წერეთელი გრიგოლი

მეცნიერების კეთილშობილი რაინდი

 

შემდგენელ-გამომცემლისაგან

 

ტრაგიკული ბედის დიდებულ ქართველ მოღვაწეთა შორის წამებულის ეკლიანი გვირგვინით შუბლმოსილი შემოგვცქერის სახელოვანი მეცნიერის, 37-იანი წლების უმანკო მსხვერპლის, გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლის კეთილშობილი პროფილი. ესაა სახე კაცისა, რომელმაც ანტიკური გმირივით სინათლისათვის თავდადებულმა, ერთხელაც არ უჩვენა ზურგი უძლეველ მტერს და განწირული, უკომპრომისო ბრძოლაში დაეცა. მისი აზრები და შეხედულებები, ცხოვრება და შემოქმედება არასოდეს დაკარგავს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, თან სდევს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას,  ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას და შთამაგონებელ მაგალითად გვევლინება ყველასათვის. მას, „სრულიად განსაკუთრებულს მთელს ქართულ კულტურაში“, ჯერ კიდევ ჯეროვნად არ იცნობს ქართველი ხალხი, რადგან რეჟიმისაგან ტაბუდადებული მისი შემოქმედება მხოლოდ უმძიმეს 20-30-იან წლებში გამოდიოდა ივანე ჯავახიშვილის ხელშეწყობით და მას შემდეგ მიუწვდომელი გახდა ფართო საზოგადოებისათვის.

და აი ახლაც, როდესაც უმძიმესია საქართველოს მდგომარეობა, როდესაც გამანადგურებელი, გაუთავებელი კატაკლიზმებისაგან გამუდმებით ვირხევით, როდესაც ჰაერვით გვჭირდება დიდებულ შვილთა ისეთი სიტყვა, რომლითაც ისინი ეხმაურებიან ჩვენს ყოველდღიურობას და ჩვენი დაცემა-აღზევების მონაწილენი ხდებიან, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ყური მიაპყრო მივიწყებული დიდი მოღვაწის მრავალმხრივ ეროვნულ მნიშვნელობას და მისი დაბადებიდან 130 წლისთავზე  ამ წიგნის გამოცემა დააფინანსა. იგი ძირითადად პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მასალებისგან შესდგება, მაგრამ ბევრი რამ მასში პირველად იბეჭდება. ასეთია გრიგოლ წერეთლის მამის -ფილიმონის დღიურები და დის - ელენეს „ერთი წერილი“, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის იმ ოჯახურ გარემოსა და სულიერ ნიადაგზე, რომლიდანაც ნაყოფიერად ამოიზარდა საუკეთესო მოღვაწეთა მთელი თაობა. პირველად ქვეყნდება ქართულად გრიგოლ წერეთლის ეპისტოლური მემკვიდრეობის ნაწილი, ანტიკურ პოეტთა მისეული თარგმანების შესავალი წერილები,  ცნობილი ფილოლოგების: აკად. ი. ფიხმანისა და აკად. ფ. პეტროვსკის, პროფ. გ. გიგოლოვის, ან. ბაქრაძის, ნან. ყანჩაველის, ფელ. დანელიას წერილები.

 

ქართველი კაცი უნდა იცნობდეს დიდებულ გრიგოლს ისე, როგორც იცნობს იგი საქართველოს ყველაზე გამოჩენილ შვილთა ცხოვრებას და შემოქმედებას. ამიტომ მკითხველებისა და გამომცემლების სახელით  უღრმეს მადლობას მოვახსენებთ აკად. ბატონ ანდრია აფაქიძეს და ცნობილ მოღვაწესა და მეცენატს ბატონ ნიკო ლეკიშვილს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რათა გრიგოლ წერეთლის შესახებ ეს პირველი ქართული წიგნი როგორმე გამოგვეცა. ეს არაა ჩვეულებრივი ქველმოქმედება. ეს დღეს, - სრული უგულობის, უპურობის და ნგრევის ვითარებაში ბევრად მეტი რამაა და ამის დავიწყება შეუძლებელია. ამის შემდეგ, თითოეული ჩვენგანი, აკად. აკაკი გაწერელიას სიტყვებით რომ ვთქვათ, გადავფურცლავთ და გადავიკითხავთ ამ წიგნს, დავხედავთ გრიგოლ წერეთლის ამ სურათს, მოვიგონებთ მის მიმართ ჩადენილ უსამართლობებს და ჩვენი დღევანდელი უკუღმართი ბედ-იღბალის გახსენებისას, ცოტათი დავმშვიდდებით.

2002 წ. აგვისტო

გრიგოლ წერეთელი

 

ჩემი ავტობიოგრაფია

 

დავიბადე პეტერბურგში 1870 წელს; პირველი 11 წელიწადი გავატარე თბილისში და ვარშავაში, სადაც მსახურებდა მამაჩემი _ ჯერ სამხედრო-საოლქო სასამართლო წევრად, ხოლო შემდეგ მისი თავმჯდომარის ამხანაგად. 1881 წელს მამაჩემმა სამსახურს თავი დაანება და საბოლოოდ დასახლდა პეტერბურგში განსაკუთრებით იმ მიზნით, რომ სატახტო ქალაქში უფრო ადვილი იყო კარგი განათლება მიეცა შვილებისათვის. პირველ ხანებში მე ვსწავლობდი ჩემი მამის, დედის და დეიდის ხელმძღვანელობით; უკანასკნელი, ზ. ი. ლუჩაკ, იშვიათი ნიჭისა და განათლების პატრონი იყო: მან აღძრა ჩემში უაღრესი სიყვარული ენებისა, ლიტერატურისა და ისტორიისადმი. საშუალო განათლება მივიღე მაშინდელ საუკეთესო გიმნაზიაში, სახელდობრ, ისტორიულ-ფილოლოგიურ ინსტიტუტთან არსებულ გიმნაზიაში, სადაც მერვე კლასამდე უშუალო ხელმძღვანელობას გვიწევდა დირექტორი კ. ნეილისოვი, ძველი ენების დიდი მცოდნე და უაღრესად კეთილშობილი პედაგოგი. მე არასდროს არ დამავიწყდება, როგორის ტკბილი იუმორით შეხვდა ის ჩემს პირველ ცდას, როდესაც მე განვიზრახე, რუსულ-ბერძნული ლექსიკონის შედგენა. ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი იქნებოდა ეს ლექსიკონი, რომლის ავტორი მხოლოდ მეხუთე კლასში იყო! ნეილისოვი მუდამ ხელს გვიწყობდა ჩვენ, როდესაც-კი დაინახავდა ჩვენის მხრით დამოუკიდებელი მუშაობის სურვილს. ის, მაგ., არ გვიკრძალავდა ჟურნალის გამოცემას, რომელსაც ჩვენ “კლასიკოსი” ვუწოდეთ და სადაც ვათავსებდით ლექსებს, თარგმანებს, წერილებს გიმნაზიის ცხოვრების შესახებ: აქ განსაკუთრებით ირჩეოდა დანარჩენებში თავისი ლიტერატურული ნიჭით ნ. პავლოვ-სილვანსკი, შემდეგში ცნობილი ისტორიკოსი.

რადგან მე იმთავითვე მიზიდავდა ძველი ენები, ამიტომ გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევედი პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პირველ ხანებში, ბერძნულ-ლათინურთან ერთად, სანსკრიტის სწავლასაც შევუდექი (მას ჰკითხულობდა ცნობილი მეცნიერი ნ. მინაევი) და ამაზე დიდი დრო და ენერგია დავხარჯე, მაგრამ შემდეგ საბოლოოდ გადავედი ძველ-კლასიკურ ფილოლოგიაზე. იმ დროს ეს დარგი პეტერბურგის უნივერსიტეტში საუცხოვოდ იყო დაყენებული. საკმარისია გავიხსენოთ, რომ კლასიკური ფილოლოგიის სწავლებას ხელმძღვანელობდნენ ისეთი დიდი მეცნიერები, როგორიც იყვნენ ი. პომიალოვსკი, პ. ნიკიტინი (შემდეგ სამეცნიერო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი), ვ. იერნშტედტი, ვ. ლატიშევი და თ. ზელინსკი. და მე ყველა ამათთან ვსწავლობდი, მაგრამ ჩემი უშუალო ხელმძღვანელი იყო დაუვიწყარი ვ. იერნშტედტი.

მისი ლექციები მაინცდამაინც მიმზიდველი არ იყო: მისი ძალა ჩანდა, განსაკუთრებით, პრაქტიკული მუშაობისა და მეცნიერულ საკითხებზე საუბრის დროს. აქ ის შეუდარებელი იყო: იშვიათი ცოდნა ბერძნული ენისა და ლიტერატურის, მხატვრული გემოვნება, უნარი ბერძნული იდეებისა და სახეების სილამაზის შეგრძნებისა _ აი რა ახასიათებდა მას. აკადემიკოსი ვ. იერშტედტი არ იყო მრავალრიცხოვანი და ჭრელი აუდიტორიის პროფესორი; ის იყო ხელმძღვანელი რამდენიმე სპეციალისტისა, რომელთაც ის წრთვნიდა თავის მკაცრ სკოლაში, სადაც ადგილი არ უნდა ჰქონოდა “ზერელეობას”. მას დევიზად ჰქონდა: “საჭიროა იყო მეცნიერი და არა ვითომც-მეცნიერი”. ვ. იერშტედტი, გარდა იმისა რომ დიდებული ფილოლოგი იყო, ამავე დროს საუკეთესო მცოდნე იყო ბერძნული პალეოგრაფიის, რომელსაც მან მაზიარა დიდის უნარითა და ხელოვნებით. მისი ხელმძღვანელობით, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, დავწერე ჩემი პირველი შრომა, რომელიც “ბერძნული სტენოგრაფიის ისტორიას” შეეხებოდა და რომლისთვისაც მე ოქროს მედლით დამაჯილდოვეს (შემდეგ ეს შრომა დაბეჭდა უნივერსიტეტმა). ეს იყო ჩემი მეცნიერული შემოქმედების პირველი ნაბიჯი და მანვე გადაწყვიტა ჩემი შემდგომი მუშაობის ბედიც.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მე დატოვებულ ვიქმენ საპროფესოროდ მოსამზადებლად და ამავე დროს არჩეულ ვიქმენ საარქეოლოგიო საზოგადოების წევრად. 1894 წლიდან მოყოლებული, ვიდრე სამაგისტრო გამოცდების ჩაბარებამდე, ვკითხულობდი ლექციებს არქეოლოგიურ ინსტიტუტში და ძველს ენებს ვასწავლიდი მეათე გიმნაზიაში. მაგრამ ეს მუშაობა მე არ მაკმაყოფილებდა: მე ამას გარდამავალ საფეხურად ვთვლიდი _ მე მიზიდავდა წმინდა მეცნიერება. მალე, 1898 წელს, ჩემი ოცნება განხორციელდა: სამაგისტრო გამოცდების შემდეგ ორი წლით ვიქმენ მივლინებული საზღვარგარეთ (შემდეგ მივლინება ერთი წლით გამიგრძელეს ათონის მონასტრის ბიბლიოთეკებში სამუშაოდ). იმდენად საფუძვლიანი იყო მომზადება, რომელიც მე მივიღე პეტერბურგის უნივერსიტეტში, რომ მე არ დამჭირდა სისტემატური კურსის გავლა საზღვარგარეთის რომელსამე უნივერსიტეტში. ბერლინში ყოფნის დროს ვმუშაობდი მხოლოდ ისეთი კორიფეების სემინარებში, როგორიც იყვნენ ვილამოვიცი და დილსი. ისე კი მე ვამუშავებდი ბერლინის მუზეუმში ბერძნულ პაპირუსებს პროფ. ვილკენის ხელმძღვანელობით, ჯერ როგორც უბრალო სტუდენტი, შემდეგ კი მონაწილეობას ვიღებდი პაპირუსების გამოცემაში. მთელი ეს დრო (მივლინებისა) მე გავატარე პაპირუსებზე მუშაობაში ბერლინის, ვენის, მიუნჰენის, პარიზის, ლონდონის, ოქსფორდის, რომის, ვენეციის, ნეაპოლის, ფლორენციის უნივერსიტეტებში და დასასრულ ათონის მონასტრების წიგნთსაცავებში. ამით მე საშუალება მომეცა შემეგროვებინა მასალები ბერძნული სტენოგრაფიის ისტორიისათვის (რითაც მე ვისარგებლე ჩემი სამაგისტრო დისერტაციისათვის “შემოკლებათა სისტემა ბერძნულ ხელნაწერებში”), შემესწავლა ათონის, რომის და კონსტანტინეპოლის სიძველეები, დამეწყო მუშაობა ბიზანტიელი ფილოსოფოსის და ჩვენი პეტრიწის მასწავლებლის, იოანე იტალის ტექსტებზე, გავცნობოდი პაპირუსთა უამრავ კოლექციებს და კავშირი დამეჭირა საზღვარგარეთის მთელ რიგ მეცნიერებთან.

პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ (1902წ.) სამი წლის განმავლობაში ვიყავი პრივატ-დოცენტად, ხოლო სამაგისტრო დისერტაციის დაცვის შემდეგ (1905წ.) არჩეულ ვიქმენ დორპატის უნივერსიტეტში ექსტრა-ორდინარულ პროფესორად. დორპატში ყოფნის დრო _ საუკეთესო ხანაა ჩემ ცხოვრებაში. წყნარი, კულტურული ქალაქი (მას ეძახდენ “ჩრდილოეთის ათენს”), მშვენივრად მომზადებული სტუდენტობა, საკმაოდ კარგად შერჩეული პროფესორთა შემადგენლობა, საუცხოვო წიგნთსაცავი და ჩინებული წიგნის-მაღაზიები _ ყველაფერი ეს სასიამოვნოდ ხდიდა დორპატში ცხოვრებას. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ მე ყოველ წელიწადს (არდადეგების დროს) მიმავლენდენ ხოლმე სამეცნიერო მიზნით საზღვარგარეთ და მე საშუალება მეძლეოდა გამეფართოებინა ჩემი ცოდნა. დორპატში ყოფნისას დავწერე მე მეტი წილი ჩემი შრომებისა (რუსულ-გერმანულ და ლათინურ ენებზე) და მათ შორის ჩემი სადოქტორო დისერტაცია “მენანდრეს ახალი კომედიები”. უკანასკნელი დავიცავი 1914 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც არჩეულ ვიქმენ პეტერბურგის უნივერსიტეტის ორდინარულ პროფესორად.

პეტერბურგში მე დამხვდა ჩემი ძველი მასწავლებლების და ამხანაგების წრე (თ. ზელინსკი, ს. ჟებელიოვი, მ. როსტოვცევი, ბ. ტურაევი, ი. სმირნოვი) და პატარა, მაგრამ მშვენივრად მომზადებული ჯგუფი სტუდენტობისა: ამათგან შემდეგში გამოვიდენ ისეთი მეცნიერნი, როგორიც არიან პ. იერნშტედტი, ო. კრიუგერი და ს. ყაუხჩიშვილი, რომელნიც ეხლა დიდის წარმატებით მოღვაწეობენ სამეცნიერო ასპარეზზე.

ამას მოჰყვა ომისა და რევოლუციის მძიმე წლები, როდესაც საუნივერსიტეტი მუშაობა მოდუნდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე მაინც განვაგრძობდი მუშაობას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო და 1917 წელს რუსეთის სამეცნიერო აკადემიამ ჩემი სამეცნიერო მიღწევების მიხედვით ამირჩია თავის კორესპონდენტ-წევრად.

რევოლუციის წყალობით რუსეთის იმპერიაში შემავალ ერებისათვის ახალი პერსპექტივები გადაიშალა და საქართველომაც შესძლო თბილისში თავისი უნივერსიტეტი დაეარსებინა. სხვებთან ერთად მეც ვიქმენ მოწვეული 1919 წელს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად და 1920 წლიდან დავბინავდი თბილისში, სადაც დღემდე განვაგრძობ მუშაობას. პედაგოგიური ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის რექტორის ივ. ჯავახიშვილის დახმარების წყალობით მე საშუალება მომეცა შევდგომოდი იოანე იტალის თხზულებათა გამოცემას, რომელიც დიდი ხანია განზრახული მქონდა და დღემდე დავბეჭდე უკვე ამ გამოცემის ორი ტომი (თბილისი 1924 და 1926 წწ.). გარდა ამისა მე შევუდექი რუსეთისა და საქართველოს კოლექციათა ბერძნული პაპირუსების გამოცემას, რომელიც ჯერ კიდევ, პეტერბურგში მქონდა განზრახული პროფ. როსტოვცევთან ერთად, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. დღეს უკვე დაბეჭდილია ჩემ მიერ ამ გამოცემის ორი ტომი (თბილისი 1925 და 1926 წწ.) ჩემი მოწაფეების იერნშტედტისა და კრიუგერის თანამშრომლობით. თუ მე შევსძელი ზემოაღნიშნული წიგნების გამოცემა, ეს მოხდა იმის წყალობით, რომ 1923 წლიდან დაწყებული, არდადეგების დროს, თბილისის უნივერსიტეტი მაძლევდა მივლინებას ლენინგრადსა და მოსკოვში იქაურ მუზეუმებსა და წიგნთსაცავებში სამუშაოდ. გარდა ამისა, 1924 წელს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ და საქართველოს სახელმწიფო კომისართა საბჭომ მიმავლინეს იტალიაში ნეაპოლის უნივერსიტეტის 700 წლის იუბილეზე მონაწილეობის მისაღებად და მე საშუალება მომეცა განმეახლებინა კავშირი საზღვარგარეთის მეცნიერებთან და მემუშავნა იტალიის წიგნთსაცავებში.

საზოგადოდ, თბილისში ყოფნამ შემაძლებინა მე ძველს სამეცნიერო კალაპოტში ჩავმდგარიყავ და კვლავ გამეშალა მუშაობა როგორც სამეცნიერო, ისე პედაგოგიურ ასპარეზზე: ეს გამოიხატა ლექციების კითხვაში და მთელი რიგი გამოკვლევების დაბეჭდვაში სხვადასხვა ენებზე.

1926 წელს თბილისის უნივერსიტეტმა მომანიჭა მე დამსახურებული პროფესორის წოდება, ხოლო 1927 წელს გერმანიის საარქეოლოგიო ინსტიტუტმა ამირჩია თავის კორესპონდენტ-წევრად.

ამრიგად, თბილისი ჩემთვის ნამდვილი “სიცოცხლის წყარო” აღმოჩნდა: მასთან დაკავშირებულია ჩემი ცხოვრების პირველი წლები და მან აღმადგინა მე სამეცნიერო მუშაობისათვის...

 

ვ. კ. ერნშტედტის ხსოვნას

 

იშვიათად თუ შეხვდები ნიჭიერ მეცნიერს, რომლის სულიერი თვისებები იმდენად სრულ ჰარმონიაშია მის სამეცნიერო შესაძლებლობებთან, რომ  ისინი თანაბრად ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთს. რაც უფრო ძნელად ჰპოებ ასეთ ადამიანს, მით უფრო მძაფრად განიცდი მის ზნეობრივ სილამაზეს და მით უფრო გიმძიმდება სული, თუ უდროოდ შეეხება მას სიკვდილის ხელი. ასეთ დროს ძნელია თავი ინუგეშო აზრით, რომ “ყველანი სიკვდილის შვილები ვართ”. ერთადერთი, რასაც ჩვენი მწუხარების შერბილება ოდნავ მაინც შეუძლია, ესაა განსვენებულის საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და კერძო ცხოვრების იმ წვრილმანთა გახსენება, რომელშიც ნათლად და სრულად გამოსჭვივის მისი პიროვნება.

მწუხარების ასეთ გრძნობას განვიცდი ჩემი მასწავლებლის და მეგობრის ვიქტორ კარლოს ძე ერნშტედტის სიკვდილის გამო, რომელიც გარდაიცვალა მიმდინარე წლის (1902წ.) 21 აგვისტოს.

იგი ეკუთვნოდა იმ უიშვიათეს ადამიანთა რიცხვს, რომლებიც არასოდეს არა ჰღალატობენ ცხოვრებასა და მეცნიერებაში მათ მიერ შემუშავებულ პრინციპებს. ამ პრინციპთა სიმართლეში იყო დარწმუნებული განსვენებული და სიტყვით და საქმით ატარებდა მათ ცხოვრებაში. მისთვის არ არსებობდა პირადი მოგება, რამდენადაც ეს ეწინააღმდეგებოდა მის სანუკვარ შეხედულებებს და აზრებს. შეხედულებებს და აზრებს უდაოდ პატიოსანი და წმინდა გულის ადამიანისა, რომელთანაც საკმარისი იყო ერთხელ მაინც გულწრფელად გესაუბრა, რომ სამუდამოდ განწყობილიყავი მისდამი ღრმა პატივისცემითა და ერთგულებით. მასთან ჩვენი საუბრები ატარებდა როგორც კერძო ცხოვრებისეულ, ისე  კერძო სამეცნიერო ხასიათს და მის მოწაფეთათვის თავისებურ დამატებას წარმოადგენდა ყოველივე იმაზე, რასაც ვიქტორ კარლოს ძე ეწეოდა თავის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში.

17 წლის ყმაწვილი იყო ვიქტორ კარლოს ძე ერნშტდედტი, როდესაც 1871 წ. შევიდა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტეზე და მთელი ოთხი წლის კურსი ძირითადად კ. ი. ლიუგებილთან და ფ. ფ. სოკოლოვთან გაიარა. ამ ხელმძღვანელთა არჩევით მან უკვე მოინიშნა ის გზა, რომელზედაც მომავალში უნდა განვითარებულიყო მისი შემდგომი სამეცნიერო მოღვაწეობა.

ამ გზის დასაწყისი რუსული კლასიციზმის ისტორიაში ამ ორმა ზემოხსენებულმა მეცნიერმა გაჰკვალა. თითოეულისგან, ვინც ამ გზას დაადგებოდა, ისინი მოითხოვდნენ, უპირველეს ყოვლისა, წყაროების სერიოზულ და დეტალურ შესწავლას. ამ გზის არჩევით ვ. კ. ერნშტედტი, ასე ვთქვათ, შეგნებულად წყვეტდა კავშირს მეცნიერებაში მაშინ გაბატონებულ სხვა შეხედულებებთან, რომელთაც საფუძვლად ედო არა დამოუკიდებელი მუშაობა, არამედ უცხოურ ნაშრომთა რუსულად გადმოთარგმნა. მაგრამ, დაადგა რა ამ ახალ სამეცნიერო გზას, ვიქტორ კარლოს ძემ პირველსავე ხანებში შეძლო მასში რაღაც იმ თავისის შეტანა, რომელსაც მანამდე რუსული კლასიციზმი ჯერ კიდევ არ იცნობდა. კერძოდ, მან შეძლო ხელნაწერების საფუძველზე შეესწავლა ძველი ავტორების ტექსტები.

 უკვე თავის პირველსავე სტატიაში “კრიტიკული შენიშვნები სვეტონიუსზე”  ვიქტორ კარლოს ძემ გამოთქვა აზრი, რომ “ყოველ შესწორებას საფუძვლად უნდა ედოს პალეოგრაფიული მონაცემები”. ამ შეხედულების შემდგომი განვითარება არის მოცემული მის საკანდიდატო ნაშრომში, რომელიც წარმოადგენს ანტიფონეს სიტყვების კრიტიკულ შენიშვნებს და ბრწყინვალე დასაბუთებაა იმისა, თუ რა ღრმად ჰფლობდა ვიქტორ კარლოს ძე ბერძნულ ენას და რა ფაქიზი კრიტიკული ალღო გააჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, არასრულ 24 წლის ასაკში. ამ პირველ ნაშრომებში გარკვეულად გამოიკვეთა მისი დიდი უნარი და სერიოზული სამეცნიერო მომზადება, - მონაცემები, რომელთაც კიდევ უფრო ბრწყინვალე გამოხატულება ჰპოვეს ვიქტორ კარლოს ძის შემდგომ ნაშრომებში, რომლებიც გამოვიდნენ 1879 და 1880 წლებში, რაც შედეგი იყო 1878 წელს ინგლისში მისი მივლინებისა.

