მაკალათია სერგი 

სამეგრელოს ისტორია 

 

 

სარჩევი.

 

ისტორიული მიმოხილვა.

1 ძველი კოლხეთი.

2 ლაზიკა, ეგრისი.

3 ეგრისის სამეფოს დაშლა და აფხაზეთის საერისთაოს დაარსება.

4 ქართული ფეოდალური მონარქიის გაძლიერება, მისი დაცემა და ოდიშის სამთავროს წარმოქმნა.

5 ოდიშის სამთავროს სოციალ - ეკონომიკური და კულტურული ვითარება განვლილ პერიოდში.

6 სამეგრელოს სამთავროს არსებობის უკანასკნელი პერიოდი და მისი რუსეთთან შეერთება.

 

ისტორიული მიმოხილვა 

 

ძველი კოლხეთი

 

სამეგრელოს ისტორიული წარსული დაკავშირებულია ძველ კოლხეთთან, რომელშიც ტერიტორიულად მთლიანად შედიოდა დღევანდელი სამეგრელო.

მართალია თანამედროვე მეგრელებისა და ძველი კოლხების ერთიანობის საკითხი ჯერ კიდევ დასაბუთებას მოითხოვს, მაგრამ უეჭველია, რომ მათ შორის ტომობრივ - ეთნიური ნათესაობა უნდა არსებულიყო, ტერიტორიალურად კი მეგრელები კოლხების უშუალო მემკვიდრენი არიან.

ამასთანავე ისტორიულ - პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ეს მხარე იცვლიდა თავის გეოგრაფიულ - პოლიტიკურ სახელწოდებას, უძველეს დროში მას ეწოდებოდა კოლხიდა ან კოლხეთი, საშუალო საუკუნეების ადრინდელ პერიოდში ლაზიკა ან ეგრისი, შემდეგ ოდიში და ახლა იგი ცნობილია სამეგრელოს სახელწოდებით, ამიტომ სამეგრელოს ისტორიაც იყოფა სამ მთავარ პერიოდად კოლხეთისა, ლაზიკისა და ოდიშ - სამეგრელოსი.

საქართველოს ძველი ისტორია ფაქტიურად კოლხეთის ისტორიით იწყება და ისტორიის ვერცერთი მკვლევარი მას გვერდს ვერ აუხვევს, მაგრამ ამისდა მიუხედავად კოლხეთის ისტორია ჯერ კიდევ შეუსწავლელია.

ანტიკურ მწერლობაში იგი ცნობილია კოლხიდის სახელწოდებით და უძველესი ცნობები მის შესახებ შემონახულია ძველბერძნულ თხზულებებში და მითოლოგიაში, აგრეთვე საბერძნეთისა და რომის საისტორიო მწერლობაში.

მაგრამ კრიტიკულად ეს წყაროები ჯერ კიდევ შესწავლილი არ არის.

ქართულ საისტორიო წყაროებში ძველი კოლხეთის შესახებ ცნობები არ მოიპოვება და სახელწოდება კოლხეთი არც კი იხსენიება.

თვით კოლხებს თავიანთი ისტორიული წარსულის შესახებ არავითარი წერილობითი ცნობები არ დაუტოვებიათ და ისტორიაში ისინი უმწერლობო ერად არიან ცნობილი. ამასთანავე ძველი კოლხეთის შესახებ ჩვენ არ მოგვეპოვება ისეთი მთლიანი მონოგრაფიული გამოკვლევა, რომ  მასზე ვიქონიოთ ზოგადი წარმოდგენა, ამის გამო რასაკვირველია ერთგვარ სიძნელეს შეიცავს კოლხეთის ისტორიული წარსულის სრული სურათის მოცემა.

საკითხი კოლხების ვინაობისა და მათი წარმოშობის სადაურობაზე საისტორიო მწერლობაში ჯერ არ არის საბოლოოდ დადგენილი და გარკვეული, ამის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს.

ჰეროდოტეს აზრით კოლხები ეგვიპტელების ჩამომავალნი არიან იგი ამბობს `კოლხიდის მცხოვრებნი მგონია ეგვიპტელები არიანო, აქ საკუთარ ჩემ აზრს ვამბობ და არა სხვისგან მოგონილს, რადგან ეს აზრი ფიქრად მომივიდა, ცნობები შევკრიბე ამის თაობაზე, როგორც ეგვიპტელებისა ისე კოლხიდელებისაგან. კოლხიდელებს უფრო მეტი ახსოვთ ეგვიპტელების შესახებ ვიდრე ეგვიპტელებს კოლხიდელებისა.

ეგვიპტელები ამას კი ამბობენ, რომ კოლხიდელები ჩვენის აზრით სეზოსტრისის ჯარის ნარჩენიაო. ჩემი აზრი დავამყარე იმაზე, რომ კოლხიდელები შავგვრემანები და თმახუჭუჭები არიან.

კოლხიდელებს, ეგვიპტელებსა და ეთიოპელებს ჩვეულებად აქვთ წინდაცვეთა, მხოლოდ ეგვიპტელები და კოლხები აკეთებენ ერთნაირად სელს, ყოფა - ცხოვრებაც და ენაც ერთმანეთს უგავთო~. ამავე მოსაზრებას იმეორებს დიონისეც, სტრაბონი და სხვები.

ჰეროდოტეს ეს ჰიპოთეზა კოლხებისა და ეგვიპტელების ერთ ჩამომავლობაზე უარყოფილია საისტორიო მწერლობაში.

ბერძენი მწერლები კოლხებს და მოსინიკებს ბიბლიური ნოეს შვილის იაფეტის შთამომავლად თვლიდნენ, მაგ ევსები კესარიელის აზრით კოლხები და მოსინიკები იაფეტის მოდგმისანი არიანო. ეპიფანეც კი კოლხებსა და მოსინიკებს იაფეტიანებად ასახელებს.

თანამედროვე მეცნიერებაში წამოყენებულია ჰიპოთეზა კოლხების შუამდინარეთიდან გადმოსახლების შესახებ ამიერკავკასიაში და ამ კოლხებს უკავშირებენ ასურულ ლურსმულ წარწერებში მოხსენებულ კასკაელებს, ამ ჰიპოთეზის მიხედვით პროფესორი ი ჯავახიშვილი თავის გამოკვლევებში ამტკიცებს, რომ კოლხები შთამომავალნი არიან იმ ძველი კასკაიას რომლებიც ცხოვრობდნენ XII - XI ს შუამდინარეთში ძველ ქალდეაში და მოხსენიებული არიან ასურულ ლურსმულ წარწერებშიო. აქ ასურელებთან ბრძოლაში კასკები დამარცხებულან და VIII - VII ს ქართველთა დანარჩენ ტომებთან მუშქებთან და თუბალებთან ერთად კაბადოკია - პონტოთი გადმოსახლებულან ამიერკავკასიაში და კასკები დაბინავებულან შავი ზღვის სამხ - დას მხარეს. ეს ჰიპოთეზა უფრო დაფუძნებულია ტერმინების კოლხური და კასკაიას ლინგვისტურ ანალიზზე და იგი არ არის შეჯერებული ისტორიული ხასიათის ფაქტებითა და არქეოლოგიური აღმოჩენებით. ამასთანავე მიგრაციის ეს თეორია ერთგვარ წინააღმდეგობაშია ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე უკვე აღმოჩენილ მატერიალურ კულტურის ძეგლებთან და იმ უძველეს თქმულებებთან რომლებიც დაცული აქვთ ბერძნულ მითოლოგიაში როგორიც იყო არგონავტების მოგზაურობა კოლხიდაში.

უკვე ავღნიშნეთ, რომ ეს სახელგანთქმული გალაშქრება მომხდარა ჰომეროსის წინა და თვით ჰომეროსი ოდისეაში თავის გმირის ოდისევსის მგზავრობას ადარებს არგონავტების მოგზაურობას.

ჰომეროსის პოემა ოდისეა დათარიღებულია ძ წ XI - X ს და ამის მიხედვით ირკვევა, რომ კოლხეთი ამ დროს დასახლებული ყოფილა კოლხებით, რომელთაც საკმაოდ ძლიერი და სახელმოხვეჭილი სამეფო შეუქმნიათ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება კოლხების გადმოსახლების თეორიას შუამდინარეთიდან შავი ზღვის სანაპიროზე ძ წ VII - VI ს.

ამასთანავე არქეოლოგიური აღმოჩენებიც აშკარად მოწმობენ, რომ ძველი კოლხეთის ტერიტორია უძველესი დროიდან დასახლებული ყოფილა. აქ აღმოჩენილი ქვისა და ბრინჯაოს ხანის მდიდარი კულტურა აშკარად მიგვითითებს, რომ კოლხეთის ტერიტორიაზე იყო უწყვეტი მოსახლეობა, რომელსაც გაუვლია ქვისა და ბრინჯაოს ხანა და ისტორიულ პერიოდში აქაურ მოსახლეობას კოლხების სახით შეუქმნიათ საკმაოდ მაღალი კულტურა.

ეს გარემოება ეჭვის ქვეშ აყენებს კოლხების გადმოსახლების თეორიას და ამავე დროს ჩვენ საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ კოლხები და მათი მონათესავე ქართველი ტომები აქაური მკვიდრი აბორიგენები არიან, რომელთა წინაპრებს უძველესი დროიდან უცხოვრიათ აწინდელ საქართველოს ტერიტორიაზე და გაუვლიათ საზოგადოებრივი განვითარების ქვისა და ბრინჯაოს ხანა და ისტორიულ პერიოდში მათ შეუქმნიათ საკმაოდ მაღალი კულტურა.

ძველი კოლხეთი გეოგრაფიულად მდებარეობდა შავი ზღვის ნაპირას დღევანდელ დას საქართველოში. მისი საზღვრები პოლიტიკურ - საზოგადოებრივ მოვლენებთან დაკავშირებით იცვლებოდა. საკუთრივ კოლხეთი მისი მკვიდრი ეთნიური მნიშვნელობით ეწოდებოდა რიონის ხეობას, აუზს და უმთავრესად შეიცავდა დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიას, მაგრამ თავისი ფართო მნიშვნელობით პოლიტიკური ძლიერების პერიოდში კოლხეთი შეიცავდა მდ ჭოროხის ხეობას, ლაზისტანს, აჭარასა და გურიას, აგრეთვე ენგურის ხეობას ე ი აფხაზეთის ტერიტორიას.

კოლხების პოლიტიკური ძლიერების ხანაში ძ წ V - IV ს მთელ მხარეს ბერძნები უწოდებდნენ კოლხიდას. მისი საზღვრები იყო აღმოსავლეთით ლიხის მთა, დასავლეთით შავი ზღვა ბიჭვინთიდან ტრაპიზონამდის. სტრაბონის მოწმობით დიოსკურიიდან მიდის კოლხეთის ზღვისპირი ტრაპიზონამდე, ჩრდილოეთით კავკასიის მთები და სამხრეთით მას საზღვრავდა მესხეთი.

სტრაბონის ცნობით კოლხეთი მდებარეობდა მესხეთისა და კავკასიის მთებს შორის.

კოლხეთის საზღვრები აღწერილი აქვს პტოლემეს თავის გეოგრაფიის სახელმძღვანელოში II ს.

ის ამბობს, რომ ჩრდილოეთით კოლხეთის საზღვარს წარმოადგენს ნაწილი სარმატიისა ძველი სკვითია, დასავლეთით პონტ - ევქსინის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს მდ კორაქსისა და მდ ფაზისის ზღვის შესართავის კუთხეში, აღმოსავლეთით იბერია, სამხრეთით კაბადოკიის პონტოს ნაწილი და მისი მომდევნო დიდი სომხეთის ის ნაწილი რომელიც მდებარეობს 74 გრადუსი 54 მინუტსა და 40 გრადუსსშორის.

კოლხეთის მთავარი მდინარე იყო ფაზისი - რიონი. ძველი მწერლები ფაზისის სათავეებს სხვადასხვა ადგილას უჩვენებდნენ და მას ხშირად ურევდნენ სხვათა შორის მდ ფასისსა, არეზსა და ჭოროხს.

დიონისი მოგვითხრობს, რომ მდ ფაზისი, რომელიც თავის სწრაფ და აქაფებულ ტალღებს ზღვაში ისვრის სათავეები აქვს სომხეთის მთებშიო.

შედარებით ყველაზე უფრო სწორი ფაზისის აღწერა სტრაბონს მოეპოვება, მისი ცნობით ფაზისის მდინარის პირას მდებარეობს ქალაქი იმავე სახელისა ფაზისის ქალაქი, რომელსაც საზღვრავს ერთის მხრით მდინარე, მეორე მხრით ტბა და მესამე მხრით ზღვა.

კოლხეთის ნიადაგი, ამბობს იგი მდ ფაზისის შესართავთან ქვიშიანია დაბლობი და ნოტიო, სტრაბონის ეს აღწერილობა იძლევა დღევანდელი ფოთისა და მისი მიდამოს სურათს.

მდ ფაზისს ერთვოდა ბუასი - ყვირილა, ჰომპოსი და გლავკოსი ცხენისწყალი და ტეხურა. გარდა ფაზისისა კოლხეთში მიმდინარეობდნენ ჭოროხი და ენგური თავისი შენაკადებით.

კოლხეთში არსებობდა შემდეგი ქალაქები: ქ. ეა შემდეგ არქეოპოლისად წოდებული დღევანდელი ნოქალაქევი, ყველა კოლხეთის სატახტო ქალაქი ყოფილა, რომელსაც პირველად ეწვივნენ არგონავტები. ქ ეა ცნობილი იყო ელადის პოეზიაში, მაგრამ მის ადგილმდებარეობას ძველი მწერლები განსხვავებით უჩვენებდნენ, მათ შორის ეას შესახებ ვფიქრობ სწორი აღწერილობა მოეპოვება სტეფანე ბიზანტიელს, რომელიც ამბობს `ეა კოლხიდელების ქალაქია, გაშენებული აოტის მიერ, რომელიც 300 სტადიის დაშორებულია ზღვას, აღწერილობა უდგება მიახლოებით ნოქალაქევის მდებარეობას, რომელსაც ჩამოუდის 2 მდინარე აბაშა და ტეხურა. ეას უვლის 2 მდინარე სვიფოს და კიანოს~, ამასთანავე ბერძნული 300 სტადიონი დაახლოებით უდრის 50 კმ - ს და ეას ნოქალაქევის ზღვიდან დაშორების ეს მანძილიც უდგება სინამდვილეს.

ქ. ფაზისი - ფოთი მდებარეობს მდ რიონის - ფაზისისა და შავი ზღვის შესართავში, სკირაკის აღწერით Xძ წ IV ს მდ ფაზისის ზღვაში შესართავთან გაშენებულია ქ ფაზისი.

უფრო ზუსტი აღწერილობა ქ. ფაზისისა მოეპოვება სტრაბონს, რომლის მიხედვითაც ქ. ფაზისს ერთი მხარით საზღვრავს შავი ზღვა, მეორე მხრით რიონი და მესამე მხრით ტბა, ამ ცნობაში მოცემულია ქ. ფოთის მდებარეობის სრული სურათი.

ქ. დიოსკურია - ამ ქალაქის დაარსებას ბერძნული მითოლოგია მიაწერს მეზღვაურთა ღმერთებს დიოსკურებს. დიოსკურიას მეორე სახელით რქმევია სებასტოპოლისი. სოფონე ბიზანტიელის მოწმობით შავი ზღვის ნაპირას მდებარე ქ. დიოსკურიას უწინ სებასტოპოლისი ეწოდებოდა, სტრაბონი მოგვითხრობს, რომ დიოსკურია მდებარეობს შავი ზღვის აღმ კიდეზე ზღვის ყურეში და ამიტომ უწოდებენ მას შავი ზღვის კუთხეს. ამ ქალაქიდან იწყება კელი, რომელიც მიემართება შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. თვით ქალაქი წარმოადგენს სავაჭრო ადგილს გარშემო მცხოვრებთათვისო. როგორც ამ ცნობებიდან ირკვევა შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ძველი დიოსკურია ყოფილიყო დღევანდელი სოხუმი - ცხუმი ან მასთან ახლოს მდებარე რომელიმე ქალაქი ამას მოწმობს არიანეს ცნობა, რომელიც ამბობს, რომ I ნავსადგური დიოსკურიიდან არის ბიჭვინთა, რომელიც შორავს მას 350 სტადიითო. ასეთივე მანძილი დაახლოებით მათ შორის არის დღესაც.

ქ. პიცუნდა, დღევანდელი ბიჭვინთა, იყო კოლხეთის სავაჭრო ციხე - ქალაქი, სტრაბონი მას დიდ ქალაქს უწოდებს, პლინი კი უმდიდრეს ქალაქს, მისივე ცნობით 294 წ იმპერატორ დეციუსის მეფობის დროს კრიტები შეესივნენ ბიჭვინთას  მათ დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ ქალაქი აიღეს და გაძარცვეს.

ისე ქ. კიტია მოხსენიებულია არგონავტების მოგზაურობაში, ის არის აპოლონ როდოსელის მიერ მოხსენებული კოტაიონ რიონზე მდებარე დღევანდელი ქუთაისი.

პროკოპი კესარიელს მოყვანილი აქვს არიანეს თხზულებიდან ცნობა, რომ რიონზე მდებარე ციხეს ბერძნები უწოდებენ კოტიაოს ლაზები კი ქუთათისსო. ციხე - ქალაქი სარაპანი ცნობილია  კოლხეთის ისტორიაში, როგორც დიდი ნავსადგური, რომელიც მდებარეობდა მდ ყვირილაზე.

იგი წარმოადგენდა სავაჭრო საქონელის სადგომს. აქვე იკრიბებოდნენ ვაჭრები, რომლებიც აღებ - მიცემობას აწარმოებდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის.

სტრაბონის მოწმობით ფაზისის მდინარეში დადიოდნენ გემები სარაპნის ციხემდე, რომელსაც თავისი სიდიდით შეეძლო მთელი ქალაქის მცხოვრებთა დატევება.

აქ დასახელებულ მსხვილ ციხე - ქალაქებთან ერთად კოლხეთში მდებარეობდა უფრო მცირე ქალაქები მაგ ციხე სკანდა, ვარდციხე - როდოპოლისი, ციხე უქიმერიონი და სხვა.

კოლხეთის ჰავისა და ბუნების აღწერა მოეპოვება ჰიპოკრატეს, ჩვენ აქ მოვიყვანთ მის ცნობებს უცვლელად `ქვეყანა რომელსაც ჩაუდის ფაზის - მდინარე არის ჭაობიანი, ცხელი, ნოტიო და შემოსილი ტყით. იქაური მკვიდრნი ცხოვრობენ ჭაობებში წყალში იშენებენ სახლებს ხისას ანუ წკნელისას, გარეთ გამოდიან მხოლოდ მაშინ როცა ქალაქში ანუ ბაზაში უნდა წავიდნენ, ამ ქვეყანაში ბევრი არხია, შიგ უდგიათ მთლიანად ხისაგან გაკეთებული ნავები და ამ ნავებით შემოუვლიან გარშემო თავიანთ მამულს, ხმარობენ წვიმის წყალს, რომელიც არის თბილი მდორე და აყროლებული სიცხისაგან. ფაზისს ყველა მდინარეზე უფრო ნელი და მდორე მიმდინარეობა აქვს. ამ ქვეყნის ხილი ცუდი თვისებისაა, უგემური და წყლის სიუხვის გამო არასოდეს არ მწიფდება. წყლისაგან ნისლი ადის, რომელიც მუდამ გარს არტყია ამ ქვეყანას, ამ მიზეზებს უნდა მიეწეროს, რომ აქაური მცხოვრებნი ეგრე განირჩევიან ყველა სხვა ერთაგან, ისინი ტანით მაღალნი არიან, მაგრამ იმდენად მსუქნები, რომ არ უჩანთ არც სახსრები და არც ძარღვები. ფერი აქვთ ყვითელ - მწვანე, თითქოს სიყვითლით არიანო ავად, ყველაფერს ერიდებიან რაც კი დაღლით.

ამ ქვეყანაში ზამთარსა და ზაფხულს შორის დიდი გარჩევა არ არის სითბო - სიცივის მხრივ, აქ უფრო ხშირია სამხრეთის ქარი, ამის გარდა იცის კიდევ ადგილობრივი ქარი, რომელიც არის ფრიად ძლიერი, ცხელი და უსიამოვნო, ამ ქარს ეძახიან კენხონს. ჩრდილოეთის ქარი აქ იშვიათია და არა აქვს არც ძალა და არც მნიშვნელობა.

კოლხეთის მოსახლეობის შესახებ ჩვენ არა გვაქვს უტყუარი ცნობები, მაგრამ იმ მცირეოდენი მასალების მიხედვით, რომელიც მოიპოვება ძველ ბერძნულ მწერლობაში შესაძლებელია დადგენა, რომ მოსახლეობა ეკუთვნოდა ქართველთა ტომის სამ შტოს კერძოდ რომელშიაც შედიოდნენ მაკრონები, მეგრელები და ჭან - ლაზები, აფშილ - აფხაზებს და სვანებს.

კოლხეთის მოსახლეობაში შედიოდნენ მათივე მონათესავე უფრო მცირე ტომები მოსინიკები, ჰენიოხები და ძიდრიტები. ამ ტომებს შორის თავდაპირველად გაბატონებული იყვნენ კოლხები, რომელთა ხელში იყო პოლიტიკური ძალაუფლება და მთელ ამ მხარეს მათ მიანიჭეს თავიანთი ტომობრივი სახელწოდება კოლხეთი.

კოლხეთის მოსახლეობას დასს საქართველოს ტერიტორიაზე ძველი მწერლები სხვადასხვა ადგილას უჩვენებენ და ეს გარემოება საბაბს აძლევდა უსლარს ეთქვა, რომ კოლხები მოკლებული უნდა ყოფილიყვნენ მკვიდრ მოსახლეობას და ვაჭრობასთან დაკავშირებით უფრო ეწეოდნენ მოძრავ ცხოვრებას როგორც დღეს ებრაელები ქრისტიანებს შორისო. მისივე აზრით დროთა განმავლობაში იქ მოვაჭრე კოლხები სრულიად მოისპნენ და თანამედროვე შავი ზღვის ნაპირას მოსახლე ტომთა შორის ძველი კოლხების შთამომავალი არ არსებობდა.

ხახანაშვილის აზრით კოლხებს შესაძლებელია არ ჰქონოდათ განსაკუთრებული ტომობრივი სახელწოდება, კოლხები მეტად მცირერიცხოვანნი იყვნენ, ცხოვრობდნენ ლაზებსა და მანრალებს შორის. ყოველ შემთხვევაში არ შეიძლება ისინი ცნობილი იყვნენ მრავალრიცხოვან ერად. ამგვარი დასკვნის გაზიარება რასაკვირველია ძნელია, მითუმეტეს, რომ კოლხებს თავიანთ შესახებ წერილობითი ცნობები არ დაუტოვებიათ, ბერძნები კი მათ უწოდებენ კოლხებს, მაგრამ ადგილობრივ თავიანთ ენაზე თუ რა ტომობრივ სახელწოდებას ატარებდნენ ისინი ჩვენ არ ვიცით.

ყოველ შემთხვევაში ბერძნული მწერლობის მიხედვით კოლხები რასაკვირველია არსებობდნენ, ეწეოდნენ ბინადარ ცხოვრებას და საკმაოდ ძლიერ და გავლენიან ტომად იყვნენ ცნობილნი.

მათ შესახებ ჰეროდოტე გარკვევით ამბობს, რომ `სპარსელებს საზღვრად აქვთ სამხრეთის ზღვა, რომელიც იწოდება წითელ ზღვად, იმათ ზევით ჩრდილოეთით მიდიელები ცხოვრობენ, მიდიელების ზევით სასირებია და სასირების ზევით კოლხიდელები.

კოლხიდელებს საზღვრად აქვთ ჩრდილოეთის ზღვა - შავი ზღვა, რომელსაც შეერთვის ფაზის მდინარე ამ ოთხ ერს უჭირავს მთელი ქვეყანა ერთი ზღვიდან მეორემდეო~

აქედან ირკვევა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე მობინადრე კოლხებს საკმაოდ დიდი ტერიტორია ეჭირათ.კოლხების მონათესავე მცირერიცხოვან ტომებს შორის  უფრო ცნობილია ბერძნული მწერლობის მიხედვით მოსინიკები ან ჰეტკაკონიტები. ა როდოსელის მოწმობით მოსინიკებს სჭერიათ ტყიანი და მაღალი ადგილები, ცხოვრობდნენ ხის კოშკებში მკვიდრად შემოკავებულნი, რომელსაც ეწოდებოდა მოსინები აქედან წარმოიშვა თვით მათი ტომობრივი სახელწოდება მოსინებიო.

სტრაბონის მოწმობით მოსინიკები მეომარი და გულადი ხალხი ყოფილა, მათ მოუსპიათ 3 გუნდი რომაელთა მხედრობისა მითრიდატთან ომის დროს.

კოლხეთის მოსახლეობის II შტოს ეკუთვნოდა აფშილ - აბაზგები აფხაზები, რომელნიც კოლხეთის სამხრეთით ბინადრობდნენ და ეჭირათ მდ ენგურის მიდამო მათ შესახებ ძველ ბერძნულ დამწერლობაში მცირე ცნობები მოიპოვება.

მხოლოდ არიანე II ს მოგვითხრობს, რომ ლაზების მოსაზღვრე აფშილებია, აფშილებს საზღვრავს აბაზგები.

კოლხეთის მოსახლეობის ქართველთა III შტოს ეკუთვნოდნენ სუანები, სვანები მათ შესახებ უფრო მცირე ცნობებია ძველ ბერძნულ მწერლობაში შემონახული, მხოლოდ სტრაბონს აქვს მათ შესახებ შემდეგი ცნობა `სვანებს უჭირავთ დიოსკურიის მაღალი მთები და იქიდან მბრძანებლობენ გარშემო ხალხებზე, იმათ ჰყავთ მეფე, რომელიც 300 მხედრისაგან შემდგარი კრების შემწეობით განაგებს. მათში ყველა მხედარია, მხოლოდ აკლიათ მუდმივი ჯარის გაწვრთნობილობა~.

კოლხეთის საზოგადოებრივ - პოლიტიკური ცხოვრების შესახებ ბერძნულ წყაროებში მცირე ცნობებია შემონახული, ამიტომ ძნელია კოლხეთის სახელმწიფოებრივი წყობილების სრული სურათის მოცემა, მაგრამ იმ დროინდელი ცნობების მიხედვით ირკვევა აშკარად, რომ ძ წ V - III ს კოლხეთი იმყოფებოდა გარდამავალ ხანაში, როდესაც გვაროვნული წყობილება უკვე დაშლილი იყო და კლასობრივი საზოგადოების წარმოშობასთან ერთად იწყებოდა ადრინდელი ფეოდალიზმის პერიოდი.

კოლხეთის პოლიტიკური ცხოვრების სათავეში იდგა მეფე ბაზილევსი, რომლის ხელისუფლება გადადიოდა გაბატონებული საგვარეულოს უფროსზე.

კოლხეთის პირველ მეფედ საბერძნეთის მითოლოგიაში მოხსენიებულია აეტი, რომელიც წარმოდგენილია ძლიერ და მდიდარ მეფედ. აეტის სიმდიდრეზე ბერძნებმა შექმნეს მშვენიერი მითი ოქროს საწმისის მოტაცებაზე კოლხეთიდან და ეს გარემოება ჩვენ ერთგვარ საბაბს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ კოლხეთი ძველად მართლაც წარმოადგენდა საკმაოდ დაწინაურებულ სამეფოს. ამას ხელს უწყობდა კოლხეთის გეოგრაფიული მდებარეობა, მას ეჭირა შავი ზღვის სანაპიროები საიდანაც გადიოდა ე წ ინდოეთის სავაჭრო გზა, ამის გამო უძველესი დროიდან კოლხეთი იზიდავდა ახალშენების მაძიებელ ბერძენ მეზღვაურებსა და ვაჭრებს დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან კი ძველი ირანის მბრძანებლებს, რომლებიც მოისწრაფვოდნენ შავი ზღვის სანაპიროებისაკენ, ამის გამო ორივე ეს მხარე ცდილობდა კოლხეთის სანაპიროების ხელში ჩაგდებას და იქ თავიანთი პოლიტიკურ - ეკონომიკური ბატონობის განმტკიცებას.

