გაკვეთილი მეშვიდე

 საქაღალდისა და ფაილის შექმნა, წაშლა, კოპირება, გადატანა

 

 

ახლა კი ვისწავლოთ საქაღალდის შექმნა. ამისათვის დავაჭიროთ ღილაკთა კომბინაციას -  ვინდოუს+დე ან ვინდოუს+ემი. გააქტიურდება  სამუშაო მაგიდა. დავაწვეთ კომბინაციას კონტროლ+ხანი, ხმის სინთეზატორი ამ დროს იტყვის  -  არ არის გამოყოფილი (ნე ვიდილენა), რაც ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე ობიექტი იყო მონიშნული, მონიშვნა მოიხსნა ანუ აღარაფერია მონიშნული. ახლა განვმარტოთ, თუ რატომ არ უნდა იყოს მონიშნული არც ერთი ობიექტი, როცა საქაღალდეს ვქმნით. საქაღალდის შესაქმნელად უნდა გავხსნათ კონტექსტური მენიუ. გავიხსენოთ, რომ თუკი რომელიმე ობიექტია მონიშნული და გამოვიძახებთ კონტექსტურ მენიუს, გამოვა ამ ობიექტის კონკრეტული კონტექსტური მენიუ. მაგალითად, თუ სამუშაო მაგიდაზე მონიშნულია ვთქვათ, პროგრამა სკაიპის იარლიყი და ჩვენ დავაწვებით ღილაკს აპლიქეიშენ, გამოვა კონტექსტური მენიუ პროგრამა სკაიპისთვის, არადა ჩვენი მიზანი იყო ახალი საქაღალდის შექმნა. ამიტომ არაფერი არ უნდა იყოს მონიშნული, რომ გამოვიდეს ისეთი მენიუ, რომლის ერთ-ერთი ბრძანება იქნება ახალი საქაღალდის შექმნა.

ასე რომ, ვაჭერთ  ღილაკს აპლიქეიშენ და გამოგვყავს კონტექსტურ მენიუ. ზედა  და ქვედა ისრით ვეძებთ სიტყვას ნიუ, (საზდაც). ვხსნით ქვემენიუს ენტერით ან მარჯვენა ისრით და სიტყვაზე ფოლდერ (პაპკა) ანუ საქაღალდე ვაწვებით ენტერს. საქაღალდე შექმნილია. მას ქვია პირობითი სახელი  -  ახალი საქაღალდე (ნოვაია პაპკა, ნიუ ფოლდერ). ჩვენ მოვანიჭოთ სხვა სახელი და დავარქვათ  ვთქვათ, “123”. ამისთვის ჩავრთოთ კალკულატორის ბლოკი და ავკრიფოთ რიცხვი ერთი, ორი და სამი. დავაწვებით ენტერს. საქაღალდე “123” შექმნილია და მდებარეობს  სამუშაო მაგიდაზე.

 

ეს საქაღალდე, რადგან იგი შეიქმნა დესკტოპზე, მოთავსებული იქნება ცე დისკზე. საქაღალდე ასევე, შეგვიძლია შევქმნათ დე დისკზეც. ამისათვის, შევდივართ მაი კომპიუტერში, ვირჩევთ და ვხსნით დე დისკს, ვაწვებით კონტექსტურ მენიუს, ვირჩევთ პუნქტს საზდაც (ნიუ), ვხსნით ქვემენიუს, ვირჩევთ პაპკას (ფოლდერს), ვკრეფთ საქაღალდის სახელწოდებას და ვადასტურებთ ენტერით.

 

ზოგჯერ დაგვჭირდება არსებული საქაღალდის ან ფაილის სახელის შეცვლა. მოდით ახლა ამ საქაღალდეს შევუცვალოთ სახელწოდება და დავარქვათ  მაგალითად  «321». ამისათვის დავდგეთ საქაღალდე  «123»-ზე, შემდეგ კი დავაწვეთ ღილაკს ეფ 2. ის ადგილი, სადაც ეწერა სიტვა  «123» დაიწყებს ციმციმს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია იგი შევცვალოთ სხვა სიტყვით. ავკრიფოთ რიცხვი  «321». ამ მოქმედების შემდეგ ვაწვებით ენტერს და საქაღალდე იცვლის სახელს.

