გაკვეთილი მეცხრე

 ტექსტური რედაქტორები: ბლოკნოტი, ვორდ პედი

 

ტექსტური რედაქტორი - ესაა პროგრამა, სადაც იქმნება და შემდგომში ინახება ტექსტობრივი დოკუმენტი. გავიხსენოთ, რომ ტექსტური ფაილის გაფართოებებია: დოკ, ერტეეფ, ტქსტ. (DOC, RTF, TXT). «დოკ» გაფართოებით აღინიშნება ვორდში შექმნილი ფაილები, ერტეეფ-ით ვორდ პედის ფაილები, ხოლო ტქსტ  გაფართოებით აიღნიშნება ფაილები, რომლებიც შექმნილია მარტივ ტექსტურ რედაქტორ - ბლოკნოტში.

გავხსნათ ტექსტური რედაქტორი ბლოკნოტი: ვინდოუს ღილაკით შევიდეთ სტარტ მენიუში, ზედა და ქვედა ისრებით ვიპოვოთ  მენიუს პუნქტი - პროგრამები, ენ ვე დეა გამოგვიცხადებს - პროგრამ პოდმენიუ, გავხსნათ იგი მარჯვენა ისრით ან ენტერით და ვიპოვოთ პუნქტი - «სტანდარტული». ენვედეა ისევ გვეტყვის - პოდმენიუ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გავხსნათ ისიც ენტერით ან ღილაკით ისარი მარჯვნივ. ზედა და ქვედა ისრებით მოვძებნოთ  «ბლოკნოტი» და გავხსნათ ენტერით. ენვედეა გამოგვიცხადებს -»უსათაურო ბლოკნოტი, ცარიელია» (ბეზიმმიანი ბლოკნოტ, პუსტა). ამ მოქმედებებით ჩვენ შევქმენით ტექსტური რედაქტორი – ბლოკნოტის ფაილი.

 

არსებობს «ბლოკნოტის» დოკუმენტის შექმნის მეორე გზაც. შევქმნათ ფაილი მაი დოკუმენტში. გავააქტიუროთ სამუშაო მაგიდა. ისრებით ვიპოვოთ «მაი დოკუმენტი» და გავხსნათ იგი. ალტ ღილაკით შევიდეთ ფანჯრის მენიუში, ჩამოვშალოთ ენტერით ან ქვედა ღილაკით. ჩამოიშლება მენიუს ჩანართი. ქვედა ისრით ვიპოვოთ «შექმნა» (საზდაც, ნიუ) და გავხსნათ ქვემენიუ ენტერით. აქ მოვძებნოთ «ახალი ტექსტური დოკუმენტი» (ნოვი ტექსტოვი დოკუმენტ, ნიუ ტექსტ დოკუმენტ). დავაჭიროთ ენტერს. შეიქმნა ახალი დოკუმენტი, რომლის პიქტოგრამის ქვეშ გააქტიურებულია ფაილის სახელის ჩასაწერი ველი. პირდაპირ ვკრეფთ ფაილის სახელს, მაგ:  «111» და ვაჭერთ ენტერს.  მაშასადამე, შექმნილია «მაი დოკუმენტში» ფაილი «111». ახლა კი ენტერით გავხსნათ იგი.

გამოშუქდება ცარიელი ფურცელი, რომელიც მზადაა ტექსტის ასაკრეფად.

კიდევ ერთი ცარიელი ფურცელი შეგვიძლია გავხსნათ კონტროლ+ენ კომბინაციით. დავაჭიროთ ამ ღილაკებს. გავხსნათ ახალი გვერდი და მალევე დავხუროთ ალტ+ეფ ოთხით. დავბრუნდით წინა დოკუმენტზე, რომლის სახელია «111».

ახლა კი მოვიშველიოთ ენვედეას დახმარება. ამისათვის გვჭირდება 2 ღილაკი - ინსერტი და ციფრი ერთი. ჯერ ვიპოვოთ ფუნქციონალური ღილაკების მწკრივი - ეფ ერთიდან ეფ თორმეტამდე. მის ქვემოთა მწკრივში მარცხნიდან მეორე ღილაკია ციფრი ერთი. დავიმახსოვროთ მისი მდებარეობა. ახლა გავიხსენოთ  ინსერტის მდებარეობა. იგი უნდა ვიპოვოთ კურსორის სამართავი ღილაკების ზემოთ მდებარე 9 ღილაკიან ბლოკში. ასე, რომ დავაჭიროთ ინსერტ+ერთს. ენვედეა გამოგვიცხადებს - დახმარება აკრეფისათვის ჩართულია (სპრავკა პო ვვოდუ ვკლუჩენა). ამ დროს თითოეულ ღილაკზე შეხებისას დახმარება გამოგვიცხდებს რომელ ღილაკს ვეხებით. სიმბოლოები არ იკრიფება, მხოლოდ ხმა მიგვანიშნებს, რომელი ღილაკი სად მდებარეობს. დახმარებას  შეგვიძლია მივმართოთ მას შემდეგაც, რაც შევისწავლით კლავიატურას და ტექსტის აკრეფისას დაგვავიწყდება რომელიმე ასოს ან სიმბოლოს მდებარეობა. ამ დროს დავაჭერთ ინსერტ+ერთს და ვიპოვით სასურველ ღილაკს. ხელმეორედ ინსერტ+ ერთის დაჭერისას დახმარება გამოირთვება და ტექსტი კვლავ აიკრიფება. 