ზოგიერთ მრავალტომიან თანამედროვე დისერტაციებთან შედარებით, ვიქტორ კარლოს ძის სამაგისტრო ნაშრომი “ანდოკიდეს, ისაიას, დინარქოსის, ანტიფონის და ლიკურგოსის ტექსტების საფუძვლები”  გაოცებს თავისი მინიატურულობით, მასში სულ არის 5 ნაბეჭდი ფურცელი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ წარმოადგენს Oნუს მაგის ქუამ ლიბრუმ-ს,  ამ შრომას ჰქონდა და დღესაც აქვს პირველსაფუძვლის მნიშვნელობა ყველასთვის, ვინც მოისურვებს ზემონახსენებ მწერალთა ნაწარმოებების გამოცემას. მასში ზუსტად და მტკიცედ, ზედმეტი სიტყვების გარეშე, ერთხელ და სამუდამოდ არის სათანადოდ შეფასებული წვრილი ორატორების ორი მთავარი ხელნაწერი; გარკვეულია მათი ურთიერთდამოკიდებულება, აღნიშნულია მათთან არც თუ დიდი მნიშვნელობის ზოგიერთ სხვა ხელნაწერთა დამოკიდებულებაც, -ერთი სიტყვით, გაკეთებულია ყველაფერი ის, რომლის გარეშე ახლა, ახალი ედიტიო-ს დროს, იოლად გასვლა არ შეიძლება. თვითონ ვიქტორ კარლოს ძემ მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენა თავისი ნაშრომი, რადგან ამ ნაშრომს პირდაპირი კავშირი ჰქონდა მის მიერ არჩეულ ავტორთან ანტიფონთან, რომლის სიტყვებიც გამოაქვეყნა მან 1880 წ. ამ გამოცემის პირველი გამოჩენისთანავე ატტიკელ ორატორთა მცოდნე, ცნობილი ჰოლანდიელი მეცნიერი კობეტი ახასიათებდა მას, როგორც “საუკეთესო და სასარგებლო ახალ ნაშრომს, რომელზე უკეთესს ვერც კი ინატრებდით”. ახლა, მისი გამოსვლიდან 22 წლის შემდეგ, იგი კვლავ ითვლება ანტიფონის სიტყვების ყველაზე სრულყოფილ გამოცემად. აგერ ახლახანს, ბერლინში ჩემი ყოფნის დროს, ვილამოვიც მოლენდორფის ლექციებზე მოვისმინე მისგან ამ შრომის დაახლოებით ისეთივე შეფასება, როგორიც თავის დროზე გააკეთა კობეტმა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ვილამოვიცმა უსაყვედურა რუს გამომცემელს მისი აზრით ზედმეტი რიტორიკა ზოგიერთი ლინგვისტური ფორმის განსაზღვრისას. მსგავსი განაჩენი ორი ყველაზე გამოჩენილი ელინისტისა, -რუსული სამეცნიერო შრომებისადმი საზღვარგარეთ ამჟამად არსებული მოჭარბებულად სკეპტიკური დამოკიდებულების ფონზე, გვიჩვენებს, რომ ვ. კ. ერნშტედტს დიდი დამსახურება აქვს რუსული კლასიციზმის ისტორიაში უკვე იმის გამო, რომ მან ერთ-ერთმა პირველმა დაამტკიცა თავისი შრომებით გერმანული ქუასი-ხუმრობის არცთუ სრული ჭეშმარიტება”.  ანტიფონეს სიტყვების გამოცემით დამთავრდა ვიქტორ კარლოს ძის სამეცნიერო მოღვაწეობის პირველი ეტაპი, -განსვენებულის განსაკუთრებული სამეცნიერო პროდუქტიულობის პერიოდი და ამასთან ერთად, მისი ძირითადი შეხედულებების მკვეთრად გატარების პერიოდი, რომელთა დაცვის გარეშე მას უაზრობად მიაჩნდა რუსეთში კლასიციზმის განვითარება. არა ერთხელ უსაყვედურეს ვიქტორ კარლოს ძეს მოჭარბებული სპეციალიზაცია. მის შეხედულებათა გარკვეულ სივიწროვედ მიიჩნევდნენ პირველწყაროების სერიოზულ და დეტალურ დამუშავებას. მაგრამ, სწორედ პირველწყაროთა ასეთ დამუშავებებს მიიჩნევდა ყოვლად სავალდებულოდ როგორც თავისთვის, ისე თავისი მოსწავლეებისთვის ვიქტორ კარლოს ძე იმის გამო, რომ როგორც საერთოდ მეცნიერებაში, ისე ყოველი ცალკეული მეცნიერის მოღვაწეობაში, წყაროების დეტალური გარჩევის პერიოდი და მათდამი კრიტიკული მიდგომა წინ უნდა უსწრებდეს ფართო განმაზოგადოებელ დასკვნებს. თუ მოსამზადებელი მუშაობის ეს პერიოდი გარკვეულად უკვე ათვისებული აქვს დასავლეთს, ჩვენი ჯერ ისევ ძალზე ახალგაზრდა მეცნიერება, რომელსაც უნდა რომ ნამდვილად დამოუკიდებელი იყოს, ამას გვერდს ვერ აუვლის.

ასეთი იყო ვიქტორ კარლოს ძის ძირითადი შეხედულება, რომელსაც იშვიათი თანამიმდევრობით ანხორციელებდა მთელი თავისი მეცნიერული მუშაობის განმავლობაში. ამ შეხედულების გატარებად შეიძლება ჩაითვალოს მისი სადოქტორო დისერტაცია, -“ატიკური კომედიის პორფირისეული ნაწყვეტები” - ბრწყინვალე გამოკვლევა, უფრო ზოგადი ხასიათისა და თითქოს თავისთავში შემკრები ყოველივესი, რაც გამოიმუშავა ვ. კ. ერნშტედტმა მთელი წინა პერიოდის მოსამზადებელი მუშაობით; რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს დისერტაცია მენანდრეს რამდენიმე, ნაწილობრივ შეფარდებით ცნობილი და ნაწილობრივ სრულიად უცნობი ნაწყვეტების გამოქვეყნებას მიეძღვნა; რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ბრწყინვალე დამატებებზე და შესწორებებზე, რომელთა წყალობით საცოდავი ნაწყვეტები შეკავშირებული ტექსტის ფორმას ღებულობს და მთლიან ლიტერატურულ ძეგლად გარდაიქმნება. ვიქტორ კარლოს ძის ამ ნაშრომში ვნახულობთ ენასთან, ლიტერატურასთან და პალეოგრაფიასთან დაკავშირებულ კიდევ მთელ რიგ ძვირფას წვრილმანებს, რომელთაც დადებით ფაქტორთა მნიშვნელობა გააჩნიათ და ჩვენს ფრაგმენტულ და ზოგად ცნობებს ამდიდრებენ ახალი, მნიშვნელოვანი და მაღალხარისხოვანი მონაცემებით.

განსვენებულის ეს სამუშაო ჭეშმარიტად კლასიკური ნაშრომია და რა შორსაც არ უნდა წავიდეს პროგრესის გზაზე ჩვენი ფილოლოგიური მეცნიერება, იგი არასოდეს არ დაკარგავს თავის მნიშვნელობას. ის წარმტაცი და ცოცხალი გადმოცემა, რომელიც მეტად მაღალ დონეზე ახასიათებს ამ ნაშრომს, შეადგენს განსვენებულის ყველა სხვა დანარჩენ შრომათა ორგანულ თავისებურებას. მაგრამ ეს წარმტაცობა გამოიხატება არა ლამაზი და ხმაურიანი ფრაზების აგებაში, არა ხმაურიანი სიტყვების აღმატებაში აზროვნებაზე, არამედ ენის სისადავეში, პლასტიკურობასა და სინათლეში, თითოეული ცალკეული გამოთქმის იშვიათ მოზომილობაში, სიტყვასა და საქმეს შორის იშვიათ შეთანხმებულობაში. მეორეს მხრივ, თითქმის ყველა, თვით ყველაზე მინიატურული სტატიისათვის კი დამახასიათებელია კიდევ ერთი იშვიათი ღირსება: როგორი პატარა, როგორი მცირეც არ უნდა იყოს საკითხი, რომელსაც იგი ეხება, მას უმცირეს დეტალებამდე აქვს ყოველთვის შესწავლილი. ამის გამო, განსვენებულის ყოველი სტატია იმდენად ყოველმხრივ მოთავებულია, რომ გამორიცხულია მასზე რამენაირი დამატების ან დანართის შესაძლებლობა.

ს. ა. ჟებელიოვის მიერ შედგენილ ნეკროლოგში  ვ. კ. ერნშტედტის ყველა მომცრო წერილი არის ჩამოთვლილი, რომლებიც ძირითადად ძველ ბერძენ ავტორთა ტექსტების კრიტიკას ეხება და უმთავრესად წარმოადგენენ გონებამახვილურ, დახვეწილ კონექტურებს, რომლის საფუძველია ენისა და პალეოგრაფიის მონაცემები. ამრიგად, ვიქტორ კარლოს ძე ყოველთვის რჩებოდა იმ ძირითადი შეხედულების ერთგული, რომელიც მან პირველად 1876 წ. გამოთქვა თავის ნაშრომში “კრიტიკული შენიშვნები სვეტონიუსზე”. აქ იგი ამბობს, რომ “ნებისმიერი ავტორის ამა თუ იმ ტექსტის შესწორება, ორგანულ კავშირში უნდა იმყოფებოდეს პალეოგრაფიასთან და ენის თავისებურებებთან”. უკანასკნელი დიდი შრომა, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად არის ეს შეხედულება გატარებული, შეიძლება ჩაითვალოს აქამდე უცნობი ბიზანტიური ძეგლის გამოცემა, რომელსაც ვ. გ. ვასილევსკიმ მიაგნო და ვ. კ. ერნშტედტის დახმარებით 1896 წ. გამოაქვეყნა. ეს ძეგლი აღმოაჩინა და ისტორიულად შეაფასა ვ. კ. ვასილევსკიმ, ხოლო სხვა მხრივ ყველაფერი, მათ შორის მისი პალეოგრაფიული და გრამატიკული ნაწილების შესავალი ვ. კ. ერნშტედტმა გააკეთა მისთვის დამახასიათებელი კრიტიკული ალღოთი და ერუდიციით. ნათქვამიდან ჩანს, რომ ანტიკური ლიტერატურის სხვადასხვა საკითხის გარკვევისადმი მიძღვნილ თავის ნებისმიერ ნაშრომში განსვენებული ვ. კ. ერნშტედტი აუცილებლად სარგებლობდა ბერძნული პალეოგრაფიით, როგორც დამხმარე დარგით, - მეცნიერებით, რომელიც მანამდე ჩვენთან მხოლოდ შემთხვევით როლს თამაშობდა და ზოგჯერ, ჟამიდან ჟამზე თუ გამოჩნდებოდა ხოლმე, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით სასარგებლო პალეოგრაფიული ნაშრომი. მაგრამ ამასთან ერთად, პალეოგრაფიის თეორიულ დამუშავებაზე სიტყვაც კი არ იყო არსად ნათქვამი, თუ ანგარიშში არ მივიღებთ ი. ი. სრეზნევსკის საკმაოდ სუსტ ნაშრომს - “პალეოგრაფიული დაკვირვებანი ბერძნული დამწერლობის ძეგლებზე”.

