გაკვეთილი მეექვსე

 

 იარლიყები და პიქტოგრამები, ობიექტის ძიება, სანაგვე ყუთი

 

ყოველდღიურ ცხოვრებაში დოკუმენტებთან სამუშაოდ ჩვენ მივუსხდებით ხოლმე სამუშაო მაგიდას. ასეა კომპიუტერთანაც, ამ შემთხვევაშიც სამუშაო მაგიდა ეწოდება იმ ადგილს, სადაც ჩვენ გვიწყვია ჩვენი დოკუმენტები, ფაილები და საქაღალდეები. სამუშაო მაგიდაზე ანუ დესკტოპზე მოთავსებულია ასევე პროგრამის იარლიყები. იარლიყებით უფრო სწრაფად ხდება პროგრამის გაშვება. პროგრამის გაშვების წესი ასეთია: სამუშაო მაგიდაზე ისრების დახმარებით მოვძებნით შესაბამისი პროგრამის იარლიყს და დავაწვებით ენტერს. არსებობს პროგრამის გახსნის მეორე გზაც: ვინდოუს ღილაკით უნდა შევიდეთ მთავარ ანუ სტარტ მენიუში, კურსორის ღილაკებით მოვძებნოთ პუნქტი პროგრამები, შემდეგ დავაჭიროთ ენტერს. გაიხსნება ქვემენიუში პროგრამათა ჩამონათვალი, სადაც   უნდა ვიპოვოთ ჩვენთვის სასურველი პროგრამა, დავდგეთ ამ პროგრამაზე, დავაჭიროთ ისევ ენტერს და მხოლოდ ამის შემდეგ გაეშვება პროგრამა. დავუშვათ, გვინდა გავხსნათ პროგრამა ვორდი: ამისათვის უნდა გავიაროთ შემდეგი გზა: გავხსნათ მთავარი მენიუ, ისრებით ვიპოვოთ პროგრამები, მარჯვენა ისრით გავხსნათ ქვემენიუ, ისევ გამოვიყენოთ ისრები და ვიპოვოთ პროგრამა _ მაიკროსოფტ ვორდი და დავაჭიროთ ენტერს. ამ ყველაფერს რომ ავცდეთ, იმ პროგრამებს, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიყენებთ, უნდა შევუქმნათ იარლიყები სამუშაო მაგიდაზე.

 

იარლიყის შექმნა და ცხელი ღილაკების მინიჭება

 

ვიზუალურად იარლიყი არის სამუშაო მაგიდაზე არსებული პიქტოგრამა ანუ პატარა გამოსახულება, რომელსაც მარცხნივ ქვედა  კუთხეში ახატია პატარა ისარი.

როგორც წესი, იარლიყი  შეიცავს გზას გასახსნელი პროგრამისაკენ, თუმც ეს ეკრანზე არ აისახება, ეს არის მისი ფუნქცია. პროგრამის გასახსნელად შესაძლებელია სამუშაო მაგიდაზე სულაც არ გადავვადგილდეთ ისრებით, არამედ ყოველი პროგრამის იარლიყს შეგვიძლია დავუყენოთ ცხელი ღილაკები, რათა უფრო სწრაფად მოხდეს მისი გახსნა. უნდა აღინიშნოს, რომ კომპიუტერში დაინსტალირების დროს ზოგიერთი პროგრამა თვითონვე ათავსებს იარლიყს სამუშაო მაგიდაზე. იარლიყის წაშლა ან კოპირება არ მოქმედებს თავად პროგრამაზე, რადგან იარლიყი არაფერს შეიცავს გარდა ინფორმაციისა პროგრამის ადგილმდებარეობის შესახებ. ამიტომ, როდესაც ვახდენთ პროგრამის ან საქაღალდის გადაწერას სიდი, დივიდი დისკზე ან ფლეშკაზე, არ გადავწეროთ სამუშაო მაგიდაზე არსებული პიქტოგრამა, არამედ შევიდეთ იმ დისკზე, სადაც ეს პროგრამაა ჩაწერილი და დავაკოპიროთ იქიდან.

