გაკვეთილი მეხუთე

 

ოპერაციული სისტემები,  დამხმარე პროგრამები,  კლავიატურა (ნაწ.III)

 

 

ოპერაციული სისტემა არის პროგრამა, რომელიც აქტიუდება კომპიუტერის ჩატვირთვის დროს. კომპიუტერი აწარმოებს მრავალფეროვან მოქმედებებს და მათი რიცხვი უსაშველოდ დიდია. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვაძლევთ კომპიუტერს ტექსტის ამობეჭვდის ბრძანებას, იქ ხდება უამრავი წვრილმანი ოპერაციები. ეშვება ბეჭვდის პროგრამა, რომელიც თავის მხრივ რიგ ბრძანებებს აძლევს სხვა პატარა პროგრამებს, რომელთა რიცხვიც საკმაოდ დიდია. ამობეჭვდის პროგრამა ერთხელ და სამუდამოდ გამზადებულია და შეტანილია პროგრამების პაკეტში, რომელსაც ეწოდება ოპერაციული სისტემა. გარდა ბეჭვდითი პროგრამებისა, აქ შედის პროგრამები, რომელსაც ტექსტი გამოაქვს მონიტორზე, სკანერიდან ტექსტი შეაქვს კომპიუტერის მეხსიერებაში და სხვა მრავალი. მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპერაციული სისტემა წარმოადგენს მწარმოებლის მიერ შემუშავებულ პროგრამათა ერთობლიობას, რომელიც მართავს კომპიუტერს ჩვენგან დამოუკიდებლად. იგი კომპიუტერის მუშაობის უმთავრესი პროგრამაა. 

ყველაზე მეტად გავრცელებული ოპერაციული სისტემებია WINDOWS, LINUX, WINDOWS NT MS-DOS,  UNIX.  მათ აქვთ სხვადასხვა მოდიფიკაციები. ყოველ კომპიუტერში  ჩაწერილია ოპერაციული სისტემა, რომელთათვისაც იქმნება დამხმარე პროგრამები.

თუ დაგაინტერესებთ რომელი ოპერაციული სისტემაა ჩაწერილი კომპიუტერში ვიქცევით შემდეგნაირად:

გავააქტიუროთ სამუშაო მაგიდა და  ისრებით მოვძებნოთ მაი კომპიუტერი. ღილაკით აპლიკეიშენ გავხსნათ მისი კონტექსტური მენიუ. კურსორის ღილაკებით ვიპოვოთ პუნქტი “სვოისტვა” და დავაჭიროთ ენტერს.  გამოდის საინფორმაციო ფანჯარა, სადაც ენვედეა წაგვიკითხავს, თუ რა სისტემაა ჩაწერილი თქვენს კომპიუტერში.

ოპერაციული სისტემები მოდიფიცირდება და უმჯობესდება შეცდომების გამოსწორებისა და ახალი შესაძლებლობების დამატების ხარჯზე. სისტემების ახალ ვერსიებს სახელწოდება არ ეცვლება, არამედ იძენს ასეთ სახეს -  მაგ. 7.1, 7.2 და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ციფრი 7 აღნიშნავს ძირეულ ცვლილებას, რაც განიცადა სისტემამ წინანდელ მეექვსე ვერსიასთან შედარებით, ხოლო წერტილის შემდგომ მდგარი ციფრების ცვლილება აღნიშნავს შეცდომების აღმოფხრის შედეგად გაუმჯობესებულ ვერსიას, ანუ არცთუ მნიშვნელოვან ცვლილებებს. რაც დიდია ვერსიის ციფრი, მით მეტი შესაძლებლობების მქონეა ოპერაციული სისტემა. დღესდღეისობით არსებობს ოპერაციული სისტემების მრავალი ვერსია და მომხმარებლის წინაშე დგას ამოცანა, თუ რომელი სისტემა გამოიყენოს. სრულყოფილი ოპერაციული სისტემა არ არსებობს, ყველას აქვს თავისი მინუსები და პლიუსები.

მომხმარებელმა მხოლოდ ის უნდა განსაზღვროს თუ რამდენად პასუხობს მის მოთხოვნებს ესა თუ ის სისტემა.