უკვე ძ წ V ს ჰეროდოტეს მოწმობით კოლხეთი მოქცეული ყოფილა ირანის გავლენაში და იგი შედიოდა XIX საგანმგეო სატრაპიაში.

მოსხები, ტიბარენები, მაკრონები მოსინიკები და მარები შეადგენდნენ XIX სატრაპიას და იხდიდნენ სამას ლატანს. კოლხიდელები და მათი მეზობლები რომელნიც ცხოვრობდნენ კავკასიის ქედის გადაღმა თავის ნებით დღესაც უგზავნიან სპარსეთის ხელმწიფეს ძღვნად ას ას ყმაწვილს და ქალს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, ამასთანავე კოლხეთში მოსახლე ტომები მოვალენი ყოფილან ირანის მბრძანებლებს მიშველებოდნენ ლაშქრითა და იარაღით, სარდლებსაც ირანის მეფეები ნიშნავდნენ და უმეტეს შემთხვევაში სარდლებად ირანელები ყოფილან. მაკრონებისა და მოსინიკების სარდალი ამბობს ჰეროდოტე იყო არტაიქტესი შვილი ხერასმისა მარებისა და კოლხიდელების სარდალი იყო ფარანდატესი შვილი პიასტისა. ამგვარად გაძლიერებული ირანის ძლევამოსილი ახემენელთა დინასტიის მეფეებს თავიანთი პოლიტიკური ბატონობა გაევრცელებიათ კოლხეთზე, რომელიც მას ხარკს აძლევდა.

პირველ  საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვით პონტოში გაძლიერდა მეფე მითრიდატე VI ევპატორად წოდებული. მან დაიპყრო მცირე აზიის ქვეყნები და შექმნა საკმაოდ ძლიერი ბოსფორის სამეფო.

მითრიდატმა თავისი გავლენა ჩქარა შავი ზღვის სანაპიროებზე მოსახლე ხალხებზედაც გაავრცელა.

კოლხეთის მეფეები კარგად გრძნობდნენ მითრიდატეს ძლევამოსილებას და ცდილობდნენ სხვადასხვა დიპლომატიური ხერხებით მისი ბატონობის თავიდან აცდენას, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებული გამხდარან მიეღოთ მითრიდატის პოლიტიკური ბატონობა.

რომაელი მწერლის აპიანეს მოწმობით მითრიდატმა დაიმორჩილა მრავალი მეზობლად მყოფი ტომები, მათ რიცხვში გულადი ტომი კოლხებისა, რომლებიც ცხოვრობენ შავი ზღვის პირას.

სტრაბონის ცნობით მითრიდატე მას შემდეგ რაც კოლხეთი მის ხელში გადავიდა ამ ქვეყნის გამგედ ან მოურავად ნიშნავდა ვინმე თავის მეგობართაგანს, მათ შორის იყო ამბობს სტრაბონი აგრეთვე დედიჩემის ბიძა პაპაჩემის ძმა მოაფერიო, მაგრამ მითრიდატის ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა კოლხეთში. მითრიდატის გაძლიერება აღმოსავლეთში და მცირე აზიაში საფრთხეს უმზადებდა რომის ბატონობას და ამიტომ რომის სენატმა გადაწყვიტა მითრიდატის დამარცხება და ეს საქმე მიანდო ცნობილ მხედართმთავარს პომპეიუსს. რამდენიმე შეტაკების შემდეგ პომპეიუსმა გაიმარჯვა და დამარცხებული მითრიდატე გაიქცა კოლხეთში, ამის შემდეგ როგორც ბერძნულ - რომაული წყაროები გადმოგვცემენ პომპეიუსმა დროებით შეაჩერა მითრიდატეზე შეტევა, რადგანაც მას პირველყოვლისა ესაჭიროებოდა სომხეთის მხრივ ზურგის გამაგრება. ეს გარემოება მოითხოვდა სომხეთის მეფის ტიგრან დიდის დამორჩილებას, რომელთანაც მითრიდატე ნათესაურ კავშირში იყო. ძ წ 66 წ პომპეუსმა გაილაშქრა სომხეთში და მან იგი ადვილად დაიმორჩილა.

ძ წ 65 პომპეიუსმა ახლა აქედან განიზრახა გალაშქრება კოლხეთში სადაც იმყოფებოდა მითრიდატი, მაგრამ ეს სამხედრო ოპერაცია ზურგის უზრუნვესაყოფად მოითხოვდა იბერიისა და ალბანიის დამორჩილებასაც ამ მიზნით რომის ლაშქარი არეზისა და მტკვრის ხეობით შეიჭრა ალბანიაში და იბერიაში. იბერიის მეფე არტაგი იძულებული იყო დამორჩილებოდა რომაელთ.

იბერიიდან პომპეიუსმა გაილაშქრა კოლხეთზე სადაც მას ეგულებოდა მითრიდატი, რომის ჯარი მდ რიონით შევიდა ქ. ფაზისში - ფოთში სადაც პომპეიუსს უცდიდა რომის ფლოტი სერვილის მეთაურობით, მაგრამ პომპეიუსმა აქ ხელში ვერ ჩაიგდო მითრიდატი, რომელიც პომპეიუსის მიახლოებისას კოლხეთიდან გაიქცა თავის ბოსფორის სამეფოში, პომპეიუსმა კოლხეთი დაიმორჩილა და რომაელებმა აქ მეფედ დააყენეს არისტარხი, რომელიც ფულსაც ჭრიდა ასეთი წარწერით `კოლხეთის მეფის არისტარხისა.

ამგვარად კოლხეთი პომპეიუსმა დაუმორჩილა რომის ბატონობას და აქ მოსახლე ტომები ახლა მოექცნენ გაძლიერებული რომის პოლიტიკურ - ეკონომიკურ გავლენაში.

სტრაბონის ცნობით როდესაც რომაელებმა მითრიდატი ტახტიდან ჩამოაგდეს მთელი მისი სახელმწიფო დაიშალა და განაწილებული იქნა სხვადასხვა მთავართა შორის.

უკანასკნელ მეფედ კოლხიდისა იყო პოლემონი, რომლის სიკვდილის შემდეგ მისი ცოლი პითოდარა ქალი ჭკვიანი და საქმის მცოდნე გახდა მეფედ კოლხიდელებისა, ტრაპიზონისა, ფარნაკიისა და მათ ზემოთ მ მცხოვრები ბარბაროსებისა.

დღეს მთელ ამ მხარეს, რომელიც ფაზისის და ევფრატის აქეთ არის განაგებენ რომაელები ან მათგან დანიშნული მთავრებიო, მაგრამ კოლხეთი რომის ბატონობას ურჩობდა და როდესაც რომს ძლიერი მეტოქე გამოუჩნდებოდა იგი მზად იყო განდგომისათვის.

იულიუს კეისრის დროს ძ წ 48 წ კოლხეთი გამდგარა და რომაელებს იგი ხელმეორედ დაუპყრიათ.

ერთი სიტყვით კოლხეთში თანდათანობით განმტკიცდა რომის კეისრის ბატონობა, ეს ის დრო იყო როდესაც რესპუბლიკანური წყობილება გადაგვარდა და რომის სახელმწიფოში დამყარდა თვითმპყრობელობის მკაცრი რეჟიმი.

რომაელები თავიანთი ბატონობის პირველ პერიოდში კოლხეთის შინაურ საქმეებში არ ერეოდნენ, მხოლოდ ახლად არჩეულ მეფეს ამტკიცებდა რომის კეისარი, მისგან იღებდა სამეფო ნიშნებს, აგრეთვე ერთგულების ნიშნად კოლხეთის მეფეს მძევლებიუნდა მიეცა და რომის მოთხოვნისამებრ ჯარითა და იარაღით მიშველებოდა მას.

იბერიისა და კოლხეთის დამორჩილების შემდეგ რომის იმპერატორები შეუდგნენ ამიერკავკასიაში თავიანთი ბატონობის განმტკიცებას, ციხე - სიმაგრეების განახლებას და ყველა შემოსასვლელი კარების გამაგრებას. მითუმეტეს რომის იმპერიას ამიერკავკასიაში ჩქარა გამოუჩნდა ძლიერი მეტოქე, ეს იყო ძველი ირანი.

რომისა და ირანის პოლიტიკურ - ეკონომიკური ინტერესები პირველად ერთმანეთს დაეჯახნენ მცირე აზიისა და სომხეთის საკითხში.

რომაელებმა ორივე ეს ქვეყანა დაიპყრეს და ამგვარად რომის იმპერიამ ხელში ჩაიგდო ირანის ეს 2 მეტად მნიშვნელოვანი ქვეყანა. გაძლიერებული რომი ახლა უახლოვდებოდა ირანის საზღვრებს და ამით საფრთხეს უმზადებდა ირანის ბატონობას.

რომის იმპერია ამასთანავე  მიისწრაფოდა აღმოსავლეთის ქვეყნების დასაპყრობად, ამიტომ რომისათვის პოლიტიკურ აუცილებლობას შეადგენდა არა მარტო ამიერკავკასიისა და მცირე აზიის დაპყრობა არამედ თვით ძლიერი ირანის შეზღუდვა და თავისი გავლენის სფეროში მოქცევა.

ირანის ბატონები კარგად გრძნობდნენ თუ რა საფრთხეს უმზადებდა მათ გაძლიერებული რომის იმპერია, იბერიისა და კოლხეთის ხელში ჩაგდებით, ამას ჩქარა მოჰყვა რომსა და ირანს შორის პოლიტიკური ურთიერთობის გართულება, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო კოლხეთის მეფეებთან მეგობრული კავშირის განმტკიცება, ადგილობრივი ციხე - სიმაგრეების განახლება და გამაგრება.

ამ მიზნით ქ. ფაზისში და დიოსკურიაში რომლებიც სავაჭრო ქალაქებს წარმოადგენდნენ რომის კეისარს თავისი მეციხოვნე ჯარები ჩაუყენებია. ფაზისის ხის კოშკი და გალავანი რომაელებს დაუშლიათ და აუგიათ აგურის ზღუდე და კოშკები, ციხეზე იარაღები დაუდგავთ და ციხის ზღუდის გარშემო ორმაგი განიერი თხრილი შემოუვლიათ. ამასთანავე ბოლო რომ მოეღოთ კოლხების მხრივ მოსალოდნელი განგდგომისათვის რომაელებს აქაც მიუმართავთ თავიანთი ნაცადი ხერხისათვის დაყავი და იბატონე. არიანეს აღწერის მიხედვით 134 წ ადრიანე კეისრის დროს კოლხეთში 4 პატარა სამეფო ყოფილა: ლაზთა სამეფო შავი ზღვის აღმ სანაპიროზე, მის ჩრდილოეთით აფშილების სამეფო იყო, ამაზე უფრო ჩრდილოეთით კი აფხაზთა სამეფო და ამაზე უფრო ზევით სანიგების ან სანების სამეფო მდებარეობდა.

ამგვარად თუ პომპეიუსის შემოსვლამდე კოლხეთი წარმოადგენდა  ერთ სამეფოს სადაც მეფობდა არისტარხი უკვე 134 წ ამავე კოლხეთში აღმოცენებულა 4 სამეფო რომელსაც 4 მეფე განაგებდა.

ისიც ირკვევა, რომ ოთხივე მეფეს ხელისუფლება მიღებული და დამტკიცებული ჰქონია რომის კეისრისაგან და მათ შორის წინანდელი კოლხეთის მეფის მსგავსად უპირატესობა არც ერთს არ ჰქონია. მართალია აქ მოსახლე ტომებს შორის რომის ბატონობის პერიოდში დაწინაურდნენ ლაზები, მაგრამ აფშილების, აფხაზებისა და სანიგების მეფეებს თავიანთი ხელისუფფლება ლაზთა მეფისაგან კი არ ჰქონიათ მიღებული არამედ რომის კეისრისაგან, რომლისაგანაც თვით ლაზთა მეფეც ყოფილა დამტკიცებული.

ანტონინე კეისარს ლაზებისათვის მეფედ თურმე ბაკური დაუნიშნავს. ამასთანავე საყურადღებოა, რომ არიანეს აღწერილობაში კოლხები ასე არიან მოხსენიებული `ეს გარემოება იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ კოლხებმა რომაელების შემოსევის შემდეგ დაჰკარგეს პოლიტიკური ჰეგემონია და სამეფოს ხელისუფლება გადავიდა კოლხების მონათესავე ტომებზე ლაზებზე, რომლებიც წინათ ემორჩილებოდნენ კოლხების მეფეებს.

კოლხების ხელიდან პოლიტიკური მესვეურობის ლაზების ხელში გადასვლას მოჰყვა თვით ამ სახელმწიფოებრივი ერთეულის სახელწოდების შეცვლაც და ამიერიდანრომაელებმა მათ კოლხეთის ნაცვლად უწოდეს ლაზიკა ან ლაზიკე.

ლაზიკას წარმოქმნიდან იწყება სამეგრელოს ისტორიის ახალი პერიოდი ე წ ადრინდელი ფეოდალლური, რომელსაც ჩვენ შემდეგში განვიხილავთ.

ახლა აქ მოკლედ შევეხებით კოლხეთის კულტურულ ვითარებას განვლილ პერიოდში.

ძველ კოლხეთში საკმაოდ დაწინაურებული ყოფილა საზოგადოებრივ - კულტურული ცხოვრება. კლასიკური მწერლები აქებენ კოლხების სტუმართმოყვარეობას და მათი ცნობით კოლხიდელები დიდ დახმარებას უწევდნენ თურმე ზღვის ღელვისაგან გადარჩენილებს ფულით, სურსათის მიწოდებით თუ სხვა საშუალებებით.

ნიკოლოზ დამასკელის მოწმობით ძ წ 64 წ მოსინიკები თავიანთ პურს თანასწორად უყოფდნენ მათ ქვეყანაში შემოსულ უცხოელებს.

ძველი მწერლების აღწერილობით კოლხეთის მოსახლეობა ხის სახლებში ცხოვრობდა, სახლები მაღალბოძებიანი ყოფილა კოშკების მსგავსად ნაგები.

კოლხები იძულებულნი იყვნენ ასეთ შენობებში ეცხოვრათ რადგანაც ხშირი წვიმების გამო დედამიწა იყო მუდამ სველი და ნესტიანიო.

 მოსახლეობა უმთავრესად იკვებებოდა პურით, ღომით, ღომის ღომით, მოხარშული წაბლით, ხილით და ხორცით, ხმარობდნენ დამარილებულ ზღვის ღორის ქონს, ღვინოსაც სვამდნენ მაგრამ წყალნარევს.

ქსენოფონტეს ცნობით აქაური ღვინო უწყლოდ ყოფილა მწლაკე, წყლით კი გემოიანი და სურნელოვანი.

ქსენოფონტეს მოწმობით როდესაც ბერძნებმა მოსინიკების ქალაქი აიღეს  მათ სახლებში ბევრი პური იპოვეს, ეს პური სარდაფებში ყოფილა შენახული, ამას გარდა უნახავთ ახალი პურის ძნები და თიხის ქვევრებში დამარილებული ზღვის ღორის ქონი. ბეღლებში ეწყო მრავალი წაბლი, რომელსაც მოსინიკები ხარშავდნენ და პურის მაგივრად ხმარობდნენ. ყველაფერი ეს კოლხეთის მეურნეობის დაწინაურებას მოწმობს.

კოლხეთში ამასთანავე ბევრი თაფლიც მოდიოდა, ქსენოფონტეს კოლხეთის თაფლი მიაჩნია მაწყინარად და აი რას მოგვითხრობს იგი ამის შესახებ თავის ანაბაზისში `როდესაც კოლხეთით მიმავალმა მისმა ჯარისკაცებმა იქ იპოვეს ბლომად სკები და დაუწყეს თაფლს ჭამა მაშინვე აუტყდათ პირიდან ღებინება და ბოდვაც, ზოგი მათგანი გახელებულს დაემსგავსა ზოგი კი მკვდარს. მეორე დღეს იმავე საათზე რა დროსაც ავად გახდნენ ისევე განიკურნენო~.

დაახლოებით ასეთივე ცნობა მოეპოვება კოლხეთის თაფლის შესახებ სტრაბონსაც ექტაკონიკებმა (მოსინიკებმა) მოგვითხრობს იგი მოსპეს პომპეიუსის ლაშქრის 3 რაზმი, რომლებიც მათ ქვეყანაში გადიოდნენ. ექტაკონიკებმა გზაში დააწყვეს ჯამები მათრობელა თაფლით, რომელიც მზადდება განსაკუთრებული მცენარისაგან, როდესაც ჯარისკაცები დათვრნენ ამ თაფლით და გონება დაკარგეს, მაშინ ისინი ადვილად დამარცხდნენ.

ჰეროდოტეს ცნობით კოლხებს ჩვეულებად ჰქონდათ წინდაცვეთა.

ნიკოლოზ დამასკელის მოწმობით კოლხები თავიანთ მიცვალებულებს მიწაში არ ასაფლავებდნენ თურმე, არამედ ტყავში შეახვევდნენ და ხეებზე ჩამოკიდებდნენ. ამის შესახებ აპოლონ როდოსელი მოგვითხრობს, რომ კოლხიდელი მამაკაცის გვამს არც ცეცხლში წვავდნენ და არც მიწაში ასაფლავებდნენ არამედ ხარის ტყავში დებენ და ქალაქგარეთ ჩამოკიდებენო.

კოლხების მეფეები მთის წვერზე აგებულ კოშკებში ცხოვრობდნენ თურმე, საზოგადო ხარჯით იკვებებოდნენ და მათ იცავდნენ საგანგებო მცველები. კოლხები ამასთანავე გულადი და მეომარი ხალხი ყოფილან, სალაშქროდ გამოდიოდნენ თავიანთი სარდლების მეთაურობით და ჰეროდოტეს მოწმობით იარაღად ხმარობდნენ პატარა ფარებს, მოკლე შუბებსა და საომარ დანებს.

ქსენოფონტეს ცნობით მოსინიკებს მარჯვენა ხელში ეჭირათ ძვლის ფარი, მარცხენა ხელში შუბი, ტანზე ეცვათ სქელი ნაქსოვი პერანგი რომელიც მუხლამდე წვდებოდათ, თავზე ეხურათ ტყავის მუზარადი და აგრეთვე ატარებდნენ რკინის ცულებს.

კოლხების რელიგიური რწმენის შესახებ ბერძნულ - რომაულ მწერლობაში შედარებით მცირე ცნობები მოიპოვება, რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ კოლხებს სარწმუნოებრივი ურთიერთობა ჰქონიათ ძველ საბერძნეთთან და ირანთან.

არიანეს მოწმობით (II ს) მდ ფაზისის შესართავთან მარცხნივ მხარეს აღმართულია ფაზიანების ღმერთი - ქალი, რომელიც გარეგნული გამოსახულებით ღმერთქალი რეა არისო.

იგივე ცნობა მოეპოვება პავზანიუსს, თავის ელადის აღწერაში 173 წ  იგი ამბობს `სპარტაში ყველაზე უძველესი სიწმინდე არის საკურთხეველი არეიასი, რომლის ქანდაკება როგორც ამბობბენ დიოსკურებს გადმოუტანიათ კოლხეთიდანო~.

ამასთანავე პავზანიოსი გადმოგვცემს, რომ კოლხეთში დიდ პატივში ყოფილა აგრეთვე ათინა ასინისელისა, რომელსაც იქ საკურთხეველიც ჰქონია~.

ამ გარედან შემოსულ ბერძნულ - რომაულ კულტებთან კოლხეთში გავრცელებული ყოფილა ხეთა თაყვანისცემა. პროკოპი კესარიელის მოწმობით ტყეების თაყვანისცემა ძლიერ გავრცელებული ყოფილა განსაკუთრებით აფხაზეთში სადაც უმთავრესად თაყვანს სცემდნენ მუხას~.

ირანის პოლიტიკურ - კულტურულ გავლენასთან  დაკავშირებით ძველ კოლხეთში გავრცელებული ყოფილა მაზდეანური რწმენაც, რაც გამოიხატებოდა ცეცხლის თაყვანისცემაში, რასაც სხვათა შორის ისიც მოწმობს, რომ მაზდეანური ჩვეულების მიხედვით კოლხეთშიაც სასტიკად ყოფილა აკრძალული მიცვალებულის დასაფლავება მიწაში, რომელიც წმინდა სტიქიონად ითვლებოდა.

ქრისტიანობაც I საუკუნიდან გავრცელდა კოლხეთში, ამ ახალი რწმენის შემომტანი და გამავრცელებელი იყო რომიდან კოლხეთში გადასახლებული ქრისტიანობის მქადაგებლები.

თეოდორიტე კიპრელის მოწმობით ქ. ბიჭვინთა რომაელებმა აქციეს იმდროინდელ დასასჯელ ადგილად სადაც სხვათა შორის გადაასახლეს იოანე ღვთისმეტყველიო.

კოლხეთში ქრისტიანობის გავრცელებას ის გარემოებაც მოწმობს, რომ პირველ მსოფლიო კრებას ნიკეაში 325 წ დასწრებია ქ. ფაზისის - ფოთის ეპისკოპოსი.

ძველი მწერლების მიხედვით ძველი კოლხეთი კულტურულ - ეკონომიკურად საკმაოდ დაწინაურებული ქვეყანა ყოფილა, ამას ხელს უწყობდა თვით კოლხეთის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელსაც ეჭირა შავი ზღვის სანაპიროები, აქედან გადიოდა ინდოეთისაკენ მიმავალი დიდი სავაჭრო გზა. თვით კოლხებიც დაწინაურებული ყოფილან ვაჭრობაში და ხელოსნობაში, განსაკუთრებით ლითონის დამუშავებაში. ამ დარგში თავი გამოუჩენიათ მოსინიკებს, რომლებიც ამზადებდნენ განსაკუთრებული ელვარების მქონე თითბრის ჭურჭელს მოსინად წოდებულს.

სტრაბონის მოწმობით მის დროსაც კოლხიდელებს ბლომად გამოჰქონდათ მადნებიდან ოქრო, ვერცხლი და რკინა.

სვანეთის ოქროს ქვიშიანი ნაკადულების შესახებ ძვემა  მწერლებმა მრავალი თქმულება დაგვიტოვეს.

ლითონისაგან კოლხიდელები სახმარ ჭურჭელთან ერთად ამზადებდნენ აგრეთვე სამკაულებსაც. თავიანთი ნაწარმი მათ გასასყიდად გამოჰქონდათ შინაურ და უცხოეთის ბაზარზე, ამას გარდა უცხოეთის ბაზარზე გასასყიდად გამოჰქონდათ ხომალდების ასაშენებელი ხე - ტყე, სელი, კანაფი, ცვილი, კუპრი და სხვა.

სელისაგან კოლხები ქსოვდნენ საუკეთესო ტილოს, რომელიც ერთგვარ მეტოქეობას უწევდა თურმე ეგვიპტურ ტილოს. ეს ქვეყანა მდიდარია სხვადასხვა ნაყოფით და გემთსაშენი მასალითო. მზადდება დიდძალი ხე - ტყე, რომელიც გადააქვთ მდინარეების საშუალებით, ჭარბად ამზადებენ ტილოს, ცვილს, კუპრს და სხვა. ტილოს დამზადებაში მათ სახელიც მოიხვეჭეს და აქაური ტილო გააქვთ უცხოეთის ქვეყნებშიო. ჰეროდოტეს მოწმობით მარტო კოლხები აკეთებენ ტილოს იმ რიგადვე როგორც ეგვიპტელები. ბერძნები სელს ეძახიან იმ ქსოვილს, რომელიც კოლხეთიდან მოაქვთ, ეგვიპტიდან შემოტანილ  სელს კი ეგვიპტურს უწოდებენო.

კოლხეთში მიწათმოქმედებაც საკმაოდ განვითარებული იყო, მოჰყავდათ საკმაოდ დიდი რაოდენობის ხორბლეული,  რომლის შესანახად დიდ სარდაფებსაც კი აგებდნენ.

მისდევდნენ აგრეთვე მესაქონლეობას.

ქსენოფონტეს ცნობით კოლხები ტრაპეზუნით აგზავნიდნენ მსხვილფეხა საქონელს გასასყიდად სხვადასხვა ქვეყნებში.

კოლხეთში კარგი სავაჭრო ქალაქებიც არსებობდა, მათ შორის ცნობილი იყო დიოსკურია, მას ფართო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა  მეზობელ ქვეყნებთაბნ.  უმთავრესი სავაჭრო საგანი მისი აღმოცენებისა მარილი იყო. სტრაბონის მოწმობით ქ. დიოსკურია წარმოადგენდა საერთო სავაჭრო ადგილს გარშემო მცხოვრებთათვის. აქ იკრიბებოდა სამოცდაათ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ერი. მეორე მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი კოლხეთისა განსაკუთრებით საგარეო  ვაჭრობაში იყო ქალაქი ფაზისი - ფოთი, რომელიც მდებარეობდა ინდოეთის სავაჭრო გზაზე და წარმოადგენდა სავაჭრო საქონელის ბრუნვის დიდ ნავსადგურს.

ყოველთვის ამ სავაჭრო გზაზე საქონლის გადაზიდვა წარმოებდა ამგვარად ქ ფაზისიდან მდ რიონით სავაჭრო საქონელი გადაჰქონდათ ნავებით ციხე - ქალაქ სარაპანამდის, აქედან საქონელი უნდა გადაეზიდათ ზურგიდან სახედრებით მდ ყვირილას დაკლაკნილ ხევებში სადაც ასოცჯერ უნდა გადასულიყვნენ ხიდებზე, შემდეგ 4 დღის სავალი გზით საქონელი გადაჰქონდათ მტკვრის ხეობაში - ბორჯომის ხეობა, ამ საქონელს ისევ ნავებზე გადატვირთავდნენ და იგი მტკვრის ხეობით კასპიის ზღვამდე ჩაჰქონდათ საიდანაც გზა ინდოეთისაკენ მიდიოდა. ერთი სიტყვით ძველად ცნობილი იყო ინდოეთის სავაჭრო გზა, რომელიც ირკანიის, კასპიის ზღვით შემოდიოდა მტკვრის ხეობით ალბანია - იბერიაში და შემდეგ ყვირილა - რიონით კოლხეთში. მას ბოლო ჰქონდა ქ. ფაზისში, ამ სავაჭრო გზით უცხოელებთან ერთად რასაკვირველია კოლხებიც სარგებლობდნენ და ისინიც გაცხოველებულ მონაწილეობას იღებდნენ იმ დიდ ვაჭრობაში რომელიც ამ გზის მეშვეობით წარმოებდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის.

კოლხეთს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა შავი ზღვის პირას მდებარე საბერძნეთის ახალშენებთან და ეს გარემოება ხელს უწყობდა კოლხეთის საბერძნეთთან კულტურულ - ეკონომიურ დაახლოებას, ვაჭრობის დაწინაურებას ჩქარა მოჰყვა  ფულის ნიშნების ტრიალი და ბერძნული ფულების წაბაძულობით უკვე ძ წ V საუკუნიდან კოლხეთში ჩნდება საკუთარი ფული, რომელიც ცნობილია კოლხურად. ვერცხლის ეს ფულები იჭრებოდა დიდრაქმიანი და ნახევარდრაქმიანი წვრილი და მრავალია აღმოჩენილი დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიის ფარგლებში. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ასეთი ფულები სხვაგან არ არის აღმოჩენილი და ეტყობა იგი უმთავრესად ტრიალებდა კოლხეთის ფარგლებში. კოლხური ფულის ერთ მხარეზე ამოკვეთილია გრძელთმიანი ქალის თავის პროფილი, რომელიც რკალშია ჩასმული, მეორე მხარეს კი ხარის თავი, რომელიც ქვეყნის მეურნეობის მთავარი დარგის მესაქონლეობის მაჩვენებელია და თვით ფულის პირვანდელი სახელწოდებაც ამ სავაჭრო სავალუტო საქონლის ექვივალენტი იყო. ამას ისიც მოწმობს, რომ ფულის აღმნიშვნელი ძველი ლათინური ტერმინი პეკუნია პირუტყვს ნიშნავდა. ასეთივე მნიშვნელობით იხმარებოდა ძველი ქართული ხვასტაგი რაც ერთი და იმავე დროს ნიშნავდა ფულსა და ოთხფეხა საქონელს. ფულის მოჭრა ამასთანავე დამოკიდებულია ძვირფასი ლითონის მარაგზე და კოლხური ვერცხლის ფულების სიმრავლე აშკარად ამოწმებს ძველი მწერლების ცნობებს კოლხეთის ამ მხრივ სიმდიდრის შესახებ.

