ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა   თ ქ ვ ა:

 32. ლირად სახელდებენ

 სასახლეს ნათელსა,

 ტრიალებს დღედაღამ,

 ვით შუბის წვერზედა.

 ოდენ ყურმოკრულად

 სმენიათ მოკვდავთა

 დიდთა მათ დარბაზთა

 განცხრომა, სიმდიდრე.

 

 ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა   თ ქ ვ ა:

 33. ფიოლსვიდრო, პასუხი

 მომაგე კითხვაზე,

 მინდა აწ სიმართლით

 ვუწყოდე ყოველი:

 ვინ მორთო ეს ეზო,

 ვინ მოავარაყა -

 ელვარე, ვითარცა

 მზე-პაპანაქება?

 

 ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა   თ ქ ვ ა:

 34. უნიმ და ირიმ,

 ბარიმ და ორიმ,

 ვარმა, ვეგდრაზილმა,

 დორიმ და ურიმ,

 დელინგრმა, ატვარდმა,

 ლოკიმ და ლოდსკალფმა

 მორთეს ეს მიდამო

 და მოავარაყეს.

 

 ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა   თ ქ ვ ა:

 35. ფიოლსვიდრო, პასუხი

 მომაგე კითხვაზე,

 მინდა აწ სიმართლით

 ვუწყოდე ყოველი:

 რა ჰქვია ამ მთასა,

 სადაც საპატარძლოს

 ვხედავ მე საოცარს

 ასულს მშვენიერსა?

 

 ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა   თ ქ ვ ა:

 36. ლიფაბერგ სახელდევს

 მთასა მას საკვირველს,

 ის კურნას სნეულთა,

 აშუშებს ჭრილობებს.

 მყის განიკურნება

 ყოველთა სენთაგან,

 ვინც იმ მთას აჰყვება,

 და მწვერვალს მიაღწევს.

 

 ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა   თ ქ ვ ა:

 37. ფიოლსვიდრო, პასუხი

 მომაგე კითხვაზე,

 მინდა აწ სიმართლით

 ვუწყოდე ყოველი:

 რა ჰქვიათ ქალწულთა,

 რიგად რომ დამსხდარან

 მენგლოდ ქალბატონის

 ფერხთა სიახლოვეს?

 

 ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა   თ ქ ვ ა:

 38. ერთს ჰქვია ჰლიფი,

 ჰლიფთურსა - მეორეს,

 მესამეს - დიტვართა,

 შემდგომს - აურბოდა,

 ფრიდი და ბორთი,

 ეირ და ბლიდრი -

 აჰა მათ ქალწულთა

 სახელნი ესე.

 

 ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა   თ ქ ვ ა:

 39. ფიოლსვიდრო, პასუხი

 მომაგე კითხვაზე,

 მინდა აწ სიმართლით

 ვუწყოდე ყოველი:

 ქალწულნი იგინი

 ყველას თუ სწყალობენ -

 ზვარაკთა მიმტანსა,

 მსხვერპლთა შემწირველსა?

 

 ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა   თ ქ ვ ა:

 40. ქალწულნი იგინი

 სწყალობენ ყოველსა -

 ზვარაკთა მიმტანსა,

 მსხვერპლთა შემწირველსა;

 ჰკურნავენ სნელთა,

 უძლურთ, დავრდომილთა,

 ჟამსა ავბედობის

 შველიან მამაცტა.

 

 ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა   თ ქ ვ ა:

 41. ფიოლსვიდრო, პასუხი

 მომაგე კითხვაზე,

 მინდა აწ სიმართლით

 ვუწყოდე ყოველი:

 კაცთაგან ვის ძალუძს -

 მოკვდავს ბედნიერსა

 მენგლოდის მკლავებზე

 ძილი და განცხრომა?

 

 ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა   თ ქ ვ ა:

 42. კაცთაგან არასდროს

 არ ძალუძს არავის

 მენგლოდის მკლავებზე

 ძილი და განცხრომა,

 კიდეგან სვიპდაგრის,

 მზეებრ მბრწყინავისა,

 ვინც საქმროდ მენგლოდის

 დათქმულა ოდითგან.

 

 ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა   თ ქ ვ ა:

 43. გააღე კარები,

 გახსენ ალაყაფი,

 ვინძლო შენს წინაშე

 იხილოს სვიპდაგრი;

 იჩქარე მენგლოდთან,

 ჰკითხე მშვენიერსა -

 სვიპდაგრის ცოლობის

 თუ არის მსურველი.

 

 

 ფიოლსვიდრი შევიდა მენგლოდთან და თქვა:

 

 44. მენგლოდ, მომისმინე!

 მოვიდა ჭაბუკი,

 გამო, მიეგებე

 სტუმარს სასურველსა.

 ძაღლნი არ უღრენენ,

 კარნი თვით განიხვნენ,

 საფიქრებელია,

 სვიპდაგრი გვესტუმრა.

 

 მ ე ნ გ ლ ო დ მ ა   თ ქ ვ ა:

 45. მაღალსა როკზედა

 თოკით დაკიდებულს,

 ყორნებმა თვალები,

 დაე, ამოგთხარონ,

 თუ სცრუობ, რომ ჩემთან

 დიდად სასურველი,

 დიდი ხნის ნანატრი

 მოვიდა სტუმარი.

 

 მენგრლოდი გამოვიდა სვიპდაგრთან და თქვა:

 

 46. მარქვი, სით მოსულხარ?

 სად იყავ აქამდე?

 სახელი რა გქვია?

 მითხარი სიმართლე!

 ვისი მოდგმისა ხარ,

 ვისი გვარ-ტომისა?

 გიცნო ჭეშმარიტად,

 თუ ჩემი საქმრო ხარ.

 

 ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა   თ ქ ვ ა:

 47. სახელმდევს სვიპდაგრი,

 ძე ვარ სოლბიარტრის,

 შორი გზით მოვედი.

 გზად მარტომ ვიარე.

 განაჩენს ურდისას

 ეურჩის ვერავინ -

 აღსრულდეს, ბედისგან

 რაც არის დათქმული.

 

 მ ე ნ გ ლ ო დ მ ა   თ ქ ვ ა:

 48. სალამი, ჭაბუკო,

 დარბაზს შემობრძანდი,

 მიიღე საცოლის

 კოცნა სასურველი;

 სატრფოსთან შეყრის ჟამს

 ზეიმბოს ყოველი,

 ვისაც ტრფიალების

 ცეცხლის სწვავს ძლიერი.

 

 49. აქ დიდხანს ვიჯექი,

 ამ მაღალ მწვერლვაზე,

 დარდით დასეტყვილი,

 შენი მომლოდინე.

 სურვილი აღსრულდა,

 სევდა განიფანტა -

 შენ ჩემთან მოხვედი,

 ტკბილო მეგობარო.

 

 50. ოდითგან მე შენი

 მწვავდა სიყვარული,

 შენც ჩემი სურვილი,

 გტანჯავდა ძლიერი.

 გათავდა ლოდინი.

 აღსრულდა დათქმული,

 აწ ერთად ვიქნებით

 მარად ბედნიერნი.

 

 

 II. სიმღერა გმირებზე

 

 სიმღერა ვოლუნდზე

 (Völundarkvidha)

 

   მეფე ნიდუდი ცხოვრობდა სვიტოდში. მას ჰყავდა ორი ვაჟი და ერთი ქალი სახელად ბოდვილდი.

 ცხოვრობდნენ სამნი ძმანი, ძენი ფინების მეფისა. ერთს ერქვა სლაგფიდი, მეორეს - ეგილი, მესამეს - ვოლუნდი. თხილამურებით დადიოდნენ სანადიროდ. მივიდნენ ულფდალირში* და აიშენეს სახლი. იქ არის ტბა, რომელსაც ულფზიარი** ეწოდება. ერთხელ, დილით ადრე, ძმებმა ტბის ნაპირას იხილეს სამი ქალი, რომლეიც სელს ართავდნენ. იქვე, მათ მახლობლად, გედისბუმბულიანი მათი ტანსაცმელი ეწყო. ეს ქალები ვალკირები იყვნენ. ორი მათგანი - ასული მეფე ჰლოდვერისა: ჰლადგურდი, გედივით თეთრი და ჰაროვანი, ყოვლისმცოდნე, ხოლო მესამე - ოლრუნი - ასული კაირ ვალანდელისა. ძმებმა ისინი შინ წაიყვანეს. ეგილმა ცოლად შეირთო ოლრუნი, სლაგფიდმა - სვანფიტი ***, ვოლუნდმა - ალფიტი ****. შვიდი ზამთარი გაატარეს მათ ერთად. შემდეგ კი ვალკირიები საომრად გაფრინდნე და უკან აღარ დაბრუნებულან. მაშინ ეგილი გაემართა ოლრუნის საძებრად, სლაგფიდი - სვანფიტისა, ხოლო ვლუნდი ულფდალირში დარჩა. იგი იყო უგონიერესი მამაკაცთა შორის, რომელთა შესახებაც ძველი თქმულებებიდან გვსმენია. მეფე ნიდულმა ბრძანა შეეპყროთ იგი, როგორც ამის შესახებ აქ არის მოთხრობილი:

 

 1. ქალნი სამხრეთიდან -

 მხნე ვალკირიები -

 ტყე-ტყე მოფრინავდნენ,

 ომის მაძებარნი;

 გზაში შეისვენეს,

 დასხდნენ ტბის ნაპირას,

 სამთა მათ ქალწულთა

 იწყეს რთვა სელისა.