კლავიატურის ძირითადი მწკრივი ეწოდება ქვემოდან მესამე მწკრივს, სადაც მოთავსებულია ნიშანდებული ღილაკები. მარცხნიდან მარჯვნივ ეს ასოებია:

«ეი»-ასო «ა», «ეს» - ს, «დი» -ასო დ, ეფ - ასო ფ, ჯი - ასო გ, ეიჩ - ასო ჰა, ჯეი - ასო ჯ, ქეი  -  ასო კა, ელ - ასო ლ. 

ვიდრე ტექსტზე ვარჯიშს დავიწყებდეთ, გავიხსენოთ, თუ როგორ უნდა დავაწყოთ კლავიატურაზე ხელები სწორად. მოვძებნოთ ქვემოდან მესამე რიგში ნიშანდებული ღილაკები: ეფი და ჯე. დავაწყოთ თითები ისე, რომ საჩვენებელი თითები აღმოჩდეს ასოებზე ”ეფ” და “ჯე”-ზე. ასეთი პოზიციის არჩევისას მარცხენა ნეკა თითი  უნდა მოხვდეს “ა” ასოზე, მარჯვენა ხელის ნეკა თითი კი  -  წერტილ მძიმეზე. 

მარცხენა ხელის უსახელო თითი უნდა იყოს “ს” ასოზე. მარჯვენა ხელის უსახელო თითი კი ასო “ლ”-ზე.

მარცხენას შუა თითი უნდა იყოს  ასო “დე”-ზე. Mმარჯვენა ხელის შუა თითი კი ასო “კა”-ზე.

თუ მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს გავწევთ მარჯვნივ, ჩვენ შეგხვდება ასო “გ”, ხოლო თუ მარჯვენა ხელის  საჩვენებელ თითს გავწევთ მარცხნივ -   შეგხვდება ასო “ჰა”.

ჩვენ ახლა განვიხილეთ მესამე, ანუ კლავიატურის ძირითადი მწკრივი.

 

ახლა კი, მოდით ვნახოთ რა ასოებია განლაგებული მესამე მწკრივის ქვეშ, ანუ კლავიატურის ქვემოდან მეორე მწკრივზე. 

ეს ასოებია: მარცხნიდან მარჯვნივ “ზეტი”.  “იქსი”.  “სი”.  “ვი”.  “ბი”.  “ენ”.  “ემ” და   სასვენი ნიშნები: მძიმე, წერტილი, ხოლო წერტილის გვერდით  -  დახრილი ხაზი. Mმესამე ასო «სი» არ უნდა აგვერიოს ძირითად მწკრივში მოთავსებულ «ეს» ასოში. «სი» ასო ხანდახან გამოითქმის, როგორც «კა»ასო (მაგალითად, სიტყვაში «დოკუმენტ»), ხოლო ასო «ესი» ყოველთვის გვესმის, როგორც ქართული ასო «ს» (მაგ. სეივ).

ახლა კი განვიხილოთ რა ასოებია მოთავსებული ძირითადი რიგის ზედა მწკრივში. ესენია მარცხნიდან მარჯვნივ: ასო “ქიუ”. “დაბლიუ”. “ი”. “არ”. “თი”. “ვაი”. “უ”. “აი”. “ო”. “ფი”. რომ არ დაგაბნიოთ ამ ასოების სახელწოდებებმა, გავაკეთოთ განმარტებები:

ქიუ - ლათინური ანბანის ასო ქ.

დაბლიუ - დაბლიუ.

ი - ლათინური ანბანის ასო ე.

არ - ასო რ.

თი - ასო ტ.

ვაი - ლათინური ანბანის ასო იგრეკი.

უ -უ.

აი - წერტილიანი ი.

ო -ო.

ფი - ასო პ.

ჩამოთვლილი ასოების შემდეგ ამავე მწკრივში ასო პი-ს მარჯვნივ მოდის მარცხენა კვადრატული ფრჩხილი, ხოლო შემდეგ  -  მარჯვენა კვადრატული ფრჩხილი.

