გაკვეთილი მეოთხე _ მთავარი მენიუ, კონტექსტური მენიუ, სისტემური მენიუ

 

 

რა არის მთავარი მენიუ?

ვიდრე მენიუების განხილვას შევუდგებით, გთავაზობთ რამოდენიმე განმარტებას:

მენიუ უნდა განვიხილოთ, როგორც სიტყვიერად ჩამოწერილ ბრძანებათა და პროგრამების სახელთა ნუსხა. თუ მენიუში ავირჩევთ პროგრამის სახელწოდებას და დავაჭერთ ენტერს, გაიხსნება აღნიშნული პროგრამა. ხოლო თუ ავირჩევთ რაღაც ბრძანებას, ენტერით თანხმობის შემდეგ კომპიუტერი შეასრულებს ამ ბრძანებას.

 

გავეცნოთ მენიუს ტიპებს, ესენია: მთავარი მენიუ, კონტექსტური მენიუ, სისტემური მენიუ. განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე:

 

მთავარი მენიუ არის სამუშაო მაგიდის სამართავი მენიუ, რომლის დანიშნულებაა პროგრამების, დოკუმენტების, საქაღალდეების და ასევე სხვა ობიექტების სწრაფი გახსნა. მისი გამოძახება ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია საჭიროებისამებრ, რომელ პროგრამაშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ. გამოძახება ხდება ღილაკით ვინდოუსი (შეგახსენებთ, რომ იგი მდებარეობს ქვედა მწკრივში კონტროლსა და ალტს შორის).

მთავარ მენიუში თავმოყრილია ოპერაციული სისტემა ვინდოუსის ძირითადი ბრძანებები, ასევე აქედან შეგვიძლია ჩავრთოთ პროგრამები.

რადგან მთავარი მენიუ არის ვერტიკალური, მის პუნქტებზე გადაადგილება შეგვიძლია ზედა და ქვედა ისრებით. მენიუს სულ ბოლო პუნქტია _ კომპიუტერის მუშაობის დასრულება (ზავერშენიე რაბოტი, შად დაუნ). ჩვენ ზემოთ უკვე განვიხილეთ კომპიუტერის გამორთვა ალტ+ეფ 4-ით. კომპიუტერის გამორთვა შეიძლება ასევე მთავარი მენიუდანაც. ამისათვის გადავდივართ მის ბოლო პუნქტზე და ვაჭერთ ენტერს. გამოდის სადიალოგო ფანჯარა, რომელიც ზემოთ უკვე განვიხილეთ.

მენიუს ნებისმიერი პუნქტის შესრულება ხდება ენტერ ღილაკის დაჭერით. თუ ჩვენ ვდგავართ მენიუს რომელიმე პუნქტზე, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი გააქტიურებულია და მასზე ენტერის დაჭერით გაიხსნება ის პროგრამა, ან ფაილი, რომელზეც დგას კურსორი. მხედველთათვის გააქტიურებული პუნქტი განსხვავებული ფერით აღინიშნება, ხოლო უსინათლო მომხმარებელთათვის მისი სახელწოდების წარმოთქმით.

 

რა არის ქვემენიუ?

 

როდესაც ვიძახებთ მთავარ მენიუს, ჩამოთვლილია ათამდე ან ცოტა მეტი პუნქტი. სინამდვილეში კი მენიუში პროგრამები და დოკუმენტები ბევრად მეტია. ერთი სახელწოდების ქვეშ შესაძლოა გაერთიანდეს რამოდენიმე ჩამონათვალი. მენიუ და ქვემენიუ შესაძლოა შევადაროთ ხელს: ხელის გული არის მთავარი მენიუ, ხოლო თითები - ქვემენიუები.

როდესაც ზედა და ქვედა ისრებით გადავადგილდებით მენიუზე, ზოგიერთ პუნქტზე ენვედეა გამოგვიცხადებს - ქვემენიუ (რუსულად პოდმენიუ). ქვემენიუს გახსნა ხდება ენტერით ან მარჯვენა ისრით. ქვემენიუც არის ვერტიკალური და მასზე გადაადგილება ზედა და ქვედა ისრებით შეგვიძლია. ქვემენიუს ნებისმიერი არჩეული პუნქტის შესრულება ანუ გამოძახება ხდება ენტერით. ხოლო გამოსვლა _ ესკეიპით ან კურსორის მარცხენა ღილაკით. ამ დროს იხურება ქვემენიუ და ვბრუნდებით მთავარ მენიუში.

