აკუნინი ბორის 

ლევიათანი          

 

 

თარგმანი რუსულიდან –  ბმული მიხო მოსულიშვილი.

(ჰერმეტული დეტექტივი).

 

ზოგი რამ კომისარ გოშის შავი საქაღალდიდან

 

ო ქ მ ი

 

დანაშაულის ადგილის დათვალიერებისა, რომელიც განხორციელდა 1878 წლის 15 მარტს ლორდ ლიტლბის სახლში Riu de grenel-ზე.

(ქალაქ პარიზის მეშვიდე ოლქი).

 

[ფრაგმენტი]

 

... რაღაც გაურკვეველი მიზეზით მთელი მომსახურე პერსონალი ბუფეტში იმყოფებოდა, რომელიც მდებარეობს სახლის პირველ სართულზე, ვესტიბულიდან მარცხნივ (სათავსო 3 პირველ სქემაზე). მკვდარი გვამების ზუსტი განლაგება ნაჩვენებია მეოთხე სქემაზე, სადაც:

№ 1 – გვამი მოურავ ეტიენ დელარიუსი, 48 წლისა,

№ 2 – გვამი ეკონომკა ლორა ბერნარისა, 54 წლისა,

№ 3 – გვამი პატრონის პირადი ლაქიისა, მარსელ პრუსი, 28 წლისა,

№ 4 – გვამი მოურავის შვილისა, ლუკა დელარიუსი, 11 წლისა,

№ 5 – გვამი მოახლე არლეტ ფოშისა, 19 წლისა,

№ 6 – გვამი ეკონომკას შვილის, ანნ–მარი ბერნარისა, 6 წლისა,

№ 7 – გვამი მცველ ჟან ლესაჟისა, 42 წლისა, რომელიც 16 მარტის დილით გარდაიცვალა სენ–ლაზარის საავადმყოფოში.

№ 8 – გვამი მეკარე ჟან კარპანტიესი, 40 წლისა.

გვამები, რომლებიც აღნიშნულია №№ 1–6, განლაგებულია დიდი სამზარეულოს მაგიდის ირგვლის მჯდომარე მდგომარეობაში, თანაც №№ 1–3 გაშეშდნენ გადაჯვარედინებულ ხელებზე ჩამოდებული თავებით, № 4 ხელისგულს ეყრდნობა ლოყით, № 5 სკამის საზურგისკენ გადავარდნილა, ხოლო № 6 მუხლებზე უზის № 2. სახეები №№ 1–6 მშვიდი აქვთ, შიშისა და ტანჯვის უმცირესი ნიშნების გარეშე. ამავდროულად №№ 7–9, როგორც ჩანს სქემაზე, წვანან მაგიდიდან მოშორებით. № 7 ხელში სასტვენი უკავია, თუმცა მეზობლებიდან არავის გაუგონია სტვენა წინა საღამოს. № 8 და № 9 სახეზე შეჰყინვიათ შიშის გამომეტყველება ანდა, ყოველშემთხვევაში, უკიდურესი განცვიფრებისა (ფოტოგრაფიული სურათები წარმოდგენილი იქნება ხვალ დილისთვის). შებრძოლების კვალი არ აღინიშნება. სახელდახელო დათვალიერებისას დაზიანებები გვამებზე აგრეთვე არ აღინიშნება. სივდილის მიზეზის დადგენა გაკვეთის გარეშე შეუძლებელია. გვამების გაქვავების ნიშნების მიხედვით სასამართლო–სამედიცინო ექიმმა, მეტრ ბერნემმა დაადგინა, რომ სიკვდილი სხვადასხვა დროს მოხდა, საღამოს 10 საათიდან (№ 6) დილის 6 საათამდე, ხოლო № 7, როგორც უკვე მოგახსენეთ, მოგვიანებით გარდაიცვალა, საავადმყოფოში. სამედიცინო ექსპერტების შედეგების დაულოდნელად, გავბედავ ვივარაუდო, რომ ყველა მსხვერპლი ძლიერმოქმედი შხამის ზემოქმედების ქვეშ იყო, სწრაფად დაძინების ეფექტით, ხოლო გულის გაჩერების დრო დამოკიდებული გახლდათ ან მიღებულ შხამის დოზაზე, ანდა თითოელი მოწამლულის ფიზიკურ სიძლიერეზე.

სახლის შესასვლელი კარი მიხურულია, მაგრამ ჩაკეტილი არ არის. თუმცა ორანჟერიის ფანჯარაზე (პუნქტი 8 პირველ სქემაზე) სახეზეა გატეხვის ცხადი ნიშნები: მინა ჩამსხვრეულია, ფანჯრის ქვეშ, ფხვიერი მიწის ვიწრო ზოლზე ჩანს ბუნდოვანი კვალი მამაკაცის ფეხსაცმლისა, სიგრძით 26 სანტიმეტრი, წვეტიანი ცხვირით და ანაბეჭდიანი ქუსლით (ფოტოგრაფიული სურათები წარმოდგენილი იქნება). ეტყობა, დამნაშავემ სახლში ბაღიდან შეაღწია, თანაც უკვე მას შემდეგ, როცა მსახურები უკვე მოწამლულები იყვნენ და ეძინათ – ასე რომ არა, ისინი დაუყოვნებლივ გაიგონებდნენ გატეხილი მინის მსხვრევის ხმას. ამავდროულად გაუგებარია, იმის მერე, რაც მსახურები გაუვნებელყოფილნი იყვნენ, რაში დასჭირდა დამნაშავეს ბაღიდან გადაძვრომა – ხომ შეეძლო მშვიდად შესულიყო სახლში ბუფეტიდან. ასეა თუ ისე, დამნაშავე ორანჟერიიდან მეორე სართულზე ავიდა, სადაც ლორდ ლიტლბის პირადი მოსასვენებლია (იხილე სქემა მეორე). როგორც სქემაზე ჩანს, მეორე სართულის მარცხენა ნაწილში მხოლოდ ორი სათავსოა: დარბაზი, სადაც ინდოეთის რარიტეტების კოლექციაა განლაგებული და უშუალოდ დარბაზთან მიმდებარე პატრონის საძინებელი. ლორდ ლიტლბის გვამი მეორე სქემაზე აღნიშნულია № 10–ით (იხილე აგრეთვე კონტურული ნახატი). ლორდ ლიტლბის აცვია საშინაო ქურთუკი და მაუდის პანტალონი, მარჯვენა ტერფზე შემოხვეულია ბინტის სქელი ფენა. გვამის პირველადი დათვალიერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სიკვდილი მოხდა მძიმე, წაგრძელებული საგნის უჩვეულოდ ძლიერი დარტყმით თხემის არეში. დარტყმა მიყენებულია წინიდან. ხალიჩა რამდენიმე მეტრზე მოთხვრილია სისხლითა და ტვინის ნივთიერებით. დასვრილია აგრეთვე გახეტილი მინის ვიტრინა, რომელშიც, წარწერის მიხედვით, ადრე იდო ინდოელი ღმერთის, შივას პატარა ქანდაკება (წარწერა: “ბანგალორი, XVII ს–ის მეორე ნახევარი, ოქრო). გამქრალი სკულპტურული გამოსახულების ფონად იყო ინდური ნაქარგი ხელსახოცები, რომელთაგან ერთ–ერთი ასევე გამქრალია.

 

 

დოქტორ ბერნემის ანგარიშიდან.

 

Riu de greneli-დან მოსვენებული გვამების პათოლოგოანატომიური გამოკვლევის შედეგებზე.

 

... თუმცა, თუკი ლორდ ლიტლბის სიკვდილის მიზეზი (გვამი № 10) ნათელია და აქ უჩვეულოდ შეიძლება ჩავთვალოთ დარტყმის ძალა, შვიდ ფრაგმენტად რომ გადახსნა თავის ქალა, №№ 1–9 სურათი ნაკლებად ცხადი იყო და საჭირო შეიქმნა არა მხოლოდ გაკვეთა, არამედ ქიმიურ–ლაბორატორიული გამოკვლევაც. ამოცანას გარკვეულწილად ამსუბუქებდა ის ფაქტი, რომ ჟ. ლესაჟი (№ 7) პირველადი დათვალიერების მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, და ზოგიერთი დამახასიათებელი ნიშნებით (დაწვრილებული გუგები, შენელებული სუნთქვა, ცივი, წებოვანი კანი, ტუჩების და ღაწვების სიწითლე) შეიძლებოდა გვევარაუდა მოწამვლა მორფიუმით. სამწუხაროდ, ადგილზე პირველადი დათვალიერების დროს ჩვენ გამოვდიოდით შხამის პრე–ორალური მიღების ვერსიიდან, რომელიც თვალნათლად გვეჩვენებოდა და ამიტომ დაწვრილებით დავათვალიერეთ მხოლოდ პირის ღრუები და ყელები გარდაცვლილებისა. როცა პათოლოგიური ვერა ვიპოვეთ რა, ექსპერტიზა ჩიხში მოექცა. მხოლოდ მორგში გამოკვლევისას ცხრიდან თითოეულ გარდაცვლილს მარცხენა იდაყვის შიდა მოხრილობაზე აღმოაჩნდა ძლივს შესამჩნევი ინექციის კვალი. მართალია, ეს უკვე გვარიანად სცილდება ჩემი კომპეტენციის სფეროს, მაგრამ თავს ნებას მივცემ რწმენის საკმაო დოზით ვივარაუდო, რომ ნემსები გაკეთებულია იმ პირის მიერ, რომელსაც არცთუ მცირე გამოცდილება აქვს ასეთი პროცედურების ჩატარებისა. ამგვარ დასკვნამდე მიმიყვანა ორმა გარემოებამ: 1) ინექციები გაკეთებულია განსაკუთრებულად კარგად, დათვალიერებულთაგან არცერთს არ დარჩენია თვალისთვის შესამჩნევი გემატომები; 2) ნარკოტიკულ გონისდაკარგვაში ჩავარდნის ჩვეულებრივი დრო შეადგენს სამ წუთს, ხოლო ეს კი ნიშნავს, რომ ცხრავე ნემსი სწორედ მოცემულ ინტერვალში გაკეთდა. ან ოპერატორი იყო რამდენიმე (რაც ნაკლებად სარწმუნოა), ანდა ერთი, მაგრამ ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი სიმარჯვის მფლობელი


 რომც ვივარაუდოთ, რომ მან წინასწარ მოამზადა შხამით სავსე შპრიცები თითოეულისთვის. სინამდვილეში, ძნელი წარმოსადგენია, რომ სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანი ხელს გაუწვდის ნემსის გასაკეთებლად, თუკი მის თვალწინ ვიღაცამ უკვე დაკარგა გონება ამ პროცედურის მეოხებით. მართალია, ჩემი ასისტენტი მეტრ ჟოლი თვლის, რომ ეს ადამიანები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ჰიპნოზური ტრანსის მდგომარეობაში, მაგრამ მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში მე ამისთანას არაფერს შევხვედრივარ. ბატონი კომისრის ყურადღებას აგრეთვე მივაპყრობ იმას, რომ №№ 7–9 იატაკზე იწვნენ ისეთ პოზებში, რომლებიც გამოხატავდნენ მღელვარებას. ვვარაუდობ, რომ ამ სამმა ბოლოს მიიღო ინექციები (ანდა ჰქონდათ ამაღლებული წინააღმდეგობის უნარი) და იქამდე, ვიდრე გონებას დაჰკარგავდნენ, მიხვდნენ, რომ მათ ამხანაგებს რაღაც საეჭვო ემართებოდათ. ლაბორატორიულმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ მსხვერპლთაგან თითოელმა ჩვეულებრივზე დაახლოებით სამჯერ მეტი მორფიუმის დოზა მიიღო. გოგონას გვამის მდგომარეობით (№ 6) თუ ვიმსჯელებთ, რომელიც პირველი უნდა მომკვდარიყო, ინექციები გაკეთებული იქნა 15 მარტის საღამოს 9 და 10 საათს შორის.

 

 

 

 

 

ათი სიცოცხლე.

ოქროს ღმერთისთვის!

 

კოშმარული ბოროტმოქმედება ფეშენებელურ კვარტალში.

 

დღეს, 16 მარტს, მთელი პარიზი საზარელ დანაშაულზე ლაპარაკობდა, არისტოკრატიული ღიუ დე გრენელის ღირსეული სიმშვიდე რომ დაარღვია. “რევიუ პარიზიენის” კორესპონდენტი ტრაგედიის ადგილზე გაიქცა და უკვე მზადაა, ჩვენი მკითხველის კანონიერი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილოს.

მაშ, ასე, დღეს დილით ფოსტალიონმა ჟაკ ლე–შიენმა, როგორც ყოველთვის, რვა საათი რომ დაიწყო, იმ ორსართულიანი, ელეგანტური სახლის კარზე დარეკა ზარი, რომელიც ცნობილ ბრიტანელ კოლექცოინერს, ლორდ ლიტლბის ეკუთვნის. როცა კარის დარაჯმა კარპანტიემ, ყოველთვის პირადად რომ იღებდა ფოსტას მისი ბრწყინვალებისათვის, არ გააღო, ბ–ნ ლე–შიენს გაუკვირდა და, რაკი შენიშნა, რომ კარი ღიაა, მისაღებში შევიდა. ერთი წუთის შემდეგ საფოსტო უწყების 70 წლის ვეტერანი ველური ღრიალით გამოვარდა უკან, ქუჩაში. გამოძახებით მოსულმა პოლიციამ სახლში აიდას ნამდვილი სამეფო აღმოაჩინა


 შვიდი მსახურსა და ორ ბავშვს (11 წლის მოურავის ბიჭს და 6 წლის ეკონომკას შვილიშვილ გოგონას)


 მარადიული ძილით ეძინათ. პოლიცია ავიდა მეორე სართულზე და იქ იპოვა სახლის პატრონი, ლორდი ლიტლბი. ის სისხლის გუბეში ცურავდა, სწორედ იმ საცავში მოეკლათ, სადაც ინახებოდა მისი აღმოსავლური იშვიათობების სახელგანთქმული კოლექცია. 55 წლის ინლისელი კარგად იყო ცნობილი ჩვენი ქალაქის მაღალ საზოგადოებაში. ექსცენტრიულ და განმარტოებულ ადამიანს მიაგავდა, თუმცა სწავლული–არქეოლოგები და აღმოსავლეთმცოდნეები ლორდ ლიტლბის ინდოეთის ისტორიის ჭეშმარიტ მცოდნედ მიიჩნევდნენ. ლუვრის დირექციის მცდელობები, ამ ნაირ–ნაირი კოლექციის ცალკეული ეგზემპლარების შესყიდვის თაობაზე, ლორდის მიერ აღშფოთებით იყო ხოლმე უკუგდებული. განსვენებული განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა შივას უნიკალურ ოქროს სტატუეტს, რომელიც მცოდნე ადამიანებისგან შეფასებულია ყველაზე ნაკლებ ნახევარმილიონ ფრანკად. ფრთხილ და ეჭვიან ლორდ ლიტლბის ძალიან ეშინოდა მძარცველებისა და საცავში დღითა და ღამით მორიგეობდა ორი შეიარაღებული მცველი.

 

გაურკვეველია, თუ რატომ მიატოვეს მცველებმა თავისი პოსტი და პირველ სართულზე ჩავიდნენ. გაუგებარია, რა უხილავი ძალა გამოიყენა დანმაშავემ, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე თავისი ნებისთვის დაემორჩილებინა სახლის ყველა მცხოვრები (პოლიცია ეჭვობს, რომ გამოყენებულია რაღაც სწრაფმოქმედი შხამი). თუმცა ნათელია, რომ ბოროტმოქმედი თავად პატონს არ ელოდა სახლში


 ეტყობა, მისი ეშმაკური გათვლები დაირღვა. ალბათ, სწორედ ამით უნდა აიხსნას ის მხეცური სისასტიკე, რომლითაც მოკლულ იქნა პატივცემული კოლექციონერი. როგორც ჩანს, დანაშაულის ადგილიდან რომ მიიმალა, მკვლელი პანიკაში იყო ჩავარდნილი. ყოველ შემთხვევაში, მან მხოლოდ სტატუეტი აიღო და ერთიც ნაქარგი ინდური ხელსახოცი, გამოფენილი იმავე ვიტირნაში. ხელსახოცი, ეტყობა, იმისთვის დასჭირდა, რათა ოქროს შივა გაეხვია


 ეს რომ არ გაეკეთებინა ნაკეთობის ელვარებას შეეძლო გვიანი გამვლელებიდან ვინმეს ყურადღება მიექცია. სხვა ფასეულობები (არადა ისინი ცოტა როდია კოლექციაში) ხელუხლებელი დარჩა. თქვენმა კორესპონდენტმა დაადგინა, რომ ლორდ ლიტლბი გუშინ შემთხვევით აღმოჩნდა შინ, გარემოებათა საბედისწერო დამთხვეით. საღამოს წყლებზე უნდა წასულიყო, თუმცა ნიკრისის ქარების მოულოდნელი შემოტევის გამო სახლში დარჩა


 სასიკვდილოდ.

 

ღიუ დე გრენელზე მომხდარი მასიური მკვლელობის ცბიერი გაქანება და ცინიკურობა ყოველგვარ წარმოსახვას სცილდება. როგორი დაუნდობლობაა ადამიანის სიცოცხლისა! როგორი საშინელი სისასტიკეა! და რისი გულისთვის


 ოქროს კერპის გამო, რომელსაც ახლა ვეღაც კი გაყიდი! გადადნობისას ხომ შივა ჩვეულებრივ, ორკილოგრამიან ჩამონასხამად გადაიქცევა. ყვითელი მეტალის ორასი გრამი – აი, საფასური, რომელიც დამნაშავემ მისცა ათი დაღუპული სულიდან თითოეულში.  ტემპორა, ო მორეს! – წამოვიძახებთ ჩვენ ციცერონის მსგავსად.

 

თუმცა არის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ეს გაუგონარი ბოროტმოქმედება დაუსჯელი არ დარჩება. პარიზის პრეფექტურის მაძებართაგან ყველაზე გამოცდილმა გუსტავ გოშმა, რომელსაც მინდობილი აქვს გამოძიება, მტკიცედ განუცხადა თქვენს კორესპონდენტს, რომ პოლიციას გააჩნია რომელიღაც მნიშვნელოვანი სამხილი. კომისარი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ შურისძიება მალევე მოხდება. ჩვენს შეკითხვაზე, ეს დანაშაული ხომ არ ჩაუდენია რომელიმე პროფესიონალ მძარცველს, ბ–ნმა გოშმა ეშმაკურად ჩაიღიმა თავის ჭაღარა ულვაშებში და გაურკვევლად გვიპასუხა: “არა, შვილო, აქედან ძაფი მაღალი საზოგადოებისკენ მიდის”. ამის მეტად თქვენმა მონა–მორჩილმა ერთი სიტყვაც კი ვეღარ ათქმევინა.

 

ჟ. დიუ რუა.

 

 

თევზაობაც ასეთი უნდა!

ოქროს შივა ნაპოვნია! “საუკუნის დანაშაული” ღიუ დე გრენელზე – ჭკუიდან გადასულის ხელითაა ჩადენილი?

 

გუშინ, 17 მარტს, შუადღის ექვს საათზე, 13 წლის პიერ ბ.–ს ანკესი, ინვალიდების ხიდთან რომ თევზობდა, ისე მაგრად გამოედო ნემსკავით ფსკერზე, რომ ბიჭი იძულებული გახდა ცივ წყალში გადამხტარიყო (“აბა, სულელი ვარ, ნამდვილი ინლისური ნემსკავი დავკარგო?” – უთხრა ახალგაზრდა მეთევზემ ჩვენს რეპორტიორს). პიერის თავდადება დაფასდა: ნემსკავი გამოედო არა რომელიმე ვულგარულ ნარჩენს, არამედ მძიმე საგანს, ნახევრად რომ ჩაფლულიყო ფსკერში. წყლიდან ამოღებულმა იმ საგანმა არამიწიერი ელვარებით დაიწყო კაშკაში და განცვიფრებული მეთევზე დააბრმავა. პიერის მამა, გადამდგარი სერჟანტი და სედანის ვეტერანი მიხვდა, რომ სწორედ ეს არის სახელგანთქმული ოქროს შივა, რომლის გულისთვისაც გუშინწინ ათი ადამიანი მოკლეს, და ნაპოვნი პრეფექტურაში მიიტანა.

როგორ უნდა გავიგოთ ეს? დამნაშავეს, რომელსაც უკან არ დაუხევია ამდენი ადამიანის ცივსისხლიანი და გაწაფული მკვლელობის წინაშე, რატომღაც არ ისურვა ესარგებლა თავისი საშინლად გაუგონარი სიმარჯვის ნადავლით! გამოძიება და საზოგადოება ჩიხში მოექცნენ. საზოგადოება, როგორც ჩანს, იქითკენ იხრება, რომ მკვლელი მოგვიანებით შეაწუხა სინდისმა და ჩადენილი დანაშაულისგან დამფრთხალმა ოქროს კერპი მდინარეში მოისროლა. ბევრი იმასაც ვარაუდობს, რომ ბოროტმოქმედი ალბათ თავადაც დაიხრჩო სადმე ახლო–მახლო. პოლიცია კი ნაკლებად რომანტიკულია და დამნაშავის ქმედებათა არათანმიმდევრულობაში ჭკუიდან გადასვლის აშკარა ნიშნებს ხედავს.

შევიტყობთ კი ოდესმე ამ კოშმარული, გაუგონარი ამბის სინამდვილეს?

 

 

პარიზელი ლამაზმანების ალბომი

 

20 ფოტოგრაფიული სურათისგან შემდგარი სერია იგზავნება თავისი ფასით 3 ფრანკი და 99 სანტიმი, სადაც შედის გაგზავნის ღირებულებაც. უნიკალური წინადადებაა! იჩქარეთ – ტირაჟი შეზღუდულია. პარიზი, ღიუ კოიპელი, ტიპოგრაფია “პატუ და შვილი”.

 

 

პირველი ნაწილი

 

პორტ–საიდი–ადენი.

 

კომისარი გოში.

 

პორტ–საიდში “ლევიათანის” ბორტზე ახალი მგზავრი ამოვიდა, მეთვრამეტე დაიკავა, პირველი კლასის ბოლო ვაკანტური ადგილი, და გუსტავ გოშს მაშინათვე გამოუკეთდა გუნება. ახლადმოსული ერთობ დამაიმედებლად გამოიყურებოდა: თავშეკავებული და აუჩქარებელი მოძრაობები, ლამაზი სახის შეუვალი გამომეტყველება – ერთი შეხედვით თითქოს სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ როცა ობიექტმა შლაპა მოიხადა, მოულოდნელად აღმოაჩნდა გაჭაღარავებული საფეთქლები. საინტერესო ეგზემპლარია, გადაწყვიტა კომისარმა. ზედვე ეტყობა – მტკიცეა და, როგორც იტყვიან, გამოცდილი. მოკლედ, მამიკო გოშის უეჭველი კლიენტია.

მგზავრი ტრაპზე მოდიოდა, პორტპლედს მოიქნევდა, ხოლო გაოფლილი მტვირთავები ბლომად ბარგს ეზიდებოდნენ: ძვირფასი, ჭრაჭუნა ჩემოდნები, ღორის ტყავის მშვენიერი საკვოიაჟები, დიდი შეფუთულები წიგნებით და დასაკეცი ველოსიპედიც კი (ერთი დიდი ბორბალი, ორი პატარა და მბრწყინავი მეტალური მილების შეკვრა). ამ მსვლელობას ორი ოყლაყი აბოლოებდა, შთამბეჭდავი შეხედულების გიმნასტიკურ გირებს რომ ეზიდებოდა.

ბებერი მაძებრის (ასეთ ატესტაციას უკეთებდა კომისარი საკუთარ თავს), გოშის გული აჩქროლდა მონადირული აზარტით, როცა ახალს არ აღმოაჩნდა ოქროს ნიშანი – არც ძვირფასი საზაფხულო პალტოს აბრეშუმის ლაცკანზე, არც პიჯაკზე და არც საათის ძეწკვზე. დათბა, ძალიან დათბა, ფიქრობდა გოში, ფხიზლად ათვალიერებდა ფრანტს თავისი ფაჩვნიერი წარბების ქვემოდან და თავის საყვარელ თიხის ჩიბუხს აქსუტუნებდა. და ისიც სათქმელია – თავად საიდან მოიტანა ამ ბებერმა ყვავმა, რომ სულთამხდელი ორთქლმავალზე აუცილებლად საუტჰენპტონში დაჯდება? დანაშაული ჩადენილია თხუთმეტ მარტს, დღეს კი უკვე პირველი აპრილია. ძალიან ადვილად მოაღწევ პორტ–საიდამდე, სანამ “ლევიათანი” დასავლეთ ევროპის კონტურს ხაზავდა. და აჰა, ყველაფერი ერთი ერთზეა: ტიპის მიხედვით ნაღდი კლიენტი პლუს პირველი კლასი პლუს მთავარი – ოქროს ვეშაპის გარეშე.

ამ წყეულმა სამკერდე ნიშანმა საორთქლმავლო კომპანია “ჯასპერ-არტო პარტნერშიპის” აბრევიატურით გარკვეული დროიდან გოშს ღამ–ღამობით დაუწყო გამოცხადება, და ყველა ეს სიზმრები რაღაც მეტისმეტად საძაგელი იყო. მაგალითად, ამასწინანდელი.

კომისარი მადამ გოშთან ერთად ნავით სეირნობდა ბულონის ტყეში. ანათებდა მზე, გალობდნენ ჩიტები. უცებ ხეების ზემოდან გამოიხედა მოოქროვილმა სიფათმა უაზრო მრგვალი თვალებით, დააღო ხახა, რომელშიც ადვილად მოთავსდებოდა ტრიუმფალური თაღი და გუბურის შეხვრეპა დაიწყო. ოფლში გახვითქული გოში ნიჩბებს დააწვა. თანაც აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი სულაც არ ხდება პარკში, არამედ შუაგულ, უნაპირო ოკეანეში. ნიჩბები იღუნებოდა, როგორც ჩალა, მადამ გოში მკივნეულად ურჭობდა ქოლგას ზურგში, ხოლო უზარმაზარმა მბრწყინავმა არსებამ მთელი ჰორიზონტი გადაფარა. და როცა ნახევარ ცაზე შადრევანი გამოუშვა, კომისარს გამოეღვიძა და აკანკალებული ხელი საკმზე მოაფათურა – სად არის ჩიბუხი და ასანთი?

ოქროს ვეშაპი პირველად ღიუ დე გრენელზე ნახა გოშმა, როცა ლორდ ლიტლბის მსწრაფლ წარმავალი არსების მონარჩენებს ათვალიერებდა. ინგლისელი იწვა, მუნჯური ყვირილით გაეღო პირი – ყბა ნახევრად გამოვარდნოდა, შუბლს ზემოთ სისხლიანი სუფლეა. გოში ჩაიმუხლა – მოეჩვენა, რომ გვამს თითებშუა ოქროს ნაჭერი უბრწყინავს და რომ დააკვირდა, კმაყოფილებით ამოიხვნეშა. თავისით მოვიდა იშვიათი, გაუგონარი წარმატება, რომელიც მხოლოდ კრიმინალურ რომანებში არის ხოლმე. მიცვალებულმა, ამ ჭკვიანმა, გამოძიებას მნიშვნელოვანი გეში, მტკიცებულება მიაწოდა – ლანგრით კი არა, ხელისგულით. აჰა, გუსტავ, დაიჭი. და ერთი მარტო გაუშვი, ვინც მე თავის ქალა გადამიხსნა – სირცხვილისგან გასკდები, შე ბებერო კუნძო.

ოქროს ემბლემა (მართალია, თავიდან გოშმა ჯერ არ იცოდა, რომ ეს ემბლემა იყო, – ფიქრობდა, სამშვენისიაო ანდა ქინძისთავით სამაგრიაო მფლობელის მონოგრამით) მხოლოდ მკველელს შეიძლებოდა ჰკუთვნებოდა. ყოველ შემთხვევაში კომისარმა, რა თქმა უნდა, ვეშაპი უმცროს ლაქიას აჩვენა (აი, ვის გაუმართლა: თხუთმეტ მარტს ყმაწვილს გამოსასვლელი დღე ჰქონდა, რამაც სიცოცხლე შეუნარჩუნა), მაგრამ ლაქიას ადრე არასდროს შეუნიშნავს ლორდისთვის ამისთანა სამშვენისი. და მადლობა ღმერთს.

მერე მთელი უშველებელი პოლიციური მექანიზმის მქნევარები და ბორბლები დატრიალდნენ – მინისტრმა და პრეფექტმა ყველა საუკეთესო ძალა “საუკუნის დანაშაულის” გასახსნელად გადაისროლეს. მომდევნო დღის საღამოსთვის გოშმა უკვე იცოდა, რომ სამი ასო ოქროს ვეშაპზე – ვიღაც ვალებში ჩაფლული სულთამხდელის ინიცაილები კი არ არის, არამედ აღნიშნავს ახლახანს შექმნილ ფრანკო–ბრიტანულ სახომალდო კონსორციუმს. ვეშაპი კი აღმოჩნდა ემბლემა საოცარი გემისა, “ლევიათანისა”, ამასწინათ რომ ჩამოუშვეს გემხარიხებიდან ბრისტოლში და თავისი პირველი რეისისთვის რომ ემზადებოდა ინდოეთში.

გაზეთები რამდენიმე თვეა გაჰყვიროდნენ ამ გიგანტურ ორთქლმავალზე. ახლა კი აღმოჩნდა, რომ “ლევითანის” პირველი ცურვის აღსანიშნავად ლონდონის ზარაფხანამ ჩამოასხა ოქროს და ვერცხლის სამახსოვრო ნიშნები: ოქროსი პირველი კლასის მგზავრებისთვის და ხომალდის უფროსი ოფიცრებისთვის, ვერცხლისა


 მეორე კლასის მგზავრებისთვის და სუბალტერნებისთვის. მესამე კლასი ამ მდიდრულ ხიმალდზე, სადაც თანამედროვე ტექნიკის მიღწევები შერწყმული იყო გაუგონარ კომფორტთან, საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. კომპანია მოგზაურებს სრულ მომსახურებას ჰპირდებოდა, ასე რომ, ამ ცურვაში მოსამსახურის წამოყვანის საჭიროება აუცილებელი არ იყო. “ყურადღებიანი ლაქიები და ტაქტიკური მოახლეები იზრუნებენ იმაზე, რომ თქვენ “ლევიათანის” ბორტზე ისე იგრძნოთ თავი, როგორც სახლში!” – იტყობინებოდა მთელი ევროპის გაზეთებში დაბეჭდილი რეკლამა. იმ ბედნიერებს, ვინც საუტპემპტონ–კალკუტას პირველ რეისზე შეუკვეთა კაიუტა, ბილეთთან ერთად აძლევდნენ ოქროს ან ვერცხლის ვეშაპს, კლასის მიხედვით. ბილეთის შეკვეთა კი ევროპის ნებისმიერ დიდ პორტში შეიძლებოდა, ლონდონიდან კონსტანტინოპოლამდე.

 

რას იზამ, “ლევიათანის” ემბლემა უარესია, ვიდრე მფლობელის ინიციალები, მაგრამ ამოცანა უფრო მეტად გართულდა, მსჯელობდა კომისარი. ყველა ოქროს ნიშანი დათვლილია. უბრალოდ, ცხრამეტ მარტს უნდა დაელოდოს – ამ დღეს არის დანიშნული საზეიმო გაცურვა, – ჩავიდეს საუთჰენპტონში, ავიდეს ორთქლმავალზე და ნახოს, პირველი კლასის მგზავერიბადან რომელს არა აქვს ოქროს ვეშაპი. ანდა (რაც უფრო მართებულია), ამ ძვირფასი ბილეთების მყიდველთაგან ვინ არ გამოცხადდა ბორტზე. აი, სწორედ ის იქნება მამიკო გოშის კლიენტი. ადვილი საქმეა.

გოშა არაფრის დიდებით არ უყვარდა მოგზაურობა, აქ კი თავი ვეღარ შეიკავა. ძალიან უნდოდა პირადად გაეხსნა “საუკუნის დანაშაული”. მერე ნახე, თუ სადივიზიოც თუ არ მოგცენ. პენსიამდე სულ სამი წელია. მესამე თანრიგით პენსიის მიღება სხვაა და მეორეთი კიდევ – სულ სხვა. სხვაობა ათასნახევარი ფრანკია წელიწადში და ათასნახევარი ხეებზე კი არ ასხია.

მოკლედ, თავად ითხოვა. ფიქრობდა, საუთჰემტონამდე გაესეირნა


 ანდა, უარეს შემთხვევაში, ჰავრამდე მიეცურა, პირველ გაჩერებამდე, იქ კიდევ ჟანდარმებიც იქნებიან ნავმისადგომზე და ჟურნალისტებიც. “რევიუ პარიზიენის” მეთაური: “საუკუნის დანაშაული” გახსნილია: ჩვენი პოლიცია სათანადო სიმაღლეზეა”. ან ამაზე უკეთესი: “მოხუცმა მაძებარმა გოშმა არ გვიღალატა”.

 

ო–ჰო–ჰო. პირველი უსიამოვნო სიურპრიზი კომისარს სახომალდო კანტორაში ელოდებოდა, საუთჰემპტონში. გამოირკვა, რომ ამ წყეულ ორთქლმავალზე პირველი კლასის მთელი ასი კაიუტაა და ათი უფროსი ოფიცერი. ყველა ბილეთი გაყიდულია. ასოცდათორმეტი ცალი. გამოდის, რომ ას ორმოცდაორი ეჭვმიტანილია, როგორია? მაგრამ ის ემბლემა ხომ მხოლოდ ერთს არ აღმოაჩნდება, თავს იმშვიდებდა გოში.

ცხრამეტი მარტის დილით ნესტიანი ქარისგან გაფხორილი, თბილ კაშნეში გახვეული კომისარი ტრაპის მახლობლად იდგა, კაპიტანთან, მისტერ ჯოსაია კლიფთან და პირველ ლეიტენანტთან, მუსიე შარლ რენიესთან ერთად. მგზავრებს ხვდებოდნენ. სასულე ორკესტრი შეუჩერებლად უკრავდა ინგლისურ და ფრანგულ მარშებს, პირსზე აღტკინებით ხმაურობდა ბრბო, ხოლო გოში უფრო და უფრო მრისხანედ ქშინავდა და უდანაშაულო ჩიბუხს ღრღნიდა. სამწუხაროდ – ცივი ამინდის გამო ყველა მგზავრი ლაბადებში, პალტოებში, შინელებში, კაპოტებში იყო. მოდი და, გაარჩიე, ვის აქვს ნიშანი და ვის არა. ეს იყო საჩუქარი ნომერი ორი.

ყველა, ვინც საუთჰემპტონში უნდა ჩამჯდარიყო ორთქლმავალში, ადგილზე აღმოჩნდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ, მიუხედავად ნიშანის დაკარგვისა, დამნაშავე მაინც მოვიდა გემზე. ეტყობა, პოლიციელებს სრულ იდიოტებად სთვლის. ანდა იმედი აქვს, რომ ამდენ ხალხში დაიმალება? ეგებ, სხვა გამოსავალი არა აქვს?

მოკლედ, ერთი რამ ნათელი იყო – ჰავრამდე გაესეირნება მოუწევდა. გოშს სარეზერვო კაიუტა გამოუყვეს, რომელიც კონსორციუმის საპატიო სტუმრებისთის იყო.

გაცურვისთანავე პირველი კლასის გრანდ-სალონში ბანკეტი გაიმართა, რომელზეც კომისარი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდა, რაკი მოსაწვევებზე აღნიშნული იყო: “შესვლა წარმოდგენილი ოქროს ემბლემით ანდა პირველი კლასის ბილეთით”. მაგრამ ხელით ვინ დაიწყებს ბილეთის ტარებას, უფრო ადვილი არ არის ლამაზი ოქროს ლევიათანი დაიმაგრო?

ბანკეტზე გოშს სული ამოუვიდა – თითოეულს აკვირდებოდა. იძულებული იყო ზოგიერთ ქალბატონს დეკოლტეში ცხვირით ჩაძვრომოდა. ჰკიდია თუ არა იქ ოქროს ძეწკვზე რაღაცა – ან ვეშაპი, ანდა უბრალო კულონი. როგორ არ შეემოწმებინა?

ყველა სვამდა შამპანურს, ყველანაირ სიგემრიელეს იღებდნენ ვერცხლის ლანგრებიდან, ცეკვავდნენ, გოში კი მუშაობდა: სიიდან იმათ შლიდა, ვისაც ნიშანი ჰქონდა. ყველაზე მეტი ხათაბალა კაცებზე იყო. ბევრმა მათგანმა, იმ ტვინუსუარმა, ვეშაპი საათის ძეწკვზე მიიმაგრა, თან ჟილეტის ჯიბეში ჩაიდო. კომისარს თერთმეტჯერ მოუწია დაინტერესება, თუ რა დრო იყო ახლა.

მოულოდნელობა ნომერი სამი: ყველა ოფიცერს ნიშანი ადგილზე ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ უემბლემო მგზავრი ოთხი აღმოჩნდა, თანაც ორი ქალთა სქესისა! დარტყმა, რომელმაც ლორდ ლიტლბის კაკლის ნაჭუჭივით გადაუხსნა თავისქალა, ისეთი ძალისა იყო, რომ იმის ჩამდენი მხოლოდ კაცი უნდა ყოფილიყო, და უბრალო კაცი კი არა, გამორჩეულად ღონიერი. მეორე მხრივ, კომისრისთვის, როგორც გამოცდილი კაცისთვის სისხლის სამართლის საქმეში, ბრწყინვალედ იყო ცნობილი, რომ აფექტის მდგომარეობაში ანდა ისტერიული აღგზნებისას ყველაზე სუსტ ქალს შეუძლია ნამდვილი საოცრებების ჩადენა. შორს რატომ უნდა წავიდეს მაგალითებისთვის. გასულ წელს მოდისტმა ნეიიდან, ნამდვილმა პიგალელმა, მოღალატე საყვარელი – თავისზე ორჯერ სქელი და ერთნახევარჯერ მაღალი ჩაგდმული რანტიე მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადააგდო. ასე რომ, უნიშნო ქალების ეჭმიტანილთა სიიდან ამოღება არ შეიძლებოდა. თუმცა სად გაგონილა, რომ ქალს, თანაც ქალს მაღალი საზოგადოებიდან, ასე მარჯვედ შესძლებოდა ნემსების გაკეთება... ასეა თუ ისე, გამოძიება “ლევიათანის” ბორტზე ალბათ გაიწელებოდა, და კომისარმა თასვისთვის ჩვეული გამოცდილება გამოავლინა. კაპიტან ჯოსაია კლიფს, ორთქლმავლის ოფიცრებიდან ერთადერთს გაანდეს გამოძიების საიდუმლო და კომპანიის ხელმძღვანელობიდან მიღებული ჰქონდა ინსტრუქცია, რომ კანონიერების ფრანგი დამცველისთვის ყოველგვარი დახმარება აღმოეჩინა. გოშმა ამ პრივილეგიით ყოვლად უცერემონიოდ ისარგებლა: მოითხოვა, რომ ყველა მისთვის საინტერესო პერსონა მიწერილი ყოფილიყო ერთსა და იმავე სალონზე.

აქ აუცილებელია ავხსნათ, რომ პრივატული და სიმყუდროვის მოსაზრებებიდან გამომდინარე (ორთქლმავლის რეკლამაში ნათქვამი იყო: “თქვენ თავს იგრძნობთ ძველი ინგლისური აგარაკის ატმოსფეროში”) ქალბატონებმა, პირველი კლასით რომ მოგზაურობდნენ, სადილ–ვახშამი უნდა მიირთვან არა უშველებელ გაერთიანებულ დარბაზში, დემოკრატიული ვერცხლის ვეშაპების ექვსასამდე მქონებელთან ერთად, არამედ მიწერილი იყვნენ კომფორტაბელურ “სალონებს”, რომელთაგან თითოეული ატარებდა საკუთარ სახელს და მაღალი საზოგადოების სასტუმროს იერი ჰქონდა: ბროლის სასანთლეები, ნაჟღენთი მუხა და წითელი ხე, ხავერდის სკამები, სუფრის ბრჭყვიალა ვერცხლეული, გაპუდრული ოფიციანტები და ჩქარი სტიუარდები. კომისარმა გოშმა თავისი მიზნებისთვის სალონი “უინძორი” შეარჩია, ზედა გემბანზე რომ მდებარეობდა, პირდაპირ ცხვირის ნაწილში: სამი კედელი მთლიანი ფანჯრების იყო, ბრწყინვალე ხედი, ნისლიან ამინდშიც კი შეიძლებოდა არ აენთოთ ლამპები. ხავერდი აქ ოქროსფერ–ყავისფერი შეფერილობის იყო, ხოლო ხელსახოცებზე კოხტაობდა უინძორების გერბი.

ოვალური მაგიდის გარშემო იატაკზე დამაგრებული ფეხებით (ეს ძლიერი ღელვის შემთხვევაში) იდგა ათი სკამი, მაღალი, სხვადასხვანაირი საზურგეებით, რომლებიც დამშვენებული იყო ყველანაირი გოთური სამშვენისებით. კომისარს მოეწონა, რომ ყველა ერთ მაგიდასთან იჯდება, და სტიუარდს უბრძანა, ალაბედზე კი არ დაედგა სახელის და გვარის აღმნიშვნელი დაფები, არამედ სტრატეგიული აზრით: ოთხი უემბლემო თავის საპირისპიროდ განათვსა, რათა თვალი არ მოეშორებინა იმ გვრიტებისთვის. მაგიდის თავში კაპიტნის დასმა, როგორც გოში გეგმავდა, არ გამოვიდა. მისტერ ჯოსაია კლიფმა არ ისურვა (როგორც თავად გამოთქვა) “მონაწილეობა მიეღო ამ ბალაგანში” და დაფუძნდა სალონ “იორკში”, სადაც ჯდებოდა ინდოეთის ახალი ვიცე–მეფე მეუღლითურთ და ინდოეთის არმიის ორი ოფიცერი. “იორკი” მდებარეობდა პრესტიჟულ საკვებ ნაწილში, მაქსიმალურად დასცილებოდა დაჭირიანებულ “უინძორს”, სადაც გამეფდა პირველი თანაშემწე შარლ რენიე. თავიდანვე ჭკვაში არ მოუვიდა კომისარს: სახე გარუჯული, ქარებით დამწვარი, თან ტკბილად ლაპარაკობს, შავი თმა ბრილიანტისგან ბრწყინავს, ულვაშები ორ გრეხილად აქვს დაყენებული. ყბაღია მასხარაა, მეზღვაური კი არა.