ამრიგად, ვიქტორ კარლოს ძე აღმოჩნდა ჩვენში პირველი სწავლული, რომელმაც შეგნებულად მიუჩინა თავის შრომებში ადგილი მეცნიერების ამ მიგდებულ დარგს და სრულყოფილად დაეუფლა მას 1878, 1882 და 1885 წლებში საზღვარგარეთ მივლინებების დროს. სარგებლობდა რა პალეოგრაფიით, როგორც სამსახურებრივად აუცილებელი მეცნიერების დარგით იმდენად, რამდენადაც იგი აუცილებელი იყო მისთვის ამა თუ იმ ტექსტის გამოცემისას, ვიქტორ კარლოს ძე მას ამასთან ერთად თეორიულადაც ამუშავებდა. განსვენებულის თითქმის ყოველ ნაშრომში შეხვდებით ძვირფას პალეოგრაფიულ შენიშვნებს, რომლებიც ეხება როგორც თვითონ დამწერლობის ისტორიას, ისე მის მომიჯნავე საკითხებს. ამ მხრივ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რასაც ვ. კ. ერნშტედტი ამბობს სადოქტორო დისერტაციის პირველ თავში, სადაც საქმის დიდი ცოდნით საუბრობს ასომთავრულზე და სხვა საკითხებზე. პალეოგრაფიული ელფერის სხვა თეორიული შრომებიდან უნდა მოვიხსენიოთ ორი სტატია: “862 წლის პორფირისეული დავითნიდან”  “კოპტური დამწერლობის ბერძნული ხელნაწერი”. პირველ სტატიაში გარჩეულია ძალზე ძნელი დამწერლობის მქონე ტექსტი, რომელიც შეიცავს იესო ქრისტეს საპატივცემულო ჰიმნის პერიფრაზს (თვითონ ჰიმნს აქვს ჩარმინის ფიგურატი -ს ფორმა და იქვეა გამოცემული). აქ პირველადაა სათანადოდ შეფასებული ბერძნული დამწერლობის ისტორიისათვის მეტად მნიშვნელოვანი კურსივის ძეგლი, რომელიც კურსივის განვითარების იმ ბოლო სტადიას წარმოადგენს, როდესაც იგი უკვე ნუსხურში გადადის. მეორე სტატიაში ასევე პირველადაა ნაჩვენები ბერძნული დამწერლობის პროვინციალური ტიპების არსებობა და აღნიშნულია მისი ერთ-ერთი სახეობა, კერძოდ კოპტური ყაიდა, -დაკვირვება, რომელიც უკვე მთელი დასავლეთ ევროპის მეცნიერებაში ფართოდ არის აღიარებული.

ვიქტორ კარლოს ძის სამეცნიერო მოღვაწეობის ეს ჩემი ნარკვევი, ვერ განაცხადებს პრეტენზიას მისი შემოქმედების სრული სისავსით და ამომწურავად განხილვაზე. მე, ჩემის აზრით, აღვნიშნე მხოლოდ ყველაზე მსხვილი დამსახურებები განსვენებულისა, საზოგადოდ რუსული მეცნიერებისა და კერძოდ და განსაკუთრებით რუსული კლასიციზმის წინაშე. რომ ნამდვილად დიდია ეს დამსახურებები, ამას არა მხოლოდ ჩემი ეს სუსტი მცდელობა ადასტურებს, არამედ ის მოსაზრებებიც, რომლებიც ვიქტორ კარლოს ძის ნაშრომთა მიმართ არაერთხელ გამოთქმულა რუს და საზღვარგარეთელ მეცნიერთა მიერ. მაგრამ მხოლოდ ნაბეჭდი შრომებით არ ამოიწურება ვ. კ. ერნშტედტის სამეცნიერო მოღვაწეობა, მან პეტერბურგის უნივერსიტეტს მიუძღვნა თითქმის 25 წელი თავისი სიცოცხლისა. იგი აქ 1877 წლიდან გამოჩნდა ჯერ როგორც მასწავლებელი, შემდეგ კი კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი.

ჩემი მასწავლებლის მოღვაწეობის ამ მხარის გარჩევისას მე უნდა ვთქვა უპირველეს ყოვლისა ის, რომ ვიქტორ კარლოს ძე აქაც ისეთივე ფხიზელი და დაკვირვებული მკვლევარი და მაძიებელი იყო, როგორც თავის ლიტერატურულ მოღვაწეობაში. განსვენებული  იყო არა მხოლოდ სიტყვის, არამედ საქმის კაციც. მისი ლექციები, მიძღვნილი როგორც ბერძენი ავტორების, ისე ბერძნული ენისა და ბერძნული ლიტერატურის ისტორიისადმი, არა ჰკრეფდა მჭევრმეტყველების ყვავილებს. ამის გამო, გარეგნული ფორმით, მისი ლექციები არ გამოირჩეოდა სილამაზით და მხოლოდ მას შეიძლებოდა მოწონებოდა, ვისაც სურდა ნამდვილი მეცნიერებისთვის მიეპყრო ყური. ვისაც უნდოდა თანდათან “გამხდარიყო” და არა “მოგვჩვენებოდა” მეცნიერად. ამიტომ, მხოლოდ ერთეულები და ისიც სპეციალისტი-კლასიკოსები ნახულობდნენ სიამოვნებას პროფესორის სადა და ბუნებრივად მდინარე მეტყველებაში. თავისი მსმენელებისგან იგი უწინარესად ცოდნას მოითხოვდა და არა “ზერელობას”. სტუდენტებისადმი წაყენებული ასეთი მოთხოვნები მით უფრო საფუძვლიანი იყო, რომ თვითონ ვიქტორ კარლოს ძე არასოდეს  გამოთქვამდა ისეთ აზრს, რომლებიც ფაქტებით არ იყო სათანადოდ გამაგრებული. რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნები პრაქტიკული მეცადინეობების დროს უფრო იყო გამოკვეთილი. ამ დროს ვ. კ. ერნშტედტი საბოლოოდ იცილებდა თავიდან პროფესორის ობიექტურ როლს და ლექციებს მთლიანად საუბრის ხასიათს აძლევდა. მე კარგად მახსოვს ეს ლექციები, რომელთა მთავარი მიზანი იყო მსმენელებში იმ სერიოზული აზრისა და უნარის გაღვივება, რომ თავისუფლად გარკვეულიყვნენ როგორც წყაროებში, ისე არსებულ სამეცნიერო შეხედულებებში. “ნამდვილი მეცნიერისათვის”, - არაერთხელ უთქვამს ჩემთვის ვიქტორ კარლოს ძეს, -“არ უნდა არსებობდეს ავტორიტეტები. მისთვის პირველ ადგილზე უნდა იდგეს მისივე საკუთარი აზრი კრიტიციზმის მინარევებით”. ავტორიტეტისადმი ამ “არათაყვანისცემას” ვიქტორ კარლოს ძე მოითხოვდა პირადად მის მიმართაც და ამით, რამდენადაც მე მისი მონაყოლიდან შემიძლია ვიმსჯელო, მოგვაგონებდა თავის მასწავლებელს კ. ი. ლიუგებილს. ამ უკანასკნელს სიამოვნებას ანიჭებდა, როდესაც მსმენელები მასთან კამათს იწყებდნენ და თავიანთ მოსაზრებებს იცავდნენ ან ამტკიცებდნენ. ვიქტორ კარლოს ძესაც ძლიერ ახასიათებდა ეს თავისებურება. იგი ამბობდა: “დაე, სტუდენტი დაეჭვდეს პროფესორის სიტყვებში: ეს ხომ დამოუკიდებელი აზროვნებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია”. მაგრამ აძლევდა რა მსმენელებს “თავისი მსჯელობის” უფლებას, იგი ამასთან მოითხოვდა, რომ ეს ყოფილიყო არა ცარიელი “ფრაზეოლოგია”, არამედ ასე თუ ისე დასაბუთებული და მოტივირებული მსჯელობა. იგი სტუდენტებთან დამოკიდებულებაში საერთოდ საოცარი სირბილით გამოირჩეოდა და შეძლებისდაგვარად თანაგრძნობითა და გულისხმიერებით ეკიდებოდა მათ. მთელი ძალისხმევით ცდილობდა დაეკმაყოფილებინა ყველა მათი საჭიროებანი და მოთხოვნილებანი. კიდევ უფრო მეტი გულითადობით გამოირჩეოდა თავის უახლოეს მოწაფეებთან ურთიერთობაში, რომლებიც მასში არა მარტო ხელმძღვანელს ხედავდნენ, არამედ მეგობრადაც მიაჩნდათ.

მე არასოდეს  დამავიწყდება ის მომხიბლავი შთაბეჭდილება, რომელიც ჩემზე, ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტზე, მან მოახდინა. პირველი გაცნობისთანავე ვიქტორ კარლოს ძე ისე მომეალერსა, ისე დააინტერესა ყოველმა ჩემმა შეკითხვამ და საბოლოოდ ისეთი ყოველმხრივი მზადყოფნა გამოხატა ჩემს დასახმარებლად თავისი რჩევებითა და მითითებებით, რომ პირველივე წუთებიდან შემიპყრო უღრმესი პატივისცემისა და ერთგულების გრძნობებმა, რომელთაც შემდეგში გამუდმებულად განვიცდიდი ჩემი ახლად განსვენებული მასწავლებლისადმი.

მაგრამ, რბილი და თანამგრძნობი ყოველივე კარგ საქმეში, ვიქტორ კარლოს ძე მთლიანად კარგავდა წონასწორობას ცხოვრების უარყოფით მოვლენებთან შეჯახებისას და პირდაპირ დაუნდობელი ხდებოდა. ყოველგვარი ტყუილი, სინამდვილის ყოველგვარი, თუნდაც მიახლოებითი დამახინჯებაც კი, ამ მთლიან, ჰარმონიულ და სუფთა ბუნების ადამიანში სრულ სიძულვილს აღვიძებდა დამნაშავის მიმართ. რბილი, მაგრამ მომთხოვნი, გულითადი, მაგრამ მოვალეობის პირველ ადგილზე დამყენებელი, ვიქტორ კარლოს ძე ასეთივე რჩებოდა თავის მოწაფეებთან დამოკიდებულებაში, იგი მათთვის უწინარესად ნამდვილი ხელმძღვანელი, მთელი მათი სამეცნიერო ცხოვრების სერიოზული მეთვალყურე იყო. იგი ყოველნაირად ცდილობდა არ დაეშვა მათი ყველაფერზე მოპოტინება, მაგრამ მეორეს მხრივ, საგნით ცალმხრივად გატაცების შემთხვევაში, აუცილებელ მოვალეობად მიაჩნდა წარმოეთქვა თავისი "ცეტერუმ ცენსეო."

განსაკუთრებით საწყის სტადიაში, იგი სწვდებოდა თავის მოწაფეთა სამეცნიერო მუშაობის ყოველ დეტალს და ფხიზლად ადევნებდა თვალს, თუ რა მიმართულებით უფრო იჩენდა უნარს ესა თუ ის სტუდენტი, ამის მიხედვით წარმართავდა შემდგომ თითოეულის მუშაობას, მაგრამ ამასთან ერთად, გარდაუვალ პირობად სვამდა სხვა, უფრო ზოგადი ფილოლოგიური ცოდნის შეძენის აუცილებლობასაც.

თვით უკანასკნელ წლებშიც კი, მძიმე ავადმყოფობის შეტევების მიუხედავად, იგი არ ღალატობდა თავის თავს და სულიერად მასთან ახლო მდგომი ადამიანების ყველა სამეცნიერო ინტერესთა კურსში იმყოფებოდა. მაგრამ არა მარტო მათი სამეცნიერო მოღვაწეობა პოულობდა ვიქტორ კარლოს ძის სახით გულითად ხელმძღვანელს და მკაცრ მოსამართლეს, არა, თვით ყველაფერი ის, რაც მათ პირად ცხოვრებას შეეხებოდა, ყოველთვის ღრმად აღელვებდა განსვენებულს. სრული გულახდილობით შეიძლებოდა გამოტყდომოდით მას თქვენს მწუხარებასა და წარუმატებლობაში,  თქვენს გულგატეხილობასა და იმედთა გაცრუებაში, რადგან ყოველთვის და ყველაფერზე მოეპოვებოდა მას თავისი ნუგეშისცემა და სიყვარული.

ამიტომ გვყავდა ჩვენ ყველას, მის უახლოეს მოწაფეებს, ვიქტორ კარლოს ძის სახით, არა მხოლოდ ხელმძღვანელი, არამედ ჩვენთან სულიერად და სამეცნიერო ინტერესებით მჭიდროდ დაკავშირებული უანგარო მეგობარი.

