ბაბუნაშვილი ილია 

ცვილის კაცი და მეწამული

 

თავი ოცდამერვე

 

 

დღე იყო ნათელი და ყინვიანი, მაგრამ საღამოსთვის ცა ღრუბლებმა დაფარა და დადგა ბნელი და თბილი ღამე. მალე დიდთოვლობას ელოდებოდნენ. თერმომეტრი ნულს ქვემოთ თხუთმეტ გრადუსს აჩვენებდა, კლონდაიკური ზამთრისთვის კი ეს დიდი სითბოა.

 

ქოხში შეშა საკმარისად ეწყო. კასრში დამარილებულ ხორცს მიაგნეს, ხოლო გამურულ ქვაბში რაღაც მწვანე სითხე ფსკერს ფარავდა.

– ეს წამალია, – განმარტა რეპორტიორმა მალაზონიამ.

შორიახლოს სკამებად იდგა რამდენიმე კუნძი. შუაცეცხლმა იქაურობა გაანათა და რაც მთავარია, კიდევ უფრო გაათბო.

გათანგული სონიკო რეპორტიორის პოვნამ ისე გაახარა, რომ ბოლსა და ბიჭს გულმა გაკენწლა – ბოლოს და ბოლოს, წაქცევის პირას მდგომნი ქალს ზურგით ისინი ათრევდნენ, მალაზონია კი არა.

ჰმ, მალაზონია... რეპორტიორს აღარც ახურებდა, აღარც აციებდა და აღარც ხელი ჰქონდა საბრალოდ ჩამოკიდებული. იღიმებოდა და ხარობდა.

– არაფერი მახსოვს, გონება მქონდა დაკარგული. ახლაღა გავიგე, რომ თურმე ვბოდავდი და თვალს დროგამოშვებით ვახელდი, თორემ მაშინ აბა როგორ მეცოდინებოდა, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი.

ბიჭი ხორცს წვავდა.

– გონს სად მოეგე?

– აი, აქ, – რეპორტიორმა თითი იმ საწოლისკენ გაიშვირა, რომელზეც ახლა სონიკო მიწოლილიყო, – თავიდან ბუნდოვნად, მკრთალ შუქად და ჩრდილად დავინახე რაღაც. ერთხანს თვალის ჩინი მეურჩებოდა, ძალიან კი ვცდილობდი, მაგრამ ვერაფერს ვაზუსტებდი, მერე კი ნელ-ნელა გამოჩნდა კედლები, ჭერი და ცეცხლი.

– ადამიანი? – სუსტად, ძლიერი ცნობისწადილით ჰკითხა სონიკომ.

– ადამიანიც. კაცი, ოღონდაც უიერო. თან, ქუდიც წარბებამდე ჰქონდა ჩამოფხატული. უცნაური ქუდი ეხურა, ალალად ჩამოცმულ თბილ ნაჭერს უფრო ჰგავდა. ალბათ, ის უნდოდა, მისი სახე რომ არ დამენახა.

– მეტად აღარ გინახავთ? – ჩაეძია ბოლი.

– როგორ არა. აგე, იმ წამალს მასმევდა, მაგრამ ღამით, როდესაც ნაკვთებს კატაც ვერ დაინახავს. თავადაც ნიადაგ გვერდულად დგებოდა. ეტყობა, სახის დამალვაში კარგად არის გამეცადინებული. ხმაც არ ამოუღია.

– საოცარია, – ბუტბუტებდა სონიკო, – ასე მალე ადამიანის გამოჯანმრთელება და ფეხზე წამოყენება... კი მაგრამ, დღისით? დღისით არ გამოჩენილა?

– სამწუხაროდ, ჩემო სონიკოჯან, ისევ ის უნდა გითხრათ. სახე არ უჩანდა, ბეწვის საყელო ჰქონდა აფარებული.

ბიჭმა შემწვარი ხორცი ჩამოარიგა.

ასე და ამგვარად, ვიღაც იდუმალი კაცი ეხმარებოდათ, მაგრამ ვინ იყო? რა ამოძრავებდა უცნობ კეთილისმყოფელს? რა მისტერიას მალავდა ადამიანთა ქვეყანას ასე გამორიდებული სამყარო? ვინ მოკლა მდევართაგან ერთი? სულო ცოდვილო, და იქნებ... არც შერმადინ ხოვლელი ჩაუტანია ზვავს? და რა ელით წინ?

– მაშ, გზა მოგასწავლათ? ესე იგი, თავად აღარ გამოჩნდება, – დაასკვნა მალაზონიამ, – გამომაჯანმრთელა, ერთად შეგვყარა და წავიდა.

– გამოდის, რომა ეგრე დადის მთა-მთა და სიკეთეს თესავს. სხვა არაფერი უნდა? – ილუკმებოდა ბიჭი, – ხიდი რო ჩაიმტვრა, არაფერი?

სონიკოს ჩაეძინა. დაღლილ მოგზაურთა უსასრულ¬ოდ აჩონჩხილ კითხვებს ღამე პასუხებს ვეღარ გასცემდა.

– მადლობა ღმერთს, საჭმელი დაგვიხვდა. ახლა დასვენება სჯობია ყველაფერს, – მძიმედ თქვა ბოლმა.

ცეცხლის შორიახლოს მოთავსდნენ, საწოლებად შეშა დაილაგეს და თავისივე სამოსში შეიფუთნენ. ბოლსა და ბიჭს მყისიერად ჩაეძინათ, მალაზონია კი შერმადინ ხოვლელზე დარდობდა ერთხანს და მერე მანაც ღამის ანგელოზს ანდო თავი.

მოგზაურებს ღრმად, ძალიან ღრმად ეძინათ და ამიტომ ვერ ხედავდნენ ზეცას, უცნაურად შეფერილს, ლამაზს, მაგრამ საშიშს.

ქარმა თავი ხევიდან ამოყო და ზეგანი, რომელზეც იდუმალი კაცის ქოხი იდგა, ცივად ალოკა. ალოკვამ ბოროტი ჟინი ვერ დაუცხრო, ახლა წელამდე ამოიმართა და თითქოს სუფრის გადაწმენდას აპირებსო, არემარეს ხელი მიუსვ-მოუსვა. შემდეგ იგივე გაიმეორა, ოღონდ უფრო მძლავრად. ხევგაღმა ტყეში შეშინებულმა ხეებმა თოვლის ქურქები გაიხადეს და ქარს, როგორც შარაგზის ყაჩაღს, გაატანეს. ქარი ძლიერდებოდა, ქარიშხლობა უნდოდა. ხეები მისმა რბოლამ წელში მოხარა. საწყლებმა ალა, გამხმარი ტოტები დაუყარეს მოძალადეს. ნადირი ბუნაგში შეიყუჟა. ცას შავი ჩაეცვა და დაბლა მოიწევდა. გრიგალი ვარო, გიჟივით იღრიალა ქარმა, აწყვეტილი ნაგაზივით აჩქარდა და ყველაფერს კბილები ჩაასო. ტყე გუგუნებდა.

და ქოხი, ქოხი ზეგანზე... მორყეული კარის დაუნდობელ ბრახუნს, ვინ იცის, კიდევ რამდენი საათის ძილი და დასვენება ემსხვერპლა. გრიგალს სახურავის ახდა ამოეჭრა გულში, ყოველი მხრიდან ეჯახებოდა, ეძგერებოდა, უტევდა კეთილი ადამიანის დაწყობილ და გამაგრებულ ფიცრებს.

– აქეთ მოვეფაროთ, აქეთ!

– ფრთხილად, ჭერიდან ფიცარი არ ჩამოვარდეს!

– ბოლო, სანოვაგე გამოარიდე, ქვეშ არ მოიყოლოს!

ვინ რას იძახდა, ვინ როგორ ძაბავდა ყელს, ხევიდან ამოხეთქილი შლეგის ღრიალი რომ დაეფარა. ქარაშოტმა კი თავი ბუნების ბოროტ მბრძანებლად გამოაცხადა და... სახურავი სწორედ იმ ადგილას ჩატყდა, სადაც ტოტებისგან დაწნული საწოლი იდგა და ერთი ხნის წინ სონიკოს ეძინა. შემდეგ ისევ ჩატყდა ჩასატეხი – დიდი ბოძის ნატეხი ნაცეცხლარს დაეზღერთა; ვინ იცის, ქარის ბრძანებით მუგუზალს ეძებდა, რათა ჯოჯოხეთს ხანძარი არ მოჰკლებოდა და მაშინ... აი, მაშინ კი გაიხარებდა სტიქია, მაშინ კი ირწმუნებდა თავის უძლეველობას. კედლებიდან წვრილმა ქვებმა დაიწყო ცვენა. აღარც კედელს უნდა ნდობოდა კაცი, მოფარებაც საშიში იყო.

– აქეთ, კუთხისკენ უფრო მყარი ჩანს! – ყვიროდა ბიჭი. შემოგლეჯილ კარში თოვლს ყრიდა, ველური ბღავილით ყინვას უხმობდა, რათა სულიერთ შიშისა და სიცივის კანკალი ერთად ეგრძნოთ. გარედან შემაძრწუნებელი ხმები შემოდიოდა, სამყარო საცაა უნდა ჩამოშლილიყო, მაგრამ...

– ღმერთო ჩემო, ასე უცბად? – სონიკო გვერდით ნაპოვნ ბიჭს ჩაებღაუჭა.

– რა ხდება, ხალხნო?! – იკითხა დაზაფრულმა ბიჭმაც. თითქოს უხილავმა მაესტრომ ხელის ერთი დაქნევით გააჩერა სიკვდილის ორკესტრი და ყველაფერი დუმილმა ჩაყლაპა, უკიდეგანო დუმილმა.

ისინი სამალავიდან გამოსვლას არ ჩქარობდნენ. დუმილი გრძელდებოდა, დუმილს დროის შეგრძნება არ აქვს.

დიდხანს იყვნენ ასე.

შემდეგ ტყეში ნადირმა იყმუვლა. ნადირმა დაზუსტებით იცის ბუნების ამბავი – თუ ალღომ სამშვიდობო არ უკარნახა, თავს ხიფათში არ ჩაიგდებს, ბუნაგიდან არ გამოძვრება. ქოხს გარეთ კი ნიავიც აღარ უბერავდა.

– ხიდსა სულ ჩაგლეჯდა, – ივარაუდა ბიჭმა. ასეც იყო.

ბოლმა შორიახლოს გავლა-გამოვლა გაბედა. სხვებიც გამოვიდნენ დანგრეული ქვეყნიერებისთვის თვალის შესავლებად. ქოხის კედლებს დიდძალი თოვლი მისწყდომოდა – ამის გაფიქრება იყო და ხევის მხარეს კედელი ჩაიშალა.

გათენებით კი გათენდა ნათლად, მზიანად, დიდებულად. მთიანი ზამთრის მწველმა მზემ თოვლიან ბუნებას ჭრილობები დაუამა, მიუალერსა. კეთილმა სინათლემ მოგზაურებს ბუნების სიდიადე გადაუშალა. ქუდები მოიხადეს, ჯუბები მიჰყარეს და მწვადი დაატრიალეს. ქალი რომ არ ყოფილიყო, ბიჭი წელს ზემოთ სულაც გაშიშვლდებოდა. გარშემო იყო მთები, მთები, მთები და თეთრი, ბუმბულივით მსუბუქი თოვლი. თურმე სამყარო არ დანგრეულა, პირიქით, გაბრწყინებულა და დამშვენებულა.

