აკუტაგავა რიუნოსკე 

კრებული. ნაწილი II 

 

ამბავი სიკეთის საზღაურისა

ბაღი

როკუმონელი ქალი

ო-გინი

ხინა-თოჯინები

თოვლი

სანემონის დედინაცვალი

დიალოგი წყვდიადში

წყლის კაცების ქვეყანაში

ცხოვრება იდიოტისა

ფიქრები ლიტერატურაზე

 

 

ამბავი სიკეთის საზღაურისა

 

ძინაი მქვია. გვარტომობისას ნურაფერს მკითხავთ. რა ხანია, ხალხმა დამანათლა ეს სახელი – ამაკავა ძინაი. თქვენც გეცნოთ განა?! ნუ შეშინდებით, ნურც დაფრთხებით. როგორც იცით, ცნობილი ქურდი ვარ, მაგრამ ამჯერად საქურდლად არ მოვსულვარ. მშვიდად იყავით. მერწმუნეთ, ახლა.

მესმა, მთელ იაპონიაში კეთილშობილებით გამორჩეული პადრე ბრძანებულხართ. ასე რომ, თქვენთვის ვერაფერი პატივია ვიღაც ქურდთან ბაასი. მარტო ქურდობა რა დასაკვეხნია. ძინაი ერქვა ძიურაკუს სასახლეში მიწვეულ როსონ სუკეძაემონის ერთ-ერთ ხელქვეითს. ახლა დოქს აღარ იკითხავთ, «წითელთავად» წოდებულს, ძვირფასეულს რიკიუ კოძისათვის?! იმ რენგას ოსტატის ნამდვილი სახელიც, ვინაც დოქი ძღვნად გამოგზავნა, ძინაი იყო, ხომ?! და განა ომურელი მთარგმნელის სახელიც, ორი-სამი წლის წინ რომ დაწერა წიგნი «ამაკავა-ნიკი», ძინაი არ იყო? შემდგომად ამისა, მოხეტიალე მუსიკოსი, კაპიტანი მალდონადო რომ იხსნა სიკვდილისაგან, სანძიოგავარაში ატეხილი ჩხუბისას, და საკაიში, მეკუძის ტაძრის ჭიშკართან უცხოური წამლებით მოვაჭრე? ვინ იყვნენ ისინი? სახელი მათი ძინაი გახლავთ, ვინმე ძინაი. უფრო მეტიც, ვინაც შარშან წმინდა ფრანცისკოს ტაძარს შესწირა ოქროს კიდობანი, რომელშიაც წმინდა მარიამის ფრჩხილი იდო? ისიც მორწმუნე ძინაი იყო!

ვწუხვარ, დღესდღეობით დრო არა მაქვს, წვრილად გაიმბოთ ყოველივე. ერთს გთხოვთ ოღონდ, მერწმუნეთ, ამაკავა ძინაი არცთუ უცხო რამ ფრინველია. ერთი ჩვეულებრივი მოკვდავია ისიც. გჯერათ, ხომ? რახან აგრეა, შეძლებისდაგვარად მოკლედ მოვჭრი. წირვა მინდა აღვავლინო ერთი კაცის სულის სახსნელად. ამისათვის გეახელით. არა, ჩემი ნათესავი არ გეგონოთ, ჩემს მახვილსაც არა სცხია მისი სისხლის თუნდ ერთი წვეთი. აღარც კი ვიცი, გავამხილო თუ არა მისი სახელი. ვინმე იაპონელი პაულოს სულის მოსახსენებელი მინდა ვთქვა. რაო? გეჩოთირებათ, რაღა თქმა უნდა, თქვენ ხომ ამაკავა ძინაი გთხოვთ. კეთილი, იყოს ნება შენი თქვენი! ვეცდები, ახლა ორი სიტყვით მოვყვე ამბავს. პირობა უნდა მომცეთ ოღონდ, კაციშვილთან არაფერი დაგცდებათ, თუნდაც სიცოცხლის საფასურად დაგიჯდეთ. დაიფიცებთ მაგ ჯვარზე, გულზე რომ გკიდიათ? არა? ბოდიშს ვითხოვ. (ღიმილით).

თავხედობაა ალბათ ჩემი ხმრივ, თქვენში ეჭვის შეტანა, მაგრამ თუ აღთქმას დაარღვევთ (უეცრივ სერიოზულად), ჯოჯოხეთის გეენა არ აგცდებათ. თუ აგცდათ, ამქვეყნიური სატანჯველი მოგიწევთ მაინც.

ორ წელზე მეტია, რაც ეს ამბავი მოხდა. ავდრიანი შუაღამე იყო. მე დავბორიალობდი კიოტოს ქუჩებში, მოხეტიალე ბერად გადაცმული. ხუთი დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, პირველი ყარაულობა დაიწყებოდა თუ არა, ისე, რომ არვის მოვხვედროდი თვალში, ფარულად ვაკვირდებოდი შენობებს. რისთვის? ვფიქრობ, ახსნა არაა საჭირო... იმ დროს მცირე ხნით ვეპირებოდი, მოვცილებოდი აქაურობას, გავმგზავრებულიყავი სადმე, ზღვის გადაღმა, და ფული ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს.

ქუჩებში, რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხნის შეწყვეტილი იყო მოძრაობა და მხოლოდ გაუთავებლად ქშუოდა ქარი და კრთოდნენ ვარსკვლავები. ბევრი ვუარე გარს ოგავადორის ჩაბნელებულ შენობებს და უეცრივ, როგორც კი გზაჯვარედინთან გადავუხვიე, დიდ სახლს მივადექ. ეს იყო კიოტოშიც კი ცნობილი Hოძეი იასოემონის სამყოფელი ქალაქ ალაგას, მაგრამ არცთუ საუკეთესო «ჰოძეის სავაჭრო სახლი». იგი ვერ მიედრებოდა კადოკურას «საზღავო ვაჭრობის სახლს». ასე იყო თუ ისე, ჰოძეი ისე არ დარჩებოდა, წყვილი ხომალდი მაინც არ გაესტუმრებინა კოკუსიამუროსა თუ ლუსონში, ასე რომ, ცხადია, წელშიც კარგად იქნებოდა გამართული. როცა საქმეზე გამველ, ეს სახლი უზურში არა მქონია, ახლა კი, რადგან მაინცდამაინც გადავაწყდი, უკან აღარ დავიხიე, როგორც ვთქვი, გვიანი ღამე იყო, ქარიანი. ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ აეწყო. გზისპირას, საწვიმარ ჯამს უკან გადავმალე ჭილის წუდი და ჯოხი, უმალ მაღალ მესერს გავავევლე.

რას აღარ ამბობენ ჩემზე. მოსმენად ღირს! ამაკავა ძინაის ძალუძს უჩინრად იქცესო, ყველა და ყოველი ამას უბნობს. ვიმედოვნებ, ყურს არ ათხოვებთ მდაბიორთა ამ მონაჩმახს. არც უჩინმაჩინის ქუდი გამაჩნია და ეშმაკთანაც არ გახლავართ წილნაყარი. ისე კი, როცა მაკაოში ვიყავ, პორტუგალიურ ხომალდზე მომუშავე მკურნალმა შემასწავლა საგანთა ბუნება და თუ საქმეს მივასადაგე ეს ცოდნა, მაშინ ვერანაირი ბოქლომი ვერ დამიკავებდა (ღიმილი). ათასგვარი ქურდული ხროკი, კაციშვილს რომ ჯერ არ გაეგო, განა ჯვართან და ქვემეხთან ერთად დასავლეთიდან არ გადმოიღო ველურმა იაპონიამ?

საათიც არ გასულა, რომ მე უკვე სახლში შევაღწიე, მაგრამ როცა ბნელ დერეფანს გავცდი, ჩემდა გასაკვირად, ამ გვიანობისას ერთ ოთახში სინათლე დავინახე. სინათლეს კიდევ რა უშავს, ლაპარაკიც მოისმოდა იქიდან. თუ ოთახების განლაგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს საჩაიე უნდა ყოფილიყო. რა ჩაის სმა აუტყდათ-მეთქი ამ ავდარში, გამეცინა გუნებაში და უფრო ახლოს მივჩოჩდი. მართალი გითხრათ, როცა ხმა გავიგონე, განა იმან შემაწუხა, რომ საქმე დაბრკოლდებოდა, ცნობისწადილმა შემიპყრო, რითი ირთობდნენ თავს ამ შუაღამისას სახლის პატრონი და მისი სტუმარი.

ფუსუმას გავეკარ თუ არა, როგორც ველოდი, კარდლის ბუყბუყიც მომესმა. ამ ხმებთან ერთად ტირილიც გავიგონე. ვინ ტირის-მეთქი, ნეტავი? – გამკრა გულში და იმავ წამს მივხვდი, ქალი ტიროდა. თუკი ასეთ გამოჩინებულ სახლში შუაღამისას ქალი მოთქვამს, უბრალო საქმე არავის ეგონოს. სუნთქვა შევიკავე, ჩემდა საბედნიეროდ გვერდზე გაწეულ ფუსუმას ღრიჭოში გავიჭვრიტე და ოთახს მოვავლე თვალი.

ჭერზე ჩამოკიდებული ქაღალდის ფარნით განათებული ძველისძველი ნახატი, კედლის წალოში რომ იყო ჩადგმული, ქრიზანთენებიანი ლარნაკი... მთელ ოთახსა და მის მოწყობილობას ძველებური იერი ედო. ჩაის სასმელი ოთახის შესაფერი წალოს წინ, სახით ჩემკენ მოხუცი იჯდა. ასე ჩანდა, თავად იასემონი უნდა ყოფილიყო. წვრილად ნაქარგი ხაორი ეცვა, ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა, თვალები მიელულა და თითქოს ქვაბის თუხთუხს აყურადებდა. იასემონის დაბლით, ჩემკენ გვერდულად იჯდა დარბაისელი მოხუცი ქალი, თმის ვარცხნილობას სარჭი უმშვენებდა. იჯდა ასე და დროდადრო იწმენდდა ცრემლებს.

«არაფერი ამათ არ აკლიათ და საჭმუნავი მაინც არ დალევიათ», – გავფიქრე და ტუჩებზე უნებურად ღიმილმა გადამირბინა. ნუ გეგონებათ, თითქოს რაღაც პირადული ჯავრი მედო გულში ამ ცოლ-ქმრისა. უბრალოდ, მეცინება ხოლმე სხვის უბედურებაზე, განურჩევლად, ვინც უნდა იყოს. განსაკუთრებულ სიამესა მგვრის,

როცა ისეთი ვინმე შემრჩება ხელში, ვისაც ერთის შეხედვითაც თითქოსდა საწუხი არაფერი უნდა სჭირდეს. ასეთი რამ თავისთავად სასაცილოა (მკაცრი გამომეტყველება). ასე მგონია, კაბუკის თეატრის წარმოდგენას ვესწრებოდე (დამცინავი გამომეტყველება). მე ხომ ის კაცი ვარ, ვისი სახელითაც აგერ ორმოცი წელია ბავშვებს აშინებენ. განა მარტო მე ვარ ასეთი? ჰკითხეთ, ვისაც გნებავთ, რომელია-თქო თქვენი საყვარელი საკითხავი წიგნი? სევდიან მოთხრობას დაგისახელებენ უთუოდ.

ცოტა ხნის შემდეგ იასემონმა ოხვრით ამოთქვა:

– რახან ეს უბედურება მოხდა, რამდენიც გინდა თავში იცე, საქმეს ვერ უშველი, უკან ვერაფერს მოაბრუნებ. გადავწყივიტე, ხვალ დუქანში ყველას ანგარიში გავუსწორო და დავითხოვო.

ამ დროს ძლიერმა ქარმა შესძრა ოთახის კედლები და მოსაუბრეთა ხმაც ჩაახშო. იასემონის ცოლის სიტყვები ყურს აღარ მოსწვდენია. მეპატრონემ ახლა თავი დააქნია, ხელები მუხლებზე დაიწყო და ლერწმისაგან მოწნულ ჭერს მიაბჯინა მზერა, ქუში წარბები, წამახული ყვრიმალები და, განსაკუთრებით, თვალების ნუშისებრი ჭრილი... რაც მეტად ვაკვირდებოდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, სადღაც უცილობლად მენახა ეს პირისახე.

ო, მეუფეო, ესუ-ქირისიტო-სამა, ძალა მოეც ჩვენს გულებს!

იასემონმა თვალები მოხუჭა და ჩურჩულით წამოიწყო ლოცვა. მოხუცი ქალიც ილოცვიდა, ალბათ ისიც შემწეობას შესთხოვდა მეუფეს. თვალს არ ვაცილებდი იასემონის სახეს და აი, როცა ახლად მოიქროლა ქარმა, ჩემს სულში გაკრთა მოგონება ოცი წლის წინათ მომხდარი ამბის, და მაშინ უკვე გამოკვეთილად მოვიხილე იასემონის პირისახე.

ოცი წლის უკან... არა, მოსაყოლად არც ღირს! მოკლედ მოვჭრი. საქმე ასე იყო: როცა მაკაოში მივემგზავრებოდი, კინაღამ დავიღუპე გზაში, ერთმა იაპონელმა მეხომალდემ მიხსნა სიკვდილისაგან. ერთიმეორეს ისე დავცილდით, არც გვარი გვითქვამს, არც სახელი და აღარც შევხვედრილვართ აღარასოდეს. ვუცქერდი ახლა და გაოცებას ვიყავ. თვალს ვერ ვაცილებდი მოხუცის სახეს. იასემონი. ეს იყო უეჭველად მაშინდელი ჩემი მხსნელი. ასე მეგონა, თითქოსდა მის ძლიერ მხრებსა და დაძარღვულ ხელებს მარჯნის რიფებიდან ანაშხეფი ტრალღების ქაფისა და სანდალის ტყეების სურნელი სდიოდა ახლაც.

ერთხანს ილოცა იასემონმა და მერე დინჯად მიმართა ცოლს:

– აწ მივენდოთ ციური მეუფის ნებას... მგონი, კარდალაც დუღს, ჩაი დამისხი, გეთაყვა.

მოხუცი ქალი, ქვითინს რომ ძლივს იკავებდა, ჩამქრალი ხმით შეეპასუხა:

– ახლავე... ეჰ, რა დასანანია, რომ...

– მაინც დაიწყე, არა, წუწუნი? «ჰოძეა-მარუუ» რომ ჩაიძირა და მთელი ქონება განიავდა, ყველაფერი ეს...

– არა, მაგაზე არას ვამბობ. აი, ჩვენი ვაჟი იასაბურო მაინც გვყავდეს აქ...

ამის გამგონეს კიდევ ერთხელ გამეცინა. ახლა ჰოძეის გასაჭრო კი არ მახალისებდა. «მოდგა დრო ძველი სიკეთის სამაგიეროს მიზღვისა...» ეჰ, შესაძლოა ჩემ გარდა არც არავინ იცოდეს ამის ნამდვილი ფასი (დამცინავად). მეცოდებიან კეთილბუნებოვანი ადამიანები, მათ ხომ აღარა უწყიან, როგორად გასახარია ქმნა სიკეთისა, ბოროტების ნაცვლად.

– აქ რომ არა გვყავს, ეგ კიდევ ბედნიერებაა. – იასემონი ნაღვლიანად დააცქერდა ფარანს. – ის ფული რომ მომცა ახლა, რაც მაგან გაფლანგა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაყეფდა. თავს დავაღწევდი უბედურებას. ისე კი, როცა გავიხსენებ, წიხლი რომ ვკარი და სახლიდან გავაგდე...

იასემონმა სიტყვა გაწყვიტა და მე შემომაჩერდა. გასაკვირი არ იყო, რომ შეეშინდა. სწორედ ამ დროს უჩუმრად გადავწიე ფუსუმას კიდე. ბერის ტანსაცმელი მემოსა, ჩემეული ჭილის ქუდის ნაცვლად, უცხოელი თავსაბური მეხურა.

– ვინაა აქაურობის ბატონ-პატრონი?

მოხუცი კი იყო იასემონი, მაგრამ მაინც ელვის უსწრაფეს წამოიჭრა ფეხზე.

– საშიში არაფერია. ამაკავა ძინაი ვარ, ნუ დაფრთხებით. დიახაც, ქურდი ამაკავა ძინაი გახლავართ, მაგრამ ამჯერად სხვა რამისთვის მოველ.

თავსაბური გადავიძვრე და იასემონს წინ დავუჯექ.

თავად მიხვდებით, რაც მერე მოხდა. მე აღვუთქვი იასემონს, ძველი სიკეთის საზღაურად გაჭირვებიდან მეხსნა. პირობა მივეც, სამ დღეში არ გადამეცდინა ვადისთვის.

– ოჰო, ვგონებ, კარს უკან ვიღაცის ნაბიჯის ხმა ისმის? ღამე მშვიდობისა. ხვალ ან ზეგ კიდევ მოვალ. შემოვაღწევ როგორმე.

მაკაოს ცაზე მოჩანს ერთი თანავარსკვლავედი, «დიდი ჯვარი» რომ ჰქვია, იაპონიაში კი ვერსად მოლანდავთ. ჰოდა, თუ იმ თანავარსკვლავებიდვით არ გავქრი იაპონიიდან, პაულოს სულს წავწყმედ მაშინ, იმ პაულოსას, ვინც შემოგავედრეთ. რაო? აქედან როგორ გავალ? მეტი სადარდი ნუ მოგცეთ ღმერთმა. ჭერში ამოჭრილი მაღალი ფანჯარა ანდა ბუხარი რისი მაქნისია, აბა? ეს არაფერი. იმასა გთხოვთ ოღონდ, ხმა-კრინტი არავისთან დაგცდეთ, ღვთის გულისათვის.

 

 

ჰოძეი იასოემონის მონათხრობი

 

თქვენო მოწყალებავ! შემოგთხოვთ მოისმინოთ ჩემი აღსარება. მოგეხსენებათ, იარება მიწის პირს ქურდი ვინმე ამაკავა ძინაი, ვისზედ ამდენი მითქმა-მოთქმაა ატეხილი ამ ბოლო ხანს. მესმა, ამაკავა ძინაი ყოფილა თურმე ის კაცი, ვინც ნეგოროდერის ტაძრის კოშკში ჩასახლდა, ვინც მახვილი წარსტაცა კამპაკუსა, და იგიც, შორს, ზღვის გადაღმა თავს რომ დაესხა ნაცვალ ლუსონს. აღარ დასცალდა. ბოლოს და ბოლოს გაუთიათ მიდორიბასის ხიდთან, როგორ იქნა მოიხელთეს და იტიძეში ბამბუკის მარგილზე ჩამოაცვეს მისი მოკვეთილი თავი. შესაძლოა, თქვენამდეც მოაღწია ამ ამბავმა. დიდი სიკეთე გამიწია სწორედ ამ ამაკავა ძინაიმ, ამავ სიკეთემ დიდ საწუხველში ჩამაგდო. ამიტომაც გეახელით, რომ მომისმინოთ, მთელ ვითარებას მოგახსენებთ მომხდარი ამბის, შემოგთხოვთ ილოცოთ, იქნებ უზენაესმა წყალობა მოიღოს ციდვილი ჰოძეი იასემონის მიმართ.

ორი წლის წინათ მოხდა ესა. ზამთარში ზღვაში დაიძირა ჩემი ხომალდი «ჰოძეი-მარუ», ქარბუქი დაეტაკა და საქმეში დაბანდებული ფულიც ისე გამომეცალა ხელიდან, ვითომ არც მქონია. ერთ უბედურებას მეორე მოჰყვა და საბოლოოდ «ჰოძეის სავაჭრო სახლი» არამცთუ გაღარიბდა, სულ გაკოტრდა და გაპარტახების პირს მიდგა. ქალაქში ხალხს მარტო ფულზე აქვს თვალები დაქაჩული, ამხანაგი სანღლით საძებარია. სად ნახავ, გაგიგონია? და ჩვენი საქმეც იმ ხომალდივით წაიღო წყალმა... ერთხელ ღამით... ჩემს სიცოცხლეში ვერ დავივიწყებ... ავდრიან კუნაპეტში მე და ცოლი ვლაპარაკობდით, აღარც გვახსოვდა, თუ რა დრო იყო. უეცრივ გამოგვეცხადა მოგზაური ბერის ტანსაცმლით მოსილი კაცი, გამიკვირდა; შევშინდი და გავბრაზდი კიდეც. ალაპარაკდა და აი, რა გაირკვა – საქურდლად შემოპარულიყო ჩემს სახლში, მაგრამ შუქმა და საუბრის ხმამ შეაფერხა თურმე, საჩაიედან რომ

გადმოდიოდა, ფუსუმას ხვრელში შეუჭვრეტია და გაოცებულა – უცვნია თავისი კეთილისმყოფელი ჰოძეი იასოემონი, ვინაც სიკვდილს გადაარჩინა ოცი წლის წინათ.

ეს რომ მითხრა, მეც გავიხსენე: როცა ფუსუტას ვატარებდი მაკაოში, ერთი უწვერული იაპონელი გადავარჩინე, ჩინელი რომ შემოკვდომოდა მთვრალს ჩხუბში. მდევრებს დავუმალე. და ახლა ჩემ წინაშე წამომდგარი ცნობილი ქურდი ამაკავა ძინაი ის იაპონელი გამოდგა. საბედნიეროდ, სახლში უკვე ყველას ეძინა. ვირავინ შეიტყო მისი მოსვლა, – რაც იყო, იყო, ახლა რა გინდა-მეთქი, – ასე ვუთხარი. მიპასუხა, ძველი სიკეთის გადახდა მინდა, თუკი შევიძლე, «ჰოძეის სახლი» მსურს უბედურებისაგან ვიხსნაო. მერე თანხა რამდენია საჭიროო, იკითხა. უნებურად მწარედ გამეცინა. მე, ჰოძეი იასემონს, ქურდი მთავაზობდა შემწეობას. სასაცილო კი არა, სატირალი იყო. ახლა ესეცა ვთქვათ, ამოდენა ფულის პატრონს, თუნდაც ამაკავა ძინაისებრი ნამდვილი ქურდის სისხლი ედგას ძარღვებში, სხვის ქონებაზე თვალი აღარ დარჩება. არც ჩემს სახლ-კართან არაფერი ესაქმებოდა. თანხა მაინც დავუსახელე. ძინაიმ ოდნავ გვერდზე გადახარა თავი, თითქოსდა არაფერიაო, და აღმითქვა, ყველაფერს სამ დღეში მოვაგვარებო. უზარმაზარ თანხას შეადგენდა ჩემთვის საჭირო ფული – ექვსი ათასი კანი ხუმრობა ხომ არ იყო, ამიტომაც ვინ იქნებოდა ამის თავდები, რომ ძინაი ამდენს ასე უცებ იშოვიდა. ელოდე ახლა როდის გაგიმართლებს. ამას სჯობია ხელი აიღო თამაშზე. მტერი იყოს ამის იმედზე-მეთქი, – ასე ვფიქრობდი.

იმ ღამით ძინაიმ გულმშვიდად დალია ჩაი, ჩემმა მეუღლემ რომ მიართვა და ღამეს მისცა თავი. მეორე დღეს არ გამოჩნდა, არც მესამე დღით. დადგა მეოთხე დღე. თოვლი მოვიდა. ჩამოღამდა კიდეც, მაგრამ ძინაი არა და არ ჩანდა. ადრეც ვთქვი, არა მჯეროდა ძინაის დანაპირები, მაგრამ დუქნიდან არც არავინ დამითხოვია და არც ანგარიში გამისწორებია არავისთვის. ჩანდა, სულის რომელიღაც კუნჭულში მაინც აკიაფდა იმედის ნაპერწკალი. მეოთხე დღეს, მართალია, ძველებურად ვიჯექ ჩაის ოთახში, ფარანქვეშ, მაგრამ მთელი გულისყური გარეთ მქონდა, ჩქამი არ გამომპარვია.

გადიოდა დრო და უეცრივ ბაღში, საჩაიეს მხრით ატყდა ხორიო-ბორიო, ვიღაცები ჩხუბობდნენ, ასე ჰგავდა. ძინაიზე ფიქრმა გამკენწლა გულში, – ყარაულებმა ხომ არ დაიჭირეს-მეთქი. ბაღში გამავალი სიოძი გავწიე და ფარანი მივანათე. საჩაიეს წინ, ღრმა თოვლში, იქ, სადაც ჩამოწოლილიყო ბამბუკის ტოტები, ორი კაცი შეჭიდებოდა ერთანეთს. ერთმა ხელი ჰკრა მეორეს, ხეებს გაერია და გალავნის თავზე ხრიშინი ატყდა, მერე სიჩუმე ჩამოვარდა. ჩანდა, გაქცეული სამშვიდობოს გავიდა. მეტოქე არ გადევნებია, მან თოვლი ჩამოიბერტყა და მშვიდად მომიახლოვდა.

– ამაკავა ძინაი ვარ.

გაოცებული მივაჩერდი. როგორც იმ ღამით, ახლაც უცხოური თავსაბური ეხურა და ანაფორა ეცვა.

– რა აურზაური ატეხეთ? ბედი, რომ არავის გაუღვიძია.

ძინაი ოთახში შემოვიდა და გაიცინა.

– არაფერია. სწორედ მაშინ, როცა სახლში შემოვაღწიე, დავინახე, ვიღაც იატაკის ქვეშიდან ეპირებოდა აქ შემოძრომას. ჩავიჭირე, მინდოდა გამეგო, რა კაცი იყო, მაგრამ გამექცა.

მე ყარაულების შიში მქონდა, ვინმე მათგანი რომ არ იქნებოდა-მეთქი, ვკითხე. არა, ქურდი უნდა ყოფილიყოო, – თქვა ძინაიმ.

ქურდი ეპირებოდა ქურდისავე დაჭერას. ამაზე მეტ საოცრებას ნახავს განა რასმე კაცი?! ახლა უკვე მე გამეღიმა. რა მაცინებდა, ჯერ ხომ არ ვიცოდი, როგორი იყო ფულის საქმე. სული მიწრიალებდა. პირის გაღებაც არ მაცალა, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო, დინჯად შეიხსნა ქამარი და ბუხრის წინ ჩამოალაგა ფულის ქისები.

– ექვსი ათასი კანია აქა. უმეტესი ნაწილი გუშინვე მოვახაზირე, მაგრამ ორასი ვერა და ვეღარ ვიშოვნე. ამიტომაც შემაგვიანდა. ახლა თანხა სრულია. ავიღე და იატაკქვეშ დავფალი. და იმ ქურდმაც ალბათ იყნოსა ვერცხლის კვალი.

სიზმარში მეგონა თავი. ვერ ვიქცეოდი საქებრად. სხვისი თქმა რად მინდა, განა მე არ ვიცი? ისე კი, ვიდრე იმის ფიქრში ვიყავ, იშოვიდა თუ არა ფულს, ამ საქმის ავკარგიანობა აღარ მადარდებდა. ამიტომაც იყო, ახლა ასე უბრალოდ უკვე ვეღარ ვიტყოდი უარს. უკან მიმებრუნებინა ეს ფული? ხელი უნდა გამეშვა მაშინ ქუჩაში. ნუ გამკიცხავთ, შემინდეთ ეს საქციელი.

ქედი მოვიხარე ძინაის წინაშე, ხელები იატაკზე დავაწყვე და უსიტყვოდ ავტირდი. ამის შემდეგ ორი წელი არაფერი მსმენია ძინაის ასავალ-დასავლისა. მაგრამ არ ვივიწყებდი, რომ მე მისი წყალობით გადავრჩი გარდაუვალ გაკოტრებას და დროდადრო მარიასამას შევავედრებდი ამ კაცის თავს. მაგრამ ფუჭად ჩამიარა ლოცვამ. ამ დღეებში ქალაქს მოედო ამბავი, ძინაი შეუპყრიათ და მისი თავი მოდორიბასის ხიდთან მარგილზე ჩამოუცვიათო.

შევძრწუნდი. სიმართლე გითხრათ, ცრემლებიც ვღვარე მალულად. რას იზამ, როცა გაიხსენებ, რომ ეს საზღაურია ყველა იმ ბოროტებისა, რაც მას მოუმოქმედებია, ენა აღარ მოტრიალდება რამის სათქმელად. ეს კი არა, გასაკვირია, ამდენ ხანს როგორ აცადა ღმერთმა, აქამდე როგორ არ უწია ცოდვებმა. მე მაინც მონდოდა სიკეთე გადამეხადა და ერთხელ მაინც მეთქვა მისი სულის შესანდობარი. თუნდაც მალულად, სწორედ ამ მიზნით წაველ იმ დღეს სრულიად მარტო მოდორიბასის ხიდთან სარზე ჩამოცმული თავის სანახავად.

როცა ხიდს მივაღწიე, ხალხი დამიხვდა თავშეყრილი. იქვე ეყუდა დაფა, რაზედაც დასჯილის დანაშაულთა სია ეწერა, გუშაგებიც იქვე იდგნენ. ყველაფერი ისე იყო, როგორც წეს არს. ერთად შეკონილ ახალმოჭრილ ბამბუკის სამ ღერ სარზე სისხლში მოთხვრილი შემზარავი თავი იყო ამართული. ღმერთო ძლიერო, ეს რა ვნახე? აყაყანებული ბრბო ძვლებს მალეწდა, მე კი ვიდექი და გაქვავებული მივჩერებოდი ამ გადაფითრებულ თავს. ეს არ იყო ძინაის თავი. სქელი წარბები, წამახული ყვრიმალები, წარბებშუა ნაჭდევი ჭრილობა... არაფრით არ მოჰგავდა იგი ძინაის... ისე შემეშინდა, თვალის ჩინი კინაღამ წამერთვა. ეს არ იყო ძინაის თავი, ჩემი საკუთარი თავი იყო ესა. ოღონდ ახალგაზრდასი, ოცი წლის წინათ, ამაკავა ძინაი როცა ვიხსენი სიკვდილისაგან, იმდროინდელი ახალგაზრდასი. იასაბურო... ნუთუ შენ... ენა ჩამივარდა, თორემ ვიბღავლებდი ალბათ, მაგრამ კრინტს ვერ ვძრავდი, ისე მიძაგძაგებდა მთელი სხეული.

