იმერეთის მეფეები 

 

1 დავით I

 

იხილეთ ერთიანი საქართველოს მეფეები, დავით VI ნარინი.

 

2 კონსტანტინე I

 

 შუათანა ძე დავით VI ნარინისა თამარ ამანელისძის ქალისაგან, ვახტანგ II–ს მომდევნო ძმა,

იმერეთის მეფე 1293-1327 წ,

ქუთაისის ტახტზე ავიდა მამის სიკვდილისთანავე, უმცროსი ძმა მიქელი არ შეურიგდა მის გამეფებას და რაჭა და არგვეთი წაართვა, სიკვდილამდე არ შერიგებულან ძმები,

კონსტანტინე I აღესრულა 1327 წ, შვილი არ დარჩენია.

 

3 მიქელი

 

უმცროსი ძე დავით VI ნარინისა თამარ ამანელისძის ქალისაგან, უმცროსი ძმა ვახტანგ II-სი და კონსტანტინე I-სა,

იმერეთის მეფე 1327-29 წ,

მამამისი დავით ნარინი რომ მოკვდა გამეფდა მისი ძმა კონსტანტინე,

1293 წ მიქელი გამეფებულ ძმას განუდგა, რაჭა და არგვეთი თავისთვის დაისაკუთრა,

კონსტანტინეს სიკვდილისთანავე გამოცხადდა იმერეთის მეფედ, იმეფა 2 წელი და აღესრულა 1329 წ, დარჩა მცირეწლოვანი უფლისწული ბაგრატი.

 

4 ბაგრატ I ერისთავი

 

ძე მიქელისა, მამის გარდაცვალებისას იგი მცირეწლოვანი იყო, რითაც ისარგებლეს საქვეყნოდ გამრიგეებმა და მაშინ წამოვიდა დიდი ხელმწიფე გიორგი V ჯარით იმერეთს, იმერნი ყოველნი მოერთვოდენ სიხარულითა, თუმცა ზოგიერთებმა მაინც ბაგრატს უერთგულეს და მასთან ერთად ქუთაისის ციხეში ჩაიკეტნენბ

გიორგიმ ციხეს ალყა შემოარტყა, სულ მალე ალყისგან შემჭიდროებულმა ბაგრატმა გიორგი მეფეს შერიგება სთხოვა, სიცოცხლე მაჩუქე, სარჩო აქვე იმერეთში გამიჩინე და ქუთაისისა და მთელი დასავლეთ საქართველოს ციხე-ქალაქთა გასაღებებს ჩემი ხელით მოგართმევო, გიორგიმაც შეიწყალა და შეივრდომა მოყვარე თვისი, მისცა ბაგრატს საბატონოდ და სარჩო-საზრდელად შორაპნის საერისთაო,

ბაგრატ I გარდაიცვალა 1372 წ,

იმჟამად იმერეთში ჩამომდგარი შავი ჭირისაგან,

დარჩა ცოლი სამცხის ათაბაგის ყვარყვარე ჯაყელის ასული და 3 ვაჟი ალექსანდრე, გიორგი და კონსტანტინე.

 

5 ალექსანდრე I

 

უფროსი ძე ბაგრატ I ერისთავისა,

მამამისის სიკვდილის 1372 წ შემდეგ იმერეთის ერისთავად დაამტკიცა ერთიანი საქართველოს მეფემ ბაგრატ V დიდმა,

1387 წ რაც თემურ-ლენგმა ბაგრატ V დაამარცხა და ტყვედ წაიყვანა ალექსანდრემ მეფედ გამოაცხადა თავი, ამის შემდეგ იცოცხლა 2 წელი და აღესრულა 1389 წ.

 

6 გიორგი I

 

შუათანა ძე ბაგრატ I ერისთავისა, იმერეთის მეფე 1389-92 წ,

არავინ ცნობდა მის მეფობას, არც საქართველოს მეფე ბაგრატ V, არც ბაგრატის ძე გიორგი ბატონიშვილი, არც დასავლეთ საქართველოს მთავრები,

1392 წ ოდიშის მთავარ ვამეყ პირველ დადიანს შეებრძოლა დამარცხდა და თვითონაც ბრძოლაში დაიღუპა.

 

7 ბაგრატ II (ბაგრატ VI)

 

იხილეთ ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ VI.

 

8 ალექსანდრე II

 

ძე ბაგრატ II-სი (ბაგრატ VI), იმერეთის მეფე 1484-1510 წ,

მის გამეფებას ეწინააღმდეგებოდენ საქართველოს მთავრები დადიანი, შარვაშიძე, გურიელი, გელოვანი,

ქართლის მეფე კონსტანტინე II-მ წაართვა იმერეთის ტახტი, მაგრამ ალექსანდრემ რაჭველთა დახმარებით დაიბრუნა და განიმტკიცა ქუთაისის ტახტი,

1509 წ თვითონ გადაიჭრა ქართლში, გორი აიღო და ქართლის სრულ დაპყრობასაც დაეპირა, მაგრამ იმავე წელს სამცხის გამოვლით დასავლეთ საქართველოს შემოესიენ ოსმალები, ქუთაისი აიღეს და ააოხრეს, ბაგრატის და გელათის ტაძრები გაძარცვეს და ცეცხლს მისცეს, ალექსანდრემ ქართლს თავი მიანება და დაქცეულ იმერეთს გადმოვიდა,

1510 წ გარდაიცვალა, დარჩა ქვრივი დედოფალი თამარი და 3 ძე ბაგრატი, დავითი და დავითი.

 

9 ბაგრატ III

 

ალექსანდრე II-ს უფროსი ძე, იმერეთის მეფე 1510-65 წ,

დიდი მტრობა ჰქონდა სამცხის ათაბაგებთან, ჯერ მზეჭაბუკთან, მერე ყვარყვარე III-სთან, ბოლოს ბაგრატმა მოირთო ლევან I დადიანი, როსტომ გურიელი და ერთიანი ძალებით გაეშურენ ყვარყვარე ათაბაგის დასასჯელად,