 

 2. ქალწულმა პირველმა -

 ოლრუნ მშვენიერმა -

 ეგილს შემოხვია

 ბეჭებზე მკლავები;

 სვანფიტად უხმობდნენ

 დასა მას მეორეს -

 სლაგფიდის ტრფიალსა;

 ხოლო დაი მესამე

 ვოლუნდს შემოეჭდო

 კისერზე ანაზდად.

 

 3. დარჩნენ და ცხოვრობდნენ

 მშვიდად და განცხრომით

 შვიდსა ცივ ზამთარსა,

 მერვეს - მოეწყინათ,

 მეცხრეს - კი - დაუდგათ

 ჟამი განშორების;

 უღრან ტყეებისკენ

 გაფრინდნენ ასულნი -

 ომის მაძებარნი

 მხნე ვალკირიები.

 

 4. შინ ნადირობიდან

 დაბრუნდნენ ვოლუნდი,

 სლაგფიდი, ეგილი -

 სახლსა ცარიელსა;

 შეშფოთდნენ, დაიწყეს

 ძებნა და წრიალი.

 ეგილ აღმოსავლეთს

 გაუდგა ოლრუნსა,

 სლაგფიდ სამხრეთისკენ

 სვანფიტს დაედევნა.

 

 5. დარჩა ულფდოლუმში

 ვოლუნდი მარტოკა;

 თვალებით შეამკობდა

 წითელსა ოქროსა,

 გრეხსა და ძერწავდა

 მშვენიერ ბეჭდებსა,

 შინ ელოდებოდა

 ცოლს სახემზიანა,

 ფირობდა: ვინძლო კვლავ

 დაბრუნდეს უკანვე.

 

 6. შეიტყო ნიდუდმა -

 ნაირთა ბატონმა,

 რომ ვოლუნდ მარტოკა

 დარჩა ულფდოლუმში;

 კაცნი ჩავშნოსანნი

 გაგზავნა ღამითა -

 ნამლევ მთვარის შუქზე

 ელავდნენ ფარები.

 

 7. უნაგირებიდან

 ჩამოხტნენ მხედრები,

 შევიდნენ დარბაზში,

 გარს მიმოიხედეს,

 ხრალზე დაკიდული

 იხილეს ბეჭდები -

 შვიდასი ბეჭედი

 დაეწნა ვოლუნდსა.

 

 8. იწყეს მათ მოხსნა და

 კვლავ აცმა ბეჭდების,

 ააცვეს ბეჭდები,

 ერთი გადამალეს.

 მოვიდა ვოლუნდი.

 მარჯვე მოისარი,

 შინ ნადირობიდან

 დაბრუნდა შორი გზით.

 

 9. შეწვა მოესურვა

 მას დათვის ხორცისა;

 ფიჩხივით აინთო

 ფიჭი გამომხმარი.

 შეშა ვოლუნდისა

 ნიავს გამოეშრო.

 

 10. დაჯდა დათვის ტყავზე

 ალფების თავადი,

 დათვალა ბეჭდები,

 სცნა - ერთი აკლია,

 იფიქრა: დაბრუნდა

 ჰლოდვერის ასული,

 ალფიტმა აიღო

 ბეჭედი იდუმალ.

 

 11. დიდხანს ჯდა ფიქრებში,

 ბოლოს ჩაეძინა. . .

 და როს გაიღვიძა,

 მიხვდა, რომ მომხდარა.

 ხიფათს გადაჰყრია,

 საფრთხეს ჩავარდნილა -

 ხელნი გათოკილნი,

 ფეხებზე ბორკილი.

 

 ვ ო ლ უ ნ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 

 12. "ნეტავ ვინ არიან,

 აქ რომ თავს დამესხნენ,

 წარმტაცეს განძი და

 შემბოჭეს ხრალითა?"

 

 13. შესძახა ნიდუდმა -

 ნიართა თავადმა:

 "მითხარი, ვოლუნდო,

 ალფების ბელადო,

 თუ ვით დაეუფლე

 ჩვენს განძს ულფდოლუმში?"

 

 ვ ო ლ უ ნ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 14. "აქ შენ ვერ იხილავ

 ტვითსა გრანისასა;

 მთები რაინის

 შორს არის აქედან.

 მახსოვს, ჩვენ საუნჯე

 გვქონდა უმჯობესი

 ჟამსა მას, როს ერთად

 ვცხოვრობდით თვისტომნი:

 

 15. ჰლადგუდრ და ჰერვორი -

 ასულნი ჰლოდვერის,

 კიარის ასული -

 ოლრუნ მშვენიერი" -

 . . . . . . . . . . . . . . . . .

 

 შევდინენ სახლსა მას,

 დარბაზს გაიარეს,

 დადგა ფიცარნაგზე

 და წართქა წყნარადა:

 "იგი, ვინც ტყით მოდის,

 ძმობას ვერ გაგიწევს".

 მეფე ნიდუდმა თავის ასულს ბოდვილდს მისცა ბეჭედი, რომელიც ვოლუნდის მიერ გაბმულ ხრალის თოკიდან წააძრო, ხოლო თვითონ ვოლუნდის მახვილის ტარება იწყო. მაშინ დედოფალმა თქვა:

 16. "კბილებს აღრჭიალებს,

 ოდეს ჭვრეტს მახვილსა,

 ოდეს თვის ბეჭედსა

 ბოდვილდს დაუნახავს:

 თვალებს ურჩხულივით

 ანთებს, აბრიალებს;

 ნუღარ დააყოვნებთ,

 მყესნი გადუჭერით,

 დატოვეთ, დე, იჯდეს

 კუნძულ სევარსტადზე".

 

 

 ასე მოიქცნენ: ვოლუნდს გადაუჭრეს მყესნი მუხლებქევმოთ და დატოვეს ნაპირთან ახლო მდებარე კუნძულზე, რომელიც სევარსტადად იწოდებოდა. იქ იგი მეფისთვის ჭედდა ყოველგვარ ძვირფას ნივთებს. არავის შეეძლო მისი ნახვა, გარდა მეფისა.

 

 

 ვ ო ლ უ ნ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 17. "ნიდუდის ქამარზე

 ანათებს მახვილი,

 ჩემია, ჩემგანვე

 ნაჭედი, ფხიანი,

 მე მივეც სიმტკიცე,

 ვაწრთე და გავლესე;

 წარმიღეს, წარმტაცეს

 ბასრი და ელვარე,

 აწ ჩემს სამჭედლოში

 ის ვეღარ ვიხილო;

 

 18. ბოდვილდი ატარებს

 აწ ჩემი მეუღლის

 მარჯნისფერ ბეჭედსა. . .

 შური ვით ვიძიო!~. . .

 ძილი არ ახსოვდა,

 გრდემლს სცემდა უროსა,

 ნიდუდს უმზადებდა

 საკადრის საზღაურს.

 

 19. ორთა მათ ყმაწვილთა -

 ძეთა ნიდუდისა -

 განძთა სევარსტადის

 ხილვა მოესურვათ.

 მივიდნენ ზანდუკთან,

 ითხოევს გაღება,

 იქ მათ ვერაგობა

 ელოდათ ცბიერი.

 

 20. იხილეს ძვირფასი

 ბევრი განძეული,

 ბევრი სამკაული

 და ოქრო წითელი.

 

 ვ ო ლ უ ნ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 21. "წადის და ორთავეს

 გელით ხვალ უკანვე,

 საჩუქრად მიიღებთ

 ოქროებს წითელსა!

 ოღონდ არ გაანდოთ

 მსახურთ და შინაყმებს,

 არავინ შეიყტოს,

 რომ ჩემთან იყავით!"

 

 22. მალე, კვლავ, ყმაწვილი

 ძმა ძმას ეძრახა:

 "ძმაო, გავეშუროთ,

 ვნახოთ განძეული!"

 მივიდნენ ზანდუკთან,

 ითხოვეს გაღება,

 იქ მათ ვერაგობა

 ელოდათ ცბიერი.

 

 23. ვოლუნდმა თავები

 მოჰკვეთა ორთავეს,

 ფეხნი საბერველქვეშ

 შეჰყარა დაჭრილნი;

 თავის ქალებისგან

 თასები გამოჭრა,

 ვერცხლით შემოჭედა,

 ნიდუდს გაუგზავნა.

