძველი.

დღეის დღის შემდეგ, აწი და მარად,

ყოველ დილაზე ადექი მზეო!

იყავ სიკეთის მომტანი მუდამ,

რათა იბარტყოს სიმდიდრემ ჩვენმა,

ხელი ნადავლით აგევსოს რათა,

თევზმა დახუნძლოს ანკესი ჩვენი.

კეთილი იყოს მგზავრობა შენი,

ინატრე და შენი გზით იარ,

ყოველ საღამოს ლამაზად ჩადი,

გამოიძინე დილამდე კარგად!”

 

რუნა ორმოცდამეათე

 

ეს მარიატა, ქალწული ტურფა,

დიდგვაროვანის ასული მამის,

თვალწინ ძალიან საყვარელ დედის,

მამისეულში დაქალდა სახლში.

და ქალმა ძეწკვი გაცვითა ხუთი,

და ქალმა ექვსი გაცვითა რგოლი,

უციმციმებდა რომლებიც მკერდზე –

გასაღებების აცმასთან ერთად.

და ნახევარი გაცვითა ზღურბლის

ძვირფასი კაბის ნაქარგი კალთით;

და გადახეხა ნივნივი სხვენის

წმინდად ნაქსოვი ტავსაფრის ფოჩით;

და ნახევარი გაცვითა წირთხლის

სახელოებით თავისი კაბის;

და ცალფიცარი გაცვითა სახლის

ფეხსაცმელები თავისის ლანჩით.

ეს მარიატა, ასული ტურფა,

პაწაწკინტელა, ლამაზი ქალი,

განსხვავდებოდა ყველასგან ერთობ,

თავდაჭერილი იყო და მორცხვი.

ქერქეჭანა და ახალი თევზი

იყო რჩეული საჭმელი მისი;

კვერცხის დანახვაც არ სურდა ქალწულს,

რადგან მამალი პეპლავდა ქათამს;

ქალწულს ცხვრის ხორცის არ სურდა ხილვაც,

ცხვარს ერკემალი ნერბავდა რადგან.

დედამ მოწველა უბღზანა ძროხის,

არასდიდებით არ მიდის იგი

და ეუბნება პასუხად დედას:

“არა, ჩემსავით უმანკო ქალი,

ძროხისას ხელას არ შეახებს ჯიქანს,

რადაგან ძროხასთან იცხოვრა კურომ,

რძე ექნებოდა, ასე რომ არა,

დეკეულსაც და მოზვერსაც, მაშინ”.

მამამ ულაყი შეუბა ქალწულს,

ზედ არ შეხედა ქალწულმა მარხილს,

ძმამ გამოგვარა ფაშატი ხელად,

მაშინ ქალწულმა აღმოთქვა ასე:

“ფეხს არ გავადგამ ფაშატით არსად,

ეგ აჯილღასთან ბღლარძუნობს ხოლმე,

კვიცი შემიბით მარხილში ნორჩი,

კვიცი, ერთი თვის არ იყოს მხოლოდ”.

და მარიატა, ასული ტურფა,

ეს ლამაზმანი, მოსილი კდემით,

უწყინარი და ესოდენ წმინდა,

ვისაც ნატიფნი შვენოდა ზილფნი,

ერეკებოდა მინდორში ნახირს,

ყოველდღე ბატკნებს დასდევდა უკან.

ერთხელ, ბატკნები რომ იყვნენ სერზე,

ცხვრები კორტოხზე როდესაც ძოვდნენ,

თვითონ მინდორში დარბოდა როცა,

როს თამაშობდა მურყანთა შორის,

ტყეში გუგული აძრახდა ვერცხლის,

ოქროსი ტყეში აძრახდა ჩიტი,

ყური მიუგდო გოგონამ გუგულს,

ფერდობზე დაჯდა მაშინვე იგი,

მოიკალთა მდელოზე ხელად,

იქ, სადაც ბევრი ჩირგვია კენკრის,

და ამეტყველდა ფერდობზე მჯდარი

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“ოქროს გუგულო, იძახე ეგრე,

ვერცხლისავ, ეგრე იმღერე ჩიტო,

მკერდმოკალულო დასძახე – გუ-გუ”,

ილაპარაკე, ლამაზო კენკრავ!

და თუ გიყვარდე, მითხარი ერთი:

უქმროდ რამდენხანს ვიქნები კიდევ,

კიდევ რამდენხანს მომიწევს რბენა

ამ საძოვრებზე ფეხდაფეხ ცხვართა!

ზაფხული ერთი, ერთი თუ ორი,

წელი რამდენი, ხუთი თუ ექვსი,

იქნება ათიც გავიდეს წელი,

იქნებ, ცდა სულაც არ მიწევს დიდხანს?”

ეს მარიატა, ასული ტურფა,

რაც მეცხვარეა, დღე არის შვიდი.

ცხოვრება ლაღი როდია მწყენსის,

მით უფრო მწყემსი ქა.ლია როცა:

ყოველ ნაბიჯზე სრიალებს გველი,

ბალახში ცქვიტი ხვლიკები წვანან.

მაგრამ ეს სულაც არ არის გველი,

ეს არც ხვლიკია, ცხადია, ცქვიტი,

ბორცვიდან მოცვი ეზახის ქალწულს,

ალაპარაკდა უეცრად მოცვი:

“მოდი, მომწყვიტე, ქალწულო ტურფავ,

ხელი შემახე, ასულო ნორჩო,

სამკაულები რომ გშვენის კალის,

ქამარი რვალის გარტყია რომელს!

თუ არ გინდა, რომ ჩამყლაპოს ჭიამ,

თუ ლოკოკინამ არ გინდა მშთანთქოს;

აქ მე შენამდე მიხილა ასმა,

აქ შენს მოსვლამდე ათასი იჯდა,

ატასი ქალი, ქალწული ასი

და ყმაწვილების მეხვია გუნდი,

მაგრამ არავის უხლია ხელი,

მოწყვეტა არც კი მოსვლია აზრად”.

