ბერნიერსი ლუის დე 

დედილოს განძი 

 

 მთარგმნელი პირველი ნანა

 

 

 მოხუც ქალს ფეხები ლოგინიდან გადმოეყო და ხელისგულებით თვალებს ისრესდა. სახლში უკვე შემოჭრილიყო სასტიკი და ულმობელი სინათლე და ღია კარის წინ იატაკს მართკუთხა შუქს ფენდა.

ფეხები რომ არ დასწვოდა, ქალმა მზის შუქს გვერდით ჩაუარა და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად გარეთ გავიდა. თითოეულ ჩასუნთქვას გულმოდგინედ ასრულებდა – წინასწარ შეგუებული იყო იმ აზრს, რომ ადრე თუ გვიან ფილტვების გამოშრობა დაეწყებოდა, ამიტომ ცოტა ჟანგბადის მიღება არ აწყენდა. ამ პაპანაქებაში ზოგი ალბათ სახეზე ჩამოყრილ თმას გადაიწევდა, ზოგს კისერსა და იღლიებში ოფლი გამოუვიდოდა, სხვები უფალს მადლობას შესწირავდნენ წარბების ბოძებისათვის შუბლიდან ჩამოდენილ მარილიან სითხეს რომ აკავებდა და ადამიანებს თვალების წვისაგან იცავდა.

 მას Mamacita-ს (დედილოს) ან Abuela-ს (ბებოს), პატარა დედას ანდა დიდედას ეძახდნენ, მხოლოდ ამ სახელებით თუ გამოხატავდნენ მისდამი სათანადო პატივისცემასა და სიყვარულს. მისი ნამდვილი სახელი უკვე დიდი ხანია ყველას დავიწყებოდა, ზოგჯერ თვითონაც ვერ იხსენებდა. მას ისეთი ბედნიერება ხვდა წილად, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე საჭირო პიროვნებად ითვლებოდა, თუმცა ახალგაზრდობისდროინდელი არცერთი მისწრაფება არ ასრულებოდა. ქმარი არასოდეს ჰყოლია, ფულიც არასოდეს ჰქონია, კითხვაც არასოდეს უსწავლია და დომიციანოს პატარა ქალაქიდანაც შორს არასოდეს გასულა. მეორეს მხრივ, მან ბავშვების სამ თაობას აჩუქა სიცოცხლე, ამ ხნის განმავლობაში არც შიმშილი უგრძვნია ოდესმე და არც მტერი გაუჩენია.

 დედილო თავისი საწოლის კიდეზე ჩამომჯდარიყო და საკუთარ დალაქავებულ, დანაოჭებულ ხელებს დაჰყურებდა. უცებ ერთი ხელი ასწია, რომ მწველი სინათლისაგან თვალები მოეჩრდილა და თვითონვე გაკვირვებული დარჩა – ხელს გამჭირვალობაც შენიშნა. ძვლებისა და სისხლის კაპილარების დანახვაც ადვილად შეიძლებოდა. კანკალის მოთოკვას შეეცადა, რაც ბოლო ათი წელია აწუხებდა. იმაზე ჩაფიქრდა, თუ რა ძლიერი და ღონიერი ხელები ჰქონდა უწინ, რა ადვილად შეეძლო დედის საშოდან ჩვილების გამოყვანა. თითქოს ამ ხელებმა მასზე უკეთ იცოდნენ თავიანთი საქმე, რისი გაცნობიერებაც ყოველთვის უჭირდა. ამქვეყნად ისეთი არავინ ეგულებოდა, მისი მძლავრი ხელების ალერსი რომ არ გამოეცადა საკუთარ თავზე. ეს სიამოვნება უამრავ ცხოველსაც ხვდომია წილად, რადგან ხანდახან, როცა მაკე ცხენს დახმარება დასჭირდებოდა, პატრონი დედილოს ეძახდა ხოლმე. თუმცა, უფრო ხშირად ქალებს შველოდა ძნელი მშობიარობისას.

 ჯადოქრობასა ან ბოროტებაში დედილო არასოდეს დაუდანაშაულებიათ, მაშინაც კი, როცა ისე მომხდარა, რომ ბავშვი ან დედა დაღუპულა. სხვათაშორის, ქალი იმითაც იყო ცნობილი, რომ სხვების სიცოცხლე ბევრჯერ გადაურჩენია. ერთ- ერთი ასეთი შემთხვევა დონ ბალკაზარს უკავშირდებოდა. ამ კაცს მემკვიდრე იმდენად სდომებია, რომ თანხმობა განუცხადებია ბავშვის გადასარჩენად დედა შეეწირათ. დედილოს წინააღმდეგობა გაუწევია და უთქვამს, თუ დედას მოსაკლავად გაიმეტებდა, ბავშვი არანორმალური დაიბადებოდა და ცხოვრებაში დაწყევლილი იქნებოდა. ამოტომ დედილოს თხოვნით დონ ბალკაზარი თავის ძმებს ცოტახნით სახლიდან გაუყვანიათ, რათა მას საშუალება ჰქონოდა მომაკვდავი ქალისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა. როცა ოთახიდან დედილოს ყველა დაუთხოვია, ჩვილი საშოში ნაწილებად დაუჭრია, შემდეგ ნელ-ნელა გამოუღია და პირსახოცზე ერთ მთლიანობად უქცევია.

