გაკვეთილი მესამე

 

კომპიუტერის გამორთვა,  სამუშაო მაგიდა, კლავიატურა ( ნაწ. II)

 

 

 

ჩვენ ახლა გვაქვს ისეთი პროგრამა, რომელიც მუდამ გვესაუბრება და გვეხმარება შევისწავლოთ კომპიუტერთან მუშაობა. მთავარია, ყური მივაჩვიოთ და კარგად გავიგოთ, თუ რას გვეუბნება ენვედეა. თავიდან მოგეჩვენებათ, რომ პროგრამა ძალიან ბევრს ლაპარაკობს. ერთი_ორი კვირის შემდეგ კი მიხვდებით, რას უნდა მოვუსმინოთ და რას არა. 

რადგან პროგრამის ჩართვა წინა გაკვეთილზე ვისწავლეთ, ახლა ვისწავლოთ კომპიუტერის გამორთვა.

კომპიუტერის გამორთვა ხდება ღილაკთა კომბინაციით - ალტ+ეფ 4. ჩვენთვის უკვე ცნობილია თუ სად მდებარეობს ეს ღილაკები. გავიხსენოთ: ღილაკი ალტი მდებარეობს კლავიატურის ქვედა მწკრივში მარცხნიდან მესამე ღილაკად, ხოლო ეფ 4 უნდა ვიპოვოთ ყველაზე ზედა რიგში. იგი არის მარცხნიდან მე-5 ღილაკი. ალტს ვაჭერთ მარჯვენა ხელის ცერა თითს, ხოლო ეფ ოთხს ამავე ხელის შუა თითს. გვიჭირავს თითი ალტზე, მსუბუქად შევეხებით ეფ ოთხს და ვუშვებთ თითებს. გამოდის სადიალოგო ფანჯარა, რომელიც გვეკითხება: გვინდა თუ არა გამოვრთოთ კომპიუტერი. ფანჯარაში თუ გადავვადგილდებით მარჯვენა და მარცხენა ისრებით, აღმოვაჩენთ სამ ღილაკს. ესენია თანხმობის ოკ ღილაკი, გადასატვირთი ღილაკი (რესტარტ, პერეზაგრუზკა) და გაუქმება (ქენსელ, ატმენა). თუ გვსურს კომპიუტერის გამორთვა, ისრის საშუალებით უნდა დავდგეთ ოკ ღილაკზე და დავაჭიროთ ენტერს. თუ გვინდა გადავტვირთოთ კომპიუტერი, შესაბამისად ვდგებით რესტარტ ღილაკზე და ვაჭერთ ენტერს, ხოლო თუ გადავიფიქრეთ კომპიუტერის გამორთვა, მაშინ დავდგეთ ქენსელზე და დავაჭერთ ენტერს.  თუ გვსურს ყოველგვარი მოქმედებების ჩატარების გარეშე გავაქროთ სადიალოგო ფანჯარა, ვიყენებთ ესკეიპს.

კომპიუტერის გამორთვისას ხანდახან გამოდის ისეთი ფანჯარა, როცა მარჯვენა და მარცხენა ღილაკების ნაცვლად გამოგვადგება ზედა და ქვედა ისრები. აქ საქმე გვაქვს რედაქტორთან, რომლის მნიშვნელობასაც ქვემოთ განვიხილავთ. ახლა კი მხოლოდ ის დაიმახსოვრეთ, რომ თუ არ იმუშავა მარჯვენა და მარცხენა ისარმა, მივმართოთ ზედა და ქვედა ისარს. 

 

რა არის სამუშაო მაგიდა? ჩავრთავთ თუ არა კომპიუტერს, პირველი რაც ჩანს მონიტორზე, არის სამუშაო მაგიდა, ანუ დესკტოპი. სამუშაო მაგიდაზე განთავსებულია პატარა გამოსახულებები, ანუ იარლიყები და პიქტოგრამები. მათ შექმნას მოგვიანებით შევისწავლით. იარლიყებისა და პიქტოგრამების დანიშნულებაა პირდაპირ და უშუალოდ გავხსნათ მათი შესაბამისი პროგრამები ან საქაღალდეები.

 

საქაღალდე  (ფოლდერი, პაპკა)  უნდა წარმოვიდგინოთ ერთგვარ ტევადობად, სადაც ინახება დოკუმენტებად შექმნილი ინფორმაცია.  მას კომპიუტერულ სამყაროში ეწოდება ფაილი. შინაარსობრივად ერთი ტიპის ფაილები ინახება ერთ საქაღალდეში, მეორე ტიპის ფაილები სხვა საქაღალდეში და ასე შემდეგ. საქაღალდეებსა და ფაილებს ენიჭებათ პირობითი სახელი, იმისათვის რომ შემდეგ სასურველი საქაღალდე ან ფაილი ადვილად მოვძებნოთ და განვასხვაოთ სხვებისაგან, რადგან კომპიუტერში შესაძლებელია მრავალი საქაღალდისა და ფაილის შექმნა.

 

კლავიატურა (მეორე ნაწილი)

 

განვაგრძოთ კლავიატურის შესწავლა.

