ბახმანი ინგებორგ 

ეს ყოველივე

 

თარგმანი გერმანულიდან – მაია მირიანაშვილი.

 

ერთმანეთს ვერიდებოდით. სადილობისასაც გაქვავებულებივით ვისხედით. იშვიათად თუ შევეჩეხებოდით დერეფანში მხოლოდ საღამოობით, ისიც შემთხვევით, რატომღაც ერთდროულად მოგვივიდოდა თავში აზრად,რომ კარი ჩაგვეკეტა. გასასროლად გამზადებულ მშვილდისარს წააგავდა ჩვენი ურთიერთობა, როცა ისარი სამყაროს ერთი ბოლოდან მეორესაკენ მიემართება – ე. ი. ჩემიდან ჰანამდე – უძრავ ცარგვალს გულში რომ გაეყაროს. კარს ვკეტავთ და კვლავ ჩვენ-ჩვენი ოთახებისკენ ვბრუნდებით. ჩემს წინ მიდის და ისე შედის თავის საძინებელში, რომ ღამე მშვიდობისასაც არ მისურვებს. რაღა დამრჩენია, მეც ჩემს ოთახში შევრბივარ. გაშტერებული ვჯდები საწერ მაგიდასთან და თვალებიდან არ მშორდება მისი გაყინული სახე, ყურებში კვლავ მისი დუმილი მიდგას. ნეტავ რას აკეთებს თავის ოთახში? სძინას თუ ღვიძავს? ნეტავ რას ელის? მე რომ არ მელის, ეს კი ვიცი.

 

ჰანაზე იმიტომ დავქორწინდი, რომ ბავშვს ელოდებოდა ჩემგან. არჩევანი აღარ მქონდა. გადაწყვეტილება თავისთავად მივიღეთ. ეს ახალი, უჩვეულო ამბავი ისე მოულოდნელად დამატყდა თავს, ისე შემძრა, რომ მეგონა ცა ჩამომექცა-მეთქი. ირგვლივ ყველაფერი შეცვლილი მეჩვენებოდა, მთვარეც კი – ნაზად, აჩრდილივით რომ მომჩერებოდა თავისი ნავსაყუდელიდან. დაბნეული დავდიოდი, საქმეს გულს ვერ ვუდებდი, ბიუროშიც ფიქრებით სულ სხვაგან დავფრინავდი, ჯერ კიდევ ამქვეყნად მოუვლენელ ბავშვს ვესაუბრებოდი. ყოველი ჩემი აზრი ამ უჩინარ, უცნობ არსებას უკავშირდებოდა.

 

ბავშვის მოლოდინმა სულ შემცვალა. გარეთაც აღარ მიწევდა გული. მეგობრებსაც გავურბოდი. მე და ჰანა დიდ ბინას ვეძებდით, გვინდოდა ბავშვისთვის ყველაფერი უკეთ მოგვეწყო; მაგრამ უცბად, რაღაც მოულოდნელი აზრი ამეკვიატა, თითქოს რაღაც ნაღმს წავაწყდით, რომელიც შეიძლებოდა წამი-წამზე აფეთქებულიყო. უკან დახევა მოვინდომე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, წინ უნდა მევლო, საფრთხეს ვეღარ მოვერიდებოდი.

 

ჰანას ჩემი არ ესმოდა. ვერ გაეგო, რატომ იყო ჩემთვის სულერთი, დიდი ბორბლები ექნებოდა ბავშვის ეტლს თუ პატარა (მართლა არ ვიცი, შენ როგორც გინდა-მეთქი, ვეუბნებოდი და ყურადღებით ვუსმენდი). იმას კი არ ეზარებოდა, საათობით შეეძლო ბავშვის ტანსაცმელი ეთვალიერებინა, ხან ერთი ფერი არ მოსწონდა, ხან მეორე, ხან ხელოვნურს ეძებდა, ხან ბუნებრივს. ვერ გადაეწყვიტა და ისევ მე მეკითხებოდა. მაგრამ ჩემგანაც რომ პასუხს ვერ იღებდა, ბრაზდებოდა, სულ არაფერი გაინტერესებს ბავშვისო. რა იცოდა, რომ მე სულ სხვა, უფრო ღრმა აზრები მაწუხებდა ბავშვთან დაკავშირებით.

 

მაგრამ რა მექნა, როგორ გამომეთქვა, რა ხდებოდა ჩემს გულში?! იმ ველურს ვგავდი, გონება რომ გაუნათდა უცბად და მიხვდა, რა არის სამყარო. ეს ის განადგურებული ნავსაყუდელია, სადაც მზე ამოდის და ჩადის, სადაც ნადირობენ და ჭამენ, რომელიც უკვე მილიონი წლისაა და სადაცაა მოკვდება, რომელიც საოცარი სისწრაფით მოძრაობს მზისა და საკუთარი ღერძის ირგვლივ. მე გავიაზრე ეს ყველაფერი, პარალელი გავავლე ჩემსა და ბავშვს შორის, ნოემბრის შუაში თუ დასაწყისში რომ უნდა მოვლინებოდა ამ ქვეყანას თავისი სიცოცხლით, სწორედ ისე, როგორც მე და ყველანი მოვევლინეთ ერთ დროს. მთელი სისრულითა და სიმკვეთრით დამიდგა ეს წარმავლობა თვალწინ. როგორც ძილის წინ, როცა ვერ იძინებს ადამიანი და ცდილობს წარმოიდგინოს თეთრი და შავი ცხვრები (თეთრი ცხვარი, შავი ცხვარი, თეთრი, შავი...), ვიდრე ეს წარმოსახვა არ გამოაშტერებს და ძილბურანში არ გარიყავს. მერე კი უცბად შეიძლება სასოწარკვეთილსაც გამოეღვიძოს. თუმცა, ასე მე ვერასოდეს ვიძინებდი. ჰანას დედისგან ჰქონდა ჩაგონებული, რომ ყველანაირ დამამშვიდებელ წამალზე უკეთ ეს ჭრიდა. მე კი ვერ წარმომედგინა, როგორ შეეძლო დაემშვიდებინა ადამიანი ამ უსასრულო ჯაჭვზე ფიქრს: სემმა მოავლინა ამ ქვეყნად არპახსადი, ოცდათხუთმეტი წლის არპახსადმა სელაჰი, სელაჰმა ჰებერი, ჰებერმა პელეგი, ოცდაათი წლის პელეგმა რეგუ, რეგუმ სერუგი, სერუგმა ნაჰორი და თითოეულმა კიდევ უამრავი ვაჟი თუ ქალიშვილი, თვით ნაჰორმა თარაჰი და თარაჰმა აბრამი, ნაჰორი და ჰარანი. არაერთხელ ვცადე, მივყოლოდი ამ ჯაჭვს არა მხოლოდ წაღმა, არამედ უკუღმაც კი ადამ და ევამდე, რომელთაგანაც ვითომ წარმოვიშვით. თუ ჰომინიდებამდე, იქნებ მათგან ვიღებთ დასაბამს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამას. ორივე შემთხვევაში საშინელი უკუნია გამეფებული და წარმომავლობის ეს ჯაჭვიც ამ უკუნშია ჩაკარგული. უაზრობაა ჩაეჭიდო ან ერთს ან მეორეს, მაინც ვერ იპოვი გამოსავალს ამ უწყვეტი ჯაჭვიდან. რადგან ყოველი ადამიანის თამაშის ჯერი ერთხელ მოდის და სწორედ ამ თამაშს უნდა აუღოს ალღო და ჩაეჭიდოს: გამრავლება და აღზრდა, ეკონომიკა თუ პოლიტიკა, გრძნობებითა თუ ფულით თამაში, აღმოჩენები თუ მუშაობა, ყველაფერი ეს თამაშის წესების გამართლებაა, არადა, აზროვნებას უწოდებენ ხოლმე.