იმ თორმეტი დღის განმავლობაში, გამოცურვის მომენტიდან რომ გავიდა, კომისარმა მოასწრო კარგად გასცნობოდა სალონის მეზობლებს, შეისწავლა მაღალი საზოგადოების მანერები (ანუ ტრაპეზის დროს არ მოსწიოს და საწებელი პურის ნაჭრით არ ამოიღოს), ასე თუ ისე შეისწავლა ამ მცურავი ქალაქის რთული გეოგრაფია, შეეჩვია რყევას – მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიუახლოვდა.

სიტუაცია ასეთი იყო.

თავდაპირველად ეჭვმიტანილობის ხარისხის მიხედვით პირველი იყო სერ რეჯინალდ მილფორდ–სტოუკსი. გალეული, ჟრალთმიანი, დახვეული ბაკენბარდებით. შეხედულებით ოცდარვა–ოცდაათი წლისა. უცნაურად იქცევა: ხან მწვანე თვალებს სადღაც შორს წაიღებს და შეკითვებზე პასუხებს არ იძლევა, ხან კიდევ მოულოდნელად ტაიტის კუნძულზე ლაყბობას იწყებს, მარჯნის რიფებზე, ზურმუხტოვან ლაგუნებზე და პალმის ფოთლების სახურავებიან ქოხებზე. ნამდვილი ფსიქოპატია. რატომ უნდა წავიდეს ბარონეტი, მდიდარი ოჯახის შთამომავალი ქვეყნიერების კიდეზე, სადღაც ოკეანიაში? რა აქვს იქ სანახავი? შეკითხვას თავის მიერ არ წარმოდგენილ ნიშანზე – სხვათაშორის, ორჯერ დასმულს


 წყეულმა არისტოკრატმა იგნორირება უყო. კომისარს გაღმა იყურებოდა და გინდაც შემოეხედა, გეგონება ბუზი დაუნახავსო. დამპალი სნობი. ჯერ კიდევ ჰავრში (ოთხი საათი იდგნენ) გოში ტელეგრაფში გაიქცა, სკოტლანდ–იარდში შეკითხვა აფრინა: ვინ ოხერია ეს მილფორდ–სტოუკსიო, შფოთიან დაკა–დაკაში ხომ არ არის შემჩნეულიო, მედიცინის გამოგონებებით ხომ არ ერთობოდაო. პასუხმა სწორედ გასვლის წინ დაჰკრა. ისე გამოდგა, რომ არაფერი საინტერესო, თან უცნაურობებიც აიხსნა. მაგრამ ოქროს ვეშაპი მაინც არ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტების სიიდან ჟრალთმიანის ამოშლა ნაადრევია.

 

მეორე – მუსიე გინტარო აინო, “იაპონელი აზნაური” (ასე სწერია მგზავრთა რეგისრში). ისეთივე აზიატია, როგორიც სხვები: მაღალი არ არის, მშრალი, ვერ გაიგებ, რა ასაკისაა, სქელი ულვაშით, მჩხვლეტავი თვალები წკიპურტებში ჩაეტევა. მაგიდასთან მეტწილად დუმს. შეკითხვაზე, თუ რას აკეთებდა, დაირცხვინა და ჩაიბურტყუნა: “იმპერატორის არმიის ოფიცერი”. ემბლემაზე შეკითხვისას უფრო მეტად დაირცხვინა, კომისარი მძულვარე თვალებით დაწვა და ბოდიშის მოხდით კარის მიღმა გავარდა. სუპის ჭამაც კი არ დაუმთავრებია. საეჭვოა? მერე როგორ! სალონში ჭყეტელა ქაღალდის მარაოს იქნევს, გეგონება ღიუ რივოლის მიღმა მდებარე მხიარული პრიტონების პედერასტიაო. გემბანზე ხის ქოშებში დასეირნობს, ბამბის ხალათში და მთლად პანტალონის გარეშე. გიუსტავ გოში, რასაკვირველია, თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის მხარეზეა, მაგრამ მაინც არ უნდა შეეშვათ ამისთანა მაკაკა პირველ კლასში.

ახლა ქალები. მადამ რენატა კლებერი. ახალგაზრდა. ალბათ, ახლა გადასცილდა ოც წელიწადს. შვეიცარიის ბანკის მოსამსახურის ცოლი. ქმართან მიდის კალკუტაში. ლამაზმანს ვერ დაარქმევ – წვეტიანი ცხვირით, მოძრავი, მოლაპარაკე. ნაცნობობის პირველივე წუთიდან თავის ფეხმძიმობაზე გამოუცხადა. ამ გარემოებას ემორჩილება მთელი მისი აზრები და გრძნობები. კეთილია, უშუალო, მაგრამ სრულიად აუტანელი. თორმეტ დღეში მოასწრო ყელში ამოსვლოდა კომისარს თავის ძვირფას ჯანმრთელობაზე ყბედობით, ჩეფჩიკების კერვით და სხვა ამდაგვარი სისულეეებით. ნამდვილი ფეხებზე შემოდგმული მუცელია, თუმცა ორსულობის ვადა ჯერ მცირეა და მუცელი მხოლოდ ახლახანს დაეტყო. რა თქმა უნდა, გოშმა მომენტი დაიჭირა და ჰკითხა, რა უყო ემბლემა. შვეიცარიელმა ნათელი თვალები ააფახულა ჩივილით, რომ სულ მუდამ ყველაფერს ჰკარგავს. რას იზამ, მართლა ასეც შეიძლება იყოს. რენატა კლებერს კომისარი გაბრაზებისა და მფარველობის ნარევით ექცეოდა, სერიოზულად კლიენტად არ მიაჩნდა.

 

აი, მეორე ქალბატონს, მისს კლარისსა სტამპს გამოჯეკილი მაძებარი გაცილებით დიდის ინტერესით აკვირდებოდა. აი, აქ კი რაღაც, ეტყობა, აქოთებული იყო. თითქოს ინგლისელი დიაცია და მორჩა, განსაკუთებული არაფერი: მოსაწყენი გამოხუნებული თმა, ხანში შესული, მანერები წყნარი, ღირსეული, მაგრამ წყლიან თვალებში არა–არა და უცებ გაუელვებს რაღაცნაირი ეშმაკუნა. ვიცნობთ, გვინახავს ეგეთებიც. უპატრონო ეკლესიას ვინ დაეპატრონებიან ხოლმე? ისევ შესამჩნევი დეტალიკოები. ისე, არაფერი, სხვა ყურადღებასაც არ მიაქცევდა, მაგრამ ბებერ ძაღლს, გოშს გამჭრიახი თვალი აქვს. მისს სტამპს კაბები და კოსტუმები ძვირფასები აქვს, ახალთახალი, პარიზის უკანასკნელ მოდაზე, ხელჩანთა კუს ტყავისა (უნახავს ამისთანები ელისეს მინდვრების ვიტრინებში – სამას ორმოცდაათი ფრანკი ღირს), და ჩანაწერების წიგნაკი ამოიღო – ძველი, იაფფასიანი, უბრალო საწერქაღალდის ფარდულისაა. ერთხელ გემბანზე იჯდა შალში (ქარი იყო), მადამ გოშსაც სწორედ ამისთანა აქვს, ძაღლის ბალნისა. თბილია, მაგრამ არა ინგლისელი ლედისთვის. და რაც საინტერესოა: ამ კლარისა სტამპის ახალი ნივთები ყველა ძვირფასია, ხოლო ძველები კი ყველაზე დაბალი ხარისხისაა. შეუსაბამობაა. ერთხელ, ფაიფ–ო–კლოკის წინ გოში შეეკითხა: “ქალბატონო, რატომ ერთხელ მაინც არ გაიკეთებთ ოქროს ვეშაპს? გული არ მიგდით? მე მგონი, ძვირფასი ნივთია”. და როგორ გგონიათ? “იაპონელ აზნაურზე” უფრო წითელი ფერი გადაუვიდა და უთხრა: უკვე გავიკეთე, თქვენ არ დაგინახავთო. იტყუება. გოშმა კი შეამჩნია. ჰქონდა კომისარს ერთი გამჭრიახი აზრი, მაგრამ აქ საჭირო იყო ფსიქოლოგიურად ზუსტი მომენტის გამოცნობა. ჰოდა, ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება ამ კლარისას.

რადგან მაგიდასთან ათი ადგილია და უემბლემოები ოთხი მოუგროვდა, გოშმა გადაწყვიტა, კომპლექტი შეევსო სხვა სუბიექტებით, მართალია ნიშნები ჰქონდათ, მაგრამ თავისებურად ისინიც შესამჩნევნი იყვნენ. რათა ძიების წრე გაეფართოვებინა – ადგილები ხომ მაინც რჩებოდა.

პირველ პიგში კაპიტანს მოსთხოვა, რომ “უინძორისთის” მიეწერებინათ ხომალდის მთავარი ექიმი მუსიე ტრუფო. ჯოსაია კლიფი აბუზღუნდა, მაგრამ დაუთმო. რატომ დასჭირდა გოშს მთავარი ექიმი – გასაგებია: “ლევიათანზე” ერთადერთი მედიკოსია, ჩხვლეტის საქმის ოსტატი, რომელსაც სტატუსით ერგება ოქროს ნიშანი. ექიმი აღმოჩნდა დაბალი, ჩადგმული იტალიელი, ზეთისხილისებრი კანით და მაღალშუბლიანი მელოტი თავით, რომელსაც აგვირგვინებდა ყურსქვემოდან ამოვარცხნილი თმა. წარმოსახვა არ ეყო, რომ ეს კომიკური სუბიექტი ულმობელი მკვლელის როლში წარმოედგინა. ექიმთან ერთად მისი ცოლისთვისაც მოუწია ადგილის დათმობა. სულ ორი კვირაა, რაც ექიმმა ცოლი შეირთო და გადაწყვიტა სასარგებლო სასიამოვნოსთვის შეეთავსებინა, ესე იგი, სამსახური თაფლობის თვესთან. ახალგამომცხვარ მადამ ტრუფოს მიერ დაკავებული სკამი ტყუილად იკარგებოდა. ცხვირპირჩამომტირალი, უღიმილო ინლისელი ქალი, ორთქლმავლის ესკულაპის რჩეული, ორჯერ უფროსად გამოიყურებოდა თავისი ოცდახუთი წლის მიუხედავად და გოშს სასიკვდილო სევდას დაატეხდა ხოლმე თავზე, როგორც სხვათაშორის, ამ მისი თანამემამულე ქალების უმეტესობა. მაძებარმა იმთავითვე მონათლა “ცხვრად” თეთრი წამწამებისა და აბღავლებული ხმის გამო. ისე, პირს იშვიათად აღებდა, რაკი ფრანგული არ იცოდა, სალონში საუბრები კი, მადლობა ღმერთს, ძირითადად სწორედ ამ კეთილშობილ ენაზედ სწარმოებდა. მადამ ტრუფფოს საერთოდ არავითარი ნიშანი არ გააჩნდა, მაგრამ ეს ბუნებრივიც იყო


 არც ოფიცერი გახლდათ და არცა მგზავრი.

 

კომისარმა რეგისრტში კიდევ შეამჩნია ვიღაც ინდოლოგი–არქეოლოგი ფ. სვიტჩაილდი და გადაწყვიტა, რომ ამჯერად სწორედ ინდოლოგი გამოადგება. განსვენებული ლიტლბიც ხომ რაღაც ამის მაგვარი იყო. მისტერ სვიტჩაილდმა, აწოწილმა ჭოკმა მრგვალ სათვალეში და თხის წვერით, პირველივე ვახშამზე ლაპარაკი წამოიწყო ინდოეთზე. ტრაპეზის შემდეგ გოშმა პროფესორი განზე გაიყვანა და საუბარი ფრთხილად შემოაბრუნა ლორდ ლიტლბის კოლექციისკენ. ინდოლოგ–არქეოლოგმა განსვენებული გაუფრთხილებლად მოიხსენია დილეტანტად, მისი კოლექცია კი კუნსტკამერად, რომელიც ყოველგვარი სამეცნიერო მიდგომის გარეშე იყო შეკრებილი. ერთადერთი ნამდვილი ღირებულება იქ – ოქროს შივააო. კარგია, რომ შივა თავისით მოიძებნა, იმიტომ, რომ ფრანგული პოლიციას, როგორც ცნობილია, მხოლოდ ქრთამის აღება შეუძლია. ამ აშკარად უსამართლო შენიშვნაზე გოშმა ბრაზით დაიწყო ხველა, მაგრამ სვიტჩაილდმა მხოლოდ ის ურჩია, რომ ნაკლები მოეწია. მერე სწავლულმა უმალვე შენიშნა, რომ ლიტლბიმ, სხვათაშორის, მოიპოვა არცთუ ურიგო ნაკრები ნაქარგიანი ნაჭრებისა და ხელსახოცებისა, რომელთა შორის გვხვდება უკიდურესად საინტერესო ეგზემპლარები, მაგრამ ეს უფრო ადგილობრივი ხელოსნობისა და გამოყენებითი ხელოვნების სფეროდან არის. ურიგო არ არის არც მეთექვსმეტე საუკუნის სანდალის კოლოფი ლახორადან ხრახნილით “მაჰაბჰარატას” სიუჟეტიდან – და მერე ისეთი რამეები შეუბერა, რომ მალე კომისარს ცხვირში დაეწყო ძმარვა.

ბოლო მეზობელი კომისარმა ისე აირჩია, რასაც ჰქვია მიახლოებით. პირდაპირი მნიშვნელობით. საქმე ისაა, რომ დიდი ხანი არ იყო, რაც კომისარს მოუწია ერთი წარმტაცი, იტალიურიდან გადმოთარგმნილი წიგნის წაკითხვა. ვიღაც ჩეზარე ლომბროზომ, იტალიის ქალაქ ტურინის სასამართლო მედიცინის პროფესორმა დაამუშავა მთელი კრიმინალუირ თეორია, რომლის თანახმად დაბადებით ბოროტმოქმედები დამნაშავენი არ არიან თავიანთი ანტისაზოგადოებრივი საქციელისთვის. დოქტორ დარვინის ევოლუციონისტური თეორიის მიხედვით კაცობრიობა თავის განვითარებაში გაივლის გარკვეულ ეტაპებს, თანდათანობით უახლოვდება სრულყოფილებას. დამნაშავე კი – ევოლუციური წუნია, შემთხვევითი დაბრუნება განვითარების წინა საფეხურზე. ამიტომ პოტენციალური მკვლელის და მძარცველის ამოცნობა ძალიან მარტივია: მაიმუნს ჰგავს, რომლიდანაც ყველანი წარმოვიშვით. კომისრი დიდხანს ფიქრობდა წაკითხულზე. ერთის მხრივ, მკვლელებისა და მძარცველების ჭრელ ფენაში, რომელთანაც საქმის დაჭერა მოუწია პოლიციური სამსახურის ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში, მაინცდამაინც ყველა როდი ჩამოჰგავდა გორილებს, ისეთი ანგელოზებიც იყვნენ, რომ შეხედავ – შებრალების ცრემლები წამოგივა. მეორე მხრივ, მაიმუნების მაგვარებიც საკმაოდ იყო. თანაც ადამ და ევასი ბებერ გოშს, მტკიცე ანტიკლერიკალს, არა სწამდა. დარვინის თეორია უფრო საფუძვლიანად გამოიყურებოდა. აქ კიდევ, პირველი კლასის მგზავრებს შორის თვალში ერთი ტიპი მოხვდა – პირდაპირ სურათიდან “მკვლელის სახასიათო ტიპი”: დაბალი შუბლი, გადმოწეული წარბზემოთა რკალები, წვრილი თვალები, ქსუტუნა ცხვირი, შევიწროებული ნიკაპი. ჰოდა, კომისარმაც ითხოვა ეს ეტიენ ბუალო, ჩაის ვაჭარი “უინძორში” მოეთავსებინათ. აღმოჩნდა ჩინებული ადამიანი – მხიარული, თერთმეტი შვილის მამა და შეუვალი ფილანტროპი.

ისე გამოდიოდა, რომ პორტ-საიდშიც, ჰავრის მერე შემდეგ პორტშიც მამილო გოშის ცურვა არ დამთავრდება. გამოძიება გაიწელა. ამასთან მრავალწლიანი წინათგრძნობა ჰკარნახობდა კომისარს, რომ სულ ტყუილად წელავს, მთელ ამ პუბლიკაში არ არის ნამდვილი ფიგურანტი. იხატებოდა გულისამრევი პერსპექტივა ეცურა მთელი ამ წყეულ მარშრუტზე პორტ-საიდ – ადენი – ბომბეი – კალკუტა, კალკუტაში კიდევ პირველივე პალმაზე ჩამოიხრჩობს თავს. აბა, ნაცემი ძაღლივით ხომ არ დაბრუნდება პარიზში! კოლეგები სიცილით ჩაუკრავენ თვალს, ხელმძღვანელობა ცხვირზე ააფარებს პირველი კლასით მგზავრობას სახელმწიფოს ხარჯზე. პენსიაზე არ უკრან თავი ვადაზე ადრე...

პორტ-საიდში გოში გულს უწადინოდ გაკოტრდა დამატებითი ხალათით, რაკი ცურვა გრძელი გამოდიოდა, აღიჭურვა ეგვიპტური თამბაქოთი და უსაქმურობისგან სულ ორ ფრანკად ეტლით გაისეირნა სახელგანთქმული ყურის გასწვრივ. არაფერი განსაკუთრებული. კარგი შუქურაა, ორი წაგრძელებული ყორე. ქალაქი უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა


 არც აზიაა და არც ევროპა. შეხედავ სუეცის არხის გენერალ–გუბერნატორის სასახლეს


 თითქოს ევროპაა. ცენტრალურ ქუჩებზე სულ ევროპული სახეებია, ქალბატონები სეირნობენ თეთრი ქოლგებით, იარებიან ღიპგადმოგდებული მდიდარი ბატონები პანამებში და ჩალის კანოტებში. და ეტლმა რომ ადგილობრივების კვარტალში შეუხვია – იქ ცუდი სუნია, ბუზები, ნარჩენები ლპება, შავტუხა არაბი გამენები ხურდას გთხოვენ. და რატომ დაიარებიან მდიდარი უსაქმურები მოგზაურობაში? ყველგან ერთი და იგივეა: ერთნი სუქდებიან სიმაძღრისგან, მეორენი ხდებიან შიმშილისგან.

 

პესიმისტური დაკვირვებებითა და სიცხით დაღლილი კომისარი ხომალდზე ცხვირპირჩამომტირალი დაბრუნდა. აქ კიდევ როგორი წარმატება ელოდა


 ახალი კლიენტი. და ეტყობა, პერსპექტიული.

 

კომისრმა კაპიტანი მოინახულა, ცნობები შეაგროვა. მაშ, ასე, სახელი


 ერასტ პ. ფანდორინი, რუსეთის ქვეშევრდომი. რუსეთის ქვეშევრდომმა ასაკი რატომღაც არ აჩვენა. საქმიანობის გვარი – დიპლომატი. ჩამოვიდა კონსტანტინოპოლიდან, მიდის კალკუტაში, იქიდან იაპონიაში, სამსახურის ადგილზე. კონსტანტინოპოლიდან? აჰა, ალბათ, მშვიდობიან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რითაც დასრულდა ამასწინანდელი რუსეთ–თურქეთის ომი. გოშმა ყველა მონაცემი რიგიანად გადაიწერა ფურცელზე, ამოიღო კოლენკორის საქაღალდე, სადაც ინახებოდა საქმის ყველა მასალა. საქაღალდეს არასოდეს იშორებდა – გადაფურცლავდა, გადაიკითხავდა ოქმებს და საგაზეთო ამონაჭრებს, ჩაფიქრების წუთებში კი მინდვრებზე თევზებს და სახლებს ხატავდა. ეს საოცნებო ამოხეთქავდა ხოლმე გულის სიღრმიდან... აი, გახება დივიზიონის კომისარი, მაღალ პენსიას გამოიმუშავებს და იყიდიან ის და მადამ გოში კარგ სახლს სადმე ნორმანდიაში. გადამდგარი პარიზელი ძაღლი ითევზავებს და საკუთარ სიდრს დაწურავს. ცუდია განა? ეჰ, პენსიამდე პატარა კაპიტალიც რომ იყოს


 თუნდაც ერთი თორმეტი ათასი...

 

კიდევ ერთხელ მოუწია პორტის ნახვა, კიდევ კარგი ორთქლმავალი სუეცის არხში შესასვლელად თავის რიგს ელოდა, და დეპეშა გააგზავნა პრეფექტურაში: პარიზისთვის ცნობილი ხომ არ არის რუსი დიპლომატი ე. პ. ფანდორინი, ხომ არ გადაუკვეთავს ახლო ხანებში საფრანგეთის რესპუბლიკის საზღვრები?

პასუხი მალე მოვიდა, ორ-ნახევარ საათში. გაირკვა, რომ გადაუკვეთავს, ამ ჩვენ ძმას, და თანაც ორჯერ. პირველად 1876 წლის ზაფხულში (ჰო, ეს კარგი), და მეორედ 1877 წლის დეკემბერში, ანუ სამი თვის წინ. ჩამოვიდა ლონდონიდან, დარეგისტრირებულია პა–დე–კალეს საპასპორტო-საბაჟო კონტროლით. რამდენ ხანს იყო პარიზში, ცნობილი არ არის. სავსებით დასაშვებია, რომ თხუთმეტი მარტისთვის კიდევ პარიზში ტრიალებდა. შეეძლო ღიუ დე გრენელზეც შეევლო შპრიცით ხელში


 რას აღარ იხუმრებს ეშმაკი?

 

ურიგო არ იქნებოდა, ადგილი გავათავისუფლოთ მაგიდასთან. ყველაზე კარგი იქნებოდა, რასაკვირველია, ექიმის ცოლი მოეშორებინა თავიდან, მაგრამ ქორწინების წმინდა ინსტიტუტს ხომ არ დაესმხმის თავს. ცოტა იფიქრა და გოშმა გადაეწყვიტა სხვა სალონში გაეცურებინა ჩაის ვაჭარი – მაინც რომ არ გაამართლა თეორიული იმედები და როგორც შედარებით პერსპექტიული. დაე, ეგ გადასვას სტიუარდმა. სალონში არის ადგილი უფრო მნიშვნელოვან ბატონებთან ანდა უმჯობეს ქალბატონებთან. იმიტომ არის სტიუარდი, რომ მსგავსი რამეები მოაწყოს.

სალონში ახალი პერსონაჟის გამოჩენამ პატარა სენსაცია გამოიწვია – გზის განმავლობაში უკვე ყველამ მოასწრო საკმაოდ მოებეზრებინათ თავი ერთიმეორისთვის – აქ კიდევ ახალი ბატონია, და თან ასეთი იმპოზანტური. საბრალო მუსიე ბუალოზედ, ევოლუციის გარდამავალი ეტაპის წარმომადგენელზე, კითხვაც კი არ დაუსვამს ვინმეს. კომისარმა შენიშნა, რომ ყველაზე მეტად გამოცოცხლდა მისს კლარისსა სტამპი, ბერქალა: რაღაცას აქაქანდა მხატვრებზე, თეატრზე, ლიტერატურაზე. თავად გოშსაც უყვარდა მოცლილობისას სავარძელძე ჯდომა კარგი წიგნით ხელში, ყველა ავტორს ერჩივნა ვიქტორ ჰიუგო – ცხოვრებისეულიც არის, ამაღლებულიც და ცრემლსაც მოგწყვეტს. თანაც დიდებულად სთვლემ. თუმცა შრიალა სახელებიან რუს მწერლებზე, რა თქმა უნდა, არა გაუგია რა, ასე რომ, საუბარში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ოღონდ ტყუილად ფარცქვალებს ინგლისელი ქაშაყი, მისთვის მეტისმეტად ახალგაზრდაა Musie Fandorine.

რენატა კლებერიც არ იყო უმოქმედოდ – სცადა ეს ახალიც თავის კლევრეტების შტატში ჩაერიცხა, რომლებსაც დაუნდობლად დაარბენინებდა ხან შალისთვის, ხან ქოლგისთვის, ხანაც ჭიქა წყლისთვის. ვახშმის დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ მადამ კლებერმა უკვე გაანათლა რუსი მთელი თავისი დელიკატური მდგომარეობის მთელ პერიპეტიებში, შაკიკზეც დაიჩივლა და სთხოვა ექიმ ტრუფოსთან წასულიყო, რომელიც რაღაც იგვიანებდა. თუმცა დიპლომატი, ეტყობა, მაშინვე მიხვდა, ვისთან აქვს საქმე და თავაზიანად გაუმხილა, რომ ექიმს სახეზე არ იცნობს. დავალების შესასრულებლად მორჩილი ლეიტენანტი რანიე გავარდა, ყველაზე თავდადებული ბანკირის ფეხმძიმე ცოლის მომვლელებიდან.

ერასტ პეტროვიჩზე პირველი შთაბეჭდილება ასეთი იყო: მრავალსიტყვა არ არის, თავშეკავებულია, თავაზიანი. გოშის გემოვნებისთვის მეტისმეტად გამოწკეპილია. გაკრახმალებული საყელო ისე გაშეშებია, თითქოს ალებასტრისაა, აბრეშუმის ჰალსტუხზე მარგალიტის ქინძისთავია, საღილეში (ფუჰ შენი


 ვაჰ, შენი) ალისფერი მიხაკია. დავარცხნილ–დაწყობილი თმა, ნაპატივები თითები, დახვეწილი შავი ულვაში თითქოს ნახშირით მიუხატიაო.

 

ულვაშის მიხედვით კაცზე ბევრი დასკვნის გამოტანა შეიძლება. თუკი ამისთანაა, როგორიც გოშს აქვს, – ლომვეშაპური, პირის კუთხეებზედ გადმოკიდული, – ესე იგი, კაცი საფუძვლიანია, საკუთარი თავის ფასი იცის, ჩიტირეკია არ არის, ზიზილ–პიპილებით ამისთანას ვერ აიყვან. თუკი მაღლაა აგრეხილი, თანაც წაწვეტებული ბოლოებით, – ეს მეკაბეა და ბონვივანი. გაშვებული ბაკენბარდებით – პატივმოყვარე, გენერლობაზე, სენატორობაზე ან ბანკირობაზე ოცნებობს. და როცა ისეთია, როგორიც მუსიე ფანდორინს აქვს, – ეს საკუთარ პერსონაზე რომანტიკული წარმოდგენის ბრალია.

კიდევ რა შეიძლებოდა თქმულიყო რუსზე? ფრანგულად ჩინებულად ლაპარაკობს. სახასიათო დეტალი – ოდნავ ებმის ენა. ნიშანი როგორც არ ჰქონდა, ისევე არა აქვს. ყველაზე მეტი ინტერესი დიპლომატმა იაპონელის მიმართ გამოავლინა, ყველანაირ მოსაწყენ შეკითხვებს აძლევდა იაპონიაზე, მაგრამ სამურაი ჩადარაჯებული პასუხობდა, თითქოსდა რამე ხრიკს ელოდა. საქმე ის არის, რომ ახლადმოსულმა არ აუხსნა საზოგადოებას, სად და რატომ მიდის – უბრალოდ ახსენა თავისი სახელი და თქვა, რომ რუსია. კომისრისთვის რუსის ცნობისმოყვარეობა გასაგები იყო – აკი იაპონიაში უნდა ეცხოვრა. გოშმა წარმოიდგინა ქვეყანა, სადაც სუყველა ისეთია, როგორიც მუსიე აონო, ყველა ცხოვრობს თოჯინურ სახლებში აპრეხილი სახურავებით და უბრალო რამეზე მუცლებს იფატრავენ. მ-დაა, რუსისა არ შეგშურდება.

ვახშმის შემდეგ, როცა ფანდორინი განზე დაჯდა სიგარის მოსაწევად, კომისარი მეზობელ სავარძელში მოეწყო და ჩიბუხი გააბოლა. წინდაწინვე გოში პარიზელ რანტიედ წარუდგა ახალ ნაცნობს, ცნობისმოყვარეობის გამო აღმოსავლეთში რომ მოგზაურობდა (ასეთი ლეგენდა ჰქონდა). ახლა კი საუბარი საქმისკენ შეატრიალა, მაგრამ შორიდან მოვლით, ფრთხილად. თავის ლაცკანზე ოქროს ვეშაპს გაჰკრა ხელი (სწორედ ის, ღიუ გრენელიდან) და თითქოს სხვათაშორის თქვა, ლაპარაკის გასაბმელად:

– ლამაზი რამეა. რას იტყვით?

რუსმა ლაცკანს შეხედა, გაჩუმდა.

– სუფთა ოქროა. მდიდრული!


 შეაქო გოშმა.

 

ისევ მომლოდინე სიჩუმე, მაგრამ ძალზე თავაზიანი. უცდის კაცს, რას მოაყოლებს მერე. ცისფერი თვალები ყურადღებით უყურებენ. დიპლომატს კარგი კანი აქვს


 სუფთა ატამია. სიწითლე გოგოსავით მოსდებია. მაგრამ დედიკოს ბიჭი არ არის, ეს ეგრევე ჩანს.

 

კომისარმა ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა.

– ბევრს მოგზაურობთ?

მხრების გაურკვეველი აჩეჩვა.

– თქვენ ხომ, მგონი, დიპლომატიურ ნაწილში ხართ?

ფანდორინმა თავაზიანად დახარა თავი, ჯიბიდან გრძელი სიგარა ამოიღო, ვერცხლის დანით ბოლო მოაჭრა.

– და საფრანგეთშიც მოგიწიათ ყოფნა?

ისევ თავის დახრა თანხმობით. მუსიე რუსისგან უხეირო მოსაუბრე გამოდის, იფიქრა გოშმა, მაგრამ უკან დახევას არ აპირებს.

– პარიზი მე ყველაზე ძალიან ადრეულ გაზაფხულზე მიყვარს, მარტში, – ოცნებით წარმოთქვა მაძებარმა. – წლის საუკეთესო დროს!

ფხიზლად შეხედა თავის ვიზავის და შინაგანად მოიკრიფა – რას იტყვის?

ფანდორინმა ორჯერ დაუქნია თავი. გაუგებარია: ან უბრალოდ, ცნობად მიიღო, ანდა თანახმაა. უკვე გაბრაზება დაიწყო და გოშმა მტრულად შეიკრა წარბები.

– მაშ თქვენ ნიშანი არ მოგწონთ?

ჩიბუხი აშიშხინდა და ჩაქრა.

რუსმა მოკლედ ამოისუნთქა, ხელი ჟილეტის ჯიბეში ჩაიყო, ორი თითით ამოიღო ოქროს ვეშაპი და ბოლოსდაბოლოს ინება ბაგეთა გახსნა:

– როგორც ვხედავ, ჩემო ბატონო, თქვენ ჩემი ნიშანი გ-აინტერესებთ, არა? აი, ისიც, ინებეთ. არ ვიკეთებ, იმიტომ, რომ არ მსურს ბალთიან მეეზოვეს ვგავდე, თუმც კი ო-ქროსია. ეს ერთი. რანტიეს, მუსიე გოშ, თქვენ არ ჰგავხართ – მეტისმეტად დაგიჭენაობთ გამოხედვა. თანაც რატომ უნდა ატაროს პარიზელმა რანტიემ სამსახურის საქაღალდე? ეს ორი. რაკი თქვენთვის ჩემი საქმიანობა ცნობილია, ალბათ, ხელი მ-იგიწვდებათ ხომალდის დოკუმენტებთან. ეს სამი. ახლა კი მეოთხე. თუკი თქვენ ჩემთან რაიმეს გამორკვევა გინდათ, წაღმა-კუღმა კი ნუ მივლით, პირდაპირ მკითხეთ.

აბა, მოდი და ამისთანას ელაპარაკე.

გამოძვრომა მოუწია. გოშმა ნდობით მხარზე ხელი დაჰკრა უსაზღვროდ გამჭრიახ დიპლომატს, რომ არის ხომალდის შტატიანი დეტექტივი, მოწვეულია მგზავრთა უსაფრთხოებაზე საზრუნველად – მაგრამ გაუხმაურებლად და მთელი შესაძლო დელიკატურობით, რათა დახვეწილი საზოგადოების გრძნობები არ შეურაცხყოს. გაუგებარია, დაუჯერა თუ არა ფანდორინმა, თუმცა არაფრის გამოკითხვა არ დაუწყია.

არ არსებობს ცუდი კარგის გარეშე. ახლა კომისარს მოევლინა თუ თანამოაზრე არა, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში, თანამოსაუბრე მაინც, რომელსაც აქვს გასაოცარი დაკვირვების უნარი და გათვითცნობიერებული კაცი კრიმინოლოგიაში, რაც მეტად იშვიათად ხდება ხოლმე.

ისინი ხშირად ისხდნენ გემბანზე, ათვალიერებდნენ არხის დამრეც ნაპირებს, ეწეოდნენ (გოში – ჩიბუხს, რუსი – სიგარას) და ლაპარაკობდნენ სხვადასხვა საინტერესო თემაზე. მაგალითად – დამნაშავეების იდენტიფიკაციის და სამხილებლების ზეთანამედროვე მეთოდებზე.

– პარიზის პოლიცია თავის სამუშაოს აგებს მეცნიერების ბოლო სიტყვაზე, – დაიტრაბახა ერთხელ გოშმა. – იქ, პრეფექტურაში არის იდენტიფიკაციის საგანგებო სამსახური, რომელსაც უძღვება ახალგაზრდა გენიოსი ალფონს ბერტილიონი. მან დაამუშავა დამნაშავე ელემენტების რეგისტრაციის მთელი სისტემა.

– მე შევხვდი დოქტორ ბერტილიონს ჩემი ბოლო პ–პარიზული ვიზიტისას, – მოულოდნელად თქვა ფანდორინმა. – მან მიამბო თავის ანთროპომეტრულ მეთოდზე. ბერტილიონაჟი – მახვილგონივრული თეორიაა, ძალიან მახვილგონივრული. თქვენ უკვე დაიწყეთ პრაქტიკაში მისი დანერგვა? შედეგები როგორია?

– ჯერ არანაირი, – მხრები აიჩეჩა კომისარმა, – თავდაპირველად ბერტილიონაჟს ყველა რეციდივისტი უნდა დავუმორჩილოთ, ამას კი წლები დასჭირდება. ალფონსს განყოფილებაში ნამდვილი ბედლამი, საგიჟეთი აქვს: მოყავთ პატიმრები ბორკილებით, ზომავენ ყოველმხრივ, როგორც ცხენებს ბაზარში, მონაცემებს ბარათებზე იწერენ. სამაგიროდ მალე პოლიციას სამუშაო ძალიან გაუადვილდება. დავუშვათ, პოულობ გატეხვით ქურდობის ალაგზე მარცხენა ხელის აღნაბეჭდს. გაზომავ, მიდიხარ კარტოთეკასთან. აჰა, შუათითი სიგრძით ოთხმოცდაცხრა მილიმეტრი, ეძებე ნომერ მესამე სექციაში. იქ კი დარეგისტრირებულია შესაბამისი ზომის შუათითის ჩვიდმეტი გამტეხავი. მერე დიდი არაფერია: გადაამოწმე, იმათგან ვინ სად იყო ქურდობის დღეს და ის გააფართხალე, ვისაც ალიბი არა აქვს.

– ესე იგი, დამნაშავეები სექციებად იყოფიან შ–შუა თითის სიგრძის მიხედვით? – ცხოველი ინტერესით შეეკითხა რუსი.

გოშმა უმალვე ჩაიცინა ულვაშებში.

– იქ მთელი სისტემაა, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო. ბერტილიონი ყველა ადამიანს სამ ჯგუფად ჰყოფს – თავის ქალის სიგრძის მიხედვით. თითოეული ეს სამი ჯგუფი კიდევ სამ ქვეჯგუფად იყოფა – თავის ქალის სიგანის მიხედვით. ალბათ, ქვეჯგუფები სულ ცხრაა. ქვეჯგუფი, თავის მხრივ, იყოფა სამ სექციად – მარცხენა ხელის შუათითის ზომის მიხედვით. სექცია სულ ოცდაშვიდია. მაგრამ ჯერ სადა ხარ. თითო სექციაში სამი პაკეტია – მარჯვენა ყურის ზომის მიხედვით. რამდენი პაკეტი გამოდის? სწორია, ოთხმოცდაერთი. შემდგომი კლასიფიკაცია ითვალისწინებს სიმაღლეს, ხელების სიგრძეს, სიმაღლეს მჯდომარე მდგომარეობაში, ტერფის ზომას, იდაყვის ზომის სიგრძეს. სულ ცხრამეტი ათას ექვსას ოთხმოცდასამი კატეგორიაა! დამნაშავე, რომელმაც გაიარა სრული ბერტილიონაჟი და ჩვენს კარტოთეკაში მოხვდა, ვეღარასოდეს წაუვა მართლმსაჯულებას. წინათ თავის გემოზე იყო


 დაჭერისას გამოგონილი სახელი დაირქვი და პასუხს აღარ აგებ, რაც ადრე დაგიშავებია.

 

– ეს შესანიშნავია, – ფიქრიანად თქვა დიპლომატმა, – თუმცა ბერტილიონაჟი ძალიან ცოტას დაგვეხმარება კონკრეტული დ–დანაშაულის გამოაშკარავებაში, განსაკუთრებით თუკი კაცი ადრე დაპატიმრებული არა ყოფილა.

გოშმა ხელები გაშალა:

– ეს ის პრობლემაა, რომელსაც მეცნიერება ვერ გადაწყვეტს. სანამ არიან დამნაშავეები, ჩვენს გარეშე, პროფესიონალი მაძებრების გარეშე, ფონს ვერ გახვალ.

– გ–გსმენიათ თუ არა თითების ანაბეჭდებზე? – ჰკითხა ფანდორინმა და კომისარს ვიწრო, მაგრამ საკმაოდ მაგარი ხელის მტევანი აჩვენა მოქლიბული ფრჩხილებითა და ბრილიანტის ბეჭდით.

გოშმა ჯერ შურით შეხედა ბეჭედს (კომისრის წლიური ჯამაგირი, ნაკლები არ ეღირებოდა) და მერე გაიცინა:

– რამე ბოშური მკითხაობაა ხელისგულზე?

– სულაც არა. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ცნობილია, რომ პაპილარული ხაზების რელიეფი თითოეული ადამიანის თითების ბალიშებზე უნიკალურია. ჩინეთში მუშა–კულები დაქირავების შესახებ კონტრაქტს ტ–ტუშში ჩაწობილი დიდი თითის ანაბეჭდით ადასტურებენ.

– ჰო, თუკი თითოეული მკვლელი ისეთი თავაზიანი იქნება, რომ საგანგებოდ ჩააწებდა თითს ტუშში და დანაშაულის ადგილზე ანაბეჭდს დატოვებდა... – კომისარმა გულკეთილად გაიცინა. თუმცა დიპლომატი, როგორც ეტყობოდა, სულაც არ იყო განწყობილი ხუმრობისთვის.

– ბატონო ხომალდის დ–დეტექტივო, დაიმახსოვრეთ, რომ თანამედროვე მეცნიერებამ სარწმუნოდ დაადგინა: ანაბეჭდი რჩება თითის შეხებით ნებისმიერ მშრალ მაგარ ზედაპირზე. თუკი დამნაშავე ოდნავ მაინც შეეხო კარს, დანაშაულის იარაღს, ფანჯრის მინას, კვალიც დატოვა, რ–რომლის დახმარებით ბოროტმოქმედი შეიძლება გამოვამჟღავნოთ.

გოში ისევ ირონიზირებას აპირებდა, რომ საფრანგეთში ოცი ათასი დამნაშავეა და ყველას ორასი ათასი თითი აქვთ, დაბრმავდები ლუპაში ცქერით, მაგრამ გაჩუმდა. გაახსენდა ჩამსხვრეული ვიტრინა ღიუ დე გრენელის სახლში. გატეხილ მინაზე მრავალი თითის ანაბეჭდი დარჩა. თუმცა არავის არ მოსვლია თავში მათი გადაღება – ნამსხვრევები ნაგავში წავიდა.

ხედავ, სანამდე მივიდა პროგრესი? ეს რა გამოდის? ყველა დანაშაული ხომ ხელებით ხდება, არა? და ხელებს კიდევ, როგორც ჩანს, შეუძლიათ ფასიან დამსმენებზე არანაკლებ დაასმინონ! და ყველა ბანდიტს და ქურდს თითები რომ გადავუღოთ, ვეღარ გაბედავენ თავიანთი ჭუჭყიანი ხელებით რომელიმე შავ საქმეს მოეკიდონ! აქ დამნაშავეობასაც ბოლო მოეღება.

ასეთი პერსპექტივისგან თავი უბრუოდა.

 

 

რეჯინალდ მილფორდ–სტოუკსი.

 

2 აპრილი, 1878 წელი.

18 საათი 34 და 1/2 წუთი გრინვიჩით.

 

ჩემო ძვირფასო ემილი,

დღეს შევედით სუეცის არხში. წინა წერილში დაწვრილებით აღგიწერეთ პორტ–საიდის ისტორია და ტოპოგრაფია. ახლა კი თავს ვეღარ ვიკავებ, რომ არ გამოგიცხადოთ ზოგიერთი საინტერესო და ჭკუისსასწავლებელი ცნობა დიად არხზე, ადამიანის გრანდიოზულ ქმნილებაზე, რომელიც მომავალ წელს თავის ათი წლისთავს აღნიშნავს. თქვენთვის ცნობილია თუ არა, ჩემო სათაყვანო ცოლიკო, რომ ახლანდელი არხი ანგარიშით მეოთხეა, ხოლო პირველი გათხრილი იქნა ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნეში ქრისტეს შობამდე, დიად ფარაონ რამზესის მმართველობაში? როცა ეგვიპტე დაეცა, უდაბნოს ქარებმა კალაპოტი ქვიშით ამოავსეს, მაგრამ სპარსეთის მეფე დარიოსის დროს, ქრისტემდე ხუთასი წლით ადრე, მონებმა ახალი არხი გათხარეს, რომელიც ას ოცი ათასი ადამიანის სიცოცხლე დაჯდა. ჰეროდოტე წერს, რომ ამ არხზე ცურვა ოთხ დღეს იჭერდა და ორი შემხვედრი ტრირემა გვერდს ისე აუქცევდა ერთიმეორეს, რომ ნიჩბებიც კი არ შეეხებოდნენ. კლეოპატრას დამარცხებული ფლოტის რამდენიმე ხომალდი ამ გზით დაიმალა წითელ ზღვაში და ასე გაექცა მრისხანე ოქტავიანეს მძვინვარებას.

