გაკვეთილი პირველი

თეორიული ნაწილი

 

ხმოვანი პროგრამის ზოგადი მიმოხილვა, კომპიუტერის შემადგენელი ნაწილები.

 

 

უსინათლო მომხმარებელმა კომპიუტერის სრულყოფილი გამოყენება რომ შეძლოს, აუცილებელია კომპიუტერში ჩაწერილი იყოს შემდეგი პროგრამები:

 

-           ხმის სინთეზატორი;

-           ეკრანზე ხელმისაწვდომობის ხმოვანი პროგრამა ენვედეა;

 

 

კომპიუტერულ სამყაროში მეტყველების სინთეზატორში მოიაზრება პროგრამული და აპარატული საშუალებების მთელი სისტემა, რომელიც ახმოვანებს ტექსტსა და ბრძანებებს. იმ ადამიანთათვის, ვისთვისაც ინფორმაციის გაცვლის მთავარი საშუალებაა ხმა, აუცილებელია შექმნილი იყოს რაც შეიძლება ბუნებრივ ხმასთან მიახლოებული სინთეზატორი. მანქანური ხმის ტიპის სინთეზატორმა შესაძლოა საერთოდ დაუკარგოს ინტერესი მომხმარებელს შეისწავლოს კომპიუტერზე მუშაობა. ამიტომ იმ ხმის სინთეზატორებიდან, რომლებიც დღესდღეისობითაა შექმნილი, უნდა ავარჩიოთ ყველაზე მეტად დახვეწილი და მისაღები. ჩვენ შემთხვევაში, შეგვიძლია გირჩიოთ რუსული ხმის სინთეზატორი - ნიკალაი. პროგრამაში ხმის პარამეტრების დაყენებას ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ.

ეკრანზე ხელმისაწვდომობის პროგრამა - Kესაა პროგრამული საშუალებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს  ეკრანზე გამოსახული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ხმოვანი ან ტაქტილური საშუალებით. (ინფორმაციის ტაქტილური ხელმისაწვდომობა შესაძლებელია ბრაილის კლავიატურით).

 

ღილაკთა კომბინაციებით ეკრანზე ხელმისაწვდომობის პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავაყენოთ ხმის სინთეზატორისა და კომპიუტერში არსებული სხვა პროგრამების პარამეტრები, ვიმუშაოთ სრულყოფილად ინტერნეტში, საოფისე და სხვადასხვა დანიშნულების პროგრამებთან.

 

ხმოვანი პროგრამა ენვედეა არის აბრევიატურა პროგრამის სახელწოდებისა _ ნონ ვიჟუალ დესკტოპ ექსის. იგი უფასოდ მიეწოდება მომხმარებელს. პროგრამა აძლევს საშუალებას უსინათლო ან მცირე მხედველ მომხმარებელს თავისუფლად იმუშაოს კომპიუტერთან, ისევე როგორც მუშაობს მხედველი, რადგან ენვედეა ახმოვანებს ყველა იმ მოქმედებას, რომელსაც მომხმარებელი ახორციელებს კომპიუტერთან მუშაობისას. მაგალითად: ახმოვანებს წერის დროს ყველა აკრეფილ სიმბოლოს, მოგვაწვდის ინფორმაციას რა ზომის, რა ფერის შრიფტს ვიყენებთ, ასევე დაგვისვამს შეკითხვას გვსურს თუ არა ტექსტის შენახვა და ა.შ. ანუ მას არ `გამოეპარება~ არც ერთი ჩვენი ქმედება, მუდმივად ახმოვანებს თითოეულ ჩვენს ნაბიჯს.

ენვედეა მუშაობს პრაქტიკულად ყველა პროგრამასთან, გარდა გრაფიკული რედაქტორებისა.

 

პროგრამა ენვედეას საერთო მახასიათებლები და სისტემური მოთხოვნები:

 

ენვედეა მუშაობს 43 ენაზე, მათ შორის პროგრამაში ჩადებულია ქართული სინთეზატორიც. იგი მუშაობს 32 და 64 ბიტიან ვინდოუსის ოპერაციულ სისტემებთან - ვინდოუს იქს პისთან, ვისტასთან, ვინდოუს შვიდთან.