 

ახლა კი შევქმნათ იარლიყი.  ამისათვის დავაჭიროთ ვინდოუს ღილაკს,  ისრით ვიპოვოთ სიტყვა პროგრამები (პროგრამი, ოლ პროგრამს), მარჯვენა ისრით გავხსნათ ქვემენიუ და ქვედა ისრით ვიპოვოთ სიტყვა მაიკროსოფტ ვორდი.  დავაჭიროთ ღილაკს აპლიქეიშენ და გავხსნათ კონტექსტური მენიუ. მენიუში ზედა ან ქვედა ისრით ვიპოვოთ პუნქტი გაგზავნა (ატპრავიც, სენდ ტუ). გავხსნათ იგი მარჯვენა ისრით და  ვიპოვოთ პუნქტი შევქმნათ იარლიყი დესკტოპზე (საზდაც იარლიკ, რაბოჩი სტოლ, დესკტოპ  ქრიეიტ შორტკად). დავაჭიროთ ამ სიტყვაზე ენტერს და იარლიყი გაჩნდება სამუშაო მაგიდაზე.

შევამოწმოთ, მართლა დაყენდა თუ არა იარლიყი. დავაჭიროთ კომბინაციას ვინდოუს+დე ან ვინდოუს+ემი, რათა გავააქტიუროთ სამუშაო მაგიდა, შემდეგ, ისრებით ვიპოვოთ სიტყვა მაიკროსოფტ ვორდ ან დავაჭიროთ პირდაპირ ასო ემს. თუკი ენვედეამ გამოგვიცხადა პროგრამის სახელწოდება, ესე იგი პროგრამა ვორდის  იარლიყი შექმნილია.

 

ახლა კი დავუყენოთ პროგრამას სწრაფი გამოძახების ღილაკები.  ცხელ ღილაკებს მინიჭებული აქვს ბრძანება გახსნას ესა თუ ის პროგრამა. 

ისევ მაგალითისთვის ავიღოთ მაიკროსოფტ ვორდი. კომბინაციით ვინდოუს+დე ან ვინდოუს+ემი გადავიდეთ სამუშაო მაგიდაზე, ისრებით ან  ასო ემით ვიპოვოთ პროგრამა ვორდი. დავაჭიროთ ღილაკთა კომბინაციას ალტ+ენტერი და გამოვიძახოთ ფანჯარა - `თვისებები~ (სვოისტვა, პროპერტის). იმისათვის, რომ ენ ვე დეამ წაგვიკითხოს მთელი ფანჯრის შინაარსი, დავაჭიროთ ინსერტ+ბეს. ამ დიალოგურ ფანჯარას აქვს რამოდენიმე ჩანართი. პირველი მათ შორის არის ჩანართი - ობიექტი, აქ წერია მნიშვნელოვანი ინფორმაცია - გზა იმ ობიექტისაკენ, რომელსაც ეს იარლიყი ხსნის. ორჯერ  დავაჭიროთ ტაბ ღილაკს და გადავიდეთ შემდეგ პუნქტზე - ესაა `სწრაფი გამოძახება~ (ბისტრი ვიზოვ, შორდ კად ცხელი ღილაკების ველი ნოუ.). სწორად ეს გვჭირდება ახლა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ცხელ კლავიშთა კომბინაციაში უნდა შედიოდეს შემდეგი ღილაკები კონტროლ+ალტი ან კონტროლ+შიფტი და კიდევ ანბანის ერთი ასო. დავაჭიროთ თითი ვთქვათ, კა ასოს. `სწრაფი გამოძახების~ რედაქტორში ჩაიწერება ღილაკთა კომბინაცია _ კონტროლ+ალტ+კა.  მაგრამ ამით არ დასრულებულა ეს მოქმედება. ახლა მისი შენახვაა საჭირო. ტაბ ღილაკით გადავვადგილდეთ გახსნილ ფანჯარაში, ვიპოვოთ ღილაკი ოკ და დავაჭიროთ ენტერს.

გახსოვდეთ, რომ ცხელი ღილაკები მოქმედებს მხოლოდ სამუშაო მაგიდაზე არსებულ იარლიყებზე. ცხელი ღილაკების მინიჭების დროს თუკი ჩვენს მიერ არჩეული ღილაკთა კომბინაცია უკვე გამოყენებულია, ამის შესახებ შეგვატყობინებს კომპიუტერი და ჩვენ ვირჩევთ სხვა ასოს. ამის შემდეგ  შესაბამისი პროგრამა შეგვიძლია სწრაფად გავხსნათ ცხელ ღილაკებზე ხელის დაჭერით.