ეს მარიატა, ასული ტურფა,

ვიწროთი მიდის ბილიკით მოცვთან,

რომ დაინახოს ახლოდან მოცვი,

ამოარჩიოს ნაყოფი მისი,

თითის წვერებით შეეხოს წითელს,

ხელებით ნაზით მოტყვიტოს რათა.

კორტოხზე ხედავს ქალწული კენკრას,

მოცვია, ხედავს, მინდორში ერთი,

კენკრის მსგავსია ყოველხვრივ მოცვი,

დგას უცნაურად ის რაღაც ოღონდ, -

ერთობ მაღლაა მიწიდან იგი

და ერთობ დაბლა ის არის ხიდან.

ქალწულმა ხელში აიღო სახრე,

ცაოუძახა ძირს სახრით კენკრას,

მოცვი მიწაზე დახტა და ახტა

და ფეხსაცმლიდან ისკუპა მერე

და შიშველ უხლზე სასკუპდა ხელად,

შიშველი უმალ დატოვა მუხლი

და ფურჩალაზე მოექცა კაბის.

და ფურჩალიდან მიახტა ქამარს,

ქამრიდან ახტა ქალწულის მკერდზე,

მკერდიდან სწრაფად მიახტა ნიკაპს

და ნიკაპიდან მიახტა ტუჩებს,

და ტუჩებიდან მყის პირში შეხტა

და გასრიალდა ენაზე მარდად,

და გადაგორდა ენიდან ყელში

და ბოლოს კუჭში აღმოჩნდა იგი.

და მარიატა, ასული ტურფა,

ანაზდეულად დამძიმდა ფრიად,

დააუძლურა დიაცი მოცვმა,

ქალწულს მუცელი დაეტყო უკვე.

აღარ იკრავდა ყაითანს იგი,

სიბაზე აღარ ირტყავდა ქამარს,

ის აბანოში იბანდა ჩუმად,

იმალებოდა ღუმელთან ბნელში.

შეფიქრიანდა ქალწულის დედა,

მოხუცებულმა დაიწყო ფიქრი:

“ჩანს, მარიატას შეემთხვა რაღაც,

გამოცვლილია ჯუჯულა ჩემი,

არარ ატარებს ბოლო დროს ზონარს,

ქამარსაც აღარ იკარებს წელზე,

აბანოშიაც მალულად იბანს,

ბნელში დგას ხოლმე ღუმელთან იგი”.

ალაპარაკდა ყმაწვილი ერთი

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“რაც მარიატას თავზეა ახლა,

ყველაფერია ეგ იმის ბრალი,

რომ ხელში დიდხანს ეჭირა სახრე,

დიდხანს ცხოვრობდა საწყალი ცხვარში”.

დაქონდა ქალწულს სიმძიმე მუცლის,

სისავსე კვნესით დაქონდა თვისი,

თვემ გაიარა ექვსმა და შვიდმა,

ქალი მეცხრეში გადადგა თვეში,

ხოლო დედაბრს რომ უგდო ყური., –

მეათეშია ის უკვე მდგარი.

და თვე როდესაც გთავდა მეცხრე,

მოულოდნელად მეათის დამდეგს,

მაგარი გახდა მუცელი უფრო

და ტკივილები აწუხებს ქალწულს.

და ცხელ აბანოს თხოვს იგი დედას:

“ძვირფასო დედავ, მშობელო ჩემო,მ

გახურებული მომეცი კუთხე,

ცხელი ადგილი მომეცი ერთი,

სიმხურვალეში ქალწულმა რათა

ტკივილებისგან დავიხსნა თავი!”

ალაპარაკდა პასუხად დედა,

მოხუცებულმა წარმოთქვა ასე:L

“ხიისის მრუშო, აქედან მომწყი!

ვისთან იცხოვრე, მითხარი ჩქარა?

ის ვიღაცაა, უცოლო არის,

თუ ცოლიანი კაცია იგი?”

ეს მარიატა, ასული ტურფა,

დედას პასუხად მიუგებს ასე:

არ მიცხოვრია ცოლიან კაცთან,

არც მარტოხელა მინახავს კაცი.

ფერდობზე მოცვი შევნიშნე მწიფე

და გადავწყვიტე მოწყვეტა მოცვის;

ჩვეულებრივი მოცვია, ვხევად,

მეც ავიღე და შევიგდე პირში.

ყელში გადახტა პირიდან კენკრა,

უცებ ჩემს კუჭში ამოჰყო თავი;

და დამამძიმა მე სწორედ იმან,

დამაორსულა ქალწული მოცვმა”.

ახლა აბანოს თხოვს ქალი მამს:

“უსაყვარლესო მამილო ჩემო,

გახურებული მომეცი კუთხე,

ცხელი ადგილი მომეცი ერთი,

რომ უბედურმა სიმშვიდე ვპოვო.

გადავიტანო კირთება მძიმე”.

ალაპარაკდა პასუხად მამა,

თვით ბეიკაცმა წარმოთქვა ასე:

“არ დამენახო, ძუბახო, თვალით,

აქედან მომწყდი, ახლავე მრუშო,

დათვის სადგომი მონახე ეხი

და ბარდღუნასთან ბუნაგში მიდი.

იქ შეგიძლია შენ შობო ბუში,

სული, დაე, იქ ამოგძვრეს მეძავს!”

ამ მარიატამ, ასულმა ტურფამ,

პასუხად ბრძნული წარმოთქვა სიტყვა:

“მე სრულიადაც არა ვარ მრუში,

მე ზიზღის ღირსი არა ვარ სულაც,

მე უნდა ვშობო ისეთი გმირი,

კეთილშობილი იმდენად კაცი,

თვით თქვენს ვეინეს, მხცოვანს და ძლიერს,

ერთი შემოკვრით რომელიც დასცემს”.