 

ერთხელ უკვე მივენდეთ, გავმრავლდით, გვეყოფა – უნდა დავკმაყოფილდეთ ალბათ. ან იქნებ თამაში სჭირდება მოთამაშეს?!

 

მე თავად უნებურად მოვევლინე ამ სამყაროს და ახლა ბავშვიც მოვავლინო? ამის გაფიქრებაც კი მზარავდა. ყველაფერს უკვე ბავშვის თვალთახედვიდან დავუწყე მზერა. საკუთარ ხელებსაც კი, ოდესღაც რომ შეეხებოდნენ ბავშვს, ჩემს ბინას, მესამე სართულზე რომ მდებარეობდა, ჩვენს ქუჩაზე გამავალ წყლის არხს, საერთოდ მთელ ჩვენს რაიონს, ქალაქისკენ მიმავალ გზაჯვარედინებს, დაბლა პრატერის ხეობისკენ რომ ეშვებოდნენ და ბოლოს მთელ სამყაროს, ბავშვისთვის რომ უნდა გამეცნო. ჩემგან უნდა გაეგო პირველად სიტყვები: მაგიდა, საწოლი, ცხვირი, ფეხი, სული, ღმერთი, გონიერება – ამისი ახსნა და გაცნობაც ხომ მე მომიწევდა?! არადა, ხომ არ დაუმალავ? ამ ურთულეს საკითხებზეც: რეზონანსი, დიაპაზონი, ასტრონავტიკა – ამაზეც ხომ მე უნდა გამეცა პასუხი, რაში, როგორ ან როდის გამოეყენებინა ყოველივე ეს. ყველაფერი ამერ-დამერია, დავიბენი.

 

ბავშვი დაიბადა, რაღა ფილოსოფია უნდოდა: ქვეყანას მოევლინა კიდევ ერთი შესაბრალისი, უსუსური, ზაფრანასავით პატარა არსება. მე კი იმისთვისაც არ ვიყავი მზად, რომ სახელი დამერქმია. ძლივს შევთანხმდით მე და ჰანა. რეგისტრაციაში ერთდროულად სამი სახელი შევიტანეთ: მამაჩემის, ჰანას მამის და ბაბუაჩემის სახელები. მაგრამ ამ სამი სახელიდან არცერთი დაგვირქმევია. რატომღაც კვირის ბოლოს ბავშვს ფიპსი შერჩა სახელად. როგორ მოხდა ეს, თავადაც არ ვიცი. ვინ იყო ამაში დამნაშავე, არც ეს ვიცი, მე თუ ჰანა, იქნებ ორივე. რაღაც უაზრო მარცვლების კომბინაციებს ვქმნიდით, ვითომდა მოფერებით რომ მიგვემართა ყმაწვილისთვის, რადგან ჩვენს მიერ შერჩეული სახელები ამ უსუსურ ბავშვს არ შეეფერებოდა. ამგვარი მეცადინეობით დაერქვა ეს სახელი, მერე წლების განმავლობაში რომ მაღიზიანებდა. ზოგჯერ ბავშვსაც კი ვადანაშაულებდი ამაში; ბავშვს, რომელსაც თავის დაცვაც კი არ შეეძლო. არადა ყველაფერი ხომ შემთხვევითობაა! ფიპსი! ასე უნდა რქმეოდა სიკვდილამდე ჩემს შვილს, სასაცილოდ რომ აეგდოთ ისიც და ალბათ ჩვენც?!

 

იმ დროს, როცა ფიპსი თავის ცისფერ-თეთრებით გაწყობილ საწოლში იწვა, ეძინა თუ ეღვიძა და მე მხოლოდ იმისთვის თუ ვვარგოდი, რომ ამ უსუსური არსებისთვის პირიდან გადმოსული დორბლი ან მჟავე რძე მომეწმინდა, ან თუ წაიტირებდა, ხელში ამეყვანა და დამემშვიდებინა, ერთი აზრი ამეკვიატა, თითქოს ბავშვი დროს მაძლევდა, რათა გონს მოვსულიყავი. როგორც სულს, რომელიც გამოგეცხადება და ცდილობს რაღაც მიგანიშნოს გაურკვეველი მზერით, მერე კი კვლავ უჩინარდება. ხშირად ვუჯექი საწოლთან, დავცქეროდი ოდნავ მოღიმარ სახეს, უაზროდ გაშტერებულ თვალებს და მის ყოველ ნაკვთს ვსწავლობდი, თითქოს რაღაც ტრადიციული წარწერა ყოფილიყო, რომლის გასაშიფრადაც ვერანაირ ხელჩასაჭიდ გასაღებს ვერ ვპოულობდი. მაოცებდა და თან მახარებდა ჰანას თავდაჯერებული დამოკიდებულება ამ უსუსური არსებისადმი: როგორ აძინებდა, ახვევდა, იწვენდა თავისთან. ყოველ მის ქმედებაში რაღაც კანონზომიერი იგრძნობოდა, თითქოსდა ასე ყოფილაო დაწესებული. ისე მოხერხებულად უწმენდდა ცხვირს ბამბის პატარა ტამპონით, აყრიდა პუდრს პუტკუნა ფეხებზე, გეგონებოდა, ყოველივე ეს მისთვისაც და პაწიასთვისაც მარადიული ნეტარება იყო.

 

რამდენიმე კვირის შემდეგ ჰანა ეცადა, პირველი ღიმილი გამოეტყუებინა პაწიასთვის. მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, სრულიად გაუგებარი, გამოუცნობი გრიმასი გამოეხატა. ზოგჯერ ხშირად, ვითომდა გარკვევით მოგვაშტერდებოდა ხოლმე, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს უკვე გააზრებული ქმედება ყოფილიყო. არადა, როგორ ვცდილობდით მე და ჰანა ამ მზერისთვის რაიმე ხელშესახები საფუძველი გვეპოვა, რომელიც მოგვიანებით შეიძლება გამართლებულიყო კიდეც. ვერცერთი ადამიანი და ალბათ ვერც ჰანა ვერ გამიგებს, რატომ დამემართა მაშინ ამგვარი მოუსვენრობა. შიშმა შემიპყრო, ჰანასთანაც გავუცხოვდი. ვცდილობდი შორს დამეჭირა თავი, ყოველნაირად ვნიღბავდი ფიქრებსა და აზრებს. მოულოდნელად ჩემში სისუსტე აღმოვაჩინე და ეს ყველაფერი ბავშვის წყალობით. ბავშვმა შვა ჩემში გრძნობა – შევგუებოდი საკუთარი თავის კრახს. მეც და ჰანაც ოცდაათი წლის ვიყავით, მაგრამ ის უფრო ახალგაზრდულად და მხნედ გამოიყურებოდა, ისე, როგორც არასდროს. ჩემთვის კი ბავშვის დაბადებას არაფერი ახალი, ახალგაზრდული არ მოუტანია და რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო უკან-უკან მივდიოდი: მის ყოველ გაცინებაზე, ყვირილზე თუ მხიარულებაზე კედლებს ვაწყდებოდი. ვერ შევძელი ჩანასახშივე ჩამეხშო ეს ტიკტიკი, ყვირილი თუ სიცილი. კარგი იქნებოდა, თავიდანვე რომ ჩამეხშო.