 

დავუბრუნდეთ ისევ სამუშაო მაგიდას.

როგორც წესი, ყველა კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე სასურველია გამოტანილი იყოს “მაი დოკუნენტის”, “მაი კომპიუტერის”, სანაგვე ყუთის, ინტერნეტ ბრაუზერის შესაბამისი პიქტოგრამები. კომპიუტერში ვინდოუსის ჩაწერის დროს ოპერაციული სისტემა ამას თვითონ აკეთებს. სამუშაო მაგიდის ქვედა ზოლს ჰქვია ინსტრუმენტების პანელი. სწორედ აქ მდებარეობს ჩვენთვის ნაცნობი მთავარი ანუ სტარტ მენიუ, რომელიც გამოიძახება ვინდოუს ღილაკით.

სამუშაო მაგიდის ელემენტებია: საქაღალდეები, იარლიყები, მთავარი მენიუს ღილაკი და ინსტრუმენტების პანელი. მათზე გადაადგილება ხდება ტაბ ღილაკით. 

მაშ, სამუშაო მაგიდაზე მოჩანს:

1.         საქაღალდეები და იარლიყები;

2.         ინსტრუმენტების პანელი. აქ ჩვენთვის საინტერესოა მთავარი მენიუს ღილაკი, რომელიც მდებარეობს ყველაზე მარცხნივ ქვედა ზოლში. ეს არაა ფიზიკური ღილაკი ეკრანზე, იგი გამოიძახება კლავიატურიდან ვინდოუს ღილაკით.

3. ინსტრუმენტების პანელის ზოლის მარჯვენა კუთხეში გამოსახულია ზოგიერთი გახსნილი პროგრამისა და ანტივირუსის პიქტოგრამები (თუკი კომპიუტერში ჩაწერილია ანტივირუსი), ხმის ასაწევ-დასაწევი, ენების გადასართავი, დროისა და თარიღის მაჩვენებელი და სხვა. პროგრამა ენვედეა საშუალებას გვაძლევს სამუშაო მაგიდის ქვედა ზოლში ჩამოუსვლელად შევიტყოთ დრო და თარიღი. ამისათვის გამოიყენება ღილაკთა კომბინაცია: ინსერტ+ეფ 12 - დროის გაგება.  ამ ღილაკებს თუ ორჯერ ზედიზედ დავაჭერთ ხელს, პროგრამა გამოგვიცხადებს თარიღს.

სამუშაო მაგიდის ქვედა ზოლზე ანუ ინსტრუმენტების პანელზე გადავდივართ ტაბ ღილაკით. ამას თან ახლავს სიტყვიერი შეტყობინება.

 

თუ გახსნილი გვაქვს რომელიმე პროგრამა ან ფაილი და გვინდა სამუშაო მაგიდაზე გადასვლა,  უნდა დავაჭიროთ ღილაკთა კომბინაციას - ვინდოუს+ემი ან ვინდოუს+დე.  ამ ღილაკებზე დაჭერის შემდეგ ენ ვე დეა გამოგვიცხადებს - სამუშაო მაგიდა, ჩამონათვალი, ერთი 15-დან (რაბოჩი სტოლ, სპისოკ, ოდინ იზ პიტნაცეტ). ეს ნიშნავს იმას, რომ სამუშაო მაგიდა გააქტიურებულია. ასევე მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამუშაო მაგდაზე არის 15 ობიექტი და ჩვენ ვდგევართ პირველ ობიექტზე. ისრებით დავათვალიეროთ სამუშაო მაგიდა რამოდენიმეჯერ.  დესკტოპის თავში გადასვლა ანუ პირველ ობიექტზე მოხვედრა ხდება ჰოუმ ღილაკით, ხოლო ქვედა ბოლო ობიექტზე გადავდივართ ენდ ღილაკით. დაწვრილებით განვიხილოთ ის სამი საქაღალდე, რომელსაც ოპერაციული სიტემა აყენებს სამუშაო მაგიდაზე. ესენია: მაი დოკუმენტი, მაი კომპიუტერი და სანაგვე ყუთი (კარზინა, რესიკლ ბინ), ინტერნეტ ექსპლორერი.