 

 24. თვალთა იაგუნდნი

 ძმათა მათ ყმაწვილთა -

 ჯილდოდ ნიდუდისა

 ბრძენს დედოფალსა;

 კბილთაგან ელვარე

 ღილნი გამოჰკვეთა -

 ბოდვილდს დაუმშვენებს

 კაბის გულისპირსა.

 

 25. ბოდვილდი მოვიდა -

 ბზარი აქვს ბეჭედსა,

 უჩვენა და უთხრა:

 "მხოლოდ ერთს, შენ ძალგიძს

 ჩემი დახმარეა".

 

 ვ ო ლ უ ნ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 26. "ისე გავამთელო

 ოქრო გაბზარული,

 ვინძლო კმაყოფილი

 დარჩეს მამაშენი,

 მასზე უმეტესად

 ეამოს დედაშენს,

 შენს გულსაც უსაზღვრო

 მოჰხვდეს სიხარული".

 

 27. ლუდი მოუტანა,

 ასვა მათრობელა,

 მერხზე დააწვინა,

 ბოდვილდს ჩაეძინა.

 "აი, ყველაფრისთვის

 მე შური ვიძიე,

 გარდა მის ერთისა

 მძიმე სადარდელის".

 

 28. "ახლა ავფრინდები, -

 წარმოთქვა ვოლუნდმა, -

 ფრთებით, ნიდუდის

 მსახურთ რომ დამაჭრეს".

 ვოლუნდი სიცილით

 ამაღლდა ჰაერში,

 ბოდვილმა ქვითინით

 დატოვა კუნძული:

 ნაღვლობდა სატრფოზე,

 მამის ეშინოდა.

 

 29. დგას სახლთან ბოროტი

 ცოლი ნიდუდისა,

 შევიდა სახლსა მას,

 დარბაზს გაიარა:

 ნახა - ის კედელთან

 ისვენებს დამჯდარი:

 "გძინას, შენ, ნიდუდო,

 ნიართ მბრძანებელო?"

 

 30. "არა, არა მძინავს,

 გულს მაწევს ნაღველი,

 ან რა დროს ძილია -

 ძენი დამეღუპნენ;

 დამღუპა მე შენმა

 რჩევამ და თათბირმა!

 აწ მინდა ულმობელ

 ვოლუნდს შევეკითხო".

 

 31."ვოლუნდ, მიპასუხე,

 ალფების თავადო,

 როგორ მოაკვდინე

 შენ ჩემი ვჟები?"

 

 ვ ო ლ უ ნ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 32. "პირველ შემომფიცე

 მტკიცე საფიცარი:

 გარეწრე ფარისა

 და ქიმი ხომალდის,

 ფოლადი შუბისა,

 ქედი ბედაურის, -

 რომ არ დაგიღუპავს

 ვოლუნდის მეუღლე,

 რომ მკვლელი არა ხარ

 შენ ჩემი ცოლისა;

 ცოლსა მას მეორეს

 ჩემსას კარგად იცნობ,

 იგი შენს დარბაზში

 ჩემგან შვილს დაბადებს!

 

 33. წადი სამჭედლოში,

 შენ თვით რომ აშენე,

 თავებზე გადამძვრალ

 ტყავს ნახავ სისხლიანს;

 თავები მოვკვეთე

 შენთა ვაჟიშვილთა,

 ფეხნი საბერველქვეშ

 შევყარე დაჭრილნი.

 

 34. თავის ქალებისგან

 თასები გამოვჭერ,

 ვერცხლით შემოვჭედე,

 ნიდუდს გავუგზავნე;

 თვალთა იაგუნდნი

 ძმათა მათ ყმაწვილთა -

 ჯილდოდ ნიდუდისა

 ბრძენსა დედოფალსა.

 

 35. კბილთაგან ელვარე

 ღილნი გამოვკვეთე, -

 ბოდვილდს გავუგზავნე

 კაბის შესამკობლად.

 ბოდვილდი ფეხმძიმედ

 გიზით აწ დარბაზსა -

 იგი ერთადერთი

 თქვენი ქალიშვილი".

 

 ნ ი დ უ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 36. "სიტყვას უარესსა

 სხვას ვერას მეტყოდი,

 ვოლუნდ, ვით დაგსაჯო,

 შური ვით ვიძიო!

 ვინ არის, ძლიერო,

 აწ შენი მძლეველი!

 შენი განმგმირავი,

 როს მაღლა, ზეცაში,

 დაფრინავ ღრუბლებთან!"

 

 37. ვოლუნდი სიცილით

 აფრინდა ჰაერში,

 ნიდუნდი მიწაზე

 დარჩა დასეტყვილი.

 

 ნ ი დ უ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 38. "ადექი, თაკრადო,

 მონაო ერთგულო,

 ქერაწარბებიან

 ბოდვილდს დაუძახე,

 მყისვე გამოცხადდეს

 მამასთან საუბრად".

 

 39. "სთქვი, თუ სიმართლეა,

 ბოდვილდ, რაც მიამბეს -

 თუ იყავ კუნძულზე

 ვოლუნდთან ერთადა?"

 

 ბ ო დ ვ ი ლ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 

 40. "დია, სიმართლეა,

 ნიდუდ, რაც გიამბეს:

 ვიყავ მე კუნძულზე

 ვოლუნდთან ერთადა.

 ნეტამც არ მეწვნია

 მე იგი საათი!

 ვერ წინააღვუდექ

 ძალას მას ძლიერსა:

 ქალწულმან უძლურმან

 ვერ შევძელ თავდაცვა.

 

 

 

 პირველი სიმღერა ჰელგიზე,  

ჰუნდინგის მკვლელზე

 (Helgakvidha Hundingsbona Furri)

 

 1. შორეულ წარსულში

 ცით ხმობდნენ არწივნი,

 წყალნი გადმოქუხდნენ

 ცადაწვდილ მთებიდან:

 ჟამსა მას ბრალუნდში

 დაბადა ბორგჰილდმა

 ჰელგი გულოვანი

 და სულით მაღალი.

 

 2. უკუნი სუფევდა,

 მოვიდნენ ნორნები

 ხილვად ყრმის ჩვილისა,

 დათქმად ბედისწერის:

 დაუთქვეს საქვეყნოდ

 სახელის მოხვეჭა.

 გმირთა გმირობა და

 კონუნგთა დიდება.

 

 3. ართავდნენ ნორნები

 ძაფსა ბედისწერის,

 ბრალუნდში ციხეთა

 ბჭენი ირყეოდნენ;

 დაგრიხეს გრძეულთა

 და ძაფი ოქროსი

 ზეცას გამოაბეს,

 მთვარის დარბაზებსა.

 

 4. მაშრიყს - ერთი ბოლო,

 მეორე - მაღრიბსა,

 ძაფით მოუზომეს

 კონუნგს საბრძანისი;

 სტყორცნეს დამ ნერისმა

 ძაფი ჩრდილოეთსა

 და ჩრდილო მიწებიც

 მისცა სამფლობელოდ.

 

 5. გულს დარდი დააწვათ

 დიდებულ ილფინგსა

 და მისსა მეუღლეს,

 ჰელგის დამბადებელს:

 ყორანმა მშიერმა

 მაღალ ხის ტოტიდან

 გასძახა ყორანსა:

 "ამბავი შევიტყვე!

 

 6. ძეი სიგმუნდისა

 ჯავშანში ჩამჯდარა,

 ჯერ ერთი დღისაა,

 გარდნა მოწიფულა!

 თვალნი - გამჭრიახნი,

 მზერა - მეომფრისა,

 მგლებს ემეგობრება,

 გვექნება ღრეობა".

 

 7. მსჯელობდა ლაშქარი -

 გვეზრდება კონუნგი!

 დრო-ჟამი დაუდგათ

 მეომრებს დიადი:

 დატოვა ბრძოლა და

 მეფე თვით მობრძანდა,

 ხახვი რამ კეთილი

 სძღვნა გმირსა ყმაწვილსა.

 

 8. უწოდა ჰეგელი და

 მისცა საბრძანისი:

 ჰრინგსტადირ, სოლფოლი,

 სენფოლი, სიგარსფოლ,

 ჰრინგსტოდი, ჰატუნი

 და ჰიმინვანგეთი,

 და გველი სისხლისა

 ძმასა სინფოტლისა.

 

 9. იწყო ზრდა, მოწიფვა

 მოყვასთა სალხინოდ

 ხემ კეთილშობილმა,

 მახვილმა მამაცთა;

 უხვად მიაგებდა

 ერთგულ მოლაშქრეთა

 ოქროს მონახვეჭსა,

 ომში ნაშოვარსა.