 

რა უნდა მეღონა ახლა? ადრე ვფიქრობდი, მისთვის სამყარო თავისი უტყვი ორენოვნებით დამეხატა. მაგრამ დავიბენი და სულ სხვაგვარად ვმოძღვრავდი. მაშ რა მექნა, დამემალა მისთვის ამა თუ იმ საგნის დასახელება და გამოყენება?! ის ხომ არ იყო პირველი, მისით ხომ არ იწყებოდა სამყარო, მისთვის ყველაფერი სხვაგვარი ხომ არ გახდებოდა?! მე ვერ შევძლებდი, ამეხსნა სამყაროს მთელი სრულყოფილება, არსის სიღრმე და მიზნები, სად იყო სიკეთე და სად ბოროტება, რა იყო ჭეშმარიტება და რა მოჩვენებითობა. რატომ უნდა მომეხდინა მასზე ზეგავლენა, რატომ მომეხვია თავზე ჩემი ცოდნა თუ რწმენა, სიხარული და ტანჯვა. როგორ ან რატომ უნდა დამესახა მისთვის ამ სამყაროს შეცნობის გზები?!

 

აქ, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, სამყარო ყველაზე აუტანელია. ვერავინ ჩასწვდა მას დღემდე და ალბათ კიდევ რამდენ ხანს ვერ ჩასწვდებიან და ვერ ამოიცნობენ.

 

და უცბად მივხვდი, საქმე ენაშია. არა, მე არ ვამბობ გერმანულის ან რომელიმე სხვა ენის ცოდნას, ბაბილონში რომ ჩაეყარა საფუძველი, რათა სამყარო გზიდან აეცდინა. მე სხვა ენას ვგულისხმობ, ყველა ამ ენის მიღმა რომ ღვივის. ენა, რომელსაც სულებში, მზერასა თუ აზროვნებაში, გონებასა თუ გრძნობებში წვდომის უნარი გააჩნია. სწორედ მასშია ჩვენი ყოველი ბედნიერება თუ უბედურება. შემეძლო კი მე ბავშვის დაცვა ჩვენი ენისგან, ვიდრე ის თავად შეიმეცნებდა ახალს?! ვიდრე თავად შეძლებდა ახალ დროებაში შებიჯებას?!

 

ხშირად ვასეირნებდი ფიპსს მარტო და საშინლად ვცოფდებოდი, როცა მასში უკვე ვპოულობდი ჰანასგან შეძენილ თვისებებს: კეკლუცობას, სინაზეს, ნებივრობას. ის უკვე ჩვენ გვემსგავსებოდა. მაგრამ არა მხოლოდ მე და ჰანას, არამედ საერთოდ ადამიანებს. მხოლოდ იშვიათად თუ გამოამჟღავნებდა რაღაც თავისთავადს. და სწორედ მაშინ ვაკვირდებოდი დაჟინებით. მისთვის ყველა და ყველაფერი სულერთი და ერთნაირი იყო. მხოლოდ ჰანას და მე გვთვლიდა ახლობლებად, ალბათ მუდამ გვერდით რომ ვყავდით, იმიტომ. მაგრამ კიდევ რამდენ ხანს გასტანდა ეს?!

 

უკვე გაუჩნდა შიშის გრძნობა, მაგრამ არა ზვავისა ან სხვა, რამე საშინელების მიმართ. არა, მას ფოთლების შრიალის, პეპლებისა და ბუზების ეშინოდა უსაზღვროდ. მაშ, დიდ ქარში რაღა ეშველება, მთელი ხე რომ გადაქან-გადმოქანდება. როგორ დავტოვო ამ გაურკვევლობაში? – ეს ფიქრები მტანჯავდა.

 

კიბეზე ვინმე ბავშვს თუ შეხვდებოდა, ისე უხეშად წაატანდა სახეში ხელს... ალბათ არც იცოდა, ისიც რომ ბავშვი იყო. თანდათან უფრო უმატა ტირილს. ადრე მხოლოდ მაშინ თუ წაიტირებდა, რამე თუ წამოტკივდებოდა; ახლა კი წამდაუწუმ ტიროდა ძილის წინ, ან ძალით თუ მიიყვანდი მაგიდასთან, ან სათამაშოს თუ წაართმევდი. საშინელი გაბრაზება იცოდა. შეეძლო იატაკზე გაწოლილიყო, ჩაბღაუჭებოდა ხალიჩას და გალურჯებამდე ეღრიალა, პირზე დუჟის მოდგომამდე. ზოგჯერ ძილშიც კი ყვიროდა, გეგონებოდა ვამპირი უღრღნისო მკერდს. უკვე მიხვდა, რომ მისი ღრიალი ჭრიდა და ამ ღრიალს წარმატებით ებღაუჭებოდა.

 

ერთ დღეს კი აი, რა მოხდა!

 

გამწარებული ჰანა აქეთ-იქით აწყდებოდა, საყვედურობდა, გაუზრდელს ეძახდა. თან გულში იხუტებდა, კოცნიდა და ემუდარებოდა, აღარასოდეს ეტკინა დედისთვის გული. გარშემო უვლიდა, ხან შოკოლადებს სთავაზობდა, ხან ფორთოხლებსა და დათუნიებს, რომ როგორმე მოელბო ფიპსის გული.

 

როცა ხეების ჩრდილს დავყურებდი, ყოველთვის ერთი და იგივე აზრი მიტრიალებდა თავში: ყური მიუგდე მათ, ისწავლე ჩრდილების ენაც, და მერე ბავშვსაც ასწავლე. სამყარო ხომ მცდელობაა. მაგრამ ეს მცდელობა ყოველთვის ერთი და იმავე სახით მეორდება და ერთი და იმავე შედეგით მთავრდება. ცოტა სხვაგვარადაც უნდა შეეცადო! დაე მიჰყვეს ჩრდილებს! აქამდეც მუდამ ასე იყო: ცოდვებით დამძიმებული ცხოვრება, სიყვარული და იმედგაცრუება (მე რაღაც საყოველთაო აზრები მაწუხებდა). იქნებ შემეძლო, ამეშორებინა მისთვის დანაშაული, დამეცვა ყოველგვარი სიყვარულისა და ბედისწერისაგან, სხვა ცხოვრებისათვის მომემზადებინა.

 

დიახ, კვირაობით ვენის ტყეში ვსეირნობდით ხოლმე. წყალს რომ მივუახლოვდებოდით, კვლავ იგივე აზრი ამომიტივტივდებოდა: ასწავლე წყლის ენაც! ასწავლე ქვების, ფესვების, დიახ, ქვების ენაც! ეცადე, ყველაფერი სხვაგვარად, ახლებურად დაანახო. ფოთლები ცვივა, კვლავ შემოდგომაა... ფოთლების ენაც უნდა ასწავლო... მაგრამ თავად მე რა გამეგებოდა მათი ენის, რომ მისთვის მესწავლებინა. ისევ ჩემი ენაღა მრჩებოდა. ჩემს ენაზე სიმღერებს ვასწავლიდი და ეგ იყო. ამიტომაც დავატარებდი უსიტყვოდ აქეთ-იქით და ხმის ამოუღებლადვე ვბრუნდებოდით შინ, სადაც სწავლობდა ახალ-ახალ წინადადებებს და ებმებოდა ამ სამყაროს მახეში. უკვე ისწავლა სურვილებისა და თხოვნის გამოთქმა, ბრძანება. ერთი სიტყვით, ლაპარაკობდა იმიტომ, რომ უნდა ელაპარაკა. ყოველ კვირას, სეირნობისას ვამჩნევდი, რომ უკვე რაღაც ახალი ჩვევა ჰქონდა შეძენილი: გლეჯდა ბალახებს, ღეროებს, აწვალებდა ჭიანჭველებს, ხოჭოებს. უკვე ისწავლა ამ ყველაფრის ერთიმეორისაგან განსხვავება. დიდ ხანს ათვალიერებდა ხოჭოებსა და ჭიანჭველებს და მერე დაუნდობლად კლავდა, დროულად თუ არ გააშვებინებდი ხელს. სახლში ხევდა წიგნებს, კოლოფებს, თავის სათამაშოებს. ყველაფერს აფუჭებდა, გლეჯდა, ხელით ეხებოდა, აქეთ-იქით ყრიდა. ერთ დღეს... და ერთ დღესაც ყველაფერს აუღებდა ალღოს!