ვეღარ მომხვდარა საწყალი ქალი,

საშველად კარებს მიადგეს ვისას,

ვინ არ დაუჭერს აბანოს, ფიქრობს,

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“პაწაწკინტელა გოგონავ, პილტი,

მოახლეთაგან ყველაზე კარგო!

ჩამოითხოვე აბანო სოფლად,

ცამოუარე სარასთან სახლებს,

რომ უბედურმა სიმშვიდე ვპოვო,

გადავიტანო კირთება მძიმე!

აბა, შენ იცი, გავარდი ჩქარა,

მომირბენინე პასუხი დროზე!”

პაწაწკინტელა გოგონა პილტი,

პასუხად ქალწულს მიუგებს ასე:

“კი, მაგრამ კარებს მივადგე ვისას,

ვის უნდა ვთხოვო მითხარი, შველა?”

ამეტყველდება ქალწული ტურფა

და ეუბნება მოახლეს იგი:

“რუოტუსისას მიადექ კარებს,

მდინარე სარას ნაპირზე როა!”

პაწაწკინტელა გოგონა პილტიმ,

ვინც უხვეწნელად მზად არის მუდამ,

წაუქეზებლად ვინც არის მარდი,

კარგად გაიგო ქალწულის სიტყვა,

გაიჭრა გარეთ ვითარცა ორთქლი,

კვამლივით სწრაფად გასცილდა ეზოს;

გარბის გზადაგზა წინსაფრის კეცვით,

ხელით ზედაწელს ისწორებს კაბის,

სულმოუთქმელად გარბის და გარბის,

რომ რუოტუსის მიადგეს კარებს.

და ისე გარბის, ირყევა მთები,

კორდებს და ბირცვებს გაუდის რწევა

და ნაძვებიდან გირჩები ცვივა,

და ჭაობისკენ დაქანდა ღორღი;

და რუოტუსის გამოჩნდა სახლის,

გოგონა ქოხში შევიდა უკვე.

ეს რუოტუსი დიდგულობს ერთობ,

ის მედიდურად მიირთმევს საჭმელს,

პერანგით უზის მაგიდას იგი,

ტანზე პერანგი აცვია სელის.

იგი ამაყად დაეყრდნო სუფრას,

და პირში ლუკმით წარმოთქვა მკვახედ:

“რაო, ბეასლო, არს იტყვი ახალს?

ვინ დაგპატიჟა, საიდან გაჩნდი?”

პაწაწკინტელა გოგონა პილტი,

რუოტუსს მყისვე მიუგებს ასე:

“მე აქ აბანოს სათხოვრად მოველ,

სარას ნაპირზე აბანოს ვეძებ,

რომ უბედურმა სიმშვიდე ჰპოვოს,

ცოტათი მაინც რომ იგრძნოს შვება”.

აქ, რუოტუსის გამოდის ცოლი,

დაბჯენილია ხელებით ფერდებს,

გადად-გადმოდის აქე და იქით

და იატაკის შუაში დგება.

და გამოკითხვას დაუწყებს გოგოს

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“მერე და, გინდა აბანო ვისთვის,

აღმოუჩინო ვის გინდა შველა?”

პაწაწა გოგო პასუხად ეტყვის:

“მსურს მარიატას ვუშველო რამე!”

ალაპარაკდა როკაპი მაშინ

და რუოტუსის წარმოთქვა ცოლმა:

“აქ არ არსებობს აბანო თქვენთვის,

აქ ჩვენ უცხოსთვის აბანო არ გვაქვს.

არის სათქვენო აბანო მინდვრად,

იქ, ფიჭვის ტყეში დგას ერთი თავლა,

მოილოგინოს, დაე, იქ მრუშმა,

სული, დაე, იქ ამოძვრეს მეძავს:

ორთქლს გამოუშვებს ნესტოდან ცხენი

და იბანავეთ იმ ორთქლში ლაღად”.

პაწაწკინტელა გოგონა პილტი

გამოეშურა სახლისკენ უკალ,

რაც შეუძლია გამორბის მარდად,

მოირბინა და წარმოთქვა ასე:

“ვერსად ვიპოვე აბანო შენთვის,

სარას ნაპირზე ტყუილად მიველ,

იქ რუოტუსის კაპასმა ცოლმა,

ასეთი მითხრა პასუხად სიტყვა:

“აქ არ არსებობს აბანო თქვენთვის,

აქ ჩვენ უცხოსთვის აბანო არ გვაქვსმ,

არის სათქვენო აბანო მონდვრად,

იქ, ფიჭვის ყყეში დგას ერთი თავლა,

მოილოგინოს, დაე, იქ მრუშმა,

სული, დაე, იქ ამოძვრეს მეძავს:

“ორთქლს გამოუშვებს ცხვირიდან ცხენი

და იბანავეთ იმ ორთქლში ლაღად!”

ბოროტმა ასე მომიგო სწორედ,

გლისპმა ასეთი პასუხი გამცა”.

ეს მარიატა, ასული ტურფა,

გულამომჯდარი დაიწყებს ტირილს

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“აი, მე უნდა წავეთრე ახლა,

ვით მედღეური ღატაკი ვიღაც,

ვით აყვანილი მხევალი ქირით,

იმ გადატრუსულ მინდორში მარტო,

იმ ფიჭვის ტყეში წავშავდე უნდა!”

აი, მან ხელი მოკიდა კაბას,

და აიკეცა კალთები კაბის,

და დაიჭირა მან ცოცხი ხელში,

რბილფოთლიანი ცინცხალი ცოცხი,

და გამოვიდა სახლიდან გარეთ,

მუცლის აწუხებს ტკივილი ქალწულს

და ფიჭვის ტყისკენ იჩქარის იგი,

იქ, ტაპიოსი დგას სადაც ქოხი.

ალაპარაკდა გზადაგზა ქალი

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“შველად ჩამოდი, შემქმნელო ციდან,

ნუგეშინს ველი მოწყალევ შენგნით,

აი აუტანელ ტანჯვაში მყოფი,

ამ ჩემთვის მძიმე წუთებში ერთობ!