თვითონვე გაჰკვირვებია, როცა ეშმაკის სხეული უხილავს – თავზე რქებითა და მაიმუნის კუდით. ამ ამბავს დონ ბალკაზარი იმდენად შეუძრავს, რომ ზღვა გადაულახავს და სანტიაგო დე კომპოსტერის აკლდამაში პილიგრიმად წასულა. უკან დაბრუნებულს ისევ ოჯახისთვის მოუკიდია ხელი და ექვსი ნორმალური ბავშვიც შესძენია. ესპანეთიდან დედილოსათვის ვერცხლის ჯვარცმა ჩამოუტანია და უჩუქებია. ქალს ეს ერთადერთი ღირებული საგანი, რაც კი ოდესმე ჰბადებია, საწოლთან ჩამოუკიდია. ახლა რელიკვიად ქცეული დედილოს ჯილდო მწუხარე ქალბატონად წოდებული დომიციანოს ეკლესიის შიდა სამრეკლოში ჰკიდია. გვერდით გაყვითლებული და დაგრაგნილი ქაღალდის ნაგლეჯი აქვს გაკრული, სადაც ჯვრის წარმოშობაა ახსნილი და იმ არანორმალური ჩვილის ისტორიაც წერია.

 ამ მცხუნვარე დღეს კი დედილო იჯდა და ფიქრობდა, რატომ იყო, რომ მშრალ სეზონებზე ყველა წვიმას ნატრულობდა, წვიმიან სეზონებზე პირიქით – მწველ მზეს.

ირგვლივ მტვრის ბუღი იდგა, თუმცა ამასაც ჰქონდა თავისი დადებითი ნიშანი – ადამიანს ხატვის საშუალება ეძლეოდა. ქალი ფეხზე წამოდგა და მაგიდისკენ გაემართა. მერე დაიხარა და შუქზე შეამოწმა, მართლა იყო თუ არა ზედ მტვერი. დასარწმუნებლად რამდენიმე ხაზიც გაავლო. შემდეგ ტუჩები მოპრუწა და სიზმარში ნანახი რუკის დეტალების ხატვას შეუდგა. მაგიდის მეორე მხარეს თეფში, პატარა ფინჯანი და ფოლადის სირჩა ჩამოდო. ერთხანს ასანთს ეჩალიჩებოდა, მერე ნავთქურის ორი კამფორა აანთო. ერთ-ერთ მათგანზე პურისა და სიმინდის ფქვილისაგან დამზადებული tortilla (ბლითი) გახუხა.

მეორეზე კი პაწაწინა ქვაბი დაადგა, რომელშიც ერთდროულად panela-ს (ბისკვიტი) ნაფხშვენები და ყავის მარცვლები ჩაყარა. სახლში ისეთი არომატი დატრიალდა, რომ მკვდარ ცხენსაც გააცოცხლებდა. შემდეგ ქალი ჭურჭლის კარადასთან მივიდა და არყის ნახევრამდე გავსებული ბოთლი გამოიღო. ამ Agurdiente-ს (სასმელი) ანისის გემო ჰქონდა. ფოლადის სირჩაში ჩამოასხა. მერე ერთი ამოსუნთქვით გადაჰკრა – ცარიელ კუჭში ძლიერი ალკოჰოლის ჩაშვებით კვლავ ნაცნობი გრძნობა დაეუფლა, სწორედ ისეთი, ზრდასრულობის ასაკში ყოველდღე რომ განიცდიდა. არაყი გემრიელი იყო და ამავდროულად მძაფრიც.

ყველა ოჯახში ეს დილის რიტუალად ითვლებოდა, თან ნაწლავური პარაზიტების განადგურების შესანიშნავი ხერხი იყო. განადგურების თუ არა, დაშინების მაინც. ამ მცირე რევანშებს ჯანმრთელობაზე დადებითი ეფექტის მოხდენა შეეძლოთ.

 დედილომ ბანანი თხლად დაჭრა და სიმინდის ზეთში შეწვა. მერე თბილ Tortilla-ში გაახვია და ნელა ღეჭვას შეუდგა. კბილები არ ჰქონდა, საჭმელი ღრძილებს სტკენდა და სახე ეჯღანებოდა. ყოველ დილით ერთიდაიგივე საჭმლის მიღება რატომღაც შვებას გვრიდა. როცა დონ აგოსტინის მოსანახულებლად წავიდოდა, ის უთუოდ რამდენიმე ავოკადოს გამოატანდა. დედილოც გემრიელად მიირთმევდა – არც გაშავებას დააცდიდა და არც გადამწიფებას. ამის გაფიქრებისას პირზე ნერწყვი მოადგა.