 

 10. ომს არ აყოვნებდა

 მეფე გულოვანი;

 თხუთმეტი ზამთრისა

 შესრულდა თავადი,

 ოდეს მოაკვდინა

 მამაცი ჰუნდინგი -

 ვრცელთა მათ მხარეთა

 და მხედართ მფლობელი.

 

 11. იწყეს სასყიდლისა

 მოთხოვნა სანაცვლოდ

 ძეთა ჰუნდინგისთა

 ძისაგან სიგმუნდის;

 ზრახდნენ შურისგებას -

 ჯავრის ყრას კონუნგზე,

 მამის სიკვდილისთვის,

 ქვეყნის გაძარცვისთვის.

 

 12. არ მისცა თავადმა

 ჰუნდინგის ნაშიერთ

 არცა სასყიდელი,

 არცა საზღაური;

 ოდენ თქვა: "ატყდება

 დიდი ქარიშხალი

 რკინის შუბებისა -

 შუბლს შეჰკრავს ოდინი"

 

 13. ჩქარობენ მხედარნი

 მახვილთა კრებაზე,

 შორს, ლოგაფოლუმში,

 რომ არის დათქმული;

 გათავდა, დასრულდა

 მშვიდობა ფროდისა,

 კუნძულზე დაძრწიან

 ვიდრირი ძაღლები.

 

 14. ზის აარშტაინთან,

 ისვენებს თავადი,

 დახოცა ძლიერმა

 ალფი, ეილოფი,

 ძენი ჰუნდინგისა -

 ჰორვარდ და ჰერვარდი;

 ზიმირის შუბებფის

 მოდგმა ამოწყვიტა.

 

 15. სხივი რამ გამოკრთ

 ლოგაფოლუმიდან,

 ელვა გაიკლაკნა,

 შუქმა იგიზგიზა:

 ცას თავჩაჩქიანნი

 გაეკრნენ ქალწულნი -

 სისხლიან ჯავშნებით,

 ელვარე შუბებით,

 ელვა-მეხს სტყორდნიდნენ

 ცით ვალკირიები.

 

 16. დილით, ადრიანად,

 ბრძოლის ველს გასული,

 კონუნგი ჰკითხავა

 მამაც ვალკირიებს,

 თუ სურთ მათ ამაღამ

 შინ გაჰყვნენ მხედრებსა -

 მათთან დრო ატარონ;

 ბრძოლა კი გრგვინავდა.

 

 17. ცხენიდან გადმოწვა

 ასული ჰოგნისა

 და კონუნგს მიმართა

 (ბრძოლა მყის მიწყნარდა):

 "ჩვენ სხა რამ მეტი გვაქვს

 საქმე, საზრუნავი,

 ვიდრე უხვ კონუნგთან

 ლუდის სმა, ღრეობა.

 

 18. დათქმა აქვს მამაჩემს -

 ცოლად მიმათხოვოს

 მრისხანე მხედარსა -

 ძესა გრანმარისა;

 ჰელგი, მომისმინე!

 ჰოდბროდზე გიამბობ -

 ავსა მას კონუნგზე,

 კატათა მოდგმაზე.

 

 19. ხვალ თუ ზეგ თავადი

 კარზე მოგვადგება,

 თუ მას შენ საომარ

 ადგილს არ უჩვენებ,

 ან თუ არ წაართმევ

 ჩემს თავს მას კონუნგსა"

 

 20. "ისუნგის მკვლელისა

 ნურა ნუ გეშინის!

 მეხი ვარ მტერთათვის,

 სანამ ვარ ცოცხალი!"

 

 21. მდევარნი აფრინა

 მუნით მბრძანებელმა,

 ზღვათა და ხმელეთით

 უხმო საბრძოლველად,

 უხვი საზღაური

 აღუთქვა მხედართა-

 ოქრო უთვალავი

 შვილთა და მამათა.

 

 ჰ ე ლ ი გ ი მ   თ ქ ვ ა:

 22. "უბრძანეთ, სასწრაფოდ

 ჩასხდნენ ხომალდებში,

 კუნძული ბრანდეი

 დატოვონ უმალვე!"

 იქ ჰედინსეიდან

 ელოდა თავადი

 ლაშქართა მოდენას,

 მხედრობას ურიცხვსა.

 

 23. მყის სანაპიროდან

 სტაფსნესის კონცხისა

 ოქროთი ნაჭედი

 დაიძრნენ ნავები;

 მაშინ შეეკითხა

 ჰელგი ჰორლაიფსა

 "გინახავს ლაშქართა

 ზვავი უშიშარი?"

 

 24. მიუგო პასუხად

 ყრმამ მან კონუნგმა,

 რომ რიცხვი არა აქვთ

 კონცხთან ტრონიერის

 ურჩხულისთავიან

 ნავთა უამრავთა,

 იქ ორვაზუნდიდან

 ლაღად მომცურავთა.

 

 25. "აქ ათას ორასი

 ერთგული მხედარი

 და ჰატუნს შეყრილი

 ჯარი ორჯერ მეტი -

 თავადის ლაშქარი -

 იმედი ბრძოლისა".

 

 26. შტურმანმა კარვისა

 კალთა ჩამოხია,

 რაზმი გამოფხიზლდა

 გმირთა მეომართა,

 იხილეს მხედრებმა,

 რომ გათენებულა,

 ვარინის უბეში

 ანძები დაჭიმეს,

 უცხოდ რამ ნაქარგი

 დადგეს იალქნები.

 

 27. ნიჩბების ხმაურით,

 რკინების ჟღარუნით,

 ფარი-ფარს ძგერებით

 დაიძრნენ ვიკინგნი;

 სწრაფად მიცურავდა

 გუნდი ნავებისა,.

 ზვირთებს მიაპობდა

 კონუნგის ლაშქარი.

 

 28. გრგვინვა რამ ისმოდა,

 როს დები კოლგასი

 ხერხემალს ნავისას

 ერთად აწყდებოდნენ,

 თითქოს ზვირთაცემის

 ხმა იყო კლდეზედა.

 

 29. ჰელგიმ მყის უბრძანა

 აშვება აფრისა,

 გაშლა იალქნების;

 ტალღები უტევდნენ

 მამაც მეზღვაურებს,

 ეგირის ასული

 ექადდა დაღუპვას

 ზღვის ცხენთა ფეხმარდთა.

 

 30. ლაშქარს მფარველობდა

 სიგრუნ ვალკირია,

 ქალღმერთი მამაცი;

 ნავი ისწრაფოდა

 რანისგან გასხლტომას.

 რანისა ხელთაგან

 ზღვის ირემს თავდახსნა

 სურდა გრიპალუნდთან

 

 31. ჩამოწვა საღამო,

 ჰელგი უნაფავარს

 შეცურდა ბინდბუნდში,

 მოკაზმულ ნავებით;

 ძენი გრანმარისა

 ზვერავდნენ მტოის ლაშქარს

 კლდოვან სვარინსჰაგის

 მაღალ ფერდობიდან.

 

 32. იკითხა გუდმუნდმა,

 გმირმა ღირსეულმა;

 "ვინ არის ბელადი,

 ლაშქარს რომ მოუძღვის?

 ვისია ეს ფლოტი,

 ნაპირს რომ მოადგა?"

 

 33. სინფოტლიმ ანძაზე

 ფარი შეარხია -

 წითელი, გარს ოქრო,

 ქობად მოვლებული;

 იდგა იქ დარაჯად

 და მარჯვედ უწყოდა

 გმირთადმი საკადრი

 პასუხის გაცემა:

 

 34. "იტყვის საღამოჟამს,

 როს საზრდო-საკვებზე

 მორეკავ ღორებსა და

 მოუხმობ ქოფაკთა;

 "ილფინგნი ომისა

 ჟინით აღგზნებულნი,

 მაშრიყით მოსულან

 აქ გნიპალუნდიდან!"

 

 35. იქ ნახავს ჰოდბროდი

 ჰელგის მას კონუნგსა,

 ვინც ბრძოლის ველიდან

 არ იცის გაქცევა,

 ვინც ომში არწივებს

 აძღებდა ლეშითა.

 ოდეს შენ კერასთან

 მხევალთ ეხვეოდი".

 

 გ უ დ მ უ ნ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 36. "სულ დაგვიწყებია

 შენ ძველი საგები,

 აქ გმირებს გინებით

 რომ ხვდები, თავადო!

 მგლების საწუწკარი

 ლეში რამ გიყლაპავს,

 გამხდარხარ ძმისმკვლელი,

 მგლად გადაქცეულხარ -

 და დაძუნძულებდი

 ყველას საძულველი,

 შენ ქვათა ყრილებზე

 ლოკავდი ჭრილობებს!"

 

 ს ი ნ ფ ო ტ ლ ი მ   თ ქ ვ ა:

 37. "შენ ვარინსეიზე

 კუდიან ქალადა

 ბოროტ სიცრუისა

 იყავი მჩხიბავი;

 ამბობდი: - ჯაშნოსან

 გმირთა მხედართაგან

 არ მსურს მამაკაცი,

 კიდეგან სინფოტლის.