ბრძოლა მოხდა  1535 წ თორმეტ აგვისტოს მურჯახეთთან (ჯავახეთში), ათაბაგი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა, ბაგრატმა სამცხე იმერეთს შემოუერთა, ამ შეერთებამ მხოლოდ 10 წელი 1535-45 წ გაძლო, ოსმალეთი სამცხის დაკარგვას არ შეურიგდა და 1545 წ სულეიმან სულთანმა მუსა მუსტაფა ფაშა გამოგზავნა 22 000 იანიჩარით იმერეთის დასასჯელად და სამცხის კვლავ მისატაცებლად, ბაგრატი მტრის შემოსევას მზად შეხვდა, როსტომ გურიელი აიყოლია ზეკარი გადალახა, სამცხეს გადავიდა და ქარაღაგთან გამართულ ბრძოლაში ოსმალთა არმია სასტიკად დაამარცხა, თვითონ მუსა ფაშა ბრძოლაში დაიღუპა,

1545 წ განრისხებულმა სულეიმან სულთანმა ახალი უფრო ძლიერი არმია გამოგზავნა დიარბექირისა და არზრუმის ფაშების სარდლობით,

 

ერთად დაიძრნენ მრისხანე მტერთან შესახვედრად ბაგრატ III, როსტომ გურიელი, ლუარსაბ I ქართლის მეფე სამცხეს გადავიდნენ და იქაური მამულიშვილებიც შემოიერთეს, ბრძოლა მოხდა ბასიანში, სოხოისტას ველზე 1545 წ ქართველები დამარცხდნენ, სამცხე კვლავ ოსმალეთის საბატონო სამანებში მოექცა, ბაგრატი მარცხს არ შეურიგდა და მომდევნო წელს ისევ ილაშქრა სამხრეთში, თუმცა სამცხე ვერ დაიბრუნა, მაგრამ აწყურიდან სახელგანთქმული ღვთისმშობლის ხატი გამოიტაცა და ქუთაისს გადმოასვენა,

1548 წ ბაგრატ მეფემ განდგომილი ლევან I დადიანი შეიპყრო და გელათის სამრეკლოში გამოჰკეტა, მაგრამ ორ წელიწადში ქაიხოსრო ათაბაგის და როსტომ გურიელის მცდელობით ლევან დადიანმა ტყვეობიდანაც თავი დაიხსნა და თავის საბატონო ოდიშის სამთავროსაც უვნებლად დაეპატრონა,

1554 წ ქართლს შაჰ-თამაზი შემოესია, ქართლის მეფე ლუარსაბ I თავის სიმამრს ბაგრატ III-ს შეეხიზნა, შაჰმა ბაგრატს ლუარსაბის გაცემა მოსთხოვა, ბაგრატმა ცივი უარით უპასუხა, ლუარსაბი მალე თვითონ გამობრუნდა ქართლს შაჰ-თამაზთან საომრად,

ბაგრატ მეფემ დადიანის და გურიელის სამეტოქეოდ რაჭის მოშლილი სამთავრო აღადგინა ჩხეტიძეების ერისთაობით, ამასთან ეკლესია აამაღლა და გაამძლავრა, მეფემ იმერეთი სამ საეპისკოპოსოდ დაჰყო და სამივეს სათავეში თავის ერთგული სამღვდელონი ჩაუყენა,

გელათში მელქისედეკ საყვარელიძე, ხონში მანუელ ჩხეტიძე, ნიკორწმინდაში იოაკიმე,

ბაგრატს მხარში ედგა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსი მალაქია აბაშიძე,

ბაგრატ III-მ სცადა დასავლეთ საქართველოში ყველაზე სამარცხვინო და ტრაგიკული მოვლენის ტყვეთა სყიდვის მოსპობა, საგანგებო თათბირიც შეჰყარა, საგანგებო დადგენილებაც მიიღო, მაგრამ მალე ეს დადგენილება დავიწყებას მიეცა და ტყვეთა სყიდვა კვლავ გრძელდებოდა,

1565 წ ბაგრატ III გარდაიცვალა, დაიკრძალა გელათს, დარჩა 2  ძე გიორგი და კონსტანტინე.

 

10 გიორგი II

 

უფროსი ძე ბაგრატ III-სი, იმერეთის მეფე 1565-86 წ,

ჯერ ახალგამეფებულს ოდიშისა და გურიის მთავრებთან მშვიდობა ჰქონდა, ბაგრატ III-ს მიერ აწყურიდან მოტაცებული ღვთისმშობლის ხატიც აწყურს დაუბრუნა, მალე კვლავ აიშალენ მეფე-მთავარნი, ლევან  პირველმა დადიანმა და ჯავახ ჭილაძემ განიზრახეს გიორგი ტახტიდან ჩამოეგდოთ და ნაცვლად მისი ბიძაშვილი ხოსრო ვახტანგის ძე გაემეფებინათ, გიორგი შემთხვევით გადარჩა ოჯახიანად ამოწყვეტას,

1568 წ სოფელ იანეთთან მოხდა ბრძოლა სადაც გიორგიმ მოწინააღმდეგენი დაამარცხა და ჭილაძეთა საბატონო საჯავახოც დაიპყრო, ჯავახ ჭილაძე მოაკვლევინა, მაგრამ დადიანი და გურიელი გაერთიანდნენ, საჯავახო-საჭილაოდან მეფე გიორგი გამოდევნეს და თვითონ დაინაწილეს,

1579 წ  ლალა ფაშა შემოიჭრა საქართველოში დიდი ოსმალური არმიებით, მიუხედავად იმისა, რომ იმერეთი ოსმალეთის ქვეშევრდომად ითვლებოდა გიორგი მეფემ ლალა ფაშასაგან გამოგზავნილი წერილი მაინც არაფრად ჩააგდო და უპასუხოდაც დატოვა, ლალა ფაშამ ჯარი აფრინა იმერეთისკენ, ლიხის მთასთან მომხდარ ბრძოლაში იმერლებმა სასტიკად დაამარცხეს და უკუაქციეს ოსმალნი,

1586 წ გარდაიცვალა მეფე გიორგი II, დარჩა ქვრივი რუსუდანი ჩერქეზთა ბატონის ასული და 2 ვაჟი ბაგრატი და ლევანი.