მაგრამ ეს ის ნამდვილი მეგობარი იყო, რომელიც მუდმივად მოგვაგონებდა, რომ ჩვენ 1.  “ვალდებული ვართ პედანტური სიმკაცრით მოვეპყრათ ჩვენს თავსა და ჩვენს მოვალეობას”. რომ ჩვენ 2.  “სერიოზულად უნდა გვიყვარდეს მეცნიერება, რადგან მეცნიერება მისდამი სიყვარულის გარეშე არარაობაა”; დაბოლოს, რომ ჩვენ 3.  “არა გვაქვს მორალური უფლება თავმოყვარეობის და პატივმოყვარეობის იმ სტიმულებით გატაცებისა, რომელთაც არავითარი დამოკიდებულება სუფთა მეცნიერებასთან არ გააჩნიათ”.

მახსენდება განსვენებულის ყველა ეს სიტყვა, რაც ბრწყინვალედ ახასიათებს მის პიროვნებას და არ შემიძლია დარდის გარეშე გავიხსენო ვიქტორ კარლოს ძის სიცოცხლის უკანასკნელი წლები, როდესაც მას, ავადმყოფობით გატანჯულს, უნდა დაეცვა თავისი სანუკვარი სამეცნიერო და ცხოვრებისეული იდეალები იმ ახალი მიმართულების საწინააღმდეგოდ, რომელმაც მაშინ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი მეცნიერება მოიცვა. “როგორ მინდა, რომ ახლა თქვენთან ვიყო, -მწერდა საზღვარგარეთ ჩემი მივლინების უკანასკნელ თვეებში ვიქტორ კარლოს ძე, -მიმძიმს... მაგრამ რა ვქნა! არ შემიძლია, რადგან მოვალე ვარ აქ ვიმყოფებოდე”.

განსვენებულის ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ უკანასკნელ წუთებამდე იგი, მიუხედავად ყველაფრისა, თავისი თავის ერთგული დარჩა. არცერთი ყალბი ნაბიჯით არ დაურღვევია თავისი ბუნების იდეალური მთლიანობა. ისევე, როგორც მისი მასწავლებელი კ. ი. ლიუგებილი, ვიქტორ კარლოს ძე იყო იდეალისტი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მთელი თავისი ცხოვრებით უნდოდა ეჩვენებინა, რომ “მარტო კაციც კი ბრძოლის ველზე მებრძოლი არის, თუ იგი ერთი წუთით არ ღალატობს თავის ძირითად პრინციპებს”. ამ პრინციპებით მუდმივად მიისწრაფვოდა იგი სინათლისა და ჭეშმარიტებისაკენ.

სანკტ-პეტერბურგი

1903წ.

 

 

ნეაპოლი - რომი - ბერლინი

(საზღვარგარეთის შთაბეჭდილებანი)

 

 

 

როდესაც მე 1913 წელს ბერლინის რკინის გზის სადგურზე ჩემს მეგობარ გერმანელებს ვეთხოვებოდი და ერთმანეთს ვეუბნებოდით ”აუფ ბაიდიგეს ჭიედერსცჰენ”-ს, არც მე და არც ისინი არ ვფიქრობდით, რომ ეს “მალე” კარგა ხანს გაგრძელდებოდა და რომ ბევრ მათგანს მე სრულიადაც ვეღარ ვნახავდი. ომმა და მის შემდეგ მომხდარმა ამბებმა საშუალება მომისპეს ყოველ წლივ-როგორც ეს მიღებული იყო ჩვენს სამეცნიერო წრეებში,-მენახულა ხოლმე დასავლეთი ევროპა იქაურ მეცნიერებთან კონტაქტისა და მეცნიერულ მიღწევათა გაზიარების მიზნით: დასავლეთი ევროპა მთლად მოსწყდა ჩვენს ჰორიზონტს. მხოლოდ გასული წლის გაზაფხულს გამიღიმა ჭირვეულმა თყცჰე-მ და მისი წყალობით საშუალება მომეცა კიდევ ერთხელ მეხილა დასავლეთი ევროპა და თუნდაც მოკლე ხნით,-ვზიარებულიყავ მის კულტურას. მოხდა ისე, რომ ნეაპოლის უნივერსიტეტი (რომელიც 1224 წელსაა დაარსებული ფრიდრიჰ მეორე ჰოჰენშტაუფენის მიერ) თავისი არსებობის 700 წლის იუბილეს იხდიდა და ტფილისის უნივერსიტეტი მიწვეულ იქნა საიუბილეო ზეიმზე. მე წილად მხვდა არჩეული ვყოფილიყავი ტფილისის უნივერსიტეტის წარმომადგენლად, რათა გადამეცა ნეაპოლის უნივერსიტეტისათვის მისალოცი ადრესი, რომელიც შედგენილ იქმნა ჩვენ მიერ ლათინურსა და ქართულ ენებზე, ხოლო მხატვრულად შესრულებული პერგამენტზე პროფ. შარლემანის მიერ. ჩემი ოცნება ხორციელდებოდა და შეუძლებელი თითქოს შესაძლებელი ხდებოდა!

მაგრამ, დიდმა ხანმა გაიარა, ვიდრე ჩემი გამგზავრების საკითხი საბოლოოდ გადაწყდებოდა. ზეიმის დღე, რომელიც დანიშნული იყო 7 მაისისათვის ახლოვდებოდა, მე კი ჯერ კიდევ ტფილისში ვიყავ, აპრილის გასულს, როგორც იქნა, მე გავემგზავრე, მაგრამ შორი გზით “მოსკოვი-რიგა-ბერლინი”, რადგან გემმა, რომელიც პირდაპირ ნეაპოლში მიდიოდა, გამასწრო. მოსკოვში კი მომისწრო აღდგომის დღესასწაულებმა და მე დიდხანს შევრჩებოდი იქ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთ სათანადო ზომები არ მიეღოთ: ისინი მე ყველაფერში მშველოდენ, რაც კი მათგან იყო დამოკიდებული და 1 მაისს მე უკვე რიგისაკენ გავემართე.

მე ბედნიერი ვიყავ, ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ ეწყობოდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, “ერთს ჰფიქრობ, და მეორე ხდება”. როდესაც 1 მაისს წითელი დროშითა და მწვანე გირლიანდებით შემკული მატარებელი ლატვიის საზღვარს მიადგა, ის იქ დააკავეს და მოითხოვეს წითელი დროშის ჩამოხსნა. მემანქანე, რასაკვირველია, არ დაემორჩილა ასეთ მოთხოვნას: დროშის ჩამოხსნა მას მხოლოდ ნაშუაღამევს შეეძლო, ე.ი. როდესაც დღესასწაული გათავდებოდა. ამის შედეგი ის იყო, რომ ჩვენ ნაშუაღამევის 1 საათამდე საზღვარზე ვიცადეთ და ამ რიგად რიგაში ვეღარ ჩაუსწარით საზღვარგარეთის მატარებელს. მხოლოდ საღამოს 10 საათზე ჩავედით ჩვენ რიგაში და, რადგან მატარებელზე უკვე დაგვიანებული იყო, იქვე გავათიეთ ღამე და მხოლოდ მეორე დილით გავემგზავრეთ ბერლინისაკენ. ასე რომ, მე ორი დღე დავკარგე. მესამე დღე კი ბერლინში დამეკარგა, რადგან მე იქ კვირა დღეს ჩავედი, როდესაც დაწესებულებებში მუშაობა არ სწარმოებს: მე კი ავსტრიის საკონსულოში უნდა მიმეღო ”Dურცჰრეისევისა”. საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ ყველა ეს ვიზები მეტად აბრკოლებენ მგზავრს: ვიზები კი აუარებელი სჭირდება ადამიანს. მაგ.: იტალიაში ჩასასვლელად მე დამჭირდა ხუთი ვიზა: იტალიის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვისა და ავსტრიის. მადლობა ღმერთს, რომ იმ დროს გაუქმებულ იქმნა ბავარიის ვიზა, და არც განსაკუთრებული ვიზა დამჭირდა “პოლონეთის კორიდორის” გასავლელად. მერე რა საშინელებაა ეს საზღვრები! საყურადღებოა, რომ რაც უფრო პატარაა სახელმწიფო, მით უფრო ახირებული არიან მოხელეები და მით უფრო ლაპლაპაა მათი ტანსაცმლის ფორმა! დიდი ვაივაგლახი დამჭირდა, რომ გადამერჩინა მისალოცი ადრესი (რომელიც მე მიმქონდა ნეაპოლის უნივერსიტეტისათვის) გაფუჭებისაგან: ისე ხშირად ზვერავდნენ ხოლმე მას საზღვარზე; სამაგიეროდ მე არც ერთი მოსკოვის გაზეთი აღარ შემრჩა: ლატვიის საზღვარზე ყველა გაზეთი ჩამომართვეს მიუხედავად ჩემი თხოვნისა და პროტესტებისა.

 

აი, ბრენნეროც: უკვე იტალიაში ვარ! მე უჩვენებ ჩემს დოკუმენტებს. დოგანის წარმომადგენელნი იშვიათის პატივისცემით მეპყრობიან. ჩემს ბარგს, როგორც დელეგატისას, ისინი არ სინჯავენ. მე თვითონ ვაჩვენებ მათ მისალოც ადრესს, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ ამავე დროს ერთ ძალიან სამწუხარო ცნობას გადმომცემენ: ნეაპოლის დღესასწაულები უკვე თავდება! ერთ ხანს მე ძალიან მაშფოთებს ეს ამბავი: ასე შორიდან მოიჩქაროდე და დღესასწაულების დასასრულს-ღა მიუსწრო! მაგრამ შემდეგ იტალიის თვალწარმტაცობა ყველაფერს მავიწყებს. მე კვლავ ვხედავ ნაცნობ ადგილებს: აი ვერონა, კატულლის სამშობლო, აგერ ბოლონაა, ფირენცე, აი თვით რომიც! მაგრამ, ჯერჯერობით მე მათ განზე ვტოვებ, მატარებელი მე სამხრეთით მიმაქროლებს; მე ჯერ ნეაპოლი მჭირდება!

თუმცა, შეუძლებელია არ შეამჩნიო ყველა ის სილამაზე, რომელიც მგზავრის წინ იშლება მატარებლიდან. დე, ვაგონში სული გეხუთებოდეს და ჰაერი თამბაქოს კომლით იყოს გაჟღენთილი (”ვიეტატო ფუმარე”-ს არავინ ანგარიშს არ უწევს)! დე, ირგვლივ იტალიური ენის რაკრაკი ისმოდეს! სამაგიეროდ, როგორი ლაჟვარდია!.. აქვე ხავერდოვანი მინდვრები, ჰაეროვანი მთები და ხუჭუჭა ვენახები! თვალს ვერ აშორებ მათ, იმდენად ფერადოვანი და თვალწარმტაცია ისინი. ასე გგონია, თითქოს ყველაფერი იცინის, თითქოს ყველაფერი ატარებდეს ბედნიერების მხიარულ და უდარდელ ღიმილს! ასე გგონია, თითქოს მწუხარებას არც კი შეიძლება ადგილი ჰქონდეს აქ! “სინიორ, სინიორ, უკვე ვეზუვი სჩანს”, მეუბნება ჩემი მეზობელი-იტალიელი, რომელსაც იადონი მოჰყავს თან. ის ყველას უჩვენებს მას და მუდამ ერთსა და იმასვე იმეორებს: ”ე უნ მასცულო ეცომე ცანტა!” მერე რა გასაკვირია? იტალიაში ყველაფერი მღერის, არა თუ იადონი! მე უცქერი ვეზუვის, ის დღეს რაღაც არ ჰბოლავს. და როგორ ლამაზია ის ჩამავალი მზის სხივებში, ოდნავ დაბურული მწუხრის ჩაფიქრებული ნისლით! აი, ვეზუვიც მიიმალა... ღამდება... ჩვენ უახლოვდებით სადგურს, და გამოვდივარ თუ არა ვაგონიდან, მაშინვე გარს მეკვრის იტალიური ფუსფუსი, მისი განსაკუთრებული ხმაურითა და უდარდელობით. დიახ, ნეაპოლი არ გამოცვლილა მას აქეთ, რაც მე ის არ მინახავს. ის ისეთივე მყვირალაა, თითქოს ერთი წუთითაც არ სცხრება და ისწრაფის ამოსწუროს ყველაფერი... სიცოცხლე ხომ მოკლეა და მალე წარმავალი!