განვითარებული ვაჭრობა მოითხოვდა სათანადო ხელშეწყობის პირობებს, ადვილად მისვლა - მიმოსვლას, კარგ გზებს, დასასვენებელ სადგურებს, გზის დაცვა - უშიშროებას, პირად და ქონებრივ ხელშეუხებლობას და სხვა.

კოლხებს მართლაც უზრუნვიათ ამ სავაჭრო გზის მოწესრიგებისათვის. გზების მახლობლად აღმართული ყოფილა ქვის ფიქალები, კადრისები რომლებზედაც ნაჩვენები იყო გზების მიმართულებები და მგზავრთათვის დასასვენებელი ადგილები. გზების მიმართულების ცოდნაში კოლხები დახელოვნებულნი ყოფილან, რასაც ფიცარზე ხატავდნენ რუკის მსგავსად და მგზავრობის დროს თან ატარებდნენ თურმე.

აპოლონ როდოსელის სიტყვით კოლხიდელებს ძველთაგანვე ჰქონდათ წინაპართაგან დასწავლილი ზღვისა და ხმელეთის გზების ფირფიტებზე გამოხატვა თავიანთ სამგზავროდ, ეს ფირფიტები ჯერ ქვისა იყო და შემდეგ ხისა, მათ ეწოდებოდათ კურბეისი. უეჭველია, რომ ეს ფირფიტები ნასახია ლანდქარტებისა და ადვილი საფიქრებელია, რომ ჰეროდოტეს თვალწინ ჰქონდა ამისთანა ფირფიტები, როცა ჩამოთვალა ჩრდილოეთის ერთა სავაჭრო გზები  ბორისთელისა და პონტის მიდამოებში.

სტრაბონისა და პლინის მოწმობით მდ ყვირილაზე სავაჭრო ხასიათის დიდი შენობები ყოფილა გაშენებული. რომ არ შეფერხებულიყო ნაოსნობა ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავდა რიონისა, ყვირილასი  და მტკვრის ხეობების ამოწმენდაზე და სურამის ქედზე გადასასვლელი გზის დაცვა - შეკეთებაზე.

მდინარეებზე გადასასვლელად ხიდები ყოფილა გამართული. სტრაბონის ცნობით ფასისისის მდინარეზე 120 ხიდი ყოფილა გადადებული. სტრაბონი ამბობს ფაზის მდინარე ჯერ ნელნელა და ფრიად მიხვეულ მოხვეული მიდის, რასაც ამტკიცებს ის 120 ხიდი რომელიც გადებულია იქ და რომლის შემწეობით კაცმა უნდა გადაიაროს და გადმოიაროს ეს მდინარე.

ინდოეთიდან წამოღებული საქონელი კასპიის ზღვიდან შავზღვამდე მრავალჯერ უნდა ამოეზიდნათ მდინარეებიდან და ხან ხმელეთით და ხან ისევ მდინარეებით უნდა ეტარებინათ.

ყოველივე ეს ნიშნები სატრანზიტო ვაჭრობისა ამტკიცებს, რომ კავკასიაში მიმოსვლა კეთილმოწყობილი ყოფილა და უშიშარი.

ეჭვსგარეშეა, რომ უძველეს დროში ფაზისზე დაჰყავდათ სავაჭრო გემები. შორაპნის ზევით საქონელი დაჰქონდათ მდინარის ზემო ნაწილის გაყოლებით დაკლაკნილ ხევში, სადაც ასოცჯერ უნდა გადასულიყვნენ ხიდებზე. კულტურულ - ეკონომიურად დაწინაურებულ კოლხებს უნდა ჰქონოდათ თავისი მწერლობაც, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ ცნობები არ მოგვეპოვება.

არსებული წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ კოლხები სარგებლობდნენ ბერძნული დამწერლობით, რასაც მოწმობსკოლხურ ფულებზე გამოსახული ბერძნული ასოები და აგრეთვე კოლხეთის მეფის არისტარხის ფულზე წარწერა.

საბერძნეთ - რომსა და კოლხეთს შორის კულტურულ ურთიერთობას მოწმობს აგრეთვე კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ანტიკური პერიოდის არქეოლოგიური ნაშთები, მათ შორის საყურადღებოა 1933 წ დაბლაგომში - სამტრედიის რაიონში აღმოჩენილი ქვევრ - სამარხები, რომელშიც აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის სამკაულები და წვრილი კოლხური ვერცხლის ფულები.

დაბლაგომის ეს სამარხები ეკუთვნის ძ წ III - I ს. თვით დაბლაგომი მდებარეობს ისტორიულად მნიშვნელოვან მუსირისის მხარეში მდ რიონსა და ცხენისწყალს შორის. ეს ადგილი აღწერილი აქვთ ბიზანტიელ მწერლებს როგორც მდიდარი და ნაყოფიერი კუთხე კოლხეთისა. ასეთივე მნიშვნელოვანია სოფ ბორში ხარაგაულის რ აღმოჩენილი ძვირფასი განძი, რომელიც შეიცავდა ვერცხლის ჭურჭელსა და სამკაულებს. ამ ნივთების ნაკეთობა და სტილი რომაულია და ეკუთვნის I საუკუნეს.

ბორი მდებარეობს ძველ ციხე - ქალაქ შორაპანთან, რომელიც წარმოადგენდა კოლხეთის დიდ სავაჭრო ცენტრს.

1930 წ ენგურის პირას სოფ თაგელონში ზუგდიდის რ აღმოჩნდა მაღალი ხელოვნებით შესრულებული ოქროსაგან გამოქანდაკებული ირმის თავი, ოქროს სამკაულები, ვერცხლის ფიალა და სხვა. ეს ნივთები ეკუთვნის I საუკუნეს. ამავე სტილისა და ხელოვნების ნივთები აღმოჩნდა  აგრეთვე 1929 წ სოფ ნოსირში, მათში აღსანიშნავია გველის ქანდაკება ოქროსი, ბეჭდები, ღილები და სხვა. მოსირი აბაშასა და ტეხურას შუა არის მოთავსებული სწორედ იმ ადგილას სადაც დიდი საომარი ოპერაციები სწარმოებდა რომსა და ირანს შორის კოლხეთის დასაპყრობად, მის სამხრეთით იყო ციხე - სიმაგრე მესოსი დღევანდელი ისულეთი, ჩრდილოეთით კი არქეოპოლისი ახლა ნოქალაქევი.

საყურადღებოა, რომ ასეთივე აღმოჩენას ადგილი ჰქონდა არქეოპოლისის მახლობლად მდ აბაშის პირას სოფ ბანძაში 1923 წ, აქ აღმოჩნდა რომის ბატონობის პერიოდის სამკაულები, ვერცხლის ფიალა და იმპერატორ ანტონინეს ვერცხლის ფული.

ცნობილია, რომ ანტონინე კეისარი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ლაზიკის სამეფოს, რომელიც მისივე მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა, ლაზიკის მეფედ მათ ბაკური დაუნიშნავთ.

ბანძის მახლობლად სოფ სეფიეთში რომელიც 7 კმ - თ არის დაშორებული ნოქალაქევს ძველ არქეოპოლისს 1931 წ აღმოჩნდა რომაული ფულების დიდი განძი, რომელიც შეიცავდა 500 ვერცხლის ფულს, ეს ფულები მოჭრილია სხვადასხვა დროს იმპერატორ ტრაიანედან დაწყებული მთავრდება ალექსანდრე სევერით, სულ 14 იმპერატორის მიერ მოჭრილი ვეერცხლის ფულებია.

სოფ სეფიეთი აბაშის პირას მდებარეობს და ეს ადგილი წარმოადგენდა ირან - ბიზანტიის ბრძოლების ერთერთ ასპარეზს, რომაული ფულების ასეთი დიდი განძის აღმოჩენა კოლხეთის ტერიტორიაზე II შემთხვევად უნდა ჩაითვალოს. პირველ ასეთ აღმოჩენას ადგილი ჰქონდა სოფ გერძეულში სოხუმის რ ძველი კოლხეთის ტერიტორია სადაც აღმოჩნდა 467 ცალი რომაული ვერცხლის ფულები კაბადოკიის, კეისარიისა სხვა მოჭრილი. ფულების ეს განძი ეკუთვნის I - II ს და იგი იჭრებოდა იმპერატორ ნერონიდან ლუციუს ვერუსამდის. ყველა აღმოჩენები ადასტურებენ კლასიკური მწერლების ცნობებს ძველი კოლხეთის მოსახლეობის კულტურულ - ეკონომიური განვითარების საკმაოდ მაღალ დონეს.

 

ლაზიკა, ეგრისი.

 

რომაელების შემოსევის შემდეგ როგორც ჩვენ უკვე ავღნიშნეთ ძველი კოლხების პოლიტიკური მესვეურობა გადადის ლაზების ან ეგრისელების ხელში და მთელ ამ მხარესაც რომაელებმა უწოდეს ლაზიკა, მაგრამ ამის შემდეგაც ამ მხარეს დიდხანს შერჩა პარალელურად თავისი პირვანდელი სახელწოდება კოლხეთი და რომაულ - ბერძნულ მწერლობაში ლაზიკა გაიგივებულია კოლხეთთან.

პ კესარიელი რომელიც ცხოვრობდა VI ს I ნახევარში თავის თხზულებაში «De belo gotinfo», ამბობს, რომ კოლხიდა რომელსაც ახლა ლაზიკე ეწოდება ძველთაგანვე სპარსელთა ქვეშევრდომი იყოო». ამასვე იმეორებს იოანე ლიდე VI ს «ევროპაშია კოლხიკე რომელსაც ახლა ლაზიკეს ეძახიანო. არიანეს უსახელო რედაქტორი V ს ამტკიცებს «დიოსკურიიდან ანუ სებასტოპოლიდან მდ აფსასამდე უწინ ცხოვრობდა ხალხი, რომელიც იწოდებოდა კოლხებად და რომელსაც ახლა შეერქვათ ლაზებიო».

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ V - VI სცნობილი ბიზანტიელი მწერლები განსაკუთრებით პ. კესარიელი და აგათია სქოლასტიკოსი, რომლებსაც მოეპოვებათ ყველაზე ვრცელი ცნობები ლაზიკის შესახებ ხშირად მას იხსენიებენ კოლხეთის სახელწოდებით.

ლაზურ - მეგრული ტომობრივი სახელწოდება ლაზი სვანური წარმოშობისაა ზან ან ჭან, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ სვანები მეგრელებს დღესაც ეძახიან ზანას სამეგრელოს კი ზანს.

აკად ნ. მარის თქმით ტერმინი ზან არის ელინიზირებული ფორმა ზანების ან იგივე ჭანების ქვეყნის სახელწოდებისა, ის წარმოშობილია პრეფიქსი ლა - ზენის დახმარებით, მაგრამ იგი წარმოშობით არც ჭანურია და არც მეგრული, ის შეიძლება იყოს ნაშთი იაფეტური შტოს სვანური ჯგუფის რომელიმე ენისა, სახელწოდება ჭანი გადაჰქონდათ მეგრელებზედაც, ლაზიკის ქვეშ ხშირად იგულისხმებოდა სამეგრელო, როგორც მაგ იმპერატორ ჰერაკლეს დროს მეგრელების სახელწოდება ვრცელდებოდა ჭანებზედაც.

სამეგრელოს ქვეშ ესმოდათ ლაზიკა, ამიტომ ხშირად ტრაპიზონის შესახებ ვკითხულობთ, რომ ეს ქალაქი იმყოფება სამეგრელოშიო.

ლაზურ - მეგრულ სამეფოს ეს რომაულ - ბიზანტიური სახელწოდება ლაზიკა ქართულ საისტორიო მწერლობაში არ იხსენიება. ქართულ მატიანეში იგი ცნობილია ეგრისის სამეფოს სახელწოდებით. აქედან არის ნაწარმოები მეგრელების სატომო სახელი ძველ სომხურში ეგერ და აფხაზური აგრუა. ამ ფუძიდან ეგერ ნაწარმოებია ქართული ეგრელი და ადგილობრივი მეგრული მ - არგ - ალი. ეს ფორმა მოცემულია აგრეთვე პტოლემეს მანგალებში, თავის გეოგრაფიულ აღწერაში ის ამბობს, რომ «კოლხეთის ზღვისპირა ნაწილში მოსახლეობენ ლაზები, ზემოგანში კი მარალები (მეგრელები) და ხალხი, რომლებიც ცხოვრობენ ეკრეკტიკის ქვეყანაშიო», ერთი სიტყვით აქედან ირკვევა, რომ სამეგრელოს ძველი ქართული სახელწოდება ეგრისი და შემდეგში აქედან ნაწარმოები სამ - ეგრ - რემელ აღსანიშნავია რომაულ - ბიზანტიურ ლაზიკად.

ქართველ მემატიანეს ლეონტი მროველს სახელწოდება ეგრისი გამოჰყავს მეგრელების მითიური წინაპარი ეგროსისაგან და იგი იძლევა ამის წარმოშობის ასეთ სქემას «პირველად ვახსენეთ ესე რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა და მეგრელთა ამა ნათესავთა ერთი იყო მამა სახელით თარგამოს, ედსე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი ნოეს ძისაო». ლეონტის თეორიით ამ თარგამოსს ჰყოლია 8 გმირი შვილი: ჰაოსი, ქართლოსი, ბარდოსი, მოვაზან, ლეკ, ჰეროს, კავკას და ეგროსი, რომლისაგანაც მეგრელები წარმოშობილან.

ეგროსისათვის თარგამოსს მიუცია დღევანდელი დას საქართველო.

ეგროსმა მისცა ქვეყანა ზღვის ყურისა და უჩინა საზღვარი აღმოსავლეთ მთა ლიხი, დასავლით ზღვა ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი აწ მას ადგილსა ჰქვია ბედია. ამგვარად ლ. მროველის ზღაპრული თეორიით მეგრელები წარმოშობილან ეგროსისაგან, დასახლებულან დას საქართველოში და მათ ქვეყანასაც ეგრისი დარქმევია.

ლ. მროველის ამ ეპიზოდური და საეჭვო ხასიათის თხრობის გარდა სხვა ცნობები III - IV ს ეგრისის შესახებ ქართულ ისტორიაში ჩვენ არ მოგვეპოვება. აღნიშნული პერიოდის ეგრის - ლაზიკის ისტორიის შესწავლისა და გაცნობის საშუალებას იძლევა ბიზანტიური საისტორიო წყაროები რომელშიაც იგი ცნობილია მხოლოდ ლაზიკის სახელწოდებით, ამიტომ ეგრისის ნაცვლად აქ ვხმარობთ სახელწოდება ლაზიკას როგორც ეს სახელწოდება მიღებული და განმტკიცებულია საისტორიო მწერლობაში.

ლაზიკის სამეფო მოქცეული იყო ძველი კოლხეთის საზღვრებში, რომელიც შეიცავდა მთელი დას საქართველოს ტერიტორიას.

მის სამხ - დასავლეთით ცხოვრობდნენ მათივე მონათესავე ტომი სანები ან ჭანები, რომელთა საზღვარი აღწევდა ტრაპეზუნტამდე. აგათია სქოლასტიკოსის ცნობით ჭანები ცხოვრობენ ევქსინის პონტოს სამხრეთით ქ. ტრაპეზუნტის ვემოთო. ლაზიკის სამეფოში მოსახლეობდნენ შემდეგი ტომები: თვით ლაზ - მეგრელები წინათ კოლხებად წოდებულნი.

პ. კესარიელი ამბობს «კოლხები შეუძლებელია არ იყვნენ იგივე ლაზები ვინაიდან ფაზის - მდინარეზე მოსახლეობენ ხოლო სახელი კოლხები როგორც სხვა მრავალი ტომისა ამჟამად ლაზთა სახელით შეიცვალაო».

ამასვე იმეორებს ა. სქოლასტიკოსი, რომელიც ამბობს «ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის თუკი ის გაეცნობა ფაზისის, კავკასიისა და მათ გარშემო მდებარე ქვეყნების მოსახლეობასო, ამ ლაზ - მეგრულ ტომს ეჭირა ლაზიკის ცენტრალური ტერიტორია რიონ - ჭოროხის ხეობა მათი შენაკადებით.

პტოლემეს ცნობის მიხედვით ზღვისპირა და ჭოროხის ხეობა ეჭირა ლაზ მოსახლეობას, ზეგანი და რიონის ხეობა კი მეგრელებს.

ლაზიკის სამეფოში შედიოდნენ აბაზგები (აფხაზები) რომლებიც ემორჩილებოდნენ ლაზთა მეფეებს.

ზღვისპირას ამბობს პ. კესარიელი აბაზგები მოსახლეობენ, რომელთა საბინადრო ადგილი კავკასიონის მთებამდე გრძელდებოდა, აბაზგები ძველთაგანვე ლაზების ქვეშევრდომები იყვნენ, ხოლო მუდამ ჰყავდათ 2 თვისტომი მთავარი. ლაზიკის ჩრდ საზღვარზე მდებარეობდა სკვიმია (ლეჩხუმი) და სვანია - სვანეთი, რომელნიც ემორჩილებოდნენ ლაზთა მეფეებს.

პ. კესარიელის ცნობით ამათ შემდეგ ლაზიკებში შიდა ხმელეთში მოდის კვიმია და სვანია, ეს ტომები ლაზთა ქვეშევრდომები არიან. იქაურ მცხოვრებლებს მთავრებად ჰყავდათ თვითტომთაგანი, ხოლო როდესაც მთავარს აღსასრულის დღე მიადგება მათ ჩვეულებრივ მთავარი ენიშნებათ ლაზთა მეფის მიერ». ერთი სიტყვით ლაზიკა - ეგრისის სამეფოს ეჭირა საკმაოდ ფართე ტერიტორია, რომელიც შეიცავდა დღევანდელ გურიას, ქვემო იმერეთს, რაჭა - ლეჩხუმს, სამეგრელოს, სვანეთსა და აფხაზეთს. ლაზიკის სამეფოს პოლიტიკური ცენტრი და სატახტო ქალაქი იყო არქეოპოლისი - ნოქალაქევი, ეს ქალაქი მდებარეობდა მდ ტეხურის პირას და შემოზღუდული იყო მაღალი გალავანით და ციხე - კოშკებით.

პ. კესარიელი მოგვითხრობს «არქეოპოლისი არის მთავარი და უდიდესი ქალაქი ლაზების ქვეყანაშიო».

ლაზიკის პოლიტიკურ - საზოგადოებრივი ცხოვრების სათავეში იდგა მეფე რომელსაც ირჩევდნენ მემკვიდრეობით. ლაზიკის მეფეს ამტკიცებდა ბიზანტიის კეისარი, რომლისგანაც იგი იღებდა სამეფო ნიშნებსა და საჩუქრებს. ლაზიკა ბიზანტიას არც ხარკსა და არც ჯარს უგზავნიდა, მხოლოდ ვალდებული იყო ჩრდილოეთის საზღვრები გაემაგრებინა და იქიდან ჰუნები და სხვა ტომები არ გადმოეშვა და ბიზანტიის სამფლობელო მათი შემოტევისაგან დაეცვა.

ლაზიკა - ბიზანტიის ამ პოლიტიკურ - ეკონომიური ურთიერთობის შესახებ ვრცელ ცნობებს იძლევა პ. კესარიელი, რომელიც მოგვითხრობს «ლაზები თავდაპირველად კოლხიდის ქვეყანაში მოსახლეობდნენ და რომაელთა ქვეშევრდომნი იყვნენ, ხოლო არც ხარკს იხდიდნენ არც სხვა რამეში ემორჩილებოდნენ მათ გარდა იმისა, რომ როდესაც მათ მეფე მოუკვდებოდათ რომაელთა მეფე უგზავნიდა ტახტის მემკვიდრეს ძალაუფლების სიმბოლოს. ის ზედმიწევნით იცავდა თავის ქვეშევრდომებთან ერთად ამ ქვეყნის საზღვრებს რათა მტრულად განწყობილი ჰუნები ლაზების მოსაზღვრე კავკასიის მთიდან ლაზიკეზე გამოვლით რომაელთა მიწა - წყალზე არ შემოჭრილიყვნენ და მტკიცედ იცავდნენ იმას, რომ არც ფულს ღებულობდნენ რომაელებისაგან, არც ჯარს და არც ლაშქრობდნენ რომაელებთან ერთად რა სახითაც არ უნდა ყოფილიყო ეს მუდამ აწარმოებდნენ პონტოში მცხოვრებ რომაელებთან საზღვაო ვაჭრობას, თვით მათ არც მარილი ჰქონდათ, არც ხორბალი, არც სხვა რამე სიკეთე, ისინი მხოლოდ აწვდიდნენ ტყავებს და მონებს და თავისათვის საჭირო საგნებს იძენდნენ. პოლიტიკური ურთიერთობის განმტკიცების მიზნით ლაზთა მეფეები ენათესავებოდნენ ბიზანტიის კეისრებს და ცოლად ირთავდნენ მათ ქალებს. ლაზთა მეფეები ბიზანტიონში გზავნიდნენ ელჩებს და მეფის თანხმობით უნათესავდებოდნენ და მოჰყავდათ იქიდან ქალები ცოლადო, ამასთანავე ლაზებსა და მათ მესვეურებს არ აკლდათ პოლიტიკური გამჭრიახობა და გულადობა, რასაც აღნიშნავენ თვით ბიზანტიის მწერლები».

ა. სქოლასტიკოსი ლაზებს ასე ახასიათებს «ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებზე მბრძანებლობენ, ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღლობენ, შესაძლებელია არც თუ ისე უსაფუძვლოდ. იმ ტომებს შორის, რომელნიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებარებიან მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სახელგანთქმული და მორჭმული როგორც თავისი სიმდიდრე - სიუხვით ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით როგორც მიწა - წყლის სიჭარბითა და მოსავლიანობით ისე ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით. იმ დროს როდესაც წინანდელ მცხოვრებლებს ამ მხარისას სრულიად არ სცოდნიათ ზღვის დადებითი თვისებები წარმოიდგინეთ არც კი გაეგონათ ხომალდის სახელი მანამდე სანამ მათთან არგოს ნავი მოვიდოდა ეხლანდელი მცხოვრებლები დაცურავენ კიდეც რამდენადაც შესაძლებელია და ვაჭრობაშიაც ნახულობენ დიდ სარგებლობას, ისინი უკვე არც ბარბაროსები არიან არც ბარბაროსულ ცხოვრებას ეწევიან, არამედ რომაელებთან კავშირის წყალობით თავიანთი ცხოვრებისათვის სახელმწიფოებრივი და კანონის სახე მიუციათო».

ლაზიკის სამეფოს ჰქონდა მდიდარი და ნაყოფიერი ადგილები, როგორიც იყო მაგალითად მოხირისი, რომლის შესახებ პ. კესარიელი მოგვითხრობს «მოხირისი 1 დღის სავალ გზაზეა არქეოპოლისს დაშორებული და შეიცავს მრავალ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს. კოლხების მიწა - წყალზე ის საუკეთესო მხარეს წარმოადგენს, ღვინოც კარგი მოდის, თუმცა ლაზიკის სხვა ადგილებზე არ შეიძლება ეს ითქვას/. ამ მხარეს ჩამოუდის 1 მდინარე სახელად რეონი, მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე, რომელსაც კოტიაიას უწოდებენ ელინური ენით ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიანო».

ლაზიკას თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ეჭირა სტრატეგიული მნიშვნელობის შავი ზღვის სანაპირო. ლაზიკიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადიოდა იბერია - ალბანის სავაჭრო გზა ირან - ინდოეთში მიმავალი. ლაზიკის ჩრდ საზღვრებიდან ბიზანტიას საფრთხე მოელოდა ჰუნებისა და სხვა ჩრდილოეთში მობინადრე ტომების შემოსევებით, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე მოსალოდნელი იყო ირანის მხრით, რომელიც ვერ ურიგდებოდა ბიზანტიის ბატონობას ამიერკავკასიაში და მცირე აზიის ქვეყნებში, ამიტომ ლაზიკის შემომტკიცებას და ციხე - სიმაგრეებით შემოზღუდვას ბიზანტია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა.

ლაზიკის ციხე - სიმაგრეებში ცნობილია სკანდე, შორაპანი, როდოპოლისი, ტელეფისი, ნერსოსი, უქიმერიონი, არქეოპოლისის ციხე, პეტრა და სხვა. მათ შორის პირველხარისხოვან ციხე - სიმაგრედ ითვლებოდა პეტრას ციხე, რომელიც ააგეს ბიზანტიელებმა იუსტინიანე კეისრის დროს.

ლაზიკის ციხე - სიმაგრეებს პ. კესარიელი ასე აგვიწერს «ლაზთა სოფლები ყველა მდებარეობს მდინარის აქეთა ნაპირას და ქალაქებიც მათ ძველთაგანვე აქ აუშენებიათ, მათ შორის არის არქეოპოლისი ძალიან გამაგრებული, სებასტოპოლიც არის აქ და პიტიუნტის სიმაგრეც, ხოლო სკანდა და სარაპანი იბერიის საზღვრებისკენაა. ყველაზე შესანიშნავი ქალაქები კი მაინც არის აქ როდოპოლისი და მოხირისი.

ლაზიკის მიწა - წყალზე იმ ადგილას სადაც ადამიანებს არასდროს არ უცხოვრიათ იუსტინიანე მეფემ შემდეგ ქ. პეტრა გააშენაო», შემდეგ კესარიელი თვით ქ. პეტრას ასე აღგვიწერს «პეტრა ზღვისპირა ქალაქია კოლხეთში ე წ ევქსინის პონტოსთან. ქ. პეტრა მიუვალია ჯერ ერთი ზღვის მხრით ციცაბო კლდეებით, რომელიც აქ ყოველი მხრით არის აღმართული, აქედან არის, რომ მას ეს სახელწოდება ხვდა წილად. მხოლოდ 1 შესავალი აქვს მას დაბლობში ისიც არც თუ ისე ფართე ვინაიდან მის ორივე მხარეს არაჩვეულებრივი კლდეებია დაკიდებულიო». პეტრას ციხის ასეთი გამაგრება გამოწვეული იყო ირანის შემოტევის შიშით, ირანი ვერ ითმენდა ბიზანტიის ბატონობას იბერიაში და ლაზიკაში და ემზადებოდა ამ ორივე ქვეყნის ხელში ჩასაგდებად.

ირანსა და რომს შორის პოლიტიკური ურთიერთობა უფრო გამწვავდა როდესაც ირანის სამეფოს სათავეში მოექცნენ სასანიანთა საგვარეულოს მეფეები. ამ დინასტიის I ძლიერი შაჰი იყო არდაშირი, რომელმაც დაამარცხა წინანდელი დინასტიის არშაკუნიანების მეფე და 224 წ ხელში ჩაიგდო  მთელი ირანი. არდაშირი და სასანელთა ახალი სამეფო გვარი სპარსეთის ეროვნულ - სარწმუნოებრივი მიმართულების განმაახლებელი და სულისჩამდგმელნი იყვნენ, მან უარყო ბერძნული კულტურის გავლენა, რწმენა და ადათ - ჩვევანი, სამაგიეროდ განაახლეს ძველი ირანული ადათები, აღადგინეს და გააძლიერეს პართული ეროვნული რელიგია მაზდეანობა (ცეცხლთაყვანისმცემლობა).

არდაშირმა ამასთანავე თავის სახელმწიფოში ჩაატარა მთელი რიგი რეფორმები, შემოიერთა მრავალი პროვინცია, შექმნა ძლიერი მხედრობა, განავითარა აღებ - მიცემობა და სხვა.

გაძლიერებულმა ირანმა ახლა დაიწყო რომის იმპერიის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკის წარმოება მცირე აზიისა და ამიერკავკასიის დასაპყრობად. სასანიანი მეფეების მიზანი იყო რომის ბატონობის განდევნა იბერია - ლაზიკიდან და შავი ზღვის სანაპიროების შემომტკიცება რათა აქედან გადასულიყვნენ თვით რომაელებთან შეტევაზე, ამიტომ სასანიდებმა დაიწყეს პირველ რიგში იბერიაზე შეტევა როგორც მოსაზღვრე ქვეყანაზე და ცდილობდნენ იბერიის სამეფოს რომის ბატონობიდან გამოგლეჯას.