რომის იმპერიის დანგრევის შემდეგ დრომ და ქვიშამ ისევ გამოყვეს ატლანტის ოკეანე ინდოეთის ოკეანისგან ასმილიანი მერწევი კედლით, მაგრამ საკმარისი იყო ამ უნაყოფო მიწებზე წარმოშობილიყო წინასწარმეტყველ მაჰმადის მიმდევართა ძლიერი სახელმწიფო, რომ ადამიანებმა მაშინვე ნიჩაბსა და წერაქვს მოჰკიდეს ხელი. მე მივცურავ ამ მკვდარი მლაშობებისა და უკიდეგანო ბარხანების გასწვრივ, თან არ ვიღლები აღვფთოვანდე იმ ტომის ბრიყვული სიმამაცითა და ჭიანჭველისებრი შრომით, რომელიც დაუსრულებელ, გარდაუვალი დამარცხებისთვის განწირულ ბრძოლას აწარმოებდა ყოვლისშემძლე ქრონოსთან. ორასი წელი დადიოდნენ ხომალდები არაბეთის არხით, დატვირთულები ხორბლით, მერე კი მიწამ თავისი სახიდან აღხოცა საცოდავი ნაოჭი და უდბნომ დაიძინა ათასწლოვანი ძილით.

ახალი სუეცის მამა, სამწუხაროდ, ბრიტანელი კი არა, ფრანგი ლესეპსი გახდა, იმ ერის წარმომადგენელი, რომელსაც, ძვირფასო ემილი, მე ვეკიდები უღრმესი და სრულიად გამართლებული ზიზღით. ამ გაქნილმა დიპლომატმა დაიყოლია ეგვიპტის ნაცვალი ფირმანი მიეცა “სუეცის არხის საზღვაო არხის უნივერსალური კომპანიის” შესაქმნელად. კომპანიამ მიიღო მომავალი წყლის მაგისტრალის 99 წლიანი არენდის უფლება, ხოლო ეგვიპტის ხელისუფლებას ეკუთვნოდა მხოლოდ თხუთმეტი პროცენტი სუფთა შემოსავლისა! და ეს სულმდაბალი ფრანგები კიდევ ბედავენ და ჩვენ, ბრიტანელებს სხვა ერების მძარცველებს გვეძახიან! ბოლოსდაბოლოს, ჩვენ პრივილეგიებს მოვიპოვებთ ჩვენი ხმლით, ბინძურ გარიგებებს კი არ ვდებთ გაუმაძღარ ადგილობრივ მოხელეებთან.

ყოველდღიურად ათას ექვსასი აქლემი ეზიდებოდა დიადი არხის მთხრელი მუშებისთვის წყალს, მაგრამ ის საწყლები მაინც ათასობით იხოცებოდნენ წყურვილისგან, პაპანაქებისგან და გადამდებსენიანი დაავადებებისგან. ჩვენი “ლევიათანი” პირდაპირ გვამებზე მიცურავს. მე ასეც ვხედავ, რომ თითქოს ქვიშის ქვემოდან ყვითელი კბილებით იკრიჭებიან შიშველი, უთვალებო თავის ქალები. საჭირო გახდა ათი წელიწადი და თხუთმეტი მილიონი ფუნტი სტერლინგი, რათა ეს გრანდიოზული მშენებლობა დაესრულებინათ. სამაგიეროდ ახლა ხომალდი ინგლისიდან ინდოეთში თითქმის ორჯერ მოკლე გზას გადის, ვიდრე წინათ. სულ რაღაც ოცდახუთი დღე და ჩადიხარ ბომბეიში. დაუჯერებელია! და როგორი გაქანებაა! არხის სიღრმე აჭარბებს ას ფუნტს, ასე რომ, ჩვენი უშველებელი კიდობანიც კი უშიშრად მიცურავს, არ ეშინია მეჩეჩზე დაჯდომის.

დღეს სადილზე შეუკავებელი სიცილისგან დავიშალე, პურის ნატეხი გადამცდა, ხველება დამაწყებინა და მაინც ვერ დავმშვიდდი. ბედკრულმა კოხტაპრუწა რენიემ (უკვე მოგწერეთ მაგაზედ, “ლევიათანის” პირველი ლეიტენენტი გახლავსთ) ყალბი თანაგრძნობით მკითხა, რა არის ჩემი მხიარულების მიზეზი, მე კი უარესად ავხარხარდი. აბა, ხომ ვერ ვეტყოდი, რომელმა აზრმა გამამხიარულა. არხს ფრანგები აშენებდნენ, მთელი სიკეთე კი ჩვენ, ინლისელებს გვერგო. სამი წლის წინათ მისი უდიდებულესობის მთავრობამ ეგვიპტის ჰედივასგან აქციების საკონტროლო პაკეტი გამოისყიდა და ახლა სუეცზე ჩვენ ვმბრძანებლობთ, ბრიტანელები. და სხვათაშორის, არხის აქცია, რომელსაც ოდესღაც თხუთმეტ ფუნტად ჰყიდდნენ, ამჟამად სამი ათასი ფუნტი ღირს! როგორია? აბა, როგორ არ უნდა გაიცინო?

ისე კი, მართალია, თავი მოგაბეზრეთ ამ მოსაწყენი გარემოებებით. ჩემს განსჯაშიდ ნუ შეხვალთ, ჩემო ძვირფასო ემილი – სხვა მოცალეობა არა მაქვს გრძელი წერილების წერის გარდა. როდესაც კალამს ვაფხაჭუნებ ველენის ქაღალდზედ, მეჩვენება, რომ თქვენც აქვე ხართ და აუჩქარებლად ვლაპარაკობთ. იცით, ცხელი კლიმატის გამოისობით თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. უკვე აღარ მახსოვს ის კოშმარები, რომლებიც ღამ–ღამობით მესიზმრება. მაგრამ სიზმრები არსად გადაკარგულან – დილით, როცა ვიღვიძებ, საური, ანუ ბალიშისპირი ცრემებისგან არის სველი, ზოგჯერ კი კბილებითაც გახლავთს დაღრღნილი.

ეგ არაფერი. ყოველი ახალი დღე, გზის ყოველი მილი მაახლოვებს ახალ ცხოვრებასთან. იქ, ეკვატორის ალერსიანი მზის ქვეშ ეს საშინელი განშორება, სულს რომ მიღრღნის, ბოლოსდაბოლოს, დასრულდება. ო, მალე მაინც დამთავრდეს! აი, როგორ ვეღარ ვითმენ, რომ კიდევ შევხვდე თქვენს ნათელ, ნაზ გამოხედვას, ჩემო ძვირფასო მეგობარო.

კიდევ რით გაგართოთ? აი, თუნდაც ჩვენი “ლევიათანის” აღწერით – მშვენიერი თემაა. წინა წერილებში ძალიან ბევრს ვწერდი საკუთარ გრძნობებზე და სიზმრებზე და ჯერ კიდევ სრულად ვერ დაგიხატეთ ეს ბრიტანული საინჟინრო აზრის ტრიუმფი.

“ლევიათანი” უდიდესია სამგზავრო ხომალდებიდან მსოფლიო ისტორიაში, ოღონდ იმ კოლოსალური “გრეიტ-სტერნის” გამოკლებით, უკვე ოცი წელიწადია ატლანტიკის სივრცეებს რომ სერავს. ჟიულ ვერნს, რომელმაც “გრეიტ–ისტერნი” აღწერა წიგნში “მცურავი ქალაქი”, არ უნახავს ჩვენი “ლევიათანი” – მაშინ ბებერ “გ.-.”–ს “მცურავ სოფელს” დაარქმევდა. ის მხოლოდ ოკეანის ფსკერზე აწყობს სატელეგრაფო კაბელებს, “ლევიათანს” კი შეუძლია ათასი კაცი წაიყვანოს და ზედაც ათი ათასი ტონა ტვირთი გაიყოლოს. ამ ცეცხლით მსუნთქავი მონსტრის სიგრძე ექვსას ფუნტს აჭარბებს, სიგანე ოთხმოცს აღწევს. თქვენთვის ცნობილია თუ არა, ძვირფასო ემილი, როგორ იგება ხომალდი? თავიდან პლაზზედ ანაწილებენ, ანუ ხაზავენ საგანგებო ნაგებობად, პირდაპირ გასწორებულ იატაკზე, გემის ნახაზი ნატურალურ სიდიდეში. “ლევიათანის” ნახაზი ისეთი ზომისა იყო, რომ ბუკინჰემის სასახლის სიდიდის ბალაგანის აშენებამ მოუწიათ!

 

ამ ორთქლმავალ-აოცრებას გააჩნია ორთქლის ორი მაქანა, ორი მძლავრი ბორბალი ბორტებზე და კიდევ გიგანტური ხრახნი კიჩოზე. ექვსი ანძა, ლამის ცაში რომ ადის, აღჭურვილია იალქნების სრული კომპლექტით და ზურგის ქარისას, ზედაც სრული სამანქანო სვლისას ხომალდი ანვითარებს თექვსმეტი კვანძის სიჩქარეს! ორთქლმავალზე გამოყენებულია გემთმშენებელი მრეწველობის ყოველი უახლოესი მიღწევა. მათ შორის


 ორმაგი მეტალური კორპუსი, რომელიც ხომალდს გადაარჩენს კლდეზე შეჯახების დროსაც კი; საგანგებო გვერდითი კილები, რყევას რომ ამცირებენ; სრული ელექტრონული განათება; წყალშეუვალი მონაკვეთები; უშველებელი მაცივრები გამომუშავებული ორთქლისთვის – ყოვლისფერს ვერც კი ჩამოსთვლი. ადამიანის გამომგონებლური და დაუცხრომელი გონების მთელი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება კონცენტრირებულია ამ ქალაქ ხომალდზე, უშიშრად რომ მიაპობს ზღვის ტალღებს. გუშინ, ჩემი ძველი ჩვეულებისამებრ, წმინდა წერილი გადავშალე ალალბედზე და გაოგნებული დავრჩი


 თვალში მეცა სტრიქონები ლევიათანზე, მრისხანე ზღვის ურჩხულზე იობის წიგნიდან. შევკრთი, რაგდან უცებ მივხვდი, რომ იქ ლაპარაკი სულაც არ არის ზღვის გველზე, როგორც ძველები სთვლიდნენ, და არცა კაშალოტზე, როგორც ახლანდელი რაციონალისტები მიიჩნევენ


 არა, ბიბლიაში უცხადესი ლაპარაკია სწორედ იმ “ლევიათანზე”, რომელმაც თავის თავზე აიღო ჩემი გაყვანა წყვდიადიდან და საშინელებიდან ბედნიერებაში და სინათელში. თავად განსაჯეთ: “ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის კოჭობად აქცევს; თავის უკან ასხივებს ბილიკს, ჭაღარად ჩნდება ზღვის მორევი; არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის გაჩენილი; ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე”. ორთქლის ქვაბი, მდუღარე საცხებელი – ესე იგი, მაზუთი, ჭაღარად ჩნდება ზღვის მორევი – ესე იგი კიჩოს უკან ადევნებული კვალი. ეს ხომ თვალნათელია!

 

და მე შემეშინდა, ძვირფასო ემილი. ამ სტრიქონებში არის რაღაც მრისხანე გაფრთხილება – ან პერსონალურად ჩემთვის, ანდა “ლევითანის” მგზავრებისადმი, ანთუ სულაც მთელი კაცობრიობისადმი. ბიბლიის მხრივ სიამაყე ხომ ცუდი რამეა? და თუკი ადამიანი თავისი ტექნიკური სათამაშოებით “ყოველი მაღლის მჭვრეტელია”, ამას რაიმე კატასტროფული შედეგები ხომ არ ექნება? მეტისმეტი ხომ არ ვიამაყეთ ჩვენი მჭრელი ჭკუით და მარჯვე ხელებით? საით მივყავართ ჩვენ ყველა ამპარტავნობის მეფეს? წინ რა გველოდება?

და ლოცვანი გადავშალე, რომ მელოცა – პირველად დიდი, დიდი ხნის შემდეგ. უცებ ვკითხულობ: “იმას ჰფიქრობენ, რომ მათი სახლები მარადიულია, და მათი საცხოვრებლები გვარ–გვარად არის, და თავიანთ მიწებს საკუთარ სახელებს არქმევენ. მაგრამ ასეთი კაცი პატივში არ იქნება; და ემსგავსება ცხოველთ, რომლებიც იხოცებიან. და მათი გზა მათივე უგნურებაა, თუმცა მათი მიმდევარნი იმათ ფიქრებს ამართლებენ”.

მაგრამ როცა მისტიკური გრძნობით მოცულმა აკანკალებული ხელით გადავშალე წიგნი მესამედ, ჩემი აღგზნებული მზერა მიაჩერდა რიცხვთას მოსაწყენ ალაგს, სადაც ბუჰხალტერული ჩაკირკიტებით ჩამოთვლილია ისრაელელთა თაობების მსხვერპლის შეწირვა. და მე დავმშვიდდი, დავრეკე ვერცხლის ზარი და სტიუარდს ვუბრძანე, ცხელი შოკოლადი მოეტანა.

ის კომფორტი, რომელიც ხომალდის იმ ნაწილში მეფობს, მაღალი საზოგადოებისთვის რომ არის განკუთვნილი, წარმოსახვას აცამტვერებს. ამ კუთხით “ლევიათანს” ნამდვილად არა ჰყავს სწორი. წარსულს ჩაბარდა დროება, როცა ინდოეთში ან ჩინეთში წამსვლელი მოგზაურები ვიწრო, ბნელ ოთახებში შეიყუჟებოდნენ ხოლმე ერთიმეორის თავზე. თქვენ იცით, ჩემო საყვარელო ცოლიკო, რა მძაფრად არის ჩემში განვითარებული კლაუსტოფობია, მაგრამ “ლევიათანზე” თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ტემზის გაშლილ საწყლისპიროზედ ვიყო. აქ ყველაფერია მოწყენილობისთვის ბრძოლის გასამართავად: საცეკვაო დარბაზიც, მუსიკალური სალონიც კლასიკური მუსიკის კონცერტებისთვის, არცთუ ურიგო ბიბლიოთეკა. პირველი კლასის კაიუტები თავისი მოწყობილობით არაფრით ჩამოუვარდება ლონდონის საუკეთესო ოტელებს. ხომალდზე ასი ამისთანა კაიუტაა. ამას გარდა მეორე კლასის ექვსასადგილიანი ორას ორმოცდაათი კაიუტა (იქ არ შემიხედავს – ვერ ვიტან სიღარიბეს), და, ამბობენ, რომ კიდევ არის ტევადი სატვირთო ტრიუმები. მხოლოდ მომსახურენი, თუკი მატროსებს და ოფიცრებს არ ჩავალთ ანგარიშში, “ლევიათანზე” ორას კაცზე მეტია – სტიუარდები, მზარეულები, ლაქიები, მუსიკოსები, მოსამსახურეები. წარმოგიდგენიათ, სულაც არ ვნანობ, რომ თან ჯერემი არ წამოვიყვანე. ეგ უსაქმური სულ სხვის საქმეებში ჰყოფდა ხოლმე ცხვირს, აქ კი ზუსტად თერთმეტ საათზე მოდის მოახლე, ალაგებს და ჩემს ყველა დავალებას ასრულებს. ეს მოხერხებული და გონივრულია. თუ დაგჭირდა, შეგიძლია ზარით გამოიძახო ლაქია, რათა ჩაცმაში მოგეხმაროს, მაგრამ მე ამას ზედმეტად ვთვლი


 თავად ვიცმევ და ვიხდი. ჩემს არყოფნაში მოსამსახურეს სასტიკად ეკრძალება შემოსვლა, და გასვლისას კარზე სათანადო მაჩვენებელს ვკიდებ. მეშინია ჯაშუშებისა. მერწმუნეთ, ძვირფასო ემილი, ეს გემი კი არ არის, არამედ ნამდვილი ქალაქი და ყველანაირი ვიგინდარა აქ საკმაოდაა.

 

ორთქლმავალზე ცნობები ძირითადად შეკრებილია ლეიტენანტ რენიეს ახსნა–განმარტებებიდან, რომელიც თავისი ხომალდის დიდი პატრიოტია. სხვათაშორის, საკმაოდ უსიმპატიო კაცია და მასზედ სერიოზული ეჭვი მაქვს მიტანილი. მთელს ძალისხმევას იმაზედ ჰხარჯავს, რომ ჯენტლმენად მომაჩვენოს თავი, მაგრამ მე ვერ გამაცურებ


 ბრიყვების ჯიშს ყნოსვით ვგრძნობ. კარგი შთაბეჭდილება რომ დაეტოვა, ამ სუბიექტმა თავის კაიუტაში მიმიპატიჟა. მეც შევიხედე – იმდენად ცნობისმოყვარეობით არა, რამდენადაც სურვილისგან, შემეფასებინა იმ საფრთის ხარისხი, რომელსაც შესაძლოა წარმოადგენდეს ეს ტურტლიანი ბატონი (მისი გარგნობის გარემოებებზედ იხილე ოცი მარტით დათარიღებული ჩემი წერილი). ვითარება ღარიბულია, რომელიც უფრო მეტად გეცემათ თვალში ბონტონურობისკენ უგემოვნო მიდრეკილებით (ჩინური ვაზები, ინდური მოსაწევი მოწყობილობა, კედელზე ზღვის უვარგისი პეიზაჟი და სხვა). მაგიდაზე, რუკებისა და ნავიგაციურ ხელსაწყოებს შორის – დიდი ფოტოგრაფიული პორტრეტია ქალისა. წარწერა ფრანგულად: “შვიდი ფუტი კილის ქვეშ, ძვირფასო! ფრანსუაზა ბ.” ვკითხე, ცოლი ხომ არ არის მეთქი. აღმოჩნდა – დედა. გულისშემძვრელი კია, მაგრამ ეჭვებს ვერ მოხსნის. მე კვლავინდებურად ვაპირებ კურსის გაზომვები ყოველ სამ საათში თავადვე ვაწარმოო, მიუხედავად იმისა, რომ ღამეში ორჯერ მომიწევს აგდომა. რასაკვირველია, ვიდრე სეუცის არხში მივცურავთ, ეს თითქოს ზედმეტია, მაგრამ არ მსურს სექტანტთან ქცევის ჩვევები დავკარგო.

 

დრო საკმაოდ გამაჩნია და ჩემი მოცალეობა წერილების შეთხზვის გარდა იმ ამაოების ბაზარზედ დაკვირვებას ხმარდება, რომლითაც ყოვლისმხრივ ალყაში ვარ მოქცეული. ადამიანურ ტიპთა ამ გალერეაში გვხვდებიან ძალზედ დაკავებულნი. სხვებზედ უკვე მოვიწერე, გუშინ ჩვენს სალონში ახალი სახე გამოჩნდა. წარმოიდგინეთ, რუსი გახლავსთ. სახელად – ერასტ ფანდორინი. თქვენ იცით, ემილი, რა მიმართება მაქვს რუსეთთან, ამ მახინჯ წარმონაქმნთან, ნახევარ ევროპას და აზიის მესამედს რომ ჰფარავს. რუსეთი ესწრაფვის მთელს მსოფლიოში გაავრცელოს თავისი რელიგია, რაიც ქრისტიანობის პაროდია გახლავსთ და თავისი ბარბაროსული ზნე–ჩვეულებები, და ალბიონი ერთადერთი დაბრკოლებაა ამ ახალი ჰუნების გზაზედ. რომ არა მისი უდიდებულესობის მთავრობის განუხრელი პოზიცია ამჟამინდელ აღმოსავლურ კრიზისში, მეფე ალექსანდრე თავისი დათვისებური თათებით მიიხვეტდა ბალკანეთსაც და...

მოკლედ, ამაზედ უკვე მოგწერეთ და არ მინდა განვმეორდე. ამასთან პოლიტიკაზე ფიქრები ავად მოქმედებენ ჩემს ნერვებზედ. ახლა რვას უკლია ოთხი წუთი. როგორც უკვე გაცნობეთ, “ლევიათანი” ადენამდე ბრიტანული დროით ცოცხლობს, ამიტომ რვაზე აქ უკვე ღამეა. წავალ გაზომავ გრძედსა და განედს, მერე ვივახშმებ და წერილს გავაგრძელებ.

თერთმეტის თექვსმეტი წუთი.

ვხედავ, მისტერ ფანდორინზე არ დამისრულებია. წარმოიდგინეთ, რომ მომწონს – მიუხედავად თავისი ნაციონალობისა. კარგი მანერები აქვს, ბევრს არ ლაპარაკობს, მოსმენა ხელეწიფება. ეტყობა, იმ ფენას განეკუთვნება, რომელსაც რუსეთში იტალიურ სიტყვით მოიხსენიებენ ინტელლიგენზია, რომელიც, ვგონებ, ევროპულად რომ გადმოვთარგმნოთ, განათლებული კლასი გამოვა. დამეთანხმებით, ძვირფასო ემილი, რომ საზოგადოება, რომელსიდაც ევროპული კლასი მოსახლეობის განსაკუთრებულ ფენად გამოიყოფა და ამასთან უცხოური სიტყვით მოიხსენიება, ამაოდ შეიძლება მივაკუთვნოთ ცივილიზებულთა თანრიგს. წარმომიდგენია, რამხელა უფსკრული აშორებს ადამიანურად განათლებულ მისტერ ფანდორინს რომელიმე წვერიანი Kossack-სგან ანდა Muzhik–ისგან, რომლებიც ამ თათრულ-ბიზანტიურ იმპერიაში მოსახლეობის ოთხმოცდაათ პროცენტს შეადგენენ. მეორე მხრივ, ამგვარმა დისტანციამ უჩვეულოდ უნდა აამაღლოს და გააკეთილშობილოს განათლებული და მოფიქრალი ადამიანი. ამის თაობაზედ კიდევ საჭირო იქნება ჩაფიქრება.

მომეწონა, თუ როგორ ელეგანტურად მოაქცია ალყაში მისტერ ფანდორინმა (სხვათაშორის, აღმოჩნდა, რომ დიპლომატია – ეს ბევრ რამეს ჰფენს ნათელს) აუტანელი ხეპრე გოში, რომელიც ამტკიცებს, რომ რანტიე გახლავსთ, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობა: ეს ტიპი რაღაც ბიძური საქმეებით არის დაკავებული. არ გამიკვირდება, თუკი იმისთვის მოდის აღმოსავლეთში, რომ პარიზის ავაზაკთა ბუნაგებისთვის ოპიუმი და ეგზოტიკური მოცეკვავეები შეიძინოს. [ბოლო ფრაზა გადახაზულია]. ვიცი, ძვირფასო ემილი, რომ თქვენ ნამდვილი ლედი ბრძანდებისთ და არ ეცდებით იმის წაკითხვას, რაც გადახაზულია. პატარაზედ გადავუხვიე და რაღაც დავსწერე, რაიც თქვენთა ბრძნულთა თვალთა ღირსი არ გახლავსთ.

ჰოდა, დღევანდელს ვახშამზედ. ფრანგი ბურჟუა, ამ ბოლოხანს რომ გამამაცდა და რაღაც მეტისმეტად ყბედი შეიქმნა, თვითკმაყოფილი პირისახით შეუდგა მოხუცებულობის უპირატესობის მტკიცებას ახალგაზრდობაზედ. “აი, მე ყველა აქ მყოფზედ ხნიერი გახლავარსთ, – თქვა უცაბედად, სოკრატესავით, – ჭაღარა, შეშუპებული, მაინცდამაინც კარგი ვეღარ, მაგრამ არ იფიქროთ, ბატონებო და ქალბატონებო, მამილო გოში დათანხმდებოდა რომელსამე თქვენგანთან ალაგის გაცვლაზედ. როცა მე ყოყოჩ ახალგაზრდობას ვხედავ, სიბერის წინაშე თავისი სილამაზით და ძალით, თავისი სიჯასაღით რომ მოჰკვეხს, ოდნავადაც არა მშურს. მერე რა, ვფიქრობ, დიდი ამბავი, მასეთი ხომ მეც ვიყავი ოდესღაც. აი, შენ კი, გვრიტო, ჯერ არავინ იცის, გასძლებ თუ ვერა ჩემს სამოცდაორ წლამდე. მე უკვე ორჯერ ბედნიერი ვარ, ვიდრე შენ შენი ოცდაათი წლით, რაკიღა ამქვყნად ორჯერ მეტხანს მომიწია ცხოვრება”. და ღვინო მოწრუპა, ძალიან ამაყობდა თავისი აზროვნების ორიგინალობითა და მოჩვენებითი ლოგიკური ურყევობით. აქ მისტერ ფანდორინი, აქამომდე პირიც რომ არ გაუღია, უცებ გადაჭარბებული სერიოზულობით ნაღმს უდებს: “ლაპარაკიც არ უნდა, რომ სწორედ მასეა, ბატონო გოშ, თუკი სიცოცხლეს აღმოსავლური აზრით განვიხილავთ როგორც ყოფნას ყოფიერების ერთ წერტილში და მარადიულ “ახლაში”. მაგრამ არსებობს სხაგვარი განსჯაც, ადამიანის სიცოცხლეს ერთიან და მთლიან ნაწარმოებად რომ აფასებს, რომელზე მსჯელობაც შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ბოლო ფურცელიც ჩაიკითხება. ამასთან ნაწარმოები შესაძლოა გრძელი იყოს, როგორც ტეტრალოგია, ანდა მოკლე, როგორც ნოველა. თუმცა ვინ მოჰყვება მტკიცებას, რომ სქელი და უხამსი რომანი აუცილებლად ფასეულია მოკლე და მშვენიერ ლექსზე?” ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ეს ჩვენი რანტიე, რომელიც ნამდვილად სქელი და უხამსია, ვერც კი მიხვდა, რომ მასზე იყო ლაპარაკი. მაშინაც კი, როცა მისს სტამპმა (სულელი არ არის, მაგრამ საკმაოდ უცნაური არსებაა) ჩაიხითხითა, მე კი საკმაოდ ხმამაღლა ჩავიფრუტუნე, ფრანგი მაინც ვერ მოვიდა აზრზე – თავის აზრზედ დარჩა, რაზედაც პატივი და ქება ერგება.

მართალია, შემდეგ საუბარში, დესერტს რომ შევექცეოდით, გოშმა ჩემთვის განსაკვირველად ჯანსაღი აზროვნება გამოავლინა. რეგულარული განათლების არარსებობას მაინც გააჩნია თავისი უპირატესობები: ავტორიტეტებით დაუბორკავ განსჯას ხანდისხან ხელეწიფება საინტერესო და მართებული დაკვირვებების გაკეთება.

თავად განსაჯეთ. ამების მაგვარმა მისის ტრუფომ, ჩვენი ჯომარდი ექიმის ცოლმა, ისევ დაუწყო მოგურგურება “პაწუკას” და “ანგელოზს”, რომლითაც მალე გააბედნიერებს თავის ბანკირს მადამ კლებერი. ვინაიდან მისის ტრუფო ფრანგულად ვერ ლაპარაკობს, მისი დაშაქრული სენტენციების თარგმნა ოჯახურ ბედნიერებაზედ, რომელიც წარმოუდგენელია “ციცქნა ცეროდენას” გარეშე, მის ბედკრულ მეუღლეს მოუწია. გოშმა იხვნეშა–იხვნეშა და მერე უცებ გამოაცხადა:L”არ შემიძლია, დაგეთანხმოთ, მადამ. ჭეშმარიტად ბედნიერ წყვილს ბავშვები სულაც არ სჭირდება, ანუ ქმარსა და ცოლს სავსებით ჰყოფნისთ ერთიმეორე. კაცი და ქალი


 ორი უთანასწორო ზედაპირივით არის, თითოეული თავისი ბორცვაკებითა და ჩათელილი ალაგებით. თუკი ზედაპირები ერთმანეთზე მჭიდროდ არ არის შეტყუპებული, მაშინ წებოა საჭირო, უიმისოდ კონსტრუქციას, ანუ ოჯახს ვერ შეინარჩუნებ. ჰოდა, ბავშვები სწორედ ის წებო არიან. და თუ ზედაპირები იდეალურად შეერთდა, ბორცვი ღრმულში, წებო აღარ არის საჭირო. ავიღოთ თუნდაც მე და ჩემი ბლანში. ოცდაცამეტი წელიწადი გვრიტებივით ვიცხოვრეთ, შეხმატკბილებულად. რად გვინდა შვილები? უიმათოდაც დიდებული იყო”. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ემილი, ქადაგების ტალღის ქოთქოთი, მარადიული ფასეულობების დამამხობელს რომ დაატყდა თავზე. ყველაზედ მეტი გულმოდგინეობა თავად მადამ კლებერმა გამოიჩინა, თავის წიაღში პატარა შვეიცარიელს რომ ზრდიდა. იმისი რიგიანი, ყველანაირად დასანახად გამოფენილი მუცელის დანახვაზედ კრუნჩხვა მეწყება. ჰოდა, შიგნით მოკუნტულად მყოფ მინი–ბანკირს ვხედავ, ამოწკეპილი ულვაშითა და გაბერილი ლოყებით. დროის განმავლობაში კლებერების წყვილს უეჭველად გაუჩნდება შვეიცარიის გვარდიის მთელი ბატალიონი.

 

უნდა გამოგიტყდეთ, ჩემო ნაზად თაყვანსაცემო ემილი, გულს მირევს ფეხმძიმე ქალების სანახაობა. საძაგლები არიან! ეს უაზრო-ცხოველური ღიმილი, ეს მდაბიური მუდმივი დაყურადება საკუთარი სტომაქისა! ვცდილობ მადამ კლებერიდან შორს დავიჭირო თავი. შემომფიცეთ, ძვირფასო, რომ ჩვენ არასდროს გვეყოლება შვილები. სქელი ბურჟუა ათასგზის მართალია! რა საჭიროა ბავშვები? ჩვენ ხომ ისედაც უსაზღვროდ ბედნიერები ვართ. საჭიროა მხოლოდ დაველოდოთ ამ იძულებითს განშორებას.

თუმცა თერთმეტს უკლია ორი წუთი. დროა აზომვა გავაკეთო.

ჯანდაბა! მთელი კაიუტა გადავაქოთე. ჩემი სექსტანტი გაქრა. ეს ბოდვა არ არის! ზანდუკში იდო, ქრონომეტრთან და კომპასთან ერთად, ახლა კი აღარ არის! მეშინია, ემილი! ო, მე წინდაწინ ვგრძნობდი! გამართლდა ჩემი უარესი ეჭვები!

რატომ? რისთვის? ისინი ნებისმიერი სიბილწისთვის მზად არიან, ოღონდ არ დაუშვან ჩვენი შეხვედრა! ახლა როგორღა შევამოწმო, როგორი კურსით მიდის ორთქლმავალი? რენიემ წაიღო, ვიცი! შევამჩნიე, როგორი თვალებით შემომხედა, როცა გასულ ღამეს გემბანზე დაინახა ჩემი მანიპულაციები სექსტანტით. არამზადა!

წავიდე კაპიტანთან, მოვითხოვო შურისძიება. და თუკი ორივენი შეთქმულნი არიან? ღმერთო, ღმერთო, შემიწყალე.

პაუზის გაკეთებამ მომიწია. ისე ავღელდი, რომ იძულებული შევიქმენ, დოქტორ ჯენკინსის გამოწერილი წვეთები მიმეღო. და, როგორც მან მიბრძანა, სასიამოვნო რამეზედ დავიწყე ფიქრი. იმაზე, თუ მე და თქვენ როგორ ვისხდებით თეთრ ვერანდაზე და შორს დავიწყებთ ცქერას, ვეცდებით გამოვიცნოთ, სად მთავრდება ზღვა და სად იწყება ცა. თქვენ გაიღიმებთ და მეტყვით: “ძვირფასო რეჯი, აი, ჩვენ ერთად ვართ”. მერე კაბრიოლეტში ჩავსხდებით და სანაპიროს გაყოლებაზე გავსწევთ სასეირნ...

 

ღმერთო, რას მივედ–მოვედები! რა კაბრიოლეტი!

მე ურჩხული ვარ, და შენდობა არა მაქვს.

 

 

რენატა კლებერი

 

მშვენიერ გუნებაზე გამოიღვიძა. გულითადად გაუღიმა მზის ყურცქვიტა სხივს, ბალიშით გამობერილ მრგვალ ლოყაზე რომ შემოსცოცებოდა, მერე მუცელს დააყურადა. ნაყოფი წყნარად იყო, მაგრამ ძალიან მოუნდა ჭამა. საუზმემდე მთელი ორმოცდაათი წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ რენატა მოთმინებით ვერ დაიკვეხნიდა, ხოლო მოწყენა არ შეეძლო. დილ-დილაობით ძილი ისევე საჩქაროდ სტოვებდა, როგორც საღამოობით დაატყდებოდა ხოლმე – ბუტერბროდებად დაწყობილ ხელიეგულებზე მისდებდა თავს და მომდევნო წამში უკვე ხედავდა სასიამოვნო და მხიარულ სიზმარს.

ჩიტირეკიული სიმღერით საწყალ ჟორჟეტზე, მესაყვირე რომ შეუყვარდა, რენატამ დილის ტუალეტი მოითავა, ლავანდის ნაყენით გაიწმინდა ნამძინარევი სახე, მერე კი სწრაფად და მარჯვედ დაივარცხნა: შუბლზე სწორად ჩამოიყარა ნაწილი; სქელი, წაბლისფერი თმა გლუვ კვანძად დაიხვია, საფეთქლებზე კიდევ ორი ცალად ჩამოუშვა. სწორედ ის გამოვიდა, რაც საჭირო იყო – მოკრძალებულად და კოხტად. ილუმინატორში გაიჭვრიტა. ისევ იგივე: თანაბრად მოარშიებული არხი, ყვითელი ქვიშა, საბრალო სოფლის თეთრი, თიხითნალესი ქოხები. სიცხე იქნება. ესე იგი, თეთრი, ფურფუჭელებიანი კაბა, ჩალის ქუდი წითელი ბაფთით და ქოლგა არ დაავიწყდეს – საუზმის მერე დაუყოვნებელი მოციონი. სხვათაშორის, ქოლგით სიარული ეზარება. რა უჭირს, ვინმე მოუტანს.

რენატა შესამჩნევი კმაყოფილებით დატრიალდა სარკის წინ, გვერდულად დადგა, მუცელზე დაიქაჩა კაბა. მართალი ითქვას, ჯერ–ჯერობით საყურებელიც არა იყო რა.

ფეხმძიმის უფლებით საუზმეზე დადგენილზე ადრე მივიდა – ოფიციანტები ჯერ კიდევ აწობდნენ სუფრას. რენატამ დაუყოვნებლივ მოითხოვა, რომ მოერთმიათ ფორთოხლის წვენი, ჩაი, ფუნთუშების რქები კარაქით და ყველაფერი დანარჩენი. როცა გამოჩნდა მაგიდის მეზობელთაგან პირველი – სქელი მუსიე გოში, აგრეთვე დილის ტოროლა, – მომავალი დედა უკვე გაუმკლავდა სამ რქას და სოკოებიან ომლეტს ეპარებოდა. “ლევიათანზე” რაიმე კონტინენტური კი არა, ნამდვილი ინგლისური საუზმე მოჰქონდათ: როსტბიფი, კვერცხის კერძები, პუდინგი და ფაფა. კონსორციუმის ფრანგულ ნაწილს მხოლოდღა კრუასანები წარმოადგენდა. სამაგიეროდ, სადილად და ვახშმად მენიუში განუხრელად ბატონობდა ფრანგული სამზარეულო. აბა, “უინძორის” სალონში თირკმელებს ხომ არ მიიტანდნენ ბარდით?

კაპიტნის პირველი თანაშემწე, როგორც ყოველთვის, ზუსტად ცხრაზე გამოცხადდა. მზრუნველად დაინტერესდა თუ როგორ გრძნობდა თავს მადამ კლებერი. რენატამ იცრუა, რომ ცუდად ეძინა და თავს სრულიად დათრგუნულად გრძნობს, ხოლო ეს ყველაფერი იმის გამოისობით, რომ ილუმინატორი ცუდად იღება და სული ეხუთება. ლეიტენანტი რენიე აწრიალდა, დაჰპირდა, რომ პირადად შეივლის და უწესრიგობას აღმოფხვრის. კვერცხს და როსტბიფს თანაშემწე არა ჭამდა


 რაღაც ჭკვიანურ დიეტას იცავდა და ძირითადად მწვანილეულით იკვებებოდა. ამის გამო რენატას ეცოდებოდა.

 

ნელ–ნელა გამოჩნდნენ დანარჩენებიც. საუზმეზე საუბარი, როგორც წესი, დუნე გამოდიოდა ხოლმე – ისინი, ვინც ასაკში იყვნენ, ჯერ კიდევ ვერ გამოგონებულიყვნენ საძაგლად გატარებული ღამის შემდეგ; ახალგაზრდებს კი ჯერაც არ გაღვიძებოდათ საბოლოოდ. თავშესაქცევი იყო დაკვირვება, თუ როგორ სთავაზობდა კერძებს გაფაციცებული კლარისა სტამპი მორიდებულ დიპლომატს. რენატამ თავი გადააქნია: ასე რატომ უნდა მოისულელო თავი. ეგ ხომ შენ, საყვარელო, შვილად გერგება, ეს იმპოზანტური ჭაღარა ისე აქვს. ასეთი ლამაზი კაცი შეგფერის, შე ბებერო პრანჭია?

ყველაზე ბოლოს ჟღალთმიანი გიჟი (თავისთვის ასე ეძახდა რენატა ინგლისელ ბარონეტს) მოვიდა. თმა ბღუჯა–ბღუჯა ადგას, თვალები დაწითლებია, პირის კუთხე დაუხტის – საზარლობაა და საშინელება. მაგრამ მადამ კლებერს მისი ოდნავადაც არ ეშინია, ხოლო თუ შემთხვევა მიეცემოდა, ხელიდან არ გაუშვებდა, რომ მსუბუქად არ დაეცინა. აი, ახლაც მიამიტ-თბილი ღიმილით გიჟს სარძევე გაუწოდა დასასხმელად. მილფორდ–სტოუკსმა (რა სახელი აქვს!), როგორც მოსალოდნელი იყო, უმალ გასწია თავისი ფინჯანი. რენატამ გამოცდილებით იცოდა, რომ ახლა სარძევეს აღარ მიეკარება, მარტო ყავას შესვამს.

– რა გან-განზე ხტით, პატივცემულო? – ათრთოლებული ხმით თქვა, – ნუ გეშინიათ, ფეხმძიმობა ავი სნეულება არაა. – და ყოველგვარი ხმისკანკალის გარეშე დაამთავრა, – ყოველ შემთხვევაში, კაცებისთვის.

გიჟმა ანთებული მზერა ესროლა, რომელიც შემხვედრზე – გასხივოსნებულზე და წყნარზე – შიშხინით ჩაქრა. ლეიტენანტმა რენიემ ხელისგულით დამალა სიცილი, რანტიემ ჩაიფხუკუნა. იაპონელსაც კი გაეღიმა რენატას გამოხდომაზე. მართალია, ეს მუსიე აონო სულ იღიმის, მიზეზის გარეშეც კი. შეიძლება მაგათთან, იაპონელებთან ღიმილი მხიარულებას კი არა, რაღაც სულ სხვას ნიშნავს. მაგალითად, მოწყენილობას ანდა ზიზღს.

სიცილი რომ მოათავა, მუსიე აონომ თავისი ჩვეულებრივი საქციელი ჩაიდინა, რისგანაც მაგიდის მეზობლებს ლამის გულ–მუცელი ამოუტრიალდათ: ჯიბიდან ქაღალდის სახოცი ამოიღო, ხმამაღლა მოიწმინდა შიგ ცხვირი, შეახვია და სველი შეკვრა რიგიანად დადო თავისი გამოსაცვლელი თეფშის კიდეზე. დატკბი ახლა ამ იკებანით. იკებანაზე რენატამ პიერ ლოტის რომანში წაიკითხა და დაიმახსოვრა ეს მჟღერი სიტყვა. საინტერესო იდეაა – უბრალოდ კი არ შეკრა თაიგულები, არამედ ფილოსოფიური აზრით.

– თქვენ რომელი ყვავილები გიყვართ? – შეეკითხა ექიმ ტრუფოს.

იმან თავის ჯაგლაგს გადაუთარგმნა შეკითხვა, მერე მიუგო:

– სამფერა ია.

და პასუხიც გადათარგმნა: პანსიეს.

– ჭკუას ვკარგავ ყვავილებზე! – წამოიძახა მის სტამპმა (გამომივიდა ეგეც ინჟენიუ).


 ოღონდ ცოცხლები. ყვავილებიან მდელოზე მიყვარს სეირნობა! მე უბრალოდ გული მისკდება, როცა ვხედავ, თუ როგორ ჭკნებიან და ფურცლები სცვივათ საცოდავ მოჭრილ ყვავილებს! ამიტომ არავის მივცემ უფლებას, რომ თაიგულები მომართვას. – და მიბნედილი მზერა მშვენიერი რუსისკენ მიაპყრო.

 

ეგ რომ არ გეთქვა, ისე ხომ სულ თაიგულებში ჩაგძირავდნენ, გაიფიქრა რენატამ, ხმამაღლა კი გამოაცხადა:

– ჩემის აზრით, ყვავილები ღვთის ქმნილებათა გვირგვინებია და აყვავილებული მდელოს გათელვა დანაშაულად მიმაჩნია.

– პარიზის პარკებში ეს სწორედ რომ დანაშაულად ითვლება, – წარმოთქვა მუსიე გოშმა. – სასჯელი ათი ფრანკი. და თუკი ქალბატონები ჩიბუხის გაბოლების ნებას მისცემენ ბებერ ხეპრეს, ერთ გასართობ ამბავს გიამბობთ ამ თემაზე.

– ო, ქალბატონებო, შემწყნარებლობა გამოიჩინეთ! – ა-ლა დიზრაელის მაგვარი წვერის ცახცახით შესძახა შუშაბანდებიანმა ინდოლოგმა სვიტჩაილდმა. – მუსიე გოში ხომ დიდებული მთხრობელია!

ყველა ფეხმძიმე რენატასკენ მიბრუნდა, რომელზეც დამოკიდებული იყო გადაწყვეტილება და იმანაც ჩვეულებისამებრ შუბლზე გადაისვა ხელი. არა, თავი ოდნავადაც არა სტკიოდა – რენატა სასიამოვნო მომენტს იხანგრძლივებდა. თუმცა ამბის მოსმენა იმასაც აინტერესებდა და ამიტომ მსხვერპლის გამღების გამომეტყველებით დაუქნია თავი:

– კარგი, მოსწიეთ. ოღონდ ვინმემ გამინიავოს მარაოთი.

