ბელუში იოანე 

ეთნიკური კონფლიქტები და მართლმადიდებელი ეკლესია

 

თარგმანი ინგლისურიდან - ნანა ბაღათურია.

იოანე ბელუში - კორჩეს მიტროპოლიტი (ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია).

 

 

სარჩევი:

შესავალი

ეკლესიის, ერისა და ომის მართლმადიდებლური გაგება

ეკლესია და ერი

ეკლესია და ომი

ეკლესია ყოველგვარ ეთნიკურობაზე მაღლაა

 

 

 

შესავალი

 

21-ე საუკუნე თავისი გლობალიზაციით, ახალი ტექნოლოგიებით, ტრადიციული ფასეულობების დაკარგვითა და კულტურული და რელიგიური პლურალიზმით, მრავალგვარი სიძნელეების წინაშე აყენებს კაცობრიობას. უეჭველია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიაც ვერ აუვლის გვერდს ამ სიძნელეებს. მან არა მხოლოდ თავი უნდა დაიცვას მათგან, არამედ იპოვოს მათი გადაჭრის ორიგინალური და შემოქმედებითი გზები, რაც მისი გლობალური პასუხისმგებლობის ნაწილია. ამაში ის უნდა დაეყრდნოს ეკლესიის დოგმატს, ისტორიასა და მდიდარ ტრადიციას და ამასთანავე უნდა იყოს მუდმივად შემოქმედებითი, ცოცხალი ორგანიზმი, განმტკიცებული და განათლებული სულიწმიდით.

ხშირად, მართლმადიდებელ ეკლესიას, სამწუხაროდ მისი წევრებიც კი განიხილავენ და აფასებენ მისი გასული ორი საუკუნის ისტორიის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ მათი ხედვით ეკლესია მჭიდროდაა დაკავშირებული მხოლოდ ერთ კულტურასთან, სპეციფიკურ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან და ის მხოლოდ წარსულითაა დაინტერესებული. მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ ასეთი კუთხით ხედვამ დიდად დააზიანა (რაც დიდი უსამართლობაა) მისი მდიდარი ტრადიცია.

სინამდვილეში, ისტორიულად, მართლმადიდებელი ეკლესია იშვა, განვითარდა და არსებობს ეკუმენურ და პლურალისტურ გარემოში. რომის იმპერიასა და მოგვიანებით ბიზანტიის იმპერიაში (ოტომანთა იმპერიის პერიოდის ჩათვლით) ეკუმენიზმი და გლობალიზაცია ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მართლმადიდებელ ეკლესიას გლობალური მისია ჰქონდა არა მხოლოდ დოგმატური თვალსაზრისით, არამედ როგორც გლობალური და ეკუმენური გაერთიანების წევრს. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სადაც მართლმადიდებლების დიდი ნაწილი იყო თავმოყრილი, ხალხი თანამეგობრობაში და ერთმანეთთან მჭიდროდ ურთიერთობაში ცხოვრობდა. ამას ემატებოდა კულტურული და კომერციული კავშირები ევროპის დანარჩენ ნაწილთან, აფრიკასთან და აზიასთან. იმ დრომდე, სანამ წმ. კოსმა იქადაგებდა ბალკანეთზე, მოსახლეობის თვითშეგნება გლობალური და ეკუმენური იყო. უფრო მეტიც, უფრო გვიანდელ პერიოდშიც კი, თუკი ვინმეს შეეკითხებოდნენ ვინაობას, ის ჯერ უპასუხებდა რომ იყო ქრისტიანი. მხოლოდ მესამე თუ მეოთხე შეკითხვის შემდეგ შეიძლება დაესახელებინა თავისი ეროვნება. ხალხი საკუთარ ვინაობას სარწმუნოებრივი კუთხით განიხილავდა. სიტყვები ელინი და თურქი სარწმუნოების აღმნიშვნელი იყო და არა ეროვნებისა.