სამუშაო მაგიდაზე მოვძებნოთ მაი დოკუმენტი და გავხსნათ ენტერით. ამ საქაღალდეში ვინახავთ ყველა იმ დოკუმეტს, რასაც ჩვენ ვქმნით. გახსნისას ენ ვე დეა გამოგვიცხადებს საქაღალდის სათაურს. თუ დავაჭერთ ინსერტ+ტე ღილაკთა კომბინაციას, პროგრამა ხელახლა გამოგვიცხადებს ფანჯრის სახელწოდებას. მაი დოკუმენტში გამოჩნდება შენახული ფაილები. ჩვენი რჩევა იქნება საქაღალდეში ფაილები დავალაგოთ სიისებურად, რადგან ასე განლაგებული ფაილების პოვნა უფრო გაგვიიოლდება. ამისათვის მოვიქცეთ შემდეგნაირად: საქაღალდე უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში. დავაჭიროთ ალტ ღილაკს თითი და შევიდეთ ფანჯრის მენიუში. მარჯვენა ისრით გადავიდეთ მენიუს პუნქტზე - ვიდ (ვიუ), ქვედა ისრით ჩამოვიდეთ და ვიპოვოთ პუნქტი - სპისოკ (ლისტ) და დავაჭეროთ ენტერს. საქაღალდეში არსებული ფაილები დალაგდება სიისებურად და მათზე გადაადგილებისათვის ვიყენებთ ვერტიკალურ ისრებს.

მაი დოკუმენტს ვხურავთ ალტ + ეფ 4-ით, ისევე როგორც სხვა ფანჯრებს.

 

სამუშაო მაგიდაზე აუცილებლად არსებობს საქაღალდე მაი კომპიუტერი. აქაც დისკების ჩამონათვალი დავალაგოთ სიისებურად და ვერტიკალური ისრებით დავათვალიეროთ ისინი. გავხსნათ იგი ენტერით. ენვედეა გამოგვიცხადებს სათაურს - მაი კომპიუტერ. დავათვალიეროთ ყურადღებით ეს საქაღალდე. აქ არის დისკების ჩამონათვალი.  პირველი დისკების ჩამონათვალში არის ცე დისკი. ვინჩესტერი ანუ მყარი დისკი აღინიშნება ლათინური ასოთი - ცე და ენვედეა გვიცხადებს - ცე ლოკალ დისკ. ამ დისკზეა ჩაწერილი ოპერაციული სისტემა და სხვა პროგრამები, რაც კი ჩვენს კომპიუტერშია. ვინჩესტერი, უმრავლეს შემთხვევაში გაყოფილია ცე და დე დისკებად. თუმცა შესაძლებელია ვინჩესტეის სამ და მეტ ნაწილად გაყოფა. თითოეული დისკი აღინიშნება ლათინური ასოებით, მაგრამ ამ ჩამონათვალში აუცილებლად იქნება ცე და დე დისკები. მაგალითად, ვინჩესტერი შეიძლება გაყოფილი იყოს ცე, დე, ე და ასე შემდეგ დისკად.

 

რჩევა: შეინახეთ საჭირო დოკუმენტები დე დისკზე, რადგან თუ კომპიუტერი დავირუსდა და საჭირო გახდა ვინდოუსის გადაყენება, ცე დისკიდან წაიშლება ყველა პროგრამა და დოკუმენტი. თუ თქვენთვის აუცილებელი დოკუმენტები ჩაწერილი გქონდათ საქაღალდეში მაი დოკუმენტი, ისინი ასეთ შემთხვევაში ვეღარ აღდგება, რადგან ეს საქაღალდე მდებარეობს ცე დისკზე. შევნიშნოთ, რომ დე დისკზე შეიძლება ჩაიწეროს აგრეთვე დამხმარე პროგრამები. ვინდოუსის გადაყენებისას იშლება მხოლოდ ცე დისკზე არსებული მონაცემები.