პროგრამას აქვს თვითგანახლების უნარი, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ ახალ ვერსიებში. მათთვის, ვინც სარგებლობს განახლებადი ბრაილის დისპლეით, პროგრამა იძლევა საშუალებას წაიკითხოს მომხმარებელმა კომპიუტერიდან ინფორმაცია ბრაილის შრიფტით.

 

კომპიუტერის შემადგენელი ნაწილები

 

ჩვენ უკვე განვიხილეთ რა პროგრამებია აუცილებელი იმისათვის, რომ უსინათლო მომხმარებელმა შეძლოს კომპიუტერთან მუშაობა. ახლა კი განვიხილოთ რა ნაწილებისგან შედგება კომპიუტერი.

კომპიუტერის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს სისტემური ბლოკი, რომელსაც აქვს ყუთის ფორმა. მას წინა მხრიდან აქვს სამი ღილაკი, ხოლო უკანა მხარეს მრავალი სადენების შესაერთებელი ადგილი. სისტემური ბლოკი, როგორც ზომით, ასევე დანიშნულებითაც კომპიუტერის ყველაზე აუცილებელი ნაწილია, ესაა ე.წ. კომპიუტერის ტვინი.

სისტემური ბლოკის უკანა მხარეს არის  ჩამრთველი ღილაკი. თუკი კომპიუტერი ჩართეთ და იგი არ ჩაირთო, მაშინ გახსოვდეთ, რომ კომპიუტერი გამორთულია ამ ღილაკით. ამ ღილაკის დანიშნულებაა ერთგვარი დაზღვევა და უსაფრთხოება ბავშვებისათვის.

ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, თუ რისგან შედგება სისტემური ბლოკი:

1. სისტემური პლატა, ანუ როგორც ხშირად უწოდებენ მას დედაპლატა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება კომპიუტერის ძირითადი ოპერაციები. პლატაზე მოთავსებულია ის ელემენტები, რომლის გარეშეც კომპიუტერი ვერ იმუშავებს:  პროცესორი, მეხსიერების მიკროსქემები ე.წ. ჩიპსეტები, მიკროსქემების ერთობლიობა, რომელიც ორგანიზებას უწევს პერიფერიული მოწყობილობების მუშაობას. სისტემურ პლატასთანაა მიერთებული ყველა სხვა პლატები.

პროცესორი არის ელექტრონული სქემა, რომელიც მოთავსებულია მცირე ზომის კეისში. იგი არის ე.წ. კომპიუტერის გული, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის დამუშავებისა და გამოთვლების შესრულებას. პროცესორის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც განსაზღვრავს კომპიუტერის შესაძლებლობებს არის: პროცესორის ტიპი და მისი სიხშირე. სიხშირით ხასიათდება კომპიუტერის სწრაფქმედება - ესაა ელემენტარული ოპერაციების რაოდენობა, რომელიც სრულდება დროის გარკვეულ ერთეულში (მაგ. წამში). პროცესორის ტიპსა და მოდელს (პენტიუმი, სელერონი) განსაზღვრავს მწარმოებელი და განსხვავდება სტრუქტურულ დონეზე. ერთნაირი ტიპის პროცესორებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სიხშირე. რაც მაღალია სიხშირე, მით დიდია პროცესორის ფასი. Mმიუხედავად იმისა, რომ ყველა პროცესორი ასრულებს ერთიდაიგივე მათემატიკურ და ლოგიკურ გამოთვლებს, მათი შიდა აგებულება მნიშვნელოვნად განსხვავებულია. შესაბამისად, განსხვავებულია პროგრამული უზრუნველყოფაც სხვადასხვა ტიპის პროცესორთათვის.