ნაციონალიზმი და ვიწრო ეთნიკური გაგება სიახლეა ბალკანეთის მართლმადიდებლებისათვის და მჭიდროდაა დაკავშირებული 19-ე საუკუნის ინტელიგენციაში ნაციონალისტური იდეების გაჩენასთან. მათთვის ეკლესია მხოლოდ საშუალება იყო თავიანთი ნაციონალისტური მიზნების განსახორციელებლად. სამწუხაროდ ეს დღესაც ასეა. ნაციონალისტური მოძრაობის გაჩენას ეკლესია ენთუზიაზმით არ შეხვედრია, რადგან იგრძნო, რომ ის არ შეესაბამებოდა მართლმადიდებლობის საყოველთაო ბუნებას. მაგრამ მას, როგორს მამა იოანე მეიენდორფი წერს, აშკარად აკლდა ინტელექტუალური ძალა, საღვთისმეტყველო განსჯის უნარი და ინსტიტუციონალური სტრუქტურები, რომელთაც შეეძლოთ განედევნათ ნაციონალისტური რევოლუციის დემონები. . . ასე რომ, პატრიარქები, ეპისკოპოსები და სამღვდელოება, ხან ენთუზიაზმით, ხან კი თავმობეზრებული, შეუერთდნენ წამლეკავ ნაციონალისტურ მოძრაობას იმით, რომ პირდაპირ ჩაებნენ მის პოლიტიკურ წარმატებაში, მაგრამ უფრო სახიფათო ისაა, რომ მიიღეს მისი იდეოლოგია.

თავიდან, ახალი იდეები, ნაციონალური შეგნების გამოღვიძება დაეხმარა ბალკანეთის მართლმადიდებელ ხალხს თურქეთის უღლისაგან გათავისუფლებაში. ეკლესია, რომელიც თავის ხალხს ეხმარებოდა ამ ბრძოლაში, სულ უფრო მეტად ეთნიკური ხასიათის ხდებოდა. რადგან ყველას ერთი რელიგია ჰქონდა, სარწმუნოება და ერი მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული და ერთმანეთისაგან განურჩეველი გახდა, მოხდა კატეგორიების ერთმანეთში არევა. შემდგომ, ნაციონალიზმი, რომელიც თავიდან გამათავისუფლებელი ძალა იყო, გახდა დაყოფისა და სიძულვილის სტიმული: ყველა ყველას წინააღმდეგ. უფრო მეტიც, ნაციონალიზმი მიმართული იყო არა მხოლოდ სხვა რელიგიის ხალხის, არამედ იმავე სარწმუნოების წარმომადგენლების წინააღმდეგაც. უფლებები, რომელთაც თითოეული ერი მოითხოვდა, ურთიერთგამომრიცხავი იყო და ამას შედეგად მოჰყვა მუდმივი ეთნიკური კონფლიქტები. ბალკანეთში, ისევე როგორც ევროპის ნებისმიერ ნაწილში, ნაციონალიზმი, რომელიც დაიწყო როგორც გამათავისუფლებელი ძალა, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვებით რომ ვთქვათ, გადაიქცა ორლესულ მახვილად; ტირანების ხელში ის დესტრუქციული ძალაა, მართლაც, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დესტრუქციული ძალა, რომელმაც მოსპო 75 მილიონი ადამიანი მხოლოდ 1914 წლიდან 1945 წლამდე. ჩვენ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს თამამად და გულახდილად: ხომ არ არის დრო ლაგამი ამოვდოთ ნაციონალიზმის გადამეტებულ გამოვლინებებს?

კომუნისტური რეჟიმის რღვევის შემდეგ ინსტიუტციონალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ნგრევაში და ზნეობრივ და სულიერ ვაკუუმში, რომელიც მას შედეგად მოჰყვა, ექსტრემალურმა ნაციონალიზმა ნოყიერი ნიადაგი იპოვა. სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სცადეს გამოეყენებინათ ნაციონალური და რელიგიური გრძნობები და ამგვარად შექმნეს სიძულვილის, დაბნეულობისა და ტანჯვის ღრმა მორევი. ძლიერი სიძულვილი, რომელიც კლასობრივი ბრძოლისათვის იყო დამახასიათებელი, შეიცვალა სხვა სიძულვილით: ეთნიკური სიძულვილით. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ექსტრემალური ნაციონალისტების რიგები უმეტესწილად შეივსო იმავე ხალხით, ვინც მანამ კლასობრივ სიძილვილს აჩაღებდა. ხანდახან ისინი იმასაც ცდილობდნენ თავიანთი ომებისათვის რელიგიური ხასიათი მიეცათ, რითაც უნდოდათ გამოეყენებინათ ის ძლიერი ემოციები, რომლებიც ღვივდება მაშინ, როდესაც ადამიანები დარწმუნებული არიან, რომ მათი რელიგია საფრთხეშია. მრავალმა ბალკანელმა ამ ომებს ირონიულად ათეისტების რელიგიური ომები  უწოდა.