იასაბურო. მივშტერებოდი ღვიძლი შვილის მოკვეთილ თავს და მეგონა, სიზმარში ვიყავი. ოდნავ უკან გადაქნექილ თავს ქუთუთოები ნახევრად მოხურვოდა და ასე მიცქერდა. იქნებ შეცდომით ძინაი ეგონათ ჩემი შვილი. შესაძლოა, მაგრამ დაკითხვა ხომ გამოავლენდა სინამდვილეს. იქნებ ჩემი შვილი იწოდებოდა ამაკავა ძინაიდ და ის იყო სწორედ ჩემს სახლში შემოპარული ბერად გადაცმული ქურდი. თვითმარქვია! ათასგზის არა. ძინაის გარდა მთელ იაპონიაში ვერავინ მოახერხებდა დათქმულ ვადაში, სულ რაღაც სამ დღეში ექვსი ათასი კანი ეშოვა. მაშასადამე... მე უეცრივ ცხადლივად წამომესახა იმ უცნობის იერი, ვინაც ორი წლის წინათ ბაღში ებრძოდა ძინაის. ვინ იყო იგი იქნებ ჩემი შვილი? ალბათ, ალბათ, მე ერთი მოვკარი თვალი და მაინც არ გამომრჩენია, რომ იგი მოჰყავდა ჩემს შვილს. იქნება შევცდი? და

თუ ჩემი შვილი იყო, თუ ასე იყო... თითქოსდა ბინდი გადამეცალა თვალთაგან, გამოვერკვიე, თავს მივაშტერდი. და მაშინ გალურჯებულ, უცნაურად მოღიავებულ პირზე რაღაც ღიმილის მაგვარი შევნიშნე.

სარზე წამოცმული თავი იღიმებოდაო?! გაგეცინებათ, აბა რა იქნება, ამის გამგონეს მეც კი მეგონა, ალბათ მეჩვენება-მეთქი. მაგრამ რამდენსაც მეტს ვუყურებდი, ამ გადამხმარ ტუჩებს აშკარად ეჭდო ღიმილის ნიშანი. დიდხანს ვერ მოვაცილე თვალი უცნაურად მოღიმარ ტუჩებს. ჩემდა შეუმჩნევლად მეც გამეღიმა, და ამ ღიმილთან ერთად ცხარე ცრემლიც წარმდინდა ღვარად.

«შემინდე მამავ!» – ეს ებეჭდა ამ უტყვ ბაგეზე.

«შემინდე, მამაჩემო, რომ უღირსი შვილი ვიყავ. ორი წლის წინათ, თოვლიან ღამით სახლში მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის შემოვიპარე, პატიება მინდოდა მეთხოვა, ოჯახში მსურდა დავბრუნებულიყავ, დღისით მერცხვინებოდა, ვინმეს თვალი არ მოეკრა ჩემთვის დუქანში, გვიანობამდის ვიცადე ამიტომ, დავუკაკუნებ საწოლ ოთახში და სიტყვას ვეტყვი-მეთქი. გულით გავიხარე, როცა საჩაიეში სიოძებს შორის სინათლე დავლანდე, ფეხუჩუმრად გამოვემართე იქითკენ და მაშინ უცაბედად და უსიტყვოდ ვიღაც მწვდა ყელში».

«რაც მერე მოხდა, თავადაც უწყით. მოულოდნელად თავგზა დამებნა. ახლა მამაც რომ გამოჩნდა, სულ ავირიე, ხელი ვკარი თავდამსხმელს და მესერს გადავევლე. თოვლის ნაშუქზე ჩემს მტერს მაინც მოვავლე თვალი. რარიგ გავოცდი, ნეტავ იცოდეთ, ბერი რომ აღმოჩნდა. ვიცადე ერთხანს, როცა დავრწმუნდი, არავინ მომდევდა, თამამად გამოვწიე ხელმეორედ საჩაიესაკენ და სიოძებს მისაფრებულმა მოვისმინე თქვენ ორთა საუბარი. სიტყვაც კი არ გამომრჩენია.

რახან ძინაი ჩვენს სახლს კეთილ სულად მოევინა, გულში ამოვიჭერი, გასაჭირში მეც ამოვდგომოდი მხარში, სიცოცხლეც კი არ დამეზოგა მისთვის! ჩვენი ოჯახიდან მარტო მე ვიყავ დარჩენილი, ვისაც ეს უნდა ეკისრა, და ვის მერე?! სახლიდან გამოგდებულ მაწანწალას, ბოგანოს. ორი წელი ვეძებდი ხელსაყრელ შემთხვევას. და აი, დადგა ამის დროც. მომიტევე, მამავ, არ ღირსვარ შენი, უძღები შვილი ვიყავი. მართალია, ასე დამყვა დედის საშოდან, მაგრამ ხომ ვზღვე ჩვენი ოჯახისათვის გაწეული სიკეთე. ესღაა ჩემი ნუგეში».

სიცილ-ტირილით მოვდიოდი გზად სახლისაკენ. მეამაყებოდა ჩემი შვილის კეთილშობილება. თქვენ არც კი იცით, იასაბურო ჩვენი რჯულისა იყო და სახელიც დაანათლეს, პაულო, მაგრამ ბედნიერებას ვერ დაიკვეხნიდა. არც ჩემი ყოფაა სახარბიელო. ამაკავა ძინაის რომ არ გადაერჩინა ჩემი ოჯახი, იქნებ ამ დღეში არ ჩავარდნილიყავი. ერთი ფიქრი მდევს თან და არ მაძლევს მოსვენებას. რომელი იყო უმჯობესი, ავცდენოდი გაკოტრებას თუ შვილი მყოლოდა ცოცხალი?!. (უეცრივ გამწარებით:) მიშველეთ ვინმემ. თუ ასე გაგრძელდა, იქნება ჩემი სახლ-კარის ქომაგი ოჯახის დამაქცევარივით შევიძულო (გაბმული ქვითინი).

 

 

იასაბუროს მონათხრობი

 

ო, დედაო-წმინდა მარია-სამა! ხვალ, გამთენიისას მომკვეთენ თავს. დაგორდება თავი მიწაზე, სული კი ფრინველივით შენკენ გამოქროლდება. ვინ იცის, ნაცვლად პარაისოს (სამოთხე) ნეტარებისა, შთავვარდე ინფერუნოს (ჯოჯოხეთის) გეენას შინა. არას ვნაღვლობ, ვილხენ მთელი სულითა და გულით, ოცი წელია, ჯერ არ გამიხარია აგრერიგად.

ჰოძეი იასაბურო გახლავართ, დიახაც, მაგრამ ხვალ დილით, ხალხის თვალის სასეიროდ სარზე წამოცმულ ჩემს თავს ამაკავა ძინაის სახელი ერქვა. მე ამაკავა ძინაი გავხდები, ამიხდა ნანატრი. ამაკავა ძინაი? რაო?! იქნებ ვინმეს არ მოეწონოს?! საგანგებო სახელია, მე და ჩემმა ღმერთმა. წარმოვთქვამ ამ სახელს და ასე მგონია, თითქოს და ჩემი დილეგი შროშანებითა და მაისის ვარდებით მოირთო.

ზამთარში მოხდა ეს, ორი წლის უკან. იმ დაუვიწყარ თოვლიან ღამით მამაჩემის სახლში შევიპარე, ფული მინდოდა მომეჩხრიკა, მე ხომ სხვა სიკეთესთან ერთად, მოთამაშეცა ვარ. საჩაიეს სიოძებიდან სინათლე კრთოდა ჯერ კიდევ. შეოვბრუნდი და ვეტაკე მტერს, ვინ იყო, არ ვიცოდი. ჩნდა, უბრალო ვინმე არ იქნებოდა, ისეთი ძალა ჰქონდა. ჭიდაობისას გაიღო საჩაიეს სიოძები, ფარნის შუქი დაეცა ბაღს, მამა იდგა კარის ზღურბლზე, მამაჩემი, იასემონი. უკანასკნელი ძალისხმევით გამოვითავისუფლე სხეული, დავუძვერი როგორც იქნა მტრის უჩვეულოდ მჭიდე ხელებს და ბაღიდან გავვარდი.

ნახევარი კვარტალი გავირბინე თუ არა, ფარდულთან დავიმალე და იქაურობა მოვზვერე. ქუცაში სულიერი არ ჭაჭანებდა, სრული სიმშვიდე იდგა და ღამის ნისლში დროდადრო თუ აიჭრებოდა თოვლის თეთრი მტვერი. ჩანდა, თავი მანება ჩემმა მეტოქემ, დევნა აღარ ღირსო, ხელი ჩაიქნია ალბათ. მაინც ვინ იყო? რამდენადაც გავარჩიე, ბერის სამოსი უნდა სცმოდა. ღონე ჰქონდა მართლაც საკვირველი, თან ბრძოლაშიც ნაცადი ჩანდა, ხერხებსაც ფლობდა მუშტი-კრივისას, არამც და არამც უბრალო ბერი არ უნდა ყოფილიყო. ანდა ამ თოვლიან ღამით ბაღში რა ესაქმებოდა ბერს, ვკვირობდი და ვერაფერი გამოგეო. ცოტა ხანს ვიფიქრე და მერე გადავწყვიტე, ერთხელ კიდევ მოვპარულიყავი საჩაიესთან.

განვლო საათმა. ფრიად საეჭვო მოხეტიალე ბერმა ისარგებლა იმით, რომ თოვა შეწყდა და გაყვა ოგოვადორის ქუჩას. ეს ამაკავა ძინაი იყო, სამურაი, მოქალაქე, მოხეტიალე მუსიკოსი, მოშაირე კაცი, ვისაც შეეძლო ათასნაირად ეცვალა იერი, მთელ კიოტოში ცნობილი ქურდი! მალულად მივდევდი მის კვალს. ასე გახარებული არასოდეს ვყოფილვარ. ამაკავა ძინაი! ამაკავა ძინაი! როგორ ვინატროდი მას, რამდენჯერ დამსიზმრებია კიდეც. ვინაც მახვილი წარსტაცა კამპაკუს, ვინაც სიამუროაში მარჯანი დასტყუა გამოჯეკილ მფლობელს მარჯნისას, ვინაც ხუთ ბეღელს დახსნა კარები და მიკავას რვა რჩეული სამურაი გაისტუმრა მოუსავლეთში და მრავალი და მრავალი საკვირველზე საკვირველი, საუკუნეთა მანძილზე დაუვიწყარ ამბად დარჩენილი ბოროტებით დაზაფრა ხალხი, ძინაი გახლდათ სწორედ... და ეს ძინაი, ცხვირზე ჩამოწეული ჭილის ქუდიანი, ახლა ჩემ წინ მიაბიჯებდა თოვლით ოდნავ გადათეთრებულ ქუჩაზე. მე შემეძლო, საკუთარი თვალებით მეცქირა მისთვის. ეს უკვე დიდი ბედნიერება იყო. მაგრამ მეწადა უფრო ბედნიერი დავმხდარიყავი.

როცა ძეგონძის ტაძრის უკანა მხარეს მივაღწიეთ, სწრაფად წამოვეწიე ძინაის. უკაცრიელი ალაგი გახლდათ, მიწაყრილი აზვინულიყო მთელ გაყოლებაზე. დღისითაც კი ზედგამჭრილი იყო ეს ადგილი ხალხს გარიდებული კაცისთვის. ძინაიმ შემომხედა, ოდნავადაც არ შეშინებია, დაჯერებულად შედგა. მდუმარედ დაეყრდნო ჯოხს, თითქოსდა ელოდა, რას ვეტყოდი. მე მორჩილად დავიჩოქე მის წინ, ხელები წინ დავიწყვე, მაგრამ ისე მშვიდად გამომხედა, ენა ჩამოვარდა.

– მომიტევეთ, მე იასაბურო გახლავართ, ძე ჰოძეი იასემონისა, – წამოვიწყე, როგორც იქნა. სახე მიხურდა ერთიანად. – უკან გამოგყევით, რადგან სათხოვარი მაქვს თქვენთან.

ძინაიმ თავი დააქნია. ისე დამძლია სულმოკლეობამ, ამაზეც დიდად მადლიერი დავრჩი, მერე მომეგო სითამამე და მოკლედ მოვუთხრე, როგორ გამომაგდო მამამ სახლიდან და ახლა ყოველი ჯურის გარეწრებში რომ ვარ გარეული. ამ ღამით როგორ შევიპარე მამაჩემის სახლში საქურდლად, მაგრამ მას, ძინაის გადავაწყდი მოულოდნელად, მერე ძინაისა და მამის საიდუმლო საუბარი ვისმინე. ძინაი კვლავინდებურად ცივად მომჩერებოდა, ტუჩები მოეკუმა. ხმა არ გაუღია. როცა მოყოლას მოვრჩი, წინ წავჩოჩდი ცოტათი და დაჟინებით ავაცქერდი.

– ჰოძეის სახლ-კარზე გაწეული ამაგი მეც მავალდებულებს. ამის ნიშნად გადავწყვიტე, თქვენი ხელქვეითი გავხდე. გთხოვთ, მიმსახუროთ, ქურდობაც ვიცი, ხანძრის გაჩენაც, ჯიბგირობაშიც არავის დავუდებ ტოლს.

დუმდა ძინაი. გული ამიძგერდა, უფრო მხურვალედ ავლაპარაკდი.

– გთხოვთ, მიმსახუროთ! არაფერს დავიზარებ. კიოტო, ფუსიმი, საკაი, ოსაკა, – სად არა ვარ ნამყოფი. თხუთმეტი რი შემიძლია ფეხით გავიარო ერთ დღეში. ცალი ხელით ტომარას ვეწევი, ოთხ ტოს რომ იწონის, ისეთს. ორი-სამი კაცი მყავს უკვე მოკლული. მიმსახურეთ, გვედრით. თქვენი გულისათვის ცეცხლში ჩავვარდები. ფუსიმის ტაძარში თეთრი ფარშავანგი ჰყავთ, ოღონდაც მოისურვეთ და მერე მე ვიცი! სიტყვა რომ დაგცდეთ, სანტო ფრანცისკოს სამრეკლო დაწვიო, გადავბუგავ. უდაიძინის ასულსაც, თქვენი სურვილი იყოს ოღონდ, უმალ აქ მოგგვრით და ქალაქის თავის გოგრასაც მოგიტანთ, თუკი ინებებთ.

უეცრივ წიხლი მომხვდა და უკან გადავვარდი.

– რეგვენო!

ასე შემამკო თუ არა, მოინდომა გამცლოდა, მაგრამ მე გადარეულივით ჩავაფრინდი ანაფორის კალთაზე. – თან წამიყვანეთ, გთხოვთ! არ მოგეშვებით არასგზით. ცეცხლსა და წყალში თქვენი გულისათვის. აი, მეფე-ლომი ეზოპეს მოთხრობაში თაგვმა არ გადაარჩინა? ის თაგვი გავხდები... მე...

– ხმა ჩაიგდე. ლაწირაკო... ეგღა მაკლია, შენს იმედად ვიარო! – ისევ მკრა წიხლი. – არამზადავ, ჯობდა დამჯერი შვილი ყოფილიყავ.

ახლა კი ბრაზი მომერია...

– ვნახოთ აბა, მე ჩესას ვიზამ.

ძინაიმ აღარც მომხედა, სწრაფად მიაბიჯებდა თოვლზე. ღრუბლებიდან გამოცურებული მთვარის შუქზე ძლივსღა მოჩანდა მისი ჭილის ქუდი... ორი წელი აღარ მინახავს მის მერე. (იცინის უეცრივ) «ეგღა მაკლია, შენს იმედად ვიარო»...

– სწორედ ასე თქვა. ხვალ კი, გამთენიისას, ძინაის მაგიერ მე მომკვეთენ თავს. ო, დედაო-წმინდავ, მარია-სამა როგორ ვიტანჯე ეს ორი წელი. ძინაისთვის სიკეთის გადახდის სურვილი მახრჩობდა, სიკეთისა იმდენად არა, რამდენიც წყენინების, მაგრამ სად მეპოვა ძინაი? სად იყო? რას აკეთებდა? იცოდა ვინმემ განა? ყველაფერს თავი დავანებოთ, როგორი იყო შესახედავად? არც ეს უწყოდა არავინ. მე რომ ბერი შემომხვდა, ტანმორჩილი იყო, ასე, ორმოციოდე წლის. მაგრამ ის, ვინაც დაიარებოდა იანაგიმატის თავშესაქცევი სახლების კვარტალში, განა ოცდაათი წლის მოხეტიალე სამურაი არ იყო, ყირმიზ სახეს ულვაშები რომ უმშვენებდა? ახლა, წელში ოთხად მოკაკული წითური უცხოელი, რომელმაც, როგორ ამბობენ, ჩაშალა კაბუკის თეატრის წარმოდგენა? შუბლზე კულულებჩამოყრილი ყმაწვილი სამურაი, მეკოკუძის ტაძრიდან განძი რომ წარიტაცა?.. თუ ისე ჩავთვლით, რომ ყველაფერს ამას ძინაი სჩადიოდა, მაშინ მისი ნამდვილი სახის დადგენა აღემატება ჩვეულებრივი მოკვდავის ძალებს... ამასობაში სისხლის ღებინებაც დამეწყო, გასული წლის ბოლოდან ასე ვარ.

არა. დამცირებას არ შევარჩენ. რაიმეთი უნდა გადავუხადო. ძვალი და ტყავი დავრჩი, სინათლე გამდიოდა ლოყებში, მე კი ამაზე ვფიქრობდი დღე-ნიადაგ. და აი, ერთხელ ღამით ბრწყინვალე აზრი დამებადა. ო, მარია-სამა! ო, მარია-სამა! ეს აზრი უდაოდ შენმა სიკეთემ ჩამაგონა. სისულელეა არ გეთმობოდეს სისხლის ნთხევით განაწვალები, ჩამომხმარი სხეული, საკმარისია შეელიო მას და აგიხდება ნანატრი. იმ ღამით ჩემთვის ვიცინოდი სიხარულისაგან და დილამდე ერთსა და იმავეს ვიმეორებდი: «მე თავს მომკვეთენ ძინაის მაგივრად! მე თავს მომკვეთენ ძინაის მაგივრად!»

მე თავს მომკვეთენ ძინაის მაგივრად! – რა დიდებული სიტყვებია! მაშინ, თქმა აღარ უნდა, ჩემთან ერთად კვალიც გაქრება მთელი მისი ნამოქმედარის და ძინაის შეეძლება, თავაწეული იარებოდეს მთელ იაპონიაში. მე კი... (ისეც იცინის). მე კი ერთ ღამეში სახელგანთქმული ყაჩაღი გავხდები. ვინაც სუკეძაემონს ახლდა ლუსონში, ვინც მოჩეხა კიარას ხე ბიძენის პროვინციაში, ვინაც ახლობელი იყო რიკიუ-კოძისა, ვინაც დასტყუა მარჯანი სიამუროას, ვინაც გაძარცვა ფუსიმის ტაძრის ვერცხლეულის საგანძური და ვინაც მიკავას რვა სამურაი მოუსავლეთში გაამგზავრა... აწ მე მეკუთვნება ძინაის სახელოვნება (იცინის მესამედ), თან გადავარჩენ, თანაც მოვსპობ მის სახელს, ჩემი ოჯახისათვის გაწეულ სიკეთეს ვუზღვავ და შურსაც ვიძიებ შეურაცხყოფისათვის. გულს მოვიოხებ ყოველნაირად. რა დასამალია, ნურც გაიკვირვებთ, მთელი ღამე ვხარხარებდი სიხარულისაგან. ახლაც, ამ ბნელეთშიაც ჩემს ბაგეს ღიმილი არ სცილდება.

ცბიერი განზრახვა მქონდა. ავდექი და იმპერატორის სასახლეში შევიპარე ქურდობის მიზნით. მახსოვს, ბინდიანი საღამო იყო. ბამბუკის თახჩაფუჩებს შორის კრთოდა სინათლე, ფიჭვნარი თეთრად მოსადაფულიყო ყვავილებით. ტალანის სახურავიდან უკაცურ ბაღში გადავეშვი თუ არა, წამსვე, როგორც ველოდი, მოყარაულე სამურაებმა მტაცეს ხელი და ახდა, ახდა მაშინ ნანატრი. ერთმა წვეროსანმა სამურაიმ, რომელმაც დამცა და მაგრად გამკოჭა, ძლივს არ ვიგდეთ ხელთ ეს ძანაიო, ხვნეშით ამოთქვა. ასეც ველოდი. აბა, ძინაის გარდა ვინ გაბედავდა სასახლეში შეპარვას საქურდლად? ეს სიტყვები რომ ჩამესმა, მიუხედავად იმისა, თოკები ძვლამდე მქონდა ჩაჭედილი, უნებურად გამეღიმა.

«ეგღა მაკლია შენს იმედად ვიარო!» – ასე არ მითხრა?! მაგრამ მე ხვალვე ძინაის მაგიერ ამიგებენ წესს. ო, რა სიამით მივახლიდი ამ ამბავს ძინაი ბატონს. ხვალ ჩემი მოკვეთილი თავი დაელოდება მის მობრძანებას და ძინაი აუცილებლად იხილავს ჩემს ბაგეზე შეყინულ სიცილს. «რაო? სიკეთისათვის გადაგიხადა თუ არა იასაბურომ? – აი, რას ამცნობს მას ეს სიცილი, – შენ ამიერიდან ძინაი აღარა ხარ. ძინაი აგერა, ეს თავია! იგია ახლა მთელს იაპონიაში სახელგანთქმული ქურდი». (იცინის). ო, რა ბედნიერი ვარ! პირველად ვარ ასე ბედნიერი მთელ სიცოცხლეში.

მაგრამ ჩემი თავი მამაჩემმა, იასემონმა რომ ნახოს... (გულმწარედ). შემინდე, მამავ, ჩემთვის თავიც რომ არ მოეჭრათ, ბევრ ხანს ვერ გავატანდი მაინც, ორიოდე წლის სიცოცხლე დამრჩენოდა ალბათ, მეტი არა, ისე მქონდა ფილტვები დაჭიმული. სულ სისხლი ამომქონდა პირიდან. შემინდე, რომ უღირსი შვილი ვიყავი. უკუღმართად ვიყავ დაბადებული, მაგრამ ერთი რამ მაინც მესახელება, ეს მაინც მეთქმის: ხომ ვზღვე და სამადლოდ არ გავხადე ჩვენი ოჯახისათვის გაწეული სიკეთე.

 

მარტი, 1922წ.

 

 

 

 

 

ბაღი

 

ეს იყო ძველისძველი ოჯახის, ნაკამურათა გვარეულობის კუთვნილი ბაღი, იმ ოჯახისა, ოდითგანვე რომ მოურავობდა საფოსტო სადგურთან მიშენებულ კეთილშობილ მგზავრთა ფუნდუკს.

რევოლუციიდან ათი წელი გასულიყო, რაც ბაღში არავის დაეკრა ბარი, მაგრამ წალკოტს ჯერ კიდევ მთლად არ გასცლოდა პეწი. გოგრასებრ წაგრძელებული ტბა გამჭვირვალე იყო. ძველებურად გადმოფოჩილიყვნენ ფიჭვის რტოები, უცვლელად შთენილიყო «შემოფრენილი ყანჩის ქოხიცა» და «გულის განსაბანი ტალავერიც». მთიდან ძველებურად გადმოჩქეფდა კამკამა ჩანჩქერი. ჟამთსრბოლამ ნირი ვერ უცვალა ვერც ასკილის ყვითელ ჯაგებს შუა ამოსვეტილ ქვის ფარანს, ნიშანს იმ ღისახსოვარი დროისა, რომ ამ მხარეში გზად ჩაიარა თავადის ქალმა კაძუმ. ტბის უკან აზვინული გორაკებიდან ისევ და ისევ მოჩქეფდნენ თეთრად აქაფებული ჩანჩქერები. ოღონდაც ვერა და ვერ ტყუვდებოდა თვალი. ცხადლივ ჩანდა, აქაურობა ღვთის ანაბარა რომ იყო მიტოვებული. ადრეულ გაზაფხულზე, ოდეს ხეებზე აფეთქდებოდა კვირტები და მწვანე საფარველს მოსხამდა ბაღი, იგრძნობოდა. ადამისშვილის ნახელავს იდუმალი რამ ველური ძალა რომ ბარდავდა, ფოფრავდა და აჯანყებდა. ბეხრეკმა ინკემ, მახვშმა ნაკამურთა ოჯახისა, ნიადაგ ზეთი რომ ჩამოსდიოდა სახეზე, წალკოტზე გადამდგარ ფუძე-სახლში დაიდო ბინა და ღუდუდეობდაყრილ ცოლთან ერთად ბუხრის პირს მშვიდად ატარებდა დარჩენილ დღეებს, ზიზილ-პიპილო ბანქოს შლითა და გოს თამაშით ირთობდა თავს. ზოგჯერ ხუთ-ექვს ხელს ზედიზედ უგებდა დედაბერი. მაშინ ცხარდებოდა და იბოღმებოდა ინკე. უფროსი ვაჟიშვილი, ვისაც მან ოჯახის თავკაცობა გადაულოცა, ყმაწვილქალ ცოლთან ერთად (ბიძაშვილად რომ ერგებოდა) ფუძე-სახლთან ტალანით შეერთებულ ვიწრო ფლიგელში ცხოვრობდა. ფიცხი, თავშეუკავებელი კაცი იყო ბუნსიცუ. ასე გასინჯეთ, ბეხრეკი ინკეც კი უფრთხოდა და ერიდებოდა. ჯანსუსტი ცოლი და უმცროსი ძმები ხომ სიტყვას ვერ უბრუნებდნენ. ბინსიცუს ზოგჯერ ესტუმრებოდა კარდაკარ მოხეტიალე, უპოვარი მელექსე სეიგეცუ, იმხანად სადგურის მიდამოებში რომ დაბოგინობდა. რატომღაც მხოლოდ მას ხვდებოდა ოჯახის თავკაცი შუბლგახსნილად და მოწყალედ, საკეს მიაწვდიდა, მერე დასვამდა ლექსების საწერად. შემორჩა იმდრონდელი სტროფები: «მთებზე შთენილა ჯერაც კიდევ ყვავილთა და ბალახთ სურნელი, მთებს შეუნახავთ ექოც გუგულის დაძახილისა» (სეიგეცუ). «კრთის აქა და იქ, კლდეთა ღარებზე თეთრი სიმ-ალყა ჩანჩქერებისა» (ბუნსიცუ).

ორი შვილი კიდევ ჰყავდა მოხუცს. შუათანა ბრინჯით მოვაჭრე ნათესავმა ჩაისიძა, უმრწემესი კი ქალაქად იყო, დაბიდან 5-6 რის მოშორებით. ორთავენი, თითქოს პირი შეკრესო, ახალ მთვარესავით თუ გამოჩნდებოდნენ მშობლიურ სახლში. უმრწემესი, არყის ქარხნის შავი მუშა, შორსაც ცხოვრობდა და ოჯახის უფროსსაც ვერ ეწყობოდა. ქეიფსა და დროსტარებას აყოლილი შუათანა საკუთარ ცოლ-შვილთანაც უცხო სტუმარივით იყო.

ორი-სამი წლის შემდეგ ბაღი კვლავ უფრო გაუდაბურდა, ტბის ზედაპირზე ყანთალებდნენ წყალმცენარეები. მწვანიანს ჩინჩხვარი გაერია. ერთ გვალვიან დღეს მოხუცს დამბლა დაეცა და სული გააფრთხობინა. ინკეს სიკვდილამდე ხუთიოდე დღის წინ, როცა იგი, ჩვეულებისამებ, ნაყენს წრუპავდა «გულის განსაბან ტალავერში», ტბის გაღმა მხარეს იარებოდა თურმე ვინმე თეთრად მოსილი კუგე. თუმცა ვინ უწყის, იქნება მოხუცს მოეჩვენა ესე ყოველი. მომდევნო წელს, გვიან

გაზაფხულზე, შუათანა ძმამ დედობილ-მამობილის ფული ჩაიჯიბა და ჩაის სახლის ფარეშ ქალთან ერთად უგზოუკვლოდ გადაიკარგა. შემოდგომაზე კი მისმა ცოლმა შვიდთვიანი ბავშვი შვა.

მამის სიკვდილის შემდეგ უფროსი ძე დედასთან ერთად ფუძე-სახლში დასახლდა, გათავისუფლებული ფლიგელი იქაური სკოლის დირექტორმა დაიქირავა. ფუძუკავა იუკიტის უტილიტარისტული თეორიის მიმდევარი გახლდათ დირექტორი, ამიტომაც უფროს ძეს დღენიადაგ ჩააგონებდა, მარადმწვანე ხეთა გვერდით ხეხილიც გაეშენებინა. ყურად იღო ბუნსიცუმ ეს რჩევა და მალე ტირიფებს და ფიჭვებს გვერდი დაუმშვენა ქლიავის, ატმისა და ჭერმის ხეებმა. გაივლ-გამოივლიდა სკოლის დირექტორი ახალ ნარგავებში, სიტყვას გადაუგდებდა უფროს ძეს. «ახლა ყვავილთა ჭვრეტითაც დაიტკბობს კაცი თვალს და ნაყოფთა ხილვითაც... ერთი გასროლით ორი კურდღელი... მაშ!». ამა ყოველმა ეშხი წაართვა ისედაც შელანზღულ ნაყორ გორაკებს; ტბასა და ფანჩატურებს, უნაყოფო, მაგრამ მშვენიერ ხეებს არა და არ მიესადაგა ხეხილი. მარტოოდენ დარგვა რა დიდი ბედენა იყო, როცა მზრუნველი ხელი არ ღირსებია ახალჩაყრილ ხეებს. რაც ბაღს ბუნებითმა შლამ და რღვევამ დააკლო, ის ადამიანის ნაქნარმა დაუმატა. მარადმწვანე მცენარეებთან ერთად ახლა ხეხილიც გაიბურდა და გაოხრდა. ყველა ამ სიკეთეს შემოდგომაზე ხანძარიც მოჰყვა, აგრე იშვიათი ამ მხარეს, და მთები ცეცხლმა გადარუჯა. მას მერე სამუდამოდ ამოშრა მაღლობებიდან მოჩხრიალე ჩანჩქერთა სათავეები. ავბედითობა მალე ოჯახსაც ეწვია. პირველი თოვლი დადო თუ არა, ოჯახის უფროსი ლოგინად ჩავარდა. ჭლექი შეეყარა. ხასიათი მთლად წაუხდა, ბრუნდად ესმოდა ყველაფერი. ახალი წლის მოსალოცად მოსულ შვილს ხელსათბური გაუქანა და სთხლიშა. ამის შემდეგ უმრწემესმა ფეხი ამოიკვეთა სახლიდან. უფროსი ძმის გასვენებასაც კი არ დასწრებია. ბუნცისუმ ერთი წელი იცოცხლა კიდევ. მეუღლე თავს ადგა გამუდმებით. საწოლის თავზე გაკიდულ, კოღოებისგან საფარი ბადის ქვეშ ამოხდა სული. «ბაყაყები გაჰყვირიან... რა სჭირს სეიეცუს?» – აი მისი უკანასკნელი სიტყვები. სეიგეცუ კი, რა ხანია, აღარ ჩანდა იმ არე-მიდამოს. თითქოს ამ კუთხის სანახები მოსწყინდაო, მოწყალების სათხოვნელადაც აღარ მოსულა.