 დედილომ ტკბილი და ძლიერი ყავა ისე მადიანად მოხვრიპა, რომ გეგონებოდათ მთელ თავის ქვეყანას უსინჯავს გემოსო: ცნობილს ტირანული წვიმებითა და ამაყი მიწით, თავნება სავანეებითა და შეუპოვარი ჯუნგლებით, ქედმაღალი მთებითა და მხიარული მდინარეებით.

სიგარას მოუკიდა – ბოლმა ტვინის ყველა უჯრედში სასიამოვნოდ დაუარა. როცა საუზმეს მორჩა, დღის სინათლეს მიაშურა, პირში ისევ პურო (ჰავანის სიგარა) გაეჩხირა. წუთით თვალები მილულა. მერე ნელ-ნელა წაჩანჩალდა, გვერდით ქათმებს ჩაუარა, რომლებიც სიბინძურეში რაღაცას კენკავდნენ და ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ. დედილო პატარა მაღაზიაში შევიდა, სადაც კონჩისტა ალკოჰოლურ სასმელებსა და ასანთს ყიდდა. ქალებმა ხელები ასწიეს და ერთმანეთს მიესალმნენ: Buendia.

– ფანქარი და ფურცელი მინდა – უთხრა დედილომ.

– კარგი ფანქარი მომეცი, ფურცელიც კარგი იყოს.

– ფურცელს უფასოდ მოგცემ, კარგი ფანქარი კი ორიდან ათ პესომდე ღირს, სიგრძის მიხედვით. აი, კარგი ფანქარიც – თქვა კონჩისტამ და უჯრიდან ფანქარი დააძრო. – კარგად თუ წათლი, დიდხანს გეყოფა. ვინ იცის, იქნებ ერთი წელიც გაგიძლოს. სულ ოთხი პესო დაგიჯდება.

 დედილომ ფანქარი ეჭვით შეათვალიერა. გამოცდილი ქალის შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა. ფანქარი თითებში აათამაშა და ბოლოს დასძინა:

გინდა, დონ აგოსტინის finca-დან (მამული) ავოკადოს მოგიტან.

ჯერ არა მაქვს, მაგრამ მალე მექნება.

 კონჩისტამ ამოიოხრა. წლების განმავლობაში იმას ცდილობდა, რომ კლიენტებში ნაღდი ფულის გადახდა დაეწესებინა. მაგრამ სოფელი მიყრუებულ ადგილას მდებარეობდა, სხვა სოფლებთან კავშირი ხალხს ჯერ ახალი დამყარებული ჰქონდა და ძველი ჩვევების მოშლა მათთვის ადვილი საქმე როდი იყო. თუმცა ავოკადო კარგად ჟღერდა და ქალმაც უპასუხა:

– კარგი, იყოს ავოკადო. მხოლოდ, რაც შეიძლება დიდი მომიტანე.

– დიდს მოგიტან – დაეთანხმა დედილო, თან პურო-ს წვერს ღეჭავდა – ფურცელის მოცემაც არ დაგავიწყდეს – ბოლოს დაამატა.

 კონჩისტა დაიხარა და მაგიდას ქვეშიდან სპირალზე აკინძული სკოლის რვეული ამოაძვრინა. ერთი ფურცელი ფრთხილად ამოხია და მოხუც ბებიაქალს მიაწოდა. დედილომაც ცერითა და საჩვენებელი თითით ნაზად გამოართვა.

– ფურცელი – ისეთი საზეიმო ტონით წარმოთქვა, გაგანია სიცხეში თავსხმა წვიმის მოსვლა რომ უხარიათ ხოლმე.

 თავის პატარა ქოხში დაბრუნებისას, დედილომ მაგიდაზე მტვერში დახატული რუკა ფრთხილად გადმოიხატა ფურცელზე. ეს პროცესი რთული აღმოჩნდა. ფანქარს თუ მაგრად დააწვებოდა, თითები მუშტად ეკუმშებოდა და ვეღარ ამოძრავებდა, ხოლო თუ მსუბუქად დააჭერდა, ხაზები მკრთალი და უსწორმასწორო გამოსდიოდა. სწორი ხაზის გავლება უჭირდა და მინიშნებულ ადგილას ვერ აჩერებდა.

Hijo-s puta (ნაბიჭვარი) – თავისთვის ილანძღებოდა და კმაყოფილებით ტკბებოდა. როცა მარტო იყო უხამს სიტყვებს თავისუფლად ამბობდა, ხალხში კი მსგავსი რამ არასოდეს წამოსცდენია.

 დასრულებული ნამუშევარი დედილომ უკმაყოფილოდ შეათვალიერა. ერთის მხრივ, საკუთარი გაუნათლებლობა აწუხებდა, მეორეს მხრივ კი, თამბაქოს მწარე გემო ენაზე.