 

2

მე დავბინავდი

  "ოტელ დე ნაპლში" კორსო უმბერტოზე, თითქმის უნივერსიტეტის პირდაპირ; ეს შენობა მძიმეა თავის არქიტექტურით, მაგრამ დიდებული და სრულიად შეეფერება იმ მნიშვნელობას, რომელიც ჰქონდა ნეაპოლის უნივერსიტეტს იტალიის განათლებისა და მეცნიერებისათვის! მაგრამ, განა მარტო იტალიისათვის არის ის მნიშვნელოვანი? ჩვენ. ქართველებსაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში ჩვენი ახალგაზრდობა მიემგზავრებოდა ხოლმე ნეაპოლში თავის სწავლის დასამთავრებლად და ჩვენ კიდევაც ვიცით ერთ-ერთი ასეთი პიონერის სახელი: ეს იყო გელოვანი, რომელიც სწავლობდა ნეაპოლის უნივერსიტეტში იურიდიულ მეცნიერებათ. ასე რომ, ჩვენთვის ახლოა ნეაპოლის უნივერსიტეტი: მან გაუნაწილა საქართველოს ნაწილი თავისი სულიერი განძისა. ტყუილად ხომ არ ამშვენებს მისი შენობის ფრონტონს ”Aდ ჰაუსტუმ სციენტიორუმ ეტ სემინარიუმ დ ცტრინარუნ”. სასტუმროში საბოლოოდ გავიგე, რომ მე საიუბილეო ზეიმის უკანასკნელ დღეს ჩამოვსულვარ და რომ ამას იქით განაგრძობენ სხდომებს მხოლოდ ცალკე სამეცნიერო კონგრესები. მაგრამ ჩემთვის ისინი არავითარ ინტერესს არ წარმოადგენდნენ: ყველა ისინი ეხებოდნენ ან ფილოსოფიას, ან მედიცინას. ის, რაც ჩემს სპეციალობას, კლასიკურ ფილოლოგიას ეხებოდა, უკვე დამთავრებული იყო. მაგრამ არაფერი დამნანებია ისე ძალიან, როგორც ის, რომ მე ვერ მოვისმინე პომპეიში, იტალიის ცის ქვეშ, ჰორაცის ჩატმენ სეცულარე”, რომელიც დეკლამაციით შეასრულეს პომპეის ფორუმზე იტალიის სტუდენტების - ” ”გიევენტა აცცადემიცა” ს წარმომადგენლებმა. მხოლოდ ერთით ვინუგეშებდი თავს: მარტო მე არ დამგვიანებია დღესასწაულზე. ასეთსავე მდგომარეობაში აღმოჩნდა მრავალი სხვა მეცნიერიც, რომელთაც ა ლა ლეტტრე გაუგიათ მოწვევის ბარათში დაწერილი ნონის Mაიის”. შემდეგ გამოირკვა, რომ უნივერსიტეტს დამატებით დაუგზავნია მეორე ბარათიც, სადაც დღესასწაულების დასაწყისი ზედმიწევნით იყო განსაზღვრული 2 მაისით და საიუბილეო ზეიმის წესრიგიც იყო გამოცხადებული. მაგრამ, ეს ბარათი ჩვენამდე არ მოსულა. ალბათ, ის დღესაც იმარხება რომელიმე უწყების კუნჭულებში. ასე თუ ისე, საჭირო იყო ”ფაირე ბონნე მინე ან მაუვაის ჯეუ” და მომხდარ ფაქტთან შეგუება. მეორე დღესვე ვინახულე მე უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ზამბონინი და ოფიციალურად გადავეცი მას როგორც მისალოცი ადრესი, ისე საჩუქარი, - ჩვენი უნივერსიტეტის გამოცემანი. ადრესმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე. განსაკუთრებით დააინტერესა ყველანი მისმა ქართულმა ნაწილმა. ბევრ მათგანს ხომ ჯერ არც კი ენახა ქართული დამწერლობა, რომელსაც ასე ახასიათებს ხაზების სიმკვირცხლე და ორნამენტიკის ორიგინალობა! ერთი სიტყვით, ადრესს თუმც დაუგვიანდა, მაგრამ მან შეასრულა თავისი დანიშნულება: ტფილისის უნივერსიტეტმა ხმამაღლა ამცნო ყველას თავისი არსებობის შესახებ! რადგან ადრესმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მე საჭიროდ დავინახე შევხებოდი ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიას, მის ორგანიზაციას, მოღვაწეობასა და მიღწევებს, და რაც უფრო საგულისხმო იყო იტალიელ მეცნიერთათვის, - მე მოკლედ უამბე საქართველოსა და ნეაპოლის უნივერსიტეტის ურთიერთობის დეტალები წარსულ საუკუნეებში. შემდეგ მე ეს თანახმად რექტორის თხოვნისა - წერილობით გადავეცი, მით უმეტეს რომ ჩემ მიერ ნაამბობი ნეაპოლის უნივერსიტეტის ისტორიისათვის უმნიშვნელო არ იყო. ამის გამო ის ცნობები შეტანილი იქნება დასაბეჭდად დამზადებულ წიგნში: “ნეაპოლის უნივერსიტეტის ისტორია”, რომელიც საიუბილეო გამოცემას წარმოადგენს და - თუმცა დაგვიანდა მისი დაბეჭდვა, მაგრამ - ამ მოკლე ხანში გამოვა, როგორც ამას წინათ ზამბონინი მწერდა.

  ადრესის პასუხად მე მივიღე ტფილისის უნივერსიტეტისათვის გადმოსაცემად ვერცხლის მედალი, რომელიც მოუჭრიათ 700 წლის იუბილეს გამო: მედალზე გამოხატულია უნივერსიტეტის დამაარსებელი ფრიდრიჰ მეორე ჰოჰენშტაუფენი, რომლის გარშემო მედლის ნაპირებზე დაწერილია. მედლის მეორე მხარეზე კი გამოხატულია არწივი გაშლილი ფრთებით. მაგრამ საქმე ამით არ გათავდა. მეცა და დანარჩენმა დელეგატებმაც მივიღეთ განსაკუთრებული ”ტესერა”, საგანგებო მოწმობა, რომლის ძალით ჩვენ სხვადასხვა შეღავათი გვენიჭებოდა იტალიის რკინის გზებით მოგზაურობის დროს. კიდევ მეტი: ჩვენ შეგვეძლო ნეაპოლის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი გვენახულა და დაგვეთვალიერებინა: ყველაფერი ეს იყო გრატის. მაგრამ ყველაზე უფრო მე ის მესიამოვნა, რომ ჩვენ უფლება გვქონდა გავცნობოდით ”შცავი ნუოვი”-ს, ახლად გათხრილ ადგილებს, სადაც მუშაობა პროფ. დელა კორტეს-ს ხელმძღვანელობით სწარმოებს: გარეშე საზოგადოებას ამ ადგილების ნახვის ნებას არ აძლევენ. საზოგადოდ უნდა აღვნიშნო, რომ ნეაპოლის უნივერსიტეტის მეთაურმა უაღრესი გამჭრიახობა გამოიჩინა და უდიდესი სიყვარულითა და დაუფასებელი კეთილშობილებით მოეკიდა სადღესასწაულო მზადებას: მან ყოველი ზომა იხმარა, რათა საშუალება მიეცა მიპატიჟებული სტუმრებისათვის ნეაპოლში ისე ეგრძნოთ თავი, როგორც საკუთარ სახლში!

  მე აღარ გავაგრძელებ სიტყვას ყველა ჩემ შთაბეჭდილებასა და განცდაზე. ეს დიდ ადგილსაც დაიჭერდა და, ვფიქრობ, არც ყველასათვის იქნებოდა საგულისხმო. მე მხოლოდ უმთავრესს შევეხები. პირველ ყოვლისა მე ვინახულე “ეროვნული მუზეუმი”, რომელსაც მე ახალგაზრდობიდანვე კარგად ვიცნობდი. ეს არის ნეაპოლის ცენტრი, სადაც მოგროვილია ხელოვნების უდიდესი საუნჯეები. ჯერ დარბაზები შემოვიარე: ზოგადი შთაბეჭდილების დადგენა მინდოდა და განსაზღვრული ხაზის აღება. ამ საერთო თვალის გადავლების დროს ჩემს წინ აღდგენ ნაცნობი-ნაწილობრივ მივიწყებული სახეები. მკრთალი კონტურები იმოსებოდა ცოცხალი ფერადებით. ჩემი თვალები ადვილად ჰპოულობდნენ საყვარელ ძეგლებს: ძველ ნაცნობთა შორის ვიგრძენ ჩემი თავი, და ისინი მებაასებოდნენ მე ისეთივე ენით, როგორც დიდი ხნის უნახაობის შემდეგ შეყრილი მეგობრები ებაასებიან ერთმანეთს. დიდ ხანს ვიდექ ევრიპიდეს ბიუსტის წინ: დავცქეროდი მის მოღრუბლულ სახეს, რომლის ბაგეთაგან მწუხარე და ირონიული ღიმილი გამოკრთის. ვიპოვე აგრეთვე ლისია, ანაქსიმანდრი, ფარნეზეს ჰერა; კიდევ ერთხელ დავტკბი იმ რელიეფის სილამაზით, რომელიც გამოჰხატავს ორფევს, ევრიდიკეს და ჰერმესს იმქვეყნიურ სამეფოში. დარბაზები ერთი მეორეზე მიშლიდენ თვალწინ თავის ძვირფას განძებს. თვალებიც არ იღლებოდენ. ისინი ხარბად აღიქვამდენ იმ სილამაზეს, მათ წინ რომ იშლებოდა. ჩემს წინ მიდი-მოდიოდენ ინგლისელი და ამერიკელი ტურისტები, რომელთაც გიდები თან დაჰყვებოდენ: ისინი ხომ ძეგლების წინ არც კი ჩერდებიან, ისე ზერელედ ათვალიერებენ მათ, და გიდების შენიშვნებზე თავისი ტრაფარეტული ”ო. ეის”-ით უპასუხებენ, მაგრამ ეს ბრბოები მე ისე აღარ მაღელვებენ, როგორც წინათ. მე ვცდილობდი არც-კი შემენიშნა ისინი და ყური არ დამეგდო მათი საუბრისათვის. დარბაზიდან დარბაზში გადასვლით მე მივაღწიე პომპეისა და ჰერკულანუმის “ბრინჯაოს”. მე მუდამ მიყვარდა ეს ბრინჯაოს ნივთები, განსაკუთრებით კი “მოსვენებული მერკურისა” და “მოცეკვავე ფავნის” ქანდაკებები. მოსვენება და მოძრაობა, - ასე შეიძლებოდა გვეწოდა ამისთვის, - ეს ორი კონტრასტი მაშინვე იპყრობს ადამიანის ყურადღებას. შემდეგ ერთი მეორეს ცვლიდენ დანარჩენი “ბრინჯაოები”, და არა თუ მხიბლავდენ მე ისინი, არამედ სურვილს მიღვიძებდენ, რაც შეიძლება მალე მენახა პომპეი, სადაც ისინი ოდესღაც რომაელთა სახლებს ამშვენებდენ და შემდეგ, დროებით დამარხულნი ვეზუვის წყალობით, კვლავ აღსდგენ ახალი ცხოვრებისათვის... მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვინახულო პომპეის მოზაიკა და ფრესკები და თვალი მაინც გადავავლო ბანკირ ლუცი ცეცილი იუკუნდის ჰერმას, რომელიც მისმა განთავისუფლებულმა მონამ აღმართა. განა ცოტა იყვნენ ასეთი იუკუნდები იმპერატორების რომში, ის იუკუნდები, რომელთაც საშუალება მისცეს პეტრონის მისი უკვდავი ტრიმალხიონის სახე შეექმნა!