– საუზმის შემდეგ გზა უნდა მოვძებნოთ, – იმედიანად გამოაცხადა ბიჭმა, – აბა, როგორ შეიძლება ზეგანს სხვა მისასვლელი არა ჰქონდეს. არა მჯერა, რო მხოლოდ იმ ერთი ხიდით იყო წუთისოფელთან დაკავშირებული, ჰა, ბოლო?

– ჰო, უნდა იყოს კიდევ რაღაც, ოღონდ უნდა ვიჩქაროთ კიდეც, – კვერი დაუკრა მეგობარმა.

და იჩქარეს კიდეც. ჯერ ქოხში ნაპოვნი დამარილებული ხორცი შეფუთეს. რაც ჩასალაგებელი დარჩენოდათ, ჩაალაგეს, ეგ ყველაფერი ერთად დააწყვეს და დაიყვნენ. ბარგთან სონიკო დარჩა თოფით ხელში, სამი მამაკაცი კი სამ მხარეს გაემართა.

დასავლეთით წასული ბოლი მალევე მიადგა ტყეს. თოფი მოიმარჯვა, მიმოიხედა და უღრანში შეღრმავდა, მაგრამ სასიკეთო არსაით არაფერი გამოჩნდა. ადამიანის გასავლელს პირი არც ერთ მხარეს არ გამოუჩნდა. მაინც განაგრძო სვლა. უკანა გზა რომ არ დაჰკარგვოდა, ხეებზე დანით ნიშნებს სვამდა. მიდიოდა, მიიწევდა და იმედი სულ უფრო და უფრო უმცირდებოდა.

არც ბიჭის ძიებას მოჰყვა უკეთესი შედეგი. ის სამხრეთისკენ გაეშურა, სადაც ზეგანი ქვალოდიან არედ და უამრავ გაყინულ ნაკადულად იჩონჩხებოდა. ლოდიდან ლოდზე ხტომამ მეგზურს მალე მოაბეზრა თავი, მაგრამ უფრო მთავარი ისაა, რომ მაღალზე ამხტარი ნათლად ხედავდა, როგორ მთავრდებოდა მოშორებით ქვათა ველი და ზეცას ერწყმოდა – ალბათ, ხევი თუ ჭრიდა. ერთი ხნის სიარულმა ბიჭი მართლაც მიიყვანა ახალ ხევთან და მიხვდა, რომ ზეგანი სულ მცირე ორი მხრიდან იყო უფსკრულთა ალყაში. გადაღმა მხარე უშველებელი ნიჩბით ჩამოჭრილი უკიდეგანო ტყით თუ ერთმანეთში გარდამავალი ტყეებით დაფარული მთის კალთა გამოდგა. ბიჭი უნდა დაბრუნებულიყო.

ბოლსაც უიმედოდ დაბრუნება მოუხდა. ტყის წიაღში სიარულმა ვერაფერი რომ ვერ დაანახა, არემარის ერთიანი დათვალიერება ამჯობინა და ყველაზე მაღალი, ტოტგამძლე ხე აარჩია. ტოტებსაც მათთვის უცხო ჯიშის ცხოველის აშვებაზე უარი არ უთქვამთ. ბოლი თითქმის კენწერომდე ამაღლდა და იქიდან მიმოიხედა – ტყე, ტყე, ტყე და ზამთრის მზიანი ზეცა.

მზეს მიფიცხებულ სონიკოსთან ყველაზე ადრე რეპორტიორი მალაზონია დაბრუნდა, ჩრდილოეთის კაცი. როდესაც ტყიდან გამოსულმა ბოლმა ბარგის გროვასთან ქალის გვერდით მჯდომ მალაზონიას ჰკიდა თვალი, ვინ იცის, რა იფიქრა და ის გააკეთა, რაც დიდი ხანია არ გაეკეთებინა – ერთი გემრიელად, ქალაქურად შეიგინა. რეპორტიორის დანახვაზე ბიჭმაც გვარიანად დაჭყიტა თვალები. ის კი არა და, ერთი უნებლიეთ შედგა კიდეც, მაგრამ შემდეგ პირიქით, ნაბიჯი ააჩქარა და რაღაცის ბუტბუტით მიუახლოვდა დანარჩენებს. გრიგალისგან დანგრეულ ქოხთან შუადღე მოსულიყო.

მეგზურების დანახვაზე მალაზონია წამოხტა და მოუთმენლად დაიწყო ხელების ქნევა.

– რა მოხდა? – გზიდანვე ჰკითხა ბიჭმა.

– გვირაბი ვნახე.

მოუთმენლობა სონიკოსაც ეტყობოდა. ბოლოს და ბოლოს, უნდა გარკვეულიყო, ჰქონდათ თუ არა ამ წყეული ზეგანიდან გაღწევის შესაძლებლობა.

– რა ნახე? – ბიჭი თოფს კომბალივით დაეყრდნო, – რაო? გვირაბს მიადექი თუ რაო?

– არა, არა, – ხელები გაასავსავა რეპორტიორმა, – ვიარე და ნაპრალს მივადექი. ზეგანს ჩრდილოეთის მხრიდან ნაპრალი ჭრის, აღმოსავლეთით კი ის ხევი, წუხელ რომ გადმოვედით.

– ეგ ხომ ყველამ ვიცით, შენ ისა თქვი, ნაპრალში რო ჩაიხედე, რა დაინახე?

– ვერაფერი. მზე თვალებს ჭრიდა.

ბოლს გაბრაზება დაეტყო.

– რაო? იქნებ არც ნაპრალი ყოფილა.

– შორს არ არის, ბატონებო, წამოდით და თქვენი თვალით ნახავთ.

ბოლმა და ბიჭმა ერთმანეთს გადახედეს.

– მაშ, დროს ნუღარ დავკარგავთ, – მოულოდნელი სიმკაცრით ჩაურთო სონიკომ.

ქალს თავად სურდა ნაპრალის, თვალისმომჭრელი მზისა და გვირაბის ნახვა. ოთხივენი ჩრდილოეთისკენ გაემართნენ.

თურმე სავალიც არაფერი ყოფილა.

– აქეთ, ბატონებო, – მასპინძელივით იძახდა სასწაულით გამოჯანმრთელებული რეპორტიორი.

ნაპრალი მართლა ნაპრალი იყო, ოღონდ ასეთი რამ მეგზურებს ადრე არასდროს ენახათ: დაბლა არაფერი ჩანდა. თითქოს ვიღაცას უშველებელი სარკე უპყრია და მათ ანარეკლს უმიზნებსო. ნაპრალისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი თვალის დახუჭვად უჯდებოდათ.

– ყველა სალოცავო, დაგვიფარე, – აღმოხდა ბიჭს.

ბოლმა რამდენიმეჯერ ჯიუტად სცადა ნაპრალში თვალის ჩაწვდენა. ხან ხელი მიიფარა, ხან გაწვა, მაგრამ მზე თავისაზე იდგა.

– ჯანდაბა. გვირაბი სადღაა? – გატყდა ბოლოს.

– იქით, – თქვა მალაზონიამ და არსაით მიუთითა, – წამომყევით.

ნაპრალს გაუყვნენ. ბიჭი კვლავ ბუტბუტებდა, ოღონდ ეს უკვე გაოცების ბუტბუტი გახლდათ.

გვირაბს მიწიდან სამი კაცის სიმაღლეზე ამოზრდილ კლდეში დაეღო მრგვალი პირი და პირველი შეხედვით პატარა გამოქვაბულს ჰგავდა. კლდის უკან ზეგანი დასავლეთით უხვევდა და ნაპრალთან ერთად ბოლის ნანახ დიდ უღრან ტყეში შედიოდა.

– რა ოხრობაა? – დაიბუზღუნა ბოლმა, – დარწმუნებული ხართ, რომ გვირაბია?

– შევძვერი და ვნახე. ნამდვილად გვირაბია, მაგრამ ძალიან შორსაც ვეღარ გაველ, რადგან... – მალაზონიას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ბიჭმა აღარ აცალა, ერთი ამოიხვნეშა და ქვაბულს შეეყლაპვინა.

მართლაც გვირაბი გამოდგა, დაბლა დამრეცად მიმავალი ვიწრო ხვრელი. მართალია, დღის შუქი გვარიანად აცილებდა ჩამსვლელს, მაგრამ ბნელეთს ბნელეთი იმიტომ ჰქვია, რომ მზე ჩააშავოს, კარგისა და ცუდის, მისახვევისა და მოსახვევის, აღმართისა და დაღმართის გარჩევა გახადოს შეუძლებელი. ბიჭს დაუბნელდა, ხელის ცეცებამ ვეღარ უშველა და იძულებული გახდა, ჯიბიდან სანთელი ამოეღო. სუსტმა შუქმა ცხვირწინ გაუნათა მზვერავს. ასე რომ, ორი მეტრის შემდეგ რა ხდებოდა, ისევ სამარჩიელოდ დაურჩა. ახლა უკვე ძალიან ნელა მიიწევდა წინ, უფრო სწორად კი, დაბლა, სადაც მალაზონია ვეღარ ჩავიდა. ერთხანს ყველაფერი ისევე იყო, როგორც თავიდან, შემდეგ კი რაღაც შეიცვალა, ოღონდ ბიჭი უცბად ვერ მიხვდა, რა.

შეჩერდა, სანთელი ასწია, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ თვალმა ვერაფერი გაარჩია. გაირინდა, გონება და სხეული დაჭიმა, თუკი რამ შეგრძნება ებადა, გალესა, გაამახვილა. ისევ შეიგრძნო ის რაღაც და მიხვდა, რომ ტკივილამდე დაჭყეტილი თვალები უშლიდა ხელს. დახუჭა. ცხადი იყო, სადაცაა შეამჩნევდა ოდნავ შესამჩნევს და... მართალიც აღმოჩნდა – ეს იყო ჰაერის სუსტი, მიბნედილი ნაკადი. რატომღაც გაიღიმა და ისევ გაირინდა. ახლა მკაფიოდ აღიქვამდა ნაზ დინებას, რომელიც ქვემოდან ამოდიოდა. სანთლიანი ხელი ნელა დასწია დაბლა. მიწის სიმაღლეზე მიწა არ დახვდა, სანთელი რბილად ჩადიოდა უსასრულო სიღრმეში. ალმა თამაში დაიწყო. ბიჭი გაწვა და გადარჩა. კინაღამ სადღაც ჯანდაბაში გადაეშვა – ღმერთო, დიდებულო, ესე იგი, ერთი ნაბიჯიც რომ გადაედგა, ახლა ცოცხალი აღარ იქნებოდა. ალი კი თამაშობდა, მაგრამ საგნებისა და მათ შორის მანძილის გარჩევა უკვე შეიძლებოდა. ეს იყო შვეულად ჩამავალი უძირო ხვრელი, რომლის კედელზეც ვიღაცას ხის კიბე დაეკიდებინა. ძირი არ ჩანდა.