რჩევა: თუ ამ სახელმძღვანელოს კითხულობთ პროგრამა «ბუს» მეშვეობით და კარგად ვერ გაიგონეთ ზემოთ ჩამოწერილი კლავიატურის ასოების სახელწოდებები, გირჩევთ, დაბრუნდეთ და ეს მონაკვეთი წაიკითხოთ ნელ-ნელა მარჯვენა ისრით თითო სიტყვაზე გადასვლით.

 

ამ მწკრივით მთავრდება კლავიატურაზე ასოების მწკრივი. შევაჯამოთ, რომ ასოები კლავიატურაზე განლაგებულია სამ მწკრივზე, აქედან, შუა მწკრივს, რომელზეც მდებარეობს ნიშანდებული ღილაკები, ეწოდება კლავიატურის ძირითადი მწკრივი.

 

ქვემოდან მეხუთე მწკრივია რიცხვითი მწკრივი. როგორც გახსოვთ, რიცხვები ასევე მდებარეობს კლავიატურის მარჯვენა ნაწილში ეგრეთ წოდებულ კალკულატორის ბლოკში. კლავიატურის რომელი ნაწილიდან ავკრეფთ ციფრებს, ამას არა აქვს არანაირი მნიშვნელობა.

რიცხვით მწკრივში მარცხნიდან პირველი სიმბოლოა აპოსტროფი, ასევე ამ ღილაკით იწერება ბრჭყალებიც. ამ ღილაკის მარჯვნივაა ციფრი 1, შემდეგ 2,3 და ასე შემდეგ. ნულის შემდეგ მოდის გამოკლების ნიშანი, ხოლო შემდეგ ტოლობის ნიშანი. თუ მოვიშველიებთ შიფტ ღილაკს, მასთან ერთად აკრეფილი გამოკლების ნიშნიანი ღილაკი გახდება ტირე, ხოლო შიფტი და ტოლობის ნიშანი, გახდება ნიშანი პლიუსი.  გარდა 2 ღილაკისა, რომელიც შიფტთან ერთად გამოვიყენეთ, კლავიატურაზე არსებობს მთელი რიგი ღილაკებისა, რომლებიც შიფტთან ერთად გამოიყენება. ორ-ორი მნიშვნელობა აქვს ყველა ღილაკს რიცხვით მწკრივში. თითოეულ ღილაკს ახატია ორი, ზოგს კი სამი სიმბოლოც. განვიხილოთ ეს მწკრივი შიფტთან კომბინაციაში:

შიფტ+1  -  ძახილის ნიშანი.

შიფტ+2  -  იმეილის ნიშანი, ეგრეთ წოდებული ძაღლუკა (საბაჩკა).

შიფტ+3  -  ნომრის სიმბოლო.

შიფტ+4  -   დოლარის ნიშანი.

შიფტ+5  -   პროცენტის ნიშანი.

შიფტ+6  -  მახვილის ნიშანი ზოგიერთ ენაში.

შიფტ+7  -  ინგლისურ ანბანში ენდის აბრევიატურის ნიშანი. 

შიფტ+8  -  ვარსკლავი.

შიფტ+9  -  მარცხენა ფრჩხილი.

შიფტ+0  -   მარჯვენა ფრჩხილი.

შიფტ+მინუსი  -  ტირე, ქვედა ხაზი.

შიფტ+ ტოლობის ნიშანი  -   პლიუსი.

ტოლობის ნიშნის შესაბამისი ღილაკის მარჯვნივ მდებარეობს ღილაკი – ბექსპეისი, რომელიც შლის კურსორიდან მარცხნივ მდებარე სიმბოლოს.

 

ყურადღება:

სიმბოლოს წაშლის დროს ბექსპეისს უნდა დავაწვეთ ფრთხილად, რადგან თუ დიდხანს გავაჩერებთ მასზე თითს, წაიშლება ზედიზედ რამოდენიმე სიმბოლო.

 

კლავიატურის ქვემოდან მეოთხე მწკრივში გვაქვს  ორი ღილაკი, რომელიც ასევე შიფტთან ერთადაც გამოიყენება:

ასო პე-ს მარჯვნივ:

შიფტს + მარცხენა კვადრატული ფრჩხილი  -  მარცხენა ფიგურული ფრჩხილი.

შიფტს + მარჯვენა კვადრატული ფრჩხილი -  მარჯვენა ფიგურული ფრჩხილი.

 

კლავიატურის ქვემოდან მესამე ანუ ძირითად მწკრივში ასო ლ-ს მარჯვნივ:

შიფტ+წერტილ მძიმეს შესაბამისი ღილაკით დაიწერება -   ორწერტილი. შემდეგი ღილაკია ბრჭყალები.

 

კლავიატურის ქვემოდან მეორე მწკრივში ასო ემის შემდეგ:

შიფტ+მძიმე - დაიწერება ნაკლებობის ნიშანი

შიფტ + წერტილი - დაიწერება მეტობის ნიშანი.