  პომპეის მოზაიკები და ფრესკები ძველებურად ლამაზი და წარმტაცი არიან. ჩემდა სასიხარულოდ მე ისინი არ დამვიწყებია. მათ შორის მაშინვე ვიპოვე ჩემი რჩეულნი: სხვათა შორის დიოსკორიდე სამოსელის ორი მოზაიკური სურათი, რომლებიც კომედიის სცენებს გადმოგვცემენ. რამდენი სიცოცხლე და ნამდვილი კომიზმია მათში და საუცხოვო ფერადებია შერჩეული! მაგრამ განა შეიძლება ხელოვნების ამ ძეგლების აღწერა? ისინი თვალით უნდა ჰნახო, რომ იგრძნო მთელი სილამაზე! სწორედ მათში, ამ მარმარილოში, ბრინჯაოში, მოზაიკასა და ფრესკებში - თავი რომ დავანებოთ ლიტერატურას, - დღემდის ცოცხლობს ანტიკური ქვეყნის გენია, რომელიც უძლეველია თავის უკვდავ სილამაზეში. და ვისაც ეს არ ესმის, ისინი ჩვენ შეგვიძლია შევიცოდოთ, როგორც გვეცოდება ჩვენ უსინათლონი, შუქის თამაშს რომ ვერ ჰხედავენ და საუკუნო სიბნელეში იმყოფებიან. რამდენჯერმე ვიყავი მე მუზეუმში, და ყოველთვის შევივლიდი ხოლმე იქ, თუნდაც ცოტა ხნით, და მერე ნეაპოლის ხმაურიანი ქუჩებით რომ მივდიოდი, სიამოვნებით ვეზიარებოდი ხოლმე იტალიის ახალ ცხოვრებასაც და ჩემს თვალში რაღაც საუცხოვოდ იყო იტალიაში შეგუებული ეს ორი სამეფო, ძველი და ახალი, თითქოს ისინი ერთმანეთს ავსებდენ, თითქოს ერთი მეორის გაგრძელებას წარმოადგენდენ. მართლაც და, არსად, თვით საბერძნეთშიაც, არ რჩება ადამიანს ასეთი შთაბეჭდილება.

  ნეაპოლში რომ დავათვალიერე ყველაფერი, რაც საჭირო იყო, და დროთა ვითარებაში გამქრქალი ცოდნაც განვაახლე, მე გავეშურე პომპეისაკენ, ელექტრონის რკინის გზით, ე.წ. ”ცირკუმვესუვიანა”-თი. საუცხოვო დღე იყო: ასეთი დღეები მხოლოდ იტალიაში იცის. მთელი ბუნება მხიარულად იცინოდა. განსაკუთრებით კარგი იყო ზღვა, მისი ანერიტჰმონ გელასმა, როგორც ამბობს ესქილე თავის “პრომეთევ”-ში. უყურებდი მიდამოებს და ვტკბებოდი მათი სილამაზით. რაღაც არ გჯერა, რომ აქ, სადაც ეხლა სიცოცხლე სდუღს, ქრ. შემდ. 79 წელს ყველაფერზე ვეზუვის მიერ მოვლენილი სიკვდილის ფრთები იყო გადაფარებული და თვით ვეზუვიც ისროდა მდუღარე ლავას და ფერფლს: ისე მშვიდობიანად გვიცქეროდა ის ეხლა, და სუსტი, ოდნავ შესამჩნევი ბოლი ამოდიოდა მის მწვერვალთან. რომ ის ოდესღაც ძალიან განსრიხებულა, ამას ჰმოწმობს დაფარული პომპეი, რომელიც თანდათან ამოდის სინათლეზე არქეოლოგიური თხრის წყალობით, მაგრამ რა სახით? - დამტვრეული, დაფლეთილი და განადგურებული...

  მაგრამ, ვიდრე პომპეიში ჩავიდოდი, საშუალება მომეცა დამეთვალიერებინა ერთი ვილლა, რომელიც ქალაქ გარეთ მდებარეობს და 1910 წელს იქმნა ამოთხრილი. ის მდებარეობს "ვია დეი სეპორკლი"-ს ბოლოში, თითქმის არრი დიომედეს ვილლის გვერდით. ეს არის ე.წ. "ვილლა რომანა", ანუ “დიონისოს მისტერიების ვილლა”. მას საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს და საგულისხმოა განსაკუთრებით თავისი ფრესკებით, რომელთაგან 24 საუცხოვოდ არის დაცული და ავგუსტის დროს ეკუთვნის. ეს ფრესკები დიდი და ფართო “ტრიკლინის” კედლებს ამშვენებენ და მათ შინაარსს წარმოადგენს “ქალების ზიარება დიონისოს მისტერიებში”. ფრესკები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და, თითქოს, სურათების სერიას წარმოადგენენ ერთსა და იმავე თემაზე. ჯერ მოჩანან სახეები, რომელნიც ამ ზიარებაში არავითარ მონაწილეობას არ იღებენ: ასე მაგ., ჩვენ ვხედავთ ქალს, რომელიც ბავშვს აწოვებს, შემდეგ ორ მოსაუბრე ქალს და, დასასრულ, კიდევ ერთ ქალს, რომელიც ზეთისხილის გვირგვინით არის შემკობილი და ფიალით ხელში მიემართება იმ ქალებისაკენ, რომლებიც რაღაც მსხვერპლის შეწირვაში იღებენ მონაწილეობას. ეს, თითქო, შესავალია, შემდეგ გამოხატულია სილენი, ქნარით ხელში ახალგაზრდა სატირი, ორი თხით და დასასრულ, პანი, რომელიც სალამურს უკრავს. ჩვენს წინ არიან ასე ვთქვათ, დიონისოს თანამგზავრები. აი, თვით დიონისოც. ის ესწრება, თუ როგორ წვრთნიან მის მისტერიებში გასანდობელ ხალხს. შემდეგ ჩვენ იმას კვლავ ვხედავთ, მაგრამ უკვე არიადნასთან ერთად. აქვეა სამი სატირი, რომელთაგან ერთი, ყველაზე ხნიერი, ვიღაცას ასმევს, მეორეს კი ნიღაბს უჩვენებს. აი, თვით ზიარების სცენებიც. ჯერ ვხედავთ ფეხის ცერებზე მომავალ ქალს. მის სახეზე სიხარულია აღბეჭდილი, იგი უკვე გამოუწვრთნიათ, ის უკვე ზიარებულა მისტერიებს. ამ სურათს მეორე სცვლის: ახალგაზრდა ტიტველა ქალი მუხლებზე დაჩოქილა, მის გვერდით მეორე ქალი დგას წნელით ხელში. ეს არის მზადება ფლაგელაციისათვის (გამათრახებისათვის). ეს მზადება, როგორც სჩანს, შიშის ზარსა სცემს ახალგაზრდა ქალიშვილს, რომელმაც აგრეთვე უნდა გაიაროს ეს გამოცდა და ის მეორე ქალის მუხლებში ჰმალავს თავის სახეს. აი, კიდევ ერთი შეშინებული სახე და შემდეგ მოდის თვალწარმტაცი სურათი დიდებული ქალისა, რომელიც თავის თმებს უვლის: მას ჰშველის ორი ამური. უკანასკნელ რგოლს წარმოადგენს კიდევ ერთი ქალის სურათი, რომელიც საერთო ყურადღებას იპყრობს. ჩვენს წინ ერთი ლამაზი ქალია, რომელიც სერიოზული და ჩაფიქრებული თვალებით აცილებს მის წინ, მისტერიებში საზიარებლად მიმავალ პროცესიას.

  ძნელია უკანასკნელი სიტყვის თქმა ამ სურათების საიდუმლო აზრის შესახებ. ძნელია იმის თქმაც, თუ რა დანიშნულება ჰქონდა თვით ვილლას. უბრალო ვილლაა ეს, თუ მასთან რამე ღრმა შინაარსია დაკავშირებული? ვინ იცის. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ პარალელისათვის აღვნიშნოთ პავსანიას ერთი ადგილი (VIII, 23, 1), სადაც ნათქვამია: ის ქალები, რომელთაც სურდათ დიონისოს მისტერიებს ზიარებულიყვნენ, დიონისოს ტაძარში მოდიოდნენ გასაწვრთნელადაო. როგორადაც არ უნდა განვმარტავდეთ ჩვენ ამ სურათებს, ერთი-კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, პირველ ყოვლისა განსაცვიფრებელია მათი ფერადების იშვიათი სიცხოველე. განსაცვიფრებელია აგრეთვე ის ძლიერი გამომეტყველება, რომელიც მხატვარს ჩაუქსოვია მის მიერ მოცემულ სახეებში. დასასრულ, აღსანიშნავია საერთო სილამაზე, ხაზების სიწმინდე, წვრილმანების შესრულების სიდიადეც, ჩვენს წინ უთუოდ დიდი მხატვარია, რაც ასე იშვიათია პომპეიში. მის მიერ შესრულებული სახეები ნამდვილ შემოქმედებითს კომპოზიციას იძლევიან: მათში არაფერია ხელოსნური!

  ვილლა რომ დავათვალიერე, მე დაუბრუნდი პომპეის და დაწვრილებით შეუდეგი მისი განძების განხილვას. განსაკუთრებულის მოწიწებით ჩავედი დადუმებულ ქალაქში და განზრახ ჩამოვშორდი ტურისტთა ბრბოს: მათ სიცილსა და საუბარს დისონანსი შემოჰქონდა მთელ იმ სიმშვიდეში, რომელიც დამყარებულიყო ნანგრევთა შორის.

  განსაკუთრებით მიზიდავდა ”სკავი ნუოვი”. მაგრამ შევიკავე თავი და ჯერ ისე მოვიარე პომპეის ქუჩები: ხან ერთ სახლში შევიდოდი, ხან მეორეში, თუკი შესანიშნავი იყო თავისი არქიტექტურით ან ფრესკებითა და სხვა დეტალებით. ასე მაგ., მე ვინახულე მარკ ლუკრეცი ფრონტონის სახლი, სადაც 1904 წელს პერსევის საუცხოვო ბრინჯაოს ქანდაკება იპოვეს. რასაკვირველია, დიდის ყურადღებით დავათვალიერე აგრეთვე ვეტტიების ცნობილი სახლი, რომელიც ისე განთქმულია თავის ფრესკებით, რომ მასზე დღესაც ამბობენ იტალიელები: ვეტტიების სახლის უნახველობა პომპეის უნახველობას უდრისო. უნდა ვთქვა მხოლოდ, რომ მას შემდეგ, რაც მე უკანასკნელად ვნახე პომპეი, ფრესკები ძალიან გამქრქალა. განსაკუთრებით დაზიანებულა იმ “ამურების” სურათი, რომელნიც სხვადასხვა სამუშაოზე სხედან. მე მხედველობაში მყავს მსროლელი, ოქრომჭედელი, მეყვავილე და სხვა ამურები: მათ ხომ მთელი ქვეყანა იცნობს! აი, ამ მყუდრო საჟანრო სურათებს დაუკარგავთ თავისი სიცხოველე და შუქურობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შუშის სამოსში გაუხვევიათ მზის სხივებისაგან დასაცავად. ტყვილად ხომ არ ირევიან ბუზებივით მათ წინ მაყურებლები, რომელნიც სხვადასხვა ენაზე გამოთქვამენ თავიანთ აღფრთოვანებას! მაგრამ განა ამ სურათებს გარდა ცოტა მოსახიბლავი რამ არის ვეტტიების სამყოფელოში, რომელიც ოდესღაც ორსართულიანი ყოფილა (ამას ჰმოწმობს დღემდი დაცული კიბის ნაშთები)? რად ღირს, მაგ, მისი პერისტილი: ჩვენს წინ არის საუცხოვო ბაღჩა შადრევანებით, აუზით, მარმარილოს საუცხოვო მაგიდებით და სხვა. არანაკლებ მომხიბვლელია ცალკე ოთახებით და მათი სურათებით ალ ფროსცო. მითები და დამოუკიდებელი კომპოზიციები შეადგენენ ამ სურათების შინაარსს, რომელთაგან, განსაკუთრებით, სამი გამოირჩევა: 1) ბახუსი, თავისი ამალის თანხლებით, მიიმართება თეზევის მიერ მიტოვებულ არიადნასკენ; 2) დედალი უჩვენებს პაზიფაიას ამ უკანასკნელის შეკვეთით გაკეთებულ მოდელს ხის ძროხისა (საუცხოვოა პაზიფაიას ფიგურა); 3) ვულკანმა მერკურის ბრძანებით უკვე მიაბა იქსიონი ბორბალს და ირიდა მოახსენებს იუნონას, რომ მისი შეურაცხმყოფელი უკვე დასჯილია. ამ სურათებში (და განა მარტო ამათში?) განსაცვიფრებელია განსაკუთრებით, თუ როგორ მოხერხებულად არის კომპოზიცია მხატვრის მიერ შესრულებული, რომ მაყურებლის ყურადღება სწორედ მთავარმა ფიგურამ მიიპყროს. ეს უკანასკნელი ისე დეტალურად არის ხოლმე გამოკვეთილი, რომ რელიეფის მსგავსად წინ არის წამოწეული და იმ თავითვე იჭერს მთავარ, ცენტრალურ ადგილს, იმ დროს როდესაც ყველაფერი დანარჩენი იმ ცენტრალური ფიგურის სამკაულს წარმოადგენს.