ირანისა და რომაელ - იბერიელთა ჯარებს შორის ამის გამო რამდენიმე შეტაკებას ჰქონდა ადგილი. ბოლოს ირანის მეფე ნარსე დაამარცხა რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ და მათ შორის 298 წ ქ. ნიზიბინში დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად იბერია ისევ რომის მფარველობაში დარჩა.

ამ პოლიტიკურ ბრძოლას დაერთო რელიგიური ანტაგონიზმი, რაც გამოიხატებოდა მაზდეანობის და ქრისტიანული მოძღვრების პირველობისათვის ბრძოლაში იბერიასა და ლაზიკის სამეფოში.

ირანის შაჰები თავიდანვე ცდილობდნენ, რომ იბერია - ლაზიკა თავიანთი პოლიტიკურ - რელიგიური გავლენის ქვეშ მოექციათ და ამიტომ მედგრად ავრცელებდნენ მათში მაზდეანურ რწმენას.

ცეცხლის თაყვანისცემის ცენტრად იბერიაში ითვლებოდა მცხეთა, სადაც ენთოთ ცეცხლის გაუქრობელი კოცონი და მაზდეანთა მოგვები საღმრთო ცერემონიალს ასრულებდნენ.

ამ რწმენის მიხედვითა თუ თანაგრძნობით განისაზღვრებოდა იბერია - ლაზიკაში პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი, ამის საწინააღმდეგოდ რომი - ბიზანტია იბერია - ლაზიკაში ავრცელებდა თვით ქრისტიანულ მოძღვრებას. ქრისტიანული მოძღვრება დასავლეთის რწმენითა და იდეოლოგიით იყო გაჟღენთილი და ამიტომ ქრისტიანობის გავრცელება ირანულ მაზდეანობას იბერია - ლაზიკაში საფრთხეს უმზადებდა.

ნიზიბინის 298 წ ხელშეკრულების შემდეგ გამარჯვებული რომისათვის საჭირო გახდა იბერია - ლაზიკის გავლენიანი წოდების პოლიტიკურ - იდეოლოგიური შემომტკიცების მიზნით მაზდეანური რწმენიდან მათი განთავისუფლება, ქრისტეს მოძღვრებაზე მოქცევა და ამგვარად სარწმუნოებრივ - იდეოლოგიურადაც ამ ორივე ქვეყნის რომთან დაკავშირება.

ქრისტიანობა ამ დროს 313 წ აღიარებული იყო რომის ოფიციალურ რელიგიად და 337 წ (ახალი გამოკვლევით 326 წ) შესაძლებელი გახდა იბერია - ლაზიკაში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად აღიარება. ქრისტიანობის განმტკიცება ნიშნავდა რომის პოლიტიკური ძალაუფლებების გამარჯვებას იბერია - ლაზიკაში.

ირანის მეფეები ამას კარგად ხედავდნენ და ისინი ყოველგვარ ხერხებს იყენებდნენ, რომ თავიანთი გავლენა როგორმე შეენარჩუნებინათ იბერია - ლაზიკაში და რამდენჯერმე შეეცადნენ რომის მიერ დანიშნული და დამტკიცებული იბერია - ლაზიკის მეფე ტახტიდან გადაეგდოთ და თავიანთი კანდიდატი დაესვათ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევდნენ.

ირანის პოლიტიკურ გაბატონებასა და გავლენის ზრდას იბერია - ლაზიკაში ხელს უშლიდა ქრისტიანობა, რომელიც ორივე ქვეყანას იდეოლოგიურად და კულტურულ - სარწმუნოებრივად აკავშირებდა ბიზანტიასთან, ამიტომ ირანის საზრუნავი ახლა ის იყო, რომ იბერია - ლაზიკაში ქრისტიანობა აღმოეფხვრა და შეეცვალა იგი მაზდეანური რწმენით.

ამ ამოცანის განხორციელებას შეუდგა ირანის შაჰი იეზდიგერდ II, რომელმაც შესძლო სომხეთის დაპყრობის შემდეგ იბერიის მეფის ვ. გორგასლის დამარცხება და იბერიის სამეფოს ხელში ჩაგდება. ამის შემდეგ ირანის მეფეები შეუდგნენ ლაზიკის გადმობირებას თავიანთ მხარეზე და საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ლაზთა მეფეებთან, ურჩევდნენ მათ მიეღოთ მაზდეანობა და ამით თავი დაეღწიათ ბიზანტიის ბატონობისაგან. ამ მიმართულებით უფრო აქტიურ პოლიტიკას აწარმოებდა მეფე კავადი, რომელიც ბიზანტიას ედავებოდა ლაზიკაზე თავის უფლებებს. ამ საკითხის მოსაგვარებლად ბიზანტიასა და ირანს შორის ჩქარა დაიწყო მოლაპარაკება. ბიზანტიელი ისტორიკოსის პ. კესარიელის სიტყვით ირანის წარმომადგენელმა სეოპმა თქვა, რომ კოლხიდა რომელსაც ეხლა ლაზიკა ეწოდება ძველითგანვე სპარსელთა ქვეშევრდომი იყო, რომაელებს ძალით უჭირავთ, უსამართლოდ, რომაელები აღშფოთებით ისმენდნენ ამას სპარსელები რომ ლაზიკესაც ეცილებოდნენ. ლაზთა მეფე წათე ამ შემთხვევაში მერყეობდა და ორმაგ პოლიტიკას აწარმოებდა ბიზანტიასა და ირანს შორის. წათეს მიზანი იყო თავი გაენთავისუფლებინა ორივე მხარის მფარველობისაგან, სარგებლობდა მოხერხებული მომენტებით და გადადიოდა ხან ერთისა და ხან მეორის მხარეზე. ლაზიკის მეფე კარგად გრძნობდა რომ ირანსა და ბიზანტიას სურდათ ლაზიკის დაპყრობა, მისი დამოუკიდებლობის მოსპობა და უბრალო კოლონიად გადაქცევა».

ბოლოს ლაზიკა იძულებული გამხდარა ერთერთი მხარის პოლიტიკური ორიენტაცია მიეღო და 515 წ ლაზთა მეფე წათე მიდის ბიზანტიაში და კეისარ იუსტინეს წარუდგება თხოვნით, რომ იგი მიიღოს თავის მფარველობაში, დაამტკიცოს ლაზთა მეფედ და აღუთქვა ქრისტიანული რწმენის აღიარება.

კეისარმა ყველაფერი ეს სიამოვნებით შეუსრულა წათეს, მონათლა იგი და მისი შვილიც, სამეფო გვირგვინითა და ძვირფასი საჩუქრებით წათე დაბრუნდა ლაზიკაში, ამის შესახებ იოანე მალალა ასე მოგვითხრობს «იუსტინეს მეფობის დროს ლაზთა მეფე წათე გაჯავრდა და ჩამოშორდა სპარსეთს. სპარსელთა მეფე იყო მავადჯ  რომელიც ოდესღღაც თვით ყათის ლაზთა მეფის მეგობრად ითვლებოდა და ამ კოადის სამეფოს ქვდეშევრდომი იყო, ამიტომაც იყო, რომ როდესაც ლაზთა მეფე გარდაიცვლებოდა სპარსელთა მეფე ნიშნავდა და აგვირგვინებდა ახალ მეფეს, მაგრამ უთუოდ ლაზთა ტომიდან. ლაზთა ეს მეფე წათე გადავიდა წარმართთა სარწმუნოებაზე, რადგანაც ეშინოდა ვაითუ სპარსელთა მეფემ კოადმა არ დამნიშნოსო, მსხვერპლებსაც სწირავდა და ყოველგვარ სპარსულ წესს ასრულებდა, ხოლო როდესაც გარდაიცვალა მისი მამა დამნაზე ის მაშინვე მივიდა იუსტინე მეფესთან ბიზანტიაში, გამოაცხადა თავი მის მორჩილად და სთხოვა ლაზთა მეფედ მაკურთხეო. მეფემ მიიღო ის და აკურთხა. გაქრისტიანებულმა წათემ შეირთო რომაელი ქალი, პატრიკიოს ნონესის ქალიშვილი სახელად ვალერიანე, მან თან წაიყვანა ის და წავიდა საკუთარ ქვეყანაში დაგვირგვინებული რომაელთა მეფის იუსტინეს მიერ. მას ემოსა რომაული სამეფო გვირგვინი და თეთრი წმინდა აბრეშუმის ქლამიდი, რომელსაც ბეწვეულის ზოლის ნაცვლად ჰქონდა  ოქროს სამეფო ზოლი სადაც შუაში სურათი იყო თვით იუსტინე მეფის გამოხატულებით, აგრეთვე თეთრი სტიქარი ამასაც ჰქონდა სამეფო ოქრომკედები იმნაირადვე თვით მეფის გამოხატულებით, წაღები რომელსაც ატარებდა თავისი საკუთარი ჩამოეტანა და მარგალიტებით იყო შემკული სპარსულ ყაიდაზე, ამგვარადვე მისი სარტყელიც მარგალიტებით იყო შემკული. კოადმა ეს რომ შეიტყო საშინლად განრისხდა და ბიზანტიის კეისარს უსაყვედურა, რომ ჩემს ქვეშევრდომს ლაზიკის მეფეს სხვადასხვა საჩუქრებით მართმევო.

ამის შესახებ იოანე მელელა მოგვითხრობს «ეს რომ გაიგო სპარსელთა მეფე კოადმა ელჩის პირით შეუთვალა იუსტინე მეფეს შემდეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის მეგობრობაა დადებული და ზავია შეკრული შენ მაინც მტრულად იქცევი, აი მაგალითად, ჩემი ქვეშევრდომი მეფე ლაზებისა შენ აკურთხე, თუმცა ის რომაელთა ხელქვეითი კი არ ყოფილა არამედ იმთავითვე სპარსელთა ძალაუფლების ქვეშ იყო», ამაზე რომაელთა მეფემ იუსტინემ შემდეგი შეუთვალა ელჩის პირით «ჩვენ შენი სახელმწიფოს ქვეშევრდომი არც არავინ მიგვიღია და არც გადმოგვიბირებია, ჩვენთან ჩვენს სამეფოში მოვიდა 1 კაცი სახელად წათე და მუდარით მოგვმართა ჩვენ გვეხსნა იგი წარმართული სარწმუნოებისაგან, უწმინდურ მსხვერპლებისაგან და ეშმაკთა ცთუნებისაგან და გაგვექრისტიანებია რათა ის ზიარებულიყო საუკუნო ღმერთისა და ყოველთა დამბადებლის წყალობას, ჩვენ იგი გავაქრისტიანეთ და მის საკუთარ ქვეყანაში გავისტუმრეთ, ამის გამო ირანსა და ბიზანტიას შორის დაიწყო დიპლომატიური მოლაპარაკება და დესპანების მიმოსვლა, ირანის მეფის დესპანები უმტკიცებდნენ ბიზანტიელებს, რომ თქვენ ლაზიკა ძალმომრეობით გვიჭირავსო, იგი ეკუთვნის ირანის მეფესო, ბიზანტიელები კი თავისას გაიძახოდნენ, რომ ლაზიკა მუდამ ჩვენს მფლობელობაში შედიოდაო.

მშვიდობიანი გზით რომ ვერას გახდა ირანის მეფე მაშინ მან 520 წ ლაზთა მეფის წათეს წინააღმდეგ გაილაშქრა, რომ იგი ორგულობისათვის სასტიკად დაესაჯა. წათეს მიეშველა ბიზანტიის კეისარი და ლაზ - ბიზანტიელთა შეერთებულმა მცხედრობამ ირანის ლაშქარი დაამარცხა და უკუაქცია.

ამას მოჰყვა კოადის წინააღმდეგ ამბოხება იბერიაში და იბერიის მეფემ გურგენმა ბიზანტიის კეისარს იუსტინეს გაუგზავნა მოციქულები და სთხოვა დახმარება ირანის წინააღმდეგ.

კეისარმა გურგენის სამეფოს დასაცავად ბრძანება გასცა ჯარი გაეგზავნათ, მაგრამ სანამ ბიზანტიის ჯარი იბერიაში შემოვიდოდა ეს ყველაფერი კოადმა გაიგო და იბერიაში გაილაშქრა. დამარცხებული გურგენ მეფე იბერიიდან გაიქცა ლაზიკაში საიდანაც იგი თავის ამალით 523 წ ბიზანტიაში გაიხიზნა. 531 წ გარდაიცვალა ირანის მეფე კოადი, რომელიც აქტიურ პოლიტიკას აწარმოებდა იბერია - ლაზიკის დასაპყრობად და ამის გამო ხანგრძლივად ებრძოდა ბიზანტიას. ეს გარემოება მეტად ართულებდა პოლიტიკურ ურთიერთობას ბიზანტია - ირანს შორის და კოადის მემკვიდრემ ხოსრო I - მ და ბიზანტიის კეისარმა იუსტინიანემ მშვიდობიანობაზე დაიწყეს მოლაპარაკება და 532 წ დაიდო მათ შორის საუკუნო ზავის ხელშეკრულება ე წ უვადო. ეს ზავი შეიცავდა შემდეგ პირობებს, ორივე მხარე ვალდებული იყო ერთმანეთისათვის დაებრუნებინა დაპყრობილი ადგილები, იბერია - ლაზიკის საზღვარზე ბიზანტიელებს საგანგებო მხედართმთავარი არ ეყოლებოდათ, იბერიიდან გამოქცეულ ქართველებს სურვილისამებრ შეეძლოთ სამშობლოში დაბრუნება. ამ ხელშეკრულების თანახმად ირანელებმა ბიზანტიელებს ლაზიკის 2 ციხეც დაუბრუნეს.

532 წ ზავით იბერია ისევ ირანელებს დარჩათ, ლაზიკა კი ბიზანტიას. ირანელებმა იბერიაში მეფობა მოსპეს და ახლად შეუდგნენ მისი ტერიტორიის დაპყრობის საქმეს, ამაგრებენ იბერიაში შემოსასვლელ ყველა კარებს, განსაკუთრებით ჩრდილოეთის ე წ დარიალის კარს, საიდანაც ქართველებს შეეძლოთ ხაზარებისა და ხუნძების გადმოყვანა და ირანზე შესევა.

საუკუნო ზავის შემდეგ ბიზანტიელებმა ხელი მოჰკიდეს ლაზიკის საზღვრების გამაგრებას, რათა იგი დაეცვათ ირანის მხრივ მოსალოდნელი შემოტევებისაგან, ამ ბიზანტიელებმა ლაზიკის ციხეებში თავიანთი ჯარები ჩააყენეს. ლაზთა მეფეს ბიზანტიელების ასეთი მოქცევა არ მოსწონდა, მას ეშინოდა, რომ ჯარის შემოყვანისა და ციხეების გამაგრების შემდეგ ბიზანტიას ადვილად შეეძლო ლაზიკის მთლად დაპყრობა და აქაც მეფობის მთლად მოსპობა. ამასთანავე ბიზანტიის ამ ჯარების უფროსები მეტად უდიერად იქცეოდნენ, მოსახლეობას სხვადასხვა მოთხოვნილებით ძლიერ აწუხებდნენ, აყენებდნენ შეურაცყოფას და სხვა. მათში ყველაზე უდიერი იყო სარდალი იოანე ციბე. მისი თანამედროვე ისტორიკოსი პ. კესარიელი მას ასე ახასიათებს «ხოლო შემდეგ იუსტინიანემ სხვა მთავრები გაგზავნა ლაზიკეში, მათ შორის იოანეც, რომელსაც ციბეს უწოდებდნენ, კაცი არაწარჩინებულთა და არასახელოვანთა შთამომავალი რომელმაც სტრატეგოსობამდე მიაღწია სხვა არაფრით გარდა ამისა, რომ ყველაზე უფრო საზიზღარი იყო და ყველაზე უფრო მოხერხებული ფულის საშოვნელად უსამართლო საშუალებათა გამოგონებაში.

ის იყო რომ რომაელთა და ლაზთა ყველა საქმეები გაამრუდა და არივ - დარია, მანვე დააჯერა მეფე იუსტინიანე ლაზების ქვეყანაში ზღვისპირა ქალაქი აეშენებინა სახელად პეტრა. იქ დაჯდა ის ვითარცა აკროპოლისში და ძარცვავდა ლაზთა ქონებას. ვაჭრებს ხომ უკვე ნება აღარ ჰქონდათ კოლხიდაში შეეტანათ მარილი და სხვა საქონელი რაც ლაზებისათვის აუცილებლად საჭიროა. არც აქედან შეეძლოთ რაიმე ეყიდინებინათ არამედ მან ე ი იოანემ შემოიღო ე წ მონოპოლია და თვით გარდაიქცა მეწვრილმანედ და მთელი ამ საგნებით ვაჭრობის ზედამდგომად. ყველაფერს ყიდულობდა და აწვდიდა არა ისე როგორც ეს მის მიერ ნებადართული იყო გარდა ამისა ბარბაროსები (ლაზები) იმითაც იყვნენ უკმაყოფილონი, რომ მათ რომაელთა ჯარი ჩაუყენეს რასაც წინათ ადგილი არ ჰქონია.

ეს ბიზანტიელი მხედართმთავარი იმდენად გათამამდა თურმე, რომ ლაზიკის შინაურ საქმეებშიც ერეოდა და მეფე გუბაზი თავის უფლებებში ისე შეზღუდა, რომ მას მარტო მეფის სახელი შერჩა. ყველა საგარეო და საშინაო საქმეებს ფაქტიურად იოანე განაგებდა. სამეფო ძალაუფლების მითვისებას იოანე პირადი გამდიდრების მიზნით იყენებდა და ცდილობდა სავაჭრო ადგილების ხელში ჩაგდებას ფაზისი, პიცუნდა, სებასტოპოლისი და სხვა და ვაჭრებს იგი ნებას არ აძლევდა საქონელი შეესყიდათ, მხოლოდ ჯერ თვითონ ყიდულობდა და შემდეგ მაღალ ფასებში მათზე ჰყიდდა. ასეთი სპეკულაციით ციბე უფრო გაძლიერდა და ახლა იგი ქონებრივ - ეკონომიურადაც დაეპატრონა ლაზთა სამეფოს.

მისმა ასეთმა უხეშმა პოლიტიკამ და ხალხის ყვლეფამ მეტად შეაწუხა ლაზები და ამან ლაზთა მეფე გუბაზი და მისი ქვეშევრდომნი მოთმინებიდან გამოიყვანა. გუბაზმა ამის შესახებ არაერთხელ მიმართა საჩივრით ბიზანტიის კეისარსაც, მაგრამ ასეთი დასმენა უფრო აბოროტებდა ციბეს და ლაზიკის მმართველ წრეებს იგი უფრო მკაცრად ეკიდებოდა.

მაშინ გუბაზმა გადაწყვიტა დახმარებისათვის მიემართა სპარსეთის მეფე ხოსროსათვის და მას საიდუმლოდ კაცები გაუგზავნა. ხოსროს ლაზთა მოციქულები მიუღია და მათგან მოუსმენია შემდეგი სიტყვა, კოლხები ხომ ძველითგანვე სპარსელების მოკავშირეები იყვნენ და ბევრი სიკეთე უყვეს მათ და თვითონაც განიცადეს მათგან, ამის წერილობითი საბუთები მრავალი გვაქვს ჩვენ და შენს სამეფო საგანძურებში ეხლაც არის დაცული. შემდეგ ხანებში ჩვენს წინაპრებს მოუხდათ რომაელებთან კავშირის შეკვრა, მოხდა კი ეს ან თქვენი უზრუნველობით იმაზე ან სხვა მიზეზის გამო ჩვენ ამის შესახებ დანამდვილებით არაფერი ვიცით, ეხლა კი ჩვენ და ლაზიკეს მეფე ვაძლევთ სპარსელებს უფლებას გამოგვიყენოთ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა ისე როგორც თქვენ განსაჯოთ ჩვენს შესახებ, საჭიროა ითქვას ზოგიერთი რამ რაც ჩაიდინეს ჩვენს წინაშე წყეულმა რომაელებმა, ჩვენს მეფეს ხომ მეფობის საქმეებში მხოლოდ გარეგნული ნიშნები დაუტოვეს, ძალაუფლება თვითონ მიითვისეს, მეფეს მოსამსახურის ბედში მყოფობა და განმკარგულებელი სტრატეგოსისა ეშინია, უამრავი ჯარი ჩაგვიყენეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ დაიცვან ქვეყანა შემწუხებელთაგან, მოსაზღვრეებიდან სხვა რომ არავინ გვაწუხებდა ჩვენ გარდა რომაელებისა არამედ რათა დავემწყვდიეთ ჩვენ როგორც სადილეგოში და ჩვენს ქონებას დაჰპატრონებოდნენ იმ აზრით, რომ უფრო სწრაფად მოეხდინათ ჩვენი ქონების მითვისება, აი მეფევ რანაირ დასკვნამდე მივიდნენ რაც კი საჭირო საგნები და მათთვის ზედმეტი აღმოჩნდა მის ყიდვას აიძულებენ ლაზებს მათი ნების წინააღმდეგ, ხოლო რაც მათთვის საჭირო საგნებიდან ლაზიკეს შეუძლია მისცეს ისინი ფიქრობენ რასაკვირველია მათ შესყიდვას ჩვენგან მხოლოდ სიტყვით, რადგან ფასი თვითოეულ შემთხვევაში წესდება მმართველთა აზრისდა მიხედვით. ამნაირად საჭირო საგნებთან ერთად ისინი გვართმევენ მთელსოქროსა და უწოდებენ ამას ვაჭრობის კეთილშობილ სახეს.საქმით კი ისინი გვმძლავრობენ რაც შეიძლება უფრო მეტად, ჩვენ გვიყენია ,მთავარი მეწვრილმანე იოანე, რომელიც ჩვენს სიღარიბეს ძალაუფლების წყალობით მოგების საშუალებად ხდის, აი ასეთია ჩვენი განდგომის მიზეზი და მისი გამართლება მასშივეა. იმ სარგებლობის შესახებ რომელიც გექნებათ თქვენ ლაზთაგან თუ მათ შეიწყალებთ ახლავე მოგახსენებთ, სპარსელთა ძალას თქვენ შეჰმატებთ უძველეს სამეფოს და მისი საშუალებით თქვენი ჰეგემონიის ღირსება გადიდებული იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნის გზით რომაელთა ზღვას დაუკავშირდებით. აქ თუ ხომალდებს ააგებთ მეფევ არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს რომ ბიზანტიონის პალასს მიაღწიოთ, გზაზე ხომ არავითარი წინააღმდეგობა არ შეგხვდებათ. უნდა დავუმატოთ ისიც, რომ თქვენზე იქნება დამოკიდებული, რომ მოსაზღვრე ბარბაროსებმა ყოველ წელიწადს არბიონ რომაელთა მიწა - წყალი. ყოველ შემთხვევაში თქვენ ალბათ იცით, რომ ლაზთა ქვეყანა დღემდე კავკასიის მთების წინააღმდეგ საფარს წარმოადგენდა».

როგორც ჩვენ ვხედავთ ლაზთა მეფის ელჩების ამ სიტყვაში გარკვევით არის გადმოცემული ლაზიკის დუხჭირი მდგომარეობა და აგრეთვე მთელი ის პოლიტიკა რომელსაც აწარმოებდა ლაზიკაში ბიზანტიის ხელისუფლება.

საყურადღებოა აგრეთვე ელჩების ის მითითება თუ რა დიდი სტრატეგიულ - პოლიტიკური მნიშვნელობა ექნებოდა ლაზიკის შემოერთებას ირანისათვის რომელსაც აქედან შეეძლო მთელი შავი ზღვის სანაპიროების ხელში ჩაგდება და შემდეგ კი თვით ბიზანტიის სატახტო ქალაქის დაპყრობაც.

სპარსეთის მეფეს ლაზიკის მოციქულების წინადადება ძალიან მოეწონა და მათ დახმარებას დაჰპირდა, დესპანებმა აღუთქვეს შაჰს, რომ გზებისა ნუ გეშინიათ ჩვენ თვითონ გავუძღვებით თქვენს ჯარს და კარგი გზით გატარებთო. ხოსრომ ამასთანავე ელჩები გააფრთხილა, რომ ეს მათი შეთანხმება ჯერ საიდუმლოდ შეენახათ და არავისათვის არ გაემჟღავნებინათ. ამავე დროს ხოსრო ლაშქრის შეგროვების თადარიგს შეუდგა და იგი განგებ ხმებს ავრცელებდა, რომ იბერიაში მივდივარ ვითომც იქაური საქმეების მოსაგვარებლადო.

542 წ ხოსრო მეფე გასალაშქრებლად მზად იყო და დიდი ჯარით ის იბერიაში შევიდა, აქედან კი ლაზიკისაკენ დაიძრა. ირანის ჯარს ლაზების მეთაურები მიუძღოდნენ, სპარსეთის ჯარს უხდებოდა ძნელი გასასვლელი გზების გადალახვა. როდესაც ლაზიკის შუაგულს ხოსრო მიუახლოვდა მას მიეგება ლაზთა მეფე გუბაზი, რომელიც მიესალმა ირანის მეფე ხოსროს როგორც თავის მფარველს და სამეფო ძალაუფლება და მთელი ლაზიკა მას თურმე გადასცა.

ხოსროს ჯარმა ციხე პეტრას ალყა შემოარტყა, ბიზანტიის ჯარი მას დიდ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ხოსრომ დიდი ზარალის შემდეგ ქალაქი მაინც აიღო და ახლა იგი გადავიდა პეტრას ციხე - სიმაგრეების გარემოცვაზე. მეციხოვნე ლაშქრის სარდალი იოანე ციბე ჭრილობისაგან ჩქარა გარდაიცვალა, ამით ისარგებლეს სპარსელებმა და დაიწყეს პეტრას ციხის ზღუდის ქვეშ ხვრელის გაყვანა, რომ ხოსროს ჯარი ამ გზით შესულიყო ციხეში.

მაშინ ბიზანტიის მეციხოვნე ჯარი დაფრთხა და სთხოვა ხოსროს შერიგება. ხოსრო შეჰპირდა, რომ მეციხოვნეებს და მათ ქონებას იგი ხელს არ ახლებდა და ყველას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, მაშინ ციხის კარები გაუღეს ხოსროს და მან პეტრას ციხე და ქალაქი დაიჭირა. ხოსრომ ხელში ჩაიგდო იოანე ციბეს დიდძალი ქონება და ამით დაკმაყოფილდა.

ხოსრო ამ გამარჯვებით ნასიამოვნები დარჩა და იგი დარწმნებული იყო, რომ ლაზიკის შემომტკიცების შემდეგ მას საფრთხე არ მოელოდა დასავლეთის მხრიდან, წინააღმდეგ ახლა მას შეეძლო აქედან გადასულიყო თვით ბიზანტიის შეტევაზე, ხელში ჩაეგდო შავი ზღვის სანაპირო ვაჭრობა, გაეძლიერებინა ნაოსნობა და ამგვარად იგი გაბატონებულიყო შავ ზღვაზე. ამასთანავე მას კარგად ესმოდა, რომ ლაზიკის ბიზანტიისაგან მოწყვეტის შემდეგ ამბოხების საშუალება ესპობოდა თვით იბერიასაც, რომელსაც მუდამ ზურგს უმაგრებდა დასავლეთით ლაზიკა და ბიზანტია, სადაც მეამბოხე იბერიელები ყოველთვის თავშესაფარს პოულობდნენ.

