გ უ ნ ა რ მ ა   თ ქ ვ ა:

 17. ”დაო, გვიანღაა,

 ვერ შევკრებ ნიფლუნგებს,

 შორიდან მეშველად

 ვერ ვუხმობ ლაშქარსა,

 დევგმირებს რაინის

 მეწამულ მთებიდან”.

 

 18. შეიპყრეს გუნარი,

 შეკრეს და შებოჭეს,

 ხუნდები დაადეს

 ბურგუნდთა მეგობარს.

 

 19. შვიდი დააწვინა

 მახვილთა ჰოგნიმა,

 ხელი ჰკრა მერვესა,

 კოცონს გადუძახა.

 მამაცის წესია -

 თავს ასე იცავდეს.

 

 20. ჰოგნიმ მყის გაუხსნა

 ხელები გუნარსა

 და ჰკითხეს გოთების

 მბრძანებელს გულმამაცს -

 ოქროთი თუ ფიქრობს

 თავდახსნას კონუნგი.

 

 გ უ ნ ა რ მ ა   თ ქ ვ ა:

 21. ”დე, გული ჰოგნისა

 ჩემს ხელზე ვიხილო -

 კონუნგის ვაჟისა

 გული სისხლიანი,

 მკერდიდან პირბასრი

 დანით ამოჭრილი”.

 

 22. გული ამოგლიჯეს

 მკერდიდან ჰაილის,

 ლანგარზე დადეს და

 გუნარს გაუწოდეს.

 

 23. შესძახა გუნარმა,

 მხედართმბრძანებელმა:

 ”ლანგარზე გული დევს

 მშიშარა ჰიალის

 და არა ჰოგნისა -

 გმირის უშიშარის.

 ლანგარზეც ცახცახებს

 იგი საცოდავად,

 ვით ცოცხალ ჰაილის

 მკერდში ცახცახებდა”.

 

 24. ჰოგნი იცინოდა

 შიშის უმეცარი,

 ოდეს მკერდს უპობდნენ,

 გულს გლეჯდნენ მკერდიდან;

 გული ლანგარითა

 გუნარს გაუწოდეს.

 

 25. მაშინ თქვა გუნარმა -

 განთქმულმა ნიფლუნგმა:

 ”ლანგარზე გული დევს

 გულმამაც ჰოგნისა

 და არა გულმხდალი

 მონისა - ჰიალის;

 იგი არ ცახცახებს,

 ვით უწინ გულმამაც

 გმირისა მკერდშიგან

 არა ცახცახებდა!

 26. ატლი, შენ სიხარულს

 ვეღარ ეღირსები,

 ვერღარცა იხილავს

 განძსა გადამალულს,

 ჰოგნი აღარ არის,

 აწ მხოლოდ მე ვუწყი

 სად ძევს, სად მარხია

 სიმდიდრე ნიფლუნგთა.

 

 27. სანამ ის ცოცხლობდა,

 იჭვი მაწამებდა,

 ის ახლა მკვდარია.

 იჭვიც განიფანტა:

 რაინში დარჩება

 ასების სიმდიდრე -

 შფოთის ამტეხელი

 ლითონი ძვირფასი!

 დე, წყალში იბრწყინოს

 ვალურმა ბეჭდებმა

 და არა თითებზე

 ჰუნთა ნაშიერთა!

 

 ა ტ ლ ი მ   თ ქ ვ ა:

 28. ”ეტლი გაამზადეთ! –

 ტყვე შებორკილია”

 

 29. ამხედრდა გლაუმზე

 ატლი ძალოვანი,

 ჯავშანში ჩამჯდარი

 გარს ერტყა ამალა.

 შეიტყო გუდრუნმა

 ღმერთთა მათ წამება,

 ცრემლი არ დაღვარა

 დარბაზს შემავალმა.

 

 გ უ დ რ უ ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 

 30. ”დაე, შენ დაგსაჯონ

 შენთა საფიცართა,

 რომელთაც დღემუდამ

 გუნარს აღუთქვამდი,

 ჰფიცავდი მზის ნათელს,

 ცხენს სარეცლისასა,

 ქვასა ღვთისა ოდინის

 და ულრის ბეჭედსა!

 და განძის გუშაგი

 ღმერთთა ომებისა

 ცხენმა დასაღუპად

 მყიშვე გააქანა.

 

 31. მყისვე მიიყვანეს

 მხედრებმა ორმოსთან,

 გველების ორმოში

 ჩააგდეს კონუნგი.

 გუნარმა, მრისხანემ,

 მარტოკა შთენილმა,

 ქნარს ხელი შეახო

 ჩამოჰკრა გრძნებითა -

 აჟღერდნენ სიმები;

 ხამს ასე დაიცვას

 კონუნგმა მამაცმა

 ოქრო მონახვეჭი.

 

 32. აღსრულდა მკვლელობა,

 ატლი გულბოროტი

 ცხენდაცხენ დაბრუნდა

 თვისსა საბრძანისსა.

 ეზოში ხმაური

 ისმოდა მხედართა.

 ვრცელ ტრამალებიდან

 შინ დაბრუნებულთა.

 

 33. გამოჩნდა გუდრუნი

 ხელთ ოქროს თასითა,

 ატლის მიეგება,

 ვითარცა ჯერ იყო:

 ”მიიღე, კონუნგო,

 გუდრუნის ხელითა

 ლეკვინი ნადირისა,

 ბნელეთს წარგზავნილნი!”

 

 34. დამძიმდა ლუდითა

 თასები წკრიალა,

 როს დარბაზს შემოკრბა.

 ატლის მხედრიონი -

 ჰუნნი გულმამაცნი,

 გრძელულვაშოსანნი.

 

 35. შევიდა სასმისით,

 სახითა მბრწყინავი -

 ცოლი საშინელი,

 მიტანდა საჭმლისა;

 მიართვა და ჰკადრა

 სიტყვა სალანძღავი:

 

 36. ”შენთა ვაჟიშვილთა

 გულნი სისხლიანი

 შენ თაფლს შეატანე,

 მახვილთ მბოძებელო!

 ვინძლო მოინელო

 კერძი შემზარავი,

 ან ლუდთან ერთიან

 ზეამოანთხიო!

 

 37. აწ ვეღარ მოუხმობ

 ერპსა და ეიტილს,

 მუხლზე ვერ დაისვამ

 შენთა საალერსოდ;

 ვეღარ იხილავ

 ძეთა ხელგამრჯეთა,

 ტარებს რომ აგებდნენ

 ხელშუბებს, მამაცნი

 ცხენთ ჰკრეჭდნენ ფაფრებსა,

 დაქროდნენ ცხენდაცხენ!”

 

 38. ისმოდა ქვითინი

 მორთულსა დარბაზში -

 ჰუნნი დასტიროდნენ

 ყრმათა დაღუპულთა,

 მარტოდენ გუდრუნი

 დუმდა, არ ტიროდა

 არც ძმათა ძლიერთა,

 არც ძეთა ძვირფასთა,

 ყრმათა მათ, ატლისგან

 მის მიერ შობილთა.

 

 39. აბნედა ოქროებს

 გედივით თეთრყელა,

 მსახურთ ურიგებდა

 მეწამულ ბეჭდებსა;

 გასცემდა საუნჯეს

 ბედისა მიმყოლი,

 ბომონთ არ ზოგავდა

 უხვი, ხელგაშლილი.

 

 40. ატლის გონდაკარგულს

 ლუდი მორეოდა -

 ვერ წინააღუდგა

 მახვილით გუდრუნსა:

 უწინ მათ სხვაგვარი

 ჰქონდათ შეხვედრები -

 ხვევნა, უნაზესი,

 სხვათა სამზერელი.

 

 41. გუდრუნმა მახვილით

 სისხლ ასვა საწოლსა,

 ჰელსა წარმგზავნელმა -

 აუშვა ძაღლები,

 აშალა მსახურნი,

 კარები ჩარაზა,

 ცეცხლს მისცა ყოველი -

 მით შური იძია.

 

 42. ცეცხლს მისცა ყველანი,

 ვინც მირკჰაიმიდან

 გუნარის მკვლელობის

 შემდეგ შინ დაბრუნდა;

 ცვიოდნენ თავხენი,

 ბოლავდნენ ბომონნი

 იწვოდა სახლ-კარი,

 სიმდიდრე ბუდლუნგთა,

 ცეცხლში ინთქმებოდნენ

 ქალნი ფაროსანნი.

 

 43. კმარა, რაც ვიამბეთ!

 ასცილდეთ სხვა ცოლებს

 ძმათათვის აბჯრისა

 ასხმა- შურისხება!