ბიჭისთვის ცხადი გახდა, რომ სვლა მარტოს აღარ უნდა გაეგრძელებინა. კიბეზე ყველანი უნდა ჩასულიყვნენ, რადგან სწორედ ეს გვირაბი რჩებოდა ერთადერთ გზად, მათ რომ ზეგანიდან სადმე გაიყვანდა, თუნდაც ჯოჯოხეთში.

და ბიჭი აბრუნდა, რათა სხვები წამოეყვანა და ბარგიც წამოეღო.

...კიბე გამძლე გამოდგა, თუმცა მოგზაურებმა მაინც იფრთხილეს, ერთად არ დაამძიმეს, ვინ იცის, რა სიღრმეზე ჩაკიდებული ბილიკი. პირველობა ბიჭმა იკისრა, მეორეობა – თვით გვირაბის აღმომჩენმა მალაზონიამ, ბოლი კი სონიკოსთან დარჩა, რათა მათი მსვლელობის ბოლო დამზღვევადაც გამოცდილი კაცი მდგარიყო.

– შემზარავი ადგილია. ნეტავ კი ყველაფერი კარგად დასრულდეს, – ჩურჩულით თქვა ქალმა.

– შიში ნუ გაქვთ, – მიუგო მეგზურმა, – ცუდზე ნუ იფიქრებთ.

– მაშ, რაზე ვიფიქრო? მოდი, დრო მოვკლათ, მითხარით, გეთაყვა, რატომ გეძახიან ბოლს და ამასობაში ბიჭი და ბატონი მალაზონია ამოგვძახებენ კიდეც ქვემოდან. ბოლი მოიქუფრა, მაგრამ იგრძნო, რომ სიტყვას ბანზე ვერ ააგდებდა.

– ერთი კი გავაღწიოთ აქედან და პირობას გაძლევთ, გიამბობთ, – მაინც სცადა თავიდან მოშორება.

– მხოლოდ სახელზე მიამბობთ თუ თავზეც?

მეგზური დაბლიდან ამოსულმა ექომ და ჰაერის სუსტმა ნაკადმა იხსნა. ხმა იმდენად შორიდან ისმოდა, რომ ქალი შეკრთა და რომ არ სცოდნოდა, ვინ იძახდა, უთუოდ ძლიერ შეშინდებოდა. ეს იყო ძახილი მოუსავლეთიდან, რომლისკენაც ბოლი და სონიკოც დაეშვნენ.

ჩადიოდნენ დაკვირვებით, მეგზურის მალიმალ მითითებების თანხლებით. ჩადიოდნენ და კიბის სიგრძე თუ გვირაბის სიღრმე აოცებდათ. ჩადიოდნენ და ხანგამოშვებით ქვემოდან ექო ეხმიანებოდათ, თუმცა ექო ბოლოს ბიჭის ხმად გადაიქცა და ამან გაახარათ:

– ჩამოდიხართ?

ამ სიტყვას ფორმა უკვე აღარ ჰქონდა დაკარგული, უსასოო ბგერად აღარ იყო ქცეული.

– ჩამოვდივართ! – დაიყვირა ბოლმაც.

გამოხდა კიდევ თხუთმეტი-ოცი საფეხური და იგივე განმეორდა, ოღონდ უფრო მკაფიოდ. შემდეგ – ისევ... და ვინაიდან ამქვეყნად ყველაფერი მთავრდება, დასრულდა დედამიწის ყელში ჩაძრომაცა და მოგზაურები ისევ ოთხნი შეიქნენ. ახლა უკვე მყარად იდგნენ მიწაზე, საღნი და სალამათნი, შეხვედრით გაღიმებულნი, მაგრამ ძველებურად დაძაბულნი. იმედი იმისა, რომ სადმე დღის სინათლეს დაინახავდნენ, ტყუილი გამოდგა, ისინი უშველებელ მღვიმეში იდგნენ, მაგრამ...

ოთხივეს სანთელი ეპყრო, მღვიმის გასანათებლად კი მეტი იყო საჭირო. მოქექეს და ორიც იპოვეს. სინათლემ იმატა, მაგრამ მღვიმე ისევ არ განათებულა. მოგზაურთა გარშემო ნაირ-ნაირი ჩრდილები გაწვნენ.

– უნდა შევჯგუფდეთ, – თქვა ბოლმა.

საით გაემართნენ, არ იცოდნენ, მაგრამ გაემართნენ. ჩრდილები ფორმას იცვლიდნენ, იწელებოდნენ, მცირდებოდნენ, მსხვილდებოდნენ.

– ფრთხილად! – შესძახა უცბად ბიჭმა, თუმცა უცბად რა, ყველანი ისედაც დაბლა მოცეკვავე ჩრდილების თვალიერებაში იყვნენ და ამიტომაც დაინახეს მიწაზე გამოსახული ჯვარი.

– ჯვარი? – ამოსცდა მალაზონიას. ყველამ პირჯვარი გადაისახა.

– წინ, წინ! აი, იქ! – ეს სონიკო იყო.

და მგზავრებს სულ ხუთი-ექვსი ნაბიჯის გადადგმა მოუხდათ, რათა მდუმარეთა შორის მდუმარე საფლავს წასდგომოდნენ თავს. რეპორტიორი ჩქარა სუნთქავდა, თუმცა მღელვარებას მყის სძლია და მაინც ჩაიცუცქა. ქვაზე მკაფიოდ იკითხებოდა: «უფალო, შეიწყალე მონაი შენი, ბერი სერაფიმე». გვერდით ძველი ქართული ასოებით დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებიც ამოეტვიფრათ.

– მეთვრამეტე ასწლეულისაა, – ამოხედა მალაზონიამ.

ბოლმა თავი დაუქნია.

– აი, კიდევ, – ახლა ბიჭმა გაიშვირა ხელი.

მეორე საფლავიც იქვე იყო, რამდენიმე ნაბიჯში. «უფალო, შეიწყალე მონაი შენი, ბერი რაფიელ», – ღაღადებდა წარწერა. და ისევ:

– აი, აქაც!

– აქეთაც!

ეს იყო სასაფლაო. სანთლების შუქით განათებულ ფართობზე ყოველი ახალი ნაბიჯი ახალ საფლავს აცნობდა ოთხეულს. მალაზონია ყოველ სამარესთან ჩერდებოდა, მუხლებზე დგებოდა და საუკუნეს აზუსტებდა.

მეთორმეტე, მეთოთხმეტე, მეცხრე, მეჩვიდმეტე...

სამარხთა ველს ბოლო არ უჩანდა.

მეთერთმეტე, მეთექვსმეტე...

– ბოლო მეთვრამეტე საუკუნისაა, – თქვა რეპორტიორმა.

ბიჭი ერთიანად თრთოდა:

– და სულ საფლავებია.

– და სულ ბერების, – დაამატა სონიკომ.

და ამ საუბარში კედელს მიადგნენ. მორჩა, გზა აღარ იყო. სიკვდილთა დარაჯს ცოცხალთა გაშვებაზე უარი ეთქვა და თავად კედელიც სიკვდილივით ცივი იყო.

– ნუთუ ოთხივ მხრიდან ჩაკეტილია? – ხელები აღაპყრო მალაზონიამ.

– ახლა რა ვქნათ, მარჯვნივ წავიდეთ თუ მარცხნივ? – სონიკომ ბოლს შეანათა ვინ იცის უკვე მერამდენედ შეშფოთებული და შფოთმოთოკილი მზერა.

– სულერთია. მარჯვნივ იყოს.

და ისევ საფლავებში მიიკვლევდნენ გზას. მოგზაურები აშკარად გრძნობდნენ, რომ სასაფლაოს დუმილი ძლიერ განსხვავდებოდა თავად ბუნების დუმილისგან. შემაძრწუნებლად ჩუმი იყო.

მეცამეტე, მეთოთხმეტე... – აქეთ უფრო ძველებია, – ნუგეშის ძებნაში ყურადღებას ძაბავდა რეპორტიორი, – შესაძლოა, მღვიმის კარიბჭეც სწორედ აქეთ იყოს.

მაგრამ ისევ კედელი დაუხვდათ. კედლების სიცივე უკვე ტანში აღწევდა.

ერთი გზაღა დარჩა. ისევ მიათრევდნენ სხეულებს. ეს იყო უკანასკნელი ხსნა, ბოლო სასოება, საითკენაც ვერავინ ვერასდროს მირბის, საითკენაც მხოლოდ მუხლის კანკალით მიდიან, სადაც განაჩენია.

მათაც იარეს და გაჩერდნენ.

ბიჭი ჩაეშვა, უიმედობის ბოლო კედელს მიეყრდნო. თავს მიცვალებულთა ტყვედ გრძნობდა, სასოწარკვეთა მონობას ჰპირდებოდა.

– ნუთუ ისევ იმ დაწყევლილ გვირაბს უნდა ავუყვეთ?

სონიკომ მალაზონიას მკერდში ჩაყო თავი. სანთ¬ლების შუქზე გაწოლილი ჩრდილები უსულოდ უცქერდნენ საიდანღაც შემოხეტებულ სულიერებს. მღვიმეს სიცოცხლე სძულდა. და მერე...

– კაცი! – იყვირა ბოლმა.

 

 

 

თავი ოცდამეცხრე

 

თოკი მოიტანეს. გახელებულმა გრძელმა ბილ ჰასკელმა, მსუქანა ოლსენმა და კამათლის მოთამაშემ ნაჩქარევად და მოუხერხებლად ჩამოაცვეს ინდიელს კისერზე მარყუჟი და თოკი ჭერის ძელზე გადაკიდეს.

კაცი მათგან, ასე, ხუთ ნაბიჯში საფლავის ქვაზე იჯდა და ზურგით ჯვარს ეყრდნობოდა. თავი უკან გადაეწია, პირი დაეღო, თვალები კი არ უჩანდა, თითქოს გაუნძრეველი ძილით ეძინა. ტანს ნადირის ბეწვისგან შეკერილი უჩვეულო ფასონის ქურქი ფარავდა. თავად კაცის შეკერილი თუ იყო. გვერდით ბეწვის უჩვეულო ქუდი ეგდო, მაღალ, უჩვეულო ჩექმებს კი ალაგ-ალაგ ბეწვი შემოხეოდა.

მოგზაურები ნელა მიუახლოვდნენ. ახლოდან კარგად ჩანდა ქურქის გადაწეული კალთა და მის შიგნით ქამრად შეკრულ მსხვილ თოკში გაყრილი გრძელი დანა. აქედან უკვე სახის გარჩევაც შეიძლებოდა – გაფითრებულს თვალები ღია ჰქონდა და ზევით ერთ წერტილს მისჩერებოდა. უფრო კარგად რომ დააკვირდნენ, შეამჩნიეს, რომ გაშტერებულ თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალი არ ედგა. ბოლი ჩაიცუცქა, მიგდებულს მაჯაზე გული უპოვა, საყელო გადაუღეღა, მკერდზე დააკვირდა.

– ცოცხალია? – ჰკითხა ბიჭმა.

ბოლმა უპასუხა, მაგრამ ისე გაუგებრად, რომ ჯობდა, არ ეპასუხა. შემდეგ თავად იკითხა:

– ის არის? – რეპორტიორს უყურებდა.