 

შენიშვნა: სხვადასხვა შრიფტების გამოყენებისას შეიძლება შეიცვალოს ზოგიერთი სიმბოლოს მნიშვნელობა.

 

მოკლედ განვიხილოთ «ბლოკნოტის» მენიუ. მენიუს ზოლში არის შემდეგი პუნქტები: ფაილ (ფაილ), პრავკა, ფორმატ, ვიდ (ვიუ), სპრავკა (სერვის). თითოეულ პუნქტს აქვს ვერტიკალური მენიუ, რომელიც ჩამოიშლება ქვედა ისრით ან ენტერით, ხოლო მასზე გადაადგილება შეგვიძლია ზედა და ქვედა ისრებით. შეგახსენებთ, რომ მენიუში შევდივართ ალტით, ხოლო მის ზოლში გადავდივართ მარჯვენა და მარცხენა ისრებით.

 

გავეცანოთ მენიუს ზოგიერთ  ძირითად პუნქტს.

 

ჩამოვშალოთ მენიუს პირველი  პუნქტი - ფაილი.

მისი პუნქტებია: ახალი დოკუმენტის შექმნა, შენახვა, დაბეჭვდა და დახურვა.

მენიუს ზოლში მეორეა: «პრავკა». ამ პუნქტებით ჩვენ შეგვიძლია ტექსტის კოპირება, ამოჭრა, გადატანა, საჭირო ტექსტის ან სიტყვის პოვნა და ა.შ.

მესამე პუნქტია - ფორმატი. აქედან ვირჩევთ შრიფტს, შრიფტის ზომას. ლათინური ტექსტების დასაწერად ძირითადად გამოიყენება შრიფტები: არიალი, თაიმ ნიუ რომანი. (Arial, Times New Roman).

ახლა კი ალტით შევიდეთ ფაილ მენიუში, ჩამოვშალოთ იგი და დავდგეთ პუნქტზე დახურვა (ზაკრიც, ქლოუზ). დავაჭიროთ ენტერს.

გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელიც შეგვეკითხება გვსურს თუ არა დოკუმენტის შენახვა. დიალოგური ფანჯრის ღილაკი დგას ღილაკზე ოკ. გადავიდეთ მარჯვენა ისრით ღილაკზე არა (ნეტ, ნოუ) და დავაჭიროთ ენტერს. ამ მოქმედებით ჩვენ დოკუმენტში არაფერი არ შევინახეთ, რადგან ღირებულიც არაფერი დაგვიწერია. დოკუმენტის შენახვას ვისწავლოთ ქვემოთ.

 

კლავიატურაზე ქართული ასოების განლაგება

 

ჩვენ უკვე ვიცით  ლათინური ასოებისა და სასვენი ნიშნების განლაგება კლავიატურაზე. 

ახლა ვისწავლოთ ქართულად წერა.

ქართული ასოების დაწერისას ჩვენ ძირითადად ლათინურ ასოებს გამოვიყენებთ, გარდა რამოდენიმე ასოსი.

ზემოთ განვიხილეთ მარტივი ტექსტური რედაქტორი ბლოკნოტი. ახლა გავხსნათ სხვა ტექსტური რედაქტორი  -  ვორდ პედი და მოვემზადოთ  ქართულად  წერისათვის. ამისათვის ვინდოუს ღილაკით გამოვიძახოთ სტარტ მენიუ, ვერტიკალური ისრებით ვიპოვოთ პროგრამები, გავხსნათ მისი ქვემენიუ, ვიპოვოთ პუნქტი  -  სტანდარტული, ისევ გამოვიძახოთ მისი ქვემენიუ და ვიპოვოთ ვორდ პედი. გახსნა რა თქმა უნდა ენტერით უნდა მოხდეს. 

გახსნილ დოკუმენტში  ავკრიფოთ კომბინაცია კონტროლ+ა. ეს ნიშნავს მთლიანი ტექსტის მონიშვნას. მართალია, ჩვენ ჯერ არ გვაქვს დაწერილი არაფერი, მაგრამ ამ კომბინაციით მთელ დოკუმენტში იქნება დაფიქსირებული ერთი კონკრეტული შრიფტი. მაშ, ავკრიფოთ კონტროლ+ა,  შემდეგ კომბინაცია კონტროლ+დე და გამოსულ ფანჯარაში პირდაპირ ჩავწეროთ ასოები “აცად”. ჩვენ ამით ვირჩევთ  ყველაზე მეტად გამოყენებად ქართულ შრიფტ - აკადნუსხურს.  დავაჭიროთ ენტერს. ახლა ცარიელ ფურცელზე დაიწერება ქართული ასოები.