 

 38. იყავს საძულველი,

 ბოროტ ვალკირიად,

 ოდინს აუმხედრდი

 ეგზომ გულზვიადი,

 ეინჰერიები

 ერთურთს წაეკიდნენ

 შენს გამო, ცბიერო,

 ვერაგო დიაცო!

 

 39. ცხრა მგელი გადავსხით

 საგუნის კონცხზედა

 და იმა მგლებისა

 მამა მე ვიყავის!"

 

 გ უ დ მ უ ნ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 40. "შენ მამა არ იყავ

 ფენრირის მგლებისა,

 არც მათი უფროსი;

 მახსოვს რამდენადაც,

 ადგილს გნიპალუნდსა,

 თორსნესის კონცხზედა,

 დაგასაჭურისეს

 თურსების ასულთა.

 

 41. ეგდე ტყეს უდაბურს,

 გერო სიგეირის,

 ყურში ჩაგესმოდა

 ღმუილი მგლებისა;

 ათასი რისხვა და

 მეხი თავს დაგატყდა,

 ოდეს შენ ღვიძლ ძმასა

 გულს ჩაეც მახვილი,

 სახელი გაითქვი

 ქვეყნად ბოროტებით!"

 

 ს ი ნ ფ ო ტ ლ ი მ   თ ქ ვ ა:

 42."შენ რომ ბრაველირში

 ეცოლე გრანისა -

 ჭაკი ალაგმული,

 რბოლად გამზადილი;

 მე ვმჯდარვარ შენზედა,

 დაღლილ-დამშეულზე

 და მიჭენებიხარ

 კლდოვანი გზებითა".

 

 გ უ დ მ უ ნ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 43. "შენ მაშინ ყმაწვილი

 იყავ უტიფარი,

 გულნირ გოლიათის

 თხებისა მწველავი,

 შემდეგ კი გომბიო

 გოლიათებისა -

 კონკია-ჟღარუნა;

 პასუხს რას მომაგებ?"

 

 ს ი ნ ფ ო ტ ლ ი მ   თ ქ ვ ა:

 44. "უმალ ფრეკშტაინთან

 მე შენი ლეშითა

 ყვავთა და ყორანთა

 დავაძღებ მშიერთა,

 ვიდრე შენს ძუკნეს და

 ცხენებს გამოვკვებავ;

 გრისხავდნენ ღმერთები,

 წაგიღონ ტროლებმა!"

 

 ჰ ე ლ გ ი მ   თ ქ ვ ა:

 45. "უმჯობეს იქნება,

 მამაცო სინფოტლი,

 აწ ბრძოლა ფიცხელი,

 არწივთა სალხინო,

 ვიდრე უსარგებლო

 ფანტვა სიტყვებისა,

 დია, სძულთ ერთურთი

 ომებში ბელადებს

 

 46. ცუდანი არიან

 ძენი გრანმარისა,

 თუმც გმირთა შესახებ

 ხმას ითქვას სიმართლე,

 მოინსჰაიმართან

 გვიჩვენეს უნარი

 მათ გამბედაობის

 და შუბთა ძგერების".

 

 47. დეზი ჰკრეს ცხენებსა,

 სვიპუდრ და სვეგიოდრ

 სოლჰაიმისაკენ

 მათ მიაქროლებდნენ

 დანამულ ველებზე,

 ნისლიან გზებითა

 ცხენთა მათ რბოლისგან

 იძროდა ხმელეთი.

 

 48. ციხის ალაყაფთან

 დაუხვდათ თავადი,

 აცნობეს - ახლოა

 ბელადი მტრებისა,

 და იდგა ჰოდბროდი

 იქ თავჩაჩქნიანი,

 შეხედა მხედრებს და

 გულში გაიფიქრა:

 "რად განრისხებულან

 ჰნიფლუნგნი ნეტავი?"

 

 გ უ დ მ უ ნ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 49. "ნაპირს მოეახლნენ,

 მსწრაფლ მოაქროლებენ

 ნავებს ზღვის ირმებსა,

 გრძელი ქანდარები

 და გლუვი ნიჩბები,

 ფარნი - უთვალავნი,

 ურიცხვი ლაშქარი

 მხიარულ ილფინგთა.

 

 50. გადმოსხდა ხმელეთზე

 მყის რაზმი თხუთმეტი

 და შვიდი ათასი

 ზუნდსა დარჩა მათ გარდა;

 დადგნენ გნიპალუნდთან,

 ნავთა საყუდარში,

 ოქროთი მორთულნი

 მუქ-ლურჯი ნავები.

 სად იყო ამდენი!

 ჩანს, ჰელგი ფიცხელსა

 ომს აღარ აყოვნებს".

 

 ჰ ო დ ბ რ ო დ მ ა   თ ქ ვ ა:

 51. გაჰკურცხლონ ქურანთა

 დიდი თინგისაკენ

 ხოლო სპორვიტნირმა -

 სპაინჰაიდისკენ,

 მელნირმა, მილნირმა

 მირკვინდს მიაშურონ;

 შინ არავინ არ დარჩეს,

 ლაშქარს არ ჩამორჩეს

 კაცთაგან, ვინც იცის

 მოქნევა მახვილი!

 

 52. უხმეთ მყის ჰოგნისა.

 ძეთა ჰრინგისათა,

 ატლისა, ინგვისა,

 ალფსა მას უფროსსა -

 სწყურთ ომი ფიცხელი,

 ბრძოლას ესწრაფვიან,

 ვოლსუნგთა მხედრობას

 ჩვენ გავანადგურებთ!"

 

 53. ერთად შეიყარნენ,

 ეჯახნენ ერთურთსა

 ულფშტაინს დაჰკვესეს

 ელვარე მახვილთა:

 

 ჰელგი გულოვანი,

 ჰუნდინგის მომკვლელი,

 ომსა მას ფიცხელსა

 იყო იქ პირველი,

 წინ-წინ მიიწევდა

 უდრეკ-უშიშარი,

 ჰქონდა მას კონუნგსა

 გული უმაგრესი.

 

 54. ცით ვალკირიები,

 თავჩაჩქნიანები,

 თავადს მიეშველნენ,

 ბრძოლა გაძლიერდა;

 საზრდოს ყორნებისას

 მგელი იტაცებდა,

 დაჰქროდნენ ქალწულნი

 და წართქვა სიგრუნმა:

 

 55. "ბედნიერ იქნები

 და დიდხანს იმეფებ,

 შენ, ღირსო კონუნგო,

 მოდგმაო ინგვისა;

 შენ ხომ გულმამაცი

 განგმირე თავადი,

 მკვლელი მის თურსისა,

 შიშის დამბადებლის.

 

 56. აწ, ღირსო კონუნგო,

 შენა ხარ პატრონი

 ოქროს ბეჭდებისა და

 მდიდარ ქალწულისაც;

 ბედნიერ იქნები,

 კონუნგო მფლობელო

 ჰოგნის ასულსია

 და ჰრინგსტადირისა

 და სხვათა მხარეთა;

 აქ ომი დასრულდა!"

 

 

სიტყვანი სიგრდრიფასი

 (Sigrdrifumâl)

 

   სიგურდი ავიდა ჰიდარფიალის მთაზე და იქიდან სამხრეთისაკენ ფრაკლანდს გაემართა. მთაზე მან შენიშნა კაშკაშა სინათლე, თითქოს ცეცხლი ენთო და დაფიონი განფენილიყო ცამდე. როდესაც მიუახლოვდა, დაინახა ფართა გალავანი და მასზე - ალამი. სიგურდი შევიდა გალავანში და ნახა, რომ იქ იწვა ჯავშნოსანი ადამიანი და ეძინა. სიგურდმა ჩაფხუტი მოხადა და იხილა, რომ იგი ქალი იყო. ჯავშანი მტკიცეს შემოკვროდა ტანზე, თითქოსდა შეზრდოდა სხეულს. მაშინ მან გრამით* გაკვეთა ჯავშანი საყელოდან დაბლა, აგრეთვე გარდიგარდმო, სახელოებზე და მოხსნა იგი. ქალმა გაიღვიძა, წამოჯდა, შეხედა სიგურდს და თქვა:

 

 1. "რამ გაჭრა ჯავშანი,

 რამ გამომაღვიძა?

 ვინ მომხსნა, ნეტავი,

 ბორკილი რკინისა?"

 

 მ ა ნ უ პ ა ს უ ხ ა:

 "ძემან სიგმუნდისა;

 ახლახან კეპავდა

 ხორცს ყორანთ სალხინოდ

 სიგურდის მახვილით".

 

 ქ ა ლ მ ა   თ ქ ვ ა:

 2. "ხანგრძლივ მძინებია,

 ხანგრძლივი ძილითა,

 გრძლად ჩანან ტანჯვანი!