ასე რომ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც იდგა და ახლაც დგას მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე, ეთნიკური კონფლიქტების მიმართ მისი დამოკიდებულებაა. გასულ ათწლეულში, ამ სირთულის გადაწყვეტის საჭიროება სულ უფრო გადაუდებელი გახდა, რადგან სისხლიანი კონფლიქტები მოხდა ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია. ამ კრიზისის დროს, მართლმადიდებელი ეკლესია, ხანგრძლივი დევნულების გამო, სუსტი და მოუმზადებელი აღმოჩნდა. ზოგიერთ შემთხვევაში, თვითონ ეკლესია აღმოჩნდა ამ კონფლიქტებში ჩათრეული. ამჟამად სიტუაცია უფრო გამწვავებულია, რადგან ეროვნულ გამათავისუფლებელი ენთუზიაზმი, რის გამოც ეკლესია ჩაერთო ამ მოძრაობაში, ექსტრემალური ეროვნული სიძულვილით შეიცვალა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს რთული საკითხია და მისი მარტივად და ზედაპირულად განსჯა არ შეიძლება, რადგან ეკლესია შედგება არა მხოლოდ საეკლესიო იერარქიისა და მორწმუნე წევრებისაგან, რომლებიც სარწმუნოებრივი გამოცდილების სხვადასხვა დონეზე არიან, არამედ მრავალი ნომინალური მართლმადიდებლისაგანაც.

 

 

ეკლესიის, ერისა და ომის მართლმადიდებლური გაგება

ურთიერთობა ეკლესიასა და ერს შორის რთულია და ეს ორი ერთმანეთისაგან განუყოფელია, რადგან ეკლესიის წევრები ასევე ერის ნაწილიც არიან. ეს კიდევ უფრო რთულდება მაშინ, როდესაც ერთი რომელიმე ერის წარმომადგენლები ერთი ეკლესიის წევრებიც არიან. თუმცა ამ საკითხზე ძალიან ბევრია ნათქვამი, მაინც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება ეროვნებასა და ეკლესიასთან დაკავშირებით: დოგმატური და მისტიკური თვალსაზრისით, ეკლესიისა და ეროვნების საკითხი მხოლოდ ნაწილია გლობალური საკითხისა, რომელიცაა ეკლესიის დამოკიდებულება კაცობრიობის ისტორიასა და კულტურულ ქმნილებასთან. რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ამ საკითხის შესახებ, ქრისტიანობის ისტორიის ორიათასი წლისთავზე, მიუხედავად მისი აქტუალობისა, ჯერ არ არის ერთიანი აზრი ეკლესიაში. პასუხი არ არის, რადგან საკითხი არც დასმულა. საკითხი კი არ დასმულა იმიტომ, რომ ის საერთოდ არ განუხილავთ.

აქედან გამომდინარე, ამ რთული ეთნიკური კონფლიქტების ეპოქაში მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა ისაუბროს გახსნილად და ნათლად, გაუხსნას ქრისტიანული სწავლება ყველა მორწმუნეს. მან უნდა გააცნობიეროს თუ როგორია ეკლესიის, ერისა და ომის მართლმადიდებლური გაგება ისე, რომ ეს საკითხები არ დარჩეს მხოლოდ აკადემიურ და თეოლოგიურ ჩაკეტილ წრეში. მოდით შევჩერდეთ და განვიხილოთ ერისა და ომის მართლმადიდებლური გაგება, რადგან ეთნიკური კონფლიქტები ამ ორის გაუკუღმართებული ნაწილია.