წლისთავი გადაიხადეს თუ არა, უმრწემესი ძმა თავის პატრონის ქალიშვილზე დაქორწინდა. სკოლის დირექტორი სხვა ალაგას გადაიყვანეს და ცოლ-ქმარი დაეპატრონა ფლიგელს. შავად გალაქული კომოდებით გაივსო ახლა შრამელი, და ვარდისფერი და თეთრი ბამბის ფთილებით მოირთო. მაგრამ მალე დასნეულდა უფროსი ძმის ცოლიც. მასაც ჭლექმა დარია ხელი. სისხლს აღებინებდა პირიდან, ამიტომ ოჯახის უფროსის ერთადერთი ნაშიერი რენიტი ბებიამ შეიკედლა. ძილის წინ ბებია ყოველთვის პირსახოცით გაიკრავდა ხოლმე თავს. ვირთხები მაინც ვერ მოიშორა. როცა კი პირსახოცის წაკვრა დაავიწყდებოდა, ღუდუდოების სუნზე მოძუძგურდებოდნენ ვირთხები, თავს დაუკბენდნენ უმოწყალოდ. წლის დამლევს უფროსი ძმის სნეული ცოლი ისე უჩუმრად გათავდა, როგორც ლამფა ჩაიჭრუტება და ჩაქრება ხოლმე. დასაფლავების მეორე დღეს თოვლმა ჩაიტანა მთის ძირას მდგარი «შემოფრენილი ყანჩის ქოხიც». და როცა მოდგა გაზაფხული, ხეების რტოები გადაირია, ბაღი მთლად გაუდაბურდა, გაპარტახდა და ახლა მღვრიე ტბასთან «გულის განსაბან ტალავერის» ლერწმის სახურავსღა მოლანდავდა კაცის თვალი.

 

გაგრძელება

 

ერთ უჟმურ დღეს, მიმწუხრისას, ათი წლის წინათ სახლიდან გაქცეულმა შუათანა შვილმა მოაკითხა მამისეულ კარ-მიდამოს. მამისეულს ეძახდნენ, თორემ, სინამდვილეში, მისი სრულუფლებიანი ბატონ-პატრონი უმრწმესი ძმა იყო. ისე შემოხვდა იგი ძე შეცდომილს, ვითომდაც არაფერი მომხდარიყო, არც სახე დაუღრეჯია უსიამოდ, არც ჭერში ამხტარა სიხარულისგან.

შუათანა ძმა მთავარ სახლში, «ბუდათა სენაკში» დამკვიდრდა. იწვა იქ გაშოტილი, ზეზე ძლივს დგებოდა ავი სენით შეპყრობილი, მიშტერებოდა ბუხრის ალს. სამლოცველოში პატარა ფირფიტები ელაგა, გარდაცვლილი მამისა და ძმის სახელები იყო ზედ ამოჭრილი. კარს მიუგდებდა ხოლმე სნეული, ეს ფირფიტები რომ არ მოხვედროდა თვალში. დედას, ძმასა და რძალს არ იკარებდა. მათთან ერთად დღეში სამჯერ ტაბლას მიუჯდებოდა ხოლმე ძალაუნებურად. ეს იყო და ეს. ობოლი რენიტი მოაკითხავდა ხანდახან და ისიც ფიქალზე უხატავდა ბიჭს მთებსა და ხომალდებს. ხელი არ მორჩილებდა, ბატიფეხურით წაუწერდა ძველებური სიმღების სიტყვებს: «მუკოძიმას მთაზე ყვავის ალუბალი, გამო ნეისან ჩაის სახლიდან».

და ისევ დადგა გაზაფხული, გაბურდულ ბაღში აქა-იქ ყვაოდა ატმები და ჭერმები, ჩაჟალტამებულ ტბაში ჩაყუდებულიყო «გულის განსაბანი ტალავრის» ანარეკლი. შუათანა ძმა კი კვლავინდებურად იჯდა გამოკეტილში და გამუდმებით თვლემდა. და აი, ერთხელ, მის ყურს მოსწვდა სიამისენის სიმთა ჟღერა. ვიღაცამ ბზარნაკრავი ხმა ააყოლა საკრავს. «სუვას ბრძოლაში ციხესიმაგრის ქვემეხთა რიგებს როდი მოსცილდა ნაცუმოტოს სისხლი და ხორცი, დიდი თავადი იოსიესამა, აგრე ინება»... მწოლიარემ თავი აიღო. ეჭვი არ იყო, დედა მღეროდა და უკრავდა სიამისენს სამზადში. «ფარჩა ემოსა, გამობრძანდა დიდებულადა, საომრად გამზადებული სუვას ბრძოლაში, ერთის შეხედვით ეტყობოდა, იყო რაინდი»... განაგრძობდა დედა. ალბათ შვილიშვილს ასმენინებდა ოცუს სურათებზე წარწერილ სიტყვებს. ეს სიმღერა, ერთმა ოირანმა რომ ასწავლა მის უგლიმ, აწ გარდაცვლილ მეუღლეს, დიდ მოწონებაში იყო ოცი-ოცდაათი წლის წინათ. «ბედისწერას ვერ ასცდება. გაისისინებს ვერაგი ტყვია, მკერდს გაუგმირავს ტოიოს ხიდთან, ვითარცა ცვარი ბალახზე, გაქრება იგი, ო, სანაცვლოდ კი სახელი მისი ხალხში დარჩება აწ და მარადის»... გაკვირდა შუათანა, გადაუნათდა წვერში ჩამჯდარი სახე.

ორი-სამი დღის შემდეგ უმრწემესმა ძმამ თვალი მოჰკრა, მისი ძმა მიწას აბრუნებდა ბუერამოდებული ნაყორი მთის ძირას. ქლოშინებდა, აცა-ბაცა იქნევდა წალკოტს. ეს იყო მხოლოდ, დიდი დაჟინება იგრძნობოდა მის ერთი შეხედვით სასაცილო საქმიანობაში. უმრწემესი, პირში პაპიროსი რომ ჰქონდა გაჩრილი, უკნიდან მიუახლოვდა და ჰკითხა: რას სჩადი, ძმაო? შუათანამ დაბნეულად მოხედა, – აქ არხი უნდა გავიყვანო. – რადა და რისთვის? – ძველებურ ყაიდაზე უნდა მოვაწყო ბაღი. გაიცინა უმცროსმა ძმამ, აღარაფერი უკითხავს.

მთელი დღე მუშაობდა შუათანა წალკატით ხელში. არხს თხრიდა. ეძნელებოდა საქმე. ძვალტყავად ექცია სნეულებას. უჩვევი იყო თანაც, ჩქარა უწყდებოდა ქანცი. ბებერები დაასხდა ხელებზე, ფრჩხილები ასტკეცოდა, ტანში ამტვრევდა. დროდადრო შორს მოისვრიდა წალკატს, მკვდარივით მიეგდებოდა მიწაზე. მის ირგვლივ, ოხშივარადენილ ბაღში ლაღობდა ახალნაზარდი ბალახის ყლორტები და ყვავილები. ოხშივარი ასდიოდა ბაღს. სულს მოითქვამდა ორიოდ წამით, ისევ წაფორხიალდებოდა თხრილისაკენ.

დღე დღეს მისდევდა. ბაღს კი სასიკეთო ჯერ არაფერი ეტყობოდა. ტბაში ძველებურად ხასხასებდა წყალმცენარეები და ერთმანეთში გახირებული ჩინჩხვარადქცეული ხეთა ტოტები. ახლა წინანდელზე უფრო გამოყრუებული ჩანდა

ბაღი, განსაკუთრებით მას მერე, რაც ყვავილი დასცვივდა ხეხილს. სახლის მკვიდრთაგანს არავის მოსდიოდა თვალში ეს წამოწყება. უმრწემესი ძმა ანგარიშში ჩაეფლო, ბრინჯისა და აბრეშუმის ქორვაჭრად იქცა. მისი ცოლი ქალური ზიზღით ერიდებოდა ავადმყოფ მაზლს. დედა... დედა შიშობდა, მიწის თხრას მთლად არ მოეთავებინა ხელი მისი ვაჟიშვილისათვის. შუათანა არც ხალხს შეეპუა, არც ბუნებას, ნელინელ ასხვაფერებდა ბაღს.

ერთხელ, ნაწვიმარზე გამოვიდა ბაღში და დაინახა, რენიტი ქვებით აპირკეთებდა არხის კიდეებს, საიდანაც ბუერას ფოთლები გადმოშლილიყო. მხიარულად შეაცქერდა რენიტი თვალებში: მეც მოგეხმარები, რა იქნებაო, შესთხოვა. «აგრე იყოს». უჩვეულოდ გაიბადრა შუათანა ძმა. რა ხანია, ღიმი არ მიჰკარებია სახეზე. მას მერე რენიტი აღარ მოსცილებია ბიძას. მხარში უდგა დღენიადაგ. დროდადრო მუხლს ჩახრიდა მაშვრალი, ჩრდილს შეაფარებდა თავს. ძმისწულის გასართობად ათას რამეს გაიხსენებდა. ზღვის ამბებს იტყოდა, ტოკიოსას, რკინიგეზბისას. ღიჯნიდა რენიტი მწვანე ქლიავს და მონუსხულივით უსმენდა ბიძას.

იმ წელს გვალვიანი ამინდი დაიჭირა. ორნი, საპყარი და ბალღი, არ ეპუებოდნენ არც მზის მშანთავ სხივებს, არც მწვანიანის მხუთავ ოხშივარს, თხრიდნენ მიწას, კაფავდნენ ხეებს და უფრო და უფრო ღრმად იჭრებოდნენ ბაღში. ასე ჯახირობდნენ და რის ვაინაჩრობით საქმეს როგორღაც ართმევდნენ თავს. ეგ იყო ოღონდ, სხვა გასაჭირს ვერაფერი მოუხერხეს. შუათანას მხოლოდღა სიზმრად ნანახივით ახსოვდა ბაღის ძველებური იერი. როგორც კი შეეცდებოდა მოეგონებინა ხეების ადრინდელი განლაგება თუ ბილიკების ასავალ-დასავალი, მყის ბინდი ეკრობოდა თვალზე. ზოგჯერ მუშაობისას უეცრივ შედგებოდა, წალკატს ჩამოეყრდნობოდა და გაშტერდებოდა. შეშფოთებებით მიაჩერდებოდა რენიტი. – ვერ გამიგია, რა იყო აქ ადრე? – თავისთვის დაბნეულად ბუტბურებდა გაოფლილი ბიძა. – ეს ნეკერჩხალი აქ არ უნდა ყოფილიყო». რენიტი ყუჩობდა და ზინზლიანი ხელებით ჭყლეტდა ჭიანჭველებს. სხვა რა ჩარა ჰქონდა.

ზაფხულის მიწურულს შუათანას გაუსაძლისი ჯაფისაგან თავბრუსხვევა დასჩემდა. ტბისთვის განკუთვნილი, საკუთარი ხელებით ამოღებული ორმოს ერთი ნაწილი ისევ ამოავსო მიწით, აქ ხეს რა უნდაო. იტყოდა, ამოთხრიდა ფიჭვს, ცოტა ხნის მერე კი იმ ადგილას კვლავ ფიჭვს რგავდა. ასე დასჩემდა. რენიტი განსაკუთრებით გაგულისდა, როცა ბიძამ წყლისპირა ტირიფები დაჩეხა სამარგილედ. ეს ტირიფები განა თქვენვე არ ჩარგეთ ამას წინათო? – უსაყვედურა. «ვაგლახ რომ მთლად დავკარგე მახსოვრობა», – ბიძა დაღვრემილი დასცქეროდა მზედაღვრილ ტბას.

და მაინც, როს მოაწია შემოდგომამ, ბუჩქებისა და ბალახების ბარდებში ბუნდოვნად გამოიკვეთა ბაღის მოხაზულობა. ძველს ვერ მოერიდებოდა, რაღა თქმა უნდა. ვერც «შემოფრენილი ყანჩის ქოხს» დალანდავდით სადმე, და ვერც გორებიდან გადმოქანებულ ჩანჩქერებს. ნაშთიც აღარ იყო ნაცადი მებაღის ნახელავისა. უკვალოდ გადაქრა ძველებური სინატიფე, მაგრამ ბაღი მაინც არსებობდა. ტბის მჭვირვალ წყალში ერთხელ კიდევ ათრთოლდა ნაყორი გორაკების ანარეკლი და ფიჭვებმაც კვლავ მედიდურად გადაატოტეს შტოები «გულის განსაბან ტალავერს».

და როცა უკვე აღსდგა და განახლდა ბაღი, სწორედ მაშინ ჩავარდა ლოგინად შუათანა ძმა. სახსრებში სტეხდა, სიცხე აღარ გამონელებია. «რა ცუდუბრალოდ მიაკლა თავი», – გაუთავებლად მოთქვამდა შვილის სასთუმალთან მიმჯდარი დედა. შუათანა კი ბედნიერი იყო. მერე რა, თუ ბაღში ბევრი რამის გაკეთება კიდევ ეწადა.

ამას აღარაფერი ეშველებოდა. ამაოდ მაინც არ დამაშვრალა. ათი წლის შრომამ ასწავლა ბედის მორჩილება. ამით გაიტანა ლელო.

შემოდგომის მიწურულს შუათანა ძმა ისე უჩუმრად გათავდა, ვერავინ შეიტყო. პირველმა რენიტიმ შეიცხადა. ხმამაღლა ყვირილით გავარდა ტალანში ფლაგელისაკენ. წამსვე მიცვალებულის სარეცელთან მოიყარა თავი მთელმა დაზაფრულმა ოჯახმა. «ხედავ, ჩემი ძმა თითქოს იღიმის!» – მიუბრუნდა დედას უმრწემესი. «ოი, დღეს ღიაა სახატეს კარი!» – თქვა მისმა ცოლმა ისე, რომ ცხედრისაკენ არც მიუხედავს.

ბიძის დამარხვის შემდეგ რენიტი არ სცილდებოდა «გულის განსაბან ტალავერს». გაოგნებული გასცქეროდა შემოდგომისეულ ხეებს.

 

დასასრული

 

ეს იყო ძველისძველი ოჯახის, ნაკამურას გვარეულობის კუთვნილი ბაღი, იმ ოჯახისა, საფოსტო სადგურზე მიშენებულ კეთილშობილ მგზავრთა ფუნდუკს რომ მოურაობდა. ათი წელიც არ გასულიყო მას შემდეგ, რაც ბაღი განაახლეს. ახლა დაინგრა ოჯახი და კვლავ გავერანდა იქაურობა. იმ ალაგას რკინიგზის სადგური ააშენეს, სადგურის წინ რესტორანი წამოჭიმეს.

იმდროისათვის ნაკამურას გვარეულობიდან იქ უკვე აღარავინ ბოგინობდა. რა ხანი იყო, რაც დედამ დატოვა ეს ქვეყანა. უმრწემესი ძმა გაკოტრდა, გუდა-ნაბადი აიკრა და სადღაც, ოსაკასაკენ გაუტია.

მატარებლები ყოველდღე მოდიოდნენ და მიდიოდნენ, დიდ მაგიდასთან იჯდა ახალგაზრდა სადგურის უფროსი. ხალვათი სამსახური ჰქონდა, თავისუფალ დროს უმზერდა ქლიავისფერ მთებს და მოსამსახურეებთან მასლაათობდა. ამ საუბრებში არასოდეს იხსენიებოდა ნაკამურას ოჯახი. ვინ დაიჯერებდა, რომ აქაურობას ოდესმე ფანჩატურები და ხელოვნური გორაკები ამშვენებდა.

ამ დროს რენიტი მოლბერტს უჯდა ტოკიოში, აკასაკას ევროპული ფერწერის სტუდიაში. მინის სახურავიდან ჩამოდიოდა სინათლე. მძლავრობდა ზეთის საღებავების სუნი. კოხტაობდა «მომოვარეს» ვარცხნილობით მოლამაზებული მენატურე ქალი და რენიტის არაფერი აგონებდა ბავშვობის სახლს. ოღონდ ხანდახან, როცა ფუნჯს დაუსვამდა ტილოზე, თვალწინ დაუდგებოდა ნაღვლიანი, ბებრული სახე, გაუღიმებდა და უსაშველო შრომისაგან ქანცგაცლილს ეუბნებოდა: «მხარში მედექი ჯერ კიდევ ბალღი, ახლა ჩემი ჯერი მოდგა». რენიტი ამჟამად სურათებს ხატავს, კვლავ არაფერი აბადია... უმცროსი ძმის ასავალ-დასავალი არავინ იცის.

 

ივნისი, 1922წ.

 

 

 

 

 

როკუნომიელი ქალი

 

როკუნომიელი ქალის მამა ძველისძველი, კეთილშობილი გვარის შთამომავალი იყო. მაგრამ ძველი ყაიდის კაცი ჩამორჩენოდა დროს და ხებუნდაიუს ჩინს ვერ გასცილებოდა. ქალი დედ-მამასთან ცხოვრობდა ერთ დაბალ სახლში, როკუნომიას მახლობლად, ამიტომ შეარქვეს მას როკუნომიელი ქალი.

მშობლები ანებივრებდნენ ქალიშვილს. თუმცა ძველი ჩვეულების თანახმად საზოგადოებაში არ დაჰყავდათ, არავის აჩვენებდნენ. იმედოვნებდნენ კი, რომ ერთხელაც იქნება, ვინმე დანიშნავდა მათ ქალიშვილს. დარბაისლურად და სადად ატარებდა იგი დღეებს, ისევე, როგორც მშობლებს ესწავლებინათ. მის გულს არ ეკარებოდა არც ნაღველი, არც სიხარული. მაგრამ ცხოვრებაში გამოუცდელი ქალი უკმაყოფილოდ არ გრძნობდა თავს. ოღონდ დედა და მამა ჯანმრთელად იყვნენო, – იტყოდა ხოლმე.

ძველთაძველ ტბორზე გადმოხრილი ბებერი ალუბლის რტოები წლიდან წლამდე ძუნწად ჰყვაოდნენ. ამასობაში მშვენიერი ასული შეუმჩნევლად დაქალდა. მამა, ქალის ნუგეში, სიბერეში საკეს მიეძალა და ერთ დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. ნახევარი წლის შემდეგ დედა გადაჰყვა ამ მოუნელებელ დარდს. ქალი მწუხარებაზე უფრო დაბნეულობამ მოიცვა. მართლაც, დედ-მამის ნებიერს ქავეყანაზე აღარავინ დარჩენოდა მოხუცი გადიის გარდა.

გადია თავს არ იზოგავდა ქალისათვის, მაგრამ საგვარეულო ძვიფასეულობანი – სადაფის კოლოფები და ვერცხლის საცეცხლურები თანდათან ქრებოდა სახლიდან. ძველი მსახურნი და მოახლენიც ერთმანეთის მიყოლებით ეცლებოდნენ ხელიდან ქალს. დღითიდღე გრძნობდა იგი ცხოვრების სიდუხჭრეს. მაგრამ რა ექნა? დაცარიელებულ პალატებში კვლავინდებურად იქცევდა თავს ერთფეროვანი გასართობით – უკრავდა კოტოს და ტანკებს თხზავდა.

და აი, შემოდგომის ერთ საღამოს გადია შევიდა ქალთან და ენის ბორძიკით უთხრა:

– ჩემმა ძმისწულმა, ბერმა, მთხოვა მოგლაპარაკებოდით... ერთი კეთილშობილი კაცი, ტამბას პროვინციის ყოფილი განმგებელი, თქვენთან შეხვედრის ნებას ითხოვს... კარგი გარეგნობისა და კეთილი გულის კაცი ყოფილა, მამაც წარჩინებული ჰყოლია, ხოლო ოჯახი სასახლის კარზე დიდად მიღებული... ხომ არ ინებებდით მასთან დაახლოებას? ამ გაჭირვებაში ყოფნას ყველაფერი აჯობებს...

ქალი ჩუმად ატირდა. ამ კაცთან დაახლოება ხომ გაჭირვების გამო სხეულის გაყიდვას ნიშნავდა. განა არ იცოდა, რომ ხშირად ხდება ცხოვრებაში ასეთი რამ. მაგრამ იმ ფიქრმა, რომ მისი ხვედრიც ამგვარი გამოდგა, სასო წარუკვეთა, იჯდა ქალი გადიის წინ და პირისაზე სახელოში ჩაერგო. გარეთ კი, პუერარიის ფოთლებში ქარი უსტვენდა... და მაინც ყოველღამ ხვდებოდა ამ კავალერს. კავალერი, გადიის თქმისა არ იყოს, რბილი ხასიათისა გამოდგა. სახეც და ტანიც ნატიფი ჰქონდა, როგორც მის წარმოშობას შეეფერებოდა. ამას გარდა, ყველასათვის ცხადი გახდა, რომ როკუნომიელი ქალის სილამაზისათვის იგი ყველაფერს დაივიწყებდა ამ ქვეყნად. ქალიც არ ექცეოდა მას ცუდად. ზოგჯერ ერთადერთ ნუგეშადაც კი მიაჩნდა იგი. მაგრამ არც ერთ ღამეს, როცა სანთლების შუქზე ერთად იწვნენ პეპლებით მოხატული შირმის იქით, არ მოუტანია ქალისათვის სიხარული.

ამასობაში კი სახლი გამხიარულდა. ოთახები ახალმა გაკრიალებულმა თაროებმა და ბამბუკის ფარდებმა დაამშვენა. მსახურებიც მომრავლდნენ. გადიას მხნეობა შეემატა და მეტი გულმოდგინებით ეძღვებოდა საოჯახო საქმე. მაგრამ სასიკეთო ცვლილებათა მიუხედავად ქალს ვერა და ვერ განელებოდა ნაღველი.

ერთ წვიმიან ღამით საკეთი შეზარხოშებულმა კავალერმა უამბო ქალს შემზარავი ამბავი, რომელიც, მისივე თქმით, ტამბას პროვინციაში მომხდარა: სატახტოდან იძუმოძისაკენ მიმავალ ვიღაც მგზავრებს ოიამას მთის ძირას გაუთევიათ ღამე. სწორედ იმ ღამით მეფუნდუკის ცოლს ქალიშვილი უშობია. და აი, მგზავრები მომსწრენი გახდნენ, როგორ გამოვიდა სწრაფი ნაბიჯებით მელოგინის ოთახიდან ყველასათვის უცნობი კაცი. მხოლოდ ეს სიტყვები დასცდენია უცნობს: «რვა წლისა... საკუთარ თავს უბედურებას შეამთხვევს... ეს უთქვამს და გამქრალა. რვა წლის შემდეგ კიოტოში მიმავალი იგივე მგზავრები ამავე სახლში ჩამომხტარან. და რა გგონიათ? – მართლაც აღმოჩნდა, რომ რვა წლის გოგონა უცნაური სიკვდილით დაღუპულა! ხიდან ჩამოვარდნილა და ყელით ნამგალს დაჰხევია. აი, რა უამბო კავალერმა ქალს.

ამ ამბის გამგონე ქალი შეაძრწუნა კაცთა ცხოვრების ამაოებამ. იმ გოგონას ბედთან შედარებით კავალერის გვერდით ცხოვრება მართლაც რომ ბედნიერება იყო. «ბედს უნდა მივენდო, სხვა რაღა დამრჩენია?» – ასე ფიქრობდა ქალი და მხოლოდ ბაგეებით აჩენდა მომხიბვლელ ღიმილს.

სახურავზე გადმოხრილი ფიჭვის რტოები არაერთხელ დაუმძიმებია თოვლს. ქალი ძველებურად აკვნესებდა კოტოს სიმებს და სუგოროკუს თამაშობდა ხოლმე. ღამღამობით კავალერთან მწოლიარე უსმენდა ძველთაძველ ტბორზე დაფრენილი იხვების ხმაურს. ასე უდრტვინველად გადიოდა დღეები, თუმცა სიხარულიც არ ჩანდა. მაგრამ ეს მოსაწყენი სიმშვიდე მოჩვენებით კმაყოფილებას ანიჭებდა ქალს.

სულ მალე ამ სიმშვიდესაც ბოლო მოეღო. ადრიანი გაზაფხულის ერთ ღამეს ქალთან განმარტოებულმა კავალერმა ძლივძლივობით ამოღერღა: «უკანასკნელად ვხვდებით ამღამ». მამამისი მუცუს პროვინციის განმგებლად დაუნიშნავთ. კავალერიც უნდა გაჰყოლოდა მამას ამ თოვლიან და მივარდნილ მხარეში. გვიანღა იყო გამოტყდომოდა მამას, რომ მის უჩუმრად გაიხადა ცოლად ეს ქალი. დიდხანს, დიდხანს ამშვიდებდა ქალს, თან ოხრავდა.

– ხუთი წლის შემდეგ გავა სამსახურის ვადა. დამელოდეთ და ნუ იდარდებთ.

ქალი გულდაღმა იწვა და ტიროდა. მტანჯველი იყო მისთვის განშორება კავალერთან, რომელიც თუმცა არ უყვარდა, მაგრამ ნუგეშად კი მიაჩნდა. კავალერი ზურგზე ეფერებოდა ქალს, აიმედებდა და ამხნევებდა. მაგრამ თავადაც ხმა უთრთოდა, ვერ იკავებდა ცრემლებს.

ამ დროს გადიამ ახალგაზრდა მოახლესთან ერთად სინი და საკეთი სავსე სურა შემოიტანა. რა უნდა სცოდნოდა მოხუც გადიას? ამბავი ახარა, ტბორის ნაპირზე მდგარმა ალუბლებმა უკვე კვირტები გამოიღესო...

გავიდა ხუთი წელი და კვლავ გამოზაფხულდა. მაგრამ ჩრდილოეთში გამგზავრებული კავალერი არ დაბრუნებულა კიოტოს. ამ ხანში მსახურები მიმოიფანტნენ, ხოლო ქალის პალატები მინაშენში გადასახლდნენ. თუმც ბინა ერქვა, მაგრამ ვიწრო და გავერანებული იყო, ძლივს იცავდა მათ წვიმისა და ცერისაგან. გადია უცრემლოდ ვერ უყურებდა ქალს. მაგრამ უმიზეზოდაც უწყრებოდა ხოლმე.

გაუჭირდათ. მოჩუქურთმებული კარადები რა ხანია ბრინჯად და ფქვილად გადაიქცა. შესამოსელიც მცირეღა შერჩა ქალს, შეშა არ ჰყოფნიდათ და ნახევრად დამპალ სახლს უკანსაკნელი ფიცრები ერღვეოდა. მაგრამ ქალი კვლავინდებურად გულს იყოლიებდა კოტოს სიმებითა და ტანკერებით, მოთმინებით ელოდა კავალერს.

და აი, იმავე წლის შემოდგომაზე, ერთ მთვარიან ღამით, გადია შევიდა ქალთან და ენის ბორძიკით უთხრა:

– მისი ბრწყინვალება ალბათ აღარ დაგიბრუნდებათ... იქნება დაგევიწყებინათ მისი ბრწყინვალება?.. სიტყვამ მოიტანა და, სამკურნალო უწყების ერთი მოხელე გასაქანს არ მაძლევს, თქვენთან დაახლოება სწადია...

ამის გამგონე ქალს გააახსენდა ექვსი წლის წინანდელი შემთხვევა. ექვსი წლის წინათ ისეთ მწუხარებას შეეპყრო იგი, რომ ტირილით გულს ვერ იოხებდა. ახლა კი დაღლოდა სხეულიცა და გულიც. ოღონდ მშვიდი სიბერე მქონდესო», – ესღა იყო მისი საფიქრალი. მოუსმინა რა გადიას, სავსე მთვარისაკენ მიაპყრო ჩამომხმარი სახე და ნაღვლიანად გააქნია თავი.

– მე აღარაფერი მსურს. რა ბედენაა, – ვიცოცხლებ თუ მოვკვდები?

სწორედ ამ ჟამს ხიტატის შორეულ პროვინციაში კავალერი უჯდა თავის ცოლს და საკეს შეექცეოდა. ცოლი მოსწონებოდა მამამისს: ამ პროვინციის განმგებლის ასული გახლდათ.

– გეყურება? რაღაც ხმა ისმის. – თქვა კავალერმა და შემკრთალმა მიმართა მზერა სახურავის ლავგარდანს, რომელიც სავსე მთვარის შუქით განათებულიყო. იმავე წამს თვალწინ ცხადად წარმოუდგა როკუნომიელი ქალის სახე.

– ალბათ წაბლი თუ ჩამოვარდა.

ასე უპასუხა ხიტატიელმა ცოლმა და საკეთი სავსე სურა მოუხეშავად წამოაპირქვავა კათხაში.

ათი წლის შემდეგ გვიანი შემოდგომით კავალერი დაბრუნდა კიოტოში. თავის ხიტატიელ ცოლთან და მოყვრებთან ერთად რამდენიმე ხანს ავაძუში შეჩერდა, რათა მგზავრობისთვის სასიკეთო დღეს დალოდებოდა. ხალხის ყურადღება რომ არ მიეპყროთ, ბინდისას შევიდნენ კიოტოში. იმ მიყრუებულ პროვინციიდან კავალერმა ორიოდე თბილი წერილი გაუგზავნა კიოტოელ ცოლს, მაგრამ პასუხი არ მოსვლია: ერთი შიკრიკი აღარ მობრუნებულა უკან, სხვანი ხელცარიელი ბრუნდებოდნენ, ვერ მიეგნოთ ქალისათვის. ამიტომ კიოტოში ჩამოსვლისას სიყვარულმა მეტი ძალით იფეთქა მის გულში. ცოლი მამისეულ სასახლეში მშვიდობიანად დააბინავა და იმავ საათს გადაუცმელად გაემართა როკუნომიას.

