ჯავახიშვილი ივანე

1876 - 1940

 

ისტორიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთდერთი დამაარსებელი. არის 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი.

 

 

„ივანე ჯავახიშვილმა იკისრა ყველაზე დიდი ტვირთიდ

გუთნისდედობა. მისმა მხნეობამ ყოველივე დაბრკოლება

დასძლია და ახალი ლამპარი აგვინთო.“

 

ივანე ჯავახიშვილი დიდი ქართველი ისტორიკოსი, „ქართველი ერის ისტორიის“ მრავალტომეული ნაშრომს ავტორი, თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებელი. მისი ცხოვრება სამაგალითო ნიმუშია  პიროვნების მრავლისმომცველი დაუდგრომელი მეცნიერული, კულტურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა.

 

დაიბადა თბილისში, 1876 წლის 11 აპრილს პედაგოგ ალექსანდრე ჯავახიშვილის ოჯახში. დედა სოფიო ვახვახიშვილი ერთდერთი ძირძველი არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელი იყო, ოჯახი გამოირჩეოდა უაღრესი დემოკრატიულობითა და ხალხურობით. უყვარდათ ხალხური სიმღერა. თავადაც კარგად მღეროდნენ. ივანეს განსაკუთრებით „მუმლი მუხასა“ ემარჯვებოდა. ყოველთვის ქართულ ენაზე საუბრობდნენ. რაც არ ახასიათებდათ იმდროინდელ თავადურ ოჯახებს.

 

ივანეს დაბადების წელს იბადება იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ და ეს „პატრიოტული  გამოღვიძება“ თან სდევს ი. ჯავახიშვილის ყრმობის პერიოდს. სწავლობს თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. არის საუკეთესო მოსწავლე, თანაც გამოირჩევა მრავალმხრივი ნიჭით. უწინასწარმეტყველებენ მხატვრის კარიერას, უკრავს ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე, მაგრამ  როგორც თავის მოგონებებში აღნიშნავს, მეოთხე კლასიდან მეცნიერება იტაცებს და ხატვას თავს ანებებს.

 

1895 წელს, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ივანე პეტერბურგის უნივერსტიტეტში აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე  აგრძელებს სწავლას. სპეციალობად ირჩევს საქართველოსა და სომხეთის ისტორიას. პეტერბურგში ჩასვლისთანავე ხელმძღვანელობს სტუდენტთა ქართულ სათვისტომოს, ცდილობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას. მან შეძლო კავშირი დაემყარებინა ამიერკავკასიიდან ჩამოსულ სხვა ეროვნების სტუდენტებთანაც და ამგვარად შექმნა „ამიერკავკასიის სათვისტომო“.

 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1901 წელს  ხდება „ქართული სიტყვიერების მაგისტრი“. ერთი წლის შემდეგ კი, ნიკო მართან ერთად მიემგზავრება სინას მთაზე, რათა შეისწავლოს იქ დაცული ძველი ქართული ხელნაწერები. 1906 წელს მან გამოაქვეყნა ცარიზმისადმი ღრმა სიძულვილით გამსჭვალული ბროშურა: „პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში“. ამ ნაშრომის გამო ივანე ჯავახიშვილი სამართალში მისცეს, წიგნი აიკრძალა. ავტორი კი  პოლიტიკურად არასაიმედოდ იქნა მიჩნეული. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ივანემ ფიქრი ქართული უნივერსიტეტის დაარსებაზე. საგულისხმოა, რომ ზაფხულობით, როდესაც საქართველოში ჩამოდიოდა ყოველთვის კითხულობდა საჯარო ლექციებს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

 

მან საქართველოში შექმნა ქართველ მეცნიერთა წრე,  ამ წრის ბაზაზე  1918 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დააარსა პირველი ქართული უნივერსიტეტი თბილისში. მართალია, დროებითი მთავრობა ყოველმხრივ უშლიდა ხელს ივანეს წამოწყებას, რადგან საქართველოში რუსული უნივერსიტეტის დაარსება ჰქონდა განზრახული, მაგრამ ოქტომბრის მოვლენებმა რუსეთში მას საშუალება მისცა თავისი ოცნება ცხადად ექცია.

 

გახსნის ცერემონია დიდხანს გაგრძელდა. დასასრულს ივანეს უნდა წაეკითხა ლექციადსიტყვა,  მაგრამ ეს ვერ მოხერხდა ხალხის სიმრავლის, მისასალმებელი სიტყვების გახანგრძლივებისა და იმის გამო, რომ შენობაში განათება არ იყო. ყველას გაუკვირდა, როდესაც უნივერსიტეტის რექტორად, მისი წინადადებით აირჩიეს იმ დროს რუსეთისა და საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილი ქართველი მეცნიერი, პეტრე მელიქიშვილი. ივანემ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ საქართველო საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა განვითარებას საჭიროებდა და მისი აზრით, პეტრე მელიქიშვილი ამ საქმეს მასზე უკეთ გაუძღვებოდა.

