არმსტრონგი მარტინ

პოეტები და დიასახლისი

 

თარგმანი ინგლისურიდან – ნინო ქაჯაია

 

   იყო და არა იყო რა, დიდი ხნის წინ იყო ორი პოეტი. ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ამ ორმა პოეტმა გამოიკეტა სახელოსნოს კარი და დაადგა გზას ქვეყნიერებაზე სახეტიალოდ და ტექსტების საძიებლად, რადგან თვითონ შთაგონების წყარო დაეშრიტათ.

არც ის დავიწყნიათ, რომ დაუდევრად უნდა სცმოდათ: ერთმა შავი საყელო გაიკეთა და შავ–თეთრ, კუბოკრულ შარვალში გამოეწყო, მეორემ ბობოქარი ალისფერი ჰალსტუხი გამოისკვნა, რადგანო, – ფიქრობდნენ პოეტები “თუმცა, რასაკვირველია, ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ”, – ჩაცმულობით უნდა გამოვირჩეოდეთო. ფართოფარფლებიანი, შლეგური ქუდები ეხურათ და ამ ქუდებიდან თმა თავხეებიან საბძელზე დამხობილი თივასავით ჰქონდათ გამოჩრილი.

მოგზაურობდნენ, სიარულისას ხან აქ ჩაარჭობდნენ ხელჯოხებს, ხან იქ და ცდილობდნენ, მიეკვლიათ იმისთვის, რასაც ეძებდნენ. ამასობაში მათ თავზე გადმომდგარი ცა საშინელი ქარიშხლისთვის ემზადებოდა.

თავის დროზე ქარიშხალიც ამოვარდა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. პოეტებმაც თავი ანებეს ტექსტების ძებნას და სასწრაფოდ კუნელის ბუჩქს შეაფარეს თავი. დროდადრო ღმერთმა უწყის, საიდან ჩამოკვესებული შუქი წამით გაანათებდათ ხოლმე და გამოჩნდებოდა, როგორ იდგნენ – ორი ამაყი, უცხო ფრინველივით.

კუნელის ბუჩქის შორიახლოს ერთი პატარა სახლი იდგა. სახლის პატრონის ცოლმა გარეთ გამოიხედა და ის ორი რომ დაინახა, წამოიძახა: “ღმერთო, გადმოხედე ერთი, წვიმამ რა მოიყოლა!” ამის თქმა იყო და წვიმამ საშინლად იმატა.

ცოტა ხნის შემდეგ ქალმა ისევ გამოიხედა. პოეტებს ვეღარ იცნობდით, ელვარება გაჰხუნებოდათ, თმა წვიმისგან ჩამოსწუწოდათ, მეწამული ჰალსტუხი ნესტისგან ჟოლოსფერად ქცეულიყო, ყველა მხრიდან წვიმის წვეთები სცვიოდათ.

დიასახლისი დადარდიანდა მათი შემხედვარე და გასძახა: “ჭაბუკებო, შინ ხომ არ შემობრძანდებით? რას დამდგარხართ მგლოვიარე ყანჩებივით, თქვენთვის კარი ღია მაქვს, არ გირჩევნიათ, სახურავქვეშ, მხიარულად მოჭიკჭიკე ბეღურებს დაემსგავსოთ?”

მაგრამ მათ თავაზიანად დაუკრეს თავი და მიუგეს: “უღრმესი მადლობა, მადამ, მაგრამ ჩვენ პოეტები ვართ და მოგვწონს ასე დგომა.”

გულმოსულმა დიასახლისმა დამცინავი ღიმილით განაცხადა: “ნამდვილად გადაამლაშეთ.” მაგრამ პოეტებმა საყვედურით გაუღიმეს და უპასუხეს: “მადამ, თქვენ მოგწონთ, მშრალი რომ ბრძანდებით.” “თქვენ კი, – განაცხადა ქალმა, – გირჩევნიათ, გალუმპულები იდგეთ.” მერე ფანჯარა მიაჯახუნა, თვალები აღაპყრო და რიტორიკულად იკითხა: “გინახავთ?” და “ამის მერე რაღას...?”

თავსხმამ კიდევ უფრო დაუშვა, წყალმა ერთი ფუტის სიმაღლეზე აიწია და ყველაფერი დატბორა.