როკუნომიაში მისვლისას ნახა, რომ ჭიშკარის კარბა ოთხ ბოძზეღა იდგა, ხინოკის ქერქით გადახურული სახლი და ქალის პალატები გამქრალიყო, ნანგრევებიღა ეყარა ირგვლივ. ბალახებში ჩამუხლული კავალერი უაზროდ ავლებდა მზერას იმ ადგილს, სადაც ერთ დროს ბაღი ჰყვაოდა. ნახევრად ამომშრალ ტბორში აქა-იქ ლერწამს ამოეყო თავი. ახალი მთვარის შუქზე ნება-ნება შრიალებდა ლერწამი.

ყოფილ სამოახლოს მახლობლად მან შეამჩნია დაბრეცილი ფიცრული. როცა ქოხს მიუახლოვდა, ვიღაცის ჩრდილი დალანდა. სიბნელეში მზირალი ხმადაბლა გაეხმიანა ლანდს. მაშინ მთავრის შუქზე ბარბაცით გამოვიდა მოხუცი მონაზონი. ეცნაურა.

კავალერმა თავისი სახელი ახსენა, მონაზონი ატირდა და დიდხანს ხმაამოუღებლივ ტიროდა. შემდეგ ცრემლნარევი ხმით უამბო ქალის ამბავი:

– აღარ გემოახსოვრებით, თქვენო ბრწყინვალებავ... მე იმ ქალის დედა ვარ, რომელიც ერთ დროს ჩვენს ქალბატონს ემსახურებოდა. ჩემი ქალიშვილი კიდევ ხუთი წელი მსახურობდა აქ, მას შემდეგ, რაც თქვენი ბრწყინვალება კიოტოდან

წავიდა. მერე ის იყო ტაძიმაში გათხოვდა ჩემი ქალიშვილი, მეც თან გავყევი. მაგრამ ვერ მოვითმინე, შემაწუხა ქალბატონის ამბავმა, და ახლახან მარტო ჩამოვედი კიოტოში. ჩამოვედი და რას ვხედავ: სახლიც კი გამქრალა. სად არის ახლა ქალბატონი, არც კი ვიცი. ალბათ არ ეცოდინება თქვენს ბრწყინვალებას, რომ იმხანად ძალზე უჭირდა ჩვენს ქალბატონს, ისე რომ, რა გითხრათ...

ყველაფერი ეს მოისმინა კავალერმა, გადაიძრო მოსასხამი და მისცა ამ წელში მოხრილ მონაზონს. შემდეგ თავჩაღუნული განშორდა იქაურობას.

მეორე დილას კავალერმა ქალის საძებრად მთელი სატახტო მოიარა, მაგრამ ვერც ქალის კვალს მიაგნო და ვერც მისი ამბისა შეიტყო რა.

რამდენიმე დღის შემდეგ სუძაკუმონის კარიბჭესთან იდგა კავალერი, დასავლეთის სტოას ქვეშ წვიმისაგან შეეფარებინა თავი. მასავით წვიმის გადაღებას უცდიდა მათხოვრის ძონძებში გამოხვეული ვიღაც ბერი. სულის წამღებად წვიმდა...

კავალერი ბოლთას სცემდა ქვაფენილზე და დროდადრო ალმაცერად გადახედავდა ბერს; არ იცოდა, როგორ გაენელებინა ნაღველი. უცებ სმენით იგრძნო, რომ სტოას ნახევრადჩაბნელებული ფანჯრის გისოსებს მიღმა ვიღაც უნდა ყოფილიყო. გულგრილად გახედა სარკმელს.

მონაზონი თავთან უჯდა მწოლიარე ქალს და დაგლეჯილ ფარდაგს აკერებდა. ამ ბინდშიც კი ძალზე ღონემიხდილი ეჩვენა მწოლიარე ქალის სახე კავალერს. ერთი შეხედვაც კმაროდა, რომ იმ ქალში როკუნომიელი ქალი შეეცნო. ის იყო უნდა გამოლაპარაკებოდა, რომ ხმა წაუწყდა: იმდენად საწყალობელი სახე ჰქონდა ქალს. ის კი ვერ ხედავდა იქვე მდგარ კავალერს, მხოლოდ მხარი იცვალა და დიდის გაჭირვებით აღმოთქვა ეს ტანკა:

ჩემო კეთილო ალუბალო, მარტო რომ ხარობ

ამ აყვავებულ მთის კალტაზე – ყრუ და ოხერი...

მეცა ვარ შენებრ:

უმეგობრო და უმოყვარო

და მე ჭირთაგან მოყვრიანი ვზი მარტოხელი.

რა მოესმა ეს მხა კავალერს, უნებლიეთ აღმოხდა ქალის სახელი. ახლაღა შენიშნა ქალმა კავალერი, ერთი ამოიკვნესა და ფარდაგზე პირქვე დაემხო. მონაზონი, მისი ერთგული გადია, შემოვარდნილ კავალერთან ერთად წამოსაყენებლად მისწვდა ქალს. მაგრამ როცა წამოაყენეს და სახეში ჩახედეს, არა თუ გადია, არამედ კავალერიც უფრო მეტად შეშინდა.

სახეშეშლილი გადია ბერთან გაიქცა და სთხოვა ლოცვანი წაეკითხა მომაკვდავისათვის. ლოცვანის ნაცვლად ეს უთხრა ბერმა დედაკაცს:

– არა არს სიკვდილ-სიცოცხლე ნებისაებრ კაცისა. დაუცადებლად უხმობდეთ ბუდა ამიდას.

კავალერის მკლავებზე მისვენებული ქალი სუსტი ხმით იმეორებდა ბუდას სახელს. მაგრამ მეორე წამს შიშნარევი თვალები მიაპყრო ჩაბნელებულ ჭერს.

– აჰა, ცეცხლოვანი ეტლი...

– ნუ გეშინის! ევედრე ხმას. მცირე ხნის შემდეგ ბურანში წასულმა ქალმა წაილუღლუღა:

– აჰა, ოქროს ლოტოსიც... დიდი ლოტოსი – ღვთაებრივი ქოლგა...

ბერს რაღაცის თქმა უნდოდა, ვერ მოასწრო. ქალმა წაიბუტბუტა:

– ლოტოსი გაქრა... უკვე ბნელა, მხოლოდ ქარი სტვენს წყვდიადში.

– მთელი გულით უხმობდე ბუდას! რად არ უხმობ ბუდას?

ბერს რისხვა მორეოდა. მაგრამ სულთმობრძავი ქალი ერთსა და იმავეს იმეორებდა:

– ვეღარაფერს ვხედავ, ვეღარაფერს... ბნელა... მხოლოდ ქარი... სუსხიანი ქარი სტვენს ბნელში...

კავალერსა და გადიას ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდათ, თან ამიდას სახელს ჩურჩულებდნენ. გულხელდაკრეფილი ბერი ლოცვაში ეხმარებოდა ქალს. და ამგვარად, ლოცვის სიტყვებით, რომელთაც წვიმის ხმაური ერთოდა, ამ დაფლეთილი ფარდაგიდან მშვიდად გადავიდა ქალი სიკვდილის სამეფოში.

 

გამოხდა ხანი, და ერთ მთვარიან ღამით ის ჩამოგლეჯილი ბერი, რომელიც ლოცვად მოუწოდებდა მომაკვდავ ქალს, კვლავ იჯდა დასავლეთის სტუაში სუძაკუმონის კარიბჭის წინ. ხელები მუხლებზე მოეხვია. მთვარით განათებულ გზაზე უდარდელად მოსტვენდა მხიარული სამურაი. უნებურად შეჩერდა ბერთან და სხვათაშორის ჰკითხა:

– ამბობენ, ამ ჭიშკართან ქალის მოთქმა ისმისო. მართალია?

ბერი არც კი წამომდგარა ქვაფენილიდან, მხოლოდ ეს უთხრა:

– მიაყურადე.

სამურაიმ მიაყურადა. მხოლოდ ჭრიჭინობელას ჭრიჭინი არღვევდა სიჩუმეს. ჰაერში ფიჭვის სურნელი იდგა. ის იყო, რაღაც უნდა ეთქვა სამურაის, რომ სადღაციდან მოისმა ქალის ჩუმზე ჩუმი კვნესა.

სამურაიმ ჩაბღუჯა ხმლის ვადა. მაგრამ ხმა თანდათან სუსტდებოდა, იკარგებოდა შორს, შორს, შეუმჩნეველ ექოდ და ბოლოს უკვალოდ მიწყდა.

– ევედრე ბუდას! – ბერმა მთვარეს მიაპყრო სახე. – ეს უბადრუკი დიაცის ხმაა, რომელმან არ უწყის სამოთხე, არც ჯოჯოხეთი. ევედრე ბუდას!

სამურაი უსიტყვოდ აკვირდებოდა ბერს. და უცებ, გაოცებულმა ბიჯი წადგა მისკენ და მკლავებში სტაცა ხელი.

– ნუთუ ეს თქვენ ხართ? ნეტარო ნაიკი? აქ რამ მოგიყვანათ...

იგი, ვისაც «ნეტარი ნაიკი» უწოდეს, ერობაში იოსისიგე იასუტანე, გახლდათ უსათნოესი ბუდაელი ბერი, ღირსახსენებელი თვით ნეტარ კუის მოწაფეთა შორის.

 

ივნისი, 1922წ.

 

 

 

 

 

ო-გინი

 

გენის წლებში იყო თუ კანისა, ეს კია – შორეულ წარსულში ოხდა აქ მოთხრობილი ამბავი.

იმ დროს ჭეშმარიტი სარწმუნოების ამღიარებლებს, თავიანთ რწმენას თუკი გაამჟღავნებდნენ, კოცონი ამ ჯვარზე გაკვრა ელოდა. მაგრამ ეტყობა, რაც უფრო ფიცხელი იყო ქრისტიანთა დევნა, მით უფრო მოწყალედ გარდამოვიდოდა

ორწმუნეთა ზედა მადლი «ყოვლისმხილველი» უფლის მფრაველობისა. საღამოობით, როცა ცაზე ჩამავალი მზის დაფიონი აენთებოდა, ანგელოზები და წმინდანები ევლინებოდნენ ნაგასაკის ირგვლივ მდებარე სოფლებს. ხალხში ხმა დაირხა, ერთხელ ურაკამელ მიგერ-იახეის თავის წისქვილში სანძიოან ბატისტაც კი გამოეცხადაო. სამაგიეროდ, იმავ დროს, ეშმაკიც არაერთგზის გამოჩენილა იმათ სოფლებში, რათა მორწმუნეთა ცხონება დაებრკოლებინა: ხან საკვირველი ზანგის სახედ იხილებოდა, ხანაც უცხოულ საწამლავად ანდა წნელით გადარაგვულ ოთხთვალად ევლინებოდა სოფელს. ისიცა თქვეს, ბნელ, უმზეო-უმთვარო დილეგში ჩაგდებულ მიგერ-იახეის რომ ვირთაგვები აწამებდნენ, სინამდვილეში ავსულთა თანამოსაგრე ჭინკები იყვნენო. გენის მერვე წელს, შემოდგომაზე, მიგერ-იახეი და თერთმეტი სხვა ქრისტიანი კოცონზე დაწვეს. გენის წლებში იყო თუ კანისა, ეს კია – შორეულ წარსულში მოხდა აქ მოთხრობილი ამბავი.

იმავე სოფელში, მთაგორიან ორაკამში, ცხოვრობდა ერთი ქალიშვილი, ო-გინი სახელად. ო-გინის მშობლები შორეულ ოსაკადან გადმოსახლებულიყვნენ ნაგასაკში, მაგრამ ვიდრე ახალ ადგილზე დაფუძნებას მოასწრებდნენ, ორივე გარდაიცვალა და ობლად დატოვეს ო-გინი. იმათ, სხვა კუთხის მცხოვრებლებს, რასაკვირველია, არც კი გაეგონათ ჭეშმარიტი სარწმუნოება, მათ მხოლოდ ბუდიზმი სწამდათ, საკია-მუნის მოზღვრება. მავანი ფრანგი იეზუიტის თქმით საკაი-მუნიმ, ბუნებით თვისით ჭურმან საცთურებისამან, მოვლო ყოველი მხარე ჩინეთისა, ბუდა ამიდას მოზღვრებას უქადაგებდა ერს და მერე ამავე მიზნით გადმოვიდა იაპონიაშიც. საკია-მუნის მოძღვრების თანახმად, ჩვენი ანიმა, იმისდა მიხედვით – მძიმეა, მსუბუქია, დიდია თუ მცირეა ჩვენი ცოდვები, ხარში განსხეულდება, ანდა ხეში. თანაც, საკია-მუნიმ დაბადებისას თავისი დედა მოაკვიდნა. ჰოდა, ეს მოძღვრება რომ უაზროა, არა არის ძნელი გასაგები; საკმაოდ სულელურიც რომ არის, ესეც უცილოა. ოღონდ, ო-გინის მშობლებს, როგორც უკვე ითქვა, არ შეეძლოთ ყოველივე ეს ცოდნოდათ. მაშინაც კი, სული რომ ამოსდიოდათ, მაინც საკია-მუნის მოძღვრება სწამდათ, პირქუში სასაფლაოს ფიჭვის ხეთა ჩრდილებში ამაოდ ოცნებობდნენ სამოთხეზე და ბაიბურშიც არ იყვნენ, რომ ინფერუნო ელოდათ.

საბედნიეროდ, ყმაწვილ ო-გინს ჩრდილი ვერ მიაყენა მშობელთა უვიცობამ. ამავე სოფლელმა გლეხმა, რახანია წმინდა წყლით თავნაპკურებმა გულმოდგინე ძიოან-მაგოსიტიმ უწოდა მას სახელი მარია. ო-გინს არ სჯეროდა, თითქოს საკია-მუნის დაბადებიდანვე თითი გაეშვიროს ცისა და მიწისაკენ და ეთქვას მჭექარედ: «ცათა შინა და მიწისა ზედა მე მხოლო ვარ ჭეშმარიტ». სამაგიეროდ, მას მტკიცედ სწამდა, რომ «უსათნოესმა, უმოწყალესმა და უტკბესმა ქალწულმა სანტა-მარია-სამამ მუცლად იღო» უცოდველად და რომ «მოკვდინებული ჯვარცმითა, დადებული საფლავსა კლდოვანსა», მიწაში ღრმად დამარხული ძესუსუ სამი დღის შემდეგ მკვდრეთით აღდგა. ასევე სწამდა, რომ ოდესმე დაჰკრავს საყვირი საშინელი სამჯავროსი და «უფალი დიდებითა დიდითა, ძალითა ძლიერითა გარდამოვალს ზეცით», შეაერთებს კაცთა წინანდელი ანიმას აწ მტვრადქცეულ სხეულებს, ცხოველ სულს შთაბერავს მათ, აღადგენს და მართალნი ზეციურ ნეტარებას ეზიარებიან, ხოლო «ცოდვილნი შთახდებიან ჯოჯოხეთს, საცა ჰგიეს ეშმაკნი». ყველაზე მეტად მაინც დიადი საგურამენტო სწამდა, როცა «ძალითა უფლის სიტყვისაითა», პურისა და ღვინის ბოღლიწო, სახეშეუცვლელად, უფლის სისხლად და ხორცად გადაიქცევა. ამრიგად, ო-გინის სული არ ჰგავდა მისთა მშობელთა სულს, არ იყო უნაყოფო უდაბნო, ხორშაკ ქართა სანავარდო. იგი იყო ველი ნაყოფიერი, აღმომცენებელი იფქლისაც და მინდვრის წმინდა ყვავილებისაც. ობლად დარჩენილი ქალიშვილი

ძიოან-მაგოსიტიმ იშვილა. მაგოტისის ცოლი ძიოანა-ო-სუმიც გულკეთილი ქალი გახლდათ. მამობილ-დედობილთან ერთად უვლიდა ო-გინი საქონელს, მოჰყავდა ქერი და მშვიდად, უშფოთველად ატარებდა თავის წუთისოფელს. ცხოვრობდნენ ასე, თან თანასოფლელთა ნამალევად არც მარხულობა და ლოცვა ავიწყდებოდათ. გამოდიოდა ო-გინი ჭასთან მდგარი ლეღვის ჩრდილში, შესცქეროდა ნამგალა მთვარეს და გულმხურვალედ ლოცულობდა. მარტივი იყო ამ თმაგაშლილი ქალიშვილის ვედრება: «მადლობა შენდა, მოწყალეო დედაო! დედამთავარ ევას დევნილი ასული გევედრები, გადმოხედე შენი მოწყალე თვალით ცრემთა ამ უბადრუკ სავანეს. ამინ!»

და აი, ერთხელ, შობა დღეს, მცველებით ხლებული ეშმაკი უეცრად შევიდა მაგოსიტის სახლში. დიდ კერაზე «სააკვნე ცეცხლი» ენთო. გაჭვარტლულ კედელზე მარტო ამ ერთი ღამით ჩამოეკიდათ ჯვარი. ეს კიდევ არაფერი: სახლის უკან, ბოსელში, ახალდაბადებული ძესუსუს განსაბანი წყლით სავსე როფი აღმოჩნდა. მცველებმაც მაშინვე თვალი უყვეს ერთმანეთს ფიცხლად მოსდეს თოკები მაგოსიტის და მის მეუღლეს. ო-გინიც გაკოჭეს. მაგრამ სამივენი მხნედ იყვნენ, შიშის ნასახიც კი არ დასტყობიათ. ოღონდ კი თავიანთი ანიმა გადაერჩინათ და წამება არად უჩნდათ. ეგონათ, უფალმა მოწყალება მოიღო მათზე: მაინცა და მაინც ამ შობის ღამეს რომ შეიპყრეს სამივე, განა ეს ზეციური მოწყალების ჭეშმარიტი ნიშანი არ იყო? სამივეს ასე სწამდა, თითქოს წინასწაარ შეთანხმებულანო. გზაშიაც, როცა ნაცვლის სასახლისაკენ გაბაწრულები მიჰყავდათ მცველებს, მხნედ მიაბიჯებდნენ და ღამეულ ქარში ერთთავად საშობაო ლოცვნებს იმეორებდნენ: «ჰოი, ვაკაგიმი-სამა, ბერენის ქვეყნად დაბადებულო, სადა ხარ ახლა! კურთხეულ იყოს სახელი შენი!»

ეშმაკმა რომ გაკოჭილები ნახა ისინი, ტაში შემოჰკრა და მორთო მხიარული ხარხარი. ოღონდ ეს კია, ცოტათი მათი სიმტკიცე აბრაზებდა. ჩამორჩა მცველებს, გადააფურთხა და წამსვე ვეება ფილთაქვად გადაიქცა, მერე გრუხუნით გაგორდა და სიბნელეს შეერია, გაქრა.

ძიოან-მაგოსი, ძიოანუ-ო-სუმი და მარია-ო-გინი მიწისქვეშა დილეგში ჩააგდეს და მისცეს ათასგვარ სატანჯველს, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებას განდგომოდნენ. წყლითაც აწამეს, ცეცხლითაც, მაგრამ ვერა და ვერ შეარყიეს მათი სიმტკიცე. არაფერია, დაიწვას კანი და ხორცი, ცოტაც და პარაისოში ვიქნებითო, სწამდათ.

მართლაც: ახსენეს თუ არა უფლის წყალობა, პირქუში დილეგი მაშინვე აღივსო პარაისოს ბრწყინვალებითა! ძილში იყო თუ ცხადში, ნათელი ანგელოზები და წმინდანები მრავალჯერ მოფრინდნენ მათდა ნუგეშად. უფრო მეტად ო-გინი ეღირსა ამა წყალობათა! ზოგჯერ იგი ხედავდა, როგორ უწვიდიდა სან-ძიოან-ბატისტა ორივე ხელით მთელ ბღუჯა მკალს და ეტყოდა: «ჭამე! ზოგჯერ იმასაც ხედავდა, როგორ მოფრინდებოდა მთავარანგელოზი გაბურიერუ, დაკეცავდა თავის სპეტაკ ფრთებს და ოქროს ჯამფილით წყალს მიაწვდიდა.

ნაცვალმა არც ჭეშმარიტი სარწმუნოება იცოდა, აღარც ბუდას მოზღვრება და ვერაფრით შეეგნო, ასე რად ჯიუტობდნენ ტყვეები. ერთი ფიქრი იფიქრა, ჭკუაზე ხომ არ შეცდნენო. ბოლოს, სამივეს რომ ჭკუათმყოფლობა დაატყო, უკვე უშველებელ მახრჩობელა გველებად და მარტორქებად ეჩვენებოდა ისინი, ყოველ შემთხვევაში – მხეცებად, არაფერი საერთო რომ არა აქვტ ადამიანთა მოდგმასთან. ასეთი მცეხების ცოცხლად გაშვება კი არათუ კანონებს ეწინააღმდეგებოდა, მთელი ქვეყნის სიმშვიდესაც საფრთხეს უქადდა. ამიტომ, ერთი თვის განმავლობაში დილეგში რომ აწამა პატიმრები, ბოლოს მათი კოცონზე დაწვა გადაწყვიტა (სიმართლე რომ ითქვას, ნაცვალი, ისევე, როგორც ჩვეულებრივი ბრბო, ერთხელაც არ დაფირქებულა, მართლა

თუ ემუქრებოდა ქვეყნის სიმშვიდეს ამათი სიცოცხლე: ჯერ ერთი, საამისოდ არსებობდა კანონები, მეორეც – იყო ხალხის მორალი; ამიტომ არც ღირდა ამაზე ნამეტანი ფიქრი).

სოფლის ბოლოს დასასჯელად გაყვანილ, ძიოან-მაგოსიტის თავკაცობით მავალ სამ მორწმუნეს არც გზაში ეტყობოდა შიშის ნასახი. ისინი სასაფლაოს გვერდით მდებარე ქვიან უშენზე უნდა დაეწვათ. მოყვანისთანავე სამივეს წაუკითხეს ბრალდება და ცალ-ცალკე მიაკრეს მსხვილ, ოთხკუთხა სვეტებზე. მერე სვეტები უშენის შუა ადგილას ჩაარჭვეს მიწაში: მარჯვნივ ძიოანა-ო-სუმი, შუაში ძიოან-მაგოსიტი და მარცხნივ მარია-ო-გინი. მაგოსიტის ცოლი კიდევ უფრო მოებერებინა ხანგრძლივ წამებას. მაგოსიტისაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეცხო წვერწამოზრდილ ლოყებზე. ო-გინს თუ იკითხავთ, მათთან შედარებით არც ეგრერიგად იყო შეცვლილი. მაგრამ სამივეს, უკვე ფიჩხის გროვაზე შემაღლებულთ, მშვიდი სახე ჰქონდა.

დასჯის ადგილს რახანია შემოხვეოდა უსაქმურთა ბრბო. სასაფლაოზე კი, მოსეირეთა მიღმა, რამდენიმე ფიჭვის ხეს ცად გაეწვდინა საღვთო გავალაკთა მსგავსი შტოები.

სამზადისი რომ მოთავდა, ერთ-ერთი მცველი მედიდურად წადგა წინ და სამივეს გამოუცხადა, მოფიქრების დროს გაძლევთ, უარყავით თქვენი სარწმუნოებაო.

– კარგად დაფიქრდით თუ უარყოფთ, მაშინვე შეგხსნით თოკებს.

ბრალდებულებმა არაფერი თქვეს. მაღლა, ცისაკენ იმზირებოდნენ და ღიმილიც კი უკრთოდათ პირზე.

უჩვეულო სიჩუმე ჩამოვარდა. მცველები გაჩუმდნენ. მაყურებლებიც გასუსულიყვნენ. ყველამ ბრალდებულებს მიაშტერა თვალი. ოღონდ მღელვარებამ როდი შეუკრათ სუნთქვა, სეირი უნდოდათ და ელოდნენ, ახლა კი აბრიალდება კოცონიო. მცველებსაც მოსწყინდათ ლოდინი, ლაპარაკიც კი ეზარებოდათ.

ანაზდად ყველამ გარკვევით გაიგონა:

– მე უარვყოფ ჭეშმარიტ სარწმუნოებას.

ო-გინის ხმა იყო.

მოსეირეებს ჩოჩქოლი შეუდგათ, მაგრამ მათი ზრიალი მალევე ჩაცხრა და კვლავ სიჩუმემ დაისადგურა. მაგოსიტი მიუბრუნდა ო-გინს და მწუხარედ უთხრა ხმაჩამწყდარმა:

– ო-გინ, ეშმაკეულმა გაცდუნა, შვილო! ცოტაც მოითმინე და უფლის სახეს იხილავ! სიტყვა არ დაემთავრებინა, ო-სუმიმაც მოიცა საბოლოო ძალი და თითქოს შორეთიდან მოსცა ხმა:

– ეშმაკი ჩაგსახლებია გვამში, ილოცე, ო-გინ!

მაგრამ ო-გინი არ გამოპასუხებია, ბრბოს მიღმა იცქირებოდა, სასაფლაოსაკენ, სადაც რამდენიმე ფიჭვის ხეს ცად გაეწვდინა საღვთო გავალაკთა მსგავსი შტოები. ამასობაში მეორე მცველმა მისი ახსნა ბრძანა.

ეს რომ დაინახა, ძიოან-მაგოსიტიმ თვალი დახუჭა თითქოს ბედს შეურიგდაო.

– იყავ ნება შენი, უფალო, ყოვლადძლიერო!

თოკებისაგან დახსნილი ო-გინი ერთხანს იდგა და დაბნეული კვლავ სასაფლაოსაკენ იყურებოდა. მერე მაგოსიტის და ო-სუმის შეხედა და უცებ მუხლი მოიყარა მათ წინაშე. სიტყვა არ უთქვამს, ისე აქვითინდა. მაგოსიტის თვალი არ გაუხელია. ო-სუმიმაც პირი იბრუნა, შეხედვაც არ აღირსა შვილობილს.

– ჰოი, მამაო და დედაო, – ხმა ამოიღო ბოლოს ო-გინმა, – მაპატიეთ, გემუდარებით! კი განვუდექ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მაგრამ ეს იმიტომ მომივიდა, რომ უცებ აი, იქ ფიჭვის ხეები დავინახე, საღვთო გავალაკებს უგავთ შტოები. იმ ხეებქვეშ განისვენებს ჩემი დედ-მამა. იმათ არაფერი იცოდნენ ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და, ალბათ, ინფერუნოში მოუწევთ ყოფნა. მაგრამ მე რომ ახლა მარტო შევსულიყავი პარაისოში, მშობლები არ მომიტევებდნენ. ამიტომ, გავყვები მე ჩემს მშობლებს ჯოჯოხეთში. ჰოი, მამაო და დედაო, წადით ძესუსუ-სამასთან და მარია-სამასთან, მე კი ჭეშმარიტ სარწმუნოებას ვუღალატე და მეტი აღარ შემიძლია ცხოვრება... სლუკუნით თქვა ეს ყველაფერი და ამოუჯდა გული. მაშინ ძიოანა-ო-სუმის თვალებიდანაც იწვიმა ცრემლმა და დაედინა მის ფეხთით შემომდგარ ფიჩხს. არადა, პარაისოში შესასვლელად გამზადებულისათვის ამაოა წუხილი, არ ჰფერობს ეს მორწმუნეს. ამიტომ მჭვუნვარე ძიოან-მაგოსიტიმ ცოლს მოხედა და გაბრაზებით შესძახა:

– შენაც ეშმაკმა გადაგიბირა. არა? კარგი, თუკი ჭეშმარიტ სარწმუნოებას გინდა განუდგე, ჰქმენ, რაც გენებოს! მე მარტო დავიწვები თქვენს თვალწინ!

– არა, მეც შენთან ერთად მოვკვდები! – ცრემლთა ყლაპვით წამოიძახა ო-სუმიმ, – მაგრამ... მაგრამ იმიტომ კი არა, რომ პარაისოში მინდა შესვლა, არა, მე მხოლოდ შენთან ერთთად მინდა ყოფნა... მუდამ შენთან ერთად...

დიდხანს დუმდა მაგოტისი. სახე ხან უფითრდებოდა, ხან ისევ უფერიანდებოდა შუბლზე წვეთებად გამოასხდა ოფლი. შინაგანი მზერით ჭვრეტდა ახლა იგი თავის ანიმას, ხედავდა მისი სულისათვის მორკინალ ანგელოზსა და ეშმაკს. ოღონდ კი მის ფერხთით მოქვითინე ო-გინს არ აეღო ახლა თავი...მაგრამ არა, უკვე მას ამოსცქეროდა ო-გინი. უცნაური სხივი გაუკრთა ცრემლით სავსე თვალებში, დაჟIნებით უმზერდა მამობილს. ენიშნა მაგოსიტის: ადამიანის სული ელავდა ამ თვალებში, «განდევნილი დედაკაცის», ევას სული.

– მამა, წავიდეთ ჯოჯოხეთში! ყველანი ეშმაკს მივყავართ – დედაც, მეც, ის ჩემი დედა და მამაც, წამოდი შენც.

და მაგოსიტიც გატყდა.

ხომ ამდენი გადმოცემაა შემონახული რწმენისათვის წამებულთა შესახებ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ამბავი განსაკუთრებით სამარცხვინო დაცემის მაგალითად შემოგვრჩა. დიახ, როცა სამივე განუდგა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მოსეირნეებმაც კი – ბებრებმა თუ ჯეელებმა, კაცებმა თუ ქალებმა, ყველამ დაძრახა ისინი, ალბათ, გული დაწყდათ, კოცონზე მათი დაწვა რომ ვერ იხილეს. აკი ამისთვის იყვნენ შეყრილნი. თქმულება ამბობს, მეტისტეტი სიხარულისაგან ეშმაკი ვეება წიგნად გადაიქცა და მთელი ღამე ზე დაჰბრუნავდა დასჯის ადგილსო. თუმცაღა, ავტორს ეეჭვება, მართლა თუ ღირდა ეს წარმატება ესოდენ შლეგურ მოლხენად.

 

აგვისტო, 1922წ.