 

მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ ვემდუროდით ერთმანეთს, ჰანა მუდამ ერთ რამეს ჩამჩიჩინებდა: ფიპსმა ესა თქვა, ფიპსმა ის თქვაო. დატყვევებული იყო ბავშვის უცოდველი გამოხედვით, საუბრითა თუ ტონით. მაგრამ მე, მე ვერანაირ უმანკოებას ვერ ვამჩნევდი შვილს. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად აღარ ჩანდა ისეთი უსუსური და უტყვი, როგორც პირველ კვირეებში. თუმცა, ალბათ არც მაშინ იყო უმანკო, უბრალოდ ჯერ არ შესწევდა უნარი, გამოეხატა სურვილები ამ ფაფუკ, მუთაქასავით გაკრულ ფაქიზ არსებას, სუსტად რომ სუნთქავდა და შტერი, უტყვი თვალებით უაზროდ იყურებოდა.

 

ცოტა რომ მოიზარდა, სახლთან ახლოს, სხვა ბავშვებთან სათამაშოდ ვუშვებდით. ერთ დღეს შინ რომ ვბრუნდებოდი, დავინახე, სამ პატარა ბიჭთან იდგა. კონსერვის ჭუჭყიან ქილაში წყალი ჩაესხათ და ასფალტზე ღვრიდნენ. პატარა კაცებივით წრე შეეკრათ და გაცხარებულნი თათბირობდნენ (ასე ინჟინრები ბჭობენ ხოლმე). მერე ასფალტზე ჩამოსხდნენ, ფიპსს ხელში წყლით სავსე კონსერვის ქილა ეჭირა, ის იყო, უნდა გადმოეპირქვავებინა, რომ უცბად ისევ წამოიშალნენ, სამი ქვაფენილით იქით გადაინაცვლეს, რატომღაც არც ეს ადგილი მოეწონათ, ცოტა კიდევ წაიწიეს წინ, რაღაც კაცური დაძაბულობა იგრძნობოდა მათში. და აი, როგორც იქნა, ერთ მეტრში მოსაწონი ადგილიც იპოვეს, კვლავ ჩამოსხდნენ ქვაფენილზე, გადმოღვარეს კონსერვის ქილიდან წყალი და საქმიანი სახით ჩააცქერდნენ. მოსახდენი მოხდა, ჩანაფიქრი აისრულეს, სწორედ ისე, როგორც უნდოდათ. სამყარო ამ პატარა კაცების იმედად უნდა ყოფილიყო. მათ უნდა გაეგრძელებინათ და სრულეყოთ იგი. და მეც უნდა დამეჯერებინა ეს?! შინ შევედი და საწოლზე დავეშვი. სამყარო გაგრძელდება, უკვე ნაპოვნია წერტილი, საიდანაც უნდა გაგრძელდეს, და გაგრძელდეს იმავე მიმართულებით. სულ ტყუილუბრალოდ ვშიშობდი, რომ ის ვერ იპოვიდა ამ გზას, ვერ გაიკვლევდა, ვერ აუღებდა ალღოს ამ სამყაროს. რა სულელი ვიყავი, როცა ვფიქრობდი, რომ ფიპსი ვერ მიაგნებდა ამ მიმართულებას. მე აღარ მინდოდა ეს ბავშვი. მე მძულდა ის. მე უკვე მის ყველა ნაკვალევს ვხედავდი.

 

დაბლა ჩავედი, ყველაფერი მაღიზიანებდა, მეზიზღებოდა, რაც კი ადამიანის ხელს შეექმნა. და ეს ზიზღი სულ უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა, ირგვლივ სახლებს, ტრამვაის ხაზებს რომ ვუმზერდი. მაღიზიანებდა ეს ვითომდა წესრიგი, დროის უაზრო დანაწილება, სამოქალაქო დაწესებულებები და გასაცოდავებული სტრუქტურები, მე რომ შევეწირე, მაგრამ აღარანაირი სურვილი არ მქონდა, საკუთარი შვილიც შემეწირა. რატომ უნდა მივიდეს ჩემი შვილიც ამ დღემდე? მას ხომ არ დაუწესებია ამ სამყაროს ნგრევა? მას ხომ არანაირი დანაშაული არ მიუძღვის ამაში? მაშ რატომ, რატომ უნდა მოიმართოს ისიც ამ ცხოვრების მოძველებულ წესზე და რიგზე? დავძრწოდი სახლებსა და ყაზარმებს შორის და ხმამაღლა ვღრიალებდი: მიეცით მას შანსი! მიეცით რაიმე შანსი! საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ეს ხომ მე მოვავლინე ბავშვი ამ სამყაროში მისი ნების გარეშე. ახლა კი ვერაფერს ვაკეთებდი შვილის გასათავისუფლებლად. მე ვიყავი მის წინაშე დამნაშავე და მევე უნდა მეღონა რაიმე. სადმე კუნძულზე უნდა გადავხვეწილიყავი, გავხიზნულიყავი მასთან ერთად. მაგრამ სადაა ნეტავ ასეთი კუნძული, სადაც ადამიანი ახალი სამყაროს შექმნას შეძლებს?

 

ჩემი შვილით ვიყავი შეპყრობილი და იმთავითვე განწირული, მთლიანად შემეგრძნო ამ სამყაროს სივაგლახე და მეც მისი თანამონაწილე გავმხდარიყავი. უუნარობამ მაიძულა ხელი გამეშვა, თავი მიმენებებინა ჩემი შვილისთვის და საკუთარი ზრუნვისა და სიყვარულისაგან გამეთავისუფლებინა; თანაც მივხვდი, რომ ის უკვე მზად იყო ამ სამყაროსთვის ეცხოვრა და არა იმისთვის, რომ გაერღვია ეშმაკისეული წრე.

 

თამაშ-თამაშ მიაღწია ფიპსმა სასკოლო ასაკს. მართლაც რომ ითამაშა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, და მეც არ ვუშლიდი. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ყოფილა ის თამაშები, უფსკრულისკენ რომ უბიძგებენ ადამიანს. ამგვარ თამაშებს რა უჭირდა: დამალობანა, დაჭერობანა, ომობანა, ყაჩაღობანა... მაგრამ მე მაინც სულ სხვა თამაშებსა და ზღაპრებს ვისურვებდი მისთვის და არა ამ ყველასთვის ნაცნობ, უკვე ყავლგასულ თამაშებს. მაგრამ მე სამწუხაროდ, მსგავსი რამ თავში არ მომდიოდა და ისიც უკვე გამოგონილისკენ, სიყალბისკენ მიილტვოდა. არანაირი გამოსავალი არ არსებობდა არცერთი ჩვენთაგანისთვის, ყველაფერი ზემოთ იყო დადგენილი და დანაწილებული: კეთილად და ბოროტად, ნათლად და ბნელად, მეგობრად თუ მტრად, რაოდენობრივად თუ ხარისხობრივად და სადღაც, სხვაგვარი არსებები თუ ცხოველები შემთხვევითაც რომ გამოჩენილიყვნენ, მაინც ამ სამყაროსეულ სახეებს მიიღებდნენ.