 

მენიუს ჩანართი

 

ნებისმიერი პროგრამა იხსნება ფანჯრებში, რომელიც გაშლილია მთელ ეკრანზე. ფანჯრის ზედა ზოლში წერია პროგრამის ან დოკუმენტის სათაური. მის ქვემოთ კი მდებარეობს ჰორიზონტალური მენიუ, საიდანაც ხდება გახსნილი პროგრამის კონკრეტული ბრძანებების შესრულება. მენიუში შესვლა და გამოსვლა ხდება ალტ ან ეფ 10 ღილაკით. მენიუს მწკრივში გადაადგილება შეგვიძლია მარჯვენა და მარცხენა ისრით ან ტაბ ღილაკით. თუ ვდგავართ მენიუს რომელიმე პუნქტზე, მაგალითად, ფაილზე და დავაჭერთ ენტერს ან ქვედა ისარს, მაშინ ჩამოიშლება პატარა მენიუ, რომელშიც ჩაწერილია ფაილზე შესასრულებელი მოქმედებები და ბრძანებები. ამ ჩამონაშალს ეწოდება მენიუს ჩანართი. იგი არის ვერტილაკური და მასზე გადაადგილება ხდება ზედა და ქვედა ისრებით. ჩანართის დახურვა და მენიუს ზოლში დაბრუნება ხდება ესკეიპით ან ალტით. ალტის გამოყენების დროს საერთოდ გამოვდივართ მენიუს ჰორიზონტალური ზოლიდანაც.

მენიუში ჩამოთვლილი ბრძანებებიდან ზოგიერთი ბრძანება სრულდება პირდაპირ, ხოლო ზოგიერთს გამოყავს დიალოგური ფანჯარა, რომელიც გვისვამს კითხვას და ჩვენ ჩვენი ქმედებით უნდა ვუპასუხოთ მას. მაგალითად: გვსურს თუ არა დოკუმენტის შენახვა, ან ცვლილებების შეტანა  და ა.შ.

დავიმახსოვროთ:

ფანჯრის ჰორიზონტალურ მენიუს პუნქტებზე გადავვადგილდებით მარჯვენა და მარცხენა ისრებით, ხოლო მენიუს ჩანართზე, რადგან იგი არის ვერტილაკური - ქვედა და ზედა ისრებით. მენიუში შესვლა-გამოსვლას ვახორციელებთ ალტ ან ეფ 10 ღილაკით, ხოლო მენიუს ჩანართი გამოდის ქვედა ისრით და ქრება ესკეიპ ღილაკით.

 

კონტექსტური მენიუ

 

განვიხილოთ კიდევ ერთი მენიუ - ობიექტის კონტექსტური მენიუ, რომლის გამოყენება ხშირად მოგვიწევს. ობიექტად შეიძლება ჩავთვალოთ ფანჯარა, პროგრამა, სამუშაო მაგიდა, ფაილი და ასე შემდეგ. კონტექსტური მენიუთი კონკრეტულ ობიექტზე შეიძლება შევასრულოთ საჭირო ბრძანებები. იგი გამოდის თავის ობიექტთან ახლოს. აღნიშნული მენიუს ბრძანების პუნქტები განსხვავდება ერთმანეთისაგან. კონტექსტური მენიუ მიბმულია თავის ობიექტზე და სხვადასხვა ობიექტისათვის სხვადასხვაა. მისი გამოძახება ხდება შემდეგნაირად: ობიექტი უნდა გავააქტიუროთ, შემდეგ დავაჭიროთ  ღილაკს აპლიკეიშენ. შეგახსენებთ, რომ იგი მდებარეობს ღილაკი ხანიდან მარჯვნივ მესამე ადგილზე. კონტექსტური მენიუ, ისევე როგორც მთავარი მენიუ და ქვემენიუები ვერტიკალურია. მასზე გადაადგილება შესაძლებელია ზედა და ქვედა ისრებით, ხოლო ბრძანების შესრულება ხდება ენტერით. განვიხილოთ როგორ ხდება ობიექტის გააქტიურება:

 

გადავიდეთ სამუშაო მაგიდაზე ღილაკებით ვინდოუს+ემი ან ვინდოუს პლიუს დე. ისრებით მოვძებნოთ ერთ-ერთი საქაღალდე, მაგალითად  “მაი დოკუმენტი”. ენვედეამ უნდა წამოთქვას მისი სახელწოდება.  აღვნიშნავთ, რომ როდესაც გადავვადგილდებით ისრიანი ღილაკებით რაიმე ობიექტზე და ხმოვანი პროგრამა წარმოთქვამს მის სახელწოდებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ობიექტი გააქტიურებულია ანუ მონიშნულია. დავაჭიროთ ღილაკს აპლიქეიშენ. გამოდის კონტექსტური მენიუ. მასზე ზედა და ქვედა ღილაკებით დავდივართ და კარგად ვუსმენთ ყველა პუნქტს. მოვისმინოთ რამოდენიმეჯერ.Gგარკვეული შთაბეჭდილება შეგვექმნება იმის შესახებ, თუ რა მოქმედებები შეიძლება ჩავატაროთ საქაღალდე მაი დოკუმენტზე. არ გამოვიყენოთ ღილაკი ენტერი, რადგან შესრულდება ჩვენთვის ჯერ უცნობი ბრძანება. კონტექსტური მენიუ გაქრება ესკეიპით.

 

სისტემური მენიუ

 

სისტემური მენიუ, იგივე კონტროლ მენიუ  გამოდის გახსნილ ფანჯარაში  ალტ+ხანის დაჭერით და ქრება ალტის დაჭერით. იგი გამოდის აქტიური ფანჯრის მარცხენა ზედა კუთხეში. Mმისი პუნქტებია: «Восстановить», - აღდგენა,  «Переместить» -  გადაადგილება, «Размер» - ზომა, «Свернуть» - ფანჯრის ჩაკეცვა, «Развернуть» - ჩაკეცილი ფანჯრის გახსნა, «Закрыть» - ფანჯრის დახურვა.  ამ მენიუს ვიყენებთ იმ შემთხვევაში, როცა რამოდენიმე ფანჯარაში ვმუშაობთ ერთდროულად და გადავდივართ ერთიდან მეორეში. სიტყვა - სვერნუც, ანუ ფანჯრის ჩაკეცვა ნიშნავს იმას, რომ აქტიური ფანჯარა დროებით არ გვჭირდება. იგი არ იხურება, უბრალოდ, პასიური ხდება, ქრება და ფანჯრის ქვემოთ ჰორიზონტალურ ხაზზე გამოისახება პატარა მართკუთხედით. ბრძანებას რაზვერნუც მივმართავთ იმ შემთხვევაში, თუკი გვინდა ჩაკეცილი ფანჯრის კვლავ მთელ ეკრანზე გაშლა. იგივეს შესრულება შეგვიძლია ღილაკებით ალტ პლიუს ტაბი.  ვაასტანავიც - აღდგენა, ანუ წინანდელი პოზიციის აღდგენა.

თუ ფანჯარა არაა გაშლილი მთელ ეკრანზე, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია შევასრულოთ პუნქტი - გადაადგილება, ანუ რაზმესწიც. ჩვენ შეგვიძლია კურსორის კლავიშებით მისი სასურველ ადგილზე გადაადგილება, ოღონდ ეს პოზიცია უნდა დადასტურდეს ენტერით. მაგრამ, როგორც წესი, ეს ჩვენ არ დაგვჭირდება. თუკი გადაადგილება გადავიფიქრეთ, ბრძანება გავაუქმოთ ესკეიპით.  ასევე ბრძანება რაზმერ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ფანჯარა მთელ ეკრანზე არაა გაშლილი. ამ მოქმედების შესრულებაც ძირითადად არ დაგვჭირდება. ფანჯრებზე ამ მოქმედებების შესრულება ხდება მენიუს პუნქტზე დადგომითა და შემდეგ ენტერის დაჭერით.