 

11 ლევანი

 

უმცროსი ძე გიორგი II-სი, იმერეთის მეფე 1586-90 წ,

დაიბადა 1574 წ გამეფდა მამის სიკვდილის შემდეგ 12 წლის, ბიძამისმა კონსტანტინემ თავის ძე როსტომით ციხიდან თავის დაღწევა მოახერხა, მცირეწლოვანი მეფე-ძმისწული არაფრად ჩააგდო, აჯანყდა და თავის სამეფოდ დაიპყრო სკანდა, კაცხი და არგვეთი, ლევანმა ცოლად შეირთო მამია დადიანის ასული მარეხი, დამოყვრებული ოდიშის მთავრის ჯარი შემოიერთა ლევანმა, კონსტანტინეს მიუხტა და უკანვე წაართვა მიტაცებული მიწები,

1588 წ ქართლის მეფე სვიმონ I გადმოიჭრა იმერეთის დასაპყრობად, გაიმარჯვა გოფანთოსთან გამართულ ბრძოლაში, ლევან მეფე ლეჩხუმს გაიქცა, სვიმონმა ქუთაისი აიღო და იმერეთი ქართლთან შეერთებულად გამოაცხადა, მაგრამ როგორც კი სვიმონი ქართლს დაბრუნდა ლევანიც ლეჩხუმიდან მობრუნდა და ისევ დაჯდა ქუთაისის ტახტზე, იმავე ჟამს ლევანმა თავის სიმამრის მამია დადიანის შეპყრობაც გადაწყვიტა, დადიანმა დაასწრო, ქუთაისს დაესხა, ლევან მეფე დაამარცხა, შეიპყრო, ბორკილებიც გაუყარა და შხეფის ციხეში ჩააგდო, ეს მოხდა 1590 წ, იმავე წელს ლევანი მოკვდა იმავე ციხეში.

 

12 როსტომი

 

ძე კონსტანტინე ბატონიშვილისა, ძმისწული გიორგი II-ს, იმერეთის მეფე 1590-1605 წ,

ბიძამისმა გიორგი II-მ მამამისთან კონსტანტინესთან ერთად ციხეში ჩააგდო, გიორგის სიკვდილისთანავე მამა-შვილი ციხიდან გამოვიდა, მეფეს ლევანს ებრძოდენ ამაოდ, ლევანის სიკვდილის შემდეგ კი 1590 წ მამია დადიანის დახმარებით როსტომმა იმერეთის ტახტი დაიჭირა, მაგრამ იმავე წელს გიორგი II გურიელმა ოსმალებს მოუწოდა და მათი დახმარებით როსტომი ტახტიდან გადააგდო, მის ნაცვლად ლევან მეფის ძმისწული ბაგრატ თეიმურაზის ძე დასვა, როსტომი ოდიშს გაიქცა და მანუჩარ დადიანს  შეაფარა თავი, იმავე 1590 წ მეორედ გადავიდა სვიმონ ქართლის მეფე იმერეთს, ისევ დაეუფლა ქუთაისს, ბაგრატი ტახტიდან ჩამოაგდო და თან წაიყვანა ქართლში, სვიმონი რომ წასულად დაიგულა მანუჩარ დადიანმა მასთან შეხიზნული როსტომი სასწრაფოდ ქუთაისს მიიყვანა და ისევ აიყვანა იმერეთის ტახტზე,

იმავე წელს მესამედ წარემართა სვიმონ მეფე იმერეთის ქართლთან შესაერთებლად, მაგრამ ოფშკვითთან გამართულ ბრძოლაში იგი დამარცხდა და ქართლ-იმერეთის გაერთიანების ეს ცდა ჩაიშალა, იმერეთის ტახტზე მეფედ როსტომი დარჩა სიკვდილამდე, ხოლო აღესრულა იგი 1605  წ.


13 გიორგი III

ძე კონსტანტინე ბატონიშვილისა, ძმა როსტომ მეფისა, იმერეთის მეფე 1605-39 წ,

1611 წ შაჰ-აბასისაგან დევნილი ქართლისა და კახეთის მეფეები ლუარსაბ II და თეიმურაზ I შეიფარა, შაჰის მოთხოვნას ანგარიში არ გაუწია და შეხიზნულნი არ გასცა,

გიორგი მეფეს კავშირი ჰქონდა გიორგი სააკაძესთან, სააკაძე ჰპირდებოდა, რომ მომავალი გაერთიანებული საქართველოს ტახტზე მის შვილს ალექსანდრეს აიყვანდა,

1626 წ ბაზალეთის ძმათამკვლელ ომში გიორგი III-მ სააკაძეს იმერთა ლაშქარი მიაშველა, სააკაძის საბოლოო მარცხის შემდეგ ისევ თეიმურაზ პირველს დაუახლოვდა და ბოლოს დაუმოყვრდა კიდეც, გიორგი მეფის ვაჟმა ალექსანდრე ბატონიშვილმა ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ს ასული დარეჯანი, ზურაბ ერისთავის ქვრივი,

გიორგის გაუთავებელი და თითქმის მუდამ მარცხიანი ბრძოლები ჰქონდა ოდიშის მთავარ ლევან II დადიანთან,

განსაკუთრებით მძიმე მარცხი განიცადა კოტორაულთან გამართულ ბრძოლაში 1623 წ, ბოლოს ტყვედაც ჩაიგდო დადიანმა იმერთა მეფე და ალექსანდრე ბატონიშვილმა დიდძალი გამოსასყიდით ძლივს დაიხსნა მამა სამარცხვინო ტყვეობიდან,

1639 წ გიორგი III გარდაიცვალა, დაკრძალეს გელათს, დარჩა 3 ძე ალექსანდრე, მამუკა და ბერი.

 

14 ალექსანდრე III

 

უფროსი ძე გიორგი III-სი, იმერეთის მეფე 1639-60 წ,

მამის მსგავსად თვითონაც გამუდმებული შინაფეოდალური ბრძოლებით იყო დაკავებული, მისი სიმამრის თეიმურაზ I-ს გავლენით ალექსანდრემ რუსეთთან კავშირის გაბმა გადაწყვიტა და 1649 წ გაგზავნა ელჩებიც ივანე გრიგოლაშვილი, პახომი, დავითი და ვასილი მოსკოვს მეფე ალექსი რომანოვთან, საპასუხოდ რუსი ელჩები ტოლოჩანოვი და იევლიევი ჩამოვიდნენ საქართველოში 1650 წ,

მომდევნო 1651 წ 8 ოქტომბერს ალექსანდრე III-მ ხელი მოაწერა რუსეთის ერთგულების ფიცს,

ქვეყნის შიგნით ალექსანდრე III-ს განუწყვეტელი ომი ჰქონდა დადიანებთან, ჯერ ლევან II-სთან, მერე მისი სიკვდილის შემდეგ კი ლიპარიტთან,

1658 წ ალექსანდრემ ლიპარიტ დადიანი დაამარცხა და მის ნაცვლად ოდიშის სამთავროს ტახტზე თავისი კაცი ვამეყ დადიანი დასვა,

იმერეთის მეფემ გურიაც გაითავისა იქაც თავისი მომხრე დემეტრე გურიელი დასვა მთავრად,

გარდაიცვალა მეფე ალექსანდრე III 1660 წ, დაკრძალეს გელათს.