იმისათვის, რომ დავწეროთ ქართული ასოებით არ არის საკმარისი მხოლოდ შრიფტი აკადნუსხურის არჩევა. კლავიატურას აქვს რამოდენიმე წყობა ანუ განლაგება – ძირითადად ესაა ინგლისური, რუსული და ქართული. კლავიატურის განლაგების რეჟიმებზე გადასვლა ხდება ალტ+შიფტ ღილაკებით. ინგლისური წყობა აღინიშნება აბრევიატურით – ენ, რუსული – რუ, ხოლო ქართული – კა. ყოველ ჯერზე ამ კომბინაციის გამოყენებისას ენვედეა გვაცნობებს, რომელ რეჟიმზეა დაყენებული კლავიატურის წყობა. თუ ტექსტი უნდა ავკრიფოთ აკადნუსხურით, კლავიატურის წყობა უნდა იყოს დაყენებული ინგლისურზე. ხოლო თუ ქართულ ტექსტს ვკრეფთ სილფაენით, კლავიატურის წყობა უნდა გადავრთოთ ქართულზე. თუ არჩეული გვაქვს სილფაენი და გვსურს ინგლისური ასოების წერა, კლავიატურა გადართული უნდა იყოს ინგლისურზე.

დავიწყოთ ქართული ასოების შესწავლა კლავიატურის  ქვემოდან მეორე მწკრივიდან. 

მარცხნიდან მარჯვნივ პირველი ასოა “ზ”. თუმცა იგი შიფტთან კომბინაციაში   გადაიქცევა “ძ” ასოდ.

შემდეგია “ხ” ასო.

მის მარჯვნივ მდებარე  “ც” ასო ქართულ შრიფტშიც “ც” ასოს ნიშნავს.  ხოლო შიფტთან კომბინაციაში “ჩ” ასოდ გადაიქცევა.

მარჯვნივ მოდის “ვ”, “ბ”, “ნ” და “მ ასოები, რომლების ქართულ შრიფტშიც იმავე ასოებს შეესაბამება.

 

განვიხილოთ ასოითი მწკრივის შუა ანუ ძირითადი მწკრივი:

მარცნიდან მარჯვნივ პირველი ასო “ა”  ქართულ შრიფტშიც, “ა” ასოს ნიშნავს.

“ს” ასო ქართულ შრიფტშიც “ს” ასოს ნიშნავს. თუმცა შიფტთან ერთად დაიწერება ასო “შ”.

“დ” ასო ქართულ შრიფტშიც “დ” ასოს ნიშნავს.

ნიშანდებული ასო  «ფ”, რომელიც ჩვენთვის უკვე ნაცნობია,  ქართულ შრიფტშიც იმავე ასოს შეესაბამება.

“გ” ასოც ქართულ შრიფტში არ იცვლება.

ასევეა ასო “ჰა”.

ასო «ჰას» მარჯვნივ მოდის ნიშანდებული ”ჯ” ასო რომელიც შიფტის გამოყენებით “ჟ” ასოს მნიშნელობას იძენს.

მომდევნო ორი ასო “კა”  და «ლ» ქართულ შრიფტში იგივე ასოებია.

 

დაგვრჩა ასოითი ერთი მწკრივი, მაგრამ ჯერ შევამოწმოთ ნასწავლი ცოდნა და შევეცადოთ ავკრიფოთ პირველი სიტყვები:

1.         ნანა, მამა, ზაზა, ფაფა, სასა, კაკა, ხახა.

რადგან ჯერ მხოლოდ ერთი ხმოვანი - «ა» შევისწავლეთ, ამიტომ სხვა სიტყვებს ვერ ავკრეფთ.

ახლა კი ბოლო მწკრივი, სადაც 13 ქართული ასო მდებარეობს, აქედან სამი შიფტთან კომბინაციაში უნდა ვიხმაროთ.

მარცხნიდან მარჯვნივ პირველი ასოა  “ქ”. იგი ქართულ შრიფტშიც “ქ” ასოს ნიშნავს. მის მარცხნივაა ლათინური ასო დაბლიუ, რომელიც შეესაბამება ქართულ ასო “წ”-ს. ამ ღილაკისა და შიფტის ერთად აკრეფით კი დაიწერება ასო “ჭ”. 

“ე” ასო ქართულშიც “ე” ასოა. მის მარჯვნივაა “რ” ასო, ხოლო შიფტის გამოყენებით იგი “ღ” ასოდ გადაიქცევა.

“ტ” ასო იგივე «ტ» ასოა. აქაც თუ მოვიხმართ შიფტს დაწერება ასო “თ”.

იგრეკი ასო ქართულ ანბანში «ყ»-ს ნიშნავს. მომდევნო მარჯვნივ მდებარე ასოებია “უ”, “ი”, “ო” და  “პ”. ეს ასოები ქართულ შრივტში “უ”, “ი”, “ო”  და“პ”  ასოებს ნიშნავს.