კონტროლის ზემოთ მდებარე ღილაკი შიფტი გამოიყენება ზოგიერთი სიმბოლოს დასაბეჭდად. როგორც ვიცით, ინგლისურ ანბანში 26 ასოა. კლავიატურაზე ღილაკებს აწერია ინგლისური ასოები. ქართულ ანბანში კი გვაქვს 33 ასო. მაშ, სად ვიპოვოთ კლავიატურაზე დანარჩენი ქართული ასოები? სწორედ ამისთვის დავიხმარებთ ხოლმე შიფტს. კლავიატურის შვიდი ღილაკი ითავსებს ორ-ორ ასოს.

 

შიფტის ზემოთ მდებარეობს ღილაკი კაპს ლუქი. ეს ღილაკი გამოიყენება ინგლისური და რუსული ანბანის დიდი ასოების საბეჭდად. ქართული ტექსტის აკრეფის დროს ის სრულიად გამოუსადეგარია, უფრო მეტიც, ამ დროს ზოგიერთი სიმბოლო არც აიკრიფება. კაპს ლუქზე ერთხელ თითის დაჭერისას ენვედეა გამოგვიცხადებს - კაპს ლუქ ვკლუჩენო. ჩართულ პოზიციაში იწერება ინგლისური და რუსული დიდი ასოები. ამ ღილაკზე მეორედ ხელის დაჭერისას კი გამოირთვება ეს რეჟიმი. სწორედ გამორთულ რეჟიმში უნდა აიკრიფოს ქართული ტექსტები.

 

ღილაკი ტაბი მდებარეობს კაპს ლუქის ზემოთ. იგიGგამოიყენება ფანჯრების ელემენტებზე გადაადგილებისათვის.  თუ დავაჭერთ ტაბს, გადავდივართ სხვა ელემენტზე.  ტაბი გადაადგილდება ელემენტებზე წრიულად. როდესაც მივალთ ბოლო ელემენტზე, ტაბით კვლავ გადავდივართ საწყის ელემენტზე. ამ ღილაკის გამოყენება ძალიან ხშირად დაგვჭირდება, მით უმეტეს ინტერნეტში მუშაობის დროს.

 

ტაბს ზემოთაა ღილაკი, რომელიც ქართულისა და ინგლისური ტექსტის აკრეფისას ნიშნავს ბრჭყალებს, ხოლო რუსულ ანბანში არის ასო .

სულ ზემოთაა ესკეიპ ღილაკი, რომელიც უკვე განვიხილეთ.

 

ესკეიპის მარჯვნივ მდებარეობს უკვე განხილული ღილაკები ეფ ერთიდან ეფ თორმეტამდე. როგორც აღვნიშნეთ, ისინი სხვადასხვა ფუნქციებს იძენენ სხვადასხვა პროგრამებში, მაგრამ მათი ძირითადი დანიშნულება შემდეგია:

 

F1: ვინდოუსის დახმარება.

F2: საქაღალდის ან ფაილის სახელის გადარქმევა.

F3: სამუშაო მაგიდაზე ფაილის ან საქაღალდის  ძებნა.

F4:   ინტერნეტ ბრაუზერის სამისამართო ფანჯრის გახსნა.

F5: ინტერნეტ გვერდის და სამუშაო მაგიდის განახლება.

F6:  ეკრანზე ელემენტთა შორის გადართვა,  ინტერნეტში მისამართების ზოლში შესვლა.

F7: ვორდში და  ექსელში მართლწერის შემოწმება (რუსული და ინგლისური ტექსტების შემთხვევაში).

F8: ვინდოუსის ჩატვირთვის დროს რეჟიმების არჩევა.

F9: ზოგიერთ პროგრამებში გამოყოფილი ველების განახლება.

F10: ფანჯრის მენიუს გამოძახება.

F11:  გაფართოებული ეკრანის რეჟიმში გადასვლა და პირიქით.

F12: დოკუმენტის შენახვა და სახელის დარქმევა.

 

ამ ფუნქციებს ჩვენ შემდგომ უფრო დაწვრილებით შევისწავლით.

 

აქვე განვიხილოთ ფუნქციონალური ღილაკების მარჯვნივ მდებარე 3  ღილაკი:

პრინტ სკრინ:  იგი ახდენს ეკრანის ფოტოსებურ გადაღებას და შემდგომ ათავსებს მას ეგრეთ წოდებულ ბუფერში ანუ დროებით მეხსიერებაში.

სკროლ ლუკ: მის დანიშნულებას წარმოადგენს ეკრანის აწევ-დაწევა. ეს ღილაკი იშვიათად გამოიყენება.

პაუზ ბრეიკ: აჩერებს კომპიუტერის მუშაობას ვინდოუსის ჩატვირთვის დროს.

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         რომელი ღილაკებით ხდება კომპიუტერის გამორთვა?

2.         რამდენი ღილაკი აქვს კომპიუტერის გამოსართველ დიალოგურ ფანჯარას?

3.         რა არის სამუშაო მაგიდა და რა არის განთავსებული მასზე?

4.         რა არის საღაქალდე?

5.         რა დანიშნულება აქვს ღილაკებს: შიფტი, კაპს ლუქი, ტაბი?

 

დავალება:

 

1.         რამოდენიმეჯერ გამორთეთ და ჩართეთ კომპიუტერი.

2.         დაათვალიერეთ სამუშაო მაგიდა ტაბ ღილაკით.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 04.გაკვეთილი მესამე -კომპიუტერის გამორთვა, სამუშაო მაგიდა, კლავიატურა ( ნაწ. II)