 ბრალია ოდინის,

 რომ არა ძალმიძდა

 მორევნა ძილისა".

 

 სიგურდი დაბლა იჯდა და მას სახელი ჰკითხა. მაშინ ქალმა აიღო თაფლით სავსე რქა და მიაწოდა მას სასმელი მახსოვრობისა.

 

 ქ ა ლ მ ა   თ ქ ვ ა:

 3. "დიდება დღესა და

 დიდება დღის შვილრთა!

 ღამეს, ღამის ასულს!

 გვედრებთ, გადმოგვხედოთ

 მოწყალე თვალითა,

 მოგვცეთ გამარჯვება!

 

 4. იდიდეთ, ღმერთნო, და

 იდიდეთ, ღმერთქალნო!

 მიწავ, მადლიანო!

 სიტყვა და გონება,

 ხელნიც მკურნალნი

 მოგვაგეთ ჯილდოდა!"

 

 ქალმა თავისთავს სიგრდრიფა უწოდა, იგი ვალკირია იყო. ის მოჰყვა ამბავს, რომ ერთმანეთს ეომებოდა ორი კონუნგი: ერთს ერქვა ჰიალმგუნარი, იგი მაშინ მოხუცი იყო და დიდი მეომარი; ოდინმა აღუთქვა მას გამარჯვება; მეორეს აგნარი ერქვა; იგი იყო ძმა აუდასი და არავის სურდა მისთვის მფარველობა გაეწია. სიგრდრიფმა ჰიალმგუნარი დაღუპა ომში, ხოლო ოდინმა შური იძია სიგრდრიფაზე - საძილე ეკალი უჩხვლიტა მას და დაუთქვა, რომ იგი ომში ვერასოდეს ვეღარ გაიმარჯვებდა და უნდა გათხოვილიყო. * "მაგრამ მე მივუგე, რომ აღთქმა მაქვს დადებული - არ გავყვე ცოლად არც ერთ მამაკაცს, რომელმაც იცის, რა არის შიში".

 სიგურდი სთხოვს სიგრდრიფას - ასწავლოს მას სიბრძნე, რამეთუ ვალკირიამ უწყის ყოველი - საქმეი ქვეყნისა.

 

 ს ი გ რ დ რ ი ფ ა მ   თ ქ ვ ა:

 5. "ჯავშანთა თინგისა

 იფანს მივაწოდებ.

 სასმელს, აღმავსებელს

 ძალით და დიდებით;

 გრძნეულ სიმღერებით,

 კეთილ შელოცვებით,

 ხალისით, გზნებითა.

 

 6. თუ გსურს გამარჯვება.

 გამარჯვებებისა

 რუნებს ამოჰკვეთდე

 მახვილის ტარზედა;

 ჭდედ ორგზის დაადე

 სახელი თირისა.

 

 7. რუნები ლუდისა

 სცან - ვერას დაგაკლებს

 სიცრუე დიაცთა;

 რქაზე ამოჰკვეთე,

 ხელზე აიხაზე,

 "ნაუდ" ფრჩხილს გეხატოს.

 

 8. დალოცე სასმისი,

 აავსე სასმელით,

 შიგ ხახვი ჩააგდე;

 სამსალას გრძნეულსა,

 შხამსა მას ჯადოსნურს

 ვერ შეგატყუებენ.

 

 9. რუნები შობისა

 სცან, მშობიარეთა

 შველა თუ გეწადოს!

 ნებსა ამოჰკვეთე,

 მაჯას შემოიკარ -

 დისნი გემწყალობონ.

 

 10. რუნებს ქარიშხლისა

 ჩასწვდი, რომ ღელვის ჟამს

 მწედ იყო ხომალლდთა;

 ქიმზე ამოჰკაწრე,

 საჭეზე ამოსჭერ,

 ნიჩბებზე ამოსწვი,

 დაე, ზღვა ღელავდეს,

 ნაპირს დაუბრუნდე

 საღი, უვნებელი.

 

 11. რუნებს სამკურნალოს,

 წყლულთ სააქმიმოს,

 ჩასწვდი, დაეუფლე;

 ხეზე ამოჰკვეთე

 მხარეს აღმოსავლეთს,

 სად ტოტნი დახრილან.

 

 12. ჩასწვდი სამართლისა

 რუნებს, რომ ბოროტთა

 წყენა ვერ მოგაგონ;

 მათ მოიპოვებენ,

 თხზავენ და ხლართავენ,

 კრებენ და ადგენენ

 თინგზე, სად სამართალს

 მართლმსაჯულებითა

 განსჯის ჯამაათი.

 

 13. ჩასწვდი, ამოიცან

 რუნები აზრისა,

 ჰროფტმა ამოიცნო,

 ჩასწვდა, ამოკვეთა

 ტენისგან, რომელიც

 ჰრაიდრაუპნირის

 ტვინიდან ოდესღაც

 და ჰოდროფნირისა

 რქიდან ჩამოდინდა.

 

 

 ფ ა ფ ნ ი რ მ ა   თ ქ ვ ა:

 

 14. მთას იდგა მახვილით,

 თავზე მუზარადით,

 თავმან მიმირისმან

 თქვა სიტყვა პირველი,

 და იყო სიტყვა ის

 ბრძნული და მართალი.

 

 15. დაე, სინათლისა

 ღვთის ფარს დაექარგონ,

 ალსვინის ქაჩაჩსა,

 არვაკის ყურებსა,

 როგნირის ეტლისა

 ბორბალს ამშვენებდნენ.,

 სლეპნირის კბილებს და

 მარხილის ჩახსაკრავს.

 

 16. თათსა ძუ დათვისა

 და ბრაგის ენასა,

 ბრჭყალსა მას მგლისასა,

 ნისკარტს არწივისა,

 ფრთებსა სისხლიანსა,

 ბოლოს ხიდისასა,

 ნებსა მეანისა,

 კვალსა მას მეშველსა.

 

 17. ბროლმინას, ოქროსა,

 ბაზმანდ-ავგაროზსა,

 ღვინოს და ალაოს,

 სკამთა სალხინოთა,

 გუნგნირის რკინისა,

 გულმკერდს გრანისასა,

 ნორნების ფრჩხილებს და

 ნისკარტს ბუკიოტის.

 

 18. ყველა ამოფხიკეს,

 სასმელს შეურიეს -

 თაფლსა მას წმიდასა;

 დაჰყვეს, დაუგზავნეს:

 მოდგმას ასებისა,

 ალფების ჯილაგსა,

 ვანთა გამჭრიახთა

 და კაცთა გვარტომთა.

 

 19. ესენი არიან

 რუნები წიგნისა,

 შობის, ძლიერების

 და ლუდის რუნები,

 იცან, ნუ აურევ,

 ნუ დააზიანებ,

 ცოდნით მოიხმარე,

 ღმერთთა მათ სიკვდიმდე

 გექმნან ავგაროზად.

 

 20. ახლა რას აირჩევ,

 მახვილის პირისა

 ჭადარო, ძლიერო,

 გაქვს რამე სათქმელი,

 თუ გიჯობს იყუჩო?

 ბედისგან დათქმულა

 ჭირი ყოველგვარი".

 

 ს ი გ უ რ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 21."არსად ვარ გამქცევი,

 თუნდ სიკვდილს ვხედავდე,

 მხდალად არ ვშობილვარ,

 კეთილნი რჩევანი

 შენნი მეხსომება

 სიკვდილის პირამდე".

 

 ს ი გ რ დ რ ი ფ ა მ   თ ქ ვ ა:

 22. "გირჩევ, უპირველეს -

 ნათესავთ ნუ უმტრობ

 შური არ მიაგო,

 თუნდ თვით წაგეკიდონ:

 ესე სიკვდილის ჟამს

 გექმნას სასიკეთოდ.

 

 23. ისმენდე მეორეს -

 განზრახ ცრუ ფიცითა

 არავის შეჰფიცო:

 ისჯება სიმუხთლე,

 წყეულ არს დამდები

 ცრუთა მათ აღთქმათა.

 

 24. ისმენდე მესამეს -

 თინგზე უგუნურთან

 დავა არ გამართო;

 გეტყვის ავ სიტყვებსა,

 ვითარცა სჩვევიათ

 ბრიყვთა, უმეცართა.

 

 25. გარნა სულ დუმილიც

 პასუხად არ ვარგა,

 მხდალი ეგონებით,

 ცილსა დაგწამებენ;

 ცუდ სახელს უფრთხილდი,

 ერიდე მარადჟამს;

 ცრუ და მოღალატე

 მოჰკალ, სახვალიოდ

 მით მოსპობ სიცრუეს.

 

 26. ისმენდე მეოთხეს -

 ავსა კუდიანსა

 გზად თუ შეეყარო,

 მყისვე განერიდე,

 ღამის გასათეავდ

 მასთან ნუ დარჩები,

 

 27. ხამს მზერა ფხიზელი,

 თვალნი გამჭრიახნი

 ფიცხელსა ბრძოლაში;

 გზისპირა ავსულნი

 მხედართ უჩლუნგებენ

 მახვილს და გონებას.