 

15 ბაგრატ IV

 

ძე ალექსანდრე III-სი თამარ გურიელის ასულისაგან, იმერეთის მეფე 1660-61, 1663-65, 1666-78 და 1679-81 წ,

ტახტზე ასვლისას 43-44 წლის კაცი იყო, მაგრამ მეფობისთვის მაინც უმწიფარი, უნებო ყველაფრისადმი გულგრილი და უმოქმედო, დედინაცვალმა მტკიცე და მბრძანებლური ბუნების დარეჯანმა, რომელიც იყო თეიმურაზ I-ს ასული და ზურაბ ერისთავის ნაცოლარი გერი თავიდანვე თავის გავლენის ქვეშ მოიქცია, ცოლად თავის ძმისწული დავით ბატონიშვილის ასული ქეთევანი შერთო, გერი და დედინაცვალი მალე წაიჩხუბნენ, აჯობა დარეჯანმა, ბაგრატი ტახტიდან ჩამოაგდო, თვალები დასთხარა და უსინათლოს ცოლიც წაჰგვარა 1661 წ,

მაშინვე დარეჯანმა ქმარიც იშოვა და შეირთო ვახტანგ ჭუჭუნაშვილი, სისხლით ბაგრატიონთა ნათესავი, მაგრამ დასავლეთ საქართველოს ფეოდალებმა ვამეყ დადიანის და პაატა აბაშიძის მეთაურობით ვიგინდარა ჭუჭუნაშვილი არ გაიმეფეს, ჩამოაგდეს და თვალები დასთხარეს, დარეჯანი, ქეთევანი და უსინათლო ჭუჭუნაშვილი სამცხეში გადაიხვეწნენ,

დასავლეთ საქართველოს საქმეებში მაშინ ქართლის მეფე ვახტანგ V-ც ჩაერია, მან იმერეთის ტახტზე თავისი შვილი არჩილი აიყვანა, მაგრამ არჩილ II-ს მეფობაც ფრიად ეფემერული 1661-63 წ გამოდგა, იგი ოსმალთა სულთნის მოთხოვნით მოაცილეს ქუთაისს, იმერეთის ტახტზე ისევ უსინათლო ბაგრატ IV ავიდა 1663 წ, 2 წელი ძლივს გავიდა ბაგრატის კვლავ გამეფებიდან და დარეჯანმა და მისმა ბრმა ქმარმა ჭუჭუნაშვილმა ახალციხიდან ოსმალთა ჯარი გადმოიყვანეს, ბაგრატ IV ქართლში გაიქცა, ტახტი დარეჯანმა და ჭუჭუნაშვილმა დაიჭირეს 1665 წ,

მომდევნო 1666 წ დარეჯანი და ჭუჭუნაშვილი შეთქმულებმა ამოხოცეს და ქუთაისის ტახტზე დემეტრე გურიელი მოიწვიეს, სულ მალე დემეტრეც შეთქმულებმა ჩამოაგდეს, თვალები დასთხარეს, გააძევეს და მეფედ ისევ ბაგრატ IV აღადგინეს 1666 წ.

იმავე წელს სახლთუხუცესმა სეხნია ჩხეიძემ ქუთაისის ციხე მოიპარა და შიგ ოსმალთა ციხიონი შეუშვა, მაგრამ იმერელმა პატრიოტებმა ბეჟან ლორთქიფანიძის მეთაურობით ციხეზე თავდასხმა მოაწყვეს, ოსმალთა ციხიონი ამოწყვიტეს და გათავისუფლებული ქალაქი ისევ ბაგრატს მიართვეს,

1669 წ ს  ჩხეიძემ ისევ მოახერხა ქუთაისის ციხეში ოსმალთა გარნიზონის ჩაყენება, ჩხეიძემ ლევან III დადიანი მოიმხრო და ბაგრატის ხელახალი ჩამოგდება და მოსპობა სცადა. ბრძოლა მოხდა 1669 წ სოფელ ჩხართან ბაგრატმა გაიმარჯვა, ს  ჩხეიძე ბრძოლაში დაიღუპა,

კიდევ მოუხდა ბრძოლების გადახდა ბაგრატს ცალკე დადიანთან და ცალკე გურიელთან, დადიანზე გაიმარჯვა, მაგრამ გიორგი გურიელმა დაამარცხა, შეიპყრო და ახალციხეში ასლან-ფაშას მიართვა, ბაგრატმა ასლანს ქრთამი და მძევლად თავის ძე ალექსანდრე მისცა და იმერეთის ტახტი ისევ დაიბრუნა,

1678 წ არჩილ II-ს კვლავ  მიერთნენ ყოველნი იმერნი და დადიანი ლევან და აიყვანეს იგი ქუთაისის ტახტზე, თუმცა მომდევნო 1679 წ ისევ დაატოვებინეს იმერეთის ტახტი არჩილს და უკვე მეოთხედ და სიკვდილამდე ტახტი ისევ ბაგრატ IV-მ დაიჭირა,

სიკვდილი კი ბაგრატ IV-ს ეწვია უკვე მომდევნო 1681 წ, დაკრძალეს გელათს.

16 ვახტანგ ჭუჭუნაშვილი,

იხილეთ იმერეთის მეფე ბაგრატ IV.

 

17 არჩილი

 

იხილეთ კახეთის მეფე არჩილ II.

 

18 დემეტრე გურიელი

იხილეთ იმერეთის მეფე ბაგრატ IV.

19 გიორგი III გურიელი

ძე ქაიხოსრო გურიელისა, გურიის მთავარი 1664-82 წ, იმერეთის მეფე 1681-83 წ,

იყო იგი კაცი მხნე, შემართებული მშვილდოსან-მოასპარეზე რჩეული, უღვთო, მესისხლე და ტყვის მსყიდველი უწყალო,

1681 წ ისარგებლა იმით, რომ უფლისწული ალექსანდრე ბაგრატის ძე ქართლში იყო ტყვედ წაყვანილი და თავი გამოაცხადა იმერეთის მეფედ,

ცდილობდა ხელთ ეგდო ოდიშიც, მაგრამ ვერაფერს გახდა, ბოლოს გურიელის მეფობით უკმაყოფილო იმერეთის თავადებმა ქართლის მეფისა და ოსმალეთის ხონთქარის მხარდაჭერით გიორგი გურიელი გააძევეს 1683 წ, იმერეთის ტახტზე ალექსანდრე ბაგრატის ძე აიყვანეს.