 

 

 

 

 

 

ხინა-თოჯინები

 

აი, ყუთიდან ამოვიდნენ...

ნუთუ შემეძლო დამვიწყებოდა მე თქვენი სახე,

წყვილი სადღესასწაულო თოჯინისა?

 

ბუსონი

 

დედაბრის ნაამბობი

 

მხოლოდ ნოემბერში გადაწყვიტეს, რომ ხინა-თოჯინები იოკოჰამელი ამერიკელისთვის მიეყიდნათ... ჩვენი სახლი, რომლის საგვარეულოს ფუძემდებელი კინო კუნია იყო, იმთავითვე მევახშეობას ეწეოდა – სესხს აძლევდა ფეოდალებს. პაპაჩემი სიტიკუ კი ძველებური ლამაზი ნივთების დიდი მცოდნე გახლდათ. მისი შეძენილი ხინა-თოჯინები ტრადიციულად ოჯახის ქალიშვილის, ე.ი. ჩემი კუთვნილება იყო და მეტად ძვირფას ნივთებად ითვლებოდა. მაგალითისათვის ავიღოთ იმპერატორი და დედოფალი. დედოფლის გვირგვინს თვალისმომჭღელი მარჯანი ამშვენებდა; იმპერატორის ტყავის გალაქულ ობიზე კი, რომელიც შემკული იყო იასპით, აქატითა და აგალმატოლიტით, შიგადაშიგ გერბები ამოექარგათ. აი, ასეთი იყო ეს თოჯინები.

რადგან მათი გაყიდვაც კი გადაწყვიტეს, ალბათ მიხვდებით, რარიგ უნდა გასჭირვებოდა მამაჩემს – იჰეიუს, კი-ნო კუნიას შთამომავალთაგან მეთორმეტე თაობის წარმომადგენელს. ბაკუფუს დაცემისა და საერთო კრახის შემდეგ ვალის გადახდა მხოლოდ კასიუ-სამას ძალუძდა და იმანაც სამი ათასი რიოს მაგიერ მხოლოდ და მხოლოდ ასი რიო დაგვიბრუნა. ჩვენი ვალი ინსიუ-სამასაც ჰქონდა, მაგრამ ოთხასი რიოს ნაცვლად, აკამაგასეკური სატუშე გამოგზავნა გირაოდ. უბედურს ქვა აღმართზე დაეწიაო, ნათქვამია და რამდენჯერმე სახლიც დაგვეწვა. ხელი მოგვეცარა ქოლგებით ვაჭრობაშიც, რასაც იმჟამად ვეწეოდით. და ბოლოს, თავი რომ იოლად გაგვეტანა, ყოველგვარი ფასეული ნივთი ერთიმეორის მიყოლებით გაგვქონდა გასასყიდად.

ამ დროს გამოჩნდა ანტიკვარი მარუსა და მამაჩემს შეუჩნდა, რაც არის, არის ხინა-თოჯინები გაყიდეო... ამ კაცმა კარგა ხანია თქვენი ჭირი წაიღო... მელოტი გახლდათ და მის ქაჩალ თავზე საოცარი სანახავი არაფერი იყო ალბათ: კეფაზე შავი სალბუნივით ჰქონდა ნასვირინგევი. თვითონ მიგვიყვა – ახალგაზრდობაში დაესვირინგებინა – სიქაჩლეს დამიმალავსო. მაგრამ, მისდა საუბედუროდ, ბოლოს ერთიანად გამელოტებულა და ზედ კინკრიხოზე შავ ლაქადღა შერჩენოდა ის ნასვირინგევი. მამას ვეცოდებოდი, მაშინ ხომ სულ თხუთმეტი წლისა ვიყავი, და მართალია მარუსა საშველს არ აძლევდა, თეჯენებს მაინც ვერ იმეტებდა გასაყიდად.

ბოლოს თოჯინები ჩემმა ძმამ, ეიკიტიმ გაყიდა... დღეს აღარც ის არის ცოცხალთა შორის; მაშინ კი თვრამეტი წლის, საოცრად ფიცხი ჭაბუკი გახლდათ. ეიკიტი განათლებული ყმაწვილი იყო – ხელიდან ვერ გააგდებინებდით ინგლისურ წიგნებს; ამასთან პოლიტიკაც იტაცებდა. როცა საუბარი ხინა-თოჯინებზე ჩამოვარდა, სიცილადაც არ ეყო, თოჯინების დღესასწაული მოძველებული ზნე-ჩვეულებაა, რაღა საჭიროა ამ გამოუსადეგარი ნივთების შენახვაო. რამდენიჯერ უკამათია ამის შესახებ დედასთან, რომელიც ძველი წესების ერთგული ქალი იყო; მაგრამ რაკიღა თოჯინების ღირებულება წლის ბოლომდე მაინც გაგვატანინებდა თავს, ალბათ, ამიტომ, დედა, რომელსაც კარგად გაეგებოდა მამაჩემის გასაჭირი, მაინცდამაინც წინააღმდეგობას აღარ უწევდა ძმას. ამრიგად, თოჯინების იოკოჰამელ ამერიკელზე მიყიდვა ნოემბრის შუა რიცხვებისთვის გადაწყდა. მე? მე ვინ რას მეკითხებოდა მაშინ, ქარაფშუტა გოგოს! მაინც, არც თუ ისე ძალიან მტკენია გული... მით უმეტეს, რომ მამა იისფერი ატლასის ახალი ობის ყიდვას შემპირდა.

მოლაპარაკების მეორე საღამოს მარუსა გვეახლა; მანამდე იგი იოკოჰამაში ყოფილიყო წასული.

მესამე ხანძრის შემდეგ აღარ აგვიშენებია სახლი... უბრალოდ, გადარჩენილ ნაწილში მოვაწყვეთ საცხოვრებელი, რომელსაც გვერდით ფარდულის მაგვარი რაღაც მივუშენეთ დროებით. მაშინ მოდაში იყო და ჩვენც გვქონდა ოჯახური აფთიაქი – კარადების თავზე, ნაირნაირი ჩინური აბებითა და შინაური წამლებით რომ იყო გამოტენილი. კოპწიად ყელყელაობდნენ ფირფიტები, რომლებზედაც ოქროს ასოებით იყო წარწერილი სახელწოდებები. იქვე, ჩაუქრობლად ენთო ზეთის ლამპარი. იქნებ თთქვენ ეს არაფერს გეუბნებათ? ძველებური ლამპარი იყო, რომელშიც ნავთის მაგიერ საწვავ ზეთს ვასხამდით. ახლაც, ჩინური წამლების – მანდარინის ცედრისა ან რგოლოვანი რევანდის სუნზე, უნებურად კვლავ ის ლამპარი მახსენდება. სასაცილოა, არა? იმ საღამოსაც, წამლების სუნში ათქვეფილი მკრთალი სინათლე იღვრებოდა ლამპარიდან.

მელოტი ანტიკვარი მარუსა და გაკრეჭილი, აბურძგნულთმიანი მამაჩემი იმ ლამპარის ქვეშ მოკალათებულიყვნენ.

– მაშ, ასე, აი, თანხის ნახევარი... დაითვალეთ...გეთაყვა...

ეს იყო ფულის დასტა, რომელიც ჩვენში მიღებული სალამ-ქალამის მოთავებისთანავე ამოიღო მარუსამ. შეთანხმებისამებრ, ბე იმ დღეს უნდა მიეღო მამას. მამაჩემმა ხელი გაუწოდა და უსიტყვოდ დახარა თავი და აი... დედის ბრძანებით მეც სწორედ იმ დროს შემოვედი, რათა ჩაი მიმერთმია. როდესაც ფინჯნების ჩამორიგება დავაპირე, მარუსამ ხმამაღლა თქვა: «ასე არ ივარგებს!» შევკრთი, მაგრამ როგორც კი ანტიკვარს შევხედე, მივხვდი, რომ მისი ნათქვამი მე არ მეხებოდა, ამას ჩაიზე კი არა, იმ ფულზე ამბობდა, გულმოდგინედ შეხვეული წინ რომ ელაგა.

– ბევრი არაფერია, მაგრამ მადლობის ნიშნად...

– როგორ გეკადრებათ, გეთაყვა, აიღეთ უკან!

– რას ამბობთ... თავს ნუ მომჭრით...

– ხუმრობა გვერდზე იყოს, ბატონო, და მართლა ნუ მომჭრით თავს – უცხონი რომ არა ვართ! მამათქვენისგან ისე ვარ დავალებული... მოდი, ნუ დავწვრილმანდებით და ამით დავამთავროთ... ქალიშვილო! დღეს რა ლამაზი თმის ვარცხნილობა გამშვენებთ!

გულგრილად მოვისმინე მათი თავპატიჟი და სახლის საცხოვრებელ ნაწილში გავბრუნდი.

ზომით იგი დაახლოებით ოცი ძიო იქნებოდა. ეს საკმაოდ ფართო სადგომი გავსებული იყო კომოდით, გრძელი ხიბატით, დიდი სკივრითა და სხვადასხვა დანიშნულების თართებით; ამიტომ იგრძნობოდა განსაკუთრებული სივიწროვე. ამ პირობებში ყველაზე მეტ ყურადღებას ხებუერას ოცდაათამდე ხის ყუთი იქცევდა. ალბათ, უთქმელადაც მიმიხვდებით, რომ ეს გასაყიდი თოჯინების ჩასალაგებელი ყუთები იყო. ყუთები ფანჯრის ძირას ელაგა. რაკი ლამპარი ფარდულში გაეტანათ, ოთახს ფარანიღა ანათებდა. ამ ძველი ფარნის შუქზე დედა ტომსიკას კერავდა წამლებისათვის. ძმა კი ძველისძველ მაგიდას მისჯდომოდა და თავის ინგლისურ წიგნებში იქექებოდა. როგორც ყოველთვის, ყველაფერი თავის რიგზე იყო, მაგრამ როდესაც დედას დავაკვირდი, შევამჩნიე, რომ თვალები ცრემლებით ავსებოდა.

ჩაი რომ შევიტანე, სიმართლე უნდა ვთქვა, რომ დედისგან შექებას ველოდი. ამ დროს ვხედავ, რომ იგი ტირის... იმდენად დავიბენი, რომ თანაგრძნობას ვერ გამოვხატე, ძმის შორიახლო ჩამოვჯექი და ვცდილობდი დედისათვის არ შემეხედა.

ამ დროს ძმამასაც გადმომხედა, რამდენჯერმე მე და დედა ეჭვის თვალით შეგვათვალიერა, შემდეგ უცნაურად ჩაიცინა და კვლავ გარდიგარდმო გამწკირევული სტრიქონების კითხვა განაგრძო. არასოდეს განმიცდია მის მიმართ, წარამარა თავისი განათლებით რომ ყოყლოჩინობდა, ისეთი სიძულვილი, როგორც იმ წუთში. დედასაც კი დასცინის! – გამიელვა თავში და რაც ძალა და ღონე მქონდა, ბეჭებში ჩავცხე ხელი.

– ეს რაღა იყო ვითომ? – მკითხა გაბრაზებულმა ძმამ.

– კიდევ დაგარტყამ! – ხელი მოვუქნიე აცრემლებულმა. წამით დამავიწყდა, რა ფხუკიანიც იყო. ხელის დაშვება ვეღარ მოვასწარი, იმავე წამს სილა გამაწნა.

– ტუტუცო!

ავქვითინდი. ამ დროს ძმას რკინის არშიანი მოხვდა. იგი გაბრაზებით მიეჭრა დედას. ამან კიდევ უფრო გააცეცხლა დედა და აკანკალებული, მილეული ხმით, ერთი მაგრად გამოთათხა ძმა.

მანამდე ვტიროდი საცოდავად, სანამ მამა, რომელმაც ის ის იყო ანტიკვარი მარუსა გააცილა, ლამპიანად შემობუნდებოდა... მის დანახვაზე მარტო მე კი არა, ძმაც უმალ გაყუჩდა. ჩემზე რომ არაფერი ვთქვათ, მასაც ისე არავისი ეშინოდა, როგორც ჩვენი სიტყვაძვირი მამისა.

იმ საღამოს გადაწყდა – თვის ბოლოს, თანხის მეორე ნახევრის მიღების შემდეგ, თოჯინები იოკოჰამელ ამერიკელს გადაეცემოდა. ღირებულება? ახლა რომ ვიგონებ, სასაცილოდ არ მყოფნის – რამდენადაც მახსოვს, სულ რაღაც ოცდაათი იენი იყო, მაგრამ მაშინ ეს გვარიანი თანხა გახლდათ.

ახლოვდებოდა თოჯინებთან გამოთხოვების დღე, როგორც უკვე მოგახსენეთ, ისე ძალიან აღარ მწყდებოდა გული... მართალია, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი გახლდით, მაგრამ კარგად მესმოდა, რომ დღეს თუ ხვალ მაინც უნდა გამოვთხოვებოდი თოჯინებს. ახლა იმასღა ვნატრობდი, ვიდრე თოჯინებს ახალ პატრონს ჩააბარებდნენ, ერთხელ კიდევ შემევლო მათთვის თვალი; ერთხელ კიდევ დავმტკბარიყავი ამ ოთახში იმპერატორისა და დედოფლის ყურებით, ორკესტრის ხუთი წევრით, მარჯვნივ ალუბლითა და მარცხნივ ტაბიბან-ციტრუსით, ფარნებით, თეჯირებით, გალაქული, ოქროს მტვერშეფრქვეული პაწია მაგიდებითა და კარადებით. და მაინც, რამდენჯერაც ვთხოვე, იმდენჯერ უარით გამომისტუმრა ჩემმა ჯიუტმა მამამ. სხვისი ნივთების ხელში ტრიალი, აბა, ვის გაუგია – ამბობდა იგი, – რაკი ბე მიღებული მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უკვე სხვისი საკუთრებააო.

თვის ბოლოს ქარიანი ამინდები დაიჭირა. დედა, არ ვიცი იმის გამო, რომ გაციებული იყო, თუ იმიტომ, რომ ქვედა ტუჩი ჰქონდა დასიებული, თავს უქეიფოდ გრძნობდა და საუზმეც არ მიურთმევია. როგორც კი სამზარეულო მივალაგ-მოვალაგეთ, იგი ხიბატთან ჩამოჯდა ხელზე თავდაყრდნობილი. შუადღისას, როცა თავი წამოსწია, დავინახე, რომ ტუჩზე სიმსივნე გადიდებოდა და წითელ კარტოფილს დამსგავსებოდა; ციებ-ცხელებიანივით ანთებულ თვალებზე ეტყობოდა, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. შიშისაგან გულგახეთქილი მამასთან, ფარდულში შევიჭერი.

– მამა! მამა! დედა ძალიან ცუდადაა!

მამა და მასთან ერთად ჩემი ძმაც, რომელიც იქვე იყო, ოთახში შეცვივდნენ. დედის შემზარავმა სახემ ორივეს თავზარი დასცა, მამაც კი, რომელიც უბრალოდ არასდროს აღელვებულა, გაშეშებულივით იდგა და სიტყვის თქმა ვერ მოეხერხებინა. დედამ, როგორც იქნა, ძალა მოიკრიბა და ღიმილით თქვა:

– რამ შეგაშფოთათ, არაფერია საშიში... ტუჩი გავიკაწრე ოდნავ და... ახლავე საჭმელს მოვამზადებ, მოგშივდებოდათ!

– ეიკიტი! გავარდი ახლავე და ჰომა-სანს დაუძახე! – შეაწყვეტინა მამამ გაბრაზებით. ჩემი ძმა თავქუდმოგლეჯილი გავარდა ქუჩაში, სადაც საზარელი ღმიულით დათარეშობდა ქარი.

ჰომა-სანმა, ექიმმა, ჩინური მედიცინის შესანიშნავმა მცოდნემ, რომელსაც ჩემი ძმა დაცინვით ექიმბაშს ეძახდა, შეხედა თუ არა დედას, დაბნეულმა გულხელი დაიკრიფა. დედის ტუჩის სიმსივნეს კარბუნკული ერქვა. ოპერაცია რომ გაგვეკეთებინა, ალბათ ეშველებოდა, მაგრამ ვინ ფიქრობდა იმ დროს ოპერაციაზე – მაშინ მხოლოდ ნახარშებს ასმევდნენ და წურბელებს უკიდებდნენ ავადმყოფს. ეს იყო და ეს მთელი მკურნალობა.

მამა ერთთავად საწოლთან ედგა და ჰომა-სანის გამოწერილ ნახარშს უმზადებდა. ჩემი ძმა კი ყოველ დღე თხუთმეტ სენად ღირებული წურბელის საყიდლად დარბოდა. მე, ძმას რომ არ გაეგო, ჩვენს მახლობლად მდებარე ინარი-სამას ტაძართან მივდიოდი უჩუმრად და ასჯერ მაინც შემოვუვლიდი გარშემო. ასეთ ვითარებაში თოჯინებზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო და არც ერთი ჩვენგანი ზედაც არ ვუყურებდით კედელთან ჩამწკრივებულ ხებუერას ოცდაათ ყუთს.

და აი, 29 ნოემბერს, ხინა-თოჯინებთან გამოთხოვების წინა დღეს, როგორც კი წარმოვიდგინე, რომ უკანასკნელად ვიყავი მათთან, დაუოკებელი სურვილი აღმეძრა, ერთხელ მაინც გამეხსნა ყუთები. რამდენიც უნდა მეხვეწა, ვიცოდი, მამას მაინც ვერ დავითანხმებდი. დედას გამოვუტყდები-მეთქი, გადავწყვიტე, მაგრამ იგი ამ დროს თავს უარესად გრძნობდა – მხოლოდ სითხის გადაყლაპვა შეეძლო. ამას ისიც დაერთო, რომ პირში სისხლიანი ჩირქი უგროვდებოდა. მართალია, ჯერ თხუთმეტი წლისა ვიყავი, მაგრამ თოჯინების ნახვის გულისთვის, აბა, როგორ შევაწუხებდი ასე მძიმე ავადმყოფს! გამბედაობაც არ მყოფნიდა! დილიდან მოყოლებული, რვა საათამდე ხმაამოუღებლად ვეჯექი სასთუმალთან და თვალს არ ვაშორებდი გაწამებულ დედას.

წარამარა რკინისბადიდან ფანჯარასთან მიწყობილი ხებუერას ყუთები მელანდებოდა; ვიცოდი, რომ ეს ყუთები, ხინა-თოჯინებით სავსე ყუთები, როგორც კი ირიჟრაჟებდა, შორეულ იოკოჰამაში, ვიღაც გადამთიელის სახლში გადაიბარგებდა... ვინ იცის, იქნებ ამერიკაშიც ამოეყო თავი. ვფიქრობდი და მოთმინების ძაფი მიწყდებოდა.

დედას დაეძინა თუ არა, დრო ვიხელთე და ფეხაკრეფით გავედი ფარდულში. მართალია შიგ მზის სხივებიც კი ვერ ატანდა, მაგრამ გუნება მაინც გამომიკეთდა, რადგან აქედან მთელი ქუჩა ხელისგულივით მოჩანდა. მამა თავის ანგარიშებში ჩაფლულიყო, ჩემი ძმა კი სააფთიაქო ფილთაქვაში ძირტკბილას ალაგებდა მთელის გულისყურით.

– მამა, თუ ღმერთი გწამს, გევედრები...

შევყურებდი მამას და კვკავ ხვეწნით ვუმეორებდი ჩემს ახირებულ სათხოვარს. მამაჩემი პასუხის ღირსადაც არ მთვლიდა. ბოლოს, თავი რომ მოვაბეზრე, მითხრა:

– აბა, ახლა ამისთვის გვცხელა? შენ ეი, ეიკიტი! სანამ მთლად არ დაბნელებულა, მარუსასთან გადაირბინე.

– მარუსასთან? მერე და, რა მინდა მარუსასთან?

– ლამპა უნდა გადმოიტანო.

– ვერ გავიგე რა ლამპაზე მელაპარაკები...

მამას ჩაეცინა და მე გადმომხედა.

– ვერაფერს გააგებინებ ამ კაცს... ამასწინათ ვთხოვე, რომ ლაპმა ეყიდა ჩვენთვის.

– მაშ, ლამპარი აღარ გვექნება?

– ლამპარმა მოიხადა თავისი ვალი.

– ვინ მოთვლის. კიდევ რამდენი რამაა გადასაყრელი... უამრავი ძველმანი! ლამპის შუქზე დედაც უკეთ იგრძნობს თავს.

მამამ საანგარიშოს ჩახაკუნი განაგრძო. რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მაქცევდა, მით უფრო მიძლიერდებოდა თოჯინების ნახვის სურვილი. მე კვლავ მივუახლოვდი და მხარზე შევეხე.

– მამა...

– დამეხსენ! – არც კი შემობრუნებულა, გაბრაზებით მომიგდო მამამ. გვერდიდან ძმის ალმაცერი მზერაც ვიგრძენი და უსიტყვოდ გავბრუნდი ოთახში. დედას გაღვიძებოდა და ანთებული თვალებით დაჰყურებდა თავის წინ წამოწეულ ხელს. როგორც კი თვალი მომკრა, ხმააწევით მომმართა:

– რატომ გააჯავრე მამა?

დაბნეულობისაგან ვერაფერი ვუპასუხე.

– კვლავ წამოროშე რამე?

ხმაში სისუსტეშეპარული, დაჟინებით შემომცქეროდა:

– ნუთუ ვერ ხედავ, რა დღეში ვარ... რაც უნდა გითხრას მამა, დაუჯერე!.. რას უყურებ მეზობლის გოგოს! უნდა? იაროს ყოველდღე თეატრში!

– თეატრი არ მინდა, ოღონდ...

– თუ გინდა ეგრე იყოს! თეატრის გარდა რამდენი რამ მოგტაებს თვალს – ლამაზი თმასარჭი, მოხდენილი საყელოები...

სანამ დედა ლაპარაკობდა, ისეთმა სევდამ და სინანულმა შემიპყრო, რომ ქვითინი ვეღარ შევიკავე.

– არა, დედა... მე არაფერი... მე არაფერს არ ვთხოულობ, ოღონდ თოჯინების გაყიდვამდე...

– თოჯინები? რა თოჯინების გაყიდვამდე? – თვალები გაუფართოვდა დედას.

ენა დამება. ამ დროს ოთახში ჩემი ძმა ეიკიტი შემოვიდა. იგი მაღალი იყო, ზემოდან დამხედა და მკაცრად მითხრა:

– ტუტუცო, კვლავ თოჯინებზე ლაპარაკობ?! დაგავიწყდა, რა დღე გაყარა მამამ?

– ნუ იგესლები მორიელივით!

დედამ უღონოდ მილულა თვალები, მაგრამ ჩემი ძმა, თითქოს არც სმენიაო, ჩემს კიცხვას განაგრძობდა:

– თხუთმეტი წლის გოგო ხარ და თავში ჭკუის ნატამალი არ გაგაჩნია! ნახა ამანაც საქმე – თოჯინები!

– რა შენი საქმეა, შენი ხომ არ არის! – შევეპასუხე.

სიტყვას სიტყვა მოჰყვა; ბოლოს ძმამ თმით დამითრია და იატაკზე დამაგორა.

– მეტიჩარა!

ლაზათიანი გატყეპვა არ ამცდებოდა, დედა რომ არ ჩარეულიყო საქმეში; ძლივსძლივობით წამოიწია ბალიშიდან და სუნთქვაშეკრულმა გაბრაზებით თქვა:

– რა ჩაიდინა ეხლა ისეთი ო-ცურუმ! აღარ მოეშვები, რას ერჩი!

– რას ვერჩი და თავისნათქვამა და ჯიუტია!

– აბა, რა გითხრა... შენ მარტო ო-ცურუ კი არა, საკუთარი დედაც კი არ გიყვარს... მეც... – დედას თვალები ცრემლებით ევსებოდა და ენაც საცოდავად ებმოდა. – შენ მეც არ გიყვარვარ... და ეს რომ ასე არ იყოს, რა გადაგაწყვეტინებდა ჩემი ავადმყოფობის დროს თოჯინების გაყიდვას! ჯანდაბას ყველაფერი, მაგრამ მაგ საწყალ ო-ცურუს რაღას ერჩი? რატომ ექცევი უცხოსავით? შენ რომ დედა გიყვარდეს...

– რას ამბობ, დედა! – შესძახა ეიკიტიმ, სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა. არც მანამდე და არც შემდეგ ძმის ცრემლები არ მინახავს. მშობლები რომ გარდაგვეცვალა, მაშინაც კი არ უტირია. თავისი ცხოვრება პოლიტიკას შესწირა და, სანამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდებოდა, კლედასავით მაგარი და ცივი კაცი იყო... აღშფოთებული დედაც კი განაცვიფრა ეიკიტის ცრემლებმა, ღრმად ამოიოხრა და ხმის ამოუღებლად გადაწვა ბალიშზე.

ერთი საათის შემდეგ ფარდულში გამყიდველი ტოკუძო შემოვიდა, რომელიც კარგა ხანია არ გამოჩენილიყო. ძველი პროფესია სახელადღა შემორჩა, თორემ რა ხანია თევზს აღარ ყიდდა. ახლა რიქშა იყო. რას არ ყვებოდნენ მასზე – ათასგვარ თავშესაქცევ ამბავს. ერთი მათგანი, რომელიც მისი გვარის შესახებ მოგვითხრობს, კარგად დამამახსოვრდა. რევოლუციის შემდეგ ტოძოკუმაც ისურვა თურმე გვარის ტარება, მაგრამ რაკი მოიწადინა, ხეირიანი მაინც ხომ უნდა ყოფილიყო და ამიტომაც ტაკუგავა ირჩია; როცა ამის შესახებ განცხადება შეიტანა, ერთი მაგრად გამოულანძღავთ; სხვაგვარად არც შეიძლება მომხდარიყო! თავის წაცლითაც კი დამუქრებიან თურმე, თუ ჭკუით არ იქნებოდა. ტოკუძუმ ფარდულის შემოსასვლელთან მოაყენა თავისი ეტლი, რომელიც პიონებისა და ლომების სურათებით გაელამაზებინა. მითხრა, დღეს სამუშაო არა მაქვს და აიძუცუბარას ქვის სახლებიან ქუჩებში გაგასეირნებო.

– რას იტყვი ო-ცურუ? – მკითხა მამამ და გვერდულად გადმომხედა.

დღეს რიქშით გასეირნება ბავშვებისთვის აღარაფერს ნიშნავს, ჩემთვის კი ეს მაშინ ყველაზე დიდი სიხარული იყო. მაგრამ უცებ დათანხმება, როცა დედა კვლავ ცუდად გრძნობდა თავს, თანაც ზემოაღწერილი სცენის შემდეგ, ძალზე უხერხულად მომეჩვენა და მაინც, ოდნავ გასაგონად მივუგე: «მინდა».

– მაშინ წადი და დედას სთხოვე დასტური. ტოკუძო ხომ საგანგებოდ შენს გასასეირნებლად მოვიდა.

დედას თვალიც არ გაუხელია და როგორც ვფიქრობდი, ღიმილით თქვა:

– საუცხოოა!

საბედნიეროდ, ჩემი ბოღმა ძმა შინ არ გახლდათ – მარუსასთან იყო გასული. გადამავიწყდა ცრემლები, ჩიტივით შევაფრინდი ეტლს და მუხლებზე შალის წითელი საბანი გადავიხურე... არახრახდა ბორბლები და წავედით...

საჭიროდ არ ვთვლი მოგიყვეთ, თუ როგორი იყო მაშინ ეს ქალაქი. მოგითხრობთ მხოლოდ ტოკუძოს უკმაყოფილო ბურტყუნზე. ქვის სახლებიან ქუჩაში არც კი ვიყავით გასული, რომ ცხენოსან ეკიპაჟს შევეჩეხეთ, რომელსაც ევროპელი ქალბატონი მოჰყავდა. რის ვაი-ვაგლახით უქცია გვერდი ტოკუძომ და ენის წკლაპუნით აბუტბუტდა:

– ეჰ, ვერ გამოგივიდა კარგად. ქალიშვილი ძალზე მსუბუქია და ფეხსაც ამიტომ ვეღარა ვდგამ მტკიცედ... ქალიშვილი! ცოდვაა რიქშა... ისე, ოც წლამდე ახალგაზრდა არც კი უნდა ჩაისვას კაცმა...

ქუჩიდან რიქშამ ჩვენი სახლის მოსახვევში გადაუხვია. ამ დროს ეიკიტიც შემოგვხვდა. ხელში ბამბუკის შებოლილსახელურიანი ლამპა ეჭირა და აჩქარებული ნაბიჯით მიდიოდა. დამინახა თუ არა, მანიშნა, მოიცაო! და ლამპა გამომიწოდა. ტოკუძომაც სწორედ მაშინ მოატრიალა ხელნა და ეტლი პირდაპირ მასთან მიაგორა.

– გმადლობთ, ტოკუ-სან! საით გაგიწევიათ?

– ქალიშვილს ედოს ვათავისუფლებინებ.

ჩემი ძმა, რომელსაც დამცინავი ღიმილი უკიაფებდა სახეზე, ახლოს მოვიდა.

– ო-ცურუ, სახლში გაიყოლე ეს ლამპა. მე ნავთზე უნდა შევიარო.

ჯერ კიდევ არ მქონდა დავიწყებული ჩვენი ამასწინანდელი კინკლაობა და ისე ჩამოვართვი ლამპა, კრინტიც არ დამიძრავს. ჩემმა ძმამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მერე კვლავ ჩემკენ შემობრუნდა, მომიახლოვდა და ეტლის დამცველ ფარზე დაყრდნობილმა, თქვა:

– ო-ცურო, მეტს ნუღარ ჩამოუგდებ მამას თოჯინებზე საუბარს!

მე წინანდებურად ვდუმდი. ამას წინათ ხომ სისხლი გამიშრო, ეს აღარ მაკმარა და არც ახლა იშლიდა თავისას. არაფერად აგდებდა ჩემს უგუნებობას და წყნარად განაგრძობდა:

– მამა მარტო იმიტომ კი არ გიკრძალავს მათ ნახვას, რომ ბე უკვე მიღებული აქვს. თოჯინების ხელახალი გამოჩენა ყველა ჩვენგანს სინანულს მოგვრის და გულს ატკენს. შენ ამაზე არც კი დაფიქრებულხარ! გაიგე? ჰო და, თუ გაიგე, მეტი აღარ წამოგცდეს, რომ მათი ნახვა გსურს...