რაკი კაპასმა კლარისამ, მდიდრული სტრაუსის მარაოს მფლობელმა, ისეთი სახე მიიღო, რომ თითქოს ეს იმას არ ეხებოდა, იაპონელს მოუწია დაბერვა. გინტარო აონო გვერდით ჩამოუჯდა და ისეთი გულმოდგინებით მოჰყვა გაჭირვებულის ცხვირის წინ თავისი ნათელი და პეპლებიანი მარაოს ქნევას, რომ ერთი წუთის მერე ამ კალეიდოსკოპისგან რენატას მართლა გაურატრატდა თავი. იაპონელმა მეტისმეტი მონდომებისთვის რეპრიმანდი მიიღო.

რანტიე კი თავის გუნებისად გაიშალა, სურნელოვანი ბოლის ღრუბელი გამოუშვა და მოყოლას შეუდგა:

– თუნდ დაიჯერეთ, თუნდ არა, მაგრამ ამბავი ნამდვილია. ლუქსემბურგის ბაღში ერთი მებაღე მსახურობდა, მამილო პიკარი. ორმოცი წელიწადი რწყავდა და კრეჭდა ყვავილებს, და პენსიამდინ სულ სამიდე წელი რჩებოდა. ერთ დილასაც მამილო პიკარი სარწყავით გამოვიდა, ხედავ – ტიტების ყვავილნარზედ ფრაკიანი ბატონი დაწოლილა. გაიჭიმა ადრიან მზეზედ, მოეწყო. ეტყობა, ღამით დროის გამტარებელია – ალიონამდე ქეიფს ეწეოდა, შინამდე კი ვეღარ მიაღწია, კისერი მოსტყდა. – გოშმა თვალები მოწკურა, იქ მყოფთ ცბიერი გამოხედვა მიაპყრო. – პიკარი, რასაკვირველია, გაბრაზდა


 ტიტები გათელილია – და ეუბნება: “ადექით, მუსიე, ამ ჩვენს პარკში ყავივლნარზე წოლა არ შეიძლება! ამაზედ ჯარიმას ვიღებთ, ათ ფრანკს”. დარდიმანდმა ცალი თვალი გაახილა, ოქროს მონეტა ამოიღო. “აჰაო, ეუბნება, ბერიკაცო და თავი დამანებე. კარგა ხანია ეგრე კარგად აღარ დამისვენია”. მებაღემ მონეტა კი გამოართვა, მაგრამ თავად არ მიდის. “ჯარიმა კი გაისტუმრეთ, მაგრამ თქვენი აქ დატოვების უფლება არა მაქვს. კეთილი ინებეთ და ადექით”. აქ ფრაკიანმა ბატონმა მეორე თვალიც დაახილა, თუმცა ადგომას არ ჩქარობს. “რამდენი უნდა გადაგიხადო, რომ მზე არ მომიჩრდილო? ნებისმიერ თანხას ვიხდი, თუკი დამეხსნები და ერთი საათით წათვლემის უფლებას მომცემ”. მამილო პიკარმა კეფა მოიქექა, რაღაც აწონ–დაწონა ჭკუაში, ტუჩები ააცმაცუნა. “მაშ, კარგიო, ეუბნება, თუკი თქვენ, ბატონო, გსურთ შეიძინოთ ერთი საათის კოტრიალი ლუქსემბურგის ბაღის ყვავილნარში, ეს დაგიჯდებათ ოთხმოცდაოთხი ათასი ფრანკი და არც ერთი სუთი ნაკლები”.


 ზორბაულვაშიანმა ფრანგმა მხიარულად გაიღიმა და თავი გადააქნია, თითქოს მებაღის თავხედობით იყო აღტაცებული.


 და არც ერთი სუთი ნაკლებიო, ეუბნება. აი, ასე. ახლა კი უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს დარდიმანდი ბატონი უბრალო კაცი კი არა, თავად ბანკირი ლაფიტი იყო, მთელს პარიზშიდ უმდიდრესი ადამიანი. სიტყვის ტყუილად თქმას დაჩვეული არ გახლდათ, თქვა “ნებისმიერი თანხა” და რა უნდა ექნა. სამარცხვინო იყო, ყავარზე გაედო კუდი და თავისი სიტყვიდან გადასულიყო. მაგრამ არც ამხელა ფულის მიცემა ეხალისებოდა ნებისმიერი პირველი შემხვედრი თავხედისთვის. რა უნდა ექნა? – გოშმა მხრები აიჩეჩა, გართულების უკიდურესი ხარისხი გამოხატა. – ლაფიტმაც აიღო და უთხრა: “კარგი, ბებერო გაიძვერავ, მიიღებ შენ იმ ოთხმოცდაოთხ ათასს, ოღონდ ერთი პირობით: დამიმტკიცე, რომ ამ შენს მაიმუნურ ყვავილნარზე ერთი საათით წოლა ნამდვილად ამდენი ღირს. და ვერ დაგიმტკიცებია – ახლავ ავდგები, ამ ტროსტით გვედებს აგინთებ და ეს წვრილმანი ხულიგნობა ორმოცი ფრანკი დამიჯდება ადმინისტრაციული ჯარიმით”. – შერეკილმა მილფორდ–სტოუკსმა ხმამაღლა გაიცინა და თანხმობის ნიშნად ჟღალი კულულები აუქანავდა, ხოლო გოშმა მოწევისგან გაყვითლებული თითი ასწია: დაიცადეო რა და რა გიხარია, ჯერ არ დამთავრებულაო. – და როგორ გგონიათ, ქალბატონებო და ბატონებო? მამილო პიკარს სულაც არ დაურცხვენია, ბალანსის გამოყვანას შეუდგა. “ნახევარ საათში, ზუსტად რვაზე ბაღის ბატონი დირექტორი მოვა, დაგინახავთ ყვავილნარზე და ყვირილს დაიწყებს, რომ აქედან გამოგიყვანოთ. მე ამას ვეღარ ვიზამ, რადგან თქვენ გადამიხდით ნახევარი საათისას კი არა, მთელი საათისას. ბატონ დირექტორთან კამათს დავიწყებ და ისიც სამსახურიდან გამაგდებს პენსიონის და გამოსასვლელი საშუალების გარეშე. მე კიდევ სამი წელიღა დამრჩა პენსიამდე. პენსია ათას ორასი ფრანკი მერგება წელიწადში. მშვიდად ცხოვრებას ესე ოც წლამდე ვაპირებ, ეს უკვე ოცდაოთხი ათასია. სახელმწიფო ბინიდან მე და ჩემ მეუღლეს ამოგვწერენ. საკითხავია, სად ვიცხოვროთ? სახლია საყიდელი. და მოკრძალებული სახლი სადმე ლუარაში ყველაზე ნაკლებ კიდევ ერთ ოცი ათასამდე გაქაჩავს. ახლა, ბატონო, ჩემს რეპუტაციაზეც იფიქრეთ. ამ ბაღში ორმოცი წელიწადი პატიოსნად და მუხლჩაუხრელად ვიმუშავე, და ნებისმიერი გეტყვით, რომ მამილო პიკარი – ალალმართალი კაცია. და როგორი ლაფი დამესხმება ამ თეთრ თმაზე. ეს ხომ ქრთამია, მოსყიდვა! და ვფიქრობ, ათასი ფრანკი ალალმართალი სამსახურის თითოეული წლისთვის ბევრი არ არის მორალური კომპენსაციის კუთხით. ჰოდა, სულ ოთხმოცდაოთხი ათასი გამოდის”. გაიცინა ლაფფიტმა, ყვავილნარში უფრო მოხერხებულად მოთავსდა და ისევ დახუჭა თვალები. “მოდი ერთ საათში, – ეუბნება, – გადაგიხდი შენ ფულს, ბებერო მაიმუნო”. აი, ასეთი დიდებული ამბავია, ბატონებო და ქალბატონებო.

 

 

– ესე იგი, ალალმართალი მუშაობის თითო წელი ა–ათას ფრანკად წავიდა? – გაიცინა რუსმა დიპლომატმა. – ძვირი არ არის. ეტყობა, რაკი მთლიანად ჰყიდიდა, იმიტომ დაუკლო.

იქ მყოფებმა ცოცხლად დაიწყეს მონაყოლის განხილვა, საპირისპირო აზრებს გამოთქვამდნენ, რენატა კი ინტერესით მიაჩერდა მუსიე გოშს, რომელმაც კმაყოფილი სახით გახსნა თავისი შავი საქაღალდე, შეგრილებული შოკოლადი მოსვა და ქაღალდები ააშრიალა. საინტერესო ეგზემპლარია ეს პაპა, ვერაფერს იტყვი. და რა საიდუმლოებები აქვს ამისთანა? რატომ აიფარა იდაყვი?

რენატას დიდი ხანია მოსვენებას უკარგავდა ეს საკითხი. მომავალი დედის უფლებით რამდენჯერმე სცადა კიდეც, რომ მხარს ზემოდან ჩაეხედა გოშისთვის, მაგრამ არსაითი ულვაშა საკმაოდ უხეშად ცხვირწინ დაუხურავდა ხოლმე დოსიეს, თან თითითაც ემუქრებოდა – არ შეიძლებაო.

თუმცა დღეს ერთი რაღაცა მოხდა. როცა მუსიე გოში, ჩვეულებრივ, სხვებზე ადრე წამოდგა მაგიდიდან, მისი საიდუმლო საქაღალდიდან უხმაუროდ გამოცურდა ერთი ფურცელი და ჩუმად დაეშვა იატაკზე. რომელიღაც დარდიან ფიქრებში წასულმა რანტიემ ეს ვერ შენიშნა და სალონიდან გავიდა. კარი ჯერ არ დახურულიყო, რომ რენატამ მკვირცხლად წამოსწია სკამიდან წელისკენ ოდნავ გაგანიერებული სხეული. მაგრამ მარტო ის არ გამოდგა ამისთანა დაკვირვებული. კარგად აღზრდილი მისს სტამპი, – ვერ უყურებ, როგორი ცქვიტი ყოფილა – პირველი მივარდა ფურცელთან.

– აჰ, ბატონ გოშს მგონი რაღაც დაუვარდა! – წამოიძახა, მკვირცხლად აიღო ქაღალდი და ხარბად ჩახედა თავისი მახვილი თვალებით. – წამოვეწევი, დავუბრუნებ.

მაგრამ მადამ კლებერმა ქაღალდის კუთხე მოიგდო მაგარ თითებში და გაშვებას არ აპირებდა.

– ეს რა არის? – შეეკითხა. – გაზეთის ამონაჭერი? რა საინტერესოა!

მალე ორივე ქალბატონის გარშემო ყველა იქმყოფი მოგროვდა, მხოლოდ ყეყეჩი იაპონელი ინიავებდა თავისი მარაოთი და მისის ტრუფოც დაყვედრებით უმზერდა ამგვარ აშკარა შეჭრას პრივაცყ–შიდ.

ამონაჭერი ასე გამოიყურებოდა:

 

 

“საუკუნის დანაშაული”: ახალი მოსახვევი?

 

ათი ადამიანის ეშმაკისეული მკვლელობა, უკვე მესამე დღეა რომ მოხდა გრენელის ქუჩაზე, პარიზელთა ჭკუას აფორიაქებს. აქამდე ორი ვერსია იმარჯვებდა: ექიმ–მანიაკზე და სისხლისმწყურვალ ფანატიკოს ინდუსთა სექტაზე, ღმერთ შივაზედ რომ ჰლოცულობდა. თუმცაკი ჩვენმა “სუარმა”, დამოუკიდებელ გამოძიებას რომ აწარმოვებს, შესძლო დაედგინა ახალი გარემოებები, რომელნიც, შესაძლოა, საქმეს სულ სხვა მიმართულებას აძლევენ. აღმოჩნდა, რომ ბოლო კვირას განსვენებული ლორდი ლიტლბი ორჯერ მაინც დაინახეს საერთაშორისო ავანტიურისტის, მარი სანფონის საზოგადოებაში, რომელიც ბევრი ქვეყნის პოლიციისთვის კარგად გახლავსთ ცნობილი. ბარონმა დე მ., მოკლულის უახლოესმა მეგობარმა განაცხადა, რომ მილორდი გატაცებული იყო ერთი ქალბატონით და თხუთმეტი მარტის საღამოს, როგორც სჩანს, აპირებდა სპაში წასვლას რომელიღაც რომანტიკულ პაემანზედ. ქალბატონ სანფონთან ხომ არ იყო დანიშნული ეს შეხვედრა, რომელსაც ხელი შეუშალა ნიკრისის ქარების შემოტევამ, ასე უდროოდ რომ შეემთხვა ბედკრულ კოლექციონერს? რედაქცია თავის თავზედ ვერ აიღებს საკუთარი ვერსიის გამოთქმის სითამამეს, თუმცა თავის მოვალეობად სთვლის, კომისარ გოშის ყურადღება მიაპყროს ამ შესამჩნევ გარემოებას. დაელოდეთ ჩვენს ახალ ცნობებს ამ თემაზედ.

 

ქოლერის ეპიდემია სუსტდება.

 

ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური სამმართველო აცხადებს, რომ ქოლერის კერები, რომელთან ბრძოლაც ზაფხულიდან მომდინარეობს, საბოლოოდ ლოკალიზებულია. პარიზელ მედიკოსთა ენერგიულმა პროფილაქტიკურმა ზომებმა დადებითი შედეგი მოგვცეს, და შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სახიფათო დაავადების ეპიდემია, ჯერ კიდევ ივლისში რომ დაიწყო.

– ეს რად უნდა? – შუბლი შეიჭმუხნა შეფიქრიანებულმა რენატამ.


 რომელიღაც მკვლელობა, თანაც ქოლერა.

 

– მოკლედ, ქოლერა აქ ნამდვილად არაფერ შუაშია, – თქვა პროფესორმა სვიტჩაილდმა. – უბრალოდ გვერდია ასე მოხეული. ეს, რასაკვირველია, ღიუ დე გრენელზე მომხდარ მკვლელობას ეხება. ნუთუ არა გსმენიათ რა? ყველა გაზეთი წერდა ამ გახმაურებულ საქმეზე.

– მე გაზეთებს არ ვკითხულობ, – ღისეულად მიუგო მადამ კლებერმა. – ჩემს მდგომარეობაში ეს ძალიან მანერვიულებს. ყოველშემთხვევაში, რაში მარგია ათასნაირი სისაძაგლის გაგება.

– კომისარი გოში? – ერთხელ კიდევ ჩახედა შენიშვნას და ლეიტენანტმა რენიემ თვალები მოჭუტა. – ეს ჩვენი მუსიე გოში ხომ არ არის?

მისის სტამპმა ამოიკვნესა:

– შეუძლებელია!

ამ დროს ექიმის ცოლიც მიუახლოვდათ. ნამდვილი სენსაცია გამოდიოდა და ყველა ერთბაშად ალაპარაკდა:

– პოლიცია, აქ ფრანგული პოლიციაა ჩარეული! – აღტკინებით წამოიძახა სერ რეჯინალდმა.

რენიემ ჩაილაპარაკა:

– იმიტომ არის, რომ კაპიტანი სულ მეკითხება ხოლმე სალონ “უინძორზე”...

მისტერ ტრუფო ჩვეულებისამებრ უთარგმნიდა თავის მეუღლეს, რუსი კი ამონაჭერს დაუფებოდა და ყურადღებით სწავლობდა.

– ინდოელ ფანატოკოსებზე – აბსოლუტური სისულელეა, – გამოაცხადა სვიტჩაილდმა. – მე თავიდანვე ამას ვამტკიცებდი. ჯერ ერთი, შივას მიმდევრებში არავითარი სისხლისმწყურვალი სექტა არ არსებობს. და მეორეც, როგორც ცნობილია, სტატუეტი აღმოაჩინეს. რელიგიური ფანატიკოსი სენაში გადააგდებდა?

– ჰო, ოქროს შივაზე გამოცანაა, – თავი დაუქნია მისის სტამპმა. – წერდნენ, რომ ეს ლორდ ლიტლბის კოლექციის მარგალიტია. მართალია, ბატონო პროფესორო?

ინდოლოგმა უმალ აიჩეჩა მხრები:

– რა მოგახსენოთ, ქალბატონო. ლორდ ლიტლბის კოლექცია ახლახანს შეიქმნა, ოცი წლის წინათ. ამ დროის მანძილზე ძნელია რაიმე შესანიშნავი იშოვნო. ამბობენ, განსვენებული საკმაოდ გამდიდრდა სიპაების აჯანყების ჩახშობისას 1857 წელს. ეს სახელგავარდნილი შივა, მაგალითად, ლორდს “აჩუქა” ვიღაც მაჰარაჯამ, რომელსაც აჯანყებულებთან შარიშურისთვის სამხედრო–საველე სასამართლო ელოდა. ლიტლბიმ ხომ მრავალი წელიწადი იმსახურა ინდოეთის სამხედრო პროკურატურაში. რასაკვირველია, მის კოლექციაში ბევრი ფასეული ნივთია, მაგრამ საკმაოდ უთავბოლო შერჩევაა.

– მიამბეთ, ბოლოსდაბოლოს, რატომ მოკლეს ეგ თქვენი ლორდი? – მოითხოვა რენატამ. – აი, არც მუსიე აონომ იცის რამე, ხომ მართალია? – მხარდასაჭერად მიუბრუნდა იაპონელს, ყველასგან განცალკევებით რომ იჯდა.

იაპონელმა მხოლოდ ტუჩებით გაიღიმა და თავი დაუკრა, ხოლო რუსმა ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს აპლოდისმენტს უპირებდა:

– ბრავო, მადამ კლებერ. თქვენ სავსებით მართებულად გამოყავით ყველაზე მ–მთავარი შეკითხვა. მე ამ საქმეს თვალს ვადევნებდი პრესიდან. და დანაშაულის მიზეზი, ჩემი აზრით, აქ ყველაზე მ–მნიშვნელოვანია. თავსატეხის გასაღები იქ იმალება. სწორედ “რატომ”! რა მიზნით მოკლეს ცხრა კაცი?

– აჰ, ამაზე ადვილი არაფერია! – მხრები აიჩეჩა მისის სტამპმა. – ჩანაფიქრი იყო, რომ კოლექციიდან ყველაფერი ფასეული მოეპარათ, თუმცა დამნაშავემ სიმშვიდე დაკარგა, როცა მოულოდნელად გადაეყარა პატრონს. ხომ იცოდა, რომ ლორდი შინ არ იყო. ალბათ, სულ სხვაა შპრიცის ჩხვლეტა და სულ სხვა კიდევ, კაცს რომ თავი გაუტეხო. სხვათაშორის, არ ვიცი, არ გამომიცდია. – მხრები შეათამაშა. – ბოროტმოქმედს ნერვებმა უმტყუნა და საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ხოლო რაც შეეხება გადაგდებულ შივას... – მისის სტამპი ჩაფიქრდა. – შესაძლოა, ეს სწორედ ის მძიმე საგანია, რითაც ბედკრულ ლიტლბის თავის ქალა ჩაუმსხვრიეს. ალბათ, დამნაშავისთვის მთლად უცხო არ გახლავთ ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობები და ვერ აიტანა მკვლელობის იარაღი ხელში ანდა შეეშინდა კიდეც. საწყლისპირომდე მიაღწია და სენაში ისროლა.

– მკვლელობის იარაღზე გეთანხმებით? – მხარი დაუჭირა დიპლომატმა. – მეც ამავე აზრისა ვარ.

შინაბერამ სიამოვნებისგან ამოიხვნეშა და დაუფარავად შეიშმუშნა, რაკი რენატას დამცინავი გამოხედვა დაიჭირა.

– You are saying outrageous things, – ნათქვამის თარგმანი რომ მოისმინა, კლარისა სტამპს მოუჭრა ექიმის ცოლმა. –  Shouldn   t we find a more suitable subject for take talk? (“საშინელ რაღაცეებს ლაპარაკობთ. საუბრისთვის უფრო შესაფერის თემა ხომ არ მოგვეძებნა?” – ინგლ.).

მაგრამ უფერული არსების მოწოდება უყურდღებოდ დარჩა.

– ჩემი აზრით კი, აქ ყველაზე გამოუცნობია მსახურთა სიკვდილი! – კრიმინალისტურ დისკუსიაში ჩაება აყლაყუდა ინდოლოგი. – როგორ მისცეს საშუალება, რომ ნებისმიერი საძაგლობა ეჩხვლიტათ? სინამდვილეში, პისტოლეტით მუქარის შედეგად ხომ არა? მათ შორის ხომ ორი მცველი იყო და თითოეულს ტყავის ბუდე ეკიდა რევოლვერით. აი, სად არის თაქვსატეხი!

– მე მაქვს ჩემი ჰიპოთეზა, – ღირსეული გამომეტყველებით წარმოთქვა რენიემ. – და მზად ვარ, დავიცვა კიდეც, სადაც გნებავთ. ღიუ დე გრენელზე დანაშაული ჩადენილია იმ ადამიანის მიერ, ვინც ჰფლობს წარმოუდგენელ მესმერულ ნიჭს. მსახურები მესმერული ტრანსის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ეს ერთადერთი ესაძლო ახსნაა! “ცხოველური მაგნეტიზმი” – საშინელი ძალაა! გამოცდილი მანიპულატორი რასაც უნდა, იმას გაგიკეთებთ. დიახ-დიახ, მადამ, – ლეიტენანტმა მიმართა ეჭვით გაწეულ მისის ტრუფოს, – აბსოლუტურად ყველაფერი.

– Not if he is dealing with a lady (“ოღონდ მაშინ ვერა, როცა საქმე ლედისთან აქვს” – ინგლ.), – მკაცრად მიუგო მან.

მთარგმნელის როლით გადაღლილმა მისტერ ტრუფომ ცხვირსახოცით მოიწმინდა დანაოჭებული შუბლი და მეცნიერული მსოფლმხედველობის დასაცავად გამოიდო თავი.

– ნება მიბოძეთ, არ დაგეთანხმოთ, – დამარცვლა ფრანგულად და თანაც საკმაოდ ძლიერი აქცენთით. – ბატონი მესმერის სწავლება დიდი ხანია მეცნიერულად შეუმდგარად გახლავთ აღიარებული. მესმერიზმის ძალა, ანუ, როგორც ახლა უწოდებენ, ჰიპნოტიზმა, მეტისმეტად გადაჭარბებულია. პატივცემულმა მისტერ ჯეიმს ბრეიდმა ჩინებულად დაამტკიცა, რომ ჰიპნოზურ ზემოქმედებას ემორჩილებიან მხოლოდ ფსიქიკურად აშლილი ინდივიდუმები, თანაც ისიც იმ შემთხვევაში, თუკი სრულიად ენდობიან ჰიპნოტიორს და თანახმანი არიან, ჩაუტარდეთ ჰიპნოზური სეანსი.

– როგორ გეტყობათ, ძვირფასო ექიმო, რომ აღმოსავლეთში არ გიმოგზაურიათ! – თეთრი კბილები გამოაჩინა რენიემ. – ნებისმიერ ინდურ ბაზარში ფაკირი მესმერული ხელოვნების ისეთ საოცრებებს გაჩვენებთ, რომ ყველაზე მკტიცე სკეპტიკოსს თვალები შუბლზე აუვა. და ფოკუსებზე აღარაფერს ვამბობ! ერთხელ ყანდაღარში სახალხო ეგზეკუციას ვუყურე. მუსულმანური კანონით ქურდობა ისჯება მარჯვენა ხელის მოკვეთით. ეს პროცედურა იმდენად მტანჯველია, რომ ბევრი მტკივნეული შოკისგან კვდება. იმჯერად ქურდობისას პატარა ბავშვი იყო დაჭერილი. რაკიღა მეორედ დაიჭირეს, მოსამართლეს მეტი გზა აღარ ჰქონდა, ქურდის მომზადება მოუწიათ შარიათით დადგენილი კანონით დასასჯელად. მაგრამ მოსამართლე კეთილი კაცი იყო და ბრძანა, ის დერვიში მოეყვანათ, რომელიც თავისი სასწაულმოქმედი ნიჭით იყო ცნობილი. დერვიშმა საფეთქლებით დაიჭირა სასჯელმისჯილი, თვალებში ჩახედა, რაღაც უჩურჩულა – და ბიჭუნა დამშვიდდა, აღარ კანკალებდა. სახეზე უცნაური ღიმილი აუთამაშდა, რომელიც მაშინაც კი არ გამქრალა, როცა ჯალათის სეკირამ ხელი იდაყვში მოჰკვეთა! და ეს ჩემი თვალით ვნახე, გეფიცებით.

რენატა გაბრაზდა:

– ფუჰ, რა საზიზღრობაა! ერთი თქვენც, შარლ და ეგ თქვენი აღმოსავლეთიც. ახლა ცუდად გავხდები!

– მაპატიეთ, მადამ კლებერ! – მოიბოდიშა ლეიტენანტმა. – მე მხოლოდ იმის დამტკიცება მინდოდა, რომ ამასთან შედარებით რაღაც ჩხვლეტები – არაფერია.

– მაინც უფლებას მივცემ საკუთარ თავს, რომ არ დაგეთანხმოთ... – ჯიუტი ექიმი თავისი თვალსაზრისის დასაცავად მოემზადა, მაგრამ ამ დროს სალონის კარი გაიხსნა და შემოვიდა ან რანტიე, ანდა პოლიციელი – მოკლედ, მუსიე გოში.

ყველა ცოტა უხერხულად შებრუნდა მისკენ, თითქოს უჩვეულო საქმიანობაში წაასწრესო. გოშმა გამჭრიახი მზერა მოატარა ყველას, ის საბედისწერო ამონაჭერი დიპლომატის ხელში შეამჩნია და მოიღრუბლა.

– აი, სად ყოფილა... სწორედ ამისი მეშინოდა.

რენატა ჭაღარაულვაშიან პაპასთან მივიდა, ეჭვით შეათვალიერა თავიდან ფეხებამდე და მიახალა:

– მუსიე გოშ, ნუთუ თქვენ პოლიციელი ხართ?

– სწორედ ის კომისარი გოში, რ–რომელსაც “საუკუნის დანაშაულის” გამოძიება მიჰყავდა? – შეკითხვა დააზუსტა ფანდორინმა (აი, რა ჰქვია ამას, ამ რუს დიპლომატს, გაიხსენა რენატამ). – მაშინ რით ავხსნათ ეს თქვენი მასკარადი და საერთოდ, თქვენი ყ-ყოფნა ბორტზე?

გოშმა პატარაზე წაუმღერა, წარბები შეათამაშა, ჩიბუხის ძებნას შეუდგა. ეტყობოდა, გამალებული ფიქრობდა, უნდა გადაეწტყვიტა, რა ექნა.

– დაბრძანდით, ბატონებო და ქალბატონებო, – საოცრად შთამბეჭდავი ბასით თქვა გოშმა და გასაღების გადატრიალებით კარი გადაკეტა. – რაკი ეგრე გამოვიდა, ღიად ვითამაშებთ. დაბრძანდით, დაბრძანდით, თორემ ვინმე უდროო დროს არ ჩაიკეცოს.

– ეს რა ხუმრობაა, მუსიე გოშ? – უკმაყოფილოდ წარმოთქვა ლეიტენანტმა. – ვინ მოგცათ აქ მბრძანებლობის უფლება, თანაც კაპიტნის პირველი თანაშემწის თანდასწრებით?

– ამას კი, ყმაწვილო, თავად კაპიტანი აგიხსნით, – უკმაყოფილოდ მიუგო გოშმა. – საქმის კურსშია.

რენიე ჩაჩუმდა და სხვებივით მიუჯდა მაგიდას.

ყბედი და კეთილი ბუზღუნა, როგორადაც რენატა სთვლიდა პარიზელ რანტიეს, რაღაც სულ სხვანაირად იქცეოდა. მის მხრებს წარმოსადეგობა მიემატა, ჟესტები მბრძანებლური გახდა, თვალები მკაცრად აუელვარდა. ჯერ მარტო ის, თუ როგორ მშვიდად და მტკიცედ იცავდა გაგრძელებულ პაუზას, ძალიან ბევრს ამბობდა. უცნაური რანტიეს დაჟინებული მზერა რიგ-რიგობით ჩერდებოდა იქ მყოფებზე, და რენატა ხედავდა, თუ როგორ იბუზებოდა ზოგიერთი ამ მზიმე გამოხედვისგან. და თავად ისიც, რომ ეღიარებინა, აფორიაქდა, მაგრამ შერცხვენილმა რენატამ თავი გადააქნია: იყოს პოლიციის კომისარი, მერე რა. მაინც მოღუშული, ქაქანა ბერიკაცია და მეტი არაფერი.

– გეყოფათ ჩვენი დაინტრიგება, მუსიე გოშ, – დამცინავად თქვა მან. – მღელვარება ჩემთვის მავნებელია.

– მღელვარების მიზეზეი აქ მყოფთაგან ალბათ ერთს აქვს, – გამოუცნობლად მიუგო გოშმა. – მაგრამ ამას მერე დავუბრუნდებით. თავდაპირველად ნება მიბოძეთ პატივცემულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარვუდგე. დიახ, მე გუსტავ გოში ვარ, მაგრამ რანტიე არა – სამწუხაროდ არსაიდან მაქვს რენტა მისაღები. მე, ქალბატონებო და ბატონებო, პარიზის სისხლის სამართლის პოლიციის კომისარი ვარ და ვმუშაობ განყოფილებაში, რომელიც იკვლევს შედარებით მძიმე და ჩახლართულ დანაშაულებს. ჩემს თანამდებობას კი ჰქვია “განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი”, – მრავალმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა კომისარმა.

სალონში სამარისებური მდუმარება ჩამოვარდა, რომელსაც ექიმ ტრუფოს გაჩქარებული ჩურჩული არღვევდა.

–  What a scanda! (“რამხელა სკანდალია!” – ინგლ.) – ამოიკვნესა ექიმის ცოლმა. – იძულებული შევიქმენ, ამ რეისს გამოვყოლოდი, თანაც ინკოგნიტოდ, რადგან... – გოშმა ენერგიულად აამოძრავა ლოყები, რათა ნახევრადჩამქრალი ჩიბუხი ისევ გაეჩაღებინა. – რადგან პარიზის პოლიციას აქვს საკმაო საფუძელი ვარაუდისა, რომ “ლევიათანზე” იმყოფება ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ღიუ დე გრენელზე.

სალონში ხმადაბალ ჩურჩულად გაისმა ერთობლივი “აჰ!”.

– იმედი მაქვს თქვენ უკვე იმსჯელეთ ამ მრავალი კუთხით იდუმალ საქმეზე. – კომისარმა ორმაგი ღაბაბი გააქნია საგაზეთო ამონაჭრისკენ, რომელიც ისევ ფანდორინს ეჭირა ხელში. – და ჯერ არ დამიმთავრებია, ქალბატონებო და ბატონებო. კიდევ ისიც ვიცი, რომ მკვლელი პირველი კლასით მგზავრობს... (ისევ ერთობლივი ამოოხვრა)... და უფრო მეტიც, ამჟამად ამ სალონში იმყოფება, – მხნედ დაასრულა გოშმა, ფანჯარასთან მდგარ ატლასის სავარძელში ჩაჯდა და მოლოდინით დაიკრიფა გულხელი თავისი ვერცხლის საათის ძეწკვის ქვემოთ.

– შეუძლებელია! – შეჰკივლა რენატამ, უნებურად მუცელზე იტაცა ხელები. ლეიტენანტი რენიე ფეხზე წამოხტა. ჟღალთმიანმა ბარონეტმა გადაიხარხარა და დემონსტარტიულად შემოჰკრა ტაში. პროფესორმა სვიტჩაილდმა კრუნჩხვით გადაყლაპა ნერწყვი და სათვალე მოიხსნა.

კლარისა სტამპმა თითები თავის საყელოზე მიმაგრებულ აქატის სამშვენისს შეავლო და ასე გაქვავდა. იაპონელს ერთი კუნთიც კი არ შერხევია სახეზე, მაგრამ უცაბედად გაუქრა თავაზიანი ღიმილი.

ექიმმა ტრუფომ თარგმანი გადაივიწყა და ცოლს იდაყვში სწვდა, მაგრამ შიშით თვალებ გადმოკარკლული მისის ტრუფო თავადაც მიხვდა, რაში იყო საქმე.

დიპლომატმა კი ხმადაბლა ჰკითხა:

– საფუძველი?

– ჩემი აქ ყოფნა, – მტკიცედ მიუგო კომისარმა. – ეს საკმარისია. არის სხვა მოსაზრებებიც, მაგრამ თქვენ მათი ცოდნა რას გარგებთ... რას ვიზამთ. – პოლიციელის ხმაში გაწბილება ჟღერდა. – როგორც ვხედავ, არავინ ჩქარობს გულისწასვლას და არც ყვირის: “მე დამაპატიმრეთ, ჩემი მოკლულია!” მე, რასაკვირველია, ეს არც მეგონა. მაშინ აი, რა. – მრისხანედ ასწია მოკლე თითი. – სხვა მგზავრებთან ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. თანაც ეს თქვენს ინტერესებში არ არის – ხმა უცებ გავარდება და ისე დაგიწყებენ ყურებას, როგორც ჭირიანებს. ნუ შეეცდებით სხვა სალონში გადაბარგებას – ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩემს ეჭვს. თანაც არაფერი გამოგივათ, კაპიტანთან ვარ მოლაპარაკებული.

რენატამ მთრთოლვარე ხმით წარმოთქვა:

– მუსიე გოშ, ცუნცულიკო, არ შეიძლება მე მაინც ამაცილოთ ამ კოშმარს? მკვლელთან ჯდომის მეშინია. შხამი რომ ჩამიყაროს? ლუკმას ვეღარ გადავყლაპავ. ჩემთვის ხომ მღელვარება სახიფათოა. არავის, სულ არავის ვეტყვი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ!

– ძალიან ვწუხვარ, მადამ კლებერ, – ცივად მიუგო მაძებარმა. – მაგრამ გამონაკლისებს არ დავუშვებ. მე მაქვს საფუძველი ეჭვი მივიტანო ყველა აქ მყოფზე და თქვენ მათ შორის ბოლო არ ხართ. სუსტი ოხვრით რენატა სკამის საზურგეს მიესვენა, ხოლო ლეიტენანტმა რენიემ იატაკს ბრაზით დაჰკრა ფეხი:

– თავს ზედმეტის უფლებას აძლევთ, მუსიე... განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებელო! ყველაფერ ამას დაუყოვნებლივ მოვახსენებ კაპიტან კლიფს!

– შეაყოლეთ, – გულგრილად თქვა გოშმა. – მაგრამ ჯერ არა, ცოტა მოგვიანებით. ჯერ არ დამისრულებია ჩემი პატარა სიტყვა. მაშ ასე, ჯერ ზუსტად არ ვიცი, თქვენგან რომელია ჩემი კლიენტი, თუმცა ახლოს ვარ, ძალიან ახლოს ვარ მიზანთან. რენატა ელოდა, რომ ამ სიტყვებს მჭევრმეტყველური გამოხედვა მოჰყვება და წინ გადმოიწია, მაგრამ პოლიციელი იმ თავის სულელურ ჩიბუხს უყურებდა. ალბათ უფრო ცრუობდა – არავინ ჰყავდა ნიშანში ამოღებული.

– თქვენ ქალზე გაქვთ ეჭვი, ეს ცხადია! – ხელები ნერვიულად აიქნია მის სტამპმა. – აბა, მაშ რატომ დაგაქვთ ამონაჭერი ვიღაც მარი სანფონზე? ვინ არის ეს მარი სანფონი? და ვინც არ უნდა იყოს! რა სიბრიყვეა, ქალზე ეჭვის მიტანა! განა ქალს ხელეწიფება ამისთანა მხეცობა?

მისის ტრუფო მყის ზეწამოიჭრა, ეტყობა, მზად გახლდათ, რომ ქალური სოლიდარობის დროშის ქვეშ დამდგარიყო.

– მადმუაზელ სანფონის თაობაზე სხვა დროს ვილაპარაკებთ, – მიუგო მაძებარმა და კლარისა სტამპი გამოუცნობი მზერით აწონ–დაწონა. – და ამონაჭრები აქ უამრავი მაქვს, თითოეულში კი თავისი ვერსია. – შავი საქაღალდე გახსნა და ამონაჭრები ააშრიალა. მართლა რამდენიმე ათეული იქნებოდა. – და მორჩა, ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ აღარ შემაწყვეტინოთ! – პოლიციელის ხმაში რკინამ გაიჟღერა. – დიახ, ჩვენს შორის საშიში დამნაშავეა. შესაძლოა, ფსიქოპათიური ხასიათისაც. (რენატამ შეამჩნია, თუ როგორ მოსცილდა ნელ–ნელა პროფესორი თავისი სკამიანად სერ რეჯინალდს). ამიტომ ყველას გთხოვთ სიფრთხილის დაცვას. თუკი რამე უჩვეულოს შეამჩნევთ, სულ უმცირეს წვრილმანსაც კი, – მაშინვე უნდა შემატყობინოთ. ისე, უკეთესი იქნებოდა, მკვლელს გულითადად მოენენიებინა, მაინც ვერსაც გადაიკარგება. აი, ახლა კი მოვრჩი.

მისის ტრუფომ მოწაფურად აიწია ხელი:

– In fact, I have seen something extraordinary only yesterday! A charcoal–black face, definitely inhuman, looked at me from the outside while I was in our cabin! I was so scared! (“მე მართლა ვნახე ვიღაც ექსტრაორდინარული, ოღონდ გუშინ! ნახშირივით შავმა, ძალიან არაადამინურმა სიფათმა შემომხედა ფანჯრიდან, როცა კაუტაში ვიყავი! და ძალიან შევშინდი!” – ინგლ.) – მერე თავის თანამეცხედრეს მიუბრუნდა და ხელიგული დაჰკრა. – I told you, but you paid no attention! (“მე თქვენ გითხარით, მაგრამ თქვენ ყურადღება არ მიაქციეთ!” – ინგლ.).

– ვაი, – შეკრთა რენატა. – მე კიდევ ჩემი ტუალეტის ნაკრებიდან სარკე დავკარგე, ნამდვილი კუს ბაკნის ჩარჩოში.

მუსიე შეშლილსაც უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ვეღარ მოასწრო – კომისარმა ბრაზით დახურა საქაღალდე:

– მთლად იდოტად ნუ გამომიყვანთ! მე – ბებერი მაძებარი ვარ! გუსტავ გოშს კვალიდან ვერ ააცდენ! თუ დამჭირდა – ნაპირზე გადავსვამ მთელ ამ პატიოსან კომპანიას და თითოეულთან ცალ–ცალკე გავარკვევთ ყველაფერს! ცხრა სულია მკვდარი, თქვენ ეს ხუმრობა ხომ არ გგონიათ! იფიქრეთ, ქალბატონებო და ბატონებო, იფიქრეთ! სალონიდან გავიდა და ხმამაღლა გაიჯახუნა კარი.

– ბატონებო, ცოტა შეუძლოდ ვარ, – სუსტი ხმით წარმოთქვა რენატამ. – ჩემთან წავალ.

– მე გაგაცილებთ, მადამ კლებერ, – დაუყოვნებლივ მასთან მიირბინა შარლ რენიემ. – გაუგონარი ამბავია! დიდი თავხედობა!

რენატამ შეაჩერა:

– გმდლობ, საჭირო არ არის. კაიუტამდე თავად მივალ.

ნერვიული ნაბიჯით გადაკვეთა სალონი, კართან რამდენიმე წამით მიეყრდნო კედელს. დერეფანში, სადაც არავინ იყო, ფეხს აუჩქარა. რენატამ თავისი კაიუტა გაალო, დივანის ქვემოდან საკვოიაჟი გამოსწია და აკანკალებული ხელი აბრეშუმის ნაკერის შიგნით ჩაყო. სახე გაფითრებული, მაგრამ მტკიცე ჰქონდა. თითებმა უცებ იგრძნეს მეტალის კოლოფი. კოლოფში შპრიცი იდო – მინითა და ფოლადით ცივად მოელვარე.

 

 

 

კლარისა სტამპი

 

უსიამოვნებები დილიდანვე დაიწყო. სარკეში კლარისამ აშკარად დაინახა ორი ახალი ნაოჭი – ძლივს შესამჩნევ სხივებად თვალის კუთხებიდან საფეთქლებისკენ მიდიოდნენ. სულ მზის ბრალია. ისეთი კაშკაშაა, რომ არც ქოლგა შველის და არც კიდევ შლაპა. კლარისა დიდხანს ათვალირებდა საკუთარ თავს სარკის დაუნდობელ, აპრიალებულ ზედაპირზე, თითებით კანს ქაჩავდა, იქნებ ეს ნაოჭები ძილის ბრალიაო. ჰოდა, იმდენი ათვალიერა, კისერი ისე მიაბრუნა, რომ ყურს უკან ჭაღარა თმის ღერი დაინახა. აი, აქ კი საბოლოოდ მოიწყინა. იქნებ, ესეც მზის ბრალია? თმა ირუჯება? არა, მისის სტამპ, თავს ნუ მოიტყუებთ. როგორც პოეტმა თქვა:

და თეთრმა სუნთქვამ ნოემბრისამ.

დარდებს გადამცა, თმა მომივერცხლა.

 

ჩვეულებრივზე უფრო მეტად მოიყვანა თავი წესრიგში. ჭაღარა ღერი დაუნდობლად ამოიგლიჯა. სისულელეა, რასაკვირველია. მგონი, ჯონ დონთან არის ნათქვამი, რომ ქალური ბედნიერების საიდუმლო – ერთი ასაკიდან მეორეში გადასვლის უნარია, ხოლო ქალს სამი ასაკი აქვს: ქალიშვილი, ცოლი და დედა. მაგრამ როგორ უნდა გადავიდეს მეორე სტატუსიდან მესამეში, თუკი არასდროს ყოფილა გათხოვილი?

ამგვარი აზრების მოსაგერიებლად საუკეთესო საშუალება – სუფთა ჰაერზე გასეირნებაა, და კლარისამ გემბანზე სასეირნოდ გასწია. მთელი თავისი სიდიადის მიუხედავად “ლევიათანი” უკვე კაი ხნის გაზომილი გახლდათ თანაბარი, აუჩქარებელი ნაბიჯით – ყოველ შემთხვევაში, მისი ზედა გემბანი, პირველი კლასის მგზავრებისთვის რომ იყო განკუთვნილი. მაგალითად, სამას ორმოცდათხუთმეტი ნაბიჯი. შვიდ ნახევარი წუთი, თუკი ზღვით არ დატკბებოდა და ნაცნობებთან არ იყბედებდა.