 

20 ალექსანდრე IV

 

ძე ბაგრატ IV-სი, იმერეთის მეფე 1683-90 წ, 1691-95 წ,

 იგი ბაგრატ მეფეს ნამალევად გაეჩინა ვინმე ლეჩხუმელი კოჩილას ცოლთან, მამამისის სიკვდილის ჟამს მძევლობაში იყო ჯერ ახალციხის ფაშასთან, მერე ქართლის მეფე გიორგი XI-სთან, მათ გიორგი გურიელის მეფობას ისევ ალექსანდრეს ხელმწიფობა არჩიეს და ხონთქრის თანადგომით გურიელს ტახტი წაართვეს და ალექსანდრეს დაუმტკიცეს, ალექსანდრემ გამეფებისთანავე დაიახლოვა მაშინდელ იმერეთში გავლენიანი თავადი პაატა აბაშიძე, რომელსაც ცოლად შერთო თავის ნახევარდა დარეჯანი, შეითქვნენ ალექსანდრეს დასამხობად გიორგი III გურიელი, ლევან IV დადიანი და შოშიტა რაჭის ერისთავი, ბრძოლა გაიმართა სოფელ როკითთან 1684 წ ალექსანდრემ გაიმარჯვა, ბრძოლაში დაეცნენ გიორგი გურიელი და შოშიტა ერისთავი, დაიჭრა და მალე ჭრილობისაგან მოკვდა პაატა აბაშიძეც,

1688 წ რაჭის საერისთაო დალაშქრა ალექსანდრე მეფემ,

1689 წ ქართლის მეფე გიორგი XI-ს და ირანის შაჰს შორის ჩამოვარდნილ მტრობაში ალექსანდრე ირანის მხარეზე დადგა, ეს კი ქართველებსაც აღიზიანებდა და ოსმალებსაც,

1690 წ არჩილი ოსმალთა და რაჭველთა ჯარით ქუთაისს გადავიდა და იმერეთის ტახტი მესამედ  დაიჭირა, ალექსანდრე ქართლს გაიქცა გიორგი XI-ს მეტოქე ერეკლე I ნაზარალი-ხანთან, იმავე წელს სცადა ალექსანდრემ დაკარგული ტახტის დაბრუნება, მაგრამ სოფელ გოდოგანთან გამართულ ბრძოლაში დამარცხდა და ისევ გაიქცა ერეკლე პირველთან  თავშესაფარებლად,

ქართლიდან ახალციხეს გადავიდა, სელიმ-ფაშას ქრთამი მისცა, ოსმალთა ჯარით ქუთაისს გადმოვიდა და ისევ წაართვა მისი კუთვნილი ტახტი არჩილს 1691 წ,

არ დაიშალა გიორგი XI-ს მტრობა და იმერელ თავადთა ნების წინააღმდეგ ქართლზე ლაშქრობა მოაწყო, ალი აიღო, გაძარცვა, მოტყვევნა და გამობრუნდა, აუჯანყდნენ თავადები, დაეცნენ სკანდაში, შეიპყრეს და გიორგი XI-ს მიჰგვარეს რუისში, გიორგის ბრძანებით იგი დააღრჩვეს და იქვე ეკლესიაში დამარხეს 1695 წ.

 

 

21 გიორგი IV გოჩია

 

იმერეთის მეფე 1696-97 წ,

თუმცა იყო ბაგრატიონთა ნათესავი, მაგრამ იმერეთის ტახტზე სრულიად შემთხვევით მოხვდა, იგი მაშინდელი იმერეთის ყველაზე გავლენიანმა თავადმა გიორგი აბაშიძემ სიძედ გაიხადა და სამეფო ტახტზეც იმან დასვა,

იყო უვიცი, არაფერი გაეგებოდა თვინიერ გლეხთა მუშაკობისა, ავთვალი, ხეიბარი, ქონდრისკაცი და გოჩიაც ამისთვის შეერქმიაც,

  1 წლის მერე 1697 წ გიორგი-გოჩია თავადებმა ძაღლივით გაისროლეს სასახლიდან და იმერეთის მეფედ ისევ არჩილი მოიყვანეს.

 

22 სვიმონი

 

ძე ალექსანდრე IV-სი, იმერეთის მეფე 1698-1701 წ,

იგი ქართლის ხიზნობაში იზრდებოდა ერეკლე I-ს კარზე,

1698 წ ოსმალებმა იმერეთში მეხუთედ გამეფებული არჩილი მეხუთედ განდევნეს და მის ნაცვლად იმერეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე სვიმონი გაამეფეს,

თავადთა შორის ისევ გიორგი აბაშიძე პირველობდა და მან თავის ასული ანიკა ცოლად შერთო ახალ მეფეს,

სვიმონი ყოველმხრივ უნიათო საჭეთმპყრობელი აღმოჩნდა, ოჯახურ ჭინჭყლსაც თავი ვერ გაართვა, აუხირდა ცოლისდა თამარი, მამამისის ალექსანდრე IV-ს ნაცოლარი, სიმამრიც კრიჭაში ჩაუდგა, მეფე კი ქართლში გაიქცა, მამია III გურიელი გიორგი აბაშიძის აღზევებას არ შეურიგდა, მოიხმო ახალციხის ფაშა და მისი დახმარებით სვიმონი ქუთაისის ტახტზე მოაბრუნა, თანაც სვიმონს მამია გურიელმა თავისი დაც შერთო ცოლად,

გიორგი აბაშიძემ სვიმონის მტრობა მაინც არ დაიშალა, თვითონ მამია გურიელს მეფობა აღუთქვა და სიძე მოაკვლევინა 1701 წ.

 

23 გიორგი V აბაშიძე

 

პაატას ძე, იმერეთის მეფე 1701-1703 წ,

თავიდან სასულიერო მოწესე იყო მალაქია ბერის სახელით, მერე ბერობას თავი დაანება და ნაბერალმა იმერეთის თავადებს შორის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის მდგომარეობა დაიმკვიდრა,

1701 წ მამია III გურიელს მისივე სიძე სვიმონ  მეფე მოაკვლევინა და იმერეთის ტახტზე მამია აიყვანა, მაგრამ იმავე წელს აიძულა მამია ტახტი მიეტოვებინა და იმერეთის ტახტზე თვითონ დაჯდა,

2 წელი იმეფა უფრო ღირსეულადაც ვიდრე მისი თანამედროვე იმერელი მეფუკები მეფობდნენ,

ქვეყანა შეკრა და შეამტკიცა, ციხეები გაამაგრა, ოსმალეთს ხარკის გადახდა შეუწყვიტა,

1703 წ 80 000-ანი ოსმალური არმია შემოესია იმერეთს, ამ დიდ თურქობას ქართველები მედგრად დახვდნენ, მაგრამ რიცხობრივმა სიმრავლემ თავისი გაიტანა და გიორგი აბაშიძეც იძულებული გახდა იმერეთის ტახტზეც უარი ეთქვა ალექსანდრე IV-ს ძის გიორგი VI-ს სასარგებლოდ.