რეპორტიორმა ვერც «ჰო» მიუგო და ვერც «არა». ბოლი უკმაყოფილო სახით წამოდგა.

– ჭრილობა არ აქვს. ალბათ, დრო დაუდგა და ეგ არის.

– მკვდრებთან მოვიდა და დარჩა, – სიტყვა მოკაზმა ბიჭმა, მაგრამ ეს ნათქვამი არავის ყურს და გულს არ მოხვედრია, რადგან ამ დროს სონიკომ ხელთათმანები მოიძრო და საფლავზე მიგდებულ კაცთან დიდი ზრუნვით ჩაიმუხლა.

– მადმუაზელ სონი პროფესორთან მუშაობს, – მრავალმნიშვნელოვნად განუმარტა მეგზურებს მალაზონიამ.

მიგდებულს მაჯა ქალმაც გაუსინჯა. თვალის უპეები ჩამოუწია, ყელთან ორივე ხელის ცერი მიაჭირა, თავი შეუტრიალ-შემოუტრიალა, ქამრიდან ალაპლაპებული დანა ამოუცურა, ნესტოებთან მიუტანა, დიდხანს უტრიალა ნაირგვარად და ბოლოს კმაყოფილი ღიმილით ამოთქვა:

– ცოცხალია, უნდა მოვასულიეროთ.

სონიკომ ყოჩაღად და ზუსტად დაავალა კაცებს, რაც უნდა ეღონათ. ყველაზე უკმაყოფილო ბიჭი დაურჩა, რადგან დავალებად განზე გადგომა და გაყუჩება ხვდა, რეპორტიორ მალაზონიას კი ყველაზე მეტმა ფუსფუსმა უწია. მიგდებული ახლა ჯვარზე აღარ იყო მიყრდნობილი, მზრუნველთ საფლავის ქვაზე მიეწვინათ და თავქვეშ ბარგის ფუთა ამოედოთ. რეპორტიორმა ახლაღა დაინახა, რომ ცალი ხელი არ ჰქონდა.

– მღვიმის ჩახუთულობა თუა მიზეზი, ზემოთ ავიყვანოთ და თავს ჰაერზე ვუტრიალოთ, – შესთავაზა ბოლმა.

– წესითა და რიგით, გონს მალე უნდა მოეგოს, – უპასუხა სონიკომ და უცნობს ისე დახედა, აშკარად გამოცოცხლებას ემუდარებოდა.

წამები არავის დაუთვლია. კაცმა თვალი დაახამხამა, შუბლი შეიჭმუხნა და ცოცხლის მზერა მოავლო მოგზაურებს. შემდეგ კიდევ გავიდა წამები – აბა, რას იზამდა – და უცნობმა პირველი სიტყვები ამოთქვა:

– დალახვროს ეშმამ!

– სასიამოვნოა, – მიუგო მალაზონიამ, – ვიცნობდეთ ერთმანეთს.

გონს მოსულს ნახევარი საუკუნისთვის, ალბათ, უკვე ეჯობნა. დაბრუნებულმა ჩინმა თვალები გაუუცნაურა – თან დაუჭკვიანა, თანაც დაუშლეგა. მზერა ხვლიკის ენასავით ჰქონდა, რაღაცის დასაჭერად დამალული. სახე... ძნელია აღწერა, რადგან სახე არაფრით იყო გამორჩეული. სასაცილოდ გასჩეჩვოდა დაუვარცხნელი თმა. ამრიგად, ერთადერთი, რითაც მისი დახატვა შეიძლებოდა, ცალხელობა გახლდათ.

ცალხელა წამოჯდა და რეპორტიორს შეხედა.

– ჯანზე მოხველ? მახარებს.

მალაზონიამ გაუღიმა. ყველაფერი გასაგები იყო. თუმცა... ყველაფერი რამ გვათქმევინა, ყველაფერი გასაგები როგორ იქნებოდა. გასაგები მხოლოდ ის იყო, რომ ცალხელა ის იდუმალებით მოცული ადამიანი გახლდათ, რომელმაც რეპორტიორი მალაზონია მოიპარა და გამოაჯანმრთელა.

– თავს როგორ გრძნობთ, ბატონო? – ჰკითხა სონიკომ.

უცნობი დაიჯღანა და ხელი ჩაიქნია.

– ქარის ბრალია ყველაფერი, გრიგალის, – ფრთხილად წამოდგა, – როგორც ჩანს, განგება მაფრთხილებს. არც კი ვიცი, მაქვს თუ არა კიდევ დრო, თუმცა რადგან ცოცხალი ვარ, ესე იგი, მაქვს.

– დრო? – მალაზონია ახლოს დაუდგა, – რისთვის?

ცალხელა ისევ დაიჯღანა და საუბრის საგანი შეცვალა.

– სჯობია, ერთმანეთი გავიცნოთ. მე მქვია შოლა სარნად, კაცი ბუნებასთან შერწყმული. განა არ მეთანხმებით, რომ მისსიის აღსრულება მხოლოდ იქაა შესაძლებელი, სადაც ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა, შეურყვნელია? მითხარით, გეთაყვა, მისსიას თუ გრძნობთ?

თვალსა და ხელს შუა ყოჩაღდებოდა.

– რა მოგახსენოთ.

– იცით, ჩემო ბატონო ნაცნობო...

– გვარად მალაზონია გახლავართ, – შეაშველა მალაზონიამ, – რეპორტიორი ვარ, ტფილისურ გაზეთ «კურიერში» ვმუშაობ.

– ჰოდა, ჩემო ბატონო მალაზონიავ ტფილისურ გაზეთ «კურიერიდან», თქვენ, ისევე როგორც ყველა ადამიანი, ორი ჯგუფიდან ერთს ეკუთვნით: მათ, ვინც ამქვეყნად მისსიის აღსასრულებლადაა მოვლენილი და უნდა გითხრათ, რომ ასეთები ცოტანი არიან, ან უმრავლესობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობაა და მეტი არაფერი, – ცალხელას წეღანდელი მიბნედვის კვალიც აღარ ემჩნეოდა, – გახედეთ ამ ხალხს, უმრავლესობას, და ადვილად მიხვდებით, ხოლო თუ ვერ მიხვდებით, ხორცთა შორის ხორცი ბრძანებულხართ. ჰოდა, მიპასუხეთ, ხედავთ?

მისი მუშტების შეკვრა-გაშლის შემყურე მოგზაურებისთვის ნათელი შეიქნა, რომ მათ წინაშე გიჟი იდგა, დიად ბუნებაში მარტოდ გავარდნილი შეშლილი.

– აქ ვის უნდა ვხედავდე? – თავის დაცვა სცადა რეპორტიორმა, რომელსაც ხორცობა არ ესიამოვნა.

– როგორ თუ ვის? დიდებულო ზეცავ, როგორ თუ ვის? – შოლა სარნადმა ეს სიტყვები ჩურჩულით წარმოთქვა, ოღონდ ისეთით, რომელიც ყვირილზე უარესი ყვირილია, – შეხედეთ ხეებს, მთებს, წყალს, აი, ამ საფლავის ქვებს. გაიხსენეთ ადამიანები, რომლებიც იქ, დაბლა, თქვენს სამყაროში დადიან, იკვებებიან და მრავლდებიან, რაც არის კიდეც უმრავლესობის ერთადერთი ამოცანა. მაგრამ ჩვენ, ჩვენ, ჩვენ... გართულმა გიჟმა თითქოს ვერც კი შეამჩნია, როგორ გასწია დაბნეული რეპორტიორი ბოლმა და თავად დაუდგა წინ. ამის გაგრძელება არ შეიძლებოდა.

– ბოდიშს კი მოგიხდით, ბატონო ჩემო, – თავაზიანად მიმართა მეგზურმა და მყის დაინახა, რომ მისი ჩარევისთანავე კაცი მოეშვა, თითქოს დახმარებას ელოდა და ამ დახმარებამ სულზე მიუსწროო, – ეგ ყველაფერი, რა თქმა უნდა, საყურადღებოა და კარგი, მაგრამ თუ არ მეშლება, მღვიმეში ვართ და ამ მღვიმეს ოთხივე მხრიდან კედელი აკრავს. მერედა, ჩვენთვის აქედან გასასვლელად მხოლოდ ერთი გზაა ცნობილი – გვირაბი და იქაც ის კიბე კიდია, გრიგალისაგან მიწასთან გასწორებულ ზეგანზე რომ გაგვიყვანს.

შოლა სარნადი თავს აქნევდა, შემდეგ დინჯად გაიარ-გამოიარა, ისევ ბოლთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო.

– ჰო, გრიგალი. ქარის ბრალია ყველაფერი. საშინელი ქარაშოტი ტრიალებდა გუშინ. თქვენ ხომ არ იცით, როგორ კიოდა და გუგუნებდა აკლდამა, როგორ ითხოვდნენ გარდაცვლილი ბერები საფლავიდან წამოდგომას, როგორ უხაროდათ ქვესკნელის ძალებს, რომელთაც მათი წმინდა სენაკები დაიპყრეს. თქვენ ხომ არ იცით, როგორ წითლდება ამ დროს ჰორიზონტი. მე მისსია, აი, ამ ხელთ მეპყრა, ისინი კი მართმევდნენ, მგლეჯდნენ, ჩემი მოკვლა სურდათ. გესმით, რას ნიშნავს მისსიის წართმევა? ო, კანალია, ისინი ნესტოებიდან შემიძვრნენ და თავში დამისახლდნენ. შიგნიდან მირტყამდნენ ჩაქუჩებს. მათი ბღავილი ჩემი ყურებიდან ნაკადებად ისხმებოდა და ჩონჩხებს ძილის საშუალებას არ აძლევდა. მერე კი... მერე წავიქეცი, უფრო სწორად კი, აი, აქ ჩავჯექი და... მერე...

– ჰოდა, ამიტომაც გავიდეთ აქედან, – ბოლმა ჯიქურ ჩახედა თვალებში, – გავიდეთ... თუ იცით აქედან გასასვლელი.

– ჰო, – დაეთანხმა გიჟი, – გავიდეთ. გონიერი კაცი ჩანხართ, ოღონდ არ ვიცი, გაქვთ თუ არა მისსია. ამას მერე დავადგენ, ახლა კი ქარი ჩადგა. ხომ ჩადგა ქარი?

შეტრიალდა, მიმოიხედა, შემდეგ სონიკოს მოულოდნელი სიმორცხვით გაუღიმა და სწრაფად გაეშურა მოპირდაპირე კედლისკენ. მოგზაურები გაედევნენ. ბიჭმა რომელიღაც საფლავის ქვაზე კისერი კინაღამ მოიტეხა. რეპორტიორმა ეჭვით გადახედა ყველასა და ყველაფერს.

– აქ ოდესღაც კარი ყოფილა აკლდამაში შემოსასვლელი, მაგრამ ბერებს ამოუგმანავთ, – ხმამაღლა, მკაფიოდ ამბობდა წინ მიმავალი, – თუმცა ვინ იცის, ხომ შეიძლება მიწისძვრასაც ამოეგმანა? აქ ქარაშოტების გარდა მიწისძვრებიც ხშირია, თან წითელი. აქეთ, აქეთ. ამ აკლდამაში ას წელიწადზე მეტია არავის დაუდგამს ფეხი.