 გუდრუნმა სამ კონუნგს

 სიკვდილი მიაგო,

 სანამ თვით არ მისწვდა

 მას ხელი სიკვდილის.

 

 ამის შესახებ კიდევ უფრო დაწვრილებით არის ნაამბობი სიმღერაში - ”გრენლანდიური სიტყვანი ატლისა”.

 

 

 სიტყვანი ატლისა

 (Atlamâl)

 

   1. იტყვიან მხედართა

 ბჭობა-თავყრილობას.

 თათბირს საიდუმლოს,

 ბევრთა დამღუპველსა:

 ფარულ თავყრილობებს

 თან სდევთ ფათერაკი, -

 ძენი გიუკისა

 დაღუპა ღალატმა.

 

 2. სიკვდილს უმზადებდა

 გმირებს ბედისწერა,

 ატლიც კი მოტყუვდა,

 თუმც იყო ჭკვიანი! –

 თით გამოაცალა

 თავისთავს საყრდენი,

 ოდეს მან ცოლისძმებს

 უხმო საწვეულოდ.

 

 3. ბრძნულად მოისაზრა

 გუდრუნ გონიერმა -

 უწყოდა შეთმქულთა

 მტრობა იდუმალი,

 თუმცა მან ვერ შეძლო

 ძმათა გაფრთხილება -

 ზღვათა გადაცურვა,

 დროით მიშველება.

 

 4. რუნები ამოჭრა,

 გარნა გულბოროტმა

 ვინგიმ აუბნია,

 ვიდღე მიაწვდენდა;

 გეზი ლიმფორდისკენ,

 გმირთა საცხოვრისზე,

 აიღეს შათირთა,

 ატლის წარგზავნილთა.

 

 5. მოყვრულად დაუხვდნენ,

 ცეცხლი გააჩაღეს! –

 ვერ მიხვდნენ მუხთალთა

 განზრახვას მზაკვრულსა;

 გულღიად მიიღეს

 ატლის საჩუქრები,

 სიკეთედ იწამეს,

 ბოძზე ჩამოკიდეს.

 

 6.კოსტბერა მოვიდა -

 მეუღლე ჰოგნისა,

 სტუმრებს მიესალმა

 ფრთხილი ქალბატონი:

 გაუჩნდა გლაუმვორს -

 გუნარის მეუღლეს -

 სტუმრებზე ახალი

 ფიქრი, საზრუნავი.

 

 7.ჰოგნის მოუხმობდნენ

 წასვლას მოციქულნი -

 ხაფანგს შეამჩნევდა

 ჭკუა გამჭრიახი!

 გუნარი ჰოგნისგან

 უცდიდა თანხმობას,

 ჰოგნი კი ელოდა,

 რას იტყვის გუნარი!

 

 8.დიოდა თაფლი და

 მოჰქონდათ ხორაგი,

 ბევრი სვეს თასებით,

 ვიდრე არ დაითვრნენ.

 

 9.მოხდენილ ადგილზე

 გაშალეს ლოგინი,

 კოსტბერამ იცოდა

 ამოხსნა რუნების:

 ღამით, ცეცხლის შუქზე

 იწყო ამოკითხვა:

 ენას არა ძრავდა,

 ფრთხილად კითხულობდა -

 აზრი ვერ გაუგო

 აბნეულ რუნებსა.

 

 10. დაწვა ის ჰოგნისთან

 ერთად სარეცელზე,

 ესიზმრა სიზმარი

 და როს გაიღვიძეს,

 სიზმარში ნანახი

 უამბო კონუნგსა:

 

 11. „გზად გამზადებულხარ,

 გონს მოდი, დაფიქრდი!

 ცოტანი არიან

 მცოდნენი რუნების:

 დია, ამოვიცან,

 რაც გუდრუნს უჭრია,

 ელოდე ბოროტსა,

 გზა ხიფათს გიმზადებს!

 

 12. მე მხოლოდ ერთი რამ

 მაოცებს, მაკვირვებს -

 ბრძენს ესე რუნები

 რად აურევია:

 ძლივს შევძელ ამოხსნა,

 რომ გელით სიკვდილი,

 თუ შინ არ დარჩებით,

 წასვლას არ დაიშლით;

 არ ეყო რუნები,

 თუ სხვა ოინია?”

 

 ჰ ო გ ნ ი მ   თ ქ ვ ა:

 13. ”ცოლნი სულ ფრთხილობენ,

 მე სულ სხვა ზნისა ვარ,

 ღალატით არვისგან

 არ ველი მტრობასა!

 ოქროებს გვაჩუქებს,

 აგვავსებს თავადი;

 არ ვუფრთხი იჭვნეულ

 ხმათა შფოთიანთა!”

 

 კ ო ს ტ ბ ე რ ა მ   თ ქ ვ ა:

 14. ”წასვლა, არდარჩენა 0

 შეგყრით ფათერაკსა!

 კეთილ მასპინძლობას

 თქვენ მისგან ნუ ელით!

 ჰოგნი, მე სიზმარი

 ვნახე, ვერ დავმალავ -

 ნეტავ, მარცხს მანიშნებს,

 თუ ვშიშობ ამაოდ!

 

 15. მესიზმრა, შენს საბანს

 ცეცხლი წაეკიდა,

 ალმა ავარდნილმა

 ამივსო დარბაზი!”

 

 ჰ ო გ ნ ი მ   თ ქ ვ ა:

 16. ”საბნები ბევრი გვაქვს,

 რისი გეშინია,

 დაიწვას ცხადადა -

 ახდება სიზმარი”.

 

 კ ო ს ტ ბ ე რ მ ა   თ ქ ვ ა:

 17. მესიზმრა, დარბაზში

 დათვი შემობობღდა,

 ამტვრევდა თავხეეს,

 იქნებდა თათებსა;

 ბევრი ჩაუვარდა

 ხახაში დაწყევლილს,

 ვრძწოდით, ვცახცახებდით,

 იდგა ღრიანცელი!”

 

 ჰ ო გ ნ ი მ   თ ქ ვ ა:

 18. ”გრიგალს მოასწავებს,

 მაშრიყით მოვარდნილს,

 სიზმარში ანაზდად

 ხილვა თეთრი დათვის!”

 

 კ ო ს ტ ბ ე რ მ ა   თ ქ ვ ა:

 19. ”მესიზმრა, არწივმა

 ჩვენს სახლს ჩაუქროლა -

 ავს რასმე გვანიშნებს! –

 გვასხურა სისხლითა,

 ატლის ორეული

 ვიცან მე მის ხმაში!”

 

 ჰ ო გ ნ ი მ   თ ქ ვ ა:

 20. ”დავხოცავთ ხვასტაგსა -

 სისხლი დაიღვრება;

 არწივი სიზმარში

 ხარს ნიშნავს ცხადადა!

 ატლი არ გვიმუხთლებს,

 სიზმრის ნუ გეშინის!”

 და ასე დასრულდა

 მათი საუბარი.

 

 21. ღირსთა გაიღვიძეს

 და სიზმრად ნახულზე

 ახლა გლაუმვრომა

 იწყო საუბარი -

 ცოლი არ ურჩევდა

 გუნარს გამგზავრებას.

 

 გ ლ ა უ მ ვ ო რ მ ა   თ ქ ვ ა:

 22. ”მესიზმრა, მიჰავდით

 შენ ჩამოსახრჩობად,

 ცოცხალს, განაწამებს

 ხორცს გგლეჯდნენ გველები,

 ქრებოდა სიცოცხლე;

 ვით ახსნი სიზმარსა?

 

 23. მესიზმრა, იღებდნენ

 შენი ტანსაცმლიდან

 მახვილს სისხლიანსა, -

 ვითა ვძრავ ენასა! –

 ვიხილე, შიგ გულში

 ჩაგესო ლახვარი,

 ირგვლივ გაისმოდა

 ღმუილი მგლებისა”.

 

 გ უ ნ ა რ მა   თ ქ ვ ა:

 24. ”ძაღლები დარბიან,

 ყეფენ გაცხარებით -

 ჰოროლთა ფრენისა

 არს ცხადი ნიშანი”!

 

 გ ლ ა უ მ ვ ო რ მ ა   თ ქ ვ ა:

 25. ”მესიზმრა, დიოდა

 მძლავრი რამ ნაკადი,

 მიქუხდა მერხებზე

 სასახლის გვერდითა,

 წაქცევად გეძგერათ

 ძმათა ორთავეთა,

 ვერ უმაგრდებოდით -

 ავს ნიშნავს ხიფათსა!

 

 26. მესიზმრა, მოვიდნენ

 ცოლნი გარდაცვლილნი,

 მსუბუქად მოსილნი,

 შენს წასაყვანადა,

 გიხმობდნენ, ჩქარობდნენ

 უკუგამგზავრებას:

 დისნი მფარველობას

 ვეღარ გაგიწევენ!”

