ანდერსენი ჰანს ქრისტიან 

ყაჩაღის პატარა ასული

 

ზღაპარი

 

ეტლი უღრან ტყეში მიდიოდა, ბნელოდა, მაგრამ ეტლი ჩირაღდანივით ანათებდა და ყაჩაღებს ეკალივით ხვდებოდა თვალში. ყაჩაღებს ხომ შუქი არ უყვართ.

 

– ოქრო! ოქრო! – დაიძახეს, ფიცხლავ გამოცვივდნენ, ცხენები დაიჭირეს, ხოლო პატარა მხედრებს, მეეტლესა და მოსამსახურეებს ცემით სული ამოხადეს, გერდა კი ეტლიდან ჩამოსვეს.

 

– ეს რა კოხტა და ფუნთუშა გოგოა! ნიგვზით გაუსუქებიათ! – შესძახა თმაგაჩეჩილმა და წარბებაბურძგნილმა ავაზაკმა ქალმა. – ბატკანივით ხორცი ექნება, პირს ჩავიგემრიელებთ.

 

ამ სიტყვებზე თავისი ბასრი დანაც გამოიტანა, ისეთი მოციმციმე, რომ ტანში ჟრუანტელი დაგივლიდათ.

 

– ვაი! – შეჰყვირა ამ ბოროტმა ქალმა იმავე წამს: მისმა გოგონამ უკბინა ყურზე, თანაც ისე მწარედ, რომ ყველაფერი დაავიწყა. ავაზაკ ქალს ის ზურგზე ჰყავდა წამოკიდებული და ამიტომ მოახერხა ყურზე კბენა.

 

– ჰაი, შე საძაგელო, შენა! – გაუწყრა დედა და გერდა სულ გადაავიწყდა.

– ჩემთან ითამაშებს! – თამამად მიუგო ავაზაკის ასულმა. – თავისი მუფთა, ლამაზი კაბა და ფეხსაცმელი უნდა მომცეს და ჩემს ლოგინში დაწვეს, - ასე უთხრა და კიდევ უკბინა. ავაზაკი ქალი სიმწრისაგან შეხტა და სამჯერ შემოტრიალდა. მამაკაცები იცინოდნენ და ამბობდნენ: „შეხედეთ, როგორ აცეკვებს თავისი გოგონა!“

 

– მე ეტლში ჩაჯდომა მინდა! – დაიძახა პატარა ავაზაკმა გოგომ. უსათუოდ თავისი უნდა გაეტანა, რადგან საშინლად უზრდელი, განებივრებული და ჯიუტი ვინმე იყო. აიხირა, ეშმაკის ცხენზე შეჯდა, გერდას ხელი ჩაავლო, ეტლში ჩაისვა და მასთან ერთად ტყეში გაისეირნა. ავაზაკის ასული გერდას კბილა იყო, მაგრამ უფრო ღონიერი, ფართო მხრებით და ბევრად უფრო შავგვრემანი. ნაღვლიანი, ნახშირივით შავი თვალები ჰქონდა.

 

გერდას გადაეხვია და უთხრა:

 

– თუ მე არ გაგიბრაზდი, ისე ვერავინაც ვერ დაგკლავს. შენ ხომ მეფის ასული ხარო?

 

– არა, – მიუგო გერდამ და დაწვრილებით უამბო, რაც თავს გადახდა, უთხრა ისიც, რა მხურვალე გულით უყვარდა კაი.

 

ავაზაკების ასულმა ყველაფერი ყურადღებით მოისმინა, თავი ოდნავ გააქნია და თქვა:

 

– ვერაფერსაც ვერ დაგკლავენ, თუნდაც მე გავბრაზდე. მაშინ მე თვითონ დაგკლავ. – მერე გერდას ცრემლები მოსწმინდა და ხელები მის მშვენიერ თბილ მუფთაში ჩადო.

 

ეტლი გაჩერდა. გოგონები ავაზაკთა ციხის ეზოში იდგნენ. ციხე სულ გაბზარული იყო და კედლის ნაპრალებში ყვავ-ყორნები თავისუფლად დაფრინავდნენ. საიდანღაც იმოდენა ქოფაკები გამოცვივდნენ, რომ კაცს თავისუფლად გადაყლაპავდნენ. ყეფით კი არ ყეფდნენ, რადგან აკრძალული ჰქონდათ.

 

ერთი დიდი ძველებური დარბაზი იყო, ჭვარტლით დაფარულ და შავად მოზიმზიმე შუა დარბაზში ცეცხლი ენთო. კვამლი მაღლა ადიოდა და ჭერში ეძებდა გასასვლელს. დიდ ქვაბში წვენი დუღდა, შამფურზე კურდღლები და ბაჭიები იწვებოდა.