დამხმარე პროგრამულ უზრუნველყოფას მიეკუთვნება მომხმარებლის მიერ ან მომხმარებელთათვის შექმილი დამხმარე პროგრამები, რომლებიც კომპიუტერის წინაშე სვამენ კონკრეტული სამუშაოს შესრულების საკითხს. არსებობს  როგორც უფასო, ასევე ფასიანი პროგრამები.

 

ფაილების სისტემა, კატალოგებთა ხე

 

მთელ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვქმნით კომპიუტერში (ტექსტი, ნახატი, მუსიკა, და ა.შ.)             ინახება ფაილების სახით. ოპერაციული სისტემა განსაზღვრავს ფაილების ტიპს, სახელწოდებას, ზომას და ასე შემდეგ. ფაილებზე ხორციელდება შემდეგი მოქმედებები: ფაილის შექმნა, სახელის დარქმევა, სახელის გადარქმევა, წაკითხვა, ჩაწერა, წაშლა.

სხვადასხვა ოპერაციული სისტემები ქმნიან განსხვავებულ ფაილის სისტემას. როგორ გავიგოთ, ფაილის რომელ სისტემას იყენებს ჩვენი ოპერაციული სისტემა?

სამუშაო მაგიდა გავააქტიუროთ ვინდოუს+ემით ან ვინდოუს+დეთი. ისრებით მოვძებნოთ მაი კომპიუტერ და გავხსნათ ენტერით. გახსნილ ფანჯარაში ვიპოვოთ ცე დისკი. ღილაკით აპლიქეიშენ გავხსნათ ცე დისკის კონტექსტური მენიუ. მენიუში ქვედა ისრით ვიპოვოთ სვოისტვა და დავაჭიროთ ენტერს. გამოსულ საინფორმაციო ფანჯარაში ენვედეა წაგვიკითხავს - მაგალითად: ფაილების სისტემა ენ ტე ეფ ესი ვინდოუს იქს პისთვის.

ფაილები ერთიანდება საქაღალდეებში ანუ კატალოგებში. კატალოგი არის ფაილების ჯგუფი, რომელიც ერთიანდება ერთი გარკვეული ნიშნით. კატალოგები შესაძლოა შეიცავდეს ქვეკატალოგს, ხოლო ქვეკატალოგი კიდევ ქვეკატალოგს და ასე შემდეგ. ეს სისტემა შეიძლება შევადაროთ ხის აგებულებას: ხეს აქვს ტოტები - კატალოგები, ხოლო ფაილები შესაძლოა წარმოვიდგინოთ ფოთლებად. მაგრამ კატალოგთა ეგრეთ წოდებული ხე უნდა წარმოვიდგინოთ ამობრუნებულ ხედ: ზემოთაა ძირი, ხოლო სულ ქვემოთ - ფოთლები. აუცილებელია ფაილებსა და კატალოგებს ვუწოდოთ განსხვავებული სახელწოდებები. ერთ კატალოგში ერთნაირი დასახელების ფაილები არ შეიქმნება.

მაშ, შევაჯამოთ:

ინფორმაცია, რომელიც ცალკე სახელით ინახება კომპიუტერში ეწოდება ფაილი. ყველა ფაილს აქვს თავისი სახელი. ფაილის სახელწოდება შედგება 2 ნაწილისაგან: სახელისგან და გაფართოებისგან. თვითონ სახელი შეიძლება შეიცავდეს ერთიდან 256 სიმბოლომდე. სახელის შემდეგ იწერება წერტილი, ხოლო წერტილის შემდგომ ფაილის გაფართოება, რომელიც უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 8 სიმბოლოსგან. გაფართოება მიუთითებს ფაილის ტიპზე. გაფართოება შეიძლება არც მივცეთ ფაილს.

ფაილის გაფართოება გვაძლევს ინფორმაციას, რომელ პროგრამაშია შექმნილი ესა თუ ის ფაილი და რომელი პროგრამით უნდა მოხდეს მისი გახსნა. გაფართოება, როგორც წესი, იწერება ფაილის სახელში წერტილის შემდეგ. მაგ: კომ, ეგზე, ბატ და სხვა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პროგრამის მიერ მინიჭებული ფაილის გაფართოების შეცვლა.