 

 გ უ ნ ა რ მ ა   თ ქ ვ ა:

 27. ”ახლა გვიანღაა

 შეცვლა განზრახვისა,

 გზად გავმზადებულვარ,

 ბედს ვერვინ ედაოს;

 ჩანს, გვიხმობს მსახვრალი

 ხელი სიკვდილისა”.

 

 28. რიჟრაჟზე წამოდგნენ,

 წასვლად აიშალნენ,

 დარჩენას ურჩევდნენ

 კაცნი შინაურნი.

 ხუთნი გაემგზავრნენ,

 შინ კი ორჯერ მეტი

 დატოვეს მსახურნი -

 უგნურად მოიქცნენ!

 გაჰყვათ მარტოოდენ

 სამი გულმამაცი;

 სნევარ და სოლარი -

 ვაჟები ჰოგნისა

 და გმირის ცოლისძმა -

 ორკნინგი გულლაღი.

 

 29. ცოლნი გზად მიმავალთ

 მიჰყვნენ ფიორდამდე;

 ამაოდ ურჩევდნენ

 უკან დაბრუნებას.

 

 30. გზაში გლაუმვორმა -

 გუნარის მეუღლემ -

 ანაზდად ვინგისთან

 იწყო საუბარი:

 ”ნეტავ, რას გვიმზადებთ?

 არის ბოროტება -

 იწვევდე სტუმარს და

 გულში ღვარძლს მალავდე!

 

 31. ვინგიმ დაიფიცა

 მტკიცე საფიცარი:

 ”დე, გოლიათებმა

 შეიპყრონ, დაახრჩონ,

 თუ ცრუობს, თუ გულში

 მტრობა აქვს ფარული!”

 

 32. ბერამ ბედკეთილი

 უსურვათ მგზავრობა:

 ”ზღვა მშვიდად გაგევლოთ,

 მოგცეთ გამარჯვება!

 გემგზავროთ, ვითა მსურს,

 აგცდეთ ფათერაკი!”

 

 33. ჰოგნიმ უპასუხა -

 ნათესავთ იმედმა:

 ”ნუ დარდობთ, კეთილნო,

 მოხდეს მოსახდენი!

 ოდენ სურვილებით

 საქმეს ვერ ვუშველით,

 შინით გაცილება

 ვით იხსნის ყარიბთა!”

 

 34. ჟამს განშორებისა

 შეხედეს ერთმანეთს;

 ბედმა გააწყვიტა -

 გზებით გაიყარნენ.

 

 35. მოუსვეს ნიჩბები

 მათ ისე ძლიერად,

 თითქმის გადუმსხვრიეს

 ხომალდს ხერხემალი;

 დაუწყდათ ღვედები,

 დატყდნენ პალოები;

 მიადგნენ ნაპირს და

 ნავი არ მიაბეს.

 

 36. მაღლობს მიეახლნენ,

 იხილეს სიმაგრე -

 ადგილ-სამყოფელი,

 საუფლო ბუდლისა;

 ჰოგნიმ ალაყაფზე

 ატეხა რახუნი.

 

 37. მაშინ თქვა ვინიგმა

 (სჯობდა სულ არ ეთქვა!):

 ”გაბრუნდით უკანვე, -

 ჩქარა, თავს უშველეთ!

 დაგღუპვენ, დაგწვავენ,

 აგჩეხენ, აგკუწვენ -

 მოყვრულად გიწვევდით,

 მარჯვედ მოგატყუეთ;

 თქვენს თავგასაყოფად

 მე დავწნავ მარყუჟსა!”

 

 38. ჰოგნიმ უპასუხა,

 გმირმა უშიშარმა,

 ჟამსა განსაცდლისა

 უკან არდამხევმა:

 ”გინდა დაგვაშინო!

 თუ კვლავ კრინტს დასძრავ,

 თავად დაგატყდება

 რისხვა და თავზარი!”

 

 39. მიუხდნენ ვინგისა,

 დასცხეს ჩუგლუგები,

 წარსტაცეს სიცოცხლე -

 ჰელსა ბნელს წარგზავნეს.

 

 40. მოუხმო ატლიმა

 მამაც მოლაშქრეებს,

 აბჯართა ჟღარუნით

 მოადგნენ გალავანს;

 მოსულთ აგინებდნენ

 სალანძღავ სიტყვებით:

 ”ჩვენ თქვენი დაღუპვა

 გვსურს დიდი ხანია!”

 

 ჰ ო გ ი ნ ი მ   თ ქ ვ ა:

 41. ”არ ჰგავს ეგ განზრახვა

 დიდი ხნის სურვილსა,

 ჯერ მზადაც არა ხართ,

 მოგიკლათ მხედარი,

 ერთი გამოაკლდა

 უკვე თქვენს რიგებსა!

 

 42. გააფთრდნენ, რა ესმათ

 მათ ეს სიტყვანი,

 მომართეს თითები,

 მოზიდეს ლარებსა,

 ფარსა იფარებდნენ,

 სტყორცნიდნენ ჰოროლთა.

 

 43. შეიტყვეს შინ მყოფთა,

 გარეთ რაც ხდებოდა -

 დარბაზის კარებში

 მსახურმა შესძახა.

 

 44. გაშმაგდა გუდრუნი

 შემზარავ ამბითა,

 მოიხსნა გულქანდა,

 დაგლიჯა, დაყარა,

 ამტვრია ბეჭდები,

 მიწას დაანარცხა.

 

 45. განახვნა კარნი და

 გაიჭრა ეზოში,

 ხმით სალამს აწვდენდა

 ძმათა მათ, წვეულთა,

 უშიშრად უხმობდა,

 ვითა შეჰფეროდა

 ღირსთა მათ ნიფლუნგთა

 და წართქვა სიტყვანი.

 

 46. ”არ მსურდა მენახეთ

 შინით აქ მოსულნი,

 ბედმა მოგიყვანათ -

 ბედს ვერვინ ედაოს!”

 განსჯიდა ბრძნულადა,

 სთხოვდა დაზავებას,

 გარნა უკუაგდეს

 თხოვნა გონივრული.

 

 47. რა სცნა ღირსეულმა

 ჭირი კარს მომდგარი,

 გულით გამამაცდა,

 გადიძრო ლაბადა,

 იშიშვლა მახვილი

 დაცვად ნათესავთა -

 ხელმარჯვედ ომობდა,

 საქმე ქმნა საგმირო.

 

 48. ორნი მყის განგმირა

 გიუკის ასულმა,

 დაჭრა ძმა ატლისა

 და ფეხი მოჰკევთა -

 ბრძოლას განაშორეს

 იგი ცოცხალ-მკვდარი.

 ეკვეთა მეორეს

 პირბასრი მახვილით,

 ჰელსა ბნელს წარგზავნა,

 ხელი არ უთრთოდა.

 

 49. საქვეყნოდ გავიდა

 იმ ბრძოლის ამბავი,

 რაიც თავს გადახდათ

 გიუკის შვილებსა:

 იბრძოდნენ ნიფლუნგნი

 სიკვდილის პირამდე,

 შვენოდათ შეტევა,

 მახვილთა ძგერება,

 ჯავშანთა ლეწვა და

 მსხვრევა მუზარადთა.

 

 50. გავიდა მთელი დღე

 ხელჩართულ ბრძოლაში -

 დილა და შუადღე;

 ჩამოდგა საღამო.

 სისხლით გაჟღენთილი

 მოჩანდა მინდორი,

 თვრამეტი მხედარი

 დაეცა მტრის მხარეს,

 აქეთ - ზმა ბერასი

 და ძენი მამაცნი.

 

 51. ატლიმ თქვა მრისხანემ,

 გარნა ნაღვლიანმა:

 ”მზარავს ეს ამბავი,

 რაც ჩვენ გვდევს ბრალადა!

 ოცდაათ დარჩეულ

 მხედრიდან თერთმეტნი

 გადავრჩით - მძიმეა

 ჩვენი დანაკლისი!

 

 52. ხუთი ძმა ვიყავით,

 როს ბუდლიმ დაგვტოვა:

 ორნი ჰელს ცხოვრობდნენ,

 ორნიც დღეს მომიკლეს.

 

 53. ქვეყნად ნათესავი

 ბევრი შევიძინე,

 მაგრამ მე ვერც ერთში

 ვერ ვპოვე სიკეთე!

 შვება აღარა მაქვს,

 რაც ცოლად შეგირთე:

 თვისტომთ მინადგურებ,

 სახლი ამიწეწე,

 დაი მომიკალი,

 მაწვნიე სიმწარე!”