  საზოგადოდ, ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა პომპეის მხატვრობის შესახებ, მაგრამ ჩემს მიზანს არ შეადგენს დაწვრილებით შევჩერდე მასზე. ვიტყვით მხოლოდ, რომ მისი სასიუჟეტო მხარე პირდაპირ ანცვიფრებს ადამიანს თავისი მრავალფეროვანებით. მართალია, ბევრი სიუჟეტი მეორდება, მაგრამ მათ შესრულებას ყოველთვის ახასიათებს ხოლმე რომელიმე ორიგინალური ხაზი. გარდა ამისა, თუ განმეორებას ადგილი აქვს მითების განსაზღვრული ციკლის გაშლის დროს, სამაგიეროდ მხატვრები თავისუფალი არიან ამ განმეორებისაგან, როდესაც მათ დამოუკიდებელი თემები აქვთ აღებული. აქ უკვე საზღვარი აღარ უჩანს ფანტაზიას, პეიზაჟი, "ნატურ მორტ", ცხოველთა სამეფოს ყოველგვარი წარმომადგენელი, წმინდა ფანტასტიკური სიუჟეტები, - ყველაფერი ეს მოცემულია იქ და ახალ-ახალ ეფექტებს იძლევიან. მხატვრები ყოველდღიურ ცხოვრებასაც არ სტოვებენ უყურადღებოთ, და, თუ რომელიმე სცენა შეუფერებელი იყო მაღალი წრეების სახლებისათვის, ისინი ადგილს ჰპოულობდენ დუქნებში, ტრაქტირებში და სასტუმროებში. აი, დუქანი მერკურის ქუჩაზე; აქ კედლებზე საგულისხმო სცენებია გამოხატული, მაგალითად: მაგიდას შემოსხდომიან სტუმრები, ისინი სჭამენ და სვამენ და იქვე მიწერილია, თუ რას მოითხოვენ ისინი; ერთს ჰსურს “ცოტა ცივი წყალი”, მეორეს - კიდევ ერთი “ჭიქა სეტინის ღვინო”. მეორე დუქანში სურათი უფრო ტრაგიკულია: ორი სტუმარი წაჩხუბებულა და მედუქნე მათ ერეკება, ხოლო იქვე წარწერილია: “იჩხუბეთ, მაშ მიბრძანდით”. ეს რაღაც თონიერს-ის მაგვარი უნდა იყოს.

  ვათვალიერებ ამ მშვენიერ სახლებს და თან ვფიქრობ: “ყველაფერი ეს ჩემთვის ახალი ხომ არ არის, - ეს მშვენიერი სახლები მე ხომ წინათაც ბევრჯერ მინახავს”! ასეთია ადამიანის ცნობისმოყვარეობა: ის მუდამ ეძებს რაღაც არაჩვეულებრივს, დიადს. ჩემთვის ეს სიდიადე განსახიერებულია ”სკანი ნუოვი”-ში. ცხადია, რომ იქ უნდა წავიდე, - ნებართვაც ხომ ჯიბეში მაქვს! მე მივეშურები ნანატრ ადგილისაკენ. მაგრამ პირდაპირ იქ შესვლა შეუძლებელია: ადგილი, სადაც თხრას აწარმოებენ, უბრალო მომაკვდავთა თვალთაგან ხის კედლით არის დაფარული; კედელში დატანებულია კარი, კართან დარაჯი დგას. სამოთხეში შესვლა არც ისე ადვილი ყოფილა! მაგრამ ნებართვის ქაღალდმა გასჭრა და მე მიშვებენ შიგ, ჩემდა საბედნიეროდ, მე თავიდანვე მოვხვდი არქეოლოგიური თხრის ხელმძღვანელთან, ძვირფას პროფესორ Dელლა ჩორტე-სთან. მან პირადად დამატარა ყველა ადგილები, სადაც სიძველეებს სთხრიან. იგი მიზიარებს მე თავის დიდ ცოდნას და თითქოს ცდილობს, რომ არაფერი საგულისხმო არ გამომრჩეს. ნეტავ ყველა მუზეუმის გამგეები ამ დაუღალავ მეცნიერს ჰგავდენ! მას ისე თავდავიწყებით უყვარს პომპეი, ეს მკვდარი ქალაქი, სადაც იგი თავს გრძნობს, როგორც თავისს სახლში! გგონია, რომ ეს მდუმარე ნანგრევები მხოლოდ მისთვის არღვევენ თავიანთ მდუმარებას.

  ვდგევარ და მიხარია: მე ხომ ”სკანი ნუოვი”-ში ვარ! ვდგევარ და არ მჯერა. წინათ პომპეიში მე მინახავს მხოლოდ გარე კედლების ცარიელი ჩონჩხები. ეხლა კი ჩემ თვალწინ სულ სხვა რამეა. ამოთხრილი სახლების ფასადების უმეტეს ნაწილს ისევ შერჩენიათ ჭრელი ფერადები, კიდევ მეტი: აქა-იქ ამ ფასადებზე მოჩანან წარწერები, რომლებიც, კედლების ფერის მიხედვით, სხვადასხვა საღებავით არის გაკეთებული: შეხვდებით თეთრს, წითელს და შავ საღებავსაც კი, აქა-იქ დარჩენილია მეორე სართულების ნაშთები; მოსჩანს გადმოკიდებული აივნების ადგილებიც და ეს აივნები გამონაკლისს კი არ შეადგენენ: ისინი მრავლად ყოფილან და რადგან სახლები ქუჩის ორსავე მხარეს მისდევდენ, ამიტომ აივნები ერთგვარი ფარდულებიც უნდა ყოფილიყვნენ და ამრიგად საჭირო ჩრდილიც უნდა მოეცათ, ქუჩის შედარებითი სივიწროვის გამო ეს ადვილი იყო. უნდა გამოვტყდე: როდესაც სახლების შეფერილ კედლებს დელლა კორტე-ს ბრძანებით, ტილოები გადაჰხადეს და მე დავინახე ფერადებით შემკული სახლები, - მე რაღაც უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო. უეცრად მომეჩვენა, რომ ქუჩა გაცოცხლდა, რომ პომპეი აღდგა, პომპეი პირვანდელი, დაუმახინჯებელი სახით, რომ აი, აგერ გამოჩნდებიან მისი ნამდვილი მცხოვრებნი, მოისმის რომაელთასაუბარი და ფილაქანზე ახმაურდებიან ფორანები და რომაული ეტლები. ოცნებიდან დელლა კორტე-ს მხიარულმა ხმამ გამომიყვანა: “ო, თქვენ ანტიური ქვეყნის გრძნეულებათა ხელში ხართ! მესმის თქვენი მდგომარეობა; პომპეი ხომ ნამდვილ გრძნეულ ქალსა ჰგავს!” მე გამეცინა, მომჯადოებელი სიზმარი გაჰქრა, და მე კვლავ გადავიქეცი ჩვეულებრივ ტურისტად, რომელიც მისთვის უცნობ ძეგლებს ათვალიერებს. მივჰყვები დელლა კორტე-ს. ჩვენ გვიერთდება ერთი ფრანგი პროფესორი თავისი ცოლით, და ჩვენ ვიწყებთ ნანგრევების დეტალურ დათვალიერებას. ჩვენი მეცნიერი გიდი პირდაპირ შეუდარებელია!

  ძნელია დაწვრილებით აღდგენა ყოველივე იმისა, რაც მე ვნახე. ჩემ წინ გადაშლილ ჭრელ კალეიდოსკოპში. ერთი სიმშვენიერე მეორეს სცვლიდა. საჭირო იყო ძალღონის მოკრეფა და მეხსიერების ამუშავება, რადგან არაფრის ჩაწერა არ შეიძლებოდა: თხრების სრული შედეგების გამოქვეყნებამდე ყოველივე პუბლიკაცია და სურათის გადაღება აკრძალულია! ერთი გზა-ღა დამრჩენოდა: მეთხოვნა შველა ”დეა მემორია”-სთვის. მეც მას მივმართე! მაშასადამე, თუ რამე გამომრჩა, ამის დამნაშავე მე კი არა, არამედ ის Dეა იქნება.

  დავიწყებ სახლის ფასადებით, რომელნიც ქუჩას უყურებენ. აი ჩვენს წინაშე შესავალი “თერმოპოლიუმში” ანუ რესტორაციაში, სადაც იყიდებოდა ცხელი სასმელები, ჩვეულებრივ ცხელწყალგარეული ღვინო. ასეთი “თერმოპოლიუმები” პომპეიში მრავლად მოიპოვებოდა. მათი მოწყობილობა ასეთი იყო: მომარმარილოებულ დახლთან იყიდებოდა თიხის სურებში ჩამოსხმული სასმელები; სურები ჩასმული იყო დახლში. დახლთან ახლოს თაროებზე მოთავსებული იყო ბოთლები, ჭიქები და სხვა ჭურჭელი. კუთხეში იყო კერა, სადაც საჭმელებს ამზადებდენ. სტუმრები სჭამდენ და სვამდენ დახლთან, ზეზეულად, როგორც ეს იტალიაში დღევანდლამდე დარჩა; მაგრამ იმ სტუმრებისთვის, რომელთაც ცოტა მეტ ხანს უნდოდათ დარჩენა, არსებობდა განსაკუთრებული ოთახი ან ოთახები, თუ რესტორაცია მთელი სასტუმროს წინაოთახი იყო. დღისით “თერმოპოლიუმის”, - და საზოგადოდ დუქნების, - შესავალში ფარდა იყო ჩამოშვებული (შეად. ეხლანდელი იტალია), ღამით კი იკეტებოდა ორფა კარებით, რომელზედაც ადებდენ რკინის ჭანჭიკს კლიტით. ასეთი კარების მულაჟები შეიძლება ნახოთ ახალი თხრების ადგილას. მათი გაკეთება კი შემდეგნაირად შეიძლება. თუმცა ხე, რისგანაც კარები ყოფილა გაკეთებული, სრულებით დამპალა და ჩვენამდე მას არ მოუღწევია, მაგრამ გაქვავებულ ფერფლზე დარჩენილია კარების ნაჭდევი. ამ ნაკვალევში ასხამენ, ფიორელის მეთოდით, თხიერ გიფსს და მიიღებენ გიფსის ნატვიფარს, რომელიც ზედმიწევნით გადმოსცემს ნამდვილის ყველა წვრილმანებს. არ შეუჭამია მიწას მხოლოდ კარების რკინის ნაწილები და აგრეთვე კარის შესამკობად დაკრული ლურსმნები, ჭანჭიკები, ურდულები, კლიტეები და სხ.: ისინი ძველებურად არიან იმ ადგილებზე, რომელნიც მათ ეკავათ კატასტროფის დროს, 79 წელში.

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / წერეთელი გრიგოლი