განვიხილოთ გაფართოების ტიპები:

გაფართოება - ტქსტ - აღნიშნავს, რომ ფაილი არის შექმნილი მარტივ ტექსტურ რედაქტორ - ბლოკნოტში.

გაფართოება - დოკ. ნიშნავს, რომ ფაილი ასევე ტექსტურია, მაგრამ შექმნილია უფრო რთულ ტექსტურ რედაქტორ ვორდში.

გაფართოება - ერტეეფი იქმნება ტექსტურ რედაქტორ ვორდ პედში.

გაფართოება ექს ელ ესი - აღნიშნავს ელექტრონული ცხრილების რედაქტორ ექსელში შექმნილი ფაილების გაფართოებას.

მუსიკალურ ფაილებს აქვთ გაფართოება - ემ პე სამი.  ამ ფორმატში ჩაწერილი ფაილები კარგი ხარისხისაა და იკავებს დისკზე პატარა ადგილს.

ვავ გაფართოებაც მუსიკალური ფაილებისაა, მასაც აქვს კარგი ხარისხი, მაგრამ იკავებს შედარებით დიდ ადგილს.

ვიდეოფაილების გაფართოებებია: ავი ან ემ პე გე.

გამოსახულებიანი ფაილები - ნახატები, ფოტოები - გამოირჩევა გაფართოებით - ჯე პე გე.

ფაილები – სის გაფართოებით არის სისტემური, ანუ ოპერაციული სისტემის.

ტემპ ფაილები - დროებითი ფაილებია, რომელსაც ქმნის რომელიმე დამხმარე პროგრამა და თავად პროგრამა შლის მუშაობის დასრულების შემდეგ.

ეიჩ ტე ემი - ესაა ინტერნეტის ფაილები.

ფაილების გაფართოებების ცნობა როგორც ჩვენთვის, ასევე სისტემისთვისაცაა სავალდებულო. ამით ოპერაციული სისტემა განსაზღვრავს, თუ რომელი დამხმარე პროგრამის მეშვეობით უნდა გახსნას ესა თუ ის ფაილი. ამიტომაც, ფაილის გაფართოების შეცვლა არაა მიზანშეწონილი. 

ფაილები შეგვიძლია გადავწეროთ ერთი დისკიდან მეორეზე, ერთი პაპკიდან მეორეში, წავშალოთ ან სახელი გადავარქვათ.

იგივე ოპერაციები სრულდება საქაღალდეებზე, რაც ფაილებზე. საქაღალდეს ფაილისაგან განსხვავებით არა აქვს გაფართოება. ცარიელი საქაღალდე დისკზე არ იკავებს ადგილს, მისი ზომა დამოკიდებულია თუ რამდენ ფაილს შეიცავს იგი.

 

 

კლავიატურა (ნაწილი მესამე)

 

ვიდრე გადავიდოდეთ  კლავიატურის ყველაზე დიდი ნაწილის შესწავლაზე, განვიხილოთ სამართავი ღილაკების ბლოკი, რომელიც მდებარეობს კურსორის სამართავი ღილაკების ზემოთ. ესაა 6 ღილაკი, რომელიც განლაგებულია 2 მწკრივად, თითოეულში 3 ღილაკი. ყველაზე ქვემოთ მარცხნივ მდებარე ღილაკია დელეიტი. იგი შლის ასოებს კურსორიდან მარჯვნივ ან შლის მონიშნულ ობიექტს. მის ზემოთაა ინსერტი, რომელიც ნიშნავს ჩასმას. იგი ძირითადად გამოიყენება სხვა ღილაკებთან კომბინაციაში.

ინსერტის მარჯვნივაა ჰოუმი. იგი ტექსტურ რედაქტორში კურსორს გადაიყვანს სტრიქონის თავში. ხოლო მის ქვემოთ მდებარე ღილაკი ენდი გადაიყვანს კურსორს სტრიქონის ბოლოში. Eენდის მარჯვნივაა ღილაკი პეიჯ დაუნ, რაც ნიშნავს ერთი ეკრანით ქვევით კურსორის გადაადგილებას, ხოლო მის ზემოთ მდებარე პეიჯ აპი – გადაგვიყვანს ერთი ეკრანით ზევით. Gგანხილული 6 ღილაკის ზემოთ მდებარე 3 ღილაკი - პრინტ სკრინი, სქორილი და პაუზ ბრიქი ჩვენ უკვე განვიხილეთ წინა გაკვეთილში.