 

 გ უ დ რ უ ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 

 54. ”ატლი, უსამართლოდ

 მავსებ საყვედურით!

 დედა მომიკალი,

 ჰფლობ მისსა სიმდიდრეს:

 შიმშილით მომიკალ

 დისშვილი ძვირფასი;

 აწ სასაწილოა,

 რომ შენვე ბრალს მდებდე!

 მადლობა ღმერთებსა,

 ეგზომ გაგამწარეს!

 

 ა ტ ლ ი მ   თ ქ ვ ა:

 55. ”ამაყი ცოლისა

 ვაებამ იმრავლოს!

 ესე მე ვიხილო -

 გიბრძანებთ, თავადნო!

 გამწარდეს გუდრუნი,

 უმძლავრდეს ვარამი,

 სიმწრისა მისისა

 ვიქმნე მე მხილველი!

 

 56. ჰოგნი მოიყვანეთ,

 ცოცხლად შეპყრობილი,

 გაუპეთ მკერდი და

 გული ამოგლიჯეთ!

 მაგარი თოკითა

 გათოკეთ გუნარი,

 გველების ორმოში

 ჩააგდეთ გულფიცხი!”

 

 ჰ ო გ ნ ი მ   თ ქ ვ ა:

 57. ”ჰქმენ, რაც გეწადოს!

 არ ვუფრთხი განსაცდელს,

 შევხვდები თამამად,

 ვუწყი უარესიც!

 ჩვენ, სანამ შეგვეძლო,

 თავს მედგრად ვიცავდით,

 ვიცლებით სისხლისგან,

 ვსუსტდებით, გნებდებით!

 

 58. წარმოთქვა ბეიტიმ,

 დამქაშმა ატლისა:

 ”ჰაილი შევიპყროთ,

 ჰოგნი შევიბრალოთ!

 დაე, დაიღუპოს

 მხდალი, გარეწარი;

 ზარმაცსა, უქნარას

 ეყოს, რაც იცოცხლა!”

 

 59. შიშმა აიტანა

 ქვაბების დარაჯი,

 მყისვე ადგილიდან

 მოწყდა და გაიქცა:

 მას არ ეთმობოდა

 საქმე საკუთარი -

 ხვედრი ხვდა საზარი;

 ნასუქალ ღორებსა,

 მსუყე სანოვაგეს

 იყო მიჩვეული.

 

 60. იშიშვლეს დანები

 ბუდლის მზარეულზე;

 აღმუვლდა საბრალოდ

 მონა უბადრუკი:

 ჰფიცავდა - იქნება

 ნაკელის მზიდავად

 და არ ითაკილებს

 უმდაბლეს შრომასაც,

 ოღონდ შეიბრალონ,

 აჩუქონ სიცოცხლე.

 

 61. ჰოგნიმ საოცარი

 საქმე ჩაიდინა:

 სთხოვა - არ მოეკლათ,

 გაეშვათ საბრალო:

 ”სიკვდილთან შეხვედრა

 მიჩანს მე თამაშად:

 რად გვინდა ვისმინოთ

 წკმუტუნი მონისა?”

 

 62. შეიპყრეს ვაჟკაცი,

 აღარ დააყოვნეს,

 მხედართ აღასრულეს

 საქმე შემზარავი:

 ჰოგნიმ გაიცინა -

 ნახეს და ისმინეს,

 ტანჯვას და ტკივილებს

 იჩნევდა ჩალადა.

 

 63. გუნარმა უეცრად

 ქნარი ააჟღერა,

 ჩამოჰკრა სიმებსა,

 ატირდნენ დიაცნი,

 დამწუხრდნენ მამაცნი -

 ხმა ესმათ გლოვისა;

 გუდრუნს უგზავნიდა

 ძმა ავსა ამბავსა.

 

 64. რიჟრაჟზე დახუჭეს

 თვალნი გულმამაცთა,

 გმირული სიკვდილით

 განშორდნენ სიცოცხლეს.

 

 65. ატლი ამაყობდა

 მათზე გამარჯვებით,

 გუდრუნს ნიშნისგებით

 ამცნობდა მრისხანე:

 ”გათენდა, გუდრუნო,

 აღარ გყავს თვისტომი!

 ნათესავთ დაღუპვა

 შენაც გდევს ბრალადა!

 

 გ უ დ რ უ ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 66. ”ატლი, შენ ზეიმობ!

 მკვლელი ხარ მუხთალი!

 დრო დადგეს - ინანო,

 იწვნევდე უარესს,

 აწ მემკვიდრეობით

 ჩემით გულს გაიძღებ,

 გარნა ვერ იხარო,

 ვიდრემდე ცოცხალ ვარ”.

 

 ა ტ ლ ი მ   თ ქ ვ ა:

 

 67. ”ვიცი, რომ ბრალი მდევს,

 ვუწყი, რა ვიღონო,

 ვით გადაგავიწყო

 შფოთი და ვარამი:

 მოგგვრი მოახლეებს,

 მოგცემ სამკაულებს,

 თოვლისფერ ვერცხლითა

 აგავსო, ვით გსურდეს!”

 

 გ უ დ რ უ ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 68. ”უარვყოფ ყოველსა

 შენგან ნაბოძებსა,

 ჩვენს შორის კავშირი

 გაწყდა მეგობრული;

 ვიყავ საშინელი,

 ვიქმნა უარესი!

 არად მიჩნს სიცოცხლე

 მე ჰოგნის შემდეგა.

 

 69. ვიყავით ორნივე

 ერთ ჭერქვეშ გაზრდილი,

 ერთად ვთამაშობდით,

 დავრბოდით ჭალებში;

 ოქროს სამკაულით,

 ძვირფას ამბარჩებით

 გვამკობდა გრიმილდი.

 ვით გადავივიწყო

 მკვლელობა ძმებისა,

 ვინ რა მანუგეშოს!

 

 70. ცოლნი მორჩილებენ

 ქმართა ძლიერებას -

 ტანი იღუპება,

 თუ გახმა ტოტები;

 ფესვნი თუ დააჭერ,

 ხე კვდება, ეცემა:

 ატლი, აწ შენა ხარ

 აქ ბატონ-პატრონი!”

 

 71. ღალატს არ ელოდა

 ატლი უგუნური,

 ვერ ცნო ცბიერება

 წინდაუხედავმა.

 გუდრუნი იდუმალ,

 დია, თვალთმაქცობდა,

 მალავდა მზაკვრობას,

 ჩანდა მხიარული.

 

 72. ძმებსა აღაპში

 ლუდს ეზიდებოდა,

 ატლი თამადობდა

 ნათესავთ აღაპსა.

 

 73. თავდება ამბავი:

 ლუდი მოადუღა,

 ავბედს აღუთქვამდა

 ქელეხი, ღრეობა -

 სიკვდილს უმზადებდა

 ბუდლის ნაშიერთა

 გუდრუნი, ძმათათვის

 ავი შურისგებით. . .

 

 74. მოუხმო პატარებს,

 ტახტზე დააწვინა,

 შეკრთნენ ბიჭუნები.

 გარნა არ ატირდნენ,

 გულზე მიეხუტნენ,

 ჰკითხეს - რა ეწადა.

 

 გ უ დ რ უ ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 75. ”ნუ მკითხავთ ნურარას!

 მინდა მოგაკვდინოთ -

 ჭაღარა სიბერეს

 მსურს დაგხსნით ორთავე”.

 

 ბ ა ლ ღ ე ბ მ ა თ ქ ვ ე ს:

 76. ”უმწეო ყმაწვილთა

 დაკვლას ვინ დაგიშლის, -

 მაგრამ შურისგებით

 დიდხანს ვერ იხარო!”

 დახოცე ორნივე

 ძენი ულმობელმა -

 ყელები დაღადრა

 პირბასრი დანითა.

 

 77. იკითხა ატლიმა:

 ბალღნი სად არიან,

 საით შეირბინეს,

 ნეტავ, სათამაშოდ?

 

 გ უ დ რ უ ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 78. ”მოვალ და სიმართლით

 გეტყვი ყოველივეს,-

 გრიმილდის ასული

 მოგაგებს პასუხსა.

 გარნა ამ სიმართლით

 მე ვერ გაგახარებ,

 ძმები დამიხოცე,

 ავ გზას დამაყენე!

 

 79. ვიგლოვდი დაღუპულთ,

 ვეღარ ვიძინებდი,

 ვწნავდი შურისგებას -

 მიიღე სანაცვლოდ!

 მახსოვს, შენ დამსეტყვე

 ადრიან დილითა,

 ახლა საღამოა -

 ამბავს სცნობ სხვაგვარსა!