 

 

ეკლესია და ერი

 

ქრისტიანული ანთროპოლოგია ეფუძნება საღმრთო გამოცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატებად და მსგავსებად  (დაბ. 1:26,27, 5:1). უფლის განკაცება და მისი სოტერიოლოგიური მოღვაწეობა ცხადყოფს, რომ ღმერთი მხოლოდ ებრაელების ღმერთი არ არის, არამედ წარმართებისაცაა (რომ. 3:29). ეკლესია, რომელიც ასეთ საძირკველზეა აშენებული, არ დაჰყოფს ადამიანებს ეროვნული თუ კლასობრივი ნიშნით: მისთვის არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკვითელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე  (კოლ. 3:11). აქედან გამომდინარე, ეკლესია თავისი ბუნებით უნივერსალურია და მაშასადამე ზეეროვნულიც. ეკლესიაში არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისა  (რომ. 10:12). ეს არის რასისა და ერის ქრისტიანული გაგების საფუძველი. წმ. წერილის, სამოციქულო და შემდგომი პერიოდის ტექსტები ამოწმებენ რომ ადრეულ ეკლესიაში ამ საკითხებისადმი სწორედ ამგვარი მიდგომა იყო. ეპისტოლე დიოგნეტესადმი ამის არა მხოლოდ ერთ-ერთი უძველესი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოწმობაა.

ზედმეტი აქცენტის გაკეთება ეროვნულობაზე, ხანდახან მისი ეკლესიაზე მაღლა დაყენებაც კი, არა მხოლოდ ახალი ფენომენია, არამედ საშინელი დარღვევა და უარყოფაა მართლმადიდებლობის ეთოსისა. ნაციონალიზმმა დიდი ზიანი მოუტანა საეკლესიო ცხოვრებასა და მართლმადიდებელი ეკლესიების შინაგან ერთობას, რადგან ეკლესიები თავიანთ ეროვნულ ინტერესებზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ, ვიდრე მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც მთლიანზე. შმემანი წერს: ვაღიარებთ რა ეროვნულობას, როგორც პოზიტიურ ფასეულობას ქრისტიანობაში, ჩვენ არ უნდა გავებათ ისტორიის გაიდეალების ხაფანგში, დავინახოთ მხოლოდ ის, რაც კარგია და თვალი დავხუჭოთ იმაზე, რაც ბნელია. ეკლესიის პროგრესი და მიწიერი ცხოვრება არ არის იდილია. პირიქით, ის მოითხოვს ბრძოლასა და ფხიზელ საეკლესიო ცნობიერებას. . . ნაციონალიზმის საფრთხე მდგომარეობს მის მიერ ფასეულობათა იერარქიის ქვეშეცნეულ არევაში, ისე, რომ ერი მეტად აღარ ემსახურება ქრისტიანულ სამართლიანობას, ჭეშმარიტებასა და თავისთავს და აღარ აფასებს თავის ცხოვრებას ამ თვისებების შესაბამისად. ამის მაგივრად, თვითონ ქრისტიანობისა და ეკლესიის შეფასება ხდება იმ საზომით, თუ როგორ ემსახურებიან ისინი სახელმწიფოს, ერს და ა.შ.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოფიციალურად დაგმო ნაციონალისტური დაპირისპირება ქრისტეს ეკლესიაში. 1872 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარებულმა სინოდმა დაგმო ფილეტიზმის ცოდვა,

ჩვენ უარვყოფთ და ვგმობთ რასიზმს, ანუ რასობრივ დისკრიმინაციას, ეთნიკურ შუღლს, სიძულვილსა და განხეთქილებებს ქრისტეს ეკლესიის წიაღში.  დღესდღეობით ჩვენ ხელახლა უნდა დავგმოთ ფილეტიზმი, რადგან ის გადაიქცა ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის  ერთ-ერთი მთავარ პრობლემად.

ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი აღთქმის ეკლესია აშენდა ერსა და უნივერსალობას შორის კონფლიქტში დაღვრილ სისხლზე. ისრაელის წინამძღოლებმა ვერ გაიგეს ქრისტეს ზოგად-საკაცობრიო, უნივერსალური და მესიანური მისია. კაიაფამ იწინასწარმეტყველა: თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაითა ერთი კაცი მოკუდეს ერისათვის, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს  (იოანე 11:49-50). მიერ დღითგან,  წერს მახარებელი,  შეიზრახნეს ჰურიანი, რაითა მოკლან იგი (იოანე 11:53). და იმისათვის, რომ ერი გადაერჩინათ, მათ ჯვარს აცვეს თვით უფალი. ერის გადარჩენის საბაბით, ძველი აღთქმის ეკლესია და მისი უმაღლესი მღვდელმთავარი ღმერთთან დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ. ეს მოვლენა მრავლისმთქმელია: ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ხალხს, რომ ბევრმა რამემ, რაშიც ეჭვი არ გვეპარება, რომ ერისათვის სასიკეთოა, შეიძლება გაგვხადოს სამართლიანობის და უფლის მტერიც კი. ჩვეულებრივი მოვლენაა ისიც, რომ ზოგიერთი საშუალება, რომელსაც ერის დასაცავად, მის სასიკეთოდ იყენებენ, იწვევს დანაშაულებებსა და უსამართლობებს სხვა ინდივიდებისა და ერების მიმართ. ნებისმიერი დანაშაული და უსამართლობა უფლის ხელახლა ჯვარცმაა. ყველა, ვინც უფალი ჯვარს აცვა, ამბობდა, რომ ამას ვიღაცის სასიკეთოდ აკეთებდა: კაიაფა ერისათვის; პილატე სახელმწიფოსათვის; ხალხი ღვთისმოსაობისათვის; ჯარისკაცები სამხედრო წესრიგისათვის. და ასე ერთობლივად მათ მოკლეს კაცი, რომლისა თანა ბრალი არ იყო . მაგრამ ვერავითარი მიზეზი, მოტივი და მიზანი ვერ გაამართლებს უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას, სხვების ჩაგვრასა და მათდამი უსამართლო მოპყრობას.

ამის საპირისპიროდ, ეკლესიის მოციქულებმა და მახარებლებმა კაიაფას წინასწარმეტყველებას უპასუხეს, რომ ქრისტე არ მომკვდარა ხოლო ნათესავთათვის, არამედ რაითა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად  (იოანე 11:52). კაცობრიობის მოდგმის წევრები ღმერთის შვილები არიან და ვერც ერთ ერს ვერ ექნება განსაკუთრებული მონოპოლია სათნოებასა და სიწმიდეზე. ღმერთის მიერ კაცობრივი ბუნების მიღებამ ყველა ერს მოუწოდა ქრისტეს მისტიურ სხეულში, ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში  მონაწილეობისაკენ. ქრისტემ თავის თავში მიიღო მთელი კაცობრიობა, არა მხოლოდ ის, რომელიც დღეს არსებობს, არამედ ისინიც, ვინც იყვნენ და მომავალში იქნებიან. ქრისტე არ არის ტომის ბელადი, ვისმა ავტორიტეტმაც ეროვნულ გაერთიანებას უნდა შეუწყოს ხელი, არამედ ღმერთია, რომელიც გვიხსნის ცოდვებისა და სიკვდილისაგან. ქრისტე, შემოფარგლული ერთი ეთნიკური ჯგუფით ან რამდენიმე ეთნიკურ ჯგუფით, ისტორიის ერთი ან რამდენიმე პერიოდით, დამახინჯებული ქრისტე იქნება. ისინი, ვინც ამგვარად შემოსაზღვრავენ ქრისტეს, ხელახლა ჯვარს აცვამენ მას.

საკუთარი ერის სიყვარული არ ნიშნავს სხვა ერების სიძულვილსა და უარყოფას. არ შეიძლება ემსახურო ერთ ერს სხვა ერის ხარჯზე. ქვეყნის ინტერესები არ შეიძლება იდგეს სამართლიანობაზე მაღლა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ის ერი კერპი გახდება.

რაში მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის ინტერესები, იკითხა ლაქტანციუსმა თავის დივინეს ინსტიტუტეს-ში, მხოლოდ სხვა სახელმწიფოს ან ერის შეშფოთებაში?  ამას ერისათვის არამცთუ სასიკეთო არაფერი მოაქვს, არამედ პირიქით, თავის საზიანოდ მოუბრუნდება მას. პატრიარქ ტიხონის სამწყემსთავრო ეპისტოლე რუსეთის მართლმადიდებელი მრევლისადმი, ნათელი დადასტურებაა, რომ ეკლესიის პოზიცია ერსა და სამართლიანობას შორის დამოკიდებულებაში არ შეცვლილა მიუხედავად ყველა იმ საშინელებისა, რაც მოხდა.