 

2. სისტემური ბლოკის შემდეგი ნაწილია ვიდეო ბარათი, იგივე ვიდეოადაპტერი, რომელიც ეკრანზე გამოაშუქებს სურათებს, ტექსტს და ასე შემდეგ. მის გარეშე ვერ მივიღებთ გამოსახულებას მონიტორზე. ვიდეოადაპტერი უერთდება მონიტორს კაბელის დახმარებით.

 3. პროცესორის შემდეგი შემედგენელი ნაწილია ვინჩესტერი, რომელზეც ინახება კომპიუტერში არსებული ინფორმაცია. ყველა პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, ჩაწერილია მის მაგნიტურ ფენაზე.

მომხმარებლისათვის ვინჩესტერის ძირითადი მახასიათებლები, რომელსაც მან უნდა მიაქციოს  ყურადღება კომპიუტერის შეძენისას არის ტევადობა და სწრაფქმედება. ვინჩესტერი იყოფა ორ ნაწილად: მუდმივ და ოპერატიულ მეხსიერებად. მუდმივ მეხსიერებაში იწერება პროგრამები, იშვიათად გამოსაყენებელი ინფორმაცია. ეს მიაგავს შემდეგს: ადამიანი წიგნებზე მუშაობის დროს იყენებს იმ წიგნებს, რომლებიც კარადაში აწყვია, ან მის საწერ მაგიდაზე ალაგია, თუმც უხეშად მაგრამ მუდმივი მეხსიერება შეიძლება შეუთანადოთ კარადაში განლაგებული წიგნების სიმრავლეს, ხოლო ოპერატიული მეხსიერება საწერ მაგიდაზე არსებულ წიგნებს. როგორც წესი, ადამიანი უფრო ხშირად იყენებს თავის მაგიდაზე დაწყობილ წიგნებს, ხოლო თუ დასჭირდა, მხოლოდ მაშინ მიმართვავს კარადას.

4. ოპერატიული მეხსიერება - ეს არის მეხსიერება, სადაც ინახება დროებითი ინფორმაცია. იგი არის სწრაფად ხელმისაწვდომი მეხსიერება და აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება – ოპერატიული. იგი ზომით არაა დიდი და მასზე მოთავსებულია მიკროსქემები. იგი უზრუნველყოფს წამში ასეულ მილიონობით ოპერაციის შესრულებას. Gგარეგნულად ოპერატიული მეხსიერება არის პლანშეტი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ორი მხარე. თუკი პლანშეტს აქვს ერთი მხარე, მხოლოდ ერთ მხარეზეა განლაგებული მეხსიერების მიკროსქემები, ხოლო ორგვერდიან პლანშეტზე - ორივე მხარეს. კომპიუტერის მომხმარებლები ცდილობენ მათ კომპიუტერს ჰქონდეს რაც შეიძლება დიდი ოპერატიული მეხსიერება. ეს ბუნებრივია, რადგან რაც მეტია ოპერატიული მეხსიერება, მით უფრო სწრაფად მუშაობს კომპიუტერი. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის. თანამედროვე კომპიუტერებს შესაძლოა ჰქონდეთ ხუთას გეგაბაიტზე მეტი მეხსიერება.

თუკი ინფორმაციის შესანახი ადგილი აღარაა ოპერატიულ მეხსიერებაში, კომპიუტერი ეძებს ალტერნატიულ ინფორმაციის შესანახ ადგილს, მაგალითად, მყარ დისკზე გარდაქმნის ადგილს ოპერატიულ მეხსიერებად და განაგრძობს მუშაობას, მაგრამ რაც უფრო ხშირია ასეთი მომენტები, მით უფრო ნელდება კომპიუტერის მუშაობა. აქედან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ დიდი ოპერატიული მეხსიერება ნიშნავს კომპიუტერის მონაცემთა სწრაფ დამუშავებას.

5. სისტემური ბლოკის ნაწილი - ხმის ბარათი  ყველა კომპიუტერშია ჩამონტაჟებული, მაგრამ თავად იგი ხმას არ გამოსცემს. ხმის გასაგონად საჭიროა დამატებითი მოწყობილობები - დინამიკები (ხმამაღლა მოლაპარაკეები, სპიკერები), რომლებიც უერთდება სადენების საშუალებით პროცესორს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგ თანამედროვე მონიტორშივეა დამონტაჟებული დინამიკები.