ტკივილებისგან ქალწული იხსენ,

უძლებს გვრემანი გაუცხრე მუცლის,

რათა ტკივილთა არ გახდეს მსხვერპლი,

რომ არ გადაჰყვეს საწყალი მუცელა!”

და მიაღწია როდესაც ადგილს,

ამეტყველდა და წარმოთქვა ასე:

“ამოისუნთქე, გეთაყვა, ჰუნევ,

ამოისუნთქე, მერანო ჩემო,

აქ აბანოსი აუშვი ორთქლი,

მე სიმხურვალე მომეცი დიდი,

რომ უბედურმა სიმშვიდე ჰპოვოს,

ცოტათი მაინც ეშველოს საწყალს”.

სუნთქავს და სუნთქავს კეთილი ცხენი,

ამოისუნთქა ერთხელ და ორჯერ

და დაასუნთქა ზედ მტკივან მუცელს;;

და ცხენი როცა სუნთქავდა ლურჯა,

აბანოსებრი უნჯუფა გადგა

და ცივ წვთებად გადიქცა ორთქლი.

ამ მარიატამ, ასულმა ტურფამ,

თავდაჭერილმა და ერთობ მორცხვმა,

დოდხანს და კარგად იბანა ორთქლში,

წყლით განიბანა მუცელი მძიმე,

და გააჩინა ქალწულმა შვილი

და ხელში აჰყავს ყმაწვილი ქალწულს,

ყმაწვილს ქალწული თივაში აწვენს

და ჩასვა ცხენის ბაგაში ბავშვი.

შემდეგ მან შვილი დაბანა კარგად

და გაახვია ხელამოდ ჩვრებში,

და დაიწვინა მუხლებზე ჩვილი

და ჩაიხუტა უბეში ნორჩი.

თავს ადნებოდა ქალწული ყმაწვილს,

ძუძუს აჭმევდა აყვანილს ხელში,

ხელებზე ეწვა, არწევდა ისე.

პაწაწკინტელა ეს ოქროს ვაშლი,

ერთი მტკაველა ეს ვერცხლის წკეპლა,

მაძღარი ჰყავდა ყოველთვის ქალწულს.

დედამ მუხლებზე დაისვა ვაჟი,

მკერდში ჩაიკრა პატარა ბიჭი,

თითებით ვარცხნა დაუწყო ქოჩრის,

ეალერსება, უვარცხნის ქოჩორს.

უცებ ყმაწვილი მუხლიდან გაჰქრა

უბიდან გაჰქრა ყმაწვილიუ უცებ.

მყის მარიატამ, ასულმა ტურფამ,

თავდაჭერილმა და ერთობ მორცხვმა,

ძებნა დაუწყო გარშემო ყმაწვილს;

პაწაწკინტელა ეს ოქროს ვაშლი,

ერთი მტკაველა ეს ვერცხლის წკეპლა,

სუყველგან მიძებნ-მოძებნა ირგვლივ:

ქალწული ყმაწვილს გულდასმით ძებნის,

დოლაბქვეშ ეძებს, მარხილქვეშ ეძებს,

დაძებნა ტყეში, დაძებნა ცხავქვეშ,

იქვე მდგარს ეჭვით ჩახედა გოვზას,

მარცვლოვანთ შორის ეძებდა დიდხანს,

მიწი-მოწია ბალახი ხშირი.

დაეძებს ყმაწვილს კვირაა ერთი,

ეძებს და ეძებს საყვარელ პირმშოს,

დაეძებს მთებში, წარაფში დაძრწის,

დასცქერის ქვიშას, ჩასცქერის მდელოს,

ათვალიერებს თვითეულ ყვავილს,

სწვს აქეთ-იქით ჩირგვებს და ბუჩქებს,

ძირფესვიანად თხრის იგი ღვიას,

ხეებს გზადაგზა ალეწავს ტოტებს.

ახლა უფრო შორს აპირებს ძებნას,

შორს გაეშურა საძებრად კიდეც,

შემოეყარა ვარსკვლავი გზაზე,

დაემხო ქალი წინაშე მნათის:

“ვარსკვლავო, ქმნილო ღვთაების მიერ!

ჩემს პატარაზე რა იცი, მითხარ,

პაწაწკინტელა სად არის ჩემი,

სად დამეკარგა ოქროსი ვაშლი?”

ქალწულს ვარსკვლავმა მიუგო ასე:

“მე რომ ვიცოდე, არ გეტყვი მაინც,

რადგან მე მისგან დღე მადგას ცუდი, –

სიცივეში რომ ვცახცახებ ხოლმე,

სიბნელეში რომ ვციმციმებ მიწყივ,

ეს შენი შვილის ღვაწლია მხოლოდ”.

ახლა უფრო შორს აპირებს ძებნას,

შორს გაეშურა საძებრად კიდეც,

შემოეყარა მთოვარე გზაზე,

დაემხო ქალი წინაშე მთვარის:

“მთვარეო, ქმნილო ღვთაების მიერ,

ჩემს პატარაზე რა იცი, მითხარ,

პაწაწკინტელა სად არის ჩემი,

სად დამეკარგა ოქროსი ვაშლი?”

ქალწულლ მთოვარემ მიუგო ასე:

“მე რომ ვიცოდე, არ გეტყვი მაინც,

რადგან მე მისგან დღე მადგას ცუდი,

ღამ-ღამობით რომ გუსაგად ვდგავარ,

მინდა თუ არა, რომ მძინავს დღისით,

ეს შენი შვილის ღვაწლია მხოლოდ”.

ახლა უფრო შორს აპირებს ძებნას,

შორს გაეშურა საძებრად კიდეც,

შემოეყარა მზე ქალწულს გზაზე,

დაემხო ქალი წინაშე მზისა:

“მზეო, შექმნილო ღვთაების მიერ,

ჩემს პატარაზე რა იცი, მითხარ,

პაწაწკინტელა სად არის ჩემი,

სად დამეკარგა ოქოროსი ვაშლი?”