 

24 გიორგი III გურიელი

 

გურიის მთავარი 1689-1711 წ, იმერეთის მეფე 1701, 1711 და 1713 წლებში,

მამია გიორგი აბაშიძის პირველობას ვერ ურიგდებოდა, ქართლში გაქცეული სვიმონ ალექსანდრეს ძე ოსმალთა დახმარებით უკანვე იმერეთის ტახტზე დააბრუნა და ცოლად თავისი და შერთო,

გიორგი აბაშიძემ მაინც აცდუნა იგი იმერეთის მეფობის აღთქმით, საკუთარი სიძე მოაკვლევინა 1701 წ დამდეგს თვითონ კი დაიდგა თავზე იმერეთის სამეფო გვირგვინი,

მაგრამ მამიამ გიორგი აბაშიძისა და სხვა თავადთა თვითნებობას ვერ გაუძლო, იმავე წელს მეფობას თავი მიანება და გურიის მთავრობას დაუბრუნდა, იმერეთის ტახტი გიორგი აბაშიძემ დაისაკუთრა და 2 წლით 1701-03 წ შეინარჩუნა,

ამის შემდეგ 8 წელი 1703-11 გიორგი VI-მ იმეფა იმერეთში,

1711 წ კი თავადებმა გიორგი VI დაამხეს და ისევ მამია გურიელი გაამეფეს, გიორგი ტახტის დაკარგვას არ შეურიგდა 1712 წ ჩხართან გამართულ ბრძოლაში გაიმარჯვა და იმერეთის ტახტი კვლავ მოიპოვა, მაგრამ ერთხელ კიდევ შეძლო მამიამ იმერეთის ტახტის მოპოვება 1713 წ ოკრიბასთან გამართულ ბრძოლაში თავადებმა გიორგი VI ისევ დაამარცხეს, გააქციეს და იმერეთის მეფედ ისევ მამია გურიელი გამოაცხადეს, ამის შემდგომ იგი მალე გარდაიცვალა 1713 წლის ხუთ იანვარს, დაკრძალეს შემოქმედში გურიის  მთავართა საძვალეში.

 

25 გიორგი VI

 

ძე ალექსანდრე IV-სი, უმცროსი ძმა სვიმონისა, იმერეთის მეფე 1703-11, 1713, 1714-16 და 1718-20 წ,

იგი ჯერ ქართლის ხიზნობაში იყო ერეკლე პირველთან თავშეფარებული, მერე ახალციხეს გადავიდა და ისაყ-ფაშას შეეფარა,

1703 წ იმერეთში შეჭრილმა ოსმალებმა გიორგი აბაშიძე დაამხეს და ქუთაისის ტახტზე გიორგი ალექსანდრეს ძე დასვეს, ეს მეფუკა მუდამ სიკვდილის შიშში იყო და ამიტომ ქუთაისის ციხეში შეიკეტა უკეთესი ამინდების მოლოდინში, ამინდიც დაუდგა, როცა თავადებს შორის ჩვეულებრივ უთანხმოება გამწვავდა იმერეთის საქმეებში ქართლის ჯანიშინი ვახტანგიც ჩაერია და ჯერ ისევ ძლიერი გიორგი აბაშიძე დააკნინეს,

1709 წ გიორგი მეფემ ფარცხანაყანევთან მომხდარ ბრძოლაში გაიმარჯვა და მდგომარეობა ერთხანს განიმტკიცა, მაგრამ ბოლოს 1711 წ იმერეთის, სამეგრელოს და გურიის მესვეურებმა გიორგი VI დამხობილად გამოაცხადეს და მის ნაცვლად მამია გურიელი გაამეფეს, გიორგი ქართლში გაიქცა ვახტანგ ჯანიშინთან, იქიდან კი ახალციხეს მივიდა ისევ ისაყ-ფაშასთან, ახალციხიდან მან დასავლეთ საქართველოს თავადთა ნაწილი მიიმხრო, იმერეთშიც გადმოვიდა და ჩხართან გამართულ ბრძოლაში გაიმარჯვა 1713 წ, ისევ ავიდა ტახტზე, მაგრამ ისევ იმავე წელს ოკრიბის ბრძოლაში დამარცხდა და გაიქცა თბილისს,

მესამედ ავიდა იმერეთის ტახტზე მამია III გურიელი, თუმცა მალე გარდაიცვალა 1713 წ ხუთ იანვარს, მაშინ გიორგი VI დაბრუნდა იმერეთის ტახტზე, ამჯერად 2 წელი 1714-16 წ ერგო მეფობა გიორგის,

1716 წ თავადთა მოწვევით ახალციხიდან ასლან-ფაშა შემოვიდა იმერეთს ოსმალთა მხედრობით, სიმონეთთან გამართულ ბრძოლაში გიორგი VI დამარცხდა და ისევ ქართლში გაიქცა, იმერეთის ტახტზე გამარჯვებულებმა გიორგი IV გურიელი გამოაცხადეს, გიორგი მეფედყოფილმა კი ქართლიდან ახალციხეში გადაინაცვლა, ახალციხიდან სტამბოლში, ბოლოს ხონთქარის აჰმედ III-ს ფირმანით და ოსმალთა ჯარით მეოთხედ დაიბრუნა იმერეთის ტახტი 1718 წ,

2 წლის შემდეგ 1720 წ თებერვლობის დღეს თხემლის ციხეში (ბაღდადი) ნადიმობის დროს შეთქმულებმა მოკლეს, დაკრძალეს გელათს,

დარჩა 3 ძე ალექსანდრე, მამუკა და გიორგი.

 

26 გიორგი IV გურიელი

 

იხილეთ იმერეთის მეფე გიორგი VI.