 

 80. დანით პირბასრით

 დაგიკალ შვილები,

 თასებად ვაქციე

 მე მათი თავები,

 ძეთა მათ სისხლითა

 ლუდი შეგიზავე.

 

 81. შამფურზე ავაგე

 მე მათი გულები,

 შევწვი და მოგართვი,

 გითხარ - ხბოს გულია!

 შენ მარტომ შეჭამე,

 სხვას არვის გაუყავ,

 საძირე კბილებით

 დაღეჭე გულდაგულ.

 

 82. აჰა, სცან სიმართლე -

 ბალღნი სად არიან!

 ვქმენ ჩემი საქმნელი -

 გაწვნიე სიმწარე.

 

 ა ტ ლ ი მ   თ ქ ვ ა:

 83. ”ავსული ყოფილხარ,

 გუდრუნო, თუ მართლა

 შვილების სისხლითა

 ლუდი შემიზავე -

 მოსპე და დაღუპე

 ჩვენი ნაშიერნი,

 ძენი დამიხოცე,

 ჭირი გამიმრავლე!”

 

 გ უ დ რ უ ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 84. ”შენ უნდა მომეკალ -

 სხვას რას მივაგებდი

 უმჯობეს სასჯელად

 ულმობელ თავადსა!

 შენ ადრეც მრავალთა

 უბედურებათა,

 ბოროტთა საქმეთა

 ხარ ქვეყნად ჩამდენი;

 აწ ქმენ ბოროტება

 ქვეყნად უმძიმესი, -

 აღაპი შენივე

 შენვე განიმზადე!”

 

 ა ტ ლ ი მ   თ ქ ვ ა:

 85. ”დაგწვავენ კოცონზე,

 ჩაგქოლენ ქვებითა!

 მიიღებ სანაცვლოს -

 საკადრის სასჯელსა!”

 

 გ უ დ რ უ ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 ”დილისთვის სიმწარეს

 ელოდე უარესს!

 ლამაზი სიკვდილი

 ჩემთვის განვიმზადე!”

 

 86. ასე აღავსებდნენ

 ერთურთს საყვედურით,

 შინ მსხდომი, ერთურთის

 მრისხანედ მზირალი.

 

 87. აღინთო ჰნიფლუნგი,

 აღსგა შემართბად,

 გუდრუნს განუცხადა,

 რომ მოკლავს ატლისა.

 

 88. დაღუპულ ჰოგნისა

 ხვედრი გაიხსენა,

 გუდრუნმა აღუთქვა

 ჰნიფლუნგს დახმარება,

 მალე მოახლოვდა

 ატლის აღსასრული,

 გუდრუნის შეწევნით

 ის მოკლა ჰნიფლუნგმა.

 

 89. სიმწრით გაიღვიძა

 და წართქვა ძლიერმა -

 მძიმე ჭრილობათა

 ბრძანა არ შეხვევა:

 ”მარქვით, ვინ განგმირა,

 მოკლა ძე ბუდლისა?

 ვერ წინააღვუდგე,

 ვერ მკურნოს მკურნალმა!”

 

 გ უ დ რ უ ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 90. ”მართალს მოგახსენებს

 გრიმილდის ასული,

 რომ მისი სურვილით

 მოგისპეს სიცოცხლე!

 ჰოგნის ძემ, მამაცმა,

 დაგცა გულს მახვილი.

 

 ა ტ ლ ი მ   თ ქ ვ ა:

 91. ”იტვირთე მკვლელობა -

 სულმოკლედ მოიქეც:

 ერთგულსა მეგობარს

 ექმენ მოღალატედ!

 მიყვარდი, არ გსურდი,

 შეგირთე ცოლადა;

 

 92. მორჭმულად გიცნობდნენ

 ქვრივსა მბრძანებელსა,

 დიდთა მათ საქმეთა

 გრაცხდნენ შემოქმედად.

 დავბრუნდით ამალით

 მრავალრიცხოვანით,

 გზები ცხოვრებისა

 კარგ ბედს აღგვითქვამდა.

 

 93. ზრუნვით გარს გვეხვივნენ

 ღირსნი დიდებულნი,

 გვყავდა საქონლისა

 ჯოგი უთვალავი,

 ვიხვეჭდით, გავცემდით

 სიმდიდრეს უხვადა.

 

 94. ურვათი მოგართვი,

 დია, საკადრისი:

 მონა ოცდაათი,

 შვიდი მოახლენი;

 ვერცხლი დავუმატე

 სართად მშვენიერთა.

 

 95. არარად მიგაჩნდა

 ესე ყოველივე, -

 დამაკლდა ბევრი რამ

 მზაკვრობით შენითა -

 სიმდიდრე მიწების

 ბუდლის ნაბოძარი.

 ცრემლები სდიოდა

 შენსა დედამთილსა,

 ნდობა ერთმანეთის

 დავკარგეთ ცოლ-ქმარმა!

 

 გ უ დ რ უ ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 96. ”ატლი, შენ სიცრუით

 აბრუნებ ენასა!

 ბრალად მდებ ანჩხლობას,

 თვით ხარ უარესი:

 თქვენ, ძმანი ჭაბუკნი,

 ადრევე მტრობითა

 ღუპავდით ერთმანეთს,

 ჰელსა წარგზავნიდით,

 დაღუპეთ სიმდიდრე

 და ბედნიერება.

 

 97. ჩვენ, სამნი და-ძმანი,

 დია, უძლევენლი,

 ხმელეთს განვეშორეთ,

 ზღვად გავყეთ სიგურდსა.

 ჩვენგან თვითეული,

 საკუთარ ხომალდით,

 მაშრიყს მიეახლა

 ომის მაძებარი.

 

 98.მოვკალით კონუნგი,

 დავიპყრეთ ქვეყანა,

 მოვიდნენ თავადნი

 რიდით და კრძალვითა,

 ურჩნი დავიმონეთ,

 მორჩილნი ვამართლეთ,

 ღატაკთ ვუწყალობეთ

 განძი საბოძარი.

 

 99. მომიკვდა სიგურდი,

 ბედი დამეფერფლა,

 დამერქვა საბრალო

 სახელი ქვრივისა,

 ატლის სასახლეში,

 ქმარზე მგლოვიარე,

 ვიჯექ, არ ძალმიძდა

 გმირის დავიწყება.

 

 100. ვგრძნობდით, უსამართლოდ

 განსჯიდი თინგზედა

 და სხვებს აბრალებდი

 შენს უსამართლობას;

 იყავი დამთმობი

 და გაუბედავი,

 სდუმდი, თუმც დუმილი

 არ ჰფერობს კონუნგსა”.

 

 ა ტ ლ ი მ   თ ქ ვ ა:

 101. ”სცრუობ, შენ, გუდრონო,

 გარნა ჩვენს ტანჯვასა,

 ხვედრსა უმძიმესსა

 ამით ვერ უშველო!

 წესი აღასრულე

 ჩვენდა საკადრისად,

 როს შინით მხედარნი,

 შორს წამასვენებენ!”

 

 გ უ დ რ უ ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 102. ”ვიყიდი ნავსა და

 კუბოს მოქარგულსა,

 გასანთლულ სუდარას,

 საბურველს მკვდრისასა,

 ვითომც გზა ცხოვრების

 გაგვევლოს ერთადა”.

 103. ატლი გარდიცვალა,

 გლოვობდნენ თვისტომნი,

 თქმული აღასრულა

 ღირსმა ქალბატონმა.

 სიკვდილი ეწადა

 ბრძენსა მას გუდრუნსა,

 გარნა მან ამქვეყნად

 კვლავ დიდხანს იცოცხლა.

 

 104. ბედნიერ არიან,

 ვინც შვილებს გმირებად

 აღზდიან ისე, ვით

 აღზარდა გიუკიმ.

 ქებით და დიდებით,

 ყველგან და მარადის

 იცოცხლებს საქმენი

 მათი საგმირონი.

 

 

 

 გუდრუნის წამქეზებლობა

 (Gudrunarhvot)

 

 გუდრუნმა, ატლი რომ მოკლა, დაუყოვნებლივ ზღვას მიაშურა. შევიდა ზღვაში და უნდოდა თავის დახრჩობა, მაგრამ ზღვამ არ ჩაძირა. წყალმა ფიორდებზე გაიტაცა და კონუნგ იონაკრის მიწაზე გარიყა. იონაკრმა ცოლად შეირთო გუდრუნი.