 

და რადგან მე არ ვიცოდი, როგორ, რა მიმართულებით უნდა ამეგო ბავშვის სწავლა, სულ შევეშვი. ჰანამ შემამჩნია, რომ აღარ ვზრუნავდი ბავშვზე, მისაყვედურა კიდეც. ვცადე, გველაპარაკა ამაზე, მაგრამ ვერაფერი გამიგო და როგორც ურჩხულს, ისე მომჩერებოდა. ბოლომდე არც კი მაცადა, გამომეთქვა ჩემი აზრი, მაშინვე შემაწყვეტინა და ბავშვის ოთახში შევარდა. მაგრამ სწორედ იმ საღამოს, რატომღაც ასეთი იდეა დაებადა, – ყოველ ღამით, ბავშვთან ერთად ელოცა: ღმერთო ძლიერო, მომეც სიმშვიდე და ძალა, ვიყო ღვთისმოსავი... ეს მე სულ არ მანაღვლებდა. მაგრამ ეტყობა ჰანას ამგვარად სურდა დაეცვა ბავშვი.

 

რას აღარ იგონებდა: ჯვარი, ამულეტი, შელოცვები... ეს ყველაფერი მართლაც დასჭირდებოდა ფიპსს, რადგან მალე მგლებს შორის მოხვდებოდა და მგლებთან ერთად უნდა ეყმუვლა. "ღმერთმა ხელი მოუმართოთ", – ვფიქრობდი მე; იქნებ ეს მართლაც ბოლო გამოსავალი იყო. ჩვენ ორივემ, მართალია თითოეულმა თავისებურად, მაგრამ მაინც დავიზღვიეთ თავი და ნებაზე მივუშვით ბავშვი. სხვას მივანდეთ მისი ბედი.

 

ფიპსი ცუდი ნიშნებით თუ ბრუნდებოდა სკოლიდან, არაფერს ვეუბნებოდი. ჰანა კი ჩუმად იტანჯებოდა. მთელი საღამო გვერდით ეჯდა და დავალებების მომზადებაში ეხმარებოდა. როგორც დედა, ჰანა შესანიშნავად უძღვებოდა თავის საქმეს. მაგრამ მე არ მჯეროდა, რომ აქედან რაიმე სახეირო გამოდნებოდა. ჩემთვის სულერთი იყო, სად ისწავლიდა ფიპსი, ან როგორ ისწავლიდა, საერთოდ რა გამოვიდოდა მისგან. არადა, უბრალო გლეხიც კი ოცნებობს, ნეტავ ექიმი გამოვიდეს ჩემი შვილიო. მაგრამ მე არაფერზე არ ვოცნებობდი. რაში მაინტერესებდა, ის სხვაზე ჭკვიანი, ან უკეთესი იქნებოდა თუ არა. არც იმაზე მქონდა პრეტენზია, რომ ვყვარებოდი, ან დამმორჩილებოდა, ჩემთვის დაეჯერებინა, ან ჩემს ნებას დაჰყოლოდა. არა, მე ეს არ მსურდა... მაგრამ ერთი რაღაცაც კი რომ შემემჩნია ჩემგან განსხვავებული, მაშინ... მაგრამ არა... თამაში წავაგე, ხელის განძრევასაც აღარ ჰქონდა აზრი.

 

არანაირი სურვილი და ოცნება არ გამაჩნდა ფიპსთან დაკავშირებით. არც ის ვიცი, საერთოდ, ადამიანს აქვს კი უფლება, საკუთარ შვილზე ასეთი დაკვირვებები აწარმოოს?! მაგრამ მაინც ვაკვირდებოდი ამ უიმედოდ მოვლენილ არსებას, რომლის სიყვარულიც არ შემეძლო, რომლისთვისაც ვერაფერს გავიღებდი. თუმცა იგივეს ვერ ვიტყოდი ჰანაზე, ჰანა მიყვარდა, მაგრამ გულს ვტკენდი. მართალია, ჰანაც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, როგორიც მე, კეთილგონიერი, გამოცდილი, ცოტათი განსაკუთრებული, მაგრამ მაინც ქალი და ბოლო-ბოლო, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ჩემი ცოლი. მე ჩემს შვილს და ალბათ საკუთარ თავსაც საშინელი სასამართლო პროცესი მოვუწყე, რადგან შვილმა ჩამიხშო, გამინადგურა უდიდესი მოლოდინი. მე ვერ მოვახერხე, მისთვის სასურველი ნიადაგი დამეხვედრებინა.

 

ვიდრე დაიბადებოდა, ველოდი, რომ ეს ბავშვი, ვინაიდან ბავშვი იყო, გაათავისუფლებდა სამყაროს. სხვამ შეიძლება ჩათვალოს, როგორ დაუნდობლადაც არ უნდა ჟღერდეს, რომ მართლაც საშინლად მოვექეცი საკუთარ პირმშოს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ასე არა გახლავთ. მე არ ვიყავი ამ ბავშვისთვის მზად, ალბათ ისევე, როგორც ყველანი ჩემს გარშემო. ჰანასთან ურთიერთობისას მშვიდად ვგრძნობდი თავს, არც კი ველოდი, რომ შვილი გვეყოლებოდა. ჰანას ცოლად შერთვას არ ვნანობ, მაგრამ ბავშვის დაბადების შემდეგ მასთან ბედნიერი აღარ ვყოფილვარ. ნეტავ ბავშვი არ შეგვძენოდა. ამაზე ხშირად მიფიქრია. არადა, ჰანას შეიძლება კიდევ უნდოდა ბავშვის გაჩენა. ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა, მაგრამ სერიოზულად ფიქრობდა. თუმცა, ახლა გაქვავებულივითაა, მტრად მთვლის, გამირბის. მაგრამ ადამიანს უფლება არა აქვს, უსაყვედუროს მეორეს. ადამიანი ხომ არ განაგებს სიკვდილსა თუ სიცოცხლეს. ვიცი, ჰანა ალბათ მთელ მოდგმას გაზრდიდა სიამოვნებით, მისი ნება რომ ყოფილიყო. მე კი არა. მისთვის ყველა არსებული პირობა კმაროდა, ჩემთვის კი არა. ერთხელ, ჩხუბის დროს წამოსცდა, რა მიზნებიცა და ოცნებებიც ჰქონდა ფიპსთან დაკავშირებით: ნათელი ოთახი, მეზღვაურის ფორმა, ყველაზე ძლიერი და უსაზღვრო სიყვარული, რაც კი ამ ქვეყნად არსებობდა, რათა მთელი ცხოვრება ჰყოფნოდა და სამყაროს, ადამიანების ატანაში დახმარებოდა... საუკეთესო განათლება, ნიჭი, უცხო ენები... ჰანა ტიროდა და გული სტკიოდა, რომ მე მეცინებოდა ამ ყველაფერზე. ვფიქრობ, ის წამითაც არ ფიქრობდა, რომ ფიპსიც ამ სამყაროს ღვიძლი შვილი გახდებოდა, მოტყუებული, შეურაცხყოფილი, გულნატკენი, დასახიჩრებული, ჩვეულებრივი მოკვდავი. და ისიც მხოლოდ დამცირებისთვის იქნებოდა განწირული. ამგვარი ფიქრისთვის ყველანაირი საფუძველი გამაჩნდა. ბავშვში სათავეშივე იყო ჩადებული ბოროტება, როგორც მწარე ნაღველი. არ მავიწყდება, სამი-ოთხი წლის იქნებოდა, ძლივს გამოვტაცე დანა ხელიდან. ერთხელ კი, თავისი აშენებული კოშკი რომ დაენგრა, ისეთი გაცოფებული აწყდებოდა აქეთ-იქით და ისე ღრიალებდა: "ყველაფერს დავანგრევ და დავამსხვრევო", ხელში ავიყვანე, მივეფერე, დავპირდი, ხელახლა აგიშენებ მაგ კოშკს-მეთქი, მაგრამ ის საშინლად გაბოროტებული იდგა და იმუქრებოდა. ამასობაში ჰანაც შემოვიდა. პირველად შევნიშნე შეცბუნება, იმედგაცრუება. მაშინვე დატუქსა ბავშვი და ჰკითხა, ვინ გასწავლა ასეთი რამო, მან კი ჯიუტად უპასუხა "არავინო".