მაშ, დავიმახსოვროთ ის შვიდი ქართული ასო, რომელიც შიფტთან ერთად იწერება:

ძ – შიფტ+ზ;

ჩ – შიფტ+ც;

შ – შიფტ+ს;

ჟ  -  შიფტ+ჯ;

ჭ – შიფტ+წ.

ღ – შიფტ+რ;

თ – შიფტ+ტ.

 

აი, დავამთავრეთ კლავიატურაზე ლათინური და ქართული ასოების შესწავლა. ახლა ვარჯიშის დროც მოვიდა. ჩვენ ქვემოთ შემოგთავაზებთ ასაკრეფად გალაკტიონ ტაბიძის ლექსს «ქარი ქრის». შეეცადეთ აკრიფოთ ის.  თუკი აკრეფაში შეცდომებს დაუშვებთ, შეისწავლეთ და გამოიყენეთ შემდეგი ღილაკები:

 

ბექსპეისი - ერთი სიმბოლოს წაშლა კურსორიდან მარცხნივ.

დელეიტი - ერთი სიმბოლოს წაშლა კურსორიდან მარჯვნივ.

ჰოუმ - კურსორის გადანაცვლება ხაზის დასაწყისში.

ენდ - კურსორის გადანაცვლება ხაზის ბოლოში.

პეიჯ აპ - კურსორის გადასვლა ერთი ეკრანით ზევით.

პეიჯ დაუნ - კურსორის გადასვლა ერთი ეკრანით ქვევით.

ხანი - ადგილის გამოტოვება სიტყვებს შორის.

ენტერი - ახალ ხაზზე გადმოსვლა.

 

ლექსის აკრეფის დროს მოიშველიეთ ენვედეას დახმარება, რომელიც ირთვება ინსერტ+ერთის დახმარებით. ერთხელ დაჭერისას ჩაირთვება დახმარება და ასოები არ აიკრიფება, ხოლო ხელმეორედ დაჭერისას ითიშება ეს რეჟიმი და ტექსტი დაიწერება. 

ინსერტ+2: კითხულობს აკრეფილ სიმბოლოებს. ხელმეორედ დაჭერისას ითიშება ეს რეჟიმი.

ინსერტ+3: ტექსტურ დოკუმენტებში კითხულობს ჩვენს მიერ დაწერილ სიტყვებს სპეის ღილაკის დაჭერის შემდეგ. ხელმეორედ   დაჭერა თიშავს ამ რეჟიმს.

 

ავკრიფოთ ლექსი:

ყოველი სიმბოლოს აკრეფისას კურსორი გადაინაცვლებს თითო სიმბოლოთი მარჯვნივ. როდესაც დამთავრდება სტრიქონი, კურსორი თავისით გადადის ახალ ხაზზე. მაგრამ რადგან ლექსის სტრიქონი მოკლეა და იგი ვერ მიაღწევს ფურცლის კიდეს, ამიტომ ახალი სტრიქონის ახალ ხაზზე დასაწერად ჩამოვიდეთ ენტერით. 

 

 

«ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის,

ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ

ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?

როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,

ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს,

შენი მე ხატება დამდევს თან

ყოველთვის, ყოველდროს, ყოველგან.

შორი ცა ნისლიან ფიქრებს შლის,

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის.»

 

ახლა კი უნდა წავაკითხოთ დაწერილი ლექსი ჩვენს სინთეზატორს. იმისათვის, რომ სინთეზატორის ხმა, ტონალობა, სიჩქარე ჩვენთვის მისაღები იყოს, გავიმეოროთ ამ პარამეტრების დაყენება. (ამ პარამეტრების დაყენება დეტალურადაა განხილული მეორე გაკვეთილში). 

 

ავირჩიოთ ხმის სინტეზატორი:

ინსერტ+კონტროლ+ესი: გამოდის ენის სინთეზატორის შესაცვლელი ფანჯარა, სადაც ვერტიკალური ისრებით პირდაპირ ვირჩევთ ენის სინთეზატორს და ვადასტურებთ ენტერით. თუ ტექსტი დაწერილია აკადნუსხური შრიფტით, მის წასაკითხად უმჯობესია ავირჩიოთ სინთეზატორი ნიუფონი, ხოლო თუ ჩვენ გამოვიყენეთ შრიფტი სილფაენი, მას უკეთ კითხულობს სინთეზატორი - ესპეაქი.

 

ახლა შევცვალოთ ხმის პარამეტრები: ავკრიფოთ კომბინაცია  -  ინსერტ+კონტროლ+ვე. გამოდის ფანჯარა, რომელსაც აქვს რამოდენიმე რედაქტორი. რედაქტორებში ცვლილებების შეტანა ხდება ვერტიკალური ისრებით, ხოლო რედაქტორიდან რედაქტორზე გადასვლა ტაბით, ხოლო უკანა მიმარულებით შიფტ+ტაბით. ფანჯარა იხურება ესკეიპ ღილაკით.