 მათ აჟებს ერქვათ: სორლი, ერპი და ჰამდირი*. იქვე იზრდებოდა სვანჰილდი - ასული სიგურდისა. იგი ცოლად შერთეს ორმუნრეკ ძლიერს. ორმუნრეკს ჰყავდა მრჩეველი, სახელად ბიკი. ბიკიმ (მზაკვრულად) ურჩია რანდვერს, კონუნგის ძეს**, ხელთგდება სვანჰილდისა და ამის შესახებ ყველაფერი უამბო კონუნგს. კონუნგმა ბრძანა, ჩამოეხრჩოთ რანდვერი, ხოლო სვანჰილდი ცხენებისთვის გაეთლვინებინათ. გუდრუნმა, როცა ეს ამბავი შეიტყო, მყისვე თავის ვაჟებს მიმართა:

 

 1. ვისმინე სიტყვანი -

 რისხვა-საყვედური:

 დარდით დასეტყვილი

 და სულით ძლიერი

 კიცხავდა გუდრუნი

 ძეთა მათ ყმაწვილთა,

 ბრძოლად მოუხმობდა,

 მტერზე შურისგებად:

 

 2. ”რად სხედხართ? რად გძინავთ

 უზრუნვ-უდარდელად?

 ვითღა შეგიძლიათ

 იყოთ მხიარული,

 ოდეს ორმუნრეკმა

 დაი თქვენი სვანჰილდი

 ცხენებს ათელვინა -

 თეთრონს და შავრასა;

 ომების გზებზედა

 მიუგო ფლოქვებქვეშ

 ნახედნსა, გოთურსა

 ნაცრისფერ ულაყებს!

 

 3. არა, თქვენ არ ჰგავხართ

 სიმხნით, სიმამაცით,

 არც გუნარს, გამბედავს,

 არც ჰოგნის, ძლიერსა,

 დია, აღგაგზნებდათ

 ცეცხლი შურისგების,

 რომ ჩემთა ძმათაებრ

 იყოთ უშიშარი,

 ან ჰუნთა კონუნგებს

 ბაძავდეთ გმირობით!”

 

 4. მაშინ თქვა ჰამდირმა,

 მხნემ, სულით მაღალმა:

 ”ვეჭვ, რომ შეაქებდი

 ჰოგნის ვაჟკაცობას,

 ოდეს მათ სიგურდსა

 ძილი დაურღვიეს,

 ოდეს თავსაბურნი,

 თეთრნი და ცისფერნი,

 მეუღლის სისხლითა

 წითლად შეგიღებეს.

 

 5. შენ, შენთა ძმათათვის

 მწარე შურისგებად,

 შვილები დახოცე

 შენივე ხელითა,

 დიაღაც, ვინატრებთ -

 დისათვის ყმაწვილნი

 ორმუნრეკ ძლიერზე

 აღვდგეთ შურისგებად!

 

 6. მოიღეთ აბჯარნი

 ჰუნთა მათ კონუნგთა!

 მახვილთა თინგისკენ

 ლტოლვად შთაგვაგონე!

 

 7. სიცილით შევიდა

 საწყობში გუდრუნი,

 მოიღო ზუჩნი და

 ჯავშანნი კონუნთა,

 აისხეს ძეთა მათ

 აბჯარნი საომრად,

 სასწრაფოდ მოახტნენ

 დარხატულ ცხენებსა.

 

 8. მაშინ თქვა ჰამდირმა,

 მხნემ, სულით მაღალმა:

 ”დედის სანახავად

 ვერღა უკუიქცნენ

 გმირნი, დაცემულნი

 გოთებთან ბრძოლაში,

 მაშინ აღასრულე

 შვილთათვის აღაპი -

 ასული შენისა

 და შენთა ძეთათვის”.

 

 9. გაბრუნდა გუდრუნი

 გიუკის ასული

 ცრემლის ღვრით, ქვითინით

 დაჯდა ალაყაფთან;

 სიმწრისა ძველისა

 იწყო მოგონება,

 ნამყო, გაფრენილი,

 დაუდგა თვალწინა:

 

 10. სამსა ცეცხლს ვიცნობდი -

 სამსა მას კერიას,

 სამ ქმარს - სამ მეუღლეს

 სამჯერ განათხოვი;

 ქმართაგან სიგურდი

 ჰმეტობდა სხვებზედა,

 ძმებმა მომიკვდინეს

 მეუღლე უბადლო!

 

 11. სევდა უმძიმესი

 აროდეს მეწვნია,

 გარნა უარესი

 ბედმა გამიმზადა -

 ატლის მიმათხოვეს

 ავსა მას კონუნგსა!

 

 12. მოვუხმე ყმაწვილთა

 ვითომც სასაუბროდ;

 ესღა დამრჩენოდა

 ბედკრულს შურისგებად:

 სიცოცხლე მოვუსპე

 ნიფლუნგთა მოდგმასა.

 

 13. მიველ ზღვის ნაპირას,

 ნორნებზე გამწყრალი,

 ნორნების რისხვისა,

 დია, მომლოდინე,

 ზღვამ პირი სეიკრა,

 წყალმა არ ჩამძირა,

 ზვირთთა გამიტაცეს,

 დავრჩი კვლავ ცოცხალი.

 

 14. უცხოსა მხარეში

 ვპოვე სარეცელი,

 ქმარს გავყევ მესამეს,

 მძებნელი ბედისა;

 ვამრავლე ვაჟები

 მოდგმა იონკარის,

 მძლეთა მძლე კონუნგის

 ძენი ღირსეულნი.

 

 15. სვანჰილდს გარს ეხვია

 გუნდი მოახლეთა,

 ძეთა უმეტესად

 მიყვარდა ასული;

 დარბაზს მინათებდა

 მისი მშუქარება -

 მსგავსად მზის სხივისა

 ბრწყინავდა სვანჰილდი.

 

 16. ვამკობდი სამოსით,

 ოქროს სამკაულით;

 გოთების მხარეში

 ქმარს შევრთე ძლიერსა,

 მომხვდა შემზარავი

 ტანჯვა ბედდამწვარსა:

 ცხენებს ათელვინეს

 ლაფში და ტალახში

 სვანჰილდის ლამაზი

 ქერა კულულები.

 

 17. სიკვდილი სიგურდის

 ყოველთა აღემატა -

 ლოგინში მომიკლეს

 იგი, ომს ჩვეული;

 ხვედრი გუნარისა

 იყო უმწარესი -

 გველთა მათ მბზინავთა

 დაგესლეს კონუნგი;

 გული ამოგლიჯეს

 მკერდიდან ჰოგნისა -

 კონუნგს შემზარავი

 არგუნეს სიკვდილი.

 

 18. მახსოვს მე მრავალი

 დარდი და ტკივილი;

 სიგურდო, შეკაზმე

 შავრა ქედფიცხელი,

 ჩქარა მოაჭენე

 ჩემსკენ ბედაური!

 მარტო ვარ, არა მყავს

 რძალი, არც ასული,

 გუდრუნს რომ ძვირფასი

 უძღვნან საჩუქრები!

 

 19. ხომ გახსოვს, სიგურდო,

 ჩვენი საუბარი,

 ოდეს სარეცელზე

 ვისხედით მარტონი?

 აღმითქვი ჰელიდან

 ჩემთნ დაბრუნება,

 დაგპირდი, რომ შენთვის

 დავთმობდი სიცოცხლეს.

 

 20. აწ, ღირსნო თავადნო.

 მუხისა შეშისგან

 აღაგზნეთ გმირისთვის

 კოცონი მაღალი:

 დე, ცეცხლმა დაფერფლოს

 გული სევდიანი -

 დარდი და ვარამი

 დაადნოს გულისა!”

 

 21. ასცდეთ მომავალში

 ქმრებსა და ცოლებსა

 მსგავსნი განსაცდელნი,

 ექმნათ მოგონებად!

 დასრულდეს ამბავი

 ესე სევდიანი!

 

 

 სიტყვანი ჰამდირისა

 

 (Hamdismâl)

 

 1. იქ ბნელი ამბები,

 ბნელი საქმეები

 ხდებოდა ჟამსა მას

 ნაღვლიან დილითა;

 დილით ღვივდებიან

 შავბნელი ფიქრები,

 ფრთებსა შლის დარდი და

 ვარამი გულისა!

 

 2. არცა დღეს მომხდარა,

 არც გუშინ დილითა,

 ძველი ამბავია, -

 უძველეს დროისა;

 უხმობდა გუდრუნი,

 გიუკის ასული

 თვისთა ვაჟიშვილთა,

 ყმაწვილთ გულმამაცთა

 ასულის თვისისა

 მკვლელზე შურისგებად:

 

 3.”სვანჰილდი - სახელი

 დისა მის თქვენისა,

 ვინაც ორმუნრეკმა

 ცხენებს ათელვინა -

 თეთრონს და შავრასა;

 ომისა გზებზედა

 მიუგდო ფლოქვებქვეშ,

 ნახედნსა, გოთურსა

 ნაცრისფერ ულაყებს!

