გაკვეთილი მეორე

 

კომპიუტერის ჩართვა, ხმის სინთეზატორი, კლავიატურა (ნაწ.I)

 

 

პროცესორს წინა მხარეს აქვს სამი ღილაკი  -  პაუერ (ჩართვის) ღილაკი, რესტარტ ანუ გადატვირთვის ღილაკი და დისკის ჩასადები მოწყობილობის (დისკის მატარებლის) ღილაკი. პაუერ ღილაკი ყველაზე დიდი ღილაკია პროცესორზე, მის მერე ზომით მოდის გადატვირთვის ღილაკი და ყველაზე პატარაა დისკის ჩასადები მოწყობილობის ღილაკი. ჩასართველი და გადასატვირთი ღილაკები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს, ხოლო დისკის მატარებლის ღილაკი პროცესორის ზედა მხარესაა.

გაფრთხილება: კომპიუტერის ჩართვის დროს არ უნდა შევეხოთ კლავიატურას ან პროცესორზე რომელიმე სხვა ღილაკს.

კომპიუტერის ჩასართავად ვაჭერთ თითს პაუერ ღილაკს მსუბუქად ერთხელ. ამ დროს უნდა მოგვესმას პროცესორიდან ვენტილიატორის ანუ ქულერის ამუშავების ხმა, რის შემდეგაც გავიგონებთ პატარა სიგნალს, შემდეგ კი ვინდოუსის მელოდიას. კომპიუტერი ჩართულია და მზადაა მიიღოს თქვენი ბრძანებები.

თუკი მელოდიას ვერ გაიგონებთ, მაშინ არსებობს რამოდენიმე ვარიანტი:

1.         თქვენ არ გაქვთ ჩართული ხმის დინამიკები,  შეამოწმეთ კარგადაა თუ არა იგი მიერთებული პროცესორთან;

2. დინამიკებს აქვს ჩასართავ-გამოსართავი და ხმის ტონის მარეგულირებელი ღილაკები, შეამოწმეთ ისინიც.

 

მაშ ასე, კომპიუტერი ჩართულია, მაგრამ იგი დუმს, ხმას არ იღებს. სწორად

ახლა დროა ჩავრთოთ პროგრამა ენ ვე დეა. 