 

 28. ისმენდე მეხუთეს -

 როს ქალთა ლამაზთა

 იხილავ, გახსოვდეს,

 ძილი არ გაგიკრთეს,

 ხვევნითა, კოცნითა

 ლამაზთ ნუ აცდუნებ.

 

 29. ისმენდე მეექვსეს -

 ჟამსა ღრეობის

 თუ ატყდა ყაილა,

 მთვრალმა არ იჩხუბო,

 გახსოვდეს, სიმთვრალე

 გონების მტერია.

 

 30. ლუდიც, სიმღერებიც

 ბევრს უბედურებად

 ექცა, სავალალოდ:

 ბევრნი დაიღუპნენ,

 ჩაცვივდნენ ფათერაკს,

 ურვა ხვდათ წილადა.

 

 31. ისმენდე მეშვიდეს -

 მამაცთა დავა და

 მტრობა თუ აგიტყდა,

 გარეთ შეეჯახე,

 შენს ოჯახს ნუ გახდი

 ბრძოლის სარბიელად.

 

 32. ისმენდე მერვესა -

 ბოროტს განერიდე

 და რუნებს ცბიერსა;

 ნაკრძალ სიყვარულის

 ქსელში ნუ გააბამ

 ქალწულთ, ნურც ქმრიანთა!

 

 33. ისმენდე მეცხრესა -

 მკვდარს სადაც წააწყდე,

 მიწას მიაბარე,

 სენით დაცემული,

 ომში განგმირული,

 თუ წყალში დამხრჩვალი.

 

 34. განბანე ცხედრისა

 თავი და ხელები.

 თმები დაუვარცხნე:

 კუბოს ჩაასვენე,

 უსურვე სიმშვიდის

 ძილი, განსვენება.

 

 35. ისმენდე მეათეს -

 გახსოვდეს, არასდროს

 მგლის ფიცს არ ერწმუნო,

 მოუკალ ძმაი თუ

 მამა განუგმირე:

 შვილი მგლად იქცევა,

 შეგხვდეს - არ დაგზოგავს.

 

 36. წყენას, მრისხანებას,

 მტრობას არა სძინავთ,

 ჭკუა და მახვილი

 სჭირდება კონუნგსა,

 რომ ხალხში ყოველთვის

 ის იყო პირველი.

 

 37. ისმენდე დასასრულს -

 უფრთხილდი მეგობრის

 შურსა და ღალატსა;

 ვეჭვ, კონუნგს ხანგრძლივი

 ეწეროს სიცოცხლე -

 მრავლდება მზაკვრობა".

 

 

 ნაწყვეტი სიმღერისა სიგურდზე

 (Brot of Sigurdharkvidhu)

 

ჰ ო გ ნ ი მ   თ ქ ვ ა:

 1. "მარქვი, ო, გუნარო,

 ძეო გიუკისა,

 ბოროტგანმზრახველთა

 რიცხვში რად ერევი?

 რა სოდა სიგურდმა

 და რა დაგიშავა,

 რად გინდა მამაცსა

 მოუსპო სიცოცხლე?"

 

 გ უ ნ ა რ მ ა   თ ქ ვ ა:

 2. "სიგურდმა დამიდო

 აღთქმა-საფიცარი,

 აღთქმა-სფიცარი

 ყველა დაარღვია:

 მუხთლად მომაღორა,

 თუმც ედო ვალადა

 ფიცის არგატეხა,

 აღთქმის ასრულება".

 

 ჰ ო გ ნ ი მ   თ ქ ვ ა:

 3. "ბრუნჰილდმა ბოროტმა,

 ბოროტგანმზრახველმა,

 რისხვა უკეთური

 გულში ჩაგინერგა!

 შურს მას, რომ გუდრუნი

 შეირთე ცოლადა,

 არა სურს - გუდრუნთან

 იყო ბედნიერი".

 

 

 * * *

 

 

 4. ზოგნი მგელს ხრაკავდნენ,

 სხვანი კი - გველებსა

 ჭრიდნენ და კეპავდნენ;

 ზოგი გულბოროტად

 იღებდა ყორნის ხორცს

 და გოთორმს აწვდიდა,

 რომ მას ბრძენ კონუნგზე

 ხელი აღემართა.

 

 5. გარედგა გუდრუნი -

 გიუკის ასული -

 და წართქვა სიტყვანი

 მან ესევითარნი:

 "სად არის სიგრუდი -

 მხედართა ბელადი,

 წინ-წინ რად მოდიან

 ჩემნი ნათესავნი?

 

 6. ჰოგნიმ უპასუხა

 მართ ოდენ მარტომან:

 "მოვკალით, მახვილით

 ავკუწეთ სიგურდი;

 ცხედრის წინ თავს ხრიდა

 ცხენი ნაცრისფერი".

 

 7. მაშინ თქვა ბრუნჰილდმა,

 ასულმან ბუდლისა:

 "ქვეყნებს და იარაღს

 ჰფლობდეთ აწ სვიანად,

 ქვეყნად მათ სიგურდი

 არვის დაუთმობდა,

 რომ მეტხანს დასცლოდა

 სიცოცხლე კონუნგსა.

 

 8. არა ეგებოდა -

 გიუკის სამკვიდროს,

 გოთების მხარეში,

 სიგურდს ებატონა,

 თუ ხუთი ვაჟკაცი

 გაზარდა გიუკიმ-

 მხედარნი მცოდნენი

 სამეფო საქმეთა".

 

 9. თქვა და გულიანად

 ისე გაიცინა,

 რომ მთელი სასახლის

 შეირყა კედლები:

 "დიდხანს ჰპატრონობდეთ

 ხმალსა და ქვეყნებსა, -

 რამეთუ ძლიერსა

 სძლიეთ თქვენ თავადსა!"

 

 10. მიუგო გუდრუნმა -

 გიუკის ასულმა:

 "ავსა უსამართლოდ

 აუბნებ ენასა!

 წყეულ არს გუნარი -

 მკვლელი სიგურდისა!

 კონუნგის დამღუპველს

 მიჰხვდეს შურისგება!"

 

 11. რაინის სამხრეთით

 დაღუპეს სიგურდი,

 მკვლელთ ხიდან ხმამაღლა

 დასჩხავლა ყორანმა:

 "თქვენს სისხლში შეღებავს

 ატლი ორლესულებს,

 ფიცვერცხლის გატეხა

 დაგამხობთ მუხანათთ".

 

 12. გვიან საღამომდე

 სვამდნენ, ნადიმობდნენ,

 ღრეობდნენ, სალხინო

 სიტყვებს აკვესებდნენ;

 დაწვნენ, დაიძინეს

 მშვიდად, უდარდელად,

 მათგან ერთს - გუნარსა

 დიდხანს არ ეძინა.

 

 13. ფეხს არ ასვენებდა,

 ბორგავდა, ფიქრობდა,

 ლაშქართა მრბეველი:

 ტყეში რა იუბნეს

 არწივმა, ყორანმა, -

 როს ძმები შინისკენ

 მშვიდად ბრუნდებოდნენ?!

 

 14. ბრუნჰილდმა, ქალწულმა,

 ასულმა ბუდლისა,

 ასულმა კონუნგის

 ადრე გაიღვიძა:

 "გინდათ თუ არ გინდათ -

 არ ძალმიძს ვიყუჩო,

 ან გამცნობთ ნაღველსა,

 ან დარდით მოვკვდები!"

 

 15. სმენად გადაიქცნენ

 უეცრად ყველანი -

 ვერ მიხვდნენ, რა მოხდა,

 ქალს რა დაემართა.

 რა მოსდის, ტირილით

 რად ამბობს იმაზე,

 რასაც ის სიცილით

 ურჩევდა გმირებსა!

 

 ბ რ უ ნ ჰ ი ლ დ მ ა   თ ქ ვ ა:

 16. "ავი რამ სიზმარი

 მესიზმრა, გუნარო:

 ციოდა დარბაზში,

 საწოლშიც ციოდა,

 შენ კი მოწყენილი

 მიჰყავდით, თავადო,

 მტრის მხედრებს -

 ტყვედქმნილი

 და ბორკილგაყრილი;

 ახდება სიზმარი -

 უნდა დაიღუპოს

 ჯილაგი ნიფლუნგთა"

 ფიცის გამტეხელთა!

 

 17. გუნარო, ხომ გახსოვს,

 თქვენ ნიშნად ძმობისა

 სისხლი შეურიეთ -

 შეჰფიცეთ ერთმანეთს!

 შენ მას სიკეთისთვის

 ბოროტი მიაგე -

 მეგობარს ერთგულსა,

 მოძმეს გულმამაცსა.