 

მართლაც, იშვიათია ხელმძღვანელი, რომელსაც საქმის მთელი სიმძიმე საკუთარ მხრებზე გადააქვს და ამავე დროს ცდილობს შეუმჩნეველი დარჩეს, სხვა წინ დააყენოს, თუმცა უნივერსიტეტში მის პირველ ლექციაზე, დარბაზი ვერ იტევდა მსმენელს, ისე, რომ  კარების მოხურვა ძლივს მოხერხდა.

 

1919 წლის 17 დეკემბერს, მიუხედავად ივანეს წინააღმდეგობისა უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ იგი ერთხმად აირჩია რექტორად. ეს პერიოდი ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისათვის. დამოუკიდებლობის პირველი წლების პოლიტიკურ სიძნელეებს თან სდევდა შიმშილი და გაჭირვება. რექტორატი ყველაფერს აკეთებდა რომ გადაერჩინა პროფესურა, სულ მათი რიცხვი თვრამეტი იყო, მაგრამ თითოეული მადგანის სახელი  დაამშვენებდა საქართველოს „ათეულს“. მათი უმწეო მდგომარეობის შესამსუბუქებლად ივანე ყველაფერს აკეთებდა.

 

ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს 1898 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტმა კონკურსში გამარჯვებული ივანე ოქროს მედლით დააჯილდოვა. გაჭირვების გამო მან მედალი დააგირავა და შემდეგ ვეღარ დაიბრუნა. ეს ერთადერთი ჯილდოც ასე დაიკარგა. თითქოს საბჭოთა პერიოდი უნდა ყოფილიყო უღრუბლო. ყოველ შემთხვებაში ასეთ პირობას იძლეოდა  კომუნისტ მ. ორახელაშვილის განცხადება, მაგრამ ჯერ ე.წ „ვაკის მიწების“ მშრომელებისათვის გადაცემის კომპანია უქმნის საფრთხეს უნივერსიტეტს, შემდეგ, კი თვით ივანეს წინააღმდეგ დაწყებული უკომპრომისო ბრძოლა.

 

ოცდაცამეტი წლის ასაკში რექტორობის კარიერით გატაცებული კ. ორაგველიძე თავის მოხსენებაში “საქართველოს ისტორიის საკითხისათვისკკ ადანაშაულებს ივანეს ისტორიული ფაქტების ვითომდა მიჩქმალვასა და გაყალბებაში.  რა თქმა უნდა მას  კომუნისტებისათვის ესოდენ აქტუალური „კლასთა ბრძოლის“ საკითხები აქვს მხედველობაში. ივ. ჯავახიშვილის თავმოყვარეობა შელახულია. მითუმეტეს, რომ ორაგველიძეს ზოგიერთი მისი მოსწავლეც უჭერს მხარს.  იგი იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტიდან წასვლის შესახებ. ერთ თვეში მას სამოცი წელი უსრულდება. ეს თარიღი მხოლოდ ახლობლებს ახსენდებათ. უმადურობასთან შერწყმული შეურაცხჰყოფა მძიმე დანალექს ტოვებს მასში. უარესდება მისი ჯანმრთელობაც. ცნობილია, რომ მას კუჭი აწუხებდა და ექიმები საქონლის ტვინის ჭამას ურჩევდნენ. „ვინ გყავთ ასეთი უტვინო, რომ სულ ტვინს აჭმევთ?“ უკითხავს ივანეს ნათესავისთვის ბაზარში გამყიდველს. მართლაც,  პარადოქსია.  ტიტანური სამეცნიერო შრომების ავტორი, შრომებისა, რომელთა მხოლოდ ჩამოთვლას დასჭირდება რამდენიმე ფურცელი  ჯერ დაამცირეს, ხოლო შემდეგ, არა მარტო შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს, არამედ დეპუტატადაც აირჩიეს, თუმცა უკვე გვიან იყო.

 

1940 წლის 18 ნოემბერს საჯარო ლექციის კითხვისას გულმა უმტყუნა. პირველი კათედრასთან აკაკი შანიძე აიჭრა. იქ იმყოფებოდა ივანეს სამივე შვილი. ჭეშმარიტი პედაგოგი თავისი მისიის შესრულებისას დაიღუპა. დაკრძალეს უნივერსიტეტის ეზოში. საკვდილის შემდეგ მოიხსენიებდნენ „დიდი ივანეს“ სახელით, 1976 წელს საზოგადოებამ ფართოდ აღნიშნა დიდი მეცნიერის  დაბადებიდან 100 წლისთავის იუბილე. დაადგინეს გამოცემულიყო ივ. ჯავახიშვილის თორმეტტომეული სათაურით „ქართველი ერის ისტორია“. ნამდვილი საჩუქარი თითოეული ჩვენგანისათვის, ხოლო 1989 წელს სრულიად სამართლიანად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი სახელი უწოდეს.

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / ჯავახიშვილი ივანე