მხედველობაც ისეთი კარგი აღარ ჰქონდა, როგორც უწინ. ერთ ადგილას თუ დიდხანს მიაშტერდებოდა, თვალები უჭრელდებოდა და ყველაფერს ორმაგად ხედავდა. არა უშავს. რაღაცა მაინც გამოვა. თუ მოინდომებს, დონ აგოსტინი თავადვე შეასწორებს. ღმერთმა უშველოს! – თავისთვის წარმოთქვა.

 რუკა Mochila-ში (ზურგჩანთა) ჩაიდო, რომელიც მხარზე გადაიკიდა. ის მთისძირას მცხოვრები ინდიელების მიერ, თეთრი ტილოს მძიმე ნაჭრისაგან იყო შეკერილი.

ზემოთ შესაკრავთან ორი ლამაზი ზოლი გასდევდა: წაბლისფერი და მწვანე. ქალი ერთხელ კიდევ გავიდა მზეზე და დონ აგოსტინის Hacienda-სკენ (მამული) მიმავალ გრძელ ბილიკს დაადგა. აქეთ ლერწმიანი ჭაობი იყო, სადაც პატარა კაიმანები დაზოზინებდნენ და ერთმანეთს უბღვერდნენ, წყლის ზედაპირზე მხოლოდ დინგები და თვალის დახრილი უპეები უჩანდათ. იქით მინდორი გადაჭიმულიყო, ხეები წაქცეულიყო და დონ აგოსტინის ფაშატი თავის კვიცთან ერთად თავისუფლად დანავარდობდა. დედილომ

Mochila ბალახზე ჩამოდო. წითელი გველების საწინააღმდეგო ლოცვა ჩაიბუტბუტა და ზედ ჩამოჯდა. ის ვეღარ მოიფიქრა, რომ ასე შეიძლებოდა რუკა დაჭმუჭნილიყო. მერე დონ აგოსტინის ტრაქტორს დაუწყო ლოდინი, რომელსაც მძღოლი ფერმის სხვადასხვა მხარეს, წინ და უკან დღეში რამდენჯერმე ჩამოატარებდა ხოლმე.

 დონ აგოსტინის სახლამდე ქალი დედოფალივით მიბრძანდა. ტრაქტორი სათანადოდ მოვლილი, საკმაოდ მოზრდილი, კაშკაშა წითელი ფერის მასეი- ფერგუსონის მარკის გახლდათ. დღეს წინ ხაპია დაემაგრებინათ, რომელიც მიწის ამოსათხრელად გამოიყენებოდა. მაღლა აწეულ ამ ხაპიაში დედილო ნამდვილი ქალბატონივით იჯდა და გარემოს ზემოდან ათვალიერებდა. ეს უეჭველად საშიში იყო – ერთხელ თუ ორჯერ კინაღამ დაბალ ბარდებშიც გაიხლართა, მაგრამ მის წინ ისეთი მშვენიერი ხედი იშლებოდა, პატარა უსიამოვნებებს არად აგდებდა. გზადაგზა რამდენიმე ლიმონის, ერთი მოზრდილი გრეიპფრუტისა და ორი ავოკადოს მოწყვეტაც მოახერხა. იცოდა – ეს ქურდობად არ ჩაეთვლებოდა, რადგან დონ აგოსტინი ამას ყურადღებასაც არ მიაქცევდა. თან ამ მცხუნვარე დღეს გრილმა სიომ იმდენად კარგად იმოქმედა მასზე, რომ მსგავსი რამეები აღარ ადარდებდა.

 რამდენიმე ბიძგმა დედილო მიწამდე დასცა, მაგრამ ხაპიას კიდეს მაგრად ჩაებღაუჭა, ღირსება შეინარჩუნა და სიგარის წევა უდარდელად განაგრძო. Vaquero- ებმა (მენახირეები), რომლებიც პონებსა და ჯორებს თავლაში ერეკებოდნენ, დედილოს ირონიულად გაუღიმეს. მიწაზე გადმოსვლისას ქალმა ცოტათი დაიმორცხვა, მაგრამ მაინც ღიმილითვე უპასუხა. კაცებს თვალწინ დედილოს ახალგაზრდობა წარმოუდგათ, როცა გოგონას ღამით ფანჯარასთან ბიჭები ranchero - ებს (სერენადები) უმღეროდნენ, მამამისი კი გამოვარდებოდა და ყველას ერთიანად დევნიდა.

 დედილო ქვაფენილს გაჰყვა, რომელსაც bouganvillea-ს (უზარმაზარი სახლი, ვილა) ჩრდილი ედგა და კარის ჩარჩოზე დააკაკუნა. მწვანე ბადის მიღმა, რომელიც მწერებისგან დასაცავად და ამ ტროპიკულ ჯოჯოხეთში სარკმელადაც გამოიყენებოდა, დედილომ სასადილო მაგიდასთან, ქაღალდზე დაყუნცული დონ აგოსტინი შენიშნა. იქით სამზარეულოში მზარეულსაც მოჰკრა თვალი, რომელიც სავარაუდოდ Iguana-ს (ცხოველი ხვლიკისებრთა ოჯახისა) ატყავებდა.