ადრიანი დროის გამო გემბანზე ნაცნობები არ იყვნენ და კლარისამაც დაუბრკოლებლივ გაიარა მარჯვენა ბორტის გაყოლებით კიჩომდე. ორთქლმავალი რბილად ჰკვეთდა მეწამული ზღვის მუქ ზედაპირს, მძლავრი პროპელერის მეოხებით ჰორიზონტისკენ მიიწელებოდა ზანტი და ვერცხლისფერი ორნატი. ოჰ, ცხელა.

კლარისა შურით უყურებდა მატროსებს, რომლებიც ერთი იარუსით დაბლა მოაჯირს სპილენძის ბალთებს უწმენდდნენ. ალბათ, რა კარგად არიან იმ თავიანთ ტილოს შარვლებში – არც ლიფი, არც პანტალონი, არ წინდები მოძაგრული აჭიმებით, არც გრძელი კაბა. შენდაუნებურად ველური მისტერ აონოსი შეგშურდება, რომელიც ხომალდზე თავის იაპონურ საშინაო ხალათით დაიარება და ეს არავის აკვირვებს – აზიატია.

წარმოიდგინა, რომ ტილოს შეზლონგზე მთლად უყველაფროდ წევს. არა, სჯობს მსუბუქ ტუნიკაში იყოს, როგორც ძველი ბერძენი. და დიდი არაფერი. ასი წლის შემდეგ, როცა კაცობრიობა საბოლოოდ განთავისუფლდება ცრურწმენებისგან, ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნება.

ამერიკულ სამთვალა ველოსიპედზე მისტერ ფანდორინი იჯდა და კაუჩუკის ბორბლების შარიშაურით მისკენ მოქროდა. ამბობენ, ამგვარი ეგზერსისი კუნთების ელასტიურობას ანვითარებს და გულსაც ამაგრებს. დიპლომატი მსუბუქ სპორტულ კოსტუმში იყო: უჯრედულა პანტალონი, გუტაფისის ფეხსაცმელი გამაშებით, მოკლე პიჯაკი, თეთრი ხალათი გახსნილი საყელოთი. მზისგან გარუჯული მოოქროვილი სახე სალმიანი ღიმილით განათდა. მისტერ ფანდორინმა თავაზიანად აიწია ზარხუფი და გვერდით ჩაუშრიალა. არ გაჩერებულა.

კლარისამ ამოიოხრა. გასეირნების წამოწყება წარუმატებელი გამოდგა – მხოლოდ თეთრეული აევსო ოფლით. კაიუტაში დაბრუნება და გამოცვლა მოუწია.

კლარისას საუზმე კი ამ დაღრეცილმა მადამ კლებერმა წაუხდინა. განსაცვიფრებელი უნარი აქვს, რომ თავისი სისუსტისგან ექსპლუატაციის იარაღი შექმნას! სწორედ მაშინ, როცა კლარისას ფინჯანში ყავა საჭირო ტემპერატურამდე გაცივდა, აბეზარმა შვეიცარიელმა დაიჩივლა, რომ სული ეხუთება, და ითხოვა, რომ თასმა მოეშვათ კაბაზე. საერთოდ, კლარისა ისეთ გამომეტყველებას იღებდა, თითქოს არ ესმოდა რენატა კლებერის ნართაულები, და უმალვე გამოჩნდებოდა ვინმე მოხალისე, თუმცა ასეთი დელიკატური საქმისთვის მამაკაცები არ გამოდგებოდნენ, მისის ტრუფო კი, თითქოსდა ჯიბრზე, იქ არ იყო – ვიღაც ავად გამხდარი ქალბატონისგან ქმარს სარგებლის მიღებაში ეხმარებოდა. როგორც ჩანს, ადრე ეს მოსაწყენი არსება მოწყალების დად მუშაობდა. თუმცა, როგორი სოციალური აფრენაა: მთავარი ექიმის ცოლი, პირველ კლასში იკვებება. ჭეშმარიტ ბრიტანელ ლედიდ მოაქვს თავი, ოღონდ ცოტა ამლაშებს.

მოკლედ, მადამ კლებერის თასმასთან ჭიდილი მოუწია, ამ ხნის განმავლობაში კი ყავა უიმედოდ გაცივდა. წვრილმანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე კი არის და.

საუზმის მერე გაისეირნა, ათი წრე დაარტყა, დაიღალა. ერთხელ, იმით ისარგებლა, რომ ახლომახლო არავინ იყო, ფრთხილად შეიხედა № 18–ე კაიუტის ფანჯარაში. მისტერ ფანდორინი სეკრეტერთან იჯდა თეთრ ხალათში, წითელ–ცისფერ–თეთრ აჭიმებში და პირის კუთხეში სიგარაგაჩრილი, საშინლად ხმამაღლა უკაკუნებდა თითებს რაღაც ველურ აპარატს – შავს, რკინისას, მრგვალი ლილვაკით და უამრავი ღილაკით. დაინტრიგებულმა კლარისამ სიფხიზლე დაკარგა და დანაშაულის ადგილზე წაასწრეს. დიპლომატი წამოხტა, თავი დაუკრა, პიჯაკი მოიხურა და ღია ფანჯარასთან მივიდა.

– ეს ს-საწერი მანქანა “რემინგტონია”, – აუხსნა მან. – უახლოესი მოდელი. ახლახანს გამოვიდა გაყიდვაში. მეტად მოხერხებული ნივთია, მის სტამპ, და სულაც არ არის მძიმე. ორ მტვირთავს უწვალებლივ გადააქვს. მ–მოგზაურობაში შეუცვლელი ნივთია. აი, სწრაფ წერაში ვვარჯიშობ. რაღაც–რაღაცეებს ვიწერ ჰობსიდან.

სირცხვილისგან ჯერ კიდევ აწითლებულმა კლარისამ ოდნავ დაუკრა თავი და გაეცალა. შორიახლოს ჩამოჯდა, ზოლიანი საჩიხის ქვეშ, ჩრდილში. ნიავი უბერავდა. “პარმის სავანე” გადაშალა, მშვენიერი, მაგრამ სიბერეშეპარული ჰერცოგინია სანსევერინის უპასუხისმგებლო სიყვარულის ამბის კითხვას შეუდგა ახალგაზრდა ფაბრიციო დელ დონგოს მიმართ. გრძნობა მოერია, ცხვირსახოცით მოიწმინდა წამოსული ცრემლი – და თითქოს საგანგებოდ, გემბანზე გამოდის მისტერ ფანდორინი: თეთრ კოსტუმში, ფართოფარფლიანი პანამით, ტროსტით. უჩვეულოდ კარგია.

კლარისამ დაუძახა. ის მივიდა, თავი დაუკრა, გვერდით ჩამოჯდა. გარეკანს შეხედა, თქვა:

– სანაძლეოს ჩ-ჩამოვდივარ, რომ ვატერლოოსთან ბრძოლის აღწერილობა გამოტოვეთ. და სულ ტყუილად – ეს საუკეთესო ადგილია მთელ სტენდალში. ომის უფრო ზუსტი აღწერილობა მე ჯერ არ წამიკითხავს.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, კლარისა, მართლაც, უკვე მეორედ კითხულობდა “პარმის სავანეს” და ორივეჯერ ბრძოლის სცენა წაკითხულს მიაფურცლა.

– საიდან გაიგეთ? – ცნობისმოყვარეობით შეეკითხა ქალი. – ნათელმხილველი ხართ?

– ქალები ყოველთვის სტოვებენ ბ–ბატალურ ეპიზოდებს, – მხრები აიჩეჩა ფანდორინმა. – ყოველ შემთხვევაში, თქვენეული სულიერი წყობის ქალები.

– და მაინც როგორი წყობა მაქვს? – მოკლედ შეეკითხა კლარისა, თავადვე გრძნობდა, რომ უხეიროდ კეკლუცჯბს.

– სკეპტიკური დამოკიდებულება საკუთარ თავთან, რომანტიკული – გარემომცველ სამყაროსთან. – ფანდორინი ოდნავ თავგადახრილი უყურებდა. – და კიდევ, თქვენს შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ამასწინათ თქვენს ცხოვრებაში მკვეთრი ც–ცვლილება მოხდა უკეთესობისკენ და თქვენ რაღაც ელდა გადაიტანეთ.

კლარისა შეხტა და თანამოსაუბრეს დაუფარავი შიშით შეხედა.

– ნუ შეშინდებით, – დაამშვიდა საკვირველმა დიპლომატმა. – მე თქვენს შესახებ არაფერი არ ვ-ვიცი. უბრალოდ, საგანგებო სავარჯიშოებით ჩემში დაკვირვებულობა და ანალიტიკური ნიჭი განვავითარე. ჩვეულებრივ, უმნიშვნელო დეტალები მყოფნის მთელი ს-სურათის აღსადგენად. მაჩვენეთ აი ამისთანა შაურიანი ორი ნასვრეტით (მან დელიკატურად მიუთითა დიდ ვარდისფერ ღილზე, ქალის ჟაკეტს ღომ ამშვენებდა), და მაშინვე გეტყვით, ვის დაუვარდა – ძალიან დ-დიდ ღორს თუ ძალიან პატარა სპილუკას.

გაღიმებულმა კლარისამ ჰკითხა:

– და თქვენ ყველას მთლიანად ხედავთ?

– მთლიანად ვერა, მაგრამ ცოტას ვხედავ. მაგალითად, რა შეგიძლიათ მითხრათ აი იმ ბატონზე?

ფანდორინმა დაანახვა ჩადგმული მამაკაცი დიდი ულვაშით, ბინოკლით რომ ათვალიერებდა უდაბურ ნაპირს.

– ეს მისტერ ბაბლია, ის...

– აღარ გააგრძელოთ! – შეაწყვეტინა ფანდორინმა. – ვეცდები თავად მივხვდე.

ნახევარი წუთი უყურებდა მისტერ ბაბლს, მერე თქვა:

– აღმოსავლეთში პირველად მიდის. ამასწინათ ცოლი მოიყვანა. ფაბრიკანტია. ს–საქმე არცთუ კარგად მისდის, ამ ბატონს სწრაფი გაკოტრების სუნი უდის. თითქმის მთელ დროს საბილიარდოში ატარებს, მაგრამ ცუდად თამაშობს.

კლარისა ყოველთვის ამაყობდა თავისი დაკვირვებულობით და მისტერ ბაბლს, მანჩესტერელ მრეწველს მიაჩერდა ყურადღებით.

ფაბრიკანტი? ამის მიხვედრა, შეიძლება. რაკი პირველი კლასით მოდის, – ესე იგი, მდიდარია. არისტოკრატი რომ არ არის – სახეზე აწერია. კომერსანტსაც არა ჰგავს – ტომარისებური სერთუკი, სიმკვირცხლეც არ მოუჩანს. გასაგებია. ამასწინათ ცოლი? ჰო, ეს ადვილია – უსახელო თითზე ბეჭედი ისე უბრწყინავს, რომ უცებ მიხვდები – ახალთახალია. საბილიარდოში? ეს საიდანღა არის? აჰა, პიჯაკი ცარცით აქვს დასვრილი.

– საიდან მოიტანეთ, რომ მისტერ ბაბლი აღმოსავლეთში პირველად მოდის? – შეეკითხა კლარისა. – რატომ უდის გაკოტრების სუნი? და რით არის გამოწვეული მტკიცება, რომ ის ბილიარდის ცუდი მოთამაშეა? თქვენ იქ იყავით და ნახეთ, როგორ თამაშობს?

– არა, მე ს-საბილიარდოში არ ვყოფილვარ, რადგან აზარტულ თამაშებს ვერ ვიტან. და საერთოდ, ამ ჯენტლმენს პირველად ვხედავ, – მიუგო ფანდორინმა. – იმას, რომ ამ მარშრუტს პირველად მიუყვება, ამჟღავნებს ბრიყვული სიჯიუტე, რომლითაც შიშველ ნაპირს ათვალიერებს. ასე რომ არა, მისტერ ბაბლს ეცოდინებოდა, რომ ბაბ–ელ–მანდების ყურემდე იმ მხარეს საინტერესოს ვერაფერს დაინახავს. ეს ერთი. ამ ბატონის საქმეები ძალიან ცუდად მიდის, თუ არა და, ასეთ გრძელ მოგზაურობაში არ წამოვიდოდა, თანაც ქორწინებიდან მალევე. ამისთანა მ–მაჩვმა რომ თავისი სორო მიატოვოს? მხოლოდ სამყაროს აღსასრულისას, არავითარ შემთხვევაში უფრო ადრე. ეს ორი.

– და თუკი საქორწინო მოგზაურობაში წამოვიდა ცოლთან ერთად? – შეეკითხა კლარისა, თან ისიც იცოდა, რომ მისტერ ბაბლი მარტო მოგზაურობდა.

– და გემბანზე მარტოობაშია და ს-საბილიარდოში დაძვრება? არადა, ძალიან ცუდად თამაშობს – აგერ პიჯაკი თეთრი აქვს წინიდან. მხოლოდ უხეირო მოთამაშეები ეხახუნებიან ასე მუცლით ბილიარდის კიდეს. ეს სამი.

– მაშ, კარგი. აი იმ ქალბატონზე რაღას იტყვით?

თამაშით გატაცებულმა კლარისამ მისის ბლეკპული აჩვენა, დიდებულად რომ მოდიოდა თავისი კომპანიონი ქალის ხელკავით.

ფანდორინმა საპატიო ქალბატონი უინტერესო მზერით შეათვალიერა.

– ამას ყველაფერი სახეზე აწერია. ინლისიდან ქმართან ბრუნდება. წამოზრდილი შვილების სანახავად იყო. ქმარი სამხედროა. პოლკოვნიკი.

მისტერ ბლეკპული მართლა პოლკოვნიკი იყო და გარნიზონს მეთაურობდა ჩრდილოეთ ინდოეთის რომელიღაც ქალაქში. ეს უკვე მეტისმეტი იყო.

– ამიხსენით! – მოითხოვა კლარისამ.

– ასეთი ქალბატონები თავისით ინდოეთში არ მოგზაურობენ, მხოლოდ ქმრის სამსახურის ადგილზე მიდიან. უკვე იმ ასაკში აღარ არის, რომ ამისთანა მ-მოგზაურობაში პირველად წამოვიდეს – ალბათ, უკან ბრუნდება. რატომ უნდა წასულიყო ინგლისში? მხოლოდ შვილების სანახავად. მისი მშობლები, მე მგონი, უკვე იმქვეყანას არიან. სახის მკიცე და მედიდური გამომეტყველებით ჩანს, რომ ეს ქალი მბრძანებლობას მიეჩვია. სწორედ ასე გამოიყურებიან გარნიზონის ანდა პოლკის პირველი ქალბატონები. მათ ჩვეულებრივ თავად მეთაურის უფროსადაც სთვლიან. გინდათ იცოდეთ, რატომ მაინცდამაინც პოლკოვნიკის ცოლი? იმიტომ, რომ გენერლის ცოლი რომ ყოფილიყო, პირველი კლასით იმგზავრებდა, ამას კი, ხედავთ, ვერცხლის ნიშანი აქვს. კარგი, წვრილმანებზე დროს ნუ დავკარგავთ.


 ფანდორინი გადაიხარა და უჩურჩულა. – მოდით, აგერ იმ ორანგუტანგზე მოგიყვებით. საინტერესო სუბიექტია.

 

მისტერ ბაბლის მახლობლად მაიმუნის მსგავსი მუსიე ბუალო გაჩერდა, ყოფილი უინძორელი, თავის დროზე რომ დატოვა ბედნავსი სალონი და ამიტომ გასხლტა კომისარ გოშის ბადიდან.

დიპლომატმა დაბალ ხმაზე უთხრა კლარისას ყურში:

– კაცი, რომელსაც ხედავთ, – დანაშავე და ბოროტმოქმედია. უფრო მეტიც, ოპიუმით მ–მოვაჭრეა. ცხოვრობს ჰონკონგში. ცოლად ჩინელი ჰყავს.

კლარისამ გადაიკისკისა:

– აი აქ კი მაგრად ააცდინეთ! ეს მუსიე ბუალოა ლიონიდან, ფილანტროპი და თერთმეტი სავსებით ფრანგი შვილის მამა. და ოპიუმით კი არა, ჩაით ვაჭრობს.

– რაღაც არა მგონია, – აუღელვებლად მიუგო ფანდორინმა. – დააკვირდით, მანჟეტი გახსნია და სვირინგის ლურჯი წ-წრე მოუჩანს მაჯაზე. ამისთანას ერთ წიგნში გადავეყარე, ჩინეთზე რომ იყო. ეს ერთ-ერთი ჰონკონგური ტ–ტრიადის ნიშანია, საიდუმლო კრიმინალური ორგანიზაციისა. ევროპელი რომ ამ ტრიადის წევრი გახდეს, დამნაშავეთა არცთუ სახუმარო მასშტაბის მაბზრიალებელი უნდა იყოს. და, რაღა თქმა უნდა, ჩინელი უნდა მოიყვანოს ცოლად. შ-შეხედეთ ამ “ფილანტროპის” ფიზიონომიას და ყველაფერი ნათელი გახდება თქვენთვის.

კლარისამ არ იცოდა, დაეჯერებინა თუ არა, ფანდორინმა კი სერიოზული სახით თქვა:

– ჯერ ეს რა არის, მისის სტამპ. მე თვალახვეულიც კი ბევრ რამეს გეტყვით ადამიანზე – მისი ხმაურისა და სუნის მოხედვით. თავად დარწმუნდით.

იქვე მოიხსნა ატლასის დიდი ჰალსტუხი და კლარისას გაუწოდა.

ქალმა მჭიდრო, გაუმჭვირვალე ნაჭერს გადაუსვა ხელი და მაგრად აუკრა თვალები დიპლომატს. თითქოსდა უნებლიედ შეეხო სუფთა, ცხელ ლოყაზე.

მალე კიჩოს მხრიდან გამოჩნდა იდეალური კანდიდატურა


 ცნობილი სუფრაჟისტი ლედი კემპბელი, რომელიც იმიტომ მიემგზავრებოდა ინდოეთში, რათა პეტიციაზედ ხელმოწერები შეეგროვებინა გათხოვილი ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების შესახებ. კაცისებური, მასიური, თმაშეჭრილი ისე დააბოტებდა გემბანზე, როგორც პერშერონი, ანუ მძიმე საზიდარში შესაბმელი ჯიშის ცხენივით. მიდი და გამოიცანი, რომ ეს ლედია და არა ბოცმანი.

 

– აბა, ვინ მოდის აქეთ? – შეეკითხა კლარისა, თან წინდაწინ მოსდიოდა სიცილი.

სამწუხაროდ, დიდხანს არ მოუწია მხიარულება. ფანდორინმა შუბლი შეიწმუხნა და მოწყვეტით წარმოთქვა:

– ქვედაბოლო შრიალებს. ქალია. ნაბიჯები მ-მძიმეა. მტკიცე ხასიათი აქვს. ხანშია შესული. ულამაზოა. თამბაქოს ეწევა. თმა მოკლედ აქვს შეჭრილი.

– რატომ მოკლედ შეჭრილი? – ამოიკვნესა კლარისამ და თვალებზე ხელებაფარებულმა სუფრაჟისტის სპილოსებურ სიარულს დააყურადა. როგორ, როგორ აკეთებს ამას?!

– თუკი ქალი ეწევა, ესე იგი, თმაშეჭრილი და მოწინავეა, – ისმოდა ფანდორინის თანაბარი ხმა. – ეს კი რ-რატომღაც ვერ იტანს მოდას, რაღაც უფორმო ბალახონს ატარებს, ღია მწვანე ფერისას, მაგრამ ალისფერი სარტყელით.

კლარისა გაქვავდა. წარმოუდგენელია! სახიდან ცრურწმენის შიშისგან მოიცილა ხელისგულები და დაინახა, რომ ფანდორინს უკვე მოესწრო ჰალსტუხის მოხსნა და დახვეწილი ნასკვიც კი გაეკეთებინა. დიპლომატის ცისფერი თვალები მხიარულ ნაპერწკლებს ისროდა.

ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მაგრამ მათი მუსაიფი ავად დასრულდა. სიცილის მერე კლარისამ ერთობ ფრთხილად გადაიყვანა ლაპარაკი ყირიმის ომზე. რამხელა ტრაგედია იყო ევროპისთვისაც და რუსეთისთვისაცო. ფრთხილად შეეხო თავის იმდროინდელ მოგონებებს, რომლებიც უფრო ბავშვურად გადააქცია, ვიდრე სინამდვილეში იყო. მოელოდა საპასუხო გულახდილობას – იმედი ჰქონდა, გაეგო, მაინც რამდენი წლის იყო ფანდორინი. ყველაზე უარესი აუცხადდა:

– მე მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი, – ალალად აღიარა მან და კლარისას ფრთები შეაჭრა.

ამის შემდეგ ყველაფერი უკუღმართად წავიდა. კლარისამ სცადა, ფერწერისკენ გადაეხვია, მაგრამ დაიბნა, ვერ შეძლო აეხსნა, პრერაფაელისტებმა რატომ დაირქვეს პრერაფაელისტები. ალბათ, იმან იფიქრა, რომ კლარისა დასრულებული იდიოტია. აჰ, რაღა მნიშვნელობა აქვს!

თავის კაიუტაში ბრუნდებოდა დარდიანი და ამ დროს საშინელება მოხდა.

დერეფნის დაბინდულ კუთხეში გიგანტური შავი ლანდი შეირხა. კლარისამ უჩვეულოდ დაიკვნესა, გულზე იტაცა ხელი და მთელი ძალით გაიქცა თავისი კარისკენ. კაიუტაში დიდხანს ვერ დაიწყნარა გული, გამალებით რომ უცემდა. ეს რა იყო? არც კაცი, არც ცხოველი. რაღაც ნაწილი ბოროტი, დამანგრეველი ენერგიისა. ბინძური სინდისი. პარიზის კოშმარის ფანტომი.

დაუყოვნებლივ უყვირა საკუთარ თავს: მორჩა, იმას ჯვარი აქვს დასმული. არაფერიც არა ყოფილა. ბანგია, საცდური. საკუთარ თავს ფიცი მისცა – არ დატანჯულიყო. უკვე ახალი ცხოვრებაა, ნათელი და სასიხარულო. და სანეტარო ლამპადით უნდა იყოს შენი სასახლე გასხივოსნებული.

დასამშვიდებლად ყველაზე ძვირფასი ძველი კაბა ჩაიცვა, ჯერ ერთხელაც არ ეხმარა (თეთრი ჩინური აბრეშუმი, უკან, წელზე ბანტია გაფითრებულ–მწვანე ფერისა), კისერზე – ზურმუხტის მძივი. ქვების ელვარებით დატკბა.

ჰო, ახალგაზრდა აღარ არის. ჰო, ულამაზოა. სამაგიეროდ, სულელი არ არის და ფულიც აქვს. ეს კი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ხნიერი ჩერჩეტი მახინჯი, ერთი პენიც რომ არ აბადია.

ზუსტად ორ საათზე შევიდა კლარისა სალონში, მაგრამ მთელი კომპანია უკვე შეკრებილიყო. საკვირველი ამბავი იყო, მაგრამ კომისრის გუშინწინდელმა გამაოგნებელმა განცხადებამ კი არ განაცალკევა, არამედ უფრო გააერთიანა უინძორის საზოგადოება. საერთო საიდუმლო, რომელსაც ვერავის გაანდობდნენ, საერთო საქმეზე ანდა საერთო ინტერესზე უფრო მჭიდროდ აკავშირებდათ. კლარისამ შეამჩნია, რომ მისი თანამესუფრეები მაგიდასთან საუზმისთვის, სადილისთვის, ფაიფ–ო–კლოკისთვის და ვახშმისთვის დანიშნულ დროზე ადრე იკრიბებიან, თანაც უფრო მეტხანს რჩებიან, რაც ადრე თითქმის არა ხდებოდა. კაპიტნის პირველი თანაშემწეც კი, რომელსაც ამ ამბავთან ირიბი დამოკიდებულება აქვს, არ მიიჩქაროდა სამსახურებრივ საქმეებზე და დანარჩენებთან ერთად დიდხანს იჯდა “უინძორში” (სხვათაშორის, გამორიცხული არ არის, რომ ლეიტენენტი კაპიტნის დავალებით მოქმედებდა). ყველა უინძორელი თითქოსდა რომელიღაც ელიტარული კლუბის წევრები გახდნენ, დახურული რომ იყო გაუნდობელთათვის. კლარისა არაერთხელ დაიჭირა ჩუმად გამოპარებული სწრაფი გამოხედვები. ამ გამოხედვებს მხოლოდ ორიდან ერთი შეიძლებოდა აღენიშნათ: “თქვენ ხომ არა ხართ მკვლელი?” ანდა “ხომ არ მიხვდით, რომ მკვლელი მე ვარ?” ყოველთვის, როცა ამისთანა რამ ხდებოდა, სადღაც შიგნიდან, ჯურღმულიდან ტკბილ კრუნჩხვად მოდიოდა მძაფრი შეგრძნება, შიშისა და აღგზნების ნაერთი. თვალწინ ცხადად უდგებოდა გრენელის ქუჩა – საღამოობით როგორიც იყო: შემპარავად წყნარი, უდაბური, და შავი წაბლებიც არხევენ შიშველ ტოტებს. ისღა აკლდა, რომ კომისარს რამენაირად ეყნოსა “ამბასსადორის” შესახებ. მარტო ამაზე ფირისასაც კი კლარისას შიშის ზარი დაეცემოდა ხოლმე და წარბებსქვემოდან თვალს აპარებდა პოლიციელისკენ.

გოში ამ საიდუმლო სექტის უმაღელსი ქურუმივით იჯდა მაგიდასთან. თითოეულს ახსოვდა მისი იქ ყოფნა, თვალის კუთხით აკვირდებოდა მისი სახის გამომეტყველებას, ხოლო გოში, ეტყობა, ამას საერთოდ ვერ ამჩნევდა. გულკეთილ რეზონიორს განასახიერებდა და ხალისით ჰყვებოდა თავის “ამბებს”, რომლებიც დაძაბული ყურადღებით ისმინებოდა.

უსიტყვო შეთანხმებით, ამას მხოლოდ სალონში და მხოლოდ გოშის თანდასწრებით განიხილავდნენ. თუკი ორი უინძორელი სადმე ნეიტრალურ სივრცეში – მუსიკალურ სალონში, გემბანზე, სამკითველო დარბაზში – გადაეყრებოდა ერთმანეთს – ამაზე არავითარ შემთხვევაში არ ლაპარაკობდა. დარბაზშიც ამ მომხიბვლელ თემას ყოველთვის არ უბრუნდებოდნენ. ეს, ჩვეულებრივ, თავისით ხდებოდა, რაღაც სრულიად სხვა შენიშვნის გამო.

დღეს, მაგალითად, საუზმეზე საერთო საუბარი საერთოდ არ აეწყო, სამაგიეროდ, ახლა, როცა კლარისა თავის ადგილას დაჯდა, მსჯელობა გახურებული იყო. მოწყენილი სახით დაიწყო მენიუს შესწავლა – თითქოს გადაავიწყდა, რა შეუკვეთა სადილად, თუმცა ნაცნობი აღგზნება უცებ გაჩნდა.

– ის, რაც მოსვენებას მიკარგავს, – ამბობდა ექიმი ტრუფო, – ამ დანაშაულის შეუწყნარებელი უაზრობაა. გამოდის, რომ ამდენი ადამიანი დაღუპეს სულ ტყუილად. ოქროს შივა სენაში აღმოჩნდა, მკვლელი კი ხელცარიელი დარჩა.

ფანდორინმა, რომელიც მსჯელობებში იშვიათად მონაწილეობდა და მეტწილად სდუმდა, ამჯერად საჭიროდ ჩათვალა აზრი გამოეთქვა:

– მთლად ასე არ არის. დამნაშავეს ხ–ელსახოოცი დარჩა.

– რა ხელსახოცი? – ვერ მიხვდა ექიმი.

– ინდური, მოქარგული. რომელშიც, თუკი გაზეთებს დავუჯერებთ, მკვლელმა გატაცებული შივა გაახვია.

ეს ხუმრობა გარკვეული ნერვიული სიცილით იქნა მიღებული.

ექიმმა სასურათედ გაშალა ხელები:

– ნუთუ მართლა ხელსახოცი?!

უცებ პროფესორი სვიტჩაილდი შეირხა და ცხვირიდან სათვალე ჩამოიგდო – ეს ჟესტი მის ძლიერ მღელვარებაზე მეტყველებდა.

– სულ ტყუილად იცინით! მე ხომ დავინტერესდი, მაინც რომელი ხელსახოცი მოიპარეს. ო, ბატონებო, ეს ქსოვილის საკმაოდ უჩვეულო ნაჭერია, მას მთელი ამბავი უკავშირდება. ოდესმე თუ გსმენიათ რამე ზურმუხტის რაჯაზე?

– ეტყობა, ეს რომელიღაც ინდოელი ნაბობია, ხომ? – იკითხა კლარისამ.

– ლეგენდარული კი არა, სავსებით რეალური, მადამ. ასე ეძახდნენ რაჯა ბაღდასარს, ბრაჰმაპურის სათავადოს მმართველს. სათავადო მდებარეობს დიდ, ნაყოფიერ ველზე, ყოველი მხრიდან მთები არტყია. რაჯები დიადი ბაბურის შთამომავლები არიან და ისლამს აღიარებენ, თუმცა ამას მათთვის ხელი არ შეუშლია სამასი წლის განმავლობაში მშვიდობიანად ემართათ თავიანთი პატარა ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უმეტესობას ინდუსები შეადგენენ. მმართველ კასტასა და ქვეშევრდომებს შორის რელიგიური განსხვავების მიუხედავად, სათავადოში არც ერთხელ არ მომხდარა აჯანყება ან შუღლი, რაჯები მდირდდებოდნენ, და ბაღდასარის ხანაში ბრაჰმაპურის გვარი მთელ ინდოეთში ითვლებოდა ყველაზე მდიდრად ჰაიდარაბადის ნიზამების შემდეგ, რომლებიც, როგორც თქვენთვის, რასაკვირველია, ცნობილია, სიმდიდრით ყველა მონარქს აფერმკრთალებენ, დედოფალ ვიქტორიასა და რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს ჩათვლით.

– ჩვენი დედოფლის სიდიადე მისი პირადი საგანძურის მოცულობისა არ არის, არამედ მისი ქვეშევრდომების სიმდიდრეშია, – მკაცრად თქვა ამ განცხადებით ოდნავ განაწყენებულმა კლარისამ.

– რასაკვირველია, – დაეთანხმა სვიტჩაილდი, რომელმაც უკვე შეუბერა – ვეღარ გააჩერებდი. – თუმცა ბრაჰმაპურის რაჯების სიმდიდრე სრულიად განსხვავებული ხასიათის იყო. ოქროს არ აგროვებდნენ, ზანდუკებს ვერცხლით არ ავსებდნენ, ვარდისფერი მარმარილოთი არ აშენებდნენ სასახლეებს. ო, არა, სამასი წლის განმავლობაში ეს მმართველები სცნობდნენ მხოლოდ ერთ ვნებას – ძვირფასი ქვები. თქვენთვის ცნობილია თუ არა “ბრაჰმაპურის სტანდარტი”?

– ალბათ, ალმასის რაღაც ზომა, არა? – ყოყმანით ივარაუდა ექიმმა ტრუფომ.

– “ბრაჰმაპურის სტანდარტი” იუველირული ტერმინია, რომლითაც აღნიშნავენ ალმასს, საფირონს, ლალს ან ზურმუხტს, შემოფარგლულს განსაკუთრებულად და ზომით კაკლის ტოლებს, რაც შეესატყვისება ას სამოც თანდულას, ანუ წონის ოთხმოც კარატს.

– მაგრამ ეს ძალიან დიდი ზომაა, – გაოცდა რენიე. – ამისთანა ქვები ძალზე იშვიათად გვხვდება. თუკი მეხსიერება არ მღალატობს, თვით ალმასი “რეგენტი”, საფრანგეთის სახელმწიფო საგანძურის მშვენება, ბევრით მეტი კი არ არის.

– არა, ლეიტენანტო, ალმასი “პიტი”, იგივე “რეგენტი” თითქმის ორჯერ დიდია, – ავტორიტეტული გამომეტყველები შეუსწორა მეზღვაურს პროფესორმა, – მაგრამ ოთხმოცი კარატი, თუკი ლაპარაკია წმინდა ქვებზე – ძალიან ბევრია. ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, წარმოიდგინეთ, რომ ბაღდასარს ამისთანა ქვები, თანაც ყველაზე საუკეთესო ხარისხის, ხუთას თორმეტი ჰქონდა!

– შეუძლებელია! – წამოიძახა სერ რეჯინალდმა.

ფანდორინმა კი იკითხა:

– რ–რატომ მაინცდამაინც ხუთას თორმეტი?

– წმინდა რიცხვ რვის გამო, – ხალისით აუხსნა სვიტჩაილდმა. – 512 არის 8 X 8 X 8, ანუ რვა სამ განზომილებაში, კუბში, ეგრეთ წოდებული “იდეალური რიცხვი”. აქ, რასაკვირველია, ჩანს ბუდიზმის გავლენა, რომელიც რვიანს განსაკუთრებული პატივისცემით ეკიდება. ინდოეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ბრაჰმაპური მდებარეობს, რელიგიები ერთობ უცნაურად არის გაერთიანებული. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, სად და როგორ ინახებოდა ეს საგანძური.

– მაინც სად ინახებოდა? – ცნობისმოყვარეობით იკითხა რენატა კლებერმა.

– თიხის უბრალო სკივრში, რომელიც მოკლებული იყო ნებისმიერ სამშვენისებს. მე 1852 წელს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა არქეოლოგი, ბრაჰმაპურაში ვიყავი და შევხვდი რაჯა ბაღდასარს. სათავადოს ტერიტორიაზე, ჯუნგლებში, აღმოაჩინეს ძველი ტაძრის ნანგრევები და მისმა უდიდებულესობამ მიმიწვია აღმოჩენის შესაფასებლად. მე ჩავატარე აუცილებელი გამოკვლევები და როგორ გგონიათ? აღმოჩნდა, რომ ეს ტაძარი აშენებული იყო მეფე ჩანდრაჰუპტის ხანაში, როცა...

– სდექ-სდექ-სდექ! – სწავლულს შეაწყვეტინა კომისარმა. – არქეოლოგიაზე სხვა დროს გვიამბეთ. მოდით, ისევ რაჯას დავუბრუნდეთ.

– აჰ, დიახ. – პროფესორმა წამწამები ააფახულა. – მართლა ასე აჯობებს. მოკლედ, რაჯა კმაყოფილი დარჩა და განსაკუთრებული კეთილგანწყობის ნიშნად თავისი ლეგენდარული სკივრი მაჩვენა. ო, ვერასოდეს დავივიწყებ ამ სანახაობას! – სვიტჩაილდი შეუჭმუხნა. – წარმოიდგინეთ, ბნელი მიწისქვეშეთი, სადაც კარის მახლობლად ერთადერთი მაშხალა ანთია. რომელიც ბრინჯაოს სამაგრშია ჩასმული. ორნი ვიყავით – რაჯა და მე, დაახლოებული ხალხი მასიურ კართან დარჩა, რომელსაც დუჟინი (თორმეტი) მცველი იცავდა. განძსაცავის მოწყობილობას თვალი ვერ შევასწარი – თვალებმა ვერ მოასწრეს ბინდის შეჩვევა. მარტო ის მესმოდა, რომ მისი უდიდებულესობა რაღაც კლიტეებს აჩხაკუნებს. მერე ბაღდასარი ჩემსკენ შემობრუნდა და მის ხელში მიწისფერი კუბი დავინახე, ეტყობა, საკმაოდ მძიმე. ზომით იქნებოდა... – სვიტჩაილდმა თვალები გააღო და ირგვლივ მიმოიხედა. ყველა მოჯადოებულივით უსმენდა, ხოლო რენატა კლებერმა ბავშვივით დააღო პირი. – აბა, რა ვიცი. ალბათ, მისის სტამპის ქუდის ხელა, ეს თავსარქველი რომ კვადრატულ კოლოფში მოვათავსოთ. – ყველა, გეგონებათ, უბრძანესო, პატარა, ხოხბის ბუმბულიან ტიროლურ შლაპას მიაცქერდა. კლარისამ ღირსეული ღიმილით გადაიტანა ეს Public scrutiny (“ყოველმხრივი ცქერა” – ინგლ.) – როგორც ბავშვობაში ასწავლიდნენ. – ალბათ ეს კუბი ყველაზე მეტად თიხის ერთ ჩვეულებრივ აგურს მიაგავდა, სამშენებლოდ რომ იყენებენ იმ ადგილებში. მოგვიანებით მისმა უდიდებულესობამ ამიხსნა, რომ თიხის უხეში, მონოტონური ზედაპირი გაცილებით უკეთ გამოხატავს ქვების შუქების თამაშს, ვიდრე ოქრო ან სპილოს ძვალი. შესაძლებლობა მქონდა, ამაში დავრწმუნებულიყავი. ბაღდასარმა ნელიად წაიღო ბეჭდებით დამძიმებული ხელი სკივრის სახურავისკენ, უცაბედი ჟესტით გახსნა და... მე დავბრმავდი, ბატონებო! – პროფესორს ხმა აუთრთოლდა. – ამის... ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია! წარმოიდგინეთ იდუმალი, მოციმციმე, მრავაფეროვანი ნათება, შავი კუბიდან ამოსული და მიწისქვეშეთის მოქუშულ თაღებზე ათამაშებული! მრგვალი ქვები რვა ფენად ეწყო და თითოეულში სამოცდაოთხი დაწახნაგებულ–თლილი აუტანელი ელვარების წყარო! ეს ეფექტი, რასაკვირველია, ძლიერდებოდა ერთადერთი მოციაგე მაშხალით. აი, ასე ვხედავ რაჯა ბაღდასარის სახეს, რომელიც დაბლიდან ნათდება ამ ჯადოსნური შუქით...

სწავლულმა კვლავ დახუჭა თვალები და გაჩუმდა.

– ნეტავი, რა ღირს ეს ფერადი მინები? – გაისმა კომისრის ჭრიალა ხმა.

– ნეტავ, მართლა, რამდენი? – გამოცოცხლდა მადამ კლებერიც. – ვთქვათ, თქვენს ინგლისურ ფუნტებში?

კლარისამ გაიგონა, მისის ტრუფომ საკმაოდ ხმამაღლა როგორ უჩურჩულა ქმარს:

–  She   s so vulgar! (“ძალიან ვულგარულია!” – ინგლ.) – თუმცა ყურებიდან მოიცილა თავისი უფერული კულულები, რათა სიტყვაც კი არ გამორჩენოდა.

– იცით, – ალალად გაიღიმა სვიტჩაილდმა, – მე დავინტერესდი ამ შეკითხვით. პასუხი არც ისე იოლია, რაღაი ძვირფასი ქვების ფასები მერყეობს ბაზართან დამოკიდებულების გამო, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობით...

– ჰო–ჰო, ახლანდელი, თუ შეიძლება, მეფე ჩანდრაჰუპტის ხანის გარეშე, – ჩაიბურტყუნა გოშმა.

– ჰო... ზუსტად არ ვიცი, რამდენი ბრილიანტი, რამდენი საფირონი და რამდენი ლალი ჰქონდა რაჯას. მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ ყველაზე მეტად იგი ზურმუხტს აფასებდა, რისთვისაც მეტსახელიც დაიმსახურა. მისი მმართველობის წლებში შეიძნეს შვიდი ბრაზილიური ზურმუხტი და შვიდი ურალური, თანაც თითოეულში ბაღდასარმა თითო ბრილიანტი მისცა და ზედ ფულიც დაურთო. როგორც ცნობილია, მის ყოველ წინაპარს თავისი საყვარელი ქვა ჰქონდა, რომელსაც სხვებთან შედარებით უპირატესობას აძლევდა და ცდილობდა პირველი რიგში ის შეეძინა. მაგიურ რიცხვ 512–ს ჯერ კიდევ ბაღდასარის პაპის დროს მიაღწიეს და მას შემდეგ მმართველის მთავარი მიზანი ქვების რაოდენობის გაზრდა კი არა, მათი ხარისხის ამაღლება გახდა. ის ქვები, რომლებსაც ოდნავ თუ აკლდათ სრულყოფილობამდე ანდა რატომღაც არ სარგებლობდნენ მმართველი თავადის კეთილგანწყობით, იყიდებოდა – აქედან მოდის “ბრაჰმაპურის სტანდარტის” დიდება, ცოტ–ცოტაობით მთელ მსოფლიოში რომ გავრცელდა. სამაგიეროდ სკივრში თავსდებოდნენ სხვები, უფრო ფასეული. მანიაკალური “ბრაჰმაპურის სტანდარტით” შეპყრობილობა ბაღდასარის წინაპრებში უგუნურებამდე აღწევდა! ერთმა მათგანმა სპარსეთის მეფის შაჰ–აბას დიადისგან ყვითელი საფირონი იყიდა წონით სამასი თანდული, ამ საოცრებაში ათი ქარავანი სპილოს ძვალი გადაიხადა, მაგრამ ქვა დადგენილ ზომაზე დიდი იყო და რაჯას იუველირებმა ზედმეტობები ჩამოათალეს!

– ეს, რა თქმა უნდა, საშინელებაა, – თქვა კომისარმა, – მაგრამ, მოდით, მაინც ფასს დავუბრუნდეთ.

თუმცა ინდოლოგის საჭირო კალაპოტში დაბრუნება ადვილი არ აღმოჩნდა.

– მოიცადეთ მაგ თქვენი ფასიანად! – მაძებარს უზრდელურად აუქნია ხელი. – მთავარი ეგ კი არა არის! როცა საუბარია ამხელა ზომისა და ხარისხის კეთილშობილ ქვაზე, ფულს კი არ იხსენებ, არამედ ჯადოსნურ თვისებებს, ძველთაგანვე რომ მიაწერდნენ. ალმასი, მაგალითად, სისუფთავის სიმბოლოდ ითვლება. ჩვენი წინაპრები თავიანთი ცოლების ერთგულებას ასე ამოწმებდნენ: მძინარე მეუღლეს ბალიშის ქვეშ უცურებდნენ ალმასს. თუკი ცოლი ერთგული იყო, დაუყოვნებლივ გადაბრუნდებოდა ქმრისკენ და გაუღვიძებლად მოეხვეოდა. თუკი ღალატობდა, მაშინ იტრიალებდა და შეეცდებოდა ქვა იატაკზე გადმოეგდო. და კიდევ ალმასი დაუმარცხებლობის გარანტად ითვლებოდა. ძველ არაბებს სწამდათ, რომ ბრძოლაში ის სარდალი გაიმარჯვებს, რომელსაც უფრო დიდი ზომის ალმასი აქვს.