და ის მრავალთაგან ერთ საფლავთან გაჩერდა. შემდეგ საფლავზე აღმართულ მსხვილ ჯვარს ორივ ხელით ჩაეჭიდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაქაჩა. ჯვარი გადაიხარა. ღრჭიალის ხმა გაისმა. მოგზაურთა თვალწინ საფლავმა პირი დააღო – ქვა გადაგორდა.

– აღმოსავლეთისკენ უნდა გადაიხარო. ყველაფერს ფარული მნიშვნელობა აქვს. მისსია მხოლოდ ასე აღსრულდება.

მათ სამარეში კიბე ეპატიჟებოდა. ისეთივე კიბე, როგორსაც მზისქვეშეთიდან მღვიმეში ჩამოჰყვნენ.

– ოღონდ, გაფრთხილებთ, – უცბად მოტრიალდა ცალხელა, – მომართვას რომ დააპირებთ, ასე უნდა მითხრათ, – შოლა სარნად. ერთადაა ამის თქმა საჭირო.

ყველაზე ახლოს ბოლი იდგა და თავიც მან დაუკრა.

კიბე გვირაბისაზე გაცილებით მოკლე აღმოჩნდა, თუმცა თავისთავად მოკლე არც მას ეთქმოდა. რამდენიმე ადგილას ის უცნაურად იცვლიდა მიმართულებას, რაღაცნაირად იგრიხებოდა. მოგზაურები ფრთხილად ჩადიოდნენ. შოლა სარნადი შედგა.

– აი, ახლა კი მზად იყავით, – საგანგებო მნიშვნელოვნებით აღმართა თითი, შემდეგ წელში მოიხარა და დიდი ნახტომით სადღაც გადავარდა. მის უკან მიმავალი ბოლი უნებლიეთ შედგა, დანარჩენებს გამოხედა.

– რა არის? – ჰკითხა მალაზონიამ.

ბოლმა სანთელი აანთო, ხელი მიმოატარა.

– არაფერი. გასასვლელი ჩანს.

– მიდი, მიდი, ბოლო, – გაამხნევა გაყოჩაღებულმა ბიჭმა.

ბოლმა ნაბიჯი გადადგა და... თვალი მზის კაშკაშა შუქმა მოსჭრა. ადრე უცაბედი შუქისგან თვალი როგორ არ დაეხუჭა, მაგრამ შიგ ცეცხლი არასოდეს ანთებოდა. კინაღამ გონება დაკარგა. ვეღარაფერი იფიქრა და წელში მოიხარა. ზურგზე მოკიდებული ჩანთის სიმძიმემ სძლია. სისველე იგრძნო, დიდი, ყოვლისმომცველი. სისველემ ფიქრი დაუბრუნა, ფიქრმა კი უთხრა, რომ ეს თოვლი იყო. ქუთუთოები ისევ არ აპირებდნენ ერთმანეთთან დაცილებას. უცბად ახლოდან შერყეულის ხმა მოესმა.

– აქა ვარ, ჩემო ბატონო. ნუ შეშინდებით, გიწამლებთ. გამახსენეთ თქვენი სახელი. თუ არც კი მიკითხავს?

– ვერ მითხარი, შე კაცო, მზის შუქზე თუ გავდიოდით?

– ხომ გაგაფრთხილეთ? – გაკვირვებით იკითხა გიჟის ხმამ.

ამის თქმა იყო და უკნიდან ვიღაცამ შეჰყვირა. ეს მალაზონია გახლდათ, თვალებში ცეცხლი ანთებოდა. შოლა სარნადმა ისევ დაიწყო მუშტების შეკვრა და გაშლა, მაგრამ ეს არავის დაუნახავს, რადგან რეპორტიორის შემდეგ ბიჭისა და სონიკოს დაბრმავების რიგი დამდგარიყო.

გიჟმა სათითაოდ უწამლა ყველას, დაბრმავების რიგის მიხედვით, თუმცა ის, რასაც იგი წამლობას უწოდებდა, საფეთქლებისა და ყვრიმალ-ძვალთა დაზელა უფრო იყო. და მოგზაურებმა თანდათან გაახილეს თვალები, რათა... დაენახათ, რამხელა პირს აღებს ბიჭი, როდესაც მთელი ხმით ბღავის.

– ეჰეი! ეჰეი! მაშ, მე რას ვამბობდი?! ჰეი, ბოლო! – უყვიროდა მეგობარს, – განა რას გეუბნებოდი?! ხედავ, სადა ვართ? ხედავ თუ ვერა? აბა, საბადო? აბა, საბადო-მეთქი? განა მართალი არა ვყოფილვარ? აღიარე, რო მართალი, შენ კი არა, მე ვიყავი და გავჩუმდები. მოდი, მოდი აქა, საცა მე ვდგავარ. მოდი ნაპირთან, მოდი და გადაიხედე.

ბოლი კი არაფერს პასუხობდა, უკვე ნაპირთან იდგა და უფროსი ძმის მოსიყვარულე ღიმილით იყურებოდა – ისინი დევების კლდესთან კი არა, ზედ კლდეზე იდგნენ და არწივის ბუდის სიმაღლიდან გადაჰყურებდნენ დაბლა ქვეყნიერებას. დათოვლილი ველი, მთები და თეთრმოსილი ტყეები, მზე, ნისლი და უსასრულობა, რომელიც თურმე მთათა კალთების უწყვეტ ჩაწვნასა და ჩაგრეხას ნიშნავს, შორს მოხაზული მყინვარები და ცაში წერტილად მცურავი მთის ფრინველი. ეს ყველაფერი მათ წინ იყო.

– საოცარია, ბატონო შოლა სარნად, – მიუტრიალდა გიჟს სონიკო, – ჩვენ ხომ ორი გვირაბი ჩავიარეთ და თურმე ავსულვართ.

მაგრამ შეშლილმა არაფერი უპასუხა. ის კლდის კიდესთან ზურგით იდგა და სულ სხვა მხარეს იყურებოდა.

დევების კლდე კი ყოვლად ფეხშეუდგმელი რამ გახლდათ. ის ორი მაღალი მთის მხართა შემაერთებელი, გრძელი რამ იყო და ქვემოდან რქებს შორის გადაჭიმული დიდი თავის თხემს ჰგავდა. კლდეზე ხუთი თუ ექვსი დიდი და პატარა ჩანჩქერი პირდაპირ ქვებიდან იღვრებოდა სხვადასხვა სიმაღლეზე, თუმცა ზამთარში თეთრ-ცივად გახლდათ ჩამოქნილი. და კიდევ, იყო აურაცხელი ლოლუა დევის ამა თუ იმ ნაოჭზე ჯგუფებად მიმჯდარი. ზოგი – ვეება და ზოგიც – წვრილი.

მაგრამ ზემოდან ეს ყველაფერი არ ჩანდა. იქ მდგომთ მაცდური ბუნება ატყუებდა, რომ ისინიც ფრინველები იყვნენ და კლდიდან გადაშვებას, ფრთის გაშლას სთავაზობდა. ჩაფენილი თეთრი ველი სადღაც ძალიან დაბლა შლიდა ფაფუკ მკერდს.

ამასობაში ბიჭმაც დაასრულა ბღავილი და საიდუმლოდ დაფლული განძის ეშხით დაღლა და გასაჭირი დაავიწყდა. მალაზონია მდუმარედ ეფიცხებოდა მზეს. სონიკოს მსუბუქად ეხვეოდა თავბრუ. ბოლი მიუახლოვდა.

– ვაგლახ, მადმუაზელ, იმ ადგილას, სადაც მეცნიერებთან ერთად ფოტოსურათი გადამიღეს, ვერ მიგიყვანთ.

ქალი შეცბა, შეკრთა, თუ მეტიც – შეხტა. ბოლმა თითი თეთრი, ფაფუკი ველისკენ გაიშვირა.

– ის ადგილი კლდის ძირშია, აი, იქ არის, ჩვენ კი კლდეზე ვართ. არც კი მეგონა, აქ ამოსვლა თუ შეიძლებოდა.

სონიკომ არაფერი უპასუხა და შოლა სარნადისკენ გაიხედა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ამ კაცმა იცის თქვენი საიდუმლოს გასაღები? – ჰკითხა ბოლმა.

– ვნახოთ, – მიუგო ქალმა.

კიდევ კარგი, ამ დროს მალაზონიამ მოიხედა – თავჩახრილ შეშლილს მათთვის ზურგი ექცია და კლდის კიდიდან საპირისპიროდ მიაბოტებდა. მოგზაურები დაედევნენ.

 

 

თავი ოცდამეათე

 

სმოკი გზად აღმართულ კლდეზე აძვრა და მის წინ ტბა გადაიშალა. ყველა იმ მთის ტბისგან განსხვავებით, რომელიც მას თავის სიცოცხლეში ენახა, ეს ტბა ცისფერი არ იყო – ფარშავანგის ფრთისფერი, მუქი მწვანე გახლდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ წყალი აქ ღრმა არ იყო, ანუ მისი დაშრობა სრულებით შესაძლებელი იქნებოდა.

დაღამდა. გამოქვაბულში ცეცხლი გიზგიზებდა. კოცონთან ახლოს ცხელოდა. გარეთ თოვდა, ზამთარი ხშირ ფანტელს აბნევდა. მოგზაურები მთებში იყვნენ, სადაც ჰაერი წმინდაა, ღრუბლები კი თავთან ახლოს ცურავენ, მაგრამ ცა მაინც ისევე შორია, როგორც ბარიდან. შეშლილმა შოლა სარნადმა ფრიადი მასპინძლობა გასწია. დააპურა, გაათბო, მოასვენა, რამდენიმე ტომსიკიდან გამხმარი ბალახები ამოიღო, შეურია, ნაყენად დააყენა და შეასვა. საოცარი კაცი ჩანდა, ნიადაგ მისიაზე მოლაპარაკე. თვალები ენთებოდა, მუშტებს შლიდა და კუმშავდა, მაგრამ არ ბოროტდებოდა. სიშლეგე ზღვის ტალღებივით მიუდიოდა და მოუდიოდა, გონება ენთებოდა და უცხრებოდა. შიგადაშიგ სახეზე ეშმაკური ღიმილიც უთამაშებდა.

მასპინძელს გამოქვაბული ერთიანად ნადირის ტყავით მოერთო. კედლებზე მოშიშვლებულ ადგილს ვერ იპოვიდით და ამის ცქერა თვალს სიამოვნებდა, ათბობდა, მერე კი ეს სითბო მზერიდან მთელ სხეულს გადაეცემოდა. თავად ქვაბულიც ბუნებისგან სიმყუდროვის ნიჭით გახლდათ დაჯილდოებული. ალბათ, შოლა სარნადამდე თავად შემოდიოდა აქ ჩამოსაჯდომად და დასასვენებლად.