 დაკაკუნებაზე დონ აგოსტინს თავიც არ აუწევია, ისე იყვირა მობრძანდითო. ეს ჟესტი დედილოს ძალიან მოეწონა. თავადაც ბევრჯერ უცდია დაკაკუნებაზე რეაქცია არ ჰქონოდა, მაგრამ ამის რეფლექსი უკვე გამომუშავებული ჰქონდა და ყოველთვის იხედებოდა. ალბათ მხოლოდ მნიშვნელოვან პირებს შეეძლოთ სხვის დაკაკუნებაზე ცივი გამომეტყველების შენარჩუნება. დედილო სახლში შევიდა.

დონ აგოსტინიც სალმით მიეგება. ახალგაზრდობაში ქარაფშუტა და თავაშვებული ბიჭი იყო, მაგრამ ახლა ორმოცდახუთი წლის ასაკში თავაზიანი და დახვეწილი გახდა. დედილოს ხელზე ორჯერ ეამბორა. აბუელა, რა სასიამოვნოა შენი ნახვა – წარმოთქვა და ხელის ელეგანტური მოძრაობით ქალს სკამზე მიუთითა. მერე კი სამზარეულოში მოსამსახურეს გასძახა: ემა, სტუმარს დოქით გუარაპო (შაქრის ლერწმის წვენი) მოართვი.

შემდეგ დედილოს მოუბრუნდა. კიდევ ერთი ჯოჯოხეთური დღეა – აღნიშნა და პერანგის კიდით შუბლი მოიწმინდა.

 დედილომ მბრუნავ ვენტილატორს გადახედა და გულცივად წარმოთქვა – რა კარგია, მაგრამ ასეთი ყველას რომ გვქონდეს, უფრო კარგი იქნებოდა. ეს სიცხე ცხოვრებას გვიწამლავს – ბოლოს დააყოლა.

 – ხასიათსაც გვიფუჭებს, არა? – დაეთანხმა დონ აგოსტინიც. – სახელმწიფო გუბერნატორს ვეჩხუბე და ძლივს მოვქრთამე, რომ სოფელს ელექტროენერგია მაინც მიაწოდონ. მალე ყველა სახის ტექნიკა გვექნება, მაცივრებიც კი.

 – ამბობენ, რომ კარგი მოსარჩლე ხარ – თქვა დედილომ.

 – ძალიან კარგი, ძალიან კარგი. თუმცა ჩემს ნაკლოვანებებსაც ხშირად მახსენებენ – უპასუხა დონ აგოსტინმა.

 – შენ პატარა ნაბიჭვრებს მაინც ერევი. ბევრი ამასაც ვერ აკეთებს – უთხრა დედილომ უკმეხად.

 დონ აგოსტინს სახე აელეწა, მაგრამ არ შეიმჩნია.

– აბა, რით შემიძლია გემსახურო?

– იცი აბუელა, როდესაც საქმე ჩემს ამქვეყნად მომვლინებელს ეხება უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი საქმეები უკვე აღარ მაინტერესებს.

დედილო პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

– იმისათვის მოვედი, რომ სიზმარი მოგყიდო – გამოტყდა.

– სიზმარი? – გაიკვირვა დონ აგოსტინმა.

– ჰო, რაღაც დამესიზმრა და ვფიქრობ მისი გამოყენება მხოლოდ შენ შეგიძლია, რადგან ლენდ როვერი გყავს.

 დონ აგოსტინი დაინტერესდა. განათლება კალის საუკეთესო სკოლაში ჰქონდა მიღებული და ოჯახის ფერმისადმი პასუხისმგებლობას რომ არ შეეწუხებინა, ნებისმიერი ქვეყნის ინტელექტუალურ წრეში თავისუფლად მოხვდებოდა. ფილოსოფიიდან ციტატების მოყვანა და ნერუდას აზრების გადმოცემაც შეეძლო. ამ წყალწაღებულ Campesino-ებს (სოფლელები) კი ცალი ყურით უსმენდა ხოლმე. მათ სინკრეტისტულ რელიგიას შეეჩვია, ფანტასტიკურ წარმოდგენებსა და უცნაურ რიტუალებსაც ეგუებოდა, ამასთანავე პატიოსნად აღიარებდა, რომ მათ ზოგი ისეთი რაღაც იცოდნენ, რაც წიგნებში არ ეწერა. განა საკუთარი თვალით არ იხილა, როგორ განკურნა მისი ნახირი უცნაური ეპილეფსიისგან ვიღაც მოხეტიალე შარლატანმა? მან ცხოველებს პირზე აკოცა, ყურში რაღაც საიდუმლოება ჩასჩურჩულა და ასე მოარჩინა.