– ძვერი არაბები ეშლებოდათ, – აღტკინებულ ორატორს მოულოდნელად გააწყვეტინა გინტარო აონომ.

ყველა გაოცებული მიაჩერდა იაპონელს, იშვიათად რომ ღებულობდა მონაწილეობას საერთო საუბარში და არასოდეს აწყვეტინებდა ვინმეს ლაპარაკს. აზიატმა სასწრაფოდ განაგრძო იმავე სასაცილო აქცენტით:

– სენ-სირის აკადემიასი ცვენ გვასცავლიდნენ, რომ ბურგუნდიის ჰერცოგი კარრ გურადი საგანგებოდ ცაიგო სვეიცარიელებთან ომისას ალმასი “სან-სი”, მაგრამ ამან ვერ გადაარცინა დამარცხებისგან.

კლარისას შეებრალა ეს ბედკრული – ძლივს იფიქრა ცოდნის გამოჩენა და ასე უადგილოდ.

იაპონელის რეპლიკას სამარისებური დუმილით შეხვდნენ, აონო კი ტანჯვისგან გაწითლდა.

– ჰო–ჰო, კარლ გულადი... – თავი უკმაყოფილოდ დაიქნია პროფესორმა და ადრინდელი აღტკინების გარეშე დაასრულა. – საფირონი არის სიმბოლო თავდადებისა და მუდმივობისა, ზურმუხტი აძლიერებს გამოხედვის სიმახვილეს და შორსმხედველობას, ლალი გვიფარავს ავადმყოფობებისგან და თვალისცემისგან... მაგრამ თქვენ კითხულობდით ბაღდასარის საგანძურის ღირებულებას?

– მე მესმის, რომ თანხა იგავმიუწვდომლად დიდი იქნება, მაგრამ მაინც თუ შეგიძლიათ ივარაუდოთ, რამდენი ნული იქნება მასში? – გამოკვეთილად, თითქოს ჩერჩეტ მოწაფეს მიმართავსო, წარმოთქვა მადამ კლებერმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბანკირის ცოლი სულ ასეთად დარჩება.

კლარისა კიდევ სიამოვნებით მოუსმენდა ძვირფასი ქვების ჯადოსნური თვისებების შესახებ ლაპარაკს, ამჯობინებდა ფულზე საუბრისთვის გვერდი აევლოთ. სხვა ათასი მიზეზის გარდა, ეს ვულგარულია.

– ჰოდა, მოდით, დაახლოებით გამოვითვალოთ. – სვიტჩაილდმა ჯიბიდან ფანქარი ამოიღო და ქაღალდის ხელსახოცზე საწერად მოემზადა.


 ადრე ყველაზე ძვირფას ქვად ალმასი ითვლებოდა, მაგრამ სამხრეთაფრიკული საბადოების გახსნის შემდგომ შაგრძნობლად დაიკლო ფასში. დიდი საფირონები ხშირად გვხვდება, ვიდრე სხვა ძვირფასი ქვები, ამიტომ საშუალოდ ოთხჯერ იაფია ბრილიანტზე, მაგრამ ეს არ ეხება ყვითელ და ვარსკვლავისებურ საფირონებს და სწორედ ისინი შეადგენენ ბაღდასარის კოლექციის უმეტესობას. სუფთა, უდიდესი ლალი და ზურმუტხი ძალიან იშვიათია და იმავე წონის ბრილიანტზე ძვირად ფასობს... კარგი, ადვილი რომ იყოს, წარმოვიდგინოთ, რომ ყველა, 512 ქვა ბრილიანტია, თანაც ერთნაირი ფასისა. თითოეულის წონა, როგორც უკვე ვთქვი, 80 კარატია. ტავერნიეს ფორმულის მიხედვით, რომლითაც მთელი მსოფლიოს იუველირები სარგებლობენ, ერთი ქვის ღირებულება იანგარიშება ასე: უნდა ავიღოთ ერთკარატიანი ალმასის საბაზრო ფასი და გავამრავლოთ მოცემული ქვის კარატების კვადრატზე. გამოდის... ერთკარატიანი ბრილიანტი ანტვერპენის ბირჟაზე ღირს თხუტმეტი ფუნტი. ოთხმოცის კვადრატი არის ექვსი ათას ოთხასი. გავამრავლოთ თხუთმეტზე... ეეე... ოთხმოცდათექვსმეტი ათასი ფუნტი სტერლინგი – აი ბრაჰმაპურის სკივრის ერთი საშუალო ქვის ფასი... გავამრავლოთ ხუთას თორმეტზე... დაახლოებით ორმოცდაათი მილიონი ფაუნტი სტერლინგი. სინამდვილეში კი უფრო მეტი, იმიტომ, რომ, როგორც უკვე აგიხსენით, ასეთი დიდი ზომის ფერადი ქვები ბრილიანტზე ძვირად ფასობს, – საზეიმოდ შეაჯამა სვიტჩაილდმა.

 

– ორმოცდაათი მილიონი ფუნტი? ამდენი? – ჩახლეჩილი ხმით იკითხა რენიემ. – ეს ხომ მთელი მილიარდ–ნახევარი ფრანკია!

კლარისას სუნთქვა შეეკრა, ქვების რომატიკული თვისებები აღარ ახსოვდა, ისეთი გაოგნებული იყო ამ ასტრონომიული თანხით.

– ორმოცდაათი მილიონი! ეს ხომ მთელი ბრიტანეტის იმპერიის წლიური ბიუჯეტის ნახევარია! – ამოიოხრა მან.

– ეს სამი სუეცის არხია! – წაიბურტყუნა ქერათმიანმა მილფორდ–სტოუკსმა. – და მეტიც!

კომისარმაც ხელსაწმენდი მიიჩოჩა და რაღაცის ანგარიშში ჩაეფლო.

– ეს არის ჩემი ხელფასი სამასი ათასი წლის განმავლობაში, – დაბნეულად გამოაცხადა მან. – ხომ არ გადააჭარბეთ, პროფესორო? ვიღაცა იქაურ მეფუკას საიდან ექნება ამისთანა საგანძური?

სვიტჩაილდმა ამაყად უპასუხა, თითქოს მთელი ინდოეთის სიმდიდრე მისიაო:

– ჯერ ეს რა არის! ჰაიდარაბადელი ნიზამის ძვირფასეულობას სამას მილიონად აფასებენ, ოღონდ იმას უკვე ერთ პატარა სკივრში ვეღარ მოათავსებ. ბაღდასარის საგანძურს კომპაქტურობის მიხედვით ვერაფერი გაუტოლდება.

ფანდორინი ფრთხილად შეეხო ინდოლოგს სახელოზე:

– მე მ-მაინც ვფიქრობ, რომ ეს თანხა სიმბოლურია. ალბათ მთლიანად ვერავინ შეძლებდა გ-გიგანტური ძვირფასი ქვების ამ რაოდენობით გაყიდვას. ეს ბაზარზე ფასს დააგდებდა.

– სულ ტყუილად ფიქრობთ ასე, მუსიე დიპლომატო, – უმალ მიუგო სწავლულმა. – “ბრაჰმაპურის სტანდარტის” პრესტიჟი ისეთი მაღალია, რომ მყიდველებისგან მოსვენება აღარ იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, ქვების ნახევარი ინდოეთიდან არც კი გამოვიდოდა – ადგილობრივი თავადები შეიძენდნენ და პირველ რიგში იგივე ნიზამი. დანარჩენ ქვებზე კი ჩხუბი მოუვიდოდათ ევროპისა და ამერიკის საბანკო სახლებს, თან ევროპელი მონარქებიც ხელიდან არ გაუშვებდნენ შესაძლებლობას, რომ ბრაჰმაპურის შედევრებით დაემშვენებინათ თავიანთი საგანძური. ო–ო, სათანადო სურვილის შემთხვევაში ბაღდასარს შეეძლო თავისი სკივრის შიგთავსი სულ რამდენიმე კვირაში გაეყიდა.

– თქვენ ამ ადამიანზე სულ წ-წარსულ დროში ლაპარაკობთ, – შენიშნა ფანდორინმა. – გარდაიცვალა? თუკი ასეა, მაშინ რა მოუვიდა მის სკივრს?

– ეს, სამწუხაროდ, არავინ იცის. ბაღდასარის აღსასრული ტრაგიკულია. სიპაების აჯანყებისას რაჯამ გაუფრთხილებლობა გამოიჩინა და საიდუმლო ურთიერთობაში იყო მეამბოხეებთან, და ვიცე-მეფემ ბრაჰმაპური მტრულ ტერიტორიად გამოაცხადა. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ ბრიტანეთმა ბაღდასარის საგანძურის ხელში ჩაგდება მოინდომა, მაგრამ ეს, რასაკვირველია, ტყუილია – ჩვენ, ინგლისელები ასეთი მეთოდებით არ ვმოქმედებთ.

– ო, დიახ, – ცუდი ღიმილით თავი დაუქნია რენიემ და კომისარს გადახედა.

კლარისამ ფრთხილად შეხედა ფანდორინს – ნუთუ ესეც ანგოფობიის ბაცილით არის დაავადებული, მაგრამ რუსი დიპლომატი აღუშფოთებელი გამომეტყველებით იჯდა.

– ბაღდასარის სასახლეში დრაგუნთა ესკადრონი გაიგზავნა. რაჯა ავღანეთში გაქცევით ცდილობდა თავის გადარჩენას, მაგრამ კავალერია განგის ფონთან წამოეწია. ბაღდასარმა დაპატიმრება თავისი ღირსებისთვის შეუფერებლად ჩათვალა და შხამი მიიღო. სკივრი თან არ აღმოაჩნდა, მხოლოდ ერთი ბოხჩა იპოვეს, შიგ მოთავსებული ინგლისურენოვანი წარწერით. ჩანაწერი ბრიტანეთის ხელისუფებას ეხებოდა. იქ რაჯა თავის უდანაშაულობას იფიცებოდა და ითხოვდა, ეს ბოხჩა თავისი ერთადერთი შვილისთვის გადაეგზავნათ. ბაღდასარის ბიჭი ევროპის რომელიღაც კერძო პანსიონში სწავლობდა. ახალი ფორმაციის ინდოელი მმართველებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. უნდა ითქვას, რომ ბაღდასარისთვის უცხო არ იყო ცივილიზაციის ქართა ქროლვა, არაერთხელ ყოფილა ლონდოდნში და პარიზში. ფრანგიც კი მოიყვანა ცოლად.

– აჰ, რა უცნაურია! – შესძახა კლარისამ. – ინდოელი რაჯას ცოლი რომ იყო! იმას რაღა მოუვიდა?

– ჯანდაბას ის ცოლი, სჯობს, რომ ბოხჩაზე გვიამბოთ, – მოუთმენლად თქვა კომისარმა. – შიგ რა იყო?

– გულახდილად რომ ვთქვათ, საინტერესო არაფერი, – პროფესორმა მწუხარედ აიჩეჩა მხრები. – ყურანის ტომი. სკივრი კი უკვალოდ გაქრა, თუმცა ყველგან ეძებდნენ.

– და ეს ჩვეულებრივი ყურანი იყო? – შეეკითხა ფანდორინი.

– უფრო მეტად ჩვეულებრივი რომ აღარც შეიძლება, დაბეჭდილი ბომბეის სტამბაში, მინდვერბზე კი განსვენებულის კეთილშობილ აზრთა მინაწერებით. ესკადრონის მეთაურმა შესაძლებლად ჩათვალა დანიშნულებისამებრ გაგზავნა ყურანი, თავისთვის კი ამ ექსპედიციის სამახსოვროდ დაიტოვა ხელსახოცი, რომელშიც გახვული იყო წიგნი. შემდეგ ის ხელსახოცი ლორდმა ლიტლბიმ შეიძინა და თავის აბრეშუმზე ნაქარგობის კოლექციაში შეიტანა.

კომისარმა დააზუსტა:

– ეს ის ხელსახოცია, რომელშიც მკვლელმა შივა გაახვია?

– სწორედ ის. ხელსახოცი მართლა უჩვეულოა. უწვრილესი, უწონო აბრეშუმისგან არის ნაქსოვი. ზედ ნახატი საკმაოდ ტრივიალურია – სამოთხის ჩიტის, ტკბილად მომღერალი კალავინკის გამოსახულება, მაგრამ არის ორი უნიკალური თავისებურება, რომლებსაც სხვა ინდურ ხელსახოცებზე არ შევხვედრივარ. ჯერ ერთი, კალავინკის თვალის მაგივრად ნახვრეტი აქვს, რომლის კიდეებიც იუველირულად არის ამოხვეული ფარჩის ძაფით. და მეორეც, ხელსახოცის ფორმაა საინტერესო – ოთხკუთხედი კი არა, კონუსისებური. თავისებური არასწორი სამკუთხედია: ორი მხარე არათანაბარია, ერთი მთლად სწორია.

– ხელსახოცს დ–დიდი ფასი აქვს? – იკითხა ფანდორინმა.

– ხელსახოცი საინტერესო არ არის, – ქვედა ტუჩი კაპრიზულად ამოიბრუნა მადამ კლებერმა. – ისევ იმ ძვირფასეულობაზე გვიამბეთ! კარგად უნდა მოეძებნათ.

სვიტჩაილდმა გაიცინა:

– ო, მადამ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ამაოდ ეძებდა ახალი რაჯა! ერთ–ერთი ადგილობრივი სათავისო კაცი იყო, ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია სიპაიების ომისას და ჯილდოდ ბრაჰმაპურის ტახტი მიიღო. იმ უბედურს სიხარბისგან გონება დაუბნელდა. ვიღაც ჭკუისკოლოფმა უჩურჩულა, რომ ბაღდასარმა სკივრი ერთ–ერთი სახლის კედელში დამალა. და რაკი ის სკივრი სინამდვილეში ზომით ჩვეულებრივი თიხის აგურისხელა იყო, ახალმა რაჯამ ბრძანა, ყველა შენობა დაეშალათ, რომლებიც ასეთი აგურებისგან გახლდათ აშენებული. სახლებს ერთი მეორის მიყოლებით შლიდნენ და თითოეულ აგურს ბატონის უშუალო ზედამხედველობით ამტვრევდნენ. თუკი მხედველობაში მივიღებთ, რომ ბრაჰმაპურაში ყველა ნაგებობის ოთხმოცდაათი პროცენტი თიხის აგურებისგან არის აშენებული, რამდენიმე თვეში აყვავებული ქალაქი ნანგრევების გროვებად იქცა. იმის შიშით, რომ მოსახლეობა სიპაებზე უარეს აჯანყებას წამოიწყებდა, უგნური რაჯა თავისივე ახლობლებმა შხამით გაისტუმრეს საიქიოში.

– ეგრეც უნდა მოქცედნენ იმ იუდას, – გრძნობით თქვა რენიემ. – ღალატზე ამაზრზენი არაფერია ამქვეყნად.

ფანდორინმა მოთმინებით გაიმეორა თავისი შეკითხვა:

– და მაინც, პროფესორო, დიდია იმ ხელსახოცის ღირებულება?

– არა მგონია. ეს უფრო რარიტეტია, საკვირველება.

– და რატომ ახვევენ იმ ხ-ხელსახოცში ერთთავად რაღაცეებს – ხან ყურანს, ხანაც შივას? ამ ნაჭერს რაიმე საკრალური მნიშვნელობა ხომ არა აქვს?

– მსგავსი არა მსმენია რა. უბრალო დამთხვევაა.

კომისარი გოში ხვნეშით წამოდგა, მხარი გამართა.

– მ–და, თავშესაქცევი ამბავია, მაგრამ ჩვენს გამოძიებას, სამწუხაროდ, ვერაფრით შეეწევა. არა მგონია, მკვლელს ეს ნაჭერი სანტიმენტალური სუვენირის სახით შეენახა. – ოცნებით წარმოთქვა. – არადა, ურიგო არ იქნებოდა. ამოიღებდა რომელიმე თქვენგანი, ძვირფასო ეჭვმიტანილებო, აბრეშუმის ხელსახოცს, სამოთხის ჩიტით – ისე, დაბნეულობით – ცხვირს მოიხოცავდა. აი, მაშინ კი ბებერ გოშს ეცოდინებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო.

და გამომძიებელმა გაიცინა, ეტყობა, თავის ხუმრობას ძალზე მახვილგონივრულად სთვლიდა. კლარისა საყვედურით უყურებდა ამ ხეპრეს.

კომისარმა მისი მზერა დაიჭირა და შეიშმუშნა:

– სხვათაშორის, მადმუაზელ სტამპ, თქვენს უცხო შლაპაზე მინდოდა მეთქვა. მოდური რამეა, პარიზის ბოლო ფუფუნება. როდის მოინახულეთ პარიზი?

კლარისა შინაგანად ყალყზე შედგა და ცივი ტონით მიუგო:

– შლაპა ლონდონშია ნაყიდი, კომისარო. პარიზში კი არასოდეს არა ვყოფილვარ.

ასე დაჟინებით საით იყურება მისტერ ფანდორინი? კლარისამ მის მზერას გააყოლა თვალი და გაფითრდა:

დიპლომატი მის სირაქლემას მარაოს უყურებდა, რომლის სახელურზე ჩანდა მოოქროვილი წარწერა: Meilleurs souvenirs! Hotel AMBASSADEUR. Rue de Grenelle, Paris (“კეთილი მოგონებები! ოტელი “ამბასსადორი”. გრენელის ქუჩა, პარიზი” – ფრ.).

როგორი მიუტევებელი წინდაუხედაობაა!

 

 

გინტარო აონო

(ამ პერსონაჟის თავებში ტექსტი შებრუნებულია მარცხნივ და მიდის ორ სვეტად).

 

მეოთხე თვის მეხუთე დღე.

ერითრეის სანაპიროს ხედი.

 

ქვემოთ ზღვის მწვანე ზოლია,

შუაში – ქვიშის ყვითელი ზოლი,

ზემოთ კი ზეცის ცისფერი ზოლი.

აი, ასეთი ფერებისაა.

 

აფრიკის დროშა.

 

ეს ტრივიალური ხუთსტრიქონედი ჩემი საათნახევრიანი დაძაბულობის ნაყოფია, სულიერი ჰარმონიის მოსაპოვებლად. ამ წყეულ სულიერ ჰარმონიას არაფრით სურდა აღდგენა.

კიჩოზე ვიჯექი ეულად, აფრიკის სევდიან ნაპირს გავყურებდი და მძაფრად, ვიდრე ოდესმე, ვგრძნობდი საკუთარ უსაზღვრო მარტოობას. კიდევ კარგი, ბავშვობიდან მიმაჩვიეს ისეთ კეთილშობილ საქმეს, როგორიც დღიურის წერაა. შვიდი წლის წინათ, სასწავლებლად რომ მივემგზავრებოდი შორეულ ქვეყანა ფურანსუში, ჩუმად ვოცნებობდი, რომ ოდესმე ჩემი მოგზაურობის დღიური წიგნად გამოვა და დიდებას მომიტანს მეც და მთელ აონოების საგვარეულოს. მაგრამ, სამწუხარო, ჩემი გონება ძალზე არასრულყოფილია, ხოლო გრძნობები მეტად ჩვეულებრივი, რომ ამ საცოდავმა ფურცლებმა მეტოქეობა გაუწიონ გარდასული ხანის ლიტერატურას დღიურებში.

და მაინც, ამ ყოველდღიური ჩანაწერების გარეშე ნამდვილად ჭკუიდან გადავიდოდი. აქაც კი, იმ ხომალდზე, აღმოსავლეთ აზიაში რომ მიცურავს, მხოლოდ ორი წამომადგენელი ვართ ყვითელი რასისა – მე და საჭურისი–ჩინელი, სასახლის მეთერთმეტე რანგის მოხელე, პარიზში რომ იმყოფებოდა იმპერატორის ცოლის, ცი სისთვის პარფიუმერული და კოსმეტიკური სიახლეების საყიდლად. ეკონომიის გამო მეორე კლასით მოგზაურობს, ძალიან რცხვენია ამისი, და ჩვენი საუბარი სწორედ იმ წამს შეწყდა, როცა გამოირკვა, რომ მე პირველით მოვდივარ. რამხელა სირცხვილია ჩინეთისთვის! მე იმ მოხელის ალაგას ალბათ დამცირებისგან მოვკვდებოდი. თითოეული ჩვენგანი ამ ევროპულ ხომალდზე ხომ დიდ აზიურ სახელმწიფოებს წარმოადგენს. მე მესმის მოხელე ჩჯანის სულიერი მდგომარეობა, მაგრამ მაინც ძალიან მწყინს, რომ თავისი ვიწრო კაიუტიდან გამოხედვის რცხვენია – ბევრ რამეზე ვილაპარაკებდით. ანუ, რასაკვირველია, კი არ ვილაპარაკებდით, ქაღალდისა და ფუნჯის საშუალებით დავამყარებდით ურთიერთობას. მართალია, სხვადასხვა ენებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ იეროგლიფები ხომ ერთი და იგივეა.

არაუშავს, საკუთარ თავს ვეუბნები, გამაგრდი. ძალიან ცოტაღა დარჩა. სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ შენ დაინახავ ნაგასაკის სინათლეებს, იქიდან კი მშობლიურ კაგოსიმამდე ერთი ხელის გაწვდენაა. თუნდაც დაბრუნება დამცირებას და შერცხვენას მიქადდეს, თუნდაც ყველა ჩემმა მეგობარმა მასხარად ამიგდოს! ბოლოს და ბოლოს, ვერავინ გაბედავს პირში დამცინოს – ყველამ ხომ იცის, რომ მე მამაჩემის სურვილებს ვასრულებდი, ბრძანებებში კი, როგორც ცნობილია, ეჭვი არ შეაქვთ. მე ის ვქენი, რაც უნდა გამეკეთებინა, რასაც მოვალეობა მავალდებულებდა. ჩემი ცხოვრება დაღუპულია, მაგრამ თუკი ეს საჭიროა იაპონიის კეთილდღეობისთვის... და გეყოფა, მორჩა ამაზე!

ოღონდ ვინ იფიქრებდა, რომ სამშობლოში დაბრუნება, შვიდწლიანი გამოცდის ბოლო ეტაპი, ასეთი რთული გამოდგებოდა? საფრანგეთში, ბოლოს და ბოლოს, შემეძლო ცალკე მეჭამა, შემეძლო სეირნობით, ბუნებასთან ურთიერთობით დავმტკბარიყავი. აქ კიდევ, ხომალდზე, საკუთარი თავი ბრინჯის მარცვალი მგონია, შეცდომით რომ ჩავარდნილა ატრიის ჯამში. ცხოვრების შვიდმა წელიწადმა ქერათმიან ბარბაროსთა შორის მაინც ვერ შემათვისებინა ზოგიერთი მათი საზიზღარი ჩვევა. როცა ვხედავ, ეს გამწლიკვული კლებერ–სანი როგორ ჭრის სისხლიან ბივშტექსს დანით და მერე კი გაწითლებულ ტუჩებს ენით ილოკავს, გულს მაზიდებს. ეს ინგლისური პირსაბანები კიდევ, რომლებშიც წყალი უნდა ჩაასხა, საცობი გაუკეთო და სახე დაბიძურებული წყლით დაიბანო! მერე კიდევ გარყვნილი გონების მოგონილი ეს კოშმარული ტანისამოსი?! იმაში თავი ჭანარი გგონია, გაზეთილ ქაღალდში რომ გაახვიეს და ნაკორჩხლებზე სწვავენ. ყველაზე მეტად გახამებული საყელოები მეჯავრება, ნიკაპი რომ გამოგეფიფქება წითლად, და ტყავის ფეხსაცმელი, წამების ნამდვილი იარაღი. ველური აზიატის უფლებით თავს ნებას ვაძლევ გემბანზე მსუბუქ იუკატში ვისეირნო, ჩემი მაგიდის ბედნავსი მეზობლები კი თავის ტანისამოსში იხუთებიან დილიდან საღამომდე. ჩემი მგრძნობიარე ნესტოები ძალაინ იტანჯებიან ევრუპული ოფლის მძაფრი, ზეთოვან–ხორცოვანი სუნისგან. აგრეთვე საშინელია მრგვალთვალებიანთა ჩვევა, ცხვირსახოცებში მოიხოცონ ცხვირი, მერე ცინგლებთან ერთად შეინახონ ჯიბეში, მერე ისევ ამოიღონ და ისევ მოიხოცონ! შინ ამას არ დამიჯერებენ, ჩათვლიან, რომ ყველაფერი მე მოვიგონე. თუმცა შვიდი წელიწადი დიდი დროა. შეიძლება, ჩვენთანაც ატარებენ ქალები ამ სასაცილო ტურნურებს (პატარა ბალიში, რომელსაც იდებდნენ ქალები კაბის ქვეშ წელს ზემოთ; ფართო ქვედატანი, რომელსაც ასეთ ბალიშებთან ერთად იცვამდნენ. ხმარობდნენ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს) უკანალზე და მაღალ ქუსლებზე შემდგარნი კოჭლობით დაეთრევიან. საინტერესო იქნებოდა, ასე გამოწყობილი კიოკო–სანი მენახა. ის ხომ ძალიან დიდია – ცამეტი წლისაა. კიდევ ერთი–ორი წელი და დაგვაქორწინებენ. შეიძლება, ეს ამბავი ადრეც მოხდეს. მალე მაინც მივიდე შინ.

დღეს სულიერი ჰარმონიის მოპოვება ძალიან გამიჭირდა, იმიტომ, რომ:

1) აღმოვაჩინე, რომ ჩემი საკვოიაჟიდან გაქრა საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელსაც შეეძლო ადვილად გაეკვეთა ყველაზე მსხვილი კუნთი. რას ნიშნავს ეს უცნაური ქურდობა?

2) საუზმეზე ისევ დამამცირებელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი – უფრო უარესში, ვიდრე კარლოს მამაცის შემთხვევაში (იხილე გუშინდელი ჩანაწერი). ფანდორინ–სანმა, რომელსაც კვლავაც ძალიან აინტერესებს იაპონია, გამოკითხვა დამიწყო ბუსიდოზე და სამურაების ტრადიციებზე. ლაპარაკი გაგრძელდა ჩემს ოჯახზე, ჩემს წინაპრებზე. ვინაიდან მე ოფიცრად წარვუდექი, რუსი შეკითხვებს მისვამდა შეიარაღებაზე, მუნდირებზე, იმპერატორის არმიის საბრძოლო წესდებაზე. ეს საშინელება იყო! როცა გამოირკვა, რომ არაფერი მსმენია ბერდანის შაშხანაზე, ფანდორინ–სანმა ძალიან უცნაურად შემომხედა. ალბათ იფიქრა, რომ იაპონიის არმიაში მთლად უვიცები მსახურობენ. სირცხვილისგან სულ გადამავიწყდა თავაზიანობა და სალონიდან გამოვიქეცი, რითაც, რასაკვირველია, კიდევ უფრო გავაღრმავე უხერხულება.

დიდხანს ვერ დავმშვიდდი. ჯერ კანჯოების გემბანზე ავედი, სადაც ძალიან აჭერს მზე და ამიტომ არავინ არის. წელს ზემოთ გავიხადე და ნახევარი საათი მავასი–გირის დარტყმას ვსრულყოფდი. როცა სათანადო კონდიციას მივაღწიე და მზე ვარდისფრად მეჩვენებოდა, ძაძენის პოზაში დავჯექი და ორმოცი წუთი ვცდილობდი მედიტაციას. მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიცვი და კიჩოსკენ გავწიე ტანკის შესათხზველად.

ამ ვარჯიშებმა მიშველეს. უკვე ვიცი, როგორ გადავირჩინო თავი. ფანდორინ–სანს ვახშამზე ვეტყვი, რომ უცხოელებთან აკრძალული გვაქვს იმპერატორის არმიაზე ლაპარაკი, სალონიდან კი ასე ჩქარა იმიტომ გამოვიქეცი, რომ საშინელი ფაღარათი მაქვს. მე მგონი, ეს დამაჯერებლად გაიჟღერებს და მეზობლების თვალში უზრდელი ველური აღარ ვიქნები.

 

 

იგივე დღე, საღამო.

რომელ ჰარმონიაზეა ლაპარაკი! რაღაც კატასტროფული მოხდა. სირცხვილით ხელები მიკანკალებს, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა ჩავიწერო ყველა წვრილმანი. ეს გულისყურის მოკრებაში და მართებული გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარება. ჯერ მხოლოდ ფაქტები, დასკვნები მერე.

მაშ, ასე.

ვახშამი სალონ “უინძორში” ჩვეულებრივ რვა საათზე დაიწყო. მართალია დღისით ჭარხლის სალათი (რედ ბეეტ) დავუკვეთე, ოფიციანტმა ნახევრად უმი ძროხის ხორცი მომიტანა სისხლით. თურმე რედ ბეეფ გაუგონია. ჩანგალს ვარჭობდი სისხლში მცურავ მოკლული ცხოველის ხორცს და ჩუმი შურით ვუყურებდი კაპიტნის პირველ თანაშემწეს, რომელიც ბოსტნეულის უგემრიელეს რაგუს ჭამდა ქათმის მჭლე ხორცით.

კიდევ რა იყო?

განსაკუთრებული არაფერი. კლებერ–სანი, როგორც ყოველთვის, შაკიკს უჩიოდა, მაგრამ ძალიან გემრიელად ჭამდა. მშვენიერი ფერი ადევს სახეზე, აი მსუბუქად გადასატანი ფეხმძიმობის კლასიკური მაგალითი. მჯერა: დრო მოვა და ბავშვი ისე ამოუხტება, როგორც საცობი შუშხუნა ფრანგული ღვინიდან.

ლაპარაკობდნენ სიცხეზე და ადენში ხვალინდელ ჩასვლაზე, ძვირფას ქვებზე. მე და ფანდორინ–სანი იაპონური და ინგლისური გიმნასტიკის ღირსებებს ვადარებდით. ჩემს თავს უფლება მივეცი, შემწყნარებელი ვყოფილიყავი, ვინაიდან ამ სფეროში აღმოსავლეთის უპირატესობა დასავლეთთან უცხადესია. მთავარი ის არის, რომ მათთვის ფიზიკური ვარჯიში არის სპორტ, თამაში, ჩვენთვის კი


 გზაა სულიერი თვითსრულყოფისკენ. სწორედაც სულიერი, რადგან ფიზიკურ განვითარებას მნიშვნელობა არა აქვს და მარტო თავის თავს მისდევს, როგორც ვაგონები ორთქლმავალს. უნდა ითქვას, რომ რუსი ძალიან დაინტერესებულია სპორტით და რაღაც–რაღაცეები სმენია იაპონიის და ჩინეთის საბრძოლო სკოლებზე. დღეს დილით კანჯოების გემბანზე მედიტაციებს ვაკეთებდი და იქ ფანდორინ–სანი დავინახე. მხოლოდ თავის დაკვრები გავუცვალეთ ერთიმეორეს, მაგრამ ლაპარაკი არ დაგვიწყია, რადგან ორივენი ჩვენ–ჩვენ საქმეს ვაკეთებდით: მე ახალი დღის შუქით ვიბანდი სულს, ის კი, გიმნასტიკურ ტრიკოში ჩაცმული ჩაჯდომებს აკეთებდა, ცალ–ცალ ხელზე იწეოდა რიგ–რიგობით და დიდხანს სწევდა გირებს, რომლებიც ძალიან მძიმე ჩანდა.

 

გიმნასტიკისადმი საერთო ინტერესმა ჩვენი საღამოს მუსაიფი ძალდაუტანებელი გახადა, უფრო შეუბოჭავად ვგრძნობდი თავს. რუსს ძიუძიცუზე ვუყვებოდი. შეუნელებელი ინტერესით მისმენდა.

 

დაახლოებით ცხრის ნახევარზე (ზუსტი დრო ვერ შევამჩნიე) კლებერ–სანმა, რომელმაც ჩაიც დალია და ორი ღვეზელიც მიაყოლა, დაიჩივლა, თავბრუ მეხვევაო. მე ვთქვი, რომ ასე ემართებათ ფეხმძიმეებს, როცა ბევრს ჭამენ. ჩემი სიტყვები რატომღაც საწყენად მიიღო, მე კი გონს მოვეგე, მეტისმეტი მომივიდა მეთქი. რამდენჯერ დავიფიცე, რომ პირი არ მომეხსნა. აკი მასწავლიდნენ ბრძენი მასწავლებლები: თუკი უცხო კომპანიაში აღმოჩნდები, იჯექი, უსმინე, სულ თავაზიანად იღიმე და დროდადრო თავიც აკანტურე – ზრდილობიანი კაცის სახელი გაგივარდება და თანაც სისულელეს მაინც არ იტყვი. ეს “ოფიცერიც” კარგი ვინმეა, სამედიცინო რჩევებს რომ იძლევა!

რენიე-სანი მაშინვე წამოხტა და ქალბატონის კაიუტამდე მიცილება მოინდომა. ეს კაცი საერთოდ ფრთხილია, კლებერ-სანთან კი განსაკუთრებულად. ეს კაცი ერთადერთია, ვისაც ჯერ არ მობეზრებია კლებერ-სანი თავისი გაუთავებელი ახირებებით. მუნდირის ღირსებას უფრთხილდება, ყოჩაღ.

ისინი რომ გავიდნენ, მამაკაცები სავარძლებში გადაბარგდნენ და გააბოლეს. ხომალდის იტალიელი ექიმი და მისი ინგლისელი ცოლი რომელიღაც პაციენტთან წავიდნენ, მე კი ვცდილობდი ოფიციანტისთვის ამეხსნა, რომ ჩემს ომლეტში საუზმისთვის არც ბეკონი უნდა ჩაედოთ და არც შაშხი. უკვე რამდენი დღე გავიდა, ხომ უნდა მიჩვეოდნენ ამას.

ალბათ ორიოდე წუთი გავიდა და ქალის გულგამგმირავი კივილი გავიგონეთ.

ჯერ ერთი, მაშინვე ვერ გავიგე, რომ კლებერ–სანი კიოდა. და მეორეც, ვერ მივხვდი, რომ გულდამძმარავი “ოსკურ! ოსკურ!” ნიშნავდა  “Au secours! Au secours!” (“მიშველეთ!” – ფრ.). მაგრამ ეს არ ამართლებს ჩემს საქციელს. სამარცხვინოდ მოვიქეცი, სამარცხვინოდ. მე ღირსი არა ვარ სამურაის სახელისა!

მაგრამ თანმიმდევრობით მივყვეთ.

პირველად ფანდორინ-სანი გავარდა კარში, მას პოლიციის კომისარი მიჰყვა, მერე მილფორდ-სტოუკს-სანი, მე მაინც ადგილზე ვიყავი ატუზული. ყველამ, რასაკვირველია, დაადგინა, რომ იაპონიის არმიაში ბედკრული ლაჩრები მსახურობენ! სინამდვილეში, მალე ვერ მივხვდი, რა ხდებოდა.

და როცა მივხვდი, გვიანი იყო – შემთხვევის ალაგას ბოლოს მივირბინე, სტამპ-სანსაც კი ჩამოვრჩი.

კლებერ-სანის კაიუტა სალონის მახლობლად იყო – დერეფნის მარჯვნივ, მეხუთე. ჩემზე ადრე მირბენილების მიღმა წარმოუდგენელი სურათი დავინახე. კაიუტის კარი მოფარღალავებული იყო. იატაკზე დაწოლილი კლებერ–სანი საცოდავად კვნესოდა და ზედ დამხობოდა რაღაც შავი, მბზინვარე და უძრავი. მაშინვე ვერ მივხვდი, რომ ეს უზამაზარი ზანგი იყო. ტილოს თეთრი შარვალი ეცვა. ზანგის კეფიდან საზღვაო ხანჯლის სახელური მოჩანდა. სხეულის მდგომარეობით მაშინვე მივხვდი, რომ ზანგი მკვდარია. ასეთი დარტყმა, რომელიც თავის ქალის საფუძველშია მიყენებული, მოითხოვს დიდ ძალასა და სიზუსტეს, სამაგიეროდ უცაბედად ჰკლავს, როგორც ჩანს.

კლებერ-სანი ამაოდ ფართხალებდა, ზედდდამხობილი ხორცის მასიდან გამოძრომა უნდოდა. იქვე ბორგავდა ლეიტენანტი რენიე. სახე ხალათის საყელოზე თეთრი ჰქონდა. გვერდზე დაკიდული ხანჯლის ქარქაში ცარიელი ჰქონდა. ლეიტენანტი საბოლოოდ დაბნეულიყო – ხან ფეხმძიმე ქალს მივარდებოდა უსიამოვნო ტვირთის გადასაგდებად, ხან ჩვენ მოგვიბრუნდებოდა და არეულად უხსნიდა კომისარს მომხდარს.

ყველა იქ დამსწრიდან ერთადერთი ფანდორინ–სანი არ აღელვებულა. არცთუ დიდი დაძაბვით ასწია და გვერდზე გადაათრია მძიმე გვამი (მაშინვე გამახსენდა გიმნასტიკა გირებით), კლებერ-სანს სავარძელზე დაჯდომაში მიეხმარა და წყალი მიაწოდა. ამ დროს მეც მოვედი გონზე – ქალთან მივედი და სასწრაფოდ შევამოწმე: ეტყობოდა, არც ჭრილობები ჰქონდა და არც დაშავებები. აქვს თუ არა შინაგანი დაზიანება, მოგვიანებით გაირკვევა. ყველა ისე აღელვებული იყო, რომ ჩემგან ჩატარებული დათვალიერება არავის შეუნიშნავს. თეთრები დარწმუნებული არიან, რომ ყველა აზიატი ცოტათი მაინც შამანია და ექიმობის ხელოვნებას ჰფლობენ. კლებერ–სანს 95 ჰქონდა პულსი, რაც გასაგები ამბავია.

დაშავებულმა და რენიე-სანმა ერთმანეთის შეწყვეტინებით შემდეგი მოჰყვნენ.

ლეიტენანტი:

კლებერ-სანი კაიუტამდე მიაცილა, სასიამოვნო საღამო უსურვა და გამოეთხოვა. ოღონდ ორი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ ქალის საშონელი კივილი გაიგონა.

 

კლებერ-სანი:

შევიდა, აანთო ელექტრული ლამფა და ტუალეტის მაგიდასთან გიგანტური შავი ადამიანი დაინახა, რომელსაც ხელში მისი მარჯნის მძივი ეჭირა (მე ეს მძივი მერე მართლა ვნახე იატაკზე). ზანგი უხმოდ მივარდა, იატაკზე დასცა და თავისი უშველებელი ხელები ყელში წაუჭირა. ქალმა დაიკივლა.

 

ლეიტენანტი:

კაიუტაში შევარდა, დაინახა საშინელი (“ფანტასტიკურიო” თქვა თავად) სცენა და თავიდან დაიბნა. ზანგს მხრებში ჩაეჭიდა, მაგრამ ეს გოლიათი ერთი დიუმითაც ვერ გამოსწია. მერე ჩექმით დაარტყა თავში, მაგრამ ისევ ამაოდ. მხოლოდ ამის შემდეგ, რაკი მადამ კლებერისა და ბავშვის სიკვდილისა შეეშინდა, ქარქაშიდან საზღვაო ხანჯალი იშიშვლა და ერთხელ, სულ ერთადერთხელ დაჰკრა.

მე ვიფიქრე, რომ ლეიტენანტის ქარიშხლიანმა ყმაწვილკაცობამ ალბათ ტავერნებსა და საროსკიპოებში ჩაიარა, სადაც დანის ფლობაზეა დამოკიდებული თუ მეორე დღეს ვინ გამოფხიზლდება და ვის წაასვენებენ სასაფლაოზე.

კაპიტანმა კლიფმა და ექიმმა ტრუფომ მოირბინეს. კაიუტაში ტევა აღარ იყო. ვერავინ ხვდებოდა, საიდან მოხვდა “ლევიათანზე” ეს აფრიკელი. ფანდორინი ყურადღებით დააკვირდა სვირინგებს, მოკლულის მკერდს რომ ჰფარავდა და თქვა, რომ ამისთანები უკვე უნახავს. გაირკვა, რომ ამასწინანდელი ბალკანეტის კონფლიქტისას თურქების ტყვეობაში იმყოფებოდა და იქ შავკანიანი მონები ნახა სწორედ ამისთანა ზიგზაგური ნიშნებით, კონცენტრირებულად რომ გამოდიან კერტებიდან. ეს რიტუალური მოხატულობაა ნდანგას ტომისა, რომელიც ამასწინათ აღმოაჩინეს არაბმა მონათმოვაჭრეებმა ეკვატორული აფრიკის შუაგულში. ნდანგას მამაკაცები დიდი მოთხოვნილებით სარგებლობენ მთელ აღმოსავლეთში.

მე მომეჩვენა, რომ ფანდორინ–სანი ამ ყველაფერს რამდენადმე უცნაურის გამომეტყველებით ჰყვებოდა, გეგონება რაღაც აფორიაქებსო. თუმცა შესაძლოა ვცდებოდე, რაკიღა ევროპელების მიმიკა საკმაოდ უცნაურია და არაფრით ემთხვევა ჩვენსას.

კომისარმა გოშმა უყურადღებოდ მოუსმინა დიპლომატს. მან განაცხადა, რომ როგორც კანონიერების წამომადგენელს, აქვს ორი შეკითხვა: როგორ შემოაღწია ზანგმა ხომალდზე და თავს რატომ დაესხა მადამ კლებერს.

აქ გამოირკვა, რომ იქ მყოფთაგან ზოგიერთს საიდუმლო ვითარებაში დაეკარგათ კაიუტებიდან ნივთები. მეც გამახსენდა ჩემი დანაკარგი, მაგრამ, რასაკვირველია, გავჩუმდი. შემდეგ დადგინდა, რომ ზოგიერთმა უშველებელი შავი ჩრდილი დაინახა (მადამ სტამპი) ანდა ფანჯრიდან მოჭვრიტინე შავი სახე (მისის ტრუფო). ახლა ცხადია, რომ ეს არც ჰალუცინაციები იყო და არც ქალური გრძნობიერების ნაყოფი.

ყველა კაპიტანს დაეტაკა. გამოდის, რომ თითოეულ მგზავრს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა, ხოლო გემის ხელმძღვანელობა ამას ვერც კი ხვდებოდა. კლიფ-სანი სირცხვილისგან წამოჭარხლდა. იძულებულნი ვართ, ვაღიაროთ, რომ მის პრესტიჟს შესამჩნევი დარტყმა მიაყენეს. მე ტაქტიანად შევაქციე ზურგი, რათა ნაკლებად განეცადა შეურაცხყოფისგან სახის დაკარგვა.