 

 18. მან კი საფიცარი

 მტკიცედ აღასრულა,

 ოდეს დასანიშნად

 ჩემთან ბრძანდებოდა,

 გმირმა არ გატეხა

 აღთქმა მის მიერი,

 ფიცი მოცემული

 შენდამი, კონუნგო.

 

 19. დაასო მახვილი

 კონუნგმა ბრწყინვალემ

 ჩემსა და მას შუა

 ჩვენსა სარეცელზე -

 ოქროთი ნაქარგი

 და ცეცხლში ნაწრთობი,

 ბასრი, შხამიანი,

 შხამში გავლებული".

 

 აქ, ამ სიმღერაში მოთხრობილია სიგურდის სიკვდილის შესახებ და ნათქვამია, რომ იგი გარეთ მოკლეს. მაგრამ ზოგნი ამბობენ - იგი საწოლში მოკლესო, მძინარე*. გემანელები კი ირწმუნებიან: ტყეში მოკლესო.** ხოლო "ძველ სიმღერაში გუდრუნზე" ნაამბოია: სიგურდი და გიუკის შვილები თინგზე მიემგზავრებოდნენ, როცა სიგურდი მოკლესო. მაგრამ ყველანი ერთხმად აღიარებენ, რომ მკვლელებმა უღალატეს მას და თავს დაესხნენ მწოლარეს, თავდაცვისათვის მოუმზადებელს.

 

 

 პირველი სიმღერა გუდრუნზე

 (Gudrunarhvidha fursta)

 

გუდრუნი იჯდა სიგურდის ცხედართან. იგი სხვა ქალებივით არ ტიროდა, თუმცა დარისაგან გული უსკდებოდა. ქალები და კაცები მიდიოდნენ, რათა ენუგეშებინათ იგი, მაგრამ ეს იოლი საქმე როდი იყო.

 ამბობდნენ, ვითომ, გუდრუნს ეგემნა ფაფნირის გული და ამის გამო ესმოდა ფრინველთა ენა.

 აი, კიდევ რა შეუთხზავთ გუდრუნზე:

 

 1. სიკვდილს ნატრულობდა

 ბედშავი გუდრუნი,

 სიგურდის ცხედართან

 რომ იჯდა მწუხარე;

 ხელებს არ იმტვრევდა

 თავში არ იცემდა,

 მოთქმით არ ტიროდა

 სხვათა დიაცთაებრ.

 

 2. კრძალვით მოდიოდნენ

 ბრძენი იარლები -

 სევდა გუდრუნისა

 სურდათ განეფანტათ;

 ცრემლი არ სდიოდა

 გუდრუნს გაოგნებულს,

 დარდით და ნაღველით

 გული უსკდებოდა.

 

 3. გუდრუნის პირდაპირ

 ოქროთი ბურვილი

 იარლით ცოლები

 ისხდნენ მგლოვიარედ;

 მათგან თვითეული

 სევდას საკუთარსა

 სიმწრით იხსენებდა,

 ამბად მოყვებოდა.

 

 4. თქვა გიაფლაუგმა -

 დამან გიუკისმან:

 "ხუთი ქმრის უდროოდ

 მიწაში დამმარხავს,

 მომიკვდა სამი და,

 სამი ვაჟიშვილი,

 დაა ორი ასული;

 რვა ძმა დამეხოცა,

 დავრჩი მარტოდმარტო!"

 

 5. ცრემლი არ სდიოდა

 გუდრუნს გაოგნებულს -

 დაღუპვა ჭაბუკის,

 სიკვდილი კონუნგის,

 სევდა უმძიმესი

 ლოდად დასწოლოდა.

 

 6. წარმოთქვა ჰერბორგმა,

 ჰუნთა დედოფალმა:

 "უფრორე მძიმეა

 ჩემი სადარდელი -

 შვილნი დამეღუპნენ,

 შვიდნი ვაჟიშვილნი,

 სამხრეთის ბრძოლებში:

 ქმარიც იქ მომიკლეს.

 

 7. დედა-მამა, ოთხი ძმა

 გრიგალმა იმსხვერპლა,

 ზღვამ შთანთქა მრისხანემ;

 ავმა ქარიშხალმა,

 ტალღამ მოთარეშემ -

 ჩაძირეს ხომალდი.

 

 8. მე თვითონ დავმარხე,

 თვითონ მოვუარე,

 ტანთ თვითონ ჩავაცვი

 მკვდართა მათ ძვირფასთა;

 ნახევარწლეულში

 დავკარგე ყველანი,

 არსაით, არვისგან

 არ მქონდა ნუგეში.

 

 9. ჟამსა მას მე თვითონ

 მტერს ტყვედ ჩავუვარდი,

 ექვსი თვის მანძილზე

 ვიწვნევდი მონობას;

 მე, მონა-მოახლე,

 კონუნგის მეუღლეს

 დილით ტანს ვაცმევდი.

 ვაწვდიდი ფეხსაცმელს.

 

 10. მეტად ეჭვიანი

 მყავდა ქალბატონი,

 ავად მეპყრობოდა,

 მცემდა მაგინებდა;

 ქალი უარესი

 არსად არ მინახავს,

 კონუნგს უკეთესსა

 არსად შევხვედრივარ!"

 

 11. ცრემლი არ სდიოდა

 გუდრუნს გაოგნებულს:

 სიკვდილი ჭაბუკის,

 დაღუპვა კონუნგის,

 დარდი უმძიმესი

 ლოდად დასწოლოდა.

 

 12. წარმოთქვა გულრანდმა -

 გაუკის ასულმა:

 "თუმცა, დედობილო,

 გიქებენ სიბრძნესა,

 ცოლსა ახალგაზრდას

 მით ვერ ანუგეშებ,

 დე, თვალით იხილოს

 მან მკვდარი კონუნგი!"

 

 13. ადგა და სუდრა

 აჰხადა ცხედარსა,

 საური გაშალა

 გუდრუნის ფეხებთან:

 "შეხე შენს სატრფოსა,

 მიდი, ეამბორე,

 შეხვდი, მოეხვიე,

 ვით ცოცხალს ჰხვდებოდი!"

 

 14. შეხედე გუდრუნმა

 მკვდარსა მას კონუნგსა,

 თმასა სისხლშემხმარსა,

 სისხლით შეღებილსა,

 თვალთა მათ ჩამქრალთა,

 შუქთა დაშრეტილთა,

 მახვილით გაპობილ

 მკერდს - გულის ფიცარსა.

 

 15. შეჰკივლა და მიწას

 დაემხო გუდრუნი:

 თმები გაეწეწა,

 ღაწვნი დაუწითლდნენ,

 თვალთაგან მუხლებზე

 ცრემლმა ითქრიალა.

 

 16. ატირდა გუდრუნი,

 გიუკის ასული,

 ცრემლისა ნაკადმა

 ზღურბლი დაასველა,

 ეზოში ყიყინი

 ატეხეს ბატებმა-

 გუდრუნის ფრთოსნებმაც

 იგრძნეს განსაცდელი.

 

 17. მაშინ თქვა გულრანდმა -

 გიუკის ასულმა:

 "დაო, სიყვარული,

 ტრფობა თქვენიმერი

 სხვათა სიყვარულთა

 ქვეყნად აღემატა!

 ვუწყი, ფრთეს კვეცავდა

 შენი აღტაცება,

 ოდეს შენს მახლობლად

 სიგურდს ვერ ხედავდი!"

 

 18. წარმოთქვა გუდრუნმა -

 გიუკის ასულმა:

 "გიუკის ვაჟებში

 ეგრე ჩნდა სიგურდი,

 ვითარცა ლერწამი,

 შამბში ამართული,

 ვითარცა ელვარე

 ლალი რამ ძვირფასი

 მოჩანს ამბარჩაზე,

 სხვა ქვებში ჩამჯარი!

 

 19. მე ისე მიცქერდნენ

 კონუნგის მხედრები,

 ვითარცა ოდინის

 ქალწულთა მამაცთა;

 დავჭკნი აწ, ვითარცა

 ფოთოლი საბრალო

 და ესე მომაგო

 მე მისმა სიკვდილმა.

 

 20. სკამზე ვერ ვიხილო

 აწ, ვერც სარეცელზე

 და ესე ბრალად სდევთ

 გიუკის ვაჟებსა;

 ძენი გიუკისა

 მექმნენ დამღუპველად.

 აწ ცხარე ცრემლსა ღვრის

 დაი მათი, ბედშავი!

 

 21. დე, თქვენი ქვეყნები

 ისე განიძარცვოს,

 როგორც თქვენ გასტეხეთ

 აღთქმა-საფიცარი;

 ოქრო არ მოგეგოს

 სიკეთე, გუნარო,

 ეგე სამკაულნი

 გექმნან დამღუპველად.

 შენ ხომ ერთგულება

 შეჰფიცე სიგურდსა! 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ხალხური / უფროსი ედა