ირანის ეს დაპყრობითი პოლიტიკა დიდ სადფრთხეს უმზადებდა ლაზიკის დამოუკიდებელ არსებობას, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ირანელებმა ხელთ იგდეს შავი ზღვის სანაპირო სავაჭრო ქალაქები და ინდოეთის სატრანზიტო გზა, ამან ლაზიკა მოწყვიტა დასავლეთის ვაჭრობას და მას საშუალება არ ჰქონდა თავისი აღებ - მიცემობა ეწარმოებინა, ეს იწვევდა ქვეყნის ეკონომიურად დაქვეითებას და ლაზიკის სამეფოს მოსპობის გზაზე აყენებდა, ამასთანავე სპარსეთის პოლიტიკა ლაზიკაში ბიზანტიასთან შედარებით უფრო დესპოტური აღმოჩნდა. ირანი ერეოდა გუბაზ მეფის შინაურ საქმეებში, მათი მოხელეები მოსახლეობას აწუხებდნენ სხვადასხვა გადასახადებით, მეციხოვნე ჯარი მცხოვრებლებს ეპყრობოდა უდიერად და ხშირად სარჩოსაც სტაცებდა და სხვა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ქრისტიანებისათვის, ირანელები სდევნიდნენ და ავიწროებდნენ გაქრისტიანებულ ლაზიკის მოსახლეობას რომელთა შორის ძალდატანებით ავრცელებდნენ მაზდეანობას ამიტომ ლაზიკის ხელისუფლება და მოსახლეობა ირანის პოლიტიკით უკვე უკმაყოფილო იყო. ლაზიკას ბიზანტიის წინააღმდეგ ირანის გამოყენების იმედი გაუცრუვდა და გუბაზი გრძნობდა თავის პოლიტიკურ შეცდომას და იგი ახლა იმაზე ფიქრობდა თუ როგორ დაეღწია თავი ირანის ბატონობისაგან.

ხოსრომ ყველაფერი ეს კარგად იცოდა, იგი უნდობლად ეპყრობოდა ლაზიკის მეფეს, მან გადაწყვიტა ლაზიკის საბოლოოდ დაპყრობა რომ ამით  მოესპო ლაზიკაში აჯანყების ყოველგვარი ცდა.

ამიტომ ხოსრომ განიზრახა ლაზთა მეფის გუბაზის მოკვლა, ლაზიკის მოსახლეობის აყრა და ირანში გადასახლება მათ ნაცვლად კი ლაზიკაში სპარსთა ტომების გადმოსახლება. ამის შესახებ პ. კესარიელი მოგვითხრობს «ხოსროს შესანიშნავ მოპოვებად მიაჩნდა კოლხიდის ქვეყანა, ჰქონდა მტკიცე საკუთრებად მითვისებული, რადგან მისი აზრით სპარსეთის ძალაუფლებას ეს დიდ სარგებლობას მოუტანდა. ყველამ უფრო კი მას იმედი ჰქონდა ლაზიკეს მხრით გაძლიერებული სპარსელებისათვის იმით იქნებოდა სასარგებლო, რომ იქიდან შეტევას ადვილად შესძლებდნენ თავს დასხმოდნენ და მოულოდნელად დაეპყროთ ბიზანტიელები, ამიტომ უნდოდა ხოსროს ლაზიკეს შემოერთება, ხხოლო ლაზებისადმი ნდობა მას ძალიან ნაკლებად ჰქონდა, ლაზთა უმეტესობა სპარსელების ხელისუფლების ქვეშ საგრძნობლად შესუსტდა. სპარსელები ცხოვრებაში ზომაზე მეტად მკაცრნი არიან დსა მათი კანონებიც მიუწვდომელია ყ ველასათვის და მათი დადგენილებანიც სრულებით მიუღებელი.

ლაზების მიმართ მაინც განსაკუთრებით ძლიერ იჩენს თავს განსხვავება მსოფლმხედველობისა და ცხოვრებისა, რადგან ლაზები ქრისტიანები არიან ყველაზე უფრო მეტად, სპარსელებში კი პირიქით ღმერთის კულტი ყველაფერია. ამას გარდა ლაზიკეში არსად არ არის მარილი და არც ხორბლეული მოდის ყველაფერი შემოაქვთ მათგან ნავებით რომაელთა სანაპიროებიდან და ამაში ისინი ფულს კი არ აძლევენ მიმწოდებლებს, არამედ ტყავებს, მონებსა და თუ სხვა რამ სიჭარბით აღმოაჩნდებათ, ცხადია ეს რომ დაჰკარგეს გამწარებულები იყვნენ, რადგან ხოსრომ ეს იცოდა ის იმის ცდაში იყო, რომ ვიდრე ისინი მის წინააღმდეგ აჯანყდებოდნენ წინასწარ უზრუნველეყო თავისი მდგომარეობა და მას ამის განმზრახველს ყველაზე უფრო მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ თავიდან მოეცილებინა ლაზთა მეფე გუბაზი და ლაზები იქიდან სრულიად გადაესახლებინა და ამრიგად იმ ქვეყანაში ჩაესახლებინა სპარსელები და ზოგიერთი სხვა ტომები.

ეს განზრახვა ხოსრომ გაანდო ერთ დაახლოებულ პირს ფაბრისს და მას გაატანა ლაზიკაში 300 მეომარი. ფაბრიზმა ლაზიკაში დაიწყო გუბაზის უკმაყოფილო პირების დარაზმვა, რომ მათი დახმარებით შეესრულებინა გუბაზის მოკვლის აქტი, მაგრამ გუბაზმა ფაბრიზის ეს განზრახვა დროზე შეიტყო და ამან აღაშფოთა ისედაც განმდგარი გუბაზი და ლაზიკის წარჩინებულები. ახლა გუბაზმა მოციქულები გაუგზავნა ბიზანტიის კეისარს იუსტინიანეს, აცნობა მდგომარეობა და სAთხოვა ეპატიებინა ლაზებისათვის ის რაც მათ წინათ ჩაიდინეს და ყოველი ღონით ხელი შეეწყო მათთვის, რომ განთავისუფლებულიყვნენ მითდა ძალაუფლებისაგანო.

ერთი სიტყვით ლაზთა მეფე გუბაზი ემუდარებოდა იუსტინიანე კეისარს ოღონდ სპარსეთის განსაცდელისაგან გამოეყვანა და ისევ თქვენი მორჩილი და მომხრე ვიქნებიო. იუსტინიანე კეისარმა გუბაზის თხოვნა შეიწყნარა და ლაზიკიდან ირანის განსადევნად მან გაუგზავნა 7 000 ჯარისკაცი და 1 000 ჭანი დაგისთენეს სარდლობით.

ხოსრომ ლაზიკის განდგომის ამბავი გაიგო თუ არა მაშინვე გამოგზავნა მაშველი ჯარი სარდალ მერმეროეს მეთაურობით, დაიწყო ბრძოლები პეტრას ციხის გარშემო სადაც გამაგრებული იყვნენ ირანის მეციხოვნენი. ბოლოს ეს ბრძოლა დამთავრდა ბიზანტია - ლაზიკის გამარჯვებით და 549 წ მათ შეძლეს ლაზიკიდან ირანის ჯარის განდევნა, მაგრამ ირანის შაჰი იარაღს მაინც არ ყრიდა და 550 წ გამოგზავნა სარდალი ხორიანი  დიდი ჯარით, რომელიც ლაზიკაში შემოვიდა მუხურის ხეობით და დაბანაკდა ცხენისწყლის ნაპირას. დიდი შეტაკებების შემდეგ ირანელები აქაც დამარცხდნენ და გამარჯვებულმა მოკავშირეებმა მათი ბანაკი ხელში ჩაიგდეს.

ბრძოლის შემდეგ ლაზები უკმაყოფილონი იყვნენ დაგისთეს მოქმედებით და იგი დაასმინეს კეისართან სპარსელების მოსყიდულიაო. კეისარმა იგი დაიბარა კონსტანტინეპოლში და  იქ ციხეში ჩააგდო, მის ნაცვლად კეისარმა ლაზიკაში გამოგზავნა სარდალი ბასა.

ირანის ლაზიკიდან განსადევნად მთავ არი იყო პეტრას ციხის აღება სადაც ირანის ჯარი იყო გამაგრებული, ამ ციხეს ეჭირა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი და ახლა ბიზანტიის სარდლის საზრუნავი იყო ამ ციხის აღება.

ამ მიზნით 551 წ ბესა თავისი ჯარით დაიძრა პეტრას ციხისაკენ, გარს შემოერტყა მას და დაიწყო ბრძოლა. მეციხოვნე ჯარი მას დიდ წინააღმდეგობას უწევდა, რადგანაც ამ ციხის წაღებით წყდებოდა ირანის ბატონობის საკითხი ლაზიკაში. დიდი ბრძოლის შემდეგ ბესამ პეტრა აიღო და ციხის კედლები დაანგრია. ეს რომ შეიტყო ირანიდან მომავალმა მერმეროემ თავისი დიდი ჯარით გაემართა ბიზანტიელების ბანაკისაკენ, მიადგა ლაზიკის სატახტო ქალაქ არქეოპოლისს და მას ალყა შემოარტყა. დაიწყო ბრძოლა რომელშიაც დამარცხდა მერმეროე და იგი იძულებული იყო დაეხია არქეოპოლისიდან  მუხურისის სანახებში ქუთაისისაკენ.

550 წ ირანმა მოახერხა ბიზანტიასთან დროებითი ზავი შეეკრა 5 წლის ვადით, ხელშეკრულების თანახმად ბიზანტია ვალდებული იყო დიდი ფულადი სუბსიდია ეძლია ირანისათვის, ამან კი ხელი შეუწყო ირანის ფინანსურ მოღონიერებას და საშუალება მისცა მას გაეძლიერებინა თავისი საომარი მოქმედებაც, ამას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ ლაზიკის ზოგიერთი წრეები განსაკუთრებით სარდლები უკმაყოფილონი იყვნენ ბიზანტიის ჯარის უხეშობით. მათი ჯარის მეთაურობით ურცხვად ძარცვავდნენ მოსახლეობას და ზედმეტი გადასახადებით აწუხებდნენ, ამიტომ ეს იყო ბიზანტიის წინააღმდეგი ჯგუფი, ახლა მოქმედებდა ირანის სასარგებლოდ და მათ ჩუმად გადასცეს ირანელებს ქუთაისის მოპირდაპირე უქიმერიონის ციხე. ქამ ციხეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და მისი ხელში ჩაგდებით ირანელებმა ლაზებსა და ბიზანტიელებს მოუჭრეს ის გზა, რომელიც მიდიოდა ლეჩხუმ - სვანეთისა და ქვემო იმერეთისაკენ.

რაც შეეხება მეფე გუბაზს იგი მტკიცედ იდგა ბნიზანტიის პოლიტიკურ ორიენტაციაზე, ამაგრებდა საზღვრებს და საომრად ემზადებოდა.

551 წ გაზაფხულდა თუ არა განახლდა ბრძოლა მათ შორის. რამდენიმე შეტაკების შემდეგ მუხურისში ქუთაისში, არქეოპოლისში და სხვა ირანელებმა გაიმარჯვეს და მერმეროემ ციხეების გარდა ბიზანტიელების მთელი ბანაკი ხელში ჩაიგდო. აღებულ ციხეებში მან ირანის ჯარი ჩააყენა, რომ დაპყრობილი ადგილები მტრისათვის არ დაენებებინა.

ირანელების ამ გამარჯვებებს გუბაზი ბიზანტიელი სარდლების უმოქმედობასა და უნიჭობას მიაწერდა. ისინი ნაკლებად იყვნენ ლაზიკის დაცვით დაინტერესებულნი და გუბაზი მათ ანგარებაში და ხალხის ყვლეფაში ბრალს სდებდა, ამიტომ ბიზანტიის სამივე სარდალს მარტინეს, ბესასა და რუსტიკეს გუბაზი არ ენდობოდა, უკმაყოფილებას უცხადებდა და ამაზე გუბაზმა არაერთხელ შესჩივლა ბიზანტიის კეისარს, რომ შენი მოხელეები საქმეს მიფუჭებენო, ბოლოს კეისარმა უყურადღება მიაქცია გუბაზის ჩივილს, ბესა გადააყენეს დანარჩენებს კი გამოეცხადათ კეისრის სასტიკი საყვედური, ამის შესახებ აგათია სქოლასტიკოსი მოგვითხრობს «როდესაც რომაელები დამარცხდნენ ირანელებთან ბრძოლაში სამარცხვინოდ გაიქცნენ და თავიანთი ბარგის ერთი ნაწილიც მიუტოვეს. ლაზთა მეფემ გუბაზმა, რომელსაც ასეთი სამარცხვინო საქმე შეუფერებლად მიაჩნდა და რომელსაც ეშინოდა ვაითუ ამის მეტი კიდევ რამე შეუფერებელი მოხდესო მაშინვე აცნობა იუსტინიანეს ყველაფერი, ბრალს სდებდა სტრატეგოსებს და ყველაფერს რაც მოხდა მათ უგუნურობას მიაწერდა, განსაკუთრებით ამტყუნებდა ბესსას, მის შემდეგ მარტინესა და რუსტიკეს. ამაზე გუბაზს ბიზანტიის სარდლები გადაეკიდნენ და იმის ცდაში იყვნენ როგორმე შური ეძიათ გუბაზზე და იგი მოეკლათ, ამ მიზნით სარდლებმა გუბაზი არაერთხელ დააბეზღეს კეისართან, რომ ვითომც გუბაზს ირანელებთან საიდუმლო კავშირი აქვს, კეისარს ღალატობსო. ამით რომ ვერას გახდნენ მაშინ მათ ვერაგულად მოკლეს მეფე გუბაზი, ამან მთელი ლაზიკა აღაშფოთა და მოსალოდნელი იყო დიდი ამბოხება.

აგათიას თქმით ლაზთა მთელი ლაშქარი აღელდა ამ ამბის გამო და ისეთმა უკმაყოფილებამ შეიპყრო ისინი გადაწყვიტეს ამიერიდან აღარ შერეოდნენ რომაელებს და არც მათთან ერთად ელაშქრათ.

როდესაც გუბაზის გვამი თანახმად მათი წესისა დაკრძალეს ბრძოლაში მონაწილეობა აღარ მიიღეს როგორც უაღრესად შეურაცყოფილებმა და სამშობლოს დიდების დამკარგველებმა.

გუბაზის მკვლელების გარშემო ლაზიკის დიდებულები გაიყვნენ ორ ჯგუფად, ერთი იდგა ირანის პოლიტიკურ ორიენტაციაზე, მეორე კი ბიზანტიის ორიენტაციაზე. ირანოფილური ჯგუფი გუბაზის მკვლელობაში ბრალს სდებდა იუსტინიანე კეისარს, მოითხოვდა ბიზანტიისაგან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას და ირანის მხარეზე გადასვლას, ამ ჯგუფის მეთაური იყო ლაზიკაში განთქმული კაცი აიეტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ გუბაზის მკვლელობა იუსტინიანე კეისრის საქმეა, ბერძNები ვერაგი ხალხია ამიტომ სჯობს სპარსელებს მივემხროთ და ბიზანტიაზე შური ვიძიოთო. ჩვენ აქ მოვიყვანთ ზოგიერთ დამახასიათებელ ადგილებს ამ აიეტის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან, რომელიც ვრცლად მოყვანილი აქვს აგათიას, «საკმარისია გაიხსენეთ სახელოვანი გუბაზი რომელიც ასე საცოდავად იქნა მოსპობილი თითქოს ის ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყოს, გაჰქრა კოლხთა ძველი ღირსება და ამიერიდან ვეღარ ვეღირსებით იმას, რომ სხვებზე ვმბრძანებლობდეთ, ნუთუ უკიდურეს უგნურებას არ წარმოადგენს ის, რომ იმათ შესახებ ვინც ეს ჩაიდინა ჩვენ ვზივართ და ვმსჯელობთ მტრებად ჩავთვალოთ ისინი თუ მეგობრებად, უნდა ვიცოდეთ, რომ მათი თავხედობა ამაზე არ შეჩერდება და მეფეც გაიძვერა ჰყავდათ რომელსაც ყოველთვის უხარია ცხოვრების პირობების არეულობა და ეს ბოროტმოქმედება, რომ ასე ერთბაშად იქმნა სისრულეში მოყვანილი ცხადია იმის წყალობით, რომ მეფე მხურვალედ მოუწოდებდა მათ, ხოლო სხვებმა ეს გულმოდგინედ შეასრულეს სპარსელები კი ასეთი ხასიათისანი არ არიან, ისინი შორს არიან ამისაგან, თუ ვინმე გაიხადეს თავის მეგობრად ისინი ცდილობენ უთუოდ დაიცვან სიყვარული, ხოლო მტრის მიმართ რისხვასაც განაგრძობენ მანამ სანამ ის მტრად რჩება. მე ვფიქრობ უმჯობესია იმათ ხელში ვიყოთ ვინც უფრო კეთილისმსურველია, ვინც ურყევად იცავს კეთილგანწყობას მოკავშირეთა მიმართ და აი ამას რომ შეიტყობენ ჩვენგან სპარსელები და გაიგებენ ჯეროვანი სიყვარულით მოგვეპყრობიან და ჩვენთვის იბრძოლებენ. გარდა ამისა ჩვენი  ნებაყოფლობითი მომხრობით ისინი მოკავშირედ იძენენ უაღრესად გამოსადეგ ქვეყანას და გამოსადეგ ჯარს, რაც მათ ფულსა და ქონებას ურჩევნიათო» ასე ილაპარაკა აიეტმა განაგრძობს აგათია და მთელი ხალხი აღფრთოვანდა დდა მაშინვე სიხარულის ყვირილი მორთეს, იმ დღეს აპირებდნენ სპარსელების მხარეზე გადასვლას.

მეორე ბიზანტიის ორიენტაციის ჯგუფისს მეთაური იყო ფარტაძე, რომელიც ამტკიცებდა, რომ კეისარი ამ სამარცხვინო მკვლელობის მონაწილე არ შეიძლება იყოსო, საკმარისია იუსტინიანეს ავუხსნათ საქმის ნამდვილი ვითარება და მოვთხოვოთ მას დამნაშავეთა დასჯა და იგი ყველაფერს აგვისრულებსო, ჩვენ აქ მოვიყვანთ ამ ფარტაძის სიტყვის ზოგიერთ ადგილებს.

«ჩვეულებრივი ამბავი დაგემართათ, რომ მეტად მოხერხებულად და წარმტაცად თქმულმა სიტყვებმა გონება შეგირყიეს, აიეტი რომ მაცდურსა და შემპარავ სიტყვებს მოგახსენებდათ ვერც კი შეამჩნიეთ როგორ მოსტყუვდით, მისი სიტყვებით ისე გამოდის თითქოს თქვენ ყველანი ამტკიცებთ, რომ მომხდარი ამბავი არ იყოს საშინელება, რომ ამ საზიზღარ მკვლელობას არ ვკიცხავდეთ, წყეული და შეჩვენებული არიან ისინი რომელთაც განგმირეს გუბაზი, მაგრამ სპარსელების მხარეზე გადასვლა მაინც არ იქნება სასარგებლო, მაგრამ ეს მრჩეველი რომელიც დიდი ხანია მიდიელების მომხრეობას იჩემებს და მოწადინებულია ჩვენც გადაგვიყვანოს მათ მხარეზე ცდილობს შეგვაშინოს თითქოს ბავშვები ვიყვეთ და გვიმტკიცებს რომაელები არ იკმარებენ ამას რაც გაბედეს, კიდევ მეტი უბედურება მოგველისო. ამბობს იმასაც, რომ მათ დიდი გაიძვერა მეფე ჰყავთ, რომელიც თვითონ არის ამ მკვლელობის სულის ჩამდგმელი, ამას ამბობს ის და აქებს და ადიდებს სპარსელებს. ის ფიქრობს, რომ ამ გზით გდაგვარწმუნებს ჩვენ და ჩვენც ეხლავე საკუთარი ფეხით ვეახლებით აშკარა მტრებს და ხვეწნას დავუწყებთ. არც რომაულ რაზმებს, მითუმეტეს არც მათ მეფეს არ მოუწყვიათ შეთქმულება გუბაზის წინააღმდეგ, რუსტიკე და მარტინე, რომელთაც შურდათ გუბაზის წარმატება აყვნენ თავიანთ ბოროტ ზრახვებს და დანარჩენი სარდლები არა თუ მათ არ ეხმარებოდნენ არამედ აშკარადაც სწუხდნენ. უმართებულო იქნებოდა ჩემის აზრით და ამასთანავე ერთად მიზანშეუწონელიც ერთი ან ორი კაცის დანაშაულის გამო შევსწყრომოდით საზოგადოებრივ კანონებს, რომელთა დაცვა აგვიღია ჩვენს თავზე. უფრო უწმინდური აქმე ის იქნება, რომ ასეთი საქციელით ჩვენ შევბღალავთ მართლმორწმუნეობას, ისინი აგვიკრძალავენ ჩვენი საღმრთო წესების შესრულებას და თავიანთ წესებზე მაზდეანობაზე გადაგვიყვანენ, ამაზე უფრო სამძიმო რა უნდა განვიცადოთ ჩვენ, რას მოვიგებთ იმით რომ ვთქვათ მთელი სპარსეთი შევიერთოთ და სულები კი წავიწყმიდოთ, რომ კიდეც ნება დაგვრთონ და ჩვენ ნებაზე მიგვიშვან სულ ერთია მაინც არ ექნებათ ჩვენს მიმართ კეთილი განწყობილება და ნდობა, მათი მოპყრობა ჩვემდამი ვერაგული და არასაიმედო იქნება და მარტოოდენ სარგებლიანობის თვალსაზრისით გამოანგარიშებული.

ჰოდა აბა რის გულისათვის უნდა გადავიდეთ კოლხებო სპარსელების მხარეზე თუკი ისინი მაინც ჩვენ მტრად დარჩებიან და ასეთ ვითარებაში მხოლოდ ისღა გვექნება, რომ ისინი უფრო ადვილად მოგვაყენებენ ვნებას, ვინაიდან ფარული მტრისაგან უფრო ძნელია დაცვა ვიდრე აშკარასაგან. მე ამ აზრისა ვარ , რომ საჭიროა რომაელთა მეფეს ვაცნობოთ მომხდარი ამბავი რათა იგი სათანადოდ მოეპყრას მათ ვისაც ამ მკვლელობაში მთავარი დანაშაული მიუძღვის და თუ ის ამას იზავს ამიერიდან მოისპობა ჩვენი უთანხმოება რომაელებთან.

ხანგრძლივი კამათისა და ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვა ფარტაძის ჯგუფმა, რომელიც სხვათა შორის ამტკიცებდა, რომ ბიზანტიელები ჩ ვენი ერთმორწმუნენი არიან, სპარსელები კი ქრისტიანებს სდევნიან და ლაზიკაშიცც ქრისტიანობას მოსპობენ და გვაიძულებენ მივიღოთ მაზდეანობაო.

ამის შემდეგ ლაზებმა აირჩიეს წარმომადგენლები და დაგზავნეს ისინი კონსტანტინეპოლში, სადაც წარუდგნენ იუსტინიანე კეისარს და ყველაფერი საქმის ვითარება მოახსენეს. კეისარს მოსთხოვეს მათ დამნაშავეთა სასტიკი დასჯა და ლაზიკის მეფედ გუბაზის ძმის წათე II - ს დამტკიცება.

 

კეისარმა ლაზების ეს მოთხოვნა მაშინვე შეასრულა, ლაზიკის მეფედ მან დაამტკიცა წათე, უბოძა მას სამეფო ნიშნები და დიდად დასაჩუქრებული ლაზიკაში გაისტუმრა.

ლაზიკაში მისვლისთანავე ათანასე შეუდგა გუბაზის მკვლელობის საქმის გამოძიებას და ორივე ბრალდებული რუსტიკე და იოანე დააპატიმრეს, მათ გასამართლება მოუწყვეს ლაზიკის დედაქალაქ არქეოპოლისში სადაც საქმის გარჩევას დაესწრნენ მთელი ლაზიკის დიდებულები. ამ გასამართლების პროცესს ვრცლად აგვიწერს აგათია, ჩვენ აქ მოვიყვანთ მის ზოგიერთ ნაწყვეტებს «რუსტიკე და იოანე მოიყვანეს სატუსაღოდან და დააყენეს მარცხნივ როგორც ბრალდებულნი, მეორე მხარეზე დადგნენ ბრალმდებელნი დარბაისელი კოლხები, რომელთაც უკვე კარგა ხანია შეესწავლათ ელიანთა ენა. კოლხთა კაცები რომელნიც ბრალმდებლად იყვნენ დანიშნულნი წამოდგნენ მაშინვე როდესაც მსაჯულმა გამოაცხადა თქვენი ბრალდებები წამოაყენეთ თუ გსურთ და რადგან საბრალდებო ბევრი ჰქონდათ სათქმელი თქვეს შემდეგი,

ჩვენ რომ კიდევაც არაფერი ვთქვათ მსაჯულო თვით ჩადენილი ბოროტმოქმედება საკმარისია იმისათვის,რომ მის ჩამდენს უდიდესი სასჯელი მიეზღოს, ნუთუ ამის შემდეგ რაც მათ გაბედეს არ უნდა ჩაგვეთვალა ნამდვილ უბედურებად და უსაზიზღრეს მკვლელობად როდესაც ეს უსამართლობა ეხება მეგობარსა და კეთილისმსურველს, ვინ იყო, რომ სპარსელთაგან დანაპირებ სიმდიდრესა და ყოველნაირ სიკეთეს ამჯობინა თქვენდამი განწყობილება, ეს იყო გუბაზი, რომელიც არ უშინდებოდა არავითარ გაჭირვებას თუკი თქვენი გულისათვის იყო ეს აუცილებელი, მას აბრალებენ მედიზმის მიმხრობას, ტირანობას, რომაელთა მოღალატეობას, ის მოკლეს რუსტიკემ და იოანემ ამ საძაგელმა და საზიზღარმა კაცებმა მოკლეს მეფე. ის რომ მართლაც დამნაშავე ყოფილიყო ამათ მიერ კი არ უნდა ყოფილიყო ის მაშინვე მოსპობილი არამედ მისი საქმე დინჯად უნდა გაერჩია რომაელთა და კოლხთა საერთო მეფეს, როგორც უდიდესსა და ყოველთა უძლიერესს და სათანადო სასჯელი დაენიშნა,მაგრამ ვინაიდან ამათ არ ჰქონდათ არავითარიკანონიერი საბუთი მისი მოკვლისათვის უფრო კი შურიანობით გამოწვეული უზომო მტრობა აღიზიანებდა მათ ბოროტება ჩაედინათ ამიტომ რადგან ეს ყველაფერი ნამდვილად ასეა უნდა მივუყენოთ მათ ისეთი ღირსეული სასჯელი რომლის გამოძებნასაც კი შევძლებთო. ამის შემდეგ მსაჯული სიტყვას აძლევს გუბაზის მკვლელებს, სიჩუმე ჩამოვარდა, შუაში წარსდგა რუსტიკე თავის ძმასთან იოანესთან ერთად და თქვა შემდეგი «თუმცა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ეს სამსჯავრო და უდიდესი სიამაყის მომგვრელი, მხოლოდ ჩვენი წყალობით მოხერხდა მოღალატისა და ტირანის მოსპობა, კიდევაც რომ სიკვდილი შეგვხვდეს სიამოვნებით მივეგებებით მას, ვინაიდან გზაზე წამოგვყვება ის შეგნება, რომ კოლხების ბატონებად რომაელები დავტოვეთ და სხვებს არ ჩავაგდებინეთ ის ხელში, გუბაზი ჩვენ მოვკალით, მერე რა მოხდა აქ საშინელი თუ ჩვენ მოვკალით მოღალატე ადამიანი და ჩვენი მტერი, გუბაზი ხომ წარმოშობით ბარბაროსი იყო და ამ მოდგმისათვის დამახასიათებელი მზაკვრობით იყო დასნეულებული. გარდა ამისა ჩვენს მიმართ ისეთი ბოროტებით იყო გამსჭვალული, რომ არც კი თვლიდა საჭიროდ ამის დაფარვას. ვინაიდან ყოველმხრივ დამტკიცებულია, რომ გუბაზი მტერი და მოღალატე იყო და ტირანის ზრახვების მატარებელი.

სულ ერთი არ იყო კოლხებისათვის ჩვენ მოვკლავდით მას თუ სხვები, თუმცა ჩვენ მათი აზრით საზიზღარნი და საძაგელნი ვართ, მაგრამ სინამდვილეში მეფისა და რომაელთა ერთგულნი ვართ და თავზე არ მოვისვამთ იმას ვინც ცდილობს მახე დაგვიგოს».

სენატორმა ათანასემ ორივე სარდალი ბრალდებულად სცნო და ისინი სიკვდილით დასაჯეს.

ლაზიკის შინაური საქმეების მოწესრიგების შემდეგ მეფე წათე და ბიზანტიის სარდლები შეუდგნენ ირანელების წინააღმდეგ გალაშქრების სამზადისს. დაიწყო ბრძოლები, ირანელებმა თავდაპირველი გამარჯვებების შემდეგ ორი დიდი დამარცხება განიცადეს, ქ. ფაზისთან - ფოთი სადაც მათ დაჰკარგეს 10 000 ჯარისკაცი და მეორე არქეოპოლისთან.