 

მერე თოჯინასაც, იმ კოშკში რომ ცხოვრობდა, ხელი ჰკრა და რაც დარჩენილი იყო, ისიც დაანგრია. მაგრამ ბოლოს რატომღაც თავადვე შეშინდა, ტირილი დაიწყო, ათას დაპირებებს იძლეოდა, ასე აღარასოდეს მოვიქცევიო, მაგრამ მერე ისევ გაიმეორა. სათანადოდ არც მაშინ დასჯილა.

 

არადა, ზოგჯერ რამდენი მშვენიერი რამ უთქვამს, რამდენ სინაზეს იტევდა ხოლმე. რა ლამაზი იყო დილით, წითლად აღაჟღაჟებული ლოყებით რომ იღვიძებდა. განა ეს ყველაფერი არ შემინიშნავს?! ჰანას მსგავსად, განა მე კი არ მომდომებია ხელში ამეყვანა და დამეკოცნა?! მაგრამ ამით ვერ დავიმშვიდებდი, ვერ მოვიტყუებდი თავს. არანაირი იმედი არ მქონდა ფიპსის. ფიპსი... თუნდაც ეს სახელი... ეზოს ძაღლივით მთელი ცხოვრება ეს სახელი უნდა ეტარებინა.

 

მას მერე, რაც სკოლაში დაიწყო სიარული, შინ გვიან შემოდიოდა. მეც ძირითადად კაფეში ვიჯექი, ხან ჭადრაკს ვთამაშობდი, შინ თუ ვიყავი, ჩემს ოთახში ვიკეტებოდი და ვკითხულობდი. ამ პერიოდში ერთი გამყიდველი ქალი გავიცანი. ხშირად დავდიოდი მასთან, ხან ტკბილეულობა მიმქონდა, ხან კინოს ბილეთები. ერთმანეთს შევეჩვიეთ. ერთი უპრეტენზიო, მშვიდი, სანდომიანი ქალი იყო. საოცრად უყვარდა ჭამა. ჭამის პროცესში უჩვეულოდ გამოცოცხლებული და მხიარული ხდებოდა, დანარჩენ დროს კი უღიმღამოდ, უსიცოცხლოდ ატარებდა. მთელი ერთი წელი დავდიოდი ბეტისთან ბინაში. სიმშვიდე მომწონდა მის პატარა ოთახში, ჩემთვის რომ ვიჯექი და ღვინოს შევექცეოდი. ის კი ამ დროს გაზეთებს კითხულობდა და მოთმინებით მიტანდა მე და ჩემს პრეტენზიებს. რაოდენ უჩვეულოც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენს შორის არასოდეს, არაფერი მომხდარა. ისე, ამ მხრივ საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, თითქოს ქალისგან, სქესობრივი ცხოვრებისგან გათავისუფლებისაკენ მივილტვოდი. თითქოს ამით ვიზღვევდით თავს, რომ არავისზე ვყოფილიყავი დამოკიდებული, ჰანასთანაც კი აღარ მინდოდა დაწოლა.

 

არასოდეს მიცდია, შემენიღბა საღამოობით ჩემი შინ არყოფნა. მეგონა, არც ჰანას ექნებოდა ამაზე გართულება. მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, თურმე ვცდებოდი. ერთხელ ბეტისთან ერთად კაფეში დამინახა, მერე კინოს ბილეთების რიგშიც მოგვკრა თვალი. უჩვეულო რეაქცია ჰქონდა, ისე მიყურებდა, როგორც ვიღაც უცხოს. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. შემცბარმა თავი დავუკარი, თან ბეტის ხელს ჩავეჭიდე, თითქოს ამით საყრდენს ვეძებდი. კინოში მაინც შევედით. მოგვიანებით რომ ვიხსენებდი, მივხვდი, მაგრად დავიბენი. ფილმის დამთავრების შემდეგ, შინ მისვლამდე, თავის გასამართლებლად ათასნაირ ვერსიებს ვიგონებდი, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ჰანას სიტყვაც არ დაუძრავს. მე მაინც მოვიმარჯვე ჩემი წინასწარშემუშავებული ტექსტი, ის კი ჯიუტად დუმდა. თითქოს არც ესმოდა, რაზე ველაპარაკებოდი. ბოლოს, როგორც იქნა, ხმა ამოიღო და მოკრძალებით მითხრა: "სხვა თუ არაფერი, ბავშვზე მაინც იფიქრე, ფიპსისადმი სიყვარულის, ფიპსის გამო მაინც..." როგორ მომხვდა ეს სიტყვები გულში, მისი ეს მოკრძალება.

 

მუხლებზე დავეშვი, პატიებას ვთხოვდი, ვპირდებოდი აღარასოდეს განმეორდებოდა მსგავსი რამ და მართლაც შევუსრულე სიტყვა. ის დღე იყო და ის დღე, ბეტის აღარ შევხვედრივარ. ისიც არ ვიცი, ან ის ორი წერილი რატომღა მივწერე. თუმცა პასუხი არ მიმიღია, ალბათ არაფრად ჩააგდო. არადა, რამდენი რამ გამოვთქვი, არასოდეს, არც ერთ ადამიანთან არ მითქვამს ამდენი. ერთი პირობა შევშინდი კიდეც, ბეტიმ შანტაჟი არ მომიწყოს-მეთქი. ისე, კაცმა რომ თქვას, რა შანტაჟი უნდა მოეწყო, ჰანამ ისედაც უკვე ყველაფერი იცოდა?!

 

ეს ქაოსი, ეს სიცარიელე.

 

ასე მეგონა გადავიწვი, იმპოტენტი გავხდი, რომელიც არც არაფრის შეცვლას ცდილობს და არც არაფერი სურს. სექსშიც მომეცარა ხელი, ჩავფლავდი. მაგრამ ეს არც ჰანას ბრალი იყო, არც ჩემი, არც ფიპსის. არა, ეს საერთო, მამისა და შვილის დანაშაულისა და სიკვდილის ბრალი იყო.