 

მაშ ასე, რადგან დავაყენეთ ჩვენთვის მისაღები ხმის პარამეტრები, წავიკითხოთ აკრეფილი ტექსტი. გადავიდეთ ლექსის თავში კონტროლ+ ჰოუმით, დავაჭიროთ კომბინაციას - ინსერტ+ქვედა ისარი და მოვუსმინოთ ჩვენს მიერ აკრეფილ ტექსტს. შეგახსენებთ, რომ ენვედეას საუბრის შეჩერება და გაგრძელება შეგვიძლია შიფტ ღილაკით. თუ გვსურს ტექსტის ნელ-ნელა წაკითხვა, ასო-ასო, სიტყვა-სიტყვით, შევისწავლოთ ნავიგაცია ტექსტში:

თუ მარჯვენა და მარცხენა ისრებით გადავვადგილდებით, ენვედეა წაგვიკითხავს მხოლოდ სიმბოლოებს. თუ ამ ღილაკებს კონტროლთან კომბინაციაში გამოვიყენებთ, პროგრამა გაგვიხმოვანებს თითო თითო სიტყვას. შეგვიძლია ასევე ტექსტი წავიკითხოთ ხაზებით: ინსერტ+ისარი ზემოთ - კითხულობს მიმდინარე ხაზზს. თუ ინსერტზე გვეკავება თითი და ზედა ისარს ორჯერ სწრაფად დავაჭერთ, წაკითხვა მოხდება ასო-ასო. ინსერტ+ქვედა ისარი - ტექსტს წაგვიკითხავს ბოლომდე. თუ კი ამ კომბინაციის გამოყენების შემდეგ ენვედეა წაგვიკითხავს მხოლოდ ერთ ხაზს და გაჩერდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ინსერტს დროზე ადრე ავუშვით ხელი. 

 

დავიმახსოვროთ ეს კომბინაციები:

ტექსტის წაკითხვა ფრაგმენტებად ანუ ნავიგაცია ტექსტში:

 

ისარი მარჯვნივ და მარცხნივ - ასო-ასო წაკითხვა.

კონტროლ+ისარი მარჯვნივ  -  ერთი სიტყვის წაკითხვა კურსორიდან მარჯვნივ.

კონტროლ+ ისარი მარცხნივ - ერთი სიტყვის წაკითხვა კურსორიდან მარცხნივ.

ისარი ზევით, ისარი ქვევით - ხაზის წაკითხვა.

ინსერტ+ისარი ზევით - მიმდინარე ხაზის წაკითხვა.

ინსერტ+ისარი ქვევით - მთლიანი ტექსტის წაკითხვა.

კონტროლ+ჰოუმი - გადასვლა ტექსტის თავში.

კონტროლ+ენდი - გადასვლა ტექსტის ბოლოში.

 

ენვედეას აქვს საშუალება წავიკითხოთ ტექსტი სასვენი ნიშნებით ან სასვენი ნიშნების გამოცხადების გარეშე. გამოვიყენოთ კომბინაცია ინსერტ+პე: ეს ფუნქციაა პუნქტუაციის გამოცხადება სასურველ დონეზე. გამოიყენება ტექსტების წერისა და კითხვის დროს. ერთხელ დაჭერისას გამოგვიცხადებს ზოგიერთ სასვენ ნიშანს, მეორედ დაჭერისას - უმრავლეს სასვენ ნიშანს, მესამედ - ყველა ნიშანს, ხოლო მეოთხედ დაჭერისას - არც ერთ სასვენ ნიშანს. საჭიროების მიხედვით თქვენ თვითონ გააკეთეთ არჩევანი.

 

ახლა კი შევინახოთ ტექსტი. ალტით გამოვიძახოთ ფანჯრის მენიუ. პუნქტში ფაილ ქვედა ისრით ჩამოვშალოთ ჩანართი და ვიპოვოთ «დახურვა» (ზაკრიც, ქლოუზ) და დავაჭიროთ ენტერს. გამოვა დიალოგური ფანჯარა, რომელის სათაურია «დოკუმენტის შენახვა» (სახრანენიე დოკუმენტა, სეივ დოკუმენტ). ფანჯრის სათაურის გამოცხადება შეგვიძლია კომბინაციით ინსერტ+ტე. გამოსულ ფანჯარაში ჩვენს დოკუმენტს უნდა ვუწოდოთ რაიმე სახელი. გადავვადგილდეთ ფანჯარაში ტაბ ღილაკით და რედაქტორში, რომლის წინაც წერია  - იმია ფაილა (ფაილ ნეიმ) ავკრიფოთ დოკუმენტის სახელწოდება, მაგალითად «ახალი ტექსტი». გადავიდეთ ფანჯარაში ღილაკით ტაბი ოკ ღილაკზე და დავაჭიროთ ენტერს. დოკუმენტი შენახულია საქაღალდეში «მაი დოკუმენტი».  დოკუმენტის შენახვა ასევე შეგვიძლია ღილაკთა კომბინაციით კონტროლ+ესი. გამოდის ანალოგიური ფანჯარა.