მოგზაურები გონებას იკრებდნენ. რა უნდა მომხდარიყო შემდეგ? ეს კითხვა ხეობებს, ყინვასა და ქარიშხალს აღარ ეფარებოდა, ჯიქურ იდგა და მას თავად სონიკოც ვეღარ პასუხობდა. ამას ყველაზე კარგად ბოლი ხვდებოდა და ამიტომ გააპარებდა ხოლმე ხანგამოშვებით გამომცდელ მზერას ქალისკენ.

– რა უნდა მოხდეს შემდეგ?

თავიდან ყველას ეგონა, რომ კითხვა თავად დასვეს, გულში, მაგრამ გამოხდა ორიოდ წამი და სიტყვები განმეორდა.

– რა უნდა მოხდეს შემდეგ?

შოლა სარნადი იყო. ერთადერთი ხელით კიდევ უფრო აბრიალებდა ისედაც აბრიალებულ ცეცხლს. ბოლმა იგრძნო, რომ სონიკოს დახმარება სჭირდებოდა.

– თქვენს მისსიაზე ვკითხულობ, – დააზუსტა შეშლილმა.

ბიჭმა უცნაურად აიქნია ხელი. როგორც ჩანს, თავის დევების კლდეზე პოვნის შემდეგ მისი მისია მოგზაურთა იმთავინდელი მისიისგან უკვე განსხვავდებოდა.

– ჩვენი მისსია ჩიხშია, – პასუხი მალაზონიამ გაბედა.

– შეუძლებელია. მისსია ჩიხში ვერასოდეს მოექცევა. მას შეიძლება ხელი შეუშალო, მაგრამ მხოლოდ დროებით. თუ მისსია ტყუილი არ არის, განგება კეთილ ანგელოზს მოგივლენს და სწორედ მაშინ, როდესაც...

რეპორტიორმა თავი კუნაპეტში ხელის ცეცებით მიმავლად იგრძნო.

– ბატონო შოლა სარნად, მგონი, განგებამ ის უკვე მოგვივლინა.

შეშლილი მასპინძელი შეცბა, შემდეგ წელში გაიმართა, მალაზონიას სანახევროდ გონიერი და სანახევროდ არეული თვალებით მიაშტერდა. შემდეგ წამოდგა, კედელთან მივიდა, დათვის ტყავს ერთადერთი ხელის თითები ჩამოუსვა და შემოტრიალდა. შუბლზე ნაოჭები ამობურცვოდა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემს დიდ მისსიასთან ერთად განგებამ პატარა დავალებითაც დამაჯილდოვა? – ხმაც ფიქრით გაჟღენთვოდა, შთაგონებით, იდუმალებით.

რეპორტიორმა თავი დაუქნია. «ვაითუ ეს ყველაფერი მხოლოდ სნეულის წვალებაა», – ფიქრობდა სონიკო, მაგრამ ეს ფიქრი შეშლილი მასპინძლის შეძახილმა გააწყვეტინა.

– რაო?! მაშ, დიდი მისსია არ მაქვს და ამდენი ზამთარ-ზაფხული მთათა მდუმარებაში იმიტომ გავატარე, რომ თქვენი გზააბნეული ჯგუფისთვის მცირედი დახმარება გამეწია?

შოლა სარნადის თვალებში მოგზაურებმა პირველად შეამჩნიეს მრისხანება, თან სასოებაშერეული და სახიფათო. ნათელი იყო, რომ დიდი მისიის დადასტურება ან უარყოფა მას აღაფრთოვანებდა ან მოსპობდა. იქნებ სხვა რამ მოულოდნელიც გამოეწვია. გამოსავალს კვლავ მალაზონიამ მიაგნო.

– ბატონო შოლა სარნად, ყველანი, ვისაც განგებამ მისსია გვარგუნა, ერთმანეთის სავალ გზებზე ხიდებად ვეწყობით და ესეც განგების მოგონილი ხერხი და კანონზომიერება უნდა იყოს. ამიტომაც თქვენი შემწეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ გთხოვთ, თოვლის საუფლოში ჩვენს შეხვედრას მეორე მხრივაც შევხედოთ. იქნებ თქვენი ჩვენი დახმარებით სინამდვილეში ჩვენი თქვენი დახმარება ინიღბება. მე გიდასტურებთ, ჩემს მისსიას ვგრძნობ და ყოველთვის ვგრძნობდი მის მისტიკურ ძალას, ახლა კი დამეუფლა შეგრძნება, რომ ჩვენ გამოგვაგზავნა ზეცამ თქვენი დიდი მისსიის აღსრულებაში დასახმარებლად...

რეპორტიორმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. ვითარებას თითქოს კიდევ სჭირდებოდა მისი მჭევრმეტყველება, მაგრამ ენამ წაიბორძიკა და გონებამაც სხარტად ვეღარ მიაწოდა აზრი. მადლობა განგებას, ნათქვამი საკმარისი გამოდგა.

– მართლაც, მართლაც... – მონუსხულივით იმეორებდა გიჟი მასპინძელი, – მე თქვენს საქმეს გავედები ხიდად და ამით თქვენ გაედებით ხიდად ჩემს დიდ მისსიას. ო, ზეცავ! ო, ბომონო! ო, ღვთაებავ! თანახმა ვარ, მხარში ამოვუდგე შენს მოვლენილ ადამიანებს და ვუთხრა, რომ ერთადერთი გზა ბოროტების ბუდისკენ აქედან გადის. მე ვიცი სად იწყება ეს გზა და მზის შუქზე მათაც ვაჩვენებ. მე მივცემ ნავს და შევაცურებ იდუმალ ტბაში. მე გავაფრთხილებ, რომ აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიკვდილი იმალება. ის ჩასაფრებულია, რათა სულები მიიბაროს. ო, აქაური სიკვდილი სხვაა, დიდად განსხვავებული ქვედა სოფლის ადამიანთა საბრალო კვდომისგან. აქაურმა სიკვდილმა სიბრალული არ იცის. აქაური სიკვდილი გველის მსახურთაც არ ინდობს. ო, ზეცავ! განა სწორედ ამის ნიშნად არ ჩამოვკიდე ხევის პირას წითელი დანით ყელგამოჭრილი გვამი? მათ ერთმანეთზე აღმართეს ხელი. და მე ვხვდებოდი ამ ხალხის კეთილ შარავანდედს. ო, ბომონო! მოწამე ხარ, მე მათ ხელს ვუწყობდი. მე ვუწამლე და მათაც მომაგნეს ბერების საფლავებს შორის. და მე... ო, ზეცავ! ო, მე... ო, ღვთაებავ... ო... შოლა სარნადი გაფითრდა, მუშტების შეკვრა და გაშლა კრუნჩხვად ექცა, თვალები აზრისგან ეფიტებოდა, ტუჩები უთრთოდა, ქანაობდა. ბოლმა და მალაზონიამ დროულად მიასწრეს, დააწვინეს. უხმოდ ემორჩილებოდნენ სონიკოს განკარგულებებს. ქალის დავალება ბიჭსაც ერგო – ქვაბულიდან გავიდა და თოვლი შემოიტანა. სნეულს მკერდი დაუზილეს, სიგიჟე ნელ-ნელა დაუცხრეს. შოლა სარნადს სახეზე ტანჯვისა და დაღლის ნიღაბი ეფარებოდა, ძალა ეცლებოდა და იმ ძილის საუფლოში ჩადიოდა, გონის დაკარგვასთან რომ არის ახლოს. ერთი ხნის შემდეგ გამოქვაბულში სიჩუმემ დაისადგურა. კოცონი ტკაცუნებდა.

– მთებში თუ დარჩება, დიდხანს ვერ იცოცხლებს, – ხმადაბლა თქვა სონიკომ.

– ეს არსად წავა, – მიუგო კოცონს მიშტერებულმა ბოლმა.

 

 

 

თავი ოცდამეთერთმეტე

 

დილით, როდესაც ქარიშხალი დაცხრა, დასაზვერად წავიდა. მისგან მილის მეოთხედში გაყინული, დათოვლილი ტბა იყო. ტბის გარშემო ყოველი მხრიდან მთათა დაკბილული მწვერვალები ამოზრდილიყო. დიახ, სწორედ ასე უყვებოდნენ.

უნებლიეთ წაადგა თავზე მოულოდნელ ტბას.

დილით მზემ გამოქვაბულში ცალი სხივი შეყო. ძალიან ნათელი სხივი ჰქონდა. ცამ თოვლის ბნევა შეწყვიტა. ეტყობა, მიწაზე დაფენილი საბნის აფუმფულება სურდა და რომ ააფუმფულა, გაჩერდა. სხივი მანამდე ელამუნა მოგზაურებს სახეებზე, სანამ ქუთუთოების დაშორება არ აიძულა. რაღაც ძალიან მხიარულს მღეროდა.

ისინი, როგორც ახალგამოღვიძებულთა წესია, ნელა წამოსხდნენ. შემდეგ წამოდგნენ. ბიჭი ამთქნარებდა, სახეზე ყველას სალამათი ეფინა. ეს სალამათი თბილი ქვაბულისა და შოლა სარნადის დამზადებული ბალახბულახის დამსახურება უნდა ყოფილიყო. თავად მასპინძელს წინა დღის სიგიჟის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. მოგზაურებმა თვალი რომ გაახილეს, უკვე ფეხზე იყო და საუზმეს ამზადებდა. საოცარი სიმარდით ატრიალებდა ერთადერთ ხელს.

– დილა მშვიდობისა, ბატონო შოლა სარნად. როგორ გიკითხოთ? – ვითომც არხეინად მიესალმა სონიკო. პასუხად მასპინძელმა მეგობრულად ჩაუკრა ორთავ თვალი.

– დიდი გზა გელით.

ბოლმა და ბიჭმა ბარგი მალე შეკრეს. თუმც განუწყვეტლივ ლაპარაკობდნენ, დიდი დრო არც საუზმეს წაუღია.

– დიდი გზა გელით, – იმეორებდა მასპინძელი.

– ბატონო შოლა სარნად, – ბოლი ისე მიუტრიალდა, თითქოს პირისპირ სალაპარაკოდ იწვევდა, – თქვენა თქვით, რომ იცით, საითაც გვიჭირავს გეზი, მაგრამ არ გითქვამთ, ეს რა ადგილია. მგონი, ბოროტების ბუდეც კი ახსენეთ. დაგვეხმარეთ, გეთაყვა, კიდევ გვითხარით რამე. მართალია, საფრთხით ვერავინ გაგვაკვირვებს, მაგრამ თუკი რამ წინასწარ გვეცოდინება, უკეთ გავემზადებით.

მალაზონია მათკენ ჩაიწია, შოლა სარნადმა კი, თითქოს რაღაც ძალზე უმნიშვნელო ჰკითხეს, ხელის აქნევით მიუგო:

– ვერას მოგახსენებთ. არ ვყოფილვარ.

– რაო? – ბოლს ალალად აოცებდა ამ კაცის სიგიჟის ნაირფეროვნება.

– ვერ მოგახსენებთ-მეთქი. აქედან თქვენც დაინახავთ, რა და რანაირად, იქ კი თავად იქაურების გარდა არავინ ყოფილა.

ისე ჩანდა, რომ მასპინძელს საუზმე უფრო ართობდა, ვიდრე მოგზაურთა ბედ-იღბალზე ლაპარაკი.

– იქ ვნახავთ? რას, ბატონო შოლა სარნად? – ჩაერია მალაზონია.