როგორც ჩანს, მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს ბუნების განსხვავებული კანონები არსებობდა. ევროპული ძროხის კოცნით განკურნვა მეცნიერულ პრინციპებს არ ემორჩილებოდა.

 – და სიზმარი რის შესახებ არის? ბუნებრივია, სანამ იყიდი, საქონელი უნდა შეამოწმო – დასძინა კაცმა.

 – ოქრო დამესიზმრა – უპასუხა ქალმა. – ვიცი, სადაც არის.

 – მერე აბუელა შენთვის არ გინდა დაიტოვო? რატომ თავად არ მიდიხარ მის მოსაძებნად?

 დედილომ ხელი მთისწინეთისკენ გაიშვირა.

– აი, იქ არის ძალიან შორია. ლენდ როვერის გარეშე ვერ წახვალ. თანაც მე ძალიან მოხუცი ვარ. ამიტომ ვიფიქრე სიზმარი შენთვის მომეყიდა.

 – ეს შემთხვევით Huaca-სკენ (ინდიელების წმინდა სამარხები) ხომ არ არის? – შეეკითხა დონ აგოსტინი და იმ დიდი ურნებისკენ მიუთითა, სადაც ინდიელები თავიანთ მიცვალებულებს მარხავდნენ.

 – არ ვიცი – თქვა დედილომ.

 – მაგრამ ერთი რამ ცხადია. ზუსტად ეგ ადგილი დამესიზმრა. ზედ ანგელოზის ოქროსფერი სინათლე დანათოდა.

 – სასაცილოა. ყოველთვის მეგონა, რომ ანგელოზის სინათლე ვერცხლისფერი იყო და არა ოქროსფერი. სასაცილო აზრები მაწუხებს.

 – შესაძლოა იქ ვერცხლიც იყოს – თქვა მოხუცმა ქალმა. თავის mochil-ში ხელი ჩაყო და დაჭმუჭნილი ქაღალდი ამოიღო.

– რუკა დავხაზე. მზად ვარ მოგყიდო.

 – რამდენი გინდა?

 – ორიათასი პესო და ნაპოვნი განძიდან წილი – მტკიცედ განაცხადა, თან ტუჩის კუთხიდან უკვე ჩამქრალი სიგარა გამოეშვირა.

 – კაცმა დაუსტვინა და იკითხა: – ორიათასი? ეს იგივეა, რაც მენახირეების ათი კვირის ჯამაგირი. წილი რამდენი გინდა?

 დედილომ ათი თითი ასწია და შვიდი ჩამოსწია. – ათიდან სამი მინდა. სამი ღვთიური ციფრია და იღბლიანია. თან ერთზე ორის დამატებითაც სამი მიიღება. შესანიშნავი ციფრია.

 დონ აგოსტინი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო და თავი ვალდებულადაც კი იგრძნო. რამდენჯერ უთქვამს დედამისს მისთვის, რომ ამ ქალის გარეშე მშობიარობას ვერ შესძლებდა.

თურმე ხელზე ქონი წაუსვია და ბავშვი საშოდან ისე გამოუსრიალებია. ორიათასი პესო არც ისე დიდი თანხა იყო, ამ მოხუცი ქალისთვის დახმარება რომ გაეწია. ალბათ კვირაში ასი პესოც უნდა მიეცა. ნათქვამია: სიკეთის მკეთებელი იმქვეყნად ცხონდებაო. მერე ქალს მიუბრუნდა და სინანულის გარეშე უთხრა: – სამიათას პესოს მოგცემ და განძის მეოთხედ წილს.

 – ძალიან ბევრია – უთხრა მხცოვანმა მეანმა, თან ტუჩები ააცმაცუნა და წყლიანი თვალებიც ააკვარკვარა.

 – დაჟინებით მოვითხოვ – არ შეეპუა აგოსტინიც.

 – აბა, მე ვინა ვარ ჩვენს მოსარჩლეს რომ შევეწინააღმდეგო?! თანახმა ვარ, თუმცა ეს მე არ მითხოვია – უპასუხა ქალმა.

 – მართლაც დიდბუნებოვანი ადამიანი ხარ – აღნიშნა კაცმა.

 – მაგრამ მინდა, რომ ყველაფერი ოფიციალურად დამოწმდეს, მოსამართლის მიერ.

 – მოსამართლე მე თვითონ ვარ – შეახსენა ცოტათი განაწყენებულმა დონ აგოსტინმა – ქალი მის სიტყვას რომ არ ენდო. სიმანდვილეში კი დედილოს უბრალოდ ისე მოეწონა ქაღალდებში ქექვა, რომ მოუნდა ერთი ოფიციალური დოკუმენტიც ჰქონოდა.