 

ახლა კი გავეცნოთ ციფრთა ანუ კალკულატურის ბლოკს. იგი მდებარეობს კლავიატურის მარჯვენა მხარეს და მოიცავს 17 ღილაკს. მის შუაგულში ხელით მოვძებნოთ ამოზნექილ ნიშნიანი ღილაკი, ისეთივე, როგორიც იყო ეფ და ჯი ღილაკები. ესაა ციფრი - 5.  ჩვეულებრივი კალკულატორისაგან განსხვავებით აქ ციფრები 1, 2, 3 მდებარეობს ქვემოთ, ზემოთ მოდის 4, 5, 6 და შემდეგ 7, 8, 9. ერთის ზემოთ მდებარეობს 4 და 7. 2-ის ზემოთ 5 და 8, ხოლო 3-ის ზემოთ 6 და 9.  0 მდებარეობს სულ ქვედა რიგში და აქვს ჰორიზონტალური წაგრძელებული ფორმა. მას მარჯვნივ მოსდევს ათობითი წილადის წერტილი. კლავიატურის ამ ბლოკის უკიდურესი მარცხენა ზედა ღილაკია ნამ ლუქი. როდესაც დავაჭერთ ამ ღილაკს, ჩაირთვება ციფრების წერის რეჟიმი. რეჟიმის გამოსართველად ისევ ამ ღილაკს მივმართავთ.  როცა ციფრული ბლოკი გამორთულია, ზოგიერთი ღილაკი აქ იძენს დამატებით ფუნქციას. მაგალითად: 0 არის ინსერტი, 1- ენდი, 7- ჰოუმი. 3 - პეიჯ დაუნი, ხოლო 9 - პეიჯ აპი. 2 და 8 - არის კურსორის ღილაკები, 2 - ისარი ქვევით და 8- ისარი ზევით. ხოლო 4 - ისარი მარცხნივ, 6 - ისარი მარჯვნივ. 0-ს მარჯვნივ მდებარეობს დელეიტი, ხოლო როცა ციფრები ჩართულია იგი არის ათობითი წილადის წერტილი. ყველაზე მარჯვნივ ვერტიკალური მოგრძო ღილაკია ენტერი, მის ზემოთაა პლუსი, კიდევ ზემოთ - მინუსი. Mმინუსის მარცხნივ გამრავლების ნიშანი, რომელზეც გამოსახულია ვარსკვლავი, ხოლო მის მარცხნივაა  გაყოფის ნიშანი, რომელიც წარმოდგენილია მარცხვნივ დახრილი ხაზით.

მაშ, შევაჯამოთ. კალკულატორის ბლოკი როდესაც გამორთულია, აქტიურდება შემდეგი ღილაკები: ინსერტი, დელეიტი, ენდი და ჰოუმი, პეიჯ აპი და პეიჯ დაუნი, კურსორის ისრიანი 4 ღილაკი. ხოლო თუ ბლოკი ჩართულია, აქტიურია ციფრები, წერტილი, მიმატების, გამოკლების, გამრავლებისა და გაყოფის ნიშნები.

ცხელი ღილაკები:

ნამ ლოქი  - ციფრთა ბლოკის ჩართვა და გამორთვა

 

საკონტროლო კითხვები:

 

1. რას წარმოადგენს ოპერაციული სისტემა?

2. რას ეწოდება ფაილი?

3. ფაილების რა და რა ტიპის გაფართოებებია თქვენთვის ცნობილი?

4. ენიჭება თუ არა საქაღალდეს გაფართოება?

5. რა ღილაკებია მოთავსებული კურსორის სამართავი ღილაკების ზემოთ, რა დანიშნულება აქვს თითოეულ ამ ღილაკს?

6. რომელი ღილაკით ირთვება კალკულატორის ბლოკი?

7. რომელი ციფრის შესაბამისი ღილაკია ნიშანდებული?

8. როგორ აღინიშნება გამრავლება და გაყოფა?

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 06.გაკვეთილი მეხუთე -ოპერაციული სისტემები, დამხმარე პროგრამები, კლავიატურა (ნაწ.III)