ჩემი ძმის ხმაში მისთვის უჩვეულო გულჩვილობა ჟღერდა. მაგრამ იგი უცნაური კაცი გახლდათ. ის იყო, მომეჩვენა, ხმაში სევდა გამოერია-მეთქი და უკვე მუქარაზე გადავიდა:

– თუ სწორად გამიგებ, აღარც ჩემგან მოგხვდება! – მომიგდო გაღიზიანებული ტონით და ისე სწრაფად გაბრუნდა, ტოკუძოსაც არ გამოთხოვებია.

საღამოს მაგიდას ვუსხედით ოთხივე, ვახშამს შევექცეოდით. მართალია, დედა იწვა და იგი სუფრის წევრთათვის არ უნდა მიმეთვალა, მაგრამ იმ საღამოს ვახშამი მაინც ჩვეულებრივზე უფრო მხიარული აღმოჩნდა. ალბათ, მიხვდებით, რატომაც... მბჟუტავი ზეთის ლამპარის ნაცვლად ოთახს ახალი ლამპის შუქი აჩახჩახებდა. ჭამისას მეც და ჩემი ძმაც დროდადრო მას შევყურებდით, საოცრად ლამაზ ლამპას, რომელიც თავისი მოკაშკაშე ალის მინისგამჭვირვალე ჭურჭელში ჩასხმულ ნავთსაც კი აციმციმებდა.

– დღესავით ანათებს. – კმაყოფილი სახით გადასძახა მამამ დედას.

– ლამისაა დაგვაბრმავოს, – შეშინებულივით უპასუხა დედამ.

– ეგ იმიტომ გეჩვენება, რომ ლამპარსა ხარ მიჩვეული... მაგრამ რაკიღა ერთხელ აანთებ, ლამპარი სამუდამოდ მიგავიწყდება.

– თავიდან ყველაფერი აბრმავებს კაცს, კაშკაშა ლამპაც და ევროპული მეცნიერებაც. – წაიფილოსოფოსა ყველაზე მეტად გახარებულმა ჩემმა ძმამ.

– და მაინც, როცა შეეჩვევი, ალბათ განსხვავებაც ქრება. მალე დადგება ის დროც, როცა ეს ლამპაც დაკარგავს თავის ელვარებას...

– ვინ იცის! შეიძლება ასეც მოხდეს... ო-ცურუ, ბრინჯის ნახარში მოუმზადე დედას?

– არ უნდა. – გავიმეორე დედის ნათქვამი.

– როგორ, სულ არ გინდა ჭამა?

მამის პასუხად დედამ ღრმად ამოიხვნეშა.

– ოჰ, ეს ნავთის სუნი... აი კიდევ ერთი დასტური, რომ ძველი დროის კაცი ვარ.

აქამდე წყნარად ვატრიალებდით ხასებს, მაგრამ დედას თითქოს აღარ უნდოდა ლამპის დავიწყება, – კვლავ მისი კაშკაშა შუქის ქებათაქებას განაგრძობდა. შესიებულ ბაგეზეც კი მოჰფენოდა რაღაც ღიმილის მსგავსი ნათელი.

თერთმეტს გადაცილებული იყო, დასაძინებლად რომ დავწექით. თვალი კი მოვხუჭე, მაგრამ ძილი მაინც არ მომეკარა. ძმამ უკვე ორჯერ გამაფრთხილა თOჯინების თაობაზე. თიტქოს შევურიგდი კიდეც იმ აზრს, რომ მათი ამოლაგება და დათვალიერება არავითარ შემთხვევაში აღარ შეიძლებოდა, სურვილი კი... მაინც არ მაძლევდა მოსვენებას ძველებურად. იმის გაფიქრებაც კი, რომ ხვალ ყველაფერი

დამთავრდებოდა და შორს წაიღებდნენ ხინა-თოჯინებს, ცრემლებით მივსებდა თვალებს. ვითომდა რა მოხდება, რომ ახლა, როცა ყველას ღრმა ძილით სძინავს, ჩუმად ამოვალაგო ისინი? ანდა, წავიღო ერთი ყუთი და სადღაც გადავმალო? მაგრამ, რომ წამასწრონ! ვჭოჭმანობდი. მართალი თუ გნებავთ გითხრათ, ჯერ არ მახსოვს ოდესმე ასეთი საზარელი აზრები მომსვლოდეს თავში, როგორც იმ ღამით. ოო! ხანძარი მაინც გაჩნდებოდეს! მაშინ თოჯინები დაიწვებოდა, მაგრამ უცხო კაცს მაინც არ ჩაუვარდებოდა ხელში. ან ამერიკელსა და მელოტ ანტიკვარ მარუსას მაინც შეჰყროდა ქოლერა. მაშინ თოჯინები ჩვენ დაგვრჩებოდა, აი, როგორი სურვილები მიტრიალებდა თავში, მაგრამ არ გამომეტყუნებოდა, მაშინ ხომ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. ამ ფიქრებში წასულს მალე ჩამეძინა კიდეც.

არ ვიცი, რამდენი ხნის მერე, უეცრად გამეღვიძა. ფარნის მკრთალ შუქზე ოთახში ვიღაც დადიოდა. ვირთხა ხომ არ არის? თუ ქურდია? იქნებ გათენდა კიდეც? ამ ვარაუდებით დაბნეულმა გაუბედავად მიმოვიხედე და დავინახე, რომ ჩემი საწოლის შორიახლო, ღამის კიმონოს ამარა, პროფილით ჩემკენ მობრუნებული მამა იჯდა.

მამა!

მაგრამ მარტო მამის გარეგნობას კი არ განვუცვიფრებივარ! მის წინ ჩემი თოჯინები ელაგა – ჩემი ხინა, რომელთათვისაც თოჯინების დღესასწაულის შემდეგ თვალი აღარ მომეკრა.

სიზმარია?!

სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი ამ სასწაულს. ფარნის სუსტ შუქზე ვხედავდი სპილოს ძვლის სკიპტრიან იმპერატორს, ბრწყინვალე გვირგვინოსან დედოფალს, მარჯვნივ ციტრუს – ტატიბანს და მარცხნივ – ალუბლის ხეს; პაჟს, რომელსაც გრძელტარიანი, მზის საჩრდილობელი გაშლილი ქოლგა ეპყრა ხელთ; სეფე-ქალს ლანგრით ხელში, ოქროს სახეებიან გაკრიალებულ სატუალეტო მაგიდას და ლაქწასმულ კომოდს; ნიჟარებით გაკოპწიავებულ თეჯირებს, მაგიდებს, ფინჯნებს, მოხატულ ფარანს, ფერადი ოქრომკერდით ეკერილ ბურთულებს... შევცქეროდი მამის პროფილს...

დღესაც არ ვიცი, ის თოჯინები სიზმარში ვნახე თუ ცხადში. როგორც უნდა ყოფილიყო, ცხადო თუ სიზმარი, მე ახლაც თვალწინ მიდგას, თუ როგორი სინაზით შეჰყურებდა თოჯინებს ჩემი მობერებული, მაგრამ მაინც მკაცრი და გაუტეხელი მამა; თვალწინ მიდგას და ვხვდები, რომ მასაც ჩემსავით ენანებოდა თოჯინებთან განშორება.

აღარც მახსოვს, როდის დავიწყე ამ მოთხრობის წერა. ამჟამად კვლავ მივუბრუნდი მას არა მარტო ბ-ნ ტაკიტას თხოვნით, არამედ უფრო იმიტომ, რომ ამ დღეებში, იოკოჰამაში, ინგლისელის სასტუმრო დარბაზში ვნახე ქერათმიანი გოგონა, რომელიც ძველი ხინა-თოჯინის მოგლეჯილი თავით თამაშობდა. შეიძლება იმ თოჯინებსაც, რომელზედაც ამ მოთხრობაშია ლაპარაკი, მწარე ხვედრად ერგოთ მოხვედრილიყვნენ ერთ ყუთში რეზინების თოჯინებისა და ტყვიის ჯარისკაცების გვერდით.

 

თებერვალი, 1923წ.

 

 

 

 

 

თოვლია

 

გაზაფხულის თბილი დღე იდგა. თოვლია ცოცხალი ღობის გასწვრივ, უჩუმრად მიძუნძულებდა ქუჩაში. ღობის რტოებზე კვირტები აფეთქებულიყო, შიგადაშიგ კი ალუბლის ხეებიც ერთოდ ვერაფერს ამჩნევდა, დრუნჩი ჩამოეშვა და მიწის ყნოსვა-ყნოსვით მიცუნცულებდა თავისთვის.

როგორც იქნა, ჩათავდა ღობე. მოსახვევში შესვლა ვერც კი მოასწრო, რომ ელდანაკრავივით გაშეშდა ადგილზე.

ანდა რა საკვირველი იყო; შვიდ-რვა საჟენზე ძაღლისმჭერი იდგა, ზურგსუკან თოკს მალავდა და თვალს არ აცლიდა პატარა, შავ გოშიას, რომელიც მინდობილად შეექცეოდა მის მიერ მიგდებულ პურის ნატეხს. ძაღლისმჭერის არ შეშინებია თოლიას, იგი შავი ფინიას დანახვამ შეაშფოთა... მაწანწალა ძაღლი რომ ყოფილიყო, ჯანდაბას მისი თავი, რა ენაღვლებოდა! მაგრამ ძაღლისმჭერი ხომ მეზობლის ძაღლს, მის საუკეთესო მეგობარს – მურას უტრიალებდა, რომელსაც თოვლია ყოველდილა ცვდებოდა და ეანცებოდა.

ის იყო უნდა შეეძახა, მურა, გაფრთხილდიო! რომ ძაღლისმჭერმა თვალები დაუბრიალა. ეს გამოხედვა თითქოს აფრთხილებდა, აბა, ერთი გაბედე და კრინტი დასძარი, პირველს შენ გაგაბამ მახეშიო. ახლა კი იგრძნო შიში, რომელმაც უმალ გადაავიწყა, გასაფრთხილებლად რომ აპირებდა შეყეფვას; უფრო სწორად, კი არ გადაავიწყდა, კრიჭა შეუკრა. თოვლია დაფრთხა, ადგილზე ვეღარ გაჩერდა. გულდაქანებული შეჰყურებდა ძაღლებზე მონადირეს და ნაბიჯ-ნაბიჯ იხევდა უკან. შემდეგ მესერს ამოეფარა და თავქუდმოგლეჯილმა გაკურცხლა.

სწორედ ამ დროს, ეტყობა, საბრალო მურას ყულფი ჩამოაცვეს კისერზე, გაისმა შემზარავი, გაბმული წკავწკავი. მაგრამ თოვლია არც კი შეჩერებულა; უკანმოუხედავად მიქროდა, ირგვლივ კენჭებს ფანტავდა, ურნებს პირქვე ამხობდა და თავს რომ ვეღარ იკავებდა, გუბეებში მიკოტრიალებდა. აი, იგი თავქვე დაეშვა და კინაღამ მანქანის ბორბლებქვეშ მოყვა. ნუთუ ასე გადარია შიშმა? არა! ასე თავპირისმტვრევით იმიტომ გარბოდა, რომ ჯერ კიდევ ყურებში უწიოდა მურას წკავწკავი:

– ჰავ-ჰავ! მიშველეთ! ჰავ-ჰავ! მიშველეთ!

სირბილისგან გულამოვარდნილმა თოვლიამ, როგორც იქნა, სახლამდე მიაღწია, მესერში, მისთვის დატოვებულ ხვრელში გაძვრა, ბეღელს გვერდი აუქცია და სახლს უკან, თავის ჯიხურთან აღმოჩნდა. ქარივით გაინავარდა ბაღში. აქ მას უკვე აღარც თოკი აშინებდა და არც სხვა ფათერაკი. ამასთან... – ჰოი, ბედნიერებავ! ბაღში, მწვანე მოლზე, მისი ოატრონი გოგო და ბიჭი ბურთს თამაშობდნენ. ერთი ნახტომით გაჩნდა მათთან და კუდის ქიცინით დაიწყო:

– ძვირფასო გოგონავ! ძვირფასო ყმაწვილო! ყური მიგდეთ! გეტყვი, რა შემემთხვა დღეს! ეს –ეს არის ძაღლისმჭერს შევხვდი! – ჩაარაკრაკა ჯერ კიდევ სუნთქვაშეკრულმა თოვლიამ (თუმცა ბავშვებს რა გაეგებოდათ ძაღლური ენის – მათ ეს ჩვეულებრივი ყეფა ეგონათ).

გოგონა და ბიჭი, რაღაცით გაოცებულნი, ასეც მოფერებიან და საგონებელში ჩავარდნილმა თოვლიამაც ხელახლა დაიწყო:

– გოგონა! თუ იცით, ვინ არის ძაღლისმჭერი! უსაშინლესი კაცია! მე კი თავს ვუშველე, მაგრამ აი, ჩვენი მეზობლის მურა დაიჭირა.

გოგომ და ბიჭმა ერთმანეთს გადახედეს და მცირე ხნის შემდეგ ასეთი საუბარი გააბეს:

– ჰარუო-სან! თუ იცი, ვისია ეს ძაღლი?

– მართლაც და საიდან გაჩნდა ეს ძაღლი, დაიკო?

«როგორ თუ ვისია?!» ახლა კი მართლაც გაოგნდა თოვლია.

თოვლიას გოგოს ლაპარაკიც შესანიშნავად ესმოდა და ბიჭისაც. ჩვენ გვგონია, ძაღლებს არ ეყურებათ ჩვენი ენა, რადგან თვითონ არ გაგვეგება მათი... სინამდვილეში ძაღლები იმიტომ ითვისებენ ადამიანებისგან ათას რაღაცას, რომ ძალიან კარგად ესმით ჩვენი საუბარი. აი, ჩვენ რომ არაფერი გაგვეგება მათი, ამიტომაც ვერ ვსწავლობთ სიბნელეში გზის გაგნებას, ვერა ვგრძნობთ ოდნავ შესამჩნევ სულს და ბევრ სხვა რამეს, რაც მათ ჩვენზე უკეთ იციან.

– ვისი ძაღლიაო?! მე ვარ, თოვლია!

მაგრამ გოგონა კვლავ ალმაცერად შეჰყურებდა.

– ეგებ ეს მეზობლის ძაღლის, მურას ძმა არის?

– შეიძლება, დაეთანხმა საზრიანი ბიჭი, – ეს ძაღლიც ხომ მასავით კუპრისფერია.

თოვლიამ იგრძნო, როგორ წამოებურძგნა ბეწვი. კუპრისფერიო?! ეს შეუძლებელია! აკი მაშინაც კი რძესავით ელვარებდა, როცა ჯერ კიდევ ლეკვი იყო.

თოვლიამ თათებზე დაიხედა. დიახ, თათებიც და არა მარტო თათები, მკერდიც, მუცელიც და ლამაზი ბომბორა კუდიც, ყველაფერი ფსკერდამწვარი ტაფასავით გაშავებოდა; ერთიანად შავი იყო, ღამესავით შავი.

თოვლია აწრიალდა. აქეთ ეცა, იქით ეცა და ბოლოს მთელი ხმით აყეფდა.

– ვაიმე, ჰარუო-სან, მეშინია! ეს ძაღლი უთუოდ ციფიანი იქნება! – საცოდავად აფშლუკუნდა გოგო. მაგრამ ბიჭი მამაცი გახლდათ. უცებ თოვლიას მარცხენა ფერდი აეწია... აი, კიდევ გაიშხუილა მის თავთან წკეპლამ... თოვლიამ ძლივს აიცდინა დარტყმა და მთელი ძალით მესერისკენ მოკურცხლა, სადაც ჭადრის ქვეშ ღია ყვითლად შეღებილი თავისი ჯიხური ეგულებოდა. ჯიხურთან მისულმა თავის ნორჩ პატრონებს გამხედა და კიდევ ერთხელ შეჰყეფა:

– გოგონა! ბიჭუნა! მე ხომ თქვენი თოვლია ვარ! დაე, ვიყო შავი, მაგრამ მაინც ისეც ის თოვლია ვარ!

ჯავრისა თუ გულისწყრომისგან თოვლიას ხმა უწყდებოდა, მაგრამ ეს არ შველოდა – გოგო და ბიჭი მაინც ვერას გაუგებდენ ამით. «საძაგელი ძაღლი! კიდეც რომ იყეფება!» – გაჯავრებით დააბაკუნა ფეხი გოგონამ. ბიჭმა კი... ბიჭმა ბილიკიდან კენჭები წამოკრიფა და გამეტებით დაუშინა თოვლიას.

– ერთი ამ თავხედს დამიხედეთ! ჩამოსახლებაც რომ მოგვინდომა! აი, შენ! ესეც შენ!

ქვები სეტყვასავით მოფრინავდნენ თოვლიასკენ. ერთმა მათგანმა ყური სისხლით შეღება. ბოლოს თოვლიამ კუდი ამოიძუა და მესერს გადაევლო.

მესერს გადაღმა მხიარულად დაფარფატებდა თეთრი პეპელა, რომლის ვერცხლისფრად დაწინწკლული ფრთები მზის სხივებზე კიაფობდა.

– რაო, ძმობილო, უპატრონოდ დარჩი? – ჩაუწრიპინა პეპელამ.

თოვლიამ გული ამოაყოლა ოხვრას, მცირე ხანს ტრამვაის ბოძთან იყურყუტა და შემდეგ ჩანჩალით დაადგა უცნობ გზას.

სახლიდან გაგდებულმა თოვლიამ ქალაქში დაიწყო წოწიალი. დაძრწოდა ქუჩა-ქუჩა, დაძვრებოდა პარკებში, დაწანწალებდა მოსახვევ-მისახვევებში, მაგრამ სიშავეს მაინც ვერსად გაექცა. ხან სადალაქოების შესასვლელებთან, მუშტრებისთვის დადგმულ სარკეებში გამოჩნდებოდა მისი გამოსახულება, ხან გუბეებში დალანდავდა თავს, რომელშიც წვიმის შემდეგ გაკრიალებული ჩარგვალი ციალებდა, ხან კოპწიად მორთული ვიტრინების მოსარკულ მინებში ირეკლებოდა მისი კუპრისფერი, ხანაც სარკის მაგივრობას დიდი, მაგიდებზე გამწკრივებული შავი ლუდით სავსე კათხები უწევდა...

 

ერთხელ, როცა თოვლია უჩუმრად მიცუნცულებდა პარკის ღობის გასწვრივ, ჭიშკართან ავტომობილი მოგრიალდა და მის გაკრიალებულ, გალაქულ ძარაზე გარკვევით, როგორც სარკეში, დაინახა პარკის ღობის რიკულები, მასზე გადმოკიდებული რტოები, რომლებიც ის-ის იყ მწვანდებოდა; მათ ქვეშ კი ღობესთან მდგარი დიდი, შავი ძაღლი შენიშნა... თოვლიამ ნაღვლიანად ამოიოხრა და პარკში შევარდა. თავჩაქინდრული დაეხეტებოდა ხეების ქვეშ, რომელთა ახალგაშლილ, თითოფოთლებში მსუბუქი ნიავი დაშარიშერებდა. სიწყნარეს მხოლოდ ყვავილებს მისეული ფუტკრის ზმუილი არღვევდა და არსად ჩანდა სარკის მსგავსი რამ, გარდა მცირე ტბორისა და თოვლიაც დიდის გულმოდგინებით უვლიდა მას გარს. პარკში სიწყნარე სუფევდა, რამაც კინაღამ დაავიწყა თავისი ვარამი, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა მოჩვენებითი სიმშვიდე. ის იყო აყვავებულ ბუჩქებს შორის შარაზე გამოვიდა, რომ ბაღის კუთხიდან ძაღლის გამაწვრილებელი ყეფა მოესმა:

– ჰავ-ჰავ! მიშველეთ! ჰავ-ჰავ! მიშველეთ!

თოვლიას ტანში გასცრა. შემზარავმა წკმუტუნმა მურას საშინელი ხვედრი გაახსენა. კუდი ამოიძუა და კვლავ თავის შველა დააპირა, მაგრამ განგაში წამიერი გამოდგა: მხნეობა მოიკრიბა, შეტრიალდა და მრისხანედ შეჰყეფა.

– ჰავ-ჰავ! მიშველეთ! ჰავ-ჰავ! მიშველეთ! – მოესმა განმეორებით.

– ჰავ-ჰავ! გამაგრდი! ჰავ-ჰავ! მოვდივარ! – გამოეხმაურა თოვლია.

და ისარივით გაიჭრა შეშინებული ძაღლისკენ.

ახლოს რომ მივიდა ძაღლისმჭერის მაგიერ სკოლიდან მომავალი, მოსწავლის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე ბიჭი დაინახა, რომელთაც წითური ლეკვისთვის კისერში თოკი ჩაებათ, ძალისძალად მიათრევდნენ და ერთ აურზაურში იყვნენ.

ლეკვი მთელი ძალით უძალიანდებოდა და განწირული ხმით გაჰკიოდა:

– «მიშველეთ, მიშველეთ!»

ბავშვები არაფრად აგდებდნენ მის წკავწკავს, წიხლისკვრით აიძულებდნენ ფეხის გადადგმას და მხიარულად იცინოდნენ.

თოვლია წუთით არ დაყოვნებულა, ყეფით ეცა ბავშვებს. მოულოდნელობისგან ბიჭები დაფრთხნენ. და მართლაც, აგუზგუზებულ თვალებიანი და დაღრჭენილ ეშვებიანი, მეტისმეტად შემზარავი შესახედავი იყო ჩვენი თოვლია.

ბიჭები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ; ერთი მათგანი კი ისე დაიბნა, რომ გაზონში გაიხლართა. როცა თოვლიამ ისინი კარგა მანძილზე გაჰფანტა, ლეკვს მოუბრუნდა და თითქმის გაჯავრებული ხმით უთხრა:

– წამოდი, სახლამდე მიგაცილებ.

თოვლია პარკის გასასვლელისკენ გაიქცა და გამხიარულებული ლეკვიც უკან აედევნა; ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა, ხან მერხების ქვეშ მიძვრებოდა, ხან კი ყვავილებში მიაბოტებდა, მირბოდა და ყელზე შებმულ თოკსაც მიათრევდა მიწაზე...

ერთი საათის შემდეგ თოვლია წითური ლეკვის თანხლებით იაფფასიანი კაფწს წინ იდგა. ნახევრადბნელ კაფეში დღისითაც კი ენთო ელექტროშუქი. შიგნიდან გარამოფონის ჩახლეჩილი ხმა ისმოდა.

– აი, აქ ვცხოვრობ, ამ კაფეში. თქვენ სადღა ცხოვრობთ, მამილო? – ჰკითხა თოვლიას ლეკვმა და კუდი ამაყადგაიქიცინა.

– მე? მე... აქედან კარგა მოშორებით, სულ სხვა ქუჩაზე – ნაღვლიანად ამოიოხრა თოვლიამ. – წავედი...

– მოითმინეთ, რა, მამილო! ძალიან ბრაზიანი პატრონი გყავთ?

– პატრონიო? რატომ მეკითხები?

– თუ ბრაზიანი არ არის, ამაღამ ჩვენთან დარჩენილიყავით. მაშინ დედიკოსაც საშუალება მიეცემა, ჩემი გადარჩენისთვის მადლობა მოგახსენოთ... სახლში ყველანაირი გემრიელი საჭმელი გვაქვს – რძე, ყავა, ბიფშტექსიც...

– გმადლობ, დიდად გმადლობ... გამასპინძლება შემდეგისთვის გადავდოთ, რადგან ჯერ კიდევ არ მომიმთავრებია ზოგიერთი საქმე. დედიკოს მოკითხვა გადაეცი.

თოვლიამ ცას ახედა, ერთი ამოიოხრა და წასასვლელად მიბრუნდა.

– მამილო, მამილო! – ლეკვმა წყენით გაჰკრა დრუნჩი, – თქვენი სახელი მაინც მითხარით. მე ნაპოლეონი მქვია, შინაურულად ნაპოტიანს, ნაპოკოს მეზახიან, თქვენ?

– მე თოვლია მქვია.

– თოვლია? აი, უცნაური სახელი! თქვენ ხომ მთლად შავი ხართ...

თოვლიას სუნთქვა შეეკრა.

– და მაინც თოვლია მქვია.

– რაკი ასეა, მაშინ, მამილო თოვლიას დაგიძახებთ. მამილო თოვლია, მალე გვეწვიეთ, თანაც ყოველ მიზეზგარეშე!

– აბა, ნაპოტიან, ნახვამდის!

– კარგად ბრძანდებოდეთ, მამილო თოვლია! ნახვამდის, ნახვამდის.

 

შემდეგ... ალბათ დაგაინტერესებთ, რა შეემთხვა შემდეგ თოვლიას. კაცმა რომ თქვას, არცა ღირს სიტყვის გაგრძელება – ისედაც ყველაფერი ცნობილია გაზეთებიდან. პრესაში მრავალი ცნობა გამოქვეყნდა შავ ძაღლზე, რომელსაც არაერთხელ უხსნია მრავალი გაჭირვებული აშკარა დაღუპვისაგან. ფილმიც კი გადაიღეს – «გმირი ძაღლი». ეს შავი ძაღლი, რა თქმა უნდა, თოვლია გახლდათ. იმათ კი, ვინც შემთხვევით ვერც გაზეთების წაკითხვა თავის დროზე და ვერც ფილმის ნახვა შეძლო, ვთავაზობთ ამონაწერებს ამ გაზეთიდან.

«ტოკიო ნიტინიტი», 18 ივლისი. გუშინ, დილის 8სთ.40წთ. იმ დროს, როცა ჩქარი მატარებელი ოუდან სადგურ ტაბატის მახლობლად გადასასვლელზე გადადიოდა, მეისრის უყურადღებობიდ შედეგად ფირმა «ტაბატა იტინისან კაისიას» მუშაკის სიბაიამა ტეცუტაროს ოთხი წლის ბიჭი სანეჰიკო ლიანდაგზე აღმოჩნდა და კინაღამ მატარებლის ქვეშ მოჰყვა. მავე წუთს ლიანდაგზე ელვისებური სისწრაფით აიჭრა დიდი შავი ძაღლი და ბიჭუნა პირდაპირ ბორბლებიდან გამოსწაცა ორთქმავალს. შემთხვევის ადგილზე ხალხი მოგროვდა, ატყდა ერთი აურზაური. ამასობაში ძაღლი ისე გაუჩინარდა, რომ მისი კისერი მაინც ვერ დაამშვენა მედალმა განწირულთა გადარჩენისათვის, რამაც რკინიგზის მესვეურნი ძალიან დააღონა».

«ტოკიო ასახი სიმბუნი», 1 აგვისტო. ამერიკელ ედუარდ ბერკლეის მეუღლეს, რომელიც ზაფხულის სეზონს კარუიძავაში ატარებს, ჰყავდა სპარსული ჯიშის კატა, რომელიც სოაცრად უყვარდა. ახლახანს აგარაკზე შეპარულა უშველებელი გველი და კატას სცემია. კატას მოულოდნელად საიდანღაც მოვარდნილი, ყველასათვის უცნობი შავი ძაღლი მიშვლებია, რომელსაც ოცწუთიანი ბრძოლის შემდეგ დაუფლეთია გველი. ამის მერე გულადი ძაღლი თვალს მიფარებია. მ-ს ბერკლეი 50 დოლარს სთავაზობს მას, ვინც ძაღლის ადგილსამყოფელს შეატყობინებს».

«კოკუმინ სიმბუნი». პირველი ნორმალური სკოლის სამი მოსწავლე, რომლებიც იაპონიის ალპების გადალახვისას უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ, 7 აგვისტოს ჩამოვიდნენ კამიკოტის ცხელ წყაროებთან. ალპინისტთა ეს ჯგუფი, ჰოტაკაიამასა და იარიგატაკეს შორის ასცდენია გზას; ღვართქაფსა და გრიგალში მოყოლილთ, თავშესაფარს მოკლებულსა და შიმშილისგან მისავათებულებს, აშკარა დაღუპვა ელოდათ. მოულოდნელად ხეობაში, რომისთვისაც ალპინისტებს შეუფარებიათ თავი, საიდანაც დიდი, შავი ძაღლი გამოჩენილა და წინ გაძღოლია მათ. ძაღლს გაყოლილი ალპინისტები ერთი დღე-ღამის სიარულის შემდეგ, როგორც იქნა, კამიკოტამდე მისულან. როგორც კი საკურორტო შენობების სახურავები გამოჩენია, ძაღლს სიხარულისგან რამდენიმეჯერ შეუყეფია და ბამბუკებში გაუჩინარებულა. ალპინისტებს მიაჩნიათ, რომ ძაღლის გამოჩენას ისინი ღმერთების მფარველობას უნდა უმადლოდნენ».

«ძიძი სიმპო», 13 სექტემბერი. ხანძარმა ნაგოიაში ათ ადამიანზე მეტი იმპსხვერპლა; ქალაქის თავმა კი კინაღამ ერთადერთი შვილიც დაკარგა. ვიღაცის დაუდევრობით სამი წლის ტაკენორი ალმოდებულ მეზოზინში დარჩენილა, მაგრამ იმავე წამს, როცა ბავშვს ცეცხლი უნდა წაჰკიდებოდა, ერთ შავ ძაღლს უტაცია პირი და გარეთ გამოურბენინებია. ქალაქის თავმა ქალაქ ნაგოიას მიდამოებში მოხეტიალე ძაღლების ხოცვა აკრძალა».

«იომიური სიმბუნი». ოდავარაში საგასტროლოდ ჩამოსულ მიიაგის სამხეცეში, რომელმაც რამდენიმე დღეში თავის გარშემო აურაცხელი მაყურებელი შემოიკრიბა, 25 ოქტომბერს, ციმბირულმა მგელმა უეცრად გამოამტვრია თავისი გალიის წნული, დაგლიჯა ორი დარაჯი და ჰაკონეს მიმართულებით გაიქცა. ოდავარას პოლიციის ხელისუფლებმა მთელი თანამშრომლები ფეხზე დააყენეს და ქალაქს ალყა შემოარტყეს. დღის 4ს.30წ. ხსენებული მგელი ძიუძის ქუჩებში გამოჩნდა და საიდანღაც მოვლენილ შავ ძაღლს შეება. ძაღლი მთელი ძალით იბრძოდა, ბოლოს ყელში სწვდა კბილებით და მიწაზე დაანარცხა იგი. ამ დროს პოლიციელებიც მივცვივდნენ და დამბაჩებით დაცხრილეს მგელი. ეს მგელი – Lუპუს გიგანტუს-ის სახელს ატარებს და ამ ჯიშის ყველაზე მძვინვარე ნაირსახეობას მიეკუთვნება. სამხეცის პატრონს მგლის მოკვლა უკანონობად მიაჩნდა და საპოლიციო უბანს სასამართლოზე გადაცემას უპირებს».