ამასთანავე ირანი იძულებული იყო ბიზანტიისათვის დაეთმო აგრეთვე ქ. როდოპოლისი - ვარდციხე, ამიტომ ხოსრო მეფეს ლაზიკის დაპყრობის საქმე წაგებულად მიაჩნდა და მან ზავის შეკვრა არჩია. მითუმეტეს ირანელების ლაშქრობას ლაზიკაში მრავალი დაბრკოლებები ეღობებოდა, ადგილის სიშორე, სიძნელე გზებისა, რომელიც იბერიიდან ლაზიკაში გადიოდა სურამის ვიწრო  და ძნელ გასასვლელ ხეობებში, უღრანი ტყეების გაჩეხვა, ხიდების აგება და სხვა მეტად აბრკოლებდა ირანიდან ლაზიკაში ჯარის გადაყვანას.

ამასთანავე ჯარისათვის სურსათის მიწოდების საქმეც მეტად გაძნელებული იყო იბერია - ლაზიკის ვიწრო ხეობაში. ამ მხრივ მოწინააღმდეგე მხარე ბიზანტია უფრო ხელსაყრელ პირობებში მოქმედებდა. ბიზანტიის ჯარი სარგებლობდა შავი ზღვის სიახლოვით, ისინი ზღვის საშუალებით დროზე ამარაგებდნენ ჯარს სურსათით, იარაღითა და სამხედრო ოპერაციებსაც უფრო მოხერხებით აწარმოებდნენ.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ 562 წ ირანსა და ბიზანტიას შორის დროებით შეწყდა საომარი მოქმედება და დაიდო ზავი, რომელიც უნდა ყოფილიყო განსაზღვრული 50 წლით.

ზავის თანახმად ირანი ლაზიკაზე ხელს იღებდა და მას უთმობდა ბიზანტიას.

ამ ზავის თანახმად არც ერთ მხარეს ნება არ ჰქონდა ლაზიკა - იბერიის საზღვარზე ციხე აეგო, არც ნება არ ეძლეოდა კასპიის ზღვის დარუბანდის კარები გაეხსნა და იქიდან პირიქითელი კავკასიელი ტომები გადმოეშვა.

ორივე ქვეყნის ვაჭრებს თანასწორი უფლება ეძლეოდათ აღებ - მიცემობა ეწარმოებინათ ლაზიკის ტერიტორიაზე. ირანელებს თავიანთ სამფლობელოში ქრისტიანების შევიწროება და დევნა უნდა შეეწყვიტათ და ქრისტიანებისათვის ნება მიეცათ მიცვალებული მიწაში დაესაფლავებინათ. ამ ზავის შემდეგ სადაო საკითხად დარჩა სვანეთი, რომელიც ეკუთვნოდა ლაზიკას.

მართალია სვანეთს თავისი მთავრები ჰყავდა, მაგრამ ამ მთავრებს ამტკიცებდა ლაზთა მეფე.

სვანეთი ლაზთა მეფეებს გადასახადის სახით ყოველწლიურად აძლევდა თაფლს, ნადირის ტყავს და სხვა, სამაგიეროდ ლაზთა მეფე სვანეთს სურსათით ამარაგებდა.

ირან - ბიზანტიის დიდი ომიანობის დროს სვანებსა და გუბაზს შორის უკმაყოფილება ჩამოვარდნილა და გუბაზმა სვანეთს სურსათი არ მიაწოდა თურმე. ამით ისარგებლა ირანმა და სვანეთი მან თავის მხარეზე გადმოიბირა.

მენანდრე პროტექტორის სიტყვებით მას შემდეგ რაც ლაზთა მეფესა და იმ დროს იქ მოსარდლე რომაელ მარტინეს შორის რაღაც მტრობა ჩამოვარდა, ამის გამო კოლხმა არ გაუგზავნა სვანეთს ჩვეულებრივი სურსათი, ჩვეულებრივ პური მათ კოლხთა მეფისაგან ეგზავნებოდათ, ამიტომ სვანებმა იმაზე გაჯავრებულებმა რომ მათ მოუსპეს დაწესებული დახმარება შეუთვალეს სპარსელებს, რომ თუ ისინი იქ მივიდოდნენ სვანეთს მათ ჩააბარებდნენ. თუმცა 562 წ დიდი ზავი დაიდო ბიზანტიელები ამტკიცებდნენ, რომ სვანეთი ლაზიკის ქვეშევრდომი ქვეყანაა და ლაზიკასთან ერთად იგი ჩვენ გვეკუთვნისო. ბიზანტიის კეისრის საზავო ხელშეკრულების წარმომადგენელი პეტრე უმტკიცებდა ირანის მეფეს ხოსროს «თუ ჩვენ უკვე ლაზიკის უფალნი გავხდებით სვანეთიც მოგვემატოს, ვინაიდან ვინც გამგებელს ცნობს ნუთუ მისი არ უნდა იყოს იმის ხელქვეითიც, არც ლაზები და არც თვით სვანები არ მიიჩნევენ სადავოდ, თითქოს სვანეთი წინათ ლაზთა ქვეშევრდომი არ ყოფილიყოს, არც იმას, რომ სვანეთის მმართველს ლაზთა მეფის გადაწყვეტილებით ენიჭებოდა ძალაუფლება», ეს თქვა პეტრემ და საბუთებით დაუმტკიცა ხოსროს, რომ ლაზთა მეფეებიც უფრო ძველად იყვნენ და რომ სვანთა განმგებლები ერთიმეორეზე ინიშნებოდა მათგან. მეფემ თქვა «როდესაც მე დავიჭირე სკანდა, სარაპანა და ლაზიკე თქვენ არ გითქვამთ, რომ მაშინ სვანეთი თქვენს ქვეშევრდომთა რიცხვში გყავდათ, აქედან ცხადია, რომ ისინი ლაზების ქვეშევრდომნი არ ყოფილან, ვინაიდან ისინიც მათი მფლობელებითურთ ჩვენ შემოგვიერთდებოდნენ», პეტრემ უპასუხა «ლაზებში ბატონო ძველი წესი იყო, რომ სვანეთის სარდალი ემორჩილებოდა ლაზთ და მასთან ის აღრიცხული იყო სახარკო სიაში და ლაზი კიდევაც იღებდა მისგან ფუტკრების ნაყოფს და ტყავებს და ზოგ სხვა რამესაც, ხოლო როდესაც სვანების მთავარი გარდაიცვლებოდა ლაზების მეთაური ახელისუფლებდა მას ვისაც უნდა მიეღო და დაეცვა გარდაცვლილის ძალაუფლება, ამავე დროს ის წერილობით აცნობებდა რომაელთა თვითმპყრობელს მომხდარი ამბების შესახებ და ესეც სამაგიერო წერილით უბრძანებდა მას გაეგზავნა სვანთა მთავრობის ნიშნები ვისთვისაც უნდოდა, მხოლოდ სვანი კი ყოფილიყო, ეს იყო ძალაში ჩვენი მეფის თეოდოსის დროიდან ვიდრე თქვენი პაპის პეროზისა და ჩვენი მეფის ლეონის დრომდე».

შემდეგ პეტრემ ქლამიდიდან გამოიღო წინ ერთი წიგნაკი სადაც ერთიმეორეზე ცალცალკე ნაჩვენები იყო ლაზთა მეფეები, რომლებსაც დაეხელისუფლებინათ სვანთა სარდლები, მაგრამ არც ერთი მხარე დათმობაზე არ მიდიოდა, მაშინ დაადგინეს ამ საკითხის გადაწყვეტა თვით სვანებისათვის მიენდოთ და ვისაც ისინი მოისურვებდნენ სვანეთიც მას დარჩებოდა.

ირანელები სვანებს სამხედრო - სტრატეგიულ მნიშვნელობას აძლევდნენ, რადგანაც სვანეთის ჩრდილოეთის საზღვარზე იყო გზა საიდანაც ჩრდ კავკასიის ველებზე მობინადრე ტომები სკვითები და სხვები გადმოდიოდნენ. მნიშვნელობას აძლევდა სვანეთს ბიზანტიის კეისარი იუსტინე, რომელიც თანახმა იყო ირანისაგან სვანეთი ფულითაც ეყიდა, ამის შესახებ მენანდრე მოგვითხრობს «იუსტინე მეფემ მიანდო იოანეს, რომ თუ სპარსელები მოისურვებდნენ სასყიდით გადაეცათ ეს ქვეყანა ეთქვა, რომ ის თანახმა არის, ვინაიდან სვანეთი მართალია ღირსშესანიშნავი არ იყო, მაგრამ ის მაინც თავისი მოხერხებული მდებარეობით მეტად სასარგებლო იყო რომაელთა ხელისუფლებისათვის რათა ამ გზით მოზღვავებულ სპარსელებს კოლხეთის საზღვრები არ აეოხრებინათ. იმათ ე ი სპარსელებმა უთხრეს, რომ მზად არიან დაუთმონ სვანეთი რომაელებს მხოლოდ იმ პირობით თუ მიიღებენ ფულს და სასყიდელს ამ დათმობისათვის. ბოლოს ირანი იძულებული შეიქმნა ხელი აეღო  თავის პრეტენზიებზე სვანეთზე და ამრიგად ეს ხანგრძლივი ბრძოლა რომაელების გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ 562 წ ხელშეკრულების შემდეგაც არ შეწყვეტილა ირან - ბიზანტიას შორის ბრძოლა ამიერკავკასიის და მცირე აზიის ქვეყნების დასაპყრობად.

ლაზიკის ხელში ჩაგდებით ბიზანტიელები ცდილობდნენ თავიანთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ იბერიაც მოექციათ, მითუმეტეს იბერიაც გაქრისტიანებული ქვეყანა იყო და მას სულიერ - სარწმუნოებრივი კავშირი ჰქონდა ბიზანტიასთან საიდანაც შემოდიოდა ქრისტიანული კულტურა და საეკლესიო წყობილება.

აქ იბერიის დიდებულები ცდილობდნენ ლაზების მეშვეობით კულტურული კავშირი გაებათ ბიზანტიასთან. მართალია დადებული ხელშეკრულებით ირანს ეკრძალებოდა ქრისტიანების დევნა და ძალდატანებით მაზდეანობის გავრცელება, მაგრამ სინამდვილეში ეს არ სრულდებოდა და იბერიის ქრისტიანები განიცდიდნენ ირანის მოხელეებისაგან პოლიტიკურ დევნასა და შევიწროებას. ამის გამო 571 წ ირანს აუჯანყდა სომხეთი და იგი ბიზანტიის მხარეზე გადავიდა. ამას მოჰყვა იბერიის აჯანყებაც 572 წ და იბერიაც ემხრობა ბიზანტიას. მეამბოხეებს ეხმარებოდნენ ლაზები, აბაზგები და ალანები, რომელთა ზურგს უკან მოქმედებდა ბიზანტია აწვდიდა მას ფულს, იარაღსა და ჯარსაც, რომ მათი ხელით ირანისათვის წაერთმია სომხეთი და იბერია, ეს ბრძოლა გრძელდებოდა რამდენიმე წელიწადს, გამარჯვება იყო ცვალებადი.

576 წ ირანის შაჰმა ხოსრო II - მ ისარგებლა ბიზანტიის შინაური შფოთით და დაიპყრო სომხეთი, ანტიოქია, კაბადოკია და სხვა მცირე აზიის მნიშვნელოვანი ქალაქები. გაძლიერებული ირანისაგან ასეთივე საშიშროება მოელოდა იბერია - ლაზიკასაც, მაგრამ ხოსრო II - ს ამ გამარჯვებებს ბოლო მოუღო ბიზანტიის კეისარმა ჰერაკლემ, რომელიც დიდი ჯარით გადავიდა ირანისაკენ შეტევაზე.

ჰერაკლეს მიემხრნენ ლაზები, აფხაზები და იბერიის მოსახლეობის 1 ნაწილი, კეისარმა მაშველად მოიწვია ხაზარები, რომლებიც გადმოსულან ხაკანის მეთაურობით, ეს ხაკანი ქართულ მატიანეში ცნობილია ჯიბღუს სახელით.

ჰერაკლე კეისარმა თავისი მოკავშირე ხაზართა ჯარით ალყა შემოარტყა თბილისს სადაც გამაგრებული იყო ირანის ჯარი, დიდი ბრძოლის შემდეგ 626 წ ჰერაკლემ თბილისი აიღო და აღმ საქართველოდან ირანელები განდევნა. ამგვარად ბიზანტიასა და ირანს შორის ხანგრძლივი ბრძოლა ლაზიკა - იბერიის დასაპყრობად ბოლოს ბიზანტიის გამარჯვებით დამთავრდა.

ლაზიკამ ბიზანტიის ბატონობის დროს შეინარჩუნა ქრისტიანული რწმენა და შინაურ საქმეებში დამოუკიდებლობა,მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა და VII ს I ნახევარში არაბთა შემოსევამ ბოლო მოუღო ჩვენში ბიზანტიასა და ირანს შორის ქიშპობას.

ეს ბრძოლა იყო ხანგრძლივი, რომელმაც გასტანა I - VII საუკუნემდე და იბერია - ლაზიკის დაპყრობაში ერთმანეთს ეცილებოდნენ 2 დიდი სახელმწიფო რომი და ირანი. თითოეული მათგანი ცდილობდა ლაზიკის დაპყრობას და მის გამოყენებას თავისი აგრესიული მიზნებისათვის, რომ მოეპოვებინათ პოლიტიკურ - ეკომომიური უპირატესობანი აღმოსავლეთისა და მცირე აზიის ქვეყნებში. ამ ბრძოლის ერთერთ ასპარეზად იბერია - ლაზიკა იყო ქცეული და ლაზიკა ლაზიკამ ორივეს მხრივ რომისა და ირანის შემოსევით განიცადა არაერთი აოხრება, მაგრამ ლაზთა მეფეები მედგრად იბრძოდნენ თავიანთი პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის, ლაზებს ორივე დამპყრობელი გარეშე ძალა ერთნაირად ეჯავრებოდათ, მაგრამ წინააღმდეგობის გასაწევად მათ არ გააჩნდათ საკუთარი ძალა და საშუალებანი, ამიტომ ლაზთა მეფეებს უხდებოდათ ეწარმოებინათ ორჭოფული პოლიტიკა და ძალთა განწყობილების მიხედვით ისინი გადადიოდნენ ხან ერთსა და ხან მეორე მოწინააღმდეგის მხარეზე. რომის კეისრებსა და ირანის შაჰებს არ სჯეროდათ რასაკვირველია ლაზთა მეფეების გულწრფელობა, ისინი ცდილობდნენ კულტურული ზეგავლენისა და ერთი რწმენის გავრცელების გზით ლაზიკის შემომტკიცებას, ამიტომ ხელშეკრულების დადებასთან სიმტკიცის ნიშნად ისინი ლაზებისაგან მოითხოვდნენ მძევლებს, რომლებიც მათ კარზე იზრდებოდნენ, სწავლობდნენ იქაურ ენას, ითვისებდნენ ზნე - ჩვეულებას და ასეთი პირებისაგან დამპყრობლები იჩენდნენ თავიანთ პოლიტიკურ მეგობრებს.

მეორე საშუალება და ძლიერი იარაღი რომელსაც დამპყრობელი მხარეები იყენებდნენ ეს იყო რელიგია, ირანი მოგვების დახმარებით ავრცელებდა ლაზიკაში მაზდეანობას, რომ ლაზებში განემტკიცებინა თავისი პოლიტიკურ - იდეოლოგიური ბატონობა, რომი კი ქრისტიანული მოძღვრების გავრცელებით და საეკლესიო - სამონასტრო მშენებლობით ცდილობდა ირანის გავლენის განდევნას ლაზიკიდან.

კულტურულ - სარწმუნოებრივად ლაზიკას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა უფრო რომთან ვიდრე ირანთან, ტერიტორიითაც ლაზიკა რომის მოსაზღვრე იყო საიდანაც უფრო ადრე და ადვილად შემოდიოდა რომიდან განათლება და კულტურა ვიდრე შორეული ირანიდან, ამიტომ ქრისტიანული რწმენა ლაზიკაში ადრევე გავრცელებულ - განმტკიცებული იყო, ლაზიკის სამღვდელოება განაგებდა მეზობელი ჭანების საეკლესიო საქმეებსაც. პ. კესარიელის ცნობით «ამჟამად იქაური ჭანეთის მცხოვრებლები არც რომაელთა და არც ლაზთა ქვეშევრდომები არ არიან, გარდა იმისა, რომ რადგან ისინი ქრისტიანები არიან ლაზთა ეპისკოპოსები უწესებენ მათ მღვდელთმსახურებას. ლაზებს ქრისტიანული მონასტრები უცხოეთშიაც ჰქონდათ, სახელდობრ იერუსალიმის უდაბნოში, ამ პერიოდში ლაზებს საკუთარი დამწერლობა არ ჰქონდათ და ისინი უფრო სარგებლობდნენ ბერძნული დამწერლობით».

აგათია სქოლასტიკოსის სიტყვით კოლხებს უკვე კარგა ხანია შეესწავლათ ელინთა ენა. ამასვე მოწმობს ბერძენი მწერალი თემისტი 317 - 388 წ, რომელიც ამბობს, რომ კოლხეთში გავრცელებული იყო ბერძნული სწავლა - განათლება და კულტურა.

კოლხები მონაწილეობას იღებენ თურმე ელინთა დღესასწაულებში, რომლებშიაც არაერთ კოლხიდელს თავი უსახელებია თავისი მჭერმეტყველებითო და რიტორიკით.

ამავე ბიზანტიელი რიტორისა და ფილოსოფოსის თემისტის სიტყვიდან ჩანს, რომ IV ს შუა წლებში კოლხეთში ფოთის მახლობლად არსებულა რიტორიკული განათლების ცენტრი სადაც განათლებას ღებულობდნენ ბიზანტიისაგან მივლინებული ახალგაზრდები და მასაც რიტორიკული განათლება მიუღია კოლხეთში. მეც ჩემო კარგებო, ამბობს თემისტი, ნაყოფი მოვწყვიტე ფაზისის მახლობლად სადაც არგომ თესალიიდან წასულმა დაისადგურა რასაც პოეტები გაკვირვებით მოგვითხრობენ.

ლაზთა მეფეები თავიანთ დიპლომატიურ მიმოწერასა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საბუთებს როგორც პ. კესარიელი გადმოგვცემს ინახავდა თურმე. სხვათა შორის როდესაც გუბაზ მეფის დესპანები მივიდნენ სპარსეთში ხოსრო I - ს მოახსენეს, რომ მათ შენახული აქვთ ყველა ზავის წიგნები და ხელშეკრულებანი, რომლებიც მათ წინაპრებს ირანის მეფეებთან ჰქონდათ დადებული.

V - VI ს ლაზიკაში სამეფო საქმეებს განაგებდა გაბატონებული წოდება, რომლის სათავეში იდგა მეფე. მეფის უფლებები მემკვიდრეობით გადადიოდა იმაზე ვინც გვარში გარდაცვლილი მეფის მომდევნო იყო წლოვანებით. მეფეს ირჩევდნენ სამეფო გვარიდან უფროსობის მიხედვით, მაგ ლაზიკის მეფე წათე I - ს შემდეგ გამეფდა არა მისი შვილი გუბაზი არამედ წათეს მომდევნო ძმა ოფსიფე.

ბიზანტიის პოლიტიკური ბატონობის პერიოდში ლაზთა მეფეები თავიანთ სამეფო საქმეებს თავისუფლად განაგებდნენ, მხოლოდ ფორმალურ დამტკიცებას, სამეფო ნიშნებსა და საჩუქრებს იღებდნენ ბიზანტიის კეისრისაგანო.

 

ეგრისის სამეფოს დაშლა და აფხაზეთის საერისთაოს დაარსება.

 

თბილისის აღებისა და იბერია - ეგრისიდან ირანელების განდევნის შემდეგ კეისარი ჰერაკლე ცდილობდა ორივე ქვეყნის საბოლოოდ დამორჩილებას მითუმეტეს, რომ ამ დროს დაიწყო ძლევამოსილი ლაშქრობა არაბებისა, რომლებიც უახლოვდებოდნენ ამიერკავკასიის საზღვრებს.

მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცდენად საჭირო იყო იბერიისა და ეგრისის საზღვრების გამაგრებასთან ერთად მოსახლეობის პოლიტიკურ - იდეოლოგიური შემომტკიცება. ამ მიზნით ჰერაკლე შეუდგა ცეცხლითა და მახვილით აქ ქრისტიანობის გავრცელებას, რომ საბოლოოდ აღმოეფხვრა წარმართობა. ჰერაკლემ თბილისსა და მცხეთას და უჟამრას განავლინა ქალაქნი რაითა ყოველი ქრისტიანენი ქალაქთა შინა შემოკრბენ და ყოველნი მოგვნი და ცეცხლის მსახურნი ან მოიათნინ ანუ მოისრნენ, ხოლო მათ ნათლისღებაი არ ინებეს, ზაკვით აღევლინეს ქრისტიანეთა, ვიდრემდის ყოველთა ზედა წარმართა და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლისანი დიოდეს, ხოლო ჰერაკლემ განწმინდა სჯული ქრისტესია და წარვიდაო მოგვითხრობს მოქცევაი ქართლისა. ამასთანავე ბიზანტიის კეისრის პოლიტიკური ინტერესები მოითხოვდა ეგრისის სამეფოს მთლიანობის დაშლა - დაქუცმაცებას წვრილ სამთავროებად, რომ ამით უზრუნველეყო თავისი ბატონობა მთელი შავი ზღვის სანაპიროზე, მან წარსულის მაგალითებიდან კარგად იცოდა ეგრისის მეფეების მერყეობა და განდგომის მრავალი შემთხვევები. ლაზთა მეფეები ასეთ ურჩობას თვით ჰერაკლესაც უწევდნენ და როგორც ბიზანტიელი მემატიანეები გადმოგვცემენ აფხაზებმა და იბერიელებმა ჰერაკლე კეისარს შორეულ ლაშქრობაზე უარი განუცხადეს თურმე.

თეოფანეს სიტყვით ჰერაკლეს 1 წლის შემდეგ უნდოდა თვით სპარსთა მეფის ხოსროს ლაშქარს შებმოდა, მაგრამ ჯარმა, მეტადრე კი ლაზებმა აფხაზებმა და იბერებმა არ მოინდომესო. ხოლო როდესაც ჰერაკლეს სპარსთა ლაშქარი მოეწია ლაზებმა და აფხაზებმა მოკავშირეობაზე კეისარს უარი უთხრეს და შინისაკენ გაემგზავრნენ.

ამგვარი შემთხვევა საბაბს აძლევდა ბიზანტიის კეისარს ბოლო მოეღო ეგრისის სამეფოს დამოუკიდებელი არსებობისათვის და აქაც როგორც იბერიაში მოესპო მეფობა და ხელი შეეწყო ცალკე საერისთაოების წარმოქმნისათვის. ჩვენ სამწუხაროდ არ მოგვეპოვება უტყუარი ცნობები იმის შესახებ თუ როდის და როგორ უნდა მომხდარიყო ერთმეფობის მოსპობა ეგრისში, მხოლოდ მემატიანე თეოფანეს ცნობიდან ირკვევა, რომ 689 წ ეგრისში მეფობა არ ყოფილა, ქვეყანას მართავდა ლაზიკის პატრიკიოზი ე ი ეგრისის მფლობელი ერისთავი სერგი ბარნუკის ძე, რომელიც ბიზანტიელებს ასჯანყებია და თავისი სამფლობელო გადაუცია არაბებისათვის, აქედან აშკარაა, რომ ბიზანტიის კეისარს VII ს მიწურულში განუხორციელებია თავისი აგრესიული ზრახვანი ეგრისის სამეფოს მიმართ, მოუსპია აქ მეფობა და განუწესებია ერისთავები, ერთი მათგანი სერგი ბარნუკის ძე ატარებდა ბიზანტიის საკარისკაცო წოდებულობას პატრიკისას, რასაკვირველია ასეთი ძალდატანებითი აქტი უბრძოლველად არ ჩაივლიდა, მაგრამ ეგრისის პატარა სამეფოს დიდხანს არ შეეძლო გამკლავებოდა ძლიერ ბიზანტიას და იგი იძულებული იყო მის წინაშე ქედი მოეხარა.

მართლაც ამ პერიოდში ეგრისის სამეფო დასუსტებული იყო და დაუძლურებული იმ ხანგრძლივი ომებით რომელსაც აქ აწარმოებდნენ ირანი და ბიზანტია.

ეგრისის სამეფოს დაშლის ფაქტს ქართველი მემატიანე ჯუანშერიც აღნიშნავს, მისი ცნობით ადგილობრივი ლაზურ - მეგრული დინასტია ხელისუფლების სათავეში არა სჩანს, მათ ნაცვლად ეგრისში გაბატონებულან ქართლის ერისთავები, რომლებსაც VIII ს დამდეგს ეგრისი აფხაზეთის საზღვრამდეს დაუჭერიათ «წარმოვიდა არჩილ და დაემკვიდრა ეგრისს ვიდრე შორაპნამდე და განამაგრნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი და აღაშენა ციხე საზღვარსა ზედა გურიენსასა». აქ მოხსენებული არჩილი იყო ქართლის მეფე 687 - 718 წ, რომელიც არაბების შიშით იძულებული იყო ქართლიდან გამოქცეულიყო ეგრისში და როგორც ჯუანშერი გადმოგვცემს მას და მის  მემკვიდრეებს დაუპყრიათ ეგრისის სამეფო აფხაზეთის საზღვრამდის.

ეგრისის სამეფოს დაშლის პროცესს ხელს უწყობდა აგრეთვე გართულებული საგარეო - პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეული იყო არაბთა შემოსევის საშიშროებით. არაბებმა 643 წლიდან დაიპყრეს აღმ საქართველო და ახლა ისინი ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ ეგრისი, რომლის აღების შემდეგ არაბებს შეეძლოთ ბიზანტიის პოლიტიკურ - ეკონომიური გავლენის განდევნა, როგორც შავი ზღვის სანაპიროებიდან აგრეთვე მთელი ამიერკავკასიიდან.

ბიზანტიის კეისარი კარგად გრძნობდა თუ რა საფრთხეს უმზადებდა მის ბატონობას არაბების გაძლიერება აღმოსავლეთის ქვეყნებში ამიტომ კეისარი შეუდგა საზღვრების გამაგრებას და ჩრდილოეთის ხალხის ამხედრებას არაბების წინააღმდეგ. 685 წ ხაზარები შემოესივნენ იბერიასა და ალბანიას, მათ დიდი ზიანი მიაყენეს არაბებს, ამით ისარგებლა კეისარმა იუსტინიანე II - მ და 688 წ გამოგზავნა დიდი ჯარი, რომელმაც არაბები დაამარცხა. ამან გამოიწვია არაბებისძლიერი ჯარის გამოლაშქრება 730 წ მურვანის მეთაურობით. ქართველი მემატიანეს ჯუანშერის ცნობით სომხეთიდან მურვანი შემოსულა ქართლში, აუღია დარიალის კარი გაუმაგრებია იგი, რომ ბიზანტიისათვის მოესპო საშუალება იქიდან გამოეყვანა მაშველი ჯარი ხაზარებისა.

ქართლის აღების შემდეგ მურვანი 735 წ გადავიდა სამცხეში და აქ ოძრხის ციხესთან მან დაამარცხა იბერიელთა ჯარი. ქართლის ერისთავები მირი და არჩილი გაიხიზნენ ეგრისში, ახლა მურვანმა განიზრახა თვით ეგრისში გაელაშქრა. მურვანის ჯარი დაბანაკდა ჭყონდიდის ანუ მარტვილის მიდამოებში და აქედან მან გაილაშქრა და აიღო ციხე - გოჯი - ნოქალაქევი, შემდეგ კლისურის ან კელასურის ციხე, ცხომი ანუ ცხუმი (სოხუმი) თითქმის მთელი შავი ზღვის სანაპიროებიც დალაშქრა.

მურვანის ლაშქრობა სასტიკ ხასიათს ატარებდა, ქართველი მემატიანის ჯუანშერის ცნობით მურვანის შემოსევამ მთლად გაანადგურა საქართველო, აღარ იპოვებოდა ნაშენები, აღარცა საჭამადი კაცთა და პირუტყვთა ყოვლადვე.