 – მაპატიე დონ აგოსტინ, დამავიწყდა. მაგრამ ერთი ქაღალდი მაინც მინდა რომ მქონდეს.

 დონ აგოსტინმაც ფურცლების ქვეშიდან მუყაოს დასადები გამოაძვრინა და ლამაზი, დახრილი ასოებით წერას შეუდგა.

 – მე. დონ აგოსტინ ლეონალდო იესუს დე სანტაინა ვამოწმებ, რომ ამ დღეს...

აქ შეჩერდა და ქალს ჰკითხა: – მაპატიე ჩემი მხრიდან, მაგრამ შენი ნამდვილი სახელი არ ვიცი. ოფიციალურ დოკუმენტზე დედილოს ხომ არ დავწერ.

 – ლილიანა – თქვა მოხუცმა. – ლილიანა მორალესი, მაგრამ დედილო მირჩევნია.

 აგოსტინმა წერა განაგრძო – ლილიანა მორალესისაგან, რომელიც არის ამავე სოფელში მცხოვრები შინაბერა და ბებიაქალი, ვიყიდე რუკა. მასზე მინიშნებულია განძის ადგილმდებარეობა. ეს უკანასკნელი მან სიზმარში იხილა და სამიათას პესოდ მომყიდა. ზემოხსენებული განძის მაღალი მსყიდველობითი საფასურიდან მას ერგება მეოთხედი წილიც, რა თქმა უნდა, თუკი ქონება ნაპოვნი იქნა.

ეს დოკუმენტი დამოწმებულია ღმერთისა და ზემოხსენებული ლილიან მორალესის მიერ. შემდეგ თარიღი მიუთითა, ხელიც დიდი გულმოდგინებით მოაწერა, ლამაზად ჩაახუჭუჭა და პატრონს გადასცა.

– მწერების საწინააღმდეგო ფხვნილის მოყრა არ დაგავიწყდეს. კარგად შეინახე, თორემ ტერმიტებმა თუ შეჭამეს, ჩვენი შეთანხმება ჩაიშლება. ახლა რუკას ხომ ვერ მანახებდი? – ბოლოს ჰკითხა.

 დედილომ რუკა მიაწოდა. დონ აგოსტინმა შეამოწმა. გაოცებული და მოტყუებული დარჩა – ეს რუკა კი არა, რაღაც ობობას ქსელი იყო. – მგონი ახსნა- განმარტება მოგიწევს – დააყოლა კაცმა.

 დედილო დაიხარა და აკანკალებული საჩვენებელი თითი ფურცელს დაადო. ახსნა-განმარტებას შეუდგა.

– აი, ეს წყაროა. ეს თხის ბილიკი. ეს კიდევ ქვის ლოდი, რომელიც კაცს წააგავს. ეს დამწვარი და გამხმარი ბუჩქია. ეს კი შავი ლოდი, რომელიც იაგუარს ჰგავს. აქ ცხენის ჩონჩხს იპოვი. აქედან მზე ამოდის.

ამ ადგილას, შუაში კი განძს აღმოაჩენ.

 ეს ყველაფერი კაცმა რუკაზე აღნიშნა და დაასათაურა. – ალბათ მანძილიც უნდა მიმანიშნო – უთხრა დედილოს.

 ქალმა საჩვენებელი თითი ნაჯღაბნს გააყოლა და ისევ დაიწყო: – აქედან აქამდე ათი ნაბიჯი იქნება, დიდი კაცი ხუთ წუთში მივა. აქედან აქამდე კი ზუსტად იგივე მანძილია, რაც ჩანჩქერამდე. ესეც მზის ჩასვლამდე ერთი საათით ადრე ლიმონის ხის ჩრდილის სიგრძეა.

 – სავსებით გასაგებია – ირონიულად თქვა დონ აგოსტინმა, თუმცა დედილოს არ შეუნიშნავს. კაცი ფანქრით თავის ფხანას მოჰყვა.

 დედილო წამოდგა და აგოსტინს ხელი გაუწოდა. კაცი ისევ ეამბორა, თუმცა უწინდელთან შედარებით ნაკლები თავაზიანობით. ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ მოატყუეს და გაამასხარავეს.

დედილომ შეახსენა: – ოთხიათასი პესო არ დაგავიწყდეს.

 – სამიათასი არ იყო? და განძის მეოთხედი – შეახსენა კაცმა.

 – ჰო, მაპატიე მე ბებერს. მართალი ხარ.

 – გასაგებია შენი შეცდომა – თქვა და დონ აგოსტინი ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთში ხუთპესოიანი ბანკნოტების შეკვრით დაბრუნდა და მოხუცს მიაწოდა. ქალს ამდენი ფული ცხოვრებაში არ ენახა. უსიცოცხლოდ გადათვალა და mochila-ში ღრმად ჩადო. – კიდევ ერთი რაღაც მინდა გთხოვო. გავიგე ავოკადოს კარგი მოსავალი გაქვს და...