ამისათვის დაგვჭირდება კლავიატურაზე 3 ღილაკის პოვნა: ღილაკი - კონტროლი მდებარეობს კლავიატურის ქვედა რიგში,  მარცხნივ ბოლო ადგილზე. ალტი მდებარეობს კონტროლიდან მარჯვნივ, ერთი ღილაკის გამოტოვებით. ენვედეა ირთვება სამი ღილაკის ერთდროული დაჭერით. პირველი ორი არის კონტროლი და ალტი, ხოლო მესამე - რომელიღაც ასო. ამ ასოს ჩვენ თვითონვე ვირჩევთ, როდესაც ენვედეას ჩასართველად ვაყენებთ ცხელ ღილაკებს. ამას ჩვენ მოგვიანებით შევისწავლით. მიღებულია, რომ მესამე ღილაკი იყოს ასო ნ-ს შესაბამისი ღილაკი, რადგან პროგრამის სახელწოდება იწყება ასო ენით. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ენის მაგივრად ავირჩიოთ სხვა ჩვენთვის მოსახერხებელი ასოს შესაბამისი  ღილაკი. ამ სახელმძღვანელოში ასეთ ღილაკად არჩეულია ენი. ღილაკები კონტროლი და ალტი წარმოადგენენ ინერტულ ღილაკებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მათზე თითის დაჭერისას კომპიუტერი არავითარ რეაგირებას არ ახდენს.  ღილაკი ენი მდებარეობს ქვემოდან მეორე რიგში მარცხნიდან მეშვიდე ღილაკად. მარცხენა ხელით ვაჭერთ კონტროლსა და ალტს, ხოლო მარჯვენა ხელით ენ ღილაკს. უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიძლება დიდ ხანს გავაჩეროთ თითები ღილაკ ენზე, თორემ შესაძლოა ზედიზედ ჩაირთოს პროგრამა რამდენჯერმე და კომპიუტერი დაეკიდოს, ანუ შეწყვიტოს რეაგირება ნებისმიერ მომდევნო ბრძანებებზე. ამიტომ, სწორად რომ მოხდეს პროგრამის ჩართვა, ჯერ დავაჭიროთ კონტროლსა და ალტს, ხოლო შემდეგ, ისე რომ მარცხენა ხელის თითები ისევ გვეწყოს ამ ორ ღილაკზე, მარჯვენა ხელით მსუბუქად დავაჭიროთ ენს და ერთდროულად ავიღოთ თითები სამივე ღილაკიდან. Pპროგრამამ უნდა დაიწყოს ალაპარაკება. თქვენ უმალვე შენიშნავთ, რომ პროგრამა ენვედეა ძალიან ბევრს გვესაუბრება. თუ იგი საუბრობს იმის შესახებ, რაც თქვენ იმ წუთას არ გჭირდებათ, შეგვიძლია გავაჩეროთ იგი. ამისათვის დავაჭიროთ  კონტროლს ან შიფტ ღილაკს თითი. თუ გვინდა ენვედეას საუბრის გაგრძლება, ვიყენებთ ღილაკის  -  შიფტი, რომელიც მდებარეობს კონტროლის ზემოთ. მუშაობის დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, უნდა გამოვრთოთ პროგრამა. გამოსართველად გვჭირდება ორი ღილაკი - ინსერტი და ქუ. ღილაკი ინსერტი მდებარეობს კლავიატურაზე ორგან. ვიპოვოთ უფრო მარტივად მისაგნები ინსერტი. იგი მდებარეობს ქვედა რიგში მარჯვნიდან მარცხნივ მესამე ღილაკად. ხოლო ასო ქუს შესაბამისი ღილაკი მდებარეობს ზევიდან ქვემოთ მესამე რიგში მარცხნიდან მეორე ადგილზე. ამ კომბინაციის გამოყენების შემდეგ თუ არ გამოირთო პროგრამის გახმოვანება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩართულია კალკულატორის ბლოკი, ამ დროს კი ინსერტ ღილაკს მინიჭებული აქვს რიცხვი ნოლის ფუნქცია. კალკულატორის ბლოკის გამოსართველად ინსერტზე დავაწყოთ საჩვენებელი და შუა  თითი, ავაცუროთ საჩვენებელი ქვემოდან ზემოთ და დავაჭიროთ სულ ზედა ღილაკს. ამ ღილაკს ჰქვია ნამ ლუქი, რომელიც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ციფრების ფიქსაციას. ეს ღილაკი ჩართავს და გამორთავს კალკულატორის ბლოკს, რასაც გვაუწყებს ენვედეას შესაბამისი შეტყობინება. ამგვარად, ენვედეას გამოსართველად ინსერტი უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როცა კალკულატორის ბლოკი გამორთულია.

ინსერტიც, ისევე როგორც კონტროლი და ალტი ინერტული ღილაკია, ამიტომ მასზე შეგვიძლია დიდხანს გვეჭიროს თითი, რასაც ვერ ვიტყვით ქუ ასოს შესაბამის ღილაკზე. შესაძლებელია ამ ღილაკების გამოყენების შემდეგ პროგრამა შეგვეკითხოს გვსურს თუ არა გამოვრთოთ ენვედეა. დასადასტურებლად უნდა გამოვიყენოთ ღილაკი ენტერი, რომელიც მდებარეობს ინსერტ ღილაკიდან მარჯვნივ ერთი ღილაკის გამოტოვებით. იგი სულ ბოლო ღილაკია მარჯვნივ.