ცოტა ხნის შემდეგ ქალმა ისევ გამოიხედა გარეთ. ის ორნი კიდევ უფრო ახლოს მისჩოჩებოდნენ კუნელის ბუჩქს და ახლა ორ ბებერ ყვავს ჰგავდნენ, რადგან მხრები მაწლა აეწიათ, ნისკარტები – დაბლა, და უსაშველოდ გაბურძგნულები იდგნენ.

და ისევ გასძახა, რადგან გულმოწყალე ქალი იყო: “ო, საბრალო ჯენტლმენებო, გაფიცებთ ცივილიზაციასა და საღ აზრს, შემობრძანდით.”

მაგრამ პოეტებმა ქალისკენ მიხედვაც ვერ გაბედეს, წყალი კისერში არ ჩაგვივიდესო, ასე რომ, მთელი ტანით მიტრიალდნენ და მიუგეს: “კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას, მადამ, მაგრამ ძალიან კარგად ვართ, რადგან ტექსტებზე ვფიქრობთ.” და ამ წარღვნაში მიზნის სერიოზულობის სრული შეგნებით მოიკუნტნენ.

მაგრამ სახლის პატრონის ცოლმა ვერ გაიგო, რას ნიშნავდა სიტყვა ტექსტი, ასე რომ, უზომო განცვიფრებისგან ენა ჩაუვარდა.

ქარიშხალმა გული იჯერა და ჩადგა: არემარეს ღრმად მსუნთქავი ფოთლების ნაზი სურნელი მოეფინა და ჰაერში კუნელის თბილი, მოტკბო არომატი დატრიალდა.

და როცა სახლის პატრონის ცოლმა მეოთხედ და უკანასკნელად გაიხედა ფანჯრიდან, პოეტები იქაურობას უკვე ტოვებდნენ და მათი გარეგნობის ტრაგიკულობას ვერაფერი შეედრებოდა. ერთს ჰალსტუხის მეწამული ფერი პერანგის წინა კალთაზე გადაუვიდა და ახლა კაცს ეგონებოდა, ზედ მაყვლის ლიქიორი გადაუსხიაო. ორივე თავიდან ფეხებამდე გალუმპული იყო.

როცა პოეტები შინ დაბრუნდნენ, აღმოჩნდა, რომ ერთს პერანგი გახდომოდა გადასაგდები, მეორე გაციებას ვერ გადარჩენოდა. ასე რომ, პირველი გავიდა და ახალი პერანგი იყიდა შვიდნახევარ პენსად, მეორემ – შილინგიანი ქინაქინა და შედარებით იაფად გამოვიდა.

ერთმა დაწერა ოდა, სათაურით ზაფხულის ქარიშხალი, რომელშიც ხუთი გინეა გადაუხადეს, ასე რომ “საფოსტო მარკებში გადახდილ ოთხ პენსსა და პერანგის ფულს თუ გამოვაკლებთ”, სუფთა მოგება ოთხი ფუნტი, ჩვიდმეტი შილინგი და რვა პენსი გამოუვიდა.

მაგრამ მეორემ სხვა ვერაფერი მოახერხა, გარდა ერთგინეიანი სონეტისა, რომელსაც დაარქვა წვიმა ფოთლებს შორის, ასე რომ “მარკებში გადახდილ ოთხ პენსსა და ქინაქინის შილინგს თუ გამოვაკლებთ” სუფთა მოგება ცხრამეტი შილინგი და რვა პენსი გამოუვიდა.

ამდენად, საბოლოოდ შერჩათ ორი საჭირო ტექსტი “კაცმა რომ თქვას, ამასაც არ ელოდნენ” და მთლიანად თანხა – ხუთი ფუნტი, თექვსმეტი შილინგი და ათი პენსი.

მაგრამ სახლის პატრონის ცოლს ეს ამბავი არ გაუგია. ასე რომ, საქმეში ჩაუხედავი ბევრი სხვა ადამიანისა არ იყოს, მასაც დღემდე სჯერა, რომ პოეტები მხოლოდ არაპრაქტიკული მეოცნებეები არიან, და სხვა არაფერი შეუძლიათ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / არმსტრონგი მარტინ / პოეტები და დიასახლისი