 

 

ეკლესია და ომი

 

მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ომი და მისი გაგება ფართო, რთული და მღავალმხრივია. თუმცა ყველა დროში, ეკლესია თავის შვილებს მოუწოდებს უყვარდეთ თავიანთი მიწიერი სამშობლო და სიცოცხლე არ დაიშურონ მის დასაცავად და თუმცა ეკლესია პატივს მიაგებს მეომარ-წმინდანებს, რომელთა ხატებიც ჯარისკაცებს ბრძოლაში მიაქვთ გალობით

ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, მაინც, მართლმადიდებელ ეკლესიაში არასოდეს ყოფილა მიღებული არც წმინდა ომის  და არც სამართლიანი ომის  იდეა. ვერც მართლმადიდებელი ეკლესიის მამების ნაწერებში და ვერც ეკლესიის კანონიკურ ტრადიციაში ვერ იპოვნით რაიმე ეთიკურ განმარტებას სამართლიანი ომისა . მართლმადიდებლური თვალსაზრისით ომი ცოდვა და ბოროტებაა და ეკლესიამ უნდა იბრძოლოს მის წინააღმდეგ. უკეთეს შემთხვევაში, ომი შეიძლება ჩაითვალოს გარდაუვალ ბოროტებად, თუმცა ეს ტერმინი ზუსტი არ არის და შეიძლება შეცდომაში შემყვანიც იყოს. გავიხსენოთ, რომ ძველ აღთქმაშიც კი, რომელიც სავსეა ომებითა და სისხლისღვრებით, ღმერთმა არ დართო ნება დავითს აეშენებინა მისი ტაძარი იმიტომ, რომ მას ძალიან ბევრი სისხლი ჰქონდა დაღვრილი და ამით გამოგვიცხადა, რომ სისხლისღვრაში არაფერია წმინდა  ან სამართლიანი.

კანონებში, რომლებიც აწესრიგებენ სამღვდელოების ცხოვრებას, ეკლესია იცავს იდეალურ სტანდარტს, რომელიც ერისკაცებისათვის ხშირად ძნელი დასაცავია, მათი ადამიანური სისუსტის გამო. აქედან გამომდინარე, სამღვდელოების ყოველგვარი სამხედრო ვალდებულებისაგან კანონიკური დაყენება, რაც ერისკაცებისათვის ნებადართული იყო, ცხადად მიუთითებს ადრეული ეკლესიის ეთიკურ პოზიციაზე ომთან მიმართებაში. ადრეული ქრისტიანობა არ ურიგდება ძალადობის არავითარ გამოვლინებას. ტერტულიანეს, ორიგენესა და საერთოდ აპოლოგეტების ნაწერებში ნათლადა ჩანს, რომ ძალადობის გამოყენება არ შეიძლება. წმ. ბასილი დიდი საეკლესიო სინანულს განუჩინებს სამხედრო პირებს, ვისაც ომში აქვს მონაწილეობა მიღებული. და თუმცა ომში ვინმეს მოკვლა არ მიიჩნევა მკვლელობად, როგორც წმ. ბასილის კანონიდან ვხედავთ ომი არ განიხილება როგორც რაღაც წმინდა  ან სამართლიანი  და მათ, ვინც მონაწილეობდნენ მასში, სამი წლის განმავლობაში არ ეძლეოდათ ზიარების ნება იმის საჩვენებლად, რომ უფალთან შეხვედრამდე განწმენდისათვის დრო იყო საჭირო. ქრისტიანობა ასწავლის, რომ ადამიანმა ბოროტება სიკეთით უნდა დაამარცხოს და ომის ადგილი ლოცვამ და ღმერთის ძალამ უნდა დაიკავოს. ქრისტიანულ იმპერიაში, თუმცა არსებობდა ჯარი სახელმწიფოს დასაცავად და ბარბაროსების წინაარმდეგ საბრძოლველად, ომი განიხილებოდა როგორც გარდაუვალი ბოროტება  და არ განვითარებულა სამართლიანი ომის  დოგმატი.

ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ და მოგვიანებით ოტომანთა იმპერიაში, როდესაც ეროვნული ავტოკეფალური ეკლესიები ჩამოყალიბდა, ეროვნული გრძნობების გავლენით, ომი უფრო პოზიტიური კუთხით განიხილებოდა. თუმცა მართლმადიდებელ ეკლესიას არ ჰქონდა რაიმე სწავლება წმინდა  ან სამართლიანი ომის  შესახებ, ის ძლიერად არ იმაღლებდა ხმას ომის წინააღმდეგ, რადგან გაურკვევლობა იყო ერისა და რელიგიის კატეგორიებთან დაკავშირებით. ბოლო წლებში ბევრჯერ გამოითქვა პროტესტი ბალკანეთში მიმდინარე ეთნიკურ კონფლიქტებში რელიგიის გამოყენების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პროტესტი განაცხადა ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსმა, ვისი ლოზუნგიც რელიგიის საწვავი არასოდეს უნდა გამოიყენონ კონფლიქტების ასაგიზგიზებლად, არამედ გულების მოსალბობად და ჭრილობების შესახორცებლად , კლასიკური განცხადება გახდა როგორც მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, ასევე ფართო წრეებშიც.

 

 

ეკლესია ყოველგვარ ეთნიკურობაზე მაღლაა

 

გლობალიზაციის ეპოქაში (და სამწუხაროდ ერთგვაროვნების ასევე ერთსახოვნებისაც), ჩანს ბევრი ტრადიციული ფასეულობა საფრთხის ქვეშაა. ერთ-ერთი მათგანია განცდა, რომ ეროვნული იდენტურობა იკარგება და ეს ხსირად წარმოშობს გარეშეების მიმართ შიშს და ზრდის ნაციონალისტურ გრძნობებს. ასეთ დამოკიდებულებას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ცოდვილი ფენომენი, როგორიცაა ქსენოფობია და შიდა-ეთნიკური მტრობა, რომელთა შედეგიც ხშირად ინდივიდებისა და ერების უფლებების შეზღუდვა, დევნა, ომები და ძალადობის სხვა გამოვლინებებია. ამის საპირისპიროს პოვნა შეიძლება ქრისტიანულ სწავლებაში. ქრისტიანობისა და მისი ფასეულობების მისია გლობალურია და არ უნდა ეშინოდეს ნებისმიერი სახის გლობალიზაციისა. სეკულარული გლობალიზაციის ავადმყოფობისაგან და ფასეულობების დაკარგვისაგან განკურნება შესაძლებელია არა ეთნიკურობასა და ნაციონალობასთან თავის შეფარებით, არამედ ქრისტიანობის მისიის უნივერსალურობის გამოყენებით. ჭეშმარიტ ქრისტიანს არ უნდა ჰქონდეს ეთნიკურობის დაკარგვის შიში, რადგან ქრისტიანული გლობალიზაცია არ უარყოფს ეთნიკურობას. ქრისტიანობის გლობალური მისია არა ერთსახოვნება, არამედ ერთობაა.

ეკლესია არ უარყოფს ეთნიკურობას, რადგან მისი უარყოფა პიროვნულობისა და თითოეული ინდივიდის განსაკუთრებულობის უარყოფა იქნებოდა. ეკლესია სცდება ეთნიკურობის საზღვრებს. მან უნდა განიხილოს ერი და ომი თავისი აბსოლუტური და მარადიული ღირებულებების შესაბამისად: ყველა სხვა ფასეულობა, როგორიც არ უნდა იყოს ის და არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ღირსშესანიშნავია მისი მოტივები, ნაკლებმნიშვნელოვანი და ფარდობითია. საღმრთო გამოცხადება და სიცოცხლე ქრისტეში საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით აბსოლუტური ფასეულობაა; მაშასადამე, ეკლესია ვერ მიიღებს ნებისმიერ სხვა ფარდობით ფასეულობას, რომელიც ეჯახება მის აბსოლუტურ ფასეულობებს _ ზეციური სამშობლო ნებისმიერ მიწიერ სამშობლოზე მაღლა დგას. წმ. იოანე კრონშტადტელი სამშობლოს სიყვარულის შესახებ წერს: გიყვარდეს მიწიერი სამშობლო... მან გაგზარდა, გამოგარჩია, ღირსებითა და ყოველგვარი სიკეთით შეგამკო: მაგრამ განსაკუთრებით გიყვარდეს ზეციური სამშობლო... ის სამშობლო შეუდარებლად უფრო ძვირფასია ვიდრე ეს.