ახლა თავიდან გავხნათ ჩვენი დოკუმენტი და ვნახოთ, ნამდვილად შეინახა თუ არა ჩვენი აკრეფილი ტექსტი კომპიუტერმა. 

გავააქტიუროთ სამუშაო მაგიდა, მოვძებნოთ საქაღალდე «მაი დოკუმენტი», გავხსნათ იგი და ვიპოვოთ ფაილი «ახალი ტექსტი». გავხსნათ ისიც ენტერით. დავაჭიროთ კომბინაციას ენვედეა+ისარი ქვემოთ და მოვუსმინოთ ჩვენს მიერ აკრეფილ ლექსს. თუ შენახულია ტექსტი, ესე იგი სწორად გაგვიკეთებია ყველაფერი. დავაჭიროთ ალტ+ეფ ოთხს და დავხუროთ დოკუმენტი. თუ არანაირი ცვლილება არ შეგვიტანია გახსნილ დოკუმენტში, კომპიუტერი ამ დროს აღარ გამოგვიტანს დიალოგურ ფანჯარას შეკითხვით - გვსურს თუ არა შევინახოთ ცვლილებები და პირდაპირ დაიხურება იგი. ხოლო თუ თუნდაც ერთი სიმბოლო შევცვალეთ ან დავამატეთ, დიალოგური ფანჯარა აუცილებლად გამოვა და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.

 

ცხელი ღილაკები:

 

ტაბი - ფანჯრის ელემენტებს შორის გადაადგილება

შიფტ+ტაბი - ელემენტებს შორის გადაადგილება უკანა მიმართულებით

კონტროლ+ენი - ახალი დოკუმენტის გახსნა.

ალტი -  ფანჯრის მენიუს ზოლში შესვლა-გამოსვლა.

კონტროლ+ა - მთლიანი ტექსტის მონიშვნა.

კონტროლ+დე - გამოდის შრიფტის ასარჩევი ფანჯარა.

ინსერტ+ერთი - კლავიატურის დახმარების ჩართვა-გამორთვა.

ინსერტ +ორი - აკრეფილი სიმბოლოების წარმოთქმა.

ინსერტ+სამი - აკრეფილი სიტყვების წარმოთქმა.

ინსერტ+კონტროლ+ესი -   ენის სინთეზატორის შესაცვლელი ფანჯარა

ინსერტ+კონტროლ+ვე  -  ხმის პარამეტრების ფანჯარა.

ინსერტ+პე - სასვენი ნიშნების პარამეტრები.

კონტროლ+ესი - დოკუმენტის შენახვა.

 

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         ტექსტური ფაილების რომელი გაფართოებები იცით?

2.         კლავიატურაზე რომელი ღილაკებია ნიშანდებული?

3.         რამდენი ლათინური ასოა ქვემოდან ზემოთ მეორე, მესამე და მეოთხე მწკრივზე?

4.         რომელი ღილაკებით უნდა დავწეროთ პროცენტის, პარაგრაფის, ძახილისა და ფრჩხილების ნიშნები?

5.         რომელი ღილაკებით დავწეროთ ქართული ასოები: ჭ, ღ, თ, შ, ჟ, ძ, ჩ?

6.         რომელი ღილაკებს გამოყავს ენვედეას სინთეზატორის ასარჩევი ფანჯარა?

7.         რომელ ღილაკებს გამოჰყავს ენვედეას ხმის პარამეტრების დასაყენებელი ფანჯარა?

8.         როგორ ავირჩიოთ ქართული შრიფტი - აკადნუსხური?

9.         რომელი ღილაკებით გამოდის დოკუმენტის შესანახი ფანჯარა?

დავალება:

 

1.         გახსენით ტექსტური რედაქტორი ბლოკნოტი. აირჩიეთ ლათინური შრიფტი - არიალი და აკრიფეთ ლათინური ანბანის გამოყენებით სიტყვები.

2.         დახურეთ დოკუმენტი შენახვის გარეშე.

3.         გამოიძახეთ ვორდ პედი და გახსენით ახალი დოკუმენტი.

4.         აირჩიეთ ქართული შრიფტი - აკადნუსხური.

5.         აკრიფეთ თქვენი საყვარელი ლექსი, წააკითხეთ იგი ენვედეას.

6.         შეინახეთ დოკუმენტი საქაღალდეში მაი დოკუმენტი, დაარქვით ფაილს სახელი - პოეზია. დახურეთ ტექსტური რედაქტორი.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 10.გაკვეთილი მეცხრე _ ტექსტური რედაქტორები ბლოკნოტი, ვორდ პედი