 

ერთხელ ერთ წიგნში ასეთი წინადადება ამოვიკითხე: "მხოლოდ ცას სჩვევია თავაწეული სიარულიო". ცას თავაწეულობა არ შეიძლება ცუდ თვისებად ჩაეთვალოს. ცა უბრალოდ, იმიტომ დაგცქერის ზემოდან, რომ ნიშანი მისცეს დაბლა მყოფთ, გზააბნეულთ, ან მათ, ვინც სადღაც, რომელიღაც შავბნელი დრამის მონაწილეა. იგი თავადაც მხილველია და თანამონაწილე. მამა და შვილი – საშინელი გაუგებრობაა, წარმოუდგენელი რამაა და აქ უფრო ზუსტი სიტყვა მინდა გამოვიყენო – წყვდიადია და მეტი არაფერი. ან ამას რაღა ვუწოდო, განა საშინელება არაა, როცა ჰანას ნაყოფი, ჰანას ცხრა თვე მუცლით ნატარები ბავშვის სიცოცხლე და ეს ბავშვური ჟივილ-ხივილი სიკვდილით, სისხლით დასრულდა, სისხლით, რომელიც მას თავში მიღებული ჭრილობიდან წამოსკდა?!

 

მაგრამ აღარაფრის თქმას აღარ ჰქონდა აზრი. ის იქ, კლდის ნაპრალთან იწვა უძრავად. ერთ-ერთმა თანაკლასელმა მოირბინა თურმე, რაღაცის თქმა უნდოდა, ხელი ასწია. ის თანაკლასელი, ეტყობა, ცდილობდა მეგობრის ამოყვანას, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალა არ ეყო. მასწავლებელი რომ მისულა, მხოლოდ ამის ამოლუღლუღება მოუსწრია: "შინ მინდაო".

 

ყოველთვის ვუფრთხოდი ამ სიტყვების გახსენებას: "ბავშვს ჩემთან და ჰანასთან უნდოდა, მან დასასრული, სიკვდილის მოახლოება რომ შეიგრძნო, შინ მოილტვოდა... სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოუსწრია... ან რა უნდა ეთქვა... ის ჩვეულებრივი მხიარული ბავშვი იყო, არაფერს შეეძლო მისი დაღონება, მისი ბავშვური იმედების გაცრუება... თანაკლასელებმა და მასწავლებლებმა სასწრაფოდ მოძებნეს ჯოხები, საკაცე გაუკეთეს, მაგრამ ვიდრე სოფლამდე ჩამოიყვანდნენ, გზაშივე დაიღუპა. დაიღუპა თუ მოკვდა? გაზეთში ნეკროლოგისთვის განცხადებას რომ ვაძლევდით, იქაურმა თანამშრომელმა იკითხა: "ხომ არ დაგვეწერა: "უბედურმა შემთხვევამ ხელიდან გამოგვტაცა ერთადერთი, საყვარელი, სულიერად უახლოესი მოზარდი". მაგრამ ჰანამ უპასუხა: "აღარა აქვს ახლა მაგას მნიშვნელობა, "სულიერად ახლობელი" იყო თუ "საყვარელი". მთავარი ახლა ეგ არაა.

 

ამ ნათქვამმა ისე ამრია, სურვილი გამიჩნდა, მოვხვეოდი. შემეცოდა, გული მეტკინა. ვცადე მივახლოებოდი, მაგრამ არ მიმიკარა; ნეტავ საერთოდ მამჩნევდა კი?! თუ ამ ყველაფრის გამო მე მდებდა ბრალს.

 

ჰანა აქეთ-იქით აწყდებოდა, აღარაფრად მაგდებდა. ან როგორ უნდა ჩავეგდე, მთელი ტვირთი ბავშვზე ზრუნვისა ხომ უკვე დიდი ხანია მარტო მას აწვა. ეს ცოცხალი, მხიარული, ზოგჯერ მშვიდი, ზოგჯერ კი მკაცრი არსება ყოველ წამს მზად იყო ეზრუნა ბავშვზე, მოევლო, დაემშვიდებინა, გულში ჩაეკრა. გაოცებული ვიყავი მისი დიდსულოვნებით. ის ყოველთვის მარტო იყო ბავშვთან და მის შეცდომებთან ერთად. ამიტომაც არანაირი უფლება არ მქონდა ჩემი აზრებისა თუ ცოდვების აღიარებისაც კი.

 

ერთხელ, მესამე კლასში რომ იყო ფიპსი, ვიღაც ბავშვს დანით დაეძგერა. ხელიდან რომ არ დასხლტომოდა, ბიჭს დანა პირდაპირ გულში ხვდებოდა. ხელში მაინც დაიჭრა. სკოლაში დაგვიბარეს. მახსენდება ის მტანჯველი წუთები: დირექტორისა და იმ ბავშვის მშობლების წინაშე ბოდიშებს რომ ვიხდიდით და ათასგვარ დაპირებას ვიძლეოდით. თუმცა მე წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ფიპსს კვლავაც შეეძლო გაემეორებინა მსგავსი დანაშაული, მაგრამ ხმამალღლა ამისი თქმის უფლება არ მქონდა. ძალდატანებითი პროცესი იყო ჩემთვის დირექტორთან მისვლა. რაც შეეხება ფიპსს, აღარ ვიცოდი, რა კუთხით მივდგომოდი. ხან ზლუქუნებდა, გრძნობდა თავის დანაშაულს და ინანიებდა. მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ვერაფრით ვერ მოვახერხეთ გვეიძულებინა, მისულიყო ბიჭთან და ბოდიში მოეხადა. საავადმყოფოში ძლივს მივიყვანეთ ბავშვის მოსანახულებლად. მაგრამ დანახვისთანავე, კვლავ ბავშვურმა სიჯიუტემ და სიძულვილმა იჩინა თავი. ყველანაირად ცდილობდა, შეენიღბა ეს გრძნობა, თითქოს შეძლო კიდეც, თუმცა ვის შეეძლო მის გრძნობებში ჩახედვა. ის უკვე მშვენივრად ერგებოდა ამ სამყაროს.

 

სკოლის ექსკურსიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე რომ ვფიქრობდი, ყოველთვის ეს ამბავი მახსენდებოდა. ერთი შეხედვით არაფერი ჰქონდა ამ ორ ამბავს ერთმანეთთან საერთო, მაგრამ შოკში კი მაგდებდა. ორივე ამ შემთხვევამ შვილის არსებობა შემახსენა. სხვა დროს ვერც კი ვამჩნევდი, რომ ის იზრდებოდა, სკოლაში დადიოდა და უკვე ესმოდა, გრძნობდა რაღაცეებს. იქნებ ის საუკეთესოც იყო მისი ასაკის ბავშვებს შორის: ველური, ნაზი, ხმაურიანი, ჩუმი – და ყველა ამ განსაკუთრებულობებითა თუ განუმეორებლობით ჰანასთვის ძვირფასი.

 

სკოლის დირექტორმა ბიუროში დამირეკა, სხვა დროს არასოდეს მოქცეულა ასე. რამეს თუ დააშავებდა, შინ გვირეკავდა და ჰანას ელაპარაკებოდა. ნახევარ საათში ფირმის ჰოლში შევხვდი. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, კაფეში გადავედით. საშინლად წვალობდა, როგორ ეთქვა, არ იცოდა. ჯერ ჰოლშივე უნდოდა ამ ამბის შეტყობინება, მაგრამ როგორც ჩანს, შესაფერის ადგილად არ ჩათვალა, თუმცა არსებობს კი შესაფერისი ადგილი იმისთვის, რომ გითხრან: "შენი შვილი დაიღუპაო"?! "მასწავლებლების ბრალი არ ყოფილა", – ძლივს წამოიწყო მან. მე თავს ვუქნევდი.