 

ავირჩიოთ ენვედეას ხმის სინტეზატორი:

იმისათვის რომ ჩვენთვის მისაღები ხმა დავაყენოთ, უნდა ავირჩიოთ ხმის სინთეზატორი, რისთვისაც დაგვჭირდება რამოდენიმე ღილაკი. ახლა შევისწავლით მხოლოდ ამ ღილაკთა მდებარეობას, ხოლო მომდევნო გაკვეთილებში ისინი დეტალურად იქნება განხილული. მაშ, ყურადღებით:

დავაჭიროთ ერთდროულად ღილაკებს.

ინსერტ+კონტროლ+ესი:  ღილაკი ესი მდებარეობს კლავიატურაზე ქვემოდან ზემოთ მესამე მწკრივზე მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ღილაკად. ამ ღილაკებზე დაჭერის შემდეგ გამოდის ენის სინთეზატორის შესაცვლელი ფანჯარა, სადაც ზედა და ქვედა ისრებით პირდაპირ ვირჩევთ ენის სინთეზატორს და ვადასტურებთ ენტერით.

ახლა ვისწავლოთ სად მდებარეობს ზედა და ქვედა ისრები: თითებით გაჰყევით კლავიატურის ქვედა რიგს მარცხნიდან მარჯვნივ. თქვენ შეგხვდებათ ამ რიგში გრძელი ღილაკი. გასცდით მასაც. ამ ღილაკიდან მეოთხე ღილაკის შემდეგ შეგხვდებათ ღილაკების გამოყოფილი პატარა ჯგუფი - სამი ღილაკით ქვედა რიგში და ერთი ღილაკი ზევით. ამ ჯგუფში შუა ღილაკს ეწოდება ისარი ქვევით, ხოლო მის ზემოთ მოთავსებულ ერთადერთ ღილაკს- ისარი ზევით. გამოიყენეთ ეს ზედა და ქვედა ისრები. ზედა და ქვედა ისრების შესაბამის ღილაკებს ვუწოდოთ პირობითად ვერტიკალური ისრები. ამ ღილაკებზე დაჭერით ჩვენ შევნიშნავთ, რომ იცვლება ხმის სინთეზატორები. რომელი ხმაც მისაღებია ჩვენთვის, დავტოვოთ იგი და დავადასტუროთ ენტერით.

 

ახლა შევცვალოთ ხმის პარამეტრები:

ავკრიფოთ კომბინაცია  -  ინსერტ+კონტროლ+ვე. ვისწავლოთ ღილაკი ვე - იგი მდებარეობს კლავიატურის ქვემოდან ზემოთ მეორე რიგში მარცხნიდან მეხუთე ღილაკად. გამოდის ფანჯარა, რომელსაც აქვს რამოდენიმე რედაქტორი. რედაქტორებში ცვლილებების შეტანა ხდება ზედა და ქვედა ისრებით, ხოლო რედაქტორიდან რედაქტორზე გადასვლა  -  ტაბით. ღილაკი ტაბი მდებარეობს უკვე შესწავლილი ქუ ღილაკის მარცხნივ. ფანჯარა იხურება ესკეიპ ღილაკით. ღილაკი ესკეიპი მდებარეობს კლავიატურის სულ ზედა რიგში ყველაზე მარცხნივ. იგი ცალკე განაპირას მდგომი ღილაკია.

 

პირველ რედაქტორში უნდა ავირჩიოთ პროგრამის ენა. რედაქტორის წინ წერია სიტყვა - გოლას. თუ ვმუშაობთ ქართულ ტექსტებზე, მოცემულ რედაქტორში ისრებით უნდა ავირჩიოთ - ჯორჯიან ტესტ, თუ რუსულ ტექსტებზე - რაშენ ტესტ და ასე შემდეგ. მომდევნო ელემენტზე გადავდივართ ტაბით.