 

საქაღალდე შეიძლება შეიცავდეს საქაღალდეებს, ის კი თავის მხრივ, კიდევ საქაღალდეებს. საქაღალდეში მოთავსებულ საქაღალდეს ეწოდება ქვესაქაღალდე ანუ ქვეფოლდერი. ქვეფოლდერი იქმნება, ისევე როგორც ფოლდერი და მისი მოთავსება ზედა რანგის საქაღალდეში ხდება ისევე, როგორც ფაილის ჩაწერა საქაღალდეში.

 

ახლა კი შევქმნათ რაიმე ტექსტური ფაილი და განვათავსოთ იგი მაი დოკუმენტში. სამუშაო მაგიდაზე ვიპოვოთ და გავხსნათ მაი დოკუმენტი. გამოვიძახოთ კონტექსტური მენიუ ღილაკით აპლიკეიშენ. ვიმოქმედოთ ზუსტად იგივე თანამიმდევრობით და იგივენაირად, როგორც შევქმენით საქაღალდე, მხოლოდ პუნქტი  «საქაღალდის» ნაცვლად ვიპოვოთ პუნქტი  «მაიკროსოფტ ოფის ვორდ დოკუმენტ». დავაჭიროთ ენტერს. ვორდის დოკუმენტი შექმნილია. მხოლოდ მას აქვს პირობითი სახელი - ესაა  «დოკუმენტ მაიკროსოფტ ვორდ». ჩვენ მას ვუწოდოთ სხვა სახელი, მაგალითად ავკრიფოთ  «555» და დავაჭიროთ ენტერს. ფაილი შექმნილია და მოთავსებულია საქაღალდეში მაი დოკუმენტი.

ამ გზის გარდა არსებობს დოკუმენტის შექმნის სხვა გზაც. გავხსნათ მაი დოკუმენტი. ალტით შევიდეთ ფანჯრის მენიუში, ჩამოვშალოთ ენტერით ან ქვედა ისრით მენიუს ჩანართი და ვიპოვოთ პუნქტი საზდაც, ნიუ. ენტერით ან მარჯვენა ისრიანი ღილაკით გავხსნათ ქვემენიუ და ვიპოვოთ პუნქტი - დოკუმენტ მაიკროსოფტ ოფის ვორდ. ენტერს დავაჭიროთ. ფაილი შექმნილია. ავკრიფოთ მისი სახელი, მაგალითად  «444» და ისევ დავაჭიროთ ენტერს. 

 

 ფაილის ან საქაღალდის წაშლა

 

გავააქტიუროთ სამუშაო მაგიდა. ვიპოვოთ კურსორის ღილაკებით საქაღალდე  «321». როცა ენვედეა გამოგვიცხადებს მის სახელწოდებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ვდგევართ მასზე.  მოვძებნოთ კლავიატურაზე ღილაკი დელეიტი (გავიხსენოთ, რომ იგი მდებარეობს კურსორის ღილაკების ზემოთ ერთად მოთავსებულ 9 ღილაკში, ყველაზე დაბლა, ყველაზე მარცხნივ). დავაჭიროთ ღილაკ დელეიტს. კომპიუტერი შეგვეკითხება - დარწმუნებული ვართ თუ არა, რომ ნამდვილად გვინდა ფაილის წაშლა, ვაჭერთ ენტერს და ფაილი იშლება. იგი მოთავსდება სანაგვე ყუთში.