და ასე შემდეგ...

 

შემოდგომის ერთ ღამეს, სულიერად და ხორციელად დაქანცული თოვლია სახლში, თავის პატრონებთან დაბრუნდა.

გოგონა და ბიჭუნა დიდი ხნის დაძინებული იყვნენ. სახლში უკვე ყველა დაწოლილიყო. მიყუჩებულ ბაღში გაზონის თავზე, ნეკერჩხლის რტოებს ზემოთ. ვერცხლისფერი მთვარე ეკიდა. ტანდაცვარული, დაღლილი თოვლია ღია ყვითლად

შეღებილი ძველი ჯიხურის წინ მიეგდო, წინა თათები გაშალა, მთვარეს მიაჩერდა და აჩურჩულდა:

ოჰ, მთვარევ, მთვარევ! ჩემს თვალწინ დაიღუპა საწყალი მურა. მე კი მას ვერაფრით მივეხმარე. ალბათ ამიტომაც დავისაჯე! მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს პატრონებს, გოგონასა და ბიჭუნას დავცილდი, რა არ გადამხდა: გულადად ვებრძოდი ყოველგვარ ხიფათს, რადგან ჩემი თანმხლები სიშავე ყოველთვის ჩემს სილაჩრეს მოახსენებდა და თავს მჭრიდა. სიშავის ზიზღის გამო, მისგან თავის დაღწევის მიზნით ვვარდებოდი ცეცხლში, ვებრძოდი გველს, ვეჭიდებოდი მგელს, მაგრამ თითქოს თვით სიკვდილიც კი გამირბოდა... ძალა აღარ შემწევს, დავიტანჯე. ერთადერთი სურვილიღა დამრჩა – ერთხელ კიდევ დავინახო ჩემი საყვარელი პატრონები... ეჰ! მათ რომ ჩემი ცნობა შეძლონ! მაგრამ ეს წარმოუოდგენელია! ხვალ, როგორც კი გოგონა და ბიჭუნა მომკრავენ თვალს, კვლავ მაწანწალა ძაღლად ჩამთვლიან. იქნებ ბიჭმა ეკეპლის ცემითაც ამომხადოს სული. ახლა ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია. მხოლოდ ერთხელ დავინახო ისინი – ეს ერთადერთი დაუოკებელი სურვილიღა დამრჩა, ოი, მთვარევ! განა ასე ძნელია ჩემი სურვილის შესრულება... ერთხელ კიდევ შემახედა ჩემი საყვარელი პატრონების თვალებში! მხოლოდ ამისთვის მოვლასლასდი შუაღამისას შორეთიდან გემუდარები, მთვარევ ნათელო, გამომიწოდე მოწყალე ხელი, ამისრულე ერთადერთი ნატვრა-სურვილი...

დაასრულა თუ არა, დრუნჩი თათებში ჩამალა და ღრმა ძილს მიეცა.

– აი, სოაცრება, ჰარუო სან!

– რა მოხდა, დაიკო?!

თოვლია ბავშვების წკრიალა ხმამ გამოაღვძა. ძაღლის ჯიხურთან მდგარი გოგო და ბიჭი განცვიფრებული ეჰყურებდნენ ერთმანეთს. თოვლია ბალახს ჩააჩერდა. ზუსტად ასევე გაოცდნენ მაშინ გოგო და ბიჭი, როცა განგებამ იგი კუპრისფრად აქცია. იმ დღის გახსენებამ ნაღველით აავსო თოვლია. ინანა კიდეც დაბრუნება. სწორედ ამ დროს ბიჭუნა შეხტა და მთელი ხმით შეჰყვირა:

– მამა! დედიკო! თოვლია დაბრუნდა:

თოვლიაო! თოვლია ადგილიდან წამოფრინდა. მზად იყო გაქცეულიყო, მაგრამ გოგონა წინ გამოწვდილი ხელებით კისერზე დაეკიდა. თვალებში ჩახედა გოგოს და მის გუგებში დაინახა მკვეთრი ანარეკლი ნაკერჩხლის ქვეშ მდგარი ღია ყვითელი საძაღლე ჯიხურისა, ჯიხურის წინ კი ბრინჯის მარცვალივით ნამცეცა თეთრი ძაღლი. თვალი ვერ მოეწყვიტა ამ თეთრი ძაღლის ანარეკლისთვის.

– შეხე, ტირის თოვლია! – თქვა გოგონამ, უფრო მაგარდ მიიკრა ძაღლი მკერდზე და ძმისკენ შემობრუნდა.

ბიჭი...

ო, რა თვითკმაყოფილებით იყურებოდა იმ წუთში ბიჭი, – პატარა ხომ აღარა ხარ, რა გაზლუქუნებს!..

ასე გახდა თოვლია კვლავ ქათქათა თეთრი და დაუბრუნდა თავის საყვარელ პატრონს – გოგონას და ბიჭუნას. მაგრამ მათთვისაც და საერთოდ, ყველასთვის, დღემდე საიდუმლოდ დარჩა, რომ თოვლია სწორედ ის მამაცი შავი ძაღლი გახლდათ, რომელმაც მრავალ ადამიანს აჩუქა სიცოცხლე და ამით სამარადისო დიდება მოიპოვა.

საიდან ვიცი ყოველივე ეს? – მკითხავთ ალბათ. ეს მე მთვარემ მიამბო ერთ ღამეს, პირბადრმა მთვარემ.

 

ივლისი, 1923წ.

 

 

სანემონის დანაშაული

 

ეს მოხდა ბუნსეის მეოთხე წელს. ტირისდენის თვეში. კაგას მფლობელის, თავად ხარუნაგას ვასალმა, ქეშიკმა ხოსიო სანემონმა მოკლა ჭაბუკი კაძუმა, კინუგასა ტახეის, მისივე რანგის ქეშიკის, უმცროსი ვაჟი. მაგრამ ორთაბრძოლაში როდი მოუკლავს. – შემოაკვდა. ერთხელ როცა სანემონი მგოსანთა შეკრებიდან ბრუნდებოდა, ძაღლის ჟამისას საჯირითო მოედანს ჩაუარა და სწორედ ამ დროს ხმალამოწვდილი კაძუმა დაეცა თავს, მაგრამ მისივე ხელით დაიღუპა.

ამბავი ესე მისწვდა თავადის ყურს და ხარუნაგამ უბრძანა სანემონს, მის წინაშე გამოცხადებულიყო. არც არავის გაკვირვებია ეს ბრძანება.

ჯერ ერთი, – ბრძენკაცად იცნობდნენ ხარუნაგას. ყველა მნიშვნელოვან საქმეს თავად გადაწვეტდა ხოლმე. ვასალებს არ ანდობდა. ვიდრე ძირამდე არ ჩასდევდა ფესვს საქმისას, ვიდრე თავად არ განსჯიდა ჯერისამებრს, ვერ მოისვენებდა... განა ამას არ ადასტურებს ამბავი მისი ორი ბაზიერისა? ერთი რომ დააჯილდოვა, მეორე რომ დასაჯა? ამ ამბიდანაც ხომ ჩანს, რა კაცი ბრძანდებოდა ხარუნაგა, კაგას პატრონი. ამიტომაც არ იყო ზედმეტი ამის გახსენება.

ერთხელ ერთმა ბაზიერმა, მძლევარი ფრინველების თვალთვალი რომ ევალებოდა, აცნობა, – იტიკავას სოფლის ყანებში წითელნისკარტა წეროების გუნდი დაეშვაო. მისი ბრწყინვალება დიდად გაახარა ამ ცნობამ. ხვალისათვის მოითავეს მზადებანი და დილაადრიან გაემართნენ იტიკავას სანახებისკენ. ბაზთაგან უკეთესი შევარდენი, ფუძი-ცუკასას ჩვეულებრივ სამურაი აიმოტო კიძაემონი ბაზიერობდა, იმ დღეს კი თავად მისმა ბრწყინვალებამ მოინება საკუთარი ხელით ეტარებინა შევარდენი. რაღაც ხიფათად ამასწინანდელი წვიმებისაგან ყანებზე გამავალი ბილიკი მოლიპულიყო, და მის ბრწყინვალებას უცაბედად ფეხი დაუსხლტა, შევარდენი ოსწყდა მის ხელს. შეინავარდა და იმავე წამს აფრინდა წითელნისკარტა წეროების გუნდი, ცაში გაუჩინარდა. ამის დანახვისას კიზაემონმა, ბრაზისაგან გონდაკარგულმა, ერთი მაგრად შეუზახა:

– რა ჰქენი, ბრიყვო! – მაგრამ იმავე წამს გონს მოეგო, იაზრა, რომ მის წინაშე მისი ბრწყინვალება იდგა, მუხლებში ჩაუვარდა თავადს, ცივმა ოფლმა დაასხა. ასე ელოდა თავადის მოქნეულ ხმალს. მისმა ბრწყინვალებამ კი მხოლოდ გაიღიმა და ბრძანა:

– ჩემი ბრალია! მომიტევე, დამნაშავე ვარ!

ციხე-კოშკში დაბრუნებისას კიძაემონის ერთგული სამსახურითა და გულწრფელობით ნაამებმა თავადმა ახლად გატეხილი ყამირი მიწა უწყალობა, ასი კოდი ბრინჯის მოსავლიანი, და თანაც ბაზიერთუხუცესად დაადგინა.

იმხანად ფუძი-ცუკასას, შევარდენს, ვინმე სამურაი, სახელად იანასა სეიხატი მიუჩინეს. და მოხდა ისე, რომ შევარდენს რაღაც სენი შეეყარა. გამოიძახა მისმა ბრწყინვალებამ სეიხატი და ეკითხება:

– როგორაა ფუძი-ცუკასა, ჩემი შევარდენი?

ამ დროისათვის შევარდენი უკვე გამოჯანსაღებულიყო და სეიხატიმაც უპასუხა:

– საღადაა! იმდენად საღად, რომ კაცის დაკაწვრაც არ გაუჭირდება.

ეტყობა, არ ეთნო მის ბრწყინვალებას ასეთგვარი ტრაბახი, ამიტომაც ბრძანა:

– კეთილი, მაშ, გვაჩვენე კიდეც, როგორ დაეცემა კაცს.

რა ღონე ჰქონდა, იმ დღიდან სეიხატი დაადებდა ხოლმე თავზე თავის შვილს სეიტაროს თევზსა ან ნანადირევის ნამუსრევს, ან სხვა საქნიერს რასმე და მთელი დღეებით წვრთნიდა ფუძი-ცუკასას, ისე რომ, შევარდენი თანდათან შეაჩვია კაცის თავზე დაჯდომას. მაშინ ბევრი აღარ უფიქრია სეიხატის და ბაზიეთუხუცესის პირით შეუთვალა თავადს. მზად ვარ გიჩვენო შევარდენით კაცზე ნადირობაო, – რაზეც მისმა ბრწყინვალებამ ბრძანა:

– დიდად სასეიროა! ხვალვე ყველანი ერთად გავემართებით სამხრეთის ასპარეზზე. დაე, შევარდენმა შეიპყრას უფროსი სამურაი, ობა ძიუგენი, ჩაის სმის წესებს რომ განაგებს.

დილაადრიან, სისხამზე, მიადგა მისი ბრწყინვალება სამხრეთის ასპარეზს. ბრძანა, შუაგულ მინდორში დაეყენებინათ ობა ძიუგენი. ასეც მოიქცნენ და თავადმაც შესძახა:

– გაუშვი შევარდენი, სეიხატი!

– ამწუთას, თქვენო ბრწყინვალებავ! – და სეიხატიმ გაუშვა შევარდენი. ისარივით გავარდა ფრთოსანი, «ერთის იეროგლიფივით სწორი ხაზი გააავლო ჰაერში და ობა ძიუგენს დააცხრა თავზე.

– მოხვდა! – დასცა ყიჟინა სეიხატიმ, მოკლე სატევარი იშიშვლა (ფრინველთა გულ-ღვიძლის ამოსართმევად რომ ხმარობენ მონადირენი) და ობა ძიუგენს მიჰვარდა, რათა იქვე დაეკლა, მაგრამ ამ დროს გაისმა თავადის ხმა:

– რას სჩადი, სეიხატი!

გონს როდი მოეგო სეიხატი, წარმატებით გაბრუებული ცდილობდა მახვილი ეძგერებინა ობა ძიუგენისათვის, თან ბურტყუნებდა:

– რაკი შევარდენმა მოინადირა ნადირი, ხო უნდა ამოვართვა გულ-ღვიძლი.

მაშინ რისხვამ აიტანა მისი ბრწყინვალება და ბრძანა:

– თოფი! – მიართვეს თოფი და იმავ წამს მოცელილივით დაეცა სეიხატი. უებრო მსროლელი გახლდათ თავადი…

ეს ერთი. მეორე ის იყო, რომ თავადი ხარუნაგა დიდი ხანია, რაც გულისყურით აკვირდებოდა სანემონს. ერთხელ მოხდა ასეთი ამბავი: მოჯანყეთა დაშოშმინებისას თავში დაჭრეს სანემონი და კიდევ ერთი სამურაი. ეს სამურაი წარბებს შუა იყო დაჭრილი, სანემონს კი მარცხენა საფეთქლის ცისფერი ძარღვი შესიებოდა. ხარუნაგამ მოიხმო ორთავენი და გაკვირვებით იკითხა:

– სასწაული არაა? – მერე: – გტკივათ? – რაზეც იმ სამურაომ მიუგო:

– სულაც არ მტკივა. ბედზე გადავრჩი!

ხოლო სანემონმა პირქუში სახით ჩაიბურტყუნა:

– არ მტკივაო? მხოლოდ მკვდარს თუ არ ეტკინება ასეთი ჭრილობა.

მას შემდეგ დარწმუნდა ხარუნავა, რომ სანემონი პატიოსანი და გულმართალი კაცი იყო, სიცრუე არ ამოვიდოდა მისი პირიდან. «სხვისა რა მოგახსენოთ, ამ კაცს კი ვენდობი», – გაიფიქრა მაშინ თავადმა.

ასეთი კაცი იყო ხარუნაგა, კაგას მფლობელი. ამიტომაც ასე გადაწყვიტა: მოულოდნელი მკვლელობის გამოსაკვლევად პირადად დაეკითხა სანემონი.

თავადთან ხლების ბრძანება რომ მიიღო, გულჩათხრობილი წარდგა მის წინაშე სანემონი. გარნა დამნაშავე და მონანიე კაცის სახე არ ჰქონდა. დაძაგროდა ხმელი პირისახე, მღელვარებისგან გაქვავებოდა, რაღაც შინაგან შეუპოვრობას შეეპყრო.

– ამბობენ, კაძუმა მოულოდნელად დაგცემია თავს, სანემონ, – უქარაგმოდ დაიწყო თავადმა. – ალბათ გმტრობდა. რას გერჩოდა?

– მტრობის საბაბი ვერ გამიხსენებია.

მცირე ხანს დააყოვნა ხარუნაგამ და ისე ჰკითხა, თითქოს ცდილობდა კარგად მიეხვედრებინა სანემონისთვის შეკითხვის აზრი:

– კარგად გაიხსენე, იქნებ მიგიძღვოდა რაიმე ბრალი?

– არ მახსენდება... თუმცა კი მაქვს ერთი ვარაუდი... შესაძლოა ერთი რამის გამო გამინაწყენდა...

– მაინც რის გამო?

– ოთხი დღის უკან მოხდა ეს შემთხვევა. ფარიკაობის სკოლაში ყოველწლიური ასპარეზობა იყო გამართული. თქვენი ბრწყინვალების მასწავლებლის, იამამოტი კოძაემონის ნაცვლად მე დამადგინეს მსჯავრად. თუმცა მე ყოველთვის წვრთნადაუმთავრებელი სამურაების ორთაბრძოლას ვმსაჯობდი ხოლმე. კაძუმასც მე დამევალა ამჯერად.

– ვინ იყო მისი მეტოქე?

– სამურაი, სახელად ტამონი, თქვენი ბრწყინვალების ვასალის, ხირატა კიდაის ვაჟიშვილი და მემკვიდრე.

– და კაძუმა დამარცხდა ორთაბრძოლაში?

– დამარცხდა, თქვენო ბრწყინვალებავ. ორგზის შეეხო ტამონი კაძუმას მაჯას და ერთხელ თავს მისას. ამან კი ვერც ერთხელ ვერ უჩხვლიტა მოწინააღმდეგეს. სამივე წრეში სასტიკი მარცხი იწვნია კაძუმამ. მსაჯზე თუ დაიბოღმა, ჩემზე მოგახსენებთ, თქვენო ბრწყინვალებავ.

– ხომ არ იფიქრა კაძუმამ, მიკერძოებით სჯიდაო მსაჯი? ამას ვარაუდობ?

– ასე ვვარაუდობ, თქვენო ბრწყინვალებავ. მაგრამ მე არასოდეს მჩვევია ასეთი რამ. არც რაიმე საბაბი მქონია ოდესმე, ვინმესთვის მიმენიჭებინოს უპირატესობა. მაინც ვფიქრობ, რომ კაძუმა დაეჭვდა ჩემს სამართლიანობაში.

– მანამდე ხომ არ წალაპარაკებიხართ ერთმანეთს? ცილობა ხომ არ ჩამოვარდნილა თქვენ შორის? აბა, გაიხსენე?

– არა, არასდროს შევცილებივართ ერთმანეთს ოღონდ... – აქ ენა დაება სანემონს, ყოყმანისგან როდი; ჩანდა უზუსტეს სიტყვებს ეძებდა. რათა უკეთესად გამოეთქვა აზრი. – ოღონდ ერთხელ... ასპარეზობის წინადღით კაძუმამ ცემდა მოულოდნელად პატიება მთხოვა, უკმეხად მოგექეციო ამას წინათ. მე ვერაფერი გავიხსენე და ვკითხე, რას გულისხმობ-მეთქი. კაძუმას არაფერი უპასუხნია; ერთი კი გაიღიმა დარცხვენილმა. მაშინ ვუთხარი, არაფერი არ გადანაშაულებ, არაფერი მაქვს საპატიებელი მეთქი. მე მომეჩვენა, რომ დამიჯერა კაძუმამ, რაკი უკვე მშვიდად ჩაილაპარაკა, «მომჩვენებია... გთხოვ, გულიდან გადაიგდო ეს საუბარი...» ახლა კი მაგონდება, რომ ამის თქმისას კვლავ გაეღიმა კაძუმას, მაგრამ მორცხვად როდი, რაღაც ავი ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში...

– მაინც რას გულისხმობდა?

– ვერაფერს მივმხვდარვარ. რაღაც უმნიშვნელო რომ კი უნდა ყოფილიყო... ეს არის და ეს. სხვა რამ ცილობა ჩვენ არ გვქონია...

ერთხანს ორთავენი დუმდნენ.

– რა ზნის კაცი იო კაძუმა? ეჭვიანობა ხომ არ შეგიმჩნევია მისთვის?

– არა, არ შემიმჩნევია... კეთილი ზნისა იყო, გულგაშლილი... გრძნობების გამომჟღავნებისა არა რცხვენოდა. ფიცხი კი იყო... – დადუმდა ამ სიტყვებზე სანემონი. მერე ამოხვნეშით ჩაილაპარაკა: – ეს კია, რომ... ტამონთან ორთაბრძოლა მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო.

– ძალზე მნიშვნელოვანი? რატომ?

– კაძუმას გავლილი ჰქონდა წინასწარი გამოცდები. ამ ბოლოს რომ გაემარჯვა, მისი წვრთნა დასრულებულად ჩაითვლებოდა. თუმცა ტამონსაც ასე ჰქონდა საქმე. ორთავენი – ტამონიცა და კაძუმაც – ჭაბუკ სამურაებს შორის ყველაზე ნიჭიერი მოფარიკავეები იყვნენ.

ხარუნაგა ფიქრს მიეც ანაზდად, თითქოს რაღაც ახალი აზრი გაუჩნდაო. იმ საბედისწერო ღამის გამო გამოკითხვა დაუწყო ვასალს.

– ნამდვილად გიდარაჯებდა საჯირით მოედანთან კაძუმა?

– ასე გამოდის. იმ სუსხიან საღამოს მარტომ ჩავუარე მოედანს. მოსასხამი არ მქონდა თან და ქოლგის გაშლა მომიხდა. ანაზდად გაძლიერდა ქარი, თოვლმა ირიბად იწყო ცვენა და მეც მარცხნივ გადავხარე ქოლგა. სწორედ ამ დროს დამეცა კაძუმა და ამიტომაც ამცდა მისი მახვილი. მხოლოდ ქოლგას მოხვდა და გაფატრა.

– ისე მოგიქნია მახვილი, რომ არც კი შეგეხმიანა?

– ასე გამოდის.

– იცანი? რა იფიქრე?

– გაფიქრებაც ვერ მოვასწარი. მეყსეულად მარცხნივ ვუგანე და იმავ წამს გამიმეორა დარტყმა. ერთ მტკაველზე გამიფატრა ხალათის სახელო. კვლავ განზე გავხტი, მახვილი ვიშიშვლე და ვაძგერე. მკერდი გამიფატრავს მისთვის. რაღაც წამოიყვირა...

– მაინც რა?

– არ მახსოვს. ისე, უბრალოდ წამოიყვირა, რაღაც გამძვინვარებულმა... მაშინღა მივხვდი, კაძუმა რომ იყო.

– შენ ამბობ, ხმაზე ვიცანიო?

– არა, მაგას არ ვამბობ!

– მაშ, როგორღა მიხვდი, კაძუმა რომ იყო?

დუმდა სანემონი, არაფერი უპასუხნია თავადისთვის. მაშინ ხარუნაგამ მეტი დაჟინებით განუმეორა კითხვა. მაგრამ სანემონი კვლავ დუმდა, თავი დაეხარა და თავის ხამლებს ჩაშტერებოდა: ჰგავდა, არც კი აპირებდა ხმის ამოღებას.

– აბა, სანემონ! – ერთბაშად გადასხვაფერდა თავადი, მრისხანე და დიდებული იერი მიეცა. მსგავსი წამიერი ფერისცვალებანი სჩვეოდა ხარუნაგას. თავი არც აუწევია. ისე განახვნა სანემონმა ჯიუტად მოკუმული ბაგენი. მაგრამ მისთა ბაგეთაგან აღმომხდარი სიტყვები პირდაპირი პასუხი არ იყო პატრონის შეკითხვაზე. ხარუნაგას გასაოცრად, ეს იყო დანაშაულის თვინიერი აღიარება.

– დიახ, მძიმე ბრალი მაწევს, ტყუილუბრალოდ დავღუპე სამურაი, თქვენი ბრწყინვალების ძვირფას სამსახურში მდგარი.

მოიღრუბლა პატრონი. მიუმხვდარობა ეწერა სახეზე, მაგრამ მზერა, სანემონისკენ მიმართული, კვლავ მრისხანე და დიდებული იყო.

– სრული უფლება ჰქონდა კაძუმას ვძულებოდი, – განაგრძო ყმამ, – უსამართლოდ ვსჯიდი მათ ორთაბრძოლას.

კიდევ უფრო ჰქონდა კაძუმას ვძულებოდი, – განაგრძო ყმამ, – უსამართლოდ ვსჯიდი მათ ორთაბრძოლას.

კიდევ უფრო მოიღრუბლა ხარუნაგა.

– წეღან პირუთვნელობა ახსენე შენი. ირწმუნებოდი, ფიქრადაც არ მომსვლია, ვინმესთვის უპირატესობა მიმენიჭებინაო.

– მერწმუნეთ. მართალი ვთქვი წეღან. მზადა ვარ იგივე გავიმეორო... – დიდის ძალისხმევით არჩევდა სიტყვებს სანემონი, თითქოს მთელი გულისნადების გაცხადება სურსო. – აი, სად იყო უსამართლობა: მე მართლაც არ მქონია განზრახული

ხელი შემეწყო ტამონის გამარჯვებისა და კაძუმას დამარცხებისათვის. ჭეშმარიტად ასე ეს, როგორც წეღან მოვახსენე თქვენს ბრწყინვალებას. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ეს ჯერ კიდევ არაა იმის დასტური, თითქოს მე პირუთვნელად მოვიქეცი. მე შეგნებულად მეტ იმედებს ვამყარებდი კაძუმაზე. ტამონის ხელოვნება მანკიერია, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისაკენ მიისწრაფვის, ოღონდ გაიმარჯვოს, არაფერს არ დაგიდევს, სიმდაბლისაც არ შერცხვება. კაძუმა სხვაა – მისი ხელოვნება ამაღლებულია, კეთილშობილური. იგი ჭეშმარიტი ხელოვანია, ალალმართალი და პირდაპირი, მუდამ რომ მზადაა პირისპირ შეხვდეს მოწინააღმდეგეს. იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ორი-სამი წლის შემდეგ ტამონი აღარ ივარგებდა კაძუმას მეტოქედ...

– მაშ, რად მიუსაჯე დამარცხება კაძუმას?

– საქმეც ეგაა... სიმართლე გითხრათ, მე კაძუმას გამარჯვება მწადდა და არა ტამონისა. მაგრამ მე არ მავიწყდებოდა, რომ მსაჯი ვიყავ, ხოლო მსაჯმა გულიდან უნდა გადაიგდოს პირადი თანაგრძნობანი. როცა მარაომომარჯვებული დგახარ მოასპარეზეთა შორის, მხოლოდ ზეციურ კანონებს უნდა მისდევდე და არა გულისთქმას. ასეთია ჩემი რწმენა. ამიტომაც იმ ორთაბრძოლის დროს მარტოოდენ უზენაეს სამართალზე ვფიქრობდი. ოღონდ, წეღანაც მოგახსენებდით, გულის სიღრმეში მაინც მწადდა კაძუმას გამარჯვება. გულისხმიერი სასწორი მის სასარგებლოდ დაიწონა. და მოხდა ისე, რომ პინების გასაწონასწორებლად ტამონის პინაში ერთი მცირე საწონი ჩავაგდე... გვიანღა მივხვდი, ზედმეტი რომ მომივიდა; ძალზე ლმობიერად მოვექეც ტამონს, ხოლო კაძუმას მიმართ მეტისმეტი სისასტიკე გამოვიჩინე.

სანემონი კვლავ დადუმდა. თავადიც დუმდა ამბის მოლოდინში.

– აი, დგანან ერთმანეთის პირისპირ, დაძაბულან, თვალს არ აშორებენ ერთურთის ხმლის წვერს. არც ერთი არ იწყებს ბრძოლას... უცებ წამი მოიხელთა ტამონმა და შეეცადა ხმლის წვერით შეხებოდა კაძუმას თავს. კაძუმამ ბრწყინვალედ მოიგერია დარტყმა, საბრძოლო ყიჟინა დასცა და იმავ წამს მაჯაში მოახვედრა ტამონს ხმალი. სწორედ ამ წუთიდან ვიწყე უსამართლო სჯა. მე, რა თქმა უნდა, გამარჯვებად ჩავთვალე კაძუმას დარტყმა. მაგრამ გულში გავივლე თუ არა, «მარჯი-მეთქი», – მაშინვე ეჭვმა გამკრა, «მეტისმეტად სუსტი ხომ არ იყო-მეთქი დარტყმა?»... ამ ყოყმანმა შეარყია ჩემი სიმტკიცე: და მე არ აღვმართე მარაო კაძუმას თავზე, თუმცა ამგვარად კი უნდა მოვქცეულიყავ. მოწინააღმდეგენი ერთხანს კვლავ გაუნძრევლად იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და ზვერავდნენ ერთურთს. ამჯერად დაძუმა გახტა წინ, ტამონის მაჯა ამოიღო მიზანში. მაგრამ ტამონმა მოიგერია დარტყმა, იერიშზე გადავიდა მეყსეულად და კაძუმას ხელს შეახო ხმლის წვერი. ეს დარტყმა უფრო სუსტი, გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე წეღანდელი, კაძუმასეული. ყოველ შემთხვევაში უფრო მარჯვე დარტყმად ვერ ჩაითვლებოდა ტამონისეული დარტყმა... მაგრამ მე იმავ წამს აღვმართე მარაო ტამონის ტავზე. ამრიგად, პირველ შეტაკებაში გამარჯვება ტამონს ხვდა წილად. «ეს რა ჩავიდინე-მეთქი», – გამიელვა თავში შიშნეულმა ფიქრმა, მაგრამ მაშინვე რაღაც სხვა ხმამაც ჩამჩურჩულა: «არა, მსაჯი არ შეცდებოდა. და თუ ახლა მეჩვენება, რომ შეცდომა დავუშვი, ეს მხოლოდ იმის გამოა, რომ ზედმეტად ვწყალობ კაძუმას...»

– შემდეგ რა მოხდა? – წყენანარევი ხმით იკითხა ხარუნაგამ, რაკი სანემონი კვლავ დადუმდა.

– მეტოქენი კვალვ ერთმანეთის პირდაპირ დადგნენ. შეტაკება ამჯერად დიდხანს გაგრძელდა. ანაზდეულად ხმალი გადაუჯვარედინა ტამონს კაძუმამ და ყელში მოარტყა ხმლის წვერი. ეს იყო ელვისებური დარტყმა, ძლიერი და სუსტი.