ფანჯარაში შემდეგი ელემენტია ვარიანტი. არჩეულია მაგალითად, მაქსი. ეს იმ ხმის სინთეზატორის სახელია, რომელიც მუშაობს მოცემულ მომენტში. ამ რედაქტორშიც ხმის შეცვლა შეგვიძლია ზედა და ქვედა ისრებით. გამოვიყენოთ ეს ისრები და მოვსინჯოთ ყველა ხმა. დავტოვოთ ჩვენთვის მისაღები. 

გადავიდეთ ტაბით. შემდეგი ელემენტია ხმის სიჩქარე. მის გასწვრივ წერია სიჩქარის აღმნიშვნელი რომელიღაც რიცხვი. ქვედა ისრით ვანელებთ სიჩქარეს, ხოლო ზედა ისრით, შესაბამისად, სინთეზატორის ლაპარაკის სიჩქარე სწრაფი ხდება.

მომდევნო ელემენტია ექსტრასიჩქარე (ექსტრაუსკარენიე). თუ ღილაკით ხანი  ალამს ჩავსვამთ მის გასწვრივ, სინთეზატორი შეიძენს დამატებით სისწრაფეს. 

გადმოვინაცვლოთ შემდეგ ელემენტზე, რომელიც არის ტონალობა. ვერტიკალური ისრებით დავარეგულიროთ ჩვენთვის მისაღები ხმის ტონი.

ისევ ტაბით თუ გადავალთ, შევძლებთ ხმის ინტონაციის შეცვლას. აქაც გამოვიყენოთ ზედა და ქვედა ისრები.

შემდეგი ელემენტია ხმის აწევ-დაწევა. შესაბამისად გამოვიყენოთ ვერტიკალური ისრები.

 ფანჯრის სხვა ელემენტები ჯერჯერობით არ გვჭირდება, თუმცა ისინი განხილულია დეტალურად მეთხუთმეტე გაკვეთილში.

კლავიატურა (ნაწილი პირველი)

 

არსებობს   უამრავი ტიპისა და  მოდელის კლავიატურა.

ჩვენ განვიხილავთ 105 ღილაკიან  სტანდარტულ კლავიატურას.

იგი პირობითად  შეიძლება დავყოთ სამ ძირითად ნაწილად (ბლოკად).  მარცხენა არის ყველაზე დიდი ნაწილი, სადაც განლაგებულია ასოები, რიცხვები და სიმბოლოები.  შუა ნაწილი - შედგება 13 ღილაკისაგან და მარჯვენა ნაწილს უწოდებენ კალკულატორის ან ციფრთა ბლოკს.

 

ახლა კი განვიხილოთ უფრო დაწვრილებით. კლავიატურა შედგება: ასოით-ციფრული, კურსორის სამართავი, ფუნქციონალური ღილაკებისა და კალკულატორის ბლოკისაგან.

ვიდრე გადავიდოდეთ ღილაკების შესწავლაზე, ვისწავლოთ ხელების სწორად განლაგება კლავიატურაზე:

ქვემოდან მესამე მწკრივში მდებარეობს ორი ღილაკი, რომელსაც აქვს ხელით შესამჩნევი ამოზნექილი პატარა ხაზები. ეს ღილაკებია მარცხნივ მდებარე - ეფი, ხოლო მარჯვნივ მდებარე - ჯი. ამ ღილაკებზე უნდა განვათავსოთ საჩვენებელი თითები, რომ შევძლოთ სწორად და სწრაფად მუშაობა კლავიატურაზე. ესაა ხელების განლაგების საწყისი პოზიცია.   

 

ახლა განვიხილოთ ქვედა მწკრივი:

სულ განაპირა მარცხენა ღილაკი  არის კონტროლი, მის მარჯვნივაა - ღილაკი ვინდოუსი, მას მოსდევს ჩვენთვის ნაცნობი ალტი. ქვედა მწკრივში მდებარეობს ასევე ყველაზე გრძელი ღილაკი - ხანი (რუსულად პრაბელი, ინგლისურად - სპეის), რომელსაც ვიყენებთ ტექსტის აკრეფის დროს სიტყვებს შორის ადგილის გამოსატოვებლად.