განხილული მენიუს პუნქტებიდან უსინათლო მომხმარებლისათვის გამოსაყენებელი პუნქტებია: ფანჯრის ჩაკეცვა, აღდგენა და ფანჯრის დახურვა.

 

 

სისტემური მენიუს გამოძახება შესაძლებელია ყველა ფანჯარაზე, გარდა დიალოგური ფანჯრებისა. აქვე განვმარტავთ:

დიალოგური ფანჯარა გამოდის იმ შემთხვევაში, როცა პროგრამა გვეკითხება გვსურს თუ არა ამა თუ იმ მოქმედების შესრულება. მაგალითად, დავასრულეთ ტექსტის აკრეფა და ვხურავთ ფანჯარას. გამონათდება დიალოგური ფანჯარა და კომპიუტერი აუცილებლად დაგვისვამს შეკითხვას: გვინდა თუ არა ტექსტის შენახვა. ხშირ შემთხვევაში, დიალოგურ ფანჯარას აქვს სამი ღილაკი: დიახ, არა და გაუქმება (ატმენა, ქენსელი). სამივე შემთხვევის  დადასტურება ხდება ენტერ ღილაკით.

 დიალოგური ფანჯარა გაქრება ესკეიპ ღილაკით. 

 

ცხელი ღილაკები:

 

მთავარი მენიუს გამოძახება  - ღილაკი ვინდოუსი;

მთავარი მენიუს დახურვა - ესკეიპი;

ქვემენიუს გახსნა - ენტერი ან ისარი მარჯვნივ;

ფანჯრის მენიუს ზოლის გააქტიურება - ალტი ან ეფ 10;

მენიუს ჩანართის ჩამოშლა  - ენტერი ან ისარი ქვემოთ;

კონტექსტური მენიუს გამოძახება - აპლიქეიშენ ან შიფტ+ეფ 10;

სისტემური მენიუს გამოძახება - ალტი+ხანი;

ნებისმიერი მენიუს დახურვა - ესკეიპი.

 

საკონტროლო კითხვები:

 

1. რას წარმოადგენს მთავარი, სისტემური და კონტექსტური მენიუ?

2. რომელი ღილაკებით ხდება მათი გახსნა და დახურვა?

3. რა არის ქვემენიუ და რომელი ღილაკებით ხდება მისი გახსნა-დახურვა?

4. რა არის მენიუს ჩანართი და რომელი ღილაკებით ვხსნით და ვხურავთ მას?

5. როგორ ხდება ფანჯრის ჩაკეცვა და გაშლა?

6. როგორ აქტიურდება სამუშაო მაგიდა და მასზე მოთავსებული პიქტოგრამები?

 

სავარჯიშო:

გახსენით მთავარი მენიუ.

ზედა და ქვედა ისრებით მოძებნეთ პუნქტი პროგრამები, მარჯვენა ისრით ჩამოშალეთ ქვემენიუ და ისევ ზედა ან ქვედა ისრით იპოვეთ პროგრამა ვორდი. მას ენვედეა ასე წაიკითხავს - მაიკროსოფტ ოფის ვორდ. დაააჭირეთ  ენტერს. პროგრამა ვორდი გახსნილია. ენვედეა გამოგვიცხადებს - დოკუმეტ ოდინ, მაიკროსოფტ ვორდ. ესაა გახსნილი დოკუმენტის სათაური. ალტ ღილაკით შედით მენიუში.  ქვედა ისრით გახსენით მენიუს ჩანართი. ქვედა ისრით ჩამოდით ბოლო პუნქტზე - ვიხოდ. დააჭირეთ ენტერს და დახურეთ პროგრამა.

გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ.

 

დავალება:

1.         გამოიძახეთ მთავარი მენიუ.

2.         მთავარი მენიუდან გამოიძახეთ პროგრამა ვორდი.

3.         გახსენით მაი კომპიუტერის კონტექსტური მენიუ.

4.         გახსენით ვორდის ფანჯრის სისტემური მენიუ.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 05.გაკვეთილი მეოთხე _ მთავარი მენიუ, კონტექსტური მენიუ, სისტემური მენიუ