– მაგრამ წამსაც არ გაუვლია, რომ ახლა კაძუმას თავს შეეხო ტამონის ხმალი. მე მათ შორის აღვმართე მარაო, რათა ფრე გამომეცხადებინა. მაგრამ, ვინ იცის, იქნებ არც კი ვიყავ სწორი... ალბათ გამიძნელდა გამოცნობა, ვინ სჩხვერა პირველმა... თუმცა არა, ყელს უფრო ადრე მომიხვდა ხმალი, ვიდრე მეორე ხმალი თავს მოხვდებოდა. ასე მომივიდა, რა ვქნა. ფრეს გამოცხადების შემდმეგ მეტოქენი მესამეგზის შეემზადნენ შესარკინებლად, კვლავ დადგნენ წესისამებრ და ზვერავდნენ ერთმანეთს. ახლაც პირველმა კაძუმამ დაიწყო ბრძოლა, ამჯერადაც მიზანში მოწინააღმდეგის ყელი ამოიღო. წინ გახტა, მაგრამ ძალზე მაღლა მოუვიდა ხმლის აწევა და ტამონს შეეძლო მისწვდენოდა მის მკერდს... ამის შემდეგ კიდევ ათი წუთი მძვინვარებდა ორთაბრძოლა. საბოლოოდ ტამონის ხმალი მისწვდა კაძუმას თავს...

– როგორი იყო დარტყმა?

– ბრწყინვალე და უზუსტესი. ახლა კი ყველა ცხადად დაინახავდა ტამონის უპირატესობას. ამ ხელმოცარვამ გააცოფა კაძუმა. ასერიგად აღელვებულს რომ ვხედავდი, კიდევ უფრო მომინდა მისი გამარჯვება. მომინდა და კიდევ უფრო მომეძალა ყოყმანი: ვერა და ვერ გავბედე, კაძუმას თავზევით ამეწია მარაო. მეტოქენი კვლავ შებნენ ერთმანეთს და უცებ კაძუმა – ვერც კი მივხვდი რას ეპირებოდა – შეეცადა ახლოს მიდგომოდა ტამონს. ვერ მივხვდი-მეთქი, იმიტომ მოგახსენებთ, რომ კაძუმა ჩვეულებრივ არ იყენებდა ახლოდგომის ილეთს. სუნთქვა შემეკრა. მოსახდენი მოხდა: ტამონმა მკერდი გამოაჩინა და იმავ წამს მისი ხმლის წვერი ელვის სისწრაფით შეეხო კაძუმას თავს... მესამედ მომიხდა მარაოს აწევა ტამონის თავზე... აი, სად ვუღალატე პირუთვნელობას, შესაძლოა ერთადერთი ზედმეტი ბუმბული დავაწონე ჩემი სულის სასწორის პინას... და ესეც საკმარისი გახდა, რომ წონასწორობა დარღვეულიყო: კაძუმამ წააგო მისთვის ეგზომ მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა. ამიტომაც მეჩვენება ახლა, რომ იგი სამართლიანად გაწყრა ჩემზე...

– ამან ხომ არ მიგახვედრა, რომ იმღამინდელი თავმდამსხმელი კაძუმა იყო?

– დარწმუნებული არ ვარ, თქვენო ბრწყინვალებავ, მაგრამ ახლა, როცა ყველაფერს ვიხსენებ, თანდათან ვრწმუნდები, რომ დანაშაულის გრძნობა ბუდობდა ჩემში, სადღაც, სულის ფსკერზე... სწორედ დანაშაულის გრძნობამ მიმახვედრა, რომ კაძუმა იყო, ვინც თავს დამესხა.

– ნანობ, რომ შემოგაკვდა?

– ვნანობ, თქვენო ბრწყინვალებავ. რაც მთავარია, ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ ასე სასტიკად მოვუსპე სიცოცხლე სამურაის, თქვენი ბრწყინვალების მოყმეს... – სიტყვა გაწყვიტა სანემონმა და ჩაჰკიდა ბრალეული თავი. დეკემბრის სუსხის მიუხედავად, ოფლს მოეცვარა მისი შუბლი. თავადმა ხარუნაგამ კი, რომელიც ამასობაში კარგ გუნებაზე დამდგარიყო, რამდენჯერმე დაუქნია თავი, თითქოს საკუთარ აზრებს დასცაო დასტური.

– კეთილი... კეთილი... გატყობ, რა ცეცხლი გიკიდია. იქნებ არც კი მოიქეცი კარგად. მაგრამ რას იზამ, საშველი არ არის... ამიერიდან კი ეცადე, რომ, – შუაზე გაწყვიტა უცებ სათქმელი ხარუნაგამ და სწრაფი მზერა ესროლა ყმას. – როცა მახვილი ჩაეცი, ხომ იცოდი უკვე, რომ შენ წინაშე კაძუმა იყო? რატომ მოჰკალ?

პასუხად ჯიქურ ასწია თავი სანემონმა. მისი თვალები, ალმასებივით რომ კიაფოდნენ შავგვრემან სახეზე, წინანდელი შეუდრკელობით ენთნენ.

– მოვალე ვიყავ, მომეკლა! სანემონი ტქვენი ბრწყინვალების მსახურია. ამას გარდა სამურაიც ხომ გახლავთ იგი. რაც უნდა მებრალებოდეს ახლა კაძუმა, ავაზაკს ვერ შევიბრალებდი!

 

დეკემბერი, 1923წ.

 

 

 

 

დიალოგი წყვდიადში

 

ხმა. სულ სხვა კაცი აღმოჩნდი, ვიდრე მეგონე.

მე. მაგაზე მე არ ვაგებ პასუხს.

ხმა. განა შენ თვითონ არ ამიბნიე თავგზა?

მე. არა. მე არასოდეს მიცდუნებიხარ.

ხმა. თითქოს მშვენიერებაც გიყვარდა. თუ მომაჩვენე, რომ გიყვარდა?

მე. დიახ. მე მიყვარს მშვენიერება.

ხმა. რაო? მშვენიერებაო? თუ ქალი?

მე. ერთიც და მეორეც.

ხმა. (ცივი ირონიით). განა ეს ურთიერთსაწინააღმდეგოდ არ მიგაჩნია?

მე. ნეტა თუ ვინმეს მიაჩნია?! ქალის მოთაყვანეს იქნებ სულაც არ მოსწონდეს ძველებური ფაიფური, მაგრამ ეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერა გრძნობს მთელ ხიბლს ძველებური ფაიფურისას.

ხმა. ესთეტმა ამ ორში ერთ-ერთი უნდა აირჩიოს.

მე. სამწუხაროდ მე ნდომასაყოლილი კაცი უფრო ვარ ბუნებით, ვიდრე ესთეტი. თუმცა, მომავალში, ვინ იცის, შეიძლება ძველებური ფაიფური ვამჯობინო ქალს.

ხმა. თანმიმდევრულობა გკლებია.

მე. შეიძლება, მაგრამ თუ ასეა, მაშინ ინფლუენციით ავადმყოფი, ცივი ტილოებით რომ სისტემატურად იზელს ტანს, ყველაზე თანმიმდევრული კაცი ყოფილა.

ხმა. თავს ნუ იკატუნებ. თითქოს ძლიერი იყო. სუსტი ხარ შინაგანად! და აგრე იმიტომ ლაპარაკობ, რომ საზოგადოების შემოტევები თავიდან აიცილო.

მე. რაღა თქმა უნდა, მაგის დავიწყება არ ძალმიძს. თუ თავდასხმები არ ავიცილე, ბოლო-ბოლო გავისრისები და ეგ იქნება.

– ხმა. ო, რა უსირცხვილო ხარ!

მე. სულაც არა ვარ უსირცხვილო. პირიქით, უმნიშვნელო მიზეზიც კი ისე გამიცივებს ხოლმე გულს, თითქო ყინულს შევხებოდე.

ხმა. მაშ, საკუთარი თავი ძალ-ღონით სავსე კაცად მიგაჩნია?

მე. რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაზე ძლიერი მაინც არა ვარ. ყველაზე ძლიერი რომ ვყოფილიყავ, ალბათ მთლად გავკერპდებოდი იმ კაცის მსგავსად, სახელად გოეთე რომ ერქვა.

ხმა. წმინდა იყო სიყვარული გოეთესი.

მე. ეგ სიცრუეა. ლიტერატურის ისტორიკოსების მიერ მოჭორილი სიცრუე. ოცდათხუთმეტი წლის გოეთე უეცრად იტალიაში გაიქცა. დიახ, ეს სხვა არა იყო რა, გარდა გაქცევისა. და ეგ საიდუმლო, გოეთეს გარდა, მადამ შტაინმა იცოდა მხოლოდ.

ხმა. შენი ნათქვამი თავდაცვისათვის გამიხმულსა ჰგავს. თავდაცვაზე იოლი კი არაფერია.

მე. თავდაცვა არც ისე ადვილი საქმეა. ადვილი რომ იყოს, აღარც ვექილის პროფესია იარსებებდა.

ხმა. ცბიერო ყბედო! იქნებ გგონია ვინმეს მოუნდეს შენთან ურთიერთობა?!

მე. არც მაგას ვინაღვლებ. სამაგიეროდ, ურთიერთობა მაქვს ხეებთან და ნაკადულებთან, სულს რომ სიხარულით მიჩქროლებენ. სამასიოდე წიგნიცა მაქვს. ჩემთვის ძვირფასი, იაპონური და ჩინური, დასავლური და აღმოსავლური.

ხმა. იცოდე, მკითხველები სამუდამოდ შეგაქცევენ ზურგს.

მე. სამაგიეროდ, მომავალში დამაფასებენ.

ხმა. მომავლის მკითხველები სადღეისო პურს თუ გაჭმევენ ნეტა?

მე. არც დღევანდელი მკითხველები მავსებენ ოქროთი. ჩემი უმაღლესი ჰონორარი გვერდში ათი იენია.

ხმა. თითქოს რაღაც ქონებაც გებადა?

მე. მთელი ჩემი ქონება კატის შუბლისოდენა ნაკვეთია ჰონძიოში. ხოლო ჩემს თვიურ შემოსავალს, ყველაზე იღბლიან დროსაც, კი, არ გადაუჭარბებია სამასი იენისათვის.

ხმა. სახლი რომ გაქვს კიდევ? აგრეთვე, ქრესტომათია ახალი ლიტერატურისა...

მე. იმ სახლმა სისხლი გამიშრო. ქრესტომათიის შემოსავალი კი შენთვის დამითმია. ოთხასი თუ ხუთასი იენი მომიტანია სულ, ეგ იყო და ეგ.

ხმა. განა თვითონვე არ შეადგინე ის ქრესტომათია? სხვა რომ არა, ეგეც გეყოფოდა სირცხვილად და თავის მოჭრად.

მე. ვითომ და რატომ?

ხმა. იმიტომ, რომ განათლების მუშაკებს მიეტმასნე.

მე. სიცრუეა! პირიქით, განათლების მუშაკები მოგვეკედლნენ ჩვენ. მე მხოლოდ მათი გასაკეთებელი საქმე ვიტვირთე.

ხმა. არ დაგავიწყდეს, რომ მაინც ნაცუმე-სენსეის მოწაფე ხარ.

მე. ცხადია, ნაცუმე-სენსეის მოწაფე ვარ. შენ ალბათ იმ სოსეკი-სენსეის გულისხმობ, მწერალი რომ იყო, მაგრამ ნაღდად არ გეცოდინება მეორე, სხვაგვარი ნაცუმე-სენსეი, გენიალური, შეშლილს რომ ჰგავდა.

ხმა. შენ იდეები არ გაგაჩნია. და თუ ზოგჯერ მაინც გაგიჩნდება, ისიც ურთიერთსაწინააღმდეგო იქნება.

მე. ეგ მხოლოდ ჩემს წინსვლაზე მეტყველებს. იდიოტი თუ იქნება ბოლომდე დარწმუნებული, რომ მზე კასრზე მცირეა ზომით.

ხმა. ეგ ქედმაღლობა იქნება, სულს რომ ამოგხდის.

მე. ზოგჯერ ასე ვფიქრობ: იქნებ არა ვარ იმათთაგანი, ვისაც საკუთარ საწოლი უწერია სიკვდილი?

ხმა. ეტყობა არ გეშინია სიკვდილისა? ჰა?

მე. მეშინია, მაგრამ არ მიმძიმს. ჩემივე ნებით არაერთხელ გამიყრია ყულფში თავი. და ოციოდე წამის ტანჯვის შემდგომ, ასე გასინჯე, რაღაც სასიამოვნო განცდაც კი მეუფლებოდა ხოლმე. მე უყოყმანოდ შემიძლია მოვკვდე არა მარტო მაშინ, როცა სიკვდილს თვალებში ჩავცქერი, არამედ მაშინაც, როცა რაიმე უსიამოვნო შემემთხვევა.

ხმა. თუ ეგრეა, რატომ არ კვდები? განა არ იცი, რომ კანონით დამნაშავედ ითვლები?

მე. გეთანხმები. დამნაშავე ვარ ისევე, როგორც ვერლენი, ვაგნერი, ანდა დიდებული სტრინდბერგი.

ხმა. მაგრამ შენ სულ არ ცდილობ საკუთარ ცოდვათა გამოსყიდვას.

მე. არ არსებობს ტანჯვაზე დიდი გამოსასყიდი.

ხმა. გამოუსწორებელი არამზადა ხარ!

მე. თუ სიმართლე გინდა, ქველმოქმედი უფრო მეთქმის. არამზადა განა ასე გაიწამებდა თავს? ვისარგებლებდი ქალების სიყვარულით და ფულს დავცინცლავდი მათ.

ხმა. მაშინ იდიოტი ყოფილხარ.

მე. ჰო. რაღა დაგიმალო, ვარ. «შლეგის აღსარება» ჩემთვის სულიერად ძალზე ახლობელმა იდიოტმა დაწერა.

ხმა. თანაც, სულ არ გცოდნია ცხოვრება.

მე. ცხოვრების ცოდნა ერთობ უმთავრესი იყოს, საქმოსნები ყველაზე საპატიო ადგილზე წამოსხდებოდნენ.

ხმა. შენ თითქოს გეზიზღებოდა სიყვარული. ახლა ვხედავ, თურმე სიყვარულს აღმერთებდი მხოლოდ.

მე. არა, სულაც არ ვაღმერთებ სიყვარულს. მე პოეტი ვარ, შემოქმედი.

ხმა. ჰო, მაგრამ განა სიყვარულის გულისათვის არ მიატოვე დედა და მამა, ცოლი და შვილები?

მე. ტყუი! მე ისინი მხოლოდ ჩემივე გულისათვის მივატოვე.

ხმა. მაშასადამე, ეგოისტი ყოფილხარ.

მე. სამწუხაროდ, არა. მინდოდა კი, ვყოფილიყავი.

ხმა. თანამედროვე «ეგოს» კულტითა ხარ მოწამლული.

მე. ამიტომაცა ვარ თანამედროვე ადამიანი.

ხმა. მაგრამ დღევანდელი ადამიანი ვერ შეედრება გარდასული დროისას.

მე. ოდესღაც გარდასული ხანის ადამიანებიც თანამედროვენი იყვნენ.

ხმა. არ გეცოდება საკუთარი ცოლ-შვილი?

მე. განა ვინმე მოიძებნება, ვისაც ცოლ-შვილი არ ეცოდება? წაიკითხე გოგენის წერილები.

ხმა. გამოდის, რომ ყველაფერს ამართლებ, რაც ჩაგიდენია.

მე. ყველაფერს რომ ვამართლებდე, კამათსაც არ დაგიწყებდი.

ხმა. მაშ, თავის მართლებას არ მოჰყვები?

მე. მე ვურიგდები საკუთარ ხვედრს!

ხმა. ჰო, მაგრამ პასუხისმგებლობას რაღას უპირებ?

მე. ერთ მეოთხედზე ჩემმა წარმომავლობამ აგოს პასუხი, მეორე მეოთხედზე – გარემო პირობებმა, მესამე მეოთხედზე – სემთხვევითობამ, ცემდა წილად პასუხისმგებლობის ერთი მეოთხედიღა რჩება.

ხმა. რა წვრილმანი ადამიანი ხარ!

მე. ყველა ცემსავით წვრილმანია.

ხმა. სატანისტი ყოფილხარ.

მე. სამწუხაროდ, არა ვარ სატანისტი. განსაკუთრებულ ზიზღსაც მგვრიდა უსაფრთხოების ზონაში მოქცეული სატანისტები.

ხმა. (ერთ ხანს ჩუმადაა.) აშკარაა, რომ იტანჯები. ამაში მაინც გამოტყდი.

მე. ნუ აჭარბებ! ვინ იცის, იქნებ მეამაყებოდეს კიდეც ჩემი ტანჯვა. ეგეც არ იყოს, ძლიერებს არ ეშინიათ, რომ დაკარგავენ იმას, რაც მიიღეს.

ხმა. შეიძლება პატიოსანი იყო. მაგრამ ვაი, თუ მასხარა ხარ და მეტი არაფერი.

მე. მაგას მეც ვფიქრობ: ვინა ვარ, ბოლოს და ბოლოს?

ხმა. შენ ყოველთვის გწამდა, რომ რეალისტი ხარ.

მე. ჰოი, იმდენად იდეალისტი ვიყავი, რომ მწამდა.

ხმა. იცოდე, დაიღუპები.

მე. შესაძლოა. მაგრამ რამაც მე შემქმნა, შექმნის მეორე «მეს».

ხმა. ჰოდა, რაკი აგრეა, იტანჯე. მე ხელი დამიბანია.

მე. მოიცა! ჯერ ეს მითხარი, უხილველო და მოუხელთებელო, რომ არ მასვენებ იდუმალ ხმებით, ვინა ხარ შენ?

ხმა. მე? ის ანგელოზი ვარ, იაკობს რომ ებრძოდა ქვეყნიერების გარიჟრაჟზე.

ხმა. შენ ვაჟკაცი ხარ გასაოცარი.

მე. არა, მე არ გამაჩნია ვაჟკაცობა. გულადი რომ ვიყავი, ჩემივე ნებით კი არ ჩავუვარდებოდი ლომს ხახაში, მოვუცდიდი, როდის გადამსანსლავდა თვითონ.

ხმა. მაგრამ შენს საქციელში რაღაც ადამიანური მაინც არის.

მე. რაღაც ადამიანური ამავე დროს მხეცურიცაა.

ხმა. შენ სააუგო არაფერი ჩაგიდენია. მხოლოდ ეგაა, იტანჯები ამჟამინდელი საზოგადოებრივი წყობილების გამოისობით.

მე. საზოგადოებრივი წყობა კიდევაც რომ გამოიცვალოს, ჩემი საქციელი მაინც გააუბედურებდა ვინმეს.

ხმა. მაგრამ თავს მაინც არ იკლავ. ეტყობა, მართლავ გაგაჩნია ერთგვარი ძალა.

მე. არაერთხელ დავაპირე თავის მოკვლა. მინდოდა ჩემს სიკვდილს ბუნებრივი ელფერი ჰქონოდა და ამიტომ, ყოველდღიურად ათ-ათ ბუზს ვჭამდი. ბუზების გადაყლაპვა, თუ მათ წინასწარ დაანამცეცებ, იოლია, მაგრა მათი ღეჭვა საზიზღრობაა.

ხმა. სამაგიეროდ, შენ დიდების გვირგვინს დაიდგამ.

მე. ჩირადაც არ მიღირს დიდება. აი, სულის სიმშვიდე კი ნამდვილად მენატრება. წაიკითხე ვაგნერის წერილები. იგი წერს, საყვარელ ქალთან და ორ-სამ ბავშვთან ერთად ცხოვრებისათვის, სამყოფი ფული რომ მქონოდეს, დიდად კმაყოფილი ვიქნებოდი იმ ხელოვნების გარეშეც, რომელსაც ვქმნიო. ასე ფიქრობს ვაგნერი, ისეთი აშკარა ინდივიდუალისტიც კი, როგორიც ის გახლდათ.

ხმა. ვხედავ, მართლა იტანჯები, არც სინდისგარეცხილი კაცი ჩანხარ.

მე. მე არ გამაჩნია სინდისი. მე ნერვები მაქვს მხოლოდ.

ხმა. შენი ოჯახური ცხოვრება ვერ წარიმართა ბედნიერად.

მე. მიუხედავად ამისა, ცოლი ყოველთვის ერთგული იყო ჩემი.

ხმა. შენს ტრაგედიაში ცივმა გონებამ იმაზე მეტი წილი დაიდო, ვიდრე ამას სხვათა ცხოვრებაში ვხედავთ.

მე. ტყუი. ჩემს თავზე დატრიალებულ კომედიაში ცხოვრების ცოდნა იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ადამიანებს ახასიათებთ.

ხმა. შენ პატიოსანი ხარ. სანამ რაიმე გახმაურდებოდა, თვითონვე ყველაფერში გამოუტყდი საყვარელი ქალის ქმარს.

მე. ეგეც ტყუილია. კრინტიც არ დამიძრავს, ვიდრემდის ძალა მყოფნიდა.

ხმა. შენ პოეტი ხარ, შემოქმედი. ამიტომ ყველაფერი გეპატიება.

მე. დიახ. მე პოეტი ვარ, შემოქმედი, მაგრამ წევრიცა ვარ საზოგადოებისა და განა გასაკვირია, რომ მეც ჩემს ჯვარს ვეზიდებოდე? თანაც იგი არც ისე მძიმეა.

ხმა. შენ გავიწყდება საკუთარი «მე». პატივი ეცი შენს ინდივიდუალობას, და გეზიზღებოდეს სულმდაბალი ხალხი.

მე. რჩევის გარეშეც ვაფასებ საკუთარ ინდივიდუალობას, მაგრამ ხალხი სულაც არ მეზიზღება. ერთხელ ასე ვთქვი: «ძვირფასი ნივთი იოლად იმსხვრევა, კრამიტი კი

არა». შექსპირი, გოეთე, ტიკამაცუ მონძაემონი ოდესმე დავიწყებას მიეცემიან, მაგრამ მათი წარმომშობი წიაღი – ხალხი – უკვდავია. ყოველგვარი ხელოვნება, როგორც უნდა შეიცვალოს მისი ფორმა, ხალხის საშოში ისახება.

ხმა. შენს ნაწერებს ორიგინალობის ბეჭედი აზის.

მე. არა, ჩემი ნაწერები არ გამოირჩევა ორიგინალობით. ან ვინაა ორიგინალური? ყოველივე იმას, რაც სხვადასხვა დროის ტალანტებმა შექმნეს, საკმაოდ დაეძებნება პროტოტიპები. ჰოდა, მეც არაერთხელ გამიქურდავს ვინმე.

ხმა. მაგრამ შენ ხომ მოძღვრავ კიდეც სხვებს!

მე. მე მხოლოდ შეუძლებელს ვქადაგებდი მუდამ.

ხმა. ნუ შეეჭვდები, რომ ზეკაცი ხარ.

მე. არა, მე არა ვარ ზეკაცი. და არც ვინმეა ზეკაცად დაგულვებელი. ზეკაცი მხოლოდ ზარატუსტრა იყო, მაგრამ როგორი სიკვდილი ეწია ზარატუსტრას, ეგ თვით ნიცშემაც არ იცის.

ხმა. შენც კი გეშინია საზოგადოებისა.

მე. ნეტა თუ ვინმეს არ ეშინია?

ხმა. გაიხსენე უაილდი. სამი წელი რომ გაატარა ციხეში. იგი ამბობდა: «თავს მხოლოდ საზოგადოებისგან დამარცხებული კაცი იკლავს».

მე. უაილდმა არაერთხელ განიზრახა ტავის მოკვლა ციხეში და თუ არ მოიკლა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოახერხა.

ხმა. დათრგუნე კეთილი და ბოროტი!

მე. მე სწორედ ახლა მინდა სიკეთის მთესველი ვიყო.

ხმა. ძალზე მარტივი ხარ.

მე. არა ძალზე რთული.

ხმა. მაგრამ შეგიძლია გულმშვიდად იყო, მკითხველი ყოველთვის გეყოლება.

მე. კი, თუ საავტორო უფლება გაუქმდება.

ხამა. შენ ახლაც გტანჯავს სიყვარული.

მე. სიყვარულიო? ეგ საკენკი პირტიტველა ლიტერატორებს დაუყარე. მე მხოლოდ წავიბორძიკე სიყვარულზე.

ხმა. სიყვარულზე წაბორძიკებისაგან არავინაა დაზღვეული.

მე.ეგ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ყველა ეიძლება იოლად აცდუნოს ფულმა.

ხმა. შენ გაკრული ხარ ცხოვრების ჯვარზე.

მე. ეგ სულაც არ მეამაყება. საყვარლის მკვლელი და სხვათა ფულის მიმტაცებელიც გაკრულნი არიან ცხოვრების ჯვარზე.

ხმა. ცხოვრება არც ისე შავბნელია, როგორც შენ სახავ.

მე. ცნობილია, რომ ცხოვრება ყველასათვის შევბნელია, მხოლოდ «რჩეული უმცირესობაა» გამონაკლისი. «რჩეულ უმცირესობას» კი, სხვაგვარად, იდიოტებს და არამზადებს უწოდებენ.

ხმა. ჰოდა, იტანჯე, რამდენიც გენებოს. მიცანი? მე ის გახლავარ, რომელიც ვითომდა იმიტომ მოგევლინე, რომ სულის სიმშვიდეს გაზიარო მე. ქოფაკი ხარ შენ! ეშმა ხარ, ოდესღაც ფაუსტს ქოფაკის სახით რომ გამომეცხადა.

ხმა. რას საქმიანობ?

მე. ვწერ.

ხმა. რატომ წერ?

მე. მხოლოდ იმიტომ, რომ არ შემიძლია არ ვწერო.

ხმა. ჰოდა, წერე. წერე სიკვდილამდე.

მე. თავისთავად ცხადია. სხვა რა დამრჩენია.

ხმა. მეტისმეტად მშვიდად გამოიყურები.

მე. სულაც არა ვარ მშვიდი. კარგად რომ მიცნობდე, გაიგებდი ჩემს წამებას.

ხმა. სად გაქრა ღიმილი შენი?

მე. ღმერთებს დაუბრუნდა ცაში. ცხოვრებას რომ ღიმილი აჩუქო, საჭიროა, მქონდეს ჯერ ერთი, გაწონასწორებული ხასიათი, მეორე – ფული, მესამე – უფრო ძლიერი ნერვები, ვიდრე მე მაქვს.

ხმა. მაგრამ შენ ახლა, მგონი, გულზე მოგეშვა.

მე. ჰო, გულზე მომეშვა, მაგრამ სამაგიეროდ შიშველი მხრებით მიჭირავს ტვირთი მთელი ცხოვრებისა.

ხმა. აღარაფერი დაგრჩენია გარდა იმისა, რომ შენს ჭკუაზე იცხოვრო. ანდა, შენს ჭკუაზე...

მე. ჰო, არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ჩემს ჭკუაზე მოვკვდე.

ხმა. და შენ ახალ ადამიანად გარდაიქმნები, სრულიად სხვა ადამიანად, ვიდრე იყავი.

მე. მე იგივე დავრჩები მარად. მხოლოდ პერანგს კი გამოვიცვლით ვითარცა გველი...

ხმა. შენ ყველაფერი იცი.

მე. არა, ყველაფერი როდი ვიცი, ის, რაც ვიცი, მხოლოდ ნაწილია ჩემი სულისა. ხოლო რაც არ ვიცი, იგი ჩემი სულის უდაბნოა, გადაშლილი უკიდეგანოდ. მე მეშინია მისი. სინათლეში ურჩხულები ვერ იბუდებენ, მაგრამ უსაზღვრო წყვდიადში მუდამ თვლემს რაღაც გამოუცნობი.

ხმა. ჩემი ბავშვი ხარ შენც.

მე. ვინა ხარ? წეღან რომ მეამბორე? თუმცა ჰო, ვიგობ.

ხმა. მაინც ვინა გგონივარ?

მე. შენ ისა ხარ, ვინც სამუდამოდ წამართვა სულის სიმშვიდე. ვინც შემუსრა სიხარული ჩემი. მაგრამ მხოლოდ ჩემი? შენ ისა ბრძანდები, ვისი წყალობითაც დაგვეკარგა სულიერი წინასწორობის შეგრძნება, აგრე დაჟინებით რომ გვასწავლიდა ძველი ჩIნელი ბრძენი. ყველაფერს მისწვდა შენი მსახვრალი ხელი: ლიტერატურის ისტორიასაც, საგაზეთო სტატიასაც.

ხმა. მაინც რა სახელს დამარქმევდი?

მე. მე... არ ვიცი, რა გიწოდო. მაგრამ თუ სხვებსაც დაეჯერებათ, შენ ის ძალა ხარ, ჩვენ რომ დაგვჯაბნე. შენ დემონი ხარ, ჩვენი განმგებელი.

ხმა. შეგიძლია მოულოცო საკუთარ თავს. მე არავისთან დავდივარ სალაპარაკოდ.

მე. მე ძალიან ვეცდები ავირიდო შენთან შეხვედრა. იქ, სადაც შენ გამოჩნდები, იმღვრევა სიმშვიდე სულისა. შენ რენტგენის სხივებივით ყველაფერში აღწევ.

ხმა. ჰოდა, წინასწარ გაფრთხილდი.

მე. რაღა თქმა უნდა, ვიფრთხილებ. მაგრამ, როცა ხელთ კალამი მიპყრია...

ხმა. როცა ხელთ კალამი გექნება, მინატრებ, ნეტა მოვიდესო!

მე. ვინ? მე? მე ხომ ერთი წვრილფეხა მწერალი ვარ და მინდა დავრჩე წვრილფეხა მწერლად. უამისოდ ვერ მოვიპოვებ სულის სიმშვიდეს. მაგრამ კალამი თუ დავიჭირე ხელში, შეიძლება ძალაუნებურად ჩაგივარდე ტყვედ.

ხმა. ამიტომ ყურადღებით იყავი. იქნებ ყველა შენი სიტყვა საქმედ ვაქციო. აბა, მშვიდობით! იცოდე, მე კვლავ გინახულებ.

ხმა. (განმარტოებით) აკუტაგავა რიუნოსკე! აკუტაგავა რიუნოსკე! უფრო ღრმად ჩაეზარდე მიწას ფესვებით. შენ ლერწამი ხარ, ქარისაგან რხეული. იქნებ შენს თავზე მოგროვილი საავდრო ღრუბლები ოდესმე განიფანტოს კიდეც. ამიტომ მტკიცედ უკდა იდგე ფეხზე. შენივე თავისთვის! შენთა შვილთათვის! ნურც გაამპარტავნდები, ნურც დაიმცირებ თავს. და შენ აღსდგები.

 

დეკემბერი, 1926წ.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / აკუტაგავა რიონესკე / კრებული. ნაწილი II