ხანის მარჯვნივ სიმეტრიულად მეორდება ალტი, ვინდოუს ღილაკი, კონტექსტური მენიუს ღილაკი და კონტროლი. როგორც ვხედავთ, კონტროლი, ალტი და ვინდოუს ღილაკები განლაგებულია დაშორების ღილაკის მარჯვნივ და მარცხნივ. ისევე, როგორც მარცხენა მხარეს, კონტროლის ზემოთ მდებარეობს შიფტ ღილაკი, ასევე მარჯვენა კონტროლის ზემოთ მდებარეობს მარჯვენა შიფტი.

ღილაკ ვინდოუსს, რომელიც მდებარეობს კონტროლსა და ალტს შორის, გამოაქვს მთავარი მენიუ, სადაც ჩამოთვლილია ყველა ის პროგრამა, რომელიც კომპიუტერშია ჩაწერილი. აქედან შეგვიძლია ჩავრთოთ პროგრამები.

 

 

რა არის კურსორი?

 

მონიტორის ეკრანზე მუდმივად ჩანს პატარა ისარი, ესაა კურსორი.

ტექსტის აკრეფის დროს ასოები იკრიფება ხაზებად და ერთი ხაზის დამთავრების შემდეგ გრძელდება ქვედა ანუ მეორე ხაზზე. ადგილს, სადაც დაიწერება კლავიატურის ღილაკით აკრეფილი სიმბოლო, უჩვენებს კურსორი. იგი წარმოადგენს პატარა მოციმციმე ვერტიკალურ ხაზს, რომელიც წერის დროს გადაადგილდება მარცხნიდან მარჯვნივ ერთი პოზიციით და ზემოდან ქვემოთ. სიმბოლო დაიწერება იმ ადგილზე, სადაც მდებარეობს კურსორი.

 

კურსორის სამართავი ღილაკები

 

კლავიატურაზე მარჯვნივ მდებარე კონტროლ ღილაკის მარჯვნივ თუ გადავაადგილებთ ხელს, შევნიშნავთ ოთხ ერთად მდებარე ღილაკს. სამი ღილაკი ერთმანეთის გვერდიგვერდაა განლაგებული, ხოლო მეოთხე - ზევით. ესაა კურსორის სამართავი ღილაკები. ზევით მდებარე ღილაკზე გამოსახულია ისარი ზევით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საშუალებით კურსორი გადაინაცვლებს ზევით, მის ქვემოთ მდებარე ღილაკზე გამოსახულია - ისარი ქვევით, რაც ასევე იმის მანიშნებელია, რომ მისი შეხებისას კურსორი გადაინაცვლებს ქვევით. იქვე შესაბამისად გვაქვს ისარი მარჯვნივ და ისარი მარცხნივ. ისინიც კურსორს გადააადგილებენ მარჯვნივ და მარცხნივ.  სწორედ ეს ღილაკები ცვლიან თაგუნას კურსორის მართვასთან მიმართებაში.

 

ღილაკი ენტერი და ესკეიპი   

 

ეს ორი ღილაკი გარკვეულწილად ერთმანეთის საპირისპირო დანიშნულებისაა.

ენტერი ნიშნავს თანხმობას გარკვეულ ბრძანებაზე, ხოლო ესკეიპი - უარს.  ღილაკი ენტერი ყველაზე მეტად განსხვავებული ღილაკია კლავიატურაზე და მდებარეობს ორგან: ასოით-ციფრულ ბლოკში ქვემოდან მესამე და მეოთხე მწკრივში და აქვს მუხლისებური სპეციფიკური ფორმა. მეორე ენტერი კი მდებარეობს კალკულატურის ბლოკში ყველაზე მარჯვნივ და ქვევით. იგი არის მოგრძო ვერტიკალური ღილაკი.