ეთნიკურ კონფლიქტებში ეკლესიას უნდა ჰქონდეს ძლიერი წინასწარმეტყველური ხმა და როდესაც დაინახავს, რომ მის ხალხში ან სხვებში წარმოიშვა ავადმყოფური ნაციონალისტური მოძრაობა, რომელიც სიძულვილით იკვებება, მან ამ ავადმყოფობას დიაგნოზი უნდა დაუსვას განსჯითა და სიყვარულით. ეკლესიამ არ უნდა შეიწყნაროს ეთნიკური სიძულვილი, რომლისგანაც იშვება რასიზმი და ფაშიზმი. ის მტკიცედ უნდა ებრძოლოს სიძულვილის დემონს. ერის ჭეშმარიტი სიყვარული ნიშნავს სურვილს მისი ავადმყოფობების განკურნებისა. როგორც თავდადებულ ექიმს სურს განკურნოს ავადმყოფობა და არ ნაღვლობს იმაზე თუ რას იფიქრებს მასზე ავადმყოფი, ასევე ეკლესიამ, რომელსაც ერისა და თავისი ხალხის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარული ამოძრავებს და აქვს სულიწმიდის წინასწარმეტყველური ძალა, უნდა დასვას დიაგნოზი, გამოიყენოს შესაფერისი წამალი მის განსაკურნებლად და არ იფიქროს იმაზე თუ როგორ შხედავს ამას ხალხი. ეკლესიის წინასწარმეტყველური როლია იმის თქმა, რასაც ღმერთი ამბობს. წმინდა წერილიდან ვიცით თუ რა ფასეული იყო წინასწარმეტყველებისათვის ფრაზა “ამას ამბობს უფალი“. ყველა მათგანი დევნეს და მოკლეს, რადგან ისინი ამბობდნენ ამას ამბობს უფალი  და ღმერთის სიტყვას ქადაგებდნენ. მეფეებს, მმართველებს, მღვდლებსა და ხალხს სურდათ, რომ წინასწარმეტყველებს მხოლოდ ის ეთქვათ რისი გაგონებაც მათ სურდათ, მაგრამ წინასწარმეტყველები ამბობდნენ იმას, რასაც ამბობდა უფალი. ჭეშმარიტება შეიძლება დევნონ, მაგრამ ის იცოცხლებს. მისი სიტყვები მარადიულია, რადგან ამას ამბობს უფალი. მაგრამ როდესაც სხვებს არ ვეუბნებით სიმართლეს, აქედან ჩანს, რომ არ გვიყვარს ისინი.

ქრისტიანულ ანთროპოლოგიაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც ღმერთმა შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკვიდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკვიდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა  (საქმე 17:26), ადამიანური ერთობა უფრო ღრმაა, ხოლო ეთნიკური დაყოფები კი ზედაპირული და არაარსებითია. ერთადერთი ლეგიტიმური დაყოფა ხდება, როდესაც შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განაჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაი განაჩინის ცხოვარნი თიკანთაგან. (მათე 25:32).

და ბოლოს, მინდა დავასრულო ნ. ბერდიაევის სიტყვებით: სამყაროში ყოველთვის ორი რასა არსებობდა: ისინი არსებობენ დღესაც და ეს დაყოფა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაყოფა. არიან ჯვარმცმელები და ჯვარცმულები, მჩაგვრელები და ჩაგრულები, ისინი, ვისაც სძულთ და ვინც სძულთ, მტანჯველები და ტანჯულები, მდევნელები და დევნილები. არ არის საჭირო იმის განმარტება თუ ვის მხარეს უნდა იყვნენ ქრისტიანები.  

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოლიტიკა / ბელუში იოანე / ეთნიკური კონფლიქტები და მართლმადიდებელი ეკლესია