 

– შენ ჩემთან დაწვები, აგერ, ამ ჩემი პატარა მხეცუნების გვერდით. – უთხრა გერდას ავაზაკის ასულმა.

 

ჭამეს, სვეს და დასაძინებლად წავიდნენ. კუთხეში ჩალაზე ხალიჩები იყო დაგებული. მაღლა – ქანდარაზე და კოჭებზე ასზე მეტი მტრედი იჯდა. როცა გოგონები მივიდნენ, თითქოს ეძინათ.

 

– ეს სულ ჩემი მტრედებია, – თქვა ავაზაკების გოგომ, ერთ მტრედს ფეხში ხელი ჩაავლო და დაატრიალა. – აჰა, აკოცე! – და გერდას სახეში აუფრიალა. – აქ ჭოტებიცა მყავს, ტყის ოინბაზები, – და კედელში დატანებული, ხის წნელებით ამოღობილი პატარა ნიში უჩვენა. – თუ არ ჩაამწყვდიე, მაშინვე გაფრინდებიან. ეს კი ჩემი საყვარელი მეგობარია, – და ქორბუდა რქებით დამშვენებული ირემი გამოიყვანა. კისერზე სპილენძის რგოლი ჰქონდა გაკეთებული და დაბმული იყო. – ესეც საბლითა გვყავს დაბმული, თორემ გაგვექცევა. ყოველ საღამოს ბასრი დანით ვუღიტინებ ხოლმე კისერზე, ამიტომ ძალიან ეშინია.

 

მართლაც, გოგომ წვეტიანი ქვა აიღო და კისერზე გააყოლა. საბრალო ნადირი შეკრთა და შეხტა, ყაჩაღების გოგომ გაიციანა და გერდა დასაძინებლად მიიწვია.

 

– დანიანად იძინებ ხოლმე? – ჰკითხა შეშინებულმა გერდამ.

 

– დანას არ ვიშორებ, – მიუგო ყაჩაღების გოგონამ, – ვინ იცის, რა შემემთხვეს. მაგრამ ერთხელ კიდევ მიამბე კაის ამბავი, როგორ დაეძებდი მთელ ქვეყანაზე?

 

გერდამ უამბო. მაღლა მტრედები ღუღუნებდნენ, ზოგიერთებს კი ეძინათ. ყაჩაღების ასულმა ცალი ხელი გერდას კისერზე შემოხვია, ცალ ხელში დანა ეჭირა და ხვრინავდა. გერდამ კი თვალი ვერ მოხუჭა. აღარ იცოდა, მოკლავდნენ თუ აცოცხლებდნენ.

 

ყაჩაღები შუაცეცხლს შემოსხდომოდნენ, სვამდნენ და მღეროდნენ, ყაჩაღის ცოლი კი ყირაზე გადადიოდა. ოჰ, როგორ ზიზღს გვრიდა პატარა გერდას ეს სანახაობა.

 

უცებ გარეულმა მტრედებმა დაიღუღუნეს:

 

– ღუ-ღუ! ჩვენ ვნახეთ პატარა კაი. მისი ციგა თეთრ მამალს მიჰქონდა, თვითონ კი თოვლის დედოფლის ეტლში იჯდა, ტყეში მიჰქროდა, ჩვენ კიდევ ბუდეში ვისხედით, დედოფალმა, თოვლის დედოფალმა დაგვიბერა და ყველა ხუნდი გაიყინა, ჩვენ ორნიღა დავრჩით, – ღუ-ღუ!

 

– ეგ რა თქვით, – მიაძახა გერდამ. – ხომ არ იცით, საით გაფრინდა თოვლის დედოფალი?

 

– ალბათ ლაპლანდიაში, სადაც მარადიული თოვლი და ყინულია. ჰკითხე ჩრდილოეთის ირემს, დაბლა რომ აბია, ის უკეთ გეტყვის.

 

– ჰო, იქ მარად თოვლი და ყინულია, იქ ყოფნას რა ჯობია! – თქვა ჩრდილოეთის ირემმა. თოვლით დაფარულ ველებზე თავისუფლად დავნავარდობდი. თოვლის დედოფალს იქ საზაფხულო კარავი უდგას, მაგრამ მისი ნამდვილი დიდებული სასახლე შორს არის, ჩრდილოეთ პოლუსის მახლობლად, ერთ ყინულოვან კუნძულზე, რომელსაც შპიცბერგენი ჰქვია.

 

– ოჰ, კაი, პატარა კაი! – ამოიოხრა გერდამ.

 

– ჩუმად ეგდე, თორემ ამ დანას გულში გაგიყრი! – გაისმა ყაჩაღების გოგოს ხმა.