არსებობს წაშლის მეორე გზაც: დესკტოპზე მოვძებნოთ საქაღალდე  «321». გამოვიძახოთ კონტექსტური მენიუ ღილაკით აპლიკეიშენ, მოვძებნოთ პუნქტი - წაშლა (უდალიც, დელეიტ) და  დავაჭიროთ ენტერს. კომპიუტერი შეგვეკითხება - დარწმუნებული ვართ თუ არა, რომ ნამდვილად გვინდა ფაილის წაშლა. თანხმობის შემთხვევაში დავაჭიროთ ენტერს. საქაღალდე წაშლილია. თუკი გადავიფიქრეთ მისი წაშლა, დავაჭიროთ ესკეიპ ღილაკს.

 

ფაილის კოპირება, გადატანა

 

 ჩვენ სამუშაო მაგიდაზე შევქმენით საქაღალდე  «123», ხოლო მაი დოკუმენტში  -  ტექსტური ფაილი და  «444».  მოდით, გადმოვიტანოთ ფაილი  «444» საქაღალდეში -  «123». გავხსნათ მაი დოკუმენტი. ენვედეა გამოგვიცხადებს - ელემენტების დათვალიერება, სია (პრასმოტრ ელემენტოვ, სპისოკ). საქაღალდეებში არსებული ფაილების დათვალიერება რომ გაგვიადვილდეს, ვისწავლოთ მათი სიისებურად დალაგება. ამისათვის ვაჭერთ  ალტ ღილაკს და შევდივართ ფანჯრის მენიუში. მარჯვენა ისრით ვპოულობთ სიტყვას ვიდ (ვიუ), შემდეგ ქვედა ისრით  ვეძებთ სიტყვას სპისოკ (ლისტ), რის შემდეგ ვაჭერთ ენტერს. მაი დოკუმენტში არსებული ფაილები დალაგდა სიისებურად.

ვიპოვოთ ფაილი  «444». მოქმედებები ნებისმიერ ობიექტზე სრულდება მაშინ, თუკი ის მონიშნულია. დაგვისახელებს თუ არა ენვედეა ობიექტის სახელწოდებას, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი უკვე დგას მასზე და შესაბამისად ობიექტი გააქტიურებულია ანუ მონიშნულია. ამის შემდეგ ვხსნით კონტექსტურ მენიუს და ისრიანი ღილაკებით ვეძებთ პუნქტს - ამოჭრა (ვირეზაც, ქათ) და ვაჭერთ ენტერს. კომპიუტერს გააჩნია დროებითი ანუ საშუალედო მეხსიერება, რომლსაც ეწოდება ბუფერი. ბუფერში შეგიძლია გადავიტანოთ ფაილი ორნაირად: 1. ისე, რომ ფაილი რჩება თავის ადგილას და ამავე დროს იგი გადადის ბუფერშიც; 2. ფაილი ამოიჭრება, იგი ძველ ადგილზე აღარ რჩება და გადადის ბუფერში. პირველი პუნქტს შეესაბამება კოპირება (კოპიროვაც, კოპი), ხოლო მეორეს - ამოჭრა (ვირეზაც, ქათ). რადგან ჩვენ გამოვიყენეთ მოქმედება - ამოჭრა, მაშასადამე, მაი დოკუმენტიდან გაქრა ფაილი  «444» და მოთავსდა ბუფერში. ახლა კი ალტ+ეფ ოთხით ვხურავთ მაი დოკუმენტის ფანჯარას (ან ვინდოუს+ ემით გადავდივართ დესკტოპზე). სამუშაო მაგიდაზე ვეძებთ და ვხსნით საქაღალდეს  «123». აპლიქეიშენ ღილაკით ვიძახებთ კონტექსტურ მენიუს და ვეძებთ პუნქტს ჩასმა (ვსტავიც, ფეისტ). ვაჭერთ ენტერს. ფაილი  «444» ჩაიწერა საქაღალდეში  «123».