 

ლოკალური დისკების ჩამონათვალის შემდეგ მოდის სიდი და დივიდი დისკების აღმნიშვნელი ლათინური ანბანის რიგითი  ასო. როდესაც სიდი ან დივიდი დისკს ჩავდებთ კომპიუტერში, რამოდენიმე წამის შემდეგ ჩნდება მისი სახელწოდება. ხოლო თუ ეგრეთ წოდებულ ფლეშკას შევუერთებთ კომპიუტერს, გამოჩნდება კიდევ ერთი ლათინური ასო, რაც აღნიშნავს იმას, რომ ფლეშკა მზადაა გასახსნელად. დივიდი და სიდი დისკების გახსნისას კომპიუტერი გამოგვიცხადებს - დივიდი რომ დისკავოდ, სიდი რომ დისკავოდ, ხოლო ფლეშკის გახსნის დროს – რომელიმე ლათინურ ასოს.

სამუშაო მაგიდის მესამე აუცილებელი საქაღალდეა “სანაგვე ყუთი” (მაია კარზინა, რესიკლ ბინ), სადაც შეგვიძლია მოვათავსოთ წაშლილი ობიექტები. ამისათვის ვპოულობთ ისრებით წასაშლელ ობიექტს, ვთქვათ რომელიმე ფაილს და ვაჭერთ ღილაკს დელეიტი. გამოდის დიალოგური ფანჯარა და კომპიუტერი გვეკითხება: ნამდვილად გვსურს თუ არა გადავიტანოთ ეს ობიექტი სანაგვე ყუთში. თანხმობის შემთხვევაში, ხელახლა ვაჭერთ ენტერს და ობიექტი თავსდება სანაგვე ყუთში.

თუ ჩვენ გადავიფიქრეთ ამ ფაილის წაშლა,  უბრალოდ ვაჭერთ ღილაკ ესკეიპს და ვაგრძელებთ მუშაობას.  სანაგვე ყუთში მოთავსებული ობიექტის აღდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ამისათვის სამუშაო მაგიდაზე, ვპოულობთ სანაგვე კალათას, ვაჭერთ ენტერს, რის შემდეგაც  იხსნება იგი. ენ ვე დეა გამოგვიცხადებს ფანჯრის სათაურს, შემდეგ კი გვეტყვის - პროსმოტრ სპისოკ და წაგვიკითხავს პირველ ადგილას მდგომი ობიექტის სახელწოდებას.  ვპოულობთ აღსადგენ ობიექტს  და ვხსნით კონტექსტურ მენიუს ღილაკით აპლიკეიშენ, სადაც ქვედა ან ზედა ისრით ვნახულობთ სიტყვას აღდგენა (ვასტანავიც, რესტორე) და დავაჭერთ ენტერს. ფაილი აღდგენილია სწორედ იმ დისკზე და იმ საქაღალდეში, სადაც წაშლამდე იმყოფებოდა.

არსებობს ობიექტის წაშლის კიდევ ერთი გზა. ვდგებით წასაშლელ ობიექტზე და ვკრეფთ კომბინაციას შიფტ+დელეიტი. კომპიუტერის შეკითხვაზე ნამდვილად გსურთ თუ არა ობიექტის წაშლა ვაჭერთ ენტერ ღილაკს და ობიექტი ქრება კომპიუტერიდანაც. ამ გზით წაშლილი ობიექტის აღდგენა შეუძლებელია, რადგან იგი სანაგვე ყუთშიც არ გადადის. 

ვიდრე ობიექტი მდებარეობს სანაგვე ყუთში, იგი ისევ იკავებს გარკვეულ ადგილს კომპიუტერში. ამიტომ, რომ არ გადავავსოთ დისკი არასაჭირო ფაილებითა და საქაღალდეებით, სანაგვე ყუთი ხშირად უნდა გავათავისუფლოთ. მოვიქცეთ შემდეგნაირად: ალტით შევდივართ ფანჯრის მენიუში, ჩამოვშლით მის ჩანართს და ისრიანი ღილაკებით ვიპოვით პუნქტს - “სანაგვე ყუთის გაწმენდა” (აჩისტიც კარზინუ, ქლინ რისიკლ ბინ). ვაჭერთ ენტერს, გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელიც გვეკითხება - ნამდვილად გვინდა თუ არა ამ ობიექტების წაშლა. ვაჭერთ ენტერს და ობიექტები წაშლილია კომპიუტერიდან, მათი აღდგენა უკვე შეუძლებელია.       