მზემ ქალწულს ბრძნული პასუხი გასცა:

“ვიცი, ქალწულის სად არის შვილი!

დღისით რომ ლაღად დავდივარ ასე,

დედამიწას რომ ვადნები ოქროდ,

ყოველ დილით რომ ვერცხლივით ვბრწყინავ,

ეს შენი შვილის ღვაწლია მხოლოდ.

მე შენი შვილის ამბავი ვიცი,

ვიცი, საწყალი სად არის ახლა!

ვიცი და კიდეც ახლავე გეტყვი”

პაწაწკინტელა ეს ვერცხლის წკეპლა,

წელამდე არის ჩაფლული შლამში,

ქვიშაში ნსახავ ყელამდე ჩაფლულს”.

და მარიატა, ასული ტურფა,

ახლა ჭაობში დაეძებს პირმშოს,

ეძება დიდხანს, იპოვნა ბოლოს

და გამოიქცა ბავშვითურთ სახლში.

და მარიატამ გაზარდა ბიჭი,

მოაჩიჩქვინა ყმაწვილი უცებ.

ოღონდ სახელი არ ჰქვია ყმაწვილს

და უსახელოდ იზრდება ასე;

ყვავილს ეძახის ვაჟიშვილს დედა,

შარახვეტიას უხმობენ სხვები.

და გადაწყვიტეს მონათვლა მისი,

წყლით მომაგრება ისურვეს ბავშვის.

მოსანათლავად მოხუცი მოჰყავთ,

ვიროკანასი მობრძანდა უკვე.

ალაპარაკდა მოხუცი უცებ

და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

“მონუსხულია საწყალი ბიჭი,

არ შეიძლება მონათვლა მაგის,

არ გაუსინჯავთ სანამდე კარგად,

მოწონებული არ არის ვიდრე”.

ვინ შეამოწმებს ნატავი ყმაწვილს,

მომწონებელი ვინ არის მისი?

ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,

ეს შემლოცველი, უკვდავი მარად,

შესამოწმებლად ყმაწვილი მოდის,

მოსაწონებლად მოვიდა ვაბშვის.

ალაპარაკდა ვეინე ბრძენი

და განაჩენი გამოაქვს მოხუცს:

“ჭაობში არის ნაპოვნი რადგან,

და ნაყოფია რადგანაც კენკრის,

ან უნდა დავსვათ ეგ ბავშვი მინდვრად,

იქ, სადაც კენკრის ჩირგვია ბევრი,

ანდა ჭაობში ჩააგდეთ იგი

და გაუჩეჩქვეთ მას თავი ჯოხით!”

ნახევარი თვის აძრახდა ბავშვი,

ორი კვირისამ ღაღადჰყო ბალღმა:

“მოხუცო, მყოფო ჭკუაზე მწყრალად,

უგუნურო და უძლურო კაცო,

ეგ რა ბრუყვულად გამოთქვი აზრი,

რა ცრუდ იკადრე კანონთა ახსნა!

შენ უფრო დიდიც გქონია ცოდვა,

უფრო ბრიყვულიც გიქნია საქმე,

მაგრამ ჭაობში უსვრიხარ არვის,

არც გაუგდიათ ეგ გოგრა შენთVის,

და მერე როდის, ეს მაშინ, როცა

ბავშვნი შესწირე შენ დედას შენსას,

ძუძუმწოვარა უმსხვერპლე ბავშვნი,

რათა შენ გეხსნა სიცოცხლე შენი,

გადარჩენოდი ფათერაკს რათა,

ანდა, როდესაც ჭაბუკი იყავ,

დღე გაუმწარე შენ ქალწულს რამდენს,

თავი დაიხრჩო რამდენმა ზღვაში,

შლამზე გაიხრწნა რამდენის ტანი,

მაგრამ ჭაობში გისროლეს როდი

და თავი როდი გაგიპეს რეგვენს”.

ვიროკანასი პატარას ნათლავს

და ცეროდენას ის ასე ლოცავს:

“დე, კარელიის ხელმწიფე იყავ,

ძალაუფლება შენ გეპყრას მისი!”

და განაწყენდა ვეინე ბრძენი,

იწყინა კიდეც და შერცხვა კიდეც

და მყის დატოვა ადგილი იგი,

და გაემართა მოხუცი ზღვისკენ.

გზადაგზა იგი ხმამაღლა მღერის,

შესძახა რიხით ზღვას კიდევ ერთხელ.

სიმღერით ხელად წარმოშვა ნავი,

ნავი, რომელსაც სპილენძი ერტყა.

ნავის კიჩოზე ჩსამოჯდა ბრძენი,

ნავი ნელ-ნელა შეცურდა ზღვაში,

ალაპარაკდა მოხუცი უცებ,

წასვლის წინ ბრძენმა წარმოთქვა ასე:

“აი, გაივლის ეს დრო და ჟამი,

დღეები წავლენ, დღეები მოვლენ,

აქ კვლავ საჭირო გავხდები ვიცი,

კვლავ დამიწყებენ ძებნას და ლოდინს,

რომ გავაკეთო ხელახლა სამპო,

ხოკერი მუღნის გავთალო რათა,

ცაზე ხელახლა ავუშვა მთვარე,

მზე დავუბრუნო კოჭიმელს მნათი

რადგან სიამე არ არის ქვეყნად,

თუ მზე და მთვარე არ არის ცაზე”.

დას მიდის ნავით ვენე ბრძენი,

ნავით, რვალი რომ არტყია მტკიცე,

ნავით, რომელსაც სპილენძი აკრავს;

მოტკაცუნეთი ის მიდის აფრით,

მიცურავს იქით, იჩქარის იქით,

სად ცა და მიწა ერთმანეთს ართვის.

და მიაყენა ის ნავი ბრძენმა,

იქ შეაჩერა მოხუცმა კანჯო.