 

 

27 ალექსანდრე V

 

ძე გიორგი VI-სი, გიორგი XI-ს ასულისაგან, იმერეთის მეფე 1720-40 და 1741-52 წ,

მამამისის მკვლელობის დროს ალექსანდრე ქართლის მეფის ვახტანგ VI-ს კარზე იყო, ვახტანგს და ახალციხის ფაშას ისაყს ერთად სურდათ ალექსანდრეს გამეფება იმერეთში,

ისაყ-ფაშამ ოსმალთა და მესხთა ჯარით შემოიყვანა დასავლეთ საქართველოში ალექსანდრე,

ბეჟან დადიანმა და ზურაბ აბაშიძემ წინააღმდეგობა სცადეს, მაგრამ სისხლი ამაოდ დაიქცა,

1720 წ იმერეთის ტახტზე უკვე იჯდა ალექსანდრე V, მისი დრო თურქ-ოსმალთა განსაკუთრებული გამძლავრების დროდ იქცა, გრძელდებოდა სხვადასხვა სამარცხვინო ტრაგედია ქართველთა შორის ტყვეთა სყიდვა, ალექსანდრეს დასამხობად ისევ შეითქვნენ ოტია  დადიანი, გრიგოლ რაჭის ერისთავი და ზურაბ აბაშიძე,

 

1734 წ იანვარში ჩიხორთან გამართულ მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა ალექსანდრემ, შინაბრძოლები კი მაინც არ წყდებოდა,

1741 წ დასავლეთ საქართველოში პირველად გაჩნდნენ ლეკი მოთარეშენი, ესეც ალექსანდრე V-ს დამსახურება იყო, სწორედ მან მოიწვია ლეკები ურჩ თანამემამულეთა დასათრგუნავად, იმავე წელს თავადებმა ოსმალთა დახმარებით ალექსანდრე ტახტიდან ჩამოაგდეს და მისი ძმა გიორგი VII გაამეფეს, მაგრამ იმავე წელს ალექსანდრემ ოსმალებთან შერიგება მოახერხა და მათი დახმარებით ისევ დაიბრუნა იმერეთის მეფობა,

1752 წ ალექსანდრემ დიდი მკრეხელობა ჩაიდინა, გელათში დასვენებული განთქმული ხახულის ხატი გაძარცვა, რამდენიმე თვეში მეფე-მძარცველს წამოსცვივდნენ ორნივე თვალნი, დაბრმავებული მეფე 1 თვის თავზე კიდევაც მოკვდა, დაკრძალეს იქვე გელათს,

დარჩა 3 ძე იოსები, სოლომონი, არჩილი.

 

28 გიორგი VII

 

იხილეთ იმერეთის მეფე ალექსანდრე V.

 

29 სოლომონ I დიდი

 

შუათანა ძე ალექსანდრე V-სი, დიდი ხელმწიფე საქართველოსი, იმერეთის მეფე 1752-84 წ,

დაიბადა 1735 წ, 17 წლის მეფე დიდი ენერგიით შეუდგა შინაფეოდალური ანარქიისა და ოსმალური უღლით დაცემული ქვეყნის აღდგენას და განმტკიცებას,

მეფემ გააუქმა ხალხის კისერზე დაწოლილი გადასახადები საური და საუდიერო, რომელთაგან დიდი წილი ოსმალეთის სასულთნოს მიჰქონდა, დანარჩენი კი ადგილობრივ ფეოდალს, სოლომონმა კი ორივე გააუქმა, რაც მთავარია მან სრული სისასტიკით აკრძალა ტყვეთა სყიდვა ყველაზე სამძიმო და სამარცხვინო ბოროტება საქართველოს ისტორიაში,

1757 წ ოსმალთა 44 000-ანი არმია შემოესია იმერეთს, სოფელ ხრესილთან გამართულ ბრძოლაში სოლომონმა ბრწყინვალედ გაიმარჯვა,

1758 წ გორში ურთიერთდახმარების კავშირი შეკრეს სოლომონ პირველმა, თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ, `რომელთა ქვეყანაში მტერი შემოვიდესო ერთმანეთს მივეშველოთო~, მეფის მტერთაგან პაპამისი ლევან აბაშიძე ხრესილის ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო როსტომ რაჭის ერისთავი კი ღალატსა და ოსმალებთან კავშირს არ იშლიდა, ბოლოს სოლომონმა როსტომს და მის ვაჟებს თვალები დასთხარა და რაჭის საერისთაო გააუქმა, სოლომონიც ისე, როგორც თეიმურაზი და ერეკლე რუსეთის საიმპერატორო კარს სთხოვდა თავის სამეფოს მფარველობაში აყვანას,

 

1769 წ ეკატერინე მეორესაგან გამოგზავნილი გენერალი ტოტლებენი იმერეთში შევიდა, მაგრამ ტოტლებენის ჩამოსვლა არც ერეკლეს და არც სოლომონს არ გამოსდგომია,

1771 წ ტოტლებენის ნაცვლად გენერალი სუხოტინი მოვიდა იმერეთს, მაგრამ მისი მოსვლაც ქართველებისათვის ამაო და უვარგო აღმოჩნდა,

სოლომონი კვლავ მარტო ებრძოდა სამხრეთიდან მოწოლილ მაჰმადიანურ ძალებს, ოსმალთა შემოსევები კი გრძელდებოდა, სოლომონიც წარმატებით იგერიებდა,

1779 წ სამეგრელოში ჩამოდგნენ თურქ-ოსმალნი სოლომონი დადიანს მიეშველა და რუხის ციხესთან 1780 წ გამართულ ბრძოლაში ქართველებმა ერთხელ კიდევ სასტიკად დაამარცხეს ოსმალნი,

1784 წ გურიას შემოესიენ ოსმალები, ჩავიდა სოლომონი გურიაში, გაიმარჯვა და შეტევა ზღვისპირისაკენ აჭარის გასათავისუფლებლად განავითარა, მაგრამ აქ კლდეების ვიწრო გასასვლელში ჩასაფრებულმა ოსმალურმა ჯარმა დაამარცხა და უკუაქცია სოლომონი,

იმავე 1784 წ ოცდასამ აპრილს სოლომონ მეფე უეცრად გარდაიცვალა, დაიკრძალა გელათს მთავარ ტაძარში დიდი სოლომონ I იმერთა მეორე აღმაშენებელი,

გამეფდა 17 წლის, იმეფა და იღვაწა 32 წელი, აღესრულა 49 წლის,

მის ბეჭედზე წერია `ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლ მჩქეფე, იმერთ მეფე სოლომონ.