 – რა თქმა უნდა. შეგიძლია წაიღო, რამდენიც გენებოს – თქვა და მზარეულს გასძახა:

– ემა, რამდენიმე ავოკადოს ხომ ვერ მოიტანდი? ლამაზები აარჩიე, გაფუჭებული არ იყოს.

 დედილო სოფელში ისევე დაბრუნდა, როგორც მოვიდა. პირდაპირ კონჩისტასკენ გაეშურა. კონჩისტამ ავოკადო გამოართვა და შემფასებლურად შეათვალიერა. – რამდენიმე საათში მშვენიერი იქნება. გმადლობთ, Aბუელა.

 – შემიძლია ფანქარიც მოგყიდო. მგონი აღარ დამჭირდება. თუკი დამჭირდა, მოვალ და ისევ ვიყიდი.

სამ პესოდ მოგყიდი, მხოლოდ ერთი ფურცელი კიდევ უნდა მომცე. ეს ფანქარი კი ისევ ოთხ პესოდ გაყიდე.

 – ოჰ, შენ ბებერო მელაკუდა – აღფრთოვანება ვერ დამალა კონჩისტამ.

 ამ საქმიდან კი, აი რა გამოვიდა: დონ აგოსტინი მუშებთან ერთად დამქანცველ ექსპედიციებში რამდენჯერმე გაემართა მთისწინეთისკენ. გონება აერია, როცა ასობით ლოდს წააწყდა იაგუარისა თუ კაცის გამოსახულებით. სიცხით გათანგული და მილასლასებული, მწერებისაგან დაკბენილი, armadillo-ებისგან (ჯავშნოსნები) შეშინებული და ეკლებისაგან დაკაწრული განძის მაძიებელნი ერთი გავარვარებული ლოდიდან მეორეს აწყობდნენ. გამხმარ და გაცრეცილ მიწას ამაოდ ურტყამდნენ წერაქვს. ყველა იმ ადგილს თხრიდნენ, რომელიც პროპორციულად სწორი ეგონათ.

 თხის უამრავი ბილიკი ნახეს, ბევრი წყარო, გამხმარი ბუჩქი და ცხენის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მათ შორის საქონლის, ვირების, ჯორებისა თუ პუმების ჩონჩხებიც.

ბოლოს მუმიად ქცეული, ერთი ჟღალთმიანი მამაკაცის გვამიც იპოვეს, რომელსაც ტყავის ტანსაცმელი ეცვა – ალბათ ძველი მონადირე თუ იყო. დონ აგოსტინი კი იმდენად დარწმუნებული გახლდათ განძის არსებობაში, რომ დედილოსაც ვეღარ ადანაშაულებდა შეცდომაში მისი შეყვანისათვის. გრძნობდა, ოდესმე განძს მართლა იპოვიდა. კიდევ რამდენჯერმე სცადა ბედი, მაგრამ ყველა ცდა ფუჭი აღმოჩნდა.

 რაც შეეხება მოხუც ბებიაქალს, ასეთი სოლიდური თანხა უცებ არ დაუხარჯავს, თიხის პატარა ქოთანში შეუნახავს და სახლის უკანა ეზოში, ორი მტკაველის სიღრმეზე ჩაუფლავს. მეორე ფურცელზე იმგვარივე დახლართული და დაკლაკნილი ხაზებით მისი ადგილმდებარეობა მიუთითებია. მერე კი, დონ აგოსტინის კონტრაქტთან ერთად ტერმიტებისაგან დაცულ უჯრაში ჩაუდია. ეს მანამ მომხდარა, სანამ კონჩისტასთან წავიდოდა და ფანქარს სამ პესოდ მიჰყიდდა.

 დედილოს გარდაცვალების შემდეგ კონტრაქტი მისმა ძმისშვილებმა იპოვეს.

ერთი კი გაიფიქრეს, ნეტავ ამდენი ფული სად უნდა წაეღო მოხუცსო, მაგრამ დაჯღაბნილ ქაღალდზე ვერც თავი გაარკვიეს და ვერც ბოლო - მასზე მხოლოდ დაკლაკნილი ხაზები და უსწორმასწორო რგოლები დაინახეს. ერთ-ერთმა ძმისშვილმა სახლის უკან რაღაც ეძება, მაგრამ ვერაფერი იპოვა და ქაღალდი სანაგვე ორმოში მოისროლა.

 

 ერთ დილით, დედილოს დასაფლავებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, კონჩისტამ გამოიღვიძა. სიზმარში ნახა, ვითომ იმ ადგილას, სადაც დედილო ცხოვრობდა, დიდი განძი იყო ჩამარხული. ისიც ტრაქტორზე დაჯდა და დონ აგოსტინის hacienda-სკენ გაემართა, რათა გულქვა სკეპტიკოსად ქცეული ამ კაცისათვის თავისი სიზმარი მიეყიდა. 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ბერნიერსი ლუის დე / დედილოს განძი