 

 4.კონუნგთა მოდგმიდან

 ჩემი ჯილაგისა

 ყველა დამეღუპა,

 თქვენღა დამრჩენიხართ!

 

 5.მე მარტოდმარტო ვარ,

 ვით ვერხვი ჭალაში,

 ვით ნაძვი ლიტონი,

 უძმო, უთვისტომო;

 მოვაკლდი სიხარულს,

 ვით ფოთლებს - მცენარე,

 როს მაღნარს ხორშაკმა

 ქარმა დაუქროლა!”

 

 6. მაშინ თქვა ჰამდირმა,

 მხნემ, სულით მაღალმა.

 ”ვეჭვ, რომ შეაქებდი

 ჰოგნის ვაჟკაცობას,

 ოდეს მათ სიგურდსა

 ძილი დაურღვიეს, -

 შენ იჯექ ლოგინზე, -

 მკვლელნი ხითხითებდნენ;

 

 7. ოდეს თავსაბურნი,

 თეთრნი და ცისფერნი,

 მეუღლის სისხლითა

 წითლად შეგიღებეს:

 მოგიკლეს სიგურდი,

 შენ იჯექ ცხედართან

 დარდით დასეტყვილი -

 ეს გიყო გუნარმა!

 

 8. ფიქრობდი, დახოცავ

 ერპსა და ეიტილს,

 დასწვავ, გულს მოუკლავ,

 დასეტყვავ ატლისა,

 დახოცე შვილები -

 ჭირი გაიმრავლე,

 მახვილით დასჭერი

 გული საკუთარი!”

 

 9. სორლიმ თქვა სიტყვანი,

 ჭაბუკმა ჭკვიანმა:

 ”არა მსურს კამათი

 შევკადრო დედასა,

 გარნა თქვენ არც ერთმა

 არა სთქვით ერთი რამ:

 რა გინდა, რას გოდებ,

 რას ელი, გუდრუნო?

 

 10. დასტირი დაღუპულ

 ძმებსა და შვილებსა

 და ომში დაცემულ

 თვისტომ-ნათესავთა!

 მალე ჩვენც გვიგლოვებ,

 გუდრუნო, ორთავს -

 მხარეს მას შორეულს

 მიგვიხმობს სიკვდილი!”

 11. გავიდნენ შინიდან

 რისხვით აღგზნებულნი,

 მოახტნენ ჰუნურსა

 ჭიხვინა ქურანებს,

 ნამიან მთებზედა

 გაფრინდნენ ყმაწვილნი.

 

 12. გზად შემოეყარათ

 გერი ძმა, ცბიერი:

 

 ჰ ა მ დ ი რ მ ა   თ ქ ვ ა:

 ”ჯუჯავ, შავგვრემანო,

 ვით დაგვეხმარები?

 

 13. ერპმა უპასუხა

 ძმამ შავგვრემანმა:

 ”ვით ერთსა სხეულზე,

 ერთად ამოზრდილნი -

 ფეხი ფეხს, ხელი ხელს

 უწევს დახმარებას”.

 

 ჰ ა მ დ ი რ მ ა   თ ქ ვ ა:

 ”ვით შეუძლია

 ერთ ფეხსა მეორის,

 ან ხელსა მეორე

 ხელის დახმარება?”

 

 14. და ერპმა სიტყვანი

 თქვა ესევითარნი -

 ის ცხენზე იჯდა და

 ტოკავდა ქურანი -

 ”ვითარ შემიძლია

 მხდალებს გზა ვუჩვენო!”

 თქვეს: ”რაებს გვიბედავს

 ესე ნაბუშარი!”

 

 15. იშიშვლეს ქარქაშით

 ქარქაშთა რკინები,

 მრისხანედ აღმართეს

 მახვილი ძმაზედა,

 ძალ-ღონის თვისისა

 მოსრნეს მესამედი, -

 სიკვდილი არგუნეს

 ყრმასა გულფიცხელსა.

 

 16.დაბერტყეს, მოისხეს

 მხრებზე ლაბადები,

 ჩააგეს მახვილნი

 ღვთივდაბადებულთა.

 

 17. გაჰყვნენ სახიფათო

 გზებსა ძნელსავალსა,

 იხილეს დისწული

 დასჯილთა ხეზედა -

 ქარში მოქანავე

 ნახეს ჩამომხრჩვალი,

 ციხისა სამხრეთით,

 სად სევდა სუფევდა.

 

 18. ისხდნენ შინ მხედარნი,

 სვამდნენ და ღრეობდნენ,

 არ ესმათ ფეხის ხმა,

 ცხენთა თქარათქური,

 ვიდრემდის გუშაგთა

 არ ამცნეს ბუკითა.

 

 19. ჰკადრეს, მოახსენეს

 ორმუნრეკს ამბავი,

 რომ მცელთა იხილეს

 კაცნი ჩაჩქნოსანნი:

 ”აღსდექით თავდაცვად!

 მოვიდნენ ძლიერნი,

 ცხენთ რომ ვათელვინეთ

 დაი მათი - სვანჰილდი!”

 

 20. მაშინ გაიცინა

 ორმუნრეკ ძლიერმა,

 დინჯად გადაისვა

 ხელი ულვაშებზე,

 მახვილს არ შეეხო,

 ოდენ ფარს შეხედა,

 ხელთ ეპყრა ფიალა

 ღვინისგან შემთვრალსა.

 

 ო რ მ უ ნ რ ე კ მ ა   თ ქ ვ ა:

 21. ”ბედნიერ ვიქნები,

 თუ ჩემსა დარბაზში

 ვიხილავ ორთავეს -

 სორლის და ჰამდირსა:

 გავთოკავ გიუკის

 ამაყ შვილიშვილებს,

 მარყუჟს გადავაცვამ,

 გავკიდებ ძელზედა!”

 

 22. ”მეფინგრ!” - თქვა ჰროდგლოდმა

 მდგომმა შორიახლო,

 და უთხრა ვაჟიშვილს:

 ”ძლივს დგახართ ფეხზედა!

 ვით ძალუძთ ორთა მათ

 ამ დიდ დარბაზებში

 ათასსა გუთთანა

 შებმა-გამკლავება?”

 

 23. ატყდა ღრიანცელი,

 ცვიოდნენ თასები

 და გოთების სისხლში

 ცურავდნენ გმირები.

 

 24. მაშინ თქვა ჰამდირმა -

 მხნემ, სულით მაღალმა:

 ”შენ დიდხანს გველოდი,

 ორმუნრეკ ძლიერო,

 შენს ციხე-დარბაზში

 ჩევნ ორთა - ღვიძლ ძმათა.

 ხედავ შენს ფეხებსა? –

 ხელნიც ორთავე -

 ჩვენ ცეცხლში ჩავყარეთ,

 ალს შევრთეთ ძლიერსა!”

 

 25. დაჭრილი დათვივით

 შეჰღმუვლა კონუნგმა,

 ღვთივ დაბადებულმა

 გმირმა აბჯროსანმა:

 ”ქვები დაუშინეთ! –

 არა ჭრის მახვილი,

 არც სხვა იარაღი -

 იონაკრის მოდგმასა!”

 

 ს ო რ ლ ი მ   თ ქ ვ ა:

 26. ”ძმაო, რად მოხსენი

 თავი მაგ გუდასა, -

 სიტყვებს სახიფათოს

 ისვირს ის ხშირ-ხშირად!

 

 27. სიფრთხილე გაკლია

 ბრძოლაში, ჰამდირო!

 გაუფრთხილებლობა

 ღუპავთ გულმამაცთა!

 

 ჰ ა მ დ ი რ მ ა   თ ქ ვ ა:

 28. ”თავსაც მოვკვეთავდით

 ორმუნრეკს ძლიერსა,

 რომ ერპი, ცოცხალი,

 აქ თანა გვხლებოდა,

 მოვკალით ძმა იგი,

 ვაჟკაცი გულადი,

 დისთა შთაგვაგონეს

 განზრახვა უგნური.

 

 29. აწ ერთურთს მგლებივით

 ნუ ავუხირდებით,

 ნორნების მშიერთა

 ძაღლთა ნუ მივბაძავთ -

 უღრანში გაზრდილებს

 ურთიერთმტრობითა!

 

 30. ვიბრძოდით გოთების

 გვამებზე შემდგარნი,

 გვშვენოდა მახვილი,

 ვით ფრენა არწივსა!

 დე, მოვკვდეთ დღეს თუ ხვალ,

 სახელით, დიდებით -

 ნორნების განაჩენს

 ვერ ასცდეს ვერავინ!”

 

 31. სორლი დაიღუპა

 ტორზისა კედელთან,

 სახლს უკან გმირულად

 დაეცა ჰამდირი.