 

ობიექტის ძიება სამუშაო მაგიდაზე

 

სამუშაო მაგიდაზე სწრაფად რომ ვიპოვოთ ობიექტი დავაჭიროთ ღილაკს ეფ 3. იგი გვაძლევს საშუალებას, ვიპოვოთ რაიმე ფაილი ან იარლიყი სამუშაო მაგიდაზე. ეს დაგვჭირდება მაშინ, თუ სამუშაო მაგიდაზე საკმაოდ ბევრი იარლიყი, საქაღალდე და ფაილებია მოთავსებული. ჩვენი რჩევა იქნება, რომ იარლიყების გარდა სამუშაო მაგიდაზე სხვა არაფერი არ განვათავსოთ, რადგან ამ შემთხვევაში იგი გადაიტვირთება.

ეფ  სამი ღილაკის დაჭერის შემდეგ  გაიხსნება ფანჯარა, სადაც უნდა  ჩავწეროთ მაგალითად სიტყვა მაიკოსოფტ ვორდი  და დავაჭიროთ ენტერს.  დაველოდოთ ძიების შედეგს. ეკრანზე გამოჩნდება ანიმაციური ფიგურა - პატარა ცუგა ან სხვა ფიგურა და გვამცნობს, რომ ფაილი ნაპოვნია. ვაჭერთ ენტერს და გადავდივართ ავტომატურად  ნაპოვნი ობიექტების ფანჯარაში. ასევე შეგვიძლია კომბინაციით შიფტ+ტაბის სამჯერ დაჭერით, ჩვენ თვითონ გადავიდეთ ნაპოვნი ობიექტების ფანჯარაში, ისრებით გადავვადგილდეთ და ამოვიკითხოთ, არის თუ არა რაიმე შედეგი. შედეგი აუცილებლად იქნება და ჩვენ აქ აღმოვაჩენთ სიტყვას მაიკროსოფტ ვორდი. 

 

ცხელი ღილაკები:

 

1.         სამუშაო მაგიდაზე გადასვლა - ვინდოუს + დე ან ვინდოუს + ემი.

2.         ობიექტის `თვისებების~ ფანჯრის გახსნა - ალტ+ენტერი.

3.         სამუშაო მაგიდაზე პირველ ობიექტზე გადასვლა – ჰოუმი.

4.         სამუშაო მაგიდაზე ქვედა ობიექტზე გადასვლა – ენდი.

5.         ფანჯრის სათაურის გამოცხადება - ინსერტ + ტე.

6.         ფანჯრის დახურვა - ალტ+ეფ ოთხი.

7.         ობიექტის წაშლა - დელეითი, შიფტ+დელეითი.

8.         ობიექტის ძიება - ეფ სამი.

9. დროისა და თარიღის გამოცხადება - ინსერტ+ეფ12.

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         ღილაკთა რა კომბინაციით ვააქტიურებთ სამუშაო მაგიდას?

2.         რა ელემენტებისაგან შედგება სამუშაო მაგიდა?

3.         რა არის იარლიყი?

4.         ღილაკთა რა კომბინაცია შეიძლება გამოვიყნოთ ცხელი ღილაკების დასაყენებლად?

5.         რომელი ღილაკით გადავვადგილდებით დესკტოპის ელემენტებზე?

6.         როგორ მოვძებნოთ სწრაფად დესკტოპზე სასურველი ობიექტი?

 

დავალება:

 

1. შედით პროგრამების ჩამონათვალში, იპოვეთ პროგრამა ვორდ პედი:

ა) გამოიტანეთ მისი იარლიყი სამუშაო მაგიდაზე;

ბ) დაუყენეთ მას ცხელი ღილაკები.

2. შედით მთავარ მენუში, იპოვეთ მის ქვემენიუში პუნქტი - სტანდარტული (სტანდარტნიე), ხოლო მის ქვემენიუში კალკულატორი:

ა) გამოიტანეთ მისი იარლიყი სამუშაო მაგიდაზე;

ბ) დაუყენეთ მას ცხელი ღილაკები.

3. კომპიუტერს გამოაცხადებინეთ დრო და თარიღი.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 07.გაკვეთილი მეექვსე - იარლიყები და პიქტოგრამები, ობიექტის ძიება, სანაგვე ყუთი