 

ჩვენ  განვიხილეთ ის შემთხვევა, როცა ფაილი ამოვიღეთ ერთი საქაღალდედან და მოვათავსეთ მეორეში, მაგრამ არსებობს ვარიანტი, როცა ორივეგან შესაძლებელია იყოს ფაილი. ასეთ შემთხვევაში ვირჩევთ კონტექსტური მენიუს პუნქტს - კოპირება (კოპიროვაც, კოპი) ნაცვლად პუნქტისა - ამოჭრა (ვირეზაც, ქათ). სხვა ყველა მოქმედება იგივეა. თუკი შევამოწმებთ საქაღალდეებს  «მაი დოკუმენტი» და  «123», ორივეში უნდა აღმოვაჩინოთ ფაილი  «444». ეს ნიშნავს იმას, რომ კოპირება წარმატებით შევასრულეთ.

 

დაიმახსოვრეთ: როდესაც ვქმნით დოკუმენტს ან შექმნილ დოკუმენტზე ვახორციელებთ მოქმედებებს, სხვა ობიექტი არ უნდა იყოს მონიშნული. თუ ეს მაინც მოხდა ანუ შემთხვევით მოგვიხვდა ხელი და რომელიმე ობიექტი მოინიშნა, მონიშვნის მოსახსნელად გამოიყენეთ კონტროლ+ხანი (პრობელი, სპეისი).  ეს კომბინაცია ყოველთვის დაგვჭირდება და მისი დამახსოვრება სავალდებულოა.

 

დავიმახსოვროთ სასარგებლო რჩევები:

 

პირველი: სამუშაო მაგიდაზე ახალი დოკუმენტის (ფაილის, საქაღალდის) შექმნა კონტექსტური მენიუთი შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუკი დესკტოპზე არსებული დოკუმენტებიდან არც ერთი არა მონიშნული.

 

მეორე: წაშლილი ობიექტი მაშინვე არ ქრება კომპიუტერიდან, არამედ ის გადაინაცვლებს სანაგვე ყუთში. სანაგვე ყუთი სამუშაო მაგიდის ერთ-ერთი ობიექტია. ის იმიტომაა შექმნილი, თუკი მოხდა და შემთხვევით წაგვეშალა რაიმე ობიექტი შევძლოთ მისი აღდგენა.

 

მესამე: მოქმედებები - წაშლა, გადატანა, კოპირება, აღდგენა შესაძლებელია როგორც ფაილებზე, ასევე საქაღალდეებზეც.

 

ცხელი ღილაკები:

 

1. საქაღალდეს ან ფაილის სახელის დარქმევა, გადარქმევა - ეფ 2.

2. ობიექტზე მონიშვნის მოხსნა - კონტროლ+ხანი

3. ობიექტის წაშლა - დელეითი, შიფტ+დელეითი

 

საკონტროლო კითხვები:

 

1. როგორ შევქმნათ საქაღალდე?

2. როგორ დავარქვათ სახელი საქაღალდეს?

3. როგორ შევქმნათ ფაილი და დავარქვათ მას სახელი?

4. რა ხდება მოქმედებების - კოპირებისა და ამოჭრის შესრულების დროს?

5. რა ღილაკით ხდება საქაღალდის ან ფაილის სახელის გადარქმევა?

 

 

დავალება:

 

1. შექმენით 3 საქაღალდე და რადგან თქვენთვის ჯერ არ არის ცნობილი კლავიატურაზე ასოების განლაგება, დაარქვით სახელად რაიმე რიცხვითი კომბინაცია;

2. შექმენით სამი ფაილი;

3. შექმნილი სამი ფაილი მოათავსეთ ერთ რომელიმე თქვენს მიერ შექმნილ საქაღალდეში;

4. წაშალეთ ამ დავალების დროს შექმნილი ყველა საქაღალდე და ფაილი.

5. სანაგვე ყუთიდან აღადგინეთ თქვენს მიერ შექმნილი რომელიმე ფაილი ან საქაღალდე.

 

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 08.გაკვეთილი მეშვიდე -საქაღალდის და ფაილის შექმნა, გადატანა, კოპირება, ამოჭრა