მერე კაპიტანმა ამ ინცინდენტის ყველა დამსწრეს გვთხოვა, რომ “უინძორის” სალონში გადავსულიყავით და მოგვმართა სიტყვით, რომელიც ძალითა და ღირსებით იყო აღსავსე. პირველ რიგში, ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო. გვთხოვა, რომ არავისთვის მოგვეყოლა ამ “სამწუხარო შემთხვევის” გამო, რადგან ორთქლმავალზე შეიძლება მასობრივი ფსიქოზი დაიწყოს. დაგვპირდა, რომ მატროსები დაუყოვნებლივ შეამოწმებენ ყველა ტრიუმს, ღრუვთშორისი სივრცეს, სარდაფებს, საწყობებს და ქვანახშირის ორმოებსაც კი. დაგვპირდა, რომ არავითარი შავკანიანი ქურდი ხომალდზე აღარ იქნება.

კარგი კაცია კაპიტანი. ნამდვილი ზღვის მგელი. უხეშად ლაპარაკობს, მოკლე ფრაზებით, მაგრამ ეტყობა, რომ ძლიერი სული აქვს და თავის საქმეზე გული შესტკივა. მე მოვისმინე, ერთხელ როგორ უყვებოდა ტრუფო–სენსეი კომისარს, რომ კაპიტანი კლიფი ქვრივია და ძალიან უყვარს ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც რომელიღაც პანსიონში იზრდება. მე მგონი, ეს ძალიან სულისშემძვრელია.

აი, მგონი, უკვე გონს მოვდივარ. სტრიქონებიც გასწორდა, ხელი აღარ მიკანკალებს. შემიძლია ყველაზე უსიამოვნო ამბავზე გადავიდე.

მადამ კლებერის მსუბუქი დათვალიერებისას ყურადღება მივაქციე სისხლჩაქცევების არარსებობას. მნქონდა რაღაც მოსაზრებებიც, რომლებიც ღირდა, რომ კაპიტნისთვისა და კომისრისთვის გამენდო. მაგრამ ყველაზე მეტად მინდოდა დამემშვიდებინა ფეხმძიმე ქალი, რომელიც გონს ვეღარ მოდიოდა ამ თავზარის შემდეგ და პირიქით, მტკიცედ გადაეწყვიტა, ისტერიამდე მიეყვანა საკუთარი თავი.

ძალიან ალერსიანი ტონით ვუთხარი:

– იქნებ ამ შავკანიანს სულაც არ უნდოდა თქვენი მოკვლა, მადამ. თქვენ მოულოდნელად შეხვედით, ელექტრობა ჩართეთ და იმას შეეშინდა. ის ხომ...

აღარ დამამთავრებინა:

– შეეშინდა? – კლებერ-სანმა მოულოდნელი გააფთრებით დაისისინა.


 ანდა, იქნებ თქვენ შეგეშინდათ, მუსიე აზიატო? თქვენ გგონიათ, ვერ შევამჩნიე, როგორ ჰყოფდით ვიღაცეების ზურგებიდან თქვენს ყვითელ სიფათს?

 

ასეთი შეურაცხყოფა არავის და არასოდეს მოუყენებია ჩემთვის. ყველაზე უარესი ის იყო, რომ ვერ შევძელი ისეთი სახის მიღება, რომ თითქოს ეს ისტერიული სულელი ქალის ბოდვაა, და ქედმაღლური ღიმილით ვერ შემოვიფარგლე. კლებერ–სანმა ყველაზე სუსტ ადგილას მიჩხვლიტა!

საპასუხო არაფერი იყო. მე სასტიკად ვიტანჯებოდი, იმას კიდევ ნამტირალევ, გაბოროტებულ სახეზე გამანადგურებელი გრიმასა დასდებოდა და ასე მიყურებდა. ამ მომენტში შესაძლებელი რომ ყოფილიყო ქრისტიანების სახელგანთქმულ ჯოჯოხეთში ჩასავარდნად, დაუყოვნებლივ დავაჭერდი ლიუკის ბერკეტს. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ თვალებზე გაშმაგების წითელი ზეწრები ჩამომეფარა, არადა ამ მდგომარეობისა ყველაზე ძალიან მეშინია. სწორედ გაშმაგების მდგომარეობაში სჩადის სამურაი საქციელებს, რომლებიც დამღუპველია მისი კარმისთვის. მერე მთელი ცხოვრება მოგიწევს გამოისყიდო დანაშაული საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის ერთადერთი წამისთვის. შეიძლება ისეთი რამე ჩაიდინო, რომ სეპპუკუც კი არ იყოს საკმარისი.

სალონიდან გამოვედი, შემეშინდა, რომ თავს ვერ შევიკავებდი და რაღაც საშინელებას გავუკეთებდი ორსულ ქალს. არ ვიცი, თავს შევიკავებდი თუ ვერა, ამისთანა რამე მამაკაცს რომ ეთქვა ჩემთვის.

ჩემს კაიუტაში ჩავიკეტე, ეგვიპტური გოგრებით სავსე ტომარა გამოვიღე, პორტ–საიდის ბაზარში რომ ვიყიდე. პატარებია, ადამიანის თავისტოლები და ძალიან მაგრები. ორმოცდაათი ცალი ვიყიდე.

თვალებიდან რომ ალისფერი ზეწრები ამომერეცხა პირდაპირი დარტყმის დამუშავება დავიწყე ხელისგულის კიდით. უკიდურესი მღელვარების მეოხებით უხეირო დარტყმა გამომდიოდა: გოგრები ორ თანაბარ ნაწილად კი არ სკდებოდა, არამედ შვიდ ან რვა ნაჭრად.

ძნელია.

 

 

 

მეორე ნაწილი.

 

ადენი – ბომბეი.

 

 

 

გინტარო აონო.

 

მე– 4 თვის მე–7 დღე.

ადენში.

 

რუსი დიპლომატი ღრმა, ლამის იაპონური ჭკუის ადამიანია. ფანდორინ-სანი ჰფლობს ნიჭს – მთელი თავისი სისრულით დაინახოს მოვლენა და არ გაიხლართოს პატარა დეტალებში და ტექნიკურ წვრილმანებში. ევროპელები – შეუდარებელი ექსპერტები არიან იმ ყველაფერში, რაც კეთებას შეეხება, მათ შესანიშნავად იციან – როგორ. ჩვენ კი, აზიატები ვართ სიბრძნის მფლობელები, ანუ გვესმის, რატომ. თმიანებისთვის მოძრაობის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბოლოო მიზანი, ჩვენ კი თვალს არ ვაშორებთ შორს მოციმციმე, გზისმაჩვენებელ ვარსკვლავს და ამიტომ ხშირად ვერ ვიცლით ირგვლივ მიმოსახედად. აი, რატომ არის, რომ თეთრები გაბმით გამარჯვებულები არიან წვრილმან შეხლა-შემოხლაში, ხოლო ყვითელი რასა კი ურყევ სიმშვიდეს ინარჩუნებს, რადგან მშვენივრად იცის, რომ ეს ყველაფერი – ამაო ფაფხურია, ყურადღებას რომ არ იმსახურებს. მთავარში, ერთადერთ არსებითში გამარჯვება მაინც ჩვენს მხარეს იქნება.

ჩვენმა იმპერატორმა დიადი ექსპერიმენტი წამოიწყო: აღმოსავლური სიბრძნე დასავლურ ჭკუასთან შეათავსოს. ჩვენ, იაპონელები მორჩილად ვსწავლობთ ყოველდღიურ გამარჯვებათა ევროპულ მეცნიერებას, მაგრამ იმავდროულად მხედველობიდან არ ვუშვებთ ადამიანური არსებობის საბოლოო მიზანს – სიკვდილს და მის შემდეგ არსებულ ყოფიერების უფრო ზემდგომ ფორმას. ქერათმიანები მეტისმეტად ინდივიდუალურები არიან, ძვირფასი “მე” თვალებს უბინდავთ, გარემომცველი სამყაროს სურათს უმახინჯებთ და საშუალებას არ აძლევთ, პრობლემას სხვადასხვა კუთხიდან შეხედონ. ევროპელის სული რკინის ლურსმნებით აქვს მიჭედებული სხეულზე, აღმაფრენა არ შეუძლია.

თუკი ფანდორინ-სანს განათების ნიჭი აქვს, ამის გამო ის დავალებულია თავისი სამშობლოს ნახევრადაზიატური არსით. რუსეთი ბევრი რამით ჰგავს იაპონიას: იგივე აღმოსავლეთია, დასავლეთისკენ რომ მიიწევს. ოღონდ, ჩვენგან განსხვავებით, რუსებს ავიწყდებათ ის ვარსკვლავი, რომელზეც კურსი უჭირავს ხომალდს და მეტისმეტად ატრიალებენ კისერს აქეთ–იქით. წინ წამოსწიო შენი “მე” ანდა უძლიერეს “ჩვენში” გაადნო – აი, რაშია ევროპის და აზიის საპირისპიროობა. მეჩვენება, რუსეთში არის კარგი შესაძლებლობა, რომ პირველი გზიდან მეორისკენ გადაუხვიონ.

თუმცა მეტისმეტად ვფილოსოფოსობ. დროა გადავიდე ფანდორინ–სანზე და მისგან გამოვლენილ ჭკუის სინათლეზე. მომხდარს თავიდან აღვწერ.

დაბინდებამდე “ლევიათანი” ადენში ჩავიდა. ამ პორტზე ჩემს გზამკვლევში წერია: “ადენის პორტი, ეს აღმოსავლეთის გიბრალტარი, ინგლისისთვის შემაერთებელი რგოლია ოსტ-ინდოეთთან. აქ ორთქლმავლები შეივსება ხოლმე ნახშირით და მტკნარი წყლით. ადენის მნიშვნელობა წარმოუდგენლად გაიზარდა სუეცის არხის გახსნის შემდეგ. თავად ქალაქი, სხვათაშორის, დიდი არ არის. აქ არის პორტის ვრცელი საწყობები, ვერფები, რამდენიმე ფაქტორიალი, კანტორები, სასტუმროები. ქალაქი გამოირჩევა მართებული ნაგებობებით. ნიადაგის სიმშრალე კომპენსირდება ოცდაათი ძველი რეზერვუარით, მთებიდან ჩამონადენი წვიმის წყლით რომ ივსება. ადენის მოსახლეობა 34 000-ია, ძირითადად მუსულმანი-ინდოელები”. ჯერ ჯერობით გვიწევს ამ ძუნწი ცნობებით დავკმაყოფილდეთ, რადგან ტრაპი არ არის დაშვებული და ნაპირზე არავის უშვებენ. მიზეზი თითქოს სანიტარულ–საკარანტინო ინსპექციაშია, თუმცა ჩვენ, უინძორის სათავადოს ვასალებმა, ვიცით, რა არის ამ ალიაქოთის მიზეზი: მატროსები და სანაპიროს პოლიცია მთელ ამ გიგანტურ ხომალდს ჩხრეკს, ზანგებს დაეძებს.

საუზმის შემდეგ სალონში დავრჩით, ჩხრეკის შედეგებს ველოდით. პოლიციის კომისარსა და რუს დიპლომატს შორის სწორედ მაშინ გაიმართა მნიშვნელოვანი საუბარი, რომელსაც ყველა ჩვენიანი ესწრებოდა (აი, ჩემთვის უკვე “ჩვენები” გახდნენ).

ჯერ ზანგის სიკვდილზე საუბრობდნენ, შემდეგ ლაპარაკი, როგორც ყოველთვის, პარიზულ მკვლელობაზე გადავიდა. ამ თემაზე მსჯელობაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ დიდი ყურადღებით ვუსმენდი, თუმცა თავდაპირველად მეჩვენებოდა, რომ კიდევ მოინდომებენ მწვანე მაიმუნის დაჭერას ბამბუკის ტყეში და შავი კატისას კიდევ ბნელ ოთახში.

სტამპ–სანმა თქვა: “მოკლედ, სულ გამოცანებია. გაუგებარია, ხომალდზე როგორ შემოაღწია შავკანიანმა, გაუგებარია, რატომ უნდოდა მადამ კლებერის მოკვლა. სწორედ ისეა, როგორც ღიუ დე გრენელზე. ისევ მისტიკაა”.

და უცებ ფანდორინ-სანი ამბობს: “აქ არავითარი მისტიკა არ არის. ზანგის შემთხვევაში ჯერ ყველაფერი ცხადი არ არის, ხოლო რაც შეეხება შემთხვევას დე გრენელის ქუჩაზე, აქ სურათი, ჩემი აზრით, ასე თუ ისე, ნათელია”.

ყველა გაკვირვებული მიაჩერდა, კომისარმა კი იქედნურად ჩაიცინა: “მართლა? აბა, აბა, საინტერესო მოსასმენი იქნება”.

ფანდორინ-სანი: “ვფიქრობ, ასეთი ამბავი მოხდა. საღამოს ღიუ დე გრენელის ქუჩაზე მდებარე კართან მივიდა ვიღაც...”.

კომისარი (ყალბი აღფრთოვანერბით): “ბრავო! გენიალური მიხვედრაა!”.

ზოგ–ზოგებმა გაიცინეს, მაგრამ უმეტესობა შეუნელებელი ყურადღებით უსმენდა, ვინაიდან დიპლომატი იმათ რიცხვს არ ეკუთვნის, ვინც ტყუილუბრალოდ არხევს ჰაერს.

ფანდორინ-სანი (წარბშეუხრელად განაგრძო): “... ვიღაც, რომლის გამოჩენამ მსახურებში ოდნავი ეჭვიც კი აღძრა. ეს მედიკოსი იყო, შესაძლოა, თეთრ ხალათში და ალბათ ექიმის საკვოიაჟით. დაუპატიჟებელმა სტუმარმა თქვა, რომ ყველა სახლში მყოფი დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს ერთ ოთახში, რადგან მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ყველა პარიზელს უნდა გაუკეთდეს პროფილაქტიკური აცრა”. კომისატი (გაბრაზება დაიწყო): “ეს რა ფანტაზიაა? რატომ უნდა დაეჯერებინათ მსახურებს ვიღაც პირველივე გამვლელისთვის?”.

ფანდორინი (მკვეთრად): “მუსიე გოშ, უახლოეს ხანში “განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლის” თანამდებობიდან “არცთუ განსაკუთრებულ საქმეთა” გამომძიებლად არ დაგაქვეითონ. თქვენ უყურადღებოდ სწავლობთ საკუთარ მასალებს, ეს კი მიუტევებელია. ერთხელ კიდევ შეხედეთ სტატიას “სუარიდან”, სადაც წერენ ლორდ ლიტლბის კავშირზე საერთაშორისო ავანტურისტ მარი საფრონთან”.

მაძებარმა თავისი შავი საქაღალდე ამოქექა, საჭირო შენიშვნა ამოიღო, თვალებით გადაურბინა.

კომისარი (მხრები აიჩეჩა): “და მერე რა?”.

ფანდორინი (მიუთითა): “აი, აქ, ქვემოთ. ხედავთ – მომდევნო შენიშვნის დასაწყისს: “ქოლერის ეპიდემია კლებულობს”? და შემდეგ “პარიზელი მედიკოსების ენერგიული პროფილაქტიკური ზომები”.

ტრუფო–სენსეი: “და მართლაც, ბატონებო. პარიზი მთელი ზამთარი ებრძოდა ქოლერის ახლადგაჩენილ კერებს. დუვრში სანიტარული კონტროლიც კი დააყენეს კალედან ჩამოსული ბორნებისთვის”.

ფანდორინ–სანი: “აი, რატომ არ გამოიწვია მედიკოსის გამოჩენამ მსახურების ეჭვი. მოსულს ალბათ მტკიცედ ეჭირა თავი და დამაჯერებლად ლაპარაკობდა. შესაძლოა, თქვა, რომ უკვე გვიანია, არადა, კიდევ რამდენიმე სახლი უნდა მოიაროს ანდა რამე ამის მაგვარი. ეტყობა, სახლის პატრონი მსახურებს აღარ შეუწუხებიათ, იცოდნენ, რომ ნიკრისის ქარების შემოტევა აქვს, მცველებს კი, მეორე სართულიდან, რასაკვირველია, დაუძახეს. ინექცია ხომ – წუთის საქმეა”.

მე აღფრთოვანებული ვიყავი დიპლომატის გამჭრიახობით, ასე იოლად რომ ამოხსნა არცთუ ადვილი ამოცანა. და კომისარი გოშიც ჩაფიქრდა.

“კარგი, დავუშვათ, – უკმაყოფილოდ თქვა მან. – მაგრამ რით ახსნით იმ უცნაურ გარემოებას, რომ თქვენმა მედიკოსმა მსახურები მოწამლა და კიბით კი არ ავიდა მეორე სართულზე, რატომღაც ქუჩაში გამოვიდა, მესერიდამ ბაღში გადაძვრა და ორანჟერეის ფანჯარა გატეხა?”.

ფანდორინ-სანი: “ვიფიქრე მაგაზე. თავში არ მოგსვლიათ, რომ დამნაშავე შეიძლებოდა ორნი ყოფილიყვნენ: ერთი მსახურებს იშორებდა, მეორემ იმავდროულად ფანჯრიდან შეაღწია სახლში?”.

კომისარი (საზეიმოდ): “მომსვლია, ბატონო ჭკუისკოლოფო, როგორ არ მომსვლია. სწორედ ამისთანა დასკვნისკენ გვიბიძგებდა მკვლელი. იმას უბრალოდ, კვალის არევა სურდა


 ეს ხომ ნათელია! მსახურები რომ მოწამლა, ბუფეტიდან მაღლა ავიდა, სადაც სახლის პატრონს გადაეყარა. უპირველეს ყოვლისა, ალბათ დამნაშავემ ჩაამსხვრია ვიტრინის მინა, რადგან ვარაუდობდა, რომ სახლში სხვა აღარავინ არის. ხმაურზე ლორდმა გამოიხედა საძინებლიდან და მოკლული იქნა. ამ გაუთვალისწინებელი ინციდენტის შემდეგ დამნაშავე დაუყოვნებლივ მიიმალა, ოღონდ კარიდან კი არა, ორანჟერეის ფანჯრიდან წავიდა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთვის ჭკუა აერია და საქმე ისე წარმოედგინა, თითქოს ორნი იყვნენ. ჰოდა, თქვენც ეს ანკესი გადაყლაპეთ. მაგრამ მამილო გოშს ამისთანა იაფფასიანი ხერხით ვერ გააცურებ”.

 

კომისარის სიტყვებს კარგად შეხვდნენ. რენიე-სანმა თქვა კიდეც: “ჯანდაბა, კომისარო, თქვენ პირში თითი კი არ გაქვთ ჩაყოფილი!” (ეს ხატოვანი გამოთქმაა სხვადასხვა ევროპულ ენებზე. პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ლეიტენანტს მხედველობაში ის ჰქონდა, რომ გოშ–სანი ძალიან ჭკვიანი და დახელოვნებული მაძებარია).

ფანდორინ-სანმა ცოტა შეიცადა და ჰკითხა: “ანუ თქვენ ყოველმხრივ შეისწავლეთ ლანჩების აღნაბეჭდები ფანჯრის ქვეშ და დაადგინეთ, რომ კაცი ზემოდან გადმოხტა ქვემოთ და ფანჯრის რაფაზე არ ამძვრალა?”.

ამაზე კომისარს არაფერი უპასუხია, მაგრამ რუსს საკმაოდ გაბრაზებულმა შეხედა. ამ დროს სტამპ-სანმა წარმოთქვა რეპლიკა, რომელმაც საუბარი ახალი, უფრო მძაფრი კუთხით წაიყვანა.

“ერთია დამნაშავე თუ ორი – მე მთავარი მაინც ვერ გავიგე: რაში დასჭირდათ ეს? – თქვა მან. – ცხადია, შივას გულისთვის არა. მაშ, რისთვის? იმ ხელსახოცისთვის, რასაკვირველია, არა, როგორც არ უნდა შესანიშნავი და ლეგენდარული ყოფილიყო!”.

ფანდორინ–სანმა ძალიან ჩვეულებრივად თქვა ისეთი რაღაც, თითქოს თავისთავად იგულისხმებაო: “რასაკვირველია, მადმუაზელ, სწორედ ხელსახოცის გამო. შივა ყურადღების გადასატანად აიღეს და მაშინათვე გადააგდეს, უახლოეს ხიდთან, რადგან არ სჭირდებოდათ”.

კომისარმა შენიშნა: “რუსი ბოიარებისთვის (დამავიწყდა, ეს სიტყვა რას ნიშნავს, ლექსიკონში ჩახედვა მომიწევს) ნახევარიმილიონი ფრანკი იქნებ დიდი არც არაფერია, მაგრამ ხალხის უმეტესობა სხვანაირად ფიქრობს. ორი კილოგრამი სუფთა ოქრო და არ “სჭირდებოდათ”! რაღაც მეტისმეტად გაუტიეთ, ბატონო დიპლომატო”.

ფანდორინ–სანი: “მორჩით, კომისარო, რა არის ნახევარი მილიონი ფრანკი ბაღდასარის საგანძურთან შედარებით?”.

“ბატონებო, გეყოფათ დავა! – კაპრიზულად წამოიძახა საძულველმა მადამ კლებერმა.


 მე კინაღამ მომკლეს, თქვენ კი კინაღამ იმავე მდგომარეობამდე მიმიყვანეთ. და სანამ თქვენ, კომისარო, ძველ დანაშაულში იქექებით, კინაღამ ახალი არ მოხდა!”.

 

ეს ქალი ვერ იტანს, როცა თავად არ არის ყურადღების ცენტრში. გუშინდელის შემდეგ ვცდილობ ნაკლებად ვუყურო – ძალიან მინდა შუათითი დავკრა ცისფერ ძარღვზე, მის თეთრ ყელზე რომ ფეთქავს. ერთი დაკვრა საკმარისი იქნება, რომ ეს გველის წიწილი მოკვდეს. მაგრამ ეს, რასაკვირველია, იმ ბოროტი აზრების მხარიდან არის, რომლებიც ნებისყოფიანმა ადამიანმა თავიდან უნდა მიოშოროს. აი, გადმოვაფრქვიე ბოროტი აზრები დღიურში და სიძულვილი ცოტა მომაკლდა.

კომისარმა თავის ადგილზე მოსვა მადამ კლებერი. “გაჩუმდით, ქალბატონო, – მკაცრად თქვა მან. – მოვუსმინოთ, კიდევ რა მოიფიქრა ბატონმა დიპლომატმა”.

ფანდორინ-სანი: “მთელ ამ ამბავს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა, თუკი გატაცებული ხელსახოცი რამით არის განსაკუთრებით ფასეული. ეს ერთი. პროფესორის სიტყვით, თავად ცხვირსახოცის ღირებულება არც ისე დიდია, საქმე აბრეშუმის ნაჭერში კი არ არის, არამედ იმაში, რასთანას არის დაკავშირებული. ეს ორი. როგორც ვიცით, ხელსახოცი დაკავშირებულია ბრაჰმაპურის საგანძურის უკანასკნელი მფლობელის, რაჯა ბაღდასარის სიკვდილისწინა ანდერძთან. ეს სამი. გვითხარით, პროფესორო, იყო თუ არა რაჯა მოციქულის მონა–მორჩილი?”.

სვიტჩაილდ–სენსეი (ჩაფიქრების შემდეგ): “დაზუსტებით ვერ გეტყვით... მეჩეთეთებს არ აშენებდა, ჩემი იქ ყოფნისას ალლაჰს არ იხსენიებდა. რაჯას ევროპულად უყვარდა ჩაცმა, კუბურ სიგარებს ეწეოდა, ფრანგულ რომანებს კითხულობდა... და სადილზე კიდევ კონიაკს სვამდა! ესე იგი, რელიგიურ აკრძალვებს მეტისმეტად სერიოზულად არ აღიქვამდა”.

ფანდორინ-სანი: “ჰოდა, ესეც თქვენ, მეოთხე: არცთუ ისე ძალიან მორწმუნე ბაღდასარი საბოლოო საჩუქრად თავის შვილს რამე სხვას კი არა, ყურანს გადასცემს, თანაც რატომღაც ხელსახოცში გახვეულს. ვეჭვობ, რომ სწორედ ეს ხელსახოცი გვევლინება ამ გზავნილის მთავარ ნაწილად. ყურანი თვალის ასახვევად ერთვოდა... ანდა, ისიც დასაშვებია, წიგნის მინდვრებზე მინაწერებში, ბაღდასარის ხელით რომ არის გაკეთებული, იყო ინსტრუქციები, როგორ უნდა ეპოვათ საგანძური ხელსახოცის საშუალებით”.

სვიტჩაილდ–სენსეი: “რატომ მაინცდამაინც ხელსახოცის მეშვეობით? რაჯას შეეძლო თავისი საიდუმლოება იქვე ჩაეწერა, მარგინალიებში!”.

ფანდორინ–სანი: “შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა. რატომ? მიგითითებთ ჩემს ნომერ პირველ არგუმენტზე: იმ ხელსახოცს რომ ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა არა ჰქონოდა, იმისი გულისთვის არა მგონია, ათი კაცი მოეკლათ. ხელსახოცი არის გასაღები 500 მილიონი მანეთისა, ანუ, თუ გირჩევნიათ, 50 მილიონი ფუნტისა, რაც დაახლოებით ერთი და იგივეა. მე მგონი, კაცობრიობის ისტორიაში არ არსებულა ამხელა მოცულობის დანაგროვი. სხვათაშორის, უნდა გაგაფრთხილოთ, კომისარო, რომ, თუკი თქვენ არ სცდებით და მკვლელი ნამდვილად “ლევიათანზეა”, მოსალოდნელია ახალ–ახალი მსხვერპლი. და რაც უფრო მიუახლოვდებით მიზანს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება მათი გაჩენისა. ძალიან დიდი შესვლაა გაკეთებული და მეტისმეტად ძვირია გადახდილი საიდუმლოების გასაღებში”.

ამ სიტყვების შემდეგ მკდვრული სიჩუმე გამეფდა. ფანდორინ-სანის ლოგიკა დაურღვეველი გვეჩვენებოდა, და, მე დარწმუნებული ვარ, ბევრს ყინვამ დაჰკრა კანზე. გარდა ერთი ადამიანისა.

პირველად კომისარი მოვიდა გონს. ნერვიული სიცილით თქვა: “უჰ, ეს რა წარმოსახვა გქონიათ, მუსიე ფანდორინ. მაგრამ რაც შეეხება საფრთხეს, აქ მართალი ხართ. ოღონდ თქვენ, ბატონებო, შეგიძლიათ არ იკანკალოთ. საფრთხე მხოლოდ ბებერ გოშს ემუქრება, და მან ეს ჩინებულად იცის. ასეთი პროფესია მაქვს. მაგრამ შიშველი ხელებით მე ვერ ამიყვან!” და მრისხანე თვალებით შეგვათვალიერა თითოეული ჩვენგანი, თითქოს საბრძოლველად გვიწვევდა.

სასაცილო გაბერილი ბებერი. ყველა იქ მყოფთაგან ერთი ერთზე მხოლოდ ფეხმძიმე მადამ კლებერს თუ დაჯაბნიდა. ჩემს ტვინში მაცდური სურათი გაჩნდა: გაწითლებულმა კომისარმა იატაკზე დასცა ახალგაზრდა ალქაჯი და თავისი ბანჯგვლიანი თითებით ახრჩობს, მადამ კლებერი კი იხრჩობა, თვალები გადმოუკარკლია და ის საზიზღარი ენა გადმოუგდია.

 

“Darling, I am scared!” (“ძვირფასო, მეშინია! – ინგლ.) – წვრილი ხმით ამოუჩურჩულა ექიმს თავისმა ცოლმა. ქმარმა დასამშვიდებლად მხარზე გადაუსვა ხელი.

საინტერესო შეკითხვა დასვა წითელთმიანმა და მახინჯმა მ.-ს.-სანმა (ძალიან გრძელი გვარია აქ დასაწერად): “პროფესორო, უფრო დაწვრილებით აღგვიწერეთ ხელსახოცი. ფრინველია თვალების მაგივრად სიცარიელეებით, სამკუთხედია. კიდევ რა არის შესამჩნევი იმ ხელსახოცში?”.

უნდა ითქვას, რომ ეს ახირებული ბატონი ჩემსავით იშვიათად მონაწილეობს საერთო მუსაიფში. და თუ რამეს იტყვის, ამ სტრიქონების ავტორივით, აუცილებლად უადგილოდ. მით უფრო შესამჩნევია მისი საჭირო დროს დასმული შეკითხვა.

სვიტჩაილდ-სენსეი: “რამდენადაც მახსოვს, ნასვრეტებისა და უნიკალური ფორმის გარდა ხელსახოცზე განსაკუთრებული არაფერია. სიდიდით დიდი მარაოს ხელაა, ამასთან შეიძლება ადვილად დამალო სათითურში. ბრაჰმაპურში ამისთანა უთხელესი ქსოვილი იშვიათი არ გახლავთ”.

“ესე იგი, გასაღები იმ ფრინველის თვალებში და სამკუთხა ფორმაშია”, – აღფრთოვანებული რწმენით შეაჯამა ფანდორინ-სანმა.

დიპლომატი მართლა დიდებული იყო.

რაც უფრო მეტს ვფიქრობ მის ტრიუმფზე და მთელ ამ ამბავზე, მით უფრო მიძლიერდება უღირსი სურვილი ვაჩვენო ყველას, რომ გინტარო აონოც რაღაცად ღირს. მეც მაქვს რაღაც, რითაც იმათ გავაკვირვებ. მაგალითად, მე შემეძლო კომისარ გოშისთვის მომეყოლა შავ ველურთან გუშინდელ ინციდენტზე. სხვათაშორის, ბრძენმა ფანდორინ-სანმა აღიარა, რომ ამ საკითხში მისთვის ჯერ კიდევ ყველაფერი ნათელი არ არის. მისთვის ნათელი არ არის, ხოლო “ველური იაპონელი” უცებ “ტკაც!” და გამოცანას ამოხსნის. საინტერესო შეიძლება გამოვიდეს, ჰა?

გუშინ, შეურაცხყოფისგან მდგომარეობიდან გამოსულმა დროებით დავკარგე აზრის სიჯანსაღე. მერე, რომ დავმშვიდდი, შევაჯერე, როლებშიც შევედი და გონებაში აეწყო მთელი ლოგიკური სქემა, რომელიც პოლიციელს უნდა შევუდგო. მერე რა არის, თავად იფიქროს. კომისარს კი შემდეგს ვეტყვი.

ჯერ იმ უხეშობას მოვაგონებ, რომელიც მადამ კლებერმა ჩემი მისამართით წარმოთქვა. ეს უკიდურესად შეურაცხმყოფელი შენიშვნა იყო, თანაც საზოგადოდ მოცემული. და მომეცა სწორედ იმ მომენტში, როცა ჩემს დაკვირვებებზე უნდა მეთქვა. მადამ კლებერს ხომ არ უნდოდა, რომ ჩემთვის ხმა ჩაეკმინდა? განა საეჭვო არ არის, ბატონო კომისარო?

გავაგრძელოთ. თავს რატომ გვაჩვენებს სუსტად, თუმცა ისეთი ჯანმრთელია, როგორც სუმოს მოჭიდავე? იტყვით, მერე რა, დიდი არაფერიაო. მე კი ამაზე გიპასუხებთ, ბატონო მაძებარო, რომ ადამიანი, რომელიც გამუდმებით თავს იკატუნებს, აუცილებლად მალავს რაღაცას. თუნდაც მე. (ჰა-ჰა. ამას, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი).

მერე კომისარის ყურადღებას იმ ფაქტს მივაპყრობ, რომ ევროპელ ქალებს ძალიან თხელი, თეთრი კანი აქვთ. და იმ ზანგის მძლავრმა თითებმა რატომ არ დატოვა თუნდაც მცირე კვალი? უცნაური არ არის?

და ბოლოს, როცა კომისარი გადაწყვეტს, რომ მე არაფრის წარმოდგენა არ შემიძლია გარდა აზიური შურისმაძიებლური ჭკუის საეჭვო ვარაუდებისა, მთავარს გამოვუცხადებ, რისგანაც ბატონი მაძებარი იქვე შეკრთება.

“მსიე გოშ, – ვეტყვი გულითადი ღიმილით, – მე არ გამაჩნია თქვენებრ ბრწყინვალე გონება და სულაც არ ვცდილობ ძიებაში ჩავერიო (იქ ცხვირს როგორ ჩავყოფ მე, უვიცი?), მაგრამ ჩემს მოვალეობად ვთვლი თქვენი ყურადღება კიდევ ერთ გარემოებას მივაპყრო. თქვენ თავად ამბობთ, რომ გრენელის ქუჩის მკვლელი ჩვენს შორის იმყოფება. მსიე ფანდორინმა დამაჯერებელი ვერსია წარმოადგინა იმის შესახებ, თუ როგორ დახოცეს ლორდ ლიტლბის მსახურები. აცრა ქოლერის წინააღმდეგ – ეს ბრწყინვალედ არის დაჭერილი. ესე იგი, მკვლელს შპრიცის ხმარება შეუძლია. და იმაზე რას იტყვით, რომ ღიუ დე გრენელის სახლში მამაკაცი–ექიმი კი არა, ქალი მივიდა, მედდა? ის ნაკლებად საეჭვო იქნებოდა, ვიდრე მამაკაცი, მართალი არ არის? მეთანხმებით? მაშინ გირჩევთ, ისე, სხვათაშორის, შეხედოთ მადამ კლებერს ხელებზე, როცა ის თავისი გველივით თავი ხელისგულებზე ჩამოუდია და ფართო სახელოები იდაყვამდე ჩასცურებია. მკლავების შიგნითა მხარეს დაუნახავთ ძლივს შესამჩნევ წერტილებს, როგორც მე დავინახე. ეს ჩხვლეტების კვალია, ბატონო კომისარო. ჰკითხეთ ექიმ ტრუფოს, უკეთებს თუ არა მადამ კლებერს რაიმე ინექციებს და პატივცემული მედიკოსი იმასვე გიპასუხებთ, რაც დღეს მეც მითხრა: არა, არ უკეთებს, რამეთუ საერთოდ პრინციპული წინააღმდეგია წამლების შინაგანი ჩანერგვისა. ახლა კი ორი ორზე გაამრავლეთ, ო, ბრძენთაბრძენო გოშ–სენსეი, და თქვენთვის ნათელი იქნება, რაზე უნდა იტეხოთ ეგ ჭაღარა თავი”. აი, რას ვეტყვი კომისარს და ისიც მადამ კლებერს ააჭიკჭიკებს.

ევროპელი რაინდი იფიქრებდა, რომ მე საზიზღრად ვიქცევი, და ამით გამომჟღანდებოდა მისი შეზღუდულობა. სწორედ ამიტომ აღარ არსებობენ რაინდები ევროპაში, სამურაები კი ისევ არიან. თუნდაც ხელმწიფე იმპერატორმა გაათანაბროს ფენები და ჩვენ აგვიკრძალოს სარტყელზე ორი ხმლის ტარება, მაგრამ ეს სამურაების წოდების მოშლას კი არა, პირიქით, სამურაების ფენის შეყვანას ნიშნავს მთელ იაპონელ ერში, რათა ერთმანეთის წინაშე ბღენძიაობა არ დავიწყოთ ჩვენი გვარიშვილობით. ჩვენ ერთად ვართ, და ჩვენს წინააღმდეგ კი მთელი დანარჩენი სამყაროა. ო, კეთილშობილო ევროპელო რაინდო (ალბათ მხოლოდ რომანებში რომ არსებობდი)! კაცებთან ბრძოლისას კაცური იარაღი გამოიყენე, ქალებთან კი


 ქალური. აი, სამურაების ღირსების კოდექსი, და იქ არაფერია საძაგელი, რადგან ქალებს მამაკაცებზე არანაკლებ ხელეწიფებათ ბრძოლა. და მამაკაცი–სამურაის ღირსებას ის ბღალავს, რომ ქალის წინააღმდეგ მაკაცის იარაღი გამოიყენოს, კაცების წინააღმდეგ კი


 ქალური. მე აქამდე არასოდეს დავეშვებოდი.

 

კიდევ ვყოყმანობ, ღირს თუ არა განვახორციელო ჩაფიქრებული მანევრი, მაგრამ ჩემი სულის მდგომარეობა გუშინდელზე უკეთესის მაგალითად არ გამოდგება. იმდენად, რომ წვალების გარეშე არცთუ ისე ურიგო ჰაიკუ შევთხზე:

 

ყინულის ნაპერწკლად.

იფეთქა მთვარემ.

ფოლადის ხანჯალზე.

 

 

კლარისა სტამპი.

(ამ თავიდან თხრობა ჩვეულებრივ გრძელდება).

 

კლარისა მოწყენილი სახით შემობრუნდა – ვინმე ხომ არ უყურებს და მხოლოდ ამის მერე ფრთხილად გამოიხედა ჯიხურს ამოფარებულმა.

იაპონელი მარტო იჯდა ოკაჩხეზე, ფეხები გადაეჯვარედინებინა. თავი უკან აქვს გადაგდებული, ნახევრადმოხუჭული ქუთუთოებიდან მოუჩანს თვალის სითეთრეები, სახე არამქვეყნიურად მშვიდი აქვს.

ბრ–რ–რ! კლარისა დაიმანჭა. კარგი ვინმეა ეს მისტერ აონო. აქ, კანჯოების გემბანზე, პირველი კლასის გემბანთან შედარებით ერთი იარუსით მაღლა რომ არის განლაგებული, მოსეირნეები არ იყვნენ, მხოლოდ გოგონათა გუნდი სახტუნელაზე ხტოდა და თეთრფითქინა კატერის ჩრდილს ორი სიცხით გულშეღონებული გადია შეჰფარებოდა. ამ ბავშვებისა და უჭკუო აზიატის გარდა ვინ გაჩერდებოდა ამ ხვატში? ამ ბოტდეკის მაღლა მხოლოდ სავალი ნაწილია, კაპიტნის ბოგურა და, რასაკვირველია, მილები, ანძები, იალქნები. თეთრი ზეწრები დაბერილიყვნენ ზურგის ქარის დაწოლით და ბოლქვ–ბოლქვად ბოლის გამომშვები “ლევიათანი” პირდაპირ ვერცხლისფერი ჰორიზონტის ზოლისკენ მიიჩქაროდა, ირგვლივ კი ქაფის ათინათების თამაშით ციმციმებდა და ბოთლის მინისფრად ციალებდა სულ ოდნავ მოჭმუჭნული ინდოეთის ოკეანის სუფრა. აქედან, ზემოდან ჩანდა, რომ დედამიწა ნამდვილად მრგვალია: ჰორიზონტის ქობა აშკარად “ლევიათანზე” დაბლა იყო და ხომალდი ისე მიდიოდა მისკენ, როგორც დაღმართზე.

მაგრამ კლარისა ზღვის პეიზაჟების სიყვარულით როდი იწურებოდა ოფლში. უნდოდა ენახა, რას აკეთებდა მისტერ აონო ზემოთ? ყოველთვის ასეთი შესაშური გამუდმებით სად იკარგება ხოლმე სადილის შემდეგ?

და სწორადაც მოიქცა, რომ დაინტერესდა. აი, ისიც, ნამდვილი სახე გამუდმებით მომღიმარი აზიატისა. ამისთანა გაყინული, ულმობელი სახის ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია. ყვითელი რასის წარმომადგენლები ისეთები მაინც არ არიან, როგორებიც ჩვენ, – და აქ საქმე მარტო თვალის ჭრილებში კი არ არის. გარეგნულად ძალიან წააგვანან ადამიანებს, მაგრამ სულ სხვა ჯიშისანი არიან. მგლებიც კი ჰგვანან ძაღლებს, მაგრამ ბუნება სხვა აქვთ. რა თქმა უნდა, ყვითელკანიანებს აქვთ საკუთარი ზნეობრივი საფუძველი, მაგრამ ის იმდენად განსხვავებული არ არის ქრისტიანობისგან, რომ ჩვეულებრივ ადამიანს მისი გაგება არ შეეძლოს. უმჯობესი იქნებოდა, ევროპული კაბები არ ეტარებინათ და დანა–ჩანგლის ხმარება არ სცოდნოდათ


 ეს ჰქმნის ცივილიზებულობის სახიფათო ილუზიას, სინამდვილეში კი გადასლექილ–მოლოკილი, გადაყოფილი შავი თმის და გლუვად ყვითელი შუბლის მიღმა ისეთი რამ ხდება, რომლის წარმოდგენა გაგვიჭირდება.

 

იაპონელი ოდნავ შესამჩნევად შეირხა, თვალები ააფახულა და კლარისა სასწრაფოედ დაიმალა. რასაკვირველია, ისე იქცევა, როგორც სულ უკანასკნელი სულელი, მაგრამ რამე ხომ უნდა გააკეთოს! ეს კოშმარი მუდმივად ხომ არ გაგრძელდება. კომისარს მართებულ მხარეს უნდა უბიძგოს, სხვანაირად არავინ იცის, ეს ყველაფერი რით დამთავრდება. მიუხედავად სიცხისა, მცივანასავით აიწურა მხრებში.

მისტერ აონოს გარეგნობასა და ქცევაში ნამდვილად არის საიდუმლო. ისევე როგორც გრენელის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში. უცნაურიც კია, გოშმა აქამდე როგორ ვერ გაიგო, რომ ყველა ნიშნებით მთავარი ეჭვმიტანილი იაპონელი უნდა იყოს.

რანაირი ოფცერი და სენ-სირის კურსდამთავრებულია, თუკი ცხენებში ვერ ერკვევა? ერთხელაც კლარისამ, მარტოოდენ ადამიანის სიყვარულის გამო, გადაწყვიტა მდუმარე აზიელი საუბარში ჩაერთო და მუსაიფი წაიყვანა ისეთი თემისკენ, რომელსაც სამხედრო კაცი უნდა დაეინტერესებინა


 რბოლაზე, დოღებზე, ნორფოლკის ჩორთმავალის ღირსებებზე და ნაკლოვანებებზე. ეგეც მყავს რა ოფიცერი! სულ უბრალო შეკითხვაზე: “სტიპლჩეიზში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?”, უპასუხა, რომ იმპერატორის არმიის ოფიცრებს მკაცრად ეკრძალებათ პოლიტიკაში გარევა. უბრალოს, არ იცოდა, რა არის სტიპლჩეიზი! რასაკვირველია, უცნობია, როგორი ოფიცრები არიან იაპონიაში – ეგება ბამბუკის ჯოხებზედაც კი დაჭენაობენ, მაგრამ ამისთანა უვიცობა გამოავლინოს სენ–სირის კურსდამთავრებულმა? ეს სრულებით გამორიცხულია.