მურვანის მიერ სამცხისა და ეგრისის დალაშქვრა ეს არაბების მხრივ იყო ბიზანტიაძე აშკარა შეტევაზე გადასვლა, რადგანაც ორივე ქვეყანა იმყოფებოდა ბიზანტიის მფარველობაში, ამიტომ ბიზანტიის შიშით არაბებმა ვერ შეძლეს იქ ფეხის მოკიდება და მათ ეს მხარე ჩქარა დასტოვეს, მაგრამ ბიზანტიის კეისარი მაინც არ იყო გარანტირებული, რომ არაბები ისევე არ განაახლებდნენ შავი ზღვის სანაპიროების დალაშქვრას.

ეს გარემოება მოითხოვდა დიდ პოლიტიკურ სიფხიზლეს ეგრისისა და სამცხის საზღვრების გამაგრებასთან ერთად აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა ბიზანტიის ერთგული პირების ჩაყენება ეგრისის საერისთაოში.

ბიზანტიას რასაკვირველია არ გამოადგებოდა ისეთი მთავარი როგორიც იყო ლაზიკის პატრიკიოზი სერგი ბარნუკის ძე, რომელსაც კეისარის მტრობით თავისი საერისთაო არაბებისათვის გადაეცა, ამიტომაც კეისარი აწინაურებს აფხაზეთის ერისთავს, რომელიც უნდა ყოფილიყო მისი აგრესიული ინტერესების შემსრულებელი, ასეთი იყო ერისთავი ლეონ I, რომელსაც დამკვიდრებული ჰქონია კეისრისაგან საერისთაოდ აფხაზეთი კლისურიდან დიდი ხაზარეთის მდინარემდე. აფხაზეთის ამ ერისთავებს ნიშნავდნენ ბიზანტიის კეისრები და საისტორიო მწერლობაში ჯერ გამორკვეული არ არის მათი ვინაობა და სადაურობა.

აფხაზეთს ტერიტორიალურად ეგრისის სამეფოში ეჭირა ფრიად მნიშნვნელოვანი პოლიტიკურ - სტრატეგიული ადგილი, რომელიც იცავდა ეგრისის დას სანაპიროებს საკმაოდ კარგად გამაგრებული ნაგებობით.

ბიზანტიასთან ეკონომიურ ურთიერთობაში აფხაზეთის სანაპიროები დიდ როლს თამაშობდნენ, აქ იყო მთელი რიგი სავაჭრო ქალაქები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებთან აწარმოებდნენ სავაჭრო ოპერაციებს.

ბიზანტიის კეისრის მიერ აფხაზეთის მოწყვეტა და ცალკე საერისთაოდ გამოყოფა აშკარად მიმართული იყო ეგრისის სამეფოს მთლიანობის წინააღმდეგ. ბიზანტია ამ შემთხვევაში აფხაზეთის სამთავროს მფარველობით და გაძლიერებით ცდილობდა ერთის მხრივ ეგრისის სახელმწიფოებრივი მთლიანობის დაშლას, მეორეს მხრივ აფხაზეთი გადაექცია ერთგვარ საფარად და ციხე - სიმაგრედ არაბების შემოტევის წინააღმდეგ, ასეთივე პოლიტიკას აწარმოებდა ბიზანტია საქართველოს სამხ საზღვარზე, სადაც წარმოიქმნა საკმაოდ ძლიერი საერისთაო ტაო - კლარჯეთისა, რომლის I ერისთავი იყო აშოტ კურაპალატი. არაბებისაგან დევნილი ქართლის ერისთავი აშოტი დაესახლა არტანუჯს და მიიღო კეისრის მფარველობა. არტანუჯის ციხე და ტაო - კლარჯეთის საერისთაო ემსახურებოდა ბიზანტიის პოლიტიკურ ინტერესებს და იცავდა არაბების შემოსევებისაგან მის სამხრეთის საზღვრებს. ორივე ეს საერისთაო იმყოფებოდა ბიზანტიის მფლობელობაში და ბიზანტიის კეისრები ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ ამ საერისთაოების გაძლიერებას, კერძოდ ჯარის დახმარებით, რათა მათი საშუალებით გაეძლიერებინათ თავიანთი პოლიტიკურ - ეკონომიური გავლენა მთელ საქართველოში. ამასთანავე ორივე ეს საერისთაო წარმოადგენდა არაბებისაგან შევიწროებულ და დევნილი ქართველების თავშესაფარს.

მურვანის შემოსევის შემდეგ შეიცვალა არაბების პოლიტიკა და ახლა არაბები უფრო სასტიკად ექცეოდნენ დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობას და მათ მთავრებს ავიწროებდნენ ქონებრივად, უფლებრივად და სარწმუნოებრივად.

აბასიანთ გვარის ხალიფების მეფობაში არაბებმა შემოიღეს მკაცრი სარწმუნოებრივი მაჰმადიანური მიმართულება პოლიტიკაში და თავიანთი ბატონობის განსამტკიცებლად ქვეშევრდომებისაგან მოითხოვდნენ გამაჰმადიანებას. დაპყრობილ ქვეყნებს ამასთანავე ხარკი გაუდიდეს და  მოსახლეობა დიდი ხარჯისაგან მძიმე პირობებში მოექცა.

არაბთა ხალიფები სარგებლობდნენ ქართლის ერისთავების სიმრავლით, მათ შორის არსებული შუღლით, ქიშპობითა და ცდილობდნენ ზოგიერთი მათგანის გადმობირებას და გამაჰმადიანებას. ხალიფები ერეოდნენ ქართლის ერისთავების მართვა - გამგეობაში და იმ ერისთავს რომელიც ურჩობას გაბედავდა სდევნიდნენ და ატუსაღებდნენ. პოლიტიკურ დევნას ერთვოდა აგრეთვე სარწმუნოებრივი და ეკონომიური შევიწროებანი. არაბები ქრისტიანებს უნდობლად უცქეროდნენ და ქართლის მოსახლეობა ამის გამო განიცდიდა დიდ გაჭირვებას, განსაკუთრებით მისი მაღალი წოდება, რომელსაც არაბები აიძულებდნენ მიეღოთ მაჰმადიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ართმევდნენ მათ ხელისუფლებასა და ქონებას, მაგრამ ვისაც ასაქცევი არ ჰქონდათ და არსებობაც უჭირდა იგი იძულებული ხდებოდა მიეღო მაჰმადიანობა და როგორც იოანე საბანისძე ამბობს შიშითა განილევიან და ირწევიან ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერითანო.

არაბებისაგან დევნილი ქართლის მოსახლეობის ნაწილი იხიზნებოდა სამხ - დას საქართველოში, სახელდობრ ტაო - კლარჯეთში, აფხაზეთსა და ეგრისში, რომლებიც ამ დროს ბიზანტიის კეისრის მფარველობაში იყვნენ. იქ შედარებით მშვიდობიანობა სუფევდა, აღმ საქართველოდან ეგრისში გახიზვნას ამ დროს ჰქონდა ფართო ხასიათი, მაგ როდესაც ნერსე ქართლის ერისთავი აფხაზეთში გაიხიზნა, მას გაჰყოლია 300 მამაკაცი, დიდებულთა მრავალი ოჯახი თავიანთი ყმებითა და მოსამსახურეებით.

ეგრისში გაიხიზნენ თავიანთი ამალით ქართლის ერისთავები არჩილ, იოანე, ჯუანშერი და სხვა.

ჩვენ ვიცით,რომ ეგრისში მდ რიონის სამხრეთით მდებარე მხარე V - VI ს ირანსა და რომს შორის ხანგრძლივი ბრძოლების გამო თითქმის უკაცრიელი იყო. VI ს დაწყებული VII - VIII ს ჯერ სპარსელებისაგან და შემდეგ არაბებისაგან დევნილი აღმ საქართველოს მოსახლეობა ამ მხარეში იხიზნებოდა, სახლდებოდა თავისუფალ ადგილებზე და იგი აქ პოულობდა მეტ პოლიტიკურ - ეკონომიურ თავისუფლებას. ამგვარად VII - VIII ს ჩნდება ეგრისის გაქართველებული ნაწილები აჭარა, გურია და იმერეთი.

ი. ჯავახიშვილი ამის შესახებ ამბობს «პლინიუსისა, პტოლემაიოსისა და პ. კესარიელის ცნობები ამტკიცებენ, რომ კოლხეთის სამხ - აღმ ნაწილში მხოლოდ მეგრელ - ლაზების ტომები ცხოვრობდნენ, მაგრამ ამას ცოტა არ იყოს ის გარემოება არღვევს, რომ იმ ადგილებში სახელდობრ გურიასა და იმერეთში მეგრული კი არა ქართულია გავრცელებული, გურულები და იმერლები მეგრელ - ლაზების მიწების შიგ შუაგულში არიან შეჭრილნი და მეგრელებსა და ლაზებს ერთმანეთისაგან აშორებენ, ამისდა მიუხედავად ჩვენი ზემოაღნიშნული დასკვნა იმის შესახებ, რომ თავდაპირველად კოლხეთის ეს მიწა - წყალი  მხოლოდ მეგრელ - ლაზებს ეკუთვნოდა მაინც შეურყეველი რჩება, იმიტომ, რომ გურიის საგეოგრაფიო საქმეების დაკვირვება გვიმტკიცებს, რომ იმ ადგილას სადაც ეხლა გურულები ცხოვრობენ წინათ მეგრულად მოსაუბრე ტომი უნდა სახლებულიყო. ბევრი სოფლებისა და მდინარეების სახელების მნიშვნელობის ახსნა მხოლოდ მეგრულის საშუალებით შეიძლება, ან არა და მათ ცხადია მეგრული დამახასიათებელი თვისებები აქვთ, მაგ მთა ჯიხანჯირი, ჯიხა - ციხე, ჯუმათი, ოჩხამური - ჩხომი - თევზი, ჭანიეთი მდ გუბაზეული და სხვა».

ახალი სახელების დარქმევა მთებისა და მდინარეებისათვის ცხადია მხოლოდ მეგრელ - ლაზების ტომებს შეეძლოთ. მაშასადამე ძირითადი და თავდაპირველი მოსახლეობა გურიაში მეგრელებისა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტო გურიაში კი არა ეხლაც ცხენისწყალი მეგრულის აღმოსავლეთ საზღვრად ითვლება. საგეოგრაფიო სახელები კი ამტკიცებენ, რომ ამ მდინარის აღმოსავლეთითაც თავდაპირველად მეგრელებს უცხოვრიათ, მაგ სოფ ჯიხაიში, ჯიხა - ციხე, ხენიში, კულაში და სხვა.

ქუთაისის ჩრდილოეთითაც მდ რიონის მიდამოებიც ძველად მეგრელებს უნდა სჭეროდათ, აქაც ასეთი საგეოგრაფიო სახელები გვხვდება მაგ ჯიმას ვარა - ჯიმას ძმა, ოფურჩხეთი, ტყვიში, გვერიში, ოკრიბა და სხვა.

საგეოგრაფიო სახელების შესწავლა დაასკვნის ი. ჯავახიშვილი მაშასადამე უეჭველ ყოფს, რომ მთელი ეს მიწა - წყალი მხილოდ მეგრულ - ლაზური შტოს ტომებს ეკუთვნოდა, ეს იყო როგორც სჩანს სტრაბონისა, პლინიუსისა და პტოლემაიოსის თხზულებებიდან პირველ ორ საუკუნეში, შემდეგ როგორც ეტყობა ერთერთი ქართველ ტომთაგანი ან აღმოსავლეთით ან არა და სამხ - აღმოსავლეთით შიგ შუაგულში შეჭრილა და მეგრელები და ლაზები ერთი ერთმანეთს დაუშორებია, ხოლო დაპყრობილი ადგილების მცხოვრებლებს ქართული შეუთვისებიათ ამის გამო ეხლანდელი გურულები და იმერლები გაქართველებულ მეგრელ - ლაზებად უნდა ჩავთვალოთ.

ჯავახიშვილის ამ მოსაზრებას ამტკიცებს გურულ კილოში შემონახული ლაზურ - მეგრული ენის მრავალი ფაქტები, აგრეთვე მატერიალური კულტურის ტერმინები და ამ მხრივ ადგილმდებარეობის ტოპონიმიკური სახელწოდებანი აშკარად მიგვითითებს, რომ მათ ლაზურ - მეგრულ წარმოშობაზე.

იგივე მოსაზრებას გამოსთქვამდა პროფესორი ყიფშიძე, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგრელებს ძველად ეჭირათ უფრო დიდი ტერიტორია ვიდრე დღესო, რასაც აშკარად მოწმობს მეგრული გეოგრაფიული ნომენკლატურისა და ხალხური ლექსიკის გავრცელება გურია - იმერეთ - რაჭაშიო. როდის უნდა მომხდარიყო ეს? ამაზე ი. ჯავახიშვილი იძლევა ასეთ განმარტებას, პ. კესარიელის სიტყვით რიონის სამხრეთით მდებარე ქვეყანა იმის დროს V - VI ს მეტად ნაკლებად ყოფილა დასახლებული, თითქმის სრულებით უკაცური ყოფილა, ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც გურია ეწოდება, მაშასადამე ცხადია, რომ გურიის მერმინდელი მცხოვრებნი ადგილობრივი მკვიდრნი არა ყოფილან და როგორც ჩანს იბერიიდან და ქართლიდან უნდა იყვნენ გადმოსახლებულნი.

სპარსელ - ბიზანტიელთა ომიანობისა და სხვა მიზეზების წყალობით ადგილობრივი თავდაპირველი მეგრულ - ლაზური მოსახლეობა ამოწყვეტილა და VI ს ეს მხარე ცარიელი ყოფილა, ამგვარად გურიის ახალი მოსახლეობა შეიძლება გაჩენილიყო IV ს შემდგომ განსაკუთრებით VI - VIII ს.

მაშინ როცა აღმ საქართველო იბერია არაბთა მძლავრი და მკაცრი ბატონობის ქვეშ იყო და ხალხი აუტანელ მოხარკეობას გაურბოდა.

ახალშენებს რიცხვმრავლობით მცირერიცხოვანი მკვიდრნი გაუქართებიათ, მაგრამ თვითონაც შეუთვისებიათ მათგან ბევრი რამ და ნარევ მოსახლეობას შეუქმნია ახალი ენა - კილო.

ამ საკითხის შესახებ საყურადღებო მოსაზრებები აქვს გამოთქმული ნ. მარს, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ მეგრელებს ვხედავთ მხოლოდ დღევანდელი სამეგრელოს საზღვრებში, მაგრამ წინათ, როგორც ისტორიული ცნობებიდან ჩანს იგი ატარებდა უფრო ფართე სახელწოდებას ეგერს, ამ ფუძიდან წარმოიშვა მისი სახელწოდება ეგრისი, რომლის ქვეშ იგულისხმებოდა მთელი დას საქართველო დღევანდელი გურიითა და იმერეთით.

ნ. მარი თვით სახელწოდება გურიას წარმოშობას გენეტიკურად უკავშირებს სამეგრელოს. ამასთან დაკავშირებით მარს სახელწოდება იმერეთი და სამეგრელო მიაჩნია ერთიდაიგივე მნიშვნელობის ტერმინად.

ერთი სიტყვით როგორც ამ მოსაზრებიდან ირკვევა VII - VIII ს იწყება აღმ - სამხ საქართველოდან ქართლელი ტომების გადასახლება ეგრისის ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა მისი პოლიტიკური და ეთნიური მთლიანობის დარღვევა.

ამგვარად ეგრისში თანდათანობით წარმოიქმნა ახალი საერისთავოები, მათ შორის შემდეგში გაძლიერდა აფხაზეთის საერისთაო, რომელსაც მფარველობას უწევდა ბიზანტიის კეისარი.

ეგრისის სამეფოს ამ რღვევითა და ხელსაყრელი პოლიტიკური შემთხვებით სარგებლობდნენ აფხაზთა ერისთავები, რომლებმაც შედარებით ადვილად დაიპყრეს ეგრისის მთელი ტერიტორია, როგორც საისტორიო წყაროებ9ი გადმოგვცემენ ერისთავმა ლეონ II - მ ისარგებლა ბიზანტიის კეისრის დაუძლურებით, განუდგა მას და ხაზარების დახმარებით დაიჭირა მთელი ეგრისი ლიხის მთამდე და 786 წ მან თავისი თავი გამოაცხადა აფხაზთა მეფედ, ამის შესახებ ჯუანშერი მოგვითხრობს «რაჟამს მოუძლურდნენ ბერძნები გადგა მათგან ერისთავი აფხაზთა სახელით ლეონ ძმისწული ლეონ ერისთავისა, რომელსა მიეცა სამკვიდროდ აფხაზეთი, ეს ლეონ II ასულის წული იყო ხაზართა მეფისა და ძლია მათისა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე სახელ იდვა მეფე აფხაზთა რამეთუ მიცვალებული იყო ერისთავი».

ეგრისის შემოერთების შემდეგ ლეონ II - მ თავის სატახტოდ აქცია ქუთაისი, რომელიც შეიქმნა ახლადწარმოქმნილ ფეოდალური სამეფოს პოლიტიკურ - კულტურულ ცენტრად, ამგვარად შეიქმნა ახალი პოლიტიკური ერთეული ფეოდალურ ურთიერთობაზე წარმოშობილი აფხაზთა სამეფო, რომელიც მთლიანად შეიცავდა ძველი ეგრისის სამეფოს ტერიტორიას, ამ მხარესაც თანდათანობით ეწოდა აფხაზთა სამეფო. იგი არ წარმოადგენდა ისეთ ტომობრივ სამეფოს როდესაც სამეფო ხელისუფლება ერთი რომელიმე ტომის ხელში იყო მოქცეული.

მისი გაერთიანება მიმდინარეობდა ფეოდალურ ურთიერთობაზე დამყარებით.

ცხუმ - აფხაზეთის სამეფოს წარმოქმნა და გაძლიერება არ ნიშნავდა ერთი რომელიმე ტომის პოლიტიკურ გაბატონებას, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ძველ კოლხეთში და ლაზიკა - ეგრისში. ამ სამეფოს სახელწოდება აფხაზთა და არა აფხაზეთისა გულისხმობდა მთლიანად გაერთიანებულ დას საქართველოს და იგი ტერიტორიულად შეიცავდა აფხაზეთს, სამეგრელოს, გურია - აჭარას და იმერეთს.

აფხაზეთის სამეფოს შესახებ ვახუშტიც ასეთივე განმარტებას იძლევა, თავის გეოგრაფიულ აღწერას ის ასე იწყებს «ეგრისის ქვეყნისა ანუ აფხაზეთისა ანუ იმერეთისა, შემდეგ ამას მოჰყვება სახელისათვის, ქვეყნისა ამის სახელნი არიან საერთოდ სამნი, პირველი ეგრისი, მეორე აფხაზეთი, რამეთუ ეგრისი ეწოდება ეგრისის გამო ძისა თარგამოსისა, რომელსაც ძმათა შორის ხვდა წილად ქვეყანა ესე, ხოლო აფხაზეთი ლევანის გამო რომელი შემდგომად პირველის ლეონისა მეორე ლევან ერისთავობდა აფხაზეთს, ეს ლეონ გამეფდა და დაიპყრა ეგრისი და მან უწოდა აფხაზეთის სამეფოსა თვისსა და მიიღო საერისთაოსა თვისისა სახელი ეგრისსა ზედა, არამედ იმერეთი ბაგრატიონთა მიერ რამეთუ რაჟამს დაიპყრეს სრულიად აფხაზეთი და ყოველი საქართველო ამათ უწოდეს ქართლს ამერეთი და აფხაზეთს იმერეთ, ხოლო ესე აფხაზეთი ანუ იმერეთი განიყოფების ადგილებად და ეს განყოფის ადგილებთა სახელები დავწეროთ თვის რიგთა ზედა».

ასევე ესმის აფხაზეთის სამეფო ბაქრაძეს, რომელიც ამბობს «აფხაზეთის ერისთავნი თუმცა ისხდნენ აფხაზეთში, მაგრამ როდესაც იმათ მიითვისეს მეფის ხარისხი მაშინ იმათ თავიანთი რეზიდენცია გადაიტანეს ქუთაისს. თვით სახელწოდება აფხაზეთისა მისთვისეს მთელს იმერეთს, ამისთვის როდესაც ძველ მწერლობაში ვკითხულობთ აფხაზეთის სამეფო სახლი, აფხაზეთის კათალიკოსი, აფხაზეთის ერი, აფხაზეთის სამეფო ამ სიტყვებით იგულისხმება იმერეთის სამეფო სახლი, იმერეთის კათალიკოსი, იმერეთის ერი, იმერეთის სამეფო».

ზოგიერთი მკვლევარი აფხაზეთის სამეფოს სახელწოდებისა და მისი წარმოშობის შესახებ შემცდარ განმარტებას იძლევა.

გულია თავის აფხაზეთის ისტორიაში ამტკიცებს, რომ აფხაზთა სამეფო იყო აფხაზური ეროვნული სახელმწიფო და მთელ დას საქართველოში აფხაზები ბატონობდნენო.

იმდროინდელი გაერთიანებული საქართველოს კულტურულ - პოლიტიკური მოღვაწეობაც მიჩნეულია აფხაზების საქმედ.

ავტორის გაგებით აფხაზების მეფე და კათოლიკოსი საჭეთმპყრობელნი ყოფილან მთელი საქართველოსიც და სომხეთისაც. აფხაზთა სამეფოს ასეთი გაგება შემცდარია და ისტორიულად გაუმართლებელი.

ერთი სიტყვით ქართულ ისტორიოგრაფიაში პოლიტიკურ - ეთნიურად გაერთიანებულ დას საქართველოს  VIII - X ს ეწოდებოდა შემკრებლობითი მნიშვნელობის აფხაზთა სამეფო, რომელსაც მისი წარმოქმნის პირველ პერიოდში მესვეურობდნენ აფხაზეთის საერისთაოს დინასტიის მეფეები.

აფხაზთა სამეფოში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ეგრისი ან სამეგრელო, რომლის სახელმწიფოებრივმა განვითარებამ წარმოშვა ფეოდალურ წყობილებაზე აღმოცენებული ახალი პოლიტიკური ერთეული აფხაზთა სამეფოდ წოდებული.ამით ძველმა ეგრისმა შეასრულა თავისი ისტორიული მისია და იმ პერიოდიდან დაიწყო საქართველოს ფეოდალური ერთეულების ერთ სამეფოდ გაერთიანების პროცესები.

გაერთიანებისათვის ბრძოლამ როგორც ვიცით IX ს დაწყებული XI საუკუნემდის გასტანა, მასში მონაწილეობას იღებდნენ 4 ძლიერი და მსხვილი ფეოდალური საერისთავო აფხაზეთის, ტაო - კლარჯეთის, ქართლისა და კახეთის საერისთავო.

ქართლის საერისთაოს ეჭირა შუა ქართლის ტერიტორია, ქართლის ერისთავი გამაგრებული იყო უფლისციხეში, რომელიც ქართლის ერისთავ - მთავრების ციხე - სიმაგრისა და პოლიტიკური მოღვაწეობის ერთგვარ ცენტრს წარმოადგენდა.

უფლისციხეს ეჭირა აგრეთვე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი და როგორც ბუნებრივი სიმაგრე საიმედო თავშესაფარი იყო ერისთავებისათვის.

ქართლი თავის გეოგრაფიულ - სტრატეგიული მდგომარეობით საქართველოსა და საზოგადოდ ამიერკავკასიის მნიშვნელოვანი კუთხე იყო. მას ეჭირა გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი და ამიტომ რომელი ერისთავის ხელში მოექცეოდა ქართლი ის იქნებოდა საქართველოს ფაქტიური გამაერთიანებელი. ამიტომ საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლები სწარმოებდა ქართლის გარშემო და თითოეული მებრძოლი საერისთაო ცდილობდა ამ კუთხის ხელში ჩაგდებას, რომ თავისი თავი გამოეცხადებინა გაერთიანებული საქართველოს მეფედ.

გაერთიანებისათვის ბრძოლა იყო ხანგრძლივი და ამ ბრძოლის მეორე პერიოდში გაიმარჯვეს აფხაზთა მეფეებმა.

904 წ აფხაზთა მეფე კონსტანტინემ გაილაშქრა ქართლზე და დაიპყრო. მისმა გამარჯვებამ დიდი შიში გამოიწვია მეზობელ საერისთაოებში და ახლა მის წინააღმდეგ გამოილაშქრეს სომეხთა მეფემ სუმბატმა და ტაო - კლარჯეთის ერისთავმა ადარნასემ ქართველთა მეფედ წოდებულმა, მოკავშირეებს აუღიათ უფლისციხე, კონსტანტინე კი მთიულეთში გახიზნულა, მაგრამ როდესაც მან გაიგო თურმე მოკავშირეები ქართლს აოხრებენო განუზრახავს დაზავება და ამ მიზნით მას სუმბატისათვის მოციქულები მიუგზავნია.

სომეხი ისტორიკოსის იოანე კათალიკოსის გადმოცემით როცა ზავის პირობაზე გაიმართა საუბარი ამ დროს უეცრად ადარნასე ქართველთა მეფის ბრძანებით მისცვივდნენ კონსტანტინეს და დაატყვევეს იგი. დატყვევებული კონსტანტინე სუმბატს ანისში გაუგზავნია.

ამ ამბავმა იმდენად აღაშფოთა მეგრელები ამბობს იოანე კათალიკოსი, რომ კონსტანტინეს ნაცვლად გადაწყვიტეს სხვა უფრო მხნე და გულადი კაცი დაესვათ მეფედ. ეს რომ სუმბატმა გაიგო შეფიქრიანდა, ვაითუ ახალი მეფე საშიში მეტოქე აღმოჩნდეს და ამიტომ 4 თვის შემდეგ ისევ კონსტანტინეს განთავისუფლება არჩია და აასრულა კიდეც.

ქართლის ხელში ჩაგდების შემდეგ კონსტანტინემ ჩქარა დაიპყრო კახეთის საერისთაო და ამგვარად პოლიტიკური მესვეურობა საქართველოში ამიერიდან აფხაზთა მეფეების ხელში გადადიოდა, მაგრამ ამ გაერთიანებას დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ქართლის ფეოდალები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი ფეოდალური სამფლობელოების დამოუკიდებლობისათვის.

ლეონ აფხაზთა მეფის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმა დემეტრე 967 - 75 წ რომელსაც ჩქარა გამოუჩნდა ტახტის მეტოქე ძმა თეოდოსი. დემეტრე თავს დაესხა თეოდოსს და უკანასკნელი იძულებული შეიქმნა გაქცეულიყო ქართლში, აქ მას მიემხრნენ ქართლ - კახეთის დიდებულები, რომლებიც იბრძოდნენ აფხაზთა მეფეების წინააღმდეგ.

ბოლოს დემეტრემ შეიპყრო თეოდოსი და მას თვალები დასთხარეს.

ამის შემდეგ დემეტრე ჩქარა გარდაიცვალა და რადგანაც ის უშვილო იყო სამეფო ტახტზე დასვეს უსინათლო თეოდოსი 975 - 78 წ.

თეოდოსს ქვეყნის მართვა არ შეეძლო, ამით ისარგებლეს დიდგვარიანმა აზნაურებმა და დაიწყეს განდგომა. მშვიდობიანობა ისევ შეირყა და საქართველოს მთლიანობას დიდი საფრთხე მოელოდა. მაშინ ქართლის აზნაურების ერთმა ჯგუფმა იოანე მარუშიძის რჩევით და  მეთაურობით გადაწყვიტა ქართლი გადაეცათ ტაოს ერისთავის დავით III კურაპალატისათვის, ამაზე ქართლის მემატიანე მოგვითხრობს «ამან იოანე მარუშიძემ წარავლინა მოციქული დავით კუროპალატისა, აწვია რათა მოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი, ანუ დაიჭიროს თვით, ანუ უბოძოს ბაგრატს ძესა გურგენისას ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედეულად აფხაზეთი და ქართლი ასევე».

ერთი სიტყვით იოანე მარუშიძე ურჩევდა დავით III - ს გაერთიანებულ საქართველოს მეფედ დაესვა ბაგრატი, რომელიც მას შვილად ჰყავდა აყვანილი.