ხალხას დაუტოვა კანტელე ტურფა

და სიმღერები თავისი ბრძნული,

რომ სიხარული არ აკლდეს სუომს,

კალევის მხარის ხარობდეს ხალხი.

ხლა მე უკვე დავმუწავ ბაგეს,

ენას ამჯერად დავბაწრავ მაგრად,

მწუხრზე დაწყებულ სიმღერას შევწყვეტ,

ამაღამ აღარ ვიმღერებ, მორჩა.

თუ დასვენება სჭირდებათ ცხენებს,

როს გაირბენენ გარკვეულ მანძილს,

მაგარიც თუკი რბილდება რკინა,

ზაფხულის ბალახს მოცელავს ოდეს,

იქანცებიან უკეთუ წყალნიც,

მდინარედ რბიან ნისინი როცა,

თუ უნდა ჩაქრეს გოზგიზა ცეცხლიც,

უკეთუ იგი ანთია დიდხანს:

გასაკვირია, თუ ძმა ხარ, მაშინ,

რომ მოიქანცოს სიმღერაც ლაღი,

მთელი საღამო უკეთუ მღერი,

მზის ჩასვლის შემდეგ მღერიხარ თუკი?

მე არაერთხელ მსმენია, უთქვამთ,

იმეორებენ ძალიან ხშირად:

“თვით ჩანჩქერი რომ ჩანჩქერი არის,

ისიც კი არ ღვრის მთელ თავის მარაგს,

და მომღერალიც ასეა სწორედ,

ერთად სიმღერას არ იტყვის ყველას.

უკეთესია შესწყვიტოს იგი,

ხელად შუაზე გასწყვიტოს უნდა”.

ვამთავრებ ასე, დავაგდენ ასე,

ერთ შულოდ ვახვევ სიმღერას ყველას,

სიმღერას ყველას თავს ვუყრი ერთად,

ბეღერლში ვკეტავ, ვითარცა მარაგს,

გარედან ძვლისას დავადებ ბოქლომს,

ვეღარ გამოვლენ ისინი გარეთ,

ვერ გამოტეხენ ისინი ბეღელს,

თუ არ გაიღო ბოქლომი ძვლისა,

თუ არ გაიხსნა მაგარი ციხე,

კბილები თუ არ გაიხსნა ბასრი,

არ ამოძრავდა უკეთუ ენა.

რა ბედენაა, ვიმღერო ბევრიც,

ყველგან და მარად ვიმღერო თუგინდ,

თუნდ ყოველ ტყეში სიმღერა ვჭექო,

მღერით ავავსო დაბლობი ყველა!

დედა ამ ქვეყნად აღარ მყავს უკვე,

აღარ დამიდის მიწაზე იგი,

არ ესმის ჩემი სიმღერა მოხუცს,

ოქროსი აღარ უხარის გული:

აქ მე ფიჭვები მისმენენ მხოლოდ

და ყურს მიგდებენ ტოტები ნაძვთა,

და თაყვანს მცემენ ქათქათა არყნი,

ცირცელი მაძლევს აქა-იქ სალამს.

დედამ დამტოვა ჯე კიდევ ბავშვი,

აქ, ამ ადგილას დამტოვა დედამ,

წამოვიჩიტე ტოროლას დარად,

ვითარცა შაშვი დავხტოდი ქვებზე;

ტოროლასავით ვიწყებდი წკრიალს,

ვჭახჭახებდი და შაშვივით ვსტვენდი;

აქ გამოვცადე თვალყური მტრული

და დედინაცვლის ალერსი მწარე.

დედინაცვალმა დამიდო ბინა

კედელთან, ქარი რომელსაც სცემდა,

არ შემიცოდა უგულო ქარმა,

ჩრდილო კედლისკენ გამაგდო ქოხის,

დაღუპვა სურდა, ცხადია, ჩემი,

ჩემი სიკვდილი უნდოდა ბოროტს.

ტოროლასავით გამოველ გარეთ

ვხეტიალობდი, ვითარცა ჩიტი,

სად არ ვეთრიე და სად არ ვეგდე,

მოვლახლახებდი ჩემი გზით ნელა

და ყოველგვარი გავიცან ქარი,

გადავეყარე მრავალჯერ გრიგალს.

ვარაკუნებდი ყინვაში კბილებს

და ღაპაღუპით მცვიოდა ცრემლი.

ახლა, ვინ დათვლის, ვაწყდები რამდენს,

ცოტანი როდი მხვდებიან ახლა,

მთათხავენ ხოლმე რომლებიც უღვთოდ,

რაც შეუძლიათ სიტყვებით მჩხვლეტენ,

სიმღერას ჩემსას ახშობენ ლანძღვით,

მიქილიკებენ გინებით ენას;

ამბობენ: თითქოს ვრატრატებ უძნოდ

რომ ზედმეტია სიმღერა ჩემი,

რომ ცუდად ვმღერი მე ძალზე ხშირად

და ხეირიანს ვერაფერს ვამბობ.

ნუ გაიკვირვებ, კეთილო ხალხო

ეს გულახდილი სიმღერა ჩემი

ბავშვისას რომ ჰგავს სიმღერას დასტურ,

ჩვილისას რომ ჰგავს მართლაცდა ჭყლოპინს

არ მისწავლია მე არსად სწავლით,

არ ვარ გაწვრთნილი ძალოვან კაცთა,

არ შემიტკბია სიტყვები უცხო

არ მომიღია ისინი შორით.

ვერ მოვახერხე სხვებივით სწავლა,

ვერ გავაღწიე სახლიდან გარეთ,

ვერ მივატოვე უჩემოდ დედა,

შინ ვერ დავაგდე მშობელი მარტო.

და, რაც ვისწავლე, ვისწავლე სახლში

მამაპაპური მესერის შიგნით,

სადაც ბზრიალი გაჰქონდა ტიბჟირს,

ძმის შალაშინი მღეროდა სადაც,

სადაც ჯერ კიდევ სრულიად ნორჩი

ვრბოდი დაფლეთილ პერანგით ტანზე.