 

დილით გერდამ უამბო, რაც მტრედებისაგან მოისმინა. პატარა ყაჩაღმა გოგომ ყურადღებით შეხედა, თავი დაუქნია და უთხრა:

 

– ჰო, კარგი! – მერე ირემს გადახედა და ჰკითხა:

 

– შენ იცი, სად არის ლაპლანდია?

 

– ჩემსავით ეს ვის ეცოდინება? – მიუგო ირემმა და თვალები გაუბრწყინდა. – იქ დავიბადე და გავიზარდე. ლაპლანდიის თოვლიან ველებზე მირბენია.

 

– მისმინე! – მიუბრუნდა ყაჩაღი გოგო გერდას, – შინ ახლა დედაჩემის მეტი არავინ არის. შუადღისას დიდ ბოთლს წამოიყუდებს, რაღაცას სვამს და ცოტა სნით იძინებს. აი, მაშინ გიშველიო.

 

ამ სიტყვებზე გოგონა წამოვარდა, გაიქცა, დედადს კისერზე ჩამოეკიდა, თმა მოქაჩა და უთხრა:

 

– ჩემო საყვარელო თხაო, დილა მშვიდობისა!

 

დედამ ისეთი წკიპურტი უთავაზა, რომ გოგონას ცხვირი გაუწითლდა, მერე კი გაულურჯდა, – მაგრამ ეს სულ სიყვარულით მოუვიდა.

 

მერე, როცა ყაჩაღმა დედაკაცმა ბოთლი გამოცალა და დაიძინა, გოგონამ ჩრდილოეთის ირემს უთხრა:

 

– ძალიან მინდოდა, შენს კისერზე ღიტინით კიდევ შემექცია თავი, რადგან ამ დროს ძალზე სასაცილო ხარ. მაგრამ არა უშავს. ახლა შენს საბელს გადავჭრი და ლაპლანდიისაკენ მოუსვი! ეს გოგონა თოვლის დედოფლის სასახლეში მიიყვანე. იქ მისი ძმობილი ცხოვრობს. ხომ გაიგონე, რაც მიამბო! საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობდა, შენც ალბათ ყველაფერი გესმოდა.

 

ირემი სიხარულისაგან შეხტა და შეინავარდა. ყაჩაღმა გოგონამ გერდა ასწია, ირემს ზურგზე შეასვა და სიფრთხილისათვის მაგრადაც დააბა. ქვეშ ბალიშიც ამოუდო, რომ უფრო მოხერხებულად მჯდარიყო.

 

– აჰა, შენი ბეწვიანი ჩექმები, ჩაიცვი, თორემ იქ ფეხები გაგეყინება, მუფთას კი ვერ მოგცემ, ისე მომწონს. ნუ გეშინია, არ შეგცივდება. აგერ, დედაჩემის ხელთათმანები წაიღე, იდაყვებამდე მოგწვდება. როგორ ჩაძვერი?! ახლა ეგ ხელები ჩემი უშნო დედის ხელებს მიგიგავს.

 

გერდა სიხარულისაგან ტიროდა.

 

– გული მიკვდება, რომ ტირიხარ, – უთხრა პატარა ყაჩაღმა გოგომ. – ახლა მაინც გამხიარულდი. აჰა, ორი პური და ლორის ნაჭერიც წაიღე, რომ შიმშილით სული არ ამოგძვრეს.

 

პური და ლორიც ირემს დააკრა ზურგზე. მერე მრისხანე ქოფაკები შინ შეიტყუა, საბელი ბასრი დანით გადაჭრა და ირემს უთხრა:

 

– ახლა კი გაფრინდი და გოგონას უფრთხილდი!

 

გერდამ ხელები ყაჩაღი გოგოსკენ გაიშვირა და დაემშვიდობა. ირემმაც არ დააყოვნა, მაშინვე მიწას მოსწყდა. რაც ძალა და ღონე ჰქონდა, გარბოდა, ქვასა და ღორღში, ტყესა და ღრეში, ჭაობსა და ველზე. მგლები ყმუოდნენ და ყორნები მოსჩხაოდნენ. „ჰერი! ჰერი!“ – გაისმა უცებ ციდან. გეგონებოდათ, ირემი ცეცხლს აფრქვევსო.

 

– ეს ჩემი საყვარელი ჩრდილოეთის ციალია! – შესძახა ირემმა, მშვენიერი ცისარტყელა რომ დაინახა. – მერე როგორ ანათებს! – და კიდევ უფრო სწრაფად გაქუსლა. არც დღე შეუსვენია, არც ღამე. პურიც გაუთავდა გერდას და ლორიც. მხოლოდ მაშინ ჩააღწიეს ლაპლანდიაში.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ანდერსენი ჰანს ქრისტიან / ყაჩაღის პატარა ასული