ეს ბაგრატი იყო აფხაზთა მეფის გიორგი II - ს ასულის გურანდუხტის შვილი და მას დედის მხრით ეკუთვნოდა აფხაზთა სამეფო, მამის მხრით ბაგრატს ეკუთვნოდა ქართლი და კლარჯეთი, როგორც გურგენის შვილს და ბაგრატ II - ს ქართლის მეფის რეგვენის შვილიშვილს, ტაო კი ბაგრატს ეკუთვნოდა როგორც დავით კუროპალატის შვილიშვილს. ამიტომ თუ აფხაზეთის ტახტზე ბაგრატს დასვამდნენ ის ფეოდალური მემკვიდრეობის ადათის მიხედვით მართლაც გახდებოდა გაერთიანებული საქართველოს მეფე. ამ მოსაზრებით ურჩევდა იოანე მარუშიძე დავითს ეს გეგმა განეხორციელებინა.

974 წ დავითი გადმოვიდა ქართლში დიდი ჯარით, აიღო უფლისციხე და მეფედ დასვა ბაგრატი. აფხაზეთის სამეფო ამ დროს განიცდიდა შინაურ შფოთსა და ბრძოლებს. გაძლიერებული ფეოდალები არ ემორჩილებოდნენ უსინათლო მეფის ხელისუფლებას. დავითმა ახლა განიზრახა აფხაზეთში გაემეფებინა კანონიერი მემკვიდრე ბაგრატი, რომელიც 978 წ აღიარებული იქნა აფხაზეთისა და ქართლის მეფედ.

ამგვარად ბაგრატ III - ს სახით 978 - 1014 წ შესაძლებელი გახდა საქართველოს დასავლეთ - სამხრეთ - აღმოსავლეთის ნაწილების ერთ სამეფოდ გაერთიანება, რასაც დიდი პოლიტიკურ - ეროვნული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა.

ამ დროიდან იწყება ქართული ეროვნული კულტურის განვითარება და ზრდა აფხაზეთის ე ი დას საქართველოს ტერიტორიაზე.

ამ ქართული კულტურის მატარებელი იყო ბაგრატოვანთა გვარის მეფეთა ახალი დინასტია ბაგრატ III და მისი მემკვიდრეები, რომლებმაც შეძლეს ქართულ - მესხურ - ჯავახური ენისა და კულტურის ნიადაგზე აფხაზთა სამეფოში მოსახლე ქართველი ტომების ჭან - ლაზ - მეგრელების აფხაზების, სვანების ეროვნულ - კულტურული და პოლიტიკური გაერთიანება.

ამასთანავე აფხაზთა სამეფო თანდათანობით თავისუფლდება უცხო ბერძნული ენისა და მწერლობისაგან.

გაერთიანების შემდეგ იწყება ქართული ენისა და დამწერლობის გაბატონება აფხაზთა სამეფოს პოლიტიკურ - საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საეკლესიო უწყებაში. აფხაზეთის ეკლესია, რომელიც წინათ ემორჩილებოდა ბიზანტიის ეკლესიას ახლა თავისუფლდება ასეთი დამოკიდებულებისაგან და იგი უერთდება ქართლის - მცხეთის საკათალიკოსოს. ამას მოჰყვა საკუთარი კულტურის ცენტრების შექმნა და ამ მიზნით აფხაზთა მეფემ გიორგი II - მ 912 - 957 წ სამეგრელოს ცენტრში ააშენა მარტვილის მონასტერი, დააარსა ჭყონდიდის საეპისკოპოსო, ამის შესახებ მემატიანე ამბობს, რომ «გიორგი აფხაზთა მეფემ აღაშენა საყდარი ჭყონდიდისა, შექმნა საეპისკოპოსო და განაშვენა იგი სიმრავლითა წმინდათა მარტვილითათაო». შემდეგში მარტვილის ეს მონასტერი იქცა ქართული კულტურის ერთერთ მნიშვნელოვან კერად.

 

ქართული ფეოდალური მონარქიის გაძლიერება, მისი დაცემა და ოდიშის სამთავროს წარმოქმნა.

 

საქართველოს პოლიტიკურ - კულტურული გაერთიანების პროცესი როგორც ვიცით დაიწყო ბაგრატ III - ს გამეფებიდან 978 წ, მაგრამ ეს გაერთიანება თავსდაპირველად ნელი ნაბიჯით მიდიოდა, რადგანაც საქართველოს ეკონომიურ - პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის ცენტრი თბილისი ჯერ კიდევ არაბთა ამირას ხელში იმყოფებოდა.

ბაგრატის მომდევნო აფხაზთა მეფეები თბილისის შემოერთების აუცილებლობას კარგად გრძნობდნენ, მაგრამ მხოლოდ დავით აღმაშენებელმა შეძლო ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ თბილისის აღება 1122 წ, არაბების განდევნა საქართველოდან და თავისი ტახტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა.

 

დავითმა ამასთანავე შეძლო ქართული ფეოდალური სამთავრო - საერისთაოების გაერთიანება და ფეოდალური იძულებულნი იყვნენ მისი უპირატესობა ეცნოთ.

XI ს ქართული  ფეოდალური მონარქია დიდი სისწრაფით ვითარდებოდა და მან გიორგი III - ს და თამარ მეფის დროს მიაღწია საკმაოდ დიდ ძლიერებას, მაგრამ მისი ეს ძლიერება უმთავრესად დამყარებული იყო სამხედრო ძალაზე და არა რაიმე ეკონომიურ საფუძველზე.

ფეოდალური საზი როგორც საზოგადოდ ყველგან ჩვენშიაც კარჩაკეტილ ნატურალურ მეურნეობაზე იყო დაფუძნებული. არ იყო განვითარებული ვაჭრობა და წარმოება, რომლის აღმოცენება - ზრდას ფეოდალური წყობილება ძირს უთხრიდა.

ამ ფეოდალური მონარქიის სათავეში იდგა მეფე და იგი ითვლებოდა ყველაზე დიდ და ძლიერ ფეოდალ მონარქად, რომელიც ქვეყანას განაგებდა გაბატონებული ფეოდალური არისტოკრატიის დახმარებით.

ამასთანავე საქართველოს მთელი ტერიტორია დანაწილებული იყო საერისთაოებად, საპატრონოებად.

დიდგვარიან ერისთავ - ფეოდალები მეფესთან იყვნენ პატრონყმურ დამოკიდებულებაში, მფარველობისა და პატრონობის მისაღებად ფეოდალურ საქართველოში არსებობდა შეწყალების სხვადასხვა წესები ბენეფიციუმი, რომელიც გამოიხატებოდა შეწყალებულისადმი რაიმე საჩუქრის გაცემაში, მიწა იქნებოდა ეს თუ რაიმე თანამდებობა.

სახელმწიფოს მმართველობის სათავეში იდგნენ დიდგვარიანები და ამ წრიდან ირჩევდნენ დარბაზის - სათათბიროს წევრებს, ვაზირებსა და ერისთავებს.

XI - XII ს საქართველოს პროვინციების მართვა - გამგეობა ამ ერისთავებს ჰქონდათ ჩაბარებული.

ერისთავებს ნიშნავდა მეფე და მათ ეწოდებოდათ საქვეყნოდ გამრიგე მოხელენი.

თამარის მეფობისას არსებობდა შემდეგი საერისთაონი: სვანეთის, ცხუმის (აფხაზეთის), ოდიშის (სამეგრელოს), რაჭის, ქქართლისა და ჰერეთის.

თამარის მიერ ამ საერისთაოებში ერისთავთა არჩევისა და განწესების შესახებ მემატიანე მოგვითხრობს «ერისთავნი მისი ჟამისანი ესენი იყვნენ, ბარამ ვარდანიძე სვანთა ერისთავი, კახაბერი კახაბერიძე რაჭის ერისთავი, დოთაღოს შარვაშიძე ცხუმის ერისთავი, ამუნელისაძე, ოდიშის ერისთავად ბედიანი, ლიხთ ამერით ქართლის ერისთავად რატი სურამელი, კახეთის ერისთავად ბაკურ ყმა ძაგანისძე და ჰერეთის ერისთავად გრიგოლის ძე ასათ».

მემატიანის ამ ცნობიდან ირკვევა, რომ XII ს ოდიშის საერისთაოში თამარს განუწესებია ვინმე ბედიანი.

ერისთავი თავის სახელისუფლებოში უფლებამოსილი პირი იყო, ის ეკუთვნოდა მაღალ მოხელეთა წრეს და უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სახელმწიფო სავაზიროში.

ძეგლი ერისთავთას სიტყვით ერისთავს ჰქონდა თავისი სამოსელი, ბეჭედი, საყურე და სარტყელი, აგრეთვე დროშა და შუბი.

ერისთავს ჰყავდა ხელქვეითი მოხელეები, რომლებიც ასრულებდნენ მის განკარგულებებს და უწევდნენ მას სხვადასხვა სამსახურს, ასეთი იყო ციხისთავი, ხელისუფალნი, მამასახლისნი, მზირი და სხვა.

სამეფო დარბაზობის დროს ერისთავთ - ერისთავებს საჯდომს უკან ედგათ მათივე მოლართუხუცესები, რომლებსაც ეჭირათ ერისთავის ხმალი და ფარი.

ერთი სიტყვით ოდიშის ერისთავი ინიშნებოდა საქართველოს მეფის მიერ და იგი ვალდებული იყო მეფისათვის გაეწია ერთგული სამსახური, მაგრამ ყველა საერისთაო ერთნაირი ღირსებითა და პატივით არ სარგებლობდა, მათ შორის მაღლა იდგა ის ერისთავი, რომელიც იყო მჯდომი მეფეთა ადგილას ე ი ეჭირა ძველ მეფეთა ნაჯდომი საერისთაო. ამგვარ საერისთაოთა შორის იყო ოდიშიც, რომელიც წარმოადგენდა ძველი ეგრისის მეფეთა საჯდომ ადგილს.

ოდიშის სამთავროს დაწინაურება დაიწყო თამარ მეფის დროს, როდესაც თამარის კარზე აღზევებულმა მსახურთუხუცესმა ვარდან დადიანმა მიიღო შეწყალების საპატრონოდ ლიხთ - იმერეთი.

ვარდან დადიანი მსახურთუხუცესი პატრონი ორბეთისა და კაენისა და ლიხთ იქით ნიკოფსიამდის აუცილებლად ქონებისაო.

დადიანის გვარის წარმოშობისა და სადაურობის საკითხი ჯერ კიდდევ გამოკვლეული და დადგენილი არ არის, მ. ბროსეს აზრით დადიანის თანამდებობა იხსენიება ივერიაში XI ს დამდეგიდან. სიტყვა დადიანი სწარმოებს სპარსული სიტყვიდან დად და სომხურიდან დატაბურ - მსაჯული,ამასთანავე ბროსეს შესაძლებლად მიაჩნია, რომ ეს გვარი წარმოშობილი იყოს დადისაგან, ოდესმე სოფელი და ციხე - სიმაგრე სამეგრელოში.

ვახუშტიც უჩვენებს დადისწყალს დადის დაბის გამო წოდებულს.

ბაქრაძის აზრით სამეგრელოსა და გურიის მთავრები დადიანები და გურიელები წარმოშობილნი არიან სვანთა ერისთავის ვარდანიძისაგან, ამას ის მოწმობს, რომ წარწერებზე ხშირად სამეგრელოს მთავრები თავის თავს იხსენიებენ დადიან - გურიელად, გურიის მთავრები კი გურიელ - დადიანად, ბოლოს ბაქრაძე დაასკვნის, რომ ჩვ ენ სრულ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ გურიელისა და დადიანების I დინასტია ორივე წარმოშობით ეკუთვნოდეს ვარდანიძის გვარს, რომელიც ერისთავობდა სვანეთში გიორგი II - ს დროსო 1072 - 89 წ.

ქართლის ცხოვრებაში პირველად იხსენიება ბაგრატ IV - ს მეფობაში იოანე დადიანი, რომელიც ლიპარიტ ერისთავთ - ერისთავს ბაგრატის მომხრე სხვა ერისთავ დიდებულებთან ერთად შეუპყრია ანისში მეფედ გიორგი III - ს დროს მეფობაში ცნობილია შანშე დადიანი, იგი მეფეს განდგომია, ხელში ჩაუგდია ქ. ანისი და იბრძოდა ამ ქალაქის დასაკუთრებისათვის, მაგრამ მეფის ჯარს ანისი აუღია და დამარცხებული შანშე გაქცეულა, ამის შესახებ ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს.

ერთი სიტყვით პირველი დადიანების მოღვაწეობა დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ანისის მფლობელობასთან.

სომხეთის სავაჭრო ქალაქებში ანისს საქართველოსთან ჰქონდა სავაჭრო ურთიერთობა. ამ ქალაქს ამასთანავე ეძლეოდა დიდი პოლიტიკურ - სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს სამხრეთის საზღვრების დასაცავად, ამიტომ დადიანები ცდილობდნენ ამ ქალაქის ხელში ჩაგდებით მოეპოვებინათ პოლიტიკურ - ეკონომიური ძლიერება და გავლენა საქართველოს სამხ ნაწილში.

შეიძლება ამ ნიადაგზე მომხდარიყო დადიანების დაახლოება თამარის სამეფო კართან და ერთი მათგანის ვარდან დადიანის დაწინაურება, რომელსაც თამარისაგან ებოძა მსახურთუხუცესობა და პატრონობა ლიხთიმერეთისა, ამგვარად ვ. დადიანი ხდება მფლობელი და პატრონი მთელი დას საქართველოსი და მისი მემკვიდრეები შემდეგში თანდათანობით ამტკიცებენ აქ თავიანთ პოლიტიკურ ძალაუფლებას.

თამარის მიერ აღზევებული და განდიდებული ვარდანი როგორც მემატიანის ცნობებიდან ჩანს გიორგი რუსთან ბრძოლაში განუდგა თამარს და მიემხრო გიორგის მომხრე ჯგუფს. ვარდანმა შეძლო თამარის წინააღმდეგ აემხედრებინა ლიხთიმერეთის ერისთავები, რომლებიც შედიოდნენ მის საპატრონოში.

თამარმა გიორგი რუსის მომხრე ჯგუფი დაამარცხა და როგორც ირკვევა ვარდანს სხვა მეამბოხე დიდებულებთან ერთად მოუხერხებია თამართან შერიგება და ამგვარად მას შეუნარჩუნებია ლიხთიმერეთზე ბატონობა.

რუსუდანის მეფობაში 1223 - 45 წ დაწინაურებულა ცოტნე დადიანი, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ დიდი პოლიტიკურ - საზოგადოებრივი გავლენა იმდროინდელ ერისთავ - დიდებულთა შორის.

რუსუდანის მოწოდებით ცოტნე ებრძოდა ჯალალედინს, რომელმაც აიღო თბილისი 1225 წ და რუსუდანი გაიხიზნა ქუთაისში.

ცოტნე მონაწილეობას იღებდა რუდსუდანის მოლაპარაკებაში მონღოლებთან, რომ მათ საქართველოს მეფედ დაემტკიცებინათ დავით ნარინი რუსუდანის ძე, როდესაც ამ მიზნით რუსუდანი გადმოვიდა იმერეთიდან თბილისში მის ამალაში პირველად მოხსენიებულია ცოტნე დადიანი.

რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ სანამ ყაენი დავით ნარინს მეფედ დაამტკიცებდა საქართველო ფაქტიურად რჩებოდა უმეფოდ და ამიტომ მონღოლთა ნოინებმა საქართველო დაანაწილეს რამდენიმე სამთავროდ და თითოეულ სამთავროს მმართველად დანიშნეს დიდებულ - ერისთავები, პირველად ეგარსლან ბაკურციხელი, ამას მიათვალეს ლაშქარი ჰერეთ - კახეთისა, კამბეჩოვანისა, თბილისისააგან აღმართ ვიდრე მთამდე შამახისა და შანშეს ხელთ ედვეს მამული მისი და ავაგისი, ვარამ გაგელსა ხელთ უდვეს ყოველი სომხითი, გრიგოლ სურამელსა ქართლი და თორელსა - გამრეკელსა მსგავსადვე ერგასლანისასა საჭაბუკოდ შინა ხელთ ედვეს ჯავახეთი, სამცხე და აღმართ ვიდრე კარნუ - ქალაქამდე, ხოლო ცოტნე დადიანს და რაჭის ერისთავს ყოველი იმერი სამეფო.

ცოტნე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველ ერისთავების მიერ მოწყობილ შეთქმულებაში კოხტას თავზე მონღოლების წინააღმდეგ. ამ შეთქმულებაში დადიანმა გამოიჩინა გმირობა და ამხანაგებისადმი თავდადება, მემატიანის ცნობით  მონღოლების მეხარკეობით და ლაშქრით შეწუხებულმა ერისთავებმა გადაწყვიტეს მონღოლებთან შებრძოლება და მათი განდევნა.

ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე დიდებულებმა ფარული თათბირი მოაწყვეს თურმე კოხტასთავზე, მაგრამ მონღოლთა ნოინებმა ეს ამბავი დროზე შეიტყვეს (სავარაუდოდ რაჭის ერისთავის კახაბერისძის ღალატით და გამცემლობით) შეიპყრეს შეთქმულების მონაწილე ერისთავები და გაგზავნეს ანისში, აქ ჩარმაღან ნოინის განკარგულებით ქართველებს ხელი შეუკრეს თურმე, ტანზე თაფლი წაუსვეს და მზეზე დაჰყარეს, ბუზებისაგან შეთქმულები საშინლად იტანჯებოდნენ, ცოტნე დადიანიც კოხტას მთაზე დაგვიანებით მისულა და როდესაც გაუგია საქმის ვითარება მაშინვე ანისში წასულა. ანისში მისულ ცოტნეს უნახავს თავისი მეგობრები საშინელ ტანჯვაში, გაუხდია ტანისამოსი, თავისი ხელით წაუსვამს ტანზე თაფლი და მათში ჩამჯდარა. მემატიანესთქმით მონღოლებს გაკვირვებიათ დადიანის ასე მოქცევა და ჰკითხეს ამის მიზეზი, დადიანს უპასუხნია «ჩვენ ყოველნი ამად შევკრბნით, რათა განვაგდოთ ხარაჯა თქვენი და ბრძანება თქვენი აღვასრულოთ, ესე იყო მიზეზი შეკრებისა ჩვენისაო, ვინაიდან მონღოლთა ნოინებისათვის სხვებსაც ასეთივე ჩვენება მიუციათ მონღოლებს ყველანი გაუნთავისუფლებიათ.

საქართველოს ფეოდალური მონარქიის ძლიერების ხანაში ოდიშის ერისთავ - მთავრები ბედიან - დადიანები ვერ ბედავდნენ მეფის ურჩობას და მას უწევდნენ ერთგულ სახელმწიფოებრივ სამსახურს.

ამასთანავე ოდიშის საერისთაოში იმყოფებოდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო, რომელსაც ჰქონდა დიდი პოლიტიკურ - საზოგადოებრივი მნიშვნელობა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ძლიერების ხანაში.

განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც დავით აღმაშენებელმა ჭყონდიდელობა და მწიგნობართუხუცესობა ერთი ვაზირის ხელში გააერთიანა, ამ თანამდებ0ობაზე ირჩევდნენ მაღალი სამღვდელოების წარმომადგენელს, რომელიც განაგებდა ჭყონდიდის - მარტვილის საეპისკოპოსო კათედრას და მას უწოდებდნენ ჭყონდიდელსა და ვაზირთა შორის უპირველესს.

ჭყონდიდელი იყო მეფის მრჩწეველი, მართლმსაჯული და უღონოთა და ქვრივთა მზრუნველი, მის შემდეგ მწიგნობართუხუცესი იყო ქვეყნის უზენაესი წარმომადგენელი და პოლიტიკის მიმართულების მიმცემი. მას უწოდებდნენ მეფის მამას და მეფეც სახელმწიფო საქმეებზე პირველად მასთან საუბრობდა, მასვე ეკითხებოდა სასულიერო წოდების საქმეების მოწესრიგება, ომისა და ზავის საკითხებში იგი მონაწილეობას იღებდა და ლაშქრის წვევაზე გაცემული ბრძანებები მას სისრულეში მოჰყავდა.

მეფის სალაშქროდ წასვლის დროს სამეფო საქმეებს ის მართავდა და სხვა.

ერთი სიტყვით საქართველოს ფეოდალური მონარქიის ძლიერების ხანაში ოდიშის საერისთაოს წარმომადგენლები დადიანები და ჭყონდიდის კათედრის მესვეურნი ჭყონდიდელ - მწიგნობართუხუცესი შედიოდნენ გაერთიანებული საქართველოს სამეფოს სავაზიროში და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო საქმეებში, მაგრამ ეს პატრონყმურ ურთიერთობაზე აღმოცენებული ფეოდალური მონარქია მატარებელი იყო შინაგან გამთიშველ ძალებისა და ამის გამო ის განიცდიდა მერყეობას.

მეფეები მიისწრაფოდნენ განემტკიცებინათ თავიანთი უფლება და შეეზღუდათ ფეოდალური არისტოკრატია, რომელიც იბრძოდა რათა შეესუსტებინა მეფის უფლება და გაეძლიერებინა ფეოდალ - ერისთავების პოლიტიკური და უფლებრივი ბატონობა.

ასეთი შინაგანი წინააღმდეგობა ძირს უთხრიდა გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოს, რომლის ერისთავ - ფეოდალები მუდამ მზად იყვნენ განდგომისათვის, მხოლოდ ამისათვის ეძებდნენ ხელსაყრელ პოლიტიკურ მომენტს, რათა თავისი თავი აღეარებინათ დამოუკიდებელ ერისთავ - მთავრებად. ასეთი პირობები შეიქმნა მონღოლთა შემოსევისაგან, როდესაც მონღოლებმა თბილისი აიღეს 1238 წ მეფის ხელისუფლება დასუსტდა და დაეცა, ამას მოჰყვა საქართველოს მთლიანობის დაშლა და მონღოლების ხელის შეწყობით ერისთავების გაძლიერება.

მონღოლებისაგან დევნილი დავით ნარინი გადადის იმერეთში, სადაც იგი დიდებულებმა და ერისთავებმა აღიარეს მეფედ.

ამგვარად საქართველო გაიყო ორ ქართლისა და იმერეთის სამეფოებად. ჩქარა ამას მოჰყვა თითოული სამეფოს საერისთაოებად დანაწილება.

ნარინის მეფობის დროს ოდიშის ერისთავად იხსენიება ბედან დადიანი, რომელსაც განუახლებია და შეუმკია სხვადასხვა ეკლესიების ხატები, ის მოხსენიებულია წალენჯიხის ჯვარცმის ხატის წარწერაში.

ასევე ბედანი მოხსენიებულია მარტვილის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში.

შემდგომად  დავით ნარინისა დაჯდა მეფედ ძე მისი უხუცესი კონსტანტინე, რომელსაც წინ აღუდგა ძმა თავისი მიქელ და არა უტევებდა მეფობისა დაპყრობად იმერეთისა და მიქელ დაიპყრა რაჭა, ლეჩხუმი და არგვეთი და აქუნდა დღეთა  მათთა მარადის ბრძოლა, შლილობა და შფოთი და ხვდომა ურთიერთა და იყო ოხრებად ქვეყნისა, ამისთვის შეიჭირვებდნენ დიდებულნი ამის სამეფოსანი და ვერა რითა ჰყვეს ზავი მათ შორის, იხილა დადიანმან გიორგიმ ეს ვითარება მათ შორის, მაშინ მიიტაცა საერისთავო ცხუმისასა და დაიპყრა თვით სრულიად ოდიში ანაკოფიამდე აგრეთვე შარვაშიძემ აფხაზეთი და გურიელმან გურია და სვანთა ერისთავმან სვანეთი და განიმკვიდრეს თვისა და არღარა  ეგოდენსა მორჩილებასა შინა იყვნენ მეფესა, ამისა შედგომად მოკვდა დადიანი გიორგი 1323 წ და დადგა მის წილ ძე მისი მამია და ამან უმეტესად დაიპყრნა ოდიში.

ამგვარად ერისთავებმა ისარგებლეს იმერეთის სამეფოს შინაური შფოთით და მოიპოვეს თავიანთი საერისთაოს დამოუკიდებლობა.

მათ შOრის შედარებით ძლიერი იყო ოდიშის საერისთაო, რომლის პირველ ერისთავ - მთავრად უნდა ჩაითვალოს გიორგი I დადიანი. ეს გიორგი შვილი იყო ბედან დადიანისა და იგიც ატარებდა ერისთავთ - ერისთავისა და მანდატურთუხუცესის სახელწოდებას.

გიორგი I დადიანისა და მისი მემკვიდრეების საზრუნავი საქმე ახლა იყო დამოუკიდებლობის შენარჩუნება და სამთავროს საზღვრების გაფართოება - გამაგრება.

ამ ხანებში ოდიშის ცალკე სამთავროდ გამოყოფა საფრთხეს უმზადებდა იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ მთლიანობას და მის დამოუკიდებელ არსებობას. იმერეთის მეფე - მთავრები ამ დროს სარგებლობდნენ თემურ - ლენგის შემოსევით აღმ საქართველოში და მთელი მათი მოღვაწეობა მიმართული იყო საქართველოწს მეფის ბაგრატ V - ს და მისი შვილის გიორგი VII - ს წინააღმდეგ, რომ ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებით ესარგებლად და იმერეთი აღეიარებინათ ცალკე დამოუკიდებელ სამეფოდ. ამ ბრძოლაში დადიანი გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით ემხრობოდა ბაგრატსა და გიორგის და იცავდა საქართველოს მთლიანობას.

დადიანი კარგად ერკვეოდა, რომ იმერეთის მეფეების დამოუკიდებლობა და გაძლიერება საფრთხის ქვეშ აყენებდა ოდიშის სამთავროს დამოუკიდებელ არსებობას, ამასთანავე მისთვის პოლიტიკური მოსაზრებით და კულტურულად უფრო მისაღები იყო მთლიანი საქართველოს მეფის ვასალად ყოფნა ვიდრე იმერეთის მეფის ქვეშევრდომობა, ამიტომ დადიანები ამ ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ, ებრძვიან იმერეთის მეფე - მთავრების სეპარატიულ მისწრაფებებს და აშკარად ემხრობიან საქართველოს მეფეს.

1386 წ თემურ - ლენგმა დაიწყო საქართველოზე გამოლაშქრება, ბაგრატ V შეუდგა სამზადისს და ლაშქრის შეყრას თემურის წინააღმდეგ, მაგრამ ათაბეგი ბექა თემურის შიშით ბაგრატს განუდგა, მიემხრო თემურს და სთხოვა ზავი და მორჩილება, მაგრამ საათაბაგოს განდგომით ბაგრატს არ შეშინებია და იგი განაგრძობდა სამხედრო სამზადისს. იმერეთში მან გაგზავნა თავისი ძე გიორგი, რომ იქაური მთავრებიც არ განდგომოდნენ მას. ოდიშის მთავრად ამ დროს იგი ბაგრატის მიერ დამტკიცებული გიორგი I - ს ძე ვამეყ I დადიანი, რომელიც მტკიცედ იდგა ბაგრატის ერთგულებაზე.

1387 წ მონღოლებმა თბილისი აიღეს, ტყვედ ჩაიგდეს თვით მეფე ბაგრატი და მისი მეუღლე დედოფალი ანა, ამით ისარგებლეს მთავრებმა და დაიწყეს განდგომა, პირველად მეფეს განუდგა სამცხის ათაბაგი ბექა, ხოლო როდესაც ბაგრატის ძე იმერეთიდან წამოვიდა ათაბაგის დასამორჩილებლად იმერეთის მთავარმა ალექსანდრე ბაგრატის ძემ 1388 წ თავისი თავი მეფედ გამოაცხადა, მაგრამ მისი მეფობა არ ცნო ვამეყ დადიანმა, რომელიც ერთგულ სამსახურს უწევდა ბაგრატ მეფეს, მაშინ ალექსანდრეს მემკვიდრემ იმერეთის მეფე გიორგი I - მ განიზრახა ურჩობისათვის დადიანის დამორჩილება იარაღით, ის დიდი ჯარით გადავიდა ოდიშში, მაგრამ დიდი ბრძოლის შემდეგ ვამეყმა გიორგი მეფე დაამარცხა და ამ ბრძოლაში თვით გიორგი იქმნა მოკლული.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ისტორია / მაკალათია სერგი / სამეგრელოს ისტორია