ეს იყო ასე, თუ იყო ისე,

მე გამოვწალდე შარაგზა ფართო,

მივწი-მოვწიე ხეთანი ტოტნი,

მე გავიყვანე ბილიკი ტყეში,

ეს მე გავდევი მერმისთან ხიდი,

მისთვის სავალი გავკაფე შარა,

ვისაც სიმღერას დაჰყვება მადლი,

ვინც ხვალ რიხიან სიმღერას იტყვის.

საკუთარ სახელთა, სახელწოდებათა და ა.შ. საძიებელი

აინიკი – ლემინკაინენის და (XII რუნა).

აინო – იოუკახაინენის და (III, V რუნები).

ალუე – ტბა (XLVII, XLVIII რუნები).

ანიკი – ილმარინენის და (XVIII რუნა).

ანტერო – ვიპუნენის სხვა სახელი (XVIII რუნა).

ახტი – ლემინკაინენის სხვა სახელი (XI, XII და სხვა რუნები).

ახტო – ზღვის ღვთაება (V, XLI, XLII, XLIV, XLVIII რუნები).

გერმანული მიწა (XVIII, XXI, XXXVII, XLVI რუნები).

დვინა – მდინარე ჩრდილოეთ დვინა (XLVI რუნა).

ესტონეთი (XI, XXI, XLVI რუნები).

ველამო – ზღვის დედოფალი (V, XLII< XLIV, XLVIII რუნები).

ვიპუნენი – გოლიათი შელოცვების საუკეთესო მცოდნე (I, XVII რუნები).

ვიროკანასი – 1) ყასაბი, რომელმაც მოკლა ხარი (XX, XXII რუნები); 2) მოხუცი, მოწვეული მარიატას შვილის მოასანათლად (L რუნა).

ვირუ – ესტონეთის ერთ-ერთი მხარე და თვითონ ქვეყნის ძველი სახელწოდება (XI რუნა).

ვუოკსა – მდინარე (III, XVII, XXX რუნები).

ვუოია – ქვეყანა (XIII რუნა).

ვეინელა – ვეინემეინენის ქვეყანა (III, V და სხვა რუნები).

ვეინემეინენი, ვეინე – “კალევალას” რუნების მთავრაი გმირი (I, II და სხვა რუნები).

იოუკახაინენი – ვეინემეინენის მეტოქე სიმღერაში (I, III, VI რუნები).

იოუკოლა – იოუკახაინენის ადგილსამყოფელი (V, VII რუნები).

იკუ-ტურსო, ალბათ, იგივე ტურსასი – ზღვის ურჩხული (XLII რუნა).

ილმარინენი, ილმა – შესანიშნავი მჭედელი (I; VII და სხვა რუნები).

ილმატარი – ჰაერის ასული, ვეინემეინენის დედა (I, XLVII რუნები).ილპოტარი – ლოუხის სხვა სახელი (XXVII რუნა).

იმატრა – ჩანჩქერი (III, XXX რუნები).

ინგრია – ადგილი ლენინგრადთან (XI რუნა).

იორდანე – მდინარე პალესტინაში (XVII რუნა).

იოუტიკი – ძროხის სახელი (XXXII რუნა).

იუტასი –ავი სული (XIII, XVII რუნები).

კავე –ილმატარის სხვა სახელი (I რუნა).

კალევა – გმირების წინაპარი (II, VII და სხვა რუნები).

კალევაინენი – კალევის შვილი, აგრეთვე – კალევალელიც.

კალევალა – კალევის ქვეყანა (I, III და სხვა რუნები).

კალევატარი – კალევის ასული (XX და სხვა რუნები).

კალერვო, იგივე კალერვოინენი – კულერვოს მამა (XXXI, XXXV რუნები).

კალმა – სიკვდილის ღვთაება (XIII, XVII და სხვა რუნები).

კამო –საშინელების ღვთაება (L რუნა).

კაპო – კალევის ასული (XX რუნა).

კარიო – ძროხის სახელი (XXXII რუნა).

კარიალა –კარელია (III, XX, XXX, XLIII, XLVIII, L რუნები).

კატრაკოსკი – ჩანჩქერი (III რუნა).

კაუკომელი, კაუკო, კაუკოლაინენი –ლემინკაინენის სხვა სახელები (I, XI, XII და სხვა რუნები).

კაუპი – თხილამურების მკეთბელი (XIII რუნა).

კეიტოლაინენი – ავი სული (XXVI რუნა).

კემი – მდინარე ფინეთში (XX რუნა).

კივი-კომო – წყალქვეშა კლდეების ღვთაება (L რუნა).

კიმო – ძროხია სახელი (I რუნა).

კირიო –ძროხის სახელი (XXII, XXIII რუნები).

კუიპანა – ტაპიოს სხვა სახელი (XXXII რუნა).

კულერვო, კულერვოინენი – კალერვის ძე, ობოლი ტრაგიკული ბედით (XXXI, XXXVI რუნები).

კურა –ლემინკაინენის ამხანაგი (XXX რუნა).

კულიკი – ლემინკაინენის ცოლი (XI, XIII რუნები).

ლაფლანდია – (III, V და სხვა რუნები).

ლემინკაინენი – “კალევალას” ერთ-ერთი მთავარი გმირი (XI, XII და სხვა რუნები).

ლემპი – ლემინკაინენის მამა (XI რუნა).

ლემპო – ხიისის სხვა სახელი (VI, VIII და სხვა რუნები).

ლოვიატარი – სული, სნეულებათა დედა (XLV რუნა).

ლოკა –ილმარინენის დედა (XXV რუნა).

ლოუხი – პოხელის დიასახლისი (I, VII და სხვა რუნები).

ლუოტოლა – იოუკახაინენის საცხოვრებელი ადგილი (VII რუნა).

ლულიკი – კაუპის სხვა სახელი (XII რუნა).