– რას? რა კითხვაა, ბატონო ჩემო, რა თქმა უნდა, ყოფილ მონასტერს გალავნით. იქ ხომ ადრე მონასტერი იყო, ხომ იხილეთ ბერთა საფლავები? მეტსაც მოგახსენებთ, ვფიქრობ, აქ ადრე კიდევ ერთი მონასტერი უნდა ყოფილიყო და გარდაცვლილი ბერები სწორედ იმ მონასტრისანი უნდა იყვნენ, თორემ იქიდან, საითაც თქვენ გაგიწევიათ, აკლდამა შორია. კი, ნამდვილად იქნებოდა მეორე მონასტერი, რომელსაც მიწისძვრა დაანგრევდა. აქ, ბატონებო, მიწისძვრის კვალი ყველგანაა. აქ ჰორიზონტი რომ წითლდება, ცუდის მანიშნებელია. მიწა პირს აღებს და ჩონჩხებს ყრის.

– უკაცრავად ვარ, ბატონო შოლა სარნად, ვინ ცხოვრობს ახლა იმ მონასტერში? – ფრთხილად გააწყვეტინა სონიკომ.

გიჟი მადიანად საუზმობას მორჩა და თითების ლოკვაზე გადაერთო.

– მაოცებთ, მაოცებთ, ნამდვილად მაოცებთ. განა არ იცით, მიტოვებულ საყდარს ვინ ეპატრონება?

პასუხმა ბიჭს პირჯვარი გადააწერინა. დუმილი ჩამოვარდა. მალაზონიამ, სონიკომ და ბოლმა ერთმანეთს გადახედეს.

– დროა წავიდეთ, – თქვა სონიკომ.

საათზე მეტხანს მიუყვებოდნენ დათოვლილ ველს. აქეთ-იქით მთები თითქოს გაიწივნენ, თითქოს გოლიათმა საკინძე შეიხსნა და ფართო მკერდი გადაიღეღაო. მზე აცხუნებდა. ცოტა სიარული ჭირდა, რადგან ველი ქვა-ღორღისა იყო და თოვლის ქვეშ შემალული ოღროები მალიმალ მზაკვრობდნენ, წინ კი დაუსრულებლად ჩანდა ჰორიზონტი.

ცოტას გავივლით და ყველაფერს ვნახავთო, თქვა შეშლილმა შოლა სარნადმა და მოგზაურებიც დაძაბულად შეჰყურებდნენ ცისა და თეთრი მიწის შეერთების ადგილს, მაგრამ ნაბიჯი ნაბიჯს მისდევდა, ზოლი კი ზოლად რჩებოდა. მალაზონიამ რამდენიმეჯერ სცადა შოლა სარნადის ყურადღების მიპყრობა, ერთი-ორჯერ სონიკომ და ბოლმაც მოინდომეს აჭრელებული თვალის დამშვიდება, მაგრამ მასპინძელი შლეგი ნაბიჯით მიიწევდა წინ, თოვლქვეშ მიმალულ ქვებზე სასაცილოდ უტრიალებდა ფეხები და ხმას არ იღებდა. ხმას არ იღებდა ბიჭიც. მისი თვალები დიდ დათოვლილ ველს ჭამდნენ, კბეჩდნენ და ძიძგნიდნენ, რადგან ყველგან, ყველა ქვისა და წვეტის ქვეშ, დაფლული განძი ეგულებოდა. მისთვის აქაურობა გადამალული, აურაცხელი თვალ-მარგალიტის სამყარო გახლდათ და გონებით უკვე გადაეთხარა ყოველი მტკაველი.

შოლა სარნადი კი გიჟურად მიქროდა და გიჟურადვე შედგა. მის უკან მიმავალი თავჩახრილი ბოლი კინაღამ დაეჯახა.

– მოვედით.

მოგზაურებმა მიმოიხედეს: ისევ თეთრი ველი და ცა. პირდაპირ – ჰორიზონტი.

– მოვედით? – სონიკომ სითეთრით დაღლილი თვალები მოიფშვნიტა და ისევ მიმოიხედა.

– დანარჩენი თავად იცით. მე აღარ წამოგყვებით.

ბიჭმა ზურგიდან ჩანთა მოიხსნა და დააგდო.

– სიგრძე სიგანედ ხო არ მივცე ამ ღვთის გლახასა, ჰა? – გადაულაპარაკა მალაზონიას, რომელიც უცბად ვერც მიხვდა, რა უთხრეს.

– სად მოვედით? – მოთმინებას მაინც არ კარგავდა ქალი, რომელიც შოლა სარნადს ისე უყურებდა, როგორც ექიმი პაციენტს.

– აი, – და შეშლილმა ხელით დიდი სივრცე შემოხაზა.

რეპორტიორს ამ დიდი და დაუნდობელი სივრცის დანახვამ გონება ჩაურთო.

– მისმინეთ, ბატონო შოლა სარნად, ჩვენ კი აქ დაგვტოვებთ, მაგრამ მისსია? განა მისსია არ უნდა აღსრულდეს?

გიჟმა ყურიდან ყურამდე გაიღიმა. გამაღიზიანებლად კეთილი სახე ჰქონდა იმწუთას.

– მისსია? განა მე მისსიისა ვიცი რამე?

აი, აქ კი ბიჭს მოთმინების ფიალა აევსო და აბღავლდა:

– მაშ, არ იცი, შე შოლა შენა, არა?! აქა გვყრი, შუა თოვლში, გეგონება, ჩანთები ვიყოთ, შენ კიდევ გატრიალდები და წახვალ, ხო?! ჯანდაბამდე გზასაც გვიტოვებ და შენ მიდიხარ, შე ჩონჩხების გამოგზავნილო, ხო?! ახლა ჩქარა თქვი, სად არის განძი, თორემ...

გახელებული გამცილებელი შეშლილს ყელში წვდომასაც უპირებდა, მაგრამ ბოლმა არ დაანება, დაეკიდა, ღონიერი მკლავებით შებოჭა და გაათრია. ბიჭი არც ბოლის მკლავებიდან ანებებდა განძეულისა და სიცოცხლისთვის ბრძოლას თავს.

– თქვი-მეთქი! თქვი, შე გიჟთა ხელმწიფევ, შენა! თქვი, ჩქარა!

გიჟს კი სახიდან წამითაც არ მოშორებია მშვიდი, თითქმის ფილოსოფიური ღიმილი.

– ყველაფერი იქ არის. თქვენი სიკვდილიც.

– ვაჰმე! – იღრიალა ამის გაგონებაზე ბიჭმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაიბრძოლა, ბოლს მკლავებიდან დაუსხლტა, მაგრამ წონასწორობა დაკარგა, წაიფორხილა და თავის ჩანთასთან გაიშოტა.

– გაჩერდით! გეყოფათ! – დაუძახა სონიკომაც.

მაგრამ ბიჭის გაჩერება შეუძლებელი ჩანდა.

– აჰა-ჰააააა! – იღრიალა მასპინძელზე მეტად ჭკუას გადაცდენილმა, გვერდით დაგდებულ უდანაშაულო ჩანთას ხელი დასტაცა და მოისროლა. მოისროლა და...

თავში უროჩაცემულებივით უყურებდნენ, როგორ იძირებოდა ჩანთა. მათგან სულ რაღაც სამ ნაბიჯში წყალი იყო. უსასრულო სითეთრისგან დაღლილი თვალები ცხვირწინ ბუნდოვანი განსხვავების შემჩნევას იწყებდნენ – თოვლის თეთრ საბანს რუხი სივრცე ცვლიდა და ამ სიბრტყის ზედაპირი, ო, ღმერთო, სუნთქავდა.

– ეს რა არის? – ხმის ამოღება მოახერხა ბოლმა.

– ტბაა.

– ტბა?

ბიჭმა წყლისკენ ნაბიჯი გადადგა, ჩაიცუცქა და ფრთხილად ჩაყო ხელი.

– თბილია.

– ჭეშმარიტებაა, – დაეთანხმა შოლა სარნადი, – თბილი ტბაა და ზამთარშიც ასდის ორთქლი. ჰოდა, ჩვენი გზებიც აქ იყრება. ნავსაც ახლავე მოგცემთ.

შლეგი შეტრიალდა და ტბის ახლა უკვე შესამჩნევ ნაპირს გაჰყვა. უკან არ მოუხედავს.

– ბატონო ჩემო! ჰეი! – დაუძახა რეპორტიორმა მალაზონიამ.

შოლა სარნადმა გაიგო, მაგრამ არ მოტრიალებულა, მხოლოდ ხელი გაიშვირა აღმოსავლეთისაკენ. მოგზაურებმაც იქით გაიხედეს. ტბის გადაღმა, იქ, სადაც აქამდე თეთრი ღრუბელი ეფინა, ბუნდოვნად ჩანდა კონტურები გოროზი ნაგებობისა, რომელიც ძალიან ჰგავდა გალავანშემორტყმულ ტაძარს.

 

 

 

თავი ოცდამეთორმეტე

 

შემდეგ მან ორჯერ გადაკვეთა მინდორი – ოცდაშვიდნომრიანი ქვედა ბოძიდან ოცდარვანომრიან ზედა ბოძამდე და უკან – და დარწმუნდა, რომ ამ უკანასკნელის ზედა ბოძი პირველის ქვედა ბოძზე ქვემოთ იყო.

შეშლილმა თოვლის თეთრ ერთფეროვნებას სადღაც ნავი გამოართვა და რამდენიმე წუთის წინ თვალთაგან დაკარგული მოგზაურებს ტბიდან მოადგა. შემდეგ კი ნაპირთან იდგა და ხარხარებდა. ნავში ჩაჭმუჭნილი მოგზაურები ხედავდნენ, როგორ კუმშავდა და შლიდა გიჟი მასპინძელი გაჭიმულ ხელებზე თითებს. მუშტის ყოველ შეკუმშვაზე ფეხის წვერებზეც იწეოდა, ბოლოს კი სწრაფად შეტრიალდა და დათოვლილ ველს გაჰყვა.

თავიდან ისე ჩანდა, თითქოს შოლა სარნადი ბარბაცებდა, თუმცა ვინ იცის, ეს არც იყო მართალი. ისინი კი სულ მეტად და მეტად სცილდებოდნენ ნაპირს და მათ თვალწინ საოცარი სურათი იხატებოდა – უსასრულო ერთგვაროვნება, რომლის ერთ მხარეს თავად ნავს მიაცურებდნენ, ხოლო მეორე მხარეს კაცი ფეხით მიუყვებოდა გზას.

მჭიდროდ ისხდნენ, მაგრამ სიმჭიდროვეს არ დაგიდევდნენ. თავად ნავიც საოცარი გახლდათ. ვინ წარმოიდგენდა, რომ სადღაც, დედამიწის მიმალულ ნაოჭებში განმარტოებულ სნეულს თავისი ხელით გამოთლილი ერთი კაცისთვის გვარიანად დიდი, ალბათ, კაცისა და ბარგისთვის გამოთლილი ნავი ექნებოდა და მას, ვინ იცის, რა ჯაფით შექმნილს, უცნობ ადამიანებს სინანულის გარეშე გაატანდა.