ენტერს ტექსტურ რედაქტორში ახალ ხაზზე ჩამოაქვს კურსორი. ხოლო დიალოგურ ფანჯრებში ნიშნავს დასტურს, თანხმობას.

ღილაკი ესკეპი მდებარეობს კლავიატურის ზედა მწკრივში ყველაზე მარცხნივ. იგი ნიშნავს უარს გარკვეულ ქმედებაზე. სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც `გაქცევა~. Eესკეპი ხურავს მთავარ მენიუს, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოყავს ვინდოუს ღილაკს. იგი ხურავს ასევე სხვა ფანჯრებსაც, რასაც მოგვიანებით განვიხლავთ.

 

ფუნქციონალური ღილაკები

 

ესკეიპის მარჯვნივ მდებარეობს ე.წ. ფუნქციონალური ღილაკები ეფ ერთიდან ეფ თორმეტამდე. ეს თორმეტი ღილაკი სამ ბლოკადაა დაყოფილი და თითოეულში მდებარეობს ოთხ-ოთხი ღილაკი. პირველი ბლოკია – ეფ ერთიდან ეფ ოთხამდე, შემდეგ მცირე თავისუფალი ადგილი, მეორე ბლოკი – ეფ ხუთიდან  - ეფ რვამდე, ხოლო მესამე ბლოკი – ეფ ცხრიდან ეფ თორმეტამდე. Gჩამოთვლილი ფუნქციონალური ღილაკები სხვადასხვა პროგრამებში ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს. მათ ფუნქციებს ჩვენ გზადაგზა განვიხილავთ.

 

 

ცხელი ღილაკები:

 

პაუერ ღილაკი - კომპიუტერის ჩართვა

რესტარტ ღილაკი - კომპიუტერის გადატვირთვა

კონტროლ+ ალტ+ ენი - პროგრამა ენ ვე დეას ჩართვა

ინსერტ+ქუ – პროგრამა ენვედეას გამორთვა

ღილაკი კონტროლი - ენ ვე დეას გახმოვანების გაჩერება

შიფტი - გახმოვანების განახლება

ვინდოუს ღილაკი - მთავარი მენიუს გამოტანა ეკრანზე

ესკეიპი - მთავარი მენიუს დახურვა, უარი მოქმედებებზე

ენტერი - დასტური, გადასვლა ახალ ხაზზე ტექსტურ რედაქტორში

 

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         რა ეწოდება ჩასართველ და გადასატვირთ ღილაკებს?

2.         რამდენი ღილაკი აქვს სისტემურ ბლოკს წინა მხარეს?

3.         ღილაკთა რა კომბინაციით ხდება პროგრამა ენ ვე დეას ჩართვა?

4.         რომელი ღილაკებით ვთიშავთ ენ ვე დეას?

5.         რა არის კურსორი?

6.         რამდენი ღილაკისგან შედგება სტანდარტული კლავიატურა?

7.         ჩამოთვალეთ ქვედა მწკრივში მდებარე ღილაკები?

8.         რა ფუნქცია აქვს ღილაკ ვინდოუსს?

9.         რამდენია კურსორის სამართავი ღილაკი?

10.       რა ფუნქციების მატარებელია ღილაკები ენტერი და ესკეიპი?

11.       სად მდებარეობს ფუნქციონალური ღილაკები?

 

 

დავალება:

 

1. მოძებნეთ პაუერ და რესტარტ ღილაკი.

2.  რამოდენიმეჯერ ჩართეთ და გამორთეთ პროგრამა ენ ვე დეა.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 03.გაკვეთილი მეორე -კომპიუტერის ჩართვა, ხმის სინთეზატორი, კლავიატურა (ნაწ.I)