 

თავიდან ისიც სხვებთან ერთად იყო, მაგრამ შემდეგ ფიპსი კლასს ჩამოშორდა. არ ვიცი, ურჩობისა თუ ინტერესის გამო, კლდეზე აცოცდა, ჩამოვარდა და ქვას დაენარცხა. ჭრილობა თავში სასიკვდილო აღმოჩნდა და მალევე დაიღუპა".

 

ხმას არ ვიღებდი, მხოლოდ თავს ვუქნევდი, თავადაც არ ვიცი, რატომ ვიქცეოდი ასე.

 

"მთელი სკოლა შეძრა ამ ამბავმა, – განაგრძობდა ის, – მთელი საგამოძიებო კომისია, პოლიციაც ჩაერია...".

 

იმ წუთას ფიპსზე არც ვფიქრობდი, მასწავლებლები უფრო მებრალებოდნენ. დირექტორს ვუთხარი კიდეც, ჩემზე ნუ იდარდებთ-მეთქი.

 

არავის, არავის არ მიუძღოდა ამაში ბრალი. წამოვდექი. რაც შევუკვეთეთ, მოტანასაც აღარ დავლოდებივარ, მაგიდაზე დავდე ფული და გამოვედი. ბიუროში დავბრუნდი. ცოტა ხანში ისევ კაფეში გადავედი. ერთი ფინჯანი ყავა დავლიე. თუმცა კონიაკს ან შამპანიურს უფრო სიამოვნებით დავლევდი, მაგრამ გამბედაობა არ მეყო. შუადღემ მოაწია, შინ უნდა დავბრუნებულიყავი, ყველაფერი უნდა მომეყოლა ჰანასთვის. როგორ მოვახერხე, არ მახსოვს, მაგრამ ერთი კია, ზღურბლზეც არ მქონდა ფეხი გადაცდენილი, რომ უკვე ყველაფერი მივახალე. ყველაფერი საოცარი სისწრაფით მოხდა. ჰანამ ერთი კი იკივლა შემზარავად და ჩაიკეცა. სწორედ ასე იკივლა მაშინ მშობიარობისასაც. ექიმს გამოვუძახე; გონდაკარგულ ჰანას ზედ დავკანკალებდი, ვნატრობდი, არაფერი დამართოდა. მასზე ვფიქრობდი მხოლოდ, ბავშვი ერთხელაც არ გამხსენებია.

 

მომდევნო დღეებში ყველაფერი მარტომ მოვაგვარე. ჰანას დაკრძალვის საათს ვუმალავდი. სასაფლაოზე დირექტორმა შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა. მშვიდი დღე იყო. მსუბუქი ნიავი ქროდა. გვირგვინებზე ჭრელ-ჭრელი ბაფთები ისე ფრიალებდა, დღესასწაული გეგონებოდა. პირველად ვნახე მთელი კლასი ერთად. ბავშვები, რომლებთანაც ფიპსი ნახევარ დღეს ატარებდა. ჩუმად, ცივად მომზირალი ბავშვების ჯოგი... როგორი უცხონი იყვნენ ისინი ჩემთვის. უცბად თვალსაწიერიდან სადღაც გაქრა მთელი სასაფლაო, გვირგვინები. თითქოს იქ ვიყავი და არც ვიყავი, თითქოს შორიდან ვუყურებდი სახეებს, ჩემს წინ რომ მიმოდიოდნენ და მხოლოდ ხელის ჩამორთმევისას ვგრძნობდი რაღაც შეხებას ამ ყველაფერთან, ისიც უმნიშვნელოდ, რადგან ძალზე შორს აღმოვჩნდი იქაურობისგან.

 

თავად ისწავლე ჩრდილების ენა! ჩასწვდი ჩრდილების ენას!..

 

უკვე კაი ხანია ამ ამბავმა ჩაიარა. ჰანა წამდაუწუმ აღარ შერბოდა ბავშვის ოთახში და საათობით აღარ იკეტებოდა. უფლებაც კი მომცა, რომ ჩამერაზა ბავშვის ოთახი.

 

გაველურებული ჩემი გული... ახლა ხომ მზად ვარ ზურგზე შემოვისვა და ისე ვატარო, ვუყიდო გასაბერი ბუშტები, ვასეირნო ნავით, შევუბერო ნატკენ მუხლზე, დავეხმარო დავალებების გაკეთებაში. მაგრამ ვეღარ გავაცოცხლებ. თუმცა, არც ეს ფფიქრია გვიანი. მე მივიღე, მე ვაღიარე ჩემი ვაჟი. მე არასოდეს ვყოფილვარ მასთან ახლოს, მეგობრულად, რადგან ყოველთვის შორიდან ვუვლიდი, შორიდან ვაკვირდებოდი.

 

ნუ მიდიხარ შორს! ისწავლე კვალდაკვალ სიარული... ჯერ თავად ისწავლე... ადამიანმა უნდა შეძლოს მამაკაციდან ქალამდე გადებული გლოვის ხიდის გადავლა, სიშორის დაძლევა, დუმილის შეცნობა, რადგან ყოველთვის იქ, სადაც ჩემთვის დანაღმული ველია, ჰანასთვის მაინც ბაღნარი ყვაოდა ხოლმე.

 

მე აღარ მინდა ფიქრი. მე მხოლოდ ის მინდა, გადავაბიჯო ამ ჩაბნელებულ წყვდიადს, ისე, რომ არანაირი ახსნა-განმარტება არ დამჭირდეს. მინდა, როგორმე დავიბრუნო ჰანა, კვლავ შევეხო მას, მოვეფერო, ვაკოცო. მაგრამ ეს არაა მისი მოპოვებისა თუ დაუფლების სურვილი, ესაა სურვილი მისი ამ სამყაროში დაბრუნებისა; მინდა, რამენაირად შევაძლებინო, ჩაეჭიდოს ამ სამყაროს და მეც შემაძლებინოს აქ დარჩენა. ნეტავ ღონე მქონდეს, შევარიგო ეს ყოველივე – კარგი თუ ბნელი. თუნდაც მოჰყვნენ ამ დაბრუნებას, ამ მოფერებას ბავშვებიც. დაე მოვიდნენ, დაიბადონ, გაიზარდონ, მოხუცდნენ, სხვებივით, მე კი მათ ვშთანთქავ, როგორც კრონოსი. ზოგჯერ ვცემ, როგორც მკაცრი მამა, ისინიც შეეჩვევიან ამ წმინდა ცხოველს და მოატყუებენ, როგორც მეფე ლირს. მე მათ ჩვენი დროის შესაბამისად აღვზრდი, ნახევრად მგლური, ნახევრად ზნეობრივი იდეებით – და არაფერს გავატან გზად. ჩვენი დროის ადამიანის მსგავსად: არც არანაირ ქონებას, არც არანაირ კარგ რჩევას.

 

არც კი ვიცი, ნეტავ თუ ღვიძავს ჰანას. ხორცი, გაქვავებული იდუმალებაა, ხანგრძლივი ღამის ხარხარში ჭეშმარიტ გრძნობას რომ მალავს.

 

ნეტავ მაცოდინა, კიდევ თუ ღვიძავს ჰანას?..  

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ბახმანი ინგებორგ / ეს ყოველივე