 

 ამას ეწოდება ”ძველნი სიტყვანი ჰამდირისა”.

 

 

 III. დამატებითი სიმღერები

 

 სიმღერა მგზავრზე ანუ  ბალდრის სიზმრები

 

 (Vegtâmskvidha eda Baldrs Draumar)

 

 1. თინგზე თავყრილობა

 გამართეს ასებმა,

 ბჭობდა შეიკრიბნენ

 ღმერთნი და ქალღმერთნი:

 ბჭობდნენ და მსჯელობდნენ

 მსაჯულნი ძლიერნი -

 რად ესიზმრებიან

 ბალდრს ავი სიზმრები?

 

 2.წამოდგა ოდინი

 და ძველმა გაუტმა

 სლეპნირს უნაგირი

 შეადგა ზურგზედა,

 დაღმა გაემგზავრა

 ბნელსა მას ნიფლჰელსა,

 ჰელის შესავალთან

 დაუხვდა ქოფაკი.

 

 3.ძაღლს წითლად შესვროდა

 სისხლისგან გულ-მკერდი

 და დიდხანს უყეფდა

 ჯადოთა მამასა;

 მან კი გზა განაგრძო,

 მიწა ზანზარებდა,

 ჰელს, დარბაზს მაღალსა,

 

 4.მაშრიყის ჭიშკრიდან

 გავიდა ყორღანზე,

 სად ვოლვას საფლავი

 მას ეგულებოდე;

 შელოცვა უმღერა,

 ძლივს გამოაღვიძა,

 წამოდგა ცხედარი,

 იწყო საუბარი:

 

 5. ”ვინ არის უცნობი

 მამაცი მხედარი,

 ვინ მიხმობს მგზავრობად

 გზასა ძნელსავალსა?

 აქ თოვლი მათოვდა,

 წვიმა მასხურებდა,

 ნამი მეფრქვეოდა, -

 მკვდარი ვარ დიდი ხნის”.

 

 ო დ ი ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 6. ”სახელმდევს ვეგტამი,

 ვაჟი ვარ ვალტამის;

 მიამბე ქვესკნელზე,

 გიამბობ ზესკნელზე;

 მერხებზე ბეჭდები

 აქ ვისთვის აწყვია,

 ან ოქრო, მბრწყინავი,

 რად ფარავს იატაკს?”

 

 ვ ო ლ ვ ა მ   თ ქ ვ ა:

 7. ”აქა დგას ბალდრისთვის

 თაფლი ნადუღარი,

 შუშხუნა სასმელი,

 ფარით დახურული;

 შფოთავენ ასები

 სასოწარკვეთილნი.

 აწ ვდუმვარ, მეტს ჩემგან

 ვერა სცნობ ვერარას”.

 

 ო დ ი ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 8. ”ვოლვა, არ დადუმდე!

 ვინძლო მიპასუხო,

 შენგან მსურს შევიტყო

 და ვცნა ყოველივე:

 ბედი ვის არგუნებს

 ბალდრის მოკვდინებას -

 ძისა ოდინისა

 მკვლელი ვინ იქნება?

 

 ვ ო ლ ვ ა მ   თ ქ ვ ა:

 9. ”ჰოდრი ჩამოაგდებს

 ქვესკნელს დიდების ხეს,

 ბედი მას არგუნებს

 ბალდრის მოკვდინებას,

 ძისა ოდინისა

 მკვლელი ის იქნება.

 აწ ვდუმვარ, მეტს ჩემგან

 ვერა სცნობ ვერარას”.

 

 ო დ ი ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 10. ”ვოლვა არ დადუმდე,

 ვინძლო მიპასუხო,

 შენგან მსურს შევიტყო

 და ვცნა ყოველივე:

 მითხარ, ვინ აღსდგება

 ჰოდრზე შურისგებად,

 მკვლელსა მას კოცონზე,

 მარქვი, ვინ გაგზავნის?”

 

 ვ ო ლ ვ ა მ   თ ქ ვ ა:

 11. ”რინდი ოდინისგან

 ვაჟსა შობს - ვალისა,

 ვინაც ერთი ღამის

 ჩაების ბრძოლაში,

 ხელებს არ დაიბანს,

 თმას არ დაივარცხნის,

 ვიდრემდის ბალდრის მკვლელს

 არ მოკლავს მამაცი”.

 

 ო დ ი ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 12.”ვოლვა, არ დადუმდე,

 ვინძლო მიპასუხო,

 შენგან მსურს შევიტყო

 და ვცნა ყოველივე:

 სთქვი, ვისი ასულნი

 ასტეხენ ქვითინსა

 თეთრთა მათ ლეჩაქთა

 ზეცამდე ფრიალით?”

 

 ვ ო ლ ვ ა მ   თ ქ ვ ა:

 13.”შენა ხარ ვეგტამი,

 დია, თუმც მეგონე,

 დასტურ ხარ ოდინი -

 ძველი შემოქმედი!”

 

 ო დ ი ნ მ ა   თ ქ ვ ა:

 14. ”არც შენ ხარ ვოლვი -

 წინასწარმეტყველი, -

 დასტურ, შენ დედა ხარ

 სამთა გოლიათთა!”

 

 ვ ო ლ ვ ა მ   თ ქ ვ ა:

 15. ”ოდინ, შინ დაბრუნდი!

 ძალგიძს იამაყო!

 დღეიდან აქ, ჩემთან,

 ვერ მოვა ვერავინ,

 ვიდრემდის არ დაგლეჯს

 ლოკი არტახებსა -

 ღმერთთა აღსასრული

 ვიდრე არ დადგება”.

 

 

 სიმღერა რიგრზე

 

 (Rigsmâl)

ძველ საგებში მოთხრობილია, რომ ერთი ასებთაგანი, რომელსაც ჰაიმდალი* ერქვა, ერთხელ თავისი გზით ზღვის სანაპიროს მიჰყვებოდა; რომელიღაც ეზოს მიადგა და განაცხადა - რიგრი მქვიანო. ამის შესახებ გვიამბობს ეს სიმღერა.

 

 1. ძველ დროში, ოდესღაც

 ღმერთი დიდებული,

 ასებში მამაცი,

 ძველი ბრძენთაბრძენი

 რიგრი მძლე - ვიდოდა

 გზასა მას მწვანესა.

 

 2.მისდევდა შუაგზას

 და მიაბიჯებდა;

 მიჰხვდა საცხოვრისსა,

 სახლსა მას კარღიას;

 შევიდა: შინ ცეცხლი

 ღვიოდა კერაზე;

 იქ ორი მოხუცი

 ცეცხლს უჯდა ცოლ-ქმარი,

 პაპა და დიდედა,

 ძველმანით მოსილი.

 

 3.რიგრმა მათ მოხუცთა

 იწყო შეგონება,

 შემდეგ შუაგულში

 დაჯდა ფიცარნაგზე,

 მარჯვნიდან, მარცხნიდან

 მიუჯდა ცოლ-ქმარი.

 

 4.მოართვა დიდედამ

 სადილად პური რამ-

 მაგარი, სქელქერქა,

 ზამპი, ბზენარევი;

 სინით წინ დაუდგა

 კერძი რამ წვნიანი -

 სუფრას შეუმატა

 უგემრიელესი

 ხბოს ხორცი, ძვირფასი,

 საზრდო სანატრელი.

 

 5. რიგრიგი მათ მოხუცთა

 კვლავ შეაგონებდა;

 შემდეგ კი მათ შუა

 დაწვა სარეცელზე,

 მარცხნიდან, მარჯვნიდან

 მიუწვა ცოლ-ქმარი.

 

 6.დაჰყო მან სახლსა მას

 მუნ სამი დღე-ღამე,

 შემდეგ კი წავიდა,

 კვლავ გაჰყვა შუაგზას;

 გარდახდა დრო-ჟამი,

 ცხრა თვემ გაიარა.

 

 7. დიდედამ ძე შობა,

 ბავშვი წყლით ასხურეს,

 იყო შავგვრემანი

 და თრელი დაარქვეს.

 

 8. იწყო ზრდა, მოწიფვა,

 მატება ძალ-ღონის,

 ჰქონდა მას ხელები

 დანაოჭებელი,

 სახსრები - კვანძებად,

 თითები - კოტიტა.

 და ტერფნი - მოგრძონი,

 ზურგი - კუზიანი

 და სახე - მახინჯი.

 

 9. მომძლავრდა, ისწავლა

 გამოცდა ძალ-ღონის,

 დაგრეხა ხრალისა,

 შეკვრა გუდურების,

 შინ ტყიდან მთელი დღე

 ფიჩხს ეზიდებოდა. 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ხალხური / უფროსი ედა