მაირიკი – ძროხის სახელი (XXXIII რუნა).

მანა, მანალაინენი – მიწისქვეშა სამყაროს ღვთაება (IV< VI და სხვა რუნები).

მანალა – მიწისქვეშა სამყარო (VI, XIV და სხვა რუნები).

მარიატა – ასული, მოცვისაგან მუცელღებული (L რუნა).

მელატარი – ჩანჩქერების ღვთაება (XL რუნა).

მეტსოლა –ტაპიოლას სხვა სახელი, ტყეთა სამეფო (XV და სხვა რუნები).

მიმერიკი – მიელიკის სხვა სახელი (XIV რუნა).

მიელიკი – სული, ტყის დედოფალი (XIV, XXXII, XLVI რუნები).

მურიკი – ძროხის სახელი (I რუნა).

ნევა – მდინარე (XLVII რუნა).

ნურიკი – ტყის მეფის ძე (XIV, XXXII რუნები).

ომენა – ძროხის სახელი (XXII რუნა).

ოსმო – კალევის სხვა სახელი (II, IV< X XX რუნები).

ოსმოინენი – ოსმოს ძე, ვეინემეინენი (IV რუნა).

ოსმოტარი –ოსმოს ასული (XX, XXIII რუნები).

ოტსო – დათვის მეტსახელი (XXXII, XLVI რუნები).

პალევოინენი – 1) ტურის სხვა სახელი (XV, XLVII რუნები); 2) ვიროკანასის სხვა სახელი (XX უნა).

პანუ – ცეცხლის ღვთაება (XLVIII რუნა).

პელერვოინენი – სამპსას სხვა სახელი (II, XVI რუნები).

პილტი – მარიატას მხევალი (L რუნა).

პიმენტოლა – პოხელის სხვა სახელწოდება, წყვდიადის ქვეყანა (VI, VII და სხვა რუნები).

პირუ – ავი სული (XXIII რუნა).

პისა – მთა (III რუნა).

პოხელი – ჩრდილოეთის ქვეყანა (I, II და სხვა რუნები).

რუსეთი – ( XX, XXII, XXXVII რუნები).

რუოტუსი – ბოროტი კაცი (L რუნა).

რუტია – ლაფლანდიის სხვა სახელწოდება (XII< XVII რუნები).

საარი – კულიკის ადგილსამყოფელი (XI რუნა).

სავო – აღმოსავლეთ ფინეთის ნაწილი (XXXV, XLVIII რუნები).

სამპო – ჯადოსნური წისქვილი (I, VII და სხვა რუნები).

სამპსა – ვეინემეინენის დამხმარე თესვაში, ნახ. პელერვოინენი (II, XVI რუნები).

სარა – მდინარე (L რუნა).

სარიოლა – პოხელის სხვა სახელწოდება (VII, VIII და სხვა რუნები).

სუვანტოლა – ვეინემეინენის საცხოვრებელი ადგილი (VI რუნა).

სუვანტოლაინენი – ვეინემეინენის სხვა სახელი (VI, XVIII< XIX< XLIX რუნები).

სუოვაკო – მოხუცი ქალი პოხელში (XVIII რუნა).

სუომი – ფინეთი (XVIII, XIX და სხვა რუნები).

სუონეტარი – ღვთაება (XV რუნა).

სუეტარი – წყლის ავი სული (XV, XXVI რუნები).

ტაპიო – ტყის მეფე (XIV, XXXII, XLI, XLI, XLVI rni).

ტაპიოლა – ტაპიოს ქვეყანა, ტყე, (XIV, XV, XX, XXXII, XLI< XLVI რუნები).

ტელერვო – ტაპიოს ქალიშვილი, ტყის ასული (XIV, XXXII, XLVI რუნები).

ტერხენეტარი – ნისლის ასული (XIX რუნა).

ტიერა –კურას სხვა სახელი (XXX რუნა).

ტულიკი – ტაპიოს შვილი, ტყის ასული (XIV რუნა).

ტუომიკი – ძროხის სახელი (XXXIII რუნა).

ტუონელა – ტუონის ქვეყანა, მიწისქვეშა სამყარო (XI, XII და სხვა რუნები).

ტუონეტარი – მიწისქვეშა სამყაროს ქალთა ღვთაება (XVI რუნა).

ტუონი – მანას სხვა სახელი (XII, XIV და სხვა რუნები).

ტუორიკი – ძროხის სახელი (XXXII რუნა).

ტური – სახლის პატრონი შესანიშნავ ადგილას (XV, XLVII რუნები).

ტურსასი – როგორც ჩანს, იგივე იკუ-ტურსო – ზღვის ურჩხული (II რუნა).

ტურია – როგორც ჩანს, ლაფლანდიის სხვა სახელწოდება (XII, Xხ და სხვა რუნები).

უვანტოლაინენი – ვეინემეინენის სხვა სახელი (VII, XVI, XVIII, XLII რუნები).

უდუტარი – ნისლის ასული (XLII რუნა).

უკო – ცის, მეხისა და ელვის ღმერთი (I, II და სხვა რუნები).

ულაპალა – მანალას სხვა სახელი (XLV რუნა).

უნტამო – 1)ძილის ღვთაება (V რუნა); 2) კალერვოს ძმა (XXXI, XXXIV, XXXVI რუნები); 3) ჯადოსნური დათვის პატრონი (XXVI რუნა).

უნტამოინენი – იგივე უნტამო 2 (XXXI რუნა).

უნტამოლა – უნტამო 2-ის ქვეყანა (XXXI რუნა).

შვედეთი – (XX რუნა).

ციხე-ტანიკა – ტალინი (XXV რუნა).

ხალაპურია – ტბა () III რუნა

ხერმიკი – ძროხის სახელი (XXXII რუნა).

ხიისი – ავი სული (VI, VIII და სხვა რუნები).

ხორნა – მთა (III რუნე).

ხიამე – ქვეყანა (III 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ხალხური / კალევალა