 

30 დავით II

 

ძე გიორგი VII-სი, ბიძაშვილი სოლომონ I დიდისა, იმერეთის მეფე 1784-89 წ,

სოლომონის სიკვდილისთანავე იმერეთის ტახტისთვის პირისპირ დადგა 2 დავითი, მეფის ბიძაშვილი დავით გიორგის ძე და ძმისშვილი დავით არჩილის ძე,

სოლომონის ანდერძით ტახტზე დავით არჩილის ძე უნდა ასულიყო, მაგრამ კაცია დადიანის, პაპუნა და ზურაბ წერეთლების, ბერი წულუკიძის მხარდაჭერით ქუთაისის სამეფო ტახტი დავით გიორგის ძემ დაიკავა,

გამეფებისთანავე დავით  II-მ რუსეთში ელჩები გაგზავნა და რუსთხელმწიფეს მფარველობა და ქვეშევრდომობა სთხოვა, ამით მან ოსმალეთიც გადაიმტერა და ადგილობრივი თავადებიც, თითქმის ყველასთან ვინც კი მანამდე მისი მომხრე იყო მეფემ ურთიერთობა წაიხდინა, ბოლოსდაბოლოს საქმე სისხლისღვრამდე მივიდა,

1789 წ თერთმეტ ივლისს დავით გიორგის ძე და დავით არჩილის ძე თავიანთი მომხრეებით ერთმანეთს საომრად შეხვდნენ სოფელ მათხოჯთან, დავით გიორგის ძე დამარცხდა და ახალციხეში გაიქცა, იმერეთის ტახტზე დავით არჩილის ძე ავიდა ახალი სახელწოდებით მეფე სოლომონ II,

1790 წ დავით II ოსმალთა და ლეკთა ჯარით ქუთაისს გადმოიჭრა და ახალ სოლომონს ტახტი წაართვა, მაშინ იმერეთის საზოგადოებამ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს დელეგაცია გაუგზავნა და მის სამეფოსთან იმერეთის შეერთება სთხოვა, ერეკლემ ამ დიდი სამამულიშვილო შეთავაზების პასუხად მხოლოდ ის იკმარა ჯარი გაეგზავნა სოლომონ II-ს დასახმარებლად (იგი მისი შვილიშვილი იყო) და ტახტზე აღსადგენად, ამ ჯარითა და თავისი მომხრეებით იმავე 1790 წ ლოსიათხევის ბრძოლაში სოლომონ II-მ დავით II სასტიკად დაამარცხა და იმერეთის ტახტიც გაიმყარა, დამარცხებულმა დავითმა შერიგება ითხოვა, შეირიგეს მაგრამ 1791 წ ლეკების დახმარებით ისევ სცადა ტახტის დაბრუნება, მაგრამ დამარცხდა და გადაიხვეწა ახალციხეს, იქვე მოკვდა და დაიმარხა.

 

31 სოლომონ II

 

არჩილის ძე, დიდი სოლომონ I-ს ძმისწული, იმერეთის მეფე 1789-1810 წ,

საქართველოს უკანასკნელი გვირგვინოსანი,

დაიბადა 1772 წ, სახელად დაერქვა დავითი, იზრდებოდა აღმოსავლეთ საქართველოში პაპამისთან ერეკლე მეორესთან, ახალშობილის დედა ელენე ერეკლე II-ს ასული იყო,

სოლომონ I-მ რაკი თვითონ ძე ალექსანდრე გარდაეცვალა თავის სიცოცხლეშივე იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ძმისწული დავით არჩილის ძე გამოაცხადა, მაგრამ ეს ანდერძი არ შესრულდა,

სოლომონის გარდაცვალებისთანავე იმერელმა თავადებმა ტახტზე აიყვანეს მეორე დავითი სოლომონის ბიძაშვილი, ეს მოხდა 1784 წ, ხოლო 5 წლის შემდეგ 1789 წ თერთმეტ ივლისს ორ მეტოქე დავითს შორის გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა სოფელ მათხოჯთან, დავით არჩილის ძემ გაიმარჯვა და ახალი სახელით სოლომონ II ავიდა იმერეთის ტახტზე,

დავით გიორგის ძემ კიდევ სცადა რამდენჯერმე ტახტის დაბრუნება, მაგრამ ყველა ცდა მარცხით გათავდა,

მეფე სოლომონ II კი ცდილობდა დასავლეთ საქართველოში შინაგან ძალთა კონსოლიდაცია მოეხინა, ამ დროს საქართველოში უკვე რუსული საიმპერიო მმართველობა მკვიდრდებოდა, უკვე აღარ არსებობდა ქართლ-კახეთის სამეფო,

1804 წ სოლომონ II იძულებული გახდა ხელი მოეწერა ელაზნაურის ზავისათვის, რომლის ძალით იგი ცნობდა რუსეთის მფარველობას იმერეთის მიმართ, მეფე  ტახტის უკვე დაკარგვას არ ურიგდებოდა,

1810 წ ათ თებერვალს ქუთაისში რუსული ხელისუფლება გამოცხადდა, სოლომონი მოტყუებით თბილისს წაიყვანეს, მაგრამ იქიდან გამოექცათ და ახალციხეს გადავიდა, ახალციხიდან იმერეთში ჯერ მოწოდებები გამოგზავნა სრულიად ქართველი ერის მიმართ, მალე თვითონაც გადმოვიდა და აჯანყება დაიწყო, ჯერ წარმატებაც ჰქონდა, მაგრამ ბოლოს დამარცხდა და ისევ ახალციხეს გადაიხვეწა, იქიდან ისევ აპირებდა ბრძოლის განახლებას,

კავკასიის რუსი მოხელეები სოლომონის მკვლელს ეძებდნენ, მაგრამ ვერ ეპოვათ, ახალციხიდან ტრაპიზონს გადავიდა და ახლა იქიდან აპირებდა შეუძლებლის შეძლებას, კოალიციის შედგენას რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ იქვე ტრაპიზონს უსწრო სიკვდილმა, 1815 წლის შვიდ იანვარს გარდაიცვალა, დაკრძალეს იქვე წმინდა გრიგოლის სახელობის ბერძნული ეკლესიის ეზოში,

1990 წ გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათს,

გამეფდა 17 წლის, იმეფა 20 წელი, აღესრულა 42 წლისა,

სოლომონ II უკანასკნელი გვირგვინოსანი საქართველოსი.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ისტორია / უავტორო / იმერეთის მეფეები