 

აი, რა კვალზე უნდა დააყენოს გოში. ანდა დაიცადოს, იქნებ კიდევ შეძლოს რაიმე საეჭვოს გამომჟღავნება? და რით არის ცუდი გუშინდელი შემთხვევა? მეტად საეჭვო ხმებით დაანდამატებული კლარისა მისტერ აონოს კაბინეტის მახლობლად დასეირნობდა დერეფანში. შიგნიდან ისმოდა მშრალი ჭახანი, გეგონება ვიღაც იშვიათი მეთოდურობით ამსხვრევდა ავეჯს. კლარისამ მთელი სიმამაცე მოიკრიბა და დააკაკუნა.

კარი მოწყვეტით გაიღო. ღიობში იაპონელი გამოჩნდა – მთლად შიშველი, მხოლოდ თეძოებზე შემოჭერილი სარტყელით! შავგვრემანი სხეული ოფლისგან უბრწყინავს, თვალები სისხლით აქვს ავსებული.

კლარისა რომ დაინახა, სტვენით გამოსცრა:

– ტიკუსიო!

წინდაწინ მომზადებული შეკითხვა (“მისტერ აონო, თან ხომ არა გაქვთ ის საოცარი იაპონური გრავიურები, რომლებზეც ამდენი მსმენია?”) თავიდან გამოუფრინდა და კლარისა გაქვავდა. ახლა კაიუტაში შეგითრევს, თავს დაგესხმება! მერე ნაჭერ–ნაჭერ დაგჭრის და ზღვაში გადაგაგდებს. სულ ადვილად. და აღარ იქნება მის კლარისა სტამპი, კარგად აღზრდუილი ინგლისელი ლედი, არცთუ ისე ბედნიერი, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრის მომლოდინე ამ ცხოვრებიდან.

კლარისამ ამოიდუდუნა, რომ კარი შეეშალა. აონო ჩუმად უყურებდა და ღრმად სუნთქავდა. რაღაც წვენის სუნი უდიოდა.

კომისართან მოლაპარაკება, ალბათ, მაინც ღირს.

ფაივ-ო-კლოკის წინ “უინძორის” კარის მახლობლად დაუდარაჯდა მაძებარს და თავისი მოსაზრებების გაზიარება დაუწყო, მაგრამ ეს ხეპრე რაღაც უცნაურად უსმენდა – კლარისას შეჰყურებდა დამცინავი, ჩხვლეტია თვალებით, თითქოსდა რაიმე საძრახისში უტყდებოდა ვინმე.

ერთხელ ულვაშებში ჩაილაპარაკა:

– თქვენ ყველანი ერთმანეთის დასმენის სურვილმა მოგიცვათ.

და რომ მოუსმინა, უადგილოდ შეეკითხა:

– დედიკო და მამიკო ხომ ჯანმრთელად არიან?

– ვისი, ბატონი აონოსი?

– არა, მადმუაზელ, თქვენი.

– მე ბავშვობიდან ობოლი ვარ, – მიუგო, თან შიშით უყურებდა პოლიციელს. ღმერთო, ეს ხომალდი კი არა, მოცურავე ბედლამი, ანუ საგიჟეთია.

– სწორედ ამის დადგენა იყო საჭირო, – თავი კმაყოფილებით დაუქნია გოშმა და კლარისასთვის რაღაც უცნობი სიმღერის ღიღინით პირველი შევიდა სალონში, რაც უკვე აშკარა უტიფრობა იყო.

ამ საუბრიდან უსიამოვნო შთაბეჭდილება დარჩა. ეს ფრანგები მთელი თავიანთი ნაქები გალანტურობის მიუხედავად ჯენტლმენები მაინც არ არიან. რასაკვირველია, შეუძლიათ იბაქიბუქონ, თავბრუ დაგახვიონ, რაიმე ეფექტური გამოხდომა მოაწყონ, სასტუმროს ნომერში ასი წითელი ვარდი გამოგიგზავნონ (აქ კლარისა მწუხარედ შეიჭმუხნა), მაგრამ იმათ არ უნდა დაუჯერო. ინგლისელი ჯენტლმენი, შესაძლოა, უფრო მტკნარია, სამაგიეროდ იცის, რა არის მოვალეობა და წესრიგი. ფრანგი კიდევ, როგორც კი ნდობას დაიმსახურებს, მაშინვე გაგყიდის.

სხვათაშორის, კომისარ გოშს ეს განზოგადებები პირდაპირ არ ეხება. თანაც საუზმეზე გასაგები გახდა მისი ველური საქციელი, თანაც მეტად შემაშფოთებლად.

დესერტის დროს მაძებარმა, აქამდე რომ უჩვეულო, ყველასთვის სანერვიულო სიჩუმეს ინარჩუნებდა, უცებ პირდაპირ შეხედა კლარისას და თქვა:

– აი, თქვენს პასუხად (და სულაც არ იყო “პასუხად”), მადმუაზელ სტამპ, ამას წინათ მარი საფრონზე იკითხეთ. სწორედ ის ქალბატონი, რომელიც თითქოს ლორდ ლიტლბისთან ნახეს მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.

კლარისა მოულოდნელობისგან შეხტა, დანარჩენები კი გაჩუმდნენ და ცნობისმოყვარეობით მიაჩერდნენ კომისარს, რადგან უკვე იცოდნენ განსაკუთრებული ინტონაცია, როლითაც თავის სხარტ “ამბებს” იწყებდა.

– დაგპირდით, რომ ამ არსებაზე მერე მოგიყვებით მეთქი. ჰოდა, აი, მოვიდა ამის დროც, – განაგრძო გოშმა, თან ისევ მარტო კლარისას უყურებდა და ეს შემოხედვა სულ უფრო და უფრო ნაკლებად მოსწონდა ქალს. – ამბავი გრძელი იქნება, მაგრამ არ მოიწყენთ, რადგან ლაპარაკი არაჩვეულებრივ ქალზე იქნება. და რა გვეჩქარება? მშვენივრად ვსხედვართ, ორანჟადს ვსვამთ. სხვათაშორის, თუ ვინმეს საქმე აქვს, მიბრძანდით და ღმერთმა გიშველოთ, მამილო გოში არ განაწყენდება.

არავინ განძრეულა.

– მაშ, გიამბოთ მარი სანფონზე? – ყალბი კეთილგანწყობით იკითხა კომისარმა.

– დიახ–დიახ! დაუყოვნებლივ! – ახმაურდა ყველა.

მხოლოდ კლარისა დუმდა, რადგან იცოდა, რომ საუბარი ტყუილუბრალოდ არ არის წამოწყებული და თავად კლარისას ეძღვნება განსაკუთრებულად. ამას თავად გოშიც აღარ მალავდა.

მადიანად დააქსუტუნა და გააამზადა ჩუბუხი, ქალბატონებისთვის თანხმობაც კი არ უკითხავს.

– თავიდან დავიწყებ. იყო და არა იყო რა, ბელგიის ერთ–ერთ ქალაქ ბრიუგეში ცხოვრობდა პატარა გოგონა, რომელსაც მარის ეძახდნენ. გოგონას მშობლები წესიერი მოქალაქეები იყვნენ, ეკლესიაში იარებოდნენ და თავიანთ ოქროს კულულებიან პატარას თავზე ევლებოდნენ. მარი რომ მეექვსე წელიწადში გადავიდა, პატარა ძმა შეეძინა, პატარა ლუდისმხდელი ქარხნის “სანფონ და სანფონის” მომავალი მემკვიდრე. გახარებულმა ოჯახმა კიდევ უფრო ბედნიერად დაიწყო ცხოვრება, მერე კი მოულოდნელად უბედურება მოხდა. ჩვილს ერთი თვეც არ შესრულებოდა, რომ ფანჯრიდან გადავარდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. უფროსები შინ არ იყვნენ


 მხოლოდ ბავშვები და გადია. მაგრამ გადია ნახევარი საათით გავიდა თავის მეგობარ–მეხანძრესთან პაემანზე და სწორედ მისი არყოფნის დროს სახლში შეიჭრა შავ ლაბადიანი და შავ ქუდიანი უცნობი. პატარა მარიმ საწოლის ქვეშ დამალვა მოასწრო, ხოლო მისი ციცქნა ძმა უცნობმა აკვნიდან ამოიყვანა და ფანჯარაში ისროლა. თავად კი დაუყოვნებლივ მიიმალა.

 

– რა საშინელებებს ჰყვებით! – ჩივილით შეჰკივლა მადამ კლებერმა და მუცელზე იტაცა ხელი.

– ეს ჯერ დასაწყისია, – ჩიბუხი გააქნია გოშმა, – მერე ნახეთ, რა იქნება. იმ საშინელ “შავ ძიაზე” დედას და მამას სასწაულად გადარჩენილმა მარიმ უამბო. ბოროტმოქმედის ძებნაში სულ გადაატრიალეს მთელი ის ოლქი და გაფიცხებულზე ადგილობრივი რაბინიც კი დაიჭირეს, თურმე სულ შავებში იარებოდა ის ბედნავსი. მაგრამ სანფონ–უფროსს მოსვენებას არ აძლევდა ერთი უცნაური დეტალი: რატომ დადგა დამნაშავემ ფანჯარასთან ჯორკო?

– ო, ღმერთო! – ამოიოხრა კლარისამ, გულზე იტაცა ხელი. – ნუთუ...?

– თქვენ წარმოუდგენლად გამჭრიახი ხართ, მადმუაზელ სტამპ, – გაიცინა კომისარმა. – დიახ, პატარა მარიმ თვითონ გადააგდო ფანჯრიდან თავისი ძმა.

– How terrible! – მისის ტრუფომ საჭიროდ ჩათვალა შეშინებოდა. – But why? (“რა საშინელებაა! მაგრამ რისთის?” – ინგლ.).

– გოგონას არ მოეწონა, რომ ყველა პატარას დასტრიალებს და მას აღარავინ აქცევს ყურადღებას. იმას ეგონა, რომ ძმას თუ მოიშორებდა, ისევ ისე ეყვარებათ დედას და მამას, – აუღელვებლად ახსნა გოშმა. – მაგრამ ეს პირველად და უკანასკნელად მოხდა, როცა მარი სანფონმა სამხილი დატოვა და გამომჟღავნდა. ძვირფასმა ბავშვმა ჯერ არ იცოდა კვალის წაშლა.

– და რა უყვეს მცირეწლოვან დამნაშავეს? – იკითხა ლეიტენანტმა რენიემ, მოსმენილ ამბავს რომ გაეოგნებინა. – ხომ ვერ გაასამართლებდნენ?

– არა, არ გაუსამართლებიათ. – კომისრმა ცბიერად გაუღიმა კლარისას. – თუმცა დედამ, ეს დარტყმა ვერ აიტანა, გონება აერია და შეშლილთა სახლში მოათავსეს. ხოლო მუსიე სანფონს აღარ შეეძლო თავისი გოგონას, ოჯახს თავსდამტყდარი უბედურებებს მიზეზის, ნახვა და აღსაზრდელად მიაბარეს ნაცრისფერ მონაზონ–ვინსენტიანელების სავანეში. სწორედ იქ იზრდებოდა გოგონა. პირველი იყო ყველაფერში – სწავლაშიც და ღვთისთვის სასურველ საქმეებშიც. და ამბობენ, ყველაზე ძალიან წიგნების კითხვა უყვარდაო. მორჩილი ჩვიდმეტი წლის იყო, როცა სავანეში მეტად უსიამოვნო სკანდალი მოხდა. – გოშმა საქაღალდეში ჩაიხედა და თავი დაიქნია. – აი, აქ მიწერია. 1866 წლის 17 ივლისი. ნაცრისფერ მონაზვნებს სტუმრობდა თვით ბრიუსელის არქიეპისკოპოსი და სწორედ მაშინ იყო, რომ საპატიო პრელატმა საძინებლიდან ძველისძველი საარქიეპისკოპოსო ბეჭედი დაკარგა დიდი ამთვისტოს თვლით, რომელიც გადმოცემით თავად ლუდოვიკო წმინდანს ეკუთვნოდა. არადა, სწორედ წინა დღეს მონსენიორმა თავის საძინებელში ორი საუკეთესო მორჩილი დაიბარა სალაპარაკოდ, ეს ჩვენი მარი და ერთიც არლელი. ეჭვი, რასაკვირველია, ამ გოგონებზე მიიტანეს. წინამძღვარმა ჩხრეკა მოაწყო და არლელის საწოლში იმ ბეჭდის ხავერდის კოლოფი იპოვეს. ქურდი გაშტერდა, შეკითხვებზე პასუხს არ იძლეოდა და კარცერამდე მიაცილეს. როცა ერთი საათის შემდეგ პოლიცია მოვიდა, დამნაშავის დაკითხვა აღარ მოხერხდა


 თავისივე გამომამჟღავნებელი ზეწრით ჩამოიხრჩო თავი.

 

– ეს ყველაფერი საძაგელმა მარი სანფონმა მოაწყო, მივხვდი! – აფეთქდა მილფორს-სტოუკსი. – საზიზღარი ამბავია, საზიზღარი!

– დანამდვილებით არავინ იცის, ოღონდ ის ბეჭედი მაინც ვერ მოიძებნა, – ხელები გაშალა კომისარმა. – ორი დღის შემდეგ კი ატირებული მარი წინამძღვართან მივიდა, უთხრა, ყველა ცერად მიყურებს და გთხოვთ, სავანიდან გამიშვათო. დედა-წინამძღვარმა, უცნაურად რომ გაცივებულიყო თავის ყოფილ რჩეულზე, აღარ დაიჭირა.

– ეგ გვრიტი კარიბჭესთან უნდა გაეჩხრიკათ, – დანანებით თქვა მისტერ ტრუფომ.


 ერთიც ვნახოთ და, ის ამეთვისტო სადმე კაბის ქვეშ ეპოვათ.

 

როცა თავისი სიტყვები მეუღლეს უთარგმნა, იმან თავისი წვეტიანი იდაყვი გვერდში ატაკა, რაკი ეს შენიშვნა უჩვეულოდ ჩათვალა.

– არ ვიცი, გაჩხრიკეს თუ არა, მაგრამ ვერ იპოვეს. და მარი იმ სავანიდან სადმე სხვაგან კი არა, ქალაქ ანტვერპენში წავიდა, რომელიც, როგორც ცნობილია, ძვირფასი ქვების მსოფლიო დედაქალაქად ითვლება. იქ კი ყოფილი მონაზონი მოულოდნელად გამდიდრდა და მას შემდეგ ხელგაშლილად ცხოვრობდა. ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ მხოლოდ ლობიოზე რჩებოდა, მაგრამ დიდხანს არა – მახვილი გონება, ბრწყინვალე სამსახიობო მონაცემები და ნებისმიერი მორალური წესების უგულველყოფა (აქ კომისარმა დამრიგებლურად აუწია ხმას და პაუზაც კი გააკეთა) ეხმარებოდა ხელგაშლილი ცხოვრებისთვის აუცილებელი საშუალებები მოეპოვებინა. ბელგიის, საფრანგეთის, ინგლისის, შეერთებული შტატების, ბრაზილიის, იტალიის და კიდევ რამდენიმე ათეული ქვეყნის პოლიციები აკავებდა მარი სანფონს, როგორც სულ სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილს, მაგრამ ბრალდება ერთხელაც ვერ წაუყენეს: ან ვერაფერს ეჭიდებოდნენ, ანდა სამხილები არ იყო საკმარისი. თუკი ინებებთ, რამდენიმე ეპიზოდს გიამბობთ მისი სამსახურებრივი სიიდან. ხომ არ მოიწყინეთ, მადმუაზელ სტამპ?

კლარისამ არაფერი თქვა, პასუხი თავისი ღირსების დამამცირებლად ჩათვალა. მაგრამ სული აუფორიაქდა.

– 1870 წელი, – საქაღალდეში ჩახედვის შემდეგ გამოაცხადა გოშმა.


 პატარა, მაგრამ მდიდარი ქალაქი ფეტბურგი გერმანულ შვეიცარიაში. შოკოლადის და შაშხის წარმოება. ოთხი ათას მცხოვრებზე რვა ათას ნახევარი ღორი მოდის. გასუქებული იდიოტების მხარე – პარდონ, მადამ კლებერ, თქვენი სამშობლოს შეურაცხყოფა არ მინდოდა, – მოგვიანებით გაახსენდა პოლიციელს.

 

– არაუშავს, – მხარი დაუდევრად აიქნია მადამ კლებერმა. – მე ფრანგული შვეიცარიიდან ვარ. ხოლო იმ ნაწილში, სადაც ფეტბურგია, მართლა აბუეტები ცხოვრობენ. მე მგონი, ეს ამბავი მსმენია და ძალიან სასაცილოა. მაგრამ არაუჭირს რა, მოყევით.

– ვისთვის როგორ. – გოშმა საყვედურით ამოისუნთქა და უცებ კლარისას თვალი ჩაუკრა, რაც ყველანაირ საზღვარს სცილდებოდა. – ერთხელ ქალაქის პატიოსანი ბიურგერები ენით აღუწერელ მღელვარებაში ჩავარდნენ. ერთმა გლეხმა, გვარად მებიუსმა, ფეტებურგტში რომ უსაქმურად და უტვინოდ ითვლებოდა, დაიკვეხა, რომ გუშინ თავისი მიწა, ქვიანი, ვიწრო და ცარიელი ზოლი ერთ დიდებულ ქალბატონს მიჰყიდა, რომელიც გაეცნო როგორც გრაფინია დე სანფონი. ოცდაათ აკრ უნაყოფო მიწაში, სადაც ნარშავაც კი არ ხარობდა, სულელმა გრაფინიამ სამი ათასი ფრანკი გაჰკრა. მაგრამ ქალაქის მუნიციპალიტეტში იყვნენ მებიუსზე უფრო გონიერი ადამიანები და იმათ ეს ამბავი საეჭვოდ მოეჩვენათ. რად უნდოდა გრაფინიას ოცდაათი აკრი ქვა და ქვიშა? რაღაცაში იყო საქმე. ყოველი შემთხვევისთვის ციურიხში ყველაზე ჯომარდი ვინმე მიავლინეს და იმან დაადგინა, რომ გრაფინია დე სანფონი – ცნობილი არსებაა. ხელგაშლილად და მხიარულად ცხოვრობს, და რაც ყველაზე საინტერესოა – ხშირად ჩანს ბატონი გოლდზილბერის, სახელმწიფო სარკინიგო კომპანიის დირექტორის სიახლოვეს. ამბობდნენ, რომ ბატონ დირექტორს გრაფინიასთან ინტრიგა აქვს. ახლა კი მიხვდნენ ბიურგერები, რაში იყო საქმე. აქ უნდა ითქვას, რომ ქალაქი ფეტბურგი კარგა ხანი იყო ოცნებობდა საკუთარ სარკინიგზო ხაზზე, რათა იაფი ყოფილიყო შოკოლადისა და ხისქერქის გატანა. ის სიცარიელე, რომელიც მხიარულმა გრაფინიამ შეიძინა, უახლოესი სარგინიგზო სადგურიდან ტყემდე მიდიოდა, საიდანაც საზოგადოებრივი მიწები იწყებოდა. ქალაქის მამებისთვის ყველაფერი ნათელი შეიქმნა: გრაფინიამ თავისი საყვარლისგან მოსალოდნელი მშენებლობის შესახებ შეიტყო, შეიძინა საკვანძო ნაკვეთი და გვარიანად აპირებს ხელის მოთბობას. და ბიურგერთა თავებში გამაოგნებლად თავხედური გეგმა მომწიფდა. გრაფინიას დეპუტაცია მიუგზავნეს, რომელმაც მისი ბრწყინვალების დაყოლიება სცადა, რათა სახელოვანი ქალაქის ფეტბურგისთვის დაეთმო ნაკვეთი. ლამაზმანი თავიდან უარზე იდგა, ამტკიცებდა, რომ წარმოდგენა არა აქვს არანაირ სარკინიგზო ხაზზე, მაგრამ როცა ბურგომისტრმა დახვეწილად ჩაურტყა, რომ ამ საქმეს მისი ბრწყინვალებისა და მისი მაღალაღმატებულება ბატონი დირექტორის გარიგების სუნი უდის, ხოლო ეს კი სასამართლოს ექვემდებარება, სუსტ ქალს სლუკუნი წასკდა და დასთანხმდა. ის უნაყოფო ნაკვეთი ოცდაათ ერთაკრიან უბნებად დაჰყვეს და ქალაქელებს მიჰყიდეს აუქციონზე. ფეტბურგელებმა კინაღამ ჩხუბი ჰქნეს ერთიმეორეში, ცალკეული უბნის ფასი თხუთმეტი ათასამდე აღწევდა. და გრაფინიას მთლიანად შეხვდა... – კომისარმა თითი გააყოლა სტრიქონს. – არანაკლებ ორას ოთხმოცი ათასი ფრანკისა.

მადამ კლებერს სიცილი წასკდა და ჟესტით ანიშნა გოშს: ჩუმად ვარ, ჩუმად. განაგრძეო.

– გადიოდა კვირები, თვეები, მაგრამ მშენებლობა მაინც არ იწყებოდა. მოქალაქეებმა შეკითხვა გააგზავნეს მთავრობაში, საიდანაც უპასუხეს, რომ უახლოეს თხუთმეტ წელიწადში ფეტბურგისკენ ხაზის გაყვანა არ იგეგმება... ესენი პოლიციაში მივარდნენ: ასე და ასეა საქმეო, გაგვძარცვეს დღისით–მზისითო. პოლიციამ თანაგრძნობით მოუსმინა დაზარალებულებს, მაგრამ ვერაფრით დაეხმარა: ქალბატონი სანფონი თავადაც ამბობდა, რომ რკინიგზაზე არა გაუგონია რა და არც მიწის გაყიდვა უნდოდა. ყველაფერი კანონიერად გააფორმა, ვერაფერში გამოიჭერ. და გრაფინიად რომ წარადგინა თავი, ეს, რასაკვირველია, ლამაზი არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, კანონით არ ისჯება.

– ყოჩაღ! – გაიცინა რენიემ. – მართლა ვერაფერში გამოიჭერ.

– ჯერ ეს რა არის. – კომისარი ქარალდებს ფურცლავდა. – არის მთლად ფანტასტიკური ამბავი. მოქმედების ადგილი – ამერიკის ველური დასავლეთია, 1873 წელი. კალიფორნიაში, ოქროს სარეწებზე ჩავიდა მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ნეკრომანი (გვამებზე მკითხავი) და მალტის ლოჟის დიადი დრაკონესსა, მის კლეოპატრა ფრანკენშტეინი, პასპორტით კი მერი სანფონი. მაძიებლებს გამოუცხადა, რომ ამ ველურ ალაგებში ზარატუსტრას იმ ხმამ მოიყვანა, რომელმაც თავის ერთგულ მსახურ ქალს უბრძანა პატარა ქალაქ ჰოლდენ–ნაგეტში დიადი ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. სწორედ ამ განედსა და გრძედზე კოსმოსის ენერგია კონცენტრირებულია ისე უნიკალურად, რომ ვარსკვლავიან ღამეს, ზოგიერთი კაბალისტური ფორმულის მეოხებით შეიძლება აღადგინო ის, ვინც უკვე გადალახა ცოცხლებისა და მკვდრების სამეფოების გამყოფი დიადი საზღვარი. და ამ საოცრებას კლეოპატრა ამაღამვე გააკეთებს, საზოგადოების თანდასწრებით და სრულიად უფასოდ, ვინაიდან ვიღაც ოინბაზი კი არა, უმაღლესი სფეროების მედიუმი გახლავსთ. და როგორ გგონიათ? – გოშმა ეფექტური პაუზა გააკეთა. – ხუთასი წვერიანი მაყურებლის თვალწინ დრაკონესსამ წითელი კოიოტის, ლეგენდარული ინდიელი ბელადის ყორღანთან წაიჯადოქრა, რომელიც ასი წლის წინ მოკვდა, და უცებ მიწა იძრა, შეიძლება ითქვას, გაიხსნა და კოლბოხებიდან ბუმბულებიანი მეომარი გამოვიდა, ტომაჰავკითა და დახატული პირისახით. მაყურებელი აკანკალდა, ხოლო მისტიკურ ტრანსში მყოფმა კლეოპატრამ შეჰღაღადა: “ჩემში კოსმოსის ძალას ვგრძნობ! სად არის თქვენი ქალაქის სასაფლაო? ახლავე გავაცოცხლებ ყველას, ვინც იქ წევს!” აქ სტატიაში წერია, – განმარტა პოლიციელმა, – რომ ჰოლდენ–ნაგეტის სასაფლაო კაი დიდი იყო, რაღაი საბადოებზე დღე არ გავიდოდა, ვინმე რომ არ გაეგზავნათ იმქვეყნად. საფლავები, მგონი, უფრო მეტი იყო, ვიდრე ქალაქის ცოცხალი მცხოვრებლები. როცა მაძიებლებმა წარმოიდგინეს, რა მოხდებოდა, ყველა შფოთისთავი, ლოთი-ფოთი და სახრჩობელის კლიენტი უცებ რომ ამოძვრებოდა საფლავიდან, მაყურებელთა შორის პანიკა დაიწყო. ამ ურთულესი მდგომარეობიდან მოსამართლემ იხსნა თანაქალაქელები. წინ გამოვიდა და ერთობ თყავაზიანად შეეკითხა დრაკონესსას, თანახმა ხომ არ იქნება ამ დიადი ექსპერიმენტის შეწყვეტაზე, თუკი ქალაქის მცხოვრებნი მთელ ჩანთა ოქროს ქვიშას მოუტანენ – ეს იქნებოდა მოკრძალებული შენაწირი ოკულტური მეცნიერების განვითარებისთვის.

– რა ქნა, დასთანხმდა? – გადაიხარხარა ლეიტენანტმა.

– კი. ორი ჩანთის საფასურად.

– ინდიელთა ბელადს რა მოუვიდა? – სიცილით იკითხა ფანდორინმა. დიდებული ღიმილი აქვს, ოღონდ ბიჭური, გაიფიქრა კლარისამ. არა, ძვირფასო მის, თავიდან ამოიგდეთ. როგორც სუფოლკში იტყვიან, ღვეზელი კარგია, მაგრამ შენთვის კი არა.

– ინდიელთა ბელადი კლეოპატრა ფრანკენშტეინმა თან წაიყვანა, – სეიოზული სახით მიუგო გოშმა.  სამეცნიერო კვლევებისთვის. ამბობენ, მერე დენვერის საროსკიპოში მოკლეს სიმთვრალისასო.

– ნ–ნამდვილად საინტერესო არსებაა ეს მარი სანფონი, – თქვა ჩაფიქრებულმა ფანდორინმა. – კიდევ გვიამბეთ მასზე. ყველა ამ მარჯვე თაღლითობებიდან სასტიკ მასობრივ მკვლელობამდე საკმაოდ დიდი დ-დისტანციაა.

– Oh, please, it   s more than enough? – წინააღმდეგობა გაუწია მისის ტრუფომ და ქმარს მიუბრუნდა. – My darling? it must be awfully tiresome for you to translate all this nonsens (“ო, გთხოვთ, განა ეს საკმარისი არ არის? ჩემო ძვირფასო, ალბათ ძალიან მოგწყინდა მთელი ამ სისულელეების თარგმნა” – ინგლ.) .

– თქვენ კი, მადამ, არავინ გაიძულებთ აქ ჯდომას, – “ნონსენსზე” გაბრაზდა კომისარი. მისის ტრუფომ აღშფოთებით ააფახულა წამწამები, თუმცა წასვლა არც უფიქრია.

– მუსიე კაზაკი მართალია, – აღიარა გოშმა. – უფრო ბოროტ მაგალითს მოვნახავ.

მადამ კლებერმა ფანდორინს შეხედა და სიცილი წასკდა, და მთელი თავისი ნერვოზულობის მიუხედავად კლარისამაც ვერ შეიკავა ღიმილი – ისე ნაკლებად ჰგავდა დიპლომატი სტეპების ველურ შვილს.

– ჰოდა, აი ზანგულიკაზე მოისმინეთ. აქ გარდაცვალებაც არის. ახალი საქმეა, შარშანწინდელი. – მაძებარმა ერთად შეკრულ რამდენიმე ქაღალდში ჩაიხედა, ეტყობა, ამბავს იხსენებდა. ჩაიცინა. – გარკვეულწილად შედევრია. ჩემს საქაღალდეში ბევრი რამეა, ქალბატონებო და ბატონებო. – მოკლე, პლებეური ხელი გადაუსვა შავ ყდას. – მამილო გოში საგზაოდ საფუძვლიანად მოემზადა, არც ერთი ქაღალდი არ დავიწყებია, რომელიც გზაში შეიძლებოდა გამოსდგომოდა. ის კონფუზი, ანუ სირცხვილი, რომელზეც ახლა გიამბობთ, გაზეთებამდე არ მისულა, აქ საპოლიციო კრებსი მაქვს. მოკლედ, ასე. ერთ გერმანულ სათავადოში (სახელდობრ, სად – არ ვიტყვი, დელიკატური მატერია გახლავსთ) შენამატს ელოდნენ თავადურ ოჯახში. მშობიარობა რთული იყო. ამშობიარებდა ლეიბ–მედიკოსი, საპატიო დოქტორი ფოგელი. ბოლოს საძინებელი ტირილმა აავსო. როცა ტანჯვისგან რამდენიმე წუთით გულწასულმა დიდმა ჰერცოგის მეუღლემ თვალები გაახილა და სუსტი ხმით ითხოვა: “აჰ, ჰერრ პროფესორო, დამანახვეთ ჩემი პატარა”, დოქტორმა ფოგელმა ისეთი შეწუხებული სახით, მეტი რომ აღარ იქნებოდა, მის უდიდებულესობას მშვენიერი ღია–ყავისფერი მტირალა მიაწოდა. დიდი ჰერცოგის ცოლმა ხელახლა დაკარგა გრძნობა, ხოლო დოქტორმა შეშინებული სახით გამოიხედა კარში და ნიშნის მიცემით მოიხმო დიდი ჰერცოგი, რაც სასახლის ეტიკეტის გაუგონარი დარღვევა გახლდათ.

ეტყობოდა, კომისარს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა ამ ამბის მოყოლა თავდაჭერილი უინძორელებისთვის. საეჭვო იყო, პოლიციურ კრებსში ყოფილიყო ასეთი რამეები


 ეტყობოდა, გოში იგონებდა. ჰერცოგინიას წვრილი ხმით ჰბაძავდა, სიტყვებს კი საგანგებოდ ამაღლებულს არჩევდა – ჩანდა, რა სასაცილოდ ეჩვენებოდა. კლარისა საკუთარ თავს არისტოკრატად არ სთვლიდა, მაგრამ მაინც იჭმუხნებოდა, რაკი სიბრიყვედ სთვლიდა უმაღლესი არსებების მასხარად აგდებას. სერ რეჯინალდმაც ჩამოუშვა ცხვირი, ბარონეტმა და უძველსი გვარის შთამომავალმა. მაგრამ კომისარს, როგორც ჩანდა, მხოლოდ შთაგონება ემატებოდა.

 

– მისი უმაღლესობა ლეიბ–მედიკოსზე არ გაბრაზებულა, ვინაიდან ამაღელვებელი მომენტი იყო. მამური და ქმრული გრძნობებით შეპყრობილი შევარდა საძინებელში... ამას რომ სცენა მოჰყვა, თავად წარმოიდგინეთ: ჯარისკაცურად გინების ამტეხი გვირგვინოსანიც, დიდი ჰერცოგის მეუღლეც, ხან მოქვითინე, ხანაც თავის გამართლებაში, ზოგჯერ გულწასული და, მთელი ხმით მოღრიალე ზანგულიკა და კეთილგონივრული შიშით გაქვავებული ლეიბ–მედიკოსი. ბოლოსდაბოლოს, მისმა უდიდებულესობამ თავი ხელში აიყვანა და გადაწყვიტა, თავის მეუღლესთან დაკავშირებული გამოძიება გადაედო. ჯერ კვალის მოსპობა იყო საჭირო. მაგრამ როგორ? ახალდაბადებული საპირფარეშოში ჩაეგდოთ ჩუმად?


 გოშმა ხელისგული ხუმრობით აიფარა პირზე. – ბოდიშს ვითხოვ, ქალბატონო, წამომცდა. ჩვილის მოცილება შეუძლებელი იყო – მის გაჩენას მთელი სათავადო ელოდა. თანაც, გაწიე–გამოწიე, ცოდვაა. მრჩეველნი შეკრიბო და ვაითუ მერე იყბედონ აქა–იქ. რა უნდა ექნა? და ამ დროს დოქტორმა ფოგელმა დიდის პატივისცემით ჩაახველა და ხსნის გზა ასწავლა. ეუბნება, რომ ერთი ნაცნობი ჰყავს, ფროილაინ ფონ სანფონი, სასწაულებს რომ სჩადის და შეუძლია არათუ ახალდაბადებული თეთრი ბავშვი, არამედ ციდან ჩამოგიყვანოს ფრინველი სახელად ფენიქსი. ფროილაინს ენაზე კბილის დაჭერაც შეუძლია, თავისი სამსახურის სანაცვლოდ ფულს, რასაკვირველია, არ აიღებს, მაგრამ ძალზედ უყვარს ძველი ძვირფასეულობა... მოკლედ, რამდენიმე საათის შემდეგ ატლასის აკვანში უკვე იწვა მშვენიერი პატარა, ძუძუმწოვარა გოჭზე უფრო თეთრი და თანაც ქერა ბუსუსებით, ხოლო ის ბედკრული ზანგულიკა სასახლიდან გაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. სხვათაშორის, მის უმარლესობას უთხრეს, რომ უდანაშაულო ბავშვს სამხრეთის განედებისკენ წაიყვანენ და იქ გადასცემენ აღსაზრდელად კარგ ადამიანებს. ჰოდა, ყველაფერი მშვენივრად აეწყო. მადლიერმა ჰერცოგმა დოქტორს ფროილაინ სანფონისათვის გადასცა ალმასის საკვირველი სათამბაქოე ვენზელით, ასევე სამადლობელი სიგელი და ზეპირი სურვილი, სამუდამოდ დაეტოვებინა სათავადოს საზღვრები. რაც დაუყოვნებლივ აღასრულა დელიკატურმა ქალიშვილმა, – გოშმა თავი ვეღარ შეიკავა და ჩაიცინა. – დილისთვის, მთელი ღამე გაგრძელებული სკანდალის შემდეგ დიდმა ჰერცოგმა გადაწყვიტა, კარგად შეეთვალიერებინა თავისი მემკვიდრე. ზიზღით ამოიყვანა ბიჭუნა აკვნიდან, შეაბრუნ–შემოაბრუნა – და უცებ ვარდისფერ, პარდონ, უკანალზე დაინახა გულის ფორმის საგვარეულო ლაქა. სწორედ ამისთანა ჰქონდა ფილეს ალაგებზედ მის უდიდებულესობასაც, ასევე განსვენებულ მისი უდიდებულესობის ფატერსაც, გროსსფატერსაც და ასე შემდეგ მეშვიდე თაობამდე. შეცბუნებულმა ჰერცოგმა ლეიმ-მედიკოსის მოსაყვანად გააგზავნა კაცები, თუმცა გამოირკვა, რომ დოქტორი ფოგელი წუხელღამით გაურკვეველი მიმართულებით წასულა და, ცოლი და რვა შვილი მიუტიოვებია. – გოშმა ხრინწიანად გაიცინა, ხველება დაიწყო, ხელები გადააქნია. ვიღაცამ შიშით ჩაიფხუკუნა, მადამ კლებერმა ხელისგული აიფარა ბაგეებზე.

 

– ორგანიზებულმა გამოძიებამ მალე დაადგინა, რომ ლეიბ-მედიკოსი ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა და თითქოს მეზობლად მდებარე ბადენის სათამაშო სახლებში ჩნდებოდა, თანაც ვიღაც მხიარული ახალგაზრდა არსების თანხლებით, რომელიც აღწერილობით ძალიან ჩამოჰგავდა ფროილაინ ფონ სანფონს. – მაძებარი დასერიოზულდა. – დოქტორი ორი დღის შემდეგ იპოვეს სტარსბურგის სასტუმროში. მკვდარი. ლაუდანუმის სასიკვდილო დოზა მიიღო, დატოვა წერილი: “ყველაფერში მე ვარ დამანაშავე”. ნამდვილი თვითმკვლელობა. ცხადი იყო, თუ ვინ იყო ნამდვილი დამნაშავე, მაგრამ აბა, მიდი და დაამტკიცე. და სათამბაქოეს რაც შეეხება – უმაღლესის საჩუქარია, თან სიგელიც აქვს. სასამართლო პროცესი მის უდიდებულეობას უფრო ძვირი დაუჯდებოდა. რასაკვირველია, ყველაზე გამოუცნობია – როგორ მოახერხეს ახალდაბადებული პრინცის შეცვლა ზანგულიკით და როგორ აღმოჩნდა ცისფერთვალება ქერათმიანების მხარეში შოკოლადისფერი ბავშვი. თუმცა, ზოგიერთი ცნობით, აღწერილი ამბის წინ მარი სანფონთან მსახურობდა ერთი სენეგალელი ქალი...

– მითხარით, კ-კომისარო, – თქვა ფანდორინმა, როცა ხარხარი ჩაცხრა (ოთხნი იცინოდნენ: ლეიტენანტი რენიე, ექიმი ტრუფო, პროფესორი სვიტჩაილდი და მადამ კლებერი). – და მარი სანფონი ასეთი კარგია? შეუძლია ნებისმიერ მამაკაცს დაახვიოს თავბრუ?

– არაფერი აქვს განსაკუთრებული. ყველგან წერია, რომ ძალიან ჩვეულებრივი გარეგნობა აქვს, განსაკუთრებული ნიშნები არა აქვს. – გოშმა თავხედურად შემოატარა კლარისას ბრჭყალებიანი მზერა. – თმის ფერს, ქცევის მანერას, აქცენტს, ჩაცმის სტილს იოლად იცვლის. მაგრამ, ეტყობა, ამ ქალში არის რაღაც განსაკუთრებული. მე სამსახურის გამო რა აღარ მინახავს. ყველაზედ საბედისწერო გულთამპყრობელები იშვიათად არიან ლამაზები. ფოტოგრაფიაზედ ჰნახავ, – თვალს არ შეაჩერებ, შეხვდები და – ისეთ ნაპერწკლებს შემოგაყრის, კანს დაგიწვამს. მამაკაცი სწორ ცხვირზე და გრძელ წამწამებზე კი არ წამოეგება, არამედ განსაკუთრებულ სურნელს გრძნობს.

– ფიე, კომისარო, – შეაწყვეტინა კლარისამ უხამსს.


 თქვენ ქალბატონების საზოგადოებაში ხართ.

 

– მე ეჭვმიტანილების საზოგადოებაში ვარ, – ძალიან მშვიდად მოიგერია გოშმა. – და თქვენ – ერთ–ერთი მათგანი ხართ. რატომ არ უნდა მეგონოს, რომ აქ, მაგიდასთან მადამ სანფონი არ ზის?

კლარისას პირისახეს მიაშტერდა. ეს უფრო და უფრო მეტად აგონებდა საშინელ სიზმარს. სუნთქვა გაუძნელდა.

– თუკი ს-სწორად გამოვითვალე, ეს არსება ახლა ოცდაცხრის უნდა იყოს, არა?

ფანდორინის წყნარი, ლამის უხალისო ხმა კლარისას დაეხმარა, რომ თავი ხელში აეყვანა. გამოფხიზლდა და – რაღა დროს ქალური მედიდურობა იყო – წამოიყვირა:

– ასე რატომ მიყურებთ, ბატონო მაძებარო! დაუმსახურებელ კომპლიმენტს მიკეთებთ, ნამდვილად. მაგ თქვენ ავანტურისტზე უფროსი ვარ... თითქმის ათი წლით! დანარჩენი ქალბატონებიც არა მგონია მადმუაზელ სანფონის როლში გამოგადგნენ. ქალბატონი კლებერი მეტისმეტად ახალგაზრდაა, ხოლო ქალბატონი ტრუფო, როგორც უკვე იცით, ფრანგულად არ ლაპარაკობს!

– იმისთანა მარჯვე ქალისთვის, როგორიც მარი სანფონია, ათი წლის მიმატება-გამოკლება დიდი არაფერია, – ნელ-ნელა უპასუხა გოშმა, ისევ დაჟინებით უყურებდა კლარისას. – მითუმეტეს თუ თანხა დიდია, ჩავარდნას კი გილიოტინის სუნი უდის. და თქვენ მართლა არ ყოიფილხართ პარიზში, მადმუაზელ სტამპ? სადმე ღიუ დე გრენელის რაიონში?

კლარისა მკვდარივით გაფითრდა.

– აქ კი, იძულებული ვარ ჩავერიო როგორც სახომალდო კომპანიის “ჯასპერ–არტო პარტნერშიპის” წამომადგენელი, – ბრაზით შეაწყვეტინა პოლიციელს რენიემ. – ქალბატონებო და ბატონებო, გარწმუნებთ, რომ ჩვენს რეისზე საერთაშორისო რეპუტაციის ვიგინდარებს ხელი არ მიუწვდებოდათ. კომპანია გარანტიას იძლევა, რომ “ლევიათანზე” არც შულერები არიან, არც კოკეტები და არც მითუმეტეს პოლიციისთვის ცნობილი ავანტურისტები. თავადაც ხვდებით – პირველი ცურვაა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. სკანდალები არ გვინდა. მე და კაპიტანმა კლიფმა პირადად შევამოწმეთ და კიდევ გადავამოწმეთ მგზავრთა სიები, საჭიროების შემთხვევაში ცნობებსაც ვაგროვებდით. მათ შორის, ფრანგული პოლიციიდანაც, ბატონო კომისარო. მეც და კაპიტანიც მზად ვართ თავდებად დავუდგეთ თითოეულ აქ მყოფს. მუსიე გოშ, ჩვენ ხელს არ გიშლით თქვენი პროფესილი ვალის აღსრულებაში, თუმცა ტყუილად კარგავთ დროს. და ფრანგი გადასახადების გადამხდელების ფულს.

– აბა-აბა, – დაიღრინა გოშმა. – ამასაც ვნახავთ.

რის შემდეგაც მისის ტრუფომ, ყველასთვის სასიამოვნოდ, ამინდზე დაიწყო ლაპარაკი.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / აკუნინი ბორის / ლევიათანი