6.  სისტემურ ბლოკს, ანუ კეისს გააჩნია დისკის მატარებელი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კომპაქტ დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია შევიტანოთ კომპიუტერში. არსებობს სიდი და დივიდი ლაზერული დისკები.  უფრო ხშირად გამოიყენება დივიდი რევრაიტერი დისკები, რადგან მასზე უფრო მეტი ინფორმაცია ეტევა, ვიდრე სიდი დისკებზე, ამიტომ სიდი ვრაიტერი თანდათანობით ჩაანაცვლა დივიდი რევრაიტერმა.

ჩვენ განვიხილეთ სისტემური ბლოკის შემადგენელი ნაწილები, ახლა კი განვიხილოთ კომპიუტერის დანარჩენი ნაწილები. პროცესორს უერთდება მონიტორი, კლავიატურა, თაგუნა, პრინტერი და სკანერი. განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე.

 კომპიუტერის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია მონიტორი, რომელიც ტელევიზორის მსგავსია. მას აქვს ეკრანი და ვიზუალურად გამოისახება ინფორმაციები და ყველა ის მოქმედება, რომელსაც მომხმარებელი ასრულებს მუშაობის დროს.

 

კლავიატურა არის მრავალღილაკიანი პლანშეტი, რომლის მეშვეობითაც შეგვყავს ინფორმაცია. ერთი შეხედვით, ღილაკები მრავალია, მაგრამ მათი შესწავლა თანდათანობით მოხდება.

 

 თაგუნა - ეს არის კომპიუტერის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩვენ არ დაგვჭირდება. იმას, რასაც თაგუნას მეშვეობით ვასრულებთ, აბსოლუტურად შესაძლებელია კლავიატურის დახმარებითაც. Dდავძენთ, რომ კომპიუტერის პროფესიონალები, მაგალითად Pპროგრამისტები, მუშაობენ ძირითადად კლავიატურით, რადგან კლავიატურული კომბინაციებით ბრძანებები უფრო სწრაფად  შეიყვანება.

 

მონიტორისა და კლავიატურის გარდა პროცესორს უერთდება პრინტერი და სკანერი.

პრინტერი არის დასაბეჭდი მოწყობილობა, ანუ რაც ჩანს მონიტორზე, იგი გადადის ქაღალდზე.

 

სკანერს გრაფიკული სახით გადააქვს ფოტო, ნაბეჭდი ტექსტი, ლიტერატურა და სპეციალური პროგრამის საშუალებით (ფაინრიდერი) შესაძლებელია მისი კომპიუტერში წაკითხვა. ამ პროგრამას ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ.

კვების ბლოკი უზრუნველყოფს კომპიუტერის ყველა კვანძს ელექტრო ენერგიით. ტრადიციულად, იგი ითვლება პერიფერიულ მოწყობილობად.

 

საკონტროლო კითხვები:

1.         უსინათლო მომხმარებელთათვის რა აუცილებელი პროგრამები უნდა იყოს ჩაწერილი კომპიუტერში?

2.         რა არის სისტემური ბლოკი და რისგან შედგება იგი?

3.         რა არის ვინჩესტერი?

4.         რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან მუდმივი და ოპერატიული მეხსიერება?

5.         სად მდებარეობს დისკის მატარებლები?

6.         რა არის კლავიატურა?

7.         რა და რა მოწყობილობები უერთდება პროცესორს?

 

 

დავალება:

 

ტაქტილურად (ხელის შეხებით) დაათვალიერეთ კომპიუტერის ყველა მოწყობილობა და შეიქმენით წარმოდგენა მათზე.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 02.გაკვეთილი პირველი -კომპიუტერის შემადგენელი ნაწილები, ხმოვენი პროგრამების მიმოხილვა