ნიჩბებს ბოლი უსვამდა. რომ დაიღლებოდა, ბიჭს უნდა შეეცვალა.

შოლა სარნადი ჰორიზონტმა გააქრო, თავად კი ოთხივ მხრიდან შემოერტყა სამყაროში მარტო დარჩენილ ნავს. მაგრამ იყო კიდევ ერთი რამ – მუქი სილუეტი იდუმალებით მოცული გალავანშემორტყმული ნაგებობისა, რომელსაც შლეგმა მიტოვებული ტაძარი უწოდა. გეზი პირდაპირ მისკენ ეჭირათ. მალაზონია თვალს არ აცილებდა არაფერზე დაყრდნობილ ნაგებობას.

– უთუოდ თვალი იტყუება, თორემ... – თქვა ერთი ხნის დუმილის შემდეგ.

ბოლი დაიღალა, ტაძარი კი არ ახლოვდებოდა.

– რაო, ბოლო, გეტკინა ხელები? – ჰკითხა ბიჭმა.

მეგობარმა თავი დაუქნია.

– თითქოს გიჟ მდინარეს ვებრძოდი, – ბოლმა გაკვირვებით დახედა თითქოსდა უძრავ წყალს.

– თქვენ რომ დაიღლებით, მე შეგცვლით, – უთხრა ბიჭს რეპორტიორმა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

შემდეგ ისევ ნიჩბების ხმა არღვევდა სიჩუმეს. იბერებოდა მენიჩბის კუნთები. ჰორიზონტი ჰორიზონტად რჩებოდა. ცაში კიდევ უფრო თეთრი ღრუბელი გამოჩნდა.

– ნაძლევს ჩამოვალ, ტაძარს დაეფარება, – გაიცინა მალაზონიამ.

– მეც ეგ გავიფიქრე, – კვერი დაუკრა ბოლმა.

და ღრუბელიც უკიდეგანო სივრცეში მაინცდამაინც ტაძარს შემოეხვია. მოგზაურებს მიზანი დაემალათ, მიზნად ღრუბლისკენ ცურვა რჩებოდათ.

ბიჭი მალაზონიამ შეცვალა, მაგრამ რეპორტიორის სუსტმა მკლავებმა დიდხანს ვერ გაძლო და ნავიც გვარიანად შეანელა. ისევ ბოლმა მოჰკიდა ნიჩბებს ხელი. სონიკომ თვალები გაახილა.

– ჩამძინებია, – მიმოიხედა, – ღმერთო ჩემო, არაფერი იცვლება?

ბოლი ისევ ბიჭმა შეცვალა. მალე იღლებოდნენ და ეს ძალიან უკვირდათ.

– მე დამსვით, ახლა უკეთ შევძლებ, – ითხოვდა რეპორტიორი.

– როდის დასრულდება ეს ყველაფერი, – ჩაიდუდღუნა ბოლმა.

ჩაიდუდღუნა და დასრულდა. ნავი უხეშად მიეჯახა უხილავ, თეთრ გაღმა ნაპირს.

პირველი, რაც მოგზაურებმა შეჯახების შემდეგ მოიმოქმედეს, ერთი გემრიელი შეკურთხება გახლდათ, ვისაც როგორ შეეძლო, ისეთი, მერე კი ნავიდან გადავიდნენ და დაბუჟებული ფეხები გაშალეს. ბიჭმა ნავი შეამოწმა, ბედად, არ დაზიანებულიყო.

– ახლა კი რაღა? – მალაზონიამ სამივეს სათითაოდ ჩახედა კვლავ უპასუხო თვალებში.

– უკან გადაცურვა, იმ შოლას მონახვა და შაჭმა, – ჩაიბურდღუნა ბიჭმა ერთი ხნის შემდეგ. ის და ბოლი დაღლილ მკლავებზე ერთნაირად ისვამდნენ ხელს. მალაზონიამ ამოიოხრა.

– ღმერთო, დიდებულო! – დაიკივლა უეცრად სონიკომ. მისი ასეთი დაკივლება მოგზაურ კაცებს აქამდე არ მოესმინათ და არც კი ეგონათ, ამ ნაზ არსებას ასეთი ხმის გამოცემა თუ შეეძლო.

– ღმერთო, დიდებულო! ტაძარი!..

ისინი მოტრიალდნენ და არნახული დაჟინებით მიაშტერდნენ ერთგვაროვან სივრცეს: იქ, საიდანაც გამოსცურეს, სადაც გიჟი მასპინძელი დატოვეს და რასთანაც ახლანდელი ადგილიდან თავდაპირველი მანძილი აშორებდათ, შემაძრწუნებლად ბუნდოვნად და შორეულად ჩანდა გალავნისა და მის უკან აღმართული ტაძრის კონტურები.

– ტაძარმა გადაცურა!

 

 

 

 

ნაწილი მესამე

 

წითელი დემონის აღსასრული

 

თავი ოცდამეცამეტე

 

რომელშიც სამჯერ

გამოჩნდება წითელი დემონი

 

თორმეტკუთხა დარბაზს თორმეტი ჩირაღდნის შუქი ეფინებოდა. თორმეტრიგად ეწყო თორმეტი მერხი და თითოეულს ზედ დადგმული თორმეტსანთლიანი შანდალი მატებდა ნათელს. გვიანი ჟამი იყო, დარბაზს ცოტანი შემორჩენოდნენ, მერხებზე მეტწილად აღარავინ იჯდა. თორმეტივ კუთხით ჰაერს უცნაური, მოტკბო სუნი ამძიმებდა – ეს ბიბლიოთეკა გახლდათ.

წიგნებსა და ხელნაწერებს ჩაკირკიტებულთა გარდა დარბაზში თავად საცავმეუფე სვიმონ წიგნთაკარიც იჯდა. მას დიდრონ, ძველებურ მაგიდაზე მხოლოდ მისთვის გასაგები ვეება დავთარი გადაეშალა და თვლემდა. მართალია, დუმილთა დუმილს რაღაცის იშვიათი და უწყინარი გატკაცუნება არღვევდა, მაგრამ ეს საცავმეუფეს ძილს ვერ უფრთხობდა, რადგან სწორედ ასეთი იყო მისი ყოველი დღე მას მერე, რაც ოდესღაც, ყმაწვილკაცობაში, საცავის გუშაგად აკურთხეს. ასეთადვე ესახებოდა ცხოვრების ბოლო წამიც – ბიბლიოთეკა მისი ხვედრი, გზა-სავალი და ნეტარება გახლდათ.

საცავმეუფე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. ერთადერთმა მან იცოდა თორმეტკუთხა დარბაზს ქვეშ თვალით უხილავ ოთახებში განთავსებული უდიადესი წიგნსაცავის ავანჩავანი. წიგნსაცავს კი სასრული არ ჰქონდა, რაც მზისქვეშეთში დანამდვილებით მხოლოდ სვიმონმა იცოდა და მანვე უწყოდა, რომ მისი ცხოვრების განმავლობაში იქ დავანებულ წიგნთა მხოლოდ უმცირესი ნაწილი ექნებოდა თორმეტკუთხა დარბაზში ამოსასვენებელი.

მაგრამ იყო ნაწინასწარმეტყველები: სანამ დადგება ჟამი აღსასრულისა, უსასრულო საცავის ყოველ წიგნს თითოჯერ მაინც მოუწევს თორმეტმზიანი შუქის ხილვა და ვაი მას, ვინც თორმეტი მზის ნათებას თვალის ერთი დახამხამებით მაინც შეუშლის ხელს. და დაჰფოფინებდა სვიმონ წიგნთაკარი თორმეტ ჩირაღდანს, რამეთუ სწამდა და წინამორბედისგანაც ასე იცოდა, რომ თორმეტი მზე სხვა არა იყო, თუ არა თორმეტკუთხა დარბაზის გამნათებელი თორმეტეული.

და ვინ იყო სვიმონ წიგნთაკარის წინამორბედი? ავილონ წიგნთაკარი, უსასრულო საცავის ხუცი მეურვე, რომლის ხელდასხმითაც შეიქნა სვიმონ წიგნის გუშაგად და საცავმეუფეობამდე აღზევდა. ხოლო, რა დღესაც ავილონ წიგნთაკარმა სული არსთაგამრიგეს მიაბარა, სვიმონმა ყმაწვილი ეფრემ ჩაიბარა, რათა ჯერ გუშაგობაში გაეწაფა, ხოლო შემდეგ, აღსასრულის ჟამს, სრულიად საცავი მისთვის გადაელოცნა.

იმ წუთს კი საცავმეუფე თვლემდა, ხოლო თორმეტკუთხა დარბაზის მყუდროებას რაღაცის იშვიათი და უწყინარი ტკაცუნი არღვევდა. გვიან ჟამს სულ ათი მერხი თუ იყო დაკავებული და ათივეგან პერგამენტსა თუ ხელნაწერს ჩაჰკირკიტებდნენ.

პირველმა თავი მალაქია ვერცხლისსვეტმა ასწია. რატომ? არავინ იცის, რატომ, მაგრამ ასწია და... ზეციურ რუკებს ჩაღრმავებულმა მარადისმიერი გონებით უცბად ვერ შეიცნო თვალით დანახული. ამიტომაც გამოხდა მიშტერების წამი და მხოლოდ მერე გაისმა დუმილთ დუმილის დამანგრეველი ღრიალი.

– კანალია!!!

მყისიერად ვერავინ მიხვდა, რას ნიშნავდა ეს ყვირილი. აქ, მარადიული ფიქრის თორმეტკუთხა დარბაზში საუკუნეების მანძილზე მხოლოდ ჩურჩული, ჩუმი ნაბიჯის ხმა და რაღაცის იშვიათი, უწყინარი ტკაცუნი თუ ბედავდა მდუმარების დარღვევას. მერედა, დარბაზში მსხდომთ წლობით აღარ შეეყვირათ და ვინ იცის, ასეთი უნარი დაკარგულიც ჰქონდათ, მაგრამ წამიც და კიდევ უფრო მეტი შეძრწუნებით განმეორდა.

– კანალია!

ახლა კი ყველამ გაახილა ხელნაწერებით დაღლილი თვალი და... მალაქია ვერცხლისსვეტი მართალი იყო, მათ წინაშე კანალია როკავდა – წითელი დემონი.

დემონი დედიშობილა ხტოდა, მისი სხეული კი ანათებდა. ტანსა და სახეზე მეწამულ შეშლილ თვალებს ბოროტად აელვებდა. თმააწეწილს პირიდან ღმუილი ამოსდიოდა – ხმით თითქოს ნადირს ჰგავდა და არც ჰგავდა. მალაქია ვერცხლისსვეტი უგონოდ დაეზღერთა თავისივე მერხზე, სვიმონ წიგნთაკარს ღია პირიდან დუჟი ჩამოუვიდა, სხვანი გაქვავდნენ, ხოლო დემონი როკავდა და ღმუოდა.

და რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ჯოჯოხეთური როკვა? ეს ვეღარავინ თქვა, რადგან გონს რომ მოეგნენ და ამოსუნთქვა გაბედეს, წითელი დემონი იქ აღარ იყო.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ბაბუნაშვილი ილია / ცვილის კაცი და მეწამული